![]() |
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი - ცნობარი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
წყარო: ISBN 99928-926-9-2 |
საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). -: [ფ.ა.][MFN: 20268] გამომცემლობა „ლოგოს პრესი“ სოციალურ მეცნიერებათა სერია სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი – ცნობარი მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. სოციალურ მეცნიერებათა სერიის რედაქტორი მარინე ჩიტაშვილი გამომცემელი ლაშა ბერაია სარედაქციო ჯგუფი სოციოლოგიის ტერმინები ედუარდ კოდუა მარინა ბურძენიძე ვაჟა გოროზია ნათელა დონაძე იაგო კაჭკაჭიშვილი ლია მეზვრიშვილი ლალი სურმანიძე ზურაბ ტატიშვილი ემზარ ჯგერენაია სამეცნიერო რედაქტორი ამირან ბერძენიშვილი პოლიტიკური მეცნიერების ტერმინები მამუკა ბიჭაშვილი თამარ კიკნაძე სამეცნიერო რედაქტორი ომარ გოგიაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების ტერმინები ზურაბ დავითაშვილი გიორგი ხელაშვილი სამეცნიერო რედაქტორი ალექსანდრე რონდელი გამომცემლობის რედაქტორები ლაშა ბერაია მარინე ხუციშვილი ექსპერტ–რედაქტორების ენის საკითხებში თამარ ომიაძე ლია კაჭარავა წიგნი გამოცემულია „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მთარგმნელობითი პროექტის“ (CEU Translation Project) მხარდაჭერით, ფონდის OSI-Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის საგამომცემლო საქმის განვითარების ცენტრისა (CPD), ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამისა (SSSP) და საგამომცემლო–მთარგმნელობითი პროგრამის (TP) ფინანსური ხელშეწყობით. The edition was published with the support of the Central European University Translation Project, Sponsored by the OSI-Zug Foundation and with the contribution of the Center for Publishing Development of the Open Society institute-Budapest, Social Sciences Support Program and Translation Program of the Open Society – Georgia Foundation. გამომცემლობა „ლოგოს პრესი“ ილია ჭავჭავაძის გამზირი 13, თბილისი 0179 ტელ. 250258, ვებსაიტი www.logospress.com.ge პაოლო იაშვილის 14/22 ფოდი ინტერ–ნიუსის აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი 99 06 33; 98 75 47 |
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს წიგნი იმ საქმიანობის ლოგიკური დასასრულია, რომელიც 2000-2003 წლებში ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ სოციალური მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამის მიერ. ეს პროგრამა, რომელიც 1997 წლის დეკემბერში ბატონი ჯორჯ სოროსის ინიციატივით შემუშავდა, მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველოში შესაძლებელი გამხდარიყო სოციალურ მეცნიერებებში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი საუნივერსიტეტო (სამაგისტრო) სწავლება. ცხადია, რომ ქვეყანა, რომელიც მიეკუთვნება პოსტსაბჭოურ სივრცეს და მიზნად ისახავს თავისუფალი, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების აშენებას, სოციალური მეცნიერებების განვითარებას ერთ-ერთ უპირატეს ამოცანად უნდა მიიჩნევდეს.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის მიზანი იყო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში მსოფლიო გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული იმგვარი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეძლებდა სწავლების მაღალი დონის მიღწევისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გადაიქცეოდა პროგრამად, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა დამოუკიდებელ, ნოვატორულ, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი ინიციატივების კრისტალიზაციის ცენტრის როლს შეასრულებდა. პროგრამის უმთავრესი მიმართულება იყო საქართველოში, და ამდენად, კავკასიაში, უმაღლესი განათლების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა სოციალური მეცნიერებების დარგში.*
პროგრამის ამ მიზნის განხორციელება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი - ეს იყო იმ უმაღლესი სასწავლებლებისა თუ კვლევითი ცენტრების ელემენტარული ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა (კომპიუტერები, ინტერნეტი, ავეჯი, დაცვის საშუალებები, კოსმეტიკური რემონტი), სადაც ან არსებობდა სამაგისტრო სწავლება რომელიმე ამ დარგში, ან კვლევითი ცენტრი ეწოდა საქმიანობას, რომლის მხარდაჭერაც ირიბად წაადგებოდა სამაგისტრო სწავლების ეფექტურობის ზრდას. ტექნიკური დახმარება მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრამ, ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ამჟამინდელმა ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრამ, და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტმა.
პარალელურად პროგრამამ თავისი საქმიანობა მიმართა სასწავლო კურსების განახლებასა და სწავლებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების მოპოვებისათვის: წიგნი, თარგმნები, სასწავლო მასალები, რესურსები და ა.შ. სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამამ თავის გარშემო შემოიკრიბა ის პროფესიონალები, რომლებიც დაკავებულნი არიან სოციალური მეცნიერებების სფეროში (სწავლება ან კვლევა) და კონკურსის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განავითარა და დანერგა ახალი სამაგისტრო კურსები, შექმნა სარესურსო ცენტრი, გასწია სოციალური მეცნიერებების კლასიკური და უახლესი ლიტერატურის თარგმანი, განახორციელა პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგები ახალი სასწავლო მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნითა და სპეციალური ინგლისურის სასწავლებლებისათვის, იწვევდა უცხოელ პროფესორებს სოციალურ მეცნიერებებში ინტენსიური კურსებისა და სემინარების ჩასატარებლად, განახორციელა უმაღლესი განათლების რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერა.
თავისი არსებობის სამწლიან პერიოდში პროგრამამ ხელი შეუწყო სამეცნიერო საზოგადოების შიდა კავშირების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას. სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამის პარტნიორები იყვნენ: უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა (OSI HESP), ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (CEU, CEU-SEP), თავისი ყველა პროგრამით, კონსტიტუციისა და საკანონმდებლო პოლიტიკის ინსტიტუტი (COLPI), ქსელის სტიპენდიების პროგრამა და სხვა. პროგრამა უპირატესობას ანიჭებდა სოციალურ მეცნიერებათა გამოყენებით სფეროებს თეორიული ასპექტების დამუშავების პარალელურად.
შედეგად დღეისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილია ახალი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდული „საზოგადოება და პოლიტიკა“, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს; 2003 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნებულია 15 დამხმარე სახელმძღვანელო: კულტურის სოციოლოგია (ე. კოდუა); სოციალური მოქმედების თეორია (ი. კაჭკაჭიშვილი); ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (ლ. სურმანიძე); ეკონომიკა და სოციოლოგია (ლ. მეზვრიშვილი); ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია (გ. თევზაძე); სოციოლინგვისტიკა (ნ. ლადარია); დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია (თ. სულუხია); დემოკრატიზაცია: საზოგადოებები გარდამავალ ეპოქაში (გ. ჟორჟოლიანი, მ. მუსხელიშვილი, თ. ბერეკაშვილი); პოლიტიკური ძალის თეორია (მ. ბიჭაშვილი); პოლიტიკური ხელისუფლების თეორია (მ. გოგატიშვილი); არჩევნები და საზოგადოება (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური მარკეტინგის საფუძვლები (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური კონფლიქტი და გადაწყვეტილების მიღება (რ. ჯორბენაძე); გლობალიზაცია და ნაციონალიზმი (ზ. დავითაშვილი); გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია საქართველოში (კ. კაციტაძე); საერთაშორისო ურთიერთობები მეოცე საუკუნეში (ნ. კიღურაძე, გ. სანიკიძე). მომზადებულია დასაბეჭდად: გენდერი: სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი (თ. კიკნაძე, ნ. დონაძე); თანამედროვე სოციალური თეორია (ქრესტომათია); თანამედროვე პოლიტიკური თეორია (ქრესტომათია); საარჩევნო კამპანია: თეორიები, მეთოდები, ტექნოლოგიები, პრაქტიკა; პოლიტიკური ტექნოლოგიები; პოლიტიკური რისკი და რისკის მართვის ტექნოლოგიები (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზი და მოგვარების ალტერნატიული გზები (რ. ჯორბენაძე).
მომზადდა (სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა თარგმნა და სამეცნიერო რედაქტირება) და გამოიცა ფონდის მთარგმნელობით პროგრამასა და OSI Translation Program (NEXT PAGE)-ის თანამშრომლობით სოციალური მეცნიერებების კლასიკური და უახლესი ლიტერატურა: ბენედიქტ ანდერსონის წარმოსახვითი საზოგადოებები; ნორბერტ ბობიოს დემოკრატიის მომავალი; იურგენ ჰაბერმასის მოქმედების კომუნიკაციური თეორიის წინასწარი მონახაზები და დამატებები, და, შემეცნება და ინტერესი; ერნსტ-ოტო ჩემპილის მსოფლიო პოლიტიკა გარდატეხის პროცესში; ჰედლი ბულის ანარქიული საზოგადოება; წესრიგის საკითხი მსოფლიო პოლიტიკაში; კენეტ უოლცის ადამიანი, სახელმწიფო და ომი. იბეჭდება მაქს ვებერის რჩეული ნაწერები რელიგიის სოციოლოგიაში; რაიმონ არონის მშვიდობა და ომი ერებს შორის; მაიკლ პეტჩერის ნაციონალიზმის შეკავება; რობერტ გუდინისა და ჰანს კლინგემანის ახალი სახელმძღვანელო პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ახალი სამაგისტრო კურსების განვითარებამ და თარგმანებმა სრულიად ცხადად აჩვენეს სოციალურ მეცნიერებებში ქართულ ენაზე განმარტებითი ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა. ვერც ერთი მეცნიერება ვერ განვითარდება სამეცნიერო ენის სტანდარტიზაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, პროგრამაში ჩართულმა მეცნიერთა ნაწილმა საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და განახორციელა პირველი მცდელობა სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ქართულ ენაზე განმარტებისა და სისტემატიზაციისა. ბუნებრივია, არავის, არც ავტორებს, არც სამეცნიერო რედაქტორებსა და არც ამ წინათქმის ავტორს არ ჰგონიათ, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილია და პოლიტიკა არ ექვემდებარება. პირიქით, რაც მეტი შენიშვნა იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ამ წიგნმა თავისი ფუნქცია შეასრულა და სოციალური სამეცნიერო აზრის განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, არა მარტო ეს მიზანი ამოძრავებდა პროგრამას. ჩვენთვს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალურად დაგვეცა ქართული ენის ნორმები და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარების საქმეში.
ერთობლივი და შრომატევადი სამუშაოს შესრულების შემდეგ ამ წიგნს ლექსიკონი-ცნობარის კვალიფიკაცია მიენიჭა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ხელმოწერით დადასტურებულ დასკვნაში წერია, რომ „აღნიშნულ ტერმინთაგან ბევრი ახალი შემოსულია და მათი ნორმატიული დამკვიდრებისათვის საკმარისი დრო არ არის გასული“. შესაბამისად, ლექსიკონი-ცნობარი შეიძლება იმ პირველ მერცხლად ჩაითვალოს, რომელიც გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ ცოტათი მაინც გააცოცხლებს მთვლემარე საზოგადოებას და დააფიქრებს, რომ სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტად ენობრივ-აზრობრივი სივრცეც იგულისხმება. ახალი დარგების სამეცნიერო განვითარებისა და სწავლებისათვის კი ქართულ ენაზე ცნებობრივი საფუძველი მაინც უნდა იყოს.
კიდევ ერთი რამ, ლექსიკონზე მუშაობისას ავტორთა კოლექტივმა და მთლიანად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის, ბატონი ედუარდ კოდუას უეცარმა გარდაცვალებამ სერიოზულად შეაფერხა ამ წიგნის დროული დასრულება და ახლა, როდესაც ლექსიკონი დღის სინათლესა და მკითხველის სამჯავროზე გამოდის, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი უდიდესი პატივისცემა, მადლიერება და გულისტკენა ასე გამოვხატოთ -
ეს წიგნი ეძღვნება პროფესორ ედუარდ კოდუას ნათელ ხსოვნას.
დიდი მადლობითა და პატივისცემით, კოლეგები
მარინე ჩიტაშვილი
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის გამგე,
ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ სოციალურ
მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი
2000-3 წწ.
_________________
* აქვე უნდა ითქვას, რომ სოციალური მეცნიერებები საკმაოდ ფართო ჩამონათვალს მოიცავს (სულ 19 განსხვავებული დარგი, იუნესკო, 2002) და შესაბამისად, ფონდმა აირჩია სამი სფერო: სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები, რომელთა განვითარების ხელშეწყობა, შეიძლება ითქვას, სტანდარტული და პრიორიტეტულია „ღია საზოგადოების ინსტიტუტისათვის“.
![]() |
2 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აბოლიციონიზმი - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია რომელიმე კანონის გაუქმება. ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებებში დამკვიდრდა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გავრცელებული მოძრაობის გავლენით, რომელიც მიზნად ისახავდა მონებით ვაჭრობისა და საერთოდ მონობის აკრძალვას. აბოლიციონისტურმა მოძრაობამ ფაქტობრივად სამოქალაქო ომი გამოიწვია განვითარებული მრეწველობის მქონე ჩრდილოეთ და მონურ შრომაზე დამოკიდებულ ფერმერულ სამხრეთ შტატებს შორის (1861-1865). სამხრეთის მარცხმა ხელი შეუწყო შეერთებული შტატების კონსტიტუციაში მონობის გაუქმების ასახვას.
აბსენტეიზმი - მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრებისადმი, უარის თქმა სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილეობაზე.
აგილი - (AGIL) ტალკოტ პარსონსის მიერ შემოტანილი თეორიული კონსტრუქცია. აღნიშნავს ნებისმიერი სუციალური ურთიერთქმედების (სოციალური სისტემების) მოთხოვნილებებს, რომელთა დამოკიდებულება აუცილებელია სისტემის თვითშენახვისა და ფუნქციონირებისათვის. პარსონსი მიუთითებს ოთხ ასეთ ფუნქცინალურ მოთხოვნილებაზე 1. ადაპტაცია (A: adaptation) მოითხოვს, ნებისმიერი სისტემა ადაპტირდეს გარემოსთან; 2. მიზნის მიღწევა (G: goal-attainment) მოითხოვს, ყველა სისტემა ფლობდეს საკუთარი რესურსების მობილიზების საშუალებებს, რათა განახორციელოს მიზნები და უზრუნველყოს კმაყოფილება; 3. ინტეგრაცია (I: integration) მოითხოვს, ყველა სისტემამ შეინარჩუნოს (დაიცვას) საკუთარი ნაწილების შინაგანი კოორდინაცია და განავითაროს დევიაციის დაძლევის გზები; 4. ლატენტურობა (L: latency). ყველა სისტემამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა, ანუ უნდა გამოიმუშაოს საკმარისი მოტივაცია ამოცანების შესასრულებლად. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იარსებებს „ღირებულებითი ეტალონები“, რომელთა შესრულება სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი სისტემისათვის. პარსონსი ამ მოთხოვნას „ეტალონურ მხარდაჭერასაც“ („pattem maintenance”) უწოდებს (იხ. ეტალონური ცვლადები, ფუნქციონალიზმი, ფუნქციონალური მოთხოვნები).
აგიტაცია - პროპაგანდისტული მუშაობა მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ან ფართო მასების პოლიტიკურად გააქტიურების მიზნით. წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის გავრცელებულ ინსტრუმენტს. განასხვავებენ ა-ის ზეპირ, ბეჭდვით და აუდიოვიზუალურ ფორმებს (იხ. აგრ. პროპაგანდა)
აგრარული საზოგადოება - ფორმა საზოგადოებისა, განსაკუთრებით - ტრადიციულისა, რომელიც დაფუძნებულია უფრო სასოფლო-სამეურნეო და ხელოსნურ წარმოებაზე, ვიდრე სამრეწველოზე.
აგრესია - მძიმე საერთაშორისო დანაშაული, ძალის გამოყენების უკიდურესი გამოვლინება. ა-დ მიიჩნევა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ყოველი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს, ჩაითვლება აგრესორად, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო სხვაგვარად არ შეაფასებს ამ ქმედებას. ა-ის აქტებად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, რომელიც ამ თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით; ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიის დაბომბვა; გ) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორის ნავსადგურებისა და სანაპიროების ბლოკადა; დ) სხვა სახელმწიფოების, საზღვაო თუ საჰაერო ძალებზე თავდასხმა; ე) ერთი სახელმწიფოს იმ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორის უშიშროების წინააღმდეგ, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმყოფებიან ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, ან შეთანხმების ვადის შეწყვეტის შემდეგ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი დატოვება; ვ) ერთი სახელმწიფოს ისეთი ქმედება, რომელიც მეორე სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ ა-ის გამოსავლენად; ზ) ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ განიხილება როგორც არაპირდაპირი, ირიბი ა. გაეროს უშიშროების საბჭოს უფლება ეძლევა თვითონ განსაზღვროს, კიდევ რომელი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს ა-დ. მაგ., ა-დ არ მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს მიერ დამორჩილებული ხალხებისა და ქვეყნების შეიარაღებული ბრძოლა თავისუფლებისათვის; აღიარებულია ა-ის მსხვერპლთა ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება; აგრეთვე, თუკი ეს საჭირო გახდა, აგრესორის საზღვრის გადალახვაც. კანონიერად არის მიჩნეული გაეროს მიერ აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება და ბრძოლის გაგრძელება აგესორის ტერიტორიაზე.
ადათი - ჩვეულება, ჩვეულებითი სამართალი ისლამის აღმსარებელ ხალხში. მომდინარეობს გვაროვნული წეს-ჩვეულებიდან. აწესრიგებს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ მხარეს (სათემო მართვა-გამგებლობა, საოჯახო ურთიერთობანი, სისხლიანი კონფლიქტები და ა.შ) ა. დაუწერელი ნორმაა, რომელმაც სავალდებულო ძალა მოიპოვა. იგი იცვლებოდა საზოგადოების განვითარების შესაბამისად, ძირითადად თემისა და ადათური სასამართლოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე. ისლამის ხანაში ა. დაუპირისპირდა შარიათს. მან გავლენა მოახდინა ისლამის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე. თუმცა იგი არ ითვლება მუსულმანური სამართლის ოფიციალურ წყაროდ. ისლამმა დაუშვა და შეიწყნარა ზოგი ა., რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა შარიათს და ავსებდა მის ხარვეზებს. თავის მხრივ, ა-მაც განიცადა შარიათის გავლენა.
ადამიანის უფლებები - პიროვნების განუხრელი უფლებები და თავისუფლებები, რომელთაც ინდივიდი დაბადებისთანავე იძენს. ა.უ. განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის ღირსებისა და სიციცხლის შესანარჩუნებად; მოიცავს სამოქალაქო უფლებებს და პოლიტიკურ თავსუფლებებს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, აგრეთვე, მთელი რიგი ერთობების (ბავშვები, ქალები, ნაციონალური უმცირესობები, ხალხები და ა.შ) უფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას. სოციალური და ეკონომიკური უფლებები ითვალისწინებს მთავრობის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მათ ირეალურს უწოდებს, რადგანაც ბევრ ქვეყანას სათანადო რესურსების უქონლობის გამო არ ძალუძს ამ უფლებათა განხორციელება. განსაკუთრებული ვალდებულებები დაკავშირებულია ისეთ უფლებებთან, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება და ჰუმანიტარეული დახმარება. უფლებათა დიდი ნაწილი თითოეულ ინდივიდს ეხება, ხოლო ზოგიერთი, მაგ., ეროვნული თვითგამორკვევის უფლება - გარკვეულ ერთობას. უფლებები დაკანონებულია გაეროს მიერ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948) გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორი საერთაშორისო კონვენციით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციით, აგრეთვე ევროპული კონვენციით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ა. უ-ის თაობაზე მიღებული დეკლარაციები ნორმატიული ხასიათისაა და მათ უფრო მორალური და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
ოპონენტები უარყოფენ იდეას ა. უ-ის უნივერსალობის შესახებ, ან ამტკიცებენ, რომ ეს უფლებები ითვალისწინებს მხოლოდ იდეოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს; მოცემული სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისათვის ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარღვეულ იქნას; ა. უ-ის დაცვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ერთიანი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას.
ადამიანური ფაქტორი - იხ. ერგონომიკა.
ადაპტაცია სოციალური - 1. სოციალური გარემოს მატერიალურ პირობებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის აქტიური შეგუების მუდმივი პროცესი; 2. ამ პროცესის შედეგი. სოციალური გარემოს კომპონენტთა ურთიერთშეთანადება დამოკიდებულია ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მიზნებსა და ღირებულებით ორიენტაციებზე, სოციალურ გარემოში მათი მიღწევის შესაძლებლობაზე. ს.ა-ის მნიშვნელოვანი ასპექტია ინდივიდის მიერ სოციალური როლის მიღება. ამის გამო ს. ა. შედის პიროვნების სოციალიზაციის ძირითად სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმთა ჯგუფში.
ადმინისტრაცია - 1. მართვის სუბიექტი. 2. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანოების, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და საშემსრულებლო ორგანოების ერთობლიობა (მაგ., აშშ-ის ადმინისტრაცია); 3. საწარმო-დაწესებულებების ხელმძღვანელი აპარატი. თანამშრომელთა ფუნქციონალურ ქცევაზე ზემოქმედებისათვის ა-ს ენიჭება სათანადო ძალაუფლება, მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა (ქონების განკარგვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, საორგანიზაციო-განმკარგულებელ საქმიანობაზე, სათანადო კონტროლსა და სხვა). უფლებამოსილების სხვა ფორმები, რომლებიც აუცილებელია სოციალური ფუნქციის რეალიზებისათვის, ხორციელდება შრომით კოლექტივთან ან მის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.
ავტარკია - ერთი მნიშვნელობით თვითმმართველობას ნიშნავს. უფრო ხშირად კი ამ ტერმინით აღინიშნება სახელმწიფოს ან რეგიონის თვითდაკმაყოფილება საგარეო ვაჭრობის არარსებობის პირობებში. სრული ავტარკია შეუძლებელია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ადამიანთა საზოგადოებაში მუდმივად ხდებოდა ნაწარმისა და მომსახურების გაცვლა, ინდუსტრიალიზაციის პირობებში კი საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები აუცილებელი და გარდაუვალი გახდა. XIX ს-ის ბოლო მესამედი და XX ს-ის დასაწყისი მკვლევართა მიერ შეფასებულია როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდამოკიდებულების სისტემა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის გამარჯვებამ შეცვალა აღნიშნული სისტემა და ხელი შეუწყო ნაწილობრივი ა-ის განვითარებას ზოგიერთ ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ბრეტონ-ვუდსის ლიბერალური ეკონომიკის პირობებში ა.იშვიათ და არაეფექტურ მოვლენად იქცა. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში ა. ანაქრონიზმად აღიქმება. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ხდება ა-კენ სწრაფვა ან მისი ხელშეწყობა. კერძოდ, ევროკავშირი ატარებს სპეციალურ პოლიტიკას, რომლის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით თვითდაკმაყოფილებაა.
ავტოკრატია - დასაწყისში ეს ტერმინი აღნიშნავდა ავტორიტარულ რეჟიმს, სადაც რომელიმე ერთი პერსონა მართავდა ქვეყანას. ა. იმთავითვე გამორიცხავს ხალხის თვალსაზრისის რაიმე ფორმით გათვალისწინებას. ამიტომ მმართველობის ასეთი ფორმა უფრო მეტად პრიმიტიულ საზოგადოებებში აღმოცენებული ძალადობრივი რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ამისდა მიუხედავად, ავტორიტარული ქცევების მქონე პოლიტიკოსების მთელი ჯგუფი გაჩნდა XX საუკუნის ტოტალიტარულ რეჟიმებში და არა მხოლოდ აქ. დემოკრატიული ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს (დე გოლს ან თეტჩერს) მმართველობის ა-ულ სტილს მიაწერენ, თუმცა, ნამდვილი ავტოკრატებისგან განსხვავებით, მათ არასდროს დაურღვევიათ თავიანთი ძალაუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა.
ავტონომია - ტერმინი იხმარება როგორც ცალკეულ ადამიანთან, ასევე ადამიანთა ჯგუფსა და ორგანიზაციასთან მიმართებაში. ავტონომიურ პიროვნებას შესწევს უნარი მართოს საკუთარი ქმედებები, ორგანიზაციას კი - დამოუკიდებლად აწარმოოს საქმიანობა. ა. ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ეროვნულ-პოლიტიკური წარმონაქმნის ფართო შინაგანი თვითმმართველობაა.
ავტორიტარიზმი - მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ა-ს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ა, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით (იხ. ტოტალიტარიზმი), ა. მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ა-ული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდის ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.
აკომოდაცია - პროცესი, რომლის დროსაც კონფლიქტში მონაწილე აქტორები თანხმდებიან, აღიარონ მეორე მხარის ზოგიერთი მოთხოვნა ისე, რომ არ დათმონ საკუთარი საბაზისო ინტერესები. კონფლიქტის წყარო არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ აგრესია, რომელიც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს, შესუსტებულია. ა. თავისებური „შუალედური გზაა“ კონფრონტაციასა და ჰარმონიას შორის.
აკულტურაცია - ტერმინი გამოიყენება ეთნოგრაფიასა და კულტუროლოგიაში. გაჩნდა XXს-ის 30-იან წლებში აშშ-ში. აღნიშნავს კულტურათა ურთიერთგავლენის პროცესებს, რის შედეგადაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ ითვისებს სხვა ხალხის (როგორც წესი, უფრო განვითარებულ) კულტურას. ა-ს აქვს მეორე მნიშვნელობაც - თაობიდან თაობაზე კულტურის გადაცემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო ენკულტურაციისა და სოციალიზაციის ცნებებს მიმართავენ. ა. განიხილება როგორც ასიმილაციისა და ეთნიკური პროცესების მრავალფეროვნების გამოვლინება.
ალიანსი - ფორმალური შეთანხმება ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების შესრულებას ისახავს მიზნად. სახელმწიფოები ქმნიან ა-ებს, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როცა მათ საერთო საფრთხე ემუქრება და როცა კავშირის შექმნით ისინი ერთად აწონასწორებენ მეტოქის რეალურად თუ სუბიექტურად აღქმულ ძლიერებას. კავშირის შექმნა ძალის „სესხება“ და ძალის „დამატებაა“. ა-ების შექმნის მიზეზებია: 1) პასუხი გარეშე საფრთხეზე; 2) იდეოლოგიური სოლიდარობა; 3) გარეშე სახელმწიფოს დახმარება; 4) უცხო სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში „შეღწევა“, ანუ მის საშინაო პოლიტიკურ სისტემაზე ზეგავლენის მოპოვება. ა-ები შეიძლება იყოს საიდუმლო ან ღია, ორმხრივი ან მრავალმხრივი. ა. ძალთა წონასწორობის სისტემის ძირითად ცნებად მიიჩნევა. ა-ის საშუალებით სახელმწიფოები აწონასწორებენ სხვა სახელმწიფოს ძლიერებას ან, პირიქით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მასთან კავშირში შედიან (იხ. მიტმასნა).
ალტრუიზმი - 1. პიროვნების ღირებულებით ორიენტაციათა სისტემა, როცა საკუთართან შედარებით სხვა ადამიანების ან სოციალური ერთობის გადარჩენის, კეთილდღეობისა და ბედნიერების ინტერესები ცენტრალური მოტივი და ზნეობრივი შეფასების კრიტერიუმია. 2. სხვათა უსაფრთხოების, ინტერესების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაზე მიმართული ქცევა საკუთარი თავის უსაფრთხოების დათმობის ვითარებაშიც კი. პირველი მნიშვნელობა აღნიშნავს პრინციპსაც და მოქმედებასაც, ამდენად, ფართოა და უფრო ხშირადაც გამოიყენება, ძირითადად თანამედროვე ეთნოლოგიაში. ა-ს განასხვავებენ დახმარებისგან, რამდენადაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში რისკი არ ივარაუდება. კონტმა ეს ცნება ეგოიზმის საპირისპიროდ, „იცხოვრე სხვისთვის“ პრინციპის განზოგადებად შემოიტანა და ალტრუისტული ცნობიერების დონეს ცივილიზებული საზოგადოების ინდიკატორად მიიჩნევდა. მისი აზრით, პოზიტივიზმის გავლენით საზოგადოება ჰუმანისტური ღირებულებებისაკენ მიდის. ალტრუისტული ორიენტაციის ახსნას მეცნიერება ყოველთვის ცდილობდა. რაშტონისა და სორენტინოს თვალსაზრისით (1981), ა. აიხსნება: ა) გენეტიკური მემკვიდრეობით, რაც მტკიცდება მაგალითებით ცხოველთა სამყაროდან, აგრეთვე, ბიოლოგიური „ეგოისტური გენური“ თეორიით; ბ) კოგნიტური განვითარებით - სხვასთან „თანაზიარობის“ ზნეობრივი საფუძველი და უნარი ასაკთან ერთად იზრდება; გ) სოციალური გამოცდილებით - ადამიანი სოციალიზაციის პროცესში დაკვირვებისა და მიბაძვის გზით ითვისებს სხვების გამოცდილებას, რაც უადვილებს სხვათა გაგებას; დ) კეთილგონივრული ქცევით, ანუ ალტრუისტული ქცევა გაცვლის თეორიის პრინციპების საფუძველზე ხორციელდება. ეს უკანასკნელი საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევა, რამდენადაც პირადი ან ორმხრივი სარგებლის წინასწარ გათვლას გულისხმობს, ასეთი მიდგომით კი მთელი ადამიანური მოღვაწეობა შეიძლება ეგოისტურად იქნეს მიჩნეული. ასეთ შემთხვევაში აღარ იქნებოდა განსხვავება ა-ულ და ეგოისტურ ქცევას შორის. ფსიქოლოგები ა-ის გასაგებად გვთავაზობენ პიროვნულ მიდგომას, რამდენადაც თანაზიარული ქცევა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. უცხოთა მიმართ ა. განსაკუთრებული ინტერესის საგანია საყოველთაო კეთილდღეობის ფილოსოფიაში. თანამედროვე სოციოლოგიაში მიმართება „ალტრუიზმი - ეგოიზმი“ განიხილება ადამიანის ბუნებისეულ, გადაუჭრელ ანტინომიად. ა. შეიძლება გამოვლინდეს ყოველდღიურ ურთიერთობებში და პიროვნების ჰუმანურობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებელია; შესაძლებელია ამ უნარის ტესტირება. გარდა ამისა, ა. მიიჩნევა ქცევის ზნეობრიობის კრიტერიუმად (რაიტი) და პიროვნების ზნეობრივი განვითარების უმაღლეს ეტაპად. დახმარებაზე ორიენტირებული ქცევა ზოგჯერ ა-თან ერთად განიხილება ეგოისტური მორალის ალტერნატივად და საზოგადოების გარდაქმნის ფორმად.
ამბოხი - მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ხდება როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული (გაზიარებული) მიზნების, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმური (ინსტიტუციური, კანონიერი) საშუალებების უარყოფა, თუმცა ამას მოსდევს არა საზოგადოებისაგან განდგომა (როგორც ეს რეტრიტიზმის შემთხვევაშია), არამედ მისწრაფება ახალი სოციალური გარემოს შექმნისაკენ - არსებული მიზნების და საშუალებების გადაფასებისა და მათ ნაცვლად ახლის შემოტანის (დაფუძნების) გზით. მერტონი ხაზს უსვამს, რომ ა. უნდა განვასხვაოთ იმისაგან, რასაც ჰქვია „რესენტიმენტა“ (ressentimenta). ამ უკანასკნელს არ მოსდევს ღირებულებათა სრული გადაფასება, ანუ, ხდება მოცემულ სიტუაციაში მიზანზე უარის თქმა, თუმცა, რჩება მძაფრი სურვილი ამ მიზნის მიღწევისა. ა-ის შემთხვევაში საპირისპირო ვითარებაა - ის, რაც სასურველია, მაგრამ მიუღწეველი, არსებითად, წყვეტს არსებობას როგორც სასურველი და ღირებული. ამრიგად, ა. ხასიათდება ღირებულებათა სრული გადაფასებით. ეს არის რადიკალური, რევოლუციური რეაქცია სოციალური გარემოს მიუღებლობაზე. ა. დევიაციის კოლექტიური ფორმაა, რომელიც მიმართულია ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. განსხვავებულია ა-ის მასშტაბი, ფორმა და შინაარსი. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ლოკალურ და ფართო (ქვეყნის) დონეზე, ცივილიზბული ან არაცივილიზებული გზით, სამართლიან ან უსამართლო საფუძველზე (იხ. ინოვაცია, რიტუალიზმი, რეტრიტიზმი).
ანალიზის დონეები - მეთოდოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებული ცნება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. პრობლემის არსი ისაა, რომ საერთასორისო ურთიერთობების კვლევისას საჭიროა დადგენა იმისა, თუ რომელ დონეზე უნდა მოხდეს საკვლევი ფენომენის შესწავლა. დევიდ ზინგერი განასხვავებს მიკრო და მაკრო (ანუ სახელმწიფო და საერთაშორისო სისტემურ) დონეებს, კენტ ვოლცი - ინდივიდუალურ, სახელმწიფო და სისტემურ დონეებს, ბარი ბუზანი - სისტემურ, ქვესისტემურ, სახელმწიფო, ბიუროკრატიულ და ინდივიდუალურ დონეებს. ანალიზის დონეებად დაყოფა გვეხმარება შესასწავლი ერთეულების ქცევის აღწერაში, პროგნოზირებასა და ახსნაში, აგრეთვე იმის გარკვევაში, თუ რომელი დონიდან უფრო უკეთესად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი დასმულ შეკითხვაზე.
ანარქია - ცალკეული პირების ადამიანთა ჯგუფების მიერ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობით გამოწვეული უწესრიგობა და მასობრივი არეულობა. ა-ის წყარო ქვეყანაში, როგორც წესი, არსებული ხელისუფლების არალეგიტიმურად გადაქცევა ხდება, რაც თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს რევოლუციით ან სახელმწიფო გადატრიალებით. ასეთ პირობებში ანარქიულია პერიოდი, როდესაც ძველ პოლიტიკურ ინსტიტუტებს აღარავინ ცნობს, მათ ალტერნატიულ ინსტიტუტებს კი ჯერ არ მოუპოვებიათ საყოველთაო აღიარება.
ა. საერთაშორისო ურთიერთობებში უნივერსალური მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების არარსებობაა. ა. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელიც საერთაშორისო სისტემის სოციალურ-პოლიტიკურ ხასიათზე, მის ზოგად მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ა-ის ლოგიკის მიხედვით, სახელმწიფოები რაციონალური მოქმედი პირები არიან, რომლებიც ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და მათი ურთიერთქმედების მთავარი გამოვლინებები თანამშრომლობა და კონფლიქტია. ზოგიერთი ავტორი ა-ს განმარტავს როგორც ავტორიტეტული ინსტიტუტების, წესებისა და ნორმების არარსებობას საერთაშორისო ურთიერთობებში, როთაც საერთაშორისო სისტემა ჰობსისეულ „ბუნებრივ მდგომარეობას“ ემსგავსება, რომელშიც მიმდინარეობს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. ა. საერთაშორისო ურთიერთობების კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ცნებაა. რეალისტები მიიჩნევენ, რომ ა. ხელს არ უშლის წესრიგის დამყარებას ან საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხოლო იდეალისტების აზრით, წესრიგის მიღწევა საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ რაიმე სახის საერთაშორისო მმართველობის შედაგად გახდება შესაძლებელი. ა-ის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში მჭიდროდ უკავშირდება წესრიგის, თანამშრომლობის, უსაფრთხოების დილემას, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებს. კონსტრუქტივიზმის მიხედვით, ა. „სახელმწიფოების ქმნილებაა“ და არ წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების თანდაყოლილ თვისებას, ამიტომაც მისი გადალახვა შესაძლებელია.
ანარქიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს სახელმწიფოს მოსპობა და იძულებითი ძალაუფლების შეცვლა მოქალაქეთა ნებისმიერი ფორმის თავისუფალი და ნებაყოფლობითი ასოციაციით. ა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში XIXს-ის 40-70-იან წლებში. ყოფით სიტუაციაში ა. აღნიშნავს მორალური და პოლიტიკური წესრიგის არარსებობას. XIX-XX სს-ის მიჯნაზე ანარქისტებმა რამდენიმე მეტად ხმაურიანი მკვლელობა განახორციელეს, მათ შორის: რუსეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1881), საფრანგეთის პრეზიდენტ კარნოსი (1894) და ამერიკის პრეზიდენტ მაკკინლისა (1901). ა-ის ერთიანი პოზიტიური დოქტრინა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოს უარყოფის იდეას. მისი თეორეტიკოსები ვერ თანხმდებიან ყველაზე უფრო ფუნდამენტურ საკითხებშიც კი. თუ სახელმწიფოს მომხრეები მას განიხილავენ როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ანარქისტები, პირიქით, სწორედ სახელმწიფოში ხედავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წყაროს. ა-ის იდეამ, რომელსაც ანტიკური და შუა საუკუნეების მრავალი მოაზროვნის შრომებში ჩანასახის ფორმით ვხვდებით, ახალ დროში განვითარება ჰპოვა ინგლისელი მწერლის უ. გოდვინის ნაშრომში, „კვლევანი პოლიტიკური სამართლიანობის შესახებ“ (1793), სადაც მან ჩამოაყალიბა ცნება „საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე“. თუმცა აღნიშნული ტერმინი მაშინ ამ სახით არ გვხვდებოდა. შტირნერი ტერმინ „ანარქიზმს“ ლიბერალიზმთან მიმართებაში ხმარობდა, თუმცა თვითონ ყველაზე უფრო დიდი ინდივიდუალისტი იყო და არ ცნობდა ვალდებულებისა და სინამდვილის იდეას. პიერ ჟოზეფ პრუდონმა (1809-65), რომელსაც მარქსი მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელად თვლიდა, თავისი წიგნის „რა არის კერძო საკუთრება?“ (1840) გამოსვლის შემდეგ სახელი გაითქვა როგორც ევროპული რევოლუციური იდეალების გამომხატველმა. მარქსისგან განსხვავებით, თავის ექსპლუატაციის თეორიაში დამატებით ღირებულებას, რომელსაც კაპიტალისტები ითვისებენ, პრუდონი განიხილავდა არა როგორც პროდუქტს, რომელიც სასიცოცხლო მინიმუმის ზღვარს ზემოთ იქმნება, არამედ როგორც მუშების შრომის კოოპერირების შედეგს. „სახელმწიფოს ლიკვიდაციის“ პროექტების სანაცვლოდ მან წამოაყენა პროექტი მისი ფედერალური გარდაქმნის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი მოუწოდებდა თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოებს წვრილ ავტონომიურ ოლქებად დაშლისკენ. მიხეილ ბაკუნინი (1814-76) პრუდონის მიმდევარი იყო. დაქირავებულ მუშას იგი მონად თვლიდა და ამის გამო კოლექტიური საკუთრების შემოღების იდეას აყენებდა. ბაკუნინის აზრით, სახელმწიფო რყვნის თავის მოქალაქეებს, როგორც ქვეშევრდომებს, ისე მმართველებს. მათი ადამიანური სტატუსი კარგავს თავის მნიშვნელობას. I ინტერნაციონალში ბაკუნინი აკრიტიკებდა მარქსს, რომელსაც სახელმწიფოს სრული ლიკვიდაციის მაგივრად მიზანშეწონილად მიაჩნდა მისი ტრანსფორმაცია. ამ წინააღმდეგობებმა ორგანიზაცია 1876 წელს დაშლამდე მიიყვანა. პეტრე კროპოტკინი ცდილობდა ა-ის საკუთარი კონცეფცია დარვინის ნაშრომზე დაყრდნობით მეცნიერულად დაესაბუთებინა. ნაშრომში „ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი“ (1897) იგი ამტკიცებდა, რომ ევოლუციის წარმატება დამოკიდებულია კონკრეტული სახეობის მდედრობითი სქესის ინდივიდებს შორის ურთიერთდახმარების ხარისხზე, ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ეს დახმარება თითოეული მათგანისათვის მომგებიანი იყოს. ა-ის იმდენი კონცეფციაა, რამდენი თეორეტიკოსიცაა. მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, არის სხვადასხვა ქმედებების - ტეროროზმიდან ტოლსტოის (1828-1910) პაციფიზმამდე და სოციალურ გარდაქმნამდე - კანონიერად აღიარება. ლიბერალიზმისაგან განსხვავებით, ა-მა მნიშვნელოვანი როლი ვერ ითამაშა სტალინისა და ჰიტლერის ე.წ. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, თუმცა ორივე მიმდინარეობა ლიბერალიზმს შეერწყა.
ანექსია - სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით. XXს-ის დასაწყისამდე ა. განიხილებოდა გამარჯვებული სახელმწიფოს კანონიერ უფლებად. გაეროს წესდებით, ძალის გამოყენებისა და დამუქრების აკრძალვასთან ერთად უკანონოდ გამოცხადდა ა-ც. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ა., როგორც ტერიტორიის შეძენის ფორმა, უკანონო ქმედებად არის მიჩნეული.
ანთროპოლოგია - 1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასებისა და ადამიანის ფიზიკური აღნაგობის ნორმალური ვარიაციების შესახებ (ფიზიკური ა.). 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პირველყოფილი, ტრადიციული და თანამედროვე საზოგადოებების კულტურას; 3. მეცნიერება ადამიანის მოღვაწეობის მრავალგვარი ფორმების შესახებ; მოიცავს თავის თავში მაგ., ისტორიამდელ ა-ს, კულტურულ ა-ს, ფიზიკურ ა-ს.
სოციალური ა. სოციოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომლის შესწავლის ობიექტია პრიმიტიული და ტრადიციული საზოგადოებრივი სისტემები. (იხ. სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია).
ანთროპოცენტრიზმი - 1. მიდგომა ადამიანის გვარისადმი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვნისადმი სამყაროში. 2. ფილოსოფიური შეხედულებები, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს, მისი ყოველი მოვლენის აზრსა და საბოლოო მიზანს. ანთროპოცენტრული შეხედულებაბი ჰქონდათ პროტაგორას, სოკრატეს, შუა საუკუნეების სქოლასტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლებს.
ანიმიზმი - 1. პირველყოფილი საზოგადოებების სულიერი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი რწმენა, როცა გარესამყაროს ყველა მოვლენას საკუთარი სული აქვს; ტეილორის თანახმად, რელიგიურობის საწყისი ფორმაა და გულისხმობს გარკვეული ძალაუფლების მქონე სულების რთული სისტემის არსებობას. 2. პიაჟეს თანახმად, ადრეული ასაკის ბავშვის ფსიქიკისთვის დამახასიათებელი თავისებურება, უსულო საგნები მიიჩნიოს ცოცხალ არსებებად. 3. ზოგადად, რწმენა, რომლის თანახმად ყოველგვარ საგანს, ცოცხალს თუ არაცოცხალს, სულიერს თუ უსულოს, აქვს სული ან ფიზიკური ფორმის გარეშე სულიერი არსებობის სხვა ფორმა.
ანკეტა - პირველადი ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი, გარკვეული წესებით ფორმულირებული კითხვებისა და პასუხების (გამონათქვამების) ერთობლიობა, მოცემული გამოკითხვის ფურცლის ფორმით.
სოციოლოგიური ა. კითხვარის ნაირსახეობაა. იგი გამოიყენება წერითი გამოკითხვისას (ანკეტირების დროს) პირველადი სოციალური მონაცემების შესაგროვებლად. ა. ტირაჟირებული დოკუმენტია, რომელსაც თავად გამოსაკითხი პირი (რესპოდენტი) ავსებს მასში მოცემული მითითებების მიხედვით (დაუსწრებელი ანკეტირება) ან ანკეტიორის (პირის, რომელიც ატარებს ანკეტირებას) მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის შემდეგ (დასწრებული ანკეტირება, ინდივიდუალური ან ჯგუფური). სოციოლოგიური ა. არის სტრუქტურულად, აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების ნაკრები. თითოეული კითხვა, მისი ტიპი ან სახე, განპირობებულია გამოკითხვის პროგრამული და პროცედურული ამოცანებით. ანკეტის სტრუქტურული ერთეულია კითხვა ან კითხვათა ბლოკი. კითხვებისა და პასუხების შინაარსი ასახავს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე. ა-ის შედგენა გამოკვლევის ჰიპოთეზათა კითხვების ენაზე გადაყვანის პროცესს მოიცავს. ანკეტაში დასმულმა კითხვებმა და შესაბამისმა პასუხებმა უნდა უზრუნველყოს საკვლევი საკითხის შესახებ რელევანტური და მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ა-ის კომპოზიციას, კითხვების სწორად შერჩევას, ფორმულირებასა და დასმას, მათ განლაგებასა და თანამიმდევრობას, ენასა და სტილს, ა-ის შევსების მეთოდოლოგიურ მითითებებს, აგრეთვე მის გრაფიკულ გაფორმებას.
გამოკითხვის ხარისხი და მისი შედეგები დამოკიდებულია ა-ზე, იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მისი შედგენის მოთხოვნები.
ა-ის საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ.
ზოგჯერ ა-ის ნაცვლად ხმარობენ ტერმინებს კითხვარი ან „გამოსაკითხი ფურცელი“.
ანკეტირება - სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ურთიერთობა სოციოლოგსა და რესპოდენტს შორის გაშუალებულია ანკეტით, პირველადი სოციოლოგიური მონაცემების მოპოვების ინსტრუმენტით.
ანკეტა კითხვებისა და პასუხების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ერთობლიობაა, თითოეული კითხვა გამოკვლევის პროგრამულ და პროცედურულ ამოცანებთანაა დაკავშირებული. ა. აგრეთვე ითვალისწინებს რესპოდენტების პასუხების დაფიქსირება-რეგისტრაციას, მათ დამუშავებასა და თეორიულ ინტერპრეტაციას.
ა-ის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენერალური ერთობლიობიდან იმ ნაწილის შერჩევას, რომლის შესწავლაც არის გათვალისწინებული. რესპოდენტების სწორი შერჩევის შედეგად მიღებული მონაცემები მთელი გენერალური ერთობლიობისათვის არის დამახასიათებელი და ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას წარმოადგენს.
ა. არის წერილობითი, უმთავრესად დაუსწრებელი გამოკითხვის ფორმა. არსებობს რამდენიმე სახის ა: 1. გამოსაკითხი პირების რაოდენობის მიხედვით (პროცედურის მიხედვით): 1. ინდივიდუალური და 2. ჯგუფური; II. რესპოდენტებისათვის ანკეტის მიწოდების ხერხის, ფორმის მიხედვით: 1. დასარიგებელი (კურიერული), 2. საფოსტო და 3. პრესის საშუალებით; III.რესპოდენტთან კომუნიკაციის ფორმის მიხედვით (ე. ი. გამოკითხვაში ანკეტიორის მონაწილეობის მიხედვით): 1. დასწრებული და 2. დაუსწრებელი (საფოსტო, პრესის საშუალებით); IV. ჩატარების ადგილის მიხედვით განასხვავებენ ა-ს საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის მიხედვით და ა-ს მიზნობრივ აუდიტორიებში (თეატრისა და კინოს მაყურებლების, გამოფენის დამთვალიერებლების, საავადმყოფოს პაციენტების გამოკითხვა და სხვ.).
ა. სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდია. ა-ის საშუალებით ხდება პირველადი მონაცემების მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ.
ა-ის მეთოდი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება რესპოდენტთა დიდი რაოდენობის გამოკითხვისას. ე.წ. მასობრივი გამოკითხვის დროს.
ა-ის პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. პირი, რომელიც ატარებს გამოკითხვას (ანკეტიორი), 2. პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს (რესპოდენტი), 3. ინფორმაცია, რომელიც კითხვებისა და პასუხების ფორმით გამოიხატება - გამოკითხვის კომუნიკე. 4. პირობები (გარემო, სადაც ტარდება ანკეტირება) - ა-ის ველი. (იხ. აგრ. გამოკითხვა).
ანომია - საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. ეს ცნება პირველად გამოიყენა დიურკემმა შრომაში „თვითმკვლელობა“ (1897), რათა აღეწერა ისეთი საზოგადოება, რომელშიც ინდივიდებს არა აქვთ, ან არ ცნობენ არანაირ მყარ სახელმძღვანელო პრინციპებს იმ გზების შესახებ, თუ როგორ მოექცნენ ერთმანეთს. ასეთი უნორმობა, დიურკემის აზრით, დამახასიათებელია მისი თანამედროვე (არატრადიციული) საზოგადოებებისათვის, რომლებშიც დომინანტურია ინდივიდუალიზმის პრინციპი და იკარგება კოლექტიური ცნობიერების, სოციალური სოლიდარობის პრიმატი. ამ პირობებში აქცენტი კეთდება კერძო, ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე სავალდებულო (საყოველთაო) ნორმების გათვალისწინების გარეშე. როდესაც შეუზღუდავი სურვილების დაკმაყოფილებისათვის რესურსები მწირია, ეს ინდივიდს უბედურს ხდის და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს. მაშასადამე, დიურკემის აზრით, აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდეს მყარი ნორმატიული ჩარჩოები, რომლებიც შეზღუდავს კერძო სურვილების პრიმატს. ა. სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ამგვარი ნორმატიული ჩარჩოები დარღვეულია. სტერილური საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ დიურკეიმი მართებულად მიუთითებს, რომ დანაშაულის არსებობა თავისთავად ნორმალურია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის არ აჭარბებს თითოეული სოციალური ტიპისთვის განსაზღვრულ დონეს. თუ ნორმალურსა და პათოლოგიურ ფაქტებს შორის მიმართებაში პათოლოგიური დომინანტობს, ა-სა და ა-ურ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ამის დასადგენად პათოლოგიური ფაქტები უნდა შევუფარდოთ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ა-ის ცნებას აანალიზებს ამერიკელი მეცნიერი რობერტ მერტონი. იგი აკრიტიკებს ადამიანის ქცევის ბიოლოგიური ფაქტორებით ახსნის თეორიას და ქცევის განმსაზღვრელად სოციალურ-კულტურულ პირობებს მიიჩნევს. იგი ა-ს უკავშირებს სოციალურ სტრუქტურას, რომელშიც მოიაზრებს გარკვეული მიზნებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფებს და იმ საშუალებებს, რომელთაც ადამიანები ამ მიზნების მისაღწევად იყენებენ; ამ საშუალებებს იგი ყოფს ორ ჯგუფად: კანონიერად და უკანონოდ. ეს უკანასკნელი მიზნების მიღწევაში უფრო ეფექტურია. ა. კულტურაში მიზნებსა და მათი მიღწევის კანონიერ საშუალებებს შორის წონასწორობის დარღვევაა. მერტონი მიზნებსა და საშუალებებს შორის მიმართებათა ხუთ ძირითად ტიპს განასხვავებს: კონფორმიზმი, ინოვაცია, რიტუალიზმი, რეტრიტიზმი, ამბოხი. (იხ. აგრ. პოსტმოდერნისტული სოციოლოგია).
ანტაგონიზმი - პოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი ფორმა, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების შეურიგებლობით. კონფლიქტოლოგიური ან კლასობირივი თეორიების ფარგლებში მიჩნეულია, რომ მოცემული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი ანტაგონისტური წინააღმდეგობები (ვთქვათ, წინააღმდეგობა მემამულეებსა და გლეხებს შორის ფეოდალურ საზოგადოებაში) შეუძლებელია გადაიჭრას ამ სისტემაში, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ანტაგონისტური წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მთელი სისტემის რადიკალური შეცვლით.
აპართეიდი - მკაცრი რასობრივი დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის პოლიტიკა ფერადკანიანი მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ახორციელებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1980 წლამდე. ამჟამად ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ა-ის პოლიტიკაზე. (იხ. აგრ. რასიზმი).
აპოლიტიკურობა - პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფითი დამოკიდებულება. ა-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა მოსახლეობის მასობრივი უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა, თუკი ამგვარ უარს ორგანიზებული სახე მიეცა, ის შეიძლება გადაიზარდოს აქტიურ პოლიტიკურ პოზიციაში, ბოიკოტში.
არაცნობიერი - ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი გამოცდილებების, მოთხოვნილებების, მოტივებისა და სხვა შინაარსების ერთობლიობა. ფსიქოანალიზში ა. ნიშნავს განდევნილ, ლტოლვაზე დამოკიდებულ აზრებს, სურვილებს, მოგონებებსა და ა.შ, რომელთაც ,,მე“ უკეტავს გზას ცნობიერებისაკენ. ა. ვლინდება ქცევაში, განსაკუთებით კი ნერვოზულ სიმპტომებში. თუკი „მეს“ კონტროლი შესუსტებულია, ა. ტრანსფორმირებული სიმბოლოს სახით აღწევს ცნობიერებამდე (ა. სურვილების ტრანსფორმაცია სიმბოლოდ ხდება, მაგ., სიზმარში). ა-ის პრობლემა განიხილა ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939). განსახვავებით ფროიდისაგან, რომელიც „პიროვნულ ა-ზე“ ამახვილებდა ყურადღებას, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) აღიარებდა კოლექტიური ა-ის არსებობას, რომლის შინაარსს, იუნგის თანახმად, არქეტიპები - ისტორიამდელი ყოფიდან გამოყოლილი „პირვანდელი სურათხატები (Urbild) წარმოადგენს (მაგ., გველი, კეთილი ფერია და ა.შ.), რომლებიც სიზმარში ან კიდევ ზეზეურ სიზმარში (Tagtraum) შეიძლება გაცნობიერდეს.
არაცნობიერი მოტივაცია - ე. გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში - სუბიექტურობის არაცნობიერი დონე, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიმართავენ აქტორები პრაქტიკების რეპროდუქციას ან შეცვლას. აღნიშნულ დონეზე არ ხორციელდება კონტროლი რუტინათა კვლავწარმოებაზე - ა.მ. უზრუნველყოფს ზოგად განწყობას, რომელიც გულისხმობს აქტორთა ადრეული ბავშვობიდან წამოსულ არაცნობიერ მოთხოვნილებას, განიცადონ სიახლოვე და პრაქტიკულად დაეუფლონ სოციალური სამყაროს სტაბილურ მახასიათებლებს (იხ. დისკურსული ცნობიერება; პრაქტიკული ცნობიერება).
არბიტრაჟი (საერთაშორისო) - სამედიატორო სასამართლო ისეთ დავათა გადასაწყვეტად, რომლებშიც მხარეებად გვევლინებიან როგორც სახელმწიფოები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, ა. შესაძლოა იყოს მუდმივმოქმედიც და ერთჯერადიც. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში იგი კონკრეტული სადავო საკითხის გადასაწყვეტად იქმნება. ა-ის შემადგენლობაში შედიან მოდავე მხარეების წარმომადგენლები და განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე დანიშნული კიდევ ერთი არბიტრი ე.წ. სუპერარბიტრი. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სუპერარბიტრს ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირი, მაგ., გაეროს გენერალური მდივანი. მუდმივმოქმედი ა-ის შემთხვევაში ვხვდებით არბიტრთა დანიშვნის განსხვავებულ მექანიზმსაც.
არბიტრირება - კონფლიქტში ჩაბმული მხარეების ურთიერთმორიგების მეთოდი, რომლის დროსაც არ მისდევენ ფორმალურ პროცედურებს ან წესებს. ამგავრი წესების არარსებობის პირობებში პოზიციების ურთიერთდაახლოება ძირითადად მოლაპარაკებების მთელ სერიასა და უკვე არსებული პრეცედენტების გათვალისწინებას ემყარება. ამგვარი შეხვედრების პროცესში მხარეები თანხმდებიან, მოლაპარაკებებს გაუძღვეს ერთი რომელიმე არბიტრი ან მომრიგებლების მცირე ჯგუფი, რომელთა ვერდიქტი ყოველთვის კომპრომისულია. ამის გამო ითვლება, რომ ა. უფრო მოდავე მხარეებს შორის მშვიდობის მიღწევას ემსახურება, ვიდრე სამართლიანობის დაცვას. ა-ს ძირითადად სავაჭრო-სამეურნეო და საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოშობილი სადავო საკითხების მოსაგვარებლად მიმართავენ.
არისტოკრატია - პრივილეგირებული ხელისუფლება. თანამედროვე პოლიტიკურ ელიტასთან მიმართებაში გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობით. ანტიკურ პოლიტიკურ თეორიაში არისტოკრატთა ხელისუფლება საუკეთესოდ, ყველაზე უფრო მიუკერძოებლად და უანგაროდ ითვლებოდა (თიმოკრატიისაგან განსხვავებით, რომელსაც ანგარებიანი ადამიანების მმართველობად თვლიდნენ). აღნიშნული კონცეფცია შენარჩუნებულია კლასიკურ და თანამედროვე კონსერვატიზმში.
არტეფაქტი - ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი. ზოგიერთი მეცნიერის გაგებით, ა. არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეაციური ობიექტიც, კულტურის სპეციალიზებულ სფეროებში ფუნქციონირებადი და კულტურული სემანტიკის აბსტრაქტულად მომცველი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ფიზიკური მახასიათებლები, ისე ნიშნური ან სიმბოლური შინაარსი. კულტურის მეცნიერებები ა-ს განიხილავს რაიმე კულტურული ფორმის ინტერპრეტაციულ განხორციელებად კონკრეტულ მატერიალურ პროდუქტში, ქცევით აქტში, სოციალურ სტრუქტურაში, ინფორმაციულ შეტყობინებასა და შეფასებით მსჯელობაში. კულტურული ა-ის ყველაზე სპეციფიკურ მახასიათებლად მიიჩნევა მისი გაგება საწყისი კულტურული ფორმის ინდივიდუალური აღქმის პროდუქტად, აქედან გამომდინარე კი - მისი სუბიექტური ინტერპრეტაციის კერძო შემთხვევად.
არქეტიპი - კ.გ. იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნება. ა-ები მთელი კაცობრიობისათვის საერთო კოლექტიური არაცნობიერის შემქმნელი სტრუქტურული ელემენტებია. გარემომცველი სამყაროს უსასრულო მრავალფეროვნების აღქმაში მონაწილე უამრავ უცნობ ფაქტორთაგან დიდი წილი ა-ული არაცნობიერის სფეროდანაა. ა-ები განწყობებისა და ტიპური რეაქციების სისტემაა, რომელთა ზეგავლენის ქვეშაა არა მხოლოდ უპირობო რეფლექსების მსგავსი რეაქციები, არამედ აღქმაც, აზროვნებაც და წარმოსახვაც. კოლექტიური არაცნობიერის ა-ული ხატები თავისებური კოგნიტური ნიმუშებია, ე.წ. აპრიორული ფორმებია (პრაფორმებია), რომლებზეც ორიენტირებულია ინსტიქტური თუ ინტუიტური ქცევა. ისინი მემკვიდრეობით გადადის ბიოლოგიურად და არა კულტურული ტრადიციებით, ამიტომ გადაეცემა არა შინაარსი, არამედ წმინდა ფორმები, რომლებიც გამოცდილებაში მატერიალიზირდება და კონკრეტული შენაარსით ივსება. არქეტიპები ნეიტრალურია კეთილისა და ბოროტის მიმართ, ახასიათებს ამბივალენტობა და სხვ., თავს ავლენს მითებში, ზღაპრებში, სიზმრებში; შემოქმედების საფუძველია და ხელს უწყობს ადამიანური კულტურის ერთიანობას, სხვადასხვა განვითარების მქონე ეპოქათა კავშირს, სამყაროს შემეცნებას, საკუთარი თავისა და ადამიანთა ურთიერთგაგებას. ეს ტერმინი ღრმად შეიჭრა მრავალ სამეცნიერო სფეროში, მათ შორის - სოციალურ და კულტურის მეცნიერებებში, სადაც იგი გაგებულია საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური სტრუქტურების (სიყვარულის, ძალადობის, შრომის, ბედნიერების) აღქმის არაცნობიერ ფორმად, აგრეთვე ხელოვნებაში შემოქმედებითი პროცესის ინდივიდუალურ საწყისად.
არშემდგარი სახელმწიფო - ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც წესრიგის, კანონიერებისა და მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფის არარსებობით ხასიათდება. ა.ს-ების უმრავლესობა მეორე მსოფლიო და ცივი ომის შემდეგ წარმოიქმნა, ძირითადად აფრიკის კონტინენტზე, ავღანეთში და ა.შ ა. ს-ებს აგრეთვე ახასიათებს კომუნალური კონფლიქტი, ძალმომრეობა ეთნიკური ნაციონალიზმის ნიადაგზე, მილიტარიზმი და რეგიონული დაპირისპირება. ტერმინი ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა რობერტ კაპლანმა. ა. ს.-ებს სხვაგვარად კვაზისახელმწიფოებსაც უწოდებენ.
არჩევნები - გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ან ორგანიზაციის წარმომადგენლად რომელიმე პირის დასახელება. ა-ის ინსტიტუტი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და ფუნქციონირებს ყველა თანამედროვე არაპირდაპირ დემოკრატიაში. ა-ით ხორციელდება მოქალაქეთა მმართველობითი უფლებების დელეგირება კონკრეტული პირების, დელეგატებისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებშიც შეიძლება გაიმართოს ა., მაგრამ ამ დროს ან მხოლოდ ერთი კანდიდატია ასარჩევი (როგორც მაგ., ყოფილ საბჭოთა პრაქტიკაში), ან საარჩევნო სისტემაში გამეფებული კორუფცია ყოველგვარ აზრს უკარგავს არჩევნებს.
ასიმილაცია - 1. კულტურული: ნაკლებად ცივილიზებული ან უფრო „სუსტი“ ხალხის კულტურის სრული ან ნაწილობრივი შთანთქმა უცხო კულტურის მიერ დაპყრობის, შერეული ქორწინებების და დამპყრობელ ეთნოსში დაპყრობილის მიზანიმართული „გათქვეფის“ (შერევის) გზით; ამ გზაზე უკანასკნელი ბასტიონია ენა, რომლის დაკარგვასთან ერთად ასიმილირებული კულტურაც იღუპება. 2. სოციალური: სოციოლოგიასა და კულტუროლოგიაში აღნიშნავს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების ან თვით ამ სოციალური ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის (ან საზოგადოების) თვისებების თანდათანობითი შეთვისების პროცესს, რასაც შედეგად მოსდევს ახალ ჯგუფთან შერევა და ძველებური სოციალურ-კულტურული იერსახის დაკარგვა. ამ პროცესის ობიექტური საფუძველია საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარის ინტეგრაცია და ინტერნაციონალიზაცია სხვადასხვა მასშტაბით. ა. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს უმრავლესობის კულტურის დომინირების პირობებში სოციალურ, ეთნიკურ, კონფესიურ ან სხვა უმცირესობებში. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები.
ასოციაცია - ადამიანთა იმგვარი გარეთიანება, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო მიზნები ან სხვა სახის საერთო იდენტობები. ა., „ჯგუფისაგან“ განსახვავებით, რომელიც თავად შეიძლება შეიცავდეს ა-ს, სპეციფიკური გარეთიანებაა, რადგან ა-ებს ჩვეულებრივ, აქვს გარკვეული წესები და სტრუქტურა. ადამიანების უფლება, თავსუფლად შექმნან და შევიდნენ ა-ებში, დემოკრატიულ თავისუფლებათა ერთ-ერთი სახეა.
აფლუენცია - ტერმინს იყენებენ მდიდარი (სიუხვის) საზოგადოების (affluent society) აღსანიშნავად. იგი დამკვიდრდა XXს-ის 50-60-იან წლებში ამ პერიოდის ბრიტანული და ამერიკული საზოგადოებების აღსაწერად. ამ ტერმინით აღწერდნენ 50-იანი წლების ინგლისს, სადაც ცხოვრების დონის ამაღლებას მოჰყვა ღრმა ცვლილებები სოციალურ ურთიერთობებში და მუშათა კლასის მიერ ლეიბორისტთა ტრადიციული მხარდაჭერის შესუსტება; აგრეთვე XXს-ის 50-იანი წლების ბოლო პერიოდის ამერიკულ საზოგადოებას, როცა საბაზისო ეკონომიკური დეფიციტი კი დამარცხდა, მაგრამ „ადამიანის სიმდიდრესთან“ თანაარსებობდა საყოველთაო მიშვებულობაც (მაგალითად, აწარმოებდნენ ავტომობილებს, მაგრამ არ ცდილობდნენ გზების გაუმჯობესებასა და გარემოს მოვლას, არ ზრუნავდნენ დაზარალებულ ან არასაკმარისად უზრუნველყოფილ პირებზე და სხვა.).
აქტორი - ნებისმიერი ერთეული, რომელიც ინდივიდუალურ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და წარმოდგენილია დამოუკიდებელ მონაწილედ (სუბიექტად). ა-ებს წარმოადგენენ სახელმწიფოები, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესთან დაკავშირეული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვ. ცალკეულ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების ა. შეიძლება იყოს კონკრეტული პირიც (მაგ., რომის პაპი).
აქცია-რეაქცია - საერთაშორისო ურთიერთობების ორ აქტორს შორის ისეთი დამოკიდებულება, როცა ერთი მათგანის მოქმედებას დაუყოვნებლივ მოსდევს მეორის პასუხი. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება კონფლიქტური სიტუაციების თამაშთა თეორიის ან ქცევის ფსიქოლოგიის კუთხით ანალიზისას. ა-რ-ის მაგალითია გამალებული შეიარაღება. კერძოდ, ა სახელმწფო რეაგირებს ბ-ს შეიარაღების ზრდაზე იმით, რომ ზრდის სამხედრო ხარჯებს. ბ აცნობიერებს, რომ ა-ს მოქმედება იყო პასუხი მის მოქმედებაზე, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ ა-ს რეაქცია საფრთხეს უქმნის მის უშიშროებას და თვითონაც ზრდის საკუთარ სამხედრო ბიუჯეტს. ტერმინი ა-რ გვხვდება გადაწყვეტილების მიღების სისტემაშიც, სადაც იგი ზოგჯერ ტერმინ შესავალ-გამოსავლით იცვლება.
აღმასრულებელი ხელსუფლება - ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც არსებული კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. ა.ხ. ქვეყნის, სახელმწოფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ ა.ხ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, იგი სხვადასხვა სახისაა იმის მიხედვით, თუ როგორია პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც ხელისუფლების დანაწილება დამოუკიდებელ ერთეულებად არასაკმარისად ხორციელდება ან საერთოდ არ ხორციელდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ა.ხ. ორი ძირითადი სახით არის წარმოდგენილი: ერთი მათგანის ტიპური ნიმუშია შეერთებული შტატების ა. ხ. რომელსაც პრეზიდენტი მეთაურობსა. საპრეზიდენტო ა.ხ. შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია. ამასთან, საპრეზიდენტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებში შეზღუდულია კონგრესით და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოებით, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია იმის ზედამხედველობაა, რომ ა.ხ-ის მოქმედება არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს.
ა.ხ.-ის მეორე ტიპის ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ხელისუფლება. აქ ა.ხ. წარმოდგენილია მინსტრთა კაბინეტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის წევრებიც აირჩევიან პარლამენტართა რიგებიდან. კაბინეტური ა.ხ-ის უმნიშვნელოვანეს სპერციფიკას შეადგენს კაბინეტის წევრთა მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კოლეგიური მიღება და კოლექტიული პასუხისმგებლობა მათზე.
აღმოსავლეთ-დასავლეთი - ცივი ომის პერიოდში არსებული დიქოტომია, ერთი მხრივ, ევროპისა და ამერიკის განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, სოციალისტური ბანაკის - აღმოსაველთ ევროპის სახელმწიფოებსა და საბჭოთა კავშირს, აგრეთვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. „დასავლეთის“ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ ნატოს სამხედრო ბლოკის ქვეყნები, იაპონია და მათი მომხეები. „აღმოსავლეთის“ ბანაკში კი შედიოდნენ „ვარშავის ხელშეკრულების“ სახელმწიფოები. ა-დ-ის დაპირისპირების თემა ცივი ომის დასრულების შემდეგ ნაკლებად აქტუალურია.
აღქმა - ფუნდამეტური ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების გარემოსადმი მიმართებას ახასიათებს. ა. სხვა მოქმედი პირის ან პირების შესახებ ვარაუდს წარმოადგენს. ეს ვარაუდი მათ გარკვეულ განზრახვებს მიაწერს, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილების მიმღები თავის მოქმედებას განსაზღვრავს. რობერტ ჯერვისი მიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებისას ესა თუ ის მოქმედი პირი იძულებულია წინასწარ გაზიარებული რწმენისა და დაშვებული ვარაუდების საფუძველზე იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მეტისმეტად დიდი ინფორმაციული ნაკადის ტყვეობაში აღმოჩნდება. კონკრეტული გადაწყვეტილების მიზეზების ძიებისას საჭირო ხდება იმ „ხედვის“ სამეცნიერო რეკონსტრუქცია, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღები ვითარებას აღიქვამდა. ა-ის ფაქტორის გამოყენება საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზისას საერთაშორისო ურთიერთობებში სოციალური მეცნიერებების მეთოდების შემოტანას უკავშირდება.
აღწერა - იგივეა, რაც დაწვრილებითი აღწერა. ძირითადად გამოიყენება ანთროპოლოგიაში და „მჭიდროდ სტრტუქტურირებული ფაქტების“ სოციალური კონტექსტის მოძიება-აღწერას აღნიშნავს. ა-ის საფუძველზე შესაძლებელია კულტურის როლის შესახებ ზოგადი დებულებების ჩამოყალიბება. ეთნომეთოდოლოგიის მსგავსად, ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია დიდ ყურადღებას უთმობს ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებს, როგორც უფრო ფართო განზოგადების ერთადერთ დამაჯერებელ საფუძველს. ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია, ამასთან მიიჩნევს, რომ დაწვრილებითი აღწერა არასოდეს არ არის სრული.
აშკარა და ლატენტური ფუნქციები - ამგვარი დაყოფა ეკუთვნის რობერტ მერტონს. იგი, ერთი მხრივ, საუბრობს „იმ ობიექტურ შედეგებზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ სისტემის რეგულირებასა და შეგუებადობაში და რომლებიც, ამავე დროს, შედიოდნენ სისტემის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრაში და მათ მიერ ცნობიერდებოდნენ“ (აშკარა ფუნქციები), ხოლო, მეორე მხრივ, გამოყოფს იმ ობიექტურ შედეგებს, რომლებიც არ შედიოდნენ სისტემის მონაწილე სუბიექტების განზრახვაში და ხდებოდა მათი გაცნობიერება (ლატენტური ანუ ფარული ფუნქციები). მაგალითად მოაქვს ინდიელ ტომებში გავრცელებული წვიმის ცეკვის რიტუალი, რომლის დანიშნულებაა წვიმის გამოწვევა (აშკარა ფუნქცია), თუმცა ამ რიტუალს მოაქვს აგრეთვე სოციალური ინტეგრაციის ზრდა, რომელიც სულაც არ განუზრახავთ მონაწილეებს (ლატენტური ფუნქცია).
ახალი მედიევალიზმი - მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი ჰიპოთეზური ალტერნატიური ფორმა, რომელიც ჰედლი ბულმა დაამუშავა. მან არ გამორიცხა „ვესტფალიის სახელმწიფოთა სისტემის“ იმგვარი ცვლილება, რომელიც შუა საუკუნეების დასავლური ქრისტიანული სამყაროს მრავლობითი იურისდიქციების, დანაწევრებული ხელისუფლებისა და ურთიერთგადამფარავი იდენტურობების თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში საერთო ფორმით დანერგვას გამოიწვევდა. ამდაგვარ სისტემაში ძალაუფლება უფრო ჰორიზონტალური იქნებოდა, ვიდრე ვერტიკალური, მოქალაქე კი ერთდროულად რამდენიმე საფეხურის ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა და რამდენიმე იდენტურობას აღიარებდა, მაგ., ქვეყნის შიდა რეგიონის დონეზე, სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფოთა გაერთიანების დონეზე და საკაცობრიო დონეზე. ამგვარ სცენარს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ხუთი დამახასიათებელი თვისება უქმნის საფუძველს: რეგიონული ინტეგრაცია, სახელმწიფოთა დაშლა, საერთაშორისო ძალადობის აღდგენა, ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის ზრდა და გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება.
ახალი მსოფლიო წესრიგი - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსის) მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობათა ხედვის სისტემა, რომელიც ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ხელახლა აღმოცენებას ითვალისწინებდა. ახალი მსოფლიო წესრიგი ტერორის საფრთხისაგან თავისუფალ სამყაროს, სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ სწრაფვას, აგრეთვე, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ჰარმონიულ თანაარსებობას ნიშნავდა. ეს ბუნდოვანი ფრაზები სინამდვილეში დიდ სახელმწიფოთა მეტ თანამშრომლობას, გაეროს გაზრდილ როლსა და საერთაშორისო სამართლის მეტ მნიშვნელობას გულისხმობდა. ბუშის ეს ინიციატივა მოქმედების კონკრეტულ გეგმას არ ისახავდა და მხოლოდ რიტორიკის დონეზე დარჩა. საერთაშორისო ურთიერობების თეორიაში ბუშის მიერ დეკლარირებულმა ა. მ. წ.-მა რეალისტ-ნეორეალისტებსა და ნეოლიბერალებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ახალი კამათი გამოიწვია.
ახსნა - შემთხვევის ან მოვლენის განხილვა, რომლის დროსაც ცხადი ხდება შემთხვევის ან მოვლენის მიზეზები, ხასიათი და მათი კავშირი სხვა მოვლენებთან. უფრო ფორმალური თვალსაზრისით, ა. მეცნიერული კანონის დადგენას ან კიდევ ამხსნელი თეორიის შექმნას გულისხმობს. სოციოლოგიაში ა. აქტორის მოქმედების მიზეზების, მოტივებისა და ა.შ დადგენაა. არსებობს ა-ის რამდენიმე სახე: 1) მიზეზობრივი ა. ძირითადად კერძო შემთხვევაზე უშუალოდ მოქმედი მიზეზის გამოვლენაა; 2) დედუქციური ა. ლოგიკურად გამომდინარეობს ზოგადი კანონებით დადგენილი განზოგადებებიდან; 3) ალბათური (სავარაუდო) ა. - შემთხვევის ან მოვლენის მიზეზების დადგენა ალბათობის გარკვეული ხარისხით. ასეთი ა. გულისხმობს არა ერთჯერად შემთხვევას, არამედ შემთხვევათა გამოვლენას უსასრულო რიგში და, ჩვეულებრივ, არასაკმარისად მიიჩნევა მანამ, სანამ არ დადგინდება სხვა დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამ ალბათობას განსაზღვრავს; 4) მიზნობრივი ა. ადგენს აქტორების მნიშვნელობას, სურვილებს, ძალისხმევას, მიზეზებს ან სოციალურ სიტუაციას; 5) ფუნქციონალური ა. შედეგებს ხსნის სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნებიდან გამომდინარე; ფუნქციონალური ა. საზოგადოების ამა თუ იმ თვისების (წესები, ნორმები და ა.შ.) გამოვლენას გულისხმობს, რომელსაც გარკვეული წვლილი შეაქვს სისტემის ან მთელი საზოგადოების შენარჩუნებაში; 6) ევოლუციური, ანუ ეკოლოგიური ა. გულისხმობს სახეობის ან სოციალური სისტემის და ა.შ მდგრადობის დადგენას მათი გარემოსთან ადაპტაციის თვალსაზრისით; 7) ტელეოლოგიური ა-ის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად წინამორბედ (უშუალო) მიზეზებს, რამდენადაც შემთხვევის ან მოვლენის (სოციალური სისტემის) საბოლოო მიზანს. ყველა შემთხვევა (მოვლენა), ტელეოლოგიური ა-ის თვალსაზრისით, ამ მიზნებით აიხსნება. მაგ., მარქსის თანახმად, კომუნიზმი არის ისტორიის საბოლოო მიზანი, შესაბამისად, ყველა ისტორიული ხდომილება ამ მიზნიდან აიხსნება. ზოგიერთ სოციოლოგიურ თეორიაში ა. და გაგება ერთმანეთთან არის დაპირისპირებული (იხ. ახსნა, ასევე გაგების სოციოლოგია).
აჯანყება - იხ. კოლექტიური მოქმედება.
![]() |
3 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაზისი და ზედნაშენი - ისტორიული მატერიალიზმის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიები, რომელიც შეიმუშავა კ.მარქსმა. ბ. წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიკურ წყობას მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე, საზოგადოებრივ საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობას. ყოველ ბ-ს აქვს თავისი შესაფერისი ზედნაშენი - პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, სამართლებრივი და სხვა. შეხედულებებისა და მათი შესაბამისი დაწესებულებების ერთობლიობა. ბ. პირველადი და განმსაზღვრელია ზ-ის მიმართ. ეს უკანასკნელი ემსახურება გაბატონებული ბ-ის განმტკიცებას.
ბაზისური პიროვნება - იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები.
ბალკანიზაცია - წინასწარი განზრახვით გატარებული პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის დანაწევრებას დამოუკიდებელ, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ძალთა ცენტრებად. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ცნება 1992-96 წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე ომებსა და ეთნიკურ წმენდას უკავშირდება.
ბატონობა და მორჩილება - ძალაუფლების განხორციელება ინსიტუციონალური ფორმებით, რაც გულისხმობს სპეციალური მართვის აპარატის არსებობას და, შესაბამისად, საზოგადოების დანაწილებას გაბატონებულ და დაქვემდებარებულ ჯგუფებად. ბ-ის სოციოლოგიური თეორია მაქს ვებერს ეკუთვნის. ის განასხვავებდა ერთმანეთისგან ძალაუფლებასა და ბ-ს. მისი აზრით, პირველი წინ უსწრებს მეორეს, მაგრამ ყოველთვის არ იძენს ბ-ის ნიშნებს. თუ ძალაუფლების განსაზღვრებისას ვებერი ხაზს უსვამს იძულების მომენტს, ბ-ის განსაზღვრებისას აქცენტს აკეთებს ნებაყოფლობით მ-ზე. ბ-ს ვებერი განმარტავს როგორც შანსს, შეხვდე მორჩილებას კონკრეტული ბრძანების პასუხად. ვებერის აზრით, ბ. არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ძალაუფლების რეალიზაციის ფაქტით, ის საჭიროებს ლეგიტიმურობას ანუ მისი კანონიერების აღიარებას დაქვემდებარებულის მხრიდან. დაქვემდებარების მოტივის მიხედვით ვებერი განასხვავებს ლეგიტიმური ბ-ის სამ ტიპს: 1) რაციონალურ ბ-ს, რომელიც ეფუძნება დაქვემდებარებულთა მხრიდან გაცნობიერებულ რწმენას იმისას, რომ საზოგადოებაში არსებული წესები და მათი განმახორციელებელი ინსტიტუტები გამოხატავს მათ ინტერესებს. ესაა მიზანრაციონალური მოქმედება. ასეთი ტიპის ბ., ვებერის თვალსაზრისით, გვხვდება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ექვემდებარებიან არა პიროვნებას, არამედ საყოველთაოდ მოქმედ კანონებს. მართვის შტაბი ამ შემთხვევაში შედგება სპეციალური განათლების მქონე მოხელეებისაგან. 2. ტრადიციული ბ. ეფუძნება ადათ წესებით განპირობებულ ჩვეულებას განსაზღვრული ქცევისადმი. ბ-ის ეს ტიპი ეფუძნება რწმენას, რომ ოდითგანვე არსებული წესები და ხელისუფლება უსიტყვო, უკრიტიკო ავტორიტეტის მქონეა. ესაა ტრადიციული ქცევა. ვებერის აზრით, გერონტოკრატია (უხუცესთა ბ.), პატრიარქატი (ტომის ბელადის ბ.), პატრიმონიალიზმი და სულთანიზმი (მონარქის, სულთანის ბ.) ამ ტიპის ბ-ის გამოხატულებებია. მართვის შტაბი აქ შედგება ბატონზე პირადად დამოკიდებული და პირადად მისი ერთგული მოხელეებისაგან. სწორედ პირადი ერთგულებაა საფუძველი თანამდებობებზე დანიშვნისა და იერარქიულ კიბეზე წინსვლისა. აქ არ მოქმედებს ფორმალური სამართალი, ურთიერთობათა ხასიათი ნებისმიერ სფეროში პირადულია. ამ ასპექტებში ბ-ის ეს ტიპი ქარიზმატული ბ-ის ანალოგიურია. 3. თავის მხრივ, ქარიზმატული ბ. ეფუძნება დაქვემდებარებულთა რწმენას ბელადის ღვთაებრივი ნიჭის, უნარისა და მის მიერ დადგენილი წესრიგის ღვთაებრიობის შესახებ, რაც განაპირობებს დაქვემდებარებულთა პირად ერთგულბას მათდამი. ესაა აფექტური ქცევა.
ბინარული ოპოზიციები - მატერიალური და სულიერი კულტურის განხილვა ორი, მჭიდრო კავშირში მყოფი, მაგრამ ურთიერთდაპირისპირებული ძირითადი ელემენტის მეშვეობით. ბ. ო-ის სისტემა სამყაროს დუალური კლასიფიკაციის ამსახველი პრინციპია, რომელიც თავს იჩენს სოციალური ცხოვრების დუალისტურ ორგანიზაციაში. იგი ვლინდება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის სოციალურ ნიშანთა სემანტიკაშიც და ფიქსირებულია ენაში. ბ.ო, როგორც სიმბოლური კლასიფიკაციის უმარტივესი პრინციპი, უნივერსალურია და გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კულტურაში. ბ.ო-ში გარე სამყაროს მოვლენები და ობიექტები შეიგრძნობა მათი კონტრასტული დაპირისპირებით. ასეთი ბინარული კონტრასტირება აღქმის უწყვეტ შთაბეჭდილებებს დისკრეტულად ანაწევრებს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი უმარტივესი ანალიზი და კლასიფიკაცია. ელემენტალური სემანტიკური ოპოზიციები ადამიანის უმარტივეს სივრცით და გრძნობით ორიენტაციას ასახავს გრძნობის ორგანოთა, სხეულის ნაწილების, საზოგადოებისა და ბუნების ენით, აგრეთვე აქსიოლოგიზაციაშია ანუ ღირებულებათა სკალაში მათი ჩართვით. მაგალითად, დაპირისპირება „ზე-ქვე“ კონკრეტულ სახეს იძენს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის კონტრასტით, რომელიც შემდეგ განივრცობა კოსმიურ და სოციალურ მოვლენებზე, მაგალითად, „ცა-მიწა“, ოჯახურ და სოციალურ იერარქიაში - „მაღალი-დაბალი“ და ა.შ. უმარტივეს სემანტიკურ ოპოზიციებზე დაყრდნობით ხდება რეალობაში კონტრასტულ დაპირისპირებათა კოსმოლოგიური გააზრება და პარალელების დადგენა სხვადასხვაგვარ მოვლენასთან; კონტრასტები თანდათან იძენს მნიშვნელობას და ფუნდამენტური ანტინომიების გამომხატველად იქცევა: კოსმიურ-სივრცით დროით კონტინუუმში (ცა - მიწა), სოციუმში (ჩემი - სხვისი, უფროსი - უმცროსი), ბუნებისა და კულტურის ზღვარზე (წყალი - ცეცხლი, უმი - მოხარშული), აბსტრაქტულ რიცხვთა სამყაროში (კენტი - ლუწი). სამყაროს იერარქიული დანაწილების კვალდაკვალ ფართოვდება ბინარული ლოგიკის საკლასიფიკაციო შესაძლებლობები, საგნები განმასხვავებელი ნიშნების თავისებურ „გროვად“ იქცევა - ნიშანთა ერთი ჯგუფით გაიგივდებიან, მეორეთი უპირისპირდებიან ერთამნეთს, რაც მოვლენათა მარკირების (ანუ რომელიმე ნიშნით აღნიშვნის) საფუძველი ხდება. სოციოლოგები (დიურკემი, მოსი), და ეთნოლოგები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებდნენ ტოტემური კლასიფიკაციისა და ტომის სოციალური ცხოვრების დუალისტურ ფორმებზე, რაც ვლინდება ტერიტორიის ორგანიზების დუალურ ხასიათში - დასახლების, ტომის, საცხოვრისის და სხვ. გაყოფა ორ ნაწილად და დაპირისპირებულ მხარედ შესაბამისი სახელდებით („მარჯვენა - მარცხენა“, „ზევით - ქვევით“, „ნაპირი - ხმელეთი“ და ა.შ.). მეტ-ნაკლებად ხშირად ოპოზიციათა შეზღუდული ჩამონათვალი გამოიყენება (მიწა - ზეცა, დღე - ღამე, მზე - მთვარე, სიცოცხლე - სიკვდილი, ზაფხული - ზამთარი, წვიმების დრო - გვალვის დრო, ომი - მშვიდობა, ქალური - მამაკაცური, თეთრი - შავი და სხვ.); მეცნიერთა თვალსაზრისით, ბ. ო. სოციალურ-კულტურული ცხოვრების მოწესრიგებისა და ადამიანური აგრესიულობის რეგლამენტაციის უნივერსალურ ტენდენციას ასახავს.
ბიოგრაფიული მეთოდი - თვისებრივი სოციოლოგიური გამოკვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა; პირადი დოკუმენტები (როგორიცაა, მაგ., წერილები, ავტობიოგრაფიები, დღიურები, ქრონიკები, მემუარები და სხვ.) გამოიყენება სოციალური ინფორმაციის მოპოვებისა და შესასწავლი მასალის განზოგადების მიზნით. პირად დოკუმენტებში აღწერილია ინდივიდის, დოკუმენტების ავტორის, მიერ განცდილი საზოგადოებრივი პროცესები, მოვლენები და სიტუაციები, გადმოცემულია ავტორის დამოკიდებულება მათ მიმართ, მისი შეხედულებები, აზრები და შეფასებები. პირად დოკუმენტებში ასახული ინდივიდების ცხოვრებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრების საფუძველზე ხდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათი საქმიანობის, ღირებულებებისა და ქცევის ნორმების აღწერა, ჯგუფებში მიმდინარე სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესების გაანალიზება, გარკვეული ჰიპოთეზების შემუშავება.
ბ. მ-ის გამოყენების პირველი კლასიკური ნიმუშებია უ. ჰილის შრომები: „დამნაშავე“ (1915) და „სულიერი კონფლიქტები და არასწორი ქცევა“ (1917).
ბ. მ. თეორიულად დაამუშავეს „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენლებმა უ. ტომასმა (1863-1947) და ფ. ზნანეცკიმ (1882-1958) ცნობილ ხუთტომიან შრომაში „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში“ (1918-1920) მათ გააანალიზეს ამერიკაში გამგზავრებულ და სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს შორის მიმოწერა, ემიგრანტების ავტობიოგრაფიები და სხვ., რათა აეხსნათ პიროვნების კულტურული ღირებულებებისა და განწყობების ურთიერთქმედება, ახალი სოციალური პირობებისადმი პიროვნების შეგუების მექანიზმები და პროცესები.
ამ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ XXს-ის 20-30-იან წლებში და პიროვნების, მისი ქცევისა და ფსიქიკური ცხოვრების შესწავლის საუკეთესო მეთოდად თვლიდნენ.
ამჟამად ბ. მ. როგორც პირადი დოკუმენტების ანალიზის ერთ-ერთი სპეციფიკური მეთოდი და საზოგადოებრივი ცხოვრების სუბიექტური მხარის შესწავლის ერთ-ერთი ტაქტიკა გამოიყენება მრავალ სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებაში (მათ შორის, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, კულტურის ისტორიასა და სხვ.).
ბ. მ-ის სინონიმებად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები „პირადი დოკუმენტების მეთოდი“ (method of personal documents), რომელიც ძირითადად პირად დოკუმენტებს ემყარება და „ცხოვრების ისტორიის მეთოდი“ (lide history method) - უმთავრესად დოკუმენტებში ავტორის მიერ გადმოცემულ საკუთარ ბიოგრაფიულ ფაქტებს იყენებს, აანალიზებს მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას.
ბიოლოგიზმი - იხ. ნატურალისტური სოციოლოგია.
ბიპოლარულობა - ტერმინი დაკავშირებულია ცივი ომის პერიოდთან, როცა საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაში ორი აშკარა პოლუსი - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყო გამოკვეთილი. თითოეულ მათგანს ჰყავდა მთელი ჯგუფი სატელიტი სახელმწიფოებისა, რომლებიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და იდეოლოგიურად ამ ორ ზესახელმწიფოზე იყვნენ დამოკიდებულნი. აღნიშნული ორი ბლოკის ურთიერთდაპირისპირება განსაზღვრავდა კიდეც სისტემის ხასიათს. ბიპოლარული სისტემა გულისხმობს ძალთა გარკვეულ განაწილებას პოლუსებს შორის, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ძალთა წონასწორობის სისტემას. ბ. შეიძლება იყოს ხისტი და რბილი. ხისტი ბიპოლარული სისტემის დროს პრაქტიკულად ყოველი ქვეყანა ორიდან ერთ-ერთი ბლოკის წევრია (მაგალითად, ცივი ომის საწყის ეტაპზე, 50-იანი წლების შუა ხანებამდე), რბილი ბიპოლარული სისტემის დროს კი სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი რიცხვი არ შედის არც ერთ და არც მეორე ბლოკში და საერთაშორისო სისტემაში ცალკეა წარმოდგენილი (საერთაშორისო სისტემა 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცივი ომის დამთავრებამდე) (შდრ. უნიპოლარიზმი).
ბირთვული ზამთარი - მდგომარეობა, რომელიც მოსალოდნელია დედამიწაზე ბირთვული ომის შემთხვევაში. ატომური აფეთქებების შედეგად ჰაერში გამოტყორცნილი კვამლი და მტვერი არ აძლევს საშუალებას მზის სხივებს მიაღწიონ დედამიწის ზედაპირამდე, რაც ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს. ამის გამო მოსალოდნელია სიცოცხლის სრული მოსპობა. ბ.ზ-ის იდეა ჰიპოთეზური მსჯელობაა და არა რეალური და მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტი.
ბირთვული იარაღი - იხ. მასობრივი განადგურების იარაღი.
ბირთვული ქოლგა - შემთხვევა, როცა ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, დაიცვას სხვა ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი ამ იარაღისაგან. ჩვეულებრივ, ამგვარი ურთიერთობა იღებს ალიანსის ფორმას. ბ.ქ-ის ერთ-ერთი მაგალითია ნატოს ვალდებულებები, რაც თავის თავზე აიღო აშშ-მა.
ბირთვული შეკავება - კონცეფცია, რომელიც გამოხატავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის წლებში. ამ კონცეფციის ცნობილი ავტორია ამერიკელი მეცნიერი და დიპლომატი ჯორჯ კენანი (მისტერ X), რომელიც 1947 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის არსი უნდა იყოს რუსეთის (საბჭოთა კავშირის) ექსპანსიონიზმის შეჩერება. კენანის აზრით, საბჭოთა საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა მარქსიზმ-ლენინიზმის ძირითად იდეას მთელს მსოფლიოში სოციალიზმის გამარჯვებისა და კომუნიზმის გავრცელების შესახებ და მიზნად ისახავს კომუნისტური რეჟიმების ძალით დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოებში. შესაბამისად, აშშ-ს დაეკისრა მისია, იხსნას მსიფლიო რუსული კომუნიზმის საფრთხისაგან და როგორც ბირთვულმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს საბჭოთა ექსპანსიის შეკავება. პრაქტიკულად შეკავების პოლიტიკა გამოიხატებოდა საბჭოთა კავშირის გარშემო ანტისაბჭოური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების (ნატო, სენტო, სეატო) შექმნაში. აღნიშნულ გარემოცვაში, თუ სადმე „ბზარი“ გაჩნდებოდა, იქმნებოდა დიდი და მცირე კონფლიქტები (ბერლინის, კორეის, ახლო აღმოსავლეთის, ვიეტნამის), რაც რეალურად აშშ-ისა და სსრკ-ის დაპირისპირების გამოვლინება იყო. ერთ ქვეყანაში კი კომუნისტური რეჟიმის დამყარება გამოიწვევდა დომინოს ეფექტს (იხ. დომინოს თეორია) და საფრთხეს შეუქმნიდა სხვა ქვეყნებს. ამდენად, არსად არ უნდა წარმოქმნილიყო ახალი სოციალისტური სახელმწიფოები. შეკავების პოლიტიკა აშშ-ის ძირითად საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენდა 50-იან წლებში. შემდგომში სტრატეგიული შეიარაღების განვითარებისა და საზღვაო ფლოტის გაძლიერებამ შეკავების პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური გახადა, რადგან სსრკ-ის გარემოცვა დაემსგავსა „იმ საჯინიბო კარის დაკეტვას, საიდანაც ცხენი უკვე გაქცეულია“. ბ. შ-ის პოლიტიკის ალტერნატივად გაჩნდა „ბირთვული დაშინების“ პოლიტიკა, რომელიც ბირთვულ შეიარაღებაში აშშ-ის უპირატესობის მიღწევას გულისხმობდა.
ბიუროკრატია - სახელმწოფო აპარატის საშუალო რგოლის ჩინოვნიკური სისტემა. ტერმინი თავდაპირველად გაჩნდა XVIIIს-ის საფრანგთში, ხოლო 1918 წელს - ინგლისში. დასაწყისში ამ ტერმინს უარყოფითი, დამამცირებელი ელფერი ჰქონდა, რომელიც მას დღესაც ახლავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხმარებისას. პირველი, ვინც ამ ტერმინში დადებითი შინაარსი მოიაზრა, იყო მაქს ვებერი. მისი მტკიცებით, ბ. მოდერნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციის კერძო ფორმაა, მისი საქმიანობა გულისხმობს იაერარქიულად მოწესრიგებული როლების განაწილებას, რომლებიც ჩამოყალიბებულია მკაფიოდ განსაზღვრული უპიროვნო წესებისა (ინსტრუქციების) და პროცედურების საფუძველზე. ვებერმა განსაზღვრა ბ-ის „იდეალური ტიპი“. ეს უკანასკნელი მოიცავს მახასიათებლებს, რომლებიც გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად ბიუროკრატიულია ესა თუ ის რეალური ორგანიზაცია. ეს მახასიათებლებია:
- ოფიციალური როლების სისტემა, რომელიც იერარქიულადაა ორგანიზებული. ესაა ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა - დაწყებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფუნქციებიდან, რიგითი თანამშრომლების მოვალეობებამდე;
- როლები დაკავშირებულია წესებთან, რომლებიც განსაზღვრავს, რა შეიძლება ან არ შეიძლება ლეგიტიმურად შესრულდეს ოფიციალური პირის მიერ. წესები არეგულირებს სამუშაო რეჟიმს;
- პროცედურები, რომლებიც თეორიულად ფარავს ყველა იმ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია;
- ოფიციალური პირები იმყოფებიან მკაცრი დისციპლინის პირობებში;
- კანცელარია, სადაც წერილობითი დოკუმენტები ზედმიწევნით მოწესრიგებულად ინახება;
- არსებობს მკაფიო გამიჯვნა ოფიციალურისა და პირადულისა.
ბ-ისადმი მიძღვნილ ბევრ შრომაში სწორედ ვებერის იდეები განავითარეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა მიშელ კროზიემ შრომაში „ბიუროკრატიის მოვლენა“ (1964). მან წარმოაჩინა მაღალჩინოსანი და რიგითი ბიუროკრატების მოქმედების სხვადასხვა მოტივები. რიგითი ბ-ები ისწრაფვიან მშვიდი ცხოვრებისაკენ, რომლის მიღწევაც წესების (როგორიც უნდა იყოს ისინი) მონური შესრულებით შეიძლება. მაღალჩინოსნებს უფრო დიდი მიზნები აქვთ, მაგრამ ხშირად ისინი მიუღწევადია იმის გამო, რომ შეუძლებელია აიძულო რიგითი მოსამსახურე, გადაუხვიოს დადგენილ წესებს. ასეთივე სირთულეებთან არის დაკავშირებული ფირმების მუშაობა. ვებერისეული ანალიზი ესადაგება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე ფირმებს.
ვებერი ამტკიცებდა, რომ ბ. ორგანიზაციის ყველაზე ეფექტური ფორმაა. ამ თვალსაზრისის კრიტიკოსების თანახმად, ბ. ყველაზე შესაფერისია მხოლოდ იმ სიტუაციებისათის, სადაც არსებობს წინასწარმეტყველების (გათვლის) შესაძლებლობა, მაგალითად, მაშინ, როდესაც იწარმოება სტანდარტული საქონელი მასობრივი მოხმარებისათვის და როდესაც მოცემულ საქონელზე მოთხოვნილება ბაზარზე სტაბილურია. ბ. ნაკლებად ეფექტურია ისეთი (პოსტმოდერნული) სიტუაციებისათვის, როდესაც მოთხოვნა არსებობს სპეციალიზებულ (არასტანდარტულ საქონელზე.
ბიუროკრატიული პოლიტიკა - საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების მოდელი, რომელიც უარყოფს ვარაუდს, რომ სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკაში უნიტარული მოქმედი პირია. ბ. პ-ის თეორიის მიხედვით, რომელიც გრემ ალისონმა ჩამოაყალიბა, მთავრობის ცალკეული წევრები საკუთარ უწყებრივ მიზნებს ესწრაფვიან და გადაწყვეტილებებს ამის საფუძველზე იღებენ. ამდენად, ბ. პ-ის მოდელი უარყოფს რაციონალობის ელემენტს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ალისონმა თავისი თეორიის დასაბუთებისათვი კუბის სარაკეტო კრიზისი გამოიყენა.
ბიჰევიორიზმი - 1. დასწავლის პრინციპების ექსპერიმენტული კვლევა ცხოველებზე და მათი გადატანა ადამიანებზე; 2. კონცეფცია, რომლის თანახმად, ცნებათა ანალიზი შესაძლებელია გამჭვირვალე მოქმედებებითა და აშკარა გამონათქვამებით; 3. მიმართულება XX საუკუნის ამერიკულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ცნობიერებას არ მიიჩნევს მეცნიერული კვლევის ობიექტად და ფსიქიკა დაჰყავს ქცევის მრავალგვარ ფორმაზე. ქცევა გაგებულია გარე გამღიზიანებელზე - სტიმულზე ორგანიზმის რეაქციათა ერთიანობად. ამ მიმართულების ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი შეასრულეს ი. პავლოვმა, ჯ. უოტსონმა და ე. თორნდაიკმა. პავლოვმა აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები - დასწავლის ტიპი (კლასიკური განპირობებულობა), რომელიც ამერიკელი ფსიქოლოგებისთვის იქცა ობიექტური ფსიქოლოგიის საყრდენად; ამ ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპის თანახმად, მეცნიერების საგანი მხოლოდ დაკვირვებადი მოვლენებია. ბ-ის თვალსაზრისით, ქცევის შესწავლა უნდა მოხდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერბისთვის დამახასიათებელი ობიექტური საკვლევი ტექნიკის გამოყენებით. დასწავლის პრინციპების საკვლევად ქცევა უნდა იყოს მარტივი, ხოლო პროცედურა - ეთიკურად მისაღები. ექსპერიმენტები ძირითადად ტარდებოდა ცხოველებზე (ვირთხები, მტრედები). ლაბირინთში ცხოვლთა რეაქციების კვლევით თორნდაიკმა გამოავლინა დასჯა-წახალისების (განმტკიცების) მნიშვნელობა დასწავლის პროცესში და აღმოაჩინა ცდისა და შეცდომის მეთოდის სახელით ცნობილი დასწავლის მექანიზმი, რომელიც შემდგომ გაავრცელეს ადამიანის სწავლების პროცესებზე. ბ-ის თვალსაზრისით, ქცევის სახეები შეითვისება (დაისწავლება) ორი ძირითადი საშუალებით: კლასიკურად ფორმირებული და ინსტრუმენტული (ოპერანტული) პირობითი რეფლექსების გამომუშავებით. რეალურად არსებობს არა ერთიანი, არამედ რამდენიმე მონათესავე, თუმცა ურთიერთგანსხვავებული სტიმულ-რეაქციის თეორია. გამოყოფენ რამდენიმე მიმართულებას: რადიკალურს (უტოსონი, თორნდაიკი) და ნეობიჰევიორიზმის ნაირგვარ ვარიანტს (სკინერის, ტოლმენის, კლარკ ჰალლის და სხვ.). აკადემიურ ფსიქოლოგიაში ეს იდეები 30-40-იან წლებში ბატონობდა, შემდგომ კი შეიჭრა საზოგადოდ კულტურასა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში (ლინგვისტიკაში, აღზრდისა და სასკოლო სწავლების პრაქტიკაში, ფსიქოთერაპიაში). დღეს იგი მიიჩნევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად სოციოლოგიაში და გილისხმობს ობიექტური მეთოდებით გარემოს ზემოქმედებასა და ადამიანის რეაქციებს შორის მიმართების კვლევას. მაგალითად, ამ მიდგომას ეყრდნობა ბ-ული ინტერაქციონიზმი, რომელიც ურთიერთქმედების პროცესესბს სტიმულ-რეაქციის სქემის საფუძველზე განიხილავს. ბ-მა უდიდესი გავლენა მოახდინა კულტურის შემსწავლელ მეცნიერებებზე და კოგნიტივისტურ მიმართულებაზე მეცნიერებაში (იხ. კოგნიტური სოციოლოგია). სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრდა ტერმინი „ბიჰევიორული“ იმ მიდგომის აღსანიშნავად, რომელიც ეყრდნობა აშკარა ქცვას და ფსიქიკის სხვაგვარად კვლევას უარყოფს. ტერმინ „ბიჰევიორისტისგან“ განსხვავებით, რომელიც ბ-ის მიმდევარს გულისხმობს, ტერმინი ბიჰევიორული“, ჩვეულებრივ, იმათ მიმართ გამოიყენება, ვინც ქცევის კვლევის პოზიციაზე დგას, მაგრამ ბ-ის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს არ იზიარებს.
ბლიცკრიგი - ელვისებური ომი. გემანული სტრატეგიული ტერმინი, გულისხმობს სწრაფი, მოულოდნელი ღონისძიებების გატარებას იზოლირებული სამიზნის წინააღმდეგ. ელვისებური ომის დროს ერთდროულად მოქმედებს ჰაერიდან მოიერიშე ბომბდამშენი ავიაცია და სატანკო ნაწილები. ბ-ის სტრატეგია მოიწონეს ჰიტლერმა და მისმა გენერლებმა საბჭოთა კავშირთან და ინგლისთან ხანგრძლივი ომის სანაცვლოდ. შემდგომში ბ. სწრაფი, ელვისებური ომის სინონიმად იქცა (მაგ. ისრაელის ომი არაბულ ქვეყნებთან 1967 წელს). ბ-ს აქვს თავისი დიპლომატიური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური განზომილებანი. დიპლომატიური თვალსაზრისით იგულისხმება პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუშლის მოწინააღმდეგე ძალების ალიანსს (ამის მაგალითი იყო 1939 წლის გერმანია-საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტი, რამაც გამორიცხა კავშირი სსრკ-სა და ინგლის-საფრანგეთს შორის). ეკონომიკური მხარე გულისხმობს ნედლეულის ახალი წყაროების გამოძებნას. ფსიქოლოგიური მხარე კი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის წინასწარ დემორალიზებას ისე, რომ მან რეალური წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლოს.
ბლოკადა - აქცია, რომელიც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ტვირთის შეტანასა და ცოცხალი ძალის შეყვანას, ასევე - იქიდან რაიმეს გამოტანასა და ხალხის გამოყვანას. განარჩევენ სახმელეთო და საზღვაო ბ-ს, თუმცა ბ-ის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საჰაერო ძალებმაც. ბ. მიეკუთვნება საგარეო პოლიტიკის უკიდურეს ეკონომიკურ საშუალებას, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს სამხედრო ძალები. როგორც წესი, ბ. ხორციელდება ომის პერიოდში და მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ძალებისა და მოსახლეობის რესურსებისა და სურსათის გარეშე დატოვებას. თუმცა, არცთუ იშვიათად, ბ. შეიძლება მშვიდობიან დროსაც განხორციელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლით მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. მშვიდობიან დროს ცალკე სახელმწიფოს ინდივიდუალური ბ-ის განხორციელების უფლება არა აქვს.
ბლოკი - 1. სახელმწიფოთა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირი ან შეთანხმება დასახული მიზნების მისაღწევად მათი ერთობლივი მოქმედებით. განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ბ-დ გაერთიანება ხმების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, აგრეთვე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ბ-დ გაერთიანება რომელიმე კანონის მიღების ან ჩაგდების მიზნით; 2. სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ საბრძოლო მოქმედებას. იგი შეიძლება იყოს როგორც თავდაცვითი, ისე აგრესიული, მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. სამხედრო-პოლიტიკური ბ-ის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ცივი ომის პერიოდში, კერძოდ XXს-ის 50-80-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
ბოიკოტი - ზეწოლის ან წინააღმდეგობის ორგანიზებული ფორმა, რომლის მიზანია პოლიტიკის, პოზიციის ან მოქმედების ცვლილება. ტერმინი დამკვიდრდა ირლანდიელი მიწათმფლობელის, ბოიკოტის გვარის მიხედვით, რომლის მიმართაც პირველად განხორციელდა ამგვარი ქმედება (შდრ. აბსენტეიზმი).
ბ. საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მკაცრი ღონისძიებაა. იგი გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა სახის ურთიერთობების შეწყვეტას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან (ან სახელმწიფოთა ჯგუფთან) დასჯის მიზნით. უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, როცა ბ. ცხადდება ამა თუ იმ სახელმწიფოს ნაწარმის ან მომსახურების წინააღმდეგ. თუმცა დასჯის ამ ფორმას, როგორც წესი, საფუძვლად პოლიტიკური მიზეზები უდევს (მაგ., სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპართეიდის წლებში ან ერაყი სპარსეთის ყურის ომის შემდეგ). მიუხედავად იმისა, რომ ბ. სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, მისი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების წესი არ არსებობს.
ბრეტონ-ვუდსი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხებზე მრავალმხრივ შეთანხმებათა სერია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1944 წელს სამთო კურორტ ბრეტონ-ვუდსში (ნიუ-ჰემპშირის შტატი, აშშ) იმ დროს ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი გაეროს ეგიდით. საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა 44-მა სახელმწიფომ, რის საფუძველზეც შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი). ორივე ორგანიზაციას აქვს გაეროს სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი.
ბ.ვ-ის სისტემის ჩამოყალიბებას წინ უძღვოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ორწლიანი მოლაპარაკება, რომლის დროსაც მსოფლიოს მომავალი სავალუტო რეჟიმის საკითხში მხარეები რამდენადმე განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საჭირო შეიქმნა ახალი სავალუტო რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემის უპირატესობათა გამოყენებას. ამ პოზიციაზე იდგა, უპირველეს ყოვლისა, აშშ, რომელიც თავისი გავლენის კიდევ უფრო გაფართოებას ესწრაფოდა.
აშშ-მა პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედების შედეგად მოახერხა თავისთვის ხელსაყრელი სისტემის პრინციპების დანერგვა, მათ შორის: 1) ოქროს დევიზური სტანდარტის შემოღება დოლართან, როგორც წამყვან ვალუტასთან მიმართებით; 2) ფიქსირებული სავალუტო კურსების შემოღება და ვალუტების კონვერტირებადობის რეგულირება; 3) საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო სისტემის შემოღება. ბ. ვ-ის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1945 წელს.
ბ.ვ-ის სისტემა 1947 წელს დაშლის პირას დადგა, რადგან სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსები არაადეკვატური არმოჩნდა იმ ამოცანებისათვის, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ისახავდა მიზნად. ცივი ომის პერიოდმა მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის, როგორც ერთადერთი უდიდესი კრედიტორი ქვეყნის საგარეო კურსი. აშშ-მა ფაქტობრივად თავის თავზე აიღო დასავლეთ ევროპისა და განვითარებადი ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარება და მან როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ისე მსოფლიო ბანკში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა. დოლარი ბ. ვ-ის სისტემის ძირითადი სარეზერვო ვალუტა გახდა.
ყოველივე ამან, ერთი მხრივ, უზომოდ გაზარდა აშშ-ის როლი საერთაშორისო ეკონომიკაში, მეორე მხრივ კი, საფრთხე შეუქმნა დოლარის სიმყარეს, რადგან იგი ფაქტობრივად საერთაშორისო ვალუტად იქცა. საერთაშორისო სავალუტო ბაზარი დიდ გავლენას ახდენდა დოლარის კურსზე. აშშ-ის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების დაცვა დოლარის ოქროზე ფიქსირებული კურსით (35 დოლარი უნცია ოქროზე) კონვერტაციის შესახებ შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ 1971 წელს აშშ-მა ცალმხრივად თქვა უარი ბ.ვ-ის სისტემაზე. ეს ფაქტობრივად ამ სისტემის რეფორმისაკენ იყო მიმართული - ახალი ვითარება ახალ წესებს მოითხოვდა. 1976 წელს მიღებულმა მსოფლიო სავალუტო ფონდის ე.წ. „იამაიკის შესწორებამ“ დააწესა არასისტემური „მცურავი“ გაცვლითი კურსი, რითაც ბ.ვ-ის სისტემა ისტორიის კუთვნილება გახადა.
ბუდიზმი - ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია. მის შემქმნელად ითვლება სიდ-ჰარტა გაუტამა, რომელმაც შემდეგში მიიღო ბუდას სახელი. ბ. წარმოიშვა ძვ.წ. VIს-ში ნეპალში, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა და მიიღო რამდენიმრ ფორმა. ბ-ის მოძღვრებით, სიცოცხლე ყველა თავისი გამოვლინებით, ბოროტებაა, რასაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. ტანჯვის მიზეზია ადამიანის ყველა გრძნობა, სურვილი, ვნება, მარადიული გარდასახვა. ხსნის გზა, ბუდას თანახმად, არის განდგომა, თვითდისციპლინა და მედიტაცია, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა ნირვანა ანუ სრული სულიერი სრულყოფა, სულიერი სიმშვიდე. ასეთი თავისებურებებით ბ-ის ორიენტაცია ხშირად იყო „მიღმა სამყაროსეული“ (ვებერი). იგი გულისხმობდა უარის თქმას ვნებებზე, ქონებაზე, ცოლ-შვილზე, ქადაგებდა განდეგილობასა და თავის თავში ჩაკეტვას. იმავე დროს ბ. იყო პოლიტიკური რელიგიაც. როგორც „მსამე სამყაროს“ ქვეყნების საპროტესტო მოძრაობა და სხვ.
ბულა - შუა საუკუნეებში მრგვალი ლითონის ბეჭედი, რომელიც პაპის, იმპერატორის, ხელმწიფის აქტებს ახლდა, ან თვითონ აქტის სახელწოდება.
ბუნებრივი და სოციალური ნორმები - ორი რიგის რეგულაციები, როდესაც ერთი ბუნებრივი წესრიგის (კანონზომიერების) წყაროა, ხოლო მეორე - საზოგადოებრივისა. ისინი ერთმანეთისგან არსებობის წესით განსხვავდება. ბ.ნ. (კანონები) აღწერს ფიზიკურ სამყაროში (ბუნებაში) არსებულ კანონზომიერებას, რომელიც ადამიანისაგან (მისი ცნობიერებისაგან) დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობს. ამ კანონზომიერების შეცვლა ადამიანს არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ მისი აღმოჩენა და გათვალისწინება პრაქტიკულ საქმიანობაში. ასე ყალიბდება საბუნებისმეტყველო კანონები (მაგ., ფიზიკაში ნიუტონის კანონები), რომლებიც სუბიექტური მნიშვნელობის (საზრისის) მიღმა დგას, ანუ გამოთქვამს იმას, რაც არის თავისთავად. რაც შეეხება ს.ნ-ს, ისინი კონსტრუირებულია ადამიანების მიერ, მათი ერთობლივი საქმიანობისა (ინტერაქციის) და მათ შორის შეთანხმების, ანუ კონვენციის შედეგად. თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ ს.ნ. მხოლოდ სუბიექტურია - ისინი გამოთქვამენ გარკვეულ ვალდებულებას, ამდენად, ყოველთვის ინარჩუნებენ გარკვეულ „დისტანციას“ სუბიექტის ნების მიმართ. უფრო ზუსტად, ს.ნ. უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეესაბამება მას ნებელობა. ვებერის თანახმად, ნორმები მკაფიოდ განსაზღვრული მაქსიმებია, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ინდივიდებისათვის მაშინაც, როდესაც მათ შეგნებულად არღვევენ. თუმცა, ნებისაგან ამგვარი დისტანცირება არ უნდა გავიგოთ აბსოლუტური აზრით. შეთანხმების შედეგი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ს.ნ-ის შეცვლის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც ისინი კარგავს მნიშვნელობას, ე.ი. როდესაც მათ მიერ უზრუნველყოფილი სოციალური წესრიგი სისტემატურად ირღვევა ან ვეღარ პასუხობს ახლებური გარემოს მოთხოვნებს. ამრიგად, ს.ნ. თავისი ბუნებით აბსოლუტის „სიმულაციაა“ - ისინი ინარჩუნებს ობიექტურობას ცვალებადობის პრინციპული შესაძლებლობის ფონზე.
ბუნტი - იხ. კოლექტიური მოქმედება.
ბურჟუაზია - თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა ქალაქის მცხოვრებთა აღსანიშნავად. XVII-XVIIIსს-დან მან თანდათანობით შეიცვალა მნიშვნელობა და უკვე გამოიყენებოდა მოქალაქეთა იმ ფენის აღსანიშნავად, რომელიც ეწეოდა ვაჭრობას ან მეწარმეობას და იყენებდა დაქირავებულ შრომას. მემარცხენე იდეოლოგიებში ამ ტერმინს ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებულ კლასს, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას.
ბუფერული სახელმწიფო - პატარა ან სუსტი სახელმწიფო, რომელიც დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მოსაზღვრედ მდებარეობს და ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობებში ერთგვარი შემაკავებელი ზონის, ანუ „ბალიშის“ ფუნქციას ასრულებს. ბ.ს-ს ცნება ასოცირდება ძალთა წონასწორობის პოლიტიკასთან, ვინაიდან ამგვარი ქვეყნების არსებობა დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა განაწილებაზე და ძლიერი მეზობლების უსაფრთზოების მოთხოვნილებებზე.
![]() |
4 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაგება - ტერმინი სოციოლოგიაში კულტურის ისტორიკოსისა და სოციოლოგიის, „სოცოცხლის ფილოსოფიის“ წარმომადგენლის ვ. დილთაის (1833-1911) გავლენით შემოვიდა. მის მიერ შექმნილმა „გაგების ფსიქოლოგიამ“ ბიძგი მისცა „გაგების სოციოლოგიის“ ჩამოყალიბებას. მანვე დაამუშავა „გაგების“ მეთოდი. დილთაის თანახმად, გ. ნიშნავს ინდივიდის (სუბიექტის), ასევე ისტორიული ხდომილებებისა და მოვლენების „თანაგანცდას“, სუბიექტის შინაგან სამყაროში შეღწევას. გვიანდელ შრომებში დილთაი ხაზს უსვამს „გაგებაში“ „ინტროსპექციის“ (თვითდაკვირვების) მნიშვნელობას. დილთაი ერთმანეთს უპირისპირებდა გაგებისა და ახსნის ცნებებს, რასაც საფუძვლად ედო მის მიერვე გატარებული განსხვავება „გონის შესახებ მეცნიერებებსა“ (სოციალური მეცნიერებები) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იკვლევს გარე სამყაროს მოვლენებს, მაშინ, როცა „გონის შესახებ მეცნიერებების“ კვლევის ობიექტს ადამიანის გონითი და სულიერი მოძრაობა (შინაგანი ცხოვრება) წარმოადგენს. შესაბამისად, დილთაის აზრით, მათ განსხვავებული მეთოდი უნდა ჰქონდეთ (დაპირისპირება პოზიტივიზმთან). გონის შესახებ მეცნიერებისათვის ასეთი მეთოდია „გაგება“. სუბიექტის განცდასა და შინაგან ცხოვრებაზე ორიენტაციის გამო დილთაის „გაგების“ კონცეფცია ფსიქოლოგიზმად არის შეფასებული. „გაგება“ მ.ვებერის სოციოლოგიური თეორიის მნიშვნელოვანი კატეგორიაა და არსებითად განსხვავდება დილთაის „გაგების“ კონცეფციისაგან. „გაგების“ მნიშვნელობა კარგად ჩანს ვებერის მიერ სოციოლოგიის მეცნიერების განსაზღვრებაში, სადაც სოციოლოგია მიჩნეულია მეცნიერებად, რომლის მიზანია სოციალური მოქმედების მიზეზობრივი ახსნა და გაგება (detuned verstehen). დილთაისაგან განსხვავებით, ვებერი ახსნისა და გ-ის კატეგორიას ერთმანეთს არ უპირისპირებს. ვებერისათვის მიუღებელია ასევე „გაგების“ რიკერტისეული ინტერპრეტაცია, რომელიც ხაზს უსვამდა ზეემპირიული, ირეალური საზრისის გაგებას. გ-ის ვებერისეული კონცეფცია მისსავე სოციალური მოქმედების თეორიას ეფუძვნება. ვებერის თანახმად, არსებობს სოციალური მოქმედების ოთხი ტიპი: მიზანრაციონალური, ღირებულებით-რაციონალური, ტრადიციული და აფექტური. სოციოლოგია იკვლევს მიზანრაციონალურ და ღირებულებით რაციონალურ მოქმედებას, რადგან სოციალური მოქმედების ეს ორი ტიპი გაცნობიერებული მოქმედებაა, ანუ მასში წარმოდგენილია სუბიექტურად ნაგულისხმევი მოქმედების მიზანი, სუბიექტის ღირებულებითი ორიენტაცია, მოტივაციები და ის საშუალებები, რომლითაც მოცემული მიზანი უნდა იქნეს მიღწეული თანაც ეს მიზნები, ღირებულებები და მოტივაციები ზეემპირიული და ირეალური კი არ არის, არამედ ინდივიდის მიერ გაცნობიერებული სუბიექტური მოცულობაა. სოციოლოგიის ამოცანაა სუბიექტურად ნაგულისხმევი საზრისების, ღირებულებებისა და მოტივების გაგება, რაც, საბოლოო ჯამში, „იდეალური ტიპის“ კონსტრუირების ამოცანას ემსახურება.
გადატრიალება - იხ. სახელმწიფო გადატრიალება.
გადმოღვრის ეფექტი - ინტეგრაციის თეორიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინტეგრაციის პროცესი გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითგანვითარების მუხტს იძენს. გ.ე. ნეოფუნქციონალისტური სკოლის ერთ-ერთი მთავარი ცნებაა. გ.ე-ის წარმოშობის მთავარი მიზეზი დარგობრივი ინტეგრაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფოების მიერ საერთო ინტერესების მაქსიმალიზაციაა, რაც შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს და, ამრიგად, ინტეგრაციას აღრმავებს. გ.ე.-ის მნიშვნელობას არ იზიარებენ ის მკვლევარები, რომლებიც სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას.
გავლენის სფეროები - რეგიონები, რომელზეც სხვა სახელმწიფოს კონტროლის პრეტენზია აქვს. გაბატონებული სახელმწიფო თავისი გავლენის რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობასა და გ.ს-ში მოქცეული ქვეყნების დამოუკიდებლობას ზღუდავს. გ.ს-ის სტატუსს ხშირად არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ განსაზღვრავს. XIXს-ის მიწურულისა და XXს-ის განმავლობაში გ.ს- ად დაყოფა საერთაშორისო პოლიტიკად ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. გ.ს-ს ხანდახან კონტროლის სფეროებადაც ნათლავენ, რადგან ამ ორ ცნებას შორის საზღვრის გავლება ძნელია. ხანდახან გ.ს-ს პასუხისმგებლობის სფეროს უწოდებენ. გ.ს-ს საპირისპირო პოლიტიკა „ღია კარის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
გაზომვის მეთოდი - ყოველი სოციოლოგიური გამოკვლევისათვის აუცილებელი მეთოდი, რამდენადაც მხოლოდ მისი გამოყენებითაა შესაძლებელი სხვადასხვა სახის მონაცემების შედარების უზრუნველყოფა, ამის საფუძველზე კი - სხვადასხვა სახის ტენდენციათა გამოვლენა. გაზომვა არის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც გასაზომი ობიექტი შედარდება რაღაც ეტალონთან და ღებულობს რიცხვით გამოხატულებას.
გაზომვას უწოდებენ ასევე ემპირიული სისტემის ერთმნიშვნელოვან ასახვას მისი ელემენტების (შემადგენლების, მდგომარეობების, თვისებების და ა.შ) მეშვეობით. შედეგად ყალიბდება გასაზომი ობიექტის რიცხვითი (უფრო ზუსტად - თვისებრივი ანალიზისას გამოყოფილი მისი ზოგიერთი მხარის) მოდელი. რამდენადაც ზუსტი ანალოგის (იზომოფრული მოდელის) მიღება პრაქტიკულად არ ხერხდება, შემუშავდება მიახლოებითი ანალოგი (ჰომომოფრული მოდელი), რომელიც რიცხვითი გამოსახულებით პირობითად შეესაბამება ორიგინალს. სოციალური გაზომვებს ხშირად კვალიმეტრულს, ანუ თვისებრივი მიმართულებების პირობით რაოდენობრივ ანალოგებს უწოდებენ.
გაზომვის ცნების გამოყენების შესახებ ავტორები სხვადასხვა თვალსაზრისისა არიან, თუმცა საბოლოოდ სტივენსის მიერ შემოთავაზებულ განსაზღვრებას იზიარებენ, რომლის თანახმად, გაზომვა არის ობიექტებისა ან მოვლენებისათვის რიცხვების გარკვეული წესით მიწერა. გაზომვის ასეთი გაგება საკმაოდ ფართოა და მიესადაგება როგორც დაბალი ტიპის (ნომინალურ, რიგის), ასევე მაღალი ტიპის (ინტერვალურ, პროპორციულ) სკალებსაც.
გაზომვის სკალები - სოციალური გაზომვის ძირითადი ინსტრუმენტი, ეტალონის სახით წარმოადგენს მნიშვნელობათა ამა თუ იმ ერთობლიობის ფიქსაციის საშუალებას. სკალა დაადგენს ინდიკატორების გარკვეულ თანმიმდევრობას. იგი სტატისტიკური მასალის ანალიზის საშუალებაა. გასაზომი ნიშნების ხასიათისა და მათი ანალიზის ამოცანებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი სკალები გამოიყენება: ნომინალური (ობიექტების, მათი ნიშნების კლასიფიკაციისათვის), რიგის (ნიშნის გამოვლენის ინტენსივობის შესადარებლად მატების ან კლების მიხედვით), რანგული (რანგების, რიგობრივი დამოკიდებულებების დასადგენად), ინტერვალური (ნიშნის ამა თუ იმ თვისების ინტენსივობის ანალიზისათვის), დამოკიდებულებების (პროპორციების დამოკიდებულებათა ასახვისათვის). (იხ. აგრ. სკალირება).
გამალებული შეიარაღება - სულ ცოტა, ორი დაპირისპირებული აქტორის შეჯიბრი საკუთარი შეიარაღების გაზრდის მიზნით. გ.შ-ის საბაზისო პროცესს წარმოადგენს აქცია-რეაქციის მოდელი. იგი უმეტეს შემთხვევაში ომის წინმსწრები პროცესია. მაგ., პირველი მსოფლიო ომის წინ აღინიშნებოდა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენცია სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაში. ხანგრძლივი კრიზისის დროს (კერძოდ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტი) გ.შ. ცოტად თუ ბევრად დროში გაწელილი პროცესია. სსრკ-სა და აშშ-ს შორის ცივი ომის პერიოდში მიმდინარე გ.შ.-ს თან სდევდა ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური მიღწევები სამხედრო მრეწველობაში, ასევე ახალ-ახალი სახეობის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა. მიუხედავად ამისა, გ.შ. არ არის არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა ომის დაწყებისათვის. ზოგის აზრით, პირიქით, სწორედ შეიარაღებებს შორის ბალანსი იყო ბირთვული ომის მთავარი შემკავებელი ფაქტორი.
გამოკითხვა - გამოიყენება სოციალური პრაქტიკის მრავალ სფეროსა და სხვადასხვა მეცნიერებაში. იგი აღნიშნავს იმ საჭირო ინფორმაციის მიღების განსხვავებულ ხერხებს, რომლის წყაროს ინდივიდი წარმოადგენს. ემპირიულ სოციოლოგიაში გ. პირველადი სოციალური მონაცემების მოპოვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალური ჯგუფების შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ. გ.-ის პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. პირი, რომელიც გამოკითხვას ატარებს (ინტერვიუერი ან ანკეტიორი), 2. პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს (რესპონდენტი, ინფორმანტი), 3. ინფორმაცია, რომელიც კითხვებისა და პასუხების ფორმით გამოიხატება - გამოკითხვის კომუნიკე, 4. პირობები (გარემო), სადაც ტარდება გამოკითხვა - გამოკითხვის ველი. გ-ის მიზანია კვლევის ჰიპოთეზების შემოწმება და ცვლადებს შორის ურთიერთობების გამოვლენა-დადგენა.
გ-ის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შერჩევას, ანუ გენერალური ერთობლიობის იმ ნაწილის არჩევას, რომლის შესწავლაც არის გათვალისწინებული. რესპონდენტების სწორი შერჩევის შედეგად მიღებული მონაცემები მთელი გენერალური ერთობლიობისათვის (მოსახლეობის ან სოციალური ჯგუფებისათვის) არის დამახასიათებელი და ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
გ-ის ინსტრუმენტია კითხვარი (ანკეტა ან ინტერვიუს ბარათი, ბლანკი), - კითხვების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული (ორგანიზებული) ნაკრები, ერთობლიობა. თითოეული კითხვა გამოკვლევის პროგრამულ და პროცედურულ ამოცანებს უკავშირდება. მისი შინაარსი ასახავს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე. გ. აგრეთვე გულისხმობს რესპონდენტების პასუხების დაფიქსირება-რეგისტრაციას, მათ დამუშავებასა და თეორიულ ინტერპრეტაციას.
გ-ის სახეების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით:
I. ინფორმაციის მიღების საშუალებებისა და ხასიათის მიხედვით: 1. ანკეტირება (გ. ანკეტის საშუალებით) და 2. ინტერვიუირება (გ. ინტერვიუს საშუალებით).
II. გენერალური ერთობლიობის ჩაბმის ხარისხის მიხედვით: 1. მთლიანი (გენერალური) და 2. შერჩევითი.
III. პროცედურის მიხედვით: 1. ინდივიდუალური და 2. ჯგუფური.
IV. ჩატარების ფორმის მიხედვით: 1. ზეპირი (რესპონდენტის პასუხების, გამონათქვამების რეგისტრირება ინტერვიუერის მიერ ხდება) და 2. წერილობითი (ანკეტის კითხვებზე პასუხებს თავად რესპონდენტი აფიქსირებს).
V. რესპონდენტთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ფორმის მიხედვით: 1. დასწრებული (პირდაპირი ინტერვიუ ან დასწრებული ანკეტირება - უშუალო კიონტაქტი) და 2. დაუსწრებელი (ანკეტირება ფოსტით, პრესის საშუალებით, სატელევიზიო ინტერვიუ - გაშუალებული კონტაქტი).
VI. გ-ის ჩატარების სიხშირის მიხედვით: 1. ერთჯერადი და 2. მრავალჯერადი.
VII. გ-ის ფორმალიზაციის მიხედვით: 1. სტანდარტული (ანუ სტრუქტურული, ჩამოყალიბებული, ფორმალიზებული) და 2. არასტანდარტული (ანუ არასტრუქტურული, არაფორმალიზებული, თავისუფალი). თითოეული ეს ხერხი, გ-ის, როგორც ზოგადი მეთოდის, შემადგენელი ნაწილია.
მიზნების მიხედვით გ-ის სახეებია: დაზვერვითი, აღწერითი და ახსნითი. გ-ის ტიპებისა და სახეების გამოყენება განისაზღვრება კონკრეტული გამოკვლევის ამოცანებითა და მიზნებით.
ყველაზე მეტად ეფექტურია გ-ის მეთოდის გამოყენება სხვა მეთოდებთან ერთად. სხვადასხვა სახის გ-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ემპირიული სოციოლოგიური გამოკვლევის ყველა ეტაპზე.
გამოყენებითი სოციოლოგია - სოციოლოგიური თეორიების, ცნებების, მეთოდების გამოყენება საზოგადოებასთან მიმართებაში. სოციოლოგიური იდეები გამოიყენება საზოგადოებრივი მუშაობის, განათლების, ინდუსტრიული ურთიერთობებისა და დაგეგმვის პრაქტიკაში. გ.ს. გამოსაკვლევი მოვლენებისა და პროცესების მიმართ ორ მიდგომას იყენებს: ინჟინრულსა და კლინიკურს. პირველი მიდგომის რეალიზაცია ხდება სოციალურ ინჟინერიაში, რომელიც ზოგად სოციოლოგიურ თეორიებსა და ცალკეულ გამოკვლევებში დაგროვილ ცოდნას იყენებს ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად, ამასთან, ძირითად მიზანს წარმოადგენს მართვის გაუმჯობესება. მეორე მიდგომა კლინიკურ სოციოლოგიაში გამოიყენება, რომელიც შესასწავლი სოციალური პროცესების თვისებრივ ანალიზს ახდენს, ადგენს დიაგნოზს, გვთავაზობს ალტერნატივას და ატარებს თერაპიულ ზომებს სოციალური ორგანიზაციის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. გ.ს.-ს განეკუთვნება ეკონომიკის სოციოლოგია, შრომის სოციოლოგია, პოლიტიკის სოციოლოგია, ეთნოსოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, მეცნიერების სოციოლოგია, კულტურის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, დანაშაულის სოციოლოგია, ახალგაზრდობის სოციოლოგია, სამართლის სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, პიროვნების სოციოლოგია და ა.შ.
გამოწვევა - „პირდაპირი დემოკრატიის“ განხორციელების საშუალება და სიმბოლო. გ.-ის პროცედურა ითვალისწინებს არჩევითი სახელმწიფო თანამდებობიდან პიროვნების გადაყენებასა და დამატებითი არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლების დაწესებული რაოდენობა (ან პროცენტი) ხელს მოაწერს პეტიციას ასეთი არჩევნების ჩატარების შესახებ.
განვითარებადი ქვეყნები - იხ. მესამე სამყარო.
განიარაღება - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც იყენებენ გამალებული შეიარაღების შესაჩერებლად, საბრძოლო იარაღის საშუალებათა შეზღუდვისა და ლიკვიდაციისათვის. მისი საბოლოო მიზანია საყოველთაო და სრული გ., რაც ნიშნავს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაშლას, სამხედრო წარმოებათა გაუქმებას, ყველა სახეობის იარაღის წარმოების შეწყვეტასა და არსებულის განადგურებას. სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს მხოლოდ შეზღუდული ძალების შინაგანი წესრიგის დასაცავად.
გ. შეიძლება განვიხილოთ როგორც პროცესიც და მდგომარეობაც. თავისი მასშტაბით იგი შეიძლება იყოს რეგიონული და გლობალური, სუბიექტთა მიხედვით - ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი. გ. შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული, ეხებოდეს იარაღის ცალკეულ სახეობებს ან მთელ შეიარაღებას და ა.შ. (მაგ., ცალკეული რეგიონების გამოცხადება არაბირთვულ, ანუ ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად): საყოველთაო და სრული თანამედროვე პირობებში ფაქტობრივად მიუღწეველი, არარეალური სურვილი იქნებოდა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება დღესდღეობით შეიარაღების შეზღუდვა და მასზე კონტროლის განხორციელებაა.
განმანათლებლობა - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენელთა აზრით, დრომოჭმული საზოგადოებრივი წყობილება, ზნეობა, პოლიტიკა და ყოფა შესაძლებელია შეიცვალოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეებისა და მეცნიერული ცოდნის გავრცელებით, ამასთან, ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი რეფორმების მეშვეობით. საზოგადოებრივი წყობილების მანკიერებებს, გ. ხსნის ადამიანების უვიცობით, საკუთარი ბუნების უცოდინარობით. ფართო გაგებით, გ. არის კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდში ანტიფეოდალური იდეოლოგიის სინონიმი. გ.-ის იდეები ფართოდ გავრცელდა მრავალი ქვეყნის მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში და საფუძვლად დაედო ე.წ. განმანათლებლურ ეტაპს მათი განვითარების ისტორიაში. ცნობილი განმანათლებლები იყვნენ: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე, დალამბერი, დიდრო, ჰოლბახი, ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე, ფრანკლინი, ჰაინე, დესნიცკი, კობელსკი და სხვა. ისინი უდიდესი შემართებით ებრძოდნენ ეკლესიასა და ფეოდალიზმს, რელიგიურ დოგმატიზმს, სქოლასტიკურ აზროვნებას. XVIII-ს-ში გ.-მ დიდი გავლენა მოახდინა სოციალურ შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე (უტოპისტები, ნაროდნიკები).
გ.-ის არსებითი ნიშნებია: 1. ყველა ადამიანური და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში გონების ავტორიტეტი; 2. თავისუფალი მოაზროვნეობა და ანტიდოგმატიზმი; 3. ანტიკლერიკალიზმი; 4. პოლიტიკური რადიკალიზმი. ეს ნიშნები საერთოა გ.-ის სხვადასხვა ნაირსახეობისათვის და ამიტომაც ყველა მათგანს ახასიათებს: 1. დემოკრატიზმი, 2. რაციონალიზმი, 3. ისტორიული ოპტიმიზმი. პირველი დაკავშირებულია ფართო მასების მიერ კულტურისა და ცოდნის ზიარება-დაუფლების აუცილებლობასთან. მეორე გულისხმობს გონების შეუზღუდავი შესაძლებლობის რწმენას, ხოლო მესამე - მეცნიერებისა და საზოგადოების პროგრესის, ისტორიული განვითარების ერთიანი მიზნების არსებობის რწმენას.
განუზრახველი შედეგები - მოქმედებათა ის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა ნაგულისხმევი და წინასწარ გათვლილი. მაქს ვებერიდან მოყოლებული, სოციოლოგთა უმრავლესობა სოციალურ მოქმედებებს განიხილავდა როგორც რაციონალურს, როდესაც ხდება მოქმედების მსვლელობის გათვლა, რათა მიღწეულ იქნეს კონკრეტული (კერძო) შედეგი. თუმცა, სოციალურ მოქმედებებს შეიძლება ჰქონდეს სხვა შედეგებიც, რომლებიც მოქმედებაში ჩართულ აქტორებს არ განუზრახავთ. მეტიც, ზოგიერთი შედეგები ზოგჯერ იმის საპირისპიროც კი აღმოჩნდება, რისი მოხდენაც სოციალურ აქტორებს განზრახული ჰქონდათ. აღნიშნული ცნება აქტიურად გამოიყენება, ვთქვათ გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში: მოქმედებას შეიძლება ჰქონდეს განუზრახველი შედეგები, რომელიც ამავდროულად აუღიარებელი (ანონიმური) პირობებია მომავალი მოქმედებებისათვის. მაგალითად, როდესაც კორექტულად ვწერთ ან ვლაპარაკობთ, ეს განსაზღვრული ენის გამოყენების განზრახული შედეგია. თუმცა ამ პროცესს ახლავს ერთი რეგულარული განუზრახველი შედეგი - ხორციელდება ამ ენის რეპროდუქცია (კვლავწარმოება). ეს კი, თავის მხრივ, არის იმპლიციტური პირობა ყოველი ახალი საუბრისათვის. გ.შ.-ის ცნება ეხმიანება მერტონის მიერ ლატენტური ფუნქციების აღწერას (იხ. აშკარა და ლატენტური ფუნქციები).
გემაინშაფტი/გეზელშაფტი - აღნიშნული ცნებები შემოიტანა გერმანელმა სოციოლოგმა ფერდინანდ ტიონისმა (1855-1936), რათა ერთმანეთისგან განესხვავებინა ერთობა (გემაინშაფტი). და საზოგადოება (გეზელშაფტი). ერთობა მოიცავს ტრადიციულ-რურალურ, ხოლო საზოგადოება - თანამედროვე ინდუსტრიულ-ურბანულ ურთიერთობებს. ერთობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მისწრაფება კოლექტივიზმისაკენ და საერთო ინტერესების პრიმატი, ტრადიციით მიღებული ჩვევებისა და რწმენის მიმართ ერთგულება, ორიენტაცია სასულიერო ღირებულებებზე, გვაროვნული და ნათესაური კავშირების პრიორიტეტულობა და სხვა. ამის საპირისპიროდ, გეზელშაფტურ ურთიერთობებს ახასიათებს: მისწრაფება ინდივიდუალიზმისაკენ და კერძო (ეგოისტური) ინტერესების პრიმატი, ლეგალური და ფორმალურ-რაციონალური წესებით მოქმედება, ორიენტაცია საერო ღირებულებებზე, არანათესაურ და არაგვაროვნულ კავშირებზე დამყარებული ასოციაციები და გაერთიანებები და სხვ. ტიონისის მიხედვით, ერთობას საფუძვლად უდევს ნება არსებობისათვის („არსობრივი ნება“), ხოლო საზოგადოებას - ნება არჩევნისათვის („არჩევითი ნება“).
გენდერი - სქესის სოციალური კატეგორია. ქალსა და კაცს შორის სოციალური ურთიერთობების ორგანიზებული მოდელი, რომელიც ახასიათებს არა მარტო მათ პიროვნებათშორის ურთიერთობებს, არამედ განსაზღვრავს მათ სოციალურ ურთიერთობებს ძირითად საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, მაგ., სოციალურ კლასებში, მსხვილი ორგანიზაციების იერარქიაში, დასაქმების სტრუქტურის ფორმირებისას და სხვ. გ. როგორც პროცესი და მოვლენა გულისხმობს სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მამაკაცის მხრიდან ქალის ყოველგვარი ჩაგვრის ლიკვიდაციას. ფაქტობრივად ტერმინი ასახავს სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ქალთა და კაცთა ურთიერთობის ფენომენს და შესაბამისად მსოფლიოში დამკვიდრდა როგორც გარკვეული დირექტიული მიმართულება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. მისი მიზანია ადამიანის სექსიზმისაგან დაცვა, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას - ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს.
გენდერული კვლევები - კვლევები, რომელთაც საფუძვლად უდევს მოცემული კულტურის ფარგლებში განსხვავებული სქესის ადამიანების ქცევათა თავისებურებანი. ასეთი სახის გამოკვლევები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თეორიებში.
გენერალური ერთობლიობა - კატეგორია, რომელსაც იყენებენ რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის კონტექსტში; აღნიშნავს შესასწავლი სოციალური ობიექტის სრულ (აბსოლუტურ) მოცულობას, ანუ მის ყველა წევრს. გ.ე-ს შეიძლება შეადგენდეს მოსახლეობის რაიმე ნიშნით დიფერენცირებული ნაწილი, მაგალითად, ქალაქებში ან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ამა თუ იმ საწარმოს (ორგანიზაციის) პერსონალი, ესა თუ ის ასაკობრივი ან განათლების ცენზის მქონე ჯგუფები და ა.შ.
გენოციდი - საერთაშორისო დანაშაული, კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლის მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. გ. არის ასეთი ჯგუფის წევრთა გაჟლეტა, მათი სხეულისა თუ გონებისათვის სერიოზული ზიანის მიყენება, განზრახ შექმნა ისეთი საარსებო პირობებისა, რომელთა მიზანია ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური მოსპობა, ჯგუფის წევრთა შორის შობადობის ძალით შემცირება, მათი ბავშვების იძულებით სხვა ჯგუფის ადამიანთათვის გადაცემა. ასეთი ქმედებანი დანაშაულია საერთაშორისო სამართლის წინაშე და მის აღსაკვეთად ყველა სახელმწიფოს ერთობლივი თუ ინდივიდუალური ბრძოლაა საჭირო.
გ.-ის გამოცხადება უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად განაპირობა ჰიტლერული რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის, პოლონელის, საბჭოთა კავშირის ხალხთა მასობრივი განადგურების ფაქტების გამოვლენამ. XXს-ის 90-იან წლებში გ. იქცა აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ ზირითად იარაღად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში (მაგ., ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში), ასევე მან თავი იჩინა აფრიკის ქვეყნებში (რუანდა).
ბოლო წლებში გ.-ის ახალი ფორმა წარმოიშვა - ეთნიკური წმენდა (მაგ., აფხაზეთში), რომელიც საერთაშორისო სამართლით კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ დანაშაულის სახეობად არის აღიარებული.
გეოგრაფიული დეტერმინიზმი - მოძღვრება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა გეოგრაფიული გარემო (კლიმატი, რელიეფი, ნიადაგი, წყალი, ზღვისპირა მდებარეობა და ა.შ.). საზოგადოების სრულყოფილი განვითარება მხოლოდ ხელსაყრელ გეოგრაფიულ პირობებში ხდება. ამიტომ ის ხალხები და ქვეყნები დაწინაურდნენ, სადაც კარგი ბუნებრივი პირობები იყო (კერძოდ, ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლები). ცივ და ცხელ კლიმატურ სარტყლებში კი მოსახლეობა პრიმიტიულ დონეზე დარჩა. გ.დ-ის წარმომადგენლები იყვნენ ანტიკურ ეპოქაში ჰიპოკრატე, პლატონი და არისტოტელე, შუა საუკუნეებში - არაბი მოაზროვნე იბნხალდუნი, ხოლო ახალ პერიოდში - ბოდენი და მონტესკიე (საფრანგეთი), ბოკლი (ინგლისი), ლ. მეჩნიკოვი (რუსეთი). გ.დ-ის წარმომადგენლად ითვლება ასევე გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი. მან სახელმწიფო ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნია (სოციალ-დარვინიზმი), რომელსაც სჭირდება კვება და ბრძოლა არსებობისათვის, ეს კი გულისხმობს ტერიტორიების დაპყრობასა და ექსპანსიას. აქედან დაედო სათავე გეოპოლიტიკას.
გეოგრაფიული მიმდინარეობა სოციოლოგიაში - ეს მიმართულება აერთიანებს ყველა იმ თეორიას, რომელიც საზოგადოების განვითარების ზოგად სურათს, მის სტრუქტურასა და მასში მიმდინარე პროცესებს გაოგრაფიულ გარემოს პირობებზე დამოკიდებულად მიიჩნევს. იდეას საზოგადოების ცხოვრებაში ბუნებრივი პირობების განმსაზღვრელი როლის შესახებ აყენებდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის მოაზროვნეები (პლატონი, არისოტოტელე და სხვები), თუმცა დასრულებული სახით ეს მიმდინარეობა XVIIIს-ში ჩამოყალიბდა. მის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755). მისი აზრით, ქვეყნის კლიმატი, ნიადაგი, ლანდშაფტი და ფართობი განსაზღვრავს იქ მცხოვრები ხალხის ხასიათის თვისებებს და, მთლიანობაში, საზოგადოებრივი განვითარების ხასიათს. ასე მაგალითად, ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკური წყობილება თავისი ბუნებით მოითხოვს პატარა ტერიტორიას, ხოლო თბილ ქვეყნებში კლიმატი ხელს უწყობს მმართველობის დესპოტური ფორმის დამყარებას. ამ მიმდინარეობის გვიანდელ წარმომადგენელთაგან აღსანიშნავია ჟ.თ. სბოკლი, კ.რიტტერი, ფ. ლე პლე, ფ.რატცელი, ე.სემპლი და ე.ჰათინგტონი. ისინი გარემოს ისეთ პირობებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა: კლიმატი, ნიადაგისა თუ მდინარეთა წყალუხვობის თავისებურებები, ლანდშაფტი, ქვეყნის ზომები, ბუნებრივი საკომუნიკაციო გზების თავისებურებები, მზის აქტივობა და სხვ., აგრეთვე ცდილობდნენ გამოეყენებინათ ზუსტი მეცნიერებების მეთოდები ჰიპოთეზათა შესამოწმებლად.
გეოეკონომიკა - ერთი მნიშვნელობით, არის ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების ურთიერთკავშირი და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს „ქცევა“, რაც განსაზღვრავს მისი წარმოებისა და ვაჭრობის დონეს და საქონლისა და მომსახურების მოხმარების მოცულობას. მეორე მნიშვნელობით, გ. განისაზღვრება როგორც გეოპოლიტიკის განსაკუთრებული ვერსია, რომელიც პრიორიტეტულად მიიჩნევს არა გეოგრაფიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ა.შ. ფაქტორებს, არამედ სივრცესთან დაკავშირებულ წმინდა ეკონომიკურ რეალობებს. გ. მსოფლიო განვითარების საფუძველს ხედავს იმაში, თუ სად იქნება განლაგებული მსოფლიო ბირჟების ცენტრები, სასარგებლო წიაღისეული, საინფორმაციო ცენტრები, მსხვილი საწარმოები და სხვ. გ.-ის კონცეფციის ავტორი ჟ.ატალი თვლის, რომ ცივი ომის შემდეგ გეოპოლიტიკა გ.-ით შეიცვალა და იგი თანამედროვე საერთაშორისო სისტემის მთავარი მოდელია.
გეოპოლიტიკა - ეს ტერმინი თანამედროვე ლიტერატურაში იხმარება სამი სხვადასხვა გაგებით: 1. რეაქციული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც არახელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ამართლებს და ასაბუთებს ექსპანსიურ პოლიტიკასა და ტერიტორიულ დაპყრობებს, ხელსაყრელი, ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შექმნის აუცილებლობას სხვა სუსტი და „არასრულფასოვანი“ ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე. ასეთი გ. გაიგივებულია იმ ოფიციალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პრაქტიკასთან, რასაც ახორციელებდა ნაცისტური გერმანია და რაც ამჯერად საყოველთაოდაა უარყოფილი. 2. მოძღვრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ქცევას საფუძვლად უდებს გეოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა: გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორიისა და მოსახლეობის სიდიდიდე, კლიმატი, რელიეფი, ბუნებრივი რესურსები და, ყოველივე აქედან გამომდინარე, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი. გ-ის ასეთი გაგება ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. 3. სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში.
ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა შვედმა მეცნიერმა რუდოლფ ჩელენმა XXს-ის დასაწყისში. იგი აცხადებდა, რომ გერმანიისათვის აუცილებელია მისი შესაფერისი სასიცოცხლო სივრცის შექმნა, რაც მეზობელი პატარ-პატარა და სუსტი ერების ხარჯზე უნდა მოხდეს. ეს თეზისი დაედო საფუძვლად გერმანულ გ-ს, რომლის მამამთავარი კარლ ჰაუსჰოფერი იყო და რაც ჰიტლერული გერმანიის ოფიციალურ სახელმწიფო დოქტრინად იქცა.
პარალელურად გ. განვითარდა დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც, ძირითადად ინგლისსა და აშშ-ში. ამერიკელი ადმირალის ა. მეჰენის აზრით, იმის გამო, რომ მსოფლიო ოკეანე ერთიანი და უწყვეტი სივრცეა, ხოლო ზღვის ტრანსპორტი - ყველაზე უფრო იაფი და ეფექტური, ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მსოფლიოზე ბატონობას მოასწავებდა, ოღონდ საამისოდ უნდა შექმნილიყო უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საზღვაო ბაზების ხშირი ქსელი. ამ თეზისმა დიდი გავლენა იქონია აშშ-ის პოლიტიკაზე, კერძოდ, მისი სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაზე.
ინგლისელი გეოგრაფი ჰ.მაკინდერი ავტორია ე.წ. ჰარტლენდის თეორიისა, რომლის მიხედვით, ზღვაზე ბატონობა მართლაც ნიშნავდა მსოფლიოზე ბატონობას XV-XIXსს-ებში, მაგრამ XIXს-ის ბოლოს ისტორიის საყრდენი წერტილი, ანუ ჰარტლენდი, კვლავ ხდება ცენტრალური აზია (სივრცე ურალიდან თითქმის წყნარ ოკეანემდე). ამიტომ ის სახელმწიფო, რომელიც გააკონტროლებს ტერიტორიას გერმანიიდან ციმბირამდე, იქნება კიდეც მსოფლიოს ჰეგემონი. ეს იდეა მხედველობაში მიიღეს ვერსალის კონფერენციაზე (1919), სადაც გათვალისწინებული იყო ბუფერული სახელმწიფოების შექმნა გერმანიასა და რუსეთს შორის, რათა არ მომხდარიყო გერმანიისა და რუსეთის დაახლოება და მათ მიერ ჰარტლენდის კონტროლი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების გამარჯვება და საბჭოთა კავშირის გაძლიერება ფაქტობრივად ნიშნავდა ჰარტლენდზე საბჭოთა კავშირის კონტროლის დამყარებას. ამერიკული გ.-ური სკოლის მეორე წარმომადგენლის ნ. სპიკმენის თეორიით, ჰარტლენდის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება იყო მის გარშემო არსებული რკალის - ე.წ. შიდა ნახევარმთვარის, ანუ რიმლანდის (დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია) კონტროლი აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა საბჭოთა, ანუ კომუნისტური საფრთხის ექსპანსიის შეჩერებას (შეკავების პოლიტიკა). ჰარტლენდ-რიმლანდის თეორია იყო ომის შემდგომი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზა, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების იარაღს წარმოადგენდა ნატოს, სენტოს და სეატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების შექმნა. სწორედ რიმლანდთან დაკავშირებით იჩინა თავი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უმთავრესმა დაპირისპირებებმა (ბერლინი-კორეა-ახლო აღმოსავლეთი-ვიეტნამი).
სხვა ამერიკული გ.-ური თეორიებიდან აღსანიშნავია ს. კოენის გეოსტრატეგიული არეალებისა და გ.-ური რეგიონების თეორია, ი. გალტუნგის პანრეგიონებისა და ზესახელმწიფოების თეორია, ს. ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახების თეორია და სხვ. ალტერნატიულ გ.-ურ თეორიებს მიეკუთვნება საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის გაერთიანებული ევროპის თეზისი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს მიუმხრობლობის მოძრაობის თეზისი. რუსულ გ-ურ აზროვნებაში უკანასკნელ დროს განსაკუთრებით პოპულარულია ევრაზიანიზმის თეორია.
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ლიბერალიზაციას მოჰყვა მსოფლიო პოლიტიკაზე სამხედრო ფაქტორის განმსაზღვრელი როლის შედარებით შესუსტება და წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკური კეთილდღეობისა და სახელმწიფოთა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებმა. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი დაასკვნის, რომ გ. იცვლება გეოეკონომიკითა და გეოინფორმაციით. თუმცა კომპოზიტის დასაწყისი ნაწილი „გეო“ მიგვანიშნებს, რომ გეოგრაფიულ ფაქტორს კვლავ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
გერბი (სახელმწიფო) - განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ოფიციალური ემბლემაა. გერბი გამოისახება შენობებზე, დროშებზე, ფულად ერთეულებზე, დოკუმენტებზე და ა.შ. გერბის შინაარსის დადგენა ხდება კონსტიტუციის ან სხვა სპეციალური კანონის საფუძველზე.
გერონტოკრატია - მმართველობის სავარაუდო ფორმა პირველყოფილ საზოგადოებებში, როდესაც საზოგადოებას განაგებდა უხუცესთა საბჭო. მმართველობის ამგვარ ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც გვხვდებოდა ზოგიერთ ხალხთან, არ ჰქონია უნივერსალური ხასიათი.
გერონტოსოციოლოგია - სოციოლოგიური მეცნიერებების შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგი. გ.-ის თავისებურებაა მისი კავშირი სოციალურ გერონტოლოგიასთან - მეცნიერების კომპლექსურ განყოფილებასთან, რომელშიც დაბერებისა და სიბერის სოციალური ასპექტები შეისწავლება ეკონომიკის, დემოგრაფიის, ფსიქოლოგიის, ეთნოგრაფიის, სამართლის, სოციალური ჰიგიენის და სხვ. დისციპლინათა მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოკვლევები გერონტოლოგიაში წარმოებს სამი ძირითადი მიმართულებით. პირველ მიმართულებაში შეისწავლება ინდივიდის ბიოლოგიური და ფსიქიკური დაბერების სოციალური დეტერმინანტები. საერთოდ ამ მიმართულებისათვის დამახასიათებელია ყურადღების კონცენტრაცია დაბერებისა და სიბერის არაპიროვნულ მხარეზე.
მეორე მიმართულების გამოკვლევებში განიხილება ხანდაზმულ და ღრმად მოხუც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები და ერთობები (ფორმალური და არაფორმალური). ასეთი ჯგუფების შესწავლისას სოციოლოგები ცდილობენ განსაზღვრონ ხანდაზმულთა ადგილი, ფუნქციები და როლი ამ ჯგუფებში, მათი ურთიერთობა ჯგუფებთან მთლიანად და მათ ცალკეულ წევრებთან.
გერონტოლოგიის პრობლემათა მესამე მიმართულების შესწავლის საგანია მდგომარეობა ხანდაზმულებისა, განსაკუთრებული სოციალური და ასაკობრივი ჯგუფისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სოციალური და დემოგრაფიული სტრუქტურის მნიშვნელოვან ელემენტს და გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებსა და პროცესებზე, ხოლო თავის მხრივ, განიცდის საზოგადოების მრავალგვარ ზეგავლენას.
თეორიის სფეროში გერონტოლოგიის აქტუალური ამოცანაა სიბერისა და დაბერების ზოგადი სოციოლოგიური თეორიის შემუშავება.
გეტო - სოციოლოგიაში ეს ცნება გამოიყენება ქალაქების იმ უბნების (რაიონების) აღსანიშნავად, რომლებიც გამოირჩევა ძალზე ღარიბი დასახლებებით, მომსახურების ობიექტების ძალზე მცირე რიცხვითა და აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის ადამიანების ჭარბი კონცენტრაციით. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენებოდა ევროპის ქალაქების იმ უბნების მიმართ, რომლებიც დასახლებული იყო ებრაელებით, რომლებიც გამოცალკევებული იყვნენ ქალაქის დანარჩენი მოსახლეობისაგან.
გეშტალტი - მთელი ტოტალობა გ.-ის სინონიმებია. ტერმინი პირველად ფსიქოლოგიაში 1890წ. შემოიტანა ქ.ფ. ერენფელსმა (აქედან: გეშტალტფსიქოლოგია, გეშტალტთერაპია). სოციოლოგიაში გ.-ის ცნება გულისხმობს სოციალურ წარმონაქმნს, სტრუქტურას, რომელიც ცალკეული ნაწილებისაგან შედგება. ამ ნაწილების ურთიერთდამოკიდებულება ქმნის გ.-ს. გ.-ს აქვს ის თვისება, რომელიც მის ცალკე აღებულ არც ერთ ნაწილს არ გააჩნია. სოციალური სტრუქტურა, როგორც მთელი, თავისი საკუთარი იდენტობით ხასიათდება. თვისება, რომელიც ინტეგრირებულ მთელს აქვს, მაგრამ მის ცალკეულ ნაწილებს არ გააჩნია, გ.-ის ხარისხად იწოდება.
გვარი, ტომი, ფრატრია - გ. სისხლით ნათესავთა ჯგუფია, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას დედის ან მამის მხრიდან საერთო წინაპარს (რეალურს ან მითიურს) უკავშირებდნენ და საერთო სახელწოდება ჰქონდათ. გ. წარმოიშვა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგიდან ქვედა და ზედა პალეოლითის მიჯნაზე. ეგზოგამიის წესის თანახმად, გ.-ს არ შეეძლო დამოუკიდებელი არსებობა და ტ.-ში იყო გაერთიანებული. ტ. წინაკლასობრივი საზოგადოების ეთნიკური და სოციალური ერთიანობის ტიპია, რომელსაც ახასიათებს წევრთა სისხლით ნათესაობითი კავშირი. იყოფა გ.-ად და ფ.-ად. აქვს საერთო სატომო ტერიტორია, ენა (დიალექტი), ტომობრივი თვითშეგნება და ენდოგამია, განვითარებულ გვაროვნულ წყობილებაში - საკუთარი მმართველობა, რომელსაც სათავეში უდგას სატომო სამხედრო და სამოქალაქო საბჭო. ტ.-ს აქვს თავისი კულტი და სატომო დღესასწაულები (იხ. აგრ. ფრატრია).
გვაროვნული საზოგადოება - გვაროვნული თემისა და გვარის ურთიერთქმედებით აღმოცენებული საზოგადოება. ამ პერიოდში თავის უმაღლეს სტრუქტურულ დასრულებულობას აღწევს პირველყოფილი თემური ურთიერთობანი. საწარმოო ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენდა საერთო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, რომლის ფარგლებშიც არსებობდა პირადი საკუთრება იარაღზე, საოჯახო ნივთებზე, ტანსაცმელსა და ა.შ. ის პირველყოფილი ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა კაცობრიობის ტექნიკური განვითარების საწყის საფეხურებზე, საკუთრების კოლექტიური ფორმების, რელიგიურ-მაგიური წარმოდგენების პირობებში, თანდათან გამოიდევნა ახალი სოციალური ურთიერთობებით (ან მოხდა მათთან ნაწილობრივი ადაპტირება) შრომის იარაღების, მეურნეობის ფორმების სრულყოფის, ოჯახურ-საქორწინო და სხვ. ურთიერთობების ევოლუციის შედეგად.
გლობალიზაცია - ადამიანთა ერთობებს შორის სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის შემცირების პროცესი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს და საზოგადოებებისა და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდას გამოხატავს. გ-ის თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ცივი ომის შემდეგ სახელმწიფოების მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად კლებულობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სხვა არასახელმწიფოებრივი მოქმედი პირების სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხდეს ინდუსტრიის ლოკალიზება, უფრო მეტად მიიღება მთელი მსოფლიოს შესაძლებლობებთან მიმართებაში, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) კონტექსტში. თუ მანამდე საწარმოო ოპერაციები უპირატესად ხორციელდებოდა ნაციონალურ საფუძველზე, წარმოების გ.-მ გამოიწვია ქარხნების ინტეგრაცია ერთიან სისტემაში, როდესაც პროდუქცია საბოლოო სახით აიწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დამზადებული დეტალებისაგან. მსოფლიოს ფინანსური ბაზრები ერთმანეთთან დაკავშირებულია სწრაფი ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს კაპიტალისა და რესურსების უწყვეტ მიმოქცევას მსოფლიო მასშტაბით, და ეს არ არის ლიმიტირებული დროითი და სივრცული პარამეტრებით. ეკონომიკის გ.-ში ბევრი რამ უხილავია ინდივიდებისათვის, მაგრამ მისი შედეგები აშკარა და რეალურია: ინდივიდებმა შეიძლება დაკარგონ ან მიიღონ სამუშაო იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომლებიც მიიღება სხვათა მიერ ათასობით კილომეტრის დაშორებით, როდესაც მანიპულაცია ხდება გლობალური პერსპექტივის საფუძველზე. წარმოების გ. ხელს უწყობს პროდუქციის გ-ს, როდესაც მომხმარებელს ურჩევნია შეიძინოს მსოფლიოში აღიარებლი პროდუქცია და არა ის, რაც შექმნილია ნაციონალური ბაზრსათვის. ამრიგად, ეკონომიკის გ-ის არსი ისაა, რომ ეროვნული სახელმწიფო (ერი-სახელმწიფო) უკვე აღარ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეული მსოფლიო ეკონომიკაში.
გ. ოთხი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია (სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა), ლიბერალიზაცია (სახელწმიფოს როლის შემცირება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება და აღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის კლება. გ. ერთობლივად მიმდინარეობს პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალურ და კულტურის სფეროებში. პოლიტიკაში გ. გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ზრდით, საერთაშორისო პოლიტიკის ახალი, გლობალური პრობლემების გაჩენითა და მათი ერთობლივი გადაწყვეტით (გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება). ეკონომიკური კუთხით გ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საერთაშორისო ფინანსების განვითარება და თითოეული ქვეყნის მოქალაქეებზე საერთაშორისო კერძო კაპიტალის გავლენის ზრდაა. სოციალური კუთხით, გ. დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებების (განსაკუთრებით, ტრადიციული საზოგადოებების) ტრანსფორმაციაზე. კულტურის თვალსაზრისით, გ-ის თეორეტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიოში კულტურული ერთგვარობის ზრდას, საერთო პოპულარული მასობრივი კულტურის ჩასახვასა და განვითარებას.
სკეპტიკოსების აზრით, გ-ის პროცესი მოჩვენებითია, გ-ისა და ფრაგმენტაციის ტენდენციები მსოფლიო პოლიტიკას განვითარების ყველა ეტაპზე ახასიათებდა და, ამგვარად, მას საერთაშორისო ურთიერთობებში თვისობრივი სიახლე არ შეუტანია. დღეს ხდება არა ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) გაქრობა, არამედ ეკონომიკისა და კულტურის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ სახელწიფოებს შორის ინტენსიურ და მზარდ კავშირებზე, რაც მსოფლიოს იდენტურობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.
გლობალიზმი - მსოფლიო პოლიტიკის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობების გ-ურ ხასიათს ანიჭებს. გლობალისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკის უკეთ გაგებისათვის აუცილებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესების ერთიანი სურათის წარმოდგენა. საერთაშორისო სისტემის განმსაზღვრელ თვისებად გლობალისტები კაპიტალისტურ ურთიერთობებს ასახელებენ. მათი აზრით, მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა სახელმწიფოთა ქმედებების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, ანუ სახელმწიფოების საერთაშორისო პოლიტიკაში არა დამოუკიდებელ, არამედ დამოკიდებულ ცვლადებს წარმოადგენენ. გ. ყურადღებას აქცევს დომინირების მექანიზმების შესწავლას და განვითარებულ „ჩრდილოეთსა“ და განვითარებად „სამხრეთს“ შორის დაქვემდებარება-დომინირების ურთიერთობების კვლევითაა დაკავებული. გ. საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან ადგილს ეკონომიკურ ფაქტორებს ანიჭებს. გლობალისტები სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების მარქსისტულ ხედვას ანიჭებენ უპირატესობას. გ. რეალისტური და პლურარისტური (რაციონალისტური) მიდგომებისაგან განსხვავდება. მარტინ უაიტი გ-ს რევოლუციონიზმად მოიხსენიებს.
გლობალური პრობლემები - თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, რომლებიც საერთოა მთელი მსოფლიოსათვის, ყველა რეგიონისა და ქვეყნისათვის და მათი გადაჭრა მსოლოდ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით არის შესაძლებელი. ცალ-ცალკე სახელმწიფოები უძლურნი არიან, ინდივიდუალურად ებრძოლონ ამ პრობლემებს, ამასთანავე, ნებისმიერი გ.პ. პირდაპირ ან ირიბად ეხება ყოველ სახელმწიფოს. გ.პ-ს მიეკუთვნება ბირთვული ომის თავიდან აცილებისა და საყოველთაო მშვიდობის დამყარების პრობლემა, საერთაშორისო ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარება, სოციალური განვითარება და ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის, შიმშილის, უმუშევრობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლა, ნედლეულისა და სურსათის პრობლემები; ეკოლოგიური პრობლემები: ატმოსფეროს, წყლის ნიადაგის დაბინძურება, ტყის საფარის შემცირება, გაუდაბნოება, მიწების ეროზია; დემოგრაფიული პრობლემები, მათ შორის მოსახლეობის უკონტროლო ზრდა, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესი და ა.შ. გლობალიზაციის ეპოქაში გ.პ. და მათი გადაჭრისათვის ბრძოლა კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა, რაზეც მეტყველებს ამ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების, კონვენციებისა და ხელშეკრულებების რიცხვის სწრაფი ზრდა უკანასკნელ წლებში.
![]() |
5 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დაბალი პოლიტიკა - ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც ეროვნული ინტერესების უმნიშვნელოვანეს პრობლემას არ წარმოადგენს. დ.პ-ის საკითხებს არა სახელმწიფოს უმაღლესი პირები, არამედ ბიუროკრატია უძღვება. ამა თუ იმ საკითხის დ.პ-ის სფეროსათვის მიკუთვნება კონკრეტული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ხდება.
დაზვერვა - სახელმწიფოს მოღვაწეობის ერთ-ერთი სფერო, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის სხვა მოქმედი პირების შესაძლებლობებისა და განზრახვების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს. დ. შეიძლება იყოს ღია (მასმედიისა და დიპლომატიური წყაროების გამოყენებით) ან ფარული, სტრატეგიული ან არასტრატეგიული. დ-ს მთავარი მიზანია მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და შეფასება სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გასაადვილებლად. დ-ს უკავშირდება კონტრდაზვერვა (სხვათა მიერ ინფორმაციის შეგროვებისათვის ხელის შეშლა), გაცურება (დეზინფორმაციის გავრცელება) და ფარული ქმედებები (ძირგამომთხრელი საქმიანობა). დ-ის შემადგენელი ნაწილებია ტექნიკური დ. და ადამიანური დ. (ჯაშუშობა). დ-ის ტექნიკური საშუალებების განვითარებას ჯაშუშობის როლი არ დაუკნინებია, რადგან ბოლო ათწლეულებში პრობლემა ხდება არა იმდენად ინფორმაციის მოპოვება, რამდენადაც მისი სწორი ანალიზი. ადამიანური ფაქტორის როლი ინფორმაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯერაც შეუცვლელია.
დაკვირვება - ფართო მნიშვნელობით, სამყაროს შემეცნების ხერხი. ყოველდღიური, ჩვეულებრივი დ. ადამიანებს გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.
მეცნიერული დ. მიმართულია გარკვეული მიზნის მისაღწევად - გამოკვლევის ამოცანების გადაწყვეტისათვის აუციელებელი სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად. მას ახასიათებს სისტემატურობა, გეგმაზომიერება და კონტროლი. დ. როგორც ინფორმაციის შეგროვების მეთოდი, მრავალ მეცნიერებაში გამოიყენება (როგორც საბუნებისმეტყველო, ისე სოციალურ მეცნიერებებში). სოციალურ მეცნიერებებში დ-დ ითვლება ნებისმიერი საველე პროცედურა (გამოკითხვა, დოკუმენტური მონაცემების შეგროვება, ვიზუალური დ.), რომელიც ინფორმაციის მიღების პირდაპირი, უშუალო გზაა.
სოციოლოგიაში დ. პირველადი სოციალური მონაცემების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი საშუალებით ხდება შესასწავლი ობიექტის უშუალო აღქმა და გამოკვლევის მიზნებისათვის მნიშვნელობის მქონე სოციალური ფაქტების (დ-ის ერთეულების) პირდაპირი რეგისტრაცია. პირველადი საველე (ან ლაბორატორიული) დოკუმენტია დ-ის დღიური, სადაც ხდება როგორც ჩვეულებრივი, ისე ექსტრემალური სიტუაციების დაფიქსირება (რეგისტრაცია).
დ-ის მეთოდის გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. დ. შესაძლებელია ადამიანთა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ მოვლენებსა და ცვლილებების ხილულ, გარეგან ნიშნებზე. იგი სხვადასხვა სიტუაციაში ცალკეული პირებისა და ჯგუფების ქცევის, კომუნიკაციის პროცესში საუბრის შინაარსის, მეტყველების ხასიათის, მიმიკისა და ჟესტების შესწავლისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. დ-ის მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ გარკვეული ინდივიდების, ჯგუფების მოქმედებების რეგისტრირება ხდება მათი განხორციელების დროს, ასევე შესაძლებელია იმ მოვლენების დაფიქსირება, რომლებიც გამოკვლევის ჩატარების დროს ხდება. დ-ის ობიექტი შეიძლება იყოს საზოგადოება, სოციალური ერთობა, ჯგუფი, ინდივიდი, სოციალური პროცესები, მოვლენები, მოქმედებები.
სოციოლოგიურ გამოკვლევებში დ. გამოიყენება როგორც დამოუკიდებელ, ისე დამხმარე მეთოდად. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო ჰიპოთეზების შემუშავებისა და მათი შემოწმების, აგრეთვე სხვა მეთოდებით მიღებული ინფორმაციის დაზუსტებისა და დამატებითი მონაცემების მოპოვების მიზნით. როგორც დაზვერვით, ისე ანალიტიკურ ფა ექსპერიმენტულ გამოკვლევებში დ. ინფორამციის შეგროვების მნიშვნელოვანი მეთოდია.
არსებობს დ-ის მეთოდის სხვადასხვა სახე. დ-ის კლასიფიკაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეიძლება: I. ფორმალიზაციის ხარისხის მიხედვით: 1. ფორმალიზებული (კონტროლირებული, სტანდარტიზებული, სტრუქტურიზებული - ყველა ეს ტერმინი ფორმალიზებულის სინონიმია), 2. არაფორმალიზებული (არაკონტროლირებული, არასტანდარტიზირებული, არასტრუქტურიზებული), 3. ნახევრად ფორმალიზებული; II. ჩატარების ადგილის მიხედვით: 1. საველე, 2. ლაბორატორიული, 3. ლაბორატორიულ-საველე; III. დაკვირვების დროის რეგლამენტაციის მიხედვით: 1. სისტემატური და 2. არასისტემატური (ხანმოკლე). (თავის მხრივ, არასისტემატური დ. იყოფა ეპიზოდურ და შემთხვევით დ-ად ); IV მკვლევარის მონაწილეობის ფორმის (პოზიციის) მიხედვით: 1. ჩართული (მონაწილე, დ. შიგნიდან) და 2. ჩაურთველი (დ. გარედან). ჩართული (მონაწილე) დ-ის სახეებია: გამჟღავნებული (ღია) და გაუმჟღავნებელი (ინკოგნიტო, ანონიმური). გარედან დ-იც შეიძლება იყოს გამჟღავნებული ან ინკოგნიტო. ზოგი სოციოლოგი დ-ის ცალკე სახედ მიიჩნევს თვითდაკვირვებას.
თვისებრივ სოციოლოგიაში დ-ს ხშირად საველე გამოკვლევას უწოდებენ. ტრადიციულ სოციოლოგიასა და თვისებრივ სოციოლოგიაში დ-ის მეთოდით მონაცემების შეგროვების პროცედურა და გამოკვლევის ჩატარების პრინციპები დიდად არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება ორ მიდგომას (რაოდენობრივსა და თვისებრივს) შორის ისაა, რომ თვისებრივი მიდგომის დროს ხდება ნომინალური (აღწერითი, არარაოდენობრივი) მახასიათებლების ფიქსირება და ობიექტის უფრო ბუნებრივი, არასტრუქტურული განხილვა.
დანაშაულის სოციოლოგია - მეცნიერული დისციპლინა, რომელიც აღწერს და ხსნის დანაშაულს სოციოლოგიური თეორიისა და მეთოდების დახმარებით. მისი კვლევის საგანია ადამიანის ქცევის გარკვეული ფორმები საზოგადოებაში არსებულ ნორმებთან მიმართებაში, რომელთა დარღვევაზე რეაგირებს საზოგადოება. დ.ს. ხშირად ესმით როგორც გადახრითი ქცევის სოციოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი.
დ.ს. საწყისს იღებს რუსი სტატისტიკოსის კ.გერმანის, ბელგიელი კ. დიუკპეტის, ფრანგი ა. გერის გამოკვლევებიდან. მის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კეტლეს (1796-1874). სოციოლოგიაში არსებობს დანაშაულის ახსნის ორი ძირითადი პარადიგმა - ეტიოლოგიური და დეფინიციური. პირველში დანაშაული განიხილება როგორც „მზა“ აქტი, მკვლევრის ყურადღება კონცენტრირდება იმ პროცესების შესწავლაზე, რომლებსაც მივყავართ ამა თუ იმ მოქმედების, აქტის, როგორც დანაშაულის ახსნა-გაგებასა და პიროვნებისაკენ, როგორც დამნაშავისაკენ. პირველ პარადიგმაში ყველაზე დიდი ყურადღებით სარგებლობს რ. მერტონის მიერ XXს-ის 30-იან წლებში შემუშავებული ანომიის თეორია. ანომია („უნორმობის“ მდგომარეობა) გამოცხადებულია, როგორც საზოგადოების ღირებულებით სტრუქტურასა და სოციალურ ორგანიზაციას შორის კონფლიქტის შედეგი. ეს კონფლიქტი აღმოცენდება კულტურულად აღიარებულ მიზნებსა და მათი მიღწევის ინსტიტუციონალურად დადგენილ საშუალებებს შორის. ინოვაცია და ამბოხი, როგორც უკიდურესი რეაქცია ამ კონფლიქტზე, დანაშაულის საფუძველი ხდება.
მერტონის ანომიის თეორიის ნაკლოვანებების გამოსწორება სცადა ე. სათერლენდმა ე.წ. დიფერენციალური კავშირის თეორიით. მის მიხედვით, დანაშაულის მიზეზები უნდა ვეძებოთ საზოგადოების არა სოციალურ-კულტურული ორგანიზაციის დონეზე, არამედ იმ უახლოეს სოციალურ გარემოში, სადაც ყალიბდება დამნაშავე.
ეტიოლოგიური ანუ მიზეზობრივი პარადიგმა ჩამოყალიბდა სოციალურ-კულტურული მიდგომის ჩარჩოებში, სიმბოლური ინტერაქციონიზმის საფუძველზე. ამ თეორიის მიხედვით, დანაშაული განიხილება არა როგორც იმთავითვე ადამიანში ან მის ქცევაში ჩადებული თვისება, არამედ როგორც მისი შეფასება და კატეგორიზაცია საზოგადოების მხრიდან. როცა შეფასება და კატეგორიზაცია დამთავრებულია, პიროვნება ან ქმედება აღინიშნება როგორც დანაშაულებრივი, იღებს ერთგვარ იარლიყს, ეტიკეტს (ინგლ. Label) ამიტომ დეფინიციურმა პარადიგმამ მიიღო აგრეთვე Label approach სახელწოდება.
დასახელებული ორივე პარადიგმის ცალმხრივობის გაცნობიერებამ XX ს-ის 70-80 - იან წლებში წარმოშვა ე.წ. „კრიტიკული“ („რადიკალური“) კრიმინოლოგია, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის სოციალურ მიზეზებზე.
XX ს-ის 50 - იან წლებში ა. კოენმა დელიკვენტური სუბკულტურების თეორიის შემუშავებით მოახდინა დასახელებული თეორიების სინთეზი, მის საფუძველზე კი რ. კლაუორდმა და ლ. ოულინმა შექმნეს დიფერენციალური შესაძლებლობების თეორია, რომელიც აღწერდა დელიკვენტური სუბკულტურების სტრუქტურულ-ინტეგრაციულ ასპექტებს. (იხ. სამართლის სოციოლოგია, ვიქტიმოლოგია).
დაქვემდებარება - საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში გლობალიზმის პარადიგმის ერთ-ერთი თეორია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენის მიზეზებს განვითარებული ქვეყნების მხრიდან დომინირებაში ეძიებს. ტერმინი დ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის კვლევის სფეროს განეკუთვნება. ამ თეორიის კვლევის მთავარ საგანს მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთს შორის ძალაუფლების ასიმეტრია წარმოადგენს. დ-ის პარადიგმამ განსაკუთრებული გავლენა ლათინური ამერიკის მკვლევრებს შორის XX ს-ის 60-იანი წლებიდან მოიპოვა, როდესაც ისინი ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოების შორის ძალაუფლებისა და დ - ის საკითხებით დაინტერესდნენ. დ-ის თეორია უარყოფდა ლიბერალიზმის ძირითად პრინციპებს და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის (NIEO - New International Economic Order) თეორიულ საფუძველს ქმნიდა XXს-ის 70-იანი წლების განმავლობაში.
დაშინება - საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც არასასურველი ქცევის შემთხვევაში მოწინააღმდეგისათვის სამაგიეროს გადახდისა და მისი დასჯის მუქარას გულისხმობს. დ. ძალისმიერი ურთიერთობების ცალკეული მაგალითია, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ სანქციებს მოიცავს. დ, როგორც სტრატეგია, რეალიზმის კვლევის ერთ-ერთი მთავარი საგანია. მის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ბირთვული იარაღის გამოგონებამ შეიტანა, რადგან ბირთვული დ., მისი ორმხრივი გამანადგურებული ხასიათის გამო, არცთუ მთლად სანდო საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოდგა. დ-ის სტრატეგიის გამოყენებისას მთავარი ხდება მუქარის სანდოობა, ანუ პროცესი, რომლითაც მუქარას მნიშვნელობა ენიჭება.
დაშოშმინება - ტერმინი თავდაპირველად გამოიყენეს მიუნხენის შეთანხმების აღსანიშნავად (1938), რაც ჩეხოსლოვაკიის დანაწილებასა და გერმანიისათვის აღმოსავლეთ ევროპაზე მბრძანებლობის უფლების მიცემას გულისხმობდა. ამ ტერმინმა უარყოფითი ჟღერადობა შეიძინა, რადგან იგი დიდი ქვეყნების მიერ დიქტატორული რეჟიმის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პატარა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მსხვერპლად შეწირვის სინონიმად იქცა. ომის შემდგომ წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დ-ს იყენებდნენ სირცხვილის, სისუსტისა და სილაჩრის აღსანიშნავად. საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ თეორიებში დ. ასეთი მნიშვნელობით არ აისახება. იგი რეალისტური მიდგომით ძალთა წონასწორობის პროცესის ინტეგრალური ნაწილია, რომლის მიზანიც დიდი სახელმწიფოების კონფლიქტის თავიდან აცილებაა, სადაც შეიძლება საერთოდ იქნეს უგულებელყოფილი პატარა ქვეყნების ინტერესები.
დევიაცია - იმ ქცევის აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. რობერტ მერტონის აზრით, დევიანტური მოქმედება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული მიზნების მიღწევა ხდება სოციალურად დაუშვებელი (არანორმალური, არაინსტიტუციური), თუმცა, შესაძლოა, ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით. დ. სოციალურად კონსტრუირებული მოქმედებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ქმედება, რომელიც თავისთავად, სოციალური კონტექსტისაგან განყენებულად, არანორმალურია (ნორმიდან გადახრილია), ანუ დასაგმობია ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს. პირიქით, დ. სიტუაციური და კონტექსტუალურია. მაგალითად, ადამიანის მოკვლა დევიანტურია ჩვეულებრივ (მშვიდობიან) სიტუაციაში, მაგრამ ნორმალურია, მეტიც - მოითხოვება ომის კონტექსტში.
ამდენად, ყველა სოციალური ქმედება იმართება და რეგულირდება წესების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ ერთი, თავად წესებია სხვადასხვა განსხვავებული კონტექსტისათვის და მეორეც, ისინი ცვალებადია და მუდმივად ვარირებს სოციალურ დროსა და სირცეში. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: შესაძლოა, ინდივიდის ესა თუ ის ქმედება ფორმალურად განიხილებოდეს როგორც დევიანტური, მაგრამ მას მაინც არ „მიეკეროს“ დევიანტის იარლიყი, რამდენადაც, გარემოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს ნორმის დარღვევად (იხ. სტიგმატიზაცია, დელიკვენტობა, სოციალური კონსტრუქტივიზმი).
დეიდეოლოგიზაცია - ცნება, რომელმაც გააერთიანა XXს-ის 50-იან წლებში დასავლეთში ფართოდ გავრცელებული სოციალურ-ფილოსოფიური კონცეფციები „იდეოლოგიების დასასრულის“ და მისგან თავისუფალი, წმინდა მეცნიერების შექმნის შესახებ. მას მხარს უჭერდნენ და ავითარებდნენ დასავლეთის ცნობილი მეცნიერები: ტ.პარსონსი, ე.შილზი, დ.ბელი, ს.ლიპსეტი, ლ.არონი და სხვა. დ-ის თეორიის წინამორბედ თეორეტიკოსებად შეიძლება ჩაითვალონ ო.კონტი, გ.რიკერტი, ე.დიურკემი და სხვ. კონცეფციის შინაარსი საკმაოდ ეკლექტიკურ ხასიათს ატარებს. მისი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მ. ვებერის, კ.მანჰეიმის, ტ.პარსონსის იდეებმა, ხოლო ეკონომიკური საფუძვლები აგებული იყო ინდუსტრიული საზოგადეობისა და კონვერგენციის თეორიის დებულებებზე. დემოკრატიის პირობებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფები თავიანთ უფლებებს კანონიერი გზით იცავენ სხვადასხვა დონის სახელისუფლებო ორგანოებში (უმაღლესი ორგანოების ჩათვლით) წარმომადგენლობის საშუალებით. ამით საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა ხდება და იდეოლოგიების ბრძოლის საჭიროება აღარ არის. მით უმეტეს, რომ დასავლეთის საზოგადოებაში კრახი განიცადა მემარცხენე იდეებმა, რადგან მათ სრულად ამოწურეს თავიანთი თავი. XXს-ის 60-იან წლებში „ახალი მემარცხენეების“ ფართოდ გაშლილმა მოძრაობამ და სოციალურ-პოლიტიკურმა კონფლიქტებმა დ-ის კონცეფციის მთელი რიგი მომხრეები აიძულა გადაეხედათ თავინათი შეხედულებებისათვის და ისინი მცდარად ეღიარებინათ, განსაკუთრებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებში. თუმცა, გნოსეოლოგიურ ჭრილში სოციალური ცოდნის ობიექტურობის პრობლემების გადაჭრის მცდელობები გრძელდება. 70-იან წლებში კვლავ წარმოიქმნა მეცნიერებისა და იდეოლოგიის შეთავსებადობის საკითხი, ახლა უკვე რეიდეოლოგიზაციის კონცეფციის ბაზაზე. მისი მომხრეები თვლიან, რომ იდეოლოგიისათვის მიუღებელია ჭეშმარიტებისა და ობიექტურობის კრიტერიუმები; საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობა საზოგადოების წევრებზე იდეოლოგიის ზემოქმედების ხარისხიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს კულტურის ფარგლებში.
დეკლარაცია - რაიმეს გამოცხადება.
დეკოლონიზაცია - პროცესი, რომლითაც ბოლო ეღება ევროპის სახელმწიფოების მიერ ზღვის გაღმა ტერიტორიებისა და ხალხების კონტროლს. შესაბამისად, წარმოიქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამ მრავალრიცხოვანი, ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოების საერთო სახელწოდებაა მესამე სამყარო და ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობების ამ ახალი აქტიურობის აღსანიშნავად.
ძირითადი ქვეყნები, რომლებმაც გაათავისუფლეს კოლონიები, ევროპაში მდებრაეობს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიებმა პროტექტორატებმა და დომინიორებმა ჩამოაყალიბეს ერთა თანამეგობრობა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, რომლის წევრთა შორის შეღავათიანი სატარიფო სისტემაა. საფრანგეთის სამფლობელოების დ. უფრო მტკივნეულად წარიმართა და ზოგან (ალჟირი, ვიეტნამი) ხანგრძლივი და სისხლიანი ომები გამოიწვია.
დ-ის პროცესით ყოფილი მეტროპოლიების ჩარევა ყოფილი კოლონიების საქმეებში არ მთავრდება. თუმცა, პირდაპირი პოლიტიკური კონტროლი აღარ ხორციელდება, მაგრამ არაფორმალური საშუალებებით ხდება გავლენის შენარჩუნება და ზოგჯერ გავლენის გაძლიერებაც კი მესამე სამყაროს ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულუტურულ ცხოვრებაზე.
დეკრეტი - საკანონმდებლო აქტის ნაირსახეობა, რომელიც გამოცემულია სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის მოხელის მიერ და რომელსაც არ გაუვლია განხილვა პარლამენტში. დ-ის პრაქტიკა გავრცელდა კონტინენტურ დემოკრატრიულ ქვეყნებში საფრანგეთის ზეგავლენით. მეხუთე რესპუბლიკის კონსიტუციის 47-ე მუხლის მიხედვით, თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე 70 დღის განმავლობაში, ბიუჯეტი ავტომაურად ექცევა დ-ის მოქმედების ზონაში და მასზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს პრეზიდენტმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამეტს აღარ შეუძლია დ-ის განხილვა, მაგრამ თუკი პრეზიდენტი ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, ეს პარლამენტთან უნდა იყოს შეთანხმებული.
დელეგირება - გულისხმობს პოლიტიკური ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელწიფოს მიერ ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის ნდობით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვას გარკვეული სამუშაოს განსახორციელებლად. პირი, რომელსაც მეორე პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია ანიჭებს უფლებას, იმოქმედოს მისი სახელით, იწოდება დელეგატად ან უბრალოდ წარმომადგენლად. დელეგატსა და ნდობით აღმჭურველთა შორის ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: დელეგატი წარიგზავნოს შეხვედრაზე მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლების გარეშე, ან პირიქით, დელეგატს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს ასეთი უფლება. ყველა შემთხვევაში დელეგირება ყოველთვის გულისხმობს ამა თუ იმ პირის აღჭურვას უფლებამოსილებით, მის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ამომრჩეველთა წინაშე.
დელინკვენტობა - ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმდებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ-ის სოციოლოგიური ანალიზი ფოკუსირდება კრიმინალური დ-ის ხარისხზე, რომელიც უკავშირდება მამრობითი სქესის მოზარდებს 12 -დან 20 წლამდე და მოიცავს მაღალი რანგის სისხლის სამართლის დანაშაულებს. დ - ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს-ის 20-იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში („სოციალური ლაბორატორია“). ფაქტობრივად ეს იყო დელინკვენტური სუბკულტურების კვლევა, როდესაც ჯგუფში ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები (სტრუქტურა) და ღირებულებები განსაზღვრავს დამნაშავედ ქცევის სოციალიზაციის პროცესს. დელინკვენტური ქცევის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა დ. მაცამ, რომელმაც შემოიტანა „დელინკვენტური დრეიფის“ (delinquent drift) ცნება. მაცას თანახმად, ინდივიდები ჩართულები არიან არა დევიანტური სუბკულტირის საქმიანობაში, არამედ თანადათანობით ახდენენ საზოგადოების მიერ გაზიარებული მორალური მიზნებისა და ნორმების „ნეიტრალიზებას“, სუბიექტირად განსაზღვრავენ რა მათ როგორც მიუღებელსა და არაარსებითს. ამ დროს ინდივიდი თავს უფლებას აძლევს ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედებები ისე, რომ არ განიცადოს დანაშაულის ან სირცხვილის გრძობა.
დემარში - ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. დ-ის კონკრეტული შინაარსი სხვადასხვა ხასიათისა შეიძლება იყოს. მაგ.: თხოვნის, პროტესტის,წინადადების, შეთავაზებისა და სხვ. დ. ხორციელდება ნოტის, მემორანდუმის ან განცხადების ფორმით. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაურ პრაქტიკაში ტერმინმა შეიძინა მწვავე პოლიტიკური განცხადების ან აქციის მნიშვნელობა.
დემილიტარიზაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ამა თუ იმ ტერიტორიაზე სამხედრო გამაგრებათა და შენობა-ნაგებობათა ლიკვიდაცია, მასზე სამხედრო ბაზებისა და შეიარაღებული ძალების განლაგების აკრძალვა, რაც ხშირად მიზნად ისახავს ტერიტორიული დავის შეჩერებას. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იმ სამხედრო ძალებისათვის, რომლებიც მშვიდობის დაცვას ემსახურებიან (მაგ.; გაეროს სამშვიდობო ძალები). მთლიანად დემილიტარიზირებულია ანტარქტიკა, ალანდის კუნძულები, შპიცბერგენი, მთვარე და სხვა კოსმოსური სხეულები, ხოლო - ნაწილობრივ აფრიკა, ლათინური ამერიკა და სხვა. დემილიტარიზებული ტერიტორია ზოგჯერ ნეიტრალურ ზონად ცხადდება, ე.ი. იკრძალება მისი გამოყენება საომარი მოქმედების ასპარეზად. ამასთანავე, ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს დემილიტარიზებული ზონა, როგორც წესი, ნეიტრალურ, ანდა მიუმხრობელ საგარეო პოლიტიკას უნდა ატარებდეს.
დემოკრატია - საზოგადოების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რადგანაც ხალხი იშვიათად გამოხატავს ერთნაირ იდეას, ამიტომ „დემოკრატია“ როგორც აღწერითი ტერმინი შეიძლება ჩავთვალოთ „უმრავლესობის მმართველობის“ სინონიმად. შემდგომში, XVIIIს-ში, როდესაც ტერმინი კვლავ შემოვიდა ხმარებაში, უმრავლესობა, ვინც ამ ტერმინს ხმარობდა, წინააღმდეგი იყო ეწოდებინათ დემოკრატია იმისათვის, რასაც აქამდე უწოდებდნენ. დღეს ხშირად რეჟიმები, რომლებიც არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ დემოკრატიულად, სწორედ ასე უწოდებენ თავიანთ თავს (მაგ.; ყოფილი კამპუჩის სახალხო რესპუბლიკა). ყველაზე უფრო საკამათოა შემდეგი საკითხები: ვინ ითვლება „ხალხად“ და რა არის უმრავლესობა? ძველი ათენის მმართველობა დემოკრატიულად ითვლებოდა (დაახლოებით ძვ. წ. 500-დან 330წ-მდე), რადგანაც ყველა მოქალაქეს შეეძლო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ „ყველა მოქალაქე“ არ გულისხმობდა „ყველა სრულწლოვანს“. ქალები, მონები და ქალაქში მცხოვრები უცხოელები (მათ შორის წარმოშობით სხვა ბერძნული ქალაქებიდან „გადმოსახლებულები“ ე.წ. მეტეკები) ასეთ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ასე რომ, საბოლოოდ კენჭისყრაში სრულწლოვანი მოსახლეობის მეოთხედი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მკვლევრები ათენს „დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ასეთივე მიდგომაა თანამედროვე სახელმწიფოების მიმართაც - ის სახელმწიფოები, სადაც მამაკაცების საკმაო რაოდენობას აქვს ხმის უფლება - დემოკრატიულად ითვლება. მაგ.; დიდ ბრიტანეთში 1918წ-მდე (ამ წელს ხმის უფლება მიიღეს ქალებმა) ხმის უფლება ჰქონდა მოსახლეობის ნახევარს, მაგრამ ეს წელი არ არის მიჩნეული ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევის თარიღად. მოსახლეობის რა მინიმალურმა ნაწილმა უნდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ რეჟიმი დემოკრატიულად ჩაითვალოს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სიტყვა „უმრავლესობას“ უფრო ზუსტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე განუსაზღვრელ სიტყვას „ხალხი“ და ნიშნავს ნახევარზე მეტს. ორი კანდიდატურის კენჭისყრის დროს სირთულეები არ წარმოიქმნება. თუ კანდიდატურების რაოდენობის სამი ან მეტია, პრობლემა რთულდება. მის გადასაჭრლად სხვადასხვა დროს ბევრი მოაზროვნე იმტვრევდა თავს. პირველი სისტემატური ანალიზი ეკუთვნის ბორდას და კონდორსეს (XVIIIს-ის დასასრული). ხმათა (უბრალო) უმრავლესობის პრინციპმა (არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა მეტი ხმა, ვიდრე დანარჩენებმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია) შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არჩეულ იქნას ის, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობა უღირსად თვლის. მაგრამ ქვეყნებში, სადაც საყოველთაო არჩევნები ამ პრინციპით ტარდება (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და სხვა)., მას დემოკრატიულად თვლიან. ბორდას აზრით, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იმ კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საშუალო შეფასებით კატეგორიას მიიღებდა. კონდორსეს თანახმად, გამარჯვების ღირსია ის კანდიდატი, რომელიც დანარჩენ კანდიდატებს მოუგებს. უნდა აღინიშნოს, რომ „უმრავლესობის პრინციპის“ ამ ვარიანტის გამოყენებას არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იმავე კანდიდატის არჩევნებამდე როდი მივყავართ, ხოლო კონდორსეს ვარიანტი, რომელიც ყველა წყვილურ დაპირისპირებაში კანდიდატის გამარჯვებას გულისხმობს, ზოგჯერ საერთოდ ვერ ავლენს გამარჯვებულს. ამ შემთხვევაში, რომელმა კანდიდატმაც უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის არსებობს უმრავლესობა, რომელიც სხვა კანდიდატურას ისურვებდა. ასე რომ, „უმრავლესობის პრინციპის“ მნიშვნელობა გაუგებარია. XVIIს-ში გაჩნდა გამონათქვამები დემოკრატიის დასაცავად, რომლის საფუძველსაც ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებები წარმოადგენდა. შესაძლოა აღნიშნული რამდენადმე პროტესტანტული რეფორმაციის შედეგი იყო. თომას ჰობსი და ჯონ ლოკი აღიარებდნენ მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია წმინდა დემოკრატიული დასკვნები. დასავლეთში საარჩევნო უფლებების მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო XIIIს-ის ბოლოს. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ეს უფლებები თავდაპირველად მიიღეს მხოლოდ მსხვილი საკუთრების მფლობელებმა, მაგრამ მოგვიანებით, 1791 წლის კონსტიტუციისა და 1793 წლის კონსტიტუციის პროექტის შესაბამისად აღნიშნული უფლებები პრაქტიკულად მოსახლეობის ყველა სრულწლოვან მანმაკაცზე გავრცელდა. ბევრ ამერიკულ კოლონიაში ჯერ კიდევ 1776 წლამდე საარჩევნო უფლებას მოსახლეობის ფართო მასები ფლობდნენ, ხოლო დემოკრატიას საფუძველი 1787 წლის კონსტიტუციამ ჩაუყარა, რომელმაც თითოეულ შტატს პალატისა და პრეზიდენტის არჩევნებისას მოსახლეობის რაოდენობის (ინდიელებისა და მონების გარდა) შესაბამისი წარმომადგენლობა დაუკანონა. XIIIს-ში, როდესაც დ. კვლავ „აღმოაჩინეს“, არც ერთი არსებული სისტემა არ წარმოადგენდა უშუალო დ.-ს. ხმის უფლების მქონე პირები ირჩევდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ შემდგომ არჩევნებამდე იყვნენ პასუხისმგებელნი.
შესაბამისად, არსებობს დ-ის ორი ძირითადი სახე - პიდაპირი და წარმომადგენლობითი (რეპრეზენტატული). პირდაპირია დ., რომელშიაც გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქალაქეთა მასის მიერ. ამ მხრივ, დემოკრატიის ეს ფორმა მკვეთრად განსხვავდება წარმომადგენლობით დ - ებისაგან, სადაც ხალხის ინტერესები სპეციალური წარმომადგენლების, დეპუტატების მიერ გამოიხატება. საერთოდ, პირდაპირი დ. დამახასიათებელი იყო მცირე ზომის სახელმწიფოებისათვის, რომლებშიც ხმის მქონე მოქალაქეების რაოდენობა არ იყო დიდი. ამგვარი დ-ის ყველაზე ნათელი მაგალითია ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოები, თუმცა იგი არსებობდა უფრო გვიანაც - შვეიცარიაში (ჟენევაში) ან ამერიკის დასავლეთის შტატების რიგ ქალაქებში.
დემოკრატია პირდაპირი - იხ. დემოკრატია
დემოკრატია წარმომადგენლობითი - იხ. დემოკრატია
დემოკრატიული მშვიდობა - საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების თეორია დ.მ -ის თეორიის მიხედვით, რეჟიმის ტიპი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელია, ამიტომაც დემოკრატიები ერთმანეთს არ ეომებიან. ეს თეორია კანტის ნაშრომის „მარადიული მშვიდობის“ (1795) მოსაზრებებს ეფუძნება. დ.მ-ის თეორია თანამედროვე ლიბერალური და ნეოლიბერალური თეორიების ერთ-ერთი საფუძველია. ამ თეორიის მიხედვით, დ.მ-ს ინსტიტუციური და ნორმატიული შეზღუდვები განაპირობებს. ერთი მხრივ, დემოკრატიულ ქვეყნებში ელექტორატი, რომელიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენს, ცდილობს თავიდან აირიდოს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც მოსახლეობისათვის უბედურება მოაქვს. მეორე მხრივ, დემოკრატიული ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ნორმატიული შეზღუდვა სხვა დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მსგავსი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის არჩევის მოლოდინში ვლინდება. შესაბამისად, ომის თავიდან არიდების სტრატეგია და მსგავსი სტრატეგიის მოლოდინი სხვა დემოკრატიული ქვეყნებისგან დემოკრატიული მშვიდობის საფუძველს ქმნის. თავის მხრივ, დემოკრატიულ მშვიდობას უსაფრთხოების თანამეგობრობების შექმნამდე მივყავართ. დემოკრატიული მშვიდობის თეორიის ემპირიულ საფუძველს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დემოკრატიულ ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის არარსებობა წარმოადგენს. ნეორეალისტები დ.მ-ის თეორიას აკრიტიკებენ. ერთი მხრივ, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ დემოკრატიის განსაღვრებას. მეორე მხრივ, ნეორეალისტებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის მიზეზთა საკუთარი ახსნა აქვთ. ეს მოსაზრებები ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის, როგორც მშბვიდობის განმსაზღვრელის ფუნქციას და, სამაგიეროდ, გვთავაზობს მშვიდობის გაგების (ახსნის) სხვა ვერსიებს, როგორიცაა დასავლურ სახელმწიფოებს შორის კულტურული ერთგვარობა, ალიანსი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ და, ბოლოს შემთხვევითობა. ამ კრიტიკის მიუხედავად, დემოკრატიული მშვიდობის თეორია დღეს დასავლეთში საგარეო პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი საფუძველია.
დეპორტაცია - პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირითადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა, ბოლო წლებში დ-ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთ სახელმწიფოთა ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებმაც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით (იხ. გენოციდი, ეთნიკური წმენდა).
დესპოტიზმი - ერთი პირის შეუზღუდავი ხელისუფლების ფორმა. შესაბამისი მნიშვნელობით დესპოტის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები. ძველი ბერძნები „დესპოტს“ არათავისუფალი ქვეყნის მმართველს უწოდებდნენ. თეორიული აზრის განვითარების კვალად, თანადათანობით შეიცვალა ტერმინის მნიშვნელობაც. პირველად არისტოტელემ გამიჯნა ერთმანეთისაგან სპარსული დესპოტია და ბერძნული ტირანია. ტირანია ხანმოკლეა და მთლიანად ძალადობას ემყარება, მაშინ როდესაც აღმოსავლური დესპოტია სტაბილური რეჟიმია იმ ხალხისა, ვინც არც იცის სხვაგვარი მმართველობის წესი. შესაბამისად, აღმოსავლური დესპოტია ემყარება არა იმდენად ძალადობას, რამდენადაც ხალხის თანხმობას და, ტირანიისგაან განსხვავებით, ლეგიტიმურია, დ. როგორც სპეციფიკურად აღმოსავლური მმართველობის სახე, მონტესკიეს მიერ გვიან კიდევ უფრო გაიმიჯნა დასავლური აბსოლუტისტური რეჟიმებისაგან, რომელთა მონარქები, როგორი რეპრესიული ხასიათიც უნდა ჰქონოდა მათ მმართველობას, ყოველთვის მართავდნენ (თუნდაც, საკუთარ ნებას დაქვემდებარებული, მაგრამ მაინც არსებული) კანონის შესაბამისად.
ბევრ თანამედროვე თეორიაში ტერმინი დ. ნეგატიური მნიშვნელობით - გადაჭარბებული ძალაუფლების აღმნიშვნელად გამოიყენება.
დესტაბილიზაცია - საგარეო პოლიტიკური ქმედება, რომელიც სხვა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალით ღია ჩარევის გარეშე ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საფუძვლიან ცვლილებას ითვალისწინებს. დ-ის მიღწევა სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და სოციალური მეთოდებით შეიძლება. არ არის აუცილებელი, დ-ის მიზანი იყო სამიზნე ქვეყანაში სოციალური ძვრების გამოწვევა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების დაშლა. უმრავლეს შემთხვევაში, დ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის - მთავარი მიზანი სამიზნე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაა, რაც ხელმძღვანელობის შეცვლით მიიღწევა ხოლმე. წარმატებულმა დ-მ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება ან სამოქალაქო ომიც კი გამოიწვიოს. დ. ცივი ომის პერიოდში ზესახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ჩვეულებრივ მეთოდად განიხილებოდა.
დე ფაქტო დე იურე - განსხვავება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის არსებობაში ან პოლიტიკური ნორმის ფაქტობრივი და სამართლებრივი სახით რეალიზაციაში. პოლიტიკური პროცესების დინამიკური ხასიათი ხშირად წარმოშობს შეუთავსებლობას პოლიტიკური სუბიექტის რეალურ არსებობასა და მის ლეგიტიმაციას შორის. ასე მაგალითად, ყოველი რევოლუციის ან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსული ხელისუფლება ყოველთვის დე ფაქტო ხელისუფლებაა. ის ფაქტობრივად არსებობს იმისდა მიუხედავად, კანონიერია თუ არა. კიდევ ერთ (თუმცა სხვა ტიპის) მაგალითად შეიძლება დასახელდეს XX ს-ის მიწურულს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ მის დამოუკიდებლობას არ ცნობს მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო.
დიალოგი (პოლიტიკური) - ინტერსუბიექტური (სუბიექტთაშორისი) კომუნიკაციური ურთიერთობის ფორმა (განსხვავებით მრავალმხრივი პოლიდიალოგისაგან), რომელიც ხორციელდება პოლიტიკური დატვირთვის მქონე ენობრივი საშუალებებით და მიმართულია მხარეთა საერთო ინტერესების გამოვლენის, საერთო პოლიტიკური პოზიციის გამომუშავებისა და პრობლემის თანამედროვე გზებით მოგვარების, ასევე მიზნების, განზრახვების, იდეების შეთანხმებისაკენ და ა.შ. რადგან ენობრივი ურთიერთკომუნიკაციის პროცესი აგებულია პრინციპით „კითხვა-პასუხი“, „თანხმობა-წინააღმდეგობა“, ამიტომაც მას ხშირად თანხმობის ძიების ან შეთანხმების პროცესსაც უწოდებენ; სიტყვის dialogos ნაწილს - logos აქვს ფონეტიკური და ეტიმოლოგიური მსგავსება ტერმინთან logoy - თანხმობა (logos-ის ნათესაობითი ბრუნვა) და homologein-თან (განუსაზღველი ფორმა ზმნისა homologeo - ვეთანხმები). ძველი ბერძნები დიპლომატიური ურთიერთობების დროს ხმარობდნენ სიტყვას dialogen ანუ შერიგება, რომელიც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო სურვილი საომარი მოქმედებების შეწყვეტისა. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა საერთაშორისო ურთოერთობების პოლიტიკა და დიპლომატია განიხილებოდეს როგორც ჰუმანიტარული შემეცნებისა და კულტურის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო და მის საკვლევად გამოყენებულ იქნეს ფენომენოლოგიური, ჰერმენევტიკული, ფსიქოანალიტიკური, ლინგვისტური მეთოდები. მათ საფუძველზე დ-ის მეთოდს შეუძლია ეფექტურად მოახდინოს პოლიტიკური მოქმედებების პროგნოზირება, შეიმუშაოს და განახორციელოს პოლიტიკური პროგრამები. აღნიშნული მეთოდების გამოყენება, თავის მხრივ, ხელს უწყობს ისეთი პოლიტიკური დისციპლინების წარმოქმნას, როგორებიცაა: პოლიტიკური ლინგვისტიკა, პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური ჰერმენევტიკა და სხვ.
დიასპორა - პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ებრაელების გადასახლებას ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს. აგრეთვე, ახ.წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევისა და 135 წელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ებრაელთა მთელს მსოფლიოში გაფანტვას. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ებრაელთა დ-ს მოიხსენიებდნენ. შემდეგ დ. დაერქვა ბერძნულ, სომხურ, ირლანდიურ და ჩინურ ემიგრაციასაც. სხვა ეროვნების ემიგრანტებს დ-დ არ მიიჩნევდნენ. ამჟამად ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და დ-დ იწოდება ყველა დისპერსიული ემიგრანტული თემი (მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა), რომელიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, მაგრამ ინარჩუნებს თვითიდენტიფიკაციას ისტორიულ სამშობლოსთან.
დიდი სახელმწიფოები - სახელმწიფოები, რომელთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი სხვა სახელმწიფოებზე გაცილებით დიდია და მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი), მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თანასწორუფლებიან ერთეულად თვლის. ისტორიულად დ. ს.-ის ცნება ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დამლევს. ამ დროისათვის ასეთებად ითვლებოდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, გერმანია, აშშ, იაპონია, ავსტრია-უნგრეთი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოიკვეთა ჯერ სამი დიდი სახელმწიფო - აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ, შემდგომ კი მათ დაემატა საფრანგეთი და ჩინეთი. სწორედ ამ სახელმწიფოებს, როგორც ფაშიზმთან და მილიტარიზმთან ბრძოლის მთავარ ძალებს მიენიჭა გაეროს უშიშროების მუდმივი წევრების სტატუსი. დღეს დ.ს-ის რიცხვს ისევ შეემატა გერმანია და იაპონია, აგრეთვე იტალია და კანადა. ამათგან პირველი ორისათვის (გერმანია და იაპონია) დადგა საკითხი უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დიდი სტრატეგია - იხ. დოქტრინა (პოლიტიკური).
დიდი შვიდეული - პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ჯგუფის სახელწოდება. დ.შ-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები.
წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს რამბუიეში (საფრანგეთი). მაშინ დამკვიდრდა ტერმინი „დიდი ექვსეული“, რადგან ამ პირველ შეხვედრაზე კანადა არ იყო მიწვეული. მეორე სამიტზე, ექვსეულისათვის კანადის შემატების შემდეგ, იგი დ.შ-ად იქცა. 1977 წლიდან დ.შ-ის სამიტებზე იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც მსოფლიო ვაჭრობასა და საფინანსო ურთიეთობებს ეხება, მონაწილეობს ევროკავშირი (ყოფილი „საერთო ბაზარი“) როგორც ცალკე წევრი. საბჭოთა კავშირის დაშლამ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობამ ცვლილებები შეიტანა დ.შ-ს სტრატეგიაში. რუსეთისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, მისი გადაქცევა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად, მისი აქტიური დაკავშირება მსოფლიო ბანაკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, აგრეთვე ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერა და დ.შ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახდა. ამით აიხსნება, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთი, როგორც ცალკე წევრი, მონაწილეობდა დ.შ-ის უმაღლესი დონის ყველა შეხვედრაში. ამიტომ დ.შ. უკვე გადაიქცა „დიდ რვიანად“ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ სახელით მოიხსენიება.
დინასტია - დ-ს ქმნიან ერთი და იგივე გვარის მონარქი მმართველები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ტახტზე მემკვიდრეობის უფლებით. თუ კონკრეტულ მმართველს ლეგიტიმურობას ანიჭებს მემკვიდრეობითობა, მთელი დ-ის ლეგიტიმურობა ემყარება „ტახტისა და საკურთხევლის“ კავშირს. საუკუნეების მანძილზე ევროპაში გაბატონებული მმართველობის ამ ფორმის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. იგი მხარს უჭრდა ამა თუ იმ დ-ის კანონიერებას და მოსახლეობისაგან მოითხოვდა ამ მიწიერი, დროებითი ხელისუფლებისადმნი მორჩილებას.
დიპლომატია - სგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიეთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. დ-ის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის მთავარი ფუნქცია მხარეებს შორის საერთო ინტერესების მოძებნა და კონფლიქტური საკითხების გამორკვევაა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. დიპლომატიური საქმიანობა ხორციელდება მოლაპარაკებების მეშვეობით, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენელი, ელჩი ახორციელებს. მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV-ის იტალიაში წარმოიშვა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დ-ური წარმომადგენლობების მთავარ ფუნქციებს დღემდე ინფორმაციის მოპოვება და მისი ინტერპრეტირება, წარმგზავნი სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს. დ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფუნქციის გარდა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის როლსაც ასრულებს. ხშირად ამ სიტყვით ზოგადად საერთაშნორისო ურთიერთობებსაც აღნიშნავენ.
დისიდენტი - თავდაპირველად აღნიშნავდა სხვაგვარად მოაზროვნეს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს. ცივი ომის პერიოდში ტერმინი გამოიყნებოდა სოციალური ბანაკის იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც არ ეთანხმებოდა გაბატონებული იდეოლოგიის პოლიტიკურ დოგმატიკას. დ-ების ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი იყო. ისინი ღიად, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. რამდენადაც ამის გაკეთება ტოტალიტარულ სისტემებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მონოპოლიის გამო უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ამდენად დ-ები მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურის გავრცელებას თვითგამოცემების სახით. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ ცივი ომის პერიოდში გამოცემული „ჯვარი ვაზისა“ სწორედ ამ სახის ლიტერატურას უნდა მივაკუთვნოთ. დ-ობა არ არსებობს იქ, სადაც არსებობს რელიგიური და პოლტიკური პლურალიზმი, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შემწყნარებლობა. შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა კავშირში დ-მ ფუნქცია დაკარგა იმ პროცესების შემდეგ, რომლებიც თან მოჰყვა გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკისა“ და პლურალიზმის“ გამოცხადებას.
დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური) - მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისათვის რასობრივი, ნაციონალური, სოციალური წარმოშობის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. დ. შეიძლება განხორციელდეს უხეშად და დაუფარავად, ანუ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ზოგჯერ გენოციდის სახეც მიიღოს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია რასისტული და ფაშისტური რეჟიმებისათვის, ტოტალიტარული და ავტორიტარული ქვეყნებისათვის. მაგრამ დ. შეიძლება ფარულ, არაოფიციალურ, ფაქტობრივ ხასიათსაც ატარებდეს, როდესაც კანონსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს და სრული თანასწორუფლებიანობაა გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს. დ. თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური კონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ისტორიაში დ-ის ნათელ მაგალითებად შეიძლება გამოდგეს დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ ფაშისტურ ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა აპართეიდის სისტემის პერიოდში, სულ ახლო წარსულში შავკანიანების, ინდიელებისა და ლათინოამერიკელების მდგომარეობა აშშ-ში, სტალინის რეჟიმის დროს დამოკიდებლობა რეპრესირებული ხალხებისადმი სსრკ-ში, ზოგიერთ ქვეყანაში აბორიგენული მოსახლეობის, იმიგრანტთა, ლტოლვილთა, საზღვარგარეთელ მუშათა და სხვ. მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნული აბსოლუტურად შეუთავსებელია ნამდვილი დემოკრტიისა და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებთან.
დისკურსი - მიშელ ფუკოს მიერ გამოყენებული ცნება იმის ასახსნელად, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები შეიტანონ წესრიგი სოციალური ცხოვრების ქაოსში. დ. არის ურთიერთდაკავშირებული დებულებების ან ცნებების ერთობლიობა, ერთგვარი „ენა“, რომელიც განსაზღვრავს სოციალური სამყაროს ელემენტებს შორის ურთიერთობას. სოციალური მოვლენები ყოველთვის არსებობს მხოლოდ გარკვეული დ-ის ფარგლებში და სხვაგვარი არსებობა არ გააჩნია. მაგალითად საზოგადოების ისტორიაში შეშლილობის განსხვავებული დ-ები არსებობდა. შესაბამისად, განსხვავებული იყო შეშლილობის, როგორც სოციალური მოვლენის, არსებობა: საშუალო საუკუნეებში შეშლილობას განიხილავდნენ როგორც ადამიანის გამორჩეულობას, მისი სიბრძნის გამოხატულებას, მაშინ, როდესაც XX ს-ში შეშლილობა ითვლებოდა ავადმყოფობად, რომელიც მკურნალობას მოითხოვს. დ-ები შეიძლება იყოს როგორც შეთანხმებული, ისე კონფლიქტური, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დ. არა მხოლოდ ქმნის (ან აღწერს) სოციალურ ურთიერთობებს, არამედ იყენებს ცოდნას ძალაუფლების დასაფუძნებლად. ფუკოს მიხედვით, ცოდნა სხვებზე ძალაუფლების წყაროა, რამდენადაც დ. გამოიყენება ქცევის გასაკონტროლებლად და სახელმძღვანელოდ. ის, ვინც აკონტროლებს დ-ს ფლობს იმის ძალას, რომ განსაზღვროს სხვათ პოზიციები.
დისკურსული ცნობიერება - გიდენსის მიხედვით, აღნიშნავს ინდივიდის უნარს „აქციოს“ საგნები (მოვლენები) სიტყვებად. ეს არის მსჯელობის (დასაბუთების), ანუ აქტიურად რეფლექსური ცოდნის დონე, როდესაც ინდივიდს შეუძლია იმის თქმა, თუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქმედების წარმომქმნელი მიზეზების გაცნობიერება. აქტიური რეფლექსიის უნარი მობილიზდება მხოლოდ რუტინათა შეწყვეტის ან კრიტიკული მსხვრევის დროს. ეს პროცესი ზოგჯერ წინასწარმეტყველებადია (მაგ., უნივერსიტტის დასრულება ან სამსახურიდან გადადგომა), ხოლო ზოგჯერ რუტინათა შეწყვეტა ხდება გაუფრთხილებლად (მაგ., უმუშევრად დარჩენის ან სერიოზული დაავადების დროს). ამ დროს აქტორები საკუთარი ძალების მობილიზებას ახდენენ და პრობლემების გადასაჭრელად აზროვნებას მიმარავენ, რაც ანელებს დაძაბულობას და, საბოლოო ჯამში, სოციალური ცვლილებები მოაქვს. გიდენსი აღიარებს პასიური რეფლექსურობის არსებობასასც, რომელიც პრაქტიკული ცნობიერების დონეზე ხორციელდება (იხ. პრაქტიკული ცნობიერება; არაცნობიერი მოტივაცია).
დისპერსიული ანალიზი (ანოვა) - ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ კავშირები მრავალგანზომილებიანი შემთხვევითი სიდიდის სტატისტიკურ განაწილებებში. ორგანზომილებიანი შემთხვევითი სიდიდის ერთობლივი განაწილების ანალიზისას გამოიყენება ე.წ. ერთფაქტორული დ.ა. სოციოლოგიური კითხვარიდან აირჩევა ორი შეკითხვა - კვლევის ობიექტის ორი მახასიათებელი, რომელთათვისაც საჭიროა გამოვავლინოთ ერთის გავლენა მეორეზე - ფაქტორისა ძირითად მახასიათებლებზე. ძირითადი მახასიათებელი არის რაოდენობრივი კითხვა (ექსტენსიური ან ინტენსიური ბუნების). საკვლევი ერთობლიობა ემორჩილება ნორმალური განაწილების კანონს. მეორე მახასიათებელი - ფაქტორი - არის მკაცრად დიზიუნქციური კითხვა ნებისმიერი სახის სკალით (ნომინალური, რანგული, პროპორციული), მაგ., ნომინალური, რომელიც ყოფს საკვლევ ერთობლიობას ქვეერთობლიობებად. ყოველი მათგანი აღიწერება ნორმალური განაწილბის კანონით ძირითადი მახასიათებლის მიხედვით.
ა. უზრუნველყოფს მიზნებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებების შემოწმებას მრავალგვარი დაკვირვბის ორ ტიპად დაყოფის მეშვეობით. ერთია „შიდაჯგუფური“ მრავალსახეობა - განსხვავება შერჩევის ყოველ ჯგუფს შიგნით, მეორე - „ჯგუფთაშორისი“ - ჯგუფის მიზნებს შორის განსხვავებები. დ.ა-ის გამოყენებას საფუძვლად უდევს ის, რომ: 1. ყოველი ჯგუფი ჩვეულებრივი მოსალეობის შემთხვევით შერჩევას უნდა წარმოადგენდეს; 2. ჯგუფების გაფანტულობა მოსახლეობაში ერთნაირი უნდა იყოს.
დისტანცია - მიესადაგება რეალურ, ფიზიკურ მანძილს, რომელიც მოვლენათა (საგანთა) არაერთგვაროვნების ან გათიშულობის აზრობრივი გაზომვის ფუნქციას ასრულებს. სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა ეთნოლოგიის სფეროდან, კერძოდ, პროქსემიკიდან, რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს მათ შორის სივრცული მიმართებების მეშვეობით აღწერს. სოციალურ მეცნიერებებში დ-სთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი არსებობს: ფსიქოლოგიური დ. - ადამიანთა განკერძოების რაღაც დონე, რომელიც, ჩვეულებრივ, ურთიერთქმედებაში გაჩენილ სირთულეთა შესახებ მსჯელობებით გამოიხატება; სოციალური დ. - ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორების ხარისხს; ძალაუფლებრივი დ. - საზოგადოების „დაბალი ფენების“ დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისადმი; სახალხო დ. - ფიზიკური სივრცე, რომელსაც ადამიანები ინარჩუნებენ ერთმანეთს შორის სახალხო მოღვაწეობის დროს (მაგალითად, ლექციის კითხვისას). სოციალური და ფსიქოლოგიური დ-ის ცნებები საკმაოდ რთული ცნებებია. ისინი ასახავს პირადი და სოციალური ურთიერთქმედების მოდელს; ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სიახლოვის, ერთმანეთის ღირბულებებისა და იდეალების მიმართ ორმხრივი სიმპათიების ხარისხსს; ემოციური თანაზიარობის არარსებობას, წინასწარგანზრახული მიუკერძოებლობის პოზას, რაც რეალობაში ურთიერთქმედებისთვის ბარიერებს (ზოგჯერ გადაულახავს) ქმნის და სხვ. ფსიქოლოგიური და სოციალური დ-ის ინდიკატორებია: ა) საზოგადობის რომელიმე ფენის მისაწვდომობა სხვა ფენის ადამიანისა თუ ჯგუფებისათვის; ბ) უთანასწორობის შინაგანი შეგრძნება, რომელიც ინდივიდს ან ჯგუფს აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ - ჩვეულებრივ მისი ინდიკატორია ის, თუ რამდენად სიამოვნებს ადამიანს სხვა ადამიანთან (ფსიქოლოგიური დ.) ან სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან (სოციალური დ.) ურთიერთობა. ძალზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინები „ჰორიზონტალური დ“. და „ვერტიკალური დ“. იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ-ეკონომიკურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას.
დიქტატურა - ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობა. ძველ რომში დიქტატორებს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ ქვეყნისათვის განსაკუთრებული საფრთხის ჟამს. ამასთან, ძველი რომის დიქტატორები თავიანთ მოქმედებებში ექვემდებარებოდნენ კანონს და ანგარიშვალდებულებისაგანაც არ იყვნენ თავისუფალნი. უფრო გვიან, ჯერ სულას და შემდეგ კი უკვე იმპერატორების მმართველობის ხანაში, დ-მ მიიღო დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც მას დღეს აქვს: მმართველობის ისეთი წესი, რომელიც არ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით.
დიქტატორული მმართველობა დამახასიათებელი იყო XXს-ის თითქმის ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმისათვის. შესაბამისად, თეორიულ ლიტერატურაში დიქტატორების რანგში შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ მუსოლინი, სტალინი, ფრანკო, ჰიტლერი. თანამედროვე პერიოდში დ-დ მოიხსენიება სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში ან კადაფის რეჟიმი ლიბიაში და სხვ.
დ-ის აუცილებლობის თეორიულ გამართლებას ვპოულობთ მარქსთან. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“ (1848) მარქსი პირველად ალაპარაკდა განსაკუთრებული ტიპის, პროლეტარიატის დ-ზე. ეს, მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდი, რომლის დროსაც სახელმწიფო არსებობს პროლეტარიატის დ-ის სახით.
დოგმატიზმი - ცალმხრივი, სქემატური, უცვლელი აზროვნება, ეყრდნობა განყენებულ დებულებებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ კონკრეტულ პირობებსა და პრაქტიკას. დ-ის საფუძველს წარმოადგენს ავტორიტეტებისადმი ბრმა რწმენა, მოძველებული დებულებების დაცვა და მათი აბსოლუტიზაცია. იგი დამახასიათებელია რელიგიური აზროვნებისათვის. პოლიტიკურ საფუძველს დ-ისთვის წარმოადგენს საზოგადოებაში შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი პირობების, დემოკრატიის, საჯაროობისა და სიტყვის თავისუფლების არარსებობა, რასაც თეორიისგან პრაქტიკის დაშორებისკენაც მივყავართ.
დოკუმენტების ანალიზი - მეთოდი, რომლის მეშვეობითაც კვლევის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება. მისი დანიშნულება შესასწავლი ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მისი დაფიქსირება ნიშნების (ანალიზის კატეგორიების) სახით ამ ინფორმაციის ვალიდურობის, საიმედოობის განსაზღვრა, რაც კვლევის მიზნებისათვისაა მნიშვნელოვანი, მისი საშუალებით საკვლევი პროცესისათვის ობიექტური და სუბიექტურ-შეფასებითი მახასიათებლებისა და მაჩვენებლების შემუშავება დ.ა-ის გამოყენება სოციოლოგიური გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზეა შესაძლებელი: კვლევის საგნისა და ობიექტის დაზუსტებისას, ჰიპოთეზების შემუშავებისა და შემოწმებისას, დასკვნების კორექციის დროს.
სოციოლოგიაში დ.ა-ის ორ ძირითად სახეს გამოყოფენ: 1. თვისებრივს ანუ ტრადიციულსა და 2. რაოდენობრივს ანუ ფორმალიზებულს - კონტენტ-ანალიზს. თვისებრივი ანალიზი ტექსტის გაგების მექანიზმს ემყარება. ტრდიციული მიდგომის არსი მდგომარეობს დოკუმენტების შინაარსის ჩაღრმავებულ ლოგიკურ კვლევაში, მათ ავტორთა პოზიციების გარკვევაში ავტორისეული ენისა და გადმოცემის სტილის თავისებურებაში. ამ მეთოდის მეშვეობით განისაზღვრება დოკუმენტის ღრმა შინაარსი. თუმცა, არსებობს მასალის სუბიექტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. კონტენტ-ანალიზი არის ტექსტობრივი ინფორმაციის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გდაყვანა სტატისტიკური დამუშავები გზით. ამ დროს ტექსტის შინაარსი განისზღვრება როგორც მასში წარმოდგენილ მონაცემთა შეფასებათა ერთობლიობა. ისინი გაერთიანებულია საერთო კონცეფციითა და ჩანაფიქრით. ფორმალიზებული ანალიზი ორიენტირებულია იმ რეალობის შესწავლაზე, რაც ტექსტს მიღმაა (ფაქტები, მოვლენები, ადამიანური ურთიერთობები). კონტენტ-ანალიზის პროცედურა იწყება ანალიზის ორი ერთეულის „აზრობრივისა“ და „თვლის ერთეულის“ გამოყოფით, ამ დროს, მთავარი აზრობივი ერთეული უნდა იყოს სოციალური იდეა, სოციალურად მნიშვნელოვანი თემა. იგი ტექსტში შეიძლება გადმოიცეს სიტყვით სიტყვათშეთანხმებით, აღწერით. კვლევის მიზანია იმ ინდიკატორების მონახვა, რომლებიც დოკუმენტში ანალიზისათვის მნიშვნელოვანი თემის არსებობაზე მიუთითებს. თვლის ერთეული შეიძლება იყოს ცალკეული სიტყვები (ტერმინები, გეოგრაფიული სახელწოდებები, პოლიტიკურ მოღვაწეთა სახელები და სხვ.), მსჯელობები, შეფასებები. არგუმენტები და სხვ. თვლის ერთეულის განსაზღვრას განაპირობებს კვლევის მიზანი. შესაძლებელია აზრობრივი ერთეული დაემთხვეს თვლის ერთეულს. რაოდენობრივმა ოპერაციამ, რომელიც თვლის ერთეულის გამოყოფით იწყება, უნდა უპასუხოს კვლევის მიზნებს და სანდოობის მოთხოვნებს.
დომინოს თეორია - ერთიმეორის მიყოლებით წაქცეული დომინოს ქვებისა და სახელმწიფოების მეტაფორული ანალოგია, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში XXს-ის 50-იან და 60-იან წლებში გახდა პოპულარული. ამ თეორიის მიხედვით, დომინოების, იმავე სახელმწიფოების, წაქცევის მიზეზი საერთაშორისო კომუნიზმი იყო, რომელიც საზღვრების მიუხედავად ფართოვდებოდა. ამიტომაც დაუშვებელი იყო რომელიმე სახელმწიფოში კომუნიზმის გამარჯვება. დ.თ-ის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას ვიეტნამისა და ინდოჩინეთის კომუნიზმისგან დაცვას აქცევდნენ. დ.თ-ს კომუნიზმის როლის გაზვიადებისა და სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკის სხვა ფაქტორების იგნორირების გამო აკრიტიკებენ.
დოქტრინა (პოლიტიკური) - სახელმძღვანელო თეორიული, სამეცნიერო, ფილოსოფიური ან პოლიტიკური პრინციპები. ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური დ. გამოხატავს სახელმწიფოს ოფიციალურ შეხედულებებსა და დებულებებს, რომლებშიაც ასახულია მოცემული ქვეყნის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, შერჩეულია მოკავშირეები და ამ ამოცანების გადაწყვეტის გზები შორ, საშუალო და ახლოვადიან პერსპექტივაში. სახელმწიფოს პოლიტიკური დ. ვალდებულია გაითვალისწინოს ქვეყნის მთელი პოტენციალი (ეკონომიკური, სამხედრო, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური, ეკოლოგიური და ა.შ.), რომელიც აუცილებელი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად. შემოთავაზებული გაგებით, ტერმინი „პოლიტიკური დ“ ზოგიერთ პოლიტოლოგიურ ტრადიციაში ემთხვევა ტერმინს „დიდი სტრატგია“.
დრაკონული კანონები - ამ ტერმინით აღინიშნება მკაცრი, დამთრგუნველი კანონების ერთობლიობა. პოლიტიკურ სიტყვათხმარებაში ტერმინი შემოვიდა ძვ.წ. VIIს-ის ათენელი მმართველის დრაკონის სახელთან ასოციაციით, რომელმაც 621 წელს ქალაქს ძალზე მძიმე კანონები დაუწესა. თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს მოსალოდნელი მასობრივი არეულობების ან ამბოხების საფრთხის წინაშე მდგარი მთავრობის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით შემოღებული საგანგებო კანონების აღსანიშნავად.
დრამატურგიული მიდგომა - სოციოლოგიური მოდელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუბიექტურზე, ინდივიდუალურზე - ადამიანთა სოციალურ ქმედებებზე. ასეთ მოდელში საზოგადოება წარმოადგენს „სცენას, რომელიც დასახლებულია ცოცხალი მსახიობებით“. სოციალური სამყაროს ეს სურათი ითვალისწინებს სოციალური ურთიერთქმედების ინდივიდუალურ ასპექტს და ადამიანის უნარს - შეიტანოს სუბიექტური აზრები, მნიშვნელობები და ინტერპრეტაციები კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებში, რომლებშიც ის მონაწილეობს. დ.მ-ის თანახმად, კვლევის ობიექტს წარმოადგენენ ინდივიდები, როგორც სოციალური როლების შემსრულებლები.
დ.მ. დაკავშირებულია ერვინ გოფნამის (Erving Goffman), ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, სიმბოლური ინტერაქციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის სახელთან. დ.მ-ის არსი ისაა, რომ სოციალური ცხოვრება, კერძოდ, ინდივიდების ურთქმედებები გაანალიზებულია თეატრთან ანალოგიების, მასთან დაკავშირებული მეტაფორების გამოყენების საშუალებით. დ.მ. სოციალურ ურთიერთქმედებას შეისწავლის ისე, თითქოს მასში მონაწილე ინდივიდები მსახიობები არიან სცენაზე, შესაბამისი დეკორაციებითა და რეკვიზიტებით. დ.მ-ის მოდელის გამოყენება სოციალური ურთიერთქმედების ეფექტური შესწავლის საშუალებას იძლევა. იდეა, რომ მთელი სამყარო არის სცენა და ყველა ადამიანი მსახიობია, არახალია. მას დიდი ხნის ისტორია აქვს, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან. თანამედროვე სოციოლოგიაში ეს საკითხი ყველაზე ღრმად ე. გოფმანმა შეისწავლა. იგი თვლის, რომ სოციალური ცხოვრების ყოველდღიურობა სიტუაციური, ხანმოკლე კონტაქტებისაგან შედგება. ადამიანები ურთიერთქმედების პროცესში გარკვეულ სპექტაკლს დგამენ ერთმანეთისთვის (ანუ თამაშობენ ერთმანეთის წინაშე) და ცდილობენ შთაბეჭდილებების „დრამატურგიულ დადგმას“. მსგავსად მსახიობებისა სცენაზე, სოციალური აქტორები სოციალური როლების შესრულებისას ცდილობენ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ მათთან ურთიერთობაში ჩაბმულ ინდივიდებზე და დააკმაყოფილონ მათი მოლოდინი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ საშუალებებს, რომლებიც განაპირობებენ სოციალური როლების შესრულებას, აგრეთვე შთაბეჭდილებების შექმნასა და კონტროლს.
დ.მ-ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებია: 1. მაყურებლისათვის გათვალისწინებული თამაში (როლის შესრულება), ერთმანეთის წინაშე როლების თამაში განსაზღვრავს კომუნიკაციის ხარისხს თანამედროვე საზოგადოებაში. აქტორები ცდილობენ, ისე შეასრულონ თავიანთი როლები, რომ სხვებზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინონ და ის შემდეგშიც შეინარჩუნონ. „შთაბეჭდილების შექმნის“ პოცესი დ.მ-ის მთავარი არგუმენტია. 2. დ.მ-ის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა წარმოდგენა იმ საშულებებზე, რომლებსაც კომუნიკაციის მონაწილეები იყენებენ (ლინგვისტური კომუნიკაცია, სხეულის, ჟესტების, გარეგნობის - პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის სიმბოლური საფუძვლის - ენა, საგნობრივი გარემოს შექმნა, მოქმედების ადგილის განსაზღვრა და ა.შ.). ამ საშუალებებს ადამიანები იმისთვის იყენებენ, რომ სიტუაცია გააკონტროლონ და „კარგი თამაშის“ შთაბეჭდილება შექმნან. დრამატურგიული ტერმინოლოგიით, ეს არის სცენური წარმოდენის (სანახაობის) „წინა პლანის“ (ანუ „ფასადის“) შექმნა. 3. იქ, სდაც არის „წინა პლანი,“ აუცილებლად უნდა იყოს „კულისებსმიღმა წარმოდგენა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოდუნება, დასვენება, ნიღბების მოხსნა და ბუნებრივად მოქცევა. როგორც თეატრში, ისე სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში არსებობს მკაფიო განსხვავებები „წინა პლანსა“ (თავად სცენასა) და „უკანა პლანს“ (კულისებსმიღმა წარმოდგენას) შორის. შესაბამისად, როგორც მსახიობების, ისე სოციალური აქტორების მოქმედებები სცენაზე და კულისებს მიღმა განსხვავებულია. სოციალური აქტორები ცდილობენ, შეინარჩუნონ ფასადი და გარეშე თვალს დაუმალონ კულისებსმიღმიერი რეალური სურათი.
თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები უამრავ განსხვავებულ როლს თამაშობენ. სხვადასხვა სიტუაციისა და ურთირთქმედების დროს ისინი ხშირად განსხვავებულ საშუალებებს იყენებენ. როგორც თეატრში, ყოვედღიურ ცხოვრებაშიც სხვადასხვა მონაწილის „პარტიები“, როლები შეიძლება ერთნაირი იყოს, მაგრამ სხვადასხვა ოსტატობით შესრულდეს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიქტურ მხარეს, იგი განაპირობებს როლების შესრულების ხარისხს. ამგვარად, სოციალური როლები თეატრალური როლების ანლოგიურია.
![]() |
6 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ეგალიტარიზმი - სოციალური თანასწორობის კონცეფცია. ე-ში უმთავრესია უნარებისა და მოთხოვნილებების, შეტანილი წვლილისა და ანაზღაურების თანაფარდობის პრობლემა. ე. მიმართულია სოციალური პოლიტიკის პრობლემებზე, ქადაგებს საზოგადოების წევრთა შორის თანასწორობას. ე. უტოპიური სოციალიზმის თეორიის ნაირსახეობაა. ისტორიის მანძილზე ტერმინმა მრავალგვარი მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინის თანამედროვე გაგება და პოლიტიკური საზრისი ყალიბდება XVIIს-დან, ხოლო მომდევნო საუკუნეებში ვითარდება რევოლუციების გავლენით და მოიაზრებს ისეთ საზოგადოებას, სადაც არსებული დიფერენციაციის პირობებში განაწილების ნორმა, აგრეთვე სოციალური სტატუსის მიღწევის შესაძლებლობა საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარია. ზოგი ავტორის აზრით, ასეთ სტატუსთა რაოდენობის დამთხვევა შესაძლო პრეტენდენტთა რაოდენობასთან საზოგადოების ეგალიტარულობის მახასიათებლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. თანამედროვე ეტაპზე ე-ის იდეები ასაზრდოებს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნის მცდელობას და ძირითადად ორი ორი კონცეფციის სახე აქვს: ე., როგორც შესაძლებლობების თანასწორობა და ე., როგორც შედეგების ტანასწორობა. მაგრამ მისი იდეები ყველა პოლიტიკური ძალისთვის ერთნაირად მისარები არ არის. ზომიერი ე-ის მომხრე ნეოლიბერალებისა და სოციალ-დემოკრატების აზრით, ორივე კონცეფციას შორის კომპრომისული ვარიანტი უნდა მოიძებნოს; ე-ის მოწინააღმდეგე ნეოკონსერვატორების თვალსაზრისით, თანასწორობა ეწინააღმდეგება თავისუფლების პრინციპს, ადამიანის ბუნებას და დესტრუქციულ გავლენას ახდენს სოციალური ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ტერმინი ფართოდ გამოიყენება კულტურის მეცნიერებებშიც კულტურათა თანასწორობის აღსანიშნავად (შპენგლერი, ლევი-სტროსი).
ეგზისტენციალური სოციოლოგია - რაციონალობაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება ე.ს-ს სოციოლოგიური თეორიების ნაკლად მიაჩნია და ამის გამო რაციონალობას უარყოფს. ე.ს. ემყარება იდეას, რომლის თანახმადაც ინდივიდები არსებითად სიტუაციურნი (ეგზისტენციალურნი) არიან ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები ისეთივენი არიან, როგორიცაა თვით სამყარო: ქაოსური, ცვალებადი, არამდგრადი. ადამიანს ასეთ სამყაროში მხოლოდ მაშინ შეუძლია გადარჩეს, თუკი თვით დაემსგავსება ამ სამყაროს. ადამიანი თავისი ბუნებით ირაციონალურია. ეგზისტენციალისტების აზრით, სოციოლოგია უნდა იკვლევდეს მოტივაციისა და მოქმედების ირაციონალურ, ემოციურ და აფექტურ მხარეს, რადგან სწორედ ეს მხარეა რეალური. მერლო-პონტი ხაზს უსვამდა „ველურ ყოფიერებას“ (être sauvage) ადამიანში. ე.ს. განიხილავს ადამიანის იმ მხარესა და ჩანაფიქრებს, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ძნელად უზიარებენ.
ეგზოგამია - ჩვეულება, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის ქორწინებასა და ოჯახის შექმნას და დასაშვებად მიიჩნევს განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მქონე პირებს შორის. ე. ყოველგვარ საზოგადოებაში გულისხმობს იმ ადამიანთა (უმეტესწილად სისხლით ნათესავთა) წრის შემომფარგვლელ წესებს, რომლებთან ქორწინება იკრძალება. ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება საკმაო დიაპაზონში - შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფიდან მრავალრიცხოვან და მრავალგვარ ჯგუფამდე. ე-ის წარმოშობისა და ფუნქციის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილისთვის ამ მოვლენას ბიოლოგიურ-გენეტიკური საფუძველი აქვს ინბრიდინგის (სისხლით ახლო ნათესავთა სექსუალური კავშირი) მძიმე შედეგების გამო; მეორენი მას სოციალური ფაქტორებით ხსნიან. ერთი მოსაზრებით, ე. ჯგუფებს შორის არსებულ დაპირისპირებათა შესუსტების საშუალებაა ქორწინებით დანათესავების გზით, რადგან ნაკლებ სავარაუდოა მტრული ქმედებების განხორციელება იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის შემადგებლობაშიც მოწინააღმდეგე ჯგუფის წარმომადგენელიცაა; სხვა მოსაზრებით, ე. პირველყოფილთა ცხოვრებაში სოციალური ორგანიზაციის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენადაც მამრთა შემთხვევითი სექსობრივი კავშირები და სექსუალური მეტოქეობა ძირგამომთხრელია ადამიანური ჯოგის ერთიანობისათვის. ეგზოგამიური ნათესაობის ერთ-ერთი მახასიათებელია მის წევრთა თანაბარუფლებიანობა.
ეგო - იხ. იდი, ეგო, სუპერ-ეგო.
ევოლუცია - 1. მოვლენის (ან პროცესის) განვითარება თანდათანობითი, ერთიმეორეში გარდამავალი განუწყვეტელი ცვლილებების შედეგად, ნახტომებისა და შესვენებების გარეშე, თვისებრივი განსაზღვრულობის შენარჩუნებით (განსხვავებით რევოლუციისაგან). 2. სხვადასხვა გვარის მოძრაობა, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებასთან, გარკვეული კომპონენტების გადაწყობასთან. 3. ცვლილებების, განვითარების პროცესი.
ევოლუციური სოციოლოგია - სოციოლოგია, რომელიც ხაზს უსვამს ბიოლოგიური და სოციალურ-კულტურული ევოლუციის მემკვიდრეობითობას. ე.ს. XIXს-ის მეორე ნახევრის სოციალური აზრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. იგი წარმოადგენდა კოსმოსის, პლანეტათა სისტემის, დედამიწის, ცხოველთა სამყაროს, კულტურის ევოლუციის, საერთოდ უსასრულო და მრავალგვარი ისტორიული პროცესების გლობალური გააზრების ცდას.
სოციალური ევოლუციის იდეები ყალიბდებოდა სოციალური ფილოსოფიის ლოგიკის მიხედვით (ჰობსი, რუსო, ტრადიციონალისტები). ცნობილი ბრიტანელი სოციოლოგიის უ. რანისმანის მტკიცებით, ნამდვილი სოციალური თეორია არ შეიძლება არ იყოს ევოლუციური, ვინაიდან: ა) ადამიანის სოციალურ უნარებს აქვს ბიოლოგიური საფუძვლები; ბ) ყოველთვის არსებობს სოციალური ევოლუციის შესწავლის შესაძლებლობა განვითარების ისტორიული თანამიმდევრობის თვალსაზრისით, რომელშიც უფრო გვიანდელი მიღწევები დამოკიდებულია ადრინდელზე: გ) ევოლუციური თეორია საშუალებას იძლევა სოციალური „არჩევნების“ ცნების გამოყენებით აიხსნას ზოგიერთი სოციალური მოქმედების მიზეზები.
სოციოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება ასეთ შეფასებას, თუმცა ზოგიერთები ეჭვქვეშ აყენებენ ამ თვალსაზრისს. მაგალითად, გიდენსი, მანი და სხვ. უარს ამბობენ „თანამიმდევრული თეორიის“ გამოყენებაზე და მის ნაცვლად გვთავაზობენ სოციალური ცვლილებების ეპიზოდურ დახასიათებას. განსაკუთრებით საკამათოა ადაპტაციის, ფუნქციურად ეფექტური სოციალური დიფერენციაციის, პროგრესისა და სხვ. საკითხები.
ევროპოცენტრიზმი - ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა (ისევე, როგორც ლოგოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმი და ა.შ.), რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპა თავისი კულტურით, ფასეულობებითა და ღირებულებითი იდეალებით წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს, სოციალურ-კულტურული მოწყობის ნიმუშს, ჭეშმარიტ უკანასკნელ ინსტანციას. ე-ის თანამედროვე ტენდეციები აშკარად ვლინდება სხვადასხვა სახის ევროპულ გაერთიანებათა შექმნასა და გაფართოებაში (ევროკავშირი, ევროსაბჭო და სხვ.), რომლებისკენაც მიისწრაფიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის არაევროპულებიც. (იხ. ეთნოცენტრიზმი).
ეთიკა (პოლიტიკური) - პოლიტიკურ მეცნიერებათა შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცდილობს განსაზღვროს პოლიტიკური ქცევის მორალური მხარე. პოლიტიკური ე-ის ამოსავალი პრინციპები პირველად მაკიაველიმ ჩამოაყალიბა. ამასთან, პოლიტიკური ე. ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური მეცნიერების და არა ზოგადად ფილოსოფიური ე-ის შემადგენელი ნაწილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია ქცევის მორალურობის შეფასების მიმართულება. თუ ფილოსოფიურ-ეთიკური თეორიების დიდი ნაწილი მოქმედების მორალურობას მისი განხორციელების მოტივებით აფასებს, პოლიტიკური ე-ისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შედეგებს.
ეთნიკური ნაციონალიზმი - ნაციონალიზმის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა ლიბერალურ ანუ სამოქალაქო (სახელმწიფო) ნაციონალიზმთან ერთად. ე.ნ. (ეთნონაციონალიზმი) არის ეთნოსის ნაციონალიზმი, რომელიც ძირითად ღირებულებად აღიარებს ერს (მისი ეთნიკური მნიშვნელობით) და მისდამი ერთგულებას და მისი ინტერესებისთვის ბრძოლას მიიჩნევს დომინანტურად სხვა ღირებულებებთან (სახელმწიფო, ერი - პოლიტიკური მნიშვნელობით, კაცობრიობა, პიროვნება) შედარებით. ე.ნ. ერს განსაზღვრავს, როგორც საერთო წინაპრებისა და საერთო წარმოშობის ადამიანთა ერთობას („სისხლის ერთობა“). ამ ტიპის ნაციონალიზმის მიხედვით, ვერავინ მოხვდება ამა თუ იმ ერის შემადგენლობაში მისი ენის, კულტურისა და ტრადიციების შეთვისების გზით, თუ იგი სისხლითა და წარმოშობით სხვა ერს მიეკუთვნება - ანუ გერმანელად, ლიტველად თუ ქართველად უნდა დაიბადო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ შეიძლება სრულუფლებიანი მოქალაქე იყოს, მაგრამ ერის შემადგენელ ნაწილად იგი ვერ იქცევა. ე.ნ., თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს საკუთარი ერის განსაკუთრებულობას, რაც ზოგჯერ უკიდურეს ფორმას იღებს და შოვინიზმისა და ნაციზმის სახით ვლინდება. XXს-ის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიამ ე.ნ-ის არაერთი გამოვლინება იცის. ზოგიერთმა მათგანმა სისხლიანი სახე მიიღო (ბოსნია, კოსოვო, მთიანი ყარაბახი, აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, რუანდა, შრი-ლანკა და სხვ.) (იხ. აგრ. ნაციონალიზმი).
ეთნიკური წმენდა - ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ გეოგრაფიული რეგიონიდან განდევნოს სხვა ასეთი ჯგუფების სამოქალაქო მოსახლეობა ძალადობისა და ტერორის მეთოდების გამოყენებით (მკვლელობა, წამება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ძალადობა, სამოქალაქო მოსახლეობის ძალმომრეობით განდევნა, გადაადგილება და დეპორტაცია, სამოქალაქო მოსახლეობასა და და რაიონებზე მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმები თუ ამ თავდასხმებით მუქარა, და ა.შ.). ე.წ-ის პრაქტიკა გენოციდის სახეს იღებს.
ე.წ. ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება; იგი იუგოსლავიის ომის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა, რის გამოც მრავალი სერბი სამხედრო თუ სახელმწიფო პირი მიეცა პასუხისგებაში. ბოლო დროს იმავე ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხორვატი და ბოსნიელი პოლიტიკური მოღვაწეც.
ე.წ-ის სასტიკი გამოვლინებაა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებები, რომელთა შედეგად მოკლულია 10000-მდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250000-მდე ადამიანი განდევნილია მშობლიური კერიდან. ეს ქმედებები დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ეთნოგრაფია - ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მსოფლიოს ხალხთა შემადგენლობას, წარმომავლობასა და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს, მათ მატერიალურ და სულიერ კულტურას, ყოფის თავისებურებებს. დასავლეთევროპულ და ამერიკულ მეცნიერულ ტრადიციაში ანთროპოლოგიის შემადგენელი ნაწილია.
ეთნოლოგია - იგივეა, რაც ეთნოგრაფია, ზოგიერთი მეცნიერი ე-ს განიხილავს მეცნიერების განმაზოგადებელ ფაზად, რომელიც შეისწავლის ადამიანური კულტურის განვითარების ზოგად კანონებსა და მრავალი კულტურისთვის დამახასიათებელ ერთნაირ კანონზომიერებებს, ხოლო ეთნოგრაფიას - წმინდა აღწერით დისციპლინად; სხვა თვალსაზრისით. ე-ის საგანია კულტურათა შედარებითი შესწავლა; ამგვარად, ცოდნის ერთიანი დარგი გაყოფილია აღწერით და თეორიულ დისციპლინებად, რაც მეცნიერთა ნაწილისთვის მიუღებელია. ე. ამერიკულ ტრადიციაში კულტურული ანთროპოლოგიის შემადგენელი ნაწილი ან სინონიმია; დასავლეთევროპულში (ბრიტანულსა და ფრანგულში) სოციალური ანთროპოლოგიის ანალოგია, გერმანულენოვან ქვეყნებში დამოუკიდებელი კვლევითი მიმართულებაა.
ეთნოპოლიტიკა - სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსების მიმართ. ეთნიკურად სტერილური არც ერთი სახელმწიფო არ არის. ყოველ ეროვნულ სახელმწიფოში, დომინანტური ერის გარდა, როგორც წესი, არსებობენ ეთნიკური უმცირესობები. სახელმწიფოთა დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსხვავებულია ეპოქებისა და თავად სახელმწიფოების სპეციფიკის მიხედვით.არასწორად წარმართული ე. შეიძლება იქცესეთნოკონფლიქტების და, მაშასადამე, თავად სახელმწიფოსათვის არაერთი მწვავე პრობლემის წყაროდ.
ეთნოსი - ადამიანთა ისტორიულად აღმოცენებული და ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოდგენილი ტომის,ხალხის, ერის სახით. მისი გაჩენის აუცილებელი პირობებია: ტერიტორია, ენა და ფსიკქიკური წყობის ერთიანობა, ხოლო დამახასიათებელი თვისებებად მიიჩნევა: 1. თვითდასახელება (ეთნონიმი), რომელიც ხშირად საცხოვრებელი ტერიტორიის სახელს (ტოპონიმს) უკავშირდება; 2. ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ე-ის ფორმირებისა და არსებობის პირობა; 3. ანთროპოლოგიური (რასობრივი) ნიშნების არსებობა; 4. კულტურის თავისებურებების (მატერიალურის - შრომის იარაღები, საცხოვრისი, ტანსაცმელი და ა.შ. სულიერის - რელიგია, განათლების სისტემა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.) გამოვლინებები. ყოველი ე. კულტურული მთლიანობაა, რომლის თვითცნობიერება და თვითშემეცნება მოიცავს წარმოდგენებს ინდივიდებისა თუ სოციალური ჯგუფების საერთო წარმომავლობის შესახებ წინაპართა ერთობლივი ისტორიული პრაქტიკის საფუძველზე.
ეთნოცენტრიზმი - საკუთარი ეთნიკური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება. ტერმინი 1906 წელს შემოიტანა უ. სამნერმა. თანამედროვე მეცნიერები მას განმარტავენ, როგორც ადამიანებისთვის დამახასიათებელ თვისებას, აღიქვას და შეაფასოს ცხოვრებისეული მოვლენების საკუთარი კულტურის ტრადიციებისა და ღირებულებების თვალთახედვით. ე-ის ძირითადი მაჩვენებლებია (ბრუერი და კემპბელი, 1976): 1) საკუთარი კულტურის ელემენტების აღქმა როგორც „ბუნებრივისა“ და „სწორის“, ხოლო სხვა კულტურისა - როგორც „არაბუნებრივისა“ და „არასწორისა“; 2) საკუთარი კულტურის ადათ-წესების განხილვა უნივერსალურად; 3) საკუთარი კულტურის ნორმების, როლებისა და ღირებულებების შეფასება უდავო ჭეშმარიტებად; 4) წარმოდგენა, რომ ადამიანისთვის ბუნებრივია თავისი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება, სიამაყე მისით თანამშრომლობა თავისი ჯგუფის წევრებთან, მათი დახმარება და უნდობლობა (მტრობაც კი) სხვა ჯგუფის წევრების მიმართ. მკვლევრებს შორის ე-ის მიმართ დამოკიდებულებაში ერთსულოვნება არ არის: ზოგი მას ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს, ზოგიც - პოზიტიურად. თუმცა ე. ხშირად ქმნის დაბრკოლებას ჯგუფთა შორის ურთიერთქმედებაში, იმავდროულად იგი ჯგუფისთვის სასარგებლო ფუნქციებსაც ასრულებს: მხარს უმაგრებს ჯგუფის დადებით იდენტობას და მთლიანობა-სპეციფიკურობას. ამასთან, ე. სხვა ჯგუფებისადმი მტრობას იმთავითვე არ გულისხმობს - იგი შეიძლება ერწყმოდეს მომთმენობასაც ჯგუფთა შორის განსხვავბის მიმართ. ასეთ ე-ს, როცა არაკრიტიკული მიმართება არ განივრცობა საკუთარი ჯგუფის ყველა თვისებასა თუ სასიცოცხლო სფეროზე და ცდილობენ უცხო კულტურის გაგებასა და ობიექტურ შეფასებას, უწოდებენ კეთილგანწყობილ ან მოქნილ ე-ს.
ეთოსი - ჯგუფის, ორგანიზაციის თუ მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული კულტურული მახასიათებელი; კულტურის მეცნიერებებში გააზრებულია როგორც წამყვანი იდეალების, ღირებულებების სისტემა, კულტურის კვინტესენცია. რუთ ბენედიქტი, რომელმაც ტერმინი კულტურის მეცნიერებებში დაამკვიდრა, მასში მოიაზრებდა კულტურული თემით ანუ კულტურის ეთოსით გამთლიანებულ შიდაკულტურული ელემენტების უნიკალურ კონფიგურაციას. ე. განსაზღვრავს არა მხოლოდ შიდაკულტურული ელემენტების ურთიერთშეთანადების პრინციპებს, არამედ მათ შინაარსსაც. რელიგია, ოჯახური ცხოვრება, ეკონომიკა, პოლიტიკური ინსტიტუციები - ყველა ერთიანობაში ქმნის განუმეორებელ სტრუქტურას. ამასთან, ამა თუ იმ სისტემის ურთიერთობათა, ქცევის წესების, საზოგადოებრივ ინსტიტუციათა ფორმების სხვადასხვაგვარი ვარიაციიდან ყოველ კულტურაში მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ამ კულტურის ე-ის შესაბამისი ვარიაციები არსებობს. ამგვარად, კულტურის ე. ვლინდება ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში: საკუთრების განაწილების სისტემებში, სოციალური იერარქიის სტრუქტურაში, მატერიალურ საგნებსა და მათი წარმოების ტექნოლოგიაში, გენდერულ ურთიერთობათა ნაირსახეობებში, საზოგადოებაში გაერთიანებებისა და კლანების ფორმირებაში, ეკონომიკური განაწილების წესებში და სხვ. ყველა ინსტიტუციას უამრავი ტიპი და ვარიაცია აქვს, მაგრამ ერთ კულტურას მხოლოდ ერთი სახის ე. ახასიათებს.
ეკლესია - 1. ძველ საბერძნეთში სახალხო კრების ყველაზე უფრო გავრცელებული სახელწოდება. დემოკრატიულ პოლისებში (მაგ. ათენში, ძვ.წ. Vს.) სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო იყო. მას ჰქონდა სრული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, ირჩევდა თანამდებობის პირებს და ახორციელებდა მათზე მუდმივ კონტროლს. 2. რელიგიური ორგანიზაცია, სარწმუნოებისა და კულტის ერთიანობაზე დამყარებული ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა გაერთიანება, ადგილი, სადაც სრულდება რელიგიური რიტუალები. მისი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: მეტ-ნაკლებად დამუშავებული დოგმატური და საკულტო სისტემა, იერარქიული ხასიათი და მმართველობის ცენტრალიზაცია, მორწმუნეთა დაყოფა კულტის პროფესიულ მსახურებად (სამღვდელოება) და რიგით მორწმუნე ერისკაცებად (მრევლი).
ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გამწვავებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად იზრდება ე-ის როლი როგორც ცალკეული ქვეყნების შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ეკოლოგია - ცოცხალი არსებების გარემოსთან ურთიერთქმედების შესწავლა. ტერმინი პოპულარული გახდა XXს-ის 80-იანი წლებიდან დედამიწის, როგორც საბინადრო სისტემის არამუდმივობის მიმართ მზარდი ინტერესის გამო. (იხ. ეკოლოგიური კრიზისი, აგრეთვე ეკოპოლიტიკა).
ეკოლოგიური კრიზისი - ბუნბრივი გარემოს მიმართ ადამიანის, სოციუმისმძარცველური, ცალმხრივი, პრაგმატული დამოკიდებულების შედეგად ბუნებრივი ბალანსის, წონასწორობის, მთლიანად ეკოსისტემის გლობალური მასშტაბით დარღვევა, რომლის შედეგადაც ბუნებრივი სისტემები არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს (ან უკვე იმყოფება) ტექნოლოგიური მიღწევების, აგრეთვე დემოგრაფიული აფეთქების შედეგად გამოწვეული საშიშროების წინაშე. მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი მუშაობს იმ მიმართულებით, რომელიც იწვევს მეცნიერთა და ცხოველთა მრავალი სახეობის გაქრობას, ოზონის ფენის გათხელებას, გლობალურ დათბობასა და ამინდის შეცვლას, მიწისა და წყლის ვეებერთელა მასივებისა და აუზების დაბინძურებას, ტყის მასივების კატასტროფულ შემცირებასა და სხვა გლობალურად საშიშ, კატასტროფულ შედეგებს.
ეკონომიკა -1. მატერიალური და ადამიანური რესურსების ორგანიზებულად მართვა დოვლათის წარმოების პროცესში; 2. დოვლათის წარმოებასთან, განაწილებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური დაწესებულებებისა და ინსტიტუტების სისტემა; 3. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებაში მწირი რესურსებისათვის კონკურენციის, მათი წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების პროცესებს.
ეკონომიკური სანქციები - საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური საშუალებების (ინსტრუმენტების) ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების აქტორის ან აქტორთა ჯგუფის მიერ სხვა აქტორის ან აქტორების დასჯას მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით. ე.ს-ს მიეკუთვნება ემბარგო, ბოიკოტი, ბლოკადა, კვოტები, ტარიფები, შავი სია, წინასწარი შესყიდვა და ა.შ. ე.ს-ის მიზანია, აიძულოს სამიზნე სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და დაეორჩილოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანდა სანქციების გამტარებელ აქტორთა მოთხოვნებს. თუმცა სანქციების გატარება შესაძლებელია სამართლიანი იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, თვითონ ე.ს-ების ცნება ნეგატიური შინაარსის მქონეა, რადგან იგი არა იმდენად რეჟიმის, რამდენადაც მოსახლეობის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე მიმართული. უკანასკნელ ათწლეულებში ე.ს-ები გატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის (რასისტული და აპართეიდული პოლიტიკის გამო), აგრეთვე ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ. უფრო მცირე მასშტაბით ე.ს-ის გამოყენებას პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი აქვს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
ეკონომიკური სოციოლოგია - განისაზღვრება როგორც სოციოლოგიური თეორიული მოდელებისა და ცვლადების გამოყენება იმ კომპლექსური საქმიანობის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია მწირი რესურსებისთვის კონკურენციის, წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების პროცესებთან. ე.ს-ის ფარგლებში ხდება სოციალური სამყაროს ეკონომიკურ და არაეკონომიკურ ასპექტებს შორის ურთიერთობის კვლევა.
კლასიკური ეკონომიკური თეორია ეკონომიკასა და მის დინამიკას განიხილავს, როგორც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონების სამყაროს. ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების ყველაზე ავტონომიური სფეროა, რომელშიც ტრანსაქციების ხასიათს განსაზღვრავს რაციონალური კალკულაცია და ის ნაკლებად ექვემდებარება არაეკონომიკური ცვლადების ზეგავლენას.
რაც შეეხება ეკონომიკისადმი სოციოლოგიურ მიდგომას, მისი ძირითადი მახასიათებელია „ეკონომიკური რაციონალობის“ ცვლადად მიჩნევა ადამიანების ინსტიტუციონალურ ცხოვრებაში და მისი ვარიაციების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. ემპირიული ეკონომიკები ჩართულია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური ინსტიტუტების სისტემაში. მაგ., ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რელიგია და პოლიტიკა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, როგორც მონეტარული ინსტიტუტები. ეკონომიკური პროცესი სხვადასხვანაირადაა ინსტიტუირებული დროსა და სივრცეში. ე.ს-ის კვლევისადმი სოციოლოგიური მიდგომის ფუძემდებლებად მიიჩნევენ კ. მარქსს, ჯ. შუმპეტერს, მ. ვებერსა და ე. დიურკემს. ეკონომიკური და სხვა სოციალური ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება კ. პოლანის, ტ. პარსონსისა და ნ. სმელზერის შრომები.
ეკონომიკური სოციოლოგიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ კლასიკური ეკონომიკური თეორიების არაისტორიულ მიდგომასა და ბაზისურ დაშვებებს. ერთ-ერთი ასეთი ბაზისური დაშვებაა ადამიანის გამარტივებული მოდელი - „ჰომო ეკონომიკუს“ (Homo Economicus). კლასიკური ეკონომიკური თეორიების წარმომადგენელთათვის ადამიანი ინსტრუმენტული, რაციონალური, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული მატერიალისტია. აქვს რა ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, იგი მოქმედებს სრულიად რაციონალურად.
მ. ვებერმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა ასეთი მოდელის ისტორიულ უნივერსალიად გამოცხადების წინააღმდეგ. კ. პოლანის მიხედვით, იმ ეკონომიკების ფარგლებს გარეთ, რომელშიც თავისუფალი ბაზრებია დომინანტური, ფორმალური ეკონომიკური ანალიზი და კლასიკური ეკონომიკური თეორიების მოდელები (მათ შორის „ჰომო ეკონომიკუსი“) კარგავს თავის რელევანტურობას, როგორც ემპირიული ეკონომიკის შესწავლის მეთოდი.
ე.ს-ის ფარგლებში შეისწავლება კულტურასთან, ძალაუფლებასთან და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ცვლადების ზეგავლენა ეკონომიკურ და საფინანსო ინსტიტუტებზე, ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებზე, გიგანტური კოორპორაციების ფუნქციონირებასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ეკონომიკურ ქცევაზე.
XXს-ის 60-იანი წლებიდან ხდება ე.ს-ის ფრაგმენტაცია ისეთი სპეციალური დარგების მიხედვით, როგორიცაა ინდუსტრიული სოციოლოგია, შრომის ბაზრის სოციოლოგია, მოხმარების სოციოლოგია, თავისუფალი დროის სოციოლოგია და ა.შ. თანამედროვე ე. ს-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სფეროა ე.წ. ქსელების (Net works) კვლევა. ქსელური მიდგომა გულისხმობს ინდივიდსა და მთელ ეკონომიკურ სისტემას შორის გამაშუალებელი ცვლადების აღწერასა და ანალიზს. მაგ., ქსელური ანალიზის საფუძველზე აღწერენ ეთნიკური ნიშნით ფორმირებულ ქსელების მიერ აშშ-ის ეკონომიკის განსხვავებული სეგმენტების დაკავებისა და მონოპოლიზაციის პროცესს.
რაც შეეხება თეორიულ მოდელებს, ე.ს-ის პარადიგმები, ძირითადად, ეკლექტური და პლურალისტურია და ვერც ერთმა თეორიამ ვერ მოიპოვა დომინანტური როლი. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ისევ მ. ვებერის, ტ. პარსონსისა და კ. პოლანის თეორიები ინარჩუნებენ.
ეკოპოლიტიკა - პოლიტიკა, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვისა და გაჯანსაღებისაკენ, ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარებისა და განახლებისაკენ, სოციოსფეროს შენარჩუნებისა და განვითარებისაკენ. იგი უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სიცოცხლისუნარიანობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას )იხ. აგრ. ეკოლოგია, ეკოლოგიური კრიზისი).
ეკუმენიზმი - მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ე-ს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ე., სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონომისტური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ-ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, სომხურ-ბერძნული და სხვ. კონფესიების უმრავლესობა.
ელექტორატი - 1. ფართო მნიშვნელობით - ყველა ის ადამიანი, რომელიც ფლობს საარჩევნო უფლებას და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ დონისა და ტიპის არჩევნებში. 2. ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, ორგანიზაციას, მის წარმომადგენლებს ან რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. ე-ის რაოდენობა პირველ შემთხვევაში დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რომელ არჩევნებზეა საუბარი - საერთო სახელმწიფოებრივ, ფედერაციის სუბიექტებისა თუ ადგილობრივი ორგანოების; საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ მუნიციპალურზე. მეორე შემთხვევაში მისი რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პიროვნების ამომრჩეველთა გავლენაზე და ამომრჩევლების მზადყოფნაზე - მხარი დაუჭირონ შესაბამის კანდიდატებს. ე-ის გაზრდა დეპუტატების კანდიდატების, მათი პარტიებისა და საარჩევნო კომპანიების მთავარი მიზანია.
ელიტა - მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა და სხვ. და ახორციელებენ მასების მართვისა და კონტროლის ფუნქციებს. ე-ის განსაზღვრება სოციოლოგიაში არაერთმნიშვნელოვანია, რაც ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე განსაზღვრებიდანაც ჩანს: ე. ესაა ადამიანთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ინდექსი მათი მოღვაწეობის სფეროში (პარეტო), პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური ადამიანები, ძალაუფლებაზე ორიენტირებული საზოგადოების ორგანიზებული უმცირესობა (მოსკა), ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობენ უმაღლესი პრესტიჟით, სტატუსით, სიმდიდრით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტელექტუალური ან მორალური უპირატესობა მასაზე, ასევე, პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა (ხ. ორტეგა ი. გასეტი). ადამიანები, რომლებსაც უკავიათ ძალაუფლების პოზიციეი (ეტციონი), აქვთ ფორმალური ძალაუფლება იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში, რომლებიც განსაზღვრავს სოციალურ ცხოვრებას (თ. დაი), ღვთივშთაგონებულ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ქარიზმა (ლ. ფროინდი). საზოგადოების შემოქმედებითი უმცირესობა არაშემოქმედებითი უმრავლესობის საპირისპიროდ (ტოინბი), შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც შედგება იმ პირთაგან, ვისაც უკავიათ წამყვანი მდგომარეობა საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში (ე-თა პლურალიზმის თეორიის მომხრეები), ბიუროკრატიული მართვის სისტემაში ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები, მენეჯერები და უმაღლესი მოხელეები (ტექნოლოგიური დეტერმინიზმის მიმდევრები).
ე-ის განსაზღვრებისადმი ყველა არსებული მიდგომა შეიძლება დავიყვანოთ ორ ძირითადზე: ღირებულებაზე (ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ადამიანის ფსიქოლოგიურ-მორალურ მახასიათებლებზე) და ფუნქციონალურზე (სადაც ყურადღება გამახვილებულია ადამიანთა სოციალურ სტატუსებსა და პოზიციებზე).
ე-თა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმითაა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ფუნქციების მიხედვით, ე. შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ინტელექტუალური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სხვა; პოლიტიკურ სისტემაში ადგილის მიხედვით - მმართველი და ოპოზიციური; ცირკულაციის ინტენსიურობისა და ახალ წევრთა რეკრუტირების ხერხების მიხედვით - ღია და დახურული; სტრუქტურული თვალსაზრისით - ინტეგრირებული და არაინტეგრირებული; წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით - მაღალი და დაბალი ხარისხით წარმომადგენლობითი და სხვა.
ელიტიზმი - კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართვა უნდა იყოს და პრაქტიკულად არის კიდეც „პოლიტიკური კლასის“ ანუ პოლიტიკური მართვის ხელოვნებაში კომპეტენტური ხალხის საქმე. ელიტისტური კონცეფციები ზოგ შემთხვევაში ეჭვქვეშ აყენებს ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლის მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობას, ხოლო ზოგჯერ კი პრაქტიკულ რეალურობას. პირველად ამგვარ იდეას ვხვდებით პლატონის „სახელმწიფოში“. ელიტისტური კონცეფციების დეტალური დამუშავება უკავშირდება XX საუკუნის (დასაწყისისა და შუა პერიოდის) ისეთი ავტორების სახელებს, როგორებიცაა გაეტანო მოსკა, ვილფრედ პარეტო და იოზეფ შუმპეტერი. ამ ავტორთა ელიტისტური კონცეფციების სპეციფიკას წარმოადგენს იმ იდეის გატარება, რომ ე. სავსებით შეთავსებადია დემოკრატიული სახელმწიფოების ბუნებასთან, რაც პოლიტიკურ ლიტერატურაში არაერთგვაროვნადაა შეფასებული: ზოგს მიაჩნია, რომ ე. პრინციპულად ვერ ეგუება დემოკრატიის იდეალებს, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ ე-მა გააფართოვა ჩვენი სტანდარტული წარმოდგენები დემოკრატიაზე. (იხ. აგრ. ელიტა).
ემანსიპაცია - რომელიმე პიროვნების ან სოციალური ჯგუფის გათავისუფლება, ვისიმე ან რისამე დაქვემდებარებიდან, მფლობელობიდან გამოსვლა და შედეგად დამოუკიდებლობისა და თანასწორი უფლებების მიღება.
ემანსიპაცია ქალთა - იხ. ფემინიზმი.
ემბარგო - ეკონომიკური სანქციების ერთ-ერთი სახეობა. გულისხმობს კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც იკრძალება გარკვეული ნაწარმით ვაჭრობა. ე-ს მიზანია ქვეყანა დატოვოს ცალკეული პროდუქციისა და ნედლეულის გარეშე (ძირითადად სტრატეგიული დანიშნულების საქონელი), რათა არ მისცეს საშუალება აწარმოოს ის, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების უშიშროებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ზოგჯერ ე. მიზნად ისახავს შეაცვლევინოს ქვეყანას ამა თუ იმ საკითხის მიმართ აღებული კურსი. (იხ. აგრ. ეკონომიკური სანქციები).
ემერჯენტული თვისებები - ტალკოტ პარსონსის მიერ სოციალურ სისტემათა ანალიზისათვის შემოტანილი ცნება. იგი აღნიშნავს სოციალური სისტემის ნებისმიერ თვისებას, რომელიც არ შეიძლება მარტივად აიხსნას მისი წარმოშობის ან შემადგენელი ნაწილების მიხედვით იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ე.თ. არარედუქცირებადია, ანუ არ დაიყვანება სოციალურ მოვლენათა ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე. აღნიშნული ცნება დამახასიათებელია ზოგადად ფუნქციონალური სოციოლოგიისათვის, რათა ხაზი გაესვას სოციოლოგიის დამოუკიდებლობას სხვა მეცნიერებებისაგან.
ემპათია/ემპათიკური გაგება - უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და ატიტუდები, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლური ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ე-ს განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ე-ის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ე-ის განხორციელება თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, ე. სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.
ემიგრაცია - პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ე., როგორც წესი, რეპრესული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი. რაც შეეხება ე-ს ეკონომიკური მიზეზებით, იგი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება. (იხ. აგრ. მიგრაცია).
ერგონომიკა - დისციპლინა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ინდივიდის ფუნქციურ შესაძლებლობებს ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. სამუშაო ადგილის პროექტირებისას ე-ის სპეციალისტები ეყრდნობიან ცოდნას ადამიანის ანატომიასა და შრომის ნაყოფიერებაზე იმისთვის, რომ მან მაქსიმალური თვითგაღებითა და ჯანმრთელობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშაოს. დისციპლინა აგრეთვე ცნობილია ადამიანური ფაქტორის სახელწოდებით.
ერთგანზომილებიანი ადამიანი - კონცეფცია, თეორია, რომელმაც სახელწოდება მიიღო ჰ. მარკუზეს ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით (1964). კონცეფციის ჩამოყალიბებაში არსებითი როლი ითამაშა ფროიდის, რაიხის, ჰორნის, ჰორკჰაიმერის, ადორნის, ფრომის და სხვათა იდეებმა. მარკუზეს კონცეფციის მიხედვით, სოციალურ-კულტურული ერთგანზომილებიანობა, აზროვნების ერთგანზომილებიანობა ინდუსტრიული საზოგადოების გარდაუვალი შედეგია, ეფუძნება სციენტიზმისა და ტექნიციზმის იმპერატივებს, მომხმარებლურობის პრინციპს, რომელიც ამახინჯებს ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებს. მომხმარებლობა, მატერიალური სიკეთეების გამოდევნება ართმევს ადამიანს სოციალურ-კრიტიკულ განზომილებას, ე.ი. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს დამახინჯებული ხედვა, გაუცხოება, სუბლიმირებული მონობა, რასაც იგი იღებს როგორც ბუნებრივს, სასურველს, ერთადერთ შესაძლებელს, ზოგჯერ კი - როგორც არსებობის ყველა შესაძლებლიდან უმაღლესს. ე.ა. მოკლებულია ოპოზიციას არსებული რეჟიმისადმი, მთლიანადაა ინტეგრირებული „სისტემაში“, ერთგანზომილებიანობის გარღვევა, მარკუზეს თანახმად, შესაძლებელია ახალი მისწრაფებების, მოთხოვნილებების ფორმირების მეშვეობით. რევოლუციური პოტენციალის მატარებლად იგი თვლის სოციალურ აუტსაიდერებსა და მარგინალებს. ასეთი სოციალური ორიენტაციის გამო მარკუზეს იდეები ფარული სახით შეიცავს ექსტრემისტული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას. (ამიტომ იქცა იგი გასული საუკუნის 60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობის იდეოლოგად).
ერთეული ვეტოს სისტემა - საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი ჰიპოთეზური ტიპი ამერიკელი მეცნიერის მ. კაპლანის ტიპოლოგიის მიხედვით. ასეთ სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობების ყველა აქტორი - სახელმწიფო - აბსოლუტურად ინდივიდუალურად მოქმედებს და თანაბარძალიანია. ეს არის ჰობსისეული - „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ - მდგომარეობის პრაქტიკული ასახვა. ასეთი სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სახელმწიფოს ექნება ისეთი იარაღი, რომ შეეძლება ნებისმიერი აგრესორის მოსპობა თუნდაც საკუთარი არსებობის გაქრობის ფასად. ამ სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას აზრი აღარ აქვს, ხოლო სისტემა სტაბილური იქნება მანამ, სანამ ყველა აქტორს შეეძლება გაუძლოს მუქარას და საპასუხო ზომებიც მიიღოს. ე.ვ.ს-ში დაზაბულობამ სეიძლება ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ სისტემა ქაოსმა მოიცვას. თეორიულად დასაშვებია ისიც, რომ ერთმა აქტორმა შეძლოს დანარჩენების დაშინება. ასეთ შემთხვევაში ჩამოყალიბდება იერარქიული სისტემა (იხ. იერარქია).
ერთობა (სოციალური) - ადამიანთა შედარებით მყარი ერთობლიობა, რომელიც გამოირჩევა მეტ-ნაკლებად ერთნაირი ნიშნებით (ცხოველმოქმედების ყველა ან ზოგიერთი ასპექტით), ცხოვრების პირობებითა და წესით, მასობრივი ცნობიერების, სოციალური ნორმების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და ინტერესების განსაზღვრული ერთიანობით. სხვადასხვა სახეებისა და ტიპების ე-ები - ეა არის ადამიანთა ერთობლივი ცხოველმოქმედების, ადამიანური თანაცხოვრების ფორმები.
სოციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ე-ები არ იქმნება ადამიანთა შეგნებული მოღვაწეობით, არამედ ყალიბდება საზოგადოებრივი განვითარების ობიექტურ მსვლელობაში ადამიანთა ცხოველმოქმედების ერთობლივი ხასიათის ზემოქმედებით. ერთი რიგის ე-ები უშუალოდ წარმოიშობა საზოგადოებრივი წარმოებით (საწარმოო კოლექტივი, საზოგადოებრივი კლასი, სოციალურ-პროფესიული ჯგუფები); მეორენი აღმოცენდებიან ეთნიკურ საფუძველზე (ხალხები, ერები). მესამე სახის სოციალურ-დემოგრაფიული ე-ის საფუძველია ბუნებრიბ-დემოგრაფიული ფაქტორები - სქესი, ასაკი.
ისტორიულად. ე-ის პირველი სახეები იყო ისეთი გაერთიანებები, როგორიცაა ოჯახი, გვარი, თემი, ტომი, რომელთა წარმოქმნის ობიექტურ საფუძველს შეადგენდა სისხლით ნათესაობითი ე. და ერთობლივი საწარმოო მოღვაწეობა, აგრეთვე იმ პირობებში აღმოცენებული საერთო ეთნიკური ნიშნები. მაგალითად, თემი წარმოადგენდა ადრინდელი, გვაროვნული სისხლით ნათესაობის საწყისებზე წარმოქმნილ სოციალურ ორგანიზაციის პირველ ფორმას.
სოციალურ ე-ად ადამიანთა ერთობლიობა ყალიბდება მაშინ, როცა მათ შეუძლიათ გააცნობიერონ თავიანთი პირობების ერთგვარობა, გამოავლინონ მათ მიმართ დამოკიდებულება და ამასთან დაკავშირებით გამოიმუშაონ მეტ-ნაკლებად ნათელი გაგება იმისა, თუ ვინ არის „თავისი“ და ვინ „უცხო“, განასხვაონ „ჩვენ“ და „ისინი“. შესაბამისად აღმოცენდება საკუთარი ინტერესების ერთიანობის გაგება სხვა ე-ებთან მიმართებით.
ერი - ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული, მყარი ერთიანობა საერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური (ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა) ნიშნებით. ერის წარმოშობის ეკონომიკურ საფუძვლად იქცა ფეოდალური დაქუცმაცებულობის ლიკვიდაცია, ქვეყნის შიგნით ცალკეულ ნაწილებს შორის ეკონომკურ კავშირთა განმტკიცება, ადგილობრივი ბაზრების ერთიან, საერთო-ნაციონალურ ბაზრად გაერთიანება. პირველი ევროპული ერები ფორმირდებოდა ცენტრალიზებული სახელმწიფოების საზღვრებში ერთი ან რამდენიმე ეთნიკურად ახლო მდგარი ხალხების ბაზაზე. მაგ., საფრანგეთში - ჩრდილო ფრანგებისა და პროვანსალებისაგან. ევროპის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ერების ფორმირება დაიწყო პოლიეთნიკური სახელმწიფოების შიგნით (ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი); ამერიკის ქვეყნებში ერები ფორმირდებოდა ევროპიდან გადასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისგან, რომლებიც შეერივნენ ერთმანეთს და აგრეთვე ინდიელებსა და ზანგებს. ამ ერების ძირითადი ენა, ჩვეულებრივ, ხდებოდა მეტროპოლიის ენა (ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი და სხვ.), ხოლო მათი ფორმირების ჩარჩოები იყო აღმოცენებული სახელმწიფოების საზღვრები. მ. ვებერის მიხედვით ე. გრძნობების ერთობაა, რომლისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოებრიობა საკუთარი მთლიანობისა და ინტერესების დასაცავად. თანამედროვე თეორიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ერის ეთნიკურ ნიშნებზე, მის თვითცნობიერებაზე. ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა ერს (the nation la nation), უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. თვით ქართულ და რუსულ ენებშიც კი, საადაც ეს სიტყვა ძირითადად ეთნიკური შინაარსისაა, გვხვდება კონტექსტები, რომლებშიც ერი სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით გამოიყენება (მად., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა და სხვა). (იხ. აგრ. ერი-სახელმწიფოები, ნაციონალიზმი, ეროვნული თვითგამორკვევა, ეროვნული ინტერესები).
ერი-სახელმწიფო - მთავარი პოლიტიკური ერთობა თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორი. მიუხედავად მისი წამყვანი მნიშვნელობისა, ე-ს შედარებით ახალი ფენომენია. მისი ისტორია იწყება ევროპაში XVII - XVIII ს-დან და მანამდე არსებული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით (სადაც ძირითად ფორმას ქალაქ-სახელმწიფოები, რელიგიური თუ დინასტიური სამფლობელოები წარმოადგენენ), სახელმწიფოს საფუძვლად და შემაკავშირებელ ერთობად ერი წარმოჩინდა. ზოგიერთი მოსაზრებით, ევროპაში ე-ს-ების ფორმირების პროცესი ვესტფალიის ზავის (1648) შემდეგ იწყება და მას სხვადასხვა პროცესებმა, მათ შორის სამეფო ხელისუფლებების ცენტრალიზაციამ, შემდგომ კი რევოლუციებმა შეუწყო ხელი. ე-ს-ს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა, როცა ეთნოკულტურული ერთობები ერებად ჩამოყალიბდნენ და ერთიან პოლიტიკურ ერთობად ყოფნის აუცილებლობა გააცნობიერეს. ე-ს-ს მნიშვნელობისათვის განმსაზღვრელი აზრი აქვს ორი ტერმინის, ერისა და სახელმწიფოს შეკავშირებას. როგორც წესი, ე-ს-ს ცნებაში იგულისხმება ის, რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა ერთი ერის წარომადგენელია. მაგ., ფრანგი ერი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ასევე ამერიკელი ერი აშშ-ის მოქალაქეების ერთობლიობაა და ა.შ. ამდენად, ცნება „ფრანგი“ განსხვავდება „ეთნიკური ფრანგებისაგან“, რადგან პირველი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, მეორე კი მხოლოდ ეთნიკურ ფრანგებს. ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ე-ს-ს ტიპს განეკუთვნება, მაშინ როდესაც, მაგალითისათვის, აფრიკაში ე-ს. იშვიათობას წარმოადგენს. ე.-ს-ს მნიშვნელობა და როლი ჯერ შეუმჩნეველ, მაგრამ პროგრესირებად დაკნინებას იწყებს XIX ს-დან ტრანსნაციონალური ეკონომიკური და სხვადასხვა სახის პოლიტიკური გაერთიანებების, XX ს-ის მიწურულიდან კი გლობალიზმის გაძლიერების კვალად, თუმცა გლობალიზაციის პროცესი გარდაუვლად არ გულისხმობს ე-ს-ს მოსპობას, რადგან ჯერჯერობით ერთადერთი პასუხისმგებელი ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც გლობალისტურ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, ისევ ე-ს-ების პოლიტიკური ინსტიტუტებია.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა - დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უხცოეთის ბატონობის მოსპობასა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპლუატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითლება XIXს-ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოების შექმნისათის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით ფართოდ და მძლავრად გაიშალა XXს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ეტაპად უნდა ჩაითვალოს XXს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვრენული სახელმწიფოს წარმოქმნა.
დღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების რიცხვი არცთუ ისე ბევრია. თუმცა ახლად ჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებელია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე. ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას - იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის.
ე.-გ. ბ. სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი - ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის უფლება. ამ ბრძოლისაგან მკვეთრად განსხვავდება სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სახელმწიფოსაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინაარმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ხალხების ბრძოლა, მიაღწიონ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და კულტურულ იდენტიფიკაციას. ე.გ.მ-ები ჩაისახა XIX ს-ში და დიდი როლი შეასრულა იმპერიების დაშლის საქმეში. ასე მაგ., ოსმალეთის იმპერიის დაშლას თან მოჰყვა ბალკანეთსა და წინა აზიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ დამოუკიდებლობა მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა პოლონეთისა და ფინეთის, ხოლო ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შედეგად - ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ა.შ.
ე.-გ.მ. საწყის ეტაპზე მაინც, წარმოადგენს მოძრაობას კულტურულ-ეროვნულ თვითიდენტიფიკაციისათვის. ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება (სხვა ენობრივი დიალექტების არსებობის ფონზე) უნიფიცირებული ენის, ეროვნული პრესის, მეტ-ნაკლებად ერთიანი განათლების სისტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და სხვა ეროვნულ კულტურულ დაწესებულებებთან ერთად, ყოველივე ამით ხორციელდება ეროვნული ცნობიერების ფორმირება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში. საქართველოში ამგვარი წამოწყებების უდიდესი ნაწილი განხორციელდა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად XIXს-ის 60-იანი წლებიდან. ე-გ. მ-ის უფრო მომწიფებულ ეტაპზე ხდება უკვე წმინდა პოლიტიკური, უკიდურეს შემთხვევაში, შეიარაღებული გამოსვლები, რომელთა წარმატება დამოკიდებულია მრავალ პირობაზე, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატზე. სწორედ ამ უკანასკნელმა და არა იმდენად მმართველი წრეების უუნარობამ მრავალმხრივ განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა და უკვე ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია 1921 წელს.
ეროვნული თვითგამორკვევა - ეთნიკური ჯგუფის (რომელიც თავს განსაკუთრებულ, გამორჩეულ ერთობად აღიქვამს) უფლება ან მისწრაფება, თვითონ მართოს საკუთარი თავი და განსაზღვროს იმ ტერიტორიის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც უკავია. პოლიტიკური მნიშვნელობით იგი გამოხატავს პროცესსაც და იდეასაც. ეროვნული თვითგამორკვევა მჭიდროდ უკავშირდება ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს და შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმწიფოსა და ერს შორის ურთიერთდამოკიდებულების თეორია. ზოგადი აზრით, ეს არის ხალხის უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი. თვითგამორკვევის იდეა ფიგურირებდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში. ამ იდეას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ვუდრო უილსონის ცნობილ 14 პუნქტში, გაეროს წესდებასა და 1960 წლის დეკლარაციაში კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ეროვნული თვითგამორკვევა აღიარებს ყველა ხალხის უფლებას, თვოთონვე განსაზღვროს თავისი პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი. ამასთანავე წინააღმდეგობა იქმნება საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან (სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები). ამ წინაარმდეგობამ არაერთი ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია და დღესაც მსოფლიო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საკითხი - თუ ვინ არის ხალხი, რომელსაც აქვს თვითგამორკვევის უფლება და რამდენად სამართლიანია ამ მიზნის მისაღწევად აჯანყების, რევოლუციისა თუ სეცესიის გზა, ჯერჯერობით ღიად რჩება.
ეროვნული ინტერესები - საგარეო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად ეროვნული უსაფრთხოებისა და გადარჩენის პრინციპები უდევს; იხმარება მხოლოდ სახელმწიფოების მიმართ. ე.ი-ის ცნებამ დროთა განმავლობაში შეცვალა სახელმწიფო ინტერესის (raison d'etat) დოქტრინა. ამ ცვლილების არსი, ერთი მხრივ, ერი-სახელმწიფოს წარმოშობასა და ნაციონალიზმის აღმავლობას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს დინასტიური ინტერესების მთელი საზოგადოების ინტერესებით ჩანაცვლებას. ე. ი-ის კონცეფცია პოლიტიკური რეალიზმის სკოლასა და მის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს ჰანს მორგენტაუს სახელს უკავშირდება. მან ე.ი. სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებასათან გააიგივა. მორგენტაუს მიხედვით, ამგვარად განსაზღვრულია ე.ი., როგორც სახელმწიფოს მოღვაწეობის მთავარი მიმართულება, ობიექტურ რეალობას წარმოადგენდა. მოგვიანებით მორგენტაუს თვალსაზრისი ე.ი-ისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვის გაიგივების შესახებ უარყოფილ იქნა. ეჭვქვეშ დადგა ე.ი-ის, როგორც ობიექტური რეალობის საკითხიც. ამის ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ფეხი მოიკიდა ე.ი-ის უფრო სუბიექტური აღქმის თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ისტორიულ პირობებში ე.ი-ის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ასევე ცვლილებები საერთაშორისო გარემოში. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მოქმედი პირების პლურალისტური აღქმის გავრცელების კვალდაკვალ ე.ი-ის კონცეფცია, როგორც სუვერენული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ატრიბუტი, კიდევ უფრო მეტი კრიტიკის საგანი გახდა. ამის მიუხედავად, ე.ი-ზე დაფუძნებულმა პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარებაზე.
ეროვნული სახელმწიფო - იხ. ერი-სახელმწიფო; აგრ. ერი, სახელმწიფო, ნაციონალიზმი.
ეროვნული უსაფრთხოება - დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციის მიხედვით, ე.უ. საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრალური ცნებაა, რადგან ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოს უსაფრთხოება უმაღლეს ღირებულებად ითვლება. სახელმწიფო კი მოსახლეობის უსაფრთხოების მთავარი და ჯარჯერობით შეუცვლელი გარანტია. ე.უ. დაკავშირებულია ღირებულებებთან, მაგრამ თავად არ არის ღირებულება. იგი ის პირობაა, რომლის მეშვეობითაც ღირებულებათა შენარჩუნება ხორციელდება. ე.უ. მრავალი კომპონენტისგან შედგება: სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, ინფორმაციული, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და სხვ. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო კომპონენტების მნიშვნელობა (იხ. აგრ. უსაფრთხოება).
ეროვნული ცნობიერება - ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. გარდა საერთო ისტორიული მეხსიერებისა, ფსიქოლოგიური განწყობებისა, ენობრივ-მენტალური კოდების სისტემისა და ა.შ., ე.ც. შეიცავს ეროვნული თვითცნობიერების მომენტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული პიროვნების ეროვნული მიკუთვნილობა. პიროვნება, რომელიც ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანთა უმეტესობას აკმაყოფილებს, ძნელია მივიჩნიოთ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლად, თუკი ის ასეთად არ თვლის თავს და არ იზიარებს იმავე ერის მიზნებსა და მისწრაფებებს.
ეროვნული ხასიათი - ეთნოფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ეთნოსებისათვის სპეციფიკური ე.ხ-ის არსებობას. მისი კვლევა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს აშშ-ში. ე.ხ.-ს გააჩნია პიროვნების მყარი ფსიქოლოგიურ მახასიათებლები, რაც აისახება მის ქცევაში და საშუალებას იძლევა შევქმნათ ამა თუ იმ ხალხის საშუალო ადამიანის „ბაზისური პიროვნების“ მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება მათ წარმომადგენელთათვის საერთო ეროვნული ნიშნები და ეროვნული კულტურის ნიშნები (ა. კარდინერი). აქ მნიშვნელოვანია ოჯახის კულტურის გავლენა, აგრეთვე საზოგადოებრივი სტრუქტურისა და „ბაზისური პიროვნების“ უკუგავლენა სოციალურ ინსტიტუტებზე. ამერიკელი ფსიქოლოგები ომის შემდგომი იაპონიის და დასავლეთი გერმანიის მოსახლეობის ფსიქოლოგიის შესწავლის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნაციონალური კულტურა გავლენას ახდენს ერზე, მისი ღირებულებების იერარქიაზე, ადამიანთა ურთიერთობის ფორმებზე და ა.შ. მ. მიდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეხედულებები, ცხოვრების სტილი ქმნიან სხვადასხვა „მოდელებს“ სხვადასხვა ხალხში და ეს. დამოკიდებულია ბავშვის სწავლებაზე თითოეულ ეროვნულ კულტურაში, რაც განისაზღვრება მოზრდილთა ღირებულებების იერარქიის სისტემითა და ქცევით. რ.როლანი აღნიშნავდა, რომ თავისთავად, პიროვნების ნიშნების კრებული, რომელსაც იყენებს მკვლევარი, ზეგავლენას ახდენს შედეგზე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს აგრეთვე, რომ ხასიათის ნიშნები სხვადასხვაა მასებისა და ელიტის წარმომადგენლებში.
ეროსი და თანატოსი - ფროიდის თეორიაში ძირითადი ინსტინქტები. ე. აღნიშნავს თვითშენახვაზე მიმართულ ინსტინქტთა ერთობლიობას. ეს სახელწოდება მოდის სიყვარულის ბერძნული ღმერთის სახელიდან, სადაც იგი სასიცოცხლო ძალების გამაერთიანებელი და სულიერების მიმნიჭებელი უმაღლესი სათნოებაა. ასეთ ინსტინქტთა ერთობლიობას მიეკუთვნება სექსუალური ინსტინქტებიც. ფსიქოანალიზში ე-ის ცნებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: სექსუალური ლტოლვა ან ლიბიდო, სექსუალობა, როგორც ასეთი, სიყვარული, ამ სიტყვის ვიწრო და ფართო მნიშვნელობით, სიცოცხლის ინსტინქტი. თანამედროვე ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში ე-ის ცნება გამოიყენება ცნებების - „ლიბიდოსა“ და „სიყვარულის“ გვერდით. ყველაზე ხშირად გამოიყენება თ-თან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სიკვდილისკენ ლტოლვის აღმნიშვნელი ტერმინია (ბერძნ. სიკვდილი) და ე-ის ანალოგიით ეწოდა. ეს ტერმინი ფროიდის გვიანდელ შრომებში გამოჩნდა. ფროიდის დუალისტური კონცეფციის თანახმად, სიცოცხლისა და სიკვდილისაკენ (ნგრევისაკენ, აგრესიისაკენ) ლტოლვა ადამიანის პირველადი ურთიერთდაპირისპირებული ლტოლვებია. თ. თეორიულად განზოგადებული სიკვდილის ინსტინქტთა კონცეპტის შემადგენელია და თავს იჩენს ქცევის გარკვეულ მოდელებში (სიამოვნების უარყოფა, მისგან გაქცევა, დესტრუქციისკენ, აგრესიისკენ ლტოლვა).
ესენციალიზმი - თვალსაზრისი, რომელიც უარყოფს ცოდნის კონვენციურ ან რელატიურ ხასიათს და აღიარებს, რომ ფილოსოფიას ან მეცნიერებას შეუძლია მიაღწიოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რასაც, მაგალითად, საგანთა არსების წვდომა უზრუნველყოფს. პლატონის იდეების თეორია ე-ის ერთ-ერთი ნიმუშია.
ესკალაცია - სამხედრო კონფლიქტის გამწვავება, როდესაც ორი მხარე ერთმანეთის მიმართ სულ უფრო ინტენსიურ საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. ე. ნებისმიერი შეიარაღებული კნფლიქტის ტოტალურ ანუ აბსოლუტურ ომად გადაქცევას უწყობს ხელს. ერთი მხარის მიერ მეორისთვის თავისი ნების თავსმოხვევის მცდელობა საპასუხო ქმდებას იწვევს, რასაც მეომარი მხარეები უკიდურესობამდე მიჰყავს. თანამედროვე სამხედრო მნიშვნელობით ეს ცნება პირველად კლაუზევიცმა გამოიყენა. კლაუზევიცი ე-ის ტენდენციას ომის ბუნების ნაწილად მიიჩნევდა, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ომს აბსოლუტურ, ანუ ტოტალურ ომად გადაქცევისადმი მისწრაფება ახასიათებს. ტოტალურ ომთან მიახლოების მაგალითად კლაუზევიცი ნაპოლეონის ომებს ასახელებდა. ე-სთან დაკავშირებული მთავარი საკითხი მისი გაკონტროლებაა.
ეტალონური ცვლადები - ტექნიკა, დაკავშირებული კომპარატულ ანალიზთან, როდესაც ხდება ორი საზოგადოების სპეციფიკური ასპექტების შედარება, რათა დადგინდეს მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები. ამ გზაზე იქმნება ე.ც-ები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოციალურ ცვლილებათა შედეგების გენერალიზაციისათვის. აღნიშნული ტექნიკა ასოცირდება პარსონსის ფუნქციონალიზმთან, რომელიც შეეცადა, ე.ც-ის განსაზღვრის მეშვეობით ეჩვენებინა განსხვავებები ტრადიციულ და თანამედროვე საზოგადოებებს შორის. მეტიც, ე.ც. პარსონსისათვის აქტორის სიტუაციაში ორიენტაციის საშუალებებია, როდესაც არჩევანი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაციამ ინდივიდისათვის განსაზღვრული მნიშვნელობა შეიძინოს. პარსონსი აღწერს ე.ც-ის ხუთ დიქოტომიურ წყვილს: 1. აფექტურობა - აფექტური ნეიტრალობა: აფექტურობის ნორმატიული ეტალონი აქტორს კარნახობს, რომ მან მოცემულ სიტუაციაში უპირატესობა მიანიჭოს უშუალო ემოციური დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პირიქით, აფექტური ნეიტრალობის ეტალონი აქტორისაგან მოითხოვს, რომ მან თავი შეიკავოს ემოციური კმაყოფილების მიღებისაგან და უპირატესობა მიანიჭოს შეფასებით მიდგომას; 2. ორიენტაცია საკუთარ თავზე - ორიენტაცია კოლექტივზე; პირველ შემთხვევაში აქტორს უფლება ეძლევა მოცემულ სიტუაციაში განახორციელოს კერძო ინტერესები. კოლექტივზე ორიენტაციის ეტალონი პირიქით, აქტორისაგან მოითხოვს იმ ღირებულებების გათვალისწინებას, რომლებიც საერთოა ჯგუფისათვის; 3. უნივერსალიზმი - პარტიკულარიზმი: უნივერსალიზმის ეტალონი აქტორს ავალდებულებს ობიექტზე ორიენტიორებას საერთო სტანდარტების და არა ობიექტთა უნიკალური თვისებების გათვალისწინებით. პარტიკულარიზმის ეტალონი აქტორისაგან მოითხოვს მოცემულ სიტუაციაში უპირატესობა მიანიჭოს ობიექტთა კერძო კავშირებს; 4. თვისება - რეზულტატურობა: პირველი ეტალონი აქტორს ავალდებულებს, რომ უპირატესობა მიანიჭოს ობიექტთა კონკრეტულ ატრიბუტებს და არა მათგან წარსულში, აწმყოსა და მომავალში მოალოდნელ საქმიანობებს, რასაც მოითხოვს რეზულტატურობის ეტალონი; 5. სპეციფიკურობა - დიფუზორობა; პირველი ეტალონი მოითხოვს, რომ აქტორმა ობიექტის მიმართ დამოკიდებულება განსაზღვროს მხოლოდ ცალკეულ სფეროებში და არ ჩართოს მასში ემპირიულად შესაძლო სხვა ურთიერთობები. დიფუზორობის ეტალონი კი პირიქით, აქტორს ავალდებულებს, ობიექტზე რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი რელევანტური ხერხით. ე.ც.-ს პარსონსი „ღირებულებითი ორიენტაციის აღმწერ კატეგორიებსაც“ უწოდებს.
ეტატიზმი - სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, სამეცნიერო და სხვ. საქმიანობაში. ე. საზოგადოების პოლიტიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკა რაციონალური ურთიერთქმედების ზღვარს სცდება და ცდილობს განსაზღვროს ცხოვრების თითოეული სფეროს ფუნქციონირება, რის შედეგადაც ზღუდავს და აფერხებს მას.
ეტიკური და ემიკური მიდგომები - კულტურათა საკვლევი მიდგომები. ტერმინები ეკუთვნის ლინგვისტ კ. პაიკს, რომელსაც ისინი ლინგვისტური ცნებების - ფონეტიკურისა და ფონემიკურის ანალოგიით შექმნა (ლინგვისტიკაში ფონეტიკა შეისწავლის იმ ბგერებს, რომლებიც ყველა ენაშია, ფონემიკა კი - ერთი ენისთვის სპეციფიკურ ბგერებს). ამის შემდეგ ეს ტერმინები დამკვიდრდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ე-ური მ-მით კულტურებს შეისწალიან უნივერსალური თვალსაზრისით, გარე დამკვირვებლის პოზიციიდან, რაც გულისხმობს ყველა კულტურისათვის საერთოს შესწავლასა და ასეთი გზით გამოვლენილი მონაცემების შედარებას საერთო მახასიათებლის მიხედვით; ემიკური მიდგომით კულტურის შესწავლა გულისხმობს კულტურულ-სპეციფიკურის შესწავლას. ეს პოზიცია ეყრდნობა კულტურის „შიგნიდან“ მისი მატარებლების პოზიციიდან შესწავლას. ორივე მიდგომა ტრადიციულად აპრობირებულია და გამოვლენილია თითოეული მათგანის ნაკლიცა და უპირატესობაც. ეტიკურის უპირატესობად მიიჩნევა კულტურათა შედარების შესაძლებლობა რაიმე მახასიათებლით ან მახასიათებელთა ერთობლიობით, ნაკლად კი - კონკრეტულ კულტურათა სპეციფიკის ნიველირება და კულტურული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა; ემიკური მიდგომის უპირატესობად მიიჩნევა კონკრეტული კულტურების უფრო სრული, სავსე აღწერა და ფენომენთა უკეთ ახსნის შესაძლებლობა, რადგან გათვალისწინებულია კულტურული კონტექსტი, ნაკლად კი - გამოვლენილ ფენომენთა შედარების სირთულე სხვა კულტურების ფენომენებთან.
ექსპანსია (პოლიტიკური) - პოლიტიკური ექსპანსია გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოებას, გავლენის სფეროს გავრცელებას სხვა ქვეყნებისა და ხალხების ხარჯზე. სხვადასხვა ეპოქაში პ.ე-ს განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმისდა მიხედით, თუ როგორი იყო ეპოქის ეკონომიკური, სამხედრო, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონე, სახელმწიფოს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნილებები. პ.ე. ძირითადად იმპერიალისტური სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათებელი და ხორციელდებოდა სამხედრო კონფლიქტებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, რაც გარკვეული პერიოდისათვის კვალიფიცირდება, როგორც კოლონიალიზმი. მაგრამ ასეთ პირობებშიც განასხვავებენ კონტინენტურ (ვთქვათ, რუსეთის ან თურქეთის) და საზღვაო იმპერიების (დიდი ბრიტანეთის) პ.ე-ს პირველ შემთხვევაში იმპერიების ეკონომიკური ინტერესები რეალიზდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების, მაშასადამე, ძირითადად, გადამხდელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, მაშინ როდესაც საზღვაო იმპერიები უმთავრესად დაინტერესებულნი იყვნენ ვაჭრობისა და მრეწველობისათვის ახალი ბაზრების, იაფი ნედლეულისა და მუშახელის მოპოვებით.
თანამედროვე ეპოქაში პ.ე-ის ძველი კოლონიალური ფორმები შეცვალა სახელმწიფოების კულტურულმა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა ექსპანსიამ. ძლიერი სახელმწიფოები გავლენის სფეროების ზრდას ამჯობინებენ ახალი ტერიტორიების მოპოვებას. გლობალიზმის ეპოქამ, რასაც თან სდევს ეროვნული სახელმწიფოების დასუსტება, ექსპანსიის ძირითად სუბიექტებად ტრანსნაციონალური გაერთიანებები აქცია.
ექსპერიმენტი - ცდა. მეცნიერებაში არის ობიექტური სინამადვილის შემეცნების ერთ-ერთი ფორმა.ის სოციოლოგიური გამოკვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი მიზანია კვლევის ჰიპოთეზების შემოწმება ე-ული პირობების მართვის გზით. მკვლავარი ქმნის ან გამოძებნის ისეთ პირობებს, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მისთვის საინტერესო მოვლენათა მიზეზობრივი კავშირის გამოსავლენად.
ე. შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: 1. ამოცანისა და ძირითადი ჰიპოთეზების წამოყენება და დაზუსტება, 2. იმ ემპირიული ობიექტის შერჩევა, რომლის ფარგლებშიც ე. უნდა ჩატარდეს. 3. ე-ული და საკონტროლო ჯგუფების საერთო გეგმის შემუშავება. 4. სამუშაო ჰიპოთეზების ფორმულირება და დაზუსტება. 5. ე-ული სიტუაციის შექმნა, ჰიპოთეზური მიზეზის ამოქმედება და ობიექტის პერიოდული გაზომვა.6. რეზულტატების ანალიზი.
ე-ში ჰიპოთეზის დადასტურების (დამტკიცების) ან უარყოფის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰიპოთეზის შემოწმება ხდება ე-ული ჯგუფისა (რომელიც დამოკიდებული ცვლადია და დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედებას განიცდის) და საკონტროლო ჯგუფის (რომელიც არ განიცდის ცვლადის ზემოქმედებას) შედარების გზით.
გამოსაკვლევი ობიექტების ხაისათის მიხედვით სოციალური ე-ები იყოფა ეკონომიკურ, პედაგოგიკურ, სამართლებრივ, ესთეტიკურ და სხვ. ე-ად დასმული ამოცანის სპეციფიკის მიხედვით ე-ი არის სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული.
ჰიპოთეზის დამტკიცების ლოგიკური ხასიათის მიხედვით განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ ე-ებს. პარალელურია ე-ები, როდესაც არსებობს როგორც ე-ული, ისე საკონტროლო ჯგუფები და ჰიპოთეზის დამტკიცება ემყარება ერთსა და იმავე დროს ორივე ობიექტის მდგომარეობის შედარებას. თანმიმდევრულია ისეთი გამოკვლევა, რომელშიც საკონტროლო ჯგუფი, როგორც დამოუკიდებლად არსებული ობიექტი, არ არსებობს. თავად ექსპერიმენტული ჯგუფი გვევლინება როგორც საკონტროლო გარკვეული იმპულსის შეტანამდე და - როგორც ე-ული მას შემდეგ, რაც იმპულსზე გათვალისწინებული ზემოქმედება მოახდინა.
ე-ული სიტუაციის მიხედვით სოციალური ე-ები იყოფა საველე და ლაბორატორიულ ე-ად. საველეა ე., რომელიც ტარდება ბუნებრივ პირობებში სოციოლოგიაში ეს მეთოდი ფართოდ არ გამოიყენება, რადგან ცვლადების კონტროლი ძნელია. ასევე ძნელია ისეთი პირობების შემნა, სადაც ე-ული ჩარევა იქნება როგორც შესაძლებელი, ისე ეთიკური. ლაბორატორიულია ე., რომლის დროსაც თავად მკვლევარი ქმნის პირობებს.
საველე ე-ის მონაწილეებმა, როგორც წესი, არ იციან, რომ მათ შეისწავლიან და მით უმეტეს, რომ მათზე გარკვეულ ე-ს ატარებენ. ლაბორატორიულ ე-ში ადამიანებმა იციან, რომ ისინი მონაწილეობენ სოციალურ ე-ში.
საველე ე-ებში განასხვავებენ აქტიურად მიმართულ და ბუნებრივ ე-ებს. სოციალური ე-ის ტიპოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. „ექს-პოსტ ფაქტუმ“ (ex-post factum) ე-ს, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX ს-ის ოციან წლებში ამერიკელი სოციოლოგის ელენ ქრისტიანსენის გამოკვლევაში.
ექსპერტი - გამოცდილი, კომპეტენტური პირი, რომელსაც კვლევის ობიექტთან დაკავშირებულ სფეროში ცოდნა და გამოცდილება აქვს. იგი მონაწილეობს სოციოლოგიურ გამოკვლევაში როგორც სოციალური ინფორმაციის წყარო ან კომუნიკატორი.
ე-ების განსაკუთრებული ტიპის რესპოდენტების გამოკითხვის არეალი (სფერო) ძალიან ფართოა. მათ მიმართავენ ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების ნებისმიერი საქმიანობის გამოკვლევის დროს. ე-ების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმისა და მახასიათებლის მიხედვით ხდება (როგორიცაა, მაგ.; მათი პროფესიული კომპეტენტურობა, პრესტიჟი, პასუხისმგებლობა, გამორჩეული სოციალური მდგომარეობა, ცხოვრებისეული გამოცდილება, საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნა, პრობლემის ობიექტური განხილვისა და ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულებების, აზრების პირუთვნელი და მკაფიო გადმოცემა, ორიგინალური და ანალიტიკური აზროვნება და სხვ.), როგორც წესი, შერჩევა ხდება ე-თა ტესტირების შედეგების, აგრეთვე მათი კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული პირების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ე-თა ფუნქციები სოციოლოგიურ გამოკვლევაში ძალიანმ მნიშვნელოვანია. მათ გამოკითხვას აწარმოებენ სოციოლოგიური გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზე: კვლევის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას, ცნებების ემპირიული ინტერპრეტაციისა და ინდიკატორების გამოყოფის, ჰიპოთეზების ჩამოყალიბების, შემოწმებისა და კორექტირების, დასკვნების დასაბუთებულობისა და რეკონმენადციების შემუშავების დროს და ა.შ. ე-ებს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებათ გამოკვლევის საწყის ეტაპზე. ისინი კვლევის სტრატეგიულ პროლემებთან დაკავშირებით და საკვლევი ობიექტის შესახებ შეიძლება ურო ღრმა, ფართო და დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი. აუცილებელი ინფორმაციის მიღება მკვლევარს ეხმარება კვლევის საერთო მიმართულების განსაზღვრაში, ვალიდური მეთოდების შერჩევაში და სხვ.
ექსპლუატაცია - 1. სხვა ადამიანის, ან რაიმე რესურსის გამოყენება და ამის შედეგად მიღება მოგებისა, რომელიც არ შეესაბამება საკუთარ შრომით წვლილს. 2. ხალხის, მათი თვისებებისა თუ იმ მდგომარეობის უსამართლო გამოყენება, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ. სირთულე მდგომარეობს ვინმეს უსამართლო გზით, საკუთარი ინეტერესების შესაბამისად გამოყენების არსისა და პირველ რგიში, იმ სიტუაციის დადგენაში, რომელიც ექსპლუატაციას უწყობს ხელს. აღნიშნული მიზეზის გამო ტერმინის ანალიზი მჭიდროდ უკავშირდება „ხელისუფლებისა“ და „უსამართლობის“ გაგებას. დღემდე არ არსებობს ერთი აზრი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ე-ს, როგორც უსამართლობის კერძო ფორმას, და რა ვითარებაში შეიძლება იგი ჩაითვალოს ძალაუფლების ფორმად. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ე-ური გარიგებების იდენტიფიკაცია შეთანხმებითი გაცვლების დროს, რომლებიც, ზოგი თეორეტიკოსის აზრით, ხელისუფალთა მონაწილეობას ნიღბავენ, ხოლო სხვათა აზრით, იმის გარანტიას იძლევიან, რომ ხელისუფალნი მათში არ მონაწილეობენ.
ექსპროპრიაცია - სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება.
ექსტრემიზმი - პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ე. პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწვად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ე-ის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ე-ის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე (მისი ყველაზე ტიპიური ნიმუშია იტალიური და გერმანული „წითელი ბრიგადები“), ასევე მემარჯვენე (უწინარეს ყოვლისა, ნეოფაშისტური ორგანიზაციები) ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ე., რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე.
![]() |
7 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვალიდურობა - კვლევის ინსტრუმენტების (ოპერაციონალიზებული ცნებების, გასაზომი ოპერაციებისა და ექსპერიმენტების) დასაბუთებულობა და ადეკვატურობა.
ლოგიკური ვ. (შინაგანი ვ.) აღნიშნავს ცვლადებისა და ინდიკატორების ურთიერთკავშირისა და ურთიერთგამომდინარეობის (ურთიერთგანპირობებულობის) ხარისხს. ემპირიული ვ. (გარეგანი ვ.) ემპირიულ მონაცემებთან ცვლადებისა და ინდიკატორების შესაბამისობის ხარისხის მაჩვენებელია. მეთოდიკის ვ. მიუთითებს, თუ რამდენად ვარგისია ესა თუ ის მეთოდიკაგარკვეული კვლევითი ამოცანების გადასაწყვეტად. მეთოდის, ვ. ე.ი. მეთოდის დასაბუთებულობა ნიშნავს მისი საშუალებით მიღებული ემპირიული მონაცემების გამოკვლეის ძირითად მიზნებთან შესაბამისობას.(მაგ.; რომელიმე დევიანტური ჯგუფის ქცევის მოტივების გამოკვლევა სტანდარტიზებული კითხვარის საშუალებით ნაკლებ ვ-ური იქნება, ვიდრე მათი შესწავლა გაუმღჟავნებელი ჩართული დაკვირვების მეშვეობით; ასევე რომელიმე სტუდენტური ჯგუფის პოლიტიკური ორიენტაციის შესწავლა ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით უფრო ვ-ურია, ვიდრე დაკვირვების მეთოდით). თუ სოციალური გამოკვლევების შედეგად მიღებულია ვ-ური მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ შესასწალი მოვლენის რეალურ ასახვას, ხოლო მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩატარდა გამოკვლევა, ვ-ურია. სოციოლოგიაში ვ. გაზომვის ძირითადი მახასიათებელია. ის ასახავს გაზომვის საშუალებების გასაზომ მონაცემებთან, მაჩვენებლებთან შესაბამისობის ხარისხს, ე.ი. მიუთითებს რამდენად შეესატყვისება გაზომვის საშუალებები იმას, რაც უნდა გაიზომოს(მაგ.; თუ ფსიქოლოგური გაზომვა, როგორიცაა ინტელექტის ტესტი, ვ-ურად ითვლება, ეს ნიშნავს, რომ ის გამოსადეგია იმის გასაზომად, რისი გაზომვაც არის გათვალისწინებული).
ვ. წარმოადგენს გამოკვლევის ან გაზომვის უნარს - ადეკვატურად შეაფასოს ის, რის გამოსკავლევად ან გასაზომადაც გამოიყენება.
ვ-ის შეფასების პროცედურას ვალიდიზაცია ეწოდება.
ვალიდიზაცია შეიძლება გაზომვამდე (როდესაც ლაპარაკია მისი სტანდარტიზებული საშუალებების გამოყენებაზე) და შემდეგ - (მისი რეზულტატების ანალიზისა და კვლევის ყველა გარემოების გათვალისწინებით).
ვერიფიკაცია - პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მსჯელობის ან ჰიპოთეზის ჭეშმარიტების დადგენასთან.
სოციოლოგიაში ვ. ნიშნავს ჰიპოთეზების შეფასებისა და შემოწმების პროცედურას, რაც გულისხმობს მათ შედარებას ფაქტებთან, რეალურ ვითარებასთან. სწორად წარმართული გამოკვლევის დროს ვ-ის შედეგი შეიძლება იყოს ჰიპოთეზის დამტკიცება (დასაბუთება) ან უარყოფა. სოციალურ მეცნიერებებში ჰიპოთეზების დასაბუთების ემპირიულ მეთოდს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაზე მეტად ის ეფექტურია მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლის დროს. სოციოლოგიაში ვ. ხორციელდება მრავალგვარი სტატისტიკური და სხვა მეთოდის საშუალებით.
ვესტფალიის სისტემა - თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი სისტემა. მის ჩამოყალიბების დასაწყისად მიჩნეულია ვესტფალიის 1648 წლის ზავი, რომელმაც ევროპაში ოცდაათწლიანი ომი დაასრულა. ვესტფალიის ზავმა წერტილი დაუსვა ჰაბსურგების მიერ ზეეროვნული იმპერიის შექმნის ამბიციას. ვესტფალიის ზავით აღიარებულ იქნა სახელმწიფოთა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემა, რომელშიც უნდა დამკვიდრებულიყო რელიგიური თავისუფლებისა და შემწყნარებლობის პრინციპი (cuius religio, eius religio - ვინც მართავს, რწმენასაც განაგებს). ამგვარად, ვ.ს-მ საერთაშორისო ურთიერთობების საერო ხასიათი დაამკვიდრა, რაც თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესისა და ძალთა წონასწორობის პრინციპების აღიარებას ემყარებოდა. ამის მიუხედავად, ვესტფალიის ზავით შექმნილი საერთაშორისო სისტემა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ძირითადად ევროპულ და ქრისტიანულ ფასეულობებს ემყარებოდა.
ვეტო - 1. სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის ზედა პალატის უფლება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ეს უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს). შეერთებული შტატების კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტმა შეიძლება წააწეროს სიტყვა ვ. („ვკრძალავ“), რის შემდეგაც დოკუმენტი აკრძალვის სათანადო მოტივაციით საკანონმდებლო ინსტიტუტს უბრუნდება. ამის შემდეგ კონგრესს მაინც შეუძლია გაიტანოს თავისი კანონპროექტი, თუ მისი წევრები მოაგროვებენ ორივე პალატაში ხმების 2/3 -იან უმრავლესობას. თუ პრეზიდენტი კვლავ ვ-ს დაადებს კანონპროექტს, ვ. ავტომატურად ძალაში შედის ათი დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში კონგრესი არ შეწყვეტს სხდომობს. 2. საერთაშორისო ასპარეზზე ვ-ს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს).
ვიზიტი - ამა თუ იმ სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის ან დიპლომატიური წარმომადგენლის სტუმრობა მეორე ქვეყნის ოფიციალურ პირთან, სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან საქმიან წევრებთან. ტერმინი ასევე გამოიყენება ერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ესკადრის მეორე ქვეყნის პორტში შესვლის აღსანიშნავად, როდესაც ამგვარ სტუმრობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მანიფესტაცია უდევს საფუძვლად.
ვიქტიმოლოგია - კრიმინოლოგიის სფერო, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლის როლს დანაშაულში. ეს სფერო ხშირად ამოვარდნილი იყო კრიმინოლოგთა ინტერესებიდან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. 1965წ. აშშ-ში მოეწყო ფართო განხილვა დანაშაულთა სტატისტიკის საკითხებზე, სადაც გაირკვა, რომ არშეტყობინებულ დანაშულთა „შავი სია“ ბევრად აჭარბებდა ნავარაუდევს, ასევე მსხვეპლის რიცხვი, დანაშაულის ალბათობა არათანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის, ამას გარდა, შიდა ქალაქების მცხოვრებნი, სამართალდამცავთა სიჭარბის მიუხედავად, უფრო მეტად იმყოფებოდნენ დანაშაულთა რისკის ქვეშ.
თოერიული მიდგომები ვ-ისადმი მდგომარეობს მსხვერპლსა და დამანშავეს შორის ურთიერთობის ბუნების გამოვლენაში, კერძოდ, დაფუძნებულია „მსხვერპლის მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე“. გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, გაუპატიურებასთან დაკავშირებით), ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ბრალს სდებდა დაზარალებულს დანაშაულის პროვოცირებაში. ამდენად, ვ., უკავშირდება დანაშაულში შერეული პასუხისმგებლობის საკითხს.
ვოლუნტარიზმი - იდეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის თვისება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნების გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებიდან და ამ ნების გონებისა და საზოგადოებრივი კანონებისადმი დაპირისპირებიდან. ვ-თვის დამახასიათებელია სუბიექტურის ობიექტურისაგან მოწყვეტა, ირაციონალურობის, იმპულსურობის, სტიქიურობის, სპონტანურობის როლის გაზვიადება, პოლიტიკასა და პრაქტიკაში ისტორიული განვითარების რეალური პირობებისა და შესაძლებლობების იგნორირება, განუკითხაობა და სუბიექტივიზმი. ბუნებრივია, რომ ვ. განსაკუთრებით დამახასიათებელია სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების სუბიექტივისტური მიმართულებისათვის, ხოლო პოლიტიკასა და პრაქტიკაში - ავტორიტარიზმის, ბონაპარტიზმის, ტოტალიტარიზმისათვის. მან არაერთხელ პოვა თავისი გამოვლინება ხალხოსნების, ანარქისტების, ესერების, ბოლშევიკების რევოლუციურ მოღვაწეობაში ოქტომბრამდე და ოქტომბრის შემდეგ, სტალინიზმის თვითნებობასა და განუკითხაობაში, ხრუშჩოვის სუბიექტივიზმსა და არაპროგნოზირებად პოლიტიკაში, როგორც პერესტროიკის, ისე უკანასკნელი ათწლეულის რეფორმატორი მოღვაწეების არაკომპეტენტურ, გაუთვლელ, დაუფიქრებელ, უსაფუძვლო და წინააღმდეგობებით აღსავსე პროექტებსა და პრაქტიკულ მოქმედებებში.
ვოტუმი - ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში ზოგადად კენჭისყრის აღსანიშნავად გამოიყენება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პოლიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით. უნდობლობის ვ-ის გამოტანას მთავრობის გადადგომა მოსდევს. კენჭისყრა შეიძლება განხორციელდეს ხელის აწევით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროცედურის კონკრეტული სახე დამოკიდებულია ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციასა და რეგლამენტზე.
ვულგარული მატერიალიზმი - XIXს-ის ბურჟუაზიული ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომლის აღმოცენება დაკავშირებულია ამ საუკუნის უდიდეს აღმოჩენებთან ბუნებისმეტყველებაში. ვულგარული მატერიალიზმის წინამორბედი იყო ფრანგი მატერიალისტი პ.კაბანისი. მთავარი წარმომადგენლები იყვნენ გერმანელი ფილოსოფოსები: კ. ფოგტი, ლ.ბიუხნერი, ი. მოლეშოტი, რომლებსაც ფ. ენგელსი ვ. მ-ისტებს უწოდებდა. ისინი აღიარებდნენ მატერიის პირველადობასა და ცნობიერების მეორადობას, მაგრამ მატერიასა და ცნობიერებას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავდნენ, ვინაიდან მათი გაგებით „აზრი ისევეა დამოკიდებული ტვინზე, როგორც ნაღველი ღვიძლზე“. (ფოგტი). ვ.მ. მატერიალიზმის გაუბრალოებული, სქემატური გამოხატულებაა. მატერიალურისა და იდეალურის ერთმანეთზე დაყვანით ვულგარული მატერიალიზმი, ცხადია, დიალექტიკასაც უარყოფს ყოფიერებისა და ცნობიერების მიმართების საკითხში. იგი ემყარება მექანიციზმის ფილოსოფიურ პრინციპს. მათმა ასეთმა პოზიციამ რამდენადმე მაინც განსაზღვრა იდეალიზმთან ერთად ფილოსოფიის ე.წ. პოზიტივისტური უარყოფის ცდები, რაც საბოლოო ჯამში ფილოსოფიის როლის დაკნინება და მისი უარყოფის მცდელობა გამოვიდა. ვ.მ. საფუძვლად დაედო ვულგარულ მარქსიზმსა და ვულგარულ სოციოლოგიზმს.
![]() |
8 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზავი - ძალადობრივი კონფლიქტის დროებითი შეწყვეტა. ზ. შეიძლება განპირობებული იყოს ბრძოლის ველზე შექმნილი საჭიროებებით, როგორიცაა დაჭრილების გაყვანა, ან შეიძლება წარმოადგენდეს უფრო გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების წინა ეტაპს.
ზეწოლის ჯგუფები - ინტერესჯგუფების ალტერნატიული ტერმინი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები სინონიმურად მოიხმარენ, ბევრ შემთხვევაში მაინც გამოიყენება ნეგატიურ კონტექსტებში კონკრეტულად ასეთი ჯგუფებისა და მათ მიერ გამოყენებული მეთოდების კრიტიკის თვალსაზრისით.
ზნე-ჩვეულებები - ვებერის თანახმად, ერთგვაროვანი და განმეორებადი მოქმედებები, რომლებიც ორიენტირებულია განსაზღვრულ წესებზე, ნორმებსა და მაქსიმებზე, როგორც მოქმედების მეტ-ნაკლებად სტაბილურ მნიშვნელობებზე. ზ.-ჩ-ის ფარგლებში მოქმედების ერთგვაროვნება აიხსნება მხოლოდ ჩვევებით. ადათი ისეთი ზ.-ჩ-აა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავდება და განპირობებულია საერთო ინტერესებით, რასაც ვებერი ინტერესთა კონსტელაციას“ უწოდებს. ადათები (მით უფრო, ზ.-ჩ) არ არის „მნიშვნელადი“. ეს ნიშნავს, რომ ისინი არავისგან „მოითხოვენ“ მათ დაცვას. უფრო ზუსტად: ადათები ისეთ ნორმებს შეიცავს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე (მაგალითად, საზოგადოებაში მიღებულია ისაუზმო გარკვეული წესების დაცვით, თუმცა, არავინ არის ვალდებული ამ წესებს მისდიოს). ამრიგად, ზ.ჩ-ებსა და ადათებს არა აქვს ფორმალურ-ინსტუტუციური ხასიათი და არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ რეგულირებას. სოციალური მოქმედების კლასიფიკაციაში, ისინი თავსდება ტრადიციული მოქმედების ფარგლებში, რომელიც იმყოფება გასაზრისიანებული მოქმედების ზღვარზე, ანუ, რაციონალური გაგების ფარგლებს სცილდება (იხ. რაციონალობა, სოციალური მოქმედების ტიპები; სოციალური ურთიერთობა; ლეგიტიმურობა)
![]() |
9 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თავდაუსხმელობის პაქტი - ორ ან მეტ საელმწიფოს შორის შეთანხმება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთიმეორის წინააღმდეგ მტრულ საბრძოლო მოქმედებებზე უარის თქმას ითვალისწინებს. როგორც წესი, პაქტის ხელმომწერი სახელმწიფოები მეზობლები არიან ან რაიმე საერთაშორისო საკითხის გამო ერთმანეთს ედავებიან. ალიანსისაგან განსხვავებით, თ.პ. მხარეებს არ ავალდებულებს ერთმანეთის დაცვას მესამე ქვეყნისაგან ამ უკანასკნელის მხრიდან მტრული საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. თ.პ-ში აღებული ერთადერთი ვალდებულება დავის გადასაწყვეტად სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმაა.
თავდაცვა - საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც თავდასხმისგან ღირებულებების დაცვას ითვალისწინებს. როგორც წესი, თ-ის მთავარ საშუალებას სამხედრო ძალა წარმოადგენს, რომელსაც სახელმწიფო ან ალიანსი ძალადობრივი შეტევის მოსაგერიებლად იყენებს. თ-ის მთავარი მიზანი თავდამსხმელის დანაკარგების გაზრდაა, რათა მან საკუთარი მიზნების განხორციელება ვეღარ შეძლოს. იმ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო ძალა მოწინააღმდეგისთვის სამაგიეროს გადახდისა და მისი დასჯის მუქარას გულისხმობს, ესაა სამხედრო ძალის მეორე ფუნქცია - დაშინება. ხანდახან ეს ორი ცნება ერთმანეთის შემცვლელად გამოიყენება. XVIIს-ში თანამედროვე სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ თ-ის მთავარ ფუნქციად ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის აღკვეთა ითვლება. თ-ის უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ტექნოლოგიები ასრულებს. თ-ის სამხედრო საშუალებები, ჩვეულებრივ, ეროვნული უსაფრთხოების ზრდის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. ბიუზანის აზრით, ბირთვული იარაღის ათვისების შემდეგ გაჩნდა ე.წ. „თავდაცვის დილემა“ - პარადოქსული ვითარება, როდესაც თ-ის ბირთვული საშუალებების შეძენით სახელმწიფოს უსაფრთხოების დონე სხვა ქვეყნების მხრიდან ბირთვული მუქარის გამო, პირიქით, შემცირდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ თ-ისა და უსაფრთხოების ცნებების ერთიმეორისაგან დაშორება ნაკლებად შესამჩნევი გახდა.
თავისუფალი არჩევნები - იხ. აჩევნები.
თავისუფალი დროის სოციოლოგია - თავისუფალი დრო განისაზღვრება როგორც დრო, რომელიც რჩება ინდივიდს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისა და საკუთარი თავისა და გარემოს მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგ. თ.დ. ს სწავლობს ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების მიერ თავისუფალი დროის გატარების, გართობის, კომუნიკაციის მოდელებს და იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ე.წ. „გართობის ინდუსტრიასთან“ თ.დ.ს-ის წარმოშობას უკავშირებენ ვებლენის შრომას „უსაქმური კლასის თეორია“.
განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შემოსავლებისა და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდამ გამოიწვია გართობის ფორმებისა და მოდელების მრავალფეროვნება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ჯგუფური იდენტურობების ფორმირების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმად მოხმარებისა და გართობის პატერნებს მიიჩნევენ. ასეთი იდენტურობების გასაზომად მარკეტინგულ კვლევებში იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ ცვლადების სისტემას, რომელსაც ცხოვრების სტილი (infesyle) ეწოდება.
პოსტმოდერნიზმი, რომელსაც კაპიტალის ახალ კულტურულ ლოგიკას უწოდებენ, თანამედროვე სოციალურ სტრუქტურას განიხილავს სტილიზებული გართობისა და მოხმარების პრაქტიკების კონსტრუირების ტერმინებით. დღეს ყველა კლასი ჩართულია მასობრივ კულტურაში. თავისუფალი დროის გატარების მეტ-ნაკლებად ერთნაირი ფორმების გავრცელებას კლასების დესტრუქციის ერთ-ერთ ფაქტორადაც მიიჩნევენ.
თავისუფლება - პრაქტიკული ფილოსოფიისა და პოლიტიკის მთავარი ცნება. თ-ის განსაზღვრების მრავალ მცდელობათა შორის შესაძლებელია ორი ასპექტის გამოყოფა: 1. თ. შეიძლება გავიგოთ როგორც გარეგანი იძულებისა და ვალდებულებების არარსებობა. ამ იძულებას შესაძლებელია ბუნებრივი სახე ჰქონდეს ან თავისი წარმოშობით საზოგადოებრივ ხასიათს ატარებდეს (საზოგადოებრივი ნორმები და შეთანხმებები). ამ შემთხვევაში თ. ნეგატიურადაა დახასიათებული და საქმე ეხება თავისუფლებას „რაღაცისაგან“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურად, სოციალურად და ისტორიულად არის საინტერესო. 2. თ., ასევე შეიძლება გავიგოთ როგორც საკუთარი ნებისათვის გარკვეული მიმართულების მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გულისხმობენ გადაწყვეტილების მიღების ან ნების თავისუფლებას, რაც ნიშნავს თ-ს „რაღაცისათვის“ (პოზიტიური თ.). ასე გაგებული თავისუფლება წარმოადგენს მრავალი ფილოსოფიური და თეოლოგიური გამოკვლევის საგანს. პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით შესაძლებელია თ-ის მიღება იძულების მოხსნით, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით -არა. თ-ის ცნება განეკუთვნება დასავლური აზროვნების ძირითად ღირებულებას, რომელიც ევროპის გზით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თ-ის იდეა, როგორც ნებისა და სინდისის თ., ახალი დროის ადმიანის თვითგაგების ცენტრალური კატეგორია გახდა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების დემოკრატიისაკენ ლტოლვას უდევს საფუძვლად. თ-ის ფილოსოფიური მიმართებების (შინაარსების) გარდა, შესაძლებელია განვასხვავოთ თ-ის საზოგადოებრივი (თ. როგორც სოციალური მიმართულებების ცვლილებების შედეგი), ასევე ისტორიული კომპონენტები (გზა მონობის გაუქმებიდან თავისუფალი სამართლებრივი სახელმწიფოების ფორმირებამდე).
გაარჩევენ თ-ის შემდეგ სახეებს: 1. ნების თ. გულისხმობს, რომ ადამიანები პრინციპულად თავისუფლები არიან ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. ნების თ. ნიშნავს, რომ ინდივიდის ქცევა არ არის რაიმეთი წინასწარ დეტერმინირებული. 2. ცალკეული ინდივიდის სამართლებრივი თ. გამომდინარეობს სხვათა თ-ის შეზღუდვიდან, რომელიც აუცილებელია ყველასათვის, რათა ყველასათვის მისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი თ. 3. პოლიტიკური თ. მიემართება სხვა ინდივიდის უფლებას, იყოს პოლიტიკურად ქმედითი და იქონიოს ზეგავლენა პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ არჩევნებში. 4. რეალური თ. განასხვავებს სასურველ და ნამდვილ თავისუფლებას და სვამს კითხვას გარანტირებული თ-ის რეალური არსებობის შესახებ. რეალური თ. იმავდროულად არის სოციალური თ.
პოლიტიკური თ. შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების უნარი, შესაძლებლობა, იმოქმედონ გარემოებათა ხელის შეშლის ან ჩარევის გარეშე. თ-ის ამგვარი გაგება მხოლოდ ერთია თ-ის უამრავი კონცეფციიდან, რადგან თ. მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო კატეგორიაა ხანგრძლივი ისტორიითა და შესაბამისი მეტაფიზიკური, თეოლოგიური და მორალური იმპლიკაციებით. თ-ის ეს განსაზღვრება შეიძლება ასევე წარმოდგენილი იყოს ფორმულით: „A თავისუფალია B-სგან, რათა P“. სადაც A-თი ინდივიდები აღინიშნება, B-თი ხელისშემშლელი პირობები, ხოლო P-თი სასურველი მოქმედებები ან მდგომარეობები. პოლიტიკურ მეცნიერებებში ჯერალდ მაკალუმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ფორმულაზე, ნეგატიური ან პოზიტიური აზრით, შეიძლება დავიყვანოთ თ-ის ნებისმიერი განსზღვრება. სანიმუშოდ შეგვიძლია მივმართოთ იზაია ბერლინის თვალსაზრისს, რომელიც განასხვავებდა ნეგატიურ და პოზიტიურ თ.-ას. პრინციპში, ნეგატიური თ. ბერლინისათვის ხელისშემშლელი პირობების არარსებობაში მდგომარეობდა, ხოლო პოზიტიური თ-ის ქვეშ გულისხმობდა ინდივიდის უნარს, განეხორციელებინა თავისთვის სასურველი ქმედება.
თ-ის შემოთავაზებული ბაზისური გაგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური თ-ის მხარე, რომელიც განიხილავს ინდივიდის მიმართებას სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, იმას, თუ რამდენად თავისუფალია კონკრეტულ საზოგადოებაში ინდივიდი, ინტერპრეტირდება, როგორც სამოქალაქო თ. (იხ. სამოქალაქო თავისუფლება), ხოლო რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს თ-ის საკითხი გაიგება როგორც დამოუკიდებლობა ან სუვერენიტეტი.
თამაშების თეორია - თეორია, რომელიც თამაშს აღიარებს ადამიანის თავისუფალი თვითგამოხატვის ფორმად; თამაში არ არის მიმართული რაიმე უტილიტარული მიზნის მიღწევისაკენ და არსებობს საწარმოო-პროფესიული მოღვაწეობისაგან დამოუკიდებლად. სათამაშო ქცევა ვლინდება უმაღლეს ძუძუმწოვრებთან, ბავშვებთან, განვითარების პრიმიტიულ დონეზე მყოფ ხალხთან. თამაშს ხშირად ხელოვნებას ადარებენ. მას სოციალურ-კულტურული ფუნქციები აქვს: 1) პირველადი სოციალიზაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ახალი თაობის საზოგადოებაში დამკვიდრებას; 2) განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანთა გამაერთიანებელი, ემოციებით დატვირთული კომუნიკაციების სფერო; 3) არქაული ჩვეულებებისა და ღირებულებების შენარჩუნება და კვლავწარმოება, რომლებმაც დროსთან ერთად პირვანდელი პრაქტიკული საზრისი დაკარგეს. ბევრი ევროპელი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ხედავს კულტურის წყაროს ადამიანის თამაშის უნარში. ამ აზრით, იგი კულტურის წარმოშობის წინაპირობაა (გადამერი, ფინკი, ჰაიზინგა), თამაშის სტიქიაში ადამიანი რადიკალურად სხვა როლშია იმ როლებისაგან განსხვავებით, როცა ფანტაზიორობას არ მიმართავს. XIXს-ში ეს აზრი ბევრმა მეცნიერმა აიტაცა. XXს-ში თამაშის ფენომენი კულტუროლოგთა ძლიერ ინტერესს იწვევს. სარტრის მოსაზრებით, ადამიანს ორი არჩევანი აქვს - იყოს არარაობა ან ითამაშოს. ნიდერლანდელი მეცნიერისთვის - იოჰან ჰაიზინგასათვის კულტურა თავისუფალი და პატიოსანი თამაშია, თამაში კულტურის ფენომენია და არა ბიოლოგიური, ამიტომ კულტუროლოგიური თვალსაზრისით უნდა გაანალიზდეს. ადამიანის პირვანდელი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი სახეობები მასთანაა გადაჯაჭვული. ჰაიზინგას ნაშრომის - Homo Ludens-ის („მოთამაშე ადამიანი“) ძირითადი თეზისი ასაბუთებს კულტურის თამაშისეულ ხასიათს და შრომის საპირისპიროდ, თამაშს კულტურის შემქმნელ ფაქტორად განიხილავს. ის ინდივიდისათვის სოციალურად მნიშვნელოვანია მასში მყოფი საზრისის, გამომხატველობითი ღირებულების გამო, ამიტომ შრომაზე უფრო მეტადაა ადამიანური კულტურის მაფორმირებელი ელემენტი - ადამიანმა გარემოს შეცვლის აქტი ჯერ საკუთარ ფანტაზიაში, თამაშის სფეროში განახორციელა. ჰაიზინგას თვალსაზრისით, თამაში კულტურაზე უფროსია, წინ უსწრებს და ქმნის მას. კულტურა სწორედ თამაშის ფორმით იქმნება, იგი თავიდან გათამაშდება. ყველა მკვლევარი აღნიშნავს თამაშის უმიზნობას უტილიტარული გაგებით. კულტურის გენეზისის კონცეფციას თამაშის საუძველზე თნამედროვე კულტუროლოგიაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს (ფინკი, ი. გასეტი, ჰესე და სხვ.).
თ.თ. საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტური ვითარებების დროს გადაწყვეტილების მიღების კვლევის ფორმალური მეთოდია. „თამაში“ ამ შემთხვევაში ადამიანური ურთიერთქმედების ფართო სპექტრის მეცნიერული მეტაფორაა. თ.თ. მოქმედ პირთა რაციონალობის ვარაუდს ემყარება. თ.თ. მათემატიკის ერთ-ერთი დარგია და როგორც წესი, მატრიცების სახითაა წარმოდგენილი. თ.თ-ის მარტივ მოდელებში თითოეულ მონაწილეს აქვს გადაწყვეტილების არჩევის ორი ვარიანტი, რაც ოთხი შესაძლო შედეგის არსებობას განაპირობებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეორე მოქმედი პირის ინტერესებიც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მხარეს წარმოდგენა არ ჰქონდეს პარტნიორის არჩევანზე. თ.თ-ის მიხედვით, მონაწილეთა მოქმედების პრინციპი შეიძლება იყოს სარგებლის მაქსიმალიზაცია, ან დანაკარგების მინიმალიზაცია, რომელთა შორის არჩევანიც ორივე მხარისათვის შედეგს განაპირობებს.თ.თ. წარმოშობს კითხვებს რაციონალობის რაობის შესახებ. არსებობს თ.თ-ის ნულოვანჯამიანი და არანულოვანჯამიანი (ე.წ. შერეული მოტივაციის) ვარიანტები. ნულოვანჯამიან ვარიანტში თითოეული მხარის მოგება აუცილებლად მეორე მხარის წაგებას მოასწავებს, ხოლო არანულოვანჯამიან ვარიანტში ორივე მხარის მიერ სარგებლის მოპოვება დასაშვებია. თ.თ-ის ყველაზე ცნობილი ვარიანტია ე.წ. „პატიმრის დილემა“, რომელიც კლასიკურ არანულოვანჯამიან თამაშს წარმოადგენს. „პატიმრის დილემის“ გარდა თ.თ-ის მოდელებიდან აღსანიშნავია „ორმხრივად გარანტირებული განადგურება“, „მწვანე საფარის ტრაგედია“, „სქესთა შეჯახება“ და სხვ. საერთაშორისო ურთიერთობებში თ.თ. გამალებული შეიარაღების, განიარაღების, ბირთვული სტრატეგიული ურთიერთქმედებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო პოლიტიკური ანალიზის დროს გამოიყენება. თ.თ-ის შემქმნელად ჯონ ფონ ნეიმანი მიიჩნევა. საერთაშორისო ურთიერთობებში თ.თ-ის ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი თომას შელინგია.
თანაბარი შესაძლებლობები - ინდივიდების მისწრაფბათა რეალიზაციის თანაბარი შანსი. თ.შ-ის პრინციპის რეალიზაციას ხედავენ დემოკრატიულ ქვეყნებში გავრცელებულ პრაქტიკაში - ვაკანტური თანამდებობა დაკავებული იქნეს კონკურსის წესით. კანონით დაცული თ.შ-ის არსებობა არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში სრულად არის რეალიზებული სოციალური თანასწორობის იდეალი. თანასწორობის აბსოლუტურ რეალიზაციას ხელს უშლის მრავალი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი და ის ძირითადად არარეალიზებად სოციალურ მოდელად რჩება, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიძლება დაუახლოვდეს ესა თუ ის კონკრეტული საზოგადოება.
თანასწორუფლებიანობა - დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლის შესაბამისადაც მოცემული ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლებები, კანონმდებლობასა და სხვა სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია მათი რამენაირი დისკრიმინაცია. თ. ადამიანთა პოლიტიკური თანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი დაფიქსირებულია ბევრ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტში, მათ შორის 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. თ. მეტნაკლებად თანმიმდევრბულად და გარანტირებულად არის გამყარებული ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცით. თ. არ უნდა ავურიოთ თანასწორობასთან, რამეთუ ამ უკანასკნელს უფრო ფართო გაგება აქვს. თ. ნიშნავს თანასწორობას მხოლოდ კანონზე დამყარებული სამართლის სფეროში. თვით თ. ხშირად შეიძლება ფორმალური, დეკლარაციული, ფიქტიური იყოს, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში არ ხორციელდებოდეს.
თაობა - სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია, ნომინალური ჯგუფი. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება.
დემოგრაფიული თვალსაზრისით, თ. არის ასაკობრივი ჯგუფი, დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა (მაგ., 1940წ. დაბადებულთა თ., 1940-1945 წლებში დაბადებულთა თ და ა.შ.).
თ-ად მიჩნეულია დროის შუალედი, დაახლოებით 30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თ-ს აშორებს შემდგომისაგან, ე.ი. პერიოდი, გარკვეული ასაკობრივი ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის.
გენეოლოგიური თვალსაზრისით თ. აღნიშნავს საერთო წინაპრისაგან წარმოშობილ კოჰორტას.
მიუხედავად კონცეპტუალური სიძნელეებისა, მოცემული ცნება დიდ როლს ასრულებს სოციოლოგიაში. სოციოლოგიური მნიშვნელობით თ. ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება, ინტერესები, შეხედულებები, აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება (თვითშეგნება) აქვთ. ისინი განიხილებიან როგორც გარკვეული კოლექტიური ერთობა (მაგ., XX ს-ის ოთხმოციანელთა თ., II მსოფლიო ომის თ., ე.წ. „დაკარგული თაობა“, აფხაზეთის კონფლიქტის თ. და ა.შ.)
კარლ მანჰაიმი (Karl Mannheim, The problem of generations, 1952) განასხვავებს თ-ს როგორც ლოკაციას (დაბადების კოჰორტას) და თ-ს, როგორც რეალობას, სადაც არსებობს ჯგუფისადმი თვითიდენტიფიკაია, რაც გამოწვეულია საერთო ცხოვრებისეული გამოცდილებით, გრძნობებით, შეხედულებებით, ინტერესებით (მაგ., ვიეტნამის ომის თ., სამოციანელთა თ. და ა.შ.). კ. მანჰაიმი თვლის, რომ სხვადასხვა თ-ის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს. მისი აზრით, კულტურის, ინტერესებისა და ქცევის ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავების ასახსნელად თ-ს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სოციალურ კლასს ან გენდერს.
თ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სოციოლოგიაში. პოლიტიკური ქცევა კორელაციაშია თაობასთან.
ზოგჯერ თ-ის მაგივრად ტერმინი „კოჰორტა“ გამოიყენება. ის აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც დროის გარკვეულ პერიოდში საერთო გამოცდილება შეიძინა. კოჰორტა იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთდროულად, ერთ პერიოდში ერთნაირი მოვლენების მონაწილეები გახდნენ (ან ერთნაირი მოვლენები განიცადეს; მაგ., უმაღლესში შესულთა კოჰორტა, ჯარში წასულთა კოჰორტა და ა.შ.)
თეთრსაყელოიანები - ტერმინი გამოიეყენება საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის, კანცელარიების, ბანკებისა და ამ ტიპის სხვა დაწესებულებების მოსამსახურეთა აღსანიშნავად (თუმცა, მას ზოგჯერ უფრო ფართო მნიშვნელობითაც ხმარობენ და მოიაზრებენ მომსახურე პერსონალს, რომელიც ფიზიკურად არ შრომობს). ამ ტერმინში გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი სოციალურ სტრუქტურაში იკავებს ადგილს მუშათა კლასსა და ძველი საშუალო კლასის ტრადიციული პროფესიების მუშაკთა შორის.
თეოკრატია - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომოლის დროსაც ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა ან ეკლესიის მეთაურთა ხელში. თ-იული სახელმწიფოები უძველეს დროშიც არსებობდა. ასე მაგ., ძველ იუდეაში ძვ.წ. V-I საუკუნეებში მთელი ძალაუფლება უმაღლესი ქურუმის ხელში იყო თავმოყრილი. ცნობილია, აგრეთვე, XVIIს-ში პარაგვაიში იეზუიტების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო, იმამ შამილის მმართველობა ჩეჩნეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელმაც ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაუწია მეფის რუსეთი არმიას XIX საუკუნეში კავკასიის დაპყრობისას; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიერთებამდე დალაი ლამა (ლამას სასულიერო პირთა თავი) ტიბეტის საერო ხელისუფლებასაც ხელმძღვანელობდა. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური - პაპი ერთდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. თუმცა დღეს მთლიანობაში თ. ისტორიულ ანაქრონიზმად შეიძლება ჩაითვალოს, ირანის „ისლამურმა“ რევოლუციამ 70-იანი წლების ბოლოს დაგვანახა ფაქტობრივი ხელისუფლების შიიტთა სასულიერო პირთა ხელში გადასვლის მაგალითი, რომელსაც აიათოლა ხომეიინი ედგა სათავეში. თ-იულ ტენდენციებს თან ახლავს მოქალაქეთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რელიგიური რეგლამენტაცია.
თვითგამორკვევა - ყოველი ხალხის (ეთნოსის) საერთაშორისოდ აღიარებული უფლება დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვროს თავისი ბედი, მათ შორის თავისი სახელმწიფოებრივი არსებობის ფორმა. თ-ის პრინციპი ჩამოყალიბდა და დამკვიდრდდა დასავლეთ ევროპაში XVI-XIXსს-ის ეროვნული მოძრაობების გამვითარების პროცესში, რომლის ძირითად მიზანსაც დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა წარმოადგენდა. XXს-ში აღნიშნული პრინციპი კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცა. დღეს იგი საყოველთაოდ არის აღიარებული და დაფიქსირებული გაეროს წესდებასა და ბევრ სხვა საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის, ჰელსინკის ხელშეკრულებებში. თ. ეროვნულ საკითხში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ამ უფლება სახელმწიფო არც უბოძებს და არც აწესებს. მას ესა თუ ის სახელმწიფო ცნობს ან არ ცნობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ამ ბუნებრივ უფლებას არ აღიარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხები ამ უფლებას კარგავენ. ამასთან ერთად, არ შეიძლება მისი აბსოლუტიზირება და სხვა, მაგ., ადამიანთა უფლებებზე უფრო მაღლა დაყენება. იგი უნდა განიხილებოდეს ყველა უფლებათა სისტემაში თავისი ისტორიული შინაარსის, რეალიზაციის კონკრეტული პირობებისა და სხვ. გათვალისწინებით. (იხ. აგრეთვე ეროვნული თვითგამორკვევა).
თვითმკვლელობა - საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თ-ის სოციოლოგიური ანალიზის მრავალრიცხოვან ცდათაგან ყველაზე ღირებული დიურკემისეულია. მან თ. სოციალურ გარემოს დაუკავშირა და გამორიცხა მისი მიზეზების ძიება ბიოლოგიურსა ან ფსიქიკურში. „თვითმკველობაა ყველა სასიკვდილო შემთხვევა, რომლიც უშუალოდ ან შუალობითად დადებითი ან უარყოფითი ქცევის შედეგია, რასაც ჩადის თვითმკვლელობის მსხვერპლი, რომელმაც იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა მის მოქმედებას“. დადებით ქმედებად ითვლება თვითმკვლელის აქტიურობის შედეგად მიღებული სუიციდური შემთხვევა. ნეგატიურ ქმედებად ითვლება მოსალოდნელი საფრთხის მიმართ გულგრილობა, როცა თვითმკვლელი ნებაყოფლობით ეგებება მოსალოდნელ საფრთხეს. თ. მხოლოდ ადამიანური ფენომენია, რადგან მასში ცნობიერება მონაწილეობს. თ-ს არ მიეკუთვნება ვითარება როდესაც ადამიანი სასიკვდილო საფრთხეში იგდებს თავს. მაგრამ ეს არ არის სიკვდილის მიზნით ჩადენილი ქცევა. თ სოცოცხლეზე შეგნებულ და გაცნობიერებულ უარის თქმას ნიშნავს. დიურკემმა მოგვცა თ-თა ტიპოლოგიაც. ზოგი ავტორი ამ ტიპოლოგიაში ოთხ ტიპს გამოყოფს: ეგოისტური, ალტრუისტული, ანონიმური, და ფატალისტური; ზოგი კი სამ ტიპზე მიუთითებს: ეგოისტური ალტრუისტული და ანონიმური (რაიმონ არონი). თუმცა, დიურკემი ფატალისტურზეც მსჯელობს. თ-ის კოეფიციენტის შდასადგენად იგი გვთავაზობს თანაფარდობას თ-ების რაოდენობასა და მოსახლეობის საერთო რაოდენობას შორის. დიურკემმა ყურადღება გაამახვილა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად თ-თა კოეფიციენტის ზრდაზე.
ალტრუისტულია თ. იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების მაინტეგრირებელი ძალები თვითშენახვის ინსტიქტზე მაღლდება, ეგოისტური თ. მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოების მაინტეგრირებელი ძალები სუსტია; ფატალისტური თ-ისას ჯგუფი ან ორგანიზაცია ძალუმად თრგუნავს პიროვნებას; ანომიური თ. ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სოციალური რეგულირება მოშლილი ან დაუძლურებულია, რის გამოც ინდივიდი კარგავს სოციალურ იდენტურობას. თ განსხვავდება თ-ის მცდელობისაგან. მცდელობა გაცილებით მეტია, ვიდრე საკუთრივ თ. თ-ის მცდელობა ორ ჯგუფად იყოფა: 1. ნამდვილი, მაგრამ თ-ის წარუმატებელი მცდელობა და 2. თ-ის ფიქტიური მცდელობა. ესაა პარასუიციდი, რომელსაც მიზნად აქვს ირგვლივმყოფთა დამოკიდებულების შეცვლა პარასუიციდის სუბიექტისადმი. ეს არის, ფაქტობრივად, ადამიანის მიერ თავისი პიროვნების მიმართ ყურადღების მოთხოვნა. რეალური თ-ის მცდელობა განმეორებითი ტენდენციის მქონეა. რამდენიმე მცდელობის შედეგად განხორციელებულ თ-თა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანებს შორის, ვინც თ. პირველად სცადა, რადგან ბევრი ერიდება ამ მცდელობის გამეორებას განცდილის საშინელების გამო.
თვითმმართველობა - ძალზე ზოგადი გაგებით გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის ან ქვეყნის ამა თუ იმ ოლქის უნარს, თავადვე მოაგვაროს საკუთარი საქმეები. უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფოებრივ დონეზე, თ-ში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი ფორმა: რეგიონალიზმი და ფედერალიზმი. ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელია მმართველობის დაბალ დონეებზე იმგვარი სფეროების არსებობა, რომლებიც მთლიანად დაცულია ცენტრალური ხელისუფლების ჩარევისაგან, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ადგილებზე ახდენს საკუთარი უფლებამოსილების ოქლების ხელისუფლებისადმი დელეგირებას. ასეთი თ-ის ნიმუშებად შეგვიძლია დავასახელოთ ხელისუფლებათა გამიჯვნა ფედერალური მოწყობის ქვეყნებში (გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთსა ან ჩრდილოეთ ირლანდიაში). მათგან განსხვავებით თ. როგორც რეგიონალიზმი გულისხმობს ჯერ ერთი იმას, რომ ქვეყნის რეგიონები სტატისტიკური და ადმინისტრაციული მიზნით შექმნილია ცენტრალური ხელისუფლების მიერ და მათი სახეცვლილება ან სულაც ლიკვიდაცია ისევ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა; მეორე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონალური თ-ისთვის გადაცემული უფლებამოსილებანი უმნიშვნელოა; დაბოლოს, რეგიონები არ არიან წარმოდგენილნი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფელბაში პოლიტიკური ერთეულების სახით.
თვითცნობიერება - იხ. იდენტობა
თინეიჯერი - (სწორია ტინეიჯერი) ყმაწვილი, გარდამავალი ასაკის (13-19 წლის) ვაჟი ან გოგონა. ტერმინი კულტურის მეცნიერებებში გამოიყენება ახალგაზრდული სუბკულტურების განხილვისას.
![]() |
10 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იარლიყების მიკერების თეორია - ახდენს იმ სოციალური პროცესების ანალიზს, როდესაც გარკვეულ მოქმედებებს, ინდივიდებს ან ჯგუფებს მიაწერენ („აკერებენ“) პოზიტიურ ან ნეგატიურ თავისებურებებს, ანუ სტერეოტიპებს. ამ მიდგომამ გავლენე მოახდინა დევიაციის სოციოოგიაზე. ი.მ.თ-ის კლასიკური დახასიათება ეკუთვნის ჰოვარდ ბეკერს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქმედებები თავისთავად არც ცუდია და არც კარგი: ნორმალურობა და დევიანტობა სხვა არაფერია, თუ არა სოციალურად განსაზღვრული თვისებები. ამდენად, დევიაცია უფრო მეტად არის არა მოქმედების თვისება, არამედ სხვათა მიერ მიწერილი წესები და სანქციები „კრიმინალების“ მიმართ. ი.მ.თ. განავითარა „ჩიკაგოს სკოლამ“ კერძოდ, სიმბოლურმა ინტერაქციონიზმმა. ამ უკანასკნელმა გამოიკვლია ნეგატიური იარლიყების გავლენა ინდივიდთა თვითცნობიერებაზე, განსაკუთრებით, დევიანტური იდენტურობის, დევიანტური კარიერის და დევიანტური სუბკულტურების განვითარებაზე. ვინ ახდენს იარლიყის „მიკერებას“? როგორც წესი, მოქმედების ამა თუ იმ ტიპის კრიმინალიზაცია ხდება მოსამართლეების, მედიის, პოლიციის და სხვა ე.წ. „სოციალური კონტროლის აგენტების“ მიერ, რაც აქტორებს უბიძგებს იმისაკენ, რომ მოახდინონ მათი ინდივიდუალური აქტივობის კორექტირება და გაიზიარონ დევიანტური სუბკულტურების ღირებულებები, რომელთაც „იარლიყების მიკერების“ პროცესი თავად ქმნის.
ამ თეორიას სხვადასხვა კუთხით აკრიტიკებენ. კრიტიკა, ძირითადად, მიმართულია იმისაკენ, რომ იარლიყების „მიკერების“ გავლენას მიენიჭა უკიდურესად დეტერმინაციული ხასიათი და უარყოფილია ინდივიდის წინასწარი ფსიქიკური განწყობის მნიშვნელობა დევიაციის ახსნისას. ეს თეორია ივიწყებს იმასაც, რომ აქტორებს აქვთ მორალური არჩევანის შესაძლებლობა და, ამდენად, თავისუფლება ამა თუ იმ ქცევის დევიანტურად ჩათვლის, მით უფრო, მასში ჩართვის თვალსაზრისით. მატივად, ინდივიდს აქვს უნარი, უარყოს ესა თუ ის იარლიყი და ჩათვალოს, რომ იარლიყის „მიკერება“ სულაც არ არის ავტომატური პროცესი.
იდეალიზმი - იხ. პოლიტიკური იდეალიზმი
იდეალური ტიპი - ტერმინი სოციოლოგიაში (საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში) შემოტანილია მაქს ვებერის მიერ. ი.ტ-ს იგი განსაზღვრავს როგორც თეორიულ კონსტრუქციას, რომელიც აგებულია რეალურ ცხოვრებაში დაკვირვებადი ქცევებისა და ურთიერთობების განსაზღვრული მახასიათებლისაგან. ეს მახასაითებლები აღწერს მოქმედების ლოგიკურად არაწინააღმდეგობრივ და რაციონალურ შინაარსს და აბსტრაჰირებას ახდენს ირაციონალური მოტივებისაგან. სხვანაირად რომ ითქვას, იდეალურ ტიპში ხდება უამარავი „დისკრეტული და დიფუზური“ მოვლენის აზრობრივი შეერთება ერთიან სახეში, როდესაც ისინი აღწევენ ლოგიკური ურთიერთშეთანხმების ზღვარს. ასე იქმნება მოქმედების თეორიული „წმინდა“ მოდელები, როგორც იდეალური კონსტრუქციები, რომლებიც ერთგვარად „ედება“, ფარავს რეალობას, ხოლო რეალური მოქმედებები ბოლომდე ვერასოდეს ამოწურავს მათ. ი. ტ-ის მიზანი არ არის შექმნას სრულყოფილი მაგალითი (შემთხვევა), ვებერს სურს დაგვარწმუნოს, რომ „იდეალური“ არ ნიშნავს „ნორმატიულად სასურველს“, არამედ წარმოადგენს მხოლოდ საზომს (კრიტერიუმს), რომელსაც შეიძლება შევადაროთ რეალური შემთხვევები. ამდენად, ი.ტ-ებს აქვს მხოლოდ შემეცნებითი ღირებულება, ანუ გამოიყენება კერძო შემთხვევების ინტერპრეტაციისათვის, როგორც შესადარებელი კონსტრუქციები. ეს სწორედ ის კერძო შემთხვევებია, როდესაც მოქმედება მეტ-ნაკლებად მოკლებულია საზრისს. ასეთ დროს ი.ტ-ები გვეხმარება მოქმედების შემეცნებაში, კერძოდ მათთან შედარების საფუძველზე განისაზღვრება გასაზრისიანებული მოქმედებისაგან გადახრის ზომა. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ი.ტ., ვებერის თანახმად არის ბიუროკრატია, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას - „რამდენად ბიუროკრატიულია ესა თუ ის ორგანიზაცია?“ ისეთი ცნებები, როგორიცაა „ეკონომიკური გაცვლა“, „კაპიტალიზმი“, „ეკლესია“, „სექტა“, ,„ქრისტიანობა“ და მრავალი სხვა, სოციალურ-თეორიული კონსტრუქციებია, რომლებიც არ არსებობს რეალურ სამყაროში, თუმცა იარაღია რეალობის შესამეცნებლად.
იდენტობა - თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში, „მე“-ს შედარებით მყარი, უწყვეტი განცდა საკუთარი თავისა; ესაა ინდივიდის თვითცნობიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი - წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. ამ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანის ააგებს ურთიერთობებს თავის თავთანაც და სხვებთანაც. ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის თვალსაზრისით, ი. ყალიბდება სოციალურ ინტერაქციაში, ამდენად, განსაზღვრულია სოციალურ-კულტურული კონტექსტით. ამ საკითხთან მიმართებით ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში ბევრი რამ მსგავსად აიხსნება. მაგრამ არის განსხვავებებიც, ძირითადად, ი-ს აქცენტირებისა და მისი ფორმირების პროცესის თაობაზე. ბოლო პერიოდში ი-მ მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კონცეფციის ხაისათი მიიღო და აღნიშნავს გარკვეულ სოციალურ კონსტრუქციებთან ასოცირებულ თავისთავადობის შეგრძნებას. ინდივიდის თვითცნობიერებაში სხვადასხვა სოციალურ როლთა ინტეგრაცია და იერარქიულობა განაპირობებს სოციალური ი-იების სიმრავლეს. პოსტმოდერნისტები ი-ს პიროვნების მოძრავ სიტუაციურ ასპექტად განიხილავენ, მაგალითად, რომელიმე სოციალური ერთობის (სქეოსობრივი, ასაკობრივი, ეკონომიკური, ეთნიკური, პროფესიული და ა.შ.) კუთვნილებით. სოციალურ ი-ს ეთნოკულტურული ასპექტიც აქვს, რაც დაკავშირებულია კულტურაში პიროვნების მოდელის შესახებ წარმოდგენებთან: დასავლურ კულტურებში ხაზგასმულია პიროვნების ერთიანობა - მთლიანობა კონკრეტული სოციალური ი-ისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად; სხვა (კოლექტივისტური ორიენტაციის) კულტურებში აქცენტირებულია „მე“-ს მრავლობითობა. ეს განსხვავებული ორიენტაციები ვლინდება არა მარტო იდეოლოგიის (რელიგიური, ფილოსოფიური და სხვ.), არამედ ყოველდღიური ცნობიერების დონეზეც.
იდეოლოგია - 1. იდეათა სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას; 2. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, იდეათა სისტემა, რომელიც ერთი ჯგუფის მეორეზე ბატონობას აკანონებს ან ამართლებს; 3. ყოვლისმომცველი ენციკლოპედიური ცოდნა, რომელსაც უნარი შესწევს, დაანგრიოს ცრურწმენები და გამოყენებულ იქნეს სოციალურ რეფორმებში. თავდაპირველად ტერმინი ი. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა ანტუან დესტიუ დე ტრასმა. დღეს ტერმინი ი. ძირითადად პირველი და მეორე მნიშვნელობით გამოიყენება.
ი-ის პრობლემატიკა თავდაპირველად ინგლისში XVII ს- ის დასაწყისში ჩნდება ფრენსის ბეკონთან (1561-1626). მისი აზრით, ყოველ საზოგადოებაში ადამიანს გარკვეული იდოლა აქვს . ბეკონის მიერ იდოლების კრიტიკა შეიცავს საზოგადოების კრიტიკის არსებით ნიშნებს. ევროპული განმანათლებლობა თვით მარქსამდე, ი-ის წყაროების ანალიზის მეშვეობით ცდილობდა აზროვნების ხელისშმეშლელი ფაქტორების დადგენას, რათა მოეხდინა მათი აღმოფხვრა. აზროვნების ასეთ ხელისშმეშლელ ფაქტორებად სახელდებოდა სურვილები (ჰობსი, 1588-1679), წარმოსახვა (ლამეტრი 1709-1751), ინტერესები და ვნება (კონდილაკი (1715-1780), ჰელვეციუსი). ენციკლოპედისტების, ჰოლბახისა და (1723-1789) და ჰელვეციუსის (1715-1771) ცენტრალურ თემას წარმოადგენდა იდეების საზოგადოებრივი ვითარებით განპირობებულობა. ფრანგი განმანათლებლები გამოდიოდნენ ცნობიერების სოციალური ყოფით კაუზალური და ცალმხრივი განსაზღვრულობის იდეიდან. ადამიანი აღიქმებოდა, როგორც სოციალური და გონით-სულიერი გარემოს პროდუქტი. ფრანგი განმანათლებლების ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის გონების შესაძლებლობების შემზღუდავი ცრურწმენები გაბატონებული ჯგუფების მიერაა წარმოებული და დამკვიდრებული, რასაც მიზნად არსებული საზოგადოებრივი მდგომარეობის შენარჩუნება აქვს.
მარქსი (1818-1883) და ენგელსი (1820-1895) „გერმანულ იდეოლოგიაში“ (1847) აღნიშნავდნენ, რომ ი-ში მოცემულია მმართველი კლასის სამყაროს სურათი დამახინჯებული სახით, რადგან მმართველი კლასის ინტერესები არ ასახავს მთელი კაცობრიობის ინტერესებს.
ნეომარქსიზმი, ვულგარული მარქსიზმის საპირისპიროდ, რომელიც ყოველ მოსაზრებას ი-დ მიიჩნევს და რომელიც სოციალურ მოძრაობას საწარმოო ძალებით და ინსტიტუციებით ხსნის, ხაზს უსვმას სოციალურ მოძრობაში სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობას. კლასობრივი ცნობიერება აქ გაგებულია, როგორც თეორიული და პოლიტიკური მუშაობის შედეგი. ნეომარქსისტებისთვის (ერნსტ ბლოხი (1885-1977), დიორდ ლუკაჩი (1885-1971) და ა.შ. მარქსიზმი არ არის დასრულებული მსოფლმხედველობა (როგორც ამას მიიჩნევდნენ XIXს-ის დასასრულისა და XXს-ის დასაწყისის სოციალ-დემოკრატები), არამედ თვითონ მარქსიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების ნაწილი.
კრიტიკული თეორიის მარქს ჰორკჰაიმერი (1895-1973) და თეოდორ ადორნო (1903-1969) საზოგადოებრივ რეალობასა და ი-ურ ზედნაშენს ერთმანეთისაგან არ მიჯნავენ. საზოგადოების რეპროდუქცია ხორციელდება ინდივიდების მოქმედებითა და აზროვნებით. ი. საზოგადოებრივი სისტემის მიერ არის წარმოებული, ხოლო ინდივიდები ამ ი-ის აგენტებად გვევლინებიან. კრიტიკული თეორიის თანახმად, ი. არის ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს საზოგადოების გაბატონებული სტრუქტურებისადმი ინდივიდის დაუბრკოლებელ შეგუებას და ხელს უშლის საზოგადოებაში არსებულ მიმართებებზე რეფლექსიას.
იდი, ეგო, სუპერ-ეგო - ფროიდისეული ფსიქიკური აპარატის კომპონენტები. ყველა მათგანს თავისი ფუნქცია და პრინციპი აქვს. ი. პრიმიტიული, ცხოველური და ინსტიქტიური ელემენტია, ბობოქარი ლიბიდოზური ენერგიის საცავია, რომელიც დაუყონებლივ დაკმაყოფილებას ითხოვს; სულის ყველაზე ღრმა, საკუთრივ არაცნობიერი კომპონენტია. გარემოსაგან თლიანად ავტონომიური და იზოლირებულია და საკუთარი მიზნების მიღწევაზეა მიმართული. ი-ის ამგავრი ორიენტაციის შეზღუდვა ე-ს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. ე. კოგნიტური და პერცეპტული პროცესების ერთიანობაა და მოიცავს მეხსიერებას, ამოცანების გადაწყვეტას, სინამდვილის შემეცნებას, განსჯასა და ა.შ. ე-ს ფუნქციაა მათი გაცნობიერება და რეალობასთან შეთანადება. ე. მოცავს გარკვეულ დამცავ მექანიზმებსაც, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ ი-ს პრიმიტიულ ინსტიქტურ მოთხოვნებსა და ს.ე-ს აკრძალვებს შორის. ამ თვალსაზრისით, ე. ფსიქიკური წონასწორობის შემნარჩუნებელი ოპერაციონალური სისტემის მსგავსად მოქმედებს. ს.-ე. დაკავშირებულია ეთიკურ ქცევებთან - იგი პასუხს აგებს ადამიანის მიერ გაზიარებულ ქცევით სტანდარტებზე. ს.-ე მიიჩნევა გაშინაგნებულ (ინტერნალიზებულ) კოდექსად თავისებურ სინდისად, რომელიც დანაშაულს სინდისის ქენჯნით სჯის. იგი ვითარდება „მნიშვნელოვანი სხვების“ (ჩვეულებრივ, მშობლების) მხრიდან დასჯა-წახალისების შედეგად, რითიც საბოლოოდ ბავშვი თავისი საზოგადოების მორალურ კოდექსს ითვისებს. ი. იმართება სიამოვნების პრინციპით და მიმართულია ჰედონიზმზე. ე - რეალობაზე, ხოლო ს.-ე - იდეალურზე.
იდიოგრაფიული და ნომოთეტური მეთოდი - შემეცნების ორი სხვადასხვა (ურთისერთსაპირისპირო) მეთოდი, რომლებმაც ლოგიკურ-თეორიული დასაბუთება მიიღო ბადენის ნეოკანტიანური სკოლის წარმომადგენლებთან - რიკერტთან და ვილდერბანდთან, ამასთან რიკერტი უპირატესობას ანიჭებდა ი.მ-ს, ვინდელბანდი - ნ.მ-ს, თუმცა ისინი რეალურ კვლევაში ორივე მეთოდის თანაარსებობის მომხრენი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანის დომინირებით. ი.მ-ის მთავარ თავისებურებას ნეოკანტიანელები მის უნიკალურობაში, ინდივიდუალურისა და განუმეორებლობის წვდომაში ხედავენ. იგი საშუალებას გვაძლევს მთელი ყურადღება მივმართოთ ისტორიულად მნიშვნელოვანი ობიექტის სწორედ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ამ ობიექტის კავშირის მეშვეობით „ღირებულებებთან“, განსაკუთრებული სახის იდეალურ არსებებთან, რომელთა წყალობითაც ობიექტი „მნიშვნელობს“ ისტორიაში.
ნომოთეტური ანუ გენერალიზების მეთოდი მიზნად ისახავს ზოგადი კანონების შემუშავებას შემეცნების ბუნებრივ-ისტორიული მეთოდის მიხედვით. ნომოთეტური ცოდნა შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, განჭვრიტოს საგნების მომავალი მდგომარეობა და მიზანშეწონილად იმოქმედოს მოვლენათა განვითარებაზე, რაც არ ძალუძს ი.მ-ს. დავამ გერმანელ ფილოსოფოსებს რიკერტს, ვინდელბანდსა და დილთაის შორის, თუ რომელი უფრო შეესაბამება კერძო მეცნიერებებს, შეიძლება თუ არა მათი გაერთიანება, გავლენა მოახდინა მაქს ვებერზე და მან, როგორც შემდგომში მრავალმა სოციოლოგმა, სცადა ამ ორი განსხვავებული მეთოდის შეერთება.
იერარქია - მთელის ნაწილების გაშლა ზომოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით იხმარება სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურის დასახასიათებლად. ელიტისტურ თეორიებში განსაკუთრებით მიხელსის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიაში, გატარებულია აზრი ნებისმიერი საზოგადოების ი-ული ორგანიზაციის შესახებ, რომ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაცია იმთავითვე გულისხმობს მის იერარქიულ მოწყობას.
ი. (პოლიტიკური) რაიმე ნიშნის მიხედვით დაყოფის (სტრატიფიკაციის სისტემაა). დამახასიათებელია ყველა სოციალური სისტემისათვის. საერთაშორისო სისტემაში სტრატიფიკაცია ეფუძნება აქტორების ძალასა და სტატუსს, რომელიც სახელმწიფოებს (აგრეთვე სხვა აქტორებს) შორის არათანაბარი განაწილების გამო ი-ულ სახეს იღებს. ი-ულ სისტემაში ძალა და გავლენა თავმოყრილია ერთ ერთეულში, რომელიც უფლებამოსილია შექმნას უფრო მცირე ერთეულები, ამ უკანასკნელებმა - კიდევ უფრო მცირე და ა.შ. ცენტრალური გაბატონებული ძალა ამყარებს წესრიგს „ახალისებს“ ან „სჯის“ თავის ქვემდგომ ერთეულებს, მათი მეშვეობით (და არა უშუალოდ) - მესამე დონის ერთეუელებს და ა.შ. ასეთ სისტემაში ძალითა და სტატუსით ერთ ი-ულ დონეზე მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთთან კავშირს უშუალოდ ვერ ამყარებენ და მხოლოდ ი-ულად ერთი საფეხურით მაღლა მდგომი სახელმწიფოს მეშვეობით ხორციელდება ეს კავშირი. ი-ული საერთაშორისო სისტემა წმინდა სახით არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია, თუმცა მასთან მიახლოებული სახე შეინიშნებოდა ძველ ჩინეთში (ჯოუს იმპერია), არაბთა ხალიფატში, საღვთო იმპერიაში XVII ს-მდე და სხვა. მკვლევართა უმრავლესობის, (განსაკუთრებით ნეორეალისტების) აზრით, საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა თავისთავად საეჭვოს ხდის მისი ი-ულობის შესაძლებლობას.
იზოლაციონიზმი - 1. საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის სახეობა, რომელის გამოყენებითაც სახელმწიფო ცდილობს განზე გადგეს მიმდინარე საერთაშორისო პროცესებისაგან, შეზღუდოს ან საერთოდ შეწყვიტოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მინიმუმამდე დაიყვანოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები გარე სამყაროსთან და გეზი აიღოს საკუთარი რესურსებით თვიდაკმაყოფილებაზე. ასეთ პოლიტიკას ატარებდა იაპონია XVII ს-ის დასაწყისიდან XIX ს-ის 50-იან წლებამდე. და ნეპალის XIXს-ის 40-იანი წლებიდან მე-20 ს-ის 50-იან წლებამდე. ნახევრად ი-ისტური ქვეყნების მაგალითია ბირმა, ჩრდილოეთი კორეა, ალბანეთი (XXს-ის 60-80-იან წლებში).2 იზოლაციონიზმად იწოდება აგრეთვე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი XIX ს-ში და XX ს-ის პირველ ნახევარში, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ დაშვებულიყო ევროპის სახელმწიფოების ჩარევა ამერიკის (როგორც აშშ-ის, ისე ლათინური ამერიკის ქვეყნების) საქმეებში, და პირიქით, აშშ-ისა - ევროპის საქმეებში. ეს პრინციპები ჩამოყალიბებული სახით წარმოდგენილია აშშ-ის პრეზიდენტის ჯეიმს მონროს წერილში კოგრესისადმი. (4.XII, 1823) და იგი ცნობილია მონროს დოქტრინის სახელით. ამ პრინციპის გატარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ევროპის სახელმწიფოებისაგან (პირველ რიგში - ინგლისისაგან) აშშ-ის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის გავლენის ზრდას ლათინურ ამერიკაში და ამ რეგიონის გადაქცევას აშშ-ის სანედლეულო დანამატად. ასეთი პოლიტიკის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობაში აშშ-ის როლი მთელი XIX ს-ის განმავლობაში მეორეხარისხოვანი და ნაკლებადშესამჩნევი იყო.
ი-ის პოლიტიკიდან პირველი მნიშვნელოვანი გადახვევა იყო აშშ-ის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში 1917 წელს და პრეზიდენტ უილსონის ცნობილი 14 პუნქტი, რომლებიც ახალი მსოფლიო მართლწესრიგის დამყარებას ითვალისწინებდა. მაგრამ პარიზის 1919 წლის კონფერენციის დამთავრების შემდეგ აშშ კვლავ ი-ის პოლიტიკას დაადგა.
1941 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც იაპონია თავს დაესხა აშშ-ს, ეს უკანასკნელი მეორე მსოფლიო ომში ჩაება და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა აგრესორი სახელმწიფოების დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილ ახალ საერთაშორისო ვითარებაში აშშ-ს, როგორც სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ასევე მთავარი როლი დაესკისრა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური რეჟიმების ექსპანსიის შეჩერების საქმეში. ამდენად ი-ის ეს პოლიტიკა ისტორიის კუთვნილება გახდა და აშშ საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად, განმსაზღვრელ სუბიექტად აქცია. ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ, თუმცა დღეისათვის ასეთი ტენდენცია სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, განსაკუთრებით თვით დასავლეთის სამყაროში - ევროპას სურს დამოუკიდებლად განაგებდეს თავის ბედს.
იმპერია - მონარქიული სახელმწიფო, რომლის სათავეშიც იმპერატორი დგას. ცალკეული ტერიტორიების კოლონიური გაერთიანება, რომელზედაც ქვეყანა - მეტროპოლიის უფლებამოსილება ვრცელდება. ი-ისთვის, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმისათვის, დამახასიათებელია მონარქის მმართველობის მბრძანებლური ხასიათი, მეტროპოლიის, ცენტრის, გაბატონებული ერის პრივილეგირებული მდგომარეობა კოლონიებთან, პროვინციებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით, რომელთაც ხშირად უარს უცხადებენ თვითგამორკვევისა და თვითმმართველობის უფლებაზე; მკაცრი და უკიდურესი ცენტრალიზაცია, ი-ის იდეოლოგიის ოფიციალური ქადაგება, რომელიც შოვინიზმს, ნაციონალიზმსა და სხვ. ემყარება. ი-ის ყველაზე უფრო ფართო გაგება გამოიყენებოდა რომის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთისა და სხვ. კოლონიალური სახელმწიფოების აღსანიშნავად.
იმპერიალიზმი - ჰეგემონური სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ქვეყნებთან ან ხალხებთან ურთიერთობების სისტემა. ი-ისტური პოლიტიკის მიზანი ჰეგემონი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და მჭიდროდ დაკავშირებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაა. ი-ს ცნება ხშირად კოლონიალიზმის სინონიმადაც გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიალიზმის შემთხვევაში ჰეგემონი სახელმწიფო დაქვემდებარებულ ქვეყნებთან და ხალხებთან ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ ქმნის. ი-ს თეორიის ადრეული ავტორები არიან ჰობსონი და ლენინი, რომლებამც ეს მოვლენა კაპიტალიზმის განვითარების ახალ საფეხურად მიიჩნიეს. ლენინის თეორიამ, რომ კაპიტალიზმი ბადებს ი-ს, ხოლო ი. ომებს იწვევს, დიდი გავლენა მოახდინა XX ს-ს საერთაშორისო პოლიტიკაზე. ალტერნატიული თეორიები ი-ს კაპიტალისტური საჭიროებებით ახსნის შესახებ მეტ ყურადღებას ამახვილებს კოლონიურ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიულ მეტოქეობას და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ნეორეალიზმის კონცეფცია ი-ის წარმოშობას საერთაშორისო სისტემის ანარქიულ ხასიათს მიაწერს. ი-ის თავდაპირველი მნიშვნელობა ნეოიმპერიალისტური და სტრუქტურული დაქვემდებარების თეორიების (იხ. დაქვემდებარება) გაჩენის შემდეგ შეიცვალა და ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკაში ერთი მოქმედი პირის მიერ მეორეზე მდგრადი ზემოქმედების აღსანიშნავად გამოიყენება.
იმპიჩმენტი - რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი - პროცედურა. ი. გათვალისწინებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ი-ის საფრთხე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ რ.ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე.წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა. ი-ს პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.
იმუნიტეტი (პოლიტიკური) - ფეოდალურ ევროპაში ფეოდალის უფლება, ცენტრალური ხელისუფლების დაუკითხავად გაემართა სასამართლო ან მოეკრიბა გადასახადი. მოგვიანებით ი. უწოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქის ან ორგანიზაციის უფლებას, ყოფილიყო უცხო ქვეყნის იურისდიქციისაგან თავისუფალი. ი. არის თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. იმავე ტერმინს რიგ შემთხვევებში იყენებენ წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოს, პარლამენტის წევრთა პიროვნული ხელშეუხებლობის დასაფიქსირებლად, როდესაც პარლამენტის წევრი არ შეიძლება დაკავებულ იქნას და წარსდგეს სასამართლოს წინაშე პარლამენტის თანხმობის გარეშე.
ინაუგურაცია - ძველ რომში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავების საზეიმო აქტი, რიტუალური დღისთვის, განსაზღვრული დასახლებული პუნქტისათვის გარკვეული დანიშნულების მინიჭება. დღეს იგი აღნიშნავს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავების საზეიმო აქტს (მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის ი. იმართება საარჩევნო წლის შემდგომი წლის იანვარში).
ინდექსი - სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას, გარკვეული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა. ი-ის მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისებრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისებრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს. იგი გარკვეულწილად იძლევა თვისებრივი მახასიათებლის დაყვანას რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე და ხასიათდება ტერმინებით „მეტი“, „ნაკლები“, „უფრო ძლიერი“, „უფრო სუსტი“.
ინდივიდუალიზმი - მსოფლმხედველობრივი პოზიცია, ქცევის პრინციპი, რომელიც ინდივიდს აბსოლუტური ღირებულების სახით გამოარჩევს. ხასიათდება ინდივიდუალური ინტერესებსი პრიმატით კოლექტივისტურთან მიმართებაში. ი-ის სათავეები იძებნება დასავლეთევროპულ აზროვნებაში, მისი პრობლემატიკა ყალიბდებოდა სოციალური, ქცევითი და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა სფეროში და, ძველი ბერძნებიდან დაწყებული, თავს იჩნეს იდეების, პოლიტიკისა და ეკონომიკის, რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში. თანამედროვე კულტურის მეცნიერებებში, ი., როგორც პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართებაში კულტურის ღირებულებითი ორიენტაცია, მის საპირისპირო პოლუსთან - კოლექტივიზმთან ერთად, მიიჩნევა კულტურის სპეციფიკური თავისებურებების ამსახველ მახასიათებლად. ინდივიდუალისტურად მიიჩნევა თანამედროვე დასავლურ საზოგადოებათა უმრავლესობის, აგრეთვე აშშ-ისა და კანადის კულტურები.
ინდუიზმი - ინდოეთში ყველაზე გავრცელებული რელიგია, ბრაჰმანიზმის გადამუშავებული სახე, ერთ-ერთი უძველესია დიდ რელიგიებს შორის. ჩაისახა ძვ.წ. VI-IVსს-ში ბუდიზმთან და ჯაიმიზმთან ბრძოლაში. გაფორმდა კასტებად დაყოფასთან ერთად. ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტების გარდა შეინარჩუნა ბევრი რამ წარმართულიდან. არის პოლითეისტური რელიგია მრავალი ღმერთითა და სხვადასხვა კულტით. გამოირჩევა ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა მხარესთან კავშირის მრავალგვარობით. ი-ში განსაკუთრებით ძლიერია საზოგადოებრივ-ყოფითი ტრადიციების მოთხოვნები. უკიდურესად შეუწყნარებელია მრავალგვარ შეზღუდვათა და აკრძალვათა დარღვევის მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი, ოჯახური და პირადი ცხოვრების სფეროებს განეკუთვნება, აგრეთვე სხვადასხვაგვარი ჯგუფების, კასტებისა და ქვეკასტების მიმართაც, რომელთა შორის ზღუდეები ამჟამად ურყევია. ი-ის ძირითადი მიმდინარეობებია: ვიშნუიზმი, შივაიზმი და შაქტიზმი.
ინდუსტრიალიზაცია - ტერმინი პირველად შემოიტანა სენ-სიმონმა. იგი გამოიყენება იმ სოციალური პროცესის დასახასიათებლად, რომელიც გულისხმობს აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკებისა და საზოგადოებების გადაქცევას ისეთ ეკონომიკებად, რომლებშიც წამყვანია მსხვილი, ავტომატიზაციაზე დამყარებული მრეწველობა.
ი-ის პროცესი დაიწყო ინგლისში ე.წ. „სამრეწველო რევოლუციის“ ეპოქაში, რასაც მოჰყვა თვისობრივი ცვლილებები, როგორც პროდუქციის წარმოებისა და განაწილების, ასევე სოციალური სამყაროს მოწყობის სფეროში. კერძოდ, შეიცვალა მოსახლეობის პროფესიული სეგმეტაცია: მრეწველობასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ საგრძნობლად გადააჭარბა აგრარულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. შეიცვალა მოსახლეობის გეოგრაფიული კოცენტრაცია და სწრაფად განვითარდა ურბანიზაციის პროცესი. მოდერნიზაციის პროცესი შეეხო არა მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპონენტებს, არამედ სოციალურ ნორმებსა და ინსტიტუტებს, სოციალური სტრატიფიკაციისა და მობილურობის მოდელებსა და სხვა სოციალურ თუ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფენომენებს.
ი-ის პროცესი მეტ-ნაკლებად ერთნაირი თვისებებით ხასიათდებოდა მთელს მსოფლიოში. თუმცა გამოყოფენ ქვეყნებს, რომლებსაც უწოდებენ პირველი ტალღის ინდუსტრიულ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, აშშ). ამ ქვეყნებში ი-ისა და მოდერნიზაციის „ლოკომოტივის“ როლი მრეწველთა ფენამ შეასრულა. რაც შეეხება ე.წ. „გვიანი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნებს“ (გერმანია, იაპონია)აქ ი-ის პროცესში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფომ.
ინდუსტრიული საზოგადოება - ტერმინი გამოიყენება ეკონომიკური ორგანიზაციისა და სოციალური წესრიგის განსაკუთრებული ფორმის აღსაწერად. ი.ს-ის მახასიათებლებია: წარმოების პროცესის ავტომატიზაცია და კომერციალიზაცია; აგრარულ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის წილის სწრაფი შემცირება; შინამეურნეობის გამოყოფა წარმოებისაგან; ერთიან ბაზარსა და მონეტარულ სისტემაზე დაფუძნებული ეროვნულ-ლიბერალური სახელმწიფოების წარმოშობა; ურბანიზაცია; სტრატიფიკაციის ტრადიციული სქემების რღვევა და სწრაფი სოციალური მობილურობა; კლასობრივი კონფლიქტების ინსტიტუციონალიზაცია; მოხმარებისა და სოციალური კეთილდღეობის ზრდა; მასობრივი განათლების გავრცელება; ოჯახისა და ნათესაური კავშირების, როგორც სოციალური ორგანიზაციის საფუძვლის როლის შემცირება.
ი.ს-ის დოქტრინის წარმომადგენლები (ჯ.გელბრაიტი, რ.დარენდორფი) მიიჩნევენ, რომ 1. ინდუსტრიალიზაცია თანამედროვე სოციალური წესრიგის ფორმირების უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე განსხვავება კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის; 2. კლასობრივი სეგმენტაცია შეიცვალა პროფესიული, ეთნიკური, გენდერული სეგმენტაციით; ფართოდ გავრცელდა „კორპორაციული საწარმოს“ ფორმა, რამაც გამოიწვია საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციების გაყოფა.
ი.ს-ის კონცეფციის განვითარებაა „პოსტინდუსტრიული საზოგადოების“ თეორიები. ტერმინი „პოსტინდუსტრიული საზოგადოება“ გულისხმობს წარმოების უფრო მოდერნიზებულ რეჟიმზე გადასვლას, რასაც მოაქვს ცვლილებები საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია: საინფორმაციო ტექნოლოგიების დომინანტური როლი; მოხმარებისა და არა წარმოების პრიორიტეტი; ტრანსნაციონალური კორპორაციების სწრაფი ზრდა; ფინანსური ბაზრების გლობალიზაცია; სოციალური ფრაგმენტაცია და ახალი, მრავალგანზომილებიანი სოციალური იდენტურობების ჩამოყალიბება, ეკონომიკური კაპიტალის ჩანაცვლება ე.წ. ადამიანური კაპიტალით, ანუ ეკონომიკური ელიტების ჩანაცვლება ინტელექტუალებისა და მენეჯერების ახალი კლასით და ა.შ.
ინდუსტრიული სოციოლოგია - გამოყენებითი სოციოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ტექნოლოგიის განვითარების შედეგებს სოციალურ სამყაროში და წარმოების პროცესში წარმოქმნილი სოციალური ურთიერთობების ბუნებას.
ი.ს-ის პირველი ნაკადის ინტერესის სფეროშია ინდუსტრიალიზაციის ზეგავლენით სოციალური ურთიერთობების სისტემაში განხორციელებული ცვლილების ანალიზი. თუმცა, მეორე ნაკადში, რომელიც წარმოების პროცესში ორგანიზაციული ურთიერთობების შესწავლაზეა ორიენტირებული, ძირითადი სოციოლოგიური პარადიგმების ფარგლებში უფრო მეტი ემპირიული კვლევაა კონცენტრირებული.
ორგანიზაციული ურთიერთობების ანალიზი მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ტეილორიზმს, მ.ვებერის ბიუროკრატიის თეორიას, ე.წ. ადამიანური რესურსების თეორიას (ე.მეიო, დ.მაკგრეგორი), სტრუქტურალიზმსა (ტ.ბერნსი, გ.სტალკერი) და სისტემურ თეორიას (ლ.ბერტალანფი, ჯ.გელბრაიტი).
წარმოების პროცესის სოციოლოგიური ანალიზი გულისხმობს შრომის პროცესის მოტივაციური ცვლადების, ორგანიზაციაში ინსტიტუციონალიზებული და ლატენტური როლური სტრუქტურების, ორგანიზაციაში ძალაუფლებასთან დაკავშირებული ცვლადების, ორგანიზაციული კულტურისა და ორგანიზაციული სიმბოლიზმის კვლევას ამგვარი კვლევების საბოლოო მიზანია წარმოების პროცესის მართვის ოპტიმიზაციასთან (მენეჯმენტი) დაკავშირებული მოდელების შემუშავება.
XX ს-ის 80-იანი წლებიდან სულ უფრო პოპულარული ხდება მიდგომა, რომელიც უარს ამბობს ორგანიზაციის როგორც იზოლირებული ერთეულის შესწავლაზე; განიხილავს ორგანიზაციას, როგორც ღია სისტემას და ანალიზის დროს მხედველობაში იღებს იმ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც ორგანიზაცია ფუნქციონირებს. განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა აგრეთვე, შრომის ბაზრების, შრომის კულტურისა და დინამიკის კვლევა ეთნიკურ, რასობრივ და გენდერულ ცვლადებთან მიმართებაში, უმუშევრობის სოციალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური შედეგების ანალიზი და ა.შ. ორგანიზაციის კვლევის სფეროს ამგვარი გაფართოება იწვევს ი.ს-ის ორი ნაკადის კონვერგენციას. (იხ. აგრ. მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია)).
ინეროლოგია - იხ. პოლემოლოგია.
ინკვიზიცია - კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც XIIIს-ში შეიქმნა ერესთან საბრძოლველად. ი-ური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ი. სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.
ინკრემენტალიზმი - გადაწყვეტილების მიღების მოდელი მმართველ სტრუქტურაში, რაც ემყარება იმას, რომ ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებანი ცუდად შეესაბამება რეალურ სიტუაციას. თავის სტატიაში „მეცნიერება - მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“ (1959) და შემდგომ შრომებში ჩარლზ ლინდბლომი ამტკიცებს: პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას იღებენ არა იდეალური განჭვრეტითი კონცეფციის შემუშავების მიზნით, არამედ ამწუთიერი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ამასთან, მხედველობაში მიიღება შესაძლებელი ვარიანტების მხოლოდ მინიმალური ნაწილი. ეიშკელ დრორი ი-ს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ იგი შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალური პოლიტიკა უმრავლესობის მიერ დადებითად აღიქმებოდა, ანუ სოციალური სტაბილურობის პირობებში, როდესაც სირთულეთა მიზეზი უცვლელია, ხოლო რესურსები - ულევი. მიუხედავად ამისა, ლინდბლომი თვლიდა, რომ მდგრად პოლიტიკურ წარმონაქმნებში ი-ის ყოველთვის აქვს ადგილი. ალბათ ამით აიხსნება დასავლეთის დემოკრატიებში საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უმრავლესობის მიღების პროცედურა. აღნიშნული მოდელი ნაკლებად მისაღებია, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს განსაკუთრებული ვითარება, მაგ., ომი ან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.
ინოვაცია - მერტონის მიხედვით, დევიაციის სანიმუშო ფორმა, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული და გაზიარებული მიზნების (ღირებულებების) რეალიზაცია ხდება სოციალურად დაუშვებელი, არაინსტიტუციური, თუმცა, შესაძლოა, ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ი. ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ფორმას იღებს. ი-ური ქცევისაკენ გაძლიერებული მისწრაფება აქვთ დაბალი (შემოსავლის მიხედვით) სოციალური ფენების წარმომადგენლებს: ერთი მხრივ, ისინი თავიანთი მოქმედების ორიენტაციას ახდენენ სიმდიდრის მიღწევაზე, როგორც საზოგადოებაში აქცენტირებულ მიზანზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კანონიერი გზით მიაღწიონ ამ მიზანს. ამ შემთხვევაში ხდება სტრუქტურული შეუთავსებლობა, როდესაც არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან, საერთოდ, კეტავს მიზნის მიღწევის კანონიერ გზებს ღარიბთათვის. დანაშაულსა და სიღარიბეს შორის კავშირი აშკარაა სწორედ მაშინ, როდესაც სიღარიბე „უერთდება“ სოციალური გარემოს შეზღუდულ შესაძლებლობებს. ის, ვინც აცნობიერებს საკუთარი წარუმატებლობის სტრუქტურულ წყაროებს, მოსალოდნელია გაუცხოვდეს მისგან, მეტიც - აჯანყდეს მის წინააღმდეგს. ამ შემთხვევაში, ი. გადაიზრდება ისეთ ფორმაში, როგორიცაა ამბოხი. ამგვარი რეაქციის გასანეიტრალებლად ხშირად მიმართავენ მისტიკურ მიზეზებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ კომპენსაციას ახდენს. კერძოდ, წარმატება ან წარუმატებლობა აიხსნება „ბედის“, „შემთხვევითობის“, „გამართლების“, „იღბლის“ და სხვ. გავლენით (იხ. რიტუალიზმი, რეტრიტიზმი, ამბოხი).
ინტეგრაცია - სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ი. ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს ემყარება. მას ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესების არსებობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით უფრო ზეეროვნულია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი. ი-ის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ტრადიციული (ევროპული) სქემით ი-ის საფეხურებია საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის, საერთო პოლიტიკური სტრუქტურებისა და იდენტურობის შექმნა. ი., როგორც წესი, რეგიონალიზმის საფუძველზე ვითარდება. დღევანდელ მსოფლიოში რეგიონული ი-ის ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპის კავშირია.
ინტელიგენცია - ადამიანთა საზოგადოებრივი ფენა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად რთული, შემოქმედებითი შრომა შეადგენს. კ.მანჰაიმის აზრით, „ყოველ საზოგადოებაში არსებობენ სოციალური ჯგუფები, რომელთა სპეციალური ამოცანაა საზოგადოების უზრუნველყოფა სამყაროს ინტერპრეტაციით; ჩვენ მათ ინტელიგენციას ვუწოდებთ“. მეცნიერთა მიერ დახასიათებულ ჯგუფს დღეს უმჯობესია ინტელექტუალები ვუწოდოთ. „ინტელექტუალის“ ცნება უფრო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში. ტერმინი ი. მწერალმა ნ.ბობორიკინმა შემოიღო XIXს-ის 60-იან წლებში და რუსულიდან გავრცელდა სხვა ენებშიც. თავდაპირველად ი-ის უწოდებდნენ საერთოდ განათლებულ ადამიანებს. ი. თავისი პირველადი ფორმით წარმოიქმნა მაშინ, როდესაც გონებრივი შრომა ფიზიკურს გამოეყო.
ი-ისადმი მშრომელთა პროფესიული მიკუთვნების გადამწყვეტი კრიტერიუმია შრომის ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური გონებრივი შრომა, როგორც წესი, მოითხოვს უმაღლეს ან საშუალო სპეციალურ განათლებას, არასწორი იქნებოდა ი-ისათვის (სპეციალისტებისათვის) ყველა იმ პირის მიკუთვნება, ვისაც აქვს უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (ბევრი მათგანი ჩვეულებრივ მუშად მუშაობს).
ი. იყოფა მეცნიერულ-ტექნიკურ, მეცნიერულ-ჰუმანიტარულ, ადმინისტრაციულ-მმართველობით, განათლების, ჯანდაცვის, იურისპრუდენციის, ლიტერატურის, ხელოვნების და სხვ. ჯგუფებად. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად სულ უფრო იზრდება ი-ის რიცხობრიობა და მნიშვნელობა. დღეს უკვე ხშირად ლაპარაკობენ ჰუმანიტარულ ინტელექტუალებსა და ტექნიკურ ი-ზე, როგორც ახალ კლასზე. ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს ეკონომიკის კონტროლზე.
ინტერესი - 1. სუბიექტის მიმართება მისთვის მნიშვნელოვან ობიექტთან, დაკავშირებული მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან, სარგებლობასთან. 2. სოციალური სუბიექტების რეალური მიზეზი, მიმართული განსაზღვრულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისკენ, რაც უშუალო მისწრაფებების, მოტივების, იდეების და ა.შ. საფუძველია, განსაზღვრულია ამ სუბიექტების მდგომარეობითა და როლით საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში. ი. შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი, ესთეტიკური, ეთიკური და სხვ.
ინტერვენცია - ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ძალის გამოყენებით ჩარევა ან სხვაგვარი უკანონო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, პოლიტიკური წეს-წყობილების ან ორიენტაციის შეცვლას, რაც შეუთავსებელია გაეროს წესდებათასთან.
განასხვავებენ შეიარაღებულ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ ი-ს, რომელთაგან ყველაზე საშიში ფორმაა შეიარაღებული, ანუ სამხედრო ი. - იგი აგრესიის აქტს წარმოადგენს და სამხედრო დანაშაულად ითვლება. სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ი-ს განიცდის, უფლებამოსილია იბრძოლოს ი-ის წინააღმდეგ მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით.
აგრესიული ომისაგან განსხვავებით, რომელიც, ჩვეულებრივ, ქვეყნის ანექსიას ისახავდა ან ისახავს მიზნად, შეიარაღებული ი-ის მიზანია, ძალით შეცვალოს ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმი, ამასთან, ფორმალურად მისთვის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებით.
ინტერვიუ - მიზანმიმართული საუბარი, რომლის ამოცანაა პროგრამით გათვალისწინებულ კითხვებზე გაცემული პასუხების საშუალებით საჭირო ინფორმაციის მიღება. ი. ფართოდ გამოიყენება სოციალური პრაქტიკის მრავალ სფეროსა და სხვადასხვა მეცნიერებაში (ფსიქოლოგიაში, ჟურნალისტიკაში, მედიცინაში, კრიმინოლოგიაში).
ემპირიულ სოციოლოგიაში ი. ვერბალური სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ინფორმაციის მიღება ხდება ინტერვიუერის რესპონდენტთან მიზანდასახული საუბრის საშუალებით. საუბრის მიმართულებას განსაზღვრავს საკვლევი პრობლემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და რომელიც მოცემული კონკრეტული სოციალური გამოკვლევის საგანია. ი. აგრეთვე ემყარება მკვლევარსა (ან ინტერვიუერს) და რესპონდენტს შორის განსაკუთრებულ კვლევით ურთიერთობას, უშუალო სოციალურ-ფსიქოლოგიურ ურთიერთქმედებას. ი-ს პროცედურა გულისხმობს: 1. რესპონდენტის შერჩევას, 2. ი-ს ადგილისა და დროის განსაზღვრას, 3. პასუხების ჩაწერასა და მასალის საბოლოო გაფორმებას. ი-ს პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. ინტერვიუერი - პირი, რომელიც ატარებს გამოკითხვას, 2. რესპონდენტი (ანუ ინფორმანტი) პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროა, 3. ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს დიალოგს კითხვებისა და პასუხების ფორმით - ი-ს კომუნიკე, 4. გარემო პირობები, სადაც ტარდება ი. - ი-ს ველი.
ი-ს საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება რესპონდენტთა საქმიანობის, განწყობების, შეხედულებების, შეფასებებისა და ა.შ. შესახებ. თავიანთი ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რესპონდენტები წარმოადგენენ ინფორმატორებსაც გარკვეული სოციალური ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ.
ი-ს წარმატება, მიღებული მონაცემების ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის დამყარებულ ურთიერთობაზე, კონტაქტის დონესა და ურთიერთგაგებაზე.
არსებობს ი-ს სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია, რაც განსხვავებულ კრიტერიუმებს ემყარება: I. ი-ს ორგანიზების, ჩატარების ფორმის მიხედვით: 1) ინდივიდუალური (რომელიც ერთ პირთან ტარდება) და 2) ჯგუფური (რომელიც ერთდროულად რამდენიმე პირთან ტარდება; II. კომუნიკაციის ფორმის მიხედვით: 1) პირისპირი და 2) სატელეფონო; III. მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით: 1) ი. აზრებისა და დამოკიდებულებების შესახებ, 2) ი. ფაქტების შესახებ (ე.წ. დოკუმენტური ი.); IV. ჩატარების სიხშირის მიხედვით: 1) ერთჯერადი და 2) მრავალჯერადი; V. ჩატარების ტექნიკისა და ფორმის მიხედვით: 1) ფორმალიზებული (სტანდარტიზებული, სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული - ყველა ეს სიტყვა სინონიმია) და 2) არაფორმალიზებული (აღსანიშნავია, რომ არაფორმალიზებულის მაგივრად ხშირად ხმარობენ ტერმინებს არასტანდარტიზებული, არასტრუქტურიზებული, თავისუფალი, ღია, სიღრმისეული, ინტენსიური, თვისებრივი, თუმცა ყველა ეს ტერმინი ყოველთვის არ წარმოადგენს სინონიმებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), 3) ნახევრად ფორმალიზებული (ნახევრად სტანდარტიზებული, ნახევრად სტრუქტურიზებული); VI. პროცედურის მიხედვით: პანელური, კლინიკური, ფოკუსირებული, არამიმართული, მიმართული, მრავალგზისი, ჩაღრმავებული (ღრმა, სიღრმისეული), ნარატიული, ბიოგრაფიული, ლაიტმოტივური, ფოკუსჯგუფი, ე.წ. დიალოგის ი. (ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმა), ექსტენსიური და ინტენსიური, დირექტული და არადირექტული; VII. გამოსაკითხი პირების ტიპის მიხედვით: 1) ძირითად ინფორმატორებთან (ე.ი. ექსპერტული ი.) 2) ი. სპეციალურ რესპონდენტებთან, 3) ი. სოციალური ჯგუფების ან დემოგრაფიული პოპულაციის ტიპურ წარმომადგენლებთან.
ი-ს საშუალებით მიღებული მონაცემები შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი.
ი., როგორც კვლევის მნიშვნელოვანი ტექნიკა, ფართოდ გამოიყენება სოციოლოგიურ გამოკლევებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტრუქტურიზებული ი-ს გამოყენება კვლევის საწყის ეტაპზე, როდესაც ფორმირებულია ჰიპოთეზები და საჭიროა ვალიდური კითხვარის შექმნა, აგრთვე ფართომასშტაბიანი გამოკვლევების მეთოდიკის შემუშავება. იგი ძირითადი მეთოდია სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის დროს, როცა შერჩევა განსაზღვრული და მცირეა. როგორც დამატებითი მეთოდი, ი. გამოიყენება სხვა მეთოდებთან (როგორიცაა ანკეტირება, დაკვირვება და სხვ.) ერთად, აგრეთვე ე.წ. საკონტროლო გამოკვლევების დროს, სხვა მეთოდებით მიღებული მონაცემების დაზუსტებისა და შემოწმების მიზნით. ი., განსაკუთრებით არაფორმალიზებული, ყველაზე უფრო „მოქნილი“ მეთოდია.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ი. წარმოადგენს გამოკვლევის იმ სპეციფიკურ მეთოდს, რომელიც დამახასიათებელია სოციალური შემეცნებისათვის.
ინტერვიუერი - პირი, რომელიც ატარებს ინტერვიუს. მასზე ბევრადაა დამოკიდებული ინტერვიუს წარმატება, მიღებული ინფორმაციის ხარისხი, ვალიდურობა და სანდოობა.
ი-ს კარგ მუშაობას განაპირობებს შემდეგი მახასიათებლები: მისი ინდივიდუალური თვისებები, მეთოდიკის ცოდნა, სოციოლოგიური მომზადება და იმ საგნობრივი სფეროს ცოდნა, რომლის გამოკვლევაც ინტერვიუს საშუალებით ხდება. ინდივიდუალური უნარი შეიძლება თანდაყოლილი ან სოციალურად შეძენილი თვისებები იყოს, რაც დამახასიათებელია ადამიანისათვის, მისი პროფესიული ჩვევების მიუხედავად. მეთოდიკის ცოდნის შეძენა, ინდივიდუალური უნარისაგან განსხვავებით, სწავლის მეშვეობით ხდება. მნიშვნელოვანია სოციოლოგიური მომზადება, რაც ხელს უწყობს ი-ს, დაიცვას შეფასებითი ნეიტრალობა რესპონდენტების პასუხების მოსმენისას, ადეკვატურად გაიგოს მათი გამონათქვამები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იგი და რესპონდენტი სხვადასხვა სოციალურ კლასს, ეთნიკურ ან პროფესიულ ჯგუფებს, სუბკულტურებსა და ა.შ. მიეკუთვნებიან. ი-ს სოციოლოგიური მომზადების შედეგად უმუშავდება უნარი, მოახდინოს რელევანტური თემების ფიქსირება და განვითარება. საგნობრივი მომზადებაც ამაღლებს ინტერვიუერის უნარს, სწორად გაუგოს რესპონდენტებს და შეარჩიოს რელევანტური თემები. უმაღლესი კვალიფიკაციის ი-ებს ოთხივე თვისება უნდა ჰქონდეთ.
ი-ის ფუნქციები დამოკიდებულია გამოკვლევის ხასიათსა და ინტერვიუს ტიპზე. მან უნდა შეარჩიოს რესპონდენტები შერჩევის მაკეტის მიხედვით, უზრუნველყოს ინტერვიუს ჩატარების პირობები (სიტუაცია), რესპონდენტთან საუბარი წარმართოს კვალიფიციურ დონეზე, მოახდინოს პასუხების რეგისტრაცია, მოაწესრიგოს, დააჯგუფოს მიღებული მონაცემები მკვლევარისათვის გადასაცემად, ჩაიწეროს ინტერვიუს დროს მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებები და სპეციალური შენიშვნები. თვისებრივი ინტერვიუს დროს ი. უნდა ახდენდეს არა მხოლოდ ვერბალური, არამედ არავერბალური ინფორმაციის დაფიქსირებას (როგორიცაა, მაგ., რესპონდენტის სახის გამომეტყველება, მიმიკა, გარემომცველი სიტუაცია და ა.შ.).
პირს, რომელიც ფოკუსჯგუფში ინტერვიუს ატარებს და დისკუსიას წარმართავს, მოდერატორს უწოდებენ.
ინტერიორიზაცია - იგივეა, რაც ინტერნალიზაცია.
ინტერნალიზაცია - პროცესი, რომლის დროსაც სოციალური ღირებულებები, ნორმები და იდეები ინდივიდების მიერ ჩაითვლება როგორც მათი საკუთარი და აღიქმება როგორც ბუნებრივი და ნორმალური. ი-ის პროცესი საფუძვლად უდევს სოციალიზაციას. მის მექანიზმებსა და თავისებურებებზე ყურადღებას ამახვილებს ისეთი მიდგომები, როგორიცაა ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი. ი. იგივეა, რაც ინტერიორიზაცია. (იხ. სოციალიზაცია; იდი, ეგო, სუპერ-ეგო).
ინტერნაციონალიზმი - საერთაშორისო ურთიერთობებში აღნიშნავს დოქტრინებისა და იდეოლოგიების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანია, სახელმწიფოცენტრული პოლიტიკა შეიცვალოს და წინა პლანზე წამოვიდეს უნივერსალური, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტრანაციონალური ინტერესები. ჩვეულებრივ, ი. ასოცირდება იდეალიზმთან და უტოპიზმთან და რეალიზმის და ნაციონალიზმის ალტერნატივად წარმოგვიდგება. თუმცა, ნაციონალური და ინერნაციონალისტური ინტერესები საკმაოდ ხშირად ერთმანეთის საპირისპირო სრულიადაც არ არის. ინტერნაციონალისტური დოქტრინებიდან და იდეოლოგიებიდან აღსანიშნავია ლიბერალიზმი, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების საყოველთაო გავრცელებას გულისხმობს, მარქსიზმ-ლენინიზმი, რომელიც მსოფლიო კომუნიზმის იდეას ქადაგებდა და პაციფიზმი. განსხვავებით სახელმწიფოცენტრიზმისაგან, რომელიც ჰორიზონტალური თეორიაა (სახელწმიფოს ურთიერთობა სახელმწიფოსთან), ი., პირველ რიგში, წარმოგვიდგება ვერტიკალურ თეორიად, რომელსაც კაცობრიობის განვითარების პირობებზე უნივერსალური თეორიის პრეტენზია აქვს.
ინტერპელაცია - სიტყვის შეწყვეტინება, საჩივარი სასამართლოს წინაშე შესაბამისი უფლების საფუძველზე პარლამენტის დეპუტატის ან დეპუტატთა ჯგუფის, ზოგჯერ კი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მთავრობისაგან ან ცალკეული მინისტრისაგან ოფიციალური განმარტებების მოთხოვნა სამთავრობო პოლიტიკისა და პრაქტიკის ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ი. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, არა მარტო მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია, არამედ სისტემატურად აკონტროლონ მთავრობის პოლიტიკა და პრაქტიკული საქმიანობა. ი. შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმისა. ჩვეულებისამებრ, მისი პროცედურა მკვეთრად რეგლამენტირებულია. კანონი საქართველოს დეპუტატის სტატუსის შესახებ ითვალისწინებს ი-ს და განსაზღვრავს მის წესს.
ინფორმაციული საზოგადოება - სოციალური სისტემა, რომელშიც საქონლისა და მოხმარების წარმოება არსებითად დამოკიდებულია ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებასა და გადაცემაზე. თუ ინდუსტრიულმა საზოგადოებამ შესაძლებელი გახადა უდიდესი რაოდენობის სხვადასხვა საქონლის წარმოება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ერის ჩამოყალიბებამ უზრუნველყო ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის წარმოების, დამუშავებისა და გადაცემის შესაძლებლობა.
თანამედროვე წამყვანი სოციოლოგები დ.ბელი, ო.ტოფლერი, ე.კასტელზი და სხვ. მიუთითებენ, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოება, თავისი არსით, კომუნიკაციური თუ ინფორმაციული საზოგადოებაა. ბელის მტკიცებით, თუ ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი რესურსი კაპიტალი იყო, პოსტინდუსტრიული საზოგადოების სტრატეგიული რესურსებია ინფორმაცია და თეორიული ცოდნა. მეცნიერება კი გადაიქცა ძირითად საწარმოო ძალად. ახალი ტექნიკის, ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობანი გრანდიოზული გახადა.
ინფრასტრუქტურა - საზოგადოების ან ორგანიზაციის საბაზისო ფიზიკური სტრუქტურა, დაგროვილი კაპიტალური აღჭურვილობის ფონდი. ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტის საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები და ა.შ.
ირედენტიზმი - სიტყვასიტყვით ნიშნავს გამოსასყიდს ასანაზღაურებელს, დასაბრუნებელს. მას შემდეგ, რაც 1870 წელს იტალია გაერთიანდა, მის საზღვრებს გარეთ დარჩა იტალიელებით დასახლებული რამდენიმე ტერიტორიული ერთეული (ტრიესტი, ტრენტინო, ალტო-ადიჯე), რომელებიც იტალიას საკუთარ და შემოსაერთებელ მიწებად მიაჩნდა, ხოლო მათ დასაბრუნებლად განხორციელებულ ქმედებას ი. ეწოდა.
თანამედროვე პოლიტიკაში ი. ეწოდება რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნას, გამოეყოს ამ ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს (სეპარატიზმისაგან განსხვავებით, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა არ დგას). ი-ის მაგალითია მთიანი ყარაბახის სომხეთთან, ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის - სამაჩაბლოს) ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების მოთხოვნა. ი-ის რეალიზაცია ძალით, სუვერენული სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არაკანონიერი ქმედებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.
ისკეიპიზმი - პიროვნების ან სოციალური ჯგუფის გარკვეული ნაწილის გაქცევა სინამდვილის მწვავე პრობლემებისაგან ფსევდომოქმედების სფეროში ან სოციალური ილუზიის სამყაროში.
ისლამი - მსოფლიო რელიგიებიდან სიდიდით მეორე, რომელიც მომდინარეობს წინასწარმეტყველი მუჰამედის მოძღვრებიდან. ჩაისახა VIIს-ის დასაწყისში არაბეთში, როცა პატრიარქალურ-თემური წყობა შეიცვალა კლასობრივი სახელმწიფოს შექმნით. IX-Xსს-ში ი. უკვე წარმოადგენდა რთულ სისტემას დახვეწილი ფილოსოფიურ-რელიგიური (ქალამი) და სამართლებრივი (შარიათი) საფუძვლებით. ი-ის ძირითადი პრინციპები თავმოყრილია ყურანში და შეიცავს 7 დოგმას: რწმენა ერთიანი ღმერთისა (ალაჰისა) და ანგელოზებისა, ყველა საღვთო წიგნისა, ალაჰის ყველა წარმოგზავნილისა, ქვეყნის აღსასრულისა, განგებისა და მკვდრეთით აღდგომისა. ყველაფერი, რაც მოხდა და მოხდება, ალაჰის ნებაა. მთელი ი. ხუთ მცნებას, „რწმენის სვეტს“ წარმოთქვამს: ფორმულა „არა არს ღმერთი ალაჰის კიდეგან, ხოლო მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი“, ყოველდღე ხუთგზის ლოცვა; ურაზა: რამაზანის თვეში მარხვის დაცვა; აუცილებელია ქველმოქმედება (ზაქიათი); მექაში მოლოცვა (ჰაჯი). ი-ის დღესასწაულებია: ყურბან-ბაირამი, ურაზა-ბაირამი, მავლუდი და სხვა. მორწმუნეთათვის სავალდებულოა აგრეთვე ბრძოლა სარწმუნოებისათვის, საღვთო ომი - ჯიჰადი ან ჰაზავათი. მუსლიმანთა ძირითადი საკულტო ნაგებობებია მეჩეთი (ღმერთის თაყვანისცემის ადგილი), მინარეთი, მედრესე (სკოლა) და მაზარი (მავზოლეუმი).
ქრისტიანობის მსგავსად ი. დაიყო პოლიტიკურ და თეოლოგიურ მიმდინარეობებად, ძირითადად სუნიტურ - უფრო ლიბერალურ და შიიტიურ - უფრო ავტორიტარულ ფორმებად.
ისლამური ფუნდამენტალიზმი - გავრცელებული მოძრაობა ისლამურ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობაში სეკულარიზებული ხელისუფლებაა. გულისხმობს მმართველობის ისეთ სისტემასთან დაბრუნებას, რომელიც ემყარება ყურანს. თანამედროვე ისტორიაზე ი.ფ-ის პირველი მძლავრი ზეგავლენა 1979 წელს როდესაც ირანში ფუნდამენტალისტებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს დასავლეთის მიერ აღიარებული შაჰი და იგი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობით შეცვალეს, რომელშიც მუსლიმანი სასულიერო პირები დომინირებდნენ. ი.ფ-ის ტრადიციული დაპირისპირება დასავლეთთან განპირობებულია მათი რწმენით, რომ დასავლური სამყარო ანგრევს ისლამური საზოგადოებისათვის განმსაზღვრელ ღირებულებებს. ფუნდამენტალისტები, პირიქით ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრება შარიათის კანონებზე ააგონ, რაც გულისხმობს ისლამური ნორმებიდან ამოზრდილ იმგვარ პრაქტიკას, როგორიცაა სქესობრივი სეგრეგაცია სამუშაო ადგილებზე, ალკოჰოლის მიღების აკრძალვა და სხვადასხვა დანაშაულისათვის უმკაცრესი ღონისძიებები, მათ შორის კიდურების მოკვეთა. არსებობს ი.ფ-ის შიიტური და სუნიტური ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში. ამჟამად ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან ალჟირის სეკულარიზებულ მთავრობას და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მიმართავენ ეგვიპტეში. ფუნდამენტალისტური პარამილიტარისტული დაჯგუფებები „ჰამაზი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა არ დაუშვას ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის პოზიტიური განვითარება. (იხ. აგრ. ფუნდამენტალიზმი).
ისტებლიშმენტი - საზოგადოების პრივილეგირებული ჯგუფი, აგრეთვე მთლიანად ხელისუფლებისა და მმართველობის სისტემა, რომლის მეშვეობითც ხორციელდება მმართველობა. ი. გადამწყვეტ გავლენს ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე, იდეოლოგიისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაზე.
ისტორიზმი - 1. ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანური ეგზისტენციის გამოვლენას ისტორიულობაში ხედავს და ინსტიტუციების, იდეების წარმომავლობისა და ცვალებადობის ისტორიულობას უსვამს ხაზს. 2. მეცნიერულ-თეორიული აზრით, ი. გულისხმობს კანონზომიერებების ისტორიული ინვარიანტების ძიებაზე, დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებელ ნომოლოგიურ გამონათქვამებზე უარის თქმას. ი. ყოველ ისტორიულ ეპოქას უნიკალურად მიიჩნევს და ცალკეული სიტუაციის, მოქმედების ხერხებისა და თვით მოქმედი სუბიექტების ინდივიდუალურობას თავისი კვლევის ობიექტად აცხადებს. ი-ის თანახმად, საგნის არსი მის განუმეორებლობაში უნდა იქნეს შემეცნებული, რაც ჰერმენევტიკისა და გაგების მეთოდებით ან ინტუიციით მიიღწევა.
„ისტორიის დასასრული“ - ფრენსის ფუკუიამას გახმაურებული ნაშრომი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება კაცობრიობის პოლიტიკური განვითარების ლოგიკური დასასრულია. ფუკუიამას თეზისი ჯორჯ ბუშის (უფროსის) ახალი მსოფლიო წესრიგის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა. ფუკუიამა ლიბერალურ დემოკრატიას ფაქტობრივად აიგივებს კაპიტალიზმთან, რომელიც ერთადერთ გლობალურ სისტემად რჩება და აღარ შეიცვლება.
ისტორიის სოციოლოგია - სოციოლოგიის დარგი, რომელიც 1) იკვლევს საზოგადოებების ისტორიულად არსებულ ფორმებს და რომელიც უფრო ვიწრო აზრით იყენებს ისტორიულ წყაროებს; 2) შედარებითი სოციოლოგიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ისტორიულად არსებულ საზოგადოებებს და მათში მომხდარ ცვლილებებს სწავლობს. მართალია, ი.ს. გარკვეული აზრით მოდიდან გამოვიდა, მაგრამ ისეთი ავტორების წყალობით, როგორებიც არიან მური ვალერშტაინი (აშშ), ანდერსონი, მანი და ელიასი (ინგლისი) და რომელთა თანახმადაც, სოციალური ცვლილებების ყველა ზოგადი თეორია ი.ს-ს წარმოადგენს, იგი კვლავ პოპულარული გახდა. რ.აბრამსის აზრით, ი.ს. შეადგენს ტრადიციული სოციოლოგიის ბირთვს. ი.ს-ის განვითარებისადმი მიძღვნილია დ.სმიტის შრომა „ისტორიული სოციოლოგიის აღმოცენება“.
ისტორიული მატერიალიზმი - (ისტორიის მატერიალისტური გაგება) მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის ნაწილი, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების უზოგადესი კანონების შესწავლა.
ი.მ. არის ზოგადი ტერმინი მარქსისა და ენგელსის კონცეფციისათვის ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისა და მისი ანალიზის მეთოდის შესახებ. (მარქსის მატერიალიზმის საბაზისო იდეა მოცემულია შრომაში „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. წინასიტყვაობა“, 1859). ისტორიის მატერიალისტური გაგება, შეიმუშავეს მარქსმა და ენგელსმა XIXს-ის 40-იან წლებში. მათ ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება.
ისტორიციზმი - ტერმინი, რომელიც გამოიყენება ისტორიის ფილოსოფიურ კონცეფციებსა, სოციალურ ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში (კროჩე, პოპერი). პოპერის თანახმად, ისტორიცისტული თეორიულ-მეთოდოლოგიური კონცეფცია ჰერაკლიტედან, პლატონიდან და არისტოტელედან მომდინარეობს. ახალ დროში ი-ის წარმომადგენლები იყვნენ ჰეგელი და მარქსი. ი-ის მთავარი ამოცანა ისტორიის წინასწარმეტყველებაში მდგომარეობს, მისი ძირითადი ნიშანია ესენციალიზმი, ფოლიზმი, ისტორიის ურყევი კანონების რწმენა, წარსულში, აწმყოსა და მომავალში საზოგადოების განვითარების ფატალური ხასიათი აღიარება. პოპერის აზრით, ი. შეუთავსებელია ნამდვილ მეცნიერულობასთან. ისტორიული ხდომილებების ფუტუროლოგიური წინასწარმეტყველება შეუძლებელია თუნდაც იმის გამო, რომ ისტორიული განვითარება დამოკიდებულია ცოდნის ზრდაზე, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. სოციალურ-ისტორიულ პროცესებთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონებზე და არა „ტენდენციებზე“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ ტენდენციებისათვის ისტორიული კანონზომიერების სტატუსის მინიჭებას, პოპერის თანახმად, აუცილებლად მივყავართ ავტორიტეტების ბრმა რწმენისაკენ, კრიტიკული მიდგომის გაქრობისკენ, დოგმატიზმისკენ და, საბოლოო ჯამში კი - ტოტალიტარზმისკენ.
იუდაიზმი - მსოფლიო მონოთეისტური რელიგიებიდან ერთ-ერთი, ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია ერთიანი ღმერთის - იაჰვეს - რწმენა, მესიის (ციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღაირება წმინდა წიგნებად. აღმოცენდა პოლითეისტური კულტურებიდან ძველებრაელთა მომთაბარე ტომებში. ძვ.წ. XIIIს-დან დაპყრობილ პალესტინაში თანდათან ჩამოყალიბდა იაჰვეს კულტი, რამაც საერთო სახელმძღვანელო რელიგიის სახე მიიღო (ძვ.წ. Xს-დან). ამ დროისათვის იქმნება ძველი აღთქმის კანონიკური ტექსტი, რომლის ბირთვს წარმოადგენს თორა - 5 წიგნი (რომლის ავტორობასაც მოსეს მიაწერენ). ი-ის ძირითადი დოგმატებია: მონოთეიზმი - იაჰვეს აღიარება ერთადერთ ღმერთად; იაჰვეს და ებრაელთა შორის დადებული აღთქმის რწმენა; ისრაელის ძეთა მიჩნევა ღმერთის რჩეულ ერად. ებრაელებმა შეიცნეს თავი ისეთ ყოვლისშემძლე ღმერთის „რჩეულ ხალხად“, რომელიც თავის ხალხსაც კი სჯის ზნეობრივი მანკიერების გამო. მრავალი წლის შემდეგ, ი. გადაიქცა თვითმყოფად რელიგიად მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა ებრაელთა სახელმწიფო.
იურიდიული სოციოლოგია - იხ. სამართლის სოციოლოგია.
![]() |
11 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კაბინეტი - აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მინისტრები და პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. კ-ის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის მრჩევლებად ითვლებიან. ამ პოლიტიკური ინსტიტუტის მეორე გავრცელებული სახელწოდება მთავრობაა.
კაზუისტიკა - კანონის ამა თუ იმ მუხლის მიყენება კონკრეტული ქმედებებისათვის. კ-ის აღნიშნული მნიშვნელობა ემყარება შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებაში გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც ცალკეული რელიგიური საკითხი შესაბამისი დოგმის საფუძველზე აიხსნებოდა. ქართულ სიტყვათხმარებაში ფართოდაა გავრცელებული ტერმინის ვიწრო მნიშვნელობაც, რომელიც გულისხმობს საეჭვო დებულებების სხვადასხვა ხრიკებით გამართლებას.
კანონი - მოვლენებს შორის არსებითი, აუცილებელი, მყარი და განმეორებადი კავშირურთიერთობების ფორმა. პოლიტიკურ ურთიერთობებში კ-ებს ნორმატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფოებისათვის უმაღლესი კ. არის კონსტიტუცია, რომელსაც მოსდევს რანგით უფრო დაბალი, კონსტიტუციით განსაზღვრული წესით უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სამუშაო რეჟიმში მიღებული ნორმატიული აქტები. ვიდრე ნორმატიული აქტი კ-ის სტატუსს მიიღებდეს, რასაც, როგორც წესი, ეძღვნება საპარლამენტო დებატების დიდი დრო, ის მხოლოდ კანონპროექტია. ყოველი კანონპროექტი ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და მისი შემუშავება ხდება შესაბამის (ვთქვათ, განათლების ან სოციალური უზრუნველყოფის) საპარლამენტო კიმიტეტში ან ქვეკომიტეტში, რის შემდეგაც ხდება მისი გატანა საპარლამენტო განხილვაზე. ქვეყნებში, სადაც უმაღლესი კ. კონსტიტუციაა, ყველა სხვა კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
კაპიტალიზმი - საზოგადოების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებებზე, ისევე როგორც წარმოებულ პროდუქტზე კერძო საკუთრების პირობებში წარმოებას გააჩნია საზოგადოებრივი ხასიათი. პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სხვადასხვა მნიშვნელობით: პირველი, როგორც წარმოების ისტორიულად განსაზღვრული წესი, რომლის დროსაც კაპიტალი წარმოების ძირითადი საშუალებაა. მეორე, როგორც მეწარმეობისაკენ მისწრაფების შერწყმა ანგარიშიანობასა და რაციონალიზმთან, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ ორგანიზაციაში; შემდეგ - წარმოების ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ბაზარზე. კ. არც მხოლოდ საქონლის ან მხოლოდ ფულის ერთიანობაა და არც მხოლოდ წარმოების საშუალებებისა, არამედ მათი გარკვეული ტიპის სოციალურ ურთიერთობებთან კავშირის იმგვარი ფორმაა, რომელსაც მიზნად კაპიტალის დაგროვება აქვს.
ტერმინი კ. მარქსისტებმა გამოიყენეს და მას, მემარცხენე ლიტერატურისაგან განსხვავებით, თითქმის არ იყენებენ ლიბერალები და კონსერვატორები.
კაპიტულაცია - ამა თუ იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, როცა მთელი შეიარაღება და ინფრასტრუქტურა მოწინააღმდეგის ხელში გადადის, ხოლო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო ტყვეების სტატუსს იღებს. კ-ის ნიმუშებად ასახელებენ მეორე მსოფლიო ომში გერმანიისა და იაპონიის მიერ ხელმოწერილ აქტებს, რომლის მიხედვითაც, ორივე ეს სახელმწიფო თავის სრულ მარცხს აღიარებდა და თანხმდებოდა იმ პირობებზე, რომელთაც მათ გამარჯვებული მხარე უყენებდა. ტერმინი შეიძლება გამოიყენებოდეს არასამხედრო თვალსაზრისითაც და აღნიშნავდეს რადიკალურ დათმობას.
კასტა - სოციალური ნორმებით, სპეციფიკური ტრადიციებით, ქცევით, ცხოვრების სტილით, ურთიერთდახმარებით, ტანსაცმლით, საკვებითა და სხვა თავისებურებებით დაკავშირებული, საერთო შთამომავლობით გაერთიანებულ ადამიანთა (ხშირად - ეთნიკური) ჯგუფი. კ-ის შემადგენლობაში შედის ენდოგამიური თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ნათესაურუ ჯგუფები, ჩამოყალიბებული წარმომავლობის, საერთო საქმიანობის და თავისი წევრების უფლებრივი მდგომარეობის საფუძველზე; კ. იერარქიულად აგებულ სისტემაში ჩართული სოციალური სტრატიფიკაციის ფორმაა, განკერძოებული და დახშული (დახურული) სტრატაა, რომლის წევრობაც დადგენილია; კონტაქტები სხვა სტრატებთან შეზღუდულია, მობილურობა კი - თეორიულად გამორიცხული. ყოველი კ-ის წევრებს მხოლოდ ერთი ტიპის საქმიანობის უფლება აქვთ, თუმცა, საბოლოოდ, კ. მაინც არაეკონომიკური კრიტერიუმებით იქმნება. კ. ძალზე მკვეთრადაა გამოხატული ინდოეთში, სადაც ჯგუფისადმი კუთვნილება მემკვიდრეობითია და შესაძლოა ადამიანმა ვერასოდეს შეიცვალოს. ფართო გაგებით, კ. გულისხმობს საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის განკერძოებულობას, დახშულობასა და ჯგუფურ პრივილეგიებს.
კეთილდღეობის საზოგადოება - ტერმინი გამოიყენება ინდუსტრიულად განვითარებული საზოგადოებების აღსანიშნავად, სადაც მოსახლეობის მეტი ნაწილი ეკონომიკურად და სოციალურად უზრუნველყოფილია (დაახ. 1960 წლიდან), რაც ნიშნავს იმას, რომ ამ საზოგადოებაში ინდივიდებს არა მარტო ხელი მიუწვდებათ საქონლის მოხმარებაზე, არამედ შეუძლიათ დანაზოგის გადანახვაც, სახლის ყიდვა, მოხუცებულობის დაზღვევა და ა.შ. კ.ს-ს სიუხვის საზოგადოებას, ზოგჯერ სიჭარბის საზოგადოებასაც უწოდებენ (გოლბრაიტი, 1958).
კენჭისყრა - არჩევნების ჩატარების ამ მეთოდს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მკაფიოდ პირველად დაფიქსირებულია ჯერ ძველ საბერძნეთში და შემდეგ ძველ რომში. კ-ის ინსტიტუტის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი შუა საუკუნეების იტალიურ ქალაქ-რესპუბლიკებს უკავშირდება. არსებობდა ვენეციის დოჟის საარჩევნო კ-ის ძალზე დეტალური განაწესი. ბოლოს, არჩევნებში კ-ის წესი კონსტიტუციურად განისაზღვრა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.
პოლიტიკურ მეცნიერებებში არჩევნები სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლება: ა) ხმის მიცემის პროცედურის სპეციფიკა; ბ) ამომრჩეველთა ქცევა არჩევნების პერიოდში, და ბოლოს, გ) კონკრეტული სახის არჩევნების (მაგ., არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში) სპეციფიკის შესწავლა.
კვაზისახელმწიფო - იხ. არშემდგარი სახელმწიფო.
კვანტიფიკაცია - სოციალური ობიექტების თვისებებისა და მიმართებების გამოვლენისა და წარმოდგენის პროცედურა რაოდენობრივი ფრომით. იგი გამოიყენება როგორც სოციოლოგიის ყველა სახის რაოდენობრივი (გაზომვის, ანალიზისა და მოდელირების, შერჩევის, სტატისტიკური ჰიპოტეზების შემოწმების, ლოგიკური, სტრუქტურული, ლინგვოსემიოტიკური) მეთოდის მოხმარების წინამძღვარი. კ. არის სოციოლოგიური გამოკვლევის ფორმალიზაციის მეთოდების სახესხვაობა, დაკვირვებების მნიშვნელობათა ციფრულ მონაცემებად გარდაქმნა ანალიზისა და შედარებისათვის. ტერმინი კ. მჭიდროდ უკავშირდება ცნებებს - „თვისება“ და „რაოდენობა“, რაც გარკვეულ ერთიანობას შეადგენს და ერთმანეთს განაპირობებს, რამდენადაც ობიექტის ყოველი თვისება შეიძლება განისაზღვროს რაოდენობრივად და ობიექტიც, თავის მხრივ, არსებობს რაღაც თვისებრიობის ფორმით. მოვლენის წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია დავახასიათოთ მათემატიკური საშუალებებით თვისების რაოდენობრივი განსაზღვრულობა. ეს ხორციელდება მოდელირების მოცემული სფეროს ნიშანთა სიმრავლით, რომელიც გარკვეულ პირობებში სკალას წარმოადგენს. გაზომვა ყოველთვის წარმოადგენს კ-ს, მაგრამ ისინი სრულად იდენტურნი არ არიან. კ. გაზომვაზე უფრო ფართოა. კვანტიფიცირების პრობლემა ყოველთვის უკავშირდება საგანთა რაოდენობას. რამდენადაც რაოდენობა ყოველთვის გაზომვადია და რიცხვითი მნიშვნელობებით გამოისახება, ამდენად, კ-ის ცნებას ხმარობენ გაზომვის სიზუსტისა და რიცხვების რაციონალური გამოყენების ასპექტით (ანუ ალგებრული აზრით).
კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები - სოციოლოგიური გამოკვლევის ორი ტიპი. ის, რაც თითოეული კვლევის ტექნიკას ერთმანეთისაგან განასხვავებს, შემდეგში მდგომარეობს: ა) კ.თ.მ-ების დანიშნულებაა, განსაზღვროს, „რა საგნები არსებობს, ვიდრე ის, თუ რამდენი ასეთი საგანი არსებობს“. სხვანაირად თუ ვიტყვით, თვისებრივი კვლევა გამოყოფს კვლევის საგანს და არ ეხება საგნის რაოდენობრივ განზომილებას, ანუ საგანთან მიმართებაში მეტნაკლებობის მიმართებების დადგენას, რაც რაოდენობრივი კვლევების ფუნქციაა; ბ) თვისებრივი ტექნიკა არ არის დაკავშირებული საკვლევი ობიექტის გაზომვასთან, ანუ არ ადგენს ობიექტის რაოდენობრივ პარამეტრებს სხვადასხვა სკალის მეშვეობით. შესაბამისად, კ.თ.მ. ნაკლებად სტრუქტურირებული და ფორმალიზებულია; გ) კ.თ.მ. მოითხოვს ინდივიდთა (ინტერვიუერთა, რესპონდენტთა და სხვ.) შეზღუდულ რაოდენობას, თუმცა იღებს უფრო ფართო მოცულობის მდიდარ მონაცემებს. ამისგან განსხვავებით, რაოდენობრივი ტექნიკა საჭიროებს, ჯერ ერთი, ადამიანური რესურსების გაცილებით მეტ რაოდენობას, მეორეც, იგი იღებს სტანდარტიზებულ მონაცემებს და არ ითვალისწინებს სხვადასხვა არასტანდარტულ სპეციფიკას, ანდა, ერთი სტანდარტის შიგნით განსხვავებულ ელფერს ქმნის; დ) თვისებრივი კვლევის ფუნქციაა ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მაშინ როდესაც რაოდენობრივი კვლევა მიმართულია ჰიპოთეზების შემოწმებისკენ; ე) თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიზი უფრო მეტად შემოქმედებითი და პიროვნულია, მაშინ როდესაც რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი სტანდარტიზებულ და ფორმალიზებულ ხასიათს უნდა ატარებდეს. არსებობს თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის ოთხი ძირითადი მეთოდი: 1. ჩაღრმავებული ინტერვიუ; 2. ჯგუფური ინტერვიუ (ფოკუსჯგუფების კვლევა); 3. ჩართული დაკვირვება; 4. პროექციული ტექნიკა. რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას, იგი ძირითადად შემდეგ მეთოდებს გამოიყენებს: 1. სტრუქტურიზებული ინტერვიუ; 2. ანკეტირება; 3. კონტენტ-ანალიზი.
კვლევის რაოდენობრივი მეთოდები - იხ. კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები.
კითხვა - სოციოლოგიურ გამოკითხვაში თავისებური კვლევითი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პირველადი ემპირიული მონაცემების შესაგროვებლად და გასაზომვად. იგი არის რესპონდენტისადმი (რესპონდენტთა გარკვეული ერთობლიობისადმი) შეკითხვით მიმართვა მისი შეხედულებების, განწყობების, აზრების, ქცევის მოტივების, ცოდნის, გარკვეული ფაქტების გამოვლენის, კვლევის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელი ინფორმაციის (პასუხების - მსჯელობების სახით) მიღების მიზნით. კ. სოციოლოგიური ჰიპოტეზების ემპირიული ინტერპრეტაციის შედეგია. ის აგრეთვე ანალიზის კატეგორიების ოპერაციონალური გამოხატულებაა, ფიქსირების ხერხია. კ-ის ლოგიკურ სტრუქტურას განსაზღვრავს მასში არსებული საწყისი, ბაზისური ინფრომაცია, მოცემული მოკლე ფორმით, და მისი ახალი ინფორმაციით შევსების აუცილებლობა. კ-ების შინაარსი წარმოადგენს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე და ცვლადებს შორის კავშირის დადგენას ემსახურება.
კ-ს სამი ურთიერთდაკავშირებული ფუნქცია აქვს: ინდიკატორული, ინსტრუმენტული და კომუნიკაციური. ამ ფუნქციების რეალიზაცია კ-ის კონსტრუირებისა და გამოყენების სხვადასხვა ლოგიკური და მეთოდური მოთხოვნის შესრულებაზეა დამოკიდებული.
არსებობს რამდენიმე ტიპისა და სახის კ. კ-ების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით:
I. კ-ების ტიპები შინაარსის მიხედვით: 1) კ-ები ფაქტების, მოქმედებების, აგრეთვე საქმიანობის შედეგების შესახებ, 2) კ-ები ინდივიდის ქცევის მოტივების, შეფასებების, მრწამსის, განწყობებისა და აზრების შესახებ. ზოგი სოციოლოგი ცალკე გამოყოფს კ-ებს ცოდნის შესახებ. თვლიან, რომ კითხვარში შეკითხვას შეიძლება ჰქონდეს ოთხი შინაარსი: ქცევა, რწმენა, განწყობა და ატრიბუტი (დილმენი, 1978). II. კ-ები ფორმის მიხედვით: 1) ღია, დახურული და ნახევრად დახურული, 2) პირდაპირი და ირიბი. დახურული კ. რამდენიმე სახისაა: ა) დიქოტომიური - დიახ - არა, ბ) ალტერნატიული და გ) კ-ები-მენიუ. ალტერნატიული კ-ების ნაირსახეობებია თვისებრივი და რაოდენობრივი ხასიათის კ-ები, აგრეთვე კ.-დიალოგი. III. კ-ები ფუნქციების მიხედვით: 1) კითხვები - ფილტრები, 2) საკონტაქტო ანუ შესავალი კ-ები, 3) მისახვედრი კ-ები, 4) ნეიტრალური კ-ები, 5) ბუფერული კ-ები, 6) პროექციული კ-ები.
არსებობს აგრეთვე ზოგადი და კონკრეტული კ-ები, წინასწარ მომზადებული და ინტერვიუს მსვლელობის დროს მოფიქრებული კ-ები, პიროვნული და უპიროვნო (არაპიროვნული) კ-ები, ძირითადი და არაძირითადი კ-ები.
კ-ის ტიპის არჩევა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მის შემეცნებით ამოცანაზე (ე.ი. იმ ინფომაციის შინაარსზე, რომლის მიღებაც სურს მკვლევარს), მეორე მხრივ კი - მკვლევრის მიერ ფორმულირებულ კ-ზე შესაბამისი პასუხების ყველა შესაძლებელი ვარიანტის გათვალისწინებაზე (ცოდნა-არცოდნაზე), აგრეთვე კვლევის თემის ხასიათსა და გამოკვლევის ჩატარების საშუალებებზე.
ყველაზე ფართოდ გამოიყენება დახურული კ-ები, კ. დახურულია, თუ რესპონდენტს სთავაზობენ შესაბამისი პასუხების ვარიანტებს და მას შეუძლია აირჩიოს მისი შეხედულების შესაბამისი ერთი ან რამდენიმე ვარიანტი. კ. ღიაა, თუ არ არის მოცემული შესაძლებელი პასუხების ვარიანტები და რესპონდენტს შეუძლია გამოთქვას თავისი შეხედულება.
როდესაც რესპონდენტს თავისი შეხედულების გამოსახატავად არ სთავაზობენ პასუხის ყველა შესაძლებელ ვარიანტს, მიზანშეწონილია ნახევრად დახურული (ნახევრად ღია) კ., რომელიც საშუალებას აძლევს რესპონდენტს უარი თქვას შემოთავაზებული ვარიანტების არჩევაზე და თავად უპასუხოს, გამოთქვას თავისი აზრი. გამოიყენება, აგრეთვე, ტერმინები: არასტრუქტურული, სტრუქტურული და ნახევრად სტრუქტურული კითხვები.
კითხვარი - სოციალური ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტი. ის ერთმანეთთან აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების (ან კითხვებისა და პასუხების) ნაკრებია. თითოეული კითხვა (ან კითხვა და პასუხები) სოციოლოგიური გამოკითხვის (ინტერვიუირების ან ანკეტირების) პროგრამული და პროცედურული ამოცანებითაა განპირობებული. ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს რესპონდენტი, რომლის პასუხების რეგისტრაცია კ-ის მეშვეობით ხდება. კ-ს ავსებს ინტერვიუერი (ინტერვიუს დროს), რომელიც გამოკითხვას ატარებს, ან რესპონდენტი (ანკეტირების დროს).
კ-ის საშუალებით მიიღება ინფორმაცია ინდივიდების, ჯგუფების ზოგადი მახასიათებლების (საქმიანობის, შემოსავლისა და ა.შ.), შეხედულებების, აზრების, განწყობების, ღირებულებების, აგრეთვე სოციალური ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ. ზოგჯერ კ. თეორიების შესამოწმებლად გამოიყენება.
კ-ზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოკითხვის ხარისხი და შედეგები. არსებობს კ-ის რამდენიმე სახე: ანკეტა, გამოსაკითხი ფურცელი, გამოსაკითხი ბარათი და სხვ. კითხვების ტიპების მიხედვით განასხვავებენ სტანდარტიზებულ (ფორმალიზებულ) და არასტანდარტიზებულ (არაფორმალიზებულ) კ-ებს. ფორმალიზებული კ-ის (ანკეტის) სტრუქტურული ერთეულია კითხვა ან კითხვათა ბლოკი, ხოლო არაფორმალიზებული ინტერვიუს სტრუქტურულ ერთეულს თემა წარმოადგენს. კ-ის შედგენის პროცესი გამოკვლევის ძირითადი ჰიპოთეზების კითხვების ენაზე გადაყვანის პროცედურაა.
ვალიდური ინფორმაციის მიღების მიზნით, კ-ის შედგენის დროს საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. კ-ში ფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე არსებითი კითხვები, რომლებზეც პასუხები საჭირო ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს. ყველა კითხვას მეტ-ნაკლებად პირდაპირი და უშუალო დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საკვლევ პრობლემასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს კ-ში კითხვათა თანმიმდევრობას. კითხვები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ აზრობრივად და ლოგიკურად ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს და რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს რესპონდენტის შემდგომ პასუხებზე. კ-ში მოცემული კითხვები უნდა იყოს ფორმურილებული ნათლად, ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი რესპონდენტისათვის გასაგებ ენაზე, რომ რესპოდენტებმა შეძლონ პასუხების გაცემა (ან ისეთი პასუხების არჩევა, რომლებიც მათ შეხედულებებს შეესაბამება). იქ, სადაც თემა შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი, უპირატესობა ღია (არაფორმალიზებულ) კითხვებს ენიჭება, რადგან შესაძლებელია, რომ მკვლევარმა წინასწარ ვერ გაითვალისწინოს შესაძლებელი პასუხების ყველა ვარიანტი. კ-ში კითხვების ტიპების არჩევა დამოკიდებულია საკვლევი თემის ხასიათსა და გამოკვლევის ჩატარების საშუალებებზე.
კ-ების შევსების შემდეგ ხდება კითხვებზე გაცემული პასუხების კოდირება კომპიუტერული ანალიზისთვის, რაც აადვილებს კვლევის თეორიულ ინტერპრეტაციას.
კლანი - ცენტრალიზებული სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ლოიალობას და არა იძულების ინსტიტუტს. ამერიკელი ევოლუციონისტ-ანთროპოლოგები კ-ს განიხილავენ ტომიდან აღმოცენებული სახელმწიფოს წინამორბედად. ახასიათებს საკუთრების გადანაწილებაზე დამყარებული სოციალური სტრატიფიკაციისა და ეკონომიკური სისტემის მოდელები. კ., ჩვეულებრივ, სისხლით ნათესავთა ჯგუფია, დედით ან მამით ერთი წარმომავლობის მქონე, საერთო წინაპრის სახელის მატარებელი, როგორც წესი, ეგზოგამიური, წევრები დაკავშირებული არიან სამეურნეო და საზოგადოებრივი ძაფებით. კ-ს სხვადასხვაგვარი რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციები აქვს.
კლასი - მაკროჯგუფი საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციაში, რომელიც აერთიანებს მსგავსი მატერიალური რესურსების, სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს. ამ ცნების დამკვიდრება მეცნიერებაში დაკავშირებულია კარლ მარქსის სახელთან. მარქსისტული მიმდინარეობის წარმომადგენლებისათვის კ-ის მაკონსტრუირებულ კრიტერიუმებად ადამიანის წარმოების საშუალებებისადმი დამოკიდებულება და ამით განპირობებული მისი როლი და საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებაში მისი წილი მიიჩნევა. თანამედროვე სოციოლოგიაში ამ ორიენტაციის სოციოლოგები კ-ისადმი კუთვნილების განმსაზღვრელ კრიტერიუმად ასევე იყენებენ ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლი. მ. ვებერი და მისი მიმდევრები საზოგადოების კლასობრივი სტრატიფიკაციისას ყურადღებას ამახვილებენ განათლებაზე, კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, სოციალურ სტატუსსა და პრესტიჟზე, პროფესიაზე, შემოსავლების დონეზე, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ეს უკანასკნელნი, მათი აზრით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალური ჯგუფების მიერ როგორც სოციალური ბარიერები სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, ასევე რესურსების კონტროლზე მონოპოლიის მისაღწევად. (იხ. აგრ. პოლიტიკური კლასი).
კლასობრივი ბრძოლა - კონფლიქტი ეკონომიკურ ჯგუფებს შორის, რომელთა ინტერესებიც განსხვავებულია. მარქსისტების აზრით, კ.ბ. არის გამოხატულება იმ ანტაგონიზმისა, რომელიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, კლასობრივი ექსპლუატაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობის არათანაბარი განვითარების შედეგად. ისინი განიხილავენ კ. ბ-ს როგორც სოციალური დინამიკის განმსაზღვრელ ფაქტორს. კლასებს შორის ბრძოლა ვლინდება სხვადასხვა დონეზე - ყოველდღიური ეკონომიკური კონფლიქტებიდან და პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირებიდან დაწყებული, მღელვარე რევოლუციებითა და სოციალური რყევებით დამთავრებული.
კლასობრივი ინტერესები და ცნობიერება - ეს ტერმინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი სოციალური მდგომარეობის მქონე ინდივიდთა მაკროჯგუფები შესაძლებელია ატარებდნენ იდენტურ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ინტერესებს. მარქსისტების აზრით, ადამიანის კლასობრივი პოზიცია, ანუ მისი ადგილი საზოგადოებრივი წარმოების ისტორიულად განსაზღვრულ სისტემაში გარკვეულ ობიექტურ, სუბიექტის ნებელობისაგან დამოუკიდებელ, მოთხოვნებს უყენებს მას. თუმცა ეს უკანასკნელი მან შეიძლება გაიცნობიეროს ან - არა. ადამიანებში კ. ც-ის გაჩენას განაპირობებს ის, რომ იდენტური ინტერესები და გარემოებები აიძულებენ ერთნაირი სოციალური მდგომარეობის მქონე ინდივიდებს ერთობლივად იბრძოლონ ამ ინტერესთა განხორციელებისათვის. ამ პირობებში ისინი თავს აცნობიერებენ ერთი მთლიანობის - სოციალური კლასის წევრად. ანუ „კლასი თავისთავად“ (ერთნაირი სოციალური პოზიციის მქონე ინდივიდთა ერთობლიობა) თავს აცნობიერებს როგორც კლასი, როგორც იდენტური ინტერესების მატარებელი ერთობა, ქმნის შესაბამის ღირებულებათა და შეხედულებათა სისტემას, ახდენს თავისი თავის ორგანიზებას პოლიტიკური პარტიების ფორმით და იწყებს კლასობრივი ინტერესებისათვის გააზრებულ ბრძოლას, რითაც ის იქცევა „კლასად თავისთვის“.
კლასობრივი სტრუქტურა - საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის ერთ-ერთი მოდელი, რომლის ძირითადი კომპონენტებიც კლასები, სოციალური ფენები და პროფესიული ჯგუფებია. საზოგადოების დანაწილება აღნიშნულ ჯგუფებად ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, როგორებიცაა დამოკიდებულება წარმოების საშუალებებისადმი, ადგილი და როლი წარმოების პროცესში, განათლებისა და შემოსავლების დონე, პროფესია, სოციალური სტატუსი და სხვა. საზოგადოების ტრადიციული კ.ს. წარმოდგენილია როგორც იერარქიული სისტემა, რომელშიც ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს უკავია ყველაზე დაბალი მდგომარეობა. პოსტმოდერნისტული საზოგადოების თეორეტიკოსთა აზრით, თანამედროვე სოციალური სტრუქტურა სხვა კონფიგურაციისაა. მასში ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს შუალედური პოზიცია უკავია. მათი აზრით, თანამედროვე საზოგადოება კლასობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. თუ ტრადიციული სოციოლოგია ორ ძირითად კლასს აღიარებდა და დანარჩენები ან დაიყვანებოდა მათზე, ან მიიჩნეოდა არაძირითად კლასებად (კლასებად, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წარმოების გაბატონებულ წესთან), თანამედროვე სოციოლოგია საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შვიდკლასიან მოდელსაც კი გვთავაზობს.
კლასტერული ანალიზი - მეთოდიკა ობიექტთა ან ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ერთობლიობაში შეფარდებითი განსხვავება აჩვენოს. მაგ., ბაზრის კვლევის დროს კ.ა. გამოიყენება იმ ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელთაც სხვაგვარი მარკეტინგული მიდგომები აქვთ. ყველაზე გავრცელებულია იერარქიული კლასტერირების მეთოდი. „აგლომერაციულ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ქვევიდან) პროცესი მრავალი კლასტერით იწყება. ისეთი მათემატიკური კრიტერიუმის გზით, როგორც ევკლიდეს მანძილია, ობიექტები ან ადამიანები თანმიმდევრობით ერთიანდებიან კლასტერებში. „ანალიტიკურ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ზევიდან) ერთი კლასტერი მოქმედებს, რომელიც ყველა შემთხვევას შეიცავს. შემდეგ ხდება მისი დაყოფა უფრო მცირე კლასტერებად.
კ.ა-ისას მრავალი პრაქტიკული პრობლემა ჩნდება. განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ცვალებადის არჩევას, მანძილისა და კრიტერიუმების ზომებს კლასტერებში სხვადასხვა შემთხვევის გაერთიანებისათვის. შესაძლებელია ყალბი კლასტერის მიღებაც. უმჯობესია რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება.
კლაუზევიცის დოქტრინა - დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ომის წარმართვას პოლიტიკისა და საზოგადოების მოთხოვნილებები უნდა განაპირობებდეს. კ. დ-ის გამოხატულებად ითვლება ფრაზა: „ომი არის პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება“, რაც გულისხმობს, რომ ომი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. კ. დ-იდან გამომდინარეობს ე.წ. „სამსახოვანი ომი“, რომელშიც ჩართულია ხალხი, არმია და მთავრობა. ხალხი ომის თანმდევ ძალადობას, ზიზღსა და მტრობას უკავშირდება; არმია - ომის ალბათობასა და იღბალს; ხოლო მთავრობა ძალადობის კონტროლსა და ომის პოლიტიკური მიზნებისათვის დაქვემდებარებასთანაა წილნაყარი. კლაუზევიცის დიდ დამსახურებად „ტოტალური“ და „შეზღუდული“ ომის ერთმანეთისაგან გამიჯვნა მიიჩნევა. კ. დ. „სამსახოვანი ომის“ თაობაზე ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ ნაკლებად დამაჯერებელი გახდა, რადგან ბირთვული ომი თავისი ბუნებით ტოტალური ომია, რომელშიც პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები ვერანაირ როლს ვეღარ ასრულებს (იხ. აგრ. ესკალაცია).
კლერიკალიზმი - პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ცდილობს რელიგიის და ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. თანამედროვე დასავლურ დემოკრატიებში, სადაც განხორციელებულია სახელმწიფოსაგან რელიგიის გამოყოფა, დღეს კ. წმინდა სახით აღარ არსებობს. თუმცა იგი სხვადასხვა სახით იჩენს თავს არა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების, არამედ ქალთა, ახალგაზრდული კავშირებისა და კონფენსიური პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობაშიც.
კლიენტელიზმი - კლასიკური განსაზღვრით, სოციალურ და პოლიტიკურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ემყარება არასიმეტრიული ურთიერთობის ფორმის მქონე ორმხრივი გაცვლის მექანიზმს პატრონსა და კლიენტს შორის. ეს მოვლენა ინსტიტუციონალიზაციას მოკლებული ან სუსტად ინსტიტუციონალიზებული საზოგადოებიდან იღებს სათავეს და, აქედან გამომდინარე, უპირისპირდება თვით ინსტიტუციონალიზმის არსს. კლასიკური სახით კ. ძველ რომში გვხვდება, თვით ტერმინიც პირველად აქ იხსენიება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძველი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის საზოგადოებრივი ურთიერთობების ამგვარი ფორმა უცხო იყო. ქალაქ-რესპუბლიკური (დემოკრატიული) სისტემის კრიზისმა რომის რესპუბლიკის არსებობის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი იმპერიის ეპოქაში, რომში მოქალაქეობის უფლების მქონე ლუმპენიზებული თუ დეკლასირებული ელემენტებისაგან შემდგარი სოციალური ფენა შექმნა. ამ ადამიანებს საარჩევნო ხმის გარდა არაფერი ებადათ და, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი არსებობის ერთადერთ წყაროდ გაიხადეს. რომაულმა არისტოკრატიამ კარგად ისარგებლა ამ სიტუაციით. დაიწყო მოქალაქე-ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის პროცესი. მიზერული კომპენსაციის (ყოველდღიური სადილები, იაფფასიანი საჩუქრები) სანაცვლოდ არისტოკრატიამ მიიღო საარჩევნო ხმების გარანტირებული მინიმუმი სახელმწიფოს არჩევითი თანამდებობების დასაკავებლად. ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ კ. მხოლოდ ეკონომიკურ საფუძველს ემყარებოდა. პოლიტიკური ანარქია და არასტაბილური სიტუაცია აიძულებდა სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებს, ეძებნათ ძლიერი მფარველი. ამრიგად, იქმნებოდა ორმხრივი დაინტერესება. პოტენციური კლიენტი ეძებდა დამცველს, ხოლო პოტენციური პატრონი - კლიენტთა მასას, რომელიც საჭოროების შემთხვევაში თანადგომას გაუწევდა მას თავისი მიზნების განხორციელებისას. საერთოდ, კ-ის დევიზად შეიძლება აღებულ იქნეს ურთიერთდამოკიდებულება და სოლიდარობა. ეს პრინციპი კარგად გამოხატავს ორმხრივი ვალდებულებების სისტემას. ფეოდალიზმმა პატრონ-კლიენტური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება მოახდინა. ფეოდალური ვასალიტეტი სწორედ კ-ის ძირითად პრინციპს ეფუძნებოდა. ევროპის ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა და კონსტიტუციური სახელმწიფოების წარმოშობამ დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღნიშნულ ურთიერთობათა გავლენის შემცირების საქმეში. თანამედროვე, ინსტიტუციონალიზებული, სამართლებრივი სახელმწიფო თავის თავზე იღებს მოქალაქეთათვის იმ მფარველობით ფუნქციებს, რომლებიც კლიენტერულ ურთიერთობათა პირობებში პატრონებს ეკისრებოდათ.
კოალიცია (პოლიტიკური) - ერთობლივი მოქმედებების გატარების მიზნით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ან მოძრაობის გაერთიანება. ასეთი გაერთიანება შეიძლება მოხდეს, მაგალითად, არჩევნების დროს, უფრო ხშირად კი მათი წარმომადგენლებისაგან ყალიბდება კოალიციური მთავრობა.
კოალიცია - საერთაშორისო ურთიერთობებში ალიანსის სახესხვაობაა, რომლის შექმნის ხელშეკრულებას ოთხი ან მეტი სახელმწიფო აწერს ხელს. კ-ები დიდი კრიზისების პერიოდში იქმნება და, როგორც წესი, კრიზისის დასრულებისთანავე იშლება (იხ. აგრ. ალიანსი).
კოგნიტური სოციოლოგია - სიკურელის ამავე სახელწოდების ნაშრომში (1973) გამოყენებული ტერმინი, რომელიც მოიაზრებს ეთნომეთოდოლოგიის გაერთიანებას ნეოპოზიტივისტურ კოგნიტივისტურ მეცნიერებებთან, მათ შორის, კოგნიტურ ანთროპოლოგიასა და სოციოლინგვისტიკასთან. სოციოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ კ.ს. სათავეს იღებს მეცნიერების მერტონისეული პარადიგმის, მეცნიერების პოსტპოზიტივისტური მეთოდოლოგიისა და, უპირველეს ყოვლისა, კუნის ნაშრომის - „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურის“ გავლენითი ჩამოყალიბებული პოზიციის კრიტიკიდან, რომელშიც მეცნიერება განიხილება მეცნიერული საზოგადოების მიერ მიღებულ პარადიგმად. სწორედ ამ საფუძველზე ჩამოყალიბდა ნორმატიულისაგან განსხვავებული მეცნიერების კ.ს., რომელიც მეცნიერების კოგნიტურ ასპექტს განიხილავს როგორც სოციალურზე პირდაპირ დამოკიდებულს. კ.ს. მეცნიერებას სოციალური პირობების, ურთიერთობების, ინტერესების პროდუქტად მიიჩნევს. ტერმინით „კოგნიტივისტური მეცნიერება“ ერთიანობაში აღინიშნება მრავალგვარ სამეცნიერო დისციპლინათა ბოლოდროინდელი მიღწევები, რომელიც მოჰყვა კომპიუტერულ განვითარებას და ტვინის გაგება-გააზრებას ინფორმაციის გადამმუშავებელ სისტემად, აგრეთვე, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიერ აღმოჩენილ მნიშვნელოვან სიახლეებს ადამიანის კოგნიტური აქტივობის სფეროში. ამ ზოგადი ტერმინით მოიაზრება ადამიანური გონების შემსწავლელ მრავალგვარ, ადრე სულაც შეუსაბამო მიდგომათა ერთიანობა - კოგნიტური ფსიქოლოგია, გნოსეოლოგია, კულტურის მეცნიერებები, კოგნიტური ანთროპოლოგია (მრავალგვარი ნაირსახეობით: სოციალურ, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და ა.შ.), ლინგვისტიკა და სოციოლინგვისტიკა, ხელოვნური ინტელექტის თეორიები, მათემატიკა, ნეიროფსიქოლოგია, ეპისტემოლოგია და სხვ.
კოეფიციენტი - პირდაპირი მნიშვნელობით - ერთად წარმოქმნილი (შექმნილი). 1. რიცხვითი ან ასოითი მამრავლი ალგებრული გამოსახულებაში; 2. ფიზიკაში - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური სხეულის რაიმე თვისებას, მაგალითად, ხახუნის კ-ს. 3.სტატისტიკაში - მნიშვნელობა, რომელიც უჩვენებს ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის ხარისხს. ეს მნიშვნელობა ყველაზე ხშირად ვლინდება შედგენილ ფორმებში, მაგალითად, კორელაციის კ-ში.
სოციალური მეცნიერებები მიმართავენ - ავადობის, ბავშვთა სიკვდილიანობის, ინტელექტის, გაყრების, დაბადებისა და სხვა მრავალგვარი კორელაციის კ-ს (იხ. კორელაცია).
კ. (ძალაუფლების) საარჩევნო ბლოკის გავლენის შეფასების საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ეს ბლოკი დაიკავებს დამოუკიდებელ პოზიციას და მისი გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდება ამა თუ იმ პროექტის გამარჯვების ან დამარცხებისას. ძალაუფლების კ. ოფიციალურად შემოთავაზებულ იქნა ლაიონელ პერნოუზის მიერ 1946 წელს, თუმცა მსგავსი იდეა ჯერ კიდევ 1787 წელს ანტიფედერალისტმა მარტინ ლუთერმა გამოთქვა. ყველაზე უფრო ცნობილია შეპლი-შუბიკის კ. სამწუხაროდ, სხვადასხვა კ. ერთი და იმავე სიტუაციის სხვადასხვა შეფასებებს იძლევა. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთ კ-ებს საერთოდ არა აქვს აზრი. მიუხედავად ამისა, ამ იდეის მომხრეები ცდილობენ გამოიმუშაონ რაღაც საერთო კრიტერიუმი, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
კოლაბორაციონიზმი - თანამშრომლობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ტერმინმა ნეგატიური მნიშვნელობა შეიძინა მეორე მსოფლიო ომის დროს და მომდევნო წლებში. საფრანგეთში კ-ისტებს უწოდებენ იმ პირებს, რომლებიც ევროპაში ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1939-1945 წლებში თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან.
კოლონია - ეს ლათინური ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა რომის იმპერიიდან გამოსულთა მიერ დაარსებულ იმპერიის გარეთა დასხელებას. განსახლების ამგვარი პრაქტიკა რომაელთა მოგონილი არ არის. რომაელებამდე მსგავს დასახელებებს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ქმნიდნენ, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ბერძნულ და რომაულ კ-ებს შორის, რასაც პირველად ადამ სმიტმა მიაქცია ყუადღება. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს კ. პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც რომაულ კ-ებზე რომის იურისდიქცია და, შესაბამისად, რომის სამართალი ვრცელდებოდა. ევროპელებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კ-ების დაარსება კულტივაციისათვის ვარგისი მიწების ძიების (იტალიელებმა) ან საქონლის გასაღების ახალი ბაზრების, ისევე როგორც, იაფი ნედლეულის წყაროების მოპოვების (ბრიტანელებმა, პორტუგალიელებმა და ჰოლანდიელებმა) სურვილით დაიწყეს. კ-ების დაარსების სხვა წყაროები იყო ქრისტიანული პროზელიტიზმი და სამხედრო ავანტიურიზმი. სწორედ ამგვარი მოტივები ედო საფუძვლად, მაგ., ესპანეთის კოლონიალურ იმპერიას სამხრეთ ამერიკაში, რომელიც შეიქმნა „ოქროს, ღმერთისა და დიდებისათვის“.
კოლექტივიზმი - ტერმინი შეესატყვისება ნებისმიერ დოქტრინას, რომელიც ამტკიცებს საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტს კერძო ინტერესებზე. ამ აზრით, კ. უკავშირდება ყველა მოქალაქის თანასწორობის იდეას. კონკრეტულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მიმართებით ტერმინი გამოიყენება „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ კონტექსტში, რომლითაც ახასიათებენ ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამუშაო პრინციპს. ამ პრინციპის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება არა ცალკეული მინისტრების, არამედ მინისტრთა მთელი კაბინეტის მიერ.
კოლექტიური მოქმედება - 1. ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მოქმედების ტიპი, რომელიც ორიენტირებულია საერთო მიზნების მიღწევაზე. 2. კოლექტიური ქცევა. ადამიანთა ქცევა ან მომქმედება ჯგუფში ან ბრბოში, სადაც სხვა ადამიანთა ფიზიკური სიახლოვე და ზემოქმედება ქმნის სტანდარტებისაგან გადახრის ტენდენციას არაორდინალური ვითარების გამო; კოლექტიური ქცევა, ძირითადად, არის ობიექტურად და უეცრად წარმოქმნილ, კრიტიკულ სიტუაციებზე ადამიანთა მასობრივი, სპონტანური რეაქციები. კოლექტიური ქცევის გარემოს ახასიათებს ინდივიდუალური ნების დაკარგვა და ჯგუფური ფსიქოლოგია, ამიტომ ასეთი მოქმედება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ფეთქებადი და არაპროგნოზირებადია. პანიკა არის კოლექტიური ქცევის კლასიკური ტიპი. სტიქიური უბედურებების ვითარებების გარდა კოლექტიური ქცევა ახასიათებს ომებს, რევოლუციებს. ადრეულ სოციოლოგიურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ (გ. ლებონი), აგრეთვე ზოგ თანამედროვე თეორიაში (სმელზერი) ამგვარი ქცევის სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგ.: მასობრივი მიტინგები, ბუნტი, აჯანყება, განიხილება ნორმალური სოციალური წესრიგის მიმართ მუქარად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ მოძრაობასა და სოციალურ ცვლილებებში.
კოლექტიური პასუხისმგებლობა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის მუშაობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანის საკითხის შესახებ მიიღება არა ცალკეული მინისტრების, არამედ მინისტრთა კაბინეტის მიერ, რომლის გადაწყვეტილებასაც აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობის ყველა წევრმა. ამ პრინციპის დაცვას დიდი ბრიტანეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მის შეუსრულებლობას საჯარო გამოსვლებისა და პარლამენტში კენჭისყრის დროს, როგორც წესი, შესაბამისი მინისტის გადადგომა მოჰყვება. კ.პ-ის პრინციპი აუცილებელია სტაბილური მართვისათვის. მას მკაცრად იცავს ჩრდილოვანი კაბინეტიც, რომელსაც სურს ხელისუფლების ღირსეულ მემკვიდრედ გამოიყურებოდეს. ამ პრინციპის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იგი აფერხებს თავისუფალ დისკუსიას და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას ლეგიტიმურობის ელფერს ანიჭებს, სინამდვილეში კი უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. გამონაკლისს წარმოადგენს კაბინეტის რომელიმე წევრის მიერ კანონპროექტის შეტანის შემთხვევა, როდესაც მთავრობაში განსხვავებული აზრია რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის შესახებ, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, 1974-75წწ. მთავრობის წევრებს მიეცათ უფლება, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი ევროპულ თანამეგობრობაში (ევროკავშირში) დიდი ბრიტანეთის შესვლის თაობაზე.
კოლექტიური უსაფრთხოება - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უნივერსალური სისტემის მოდელი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თვისებრივ შეცვლას ითვალისწინებს. კ.უ-ის დოქტრინის მიხედვით, უსაფრთხოების დილემის გადალახვა და ომის თავიდან აცილება სახელმწიფოებს არა ძალთა წონასწორობის, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების ერთობლიობის შექმნით ძალუძთ. ამ ინსტიტუტების მეშვეობით სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთობლივ ქმედებებს მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც სხვების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან. კ.უ-ის არსი გამოიხატება დევიზით „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“. კ.უ-ის დოქტრინის საფუძველზე XX ს-ის პირველ ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტ უილსონის ინიციატივით შეიქმნა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია - ერთა ლიგა, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება ვერ შეძლო და თავიდან ვერ აირიდა მეორე მსოფლიო ომი. ერთა ლიგის შექმნის მიზანი იყო კოლექტიური, მუდმივი და უნივერსალური ღონისძიებებით აგრესორი ქვეყნების დასჯა, რაც აგრესორის დაშინებასა და წესრიგის აღდგენას ითვალისწინებდა. მანჯურიისა (1931) და აბისინის (1935) კრიზისებმა ერთა ლიგის ავტორიტეტი საფუძვლიანად შეარყია. კ.უ-ის სისტემის შექმნის მეორე მცდელობა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბება (გაეროს) 1945 წელს. მაგრამ რიგი მიზეზების გამო (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის ვეტოს უფლების მინიჭების მიზეზით) კ.უ-ის სისტემის შექმნა ვერ მოხერხდა. დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსების კამათის საგანია ის, თუ რა გახდა კ.უ-ის სისტემის შექმნის განუხორციელებლობის მიზეზი - იდეის თეორიული ნაკლოვანებები თუ კონკრეტული ისტორიული მცდელობების ხარვეზები.
კოლექტიური ცნობიერება - დიურკემის თანახმად, საზოგადოების სულიერი ერთობა, რომელიც არ არის ინდივიდუალური ცნობიერებათა უბრალო ჯამი; კ.ც. არსებობს ინდივიდუუმებისაგან დამოუკიდებლად; სოციალური ფაქტების (ადათები, მორალი, სამართალი, ტრადიციები, ცოდნა და ა.შ.) სახით უძლიერეს გავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე. კ.ც. ქმნის მაიძულებელ მორალურ-საზოგადოებრივ გარემოს ქცევისა და აზროვნების ამ საზოგადოებაში გავრცელებული წესების მისაღებად. კ.ც-ის ფორმებია კოლექტიური წარმოდგენები, კოლექტიური გრძნობები. ისინი ყალიბდება ინდივიდებისათვის საერთო გრძნობების, რწმენებისა და ღირებულებების საფუძველზე და ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური წესრიგის საფუძველია.
კოლექტიური ხელმძღვანელობა - ტერმინი გამოიყენებოდა საბჭოთა პარტიული იერარქიული სისტემის მიმართ მორიგი ლიდერის, გენერალური მდივნის გარდაცვალების ან გადაყენების შემდეგ. ასე მოხდა ლენინის (1924), სტალინის (1953) გარდაცვალებისა და ხრუშჩოვის გენერალური მდივნის პოსტიდან გადაყენების შემდეგ 1964 წელს. რეალურად კ.ხ-ის პრინციპი კომუნისტურ პარტიაში, რომელიც თავისი იერარქიული ორგანიზაციით გასამხედროებულ ორგანიზაციას უფრო ჩამოჰგავდა, არასდროს განხორციელებულა.
კოლონიალიზმი - იმპერიალიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს უცხო მიწაზე დასახლებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ტერიტორიის დამორჩილებას. დამოკიდებულება „დედა-სახელმწიფოსა“. (მეტროპოლიას) და კოლონიას შორის, როგორც წესი, ექსპლუატატორულია. ადრეულ ეპოქაში (მაგ., ძველი ბერძნების მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ან ნაწილობრივ ინგლისელების მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციისას) მიგრაცია ხდებოდა პოლიტიკურად „ცარიელ“ ადგილზე და ამდენად არ განიხილებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრისა და დამონების ფორმა. შემდგომში კ. უცხო ტერიტორიების დაპყრობისა და ექსპლუატაციის სინონიმად იქცა. კ-ის ძირითადი თავისებურებებია უცხოელი უმცირესობის პოლიტიკური და იურიდიული დომინირება, ეკონომიკური პრივილეგიები და მათსა და ადგილობრივი მოსახლეობას შორის რასობრივ-კულტურული განსხვავება. წმინდა იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, რომლიც არ გამორიცხავს სრულ ანექსიასა და ასიმილაციას, კ. გულისხმობს კოლონიის მეტროპოლიისგან მეტ-ნაკლებად განცალკევებით არსებობას, რაც აუცილებელია მისი, როგორც მსახურის როლის შესასრულებლად ისტორიულად კ. ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, აზიის რამდენიმე და აფრიკის ორი (ეთიოპია და ლიბერია) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს ევროპის ქვეყნების კოლონია იყო. მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის და ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის იდეების ფართოდ გავრცელების შედეგად, აგრეთვე ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საყოველთაო აღიარების გამო 120-ზე მეტმა ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კ,. როგორც სისტემა აღარ არსებობს.
კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია - ერთ-ერთი ძირითადი თეორია საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში. ამ თეორიის ავტორები არიან ამერიკელი მეცნიერები რ.ქიოჰანი და ჯ.ნეი, რომლებმაც 1977 წელს გამოცემულ წიგნში „ძალა და ურთიერთდამოკიდებულება“ ჩამოაყალიბებს მისი ძირითადი პრინციპები. ეს თეორია პრინციპულად ეწინააღმდეგება პოლიტიკური რეალიზმის თეორიას და გვთავაზობს შემდეგ დებულებებს: თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილის როლი განუხრელად მცირდება; სახელმწიფო არ არის არც უნიტარული (ერთგვაროვანი) ერთეული და არც ძირითადი სუბიექტი თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში; უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა მოძრაობათა და პიროვნებათა როლი; გარდა ამისა, ძალა და, კერძოდ, სამხედრო ძლიერება აღარ წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობათა განმსაზღვრელ ფაქტორს და იგი თანდათან იცვლება ეკონომიკური ძლიერების ფაქტორით; სახელმწიფოს ძირითადი მიზანი მატერიალური კეთილდღეობაა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული ინტერესები, კერძოდ, ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით სახელმწიფომ შეიძლება შეზღუდოს საკუთარი სუვერენიტეტი და დათმოს ზოგიერთი ინტერესი (ამის მაგალითია ევროკავშირის ქვეყნები); რაც მთავარია, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტები ისე არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ქმნიან ერთ მთლიანობას, რომლის შენარჩუნება ყველა მათგანის ძირითადი ინტერესია; სწორედ ამიტომ სახელმწიფოთა ურთიერთდაახლოება შეუქცევადი პროცესია, რაც მომავალში სულ უფრო შეამცირებს ეროვნული სახელმწიფოს როლს და გაზრდის საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, მოხდება, საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბება და სრულყოფა, ხოლო ძალისა და უსაფრთხოების პრობლემები პლურალისტურ საფუძველზე გადაიჭრება.
კომპროდარული ბურჟუაზია - ეკონომიკურად ჩამორჩენილი ბურჟუაზიის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უმთავრესად უცხოურ კაპიტალთან, კოლონიზატორებთან და დამოკიდებულია მასზე როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, იგი უცხოური პოლიტიკის გამტარებელია.
კომპრომისი - ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მხარეები შეთანხმებას აღწევენ ურთიერთდათმობის ხარჯზე. საკითხების ფართო სპექტრზე მხარეთა შეთანხმება თითქმის ყოველთვის კ-ის ხარჯზე ხორციელდება.
კომუნიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც როგორც ხელისუფლება, ასევე საკუთრება უნდა იყოს საზოგადოების ხელში და საზოგადოებრივი კეთილდღეობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კ-ის იდეას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მის ყველაზე უფრო მკაფიო წარმომადგენლებად ბაბეფი და ოუენი ითვლებიან. მარქსისტული თეორიით, კ. არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ მიიღებს მოთხოვნილების მიხედვით.
კომუნიკაცია - ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ-ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ.
კ-ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ-ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ-ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის „კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ.ლუმანის „სოციალური სისტემების თეორია“ და სხვ.). მარტივი კ-ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს: 1. კ-ის ორ მონაწილეს; 2. სიტუაციას ან სიტუაციებს, რომლის გააზრებას და რის გაგებასაც ისინი ესწრაფვიან; 3. ტექსტებს, რომლებიც სიტუაციის საზრისს გამოთქვამენ ენის ან რომელიმე მოცემული სემიოტიკური სისტემის ელემენტებში; 4. ტექსტების მიმართულების მიმცემ მოტივებსა და მიზნებს.
კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ-შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ-ის სახეს, რომელშიც მოიაზრება „მე“-ს, სელფის (Self) სხვაში - მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი.
კ-ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ-ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს.
კომუნიკე - იხ. საერთაშორისო კონფერენცია.
კომუნიტარიზმი - მიეკუთვნება ახალ სოციალურ მოძრაობათა რიგს. კ. იცავს ინდივიდის ცხოვრების სტილისა და უშუალოდ ამ სტილის გარემოცვის შექმნის უფლებებს. კ., როგორც წესი, განსაკუთრებით აქტიურდება ინტენსიური მოდერნიზაციის პერიოდში, რომელსაც თან ახლავს არსებული საზოგადოებრივი ყოფის ფორმების ნგრევა. მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული რომანტიზმი და ამერიკული კ.: პირველი, როგორც მძაფრი რეაქცია სამრეწველო რევოლუციის, ხოლო მეორე - XXს-ის ურბანიზაციის აფეთქების საპასუხოდ. თანამედროვე კ. კვლავ აღმოცენდა კონტრკულტურის წიაღში და მიზნად ისახავს ხარისხობრივად ახალი სოციალური წესის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფალი მოქალაქეების დეცენტრალიზებულ კ-ულ ერთობაზე და იარსებებს თვითმმართველობის საფუძველზე. არცთუ იშვიათად, კ. წარმოადგენს ალტერნატიული რელიგიური მოძრაობების არსებობის ფორმას. მთლიანობაში კი კ-ის მოქმედება მიმართულია მორიგი საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად.
კონდომინიუმი - გარკვეული ტერიტორიის ერთობლივი მფლობელობა ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასეთი მფლობელობის მონაწილე სახელმწიფოები ერთობლივად ახორციელებენ მოცემულ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას. ეს ტერიტორია ამ სახელმწიფოების სუვერენული სივრცის ნაწილს შეადგენს. კ-ის მონაწილე სახელმწიფოთა სუვერენული მფლობელობის ურთიერთშეფარდება მოცემულ ტერიტორიაზე გამიჯნულია მათ შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებით. კ. პოლიტიკური და სამართლებრივი მმართველობის იშვიათი ფორმაა და ჩვეულებრივ, ხანგრძლივობით არ გამოირჩევა (მაგ., საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კ. ახალი ჰებრიდის კუნძულებზე, დიდი ბრიტანეთისა და ეგვიპტის კ. სუდანში და ა.შ.). კ. უნდა განვასხვავოთ სამხედრო ოკუპაციისაგან. კერძოდ, მოკავშირეების მიერ ომის შემდგომი გერმანიის ერთობლივი მმართველობა კ-ის მაგალითი არ არის.
მეორე მნიშვნელობით, კ. ალტერნატიული მსოფლიო მოდელია, როცა დომინანტი ზესახელმწიფოები ერთობლივად, შეთანხმებით მართავენ საერთაშორისო სისტემას. თუმცა, ამ მნიშვნელობით ეს ცნება უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.
კონვენციონალიზმი - ოქსფორდის ლექსიკონის შესაბამისად: 1. ტენდენცია, დაცულ იქნეს კონვენციონალური ქცევის ნორმები. 2. კ-სადმი მიდრეკილი ყველა მახასიათებელი, კონვენციონალური პრინციპი, იდეა, ჩევა და პრაქტიკა. 3. ფილოსოფიური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ლოგიკის პრინციპები მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმების საგანია. პოლიტიკური მნიშვნელობის კ. შეიძლება ავხსნათ, როგორც კონსენსუსის იდეური პლატფორმა, ინდივიდთა, ჯგუფების, სახელმწიფოთა და მათი ლიდერების, ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმება ურთიერთმისაღებ პირობებზე, ხოლო შეძლებისდაგვარად პოლიტიკური კურსისი თაობაზე.
კონვერგენცია - სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების, მათი სტრუქტურების თანდათანობითი დაახლოება ურთიერთკავშირის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე, არსებითი წინააღმდეგობების გადალახვა და საერთო მახასიათებლების შეძენა, რაც განსაკუთრებით აქტიურდება სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესების ვითარებაში. კ-ის იდეა ჯერ კიდევ XXს-ის 50-იან წლებში გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის გავრცელებასთან ერთად. კ. მუშავდებოდა ჯ.გელბრეიტის, უ. როსტოუს, პ.სოროკინის, ი.ტინბერგენის და სხვ., მათ შორის ცნობილი „რომაული კლუბის“ წარმომადგენლების მიერ. ისინი გამოდიან იმ მოსაზრებიდან, რომ სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის განვითარება, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების ინტერნაციონალიზაცია, რომელიც ობიექტური რეალობაა და რომელმაც ეროვნული საზღვრები არ იცის, აუცილებლად საბოლოოდ მიგვიყვანს ახალი ტიპის, შერეული, ე.წ. ჰიბრიდული საზოგადოების შექმნამდე, რომელიც თავის თავში მოიცავს დადებითს როგორც კაპიტალიზმიდან, ისე სოციალიზმიდან. აღნიშნულის საფუძველზე, მათი აზრით, უნდა გადაწყდეს თანამედროვეობის გლობალური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. 70-იან წლებში კ-მ შემდგომი განვითარება და მოდერნიზაცია ჰპოვა ზ. ბჟეზინსკის, რ.ჰანთინგტონის, კ.მენერტისა და სხვა შრომებში, წარმოიშვა იდეა ე.წ. ნეგატიური კ-ის შესახებ. მათი მტკიცებით, დაპირისპირებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემები ერთმანეთისაგან უპირატესად უარყოფითს და არა დადებითს იღებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, როგორც ერთი მთლიანობა, კრიზისისაკენ მიჰყავთ. (რ.ფაილბრონერი, გ.მარკუზე, ი.ჰაბერმასი და სხვ.). ყოფილ სსრკ-ში კ-ის პროპაგანდას უწვდა და მასზე მუშაობდა ა.სახაროვი. დღეისათვის სოციალისტური სისტემის მარცხი დღის წესრიგიდან არ ხსნის კ-ს საკითხს, თუმცა კი სერიოზულად ცვლის მის შინაარსს და წინა პლანზე ახალ ტენდენციებსა და ასპექტებს აყენებს.
კონვერგენციის თეორია - იდეა, რომლის მიხედვითაც განვითარებული, დაწინაურებული სახელმწიფოების ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოტენციალის ზრდა გამოიწვევს მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების დაახლოებას და შერწყმას მიუხედავად ისტორიული და იდეოლოგიური განსხვავებებისა. ამ თეორიის მიხედვით, (რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ.არონი და ჯ.კ.გელბაიტი) ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდა და მართვის სრულყოფა პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში უზრუნველყოფს კეთილდღეობას, რისი მიღწევისთვისაც ხდება ლიბერალური ეკონომიკისა და სოციალიზმის დადებითი მხარეების დაახლოება და შერწყმა (კონვერგენცია), ხოლო კეთილდღეობის დონეს ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევები განსაზღვრავს. საერთაშორისო ურთიერთობებში კ.თ. ხშირად განიხილება როგორც ტრადიციული რეალისტური მიდგომის ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის თანახმადაც, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, დიდი სახელმწიფოები ერთნაირად იქცევიან ეროვნული უსაფრთხოებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.
კონვერსია - ტერმინი ხშირად გვხვდება სამხედრო დანიშნულების, წარმოებისა და ეკონომიკის სხვა დარგების სამოქალაქო დანიშნულების წარმოებაზე გადაყვანის აღსანიშნავად ან პირიქით. (სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა მრეწველობის მიმართ). ის აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ომის მოთხოვნილებები ქვეყანას აიძულებს შეკვეცოს სამოქალაქო დანიშნულების მრეწველობა და გაზარდოს სამხედრო მრეწველობა (ან პირიქით). ცივი ომის დასრულების შემდეგ, კ-ს დაექვემდებარა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მისი ყოფილი მეტოქეების ეკონომიკაც.
კონიუნქტურა - პირობების ერთობლიობა, მდგომარეობა, გარკვეულ სფეროში კონკრეტული მომენტისათვის არსებული სიტუაცია, მაგალითად, პოლიტიკური კ., საერთაშორისო კ., ეკონომიკური კ. და სხვა.
კონკორდატი - რომის პაპის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ სახელმწიფოში და მის მიმართებას ვატიკანთან. ეს ტერმინი სხვა კონტექსტში შეიძლება გამოყენებული იყოს ძირითადად „შეთანხმების“ აღსანიშნავად. ასეთია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კ., რომელშიც განსაზღვრულია მათი ურთიერთდამოკიდებულების უმნიშვნელოვანესი საკითხები. კ. შეიძლება შეგვხვდეს არა ეკლესიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის აღმნიშვნელად, არამედ წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობითაც. ასე მაგ., მოიხსენიებენ შვიდი შვეიცარიული კანტონის კ-ს (1832), რომელსაც მიზნად ჰქონდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, ქვეყნის ცენტრალიზაცია და ა.შ.
კონსენსუსი - გადაწყვეტილებების ან დოკუმენტების მომზადებისა და მიღების სახე, რომლის დროსაც განსახილველი დებულება მიიღება არა კენჭისყრით, არამედ შეთანხმებით. კ-ის დროს რომელიმე მხარე, რომელიც თანახმა არ არის დოკუმენტის ამა თუ იმ კონკრეტული დებულების მიღებაზე, მაინც მხარს უჭერს მთელი დოკუმენტის, გადაწყვეტილების მიღებას მისი ზოგადი ხასიათიდან ან მიზნებიდან გამომდინარე. კ. მჭიდროდ უკავშირდება საკითხების „პაკეტში“ მიღების მეთოდს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა დოკუმენტის ცალკეული პუნქტების მიხედვით, არამედ მთლიანად. დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში კ. განსაკუთრებით ხშირად ფიგურირებს პარტიათა შორის ურთიერთობებში, როდესაც რომელიმე პრობლემის მიმართ მიღწეულია ზოგადი თანხმობა.
კონსერვატიზმი - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანია შეინარჩუნოს მდგრადი ტრადიციები და წინ აღუდგეს რადიკალურ ცვლილებებს. ტეთჩერის განსაზღვრებით, კ., როგორც პოლიტიკური პრაქტიკა, უპირატესობას ანიჭებს ძველ და კარგად შესწავლილ გზებს და არა ჯერ გამოუცდელი და არაპროგნოზირებადი ბილიკების ძიებას და გამოყენებას. თანამედროვე ევროპული კ. წარმოიშვა როგორც რეაქცია განმანათლებლობასა და საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე. მიიჩნევენ, რომ კ-ის იდეები პირველად გადმოცემულია ბრიტანელი მოღვაწის, ენდმუნდ ბერკის წერილებში. კონსერვატორებისათვის უცვლელი და პრიორიტეტული ღირებულებებია ოჯახი, რელიგია და ტრადიციები, კლასიკური, ბერკის ტიპის კ. ამართლებდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას, რადგან მიიჩნევდა, რომ რეალურად ადამიანები არ არიან თანასწორნი. თანასწორობის ერთადერთი შესაძლო სახე, ბერკის მიხედვით, არის ზნეობრივი თანასწორობა. კ. ამართლებს და იწონებს კერძო საკუთრების არსებობას და მას ინდივიდის თავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს. განსხვავებულად განიხილავენ კონსერვატორები ადამიანსაც. განმანათლებლობის საპირისპიროდ, ისინი ადამიანს ნაკლოვან არსებად მიიჩნევენ, რომლის ბუნებისთვისაც განმსაზღვრულია არა გონება (მისი წილი უმნიშვნელოა ადამიანის მოღვაწეობაში), არამედ ზნეობა, ჩვევები, ტრადიციები და მოთხოვნილებები. ადამიანთა თანაცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა დიდი დროის განმავლობაში, თანდათანობით ყალიბდება და მკვეთრი, რევოლუციური ცვლილებები დამღუპველი იქნება მისთვის. ამიტომ, კონსერვატორები, რომლებიც შეიძლება დათანხმდნენ სახელმწიფოში გარკვეული რეფორმების ფრთხილ გატარებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციურ განვითარებას, ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რევოლუციას.
კონსერვატიული პარტიის სახელწოდება პირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს ტორების მიმართ 1832 წელს პარლამენტში გამართული საარჩევნო რეფორმის ირგვლივ გამართული დებატების შემდეგ. თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში წმინდა სახის (ბერკის ტიპის) კ. აღარ არსებობს. სინამდვილეში გვაქვს კონსერვატიული პარტიების ფართო სპექტრი, ბრიტანეთში კონსერვატიული, შტატებში რესპუბლიკური, გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებისა და სხვათა სახით.
კონსტიტუცია - სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლებს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემას, პრინციპებსა და მექანიზმს, საარჩევნო სისტემის საფუძვლებსა და სხვ. კ. არის ქვეყნის მთლიანი კანონმდებლობის საფუძველი და მას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. ჩვეულებრივ, კ. შემუშავებულია პარლამენტის, ან სპეციალური ორგანოს (დამფუძნებელი კრების, საკუნსტიტუციო კომიტეტის, სათათბიროს) მიერ და მტკიცდება პარლამენტის, დამფუძნებელი კრების მიერ ან რეფერენდუმის საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში კ-ს ადგენენ მონარქები. პრეზიდენტები და ისინივე ამტკიცებენ. ასეთ კ-ებს ოქტრირებულს უწოდებენ. შეცვლის საშუალების მიხედვით განასხვავებენ რბილ და მყარ კ-ებს. მეორე, პირველისაგან განსხვავებით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფრო მკაცრ, განსაკუთრებულ წესებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანას საერთოდ არა აქვს კ., როგორც განსაკუთრებული დოკუმენტი (მაგ., დიდ ბრიტანეთს), თუმცა რეალური კონსტიტუციური მოწყობა გამყარებულია სხვა კანონებით.
კონსტრუქტივიზმი - იხ. სოციალური კონსტრუქტივიზმი.
კონტენტ-ანალიზი - რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მედიის შინაარსის (ინფორმაციის) შესწავლასთან, როდესაც ხდება მისი კლასიფიკაცია ფორმალიზებული პრინციპით. კ.-ა-ის ობიექტი შეიძლება გახდეს გაზეთების, საჯარო გამოსვლების, ტელე და რადიოგადაცემების, ოფიციალური და პირადი დოკუმენტების, ინტერვიუების, ანკეტის ღია კითხვებზე პასუხების და ა.შ. შინაარსი. დასაწყისში მკვლევრები შეიმუშავებენ კატეგორიათა ჯგუფს (სერიას), ე.წ. „საზრისისეულ ერთეულებს“. ეს ის ერთეულებია, რომელთა არსებობა (ან არარსებობა) აინტერესებს მკვლევარს შესასწავლ საინფორმაციო მასივში (მაგალითად, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოსული გაზეთის ნომრებში). „საზრისისეული ერთეულები“ (კატეგორიები) შეიძლება იყოს: პიროვნების განსაზღვრული თვისებები, სოციალური სტატუსი, სპეციფიკური სოციალური ურთიერთობები, ინფორმაციის ავტორის პოზიცია და ა.შ. რამდენადაც ერთი და იგივე საზრისისეული ერთეული შეიძლება გამოიხატოს განსხვავებული ენობრივი ხერხებით, საჭიროა განისაზღვროს ამა თუ იმ კატეგორიის კონკრეტული ემპირიული ინდიკატორები. ბოლოს ხდება აღრიცხვის ერთეულების განსაზღვრა, რაც შეიძლება იყოს: მოხმარებული სიტყვის სიხშირე, სტრიქონების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა მოცემული საზრისისეული ერთეულის აღწერას, საგაზეთო სვეტის მოცულობა, გადაცემის ხანგრძლივობა და სხვ. ეს საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობრივი მონაცემები, რომლებიც დაექვემდებარება კომპიუტერულ დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა ხასიათის, ღირებულებითი ორიენტაციის, იდეოლოგიის (მსოფლმხედველობის) საინფორმაციო მასალასთან გვაქვს საქმე. კ.-ა-ის პრობლემა ისაა, რომ რთულია როგორც საზრისისეული ერთეულების განსაზღვრა, ასევე გასაანალიზებელი მასალის „მოთავსება“ შესაბამის კატეგორიებში.
კონტექსტი - 1. ზოგადად: კონკრეტული სიტუაციისთვის დამახასიათებელი მოვლენები და პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე; 2. სპეციფიკური გარემოებები, რომელშიც ან რომლის დროსაც ხდება მოქმედება ან მოვლენა; 3. ლინგვისტიკაში: ტექსტის ფრაგმენტი შესაბამისი ერთეულებით (სიტყვა, ფრაზა, წინადადება), რომელიც აუციელებელი და საკმარისია ტექსტის ზოგადი აზრის გასაგებად; 4. კულტურის მეცნიერებებში: კ-ად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მთლიანად კულტურა ან კულტურის რომელიმე ასპექტი. არჩევენ ვერბალურ და არავერბალურ კ-ს, კომუნიკაციის პროცესში ფონური ან კოგნიტური ინფორმაციის პრიორიტეტის მიხედვით არჩევენ ძლიერად კ-ურ (ან მაღალკონტექსტურ) და სუსტად კ-ურ (ან დაბალკონტექსტურ) კულტურებს. სუსტი კ-ურობა არის მოვლენა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ორიენტირებულია კოგნიტურ სტილზე. ასეთ კ-ში წამყვანია მეტყველების სისწრაფე, ცნებათა სიზუსტე და მოლაპარაკის ლოგიკურობა - აქ არ ენდობიან იმას, რაც ვერბალურად მკაფიოდ ფორმალირებული არაა. ამ ტიპის კ. დასავლურ კულტურებს ახასიათებს. ძლიერად კ-ურ კულტურებში არსებითი ისაა, ვისთან და რა ვითარებაში ხდება კომუნიკაცია და არა იმდენად ის, რას ამბობენ. ძლიერ კონტექსტურად მიიჩნევენ აღმოსავლურ კულტურებს, სადაც დამახასიათებელია მეტყველების ნაკლები კონკრეტულობა და არაკატეგორიული ფორმები.
კონტრკულტურა - კ-ს ხშირად ალტერნატიულ კულტურასაც უწოდებენ, რითაც აღინიშნება სუბკულტურის ის ფორმა, ანუ ღირებულებებისა და ნორმების ის სისტემა, რომელიც არათუ განსხვავდება გაბატონებული კულტურისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც მას. კ. შეიძლება შეიქმნას საერთო ინტერესების ან სოციალური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საზოგადოების უმრავლესობა „ჩვეულებრივად“ ან „ნორმალურად“ მიიჩნევს. განსაზღვრული კ-ის არსებობას პროცესუალური და კონტექსტუალური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასთან შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს კიდეც. კ. ხშირად ასოცირდება ისეთ ალტერნატიულ კულტურასთან, როგორიც იყო ჰიპების მოძრაობა XXს-ის 60-იან წლებში, თუმცა, იგი შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პრინციპების გარშემოც, როგორიცაა, მაგალითად, მწვანეთა მოძრაობა (იხ. სუბლკულტურა).
კონტროლის ლოკუსი - როტერის მიერ შემოტანილი ცნება, რომელიც აღწერს ადამიანის გენერალიზებულ მოლოდინს ან რწმენას იმის თაობაზე, თუ რას მიიჩნევს იგი საკუთარი წარმატება-წარუმატებლობის წყაროდ - ენდოგენურ თუ ეგზოგენურ ფაქტორებს. მისი შეფასება ხდება მახასიათებლით „ძლიერი ინტერნალობა - ძლიერი ექსტერნალობა“. ინტერნალები ის ადამიანებია, რომლებიც მართვის წყაროს თავის თავში ათავსებენ, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საკუთარი ბედის კონტროლი შეუძლიათ, ამიტომ, თავიანთი ქცევებისა და შეხედულებების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ; ექსტერნალები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს გარედან მართულად განიცდიან, შესაბამისად, საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ. აქ არ იზომება რეალური მართვის წყარო - არსებითია არა ის, ნამდვილად მოდის თუ არა რეალური კონტროლი ენდოგენური ან ეგზოგენური წყაროებიდან, არამედ ან წყაროთა ინდივიდისეული აღქმა.
კონფედერალიზმი - ინტეგრაციის სხვა თეორიების მსგავსად, შეიძლება გავიგოთ როგორც პროცესის და როგორც საბოლოო მდგომარეობაც. როგორც პროცესი იგი მთავრობათშორისი მართვის (intergovernmentalism) სახელითაა ცნობილი. ამის მაგალითია ევროკავშირის მთავრობათშორისი კონფერენციები, რომელიც არსებითი ფაქტორი იყო ინტეგრაციული პროცესების წარმართვისათვის. როგორც საბოლოო მდგომარეობა კ. კონფედერატული კავშირების ანუ კონფედერაციის სახითაა წარმოდგენილი.
კონფედერაცია - ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კ. თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით.
კ-ის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კ-ს გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები, შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ კ-ის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ, გადაწყვეტილებები კ-ისათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.
კ-ის ორგანოები იქმნება იმის მიხედვით, თუ რა კომპეტენცია განუსაზღვრეს კ-ს მისმა სუბიექტმა სახელმწიფოებმა, თუმცა კონფედერაციის ცენტრალური ორგანოები სრული სახით მაინც არ ემსგავსება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რადგან მათი გადაწყვეტილებების განხორციელება დამოკიდებულია სუბიექტების ნებაზე, რომლებსაც შეუძლიათ უარი განაცხადონ კ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაზე.
კ. გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ან ფედერაციაში გადაიზრდება (აშშ 1776-1787, შვეიცარია 1815-1848), ან იშლება (გამბია და სენეგალი 1982-1989).
კონფლიქტი - ზოგადად, შეხედულებების დაპირისპირება-შეჯახება. სოციოლოგიაში კ. ნიშნავს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს, პიროვნებებსა და ინტერესებს შორის ბრძოლას. კ. არსებობს მაშინ, თუკი ერთ პიროვნებას რამდენიმე შესაძლო, ერთმანეთის გამომრიცხავი ქცევის არჩევანი აქვს, ანუ შესაძლო ქცევებიდან მხოლოდ ერთის არჩევაა შესაძლებელი (ინტრაპერსონალური კ.). ფსიქოანალიზში კ. წარმოდგენილია როგორც ინტრაპერსონალური დაპირისპირება მოთხოვნილებებსა და პრინციპებს შორის (დაპირისპირება რეალობასა და სიამოვნებას შორის). ანტაგონისტური კ. მოცემულია მაშინ, როცა შეურიგებელი და უკომპრომისო მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ აღწევენ შეთანსმებას (მარქსიზმში: კლასობრივი ბრძოლა). თუ კ. არ მიდის გადაწყვეტამდე, მაშინ ის იწვევს სოციალური სისტემის დეზინტეგრაციას. არსებობს, ასევე, კ-ის სხვა სახეებიც, მაგ., ინდუსტრიული, ინსტიტუციონალური, ლატენტური და ა.შ.
კონფლიქტის თეორია - ზოგადი ტერმინი, რომელიც აერთიანებს სოციოლოგიურ მიდგომათა ფართო სპექტრს. კონფლიქტის სოციოლოგიური თეორიები უპირისპირდებიან ფუნქციონალისტურ მიდგომებს. კ.თ-ის თანახმად, კონფლიქტი ყოველგვარი საზოგადოების მოუცილებელი ნიშანია, რადგან საზოგადოებაში არსებობს დეფიციტური რესურსები, რომელზეც ყველა სოციალურ ჯგუფსა და პიროვნებას ხელი არ მიუწვდება. მარქსისტები ყურადღებას ამახვილებენ კლასობრივ კონფლიქტზე, რომელიც ეკონომიკური რესურსების განაწილების საფუძველზე ჩნდება. მაქს ვებერის მიმდევრები ხაზს უსვამენ კონფლიქტს, რომელიც წარმოიშობა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის სტატუსისა და ძალაუფლებისათვის კონკურენიციის საფუძველზე.
კონფლიქტოლოგია - საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი ქვედარგი, რომელიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ძალადობრივი კონფლიქტების მიმდინარეობისა და მათი მოგვარების პრობლემებს შეისწავლის. კ. თეორიებსა და კვლევის მეთოდებს რამდენიმე განსხვავებული სამეცნიერო დისციპლინისაგან სესხულობს. საერთაშორისო ურთიერთობების მეორე ქვედარგის, სტრატეგიული კვლევებისაგან განსხვავებით, კ. საერთაშორისო ურთიერთობების პლურალისტურ პარადიგმას ეყრდნობა და სახელმწიფოს კონფლიქტის უმთავრეს მოქმედ პირად არ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, კ-ის კვლევის ობიექტს არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და ომები. კონფლიქტების მიზეზების ანალიზისა და გადაწყვეტის გზების ძიებისას კ. მხარეებისაგან მოითხოვს: 1) თავიანთი მიზნების იმგვარად განსაზღვრას, რომ მათი მიღწევა კონფლიქტის გარეშე გახდეს შესაძლებელი; ან 2) თავიანთი ურთიერთობების ისე შეცვლას, რომ მიზნები ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგებოდეს. არა მარტო კონფლიქტების კვლევისას, არამედ მათი გადაწყვეტისასაც კ. სამეცნიერო და აკადემიური წრეების აქტიურ ჩარევას მოითხოვს. ამ მიზნისთვის იგი აქტიურად იყენებს სოციალური ფსიქოლოგიის მიღწევებს.
კონფორმიზმი - კ. პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არსებობით, იმით, რომ ის არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.
კონფორმულობა - სოციალური ქცევის ტიპი, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა; მეტ-ნაკლები წნეხის ძალის მქონე ნებისმიერი ნიმუშის თუ სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება. კ-ში გულისხმობენ: ა) ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობას სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან; ბ) განწყობებისა და ქცევის შეცვლას სოციალური ჯგუფის მხრიდან წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო; გ) ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენციას ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად. სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კ-ის ორ ტიპს: 1) ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება; 2) დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად - არა. მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსაზღვრული მიზნებისა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებებისადმი ინდივიდის ადაპტაციის ხუთი ტიპი: კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ-ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ-კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს.
კონცეპტი - ცნება, მენტალური კატეგორია, რომელიც გამოიყენება მოვლენების, ობიექტების, სიტუაციების, ქცევისა და ადამიანთა კლასიფიკაციისთვის იმის შესაბამისად, რაც აღიქმება (ან მიიჩნევა) ზოგად თვისებებად; აზროვნების ფორმა ან აზრი, რომელიც საგნებსა (სინამდვილის მოვლენებს) და მათ შორის კავშირებს ასახავს განზოგადებული ფორმით ზოგადი და სპეციფიკური ნიშნების ფიქსაციის მეშვეობით.
კონცერტის სისტემა - საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლობითი სისტემა, რომელიც ევროპაში 1815 წელს „ევროპის კონცერტის“ (Concert of Eorope) სახელწოდებით ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა და რომელიც ისტორიაში წინასწარი განზრახვით შექმნილ პირველ უსაფრთხოების საერთაშორისო რეჟიმს წარმოადგენდა. ეს სისტემა არ იყო ფორმალურად ინსტიტუციონალიზებული, მაგრამ მას ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების მართვის მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი საშუალებები. კ.ს-ის მთავარი მიზანი იყო ძალთა წონასწორობის მართვა იმგვარად, რომ ნაპოლეონის შემდგომი ხანის ევროპაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო. ევროპის კონცერტს ძალთა წონასწორობის დაცვის ორი საშუალება ჰქონდა - საერთაშორისო კონფერენციები და ე.წ. კომპენსაციის პრინციპი. კომპენსაციის პრინციპი გულისხმობდა ძალთა წონასწორობის ხელოვნურად შენარჩუნებას, ანუ როდესაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა ევროპაში ან მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას (ან კოლონიას) ჩაიგდებდა ხელში, კომპენსაციის პრინციპის მიხედვით, ამ შენაძენის ტოლფასი ტერიტორია სხებსაც უნდა მიეღოთ. საერთაშორისო კონფერენციები ევროპის კონცერტის მიერ ძალთა წონასწორობის შენარჩუნების მეორე ინსტრუმენტი იყო. საერთაშორისო კონფერენციები დროდადრო ევროპის ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მოსაგვარებლად იმართებოდა.
კორელაცია - 1. სტატისტიკაში - ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის მნიშვნელობის სისტემატურ ზრდას თან სდევს მეორის მნიშვნელობის სისტემატური ზრდა ან კლება. ასეთი სტატისტიკური კავშირი ტრადიციულად გამოიყენება ერთი ცვლადის მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი მნიშვნელობის სავარაუდოდ იმ პირობებში, როცა მეორე ცვლადის მნიშვნელობა ცნობილია. რაც უფრო დიდია კ. (ანუ კ-ის კოეფიციენტი რაც უფრო - მეტია ნულზე), მით უფრო მეტია ვარაუდის სიზუსტის სანდოობა. 2. მოვლენათა შორის ნებისმიერი კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის ცვლილებების კვალდაკვალ ვლინდება ზოგიერთი თანმდევი ან დამოკუდებული ცვლილება მეორეში (ან სხვა ცვლადებში). ორივე სახის გამოყენებისას ივარაუდება ცვლადებს შორის მიზეზობრივი კავშირი. კ-ები ცვლადთა შორის კავშირის დამტკიცებაა. კ-ები ვარაუდობს, მაგრამ აუცილებლობით არ გულისმობს, რომ ცვლილებები ერთ ცვლადში წარმოქმნის ან იწვევს ცვლილებებს მეორე ცვლადში (ან ცვლადებში).
კორუფცია - ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ქცევის სტანდარტების უარყოფა არაკანონიერი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. კორუფციული ქმედება ბევრ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. გავრცელებული მოსაზრებით, კ-ს ნაწილობრივ ხელს უწყობს მართვის ბიუროკრატიული სისტემა. ბოლო პერიოდში კ-ის პრობლემას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ კულტურის ორიენტაციის ტიპს (კოლექტივიზმს და ინდივიდუალიზმს). მეცნიერთა ერთი ჯგუფის თვალსაზრისით, კოლექტივისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ლოიალობა ოჯახისა და შიდა ჯგუფისადმი, რაც იწვევს შიდაჯგუფური ღირებულებების შეჭრას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ხელს უწყობს და აძლიერებს კ-ის ტენდენციას; მეცნიერთა მეორე ნაწილის თვალსაზრისით, კ-ის ხელშემწყობი არა იმდენად კულტურული ფაქტორია, რამდენადაც ცალკეულ მმართველთა სიხარბე, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები, სიღარიბე და გაუნათლებლობა, აგრეთვე ძალაუფლებრივი დისტანცია საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვალსაზრისები ურთიერთგამომრიცხავი არაა. ჩამოთვლილ ფაქტორთა გარდა, გარკვეულ კულტურებში, კულტურული ტრადიციის შესაბამისად, ჯგუფურ მორალსა და ზნეობას (უკონფლიქტობა - ელასტიკურობა ურთიერთობებში და შიდა ჯგუფის გარე ჯგუფისაგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობა) კანონის ტოლფას ღირებულებას ანიჭებენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბოლო დროს მკვლევრები კ-ის ტენდენციას ხშირად ეთიკასთან მიმართებაში განიხილავენ, შესაბამისად, ემპირიული კვლევები მიმართულია კულტურის ტიპსა და კორუფციას შორის კავშირის გამოვლენაზე და ეყრდნობა სოციალური ორიენტაციების, კერძოდ, შიდა ჯგუფის ღირებულების მნიშვნელობას. კვლევებმა გამოავლინა ინდივიდუალიზმის ძლიერი კავშირი ბიზნესში ეთიკის მაღალ დონესა და სუსტ კ-იასთან, აგრეთვე კულტურული რელატივიზმის პრობლემები - არ არ არსებობს კ-იასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებული კულტურიდან შეტანილი ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ კორუმპირებული კულტურის დახმარება ნიშნავს კ-იასთან ბრძოლას კულტურული წესების გათვალისწინებით.
კოსმოპოლიტიზმი - მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია. კ. სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კ-ს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კ-ის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. კ-ს ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კ. უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას.
კოჰორტა - იხ. თაობა.
კრიზისი - უეცრად წარმოშობილი მასობრივი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია დიდი ძალისხმევის (სიძნელეების გადალახვის) გარეშე. სოციოლოგიაში განასხვავებენ კ-ის რამდენიმე სახეს: ლეგიტიმაციის კ.: თანამედროვე პოლიტიკური სისტემების ტენდენცია, რომელიც დამოკიდებულია პოლიტიკური სისტემების თანხმობაზე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ავტორიტეტებს, რაც რთულ პრობლემებს უკავშირდება. იურგენ ჰაბერმასი საუბრობს თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების კ-ის სამ მთავარ ტენდენციაზე: 1. ეკონომიკური კ. წარმოიშობა იმის გამო, რომ სახელმწიფო, რომელიც უნდა მოქმედებდეს როგორც „სამართლისა და ღირებულებების არაცნობიერი აღმასრულებელი“, ამის მაგიერ ფუნქციონირებს როგორც „გაერთიანებული მონოპოლიური კაპიტალის“ დაგეგმვის აგენტი. 2. რაციონალობის კ. ნიშნავს „ადმინისტრაციული რაციონალობის დარღვევას“. ეს ხდება 1) ცალკეული კაპიტალისტის (კაპიტალის მონოპოლისტური და არამონოპოლისტური ფორმების) ინტერესთა შეჯახების შედეგად, 2) სისტემისთვის უცხო სტრუქტურების გაჩენით, მაგ., როგორიცაა საყოველთაო კეთილდრეობის უზრუნველყოფა. 3. ლეგიტიმაციისა და მოტივაციის კ., რომელსაც საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ჩარევების პოლიტიზაცია.
ასევე არსებობს ცხოვრების შუა ეტაპის კ., რომელიც დაკავშირებულია 40 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანების შეშფოთებებსა და ეჭვებთან პირად მომავალთან მიმართებაში.
ქალაქის კ.: (ტერმინი შემოიტანა მანუელ კასტელსმა), რომლის თანახმადაც, კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი პერიოდული კ-ები ყველაზე მკაფიოდ ქალაქებში ვლინდება, რადგან სწორად ქალაქია კლასობრივი ბრძოლის ძირითადი ასპარეზი. ქალაქის კ. წარმოიშობა მაშინ, როცა კეთილდღეობის არსებული დონე აღარ აკმაყოფილებს ქალაქის მცხოვრებთა საბაზისო მოთხოვნილებებს.
სოციოლოგიაში ასევე გაარჩევენ პროფესიონალიზმის კ-ს, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკთა დეფიციტს ნიშნავს.
კ. საერთაშორისო ურთიერთობებში გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების მოკლე პერიოდს, რომელიც მასში ჩაბმული და დაინტერესებული ქვეყნების მომავალი ურთიერთობებისთვის გადამწყვეტ მომენტად აღიქმება. საერთაშორისო კ-ის ანალიზისას ორი მიდგომა გამოიყენება. პირველი მათგანი კ-ის დროს გადაწყვეტილების მიმღები ცალკეული პირების მიერ ვითარების აღქმას, მათ მოტივებსა და ქცევას აქცევს ყურადღებას. მეორე მიდგომა საერთაშორისო კ-ს სტრუქტურული თვალსაზრისით განიხილავს და ყურადღებას მონაწილე მხარეთა (ძირითადად სახელმწიფოების) ურთიერთქმედებაზე და ამ ურთიერთქმედების შედეგებზე ამახვილებს. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ბიორაკრატიული პოლიტიკის ანალიზის, მეორე შემთხვევაში კი ფორმალური მოდელირების მეთოდები (იხ. თამაშების თეორია).
კრიტიკული თეორია - საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული თეორიების წინააღმდეგ შექმნილი ლიტერატურა, რომელშიც უარყოფილია საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც მეცნიერების ცალკე დარგის არსებობა. კ.თ-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ფილოსოფიურ კონტექსტში უნდა მოხდეს და არა ერთი დისციპლინის ფარგლებში. კ.თ. ასოცირდება ე.წ. ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფიურ ტრადიციასთან და მის დამაარსებელ იურგენ ჰაბერმასთან. ჰაბერმასი სოციალური წესრიგის როგორც ეპისტემოლოგიურ, ისე ონტოლოგიურ საფუძვლებს აყენებდა ეჭვქვეშ. საერთაშორისო ურთიერთობებში ამ სკოლის წარმომადგენლებმა ნეორეალიზმისა და ნეოლიბერალიზმის ტრადიციული მიმდინარეობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. კ.თ. ამ ორ მიმდინარეობას ე.წ. „განმანათლებლობის პროექტის“ ნაწილად განიხილავს და მიიჩნევს, რომ განმანათლებლობამ ადამიანი არათუ გაათავისუფლა, არამედ დეჰუმანიზაციამდე მიიყვანა. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კ.თ-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თეორიული კვლევის საფუძველი უნდა იყოს არა საერთაშორისო პროცესების „ახსნა“ ან „გაგება“, არამედ მათი ცვლილებებისათვის ხელშეწყობა.
კროსკულტურული კვლევა - იგივეა რაც კროსკულტურული ანალიზი ან კიდევ შედარებითი სოციალურ-მეცნიერული კვლევა. სოციალურ-კულტურულ კვლევაში გაანალიზებულიაგანსხვავებული კულტურისა და, შესაბამისად, საზოგადოების სტრუქტურები და ასევე სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. ეს მონაცემები შეიძლება იყოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ხასიათის. მსგავსი კვლევით დაკავებულია სოციოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელსაც შედარებითი სოციოლოგია ეწოდება.
კულტი (პიროვნების) - პოლიტიკური მოღვაწის როლის გადაჭარბებული გაზვიადება, მისთვის ისტორიის მსვლელობაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მიწერა. პიროვნების ისტორიული როლისა და ფუნქციების ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგებოდა მარქსისტულ-ლენინურ თეორიას, რომლის მიხედვითაც ისტორიას ქმნიან არა გმირები, არამედ ხალხი. პიროვნების კ. საბჭოური ტერმინია, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა სახელმწიფოში XX საუკუნის 30-50-იან წლებში გაბატონებული სტალინური რეჟიმის დასაგმობად. კომპარტიის XX ყრილობაზე პარტიის ახალმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ტერმინი გამოიყენა როგორც სტალინის პიროვნული მოღვაწეობის ნეგატიური მახასიათებელი. ამითვე ხრუშჩოვი მიანიშნებდა პარტიის ახალ პოლიტიკურ კურსზე, რომლისთვისაც განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო კოლექტიური მმართველობა.
კულტურა - წარმოდგება ლათინური ზმნიდან „colo“, რაც (ნიადაგის) მოვლას, დამუშავებას, ზრუნვას ნიშნავს. კ-ის ცნების განსაზღვრებაში არ არსებობს ერთსულოვნება. საკმარისია ითქვას, რომ დღეისთვის ოთხასამდე დეფინიციას ითვლიან. თუმცა შეიძლება გამოიყოს კ-ის ცნების განსაზღვების სამი ძირითადი ელემენტი: 1. კ. ისაა, რაც გადაეცემა. ის სოციალური მემკვიდრეობა, ანუ სოციალური ტრადიციაა. ამ ნიშნით კ. განსხვავდება სოციალური სისტემისაგან, რამდენადაც კ. შეიძლება ვრცელდებოდეს ერთი სოციალური სისტემიდან მეორეზე; 2. კ. ისაა, რასაც სწავლობენ. კ. არაა ადამიანის გენეტური ბუნების გამოვლენა, ის სოციალიზაციის პროცესში შეძენილი ნორმების ერთობლიობაა; 3. კ. საყოველთაოდ მიღებულია, ანუ ის საზოგადოებისათვის საერთო ნორმებისა და ღირებულებების სისტემაა. ამრიგად, კ., ერთი მხრივ, სოციალური ურთიერთქმედების პროდუქცია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ურთიერთქმედებათა სახეების დეტერმინანტი. გუდენაუ გამოყოფს კ-ის შემადგენელ ოთხ ელემენტს: 1. ენობრივი ფენომენები (ცნებები, კონცეპტები), რომლებიც ადამიანის (ჯგუფის) გამოცდილების რელევანტურია, რამდენადაც ამ გამოცდილების მოწესრიგებასა და ორგანიზებას ახდენს; 2. ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი და ფუნქციონალური კავშირების გამომხატველი ურთიერთობები; 3. ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მიზნებთან, რისი მიღწევისკენაც საზოგადოება მიისწრაფვის; 4. წესები და ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევის ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. წესებთან დაკავშირებულია სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯას ან წახალისებას ნორმების დარღვევის ან შესრულების შემთხვევაში.
კულტურული დიფუზია - ინოვაციის გავრცელება მისი აღმოცენება-წარმოშობის ადგილიდან მეზობელ რეგიონებში კულტურათა შორის კავშირურთიერთობების მეშვეობით; სოციალურ ანთროპოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, კულტუროლოგიაში, სოციოლოგიაში სესხებისა და კულტურის გავრცელების პროცესებს ერთ ცენტრიდან სხვებში (დაპყრობის, ვაჭრობის, კოლონიზაციისა თუ მიგრაციის გზით) საზოგადოებრივი განვითარების საფუძვლად მიიჩნევენ.
კულტურული რელატივიზმი - თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, კულტურა შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ მისი საკუთარი ღირებულებებისა და ნორმების მისივე კონტექსტში ანალიზის საფუძველზე. არ არსებობს ე.წ. „სანიმუშო“ კულტურა, ან უნივერსალური ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც გაიზომება ამა თუ იმ კულტურის ვარგისიანობა. შეუძლებელია სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობის „თარგმნა“ ისეთი ტერმინებით, რომლებიც მისაღები იქნება ყველგან და ყველასთვის. ამ თვალსაზრისის თანახმად, შეუძლებელია კულტურათა შეფასება, როგორც „უფრო მაღალის“ ან „უფრო პროგრესულის“, კულტურები უბრალოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი უნიკალური და შეუცვლელი ღირებულების მქონეა.
კულტურული უნივერსალია - ცხოვრების წესის ყოველგვარი გამოვლინება (ღირებულებები, ქცევის წესები, სტანდარტები და ა.შ.), რომელიც ყველა ადამიანურ კულტურას ახასიათებს.
![]() |
12 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლავირება - რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ოსტატური მანევრირება, წინააღმდეგობების გადალახვის უნარი. ტერმინი აგრეთვე გულისხმობს პოლიტიკოსის თვისებას, თავი აარიდოს საპირისპირო პოლიტიკურ ძალასთან შეჯახებებს, კონფრონტაციულ მოქმედებებს.
ლეგალობა - ამ ცნებით ვებერთან აღინიშნება ლეგიტიმური (კანონიერი) წესრიგის ერთ-ერთი ფორმა, დანარჩენ ორთან - ტრადიციულსა და ქარიზმატულთან ერთად. ლ. ბატონობის რაციონალური ტიპია, იგი ისეთ სოციალურ წესრიგს გულისხმობს, რომელიც ეფუძნება არსებული სამართლებრივი და ფორმალური ნორმების კანონიერების რწმენას. ლეგალური ბატონობის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია ბიუროკრატიის განსაკუთრებული ტიპი - ფორმალურ-რაციონალური ბიუროკრატია. ეს უკანასკნელი გულისხმობს წესების ფორმალურად დადგენილ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მართვის ერთგვაროვნებას და კერძო შემთხვევებისადმი ზოგადი ინსტრუქციების გამოყენებას. ფორმალურ-რაციონალური ბიუროკრატია მოითხოვს უპიროვნო („ანონიმურ“) ადმინისტრაციულ მოღვაწეობას და ურთიერთობათა ემოციურ ნეიტრალობას, როდესაც ინდივიდი („ფუნქციონერი“) არის სოციალური ძალაუფლების მატარებელი, რომლის რეალიზებას დადგენილი ლოგიკა და ჩარჩოები აქვს.
ლეგიტიმაცია - მმართველობის ამა თუ იმ სისტემის მიერ შემოღებული კანონიერების დამკვიდრებისა და აღსრულების ისეთი ფორმა, რომელიც მისაღებია მოცემული ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ტერმინი ამ მნიშვნელობით პოლიტიკურ მეცნიერებებში შემოვიდა ვებერის სოციოლოგიიდან. ვებერისათვის ლეგიტიმურობა გულისხმობს სხვადასხვა ხელისუფლებათა განხორციელების საფუძვლად არსებულ რეალურ განსხვავებებს. კერძოდ, არსებობს ხელისუფლების დაფუძნებისა და განხორციელების სამი სხვადასხვა ფორმა: ხელისუფლება, ჩვეულებრივ, ემყარება ან ტრადიციას, ან ქარიზმას, ან, ბოლოს რაციონალურ კანონიერებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება იმ ნორმების რაციონალურობის რწმენაში, რომელთა დამკვიდრებასაც ხელისუფლება ცდილობს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოსახლეობა ემორჩილება არა ქარიზმატულ ან ტრადიციულად ხელისუფლების მქონე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ დეპერსონალიზებულ, აბსტრაქტულ კანონიერებას. ლ-ის ეს ფორმა აგრეთვე მორჩილებას ცალკეული, სანათადო პოსტების მქონე ხელისუფალთადმი, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი განკარგულებანი თავსდება აბსტრაქტული კანონიერების ფარგლებში და მოკლებულია მათ პიროვნულ ინტერესებს. ხელისუფლების განხორციელების სამივე ფორმა გულისხმობს ლეგიტიმურობის ერთ საერთო ნიშანს - რწმენას, რომ არსებული პოლიტიკური ინსტიტუტები ოპტიმალურია საზოგადოებისათვის. იმის თაობაზე, თუ რამდენად არსებითია ეს ნიშანი ხელისუფლების განხორციელებისათვის, რეალურ წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ ქვეყნის უმცირესობის მიერ გაჩაღებული კონფლიქტები, რომლებიც წარმოიქმნა ან სახელმწიფოში რელიგიის ადგილის და ფუნქციის საკითხის ირგვლივ, ან ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების მშრომელთა ფართო მასებზე გავრცელების მოთხოვნით და ან რაციონალური შემოსავლის სამართლიანი განაწილების საკითხის გამო. არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის აღნიშნული მოტივები დასავლური სამყაროსათვის დამახასიათებელი იყო XIX-XXსს-ების მიჯნაზე. XXს-ში ცივი ომის დასასრულიდან აქტუალობა შეიძინა მოსახლეობის უმცირესობის მიერ ქვეყნებში არსებული ტერიტორიული დაყოფის ლეგიტიმურობის აუღიარებლობამ, რასაც მოჰყვა მწვავე კონფლიქტები კავკასიაში, ბალკანეთში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ლეგიტიმურობა - ფართო აზრით, ნიშნავს სოციალური წესრიგის, მოქმედების, მოქმედი პირის, ან ხდომილების აღიარებასა და გამართლებას, უფრო ზუსტად, მათი კანონიერების რწმენას. ხშირად მას უპირისპირებენ ლეგალობას (მაგ., კ. შმიდტი), როგორც საკუთრივ კანონიერს, ანუ იმას, რაც გამოხატულია იურიდიული ნორმებით. ამ კატეგორიებს უკავშირდება აგრეთვე ლეგიტიმაციის ცნება, რომელიც სოციალური წესრიგის, ღირსებისა და ღირებულების აღიარების პროცესია. ლ. სოციოლოგიაში დაამკვიდრა მაქს ვებერმა. ვებერის თანახმად, სოციალური ურთიერთობის შინაარსს შეიძლება ეწოდოს „ლეგიტიმური წესრიგი“ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა ქცევა ორიენტირებულია მკაფიოდ განსაზღვრულ „მაქსიმებზე“, რომლებიც მნიშვნელადია ინდივიდებისათვის და მათ მიერ ჩაითვლება სავალდებულოდ და მისაბაძ ნიმუშად. სოციალური წესრიგის უზრუნველმყოფი ლეგიტიმური ნორმების მნიშვნელადობა შენარჩუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნორმებს არღვევენ, ამიტომ დამრღვევი იძულებულია დაფაროს თავისი დანაშაული. სოციალური წესრიგის ლ.შეიძლება გარანტირებულ იქნეს როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. შინაგანად იგი გარანტირებულია აფექტური, ღირებულებით-რაციონალური და რელიგიური მოტივებით. პირველი შემთხვევა არსებული წესრიგის მიმართ ემოციური ერთგულებაა, მეორე შემთხვევა - მისი უცვლელობის რწმენა, რამდენადაც წესრიგი მიიჩნევა უპირობო (აბსოლუტური) ღირებულებების გამოხატულებად, მესამე შემთხვევა - იმის რწმენაა, რომ მოცემული წესრიგის შენარჩუნებაზე დამოკიდებულია ადამიანთა უმაღლესი სიკეთე და ხსნა. ლ-ის გარეგანი მაგარანტირებელი ფაქტორებია შეთანხმებულობა და სამართალი. პირველი მათგანი ლ-ის გარანტიას ქმნის იმის რწმენით, რომ წესრიგისაგან ნებისმიერი გადახრას მოჰყვება გაკიცხვა ადამიანთა განსაზღვრული წრის შიგნით, რომელიც ამ წესრიგს მნიშვნელადად და კანონიერად თვლის. მეორე ფაქტორი გულისხმობს ადამიანთა სპეციალური ჯგუფის არსებობას, რომლის ფუნქციაა წესრიგის დაცვა ძალის გამოყენების საშუალებით. (იხ. მნიშვნელადობა).
ლ. მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის უფლების საერთაშორისო აღიარებაა. ლ. ხშირად უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი. ლ-ის დოქტრინა უკავშირდება ეკვადორისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ტობარისა და უილსონის სახელებს. თავდაპირველად ლ-ის აღიარების საჭიროება დადგა იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში მთავრობა იცვლებოდა ქვეყნის კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მეთოდებით, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალება ან რევოლუცია. მოგვიანებით ვუდრო უილსონმა შემოიღო „დემოკრატიული ლეგიტიმურობის“ ცნება, რომელიც ხალხის მიერ აღიარებული რეჟიმისათვის, თუნდაც იგი არაკონსტიტუციური გზით ყოფილიყო ხელისუფლებაში მოსული, ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. საერთაშორისო ურთიერთობებში ლ. დაკავშირებულია არამარტო ცალკეულ მთავრობასთან, არამედ მთელ საერთაშორისო სისტემასთანაც, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტატუს-კვოს აღიარებს და არც ერთი მათგანი სისტემის რევოლუციური გარდაქმნის მოთხოვნით არ გამოდის.
ლესბიანიზმი - იხ. ჰომოსექსუალიზმი.
ლიბერალიზმი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ-ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს-ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს-ის 30-40-იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ-სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ-დან XIX-XX სს-ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას. სხვადასხვა ეტაპზე სერიოზულად იცვლებოდა ლ-ის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება ერთი მხრივ, კონსერვატიზმთან და მეორე მხრივ, სოციალ-დემოკრატიზმთან. ისტორიული და თანამედროვე ლ-ის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ლოკი, მონტესკიე, კანტი, ჯეფერსონი, ა. სმიტი, დიდრო, ბენტამი, სპენსერი, ჯ.ს. მილი, ს.მ. ლიპსეტი, პოპერი, ფ.ჰაიეკი, ჰ.ალბერტი და სხვ.
ლიბერალური დემოკრატია - პოლიტიკური კულტურის ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის ფაქტორები, ფორმირების ეტაპები და ევოლუცია, ძირითადად, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ევოლუციის ეტაპებს ემთხვევა. უფრო მეტიც, ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემას. ლ.დ. დაკავშირებულია კაპიტალისტური განვითარების პროცესში ახალი, შუა საუკუნეებისაგან განსხვავებული მსოფლმხედველობის დაფუძნებასა და ლეგიტიმაციასთან, სადაც ინდივიდი მიჩნეულია სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა. აუცილებელია, აგრეთვე გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ითვალისწინებს როგორც ხელისუფლების მრავალი ცენტრის არსებობას, რომლებიც ზღუდავს როგორც სახელმწიფოს ერთმმართველობას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური არჩევნის შესაძლებლობას, რაც თავისთავად წარმოუდგენელია არსებობის საშუალებების ალტერნატიული წყაროების გარეშე. თუ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფო დომინირებს საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში პირიქით, საზოგადოება დომინირებს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე.
ლიბერტარიანიზმი - იდეურ-პოლიტიკური მიმართულება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა. ამ რწმენას საფუძვლად უდევს კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჯანსაღი სოციალური ცხოვრების ბაზისურ პრინციპებად გამოცხადება. ლ-ის თავდაპირველი მნიშვნელობის მეორე ძირითადი ნიშანი იყო თავისუფალი ნების კულტივირება: ლიბერტარიანელები გამოდიოდნენ ადამიანის ბუნებრივი მოტივაციით ნაკარნახევი ქცევის ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, სულერთია, საქმე ეხებოდა ოჯახს, რელიგიას თუ სახელმწიფოს. ტერმინის თანამედროვე გაგებაში ამგვარი მნიშვნელობები იშვიათად გვხვდება, თუმცა, შემორჩენილია რწმენა, რომ ადამიანებს, რიგ უფლებებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აქვთ კერძო საკუთრების უფლება. რაც შეეხება თანამედროვე ლ-ის დამოკიდებულებას სახელმწიფოსთან, ითვლება, რომ ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს იმდენად, რამდენადაც ეს განხორციელდება თავად ადამიანის სურვილის საფუძველზე ან, ყოველ შემთხვევაში, ამით არ დაირღვევა ადამიანის ბაზისური თავისუფლებები. ლიბერტარიანული იდეების შეიცავს ანარქისტული იდეოლოგიის ელემენტებს, თუმცა მათი გაიგივება ანარქიზმთან, რომელიც საერთოდ სახელმწიფოს მოსპობის მომხრეა, არასწორი იქნებოდა. ლიბერტარიანელები სულაც არ უარყოფენ სახელმწიფოს საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებისათვის. პირიქით, ისინი ქადაგებენ სახელმწიფოსა და მმართველობის როლის მინიმუმზე დაყვანის, „ღამის დარაჯი“ სახელმწიფოს (რომელიც ასრულებს მხოლოდ პიროვნების უსაფრთხოების, ხელშეკრულებების შესრულების გარანტის და ქვეყნის საგარეო საფრთხისაგან დაცვის ფუნქციებს) რეანიმაციის იდეას.
ლიდერი - პიროვნება, რომელსაც მოცემული ჯგუფის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ერთობლივი მოქმედებებისათვის, ინტეგრაციის მიზნით, ძალუძს სხვაზე ზემოქმედების მოხდენა. პოლიტიკაში მოქმედების მასშტაბისა და ხასიათის მიხედვით ასხვავებენ სამი ტიპის ლ-ს: 1. მცირე ჯგუფის ლ., 2. საზოგადოებრივი მოძრაობის (ორგანიზაციის, პარტიის) ლ., 3. პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს ძალაუფლების ურთიერთობების სისტემაში, სადაც პოლიტიკური ლიდერობა სოციალური ინსტიტუტის სახით არის წარმოდგენილი.
ლიდერობა - ჯგუფურ პიროვნებათაშორის ურთიერთობათა სისტემაში დომინირება-დაქვემდებარების, გავლენა-მიმდევრობის მიმართებები. კვლევის შედეგად გამოიყო ლ-ის რამდენიმე სტილი და შეიქმნა რამდენიმე კონცეფცია. ბეილსის ლიდერის როლთან თეორიის შესაბამისად, არსებობს ლიდერის ორი ტიპი: საქმინოაბასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული „პროფესიონალი“ და ურთიერთობრივ პრობლემათა გადაწყვეტაზე ორიენტირებული „სოციალურ-ემოციური სპეციალისტი“; თვისებების თეორიის მომხრეთა აზრით, ლ-ისთვის ადამიანი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ სალიდერო უნარ-თვისებებს, ასეთი მიდგომის ერთ-ერთი ვარიანტია ლ-ის ქარიზმული კონცეფცია; ინტერაქტიულ თეორიათა მომხრეების თვალსაზრისით, ლიდერი შეიძლება გახდეს პიროვნებათაშორისი ურთიერთქმედების სისტემაში ადგილის მქონე ნებისმიერი ადამიანი გარკვეული პირობების გათვალისწინებით (მისი ინდივიდუალური თავისებურებები, ჯგუფის სხვა წევრთა აზრი მასზე, ჯგუფის სტრუქტურა, შექმნილი სიტუაცია, შესასრულებელი ამოცანა და სხვ); სიტუაციური თეორიის (ანუ ჯგუფურ-დინამიკური მიდგომის) პოზიციით, ლ. ჯგუფში შექმნილი სიტუაციის პროდუქტია, შესაბამისად, მრავალ სიტუაციაში, ურთიერთობებზე ორიენტირებულთან შედარებით, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი უფრო შედეგიანია, ზომიერად სასიკეთო სიტუაციებში კი მეტ წარმატებას ურთიერთობებზე ორიენტირებული ლიდერი აღწევს; სინთეტური (კომპლექსური) თეორიის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ პიროვნებათაშორის ურთიერთობათა პროცესის ძირითად ელემენტებზე - ლიდერებზე, მიმდევრებსა და სიტუაციაზე. ლ-ის პრობლემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არავინ დავობს იმაზე, რომ ლიდერები მართლაც გამოირჩევიან სხვა ადამიანებისაგან გარკვეული მახასიათებლებით, მათ შორის: ლ-ის მოტივაციით - მათ სურთ გაიყოლონ ადამიანები და გავლენას ახდენდნენ მათზე; კოგნიტური უნარებით - შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება და ინტერპრეტაცია; შემგუებლობით - შეუძლიათ თავის მიმდევართა და სიტუაციის ცვალებად მოთხოვნებთან შეგუება. ქარიზმული ლიდერები ზეგავლენას ახდენენ მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, რაც მათ მიმდევრებში სპეციფიკურ რეაქციებს იწვევს, კერძოდ: მეტ გულმოდგინებასა და შრომისუნარიანობას, ლიდერისადმი დიდ ერთგულებას, ლიდერის იდეების მიმართ ენთუზიაზმს, საერთო საქმისათვის საკუთარი ინტერესების მსხვერპლად მიტანასა და სხვ. ამას გარდა, არჩევენ ლიდერის სხვა ტიპებსაც: ავტორიტარულს - ცდილობს ქვეშევდრომთა მოქცევას თავისი გავლენის ქვეშ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სხვების მონაწილეობის მაქსიმალურ შესუსტებას ან სულაც მათ ჩამოცილებას; მკაცრად აკონტროლებს სამუშაოს შესრულებას, სუბიექტურად აფასებს შედეგებს და სხვ. პიროვნულად ახასიათებს აგრესიულობა, მაღალი თვითშეფასებისა და პრეტენზიის დონე, სწრაფვა სტერეოტიპთა მიდევნებისკენ, სუსტი რეფლექსია და ა.შ. მისგან განსხვავებით, დემოკრატი ლიდერი ორიენტირებულია ქვეშევდრომთა აზრის მოსმენასა და გათვალისწინებაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას - მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინიციატივაზე; სამუშაოს შესრულებაში მომთმენია განსხვავებული და შემოქმედებითი მიდგომის მიმართ და სხვ.
ლინგვისტური სოციოლოგია - სოციოლოგიის დარგი, რომელიც ენას განიხილავს, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ მოვლენად, ადამიანთა საზოგადოებრივ მდგომარეობასთან, საქმიანობის სფეროსთან, განათლებასთან და ა.შ. დაკავშირებულ ურთიერთობათა საშუალებად. ენის სოციალური ბუნება ჯერ კიდევ ლოკის, ვიკოს, ჰუმბოლდტის და სხვათა მიერ იყო აღნიშნული. შემდგომ სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები უდიდეს ინტერესს იჩენდნენ ლინგვისტური მოღვაწეობის წარმმართველი, სოციალურად განსაზღვრული წესების მიმართ და ნაკლებად აინტერესებდათ ენის ფორმალური თავისებურებები. მათი ძირითადი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ენობრივ ფენომენთა სოციალური ბუნება. სოციალური ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებდნენ სამეტყველო ურთიერთობებზე, სოციოლოგები კი - ენისა და არალინგვისტური სტრუქტურების ურთიერთმიმართებების შესწავლაზე (მაგ., კლასი და გენდერი). XX ს-ის 50-იანი წლებიდან დაიწყეს ენის ფუნქციონირების შესწავლა სხვადასხვა ურთიერთობრივ სიტუაციებში (მაგ., სხვადასხვა რანგის ადამიანთა ურთიერთობებში ემოციების გამოხატვა, საზოგადოების მიერ დაწესებულ ქცევის ფორმებსა და ნორმებში, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცერემონიებში და სხვ.) ბერნშტეინმა აჩვენა, რომ სოციალურ ურთიერთობათა სხვადასხვა ფორმა აჩენს ლინგვისტური ნორმების განსხვავებულ ფორმებს, ამდენად, ინდივიდის მეტყველებაში აისახება მისი წარმომავლობა თუ აღზრდის პირობები (მაგალითად, სკოლაში მუშათა ფენიდან გამოსული ბავშვები ლინგვისტურ ნორმებს შეზღუდულად იყენებენ, რაც განაპირობებს მათ წამგებიან პოზიციებს). განსაკუთრებული შესწავლის ობიექტი გახდა მასმედიის სამეტყველო თავისებურებები (საზოგადოებრივი გამოსვლების პროპაგანდის, რეკლამის სტილი). მისი ზემოქმედება მოსახლეობის სხვადასხვა ფენაზე და ა.შ. უფრო გვიანდელ და თანამედროვე ეტაპზე ლ.ს. დაინტერესდა ვერბალურ ურთიერთობებში საუბრის სტრუქტურირებისა და გამონათქვამთა თანმიმდევრობასთან დაკავშირებული წესებით (დიალოგური ანალიზი), ხოლო ეთნომეთოდოლოგია - კომუნიკაციური ინტერაქციის წარმმართველი „თავისთავად მოცემული“ წესებით (გარფუნკელი, საქსი და სხვ.) ლ.ს. სპეციალურად იკვლევდა გენდერსა და ენას შორის კავშირს და გამოავლინა ქალის ჩაგვრა, რასაც მხარს უჭერს ენობრივი ურთიერთობის პროცესი. „ფემინიზმის მეორე ტალღამ“ ბიძგი მისცა ამ საკითხის ახალი ლინგვისტური მეთოდებით შესწავლა-გაშუქებას. XXს-ის 60-იან წლების ძირითადი პრობლემებიდან (რწმენათა განზოგადებული სისტემების, მაგ., რელიგიის შესწავლა) დღეს მეცნიერთა ყურადღება მიპყრობილია კონკრეტულ საზოგადოებებში საგანთა, ადამიანთა და მოქმედებათა ყოველდღიურ მეტყველებაზე, ანუ საერო კლასიფიკაციათა შესწავლაზე.
ლობიზმი - გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ზემოქმედების პრაქტიკას, რომლის მიზანია შესაბამისი ჯგუფების ინტერესების კვალად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა (გარკვეული კანონპროექტების, სახელმწიფო შეკვეთების, სუბსიდიების მიღება, რელიგიური ან ქალთა ინტერესების დაცვა და ა.შ.). ამ მიზნით დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, არსებობს სააგენტოების განვითარებული ქსელი, რომლებიც გამოხატავს მსხვილი კომპანიების, პროფკავშირებისა თუ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესებს. ლობისტებად, როგორც წესი, აჰყავთ პროფესიონალი შუამდგომლები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკისა და პოლიტიკური რეკომენდაციების სფეროში საკონსულტაციო ბიუროებსა და კომპანიებში. ლობისტი შეიძლება აყვანილი იყოს ხელშეკრულებით ან საკუთარი ინიციატივით წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერეს-ჯგუფს.
ლოზუნგი - მოწოდება, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის სახელმძღვანელო იდეის შინაარსს, ამოცანას, მოთხოვნას. ტერმინი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა მნიშვნელობითაც. XXს-მდე აღნიშნავდა პირობით საიდუმლო სიტყვას, რომელსაც ახმიანებდნენ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე.
ლონგიტუდური კვლევები - ერთი და იმავე ჯგუფის შესწავლა, რაც გულისხმობს დაკვირვებას დროის გარკვეული ინტერვალებით. ამ მეთოდის მეშვეობით ხდება დაკვირვება ჯგუფის, ორგანიზაციის შიგნით ცვლილებებზე დროის გარკვეულ პერიოდში. ცვლილებების მიზეზობრივი ფაქტორი უშუალოდ იმ მონაცემთა საფუძველზე შეისწავლება, რომლებიც ცვლილებებამდე და მათ მერე მოხდა.
ლონგწრფივი ანალიზი - სტატისტიკური ანალიზის მეთოდი, რომელიც, ჩვეულებრივ ჯვარედინი ტაბულაციის დროს გამოიყენება. იგი გარდაქმნის არაწრფივ მოდელებს წრფივად ლოგარითმების საშუალებით. რამდენადაც სოციალური მონაცემები ძირითადად ნომინალური ან რომელიმე რიგისაა, ამდენად ვერ შეესატყვისება და ვერ აკმაყოფილებს სტატისტიკური მეთოდების მოთხოვნებს. ლ.ა. არის მიზეზობრივი მოდელირების საშუალება, რომელიც გულისხმობს მოდელების შემოტანას მონაცემთა შემოწმების მიზნით და გრძელდება სასურველის მოძიებამდე.
ლუმპენი (ლუმპენ-პროლეტარიატი) - მუშათა და სხვ. დემორალიზებული, დეკლასირებული ნაწილი. ფენა, რომელიც საზოგადოების ფსკერზე იმყოფება (მათხოვრები, მაწანწალები, ბომჟები, დამნაშავეები, პარაზიტული ელემენტები და სხვ.) და შეგუებულია თავის მდგომარეობას. მათ არ ძალუძთ დამოუკიდებელი ბრძოლა თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლ-ების რიცხვი მკვეთრად იზრდება საზოგადოების განვითარების კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის, სოციალურ-პოლიტიკური ანომიისა და სხვა დროს. როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ლ-ები თავისი სოციალურ-პოლიტიკური ორიენტაციის გაურკვევლობის გამო სრულიად სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ძალების მხარეზე შეიძლება აღმოჩდნენ (მემარცხენე, ანარქისტული, ფაშისტური) და ავტორიტარული თუ ტოტალიტარული იდეოლოგიისა თუ პოლიტიკის წყაროდ და რეზერვად იქცნენ.
ლურჯსაყელოიანები - ტერმინი გამოიყენება ფიზიკური შრომისა და მომსახურების სფეროს (თუმცა, ამ უკანასკნელთ ზოგჯერ რუხსაყელოიანთა სახელითაც მოიხსენიებენ) მუშაკთა აღსანიშნავად და მუშათა კლასის სინონიმია.
![]() |
13 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მაგია - 1. იმ წეს-ჩვეულებათა ზოგადი აღნიშვნა, რომლის საფუძველია ბუნების საგნებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე ზებუნებრივი ძალებით ზემოქმედების რწმენა. 2. შედეგის მისაღწევად რიტუალიზებული საშუალებებით ზებუნებრივი და სულიერი ძალების ამოქმედება. მ. დაკავშირებულია მითებსა და მითოლოგიასთან. ინგლისელი რელიგიათმცოდნის ფრეზერის თანახმად, მ. ეყრდნობა პრინციპს „მსგავსი შეიქმს მსგავსს“, აგრეთვე შეხების კანონზე დაფუძნებულ ჯადოქრობის წესებს (მტრის დაზიანება ან მოკვდინება მისი გამოსახულებისათვის ზიანის მიყენებით). სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგები მოქმედებას მაგიურად მიიჩნევენ მაშინ, როცა: ა) ამგვარი მოქმედების შემსრულებელს სწამს, რომ მოვლენის მიზეზი ზებუნებრივი ძალებია; ბ) მოქმედება არ წარმოადგენს ორგანიზებული რელიგიური წეს - ჩვეულების ნაწილს (ამ კრიტერიუმის გამოყენებას ეთნოცენტრისტული ტენდენციები განსაზღვრავს). ფუნქციონალისტთა თვალსაზრისით, მ-ს, იმ შემთხვევებში მიმართავენ, როცა სასურველი მიზნის მისაღწევად რეალური ეფექტური საშუალებები აღარ არსებობს, შესაბამისად, მ-ის სოცილაური ფუნქციაა შფოთის შემცირება და რთულ სიტუაციებში აქტიური ქმედების მოთხოვნილების რეალიზაცია. მან ასევე შეიძლება შეასრულოს კათარზისის ფუნქციაც. უფართოესი გაგებით, მ. არა მარტო ე.წ. პრიმიტიული საზოგადოებებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ თანამედროვე საზოგადოებათა ცხოვრების ნაწილსაც წარმოადგენს (სხვადასხვა ფსევდომეცნიერების რწმენა, ცრურწმენები და მისთ.).
მაკიაველიზმი - პოლიტიკური ქცევის ნაირსახეობა, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს პოლიტიკოსის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის უკიდურესად მკაცრი და ვერაგული, საშუალების გამოყენებას. მ-ის ამგვარი ინტერპრეტაცია უკავშირდება ფლორენციელი პოლიტიკური მოღვაწისა და თეორეტიკოსის, ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) სახელს, რომლის პოლიტიკური შრომები დასავლეთის პოლიტიკურ მეცნიერებაში არაერთგვაროვნად, ხოლო საბჭოთა ლიტერატურაში უაღრესად ნეგატიურად იყო შეფასებული. დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში უფრო გავრცელებეულია აზრი, რომელიც მაკიაველის პოლიტიკური მეცნიერების პიონერად მოიხსენიებს. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაკიაველის დამსახურებაა, უპირველს ყოვლისა ის, რომ მან პოლიტიკური მეცნიერება ჯერარსობის ფორმიდან არსებულისაკენ შემოაბრუნა. სხვაგვარად, რომ ითქვას პლატონიდან წამოსული ტრადიციის საპირისპიროდ, მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და პოლიტიკური ცხოვრება, არამედ იმას, თუ როგორია ის რეალურად. გარდა ამისა, მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის (და არა მორალურობის პრინციპისა პოლიტიკაში), როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სრულუფლებიანი წევრის დაფუძნება. განსხვავებით სტანდარტული ეთიკური თეორიებისაგან, რომლებიც ადამიანის ქცევის შეფასებისას ხელმძღვანელობს ქცევის მოტივებით, მაკიაველის პოლიტიკური ეთიკა ქცევას აფასებს პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე. მაკიაველიმ აღადგინა ძველი რომაელების კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების (virtu), როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია უმთავრესად ორ ნაშრომში - „მთავარში“, რომელიც მონარქიულ სახელმწიფოს ეხება და „ტრაქტატებში“, სადაც განხილვის საგანია რესპუბლიკა.
მაკროსოციოლოგია - მოიცავს თეორიებს, რომლებიც ფოკუსირებას ახდენს ქცევის მყარ მოდელებზე, დიდ სოციალურ ჯგუფებსა და პროცესებზე მთელი საზოგადოების ანალიზის კონტექსტში. ეს მოდელები ქმნის სოციალურ სტრუქტურებს და მოიცავს ისეთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, როგორიცაა ოჯახი, განათლება, რელიგია, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. მ. გამორჩეულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების განსხვავებულ სტრუქტურებს შორის ურთიერთმიმართებისა და იმ გავლენის შესაწავლას, რასაც ისინი ინდივიდის ქცევაზე ახდენენ. ეს გავლენა მდგომარეობს ინდივიდების სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებულობის აღიარებაში, როდესაც სუბიექტური აქტივობა იზღუდება ობიექტური პატერნებით („სოციალური ფაქტებით“) და წარიმართება მათ მიერ. აღნიშნულ თეორიებს შორის ძირითადია ორი - ფუნქციონალიზმი და კონფლიქტის თეორია.
მალთუსიანელობა - თომას რობერ მალთუსიდან (1766-1883) მომდინარე თეორია, მიდგომა, რომელშიც მოსახლეობის ზრდა არსებობის საშუალებების (საკვების რაოდენობის) ზრდასთან მიმართებაშია განხილული. მალთუსის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებები (საკვების რაოდენობა) არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ნაშრომში „ნარკვევები მოსახლეობის შესახებ“ (Essay on Populiation, 1798, მე-2 გამოცემა - 1803) მალთუსი მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერების, მოსახლეობის ზრდასა და არსებობის საშუალებით მის უზრუნველყოფას შორის ბალანსის შენარჩუნების საქმეში ხაზს უსვამდა ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა ავადმყოფობა, შიმშილი, ძალადობა (მოსახლეობის ზრდაზე „პოზიტიური კონტროლი“), თავშეკავება სექსუალური ცხოვრებისაგან, გვიანი ქორწინება, ზნეობრივი შეზღუდვები („პრევენციული კონტროლი“). მალთუსი ცდილობდა მოსახლეობის ზრდის პროცესების ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები „მოსახელობის კანონის“ სახით ჩამოეყალიბებინა. მალთუსის ამ მოსაზრებების განახლება და განვითარება XX ს-ის 50-იან წლებში სცადა გ. მაკენროტმა (1903-1955).
მანდატი (იმპერატიული) - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი წარმომადგენლის გარკვეულ უფლებებს, უფლებამოსილებას. ამა თუ იმ პარტიის ან პარტიების კოალიციის მიერ არჩევნებში გამარჯვება განიხილება როგორც მის მიერ ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე ან რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკის გატარებაზე მ-ის მიღება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენ დაპირებას იძლევიან არჩევნების წინ პარტიები, ძნელია ვამტკიცოთ, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღო განსაკუთრებული მ. ხალხისაგან, თუმცა სავსებით აზრიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ მან მიიღო ზოგადი მ. მართვაზე. თუ პარტია საარჩევნო კამპანიაში გამოდიოდა რაიმე განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრის ლოზუნგით, მაშინ გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მან მიიღო მ. ამ საკითხის მოგვარებაზე. მ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიურ კონტექსტებშიც, კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულ პარტიას არა აქვს უფლება გაატაროს გარკვეული პოლიტიკა ხალხისაგან განსაკუთრებული მ-ის მიღების გარეშე.
მანიფესტი - დოკუმენტი, რომელიც ასახავს პოლიტიკური პარტიის პროგრამას, რომლის განხორციელებასაც პარტია აპირებს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში. როგორც წესი, მ. უფრო შიდაპარტიული ფრაქციების კომპრომისს ასახავს, ვიდრე მათი მოქმედების შეთანხმებულ პროგრამას. მ-ად იწოდებოდა მარქსისა და ენგელსის მიერ 1848 წელს კომუნისტების კავშირის მითითებით დაწერილი კომუნისტური პარტიის პროგრამული დოკუმენტი, რომელიც, ამავე დროს, თავად მარქსის შეხედულებების ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს გამოხატავს. ამ დოკუმენტში ცალსახადაა განსაზღვრული კაპიტალიზმის გარდაუვალი დაღუპვის, პროლეტარიატის მსოფლიო ისტორიული მისიისა და უკლასო საზოგადოების - კომუნიზმის დადგომის აუცილებლობის იდეა.
მაჟორიტარული სისტემა - საარჩევნო სამართალში კენჭისყრის შედეგების განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი (ან კანდიდატები), რომელმაც საარჩევნო ოლქში ხმათა უმრავლესობა მიიღო. (იხ. საარჩევნო სისტემა.)
მარგინალები - ადამიანთა ერთობა, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მ-მა არ იციან, როგორ (ან სურვილი, არა აქვთ) მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მ-ები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ - კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში - არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვემდებარება. ასეთი სიტუაცია ხშირად კონფლიქტამდე მიდის საზოგადოებაში დომინირებულ ჯგუფსა (კულტურასა) და დაქვემდებარებულ სუბჯგუფს (სუბკულტურას - მაგ., ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსა და მათ კულტურათა) შორის, რასაც კონტრკულტურის გაჩენამდე მივყავართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მ-ის, როგორც სუბკულტურის წარმომადგენლების ურთიერთქმედება სხვა კულტურათა წარმომადგენლებთან ხშირად ხელს უწყობს ამ კულტურათა გადააზრებასა და მათში ახლებურ ხედვათა ჩამოყალიბებას (იხ. მარგინალობა).
მარგინალობა - ტერმინი პირველად გამოიყენა რ. პარკმა 1982 წელს „კულტურული ჰიბრიდის“ აღსანიშნავად, რომელიც ორი განსხვავებული ჯგუფის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევს. მ. ჩვეულ გარემოს და ცხოვრების წესს მოწყვეტილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მდგომარეობაა, რომელთაც დაკარგეს წინანდელი სოციალური კავშირები, ვერ (ან არ) შეეგუენ ცხოვრების ახალ პირობებს და რამდენიმე სოციალური ჯგუფის გამყოფი (შემაერთებელი), სასაზღვრო მდგომარეობა უჭირავთ. მარგინალთა (ჯგუფებისა თუ ცალკეული პიროვნებების) განწყობები, ღირებულებითი ორიენტაციები, ქცევის მოდელები ერთდროულად შეესატყვისება რამდენიმე განსხვავებულ კულტურულ სისტემას, მაგრამ სრულად ინტეგრირებული არც ერთში არ არის. მ. ჩნდება მაშინ, როცა ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები ცხოვრობენ წინააღმდეგობრივი სოციალურ - კულტურული მოთხოვნების კონტექსტის პირობებში. ასეთია მიგრანტები (სოფლიდან ქალაქში, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული პირები), შერეულ ქორწინებაში მყოფნი, პროფესიულ კარიერაზე ორიენტირებული დედები, ბისექსუალები და სხვ. კულტურული მ. სოციალური ჯგუფებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა სტატუსის, აგრეთვე სოციალურ - ფსიქოლოგიური თავისებურებების მახასიათებელია. მარგინალურ სუბკულტურათა სტატუსს განსაზღვრავს მათი ორიენტაციების შესატყვისობა სოციოკულტურული სისტემების განაპირა არეალთან - საზოგადოებრივად მიღებული სტანდარტებისაგან მკვეთრად განსხვავებული ნორმები და ორიენტაციები, მათგან დისტანცირება და სხვ., რაც დომინირებული კულტურის მხრიდან მათ მიმართ, რაიმე ფორმით მიუღებლობას აჩენს. მ-ის ფორმირების ობიექტური პირობებია საზოგადოებრივ სისტემათა ტრანსფორმაციის პროცესები, სოციუმში სოციალურ გადანაცვლებათა ინტენსიფიკაცია, კულტურათა შორის ურთიერთობების გააქტიურება, განსაკუთრებით, მიგრაციის პროცესები. გარდა ამისა, არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც, მაგალითად, სოციალურად მისაღები მიზნებისა და მათ მისაღწევად არსებული წესების ურთიერთმიმართება. მერტონის თვალსაზრისით, სუბკულტურების, მათ შორის, მარგინალურის, შემქმნელ რეაქციათა ძირითად ტიპებს მიეკუთვნება ინოვაცია (მიზნების მიღება, მაგრამ მისაღწევ წესთა მიუღებლობა), რიტუალიზმი (მიზნების მიუღებლობა, მაგრამ სოციალურად მისაღებ წესთა მიღება), რეტრიტიზმი (ერთდროულად მიზნებისა და მისაღწევი წესების მიუღებლობა) და ბუნტი (მიზნების მიღება, მაგრამ მისაღწევ წესთა ტოტალური უარყოფა, თუმცა ხშირად ასეთი სტრატეგია ახალი იდეოლოგიის შექმნით მთავრდება). მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მ. ღირებულებითი და ნორმატიული ამბივალენტობის პროდუქტია, სოციალურ - კულტურული სისტემების ამგვარი ურთიერთქმედება ხშირად ხელს უწყობს ახლებური ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალი იდეების გაჩენას.
მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია) - გამოყენებითი სოციოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მენეჯმენტში „სოციოლოგიურ ზედნაშენს“. თუმცა თავად მენეჯმენტი მოიცავს საქმიანი ურთიერთობების ეკონომიკურ, ტექნიკურ-ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ საკითხებს. მენეჯმენტი ხშირად გამოიყენება როგორც მ.ს-ის, ი.ს-ის ეკვივალენტი. მენეჯმენტი და შესაბამისად მ.ს. სწავლობს: 1) სოციალურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სამრეწველო საქმიანობაზე. 2) მენეჯმენტი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც საზოგადოებრივი წარმოების მართვის ორგანიზაციულ - ტექნიკური და სოციალური ასპექტების კვლევითაა დაკავებული. მენეჯმენტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს და პრაქტიკაში დანერგოს მართვის ზოგადი პრინციპები, რომელიც გამოსადეგი იქნება ნებისმიერი საზოგადოებისათვის. მ.ს-ს საფუძველი XIXს-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისში ჩაეყარა. მის ფუძემდებლად ითვლებიან ამერიკელი ინჟინრები ფ.ტეილორი (აქედან - ტეილორიზმი), ს.ტომპსონი, გ.ემერსონი და სხვ. ისინი ძირითადად ყურადღებას შრომის ნაყოფიერების ამაღლებისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების საკითხებზე ამახვილებდნენ. თანამედროვე მენეჯმენტისა და მ.ს-ის თეორიას საფუძველი ჩაუყარეს მასლოუმ, მეიომ, დრაკერმა, მაკგრეგორმა, ჰერცბერგმა და ლაიკერტმა. მათ დაამუშავეს „შრომის გამდიდრებისა“ და „ჰუმანიზაციის“ კონცეფცია.
მარქსიზმი - ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და სოციალურ - პოლიტიკურ შეხედულებათა სისტემა, რომლის ფუძემდებლები არიან კ.მარქსი და ფ.ენგელსი. მოიცავს ფილოსოფიურ მატერიალიზმსა და დიალექტიკას, ისტორიის მატერიალისტურ გაგებას (საზოგადოებრივი ფორმაციების თეორია), კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებას, ეკონომიკური კანონების დაფუძნებას (ზედმეტი ღირებულების თეორია და ა.შ.), კლასებისა და კლასობრივი ბრძოლის, პროლეტარული რევოლუციის, კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის თეორიას. არსებობს მ-ის სხვადასხვა ინტერპრეტაცია: საბჭოთა მ., ტროცკიზმი, დასავლეთის მ., მესამე სამყაროს მ., ნეომარქსიზმი და ა.შ.
მარქსი ცნობილია, როგორც საზოგადოებისადმი სისტემური მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სოციალური სისტემის მისეული მოდელი განიხილება როგორც სოციალურ ურთიერთობათა სისტემა, რომლის საფუძველიც ეკონომიკური ბაზისია, ხოლო მთელი პოლიტიკური და იდეოლოგიური ზედნაშენი ემყარება ძალაუფლებასა და ძალადობას. მარქსი ასევე გვევლინება სოციალურ განვითარებაში კონფლიქტოლოგიური პარადიგმის ერთ - ერთ პიონერად. კონფლიქტის საფუძვლად მას მიაჩნია ანტაგონიზმი. წარმოებით ურთიერთობებსა და საწარმოო ძალებს, წარმოების საზოგადოებრივ ხასიათსა და მითვისების კერძო კაპიტალისტურ ფორმებს შორის, რომლის კლასობრივი გამოხატულებაა კაპიტალისტებსა და პროლეტარებს შორის არსებული ანტაგონიზმი, ხოლო მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს სოციალისტური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შედეგად. ეს უკვე ნიშნავს პროლეტარიატის გადაქცევას ,,კლასიდან თავისთავად“ „კლასად თავისთვის“. ე.წ. გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი ნავარაუდები იყო კომუნისტური საზოგადოების, როგორც ახალი საზოგადოებრივ -ეკონომიკური ფორმაციის დამყარება. როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, მ - ის სუსტ მხარეს წარმოადგენდა სოციალურ-პოლიტიკური და განსაკუთრებით, სოციალურ-კულტურული ფაქტორების საზიანოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკური ფაქტორების ადგილისა და მნიშვნელობის ცალმხრივი გაზვიადება, მხოლოდ მუშათა კლასის როლის აბსოლუტიზაცია სხვა ძალების ჯეროვნად დაუფასებლობის ფონზე; გაძლიერებული აქცენტი სოციალურ - პოლიტიკურ ცვლილებათა ძალისმიერ, რევოლუციურ ფორმებზე; კაპიტალიზმის ისტორიული როლისა და პერსპექტივების, მისი ახალ პირობებთან შეგუების შესაძლებლობების სათანადო შეუფასებლობა, კლასობრივი გაზვიადება, უკიდურესი იდეოლოგიზაცია, განსხვავებულ აზრთან შეუგუებლობა და ა.შ. ზემოაღნიშნულმა - მ-ის მოძღვრების არსის სერიოზულმა დამახინჯებამ იგი მარქსისტულ ლოზუნგებს ამოფარებული ტოტალიტარული რეჟიმების მსხვრევამ, მ. სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა.
მარქსის ნააზრევმა არსებითი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის მთელ რიგ დასავლურ მიმდინარეობებზე, ეგზისტენციალიზმზე (ჟ.პ.სარტრი), შემეცნების სოციოლოგიაზე, (მ.შელერი), ფრანკფურტის სკოლის სოციალურ ფილოსოფიაზე (მ.ჰორკჰაიმერი, თ.ადორნო, ჰ.მარკუზე, ე.ფრომი, ი.ჰაბერმასი), სტრუქტურულ სოციოლოგიასა და სხვ. ამავე დროს მარქსისტულ თეორიაში მისი კრიტიკოსები ხედავდნენ „ღია საზოგადოების მტერს“ (კ.პოპერი), და მიაჩნდათ რომ მისი თეორიიდან პრაქტიკულად გამომდინარეობს ტოტალიტარიზმი, სადაც უგულებელყოფილია პიროვნების თავისუფლება.
მასმედია - 1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ბეჭდვითი, რადიო, ტელევიზია, კინო, რეკლამა და ა.შ.) 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესი (ანუ მასობრივი კომუნიკაცია) მრავალრიცხოვან და გაშორიშორებულ აუდიტორიაში. მ. გაჩნდა ბეჭდვითი პრესის დაბადებასთან ერთად XIX ს-ში. მისი შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სამეცნიერო - ტექნიკურ პროგრესთან. მ-ს სპეციფიკური თავისებურებები აქვს: ურთიერთობაში მყოფ მხარეთა კონტაქტების არაპირდაპირი ხასიათი უკუკავშირის თავისებურება, სხვადასხვაგვარ აუდიტორიაზე ერთდროული ზემოქმედება, ინფორმაციის გადაცემის სიხშირე და რეგულარულობა, შეტყობინების შინაარსის უნივერსალურობა სტერეოტიპიზაციის ელემენტებით, მრავალგვარი ტექნიკური შესაძლებლობის, აგრეთვე ინფორმაციის მომპოვებელ, გადამამუშავებელ და გამავრცელებელ სპეციალურ ორგანიზაციათა გამოყენება; თანამედროვე ეტაპზე მ-ის საშუალებები, ტელეგრაფ-ტელეფონთან და რადიო-ტელევიზიასთან ერთად, მოიცავს უახლესი ტექნოლოგიის ფართო სპექტრს კომპიუტერების, ვიდეო-საშუალებების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით. მათი გავლენა ადამიანებსა და საზოგადოებაზე მ-ის სოციოლოგიის შესწავლის საგანია (იხ. მასმედიის (მასობრივი კომუნიკაციის) სოციოლოგია).
მასმედიის (მასობრივი კომუნიკაციის) სოციოლოგია - სოციოლოგიის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესებს, აგრეთვე მათ სოციალურ განპირობებულობასა და ზემოქმედების შედეგებს. ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესი ბევრი სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს სპეციალისტს აინტერესებდა, რამაც მასმედიის პრობლემატიკისადმი თეორიულ მიდგომათა მრავალფეროვნება განაპირობა. წამყვანია 3 ძირითადი მიდგომა: 1) სოციალურ-ფსიქოლოგიური, რომელიც ყურადღებას ამახვილებს. მასობრივი კომუნიკაციის პროცესებსა და ზემოქმედებაზე; 2) მეორე მიდგომამ ცვლილებები შეიტანა თეორიულ ორიენტაციაში (განსაკუთრებით, სტრუქტურული ფუნქციონალიზმის გავლენით) და აქტუალური გახდა მასობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტებისა და მათი სოციალური კონტექსტის საკითხი; 3) XXს-ის 60-იან წლებში სტრუქტურალიზმის გავლენით ჩამოყალიბებულმა მესამე მიდგომამ შესწავლის საგნად აქცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადაცემული შეტყობინებები და მნიშვნელობები. შესაბამისად, მასმედიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შესწავლის ობიექტებიც განსხვავდებოდა: XXს-ის 30-40-იან წლებში ეფექტური პროპაგანდისტული ზემოქმდების პირობებისა და შინაარსის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკულმა სკოლამ (ლასუელი, ჰოვლანდი), რომელმაც ლასუელის ცნობილი ფორმულით - „ვინ აცნობებს, რას აცნობებს, რომელი არხებით, ვის და რა ეფექტით“ - გამოხატა მ.ს-ის ძირითადი პრინციპი. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა კვლევათა მეთოდიკური არსენალი: მასობრივი შერჩევითი გამოკითხვა და აუდიტორიის საპანელო კვლევა (ლაზარსფელდი), კონტენტ-ანალიზი (ლასუელი, ბერელსონი), ექსპერიმენტები (ლევინი და ჰოვლანდი). მოგვიანებით, დამოკიდებულებების თეორიაზე დაყრდნობით, ჩამოყალიბდა მასობრივი კომუნიკაციის ეფექტურობის გამაშუალებელი კონცეფცია (კლაპერი) და ორსაფეხურიანი კომუნიკაციის თეორია, რაც გულისხმობს, რომ იდეები (ინფორმაცია) ხშირად ვრცელდება მ.ს-ის საშუალებიდან „საზოგადოებრივი აზრის ლიდერებამდე“, ხოლო მათგან - სხვა, ნაკლებად აქტიურ მიმდევრებამდე - რეციპიენტებამდე. ჩვეულებრივ შეისწავლიან: ა) კომუნიკატორის, აუდიტორიის, შეტყობინების შინაარსისა და მასობრივი ინფორმაციის აღქმის პრობლემებს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა (ბეჭდვითი, რადიო, ტელევიზია, კინო, რეკლამა და სხვ.) თავისებურებებს; გ) მასობრივი ინფორმაციის სისტემის ფუნქციონირების კანონზომიერებებს. მ.ს-ის ძირითადი თეორიული პრობლემაა მიმართებების გააზრება მასმედიასა და საზოგადოებას შორის, აგრეთვე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა როლი კულტურის შექმნაში და სხვ.
მასობრივი განადგურების იარაღი - კრებითი ტერმინი, რომელიც გამოხატავს სამი კლასის იარაღთა სისტემას: ატომურს (ბირთვულს), ბიოლოგიურსა და ქიმიურს. ამ იარაღის კლასების ინგლისური დასახელების აბრევიატურიდან გამომდინარე, ზოგჯერ გამოიყენება აღნიშვნა ABC. მ.გ.ი. განსხვავდება ჩვეულებრივი იარაღისაგან როგორც შეუდარებლად მეტი გამანადგურებელი ძალით, ისე იმ ზიანის მასშტაბით, რაც მათი გამოყენების თანამდევ და შემდგომ მოვლენებს მოაქვს. მსოფლიოში დღეს არსებული მ.გ.ი-ის საერთო სიმძლავრე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლის სრული მოსპობისათვის იქნებოდა საკმარისი. ამიტომ ცივი ომის პერიოდში დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი მ.გ.ი-ის წარმოების შეზღუდვა და განიარაღება იყო. ამჟამად განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მ.გ.ი-ის შექმნა ე.წ. პარია (არამზადა) სახელმწიფოების (იხ. ურჩი სახელმწიფო) მიერ. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ ეს იარაღი ავტორიტარული და უპასუხისმგებლო რეჟიმების ხელში არ აღმოჩნდეს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - იხ. მასმედია.
მასობრივი საზოგადოება - ცნება, შემოტანილი იმ საზოგადოების დასახასიათებლად, რომელიც შედგება ატომიზებული ადამიანებისაგან. ამ ტიპის ადამიანები ემოციურად ძნელად ეგუებიან ნებისმიერი შუალედური ჯგუფის არსებობას, რომელიც შეიძლება ჩადგეს მათსა და სახელმწიფო ძალაუფლებას შორის. ამ თვალსაზრისით, მ.ს. ტოტალიტარიზმის რელევანტურია, როგორიც იყო, მაგ., გერმანული ფაშიზმი ან საბჭოთა ბოლშევიზმი. თუმცა, ეს ცნება, ზოგადად, გამოიყენება თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოების აღსაწერად, რომელმაც დაკარგა წარსული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ინტიმურობა და აუთენტურობა. მ.ს. ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: იგი გამოირჩევა არადიფერენცირებულობის მაღალი ხარისხით; მისი შემადგენელი ინდივიდების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია, მათ დაკარგული აქვთ ინდივიდუალობა და მათი ქმედებები რუტინულია; აღარ არსებობს საყოველთაო მორალური ღირებულებები და, ამის მიუხედავად, მასა მიდრეკილია იდეოლოგიური ფანატიზმისაკენ; ინდივიდები გამოირჩევიან პოლიტიკური აპათიურობით, მათ შორის კავშირები შესუსტებულია და, ამდენად, იოლად ემორჩილებიან მანიპულირებას დიქტატურისა და ბიუროკრატიის მხრიდან; ლოკალური ტრადიციები და კულტურა გადაფარა მასმედიის გავლენამ, კულტურა (ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია და მეცნიერება) გადაიქცა მასობრივ, დაბალი გემოვნების კულტურად. მ.ს-ის თეორია, ძირითადად, განვითარდა 1920-60 წლებში და დაკავშირებულია ფრანკუფრტის სკოლასთან (ადორნო, ბენიამინი, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე), რომლის ბევრი წარმომადგენელი იძულებული გახდა ჰიტლერული გერმანიიდან ამერიკაში გაქცეულიყო.
მასონობა - რელიგიურ-ეთიკური მოძღვრება და მოძრაობა (საზოგადოება), რომელიც XVIII ს-ის დასაწყისში ინგლისში წარმოიშვა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. იგი მიზნად ისახავდა მსოფლიო ფარული ორგანიზაციის შექმნას და კაცობრიობის ერთიან რელიგიურ-ეთიკურ საძმოში მშვიდობიან გაერთიანებას. მისი დასახლება, ორგანიზაცია, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გადმოღებულ იქნა შუა საუკუნეების საამქროებიდან (მათ შორის, ქვის მჭრელების), საძმოებიდან და ორდენებიდან. ადამიანური ზნეობრივი სრულყოფისა და განმანათლებლობის ქადაგებას თან ახლდა სპეციალური რიტუალების, ადათ-წესების შესრულება და იდუმალება. მასონები თავის თავს ღვთის წარგზავნილებად (ქვის მთლელებად) თვლიდნენ და მის სადიდებლად ახალი მსოფლიო წყობა უნდოდათ შეექმნათ. მ-ის გავლენის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს XVIIIს-ის დასასრული და XIXს-ის დასაწყისი, მაგრამ დღესაც იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი, ფარული ორგანიზაციაა, რომელიც თავის რიგებში რამდენიმე მილიონ ადამიანს აერთიანებს და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მისი დანაყოფები (ლოჟები) ფუნქციონირებს, განსაკუთრებით, აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვ. როგორც ადრე, მასონები არც დღეს გამოირჩევიან მკვეთრი სოციალ-პოლიტიკური, კონფესიონალური და სხვ. ორიენტაციით, ამიტომაც სხვადასხვა სიტუაციებში მათ შეიძლება მხარი სხვადასხვა ძალებს დაუჭირონ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დაუშვებელია მ-ობის როლისა და გავლენის გაზვიადება და სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური მითების შქმნა ე.წ. მასონების „მსოფლიო შეთქმულების“ შესახებ.
მატერიალური კულტურა - ცნება, რომელიც გაჩნდა კულტურის მატერიალურად და სულიერად დაყოფის შედეგად. ტერმინი აღნიშნავს ყოველგვარ მატერიალურ საგანს, აგრეთვე, გამოგონებებსა და ცვლილებებს ტექნოლოგიის განვითარებაში. მ.კ-ის ცნებით ხშირად უპირისპირდებიან სულიერი კულტურის ცნებას, მაგრამ ამგვარ დაპირისპირებას შედარებითი ხასიათი აქვს, რამდენადაც კულტურის ნებისმიერი ფენომენი სემიოტიკური ქმნილებაა. მ.კ-ის საგნები ადამიანთა ცხოვრებაში ორმაგ როლს ასრულებს: ერთი მხრივ, ისინი პრაქტიკული მიზნების მიღწევის, მეორე მხრივ კი სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის საშუალებებია. მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ მხოლოდ მეორე ფუნქციის მეშვეობით იქცევიან ისინი კულტურის ფენომენებად.
მატრიარქატი - ქალის ძალაუფლებაზე დამყარებული ორგანიზაცია, ქალის დომინირებული მდგომარეობა (საკუთრების, სოციალური მდგომარეობის დედის ხაზით მემკვიდრეობა) საზოგადოებაში. ტერმინის გაგება მრავალგვარია. მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ გაგებული იყო როგორც ქალების იმთავითვე წამყვანი მდგომარეობა მეურნეობასა და საზოგადოებაში, აგრეთვე ამ საწყისთა ასახვა სულიერ სფეროში. ეს თვალსაზრისი ეყრდნობოდა არა მარტო ჯგუფური ქორწინებისა და დედის ხაზით ნათესაობის ისტორიულ პრიორიტეტს, არამედ მრავალგვარ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მონაცემსაც ქალის შედარებით მაღალ მდგომარეობაზე პირველყოფილ საზოგადოებაში და ამ ვითარების ნარჩენებზე ადრეკლასობრივ საზოგადოებებში, მაგრამ არსებობს აზრსხვადასხვაობა მ-თან დაკავშირებით. მორგანის თვალსაზრისით, კლასიკურმა პირველყოფილმა საზოგადოებამ არ იცის სქესთა უთანასწორობა. ენგელსი მიიჩნევდა, რომ პირველყოფილი მატრიარქალური კლანი საზოგადოებრივი წყობის ერთ-ერთი ადრინდელი ფორმაა და ზოგიერთ ხალხში წინ უსწრებს პატრიარქატს, მაგრმ დედის უფლებებზე დამყარებული სამართლებრივი სისტემის დამხობამ დააფუძნა პატრიარქალური ოჯახი, რასაც მოჰყვა მამაკაცის უპირატესობაზე (მათ შორის, უკამათო მამობის პირობებში მემკვიდრეობის პრობლემის მოხსნა) დამყარებული მონოგამიური ოჯახური ერთეულის წარმოქმნა. ამ გაგების საპირისპირო თვალსაზრისით, სოციალური ორგანიზაციის წარმოშობის საწყისი ფორმა დესპოტური პატრიარქატით მართულ ოჯახთა კორპორაციულ ჯგუფზე დამყარებული ორგანიზაციაა. ამ დებატებმა სათავე დაუდო ფემინისტურ ანთროპოლოგიასა და ფემინისტურ სოციოლოგიას. დებატები მატრიარქალური საზოგადოებების არსებობის თაობაზე დღემდე გრძელდება. რადიკალური ფემინიზმისაგან განსხვავებით, თანამედროვე ფემინისტურ აზროვნებას მ. ესმის როგორც ქალით ორიენტირებული ან მასზე გულისყურმიპყრობილი საზოგადოებები და კულტურები.
მაღალი პოლიტიკა - ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც ეროვნული ინტერესების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა (შედრ. დაბალი პოლიტიკა). მ.პ. გულისხმობს, რომ საგარეო კონფლიქტისა და საერთაშორისო კრიზისების პირობებში საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. მ.პ. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს გადარჩენასა და გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებს.
მთავრობა - ხშირად მხოლოდ აღმსარებელი ხელისუფლების სინონიმად იხმარება, განსხვავებით „ხელისუფლებისაგან“ როცა გულისხმობენ ხელისუფლების სამივე შტოს. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, მ-ს აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უმეტესწილად ფორმირებულია ერთი პარტიის წარმომადგენლების მიერ. ასეთი ვითარება განსაკუთრებით ხშირია ორპარტიულ სისტემებში. უმრავლესობის, მ-ს, რომელსაც პრაქტიკულად ხელები აქვს გახსნილი საკუთარი პროგრამის გასატარებლად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ითვლება, რომ თუკი რომელიმე პარტიამ დააკომპლექტა უმრავლესობის მ., მას უნდა მიეცეს პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციის საშუალება იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა ყველაზე უფრო ადეკვატურად გამოხატავს ამომრჩევლების ინტერესებს.
მედიანა - მნიშვნელობა, რომელსაც ცენტრალური მდგომარეობა უჭირავს და გააჩნია მრავალი სიდიდე როგორც თავისზე დაბლა, ასევე - ზევით. იგი განსაკუთრებით შედეგიანია მოცემული რიგის დონის ზომებისათვის, სადაც ფარდობითი მანძილები კატეგორიებს შორის უცნობია (თუმცა, ამ დროს საშუალოსაც მიმართავენ ხოლმე).
მეთოდოლოგია - იმ პრინციპებისა და ხერხების ერთობლიობა, რომელიც ახდენს მეცნიერული კვლევის ორგანიზებას. მას სხვანაირად მეცნიერული კვლევის სტრატეგიასაც უწოდებენ. მ. უნდა განვასხვავოთ მეცნიერული, მათ შორის, სოციოლოგიური თეორიისაგან. პირველი უფრო ფართოა მეორეზე. მ. უშუალოდ არ უკავშირდება სოციალურ პრობლემებს, მისი პრინციპები შეიძლება გამოსადეგი გახდეს რიგი მეცნიერებებისათვის, რომლებსაც კვლევის სხვადასხვა საგანი აქვთ. მაგ., გამოკითხვის მეთოდი წარმატებით მუშაობს ფსიქოლოგიურ კვლევებში, ხოლო ისეთი სტატისტიკური მეთოდი, როგორიცაა მახასიათებლების გაზომვა, ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ სოციალურ, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. რაც შეეხება სოციალურ თეორიას, იგი განსაზღვრულია საგნობრივი შინაარსით, რომელიც გამოყოფს მას სხვა დისციპლინებისაგან. მ-სა და თეორიას შორის განსხვავებას ასეც გამოხატავენ: პირველი უპასუხებს კითხვაზე - „როგორ“?, ხოლო მეორე - კითხვაზე „რა“? შესაბამისად, მ. უფრო მეტად ფორმალიზებული დისციპლინაა, ხოლო სოციალური თეორია - შინაარსობრივი.
ნებისმიერი მეცნიერული, მათ შორის სოციოლოგიური კვლევა საჭიროებს შესაბამის მ-ს. სოციოლოგიური კვლევის მ. (მას ზოგჯერ სოციოლოგიური კვლევის მეთოდიკასაც უწოდებენ) პროცედურათა სისტემაა, რომელიც მოიცავს ოპერაციათა ერთობლიობას, კერძოდ, მეთოდების ტექნიკური საშუალებებისა და კვლევის ინსტრუმენტების თანამიმდევრულ გამოყენებას. მეთოდი ემპირიულ-სოციალურ კვლევაში წარმოადგენს პირველადი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის ძირითად ხერხს. რაც შეეხება ტექნიკას, ის შეიცავს სპეციალურ წესებს, რომელთა გამოყენება აუცილებელია ამა თუ იმ მეთოდის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. მაგალითად, ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ მეთოდად შეიძლება გამოიყენონ ანკეტური გამოკითხვა ან ინტერვიუ. ტექნიკა მოცემულ შემთხვევაში იქნება კითხვების ფორმულირების სხვადასხვა წესი (ღია და დახურული, პირდაპირი და ირიბი, ძირითადი და საკონტროლო და ა.შ. კითხვები). რაც შეეხება თავად კითხვარს, მისი შევსების ინსტრუქციასა და სხვა დოკუმენტებს - ყველაფერი ეს კვლევის ინსტრუმენტებია (იხ. კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები).
მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი - თეორიული პოზიცია, რომელიც მოითხოვს, რომ ადეკვატური სოციოლოგიური ანალიზი ეფუძნებოდეს მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მახასიათბლებს. ამ პოზიციაზე იდგა, მაგ., მაქს ვებერი, რომელიც მოქმედებაში ნაგულისხმევი სუბიექტური საზრისის, ანუ მოქმედების სუბიექტური ინტერპრეტაციის კვლევით შემოფარგლავდა სოციოლოგიას და თვით ისეთი სოციალური ფენომენების, როგორიცაა კაპიტალიზმი ან სახელმწიფო, შესწავლას (ახსნას) მოითხოვდა რეალური ან აბსტრაქტული ინდივიდების ქმედებათა კონტექსტში. მ.ი. ჩამოყალიბდა როგორც ფუნქციონალიზმის ოპოზიცია. ფუნქციონალისტები, კერძოდ, დიურკემი ამტკიცებდა, რომ სოციოლოგიური ანალიზი უნდა მიიმართებოდეს არა ინდივიდუალური მოტივაციებისაკენ (რაც დევიაციების წყაროა), არამედ „სოციალური ფაქტებისაკენ“, რომლებიც ინდივიდებისაგან დამოუკიდებლად, კოლექტიურობის ფორმით არსებობს. პარსონსი, აგრეთვე ამტკიცებდა, რომ სოციოლოგიამ უნდა შეისწავლოს სოციალური ჯგუფის ე.წ. „ემერჯენტული თვისებები“, ანუ ის თავისებურებები, რომლებიც არ დაიყვანება ჯგუფის შემადგენელი ცალკეული ინდივიდების მახასიათებლებამდე, არამედ მხოლოდ მათ შორის ურთიერთობის მოდელებში ვლინდება. ამის საპირისპიროდ, მ.ი. ამტკიცებს, რომ ყველა სოციოლოგიური ახსნა უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ინდივიდებისადმი მიმართვით. სუბიექტური მნიშვნელობებისაგან დამოუკიდებლად, კოლექტიური სოციალური ფორმები (სისტემები, სტრუქტურები და სხვ.), მხოლოდ ფიქციაა. ამ შეხედულებას, ჩვეულებრივ აკრიტიკებენ იმ პოზიციიდან, რომ შეუძლებელია ინდივიდები მთლიანად გავათავისუფლოთ კულტურასა და სტრუქტურულ კონტექსტებზე დამოკიდებულებისაგან.
მემარცხენეობა - თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკური კურსის გამოხატვის რადიკალურ ან პროგრესულ გზას, მაგრამ თავდაპირველად მას პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა. 1789 წელს საფრანგეთში გენერალური შტატების მოწვევისას მდაბიო მოსახლეობა (მესამე ფენის - ქალაქთა კორპორაციების წარმომადგენლები) მეფისაგან მარცხნივ ისხდნენ, ხოლო თავად-აზნაურობას უფრო საპატიო მარჯვენა მხარე ეჭირა. მ-ის რეალური შინაარსი დროისა და ადგილის გავლენის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება და საკმაოდ არაერთგვაროვანია, მგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, ეგალიტარიზმისკენ სწრაფვას, მუშთა (კარგად ორგანიზებულ) კლასზე დაყრდნობას, მრეწველობის ნაციონალიზაციის მხარდაჭერას, ანტაგონიზმს იერარქიის მიმართ, ნაციონალისტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიუღებლობას. განსაზღვრება მ. გამოიყენება პოზიციების დასაფიქსირებლად როგორც ერთი პარტიის შიგნით, ასევე პარტიებს შორის. მემარცხენეთა ფრთას ეკუთვნიან სოციალისტები, რომელთაც უკიდურესი პოზიცია უკავიათ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ. მემარცხენე კომუნიზმად (რომელსაც ლენინმა 1920 წ. „საყმაწვილო დაავადება“ უწოდა), ცინიზმის, გარკვეული დოზით, შეიძლება მოინათლოს კომუნიზმის ყველა ის ფორმა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მყოფი კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელების მხარსაჭერით არ სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, 1920-30 წწ. ცალკეულმა მიმართულებამ მემარჯვენე ან მემარცხენე მოძრაობების დასახელება მიიღო. მ., როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელი როლის სათანადო გათვალისწინების გარეშე, ხალხის რევოლუციისაკენ წაქეზებას ნიშნავდა, ხოლო მემარჯვენეობა - „ახალი ეკონომიკური პოლიტიკისა“ (ნეპის) და ბაზრის აქტიურ მხარდაჭერას.
მემარჯვენეობა - როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინის წარმოშობა სრულიად შემთხვევით გარემოებებს, საფრანგეთის პირველ რევოლუციურ პარლამენტში (1789) დეპუტატთა მიერ დაკავებულ ადგილებს მიეწერება (იგივე ითქმის მემარცხენეობის შესახებაც). უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომელიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფება იყო. ცენტრში ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლერიკალები და როიალისტები განთავსდნენ. ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მონარქია და პრივილეგიები მაშინ, როდესაც მემარცხენეები ქვეყანაში სახალხო სუვერენიტეტის და რადიკალური გარდაქმნების მომხრეები იყვნენ. იმავე მნიშვნელობით ტერმინები მემრჯვენე, მემარცხენე დღეს, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყენება. ერთ-ერთი გავრცელებული კრიტერიუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული მოღვაწეების პლატფორმას მეარჯვენეობა/მემარცხენეობის სპექტრზე გაანაწილებდა, არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, ინდივიდისა და ეკნომიკის მიმართ. მემარჯვენე პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინდივიდის ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობაში ჩარევის მინიმალიზაციას. მ., როგორც წესი, ელიტისტური თუ სხვა მოსაზრებებით, ეწინააღმდეგება მოსახლეობის ფართო ფენების ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, რადიკალურ რეფორმებსა და ცდილობს არსებული პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას. ტერმინი „მემარჯვენე“ ხშირად „კონსერვატორის“ (იხ. კონსერვატიზმი) სინონიმად იხმარება.
მემკვიდრეობითობა - ცოცხალი სისტემებისათვის დამახასიათებელი თვისება თავისივე მსგავსის კვლავწარმოქმნისა, რაც გულისხმობს თაობიდან თაობაში ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა გადაცემას. ინტელექტთან დაკავშირებით მ-ს განიხილავენ ბუნებისა და აღზრდის ურთიერთმიმართების პოლემიკის კონტექსტში, აგრეთვე ანტისოციალური ქცევებისა და დანაშაულის მიზეზების შესახებ დისკუსიებში. მ-ის გაუმჯობესების შესახებ მეცნიერება ევგენიკა, რომელიც ეყრდნობა დაუმტკიცებელ კავშირებს გენეტიკურ მ-სა და ადამიანის სხვადასხვა სოციალურ თუ ინდივიდუალურ თვისებებს შორის, ასოცირდება რასობრივად წმინდა საზოგადოების შექმნის ნაცისტურ გეგმასთან.
მემორანდუმი - დიპლომატიური დოკუმენტი ან მიმოწერის ფორმა, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე სახელმწიფოს, პოლიტიკური მხარის პოზიციას. მ., როგორც წესი, აღწერს საქმის ფაქტობრივ ან იურიდიულ მხარეს, დაერთვის ნოტას ან დამოუკიდებელი სახით გადაეცემა მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს. მას თან არ ახლავს ნოტისათვის დამახასიათებელი თავაზიანი ფორმულირებები, არა აქვს ხელმოწერა და ბეჭედი. (იხ. აგრ. დემარში).
მენეჯერი - ხელმძღვანელი პირი საკუთარი კაპიტალის გარეშე. ასევე პირი, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე ორგანიზაციასა ან წარმოებაში. დიდი წარმოებების წარმოშობასთან ერთად მოხდა წარმოების მესაკუთრისა და ხელმძღვანელის ფუნქციათა გამიჯვნა. მ-ები სამ ფენად იყოფიან: უფროსი, საშუალო და უმცროსი. უფროსი მ-ების ფენა მოიცავს მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებს, მაშინ როცა უმცროსი მ-ების ფენა წარმოდგენილია დისპეტჩერებით, მართვის სხვა დაბალ საფეხურს მიკუთვნებული პირებით, რომლებიც მათ დაქვემდებარებულ პერსონალზე (მუშებზე) ოდნავ მეტ ანაზღაურებას იღებენ. სოციოლოგიაში მიმდინარეობს დისკუსია მ-ების ადგილისა და როლის შესახებ საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაში (აბერკომი და ური, 1983), ასევე, სოციოლოგები ლაპარაკობენ მ-ული რევოლუციის შესახებ (ბერნჰაიმი), რომელიც გულისხმობს პროფესიონალ მ-თა რიცხვის ზრდას. (იხ. აგრ. მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია)).
მენეჯმენტი - იხ. მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია).
მერი - ქალაქის ადგილობრივი მმართველობის მეთაური. ქალაქის მ-ს ზოგიერთ ქვეყანაში ირჩევენ ქალაქის საკრებულოს დეპუტატები (ამგვარი პრაქტიკა გავრცელებულია საფრანგეთსა და შვეციაში) ან პირდაპირ ამომრჩევლები (ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში). სხვაგან, მაგ., ჰოლანდიაში ქალაქის მ. ინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მოქმედების არანაკლებ თავისუფლებას ფლობს, ვიდრე არჩეული მ-ები სხვა ქვეყნებში.
მერია - 1. მუნიციპალური მმართველობა. 2. მუნიციპალური მმართველობის შენობა.
მერიტოკრატია - საზოგადოების ელიტარული ნაწილი, რომლისადმი მიკუთვნილობა განისაზღვრება არა ჩამომავლობით ან სოციალური მდგომარეობით, არამედ პიროვნული უნარებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით. მ., როგორც სოციალური იერარქიის საფეხურებზე გადაადგილების პრინციპი, პირველად სახელმწიფო პოილიტიკის დონეზე სრულიად გამოიყენეს 1789 წლის რევოლუციის შემდგომ და განსაკუთრებით ნაპოლეონის ეპოქის საფრანგეთში, როგორც „ნიჭისათვის ღია გზის“ პრინციპი.
მერკანტილიზმი - XVს-დან ევროპაში გავრცელებული ეკონომიკური თეორია, რომელიც საზოგადოების კეთლიდღეობის საფძვლად თვლიდა არა მრეწველობის განვითარებას, არამედ სასაქონლო და ფულადი საშუალებების ბრუნვას. მერკანტილისტური დოქტრინა მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო ვაჭრობის იმგვარ რეგულირებას, როდესაც საქონლის გატანა სჭარბობს მის შემოტანას, ხოლო ქვეყანაში შემოტანილი დოვლათი გროვდება ფულადი კაპიტალის სახით. ტერმინის აღნიშნული გაგება საფუძვლად დაედო უფრო ფართო მნიშვნელობას ყოველდღიურ სიტყვათგამოყენებაში, როდესაც მერკანტილურად ითვლება ანგარიშიანობასა და სარგებლობაზე დამყარებული ქცევა.
მესამე სამყარო - ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დეკოლონიზებული ქვეყნების, ჩვეულებრივ, სუსტი და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების კრებითი სახელწოდება. მ.ს. მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. ეს ცნება გაჩნდა ცივი ომის პერიოდში, რათა ზემოთ ნახსენები ქვეყნები, ერთი მხრივ, განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებისაგან („პირველი სამყარო“), ხოლო მეორე მხრივ, კომუნისტური ბლოკისაგან („მეორე სამყარო“) განესხვავებინათ. მ.ს-ს ქვეყნებს ახასიათებს არამყარი უსაფრთხოება, ეთნიკური სიჭრელე, სასაზღვრო დავები, არასტაბილური პოლიტიკური სისტემები, პატრიმონიალური ან ნეოპატრიმონიალური მმართველი რეჟიმები, კოლონიური და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკები, რომლებშიც სოფლის მეურნეობა და მოპოვებითი დარგები ჭარბობს. საერთაშორისო ურთიერთობებში მ.ს-ს ქვეყნები თავიანთი მიზნების მიღწევას ტრადიციულად ზესახელმწიფოებთან ალიანსების, საერთაშორისო კარტელების (მაგ., ოპეკი), მიუმხრობლობის მოძრაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (უპირველეს ყოვლისა, გაეროს) გამოყენებით ცდილობდნენ. ცივი ომის დასრულების შემდეგ მ.ს-ს ცნებამ ზუსტი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც გამოიყენება. საკუთრივ მ.ს. მეტად არაერთგვაროვანია, რაც ცნების ანალიტიკურ ფასეულობას ეჭვქვეშ აყენებს.
მეტათეორია - თეორიიის თეორია. მოსაზრებები თეორიათა ფორმების შესახებ; ასევე ფართო, ზოგადი თეორია; მეცნიერების თეორია.
მეტროპოლია - სახელმწიფო, რომელსაც აქვს კოლონიები. ტერმინი ძველი ბერძნული წარმოშობისაა და თავდაპირველად აღნიშნავდა იმ „დედა“ ქალაქს, რომლის ნამეტი მოსახლეობა სხვა, „თავისუფალ“ ტერიტორიაზე აარსებდა ახალ დასახლებას. ურთიერთობა მ-სა და კოლონიას შორის სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ხალხებში განსხვავებული იყო. ამ სხვაობების გათვალისწინებით ადამ სმითი აყალიბებდა ორ ძირითად ტიპს, ბერძნულსა და რომაულს. ბერძნული მ. კოლონიას თავს არ ახვევდა საკუთარ კანონებს, არ ერეოდა შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში და ცდილობდა შეენარჩუნებინა მასთან როგორც კულტურული და ეკონომიკური კავშირები, ასევე კოორდინირებული საგარეო პოლიტიკაც. ამისგან განსხვავებით, რომი, როგორც მ., ყოველთვის განსაზღვრავდა კოლონიის კანონმდებლობას და მკაცრად აკონტროლებდა ყოვედღიურ პოლიტიკას. გასაგებია, რომ მ-სა და კოლონიას შორის რომაული ტიპის ურთიერთობები ყოველთვის იყო კონფრომტაციისა და კონფლიქტების წყარო. ახალი დროის მტაცებლურმა კოლონიალიზმმა პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინის სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა დაამკვიდრა.
მექანიკური და ორგანული სოლიდარობა - იხ. სოციალური სოლიდარობა.
მექანიციზმი - იხ. ნატურალისტური სოციოლოგია.
მეცნიერება - ინსტიტუციონალიზებული, მრავალსაფეხურიანი, ლოგიკურად დაკავშირებული გამონათქვამების სისტემა, რომელიც ობიექტური მეთოდებით ცოდნის აკუმულირება - დაგროვებას ახდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნა ქმნის საკუთარ საზოგადოებრივ ქვესისტემას (ლუმანი). სამეცნიერო ინსტიტუტები მყარ სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სადაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევას. კვლევის შედეგები ჩვეულებრივ, ქვეყნდება, დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ინახება.
მეცნიერულმა გამონათქვამმა საგანი (ობიექტი) ისე ზუსტად უნდა განსაზღვროს, რომ იგი სხვებისათვის ამოცნობადი იყოს (ინტერსუბიექტურობა), გარდა ამისა, მეცნიერული კვლევით მიღებული უნდა იქნეს ახალი მონაცემები(სიახლე), დებულებები პრაქტიკულად უნდა იქნეს დადასტურებული (პრაგმატულობა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი მეთოდური გამეორებით გადამოწმება (დასაბუთებადობა). თეორისს მეცნიერული აღიარების კრიტერიუმებია: მეცნიერული თეორიის პროგნოზის უნარი, ემპირიული გაზომვადობა და მკაფიოობა, ცოდნის სისტემატიზაცია. სოციალურ მ-ებში ხშირად საკამათო და სადისკუსიოა მ-ის ღირებულებისაგან (შეფასებითი ხასიათის მსჯელობებისაგან) თავისუფლების საკითხი (ვებერი).
თანამედროვე დასავლური მ-ის ძირები ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ. არისტოტელე (ძვ.წ. 384-322), მაგ., ერთმანეთისაგან განასხვავებდა პრაქტიკულ, თეორიულ და პოეტურ მ-ს. სამყაროს მეცნიერული და სხვა (მაგ., მითოლოგიური) სახის ახსნის მკაფიო გამიჯვნა ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემატურადაა მიჩნეული (ფეირაბენდი). განსხვავებული პასუხები არსებობს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კულტურის შესახებ მ-ის (სოციალური მ-ების) და საბუნებისმეტყველო მ-ების განსხვავება ერთმანეთისაგან მათი საგნისა და მეთოდების მიხედვით.
მ-ის განვითარება წარმომადგენს მ-ის ისტორიის საგანს, ზოგიერთ შემთხვევაში მისი განვითარება წარმოდგენილია როგორც ევოლუციური წინსვლა (პოპერი), ხოლო ზოგჯერ ხაზგასმულია მეცნიერული პარადიგმების რევოლუციური მონაცვლეობა (კუნი). მ-ის ანალიტიკური ფილოსოფიის (შტეგმიულერი) შესწავლის საგანია თვით მ. რადგანაც მ-ის პრაქტიკული შედეგები უფრო და უფრო მეტ კრიტიკას განიცდის, იზრდება რეფლექსია მ-ის შესახებ (ბეკი). მ-ისა და საზოგადოების ურთიერთზეგავლენა მეცნიერების სოციოლოგიის საგანია, რომელიც, ამასთან, მ-ის დამოუკიდებლობის საკითხს იკვლევს (ბურდიო).
მეცნიერების სოციოლოგია - იკვლევს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერების, როგორც სოციალური ინსტიტუტის ურთიერთქმედებას სოციალურ სტრუქტურებთან, მეცნიერებისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი ფორმების განსაზღვრულობას სოციალურ - კულტურული პირობებით, მეცნიერების ქცევას განსხვავებულ სოციალურ სისტემებში. პირველ ეტაპზე მ.ს. ვითარდებოდა ცოდნის სოციოლოგიის შიგნით, სადაც ფილოსოფიისა და რელიგიის შესწავლასთან ერთად გაანალიზებული იყო ცოდნისა და სოციალური სისტემების ურთიერთკავშირის საკითხები.
ცოდნის სოციოლოგიის წამყვანი კონცეფციის ფარგლებში (XXს-ის 20-იანი წლები), ვითარდებოდა ცოდნის სხვადასხვა ფორმების (მათ შორის მეცნიერული ცოდნის) და შინაარსების ანალიზის სპეციფიკური მიდგომები, მეცნიერების გენეზისისა და მეცნიერების კულტურასა და ტექნიკასთან კავშირურთიერთობის საკითხები. კ.მანჰაიმი ხაზს უსვამდა შემეცნების სოციალურად განპირობებულობას. მისი აზრით, მხოლოდ სოციალური ცოდნის ფორმები (იდეოლოგია და უტოპია) შესაძლებელია აიხსნას სოციოლოგიურად, მაშინ როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და მათემატიკური ცოდნა მ.ს-ის კომპეტენციის მიღმა დგას. შელერი ხსნიდა რა, ახალ დროში მეცნიერების წარმოშობას, მასში ხედავდა თეორიული გონებით მჭვრეტელი ადამიანებისა (ფილოსოფოსების) და შრომის სფეროს წარმომადგენლების (ხელოსნების) ძალისხმევის გაერთიანებას რეალობაზე ბატონობის განსახორციელებლად. მეცნიერება განიხილებოდა როგორც ტექნიკური ინჟინერია, ხოლო მისი არსება ბურჟუაზიის ბუნებაზე ბატონობის ნებასთან დაკავშირებულად მიიჩნეოდა. დ. ლუკაჩი ხაზს უსვამდა კაპიტალისტურ სასაქონლო მეურნეობაზე მეცნიერების დამოკიდებულების საკითხს. ფრანქფურტის სკოლის წარმომადგენლები მეცნიერებას განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტალურ გონებას, ხოლო მეცნიერულ რაციონალობას - როგორც იძულების რაციონალიზაციას, ბუნებასა და თვით ადამიანზე ძალაუფლების განხორციელების საშუალებას. ფ. ზნანეცკის თანახმად, მ. ს-ის ამოცანაა იმ ადამიანების სოციალური ურთიერთქმედების ანალიზი, რომლებიც ცოდნის გენერირებაზე აგებენ პასუხს (მეცნიერთა სოციალური როლების, მათი ღირებულებითი ორიენტაციების ანალიზი). მნიშვნელოვანია დ.ბერნალის შრომები მ.ს-ში იგი მეცნიერებას განიხილავდა როგორც სოციალურ ინსტიტუტს (მარქსისტული მ.ს.). განსაკუთრებული წვლილი მ.ს-ის განვითარებაში შეიტანა რ. მერტონმა. კლასიკად ქცეულ შრომაში „მეცნიერება, ტექნიკა და საზოგადოება XVIIს-ის ინგლისში“ (1933) მერტონმა წინა პლანზე წამოწია პურიტანული რელიგიისა და მორალის როლი ახალი დროის მეცნიერების ფორმირებაში. უფრო გვიან მან ჩამოაყალიბა მ.ს-ის კონცეფცია, რომელიც 60-იან წლებში დომინირებადი „პარადიგმა“ გახდა. მერტონისეული მ.ს-ის კონცეფციის ფილოსოფიურ საფუძველს მეცნიერული ცოდნის ზრდის სოციალური ნეიტრალურობის და კუმულაციური ხასიათის პოზიტივისტური იდეა წარმოადგენდა, ხოლო სოციოლოგიურად მერტონი სტრუქტურული ფუნქციონალიზმის მ-ის მიერვე შემუშავებულ ვარიანტს ეყრდნობოდა. მერტონის თანახმად, მეცნიერება, სოციოლოგიური თვალსაზრისით, სოციალური ინსტიტუტია, რომელიც იცავს მეცნიერების ავტონომიურობას და ახალი, სანდო ცოდნის მიღების სტიმულირებას უწყობს ხელს. მეცნიერული აღმოჩენა მიღწევაა, რომელიც საზოგადოებისაგან დაჯილდოება-წახალისებას მოითხოვს, რაც უზრუნველყოფილია კოლეგებისა და საზოგადოების მხრიდან მეცნიერის წვლილის აღიარებით. ეს აღიარება განსაზღვრავს მის პრესტიჟს, სტატუსსა და კარიერას. მეცნიერების, როგორც სოციალური ინსტიტუტის ფუნქციონირება სავალდებულო ნორმებითა და ღირებულებებით რეგულირდება, რაც მეცნიერების ეთოსს შეადგენსს. ამ ეთოსის თანახმად, მეცნიერებას უნდა ახასიათებდეს უნივერსალიზმი (მეცნიერული მსჯელობისა და გამონათქვამების სუბიექტისაგან დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის რწმენა), ზოგადსაყოველთაოობა (ცოდნა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი), მიუკერძოებლობა (მეცნიერის პირადი ინტერესის გამოყენების აკრძალვა) და ორგანიზებული სკეპტიციზმი (კოლეგების მიერ, მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა). რადგან მეცნიერი მოქმედებს კონკურენციულ, წინააღმდეგობრივ პირობებში და ნორმათა სისტემა ცალსახად არ განსაზღვრავს მის ქცევას, მისი ქცევა ამბივალენტურია და ხშირად ურთიერთსაპირისპირო პოლუსებს შორისაა მოქცეული. მერტონის შრომებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მეცნიერებაში ემპირიულ და თეორიულ კვლევებზე. 70-იანი წლებიდან იწყება მერტონის კონცეფციის კრიტიკა კუნის პოზიციებიდან. კურსი შრომაში „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა“ მეცნიერებას განიხილავდა როგორც სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ და დადგენილ პარადიგმას. ამ ფილოსოფიურ საფუძველზე ჩამოყალიბება დაიწყო ნორმატიულმა, ე.წ. კოგნიტურმა მ.ს-მ, სადაც მეცნიერების კოგნიტური (შემეცნებითი) მხარე სოციალურ სინამდვილესთან პირდაპირ კავშირში განიხილებოდა. მ.ს-ის ეს მიმართულება განვითარდა ინგლისში (ბრასი, ბლური, კოლინზი, მალკეი, უოლგარი და სხვები). 80-იანი წლების მიჯნაზე წარმოიშვა მ.ს-ის მრავალფეროვანი, მაგრამ მეთოდოლოგიურად ერთმანეთთან ახლოს მდგარი თეორიები. ასეთი იყო მაგ., მ.ს-ის „კონსტრუქტივისტული პროგრამა“ (კნოპი-ცეტინი), რომელიც მეცნიერებას განიხილავდა როგორც სოციალურ კონსტრუქციას, რელატივისტურ პროგრამას (უ.კოლინზი), ეთნომეთოდოლოგიურ მიდგომას (ჰ.გარფუნკელი, ს.უოლგარი), დისკურსის ანალიზს (მალკეი). მათთვის დამახასიათებელია ისეთი ტრადიციული განსხვავებების უარყოფა, როგორიცაა კოგნიტური და სოციალური მეცნიერებაში ანუ მეცნიერების შემეცნებითი საწყისის შეცვლა სოციალური მოქმედებით, მოლაპარაკებებითა და მეცნიერებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით.
სისტემების თანამედროვე თეორია (ლუმანი) მეცნიერებას განიხილავს როგორ ერთ-ერთ სოციალურ ქვესისტემას, რომელიც ჭეშმარიტებას, როგორც კომუნიკაციის მედიუმს, საკუთარი რეპროდუქციისათვის იყენებს. მეცნიერების საზოგადოებრივი ფუნქცია, ლუმანის თანახმად, მდგომარეობს ახალი ცოდნის კონსტრუირებასა და ცოდნის მოპოვებაში. მეცნიერული ჭეშმარიტება ლუმანის მიერ განიხილება არა როგორც რეალურ სამყაროსთან შესატყვისობა, არამედ როგორც კომუნიკაციის სიმბოლურად გენერალიზებული მედიუმი.
მეხუთე კოლონა - ნეგატიური მნიშვნელობის ტერმინი. აღნიშნავს მტრის ფართო ფარულ აგენტურულ და დივერსიულ ქსელს, რომელიც დაკავებულია ზურგისა და კომუნიკაციების მოშლით ქვეყანაში. ეს ტერმინი წარმოიქმნა ესპანეთის სამოქალქაო ომის პერიოდში (1936-39). 1936 წელს, მადრიდზე ოთხი კოლონით იერიშის მიტანამდე, მომავალი დიქტატორი ფრანკო მ.კ-ს უწოდებდა მადრიდში მყოფ თავის ფარულ მომხრეებს, რომლებიც ეწეოდნენ საბოტაჟს, დივერსიებსა და სხვა სახის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ქალაქიდან ეხმარებოდნენ ფრანკისტებს.
მიბაძვა - ნიმუშის მიმდევრობა. როგორც ქცევის თავისებურება, ახასიათებს ცხოველსაც და ადამიანსაც. შეიძლება იყოს უნებლიეც და ნებსითიც. ადამიანისთვის წარმოადგენს პიროვნული თვისებებისა და თავისებურებების ჩამოყალიბება-ტრანსფორმაციის, სრულყოფისა და სწავლების მექანიზმს. სოციალიზაციის პროცესში ასრულებს ქცევის საზოგადოებრივად გამომუშავებული წესებისა და ფორმების დაუფლების მექანიზმის ფუნქციას. გადამწყვეტ გავლენას ახდენს რეფერენტული ჯგუფის წევრებზე მორალური და ქცევითი ნორმების, აგრეთვე დევიანტური ქცევითი პატერნების ჩამოყალიბების საქმეში. სოციოლოგიაში მისი ინტენსიური შესწავლა დაიწყეს XIXს-ში. ფრანგი სოციალური ფსიქოლოგი და კრიმინოლოგი გაბრიელ ტარდი მ.-ის ფენომენით ცდილობდა გამოგონების მექანიზმის გაგებას და მას სიახლის რეალიზაციის საშუალებად მიიჩნევდა. მისი თვალსაზრისით, სოციალური მეცნიერება, სოციალური ფილოსოფიისგან განსხვავებით, იკვლევს არა გამოგონებას, არამედ მ-ს, ძველი ხატის ახლებურად გამეორებას; მ-ის კანონზომიერებაა უსასრულოდ გავრცელების ტენდენცია, ორიენტაცია შინაგანი მ-იდან გარეგანზე, ცალმხრივიდან ორმხრივზე და ა.შ. ტარდი მ-ით ბევრი სოციალური მოვლენის ახსნას ცდილობდა და მიიჩნევდა ცხოვრების ძირითადი - საყოველთაო გამეორების - კანონის გამოვლენად. შემდგომში ეს პრობლემა ფსიქოლოგიური შესწავლის ობიექტად იქცა და აღიარებულია დასწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. დღეს მ. მეცნიერებს აინტერესებთ როგორც კოლექტიური ქცევის, აღქმის კულტურული ნიმუშებისა თუ ქცევის სტანდარტების ინტერნალიზაციის ერთ-ერთი ფორმა. ამ ტერმინის გამოყენებისას ზოგჯერ გულისხმობენ წინასწარ განზრახვასაც.
მიგრაცია - ადამიანების გადასვლა ერთი რეგიონიდან მეორეში (შიდა მ.), ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში (გარე მ.) ან კიდევ მოსახლეობის პერიოდული გადინება-შემოდინება ერთი რეგიონიდან მეორეში (ქანქარისებური მ.), სიკვდილიანობისა და შობადობის კოეფიციენტთან ერთად მ-ის კოეფიციენტის საშუალებით განისაზღვრება მოსახლეობის ზრდა-შემცირების დინამიკა. (იხ. აგრ. ემიგრაცია, საერთაშორისო მიგრაცია).
მიკროსოციოლოგია - მოიცავს თეორიებს, როემლიც ფოკუსირდება მცირე მასშტაბებზე, კერძოდ ინდივიდებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ შორის ურთიერთობებზე (ინტერაქციაზე). ეს თეორიები უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და აქცენტს აკეთებს ერთეულ აქტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე. ერთეული აქტები შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ იმ საზრისების ანალიზის საფუძველზე, რომლებსაც მათ ადამიანები ანიჭებენ ერთმანეთთან ურთიერთობისას. ამდენად, აღნიშნული თეორიებისათვის ცენტრალურია ინტერაქციის პროცესში გამჟღავნებული მოტივები, ატიტუდები (მიდგომა-დამოკიდებულებები), მნიშვნელობები და ა.შ. რომლებიც, თავის მხრივ, ქმნის ქცევის პატერნებს და გავლენას ახდენს საზოგადოების სტაბილურობასა და მასში მიმდინარე ცვლილებებზე. მ-ურ თეორიებს მიეკუთვნება სიმბოლური ინტერაქციონიზმი, სოციომეტრია, ვებერის თეორია და სხვ.
მილიტარიზმი - პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მაქსიმალურ ზრდას, გამალებულ შეიარაღებას, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარებას სამხედრო მიზნებისათვის და სამოქალაქო ცხოვრებაზე სამხედრო კონტროლს. მ-ის დროს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ერთი მიზნისაკენ - მიაღწიოს სამხედრო უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, შექმნას მძლავრი პოტენციალი სხვა სახელმწიფოების მიმართ ექსპანსიისა და დაპყრობითი ომებისათვის. მ-ის დონეზე წარმოდგენას იძლევა სამხედრო ხარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი იყო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (ერაყი, სირია, ანგოლა და სხვა). მ-ის კლასიკური მაგალითებია პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასული ს-ის 50-70-იან წლებში, იაპონიაში 20-30-იან წლებში, იტალიასა და გერმანიაში 30-იან წლებში.
XXს-ის 90-იან წლებში დაძაბულობის შენელების სასარგებლოდ მსოფლიოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შედეგად, რასაც ხელს უწყობდა და უწყობს გაეროს სისტემაში არსებული საკონტროლო მექანიზმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მ-ის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შესუსტდა.
მინისტრთა კაბინეტი - უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ქვეყანაში, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. იქ სადაც არსებობს საპარლამენტო მმართველობის ფორმა (მაგ., დიდ ბრიტანეთში), მინისტრები ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებენ მთელი მთავრობის სახელით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები პასუხისმგებელნი არ არიან გადაწყევტილების მიღებაზე და ითვლებიან სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის ოფიციალურ მრჩევლებად. ტერმინი „კაბინეტი“ შიძლება შეგვხვდეს ფრანგული პოლიტიკური სისტემის კონტექსტშიც, როდესაც რომელიმე მინისტრთან არსებობს პოლიტიკურ მრჩეველთა გარკვეული ჯგუფი. „კაბინეტურ სისტემაზე“ საუბრისას, ჩვეულებრივ გულისხმობენ მმართველობის ინგლისურ მოდელს, რომლისთვისაც განმსაზღვრელია ორი, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშგების პრინციპი. საყურადღებოა, რომ კაბინეტის წევრი მინისტრების რაოდენობა ყველა კაბინეტური სისტემის მქონე ქვეყანაში ერთი პრინციპით არ არის განსაზღვრული. მათი რაოდენობა მერყეობს 10-დან 40-მდე. მაგალითად, კანადაში ყველა მინისტრი ავტომატურად კაბინეტის წევრიცაა, მაშინ როდესაც ინგლისში კაბინეტის წევრი ხდება მინისტრების მხოლოდ მეხუთედი. მ.კ-ის წევრობა ბევრ შემთხვევაში დიდადაა დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე (რამდენი პორტფელი მოიპოვება არჩევნებში გამარჯვებულმა მთავრობამ ან ხომ არ არის მთავრობა კოალიციური) ან ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე (ფედერაციულ ქვეყნებში პრემიერ-მინისტრი ხშირად იზულებულია კაბინეტში წარმოდგენილი ჰყავდეს რომელიმე შტატის ხელისუფლება) და ა.შ. მთლიანობაში ძალზე იშვიათია, რომ მ.კ. მთლიანად წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი მმართველი პარტიით. ყველა სხვა შემთხვევა სხვადასხვაგვარად ზღუდავს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობებს.
მინისტრთა საბჭო - სახელმწიფო ხელისუფლების უძველესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო ყოფილ სსრკ-ში.
მისია - ძალზე ფართო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს ვინმეს (პიროვნების, ხალხის) მოწოდებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს სუბიექტია მოვლენილი ამქვეყნად. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელსაც სათავეში უდგას სპეციალური რწმუნებული ან დესპანი. ტერმინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სხვა მნიშვნელობით. ერთი, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყანაში სპეციალური (სამხედრო, ეკონომიკური) დავალებით წარგზავნილ ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი. მეორე, როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დელეგაცია. დაბოლოს, ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ორგანიზაციის აღსანიშნავადაც, რომელიც მივლენილია რომელიმე ქვეყანაში საკუთარი კონფესიის ინტერესების შესაბამისად.
მიტინგი - იხ. კოლექტიური მოქმედება.
მიტმასნა - პოტენციურ აგრესორთან, საფრთხის წყაროსთან კავშირში შესვლა. მ-ა გაწონასწორების ალტერნატივაა (იხ. ალიანსი). ტრადიციულად მიჩნეულია, რომ სახელმწიფოები საფრთხის წყაროს წინააღმდეგ ალიანსებს ქმნიან, რათა აგრესორისაგან მომდინარე საფრთხე „გააწონასწორონ“. უოლცის თვალსაზრისით, ძალთა წონასწორობის სისტემაში მ. ისევე ჩვეულებრივი ნაბიჯია, როგორც გაწონასწორება. საფრთხის თავიდან აცილების გარდა მ-ის კიდევ ერთი მოტივი შეიძლება გახდეს ძლიერ სახელმწიფოსთან მოკავშირეობით სარგებლის მიღებაც.
მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი) - ამ ტერმონში იგულისხმება იმ სახელმწიფოთა პოლიტიკა, რომლებმაც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ძირითად პრინციპად ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. გაცილებით ხშირად (განსაკუთრებით დასავლურ ლიტერატურაში) ნ. ანუ მ., გაიგივებულია მოძრაობასთან, რომელიც ჩაისახა ცივი ომის პერიოდში და აერთიანებდა განვითარებად სამყაროს (აზია, აფრიკა და ლათინური ამერიკა), აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანას (მაგ., იუგოსლავიას), რომლებმაც უარი განაცხადეს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში მონაწილეობაზე და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში ჩაურევლობას უჭერენ მხარს. ნეიტრალური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, მიუმხრობელი ქვეყნები ომს, როგორც პოლიტიკურ საშუალებას (კერძოდ, ანტიიმპერიალისტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომებს), არ უარყოფდნენ და შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობას დასაშვებად მიიჩნევდნენ. ამ ქვეყნების ძირითად მიზანს შეადგენდა ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობათა განვითარება და როგორც სსრკ-ისგან, ისე აშშ-ისაგან მაქსიმალური დახმარების მიღება ცივი ომის დამთავრების შემდეგ მ-ის მოძრაობის მიზანი და საჭიროება საკმაოდ ბუნდოვანია.
მმართველი პარტია - პარტია, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში. საპარლამენტო სახელმწიფოებში არჩევნებში წარმატება, მით უფრო იქ, სადაც მმართველობის ორპარტიული სისტემა არსებობს, გამარჯვებულ პარტიას საშუალებას აძლევს დააკომპლექტოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც. იგივე შეიძლება მოხდეს არასაპარლამენტო, საპრეზიდენტო მმართველობის მქონე ქვეყანაშიც, თუკი პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პარტიას წარმოადგენს. შედეგად პარტია ქმნის მისთვის მისაღებ აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქცევა მ.პ-დ ანუ აკონტროლებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
მნიშვნელადობა - ვებერის მიხედვით, სოციალური წესრიგის თვისება, რომელიც უფრო მეტს აღნიშნავს, ვიდრე ქცევის უბრალო ერთგვაროვნებაა, განპირობებული ადათით ან ინტერესთა თანაფარდობით („კონსტელაციით“) მნიშვნელად წესრიგს ვებერი უწოდებს „ლეგიტიმურს“. ასეთი წესრიგის ფარგლებში მოქმედება ორიენტირდება მკვეთრად განსაზღვრულ ნორმებზე („მაქსიმებზე“), რომელთა შესრულება ინდივიდისათვის სავალდებულოა, ანუ ქმნის ნიმუშს, რომელიც მიბაძვის ღირსია. მნიშვნელადი წესრიგის ფარგლებში მოქმედებს, მაგ., ჩინოვნიკი, რომელიც ყოველდღე ცხადდება ბიუროში განსაზღვრულ დროს. როგორც წესი, ეს გამოწვეულია მისთვის სამსახურებრივი რეგლამენტაციის სისტემის მ-ით, რომელიც გამოიხატება ჩინოვნიკისათვის სავალდებულო მოთხოვნების წაყენებაში (იხ. აგრ.ლეგიტიმურობა).
მნიშვნელობა - მოქმედების შესახებ თეორიების და საერთოდ, გაგებითი სოციოლოგიის ძირითადი ასპექტი, რომელიც გულისხმობს მიდგომა-დამოკიდებულებებს (ატიტუდებს), განზრახვას, მიზნებს ან მოტივებს, რომლებსაც ინდივიდები უკივშირებენ თავიანთ მოქმედებებს. მ-ის ანალოგიური ცნებაა „საზრისი“. ვებერი განასხვავებს საზრისის ორ მნიშვნელობას: 1. საზრისი, რომელიც რეალურად სუბიექტურად ნავარაუდევია მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში; 2. საზრისის თეორიულად კონსტრუირებული „წმინდა“ ტიპი, რომელიც სუბიექტურად ნავარაუდევია ჰიპოტეზური მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მოქმედების ობიექტურად „სწორ“ ან „ჭეშმარიტ“ მნიშვნელობას, არამედ ისეთი იდეალური კონსტრუქციაა, რომელიც აგებულია ემპირიული სინამდვილის მახასიათებლებისაგან და გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის, რათა განისაზღვროს რეალური მოვლენის დევიაციის ხარისხი (იხ. იდეალური ტიპი). მოქმედება შეიძლება ატარებდეს როგორც რაციონალურ, ისე ემოციურ (არარაციონალურ) საზრისს. მაშასადამე, საზღვარი გასაზრისიანებელ და უსაზღვრო მოქმედებებს შორის არ გადის რაციონალურსა და არარაციონალურს შორის. უსაზღვრო მოქმედება არა უბრალოდ არარაციონალური, არამედ, პირველ რიგში, ირაციონალურია. ნებისმიერი ირაციონალური მოქმედება არარაციონალურია, მაგრამ არა პირიქით - არარაციონალური მოქმედება შეიძლება საზრისის მქონე იყოს. ასეთია სწორედ ტრადიციული და აფექტური მოქმედებები. თუმცა, არარაციონალური საზრისის მქონე მოქმედება „რისკის“ შემცველია - მან შეიძლება დაკარგოს საზრისი და იქცეს ირაციონალურად (ე.ი. უსაზრისოდ). ასე ემართება ტრადიციულ და აფექტურ მოქმედებებს მაშინ, როდესაც ისინი იქცევა „ავტომატურ რეაქციებად“ გარე გამღიზიანებელზე. შესაბამისად, ასეთი ქცევები წყვეტს არსებობას როგორც სოციალური ხდომილებები და გადადის ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში (იხ. რაციონალობა, სოციალური მოქმედების ტიპები).
მოდა - 1. სტატისტიკური: ცენტრალური ტენდენციის ერთ-ერთი საზომი საშუალოსა და მედიანასთან ერთად. საკვლევი ცვლადის ყველაზე მეტი სიხშირით წარმოდგენილი მნიშვნელობა. აქვს აღმწერი ფუნქცია. იქ, სადაც ნომინალური დონის საზომი გამოიყენება, უმჯობესია მისი გამოყენება, მაგ., სახელდების სკალაზე (იხ. სკალები), სადაც ის ცენტრალური ტენდენციის საუკეთესო საზომია და საუკეთესო წინასწარმეტყველება იმ აზრით, რომ უშეცდომობის ალბათობა ძალზე დიდია. მ. სიხშირეთა გრაფიკულად განაწილების პიკია. 2. სოციალურ რეალობაში: ქცევის აღიარებული მოდელი, მოქმედების დამახასიათებელი წესი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს. ასახავს „თანამედროვეობის“ ორ ასპექტს: ა) რეკლამით შექმნილ და მასმედიით მხარდაჭერილ მარადიულ ცვალებადობას; ბ) ტანსაცმლის, ავეჯის ან მსგავსი საქონლის სტილსა და არჩევანს, რაც ადამიანს გარემომცველ სოციალურ სინამდვილეზე ზეგავლენის შსაძლებლობასა და საკუთარი „მე“-სა თუ სოციალური კუთვნილების გამოხატვის საშუალებას აძლევს. გულისხმობს შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და მანიპულირების ელემენტებს, რაც ისეთივე შეფასებების საგანი ხდება, როგორც პოპკულტურა.
მოდელირება - 1. საქმიანობა მოდელის ან რაიმეს ასლის შესაქმნელად, ჩვეულებრივ, მიმართავენ ანალოგიას. შეიძლება მიმართული იყოს მექანიკურ მოვლენაზე, მათემატიკური საშუალებებით რაიმე მოვლენის ან ისეთი ინტელექტუალური პროცესების ანალოგიის შექმნაზე, რომელმაც შეიძლება პროცესების ამსახველი მინითეორიის ფუნქცია შეასრულოს, კომპიუტერული გზით მოვლენათა რთული ურთიერთკავშირის დამუშავებასა და სოციალური ურთიერთქმედების სქემების გამოყვანაზე და სხვ. ხშირად ახდენენ სოციალური ფენომენებისა და პროცესების მ-ს. ასეთ შემთხვევაში მ-ის შედეგის ღირებულება და სარგებლიანობა განისაზღვრება წინასწარმეტყველების (პროგნოზირების) უნარით. 2. იმ იდეალის, სტანდარტის, ნიმუშის მ., რომელიც საზოგადოებაში მიბაძვის ღირსად მიიჩნევა მ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური დასწავლის თეორიაში; რამდენადაც მიჩნეულია, რომ სოციალიზაცია, ძირითადად, სწორედ ქცევის როლური მოდელის იმიტაციით ხდება. მ-ის ტექნიკას მიმართავენ ქცევით თერაპიაშიც.
მოდერატორი - იხ. ინტერვიუერი.
მოდერნიზაცია (პოლიტიკური) - არსებული პოლიტიკური სტრუქტურებისა და პრაქტიკის მიზანდასახული განახლება და შეცვლა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. პ.მ, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ წარიმართება და რეგულირდება, თუმცა ამ პროცესში ვერავინ გამორიცხავს არაპროგნოზირებად პროცესებს. ასე მაგალითად, გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული „პერესტროიკა“ და შემდგომი განვითარებული მოვლენები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცის მ. აღსანიშნავია, რომ მ. საჭირო ხდება იმ პოლიტიკურ რეჟიმებში, რომლებიც (სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური „სტაბილურობის“ მიღწევის მიზეზებით სტაგნაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ და ფლობს ევოლუციური მ-ის მექანიზმებს და საჭიროებს „ქირურგიულ ჩარევას“ სახელმწიფოს მხრიდან.
მოდერნიზმი - მიმდინარეობა ხელოვნებაში, კულტურასა და არქიტექტურაში, რომელიც აღიარებს განმანათლებლობის ეპოქის შეხედულებებს პროგრესის შესახებ და რომელიც განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ფორმის ფუნქციონალობაზე. მ. გარკვეულად ეწინააღმდეგება კულტურის პოსტმოდერნისტულ ფორმებს (იხ. პოსტმოდერნიზმი, პოსტმოდერნისტული სოციოლოგია). მ-ისათვის დამახასიათებელი თავისებურებებია: აქტიურობა, დინამიზმი, ენთუზიაზმი, მოძრაობის წყურვილი, შეურიგებლობა (ბრძოლა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ), მერყეობისა და დაეჭვების გარეშე ტრადიციული ბარიერების გადალახვა, საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების ათვალწუნება და იგნორირება, ახალგაზრდობისა და სიახლის კულტი, მომავლისადმი სწრაფვა.
მოლაპარაკება - საერთაშორისო ურთიერთობების აქტორთა პირდაპირი კონტაქტი ყველა მხარისათვის მისაღები შეთანხმების მისაღწევად. საერთაშორისო პრაქტიკაში მ. მრავალი მიზნით გამოიყენება. მაგ., ყოველი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს მ. მხარეებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ-ის როლი საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის სისტემაში - აქ მ. ერთ - ერთ ასეთ საშუალებადაც კი გვევლინება და იგი მეტწილად წინ უსწრებს საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის სხვა მექანიზმებს. მ-ის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის გამოყენებით (პირდაპირი მ.), ისე განსაზღვრულ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად სპეციალურად მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციაზე (თათბირზე). მ-ის მექანიზმით სარგებლობისათვის ძალზე ეფექტური არენაა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ორგანოები. თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში მ. შესაძლებელია იყოს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი.
მონარქია - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, როლის დროსაც უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ (რეალურად ან ფორმალურად) სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს - მონარქს (ხელმწიფეს, მეფეს, იმპერატორს, შაჰს, სულთანს და ა.შ.) ეკუთვნის. მ-ულ მმართველობას იგი მემკვიდრეობით იღებს და მემკვიდრეს გადასცემს. განასხვავებენ აბსოლუტურ, შეუზღუდავ და კონსტიტუციურ, პარლამენტარულ მ-ებს, როდესაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია პარლამენტით ან სხვა სახით. პირველის მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს მონათმფლობელური და ფეოდალური მ-ები. დღეს აბსოლუტური მ-ები თითზე ჩამოსათვლელია (საუდის არაბეთი, კატარი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და სხვ.) რაც შეეხება კონსტიტუციურ მ-ებს, ისინი მრავლადაა (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვეცია, ნორვეგია, ბელგია, დანია და სხვ.), მათი რაოდენობა ოთხ ათეულს აღწევს. სხვა საკითხია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მონარქების ხელისუფლებას უფრო სიმბოლური, ფორმალური ხასიათი აქვს და ისინი წარმომადგენლობით, ცერემონიალურ ფუნქციას ინარჩუნებენ. ზოგ შემთხვევაში ესაა თეოკრატიული სახელმწიფოები, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ერთდროულად რელიგიური მეთაურიცაა (ომანი, კატარი და სხვ.).
მონაცემთა ბანაკი - სოციოლოგიურ გამოკვლევათა შედეგად მიღებული მონაცემების შენახვის ერთ-ერთი საშუალება; სპეციალურად ორგანიზებული ცენტრალიზებული საცავი; სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგების, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების, ემპირიული და თეორიული ანალიზის შედეგების ერთობლიობა, კრებული. არქივის დიდ მნიშვნელობას მასში არსებული მასალის სხვადასხვა მიზნით გამოყენების ფართო შესაძლებლობა განსაზღვრავს (მაგ., ინფორმაციის უფრო დეტალური შესწავლა-დამუშავება, სასწავლო მიზნები, მიღებული შედეგების შემოწმება და კონტროლი, სხვა გამოკვლევებთნ შედარება და ა.შ.). არქივში შეიძლება დაცული იყოს სოციოლოგიური გამოკვლევების როგორც დამუშავებული, ისე დაუმუშავებელი მონაცემები, აგრეთვე ინფორმაციული მასალა დროის გარკვეულ პერიოდში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებების შესახებ. არქივში დაცულ მონაცემებს დიდი სოციალური და ისტორიული ღირებულება აქვს, ამიტომ სოციოლოგიური მონაცემების შენახვის პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია. ის დაკავშირებულია კომპიუტერიზაციასა და პირველადი მონაცემების შენახვის სხვადასხვა ხერხის შერჩევასთან. მონაცემების შენახვა ხდება ხანგრძლივი მუშაობისა და მრავალგზის გამოყენებისათვის გამოსადეგი ფორმებით (მაგ., ხელნაწერი ტექსტები, დაბეჭდილი მასალები, ფოტო და კინოდოკუმენტები, მაგნიტური ფირები, ვიდეო და აუდიომასალები, კომპიუტერული ჩანაწერები). მათი დაცვის თვალსაზრისით უმჯობესია ორი ან რამდენიმე ფორმის გამოყენება. არქივში სოციოლოგიური მონაცემების, ინფორმაციის შენახვა ხდება ქრონოლოგიური, ტერიტორიული, ინსტიტუციური, საგნობრივი მახასიათებლებისა და ავტორების (მკვლევარების) მიხედვით.
მ.ბ-ის სინონიმად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს „მონაცემთა არქივი“.
მონიტორინგი (სოციალურ-პოლიტიკური) - მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით ინფორმაციის მუდმივი, სისტემატური შეგროვება, რომლის მიზანია სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის ან პროცესის განვითარებაზე დაკვირვება, კონტროლი და პროგნოზირება.
მონობა - მეპატრონის მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების, მისი თავისუფლების, ნებისმიერი მოღვაწეობის გაკონტროლება. მ-ის წინააღმდეგ აჯანყებები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ხდებოდა. არისტოტელე მ-ის დამცველად გვევლინება. იგი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ბუნებით არის მონა. ცნობილი ფაქტია, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ჩრდილოეთ ამერიკაში მიგვიყვანა დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი თანაბარია და ღვთის მიერ მას მინიჭებული აქვს გარკვეული, განუხრელი უფლებები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაზე. თუმცა დეკლარაცია დაწერა თომას ჯეფერსონმა (მაშინ იგი მონათმფლობელი იყო ვირჯინიიდან), მან მაინც არ გაათავისუფლა თავისი მონები. პირველად მ. და მონებით ვაჭრობა აიკრძალა ბრიტანეთის იმპერიასა და და აშშ-ში XIXს-ში, რასაც ხელი შეუწყო პრინციპულმა პოზიციებმა, პოლიტიკურმა გამორჩენამ და კავშირის შენარჩუნების მომხრეთა გამარჯვებამ აშშ-ის სამოქალაქო ომში (1861-65).
მონოგამია - ქორწინების ნორმა, რომლის თანახმად, ნებადართულია ერთადერთი საქორწინო პარტნიორის ყოლა. შეიძლება გულისხმობდეს გამეორებითი ქორწინების აკრძალვას, ასეთ პირობებში მიმართავენ ტერმინებს - „სერიული მონოგამია“ ან სერიული პოლიგამია“. ტერმინის გამოყენებისას კონოტაცია გულისხმობს წყვილში სექსუალური ერთგულების ორმხრივ შენარჩუნებას. (იხ. აგრ., პოლიგინია, პოლიგამია, პოლიანდრია).
მონოპოლია - რომელიმე სახელმწიფოს ან ჯგუფის გამორჩეული უფლება. მ-ური უფლება შეიძლება ვრცელდებოდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ვთქვათ, საგარეო ვაჭრობაზე, მიწაზე ან რაიმეს წარმოებაზე. მ-ს საბაზრო ეკონომიკაში კონკრეტულმა ეკონომიკურმა სუბიექტმა ან სუბიექტების ჯგუფმა შეიძლება მიაღწიოს კაპიტალისა და წარმოების მაღალი კონცენტრაციის შედეგად, რაც, თავის მხრივ, მიიღწევა კომპანიებს შორის დადებული გარიგებით ან შერწყმით.
მორალი - სოციალური ინსტიტუტი, ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში, მთლიანად საზოგადოებაში. მ-ის ფუნქციაა ადამიანთა ქცევის ნორმატიზება, ქცევის რეგულირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველგვარ სფეროში. მასობრივი მოღვაწეობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით (სამართალი, საწარმოო-ადმინისტრაციული განაწესი, სახელმწიფო დეკრეტები, ხალხური ტრადიციები), მ-ს დასაბუთებისა და თავისი მოთხოვნების განხორციელების სხვაგვარი წესი აქვს. მასში აუცილებლობა, სოციალური ერთობის ინტერესები და მოთხოვნილებები გამოიხატება სტიქიურად ფორმირებული და საყოველთაოდ აღიარებული შეფასებებისა და დანაწესების სახით, რაც განმტკიცებულია ნიმუშის, ჩვევის, ადათის, საზოგადოებრივი აზრის ძალით. ამის გამო მორალურ მოთხოვნებს უპირობო აუცილებლობის ფორმა აქვს და ერთნაირად ეხება ყველას, თუმცა კი ბრძანება არავისგან მოდის, ამასთან, ეს მოთხოვნები შედარებით მყარი ხასიათისაა. არსებულ წესრიგზე დაფუძნებული წეს-ჩვეულებებისგან განსხვავებით, მ. იდეურადაა დაფუძნებული წარმოდგენაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; მ. სამართლისგან განსხვავდბა იმით, რომ ყოველი ადამიანის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების შესრულება კონტროლდება ყველას მიერ, ამასთან, ამა თუ იმ ადამიანის ავტორიტეტი არ უკავშირდება ოფიციალურ უფლებამოსილებას; მ-ის მოთხონათა შესრულება სანქციონირდება მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით (საზოგადოებრივი შეფასება, მოწონება ან გაკიცხვა), ამის გამო, სოციალური კონტროლის სხვა ფორმებთან შედარებით, იგი ცნობიერებისათვის უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შეიძლება გამოიხატოს ცნების ფორმითაც (რაციონალურად) და გრძნობითაც. მ-ს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ნორმა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, სინდისი. ცნობიერება ამას ასახავს შესაბამისი წარმოდგენებით (პრინციპები, საზოგადოებრივი და მ-ური იდეალები, კეთილი-ბოროტი, სამართლიანობა-უსამართლობა და სხვ.).
მორალური რელატივიზმი - მორალი ისტორიული წარმონაქმნია. იგი წარმოიშვა საზოგადოების ფორმირების ადრეულ ეტაპზე, ვითარდება იდეოლოგიური, ეკონომიკური და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა ცვლილების შედეგად; გარდა ზოგადი, უნივერსალური ელემენტებისა, მორალს ისტორიულად წარმავალი ნორმები, პრინციპები, იდეალები აქვს. ზოგად ასპექტებში ყველა მორალური სისტემა მსგავსია, მაგრამ ცალკეულ სისტემაში ყოველი ნორმის, შეფასებისა და სხვ. გამოვლინება ივსება კონკრეტული შინაარსით, რომელიც გამოხატავს მის ორიენტაციას სწორად მოცემული კონკრეტული საზოგადოების ინტერესთა მხარდაჭერაზე. ადამიანთა სახეცვლილი ერთობები ქმნიან თავიანთ მორალურ სისტემებს, ჩვეულებრივ, ეს პროცესი იწყება ადრინდელი მორალური სისტემების მკვეთრი უარყოფით, მაგრამ ახალი ჩნდება მხოლოდ ისტორიული წარსულის ბაზაზე, ხდება მისი შინაარსის სახეცვლილება, რომელსაც თან სდევს უკვე არსებული მორალური ფორმების გამოყენება.
მორატორიუმი - საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერება. მ-ის ვადა განცხადებაში ან მითითებულია, ან არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მ. უვადოდ ითვლება და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, მ. შეიძლება ვრცელდებოდეს ვალდებულებათა მთელ ბლოკზე ან შეიძლება შემოიზღუდოს მხოლოდ ერთი რომელიმე პუნქტით. მ. ცხადდება როგორც საბანკო-ეკონომიკურ (ვთქვათ, საკრედიტო დაწესებულებების დახურვის სახით), ასევე სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში (ვთქვათ, ბირთვული იარაღის გამოცდაზე) და ა.შ.
მოქალაქეობა - პიროვნების ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი პოლიტიკურ-სამართლებრივი მიკუთვნილობა, რის შედეგადაც მასზე ვრცელდება აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობა, ამ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სხვა სახის უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე შესაძლებლობა შესაბამისი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღებისა. მ-ის საფუძვლები, ჩვეულებრივ განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციითა და სპეციალური კანონმდებლობით. დემოკრატიულ ქვეყნებში მ-ის საფუძვლები ეყრდნობა ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებისა და, უპირველს ყოვლისა, 1948 წლის ადამიანთა უფლებების დეკლარციის აღიარებას. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ნათქვამია: „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“
მოქმედება - იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება.
მოხმარების სოციოლოგია - მოხმარება ნიშნავს ინდივიდების მიერ საქონლისა და მომსახურების გამოყენების ხასიათსა და წესს. ტრადიციულად სოციოლოგები დიდ ყურადღებას უთმობდნენ წარმოებას, მაგრამ XIXს-ის 80-90-იანი წლებიდან იზრდება სოციოლოგების პროფესიული ინტერესი მოხმარებისადმი. მოხმარებას სწავლობს სოციოლოგიის დარგი - მ.ს. იგი იკვლევს სამომხმარებლო ქცევის კულტურულ და სოციალურ განზომილებებს, როგორც მაკროსოციოლოგიური (ჯგუფების სოციოლოგია, მასმედიის ზეგავლენა ინდივიდებზე, სოციალური ფენისადმი მიკუთვნებულობის ზეგავლენა, ოჯახის ზეგავლენა მოხმარებაზე და ა.შ.), ასევე მიკროსოციოლოგიური პერსპექტივიდან. მოხმარების კულტურული ასპექტის თანახმად, ინდივიდი თავის სამომხმარებლო ქცევით, ანუ მოხმარების საკუთარი სტილით მისდევს ღირებულებით განსაზღვრულ მეტ-ნაკლებად საყოველთაოდ აუცილებელ ქცევის ძირითად ნიმუშებს. ცხოვრების სტილისა და სამომხმარებლო კულტურაში ინტერკულტურული განსხვავების გვერდით არსებობს ინტერკულტურალურად განპირობებული ქცევის ნიმუშები, რომლითაც ინდივიდები საკუთარი სამომხმარებლო ქცევისას ხელმძღვანელობენ. სამომხმარებლო ქცევა ხშირად სოციალურ-კულტურულ და მოდაში მიმდინარე ცვლილებებსაა დაქვემდებარებული. მოხმარების სოციალური ასპექტი გულისხმობს სამომხმარებლო ქცევაზე კულტურული, საზოგადოებრივი და სპეციფიკური ჯგუფების ზეგავლენის სისტემატიზაციას.
მრავალპარტიული სისტემა - პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის საშუალებით ზეგავლენას იქონიებს მთავრობისა და, შესაბამისად, პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. მ.ს-ები არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო ბატალიებში ჩვეულებრივ მხოლოდ ორი პარტია ფიგურირებს ხოლმე (მაგალითად, შეერთებულ შტატებში, კანადაში). ის ფაქტი, რომ ასეთ ქვეყნებში ხელისუფლებისათვის პრაქტიკულად ორი პარტია იბრძვის, განპირობებულია შესაბამისი ქვეყნების ტრადიციით ან საარჩევნო სისტემების სპეციფიკით. ქვეყანაში მ.ს-ის არსებობა სამართლიანად მიიჩნევა დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის გამოხატულებად, რისი მაგალითიცაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მსოფლიო მთავრობა - ხელისუფლების ზეეროვნული ჰიპოთეზური ორგანო, რომელიც ძალაუფლების მსოფლიო მასშტაბით ცენტრალიზებასა და ძალის გამოყენებით მონოპოლიის დაწესებას შეძლებდა. მ.მ-ის თეორეტიკოსთა აზრით, ეს ორგანო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა გახდებოდა და საერთაშორისო ანარქიის დაძლევას შეძლებდა. მ.მ-ის შესაქმნელად საჭირო იქნებოდა სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება და თანამედროვე საერთაშორისო სისტემის საფუძვლიანი გარდაქმნა. მ.მ-ის შექმნა შეიძლება ან მსოფლიო იმპერიის დამყარების, ან შიდა ანალოგიის საფუძველზე სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნის საშუალებით. მ.მ. საერთაშორისო სისტემის მოწყობის ტრადიციული მოდელების - ძალთა წონასწორობისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების ალტერნატივაა.
მსოფლიო ომი - ომის განსაკუთრებული სახე, როცა შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაბმული აღმოჩნდება ყველა დიდი სახელმწიფო და მათი სატელიტები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. მ.ო-ის დაწყების მიზეზი, როგორც წესი, წამყვან სახელმწიფოთა შორის წინააღმდეგობის გამწვავებაა, რაც არსებულ ძალთა წონასწორობის დარღვევისა და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისკენ არის მიმართული. მ.ო-ის წარმოშობა შესაძლებელია მხოლოდ იმპერიალიზმის ეპოქაში, რადგან მანამდე არსებულ ისტორიულ ეპოქებში ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების არარსებობა გამორიცხავს მ.ო-ის გაჩაღებას. ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ორივე მ.ო. XXს-ში იყო. მ.ო. გამოირჩევა მსხვერპლისა და ნგრევის უმაგალითო მასშტაბებით. პირველ მ.ო-ში დაიღუპა რვა მილიონი სამხედრო და ორ მილიონამდე სამოქალაქო პირი. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა და ოფიცერთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს მიაღწია, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 35 მილიონს აღემატებოდა. გნსაკუთრებულად კატასტროფული იქნება მესამე მ.ო (თუ კაცობრიობამ ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება), რადგან წინა ორისგან განსხვავებებთ, გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, რამაც შეიძლება მთლიანად მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე. ამიტომ ახალი მ.ო-ს თავიდან აცილება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
მსოფლიო პოლიტიკა - ეს ტერმინი ზოგჯერ საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო პოლიტიკის სინონიმად გამოიყენება. მაგრამ უფრო ხშირად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს არ მიიჩნევს დომინანტად და იმავე (თუ უფრო მეტი არა) დონის აქტორებად განიხილავს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა არასახელმწიფო სუბიექტებს. ბევრი მკვლევრის აზრით, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა განუხრელად მცირდება სახელმწიფოს როლი და იზრდება არასახელმწიფოებრივი აქტორების მნიშვნელობა, აშკარაა საერთაშორისო ურთიერთობების (პოლიტიკის) მსოფლიო პოლიტიკად გარდაქმნის პროცესი. ამგვარად, მ.პ. საერთაშორისო პოლიტიკისაგან განსხვავებით, არ არის სახელმწიფო ცენტრული მიდგომა. იგი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობები და არ დაიყვანება სახელმწიფოთშორის კავშირებზე. არის სხვა მოსაზრებებიც (ძირითადად რუსეთში), რომლის მიხედვითაც, მ.პ. არის სახელმწიფოთა მოღვაწეობა და ურთიერთობა საერთაშორისო არენაზე, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის არსებული რეალური კავშირების სისტემაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოგვიდგება როგორც ამ ურთიერთქმედების შედეგი, ხოლო, მეორე მხრივ, ის სივრცე და გარემო, სადაც ხორციელდება მ.პ.
მსოფლიო საზოგადოება - არსებული საერთაშორისო სისტემის ალტერნატიული ხედვა, რომელიც უარყოფს ძალაუფლებას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების წარმმართველ იდეას. მ.ს-ის თეორეტიკოსების ხედვით, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის „ბილიარდის მაგიდა“, რომელზეც ცალკეული სახელმწიფოები ბილიარდის ბურთების ანალოგიით ურთიერთქმედებენ. მათი წარმოდგენით, საერთაშორისო ურთიერთობები ჰგავს სამგანზომილებიან ქსელს, რომელშიც არ არსებობს მკვეთრი მიჯნა შიდა და საგარეო პოლიტიკას შორის. მ.ს-ის თეორია აქცენტს აკეთებს არა ძალაუფლებასა და კონფლიქტზე, არამედ თანამშრომლობაზე.
მსოფლიო სისტემები - საერთაშორისო ურთიერთობების გლობალისტური ხედვის სკოლა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კაპიტალისტური ეკონომიკის ჭრილში განიხილავს. მ.ს-ის თეორეტიკოსები არა მხოლოდ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არათანაბარი განვითარების მიზეზებს შეისწავლიან, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უთანასწორობის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გარდა ამისა, მ.ს-ის სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების გაგებასა და ახსნას მსოფლიო ეკონომიკის ისტორიული განვითარების ანალიზის საფუძველზე აწარმოებს. ამ სკოლის თვასაზრისით, ცალკეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაში გარკვევა მთელი მსოფლიოს განვითარების ისტორიული ანალიზის გარეშე შეუძლებელია. მ.ს-ის თეორიის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, იმანუელ ვალერსტაინმა გლობალური განვითარების ისტორიულად დასაბუთებული თეორია შექმნა, რომელიც აანალიზებს პერიოდს ევროპაში კაპიტალიზმის წარმოშობიდან დღემდე. კაპიტალისტური მსოფლიო სისტემა მოიცავს ბირთვს (ისტორიულად მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებულ ნაწილებს), ნახევრადპერიფერიასა და პერიფერიას (ნედლეულის მწარმოებელ ისტორიულად ჩამორჩენილ მხარეებს). ვალერსტაინის აზრით, შრომის არსებული საერთაშორისო დანაწილება არათუ არ ამცირებს ამ უთანასწორობას, არამედ, პირიქით, აღრმავებს მას.
მულტილატერალიზმი - სამი ან მეტი სახელმწიფოს კოორდინირებული ურთიერთობა გარკვეული პრინციპების შესაბამისად. როგორც პოლიტიკა, მ. გულისხმობს სახელმწიფოს წინასწარგანსაზღვრულ მოქმედებას სხვა სახელმწიფოებთან ერთად დასახული მიზნის მისაღწევად. ხშირად მ. ინსტიტუციონალურად ფორმდება და რეგიონული ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახით წარმოჩინდება, მაგრამ ასევე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა მ. ინსტიტუციონალურ სახეს არ იღებს. XX ს-ის მეორე ნახევრიდან სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების მზარდი პროცესის შესაბამისად, მ. ურთიერთობების ძირითადი ფორმა გახდა. ამასთან, იგი ხშირად ასოცირდება ჰეგემონობისა და ლიდერობის ცნებებთან. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მულტილატერალისტური პოლიტიკა აშშ-ის აშკარა ლიდერობითა და ჰეგემონობით ხორციელდებოდა.
მულტიპოლარობა - საერთაშორისო სისტემის ტიპი, როცა სისტემაში აშკარად დომინირებს სამი და მეტი პოლუსი. მათი გამოყოფის საფუძველია აქტორების ან აქტორთა ჯგუფის შესაძლებლობა და პოტენციური ძალა, როგორც პოლუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. როგორც წესი, პოლუსების როლს სისტემაში ასრულებენ არა ცალკეული სახელმწიფოები (თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში ესეც შესაძლებელია, მაგ., აშშ და სსრკ), არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებად და კოალიციებად შეკავშირებული სახელმწიფოთა ჯგუფები. მ-ის ყველაზე ნათელი მაგალითია ძალთა წონასწორობის სისტემა. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გარედან აგრესიის შიშის გამო სახელმწიფოები ქმნიან კავშირებს ანდა ეტმასნებიან პოტენციურ აგრესორებს. (იხ. მიტმასნა). კ.უოლცის აზრით, მ. ზრდის გაურკვევლობას და ეჭვს პოლარულ აქტორებს შორის და შესაბამისად იზრდება არასტაბილურობის საფრთხეც. ცივი ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სისტემამ ძირეული ცვლილება განიცადა. ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის თვალსაზრისით, მსოფლიო სისტემა ტრიპოლარულია (აშშ, ევროკავშირი, იაპონია), სამხედრო უსაფრთხოების კუთხით კი აშშ უფრო დომინანტურად გამოიყურება.
მუსიკის სოციოლოგია - სოციოლოგიის დარგი. შეისწავლის მუსიკასა და სოციალურ-კულტურული ცხოვრების სხვა ასპექტებს შორის კავშირის შედეგად წარმოქმნილ პროცესებს. ფუნქციონალისტური წარმოდგენით, სამუსიკო კულტურა ადამიანური საზოგადოების უნივერსალური თავისებურებაა, ასრულებს სოციალურ, აგრეთვე, ინდივიდუალურ და ექსპრესიულ ფუნქციებს. მუსიკის სოციოლოგიური შესწავლა მაქვს ვებერის ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა. ამ საკითხისადმი ადრინდელი მიდგომები ყურადღებას ამახვილებს მუსიკის ელიტარულ და პოპულარულ ფორმებს შორის განსხვავებასა და მის იდეოლოგიურ მნიშვნელობაზე (ადორნო, ბენიამინი). გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მუსიკათმცოდნე თ. ადორნო მასობრივი კულტურის გაანალიზებისას აღნიშნავდა კულტურის კომერციალიზაციასა და გაუხამსებას, მის გარდაქმნას „გართობის ინდუსტრიად“. იგი მიიჩნევდა, რომ პოპულარული მუსიკა იწერება მხოლოდ გასაყიდად, ის იქცა სტანდარტიზებულად და მექანიკურად, არსებული საზოგადოებრივი სისტემის მსახურია და მისი „სოციალური ცემენტი“, საბაზრო ძალების მიერ მანიპულაციასა და გაბატონებული კლასების ზემოქმედებას ემორჩილება, რადგან იმართება რეკლამის მიმწოდებლით, ტელევიზიით, კინოთი, ისინი კი, თავის მხრივ, ადამიანს კონფორმულობისკენ უბიძგებს. ადორნოს პოზიცია პესიმისტურად და ელიტარულად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მუსიკის შესწავლა სტრუქტურალისტური და სემიოლოგიური თვალთახედვით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ერთი მხრივ, სამუსიკო სუბკულტურები (ჯაზი, ბლუზი), მეორე მხრივ, მუსიკა სუბკულტურებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდულში. კულტურალურ კვლევებში პოპმუსიკა გაიაზრება წინააღმდეგობრივ სფეროდ: ერთი მხრივ, მის ფორმირებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გაბატონებული კლასები, მეორე მხრივ, პოპმუსიკით ხალხი გულწრფელად უპირისპირდება ყოველგვარ ჰეგემონიას. მიდლტონი ნაშრომში „ვსწავლობთ რა პოპულარულ მუსიკას“ (1990) განსაკუთრებით აღნიშნავს ხალხური ღირებულებების გააქტიურების ტენდენციას პოპკულტურის, მათ შორის მუსიკის ზეგავლენითა და მეშვეობით. საკვლევად მიმართავენ მრავალგვარ მეთოდს: სახელმწიფო და დარგობრივი სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, კონტენტ-ანალიზს, სემანტიკურ, ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ ანალიზსა და სხვა.
მშვიდობა - ერთ-ერთი სამი ძირითადი მდგომარეობიდან მსოფლიო პოლიტიკაში: ომი, „არაომი“ და მშვიდობა. პირველი მათგანი გამოხატავს რეალური დაპირისპირებას და მტრობის გამო შეიარაღებულ ბრძოლას სახელმწიფოებსა ან საზოგადოებრივ ფენებს შორის, ხოლო მესამე - ასეთი მდგომარეობის არარსებობას ან შეწყვეტას. ამდენად სიტყვა „მშვიდობა“ როგორც ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაში, ისე საერთაშორისო სამართალში პოზიტიური ღირებულების გამომხატველია. იგი წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა საერთაშორისო სამართალი და მისი ინსტიტუტები. რაც შეეხება „არაომს“ (სხვაგვარად - „არც ომი და არც მშვიდობა“), იგი ახალი ცნებაა საერთაშორისო ურთიერთობებში და ძირითადად აღნიშნავს სიტუაციას, რომელიც იქმნება ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის დროს (რასაც ხშირად შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვება ხოლმე), ანდა შეესაბამება ზესახელმწიფოების მდგომარეობას ომის შემდგომ პერიოდში (მაგ., ცივი ომი). სიტყვა მ. მრავალ ენაში სრული სინონიმია სიტყვა „ზავისა“. ლათინური სიტყვა pax ზავადაც ითარგმნება და მშვიდობადაც (მაგ., Pax Americana - ამერიკული მშვიდობა ან ამერიკული ზავი). საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში მ-ის დამყარება ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო. ჯერ კიდევ კანტის „მარადიული მშვიდობის“ იდეა ემყარებოდა ყველა სახელმწიფოს რესპუბლიკურ მმართველობაზე გადასვლასა და სახელმწიფოთა ფედერაციას. მ-ის უზრუნველყოფის მიზანს ისახავდა ერთა ლიგისა და გაეროს წესდებებიც, აგრეთვე მარქსისტულ-ლენინური „მშვიდობიანი თანაარსებობის“ პრინციპი. ე.წ. „დემოკრატიული მშვიდობის თეორიის“ მიხედვით, საყოველთაო მ-ის მიღწევის ერთადერთი საშუალება ყველა ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიული რეჟიმის დამყარებაა.
![]() |
14 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნათესაური ურთიერთობები - წარმომავლობასა დასოციალურ კავშირებზე დამყარებული ურთიერთობები ადამიანთა შორის, რეგულირებული ადათ-წესებითა და უფლება-მოვალეობებით. ნ.უ.აერთიანებს ადამიანებს სისხლით ან საქორწინო ნათესაობით, რაც განამტკიცებს (მხარს უჭერს) ასეთი კავშირით შექმნილ ჯგუფებს. ე.წ. მარტივ საზოგადოებებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანისტატუსი სწორედ ნათესაობის საფუძველზე განისაზღვრება,ამიტომ ანთროპოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნათესაობის სტრუქტურასა და ნომენკლატურას. ნ.უ.-ის თავისებურება განსაზღვრულია კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანთა შორის ურთიერთობების სპეციფიკური სტრუქტურით, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკის სფეროსთან მიმართების თავისებურებით. ნ.უ-ის ტერმინოლოგიური ანალიზი ავლენს კულტურულ მრავალფეროვნებას. ძირითადად შეისწავლიან სამ სფეროს: წარმომავლობა-მემკვიდრეობას, ქორწინების ფორმებს (თანაცხოვრების თავისებურებებს) სექსუალობის რეგულირებას ინცესტის ტაბუირებით. ნაშრომთა დიდი ნაწილი ეხება წამომავლობისა და ქორწინების საკითხებს. მერდოკის თვალსაზრით, ნ.უ-თა შორის ოჯახი საზოგადოების უნივერსალური მახასიათებელია. ნ.უ-ის ფორმალიზაციის დონე, აღიარების მნიშვნელობა და გამოყენება იცვლება დროშიცა და სხვადასხვა საზოგადოებაშიც. მაგალითად, ნ.უ-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კეთილდღეობის სახელმიფოს პოლიტიკის, აგრეთვე განათლების აუცილებლობის გამოცხადებამდე. დღეს ბევრი მეცნიერი აღნიშნავს ნ.უ-ის როლის დაქვეითებას, თუმცა მრავალი ადამიანისთვის იგი კვლავ რჩება ცხოვრებაში მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს წყაროდ (მაგ., კარიერის შესაქმნელად, სამსახურში დასაწინაურებლად). კულტურათა უახლოესი ემპირიული კვლევის მონაცემებით, თნამედროვე კოლექტივისტური კულტურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ძლიერი ორიენტაცია პირველად სოციალურ ჯგუფებზე, პირველ რიგში, ოჯახსა და ნათესაურ ჯგუფებზე, სწორედ ამიტომ ოჯახური როლები და ნორმები განსაზღვრავს ადამიანის ღირებულებებსა და მისი ცხოვრების წესსაც. ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებული ღირებულებაა. კოლექტივისტი თავის თავს უფრო მეტად განიცდის ნათესაურ ურთიერთობებზე მიჯაჭვულად და ამ ურთიერთობებით განსაზღვრულად, ვიდრე ინდივიდუალისტი. ადამიანის თვითშეფასება მეტადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებენ მას ოჯახი და ნათესავები. კოლექტივისტისთვის სპეციფიკურ, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად ყოფნის ფუნდამენტურ ორიენტაციას აღწერენ ტერმინით „მიჯაჭვულობის ორიენტაცია“.
ნარკომანია - 1. ნარკოტიკული საშუალებებისადმი მოძალებული ლტოლვა; 2. ნარკოტიკთა ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოზური მდგომარეობა. ნ-ის კონტროლი დასავლური ქვეყნების მთავრობებისა და გაეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. პრობლემაა ის, რომ ზოგიერთი ნარკოტიკი, რომელიც მიჯაჭვულობას არ იწვევს, აკრძალულია. ზოგიერთი კი, უფრო საშიში (მაგ., ალკოჰოლი ან თამბაქო) -არა. ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ღრმად ფესვგადგმული ნარკოტიკის, ან მორალური პანიკისა და მასმედიის მხრიდან გაზვიადების კონტროლი უფრო რთულია, შესბამისად, სამართალდამცავი ზომები და კონტროლი უნდა გამკაცრდეს ახალდანერგილი ნარკოტიკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნ. დაკავშირებულია სოციალური დევიაციის სხვადასხვაგვარ ფორმასთან ან ეთნიკურ უმცირესობათა, ან დაბალი სტატუსის მქონე ჯგუფებთან.
ნარცისიზმი - ტერმინი მოდის ძველბერძნული მითიდან თავის თავზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცის - ნარცისის უბედური ემოციური განცდების შესახებ. ყველაზე ზოგადი გაგებით, ტერმინი გამოიყენება უზომო თვითტკბობის, საკუთარი ხატის, საკუთარი თავის მიმართ ავადმყოფური სიყვარულის აღსანიშნავად, მაგრამ ავტორის ორიენტაციის შესაბამისად, შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა მიიღოს. კლასიკურ ფსიქოანალიზში ამ ტერმინით აღინიშნება ლიბიდოს მიჯაჭვულობა საკუთარ „მე“-ზე, როგორც ობიექტზე. ნ. შეიძლება იყოს პირველადი (როცა ეგო და იდი ჯერ კიდევ ურთიერთგამოუყოფელია), რაც ნორმაში იცვლება ლიბიდოს ნაწილის მიჯაჭვულობით გარე ობიექტებზე, და მეორადი, როცა ლიბიდოს ნაწილი მოსწყდება გარე ობიექტებს და კვლავ მიიმართება საკუთარ „მე“-ზე. ფრომის თვალსაზისით, აუცილებელი არ არის ნარცისულმა ადმიანმა თავისი ნ-ის ობიექტად მთელი პიროვნება აქციოს: ზოგჯერ ნარცისულ შეფერილობას იძენს პიროვნების რაიმე ასპექტი (ფიზიკური უნარები, მახვილგონიერება, ღირსება); ზოგჯერ ნ. ისეთ თვისებას ეხება, რომლითაც ადამიანი არ ამაყობს, მაგალითად, მშიშარობა. ე.ფრომი მიიჩნევს, რომ სექსუალური და თვითშენახვის ინსტიქტების მსგავსად, ნ-ს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია აკისრია, რამდენადაც ოპტიმალური (და არა მაქსიმალური). ნ. სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და სოციალურ თანამშრომლობასთან მისი შეთავსებაც შესაძლებელია. მეორე მხრივ, ინდივიდუალური ნ. შეიძლება იქცეს ჯგუფურად; ასეთ შემთხვევაში გვარი, ერი, რელიგია, რასა ჩაანაცვლებს ინდივიდს და ნარცისული ლტოლვის ობიექტი გახდება. ამგვარად, ნარცისული ენერგია შენარჩუნდება, მაგრამ ემსახურება არაერთი ინდივიდის, არამედ ჯგუფის სიცოცხლის გადარჩენის ინტერესს. ჯგუფურ ნ-ს სოციოლოგიური ფუნქცია აქვს, რაც ვლინდება კეთილთვისებიან და ავთვისებიან ფორმებში. აღმშენებლური ქმედებების მოთხოვნილება ინდივიდს აიძულებს ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებას, რასაც კეთილთვისებიანი ნ-ის განვითარება მოჰყვება; თუ ჯგუფის ინტერესის ობიექტი თვითონ ჯგუფია (მისი დიდება, ძველი მიღწევები), ნარცისული ორიენტაციის მატება იწვევს ავთვისებიან ნ-ს. საზოგადოებრივი ნ-ის პათოლოგიის სიმპტომია ობიექტურობისა და გონიერი განსჯის უკმარობა. ე.ფრომის თვალსაზრისით, წარმატებების მიღწევა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ჯგუფის ნ-ის ობიექტი გახდება კაცობრიობა და არა ცალკე ხალხი, რასა ან პოლიტიკური სისტემა.
ნატურალისტური სოციოლოგია - ზოგადად ფილოსოფიური თეორია, რომელიც სინამდვილის ასახსნელად საბუნებისმეტყველო მეცნირების მეთოდებსა და ცნებებს იყენებს. სოციოლოგიაში ნატურალისტური კონცეფციების უმრავლეობისათვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერების ვულგარულ-მატერიალისტური და პოზიტივისტური ინტერპრეტაცია, ადამიანის მოღვაწეობის (სქმიანობის) შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათის უარყოფა. ახალი დროიდან მოყოლებული სოციალური მეცნიერებები ევროპაში საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის ზეგავლენით ვითარდებოდა XIX-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისში სოციალურ მეცნიერებაში არსებობდა ორი მთავარი ნატურალისტური მიმდინარობა - ბიოლოგიზმი და სოციალური მექანიციზმი. ძირითადად გაბატონებული იყო ბიოლოგიზმი, რომელიც სოციალური ორგანიციზმის (სპენსერი, შეფლე, ვორმსი) და სოციალური დარვინიზმის (იხ.სოციალ-დარვინიზმი) თეორიით იყო წარმოდგენილი (გუმპლოვიჩი, სამნერი და სხვ.). ამ მიმართულების წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერების ახსნას საზოგადოების ბიოლოგიურ ორგანიზმთან ან კიდევ ბიოლოგიურ ევოლუციასთან ანალოგიის მეშვეობით. მექანიციზმის მიმდევრები (კეტლე, კერი, პარეტო) საზოგადოებრივი მოვლენების ასახსნელად ფიზიკაში დადგენილ კანონებს მიმართავდნენ. XXს-ის მიჯნაზე ეს კონცეფცია ღრმა კრიზისში შევიდა. თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიაში შესაძლბელია ორი ძირითადი ნაკადის გამოყოფა: მეთოდოლოგიური ნატურალიზმი და ონტოლოგიური ნატურალიზმი. ორივე მიმართულება იზიარებს „მეცნიერების ერთიანობის“ პოზიტივისტურ თეზისს. მეთოდოლოგიური ნატურალიზმის წარმომადგენლები აღიარებენ სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისათვის საერთო „მეცნიერული მეთოდის“ არსებობას. ონტოლოგიური ნატურალიზმის მომხრეები იცავენ სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შინაარსობრივი და საგნობრივი ერთიანობის იდეასა და საზოგადოებრივი კანონზომიერებები ბუნებრივ კანონზომიერებებზე დაჰყავს.
ნაცია - იხ. ერი.
ნაციზმი - იხ. ფაშიზმი
ნაციონლიზაცია - მიწასა და ნაციონალური მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილის (მრეწველობა, ბანკები, ტრანსპორტი, კავშირგბმულობა და სხვ.) კერძო სკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XXს-ში ბევრ ქვეყანაში ნ. სხვადასხვაგვარად და ფართოდ გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მან მოიცვა ყოფილი სსრკ-ის, ხოლო 1945-50 წლებში რიგი სოციალისტური ქვეყნების მიწისა და სახალხო მეურნეობის თითქმის მთლიანი მოცულობა. ნ-ის მოთხოვნა ამა თუ იმ ფორმით ფიგურირებდა არასოციალისტური ქვეყნების მთელი რიგი პარტიების (უპირველეს ყოვლისა, სოციალისტური და კომუნისტური ორიენტაციის) საპროგრამო დოკუმენტებში აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების, საფრანგეთში სოციალისტების და სხვ.) მიერ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნ. ყოველთვის და ყველგან სასურველ შედეგს როდი იძლეოდა, ამიტომაც მას ხშირად პირუკუ - დენაციონალიზაციის პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე.
ნაციონალიზმი - ეს ტერმინი ორი ძირითადი მნიშვნელობით გამოიყენება - როგორც იდეოლოგია და როგორც გრძნობა. პირველი მნიშვნელობით იგი ემყარება ნაციის, ერის ცნებას და გარკვეულ პოლიტიკურ და კულტურულ მიზნებს ისახავს. მათ შორის უმთავრესია ეროვნული თვითგამორკვევის იდეა, რომელიც შეიძლბა მიღწეული იქნეს დამოუკიდებლობის, ირედენტიზმისა თუ სეცესიის გზით. მეორე მნიშვნელობით ნ. არის გრძნობა, რომლის მიხედვითაც ერი და ერი-სახელმწიფო არის უმაღლესი ღირებულება და მათდამი ლოიალობა დომინანტურია ყველა სხვა ლოიალობასთან შედარებით. ე.ი. ეროვნული ინტერესები მაღლა უნდა იდგეს პირად, ნათესაურ, ტომობრივ, კლასობრივ რელიგიურ თუ ზოგადსაკაცობრიო ინტერესბზე. ნ-ის წარმოშობა XVIIIს-ის ბოლოს მიეკუთვნება და საფრანგეთის დიდ რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს უკავშირდება. ევროპის ხალხების უმრავლესობამ მაშინ გააცნობიერა საკუთარი თავი კულტურულ ერთობად (რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მშობლიურ ენებზე წიგნებისა და პრესის სწრაფმა გავრცელებამ ანუ ე.წ. ბეჭდვითმა კაპიტალიზმმა) და მიზნად პოლიტიკურ ერთობად ქცევა დაისახა, რაც საკუთარი ეროვნული სახლმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლას ნიშნავდა. გერმანული და იტალიური ნ. გამაერთიანებელი ნ-ის მაგალითია. ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიაში მყოფი ხალხების (ჩეხური, პოლონური, უნგრული, ხორვატული, ბულგარული, ბერძნული, სერბული და ა.შ.) ნ. კი განმათავისუფლებლ ნ-ს წარმოადგენს. ერისა და სხელმწიფოს შერწყმამ ერ-სხელმწიფოდ სათავე დაუდო საერთაშორისო ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპს და ახალ ფორმას - სახელმწიფოცენტრიზმს. XIXს-ში ნ-ის იდეოლოგია ევროპიდან „ექსპორტირებულ“ იქნა დანარჩენ მსოფლიოში, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა და დეკოლონიზაციის სახით გამომჟღავნდა. ამ ე.წ. ანტიკოლონიური ნ-ის შედეგად მასოფლიოში ასორმოცდაათამდე ახალი სახელმწიფო წარმოიშვა. თუმცა მათი უმრავლესობა ერ-სახელმწიფოებად ვერ ჩამოყალიბდა. ბევრ მათგანში ეთნიკური ჯგუფების მინი-ნციონალიზმი (ანუ სეპარატული ნ.) სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოთა მთლიანობას და მათ კვაზისახელმწიფოების, ზოგ შემთხვევაში კი არშემდგარი ქვეყნების რიცხვში აყენებს. ნ., როგორც გრძნობა, განსხვავებულად არის წარმოდგენილი ერის ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებში. სხვა პოლიტიკური იდეების მსგავსად ნ-ც მოსახლეობაში სოციალიზაციის მექანიზმის მეშვობით ვრცელდება, თუმცა, როგორც წესი,იგი ძირითადად ინტელიგენციისათვის არის დამახასიათებელი. ნ-ის ერთ-ერთი ძირითადი სახე - ეთნიკური ნ., მიზნის მიღწევის ანუ ეროვნული სხელმწიფოს შექმნის შემდეგ, როგორც წესი, იცვლება ლიბერალურ და სახელმწიფო ნ-ად, რომლებიც აქცენტს არა ეთნიკურ, არამედ კულტურულ და პოლიტიკურ ერთობაზე აკეთებენ და უპირისპირდებიან სახელმწიფოს შიგნით არსებულ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ ნ-ს, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის მთავარ მტერს. თუ ტიტულარული ერის ნ. საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოშიც ეთნიკური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოა, რომ იგი შოვინიზმის, ფაშიზმისა და ნაციზმის ფორმას მიიღებს. ნ-ის თავისებური ფორმაა პანნაციონალიზმი, რომელიც ზეეროვნული ხასიათისაა და ეთნიკურად, რასობრივად ან რელიგიურად მონათესავე ხალხების შეკავშირებისა და პოლიტიკური ერთიანობისათვის იბრძვის. (იხ. აგრ. ეთნიკური ნაციონალიზმი).
ნაციონალ-სოციალიზმი - ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც ნაციზმის აბრევიატურა. ნ.ს-ის იდეები და პრაქტიკა უკავშირდება გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიას, რომლის ლიდერიც იყო ადოლფ ჰიტლერი (1889-1945). დასაწყისში ჰიტლერის იდეები სოციალისტური და ნაციონალისტური შეხედულებების ბუნდოვანი ნარევი იყო. ის მოითხოვდა გერმანიის პარტიული, განსაკუთრებით ბოლშევიკური პოლიტიკის ზეგავლენისაგან გათავისუფლებას, იმიგრაციაზე მკაცრ კონტროლსა და სხვ. ნაციზმის იდეებმა და პოლიტიკურმა პრაქტიკამ იტალიელი ფაშისტების დიდი ზეგავლენა განიცადა. გერმანელებსა და იტალიელებს შორის ამ საკითხში ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც თავის მხრივ, რასიზმს ემყარებოდა. ამგვარ შეხედულებათა ფილოსოფიური წყარო, ნიცშეს ზეკაცის იდეა, დამახინჯებულად იყო გაგებული. ამ იდეიდან გამომდინარე, ნაცისტები ავითარებდნენ თვალსაზრისს არიული რასის მისიაზე - მართოს მსოფლიო.
ნაციონალური სახელმწიფო - იხ. ერი-სახელმწიფო; აგრ. ერი, სახელმწიფო ნაციონალიზმი.
ნეიტრალიზმი - იხ. მიუმხრობლობა.
ნეიტრალიტეტი - ნეიტრალიზმისაგან (მიუმხრობლობისაგან) განსხვავებით სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსია, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ვალდებულებებსა და უფლებებს. ნ. გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩარევასა და სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში შესვლას. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ომის პირობებში, ასევე მშვიდობიან დროს. ნ. შეიძლება იყოს მუდივი და ევენტუალური ანუ გარემოებითი. უკანასკნელი დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოებს შორის წარმოებულ საომარ მოქმედებებთან. სხელმწიფო, რომელსც არ სურს ომში მონაწილეობა, ოფიციალურდ ატყობინებს მეომარ მხარეს და სხვა ქვეყნებს თავის ამ სტატუსს. მუდმივი ნ. შეიძლება იყოს გარანტირებული სხვა სახელმწიფოების მიერ (მაგ., შვეიცარია) აღიარებული, მაგრამ გარანტიის გარეშე (ავსტრია), ტრადიციული, როცა ქვეყანა ტრადიციულად ატარებს ნ-ის პოლიტიკას, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად არა აქვს (შვედეთი, ფინეთი). იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს: ა) არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელოვან ობიექტს და გეოგრაფიულად „მარგინალურ ზონაში“ უნდა მდებარეობდეს; ბ) უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა; გ) მისთვის უცხო უნდა იყოს ყოველგვარი ექსპანსიონიზმი; დ) უნდა ახასიათებდეს შიდა შეკავშირებულობის მაღალი დონე. თუ ქვეყანაში არსებობს შიდა გათიშულობა, სხვა ქვეყნები ადრე თუ გვიან ჩაერევიან მის საქმეებში; ე) უარი უნდა თქვას ყოველგვარ იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე. საკუთარი ნ-ის სხვა ქვეყნის მიერ დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას იგი საომარი გზით, რაც შეიარაღებული ნ-ის მგალითია. ცივი ომის დამთვრების შემდეგ, როცა ინტეგრაციულმა პოცესებმა და ურთიერთდამოკიდებულებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად შინაარსად იქცა, ნ -ის იდეას მრავალი მკვლევარის აზრით, საფუძველი გამოეცალა და მომავალში ანაქრონიზმად იქცევა.
ნეოიზოლაციონიზმი - შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონიზმის აღდგენის მცდელობა აშშ-ის მსოფლიო გავლენის „დაკნინების“ ხანაში XXს-ის 70-იან წლებში ვიეტნამის ომის შემდგ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიიჩნევდა, რომ აშშ უნდა დაბრუნებოდა თავის „ფესვებს“, რომლებიც ინტერნაციონალიზმისპოლიტიკის ნაცვლად, ტრადიციული იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის აღდგენას ითვალისწინებდა. ამ დოქტრინის მიხედვით, საკუთარი ნახევარსფეროს მიღმა აშშ-ის ჩარევა საერთაშორისო საქმებში შერჩევით საფუძველზე და მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნ-მა ცივი ომის დასრულებისასაც იჩინა თავი.
ნეოკოლონიალიზმი - არათანასწორ, არათანაბარუფლებიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სისტემა ინდუსტრიულად განვითარებულ, წამყვან სახელმწიფოებსა და აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებს შორის (ძირითადად ყოფილ მეტროპოლებსა და კოლონიებს შორის) ნ. ჩამოყალიბდა კოლონიალიზმის, როგორც სისტემის რღვევის პერიოდში და მიზნად ისახავს იმას, რომ წამყვანმა, განვითარებულმა სახელმწიფოებმა ახალი, უფრო დახვეწილი და მოქნილი მეთოდებით შეინარჩუნონ თავიანთი ბატონობა და ზეგავლენა ყოფილ კოლონიებსა და სხვა განვითარებად ქვეყნებზე. განთავისუფლებული ქვეყნების უმრავლესობა ნ-ისტური პოლიტიკის თანამიმდევრული გატარების შედეგად სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ყოფილ მეტროპოლიაზე. კლასიკური კოლონიალიზმისაგან განსხვავებით, ნ. გარეგნულად თითქოს სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ნებაყოფილობითი კავშირია, სადაც საერთაშორისო სამართლის პრინციპები ფორმალურად დაცულია. განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებთან, ნებსით თუ უნებლიეთ, დებენ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, რომლებიც, ფაქტობრივად, კაბალურია და განვითარებად სახელმწიფოებს დამოკიდებელ მდგომარეობაში აყენებს არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც.
ნეოკონსერვატიული ტალღა - ამ ტერმინით აღინიშნება ცივი ომის მიწურულს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა ხელისუფლების სათავეში კონსერვატიული ძალების მოსვლა: აშშ-ში რეიგანი (1981-1989) და ბუში უფროსი (1989-1993); გერმანიაში კოლი (1982-1998); დიდ ბრიტანეთში თეტჩერი (1979-1990) და მეიჯორი (1990-1998). ნეოკონსერვატიზმი, როგორც იდეური მიმართულება, გამოირჩეოდა ისეთი ტრადიციული კონსერვატიული და ლიბერალური ღირებულებების რესტავრაციით, როგორიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, სახელმწიფოს ჩაურევლობა კერძო სამეწარმეო საქმიანობაში, ოჯახი, რელიგია და ა.შ. შესაბამისად, საშინაო პოლიტიკის სფეროში ინგლისელმა კონსერვატორებმა მხარი დაუჭირეს რიგი წამგებიანი ნაციონალური საწარმოების დენაციონალიზაცია-პრივატიზაციას, წაახალისეს საშუალო ფენის საწარმოო ეკონომიკური აქტივობა. შეერთებულ შტატებში რეიგანმა პრიორიტეტული გახადა და წაახალისა ცალკეული შტატების ეკონომიკური ინიციატივები, შეზღუდა ფედერალური გადასახადები და სხვ. საგარეო პოლიტიკაში კონსერვატორები დაადგნენ მკაცრი კურსის პოლიტიკას საბჭოთა კავშირთან და მისი დაშლით ფაქტობრივად მიაღწიეს ცივი ომის დასასრულს.
ნეოლიბერალიზმი - საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში დღეს გავრცელებული ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომა, იგივე ნეოლიბერალური ინსტუტუციონალიზმი. ნ., ნეორეალიზმთან ერთად, დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის წამყვანი დოქტრინაა. ნ. აერთიანებს „კომერციულ“ (ვაჭრობისა და მშვიდობის კავშირი), „რესპუბლიკურ“ (დემოკრატიისა და მშვიდობის კავშირი) და „სოციოლოგიურ“ (ინტეგრაციის აუცილებლობა) ლიბერალიზმს. ნეორეალიზმისაგან განსხვავებით, ნ. მეტ ყურადღებას უთმობს არა საერთაშორისო კონფლიქტს, არამედ თნამშრომლობას. გარდა ამისა, ნეორიბერალები უსაფრთხოების ცნებას უფრო ფართოდ განმარტავენ, ვიდრე ნეორეალისტები და მასში სამხედრო კომპონენტის გარდა ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სხვა ელემენტებსაც აერთიანებენ. ნეოლიბერალები იზიარებენ ნეორეალისტების ძირითად მოსაზრებებს საერთაშორისო სისტემის ანარქიულობისა და სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მოქმედი პირის შესახებ, მაგრამ მეტ ყურადღებას უთმობენ ისეთ აქტორებს, როგორებიც ტრანსნაციონალური კორპორაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებია (იხ., აგრეთვე, პლურალიზმი). თავის მხრივ ნეორეალისტები მიიჩნევენ, რომ ნეოლიბერალები აზვიადებენ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო რეჟიმების როლს საერთაშორისო ურთიერთობებში.
ნეომარქსიზმი - არაერთგვაროვანი ფილოსოფიური, იდეოლოგიური და პრაქტიკულ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლიც აგრძელებს მარქსისა და ენგელსის მოძღვრებას. ნ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყალიბდება. აკრიტიკებს რა ლენინიზმს და მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ნ. ცდილობს მოახდინოს მარქსის შრომების ახლებური ინტერპრეტაცია. ნ-ის ყურადღების ცენტრშია ადამიანის გაუცხოებისა და იმ პირობების მოხსნა, რომელიც გვიანკაპიტალისტურმა საზოგადოებამ (spetkapitalismus) შექმნა (ძირითადი თემაა დამოკიდებულება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებსა და მესამე სამყაროს ღარიბ ქვეყნებს შორის). ნ-ის თეორეტიკოსები პოლიტიკურად ახლოს დგანან ახალ მემარცხენეებთან. ნ-სტული მიმდინარეობა წარმოდგენილია დიორ ლუკაჩის, ჰერბერტ მარკუზეს, მაქს ჰორკჰაიმერის, თეოდორ ადორნოს, ერიხ ფრომის, იურგენ ჰაბერმასის, ერნსტ ბლოხის ნააზრევის სახით.
ნ. XXს-ის ოციან წლებში გაჩნდა ჰეგელიანური მარქსიზმის იმ ვერსიის ნიშნის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია დ.ლუკაჩთან და კ.კორშასთან. აღნიშნული ვერსიის ყურადღების ცენტრში პროლეტარიატის მიერ თავისი მისიისა და ისტორიის „ობიექტური ჭეშმარიტების“ რეალიზების პოლიტიკური და სულიერი წანამძღვრები იყო. 30-40-იან წლებში პირველ პლანზე გამოდის ფრანკფურტის სკოლასთან დაკავშირებული ჰეგელიანური მარქსიზმის სხვა ვერსია. მისი თეორეტიკოსები (მ.ჰორკჰაიმერი, თ.ადორნო) ეჭვქვეშ აყენებენ პროლეტარიატის პოტენციურ უნარს კრიტიკული, არაფეტიშური თვითშეგნების მოპოვების შესახებ. 50-60-იან წლებში ავანსცენაზე „ინდივიდუალისტური მარქსიზმის“ სხვადასხვა მიმდინარეობები ჩნდება: ფროიდო-მარქსიზმი (ე.ფრომი, გ.მარკუზე), ეგზისტენციალური მარქსიზმი (მ.მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი), ფენომენოლოგიური მარქსიზმი (ე.პაჩი, პ.პიჩონე). მათ ამოცანას ადამიანის განთავისუფლების პოტენციალის ძიება შეადგენდა, რომლის პოვნასაც ისინი ისეთი ადამიანის სუბიექტურობის სიღრმეში ცდილობდნენ, რომელიც სოციალურობის შედეგად გაუპიროვნებას არ განიცდიდა. 60-იანი წლებიდან სტრუქტურული მარქსიზმი განვითარდა (ლ.ალტიუსერი, მ.გოდელიე, პოლიტიკური თეორიის სფეროში ნ. პულანცასი). მისი პათოსი „ისტორიის ობიექტური ჭეშმარიტების“ უფლებებში აღდგენაა, რომელიც მან სუბიექტივისტური მიმდინარეობების შედეგად დაკარგა. ინგლისურენოვან ქვეყნებში ნ. სოციოლოგიისა და პოლიტეკონომიის სფეროში განსაკუთრებული ტენდენციის სახით ვითარდება, რომელსაც ანტიპოზიტივისტური მიმართულება აქვს (ჩ.რ. მილსი,ა.გოულდნერი, პ.ბარანი, პ.სუიზი და სხვ.). თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ნ. უპირატესდ მემარცხენე და მემარცხენე-ლიბერალურ, უპირველესყოვლისა, საუნივერსიტეტო ინტელიგენციაში ვრცელდებოდა. მისი რეალურ პოლიტიკაში გამოვლენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის მინიმალური იყო. თვით ნ.-ის თეორეტიკოსების აღიარებით, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიისა და ტაქტიკის გამომუშავება ყოველთვის იყო და რჩება მის სისუტედ.
დ.ლუკაჩის (1885-1971) თანახმად, სოციალიზმის ისტორიულად აუცილებელი გამოჩენა ასპარეზზე კაპიტალიზმის თვითუარყოფის დიალექტიკური მოძრაობის შედეგია. კაპიტალისტური წარმოების წესი იწვევს იმას, რომ ადამიანთა შორის დამოკიდებულება ემსგავსება საგანთან დამოკიდებულებას (გასაგნება). საქონელი იქცა საერთო საზოგადოებრივ უნივერსალურ კატეგორიად. ეს პროცესი პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ცნობიერების გადატრიალებას იწვევს, რამაც შესაძლოა კაპიტალიზმის „გამასაგნებელი“ სტრუქტურა რევოლუციური მოქმედებით დაძლიოს.
ნ-ის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოსების (ადორნო, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე) კრიტიკულ თეორიას. შრომაში „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) ადორნო და ჰორკჰაიმერი მიუთითებდნენ თანამედროვე კაპიტალიზმის წინააღმდეგობაზე და ცდილობდნენ მარქსიზმზე ორიენტირებული კრიტიკულ-დიალექტიკური პერსპექტივის დაფუძნებას. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლების უმრავლესობა ასევე უარყოფს კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ წმინდა ტექნიკურ-მიზანრაციონალურ აზროვნებას, ინსტრუმენტულ გონებას და აქედან გამომდინარე საბჭოთა მარქსიზმის თეორიასა და პრაქტიკას.
ე.ბლოხი ხაზს უსვამდა მარქსისტული აზროვნების მომავალზე მიმართულ ასპექტს და აგებდა „მომავლის პრინციპზე“ დაფუძნებულ ყოვლისმომცველ ფილოსოფიას. ბლოხის თანახმად, უტოპიური აზროვნება არსებითია ადამიანისათვის და იგი სოციალურ უტოპიაშია წარმოდგენილი.
ი.ჰაბერმასი ეხება კრიტიკული თეორიის და მარქსიზმის შემეცნებით და მეცნიერულ-თეორიულ დასკვნებს. ბურჟუაზიული საზოგადოების რეპროდუქცია როგორც ადრე, ასევე ახლაც ლატენტურად შეიცავს მასალას კრიზისისათვის და მას საზოგადოებრივად წარმოებული სიმდიდრის მითვისების ასიმეტრია ახასიათებს. საზოგადოებრივი ინტერესები შეიძლება ლეგიტიმური იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი გადამოწმდებიან „პრაქტიკული დისკურსით“. საჯაროობის პრინციპი, როგორც ბატონობისაგან თავისუფალ სივრცეში ინტერესთა კონფლიქტის კომუნიკაციური განხორციელება-გატარების გამჭვირვალობის პირობა, თანამედროვე კაპიტალიზმში შეუძლებელია.
ნეომარქსისტ მოაზროვნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ფრანგი და იტალიელი მოაზროვნეები: ჰ.ლეფევრი, რ.გარაუდი, მ.მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი, ლ.ალთიუსერი, გალვანო დელა ვოლპე, ჩეზარე ლუპორინი, ჩეხი ფილოსოფოსი კ.კოზიკი, რ.კალივოდა, იუგოსლავიელი მოაზროვნეები გ.პეტოვიჩი, მ.მარკოვიჩი, ს.სტოიანოვიჩი, პოლონელი ლ.კოლაკოვსკი.
ნეორეალიზმი - იგივე სტრუქტურული რეალიზმი, საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი სკოლა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელად საერთაშორისო სისტემის სტრუქტურულ მახასიათებლებს მიიჩნევს და არა ამ სისტემის შემადგენელ ნაწილებს. ნ. უკავშირდება კენეტ უოლცის ნაშრომებს. უოლცის აზრით, გლობალური სისტემის ხასიათი განაპირობებს სახელმწიფოების ქცევას და არა პირიქით. საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ერთიანობის დემონსტრირებით ნ. საერთაშორისო პოლიტიკის ავტონომიურობას უსვამს ხაზს. სერთაშორისო პოლიტიკის ეს ავტონომიურობა საერთაშორისო ურთიერთობების ბუნების თეორიული განზოგადების საშუალებას იძლევა. ნ-მა ბევრი რამ ისესხა კლასიკური რეალიზმისაგან, მათ შორის სახელმწიფოების, როგორც რაციონალური და უნიტარული მოქმედი პირების თეზისი და ძალაუფლების, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალური თემის ცნება. რეალიზმისაგან განსხვავებით, ნ. სახელმწიფოთა ქცევის ანალიზისას მათ ეროვნულ ინტერესებს კი არ ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას, არამედ საერთაშორისო სისტემის კონფიგურაციის ხასიათს. საერთაშორისო სისტემა განაპირობებს სახელმწიფოების გათვლებს, ქცევასა და ურთიერთქმედებას. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ნ-ის ძირითადი კონკურენტი ნეოლიბერლიზმია. ნ-ს მწვავედ აკრიტიკებენ კრიტიკული თეორიისა და პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი მკვლევარები.
ნეოფაშიზმი - ახალი, თანამედროვე ტიპის ფაშიზმი, უკიდურესად რეაქციული იდეოლოგია, რომელიც გამოდის ანტისემიტური, ნაციონალისტური და რასისტული პოზიციებიდანაც კი.
ნეოფროიდიზმი - ორთოდოქსული ფროიდისტული პოზიციიდან გადახრილი კონცეფციები ან თეორიები, რომლებმაც ფროიდიზმი მნიშვნელოვნად შეცვალეს. ამ მიმართულების მომხრეები განსაკუთრებით გამოყოფენ სოციალური, კულტურული და ურთიერთობრივი ფაქტორების მნიშვნელობას, თუმცა კი ძირითადად დინამიკურ თვალსაზრისს ემხრობიან. ნეოფროიდისტებს მიაკუთვნებენ ე.ფრომს, ე.ერიქსონს, კ.ჰორნის, ჰ.სალივანს. ამასთან, ყველა მათგანის თეორია ინდივიდუალობით გამოირჩევა. მათი თვალსაზრისით, ფროიდის ზოგიერთი დებულება მოძველდა (მაგალითად, აქცენტი ინსტინქტების წამყვან როლზე), ხოლო ოიდიპოსის კომპლექსის ან ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის დადასტურება ძალზე რთულდება იმ შემთხვევათა გარდა, რომლებიც კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული; ნევროზს ნეოფროიდისტები პრობლემურ ურთიერთობათა შედეგად მიიჩნევენ, ხოლო ჯანმრთელ პიროვნებას - ასევე სოციალური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. იმათ, ვინც მთლიანად გაწყვიტეს კონტაქტი ფროიდთან და თავიანთი სკოლები შექმნეს (კ.გ.იუნგი, ა.ადლერი), ნეოფროიდისტებს არ მიაკუთვნებენ.
ნეოფუნქციონალიზმი - ინტეგრაციის სამეცნიერო თეორია, რომელიც ინტეგრაციის განვითარების ყველაზე ეფექტურ გზად ქვეყნების საერთო ინტერესების სექტორებში ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოებას მიიჩნევს. ნ-ის მიხევით, ეკონომიკური ინტეგრაციის დადებითი შედეგები მოქალაქეებში სახელმწიფოების ქვეშევრდომობის შეგნებას შეცვლის. ფუნქციონალიზმისაგან განსხვავებით, ნ. აქცენტს რეგიონულ და არა გლობალურ ინტეგრაციაზე აკეთებს. გარდა ამისა, ნეოფუნქციონალისტები თავიანთ წინამორბედებზე მეტ ყურადღებას აქცევენ ინტეგრაციის ინსტიტუციურ მხარეს, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ასპექტებს. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ნ-ის სკოლა პლურალიზმის პარადიგმას მიეკუთვნება, რადგან ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოთა გარდა ინტერესთა ჯგუფების გავლენასაც დიდ ყურადღებას უთმობს (იხ. გადმოღვრის ეფექტი).
ნეპოტიზმი - თანამდებობის პირთა მხრიდან თავიანთი ნათესავებისა და ახლობლების მფარველობა.
ნომენკლატურა - 1. საბჭოთ კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში კომუნისტური პარტიის მიერ სახელმწიფო, პარტიულ და საზოგადოებრივ თანამდებობებზე ვაკანსიის დასაკავებლად შერჩეული ადამიანების სია. 2. ადამიანები, რომელთაც ეჭირათ მაღალი თანამდებობები ან კიდევ დასანიშნ სიაში იყვნენ შეყვანილნი. ზოგიერთ თანამედროვე პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ძველი პარტიული (სოციალისტური) ნ-ის წარმომადგენლები კვლავ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე რჩებიან.
ნორმა და ნორმატიული - 1. რაიმეს ზომა, ნიმუში, საშუალო სიდიდე; 2. დაკანონებული დადგენილება, აუცილებლობად აღიარებული წესრიგი, წყობა; 3. გარკვეულ სიტუაციაში ქცევის წესი; 4. ქცევის რეგულაციის ფორმა ბიოლოგიაში, ტექნოლოგიაში. სოციოლოგიაში ნორმის ცნება მოიაზრებს სოციალური ერთობის მიერ გამომუშავებული ყოველგვარი წესის (მოთხოვნების, მოღვაწეობის ნიმუშების, სტანდარტების, ქცევის, მათ მიმართ სზოგადოების მოლოდინების) ერთიანობას. ნორმები გულისხმობს საზოგადობაში ადამიანთა ურთიერთქმედების აბსტრაქტულ მოდელს, რომლის შესაბამისად, ინდივიდს შეუძლია, ერთი მხრივ, ურთიერთქმედების სხვა მონაწილეთა ქცევის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ, საკუთარის აგება. ნორმები მოქმედებს სხვადასხვა დონეზე (ინდივიდთა ყოველდღიური ცხოვრება, მაგალითად სუფრასთან ქცევა, ან განვითარებულ საზოგადოებებში სამართლებრივი სისტემის ფორმულირება). ნ-ები მხარდაჭერილი და განმტკიცებულია ნაირგვარი სანქციით არაფორმალური მიუღებლობიდან ფიზიკურ (მაგ., სიკვდილით) დასჯამდე. ნორმა განსაზღვრავს და უზრუნველყოფს სოციალური სისტემის წესრიგსა და სოციალური ურთიერთქმედების რეგულაციას. ნ. იმის კრიტერიუმია, თუ რა აღიქმება საზოგადოების მიერ ნორმალურად. ნორმის შესაბამისი ან ნორმაზე დაფუძნებული ნებისმიერი მოვლენა (ქცევა, მოლოდნი, წარმოდგენა და ა.შ.) არის ნორმატიული. ტერმინ ნორმას უპირატესობას ანიჭებენ ფუნქციონალური თეორიის წარმომადგენლები. სოციალური ფენომენოლოგია, ეთნომეთოდოლოგია უპირატესობას ანიჭებს ტერმინს წესი.
ნორმატიული თეორია - ემპირიული საერთაშორისო თეორიის ალტერნატივა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ეთნიკური კუთხით შეისწავლის. ნ.თ. შეისწავლის ცალკეულ პირებთან, სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთაშორისო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის, ვალდებულებების, პასუხისმგებლობისა და უფლებების სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვრებისა და ქვეყნების ეთიკურ მნიშვნელობას, ომისა და მშვიდობის საკითხებს, ადამიანის უფლებებს, ინტერვენციისა და საერთაშორისო თანასწორობის პრობლემებს. ნ.თ-ის ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ XXს-ის 20-30-იანი წლების იდეალიზმი, საერთაშორისო საზოგადოების ბრიტანული სკოლა და ცივი ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით წამოჭრილი ეთიკური საკითხები, როგორიცაა სამართლიანი ომი, ინტერვენცია, გარემოს დაცვა, საერთაშორისო უთანასწორობა, დაბოლოს, კრიტიკული თეორიის წარმომადგენლებისა და პოსტმოდერნისტების მიერ წინ წამოწეული საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ზნეობრივი ასპექტები.
ნორმატიული მოქმედება - ნორმის შესაბამისი ან ნორმაზე დაფუძნებული ქცევა. რაიმე ქცევის მოდელი კონკრეტულ საზოგადოებაში ნორმად გადაიქცევა მისი ხშირად გამეორების საფუძველზე. ყოველგვარი ნორმა, არსებითად, ქცევის სოციალურად მნიშვნელადი აქტების ერთიანობაა. წარმოდგენა ნორმატიულ ქცევაზე სოციალურ ურთიერთქმედებებში გამომუშავებულ სტანდარტებზე დაყრდნობით ყალიბდება, აღიქმება და კვლავ აღდგება. მისი შინაარსი გამომდინარეობს ინდივიდთა და სოციალურ ჯგუფთა რეალური ქცევიდან.
ნორმატიული წესრიგი - მოცემული სოციალური სიტუაციის შესაბამისი წესებისა და კრიტერიუმების სისტემა. სოციალური ცხოვრების გაგება გაფორმებული მოლოდინებითა და მოვალეობებით განპირობებულ, მოწესრიგებულ და უწყვეტ პროცესად სოციოლოგიურ თეორიებში ძალზე გავრცელებულია, თუმცა მას სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას ანიჭებენ. დიურკემის თვალსაზრისით, საზოგადოების ფუნქციონირების საფუძველი ზნეობრივი წესრიგია; ამ თვალსაზრისმა გავლენა მოახდინა თანამედროვე ფუნქციონალზმზე. მაგ., პარსონსის თეორიაში ცნება ნ.წ. სოციალური სისტემის მთავარი ელემენტია. მისი თვალსაზრისით, ნორმის ცნება სოციალური კონტროლის ცნებასაც გულისხმობს, რამდენადაც ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს საზოგადოების წევრთა კონფორმულობას და სანქციების გამოყენებას დევიანტური ქცევის მიმართ. ნ.წ. ორ ძირითად ელემენტს მოიცავს - ღირებულებებსა და ნორმებს. ნორმები დაკავშირებულია სოციალიზაციასა და როლებთან; მოცემული სოციალური სიტუაციისათვის (მაგალითად, რაიმე თავყრილობა) დამახასიათებელი სპეციფიკური წესების სახით ისინი არეგულირებენ ინდივიდთა მოღვაწეობას ჯგუფის ან სისტემის ფარგლებში. ღირებულებები მარეგულირებელ ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ, ამას გარდა, მორალურობის ნიშანიც აქვს. ამის გამო მათი მნიშვნელობა მით უფრო ფართოვდება, რაც უფრო მეტად სცილდება კონკრეტული სიტუაციის ფარგლებს სხვადასხვა კონტექსტში ღირებულებები მაინფორმირებელ ნორმად განიხილება და ამით ისინი სხვადასხვა სისტემის შემაერთებელ ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამის გამო, პარსონსის თვალსაზისით, ნ.წ-ის ღირებულებრივი ასპექტი გადამწყვეტია ნიმუშის შესანარჩუნებლად.
ნოტა - ერთი ქვეყნის მთავრობის წერილობითი დიპლომატიური მიმართვა მეორე ქვეყნის მთავრობისადმი. იხ. აგრ. დემარში, მემორანდუმი.
![]() |
15 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ობსტრუქცია - რაიმე ღონისძიების ჩაშლისაკენ მიმართული ღია სახის მოქმედებები. ო. პარლამენტში საპარლამენტო ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ოპოზიციური ძალის მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას (დარბაზის დემონსტრაციულ დატოვებას, სხდომებზე არგამოცხადებას და ა.შ), მიმართულს შემოტანილი კანონპროექტის მოსმენის საწინააღმდეგოდ და მის ჩასაგდებად.
ოიდიპოსის კომპლექსი - კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის - ოიდიპოსის სახელის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი ცოდვის ჩადენა ფიქრადაც კი არ გაუვლია. ო.კ. გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, დაკავშირებულს მშობლებისადმი ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან - მას ერთდროულად კიდეც უყვარს და კიდეც სძულს თითოეული მათგანი; მათი სიკვდილი სურს, თან თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია. გოგონებთან ო.კ.-ს კ.გ. იუნგმა ელექტრას კომპლექსი უწოდა. იუნგისაგან განსხვავებით, ფროიდი ამჯობინებდა ო.კ.-ის ცნების გამოყენებას, რადგან, სქესისგან განურჩევლად, მას უნივერსალურად მიიჩნევდა. ამ ორ კომპლექსს შორის განსხვავებას ფროიდი მხოლოდ განვითარების ხასიათში ხედავდა. თანამედროვე ფსიქოანალიზურ მეცნიერებაში ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“ იშვიათად გამოიყენება; უფრო ხშირად ო.კ.-ის ცნებას მიმართავენ. ო.კ. ინდივიდში იწვევს დანაშაულის გრძნობას, რომელსაც იგი არაცნობიერ სფეროში კონფლიქტამდე მიჰყავს. კონფლიქტის დაძლევა ხდება თავისივე სქესის მშობელთან იდენტიფიკაციით. კასტრაციის საფრთხეს და თავისი ინცესტური ლტოლვების გამო შესაძლო დასჯის შიშს ბიჭი მიჰყავს ო.კ.-ის ზიზღთან, ამ კომპლექსთან დაკავშირებული ეროტიკული ლტოლვები დესექსუალიზდება, სუბლიმირდება ანუ გადაირთვება სოციალურად მისაღებ მიზნებში. ამ პროცესის იდეალური განხორციელების შემთხვევაში ო.კ. ინგრევა და ქრება. მისი დაღუპვის პროცესში მშობელთა გარეგანი ავტორიტეტი თითქოს ბავშვის ფსიქიკაში შედის და მის შინაგან მიღწევად იქცევა, რასაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ინსტანციის - სუპერ-ეგოს წარმოშობა მოჰყვება. ასე ხდება სუპერ-ეგო. ო.კ.-ის მემკვიდრე. ამის შემდეგ სუპერ-ეგო მომზირალი თვალის ან დამსჯელი სინდისის როლში გამოდის და ადამიანში დანაშაულის განცდას იწვევს. თეორიულად, ეს კომპლექსი სრულად მაშინ დაიძლევა, როცა ადამიანი საპირისპირო სქესის მშობელს თავიდან აღმოაჩენს მომწიფებულ, ზრდასრულ სექსუალურ ობიექტში. ფროიდის თვალსაზრისით, ამ კომპლექსის საფუძველზე აღმოცენდება ინცესტის აკრძალვასა და შესაბამის ნორმებთან დაკავშირებული მთელი ადამიანური კულტურა. ო.კ.-ში თავს იყრის რელიგიის, ზნეობის, საზოგადოების, სოციალური ინსტიტუტებისა და ხელოვნების საწყისები.
ოკუპაცია - 1. საარვისო მიწის (terra nullius) დაკავება (ათვისება), ანუ ისეთი ტერიტორიის დაკავება, რომელიც არც ერთი სხვა სახელმწიფოს სამფლობელოს არ წარმოადგენს. ასეთი გაგებით ო. წარმოადგენდა სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის ერთ-ერთ ფორმას აზიისა და აფრიკის კოლონიზაციის პერიოდში (XVI-XIX);
2. სამხედრო ო. ძალის გამოყენებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. სამხედრო ო.-ის დროს დამყარებული ხელისუფლება სუვერენიტეტს მოკლებული დროებითი ფაქტობრივი ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, დაამყაროს იქ წესრიგი და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეინარჩუნოს და პატივი სცეს იქ არსებულ კანონებს. სამხედრო ო. არ წარმოადგენს ტერიტორიის შეძენის ფორმას, არამედ იგი ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მხოლოდ დროებითი დაკავებაა და, წესისამებრ, უნდა შეწყდეს კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ დადებული საზავო ან სხვა სახის ხელშეკრულებათა საფუძველზე (მაგ., ჰიტლერული გერმანიის ტერიტორია დაყოფილ იქნა ოთხ საოკუპაციო ზონად აშშ-ს, სსრ კავშირს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის).
ოლიგარქია - ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელისუფლება. ამგვარადვე შეიძლებოდა განგვესაზღვრა არისტოკრატიაც, მაგრამ ო-ს განსხვავებული მნიშვნელობა დაუმკვიდრა არისტოტელემ და არისტოტელურმა ტრადიციამ პოლიტიკურ ფილოსოფიაში. კერძოდ, არისტოტელემ გამიჯნა მმართველთა მცირე ჯგუფი, რომელსაც მიზნად აქვთ საერთო კეთილდღეობა და ჯგუფი, რომლის მიზანსაც პირადი გამორჩენა წარმოადგნს. პოლიტიკურ სოციოლოგიაში არსებობს მოსაზრება (მისი გამტარებელი იყო მიხელსი), რომ სახელმწიფო ორგანიზაციულ, ბიუროკრატიულ სტრუქტურებს აქვთ მისწრაფება გახდნენ ოლიგარქიულნი.
ოლიგარქიის რკინის კანონი - რობერტ მიხელსის (1876-1936) მიერ თავის წიგნში - „პოლიტიკური პარტიები“ (1911) ჩამოყალიბებული პრინციპი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და პროფკავშირები (იხ. პროფესიული კავშირები), საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექცევა რამდენიმე ადამიანის უპირობო და უკონტროლო მმართველობის ქვეშ. მიხელსის თანახმად, რაც უნდა დემოკრატიული იყოს ორგანიზაციის დამფუძნებელთა განზრახვა, ორგანიზაციის გაფართოება აუცილებლად იწვევს სირთულეებს მის მართვასთან დაკავშირებით. ამდენად, ორგანიზაციის ფარგლებში ყალიბდება მყარი ბიუროკრატია, რომლის მიზანია მართვაში პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა. ასე ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია ძალზე მცირე რაოდენობის ადამიანების (ლიდერების) ხელში, რომლებიც თანდათან გამოდიან ორგანიზაციის რიგითი წევრების კონტროლიდან. ისინი ახდენენ კომუნიკაციური რესურსების მონოპოლიზებას და ამით იმყარებენ თავიანთ ძალაუფლებას. მიხელსი მიუთითებს იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებს ოლიგარქიულობისკენ სწრაფვას: 1. ტექნიკური (ეფექტურად მართვადი ორგანიზაციის მოთხოვნილება); 2. ლიდერთა ფსიქოლოგიური ხასიათი (პოსტებისა და პრივილეგიების დამკვიდრებისკენ სწრაფვა); 3. მასების ფსიქოლოგიური ხასიათი (აპათიურობა და ხელმძღვანელისადმი მორჩილებისა და მართულობის სურვილი). ო.რ.კ.-ის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიხელსის დასკვნა ზედმეტად პესიმისტურია - დემოკრატიას აქვს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ძალაუფლების განაწილებას უზრუნველყოფს მართვის სხვადასხვა ჰორიზონტალურ რგოლს შორის.
ოლიგოპოლია - ბაზარი, რომელშიც ცოტა გამყიდველია. შესაბამისად, მოლაპარაკების ან „სათამაშო“ თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება. პოლიტიკური ბაზრების უმრავლესობა, სადაც პოლიტიკური პარტიები პოლიტიკით „ვაჭრობას“ ეწევიან, ოლიგოპოლიურია.
ომი - ორგანიზებული შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც შეიძლება აწარმოებდნენ სახელმწიფოები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე ხალხები, ასევე სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულ ომს (იხ. აგრესია) საერთაშორისო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. განასხვავებენ სამართლიან (მართლზომიერ) ო-სა (ასეთებია, მაგ., ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვა აგრესიის წინააღმდეგ, ომი კოლონიზატორთა წინააღმდეგ, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისათვის) და უსამართლო (არამალთზომიერ) ომებს (მაგ., აგრესია, კოლონიური ომები). ომს თან ახლავს რიგი სამართლებრივი შედეგები: მეომარ სახელმწიფოთა შორის დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობათა გაწყვეტა, საერთაშორისო ხელშეკრულებათა გაუქმება და ა.შ. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით ომი აკრძალულია. აიკრძალა არა მარტო ომის დაწყება, არამედ ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ზომების გამოყენება ამა თუ იმ სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკური დაქვემდებარების მიზნით. ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებებითა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება საერთაშორისო დანაშაულად არის აღიარებული (იხ. აგრ. კლაუზევიცის დოქტრინა, სამართლიანი ომი).
ოპოზიცია - 1. საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც გაბატონებული უმრავლესობის პოლიტიკური და პრაქტიკული შეხედულებების საწინაარმდეგო ქმედების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის საკუთარ ხაზს ატარებენ. 2. ერთი საპირისპირო შეხედულებებისა და პოლიტიკის მეორისადმი დაპირისპირების პროცესი. ო.-ის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და მის იდეურ-პოლიტიკურ შემწყნარებლობაზე, პლურალიზმზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასა და ა.შ. მეტყველებს. ეს არის საშუალება, საზოგადოება და სახელმწიფო დაზღვეული იყოს უკონტროლობისა და ცალმხრივი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ო. დაშვებული არ არის და მკაცრად ჩაიხშობა. ფორმის სახისა და ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საქმიან, დეკონსტრუქციულ, ლოიალურ, დამანგრეველ, კომპრომისისათვის მზადმყოფ, ზომიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, შიდაპარტიულ და სხვ. ო.-ს. უფრო ხშირად ო. სოციალურ-პოლიტიკურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული უფლებები აქვს და მისი აზრი, ასე თუ ისე, უმრავლესობის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მაგ., პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის აზრის გათვალისწინება).
ოპორტუნიზმი - საბჭოთა პოლიტიკურ ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა მუშათა მოძრაობის პოლიტიკური და იდეოლოგიური ლიდერების შემგუებლობას ბურჟუაზიის, ბურჟუაზიული იდეოლოგიის მიმართ. საბჭოთა იდეოლოგია ოპორტუნისტულ გარიგებას კლასობრივ მტრებთან განასხვავებდა ტაქტიკური კომპრომისებისაგან, რომლებიც შეიძლება საჭირო გამხდარიყო პოლიტიკური ბრძოლის მსვლელობისას. კომპარტიის თეორეტიკოსები გამოყოფდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამიჯნულიყო ოპორტუნისტურლი და ტაქტიკურ-დროებითი შეთანხმება ბურჟუაზიასთან. კერძოდ, ო. ცდილობდა საბოლოო ჯამში მუშათა მოძრაობა დაეყვანა კერძო მოთხოვნების რეალიზაციასა ან ცალკეულ რეფორმებზე და თავს არიდებდა მუშათა მოძრაობის ძირითადი მიზნისაკენ, პროლეტარიატის დიქტატურისაკენ წაყვანას. ამგვარი კრიტერიუმების არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში სავსებით შესაძლებელი იყო ოპორტუნისტის იარლიყი მიეწებებინათ შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში ნებისნიერი დამარცხებული თანაპარტიელისათვის.
ორგანიზაცია - 1. გარკვეული განზრახვების ან მიზნების მიღწევისათვის შექმნილი კოლექტივის ტიპი, რომელიც ხასიათდება წესების ფორმალური სტრუქტურით, ძალაუფლებითი ურთიერთობებით, შრომის დანაწილებით, შეზღუდული წევრობითა და წესებით. ცნება გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით: 1) სოციალური სტრუქტურის ელემენტი; 2) მოღვაწეობის სახე; 3) შინაგანი მოწესრიგებულობის ხარისხი და სხვ. ესენია: საქმიანი საწარმოები, სკოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, ციხეები, არმია, პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და ა.შ. ერთი სიტყვით, ო. წარმოადგენს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ინდივიდების რაიმე სიმრავლის გამაერთიანებელი ურთიერთობების სისტემას. სოციალურ ურთიერთობათა მოდელი განსხვავდება სხვა სოციალური ჯგუფების - ოჯახის, მეზობლების ურთიერთობისაგან. ო.-ში ასოციაციის ფორმები, ჩველებრივ, ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ნაწილს იკავებენ. (გამონაკლისია ტოტალიტარული ო-ები). 2. სოციალური მოღვაწეობის ან მოქმედების ერთობლიობის რაიმე მიზნობრივი გაერთიანება. ამ აზრით იგი გულისხმობს აქტიურ კონტროლს ადამიანების ურთიერთობებზე. ამიტომ ხშირად ო-სა და ბიუროკრატიას სინონიმებად ხმარობენ, მაგრამ ეს მართებული არაა. თვით მ. ვებერიც წინააღმდეგი იყო მათი გაიგივებისა. საერთოდ კი ო. შეიძლება ხელმძღვანელობდეს ისეთი ნიმუშებით, რითაც ხასიათდება თანამედროვე ბიუროკრატია.
უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინის ყველასათვის მისაღები განსაზღვრება არ არსებობს. მისი მნიშვნელობა იცვლება თეორიულ მიდგომებში განსხვავების შესაბამისად. ძირითადი პრობლემაა „ორგანიზაციის კულტურა“. ეს პრობლემა აისახება ფორმალურ და არაფორმალურ ო.-ებს შორის განსხვავებებშიც. პირველი მიეკუთვნება ოფიციალურ იერარქიასა და ძალაუფლების სტრუქტურებს, რომელთაც აქვთ მმართველობის დროებითი შუალედები, როგორც პირველად არის აღწერილი ფორმალური ო.-ის თეორეტიკოსების მიერ და მეცნიერული მენეჯმენტით; მეორე - ხერხებით, რომლებითაც ოფიციალური წესები ინერგება ან ემხობა დაქვემდებარებულთა მოქმედებით (და რომლებიც აღმოჩენილ იქნა ჰოუტორნის ადრეულ ექსპერიმენტებში). (იხ. ორგანიზაციის თეორია.)
მაშასადამე, ო-ის არსებით ნიშნებად უნდა გამოვყოთ: 1) მიზნების არსებობა; 2) საზოგადოებრივ თუ სოციალურ-ძალაუფლებრივ ურთიერთობათა კონკრეტული განხორციელება; 3) სტატუსებისა და როლების ურთიერთობა; 4) როლებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი წესები; მიზნების, ამოცანებისა და ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილის ფორმალიზაცია. ო-ის მნიშვნელოვანი ფუნქციებია: ა) ინდივიდების ინტეგრაცია და სოციალიზაცია; ბ) ო-ის წევრთა მოქმედების მოწესრიგება და სოციალური კონტროლი მათი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე.
ორგანიზაციის თეორია - 1. ორგანიზაციული სტრუქტურისა და სოციალურ ურთიერთობათა დინამიკის სოციალური და დისციპლინათშორისი ანალიზი. იგი მოიცავს მართვის ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს, ამოცანათა განაწილებას, გადაწყვეტილების მიღებას, მენეჯმენტს ორგანიზაციებში, სიახლეებს, ტექნოლოგიებს, ორგანიზაციულ ცვლილებებსა და სხვა ამოცანებს. ო.თ.-ის მიზანია სოციალური სისტემების უფრო ეფექტური ფუნქციონირების, მართვისა და მენეჯმენტის პირობების შესწავლა. ამ საქმეში მთავარი წვლილი შეაქვთ ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტეკონომია, მენჯმენტის მეცნიერება და ადმინისტრაციული თეორია. ფსიქოლოგიის წვლილი გამოიხატება ინდივიდუალური ქცევის შესწავლაში მოტივაციასა და წახალისებასთან, ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებასთან ერთდ. მეცნიერებისა და ადმინისტრაციული თეორიის სფეროში შესრულებული ნაშრომები ძირითადად ეხება ურთიერთობებს ორგანიზაციასა და ქცევებს შორის. ო.თ. მოიცავს მენეჯმენტისა და ბიზნესის კურსების უმრავლესობაში მოცემულ სასწავლო გეგმებს. 2. ალტერნატიული ტერმინი ორგანიზაციის სოციოლოგიისა, რომელიც ძალზე ახლოსაა ო.თ.-ის გამოყენებით სფეროსთან. ეს ქვედისციპლინა შეიძლება ნაწილობრივ იდენტიფიცირებულ იქნეს აკადემიური სოციოლოგიის მთავარ მიმართულებასთან, კერძოდ, ვებერის ბიუროკრატიის იდეალურ ტიპთან.
ვებერის ბიუროკრატიის იდეალური ტიპი გახდა საყრდენი წერტილი ორგანიზაცის სოციოლოგიის შემდგომი განვითარების საქმეში. გოულდნერმა თავის გამოკვლევებში აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიული წესების უარყოფა და დაამტკიცა, რომ ბიუროკრატიას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა, ბერქსმა და სტოლკერმა მიუთითეს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების შეფასება უნდა ხდებოდეს მათი სტაბილურობის ხარისხის ან საზოგადოებაში მათი ნდობის შესაბამისად. მექანიკური სტრუქტურები ბიუროკრატიული, იერარქიული და ხისტია, ხოლო ორგანული - მოქნილი, დეცენტრალიზებული და უფრო ღიაა სიახლეებისა და გარემოს ცვლილებებისადმი. ორგანიზაციების ტიპოლოგიზაციის ცდები წარმოებდა იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, თუ „ვისთვისაა იგი მომგებიანი“ (ბლაუ, 1955), აგრეთვე, დაქვემდებარების ტიპების მიხედვით (ეტციონი, 1961). ო.თ-ის განვითარებაზე მძლავრი გავლენა მოახდინა ფონქციონალიზმმა თავისი „ორგანიზაციის, როგორც სისტემის“ კონცეფციით, ორგანიზაციული „სიცოცხლისუნარიანობითა“ და ადაპტაციით გარემოსადმი. ორგანიზაციები აღიარებულ იქნა „ღია სისტემებად“, რომლებიც ახორციელებენ გაცვლას მათსა და გარემოს შორის.
ო.თ.-ის შემდგომი განვითარება უკავშირდება შემთხვევითობის თეორიის (პუგო და სხვ. 1968; ლორენც და ლორში, 1967; ვუდვორდი, 1970) შემუშავებას. მეცნიერული მენეჯმენტის საპირისპიროდ, უპირატესობა ეძლევა იმ ურთიერთობათა მრავალგვარობის შესწავლას, რომელიც არსებობს „კონტექსტურ ცვლილებას“ (მაგ., ტექნოლოგიებს, ცვლადებს, გარემომცველ პირობებს), ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მოქმედების ტიპებს შორის. შემთხვევითობის თეორია მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოექცა მისი დეტერმინისტული ვარაუდების, ემპირიზმისა და დადგენილი კორელაციების სისუსტის გამო. ძალაუფლებითი ურთიერთობების უგულვებელყოფა ჩნაცვლებულ იქნა ჩაილდის (1985) მიერ სტრატეგიული შემთხვევითობის თეორიით. ინტერაქციონისტულ პროექტებში ხაზი ესმებოდა „ხელშეკრულებითი წესრიგის“ ორგანიზაციული მექანიზმების სოციალურად სტრუქტურირებულ ხასიათსა და ორგანიზაციული წესების არასაიმედოობას (სილვერმანი, 1970). სიმბოლური ინტერაქციონიზმის საფუძველზე დაწერილმა ნაშრომებმა გამოავლინეს ორგანიზაციული კულტურების გაფართოებადი სფერო, რაც ეთნოგრაფიული მეთოდების გამოყენებას გულისხმობდა.
ორგანიზაციის სოციოლოგია - იხ. ორგანიზაციის თეორია.
ორპალატიანი სისტემა - სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაცია ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია შეერთებული შტატები, სადაც ორივე პალატას (სენატსა და წარმომადგენელთა პალატას) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები. ორ პალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გფრ, რუსეთი და სხვ.), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ო.ს.-ში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი, სადაც ზედა, ლორდთა პალატის წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს.
ორპარტიული სისტემა - იხ. პარტიული სისტემა.
ოფიციოზი - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, გამოხატავენ მის ოფიციალურ პოლიტიკურ კურსს, თუმცა ამავე დროს, ფორმალურად არ უკავშირდებიან ხელისუფლებას.
ოხლოკრატია - ძველბერძნულ პოლიტიკურ თეორიებში ტერმინი აღნიშნავდა ბრბოს ბატონობას. თანამედროვე პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი შეიძლება იხმარებოდეს ნეგატიური ფორმით, რომელიმე პოლიტიკური რეჟიმის გასაქილიკებლად.
ოჯახი - ადამიანის აღწარმოების საზოგადოებრივი მექანიზმი, სისხლით ნათესაობასა ან ქორწინებაზე დაფუძნებული მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ყოფითი ერთიანობით, ურთიერთდახმარებითა და მორალური პასუხისმგებლობით. რამდენადაც მეუღლეობა და მშობლობა იღებს სოციალურ სანქციას, მორალურ და სამართლებრივ დაკანონებასა და სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, ო. წარმოადგენს, აგრეთვე, სოციალურ ინსტიტუტს.
ისტორიულად არსებობდა ო-ის მრავალი ფორმა. მათი სოციულოგიური ანალიზის საკვანძო ცნებებია: რთული (დიდი) და მარტივი ნუკლეარული ო. პირველი მიეკუთვნება ნათესაობით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს, სადაც ერთად ცხოვრობს (ან მჭიდრო სიახლოვით) ნათესავთა ორზე მეტი თაობა, მეორე შედგება ცოლ-ქმრისა და შვილებისაგან ან შვილის გარეშე, ან ერთ-ერთი მშობლისა და დაუქორწინებელი შვილებისაგან. ო-ის ნუკლეარული ფორმა განვითარდა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე გეოგრაფიული და სოციალური მიზიდულობის ზრდის კვალად. ო-ის ფორმების მრავალგვარობა დამოკიდებულია სოციალურ და კულტურულ ნორმებზე.
თანამედროვე ო-ის ფუნქციებს შორის აღსანიშნავია: რეპროდუქციული, აღმზრდელობითი, წარმოებრივ-ეკონომიკური, სამომხმარებლო, რეკრეაციული, ურთიერთდახმარებითი და სხვ. ო-ის მზარდი როლი ბავშვთა სოციალიზაციაში აქცევს მას საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად. როგორც სოციალიზაციის პირველი აგენტი, ო. უზრუნველყოფს თაობის სოციალურ, კულტურულ და ლინგვისტურ ასპექტებს. (იხ. ოჯახის სოციოლოგია).
ოჯახის სოციოლოგია - სოციოლოგიის მნიშვნელოვანი განყოფილება, რომელიც შეისწავლის ოჯახს როგორც სოციალურ ინსტიტუტს. სოციალური გამოკვლევები წარიმართება ოჯახისა და მისი სტრუქტურული ნაირსახეობების აღწერისა და ანალიზის მიზნით. ამ აზრით იგი მჭიდროდ გადაეჯაჭვება შობადობის შესწავლას XXს-ის 60-იან წლებამდე ბატონობდა ოჯახის ფუნქციონალისტური თეორია, რომელიც აანალიზებდა ოჯახის „უნივერსალურ“ ფუნქციებსა და ნუკლეარული ოჯახის განსხვავებულ ფორმებს, რომლებიც აღმოცენდება ინდუსტრიული საზოგადოების განსაზღვრული ფუნქციების მოთხოვნების შესაბამისად. 60-იან წლებში აღმოცენდა ახალი კრიტიკული მიდგომა სოციალური მეცნიერების ფემინისტური ანალიზის გავლენით (მორგანი, 1975). ფუნქციონალისტური თეორია ოჯახის პირველად ფუნქციებად მიიჩნევდა: ა) სექსუალური ურთიერთობის რეგულირებას; ბ) ბავშვთა პირველად სოციალიზაციას; გ) მეუღლეთა ურთიერთემოციურ მხარდაჭერას. ოჯახი, როგორც წესი, ჩვეულებრივ ასრულებს დამხმარე ფუნქციებსაც: უზრუნველყოფა საცხოვრებლით, აგრეთვე ოჯახური ჯგუფის ეკონომიკური მხარდაჭერა, დახმარება განათლების მიღებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ფუნქციური შეხედულებებისა და ოჯახის თანამედროვე სტრუქტურების კრიტიკამ, ალტერნატიულმა შეფასებებმა ყურადღების ცენტრში დააყენა ბევრი ასპექტი და წამოაყენა რიგი საერთო პრობლემებისა, როგორებიცაა: 1. ოჯახის ფორმების დიდი მრავალგვარობა თანამედროვე, აგრეთვე ტრადიციულ საზოგადოებებში; 2. ისტორიულად ძალზე გამარტივებული განსხვავება „გაფართოებულ - ნუკლეარულ“ ცნებებს შორის ინდუსტრიამდელი და ინდუსტრიული საზოგადოებების მიმართ, ვინაიდან ნუკლეარული ოჯახი გვხვდება ინდუსტრიალიზმამდეც, ხოლო გაფართოებულის მნიშვნელობა შენარჩუნებულია ინდუსტრიულ საზოგადოებაშიც; 3. ოჯახის ემოციური და მჭიდრო კავშირები ფარავენ კონფლიქტის მაღალ ხარისხს და მრავალ შემთხვევაში ფაქტობრივ ძალადობას, ამიტომ პრობლემათა შესწავლა უნდა წარმოებდეს თანმიმდევრულად; 4. ანალიზის მნიშვნელობა ძალაუფლებისა და ავტორიტეტის თანაფარდობის, აგრეთვე ეკონომიკურ ურთიერთობათა თვალსაზრისით; 5. ოჯახური ჯგუფის იდენტიფიკაციის სიძნელე ინდუსტრიამდელ საზოგადოებებში (იხ. აგრ. ოჯახი, ქორწინება).
![]() |
16 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პანელური გამოკვლევა - განმეორებითი სოციოლოგიური გამოკვლევის ტიპი, რომელიც გულისხმობს ერთი და იმავე სოციალური ობიექტის შესწავლას გარკვეული დროითი ინტერვალით და ერთი და იმავე მეთოდიკის გამოყენებით. აღნიშნული ტიპი ლონგიტუდური კვლევების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია პოლიტიკური ატიტუდებისა და თვალსაზრისების შესწავლასთან. მისი მიზანია ადამიანთან დამოკიდებულებებისა და წარმოდგენებში ცვლილებების შესწავლა და გარკვეულ ტენდენციებზე დაკვირვება. მაგალითად, ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც სურთ ელექტორული ქცევის შესწავლა არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მათ შემდეგ. ამ დროს, შერჩეულ ადამიანთა ჯგუფი (პანელი) განმეორებით გამოიკითხება, რათა დაფიქსირდეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ შეხედულებებში და შეფასდეს პოლიტიკური კამპანიის გავლენა. პ.გ-ის ორგანიზებას ახლავს გარკვეული სიძნელეები შერჩევის მოცულობის განსაზღვრისას, რამდენადაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ინტერესის გაქრობა, ფიზიკური ადგილგადანაცვლება, გარდაცვალება და სხვ.) მოსალოდნელია დანაკარგები. ამიტომ, როგორც წესი, შერჩევით ერთობლიობას ზრდიან 20-25%-ით იმასთან შედარებით, რასაც რეპრეზენტაციული სტატისტიკური განაწილება ითვალისწინებს. პ.გ.-ს ლონგიტუდურისაგან ის განასხვავებს, რომ იგი ნაკლებად ხანგრძლივია და მეტად ფოკუსირებული (იხ. ლონგიტუდური კვლევები.)
პანიკა - იხ. კოლექტიური მოქმედება.
პანნაციონალიზმი - ნაციონალიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სხვა სახეობებისაგან განსხვავებით თავისი შინაარსით ტრანსნაციონალურია და მიზნად ისახავს ეთნიკურად, რასობრივად და რელიგიურად მონათესავე ხალხების პოლიტიკურ გაერთიანებას. პ-ის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია პანამერიკანიზმი, პანარაბიზმი, პანაფრიკანიზმი, პანთურქიზმი, პანისლამიზმი, პანგერმანიზმი, პანსლავიზმი, და სხვ. პ-ს ხშირად ადარებენ ეთნიკურ ნაციონალიზმს, რადგან ორივე მათგანი ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ თუ ეთნიკური ნაციონალიზმი ერ-სახელმწიფოს შლის, პ. ცალკეულ ერ-სახელმწიფოთა ერთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბებისთვის იბრძვის. ამ თვალსაზრისით პ. რეგიონული კოოპერაციისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ამავე დროს იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰეგემონური და ექსპანსიური საგარეო პოლიტიკური მიზნების გასამართლებლად (პანსლავიზმი, პანგერმანიზმი), ზოგჯერ კი ანტიკოლონიურ და განმათავისუფლებელ ბრძოლასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული (პანაფრიკანიზმი, პანარაბიზმი).
პარადიგმა - იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობა (უპირატესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში); აყალიბებს კონსენსუსურ ჩარჩოს ან მოდელს, რომლის შიგნითაც მეცნიერები ოპერირებენ. პ-ის საფუძველზე განისაზღვრება არსებული ცოდნის მოცულობა, საკვლევი პრობლემის ბუნება, კვლევის შესაფერისი მეთოდების არჩევა, შედეგების ანალიზისა და ინტერპრეტაციის გზები. დომინანტური პ. უკუაგდებს სამყაროს შესახებ ალტერნატიულ წარმოდგენებს, ან ახდენს მათ ბლოკირებას. პ-ის მაგალითად შეიძლება გამოდგეს სამყაროს შესახებ ნიუტონის ან აინშტაინის კონცეფცია. ამ ცნების ანალიზი დაკავშირებულია თომას კუნთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეცნიერული ცოდნის მთავარი მახასიათებლები არ არის არც ობიექტურობა და არც კუმულატიურობა, არამედ იგი განვითარდა პ.-თა მონაცვლეობის მეშვეობით. კუნი იკვლევდა მეცნიერული ცოდნის ცვლილების ბუნებას. იგი ამტკიცებდა, რომ მეცნიერები მუშაობენ პ-ების ფარგლებში, რომლებიც სამყაროს ხედვის ზოგადი ხერხებია. პ-ები შესაძლებელს ხდის „ნორმალური მეცნიერების“ არსებობას. თუმცა დროთა განმავლობაში, „ნორმალური მეცნიერების“ წიაღში ჩნდება რიგი „ანომალიები“, რომელთა გადაჭრა ვერ ხერხდება არსებული პ.-ის ფარგლებში. ესაა გარადატეხის მომენტი, როდესაც ძველი პ. იცვლება ახლით, რომელიც „ნორმალური მეცნიერების“ ფუნქციონირების ახალ პერიოდს მონიშნავს. მეცნიერების განვითარება სხვა არაფერია, თუ არა არსებული პ-ების ჩანაცვლება ახლით. სოციოლოგიის მიმართ ამ ტერმინის გამოყენება შედარებით ბუნდოვანია. ზოგიერთი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, იმყოფება წინაპარადიგმულ საფეხურზე, რამდენადაც არ არსებობს, არავითარი კონსენსუსი საზოგადოების ბუნებასთან დაკავშირებით და არც საყოველთაოდ მიღებული მოდელი არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სოციოლოგიური გამოკვლევა. არსებობს მოსაზრება, რომ პ-ად მიჩნეულ იქნეს სოციოლოგიური სკოლა, რამდენადაც ყოველი სკოლა შედარებით თვითკმარია და იყენებს საკუთარ მეთოდებს და თეორიებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის შექმნის შემდეგ პ.-ების თანმიმდევრობას ამგვარი თანმიმდევრობით წარმოიდგენენ: იდეალიზმი, რეალიზმი, ბიჰევიორიზმი, ნეორეალიზმი, ნეოლიბერალიზმი. პ.-ების ცვლას თან ახლავს „პარადიგმული კრიზისი“. ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობებში გაბატონებული პ.-ის სტატუსს ძირითადად ნეორეალიზმი და ნეოლიბერალიზმი ეცილებიან ერთმანეთს.
პარია სახელმწიფო - იხ. ურჩი სახელმწიფო
პარიტეტი (პოლიტიკური) - გულისხმობს პოლიტიკურ ძალთა ან სახელმწიფოთა შორის თანასწორ მდგომარეობას, ტოლძალოვან ამოსავალ პუნქტს. ამ მნიშვნელობით ლაპარაკობდნენ ხოლმე სახელმწიფოთაშორის სამხედრო-სტრატეგიულ პ.-ზე. ტერმინი გამოხატავდა ცივი ომის დროინდელ სასურველ ძალთა ბალანსს ზესახელმწიფოებს შორის. ტერმინი პ. ასევე შეიძლება შეგვხვდეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებს შორის რეალური მსყიდველობითუნარიანობის დადგენის ეკვივალენტური ტერმინი.
პარლამენტი - ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე იქმნება, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ნაწილობრივ დაინიშნოს კიდეც. ისტორიულად პ. ჯერ კიდევ XIIIს.-ში ინგლისში წარმოიშვა, როგორც სხვადასხვა ფენების წარმომადგენლობითი ორგანო. სხვადასხვა ქვეყანაში მან განსხვავებული სახელწოდება მიიღო აშშ-ში - კონგრესი, საფრანგეთსა და თანამედროვე რუსეთში - ფედერალური კრება, შვეციაში - რიკსლაგი, ნორვეგიაში - სტორტინგი, საქართველოში - პარლამენტი და ა.შ. პ. შეიძლება არსებობდეს როგორც რესპუბლიკის, ისე მონარქიის პირობებში. ამასთან ერთად, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება პარლამენტარიზმის პრინციპს ეყრდნობა, პ.-ს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.
პარტია - ერთნაირად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და მიზნად ისახავს ამ ინტერესების რეალიზაციას სახელმწიფო მმართველობის დაუფლების ან მასში მონაწილეობის გზით. პირველი პოლიტიკურ პ.-ის ჩანასახებს ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადეობებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისათვის ან მასზე ზეგავლენისათვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად შეიძლება ვიგები და ტორები ჩაითვალონ, რომლებიც ინგლისში XVIIს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველ პ.-ად 1877 წელს ინგლისში შექმნილი ლიბერალური პ. ითვლება. პ.-ის კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმებია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვ. სოციალური პრინციპით შექმნილ პ.-ებს მიეკუთვნება პარტიები, რომლებიც სხვადასხვა კლასების (მუშათა, ბურჟუაზიული, გლეხთა და სხვ.) ან სოციალური ფენების (ინტელიგენციის, წვრილი ბურჟუაზიის და სხვ.) ინტერესებს გამოხატავენ. იდეოლოგიური ანუ მსოფლმხედველობითი ნიშნის მიხედვით შექმნილი პ.-ები თავის მუშაობაში იდეოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციის ნიშნით შექმნილ პარტიებად თვლიან საკადრო, მასობრივ პ.-ებს, ან ისეთ პ.-ებს სადაც არ არის ოფიციალური წევრობის ინსტიტუტი ან წევრობა, მხოლოდ მისი კანდიდატისათვის ხმის მიცემით განისაზღვრება. პ.-ები ერთმანეთისაგან სახელმწიფოებრივ ხელისუფლებაში დაკავებული ადგილითაც განსხვავდებიან. განასხვავებენ ლეგალურ და არალეგალურ მმართველ და ოპოზიციურ, მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტულ პ.-ებს. პ.-ები პარტიულ სისტემას ქმნიან.
პარტიზანული ომი - იხ. ომი.
პარტიული ორგანიზაცია - დემოკრატიულ ქვეყნებში განისაზღვრება როგორც იმგვარი სტრუქტურა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევს იბრძოლონ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, განსხვავებით ერთპარტიული სისტემებისაგან, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში უზრუნველყოფდა „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პრინციპზე აგდებული ერთი პარტიის ბატონობას. დემოკრატიულ ქვეყნებში პარტია პოლიტიკრი ორგანიზაციის მხოლოდ ერთი ფორმაა. პ.ო-ის ძირითადი ამოცანაა არჩევნებში პარტიას ხმების მაქსიმალური რაოდენობა მოუპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გამარჯვება პარტიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს შიდაპატრიული დემოკრატიის საკითხს ან იმას, თუ რამდენად ასრულებს პარტია თავის დანაპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეფექტურად ორგანიზებული პარტია ემყარება პროფესიონალ ორგანიზატორებს, რაც მას ათავისუფლებს მრავალრიცხოვანი ადგილობრივი რგოლების შექმნის აუცილებლობისაგან. დემოკრატიული ქვეყნების პარტიების შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა შეიძლება არ იყოს მკვეთრი, რაც იმას ნიშნავს, რომ წევრობა არ იყოს მკაცრად განსაზღვრული. პარტია შეიძლება ემყარებოდეს არაოფიციალურ ჯგუფებს პარტიული ორგანიზაციის გაუთვალისწინებლად. იმ შემთხვევაში, თუ პარტია კარგადაა ორგანიზებული გამოკვეთილი შინაგანი სტრუქტურით, სავსებით შესაძლებელია, რომ თავად პარტიული ამხანაგობის რიგები არ იყოს დიდი, მაგრამ მათ ჰყავდათ მრავალი მომხრე, რომლებიც სხვა ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ (მაგ., კონსერვატიული პარტიის ასეთი მასობრივი ორგანიზაცია - „ენძელას ლიგა“ - უკვე XIXს-ში შეიქმნა). მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პ.ო-ის სახე განსაზღვრულია პარტიის მიზნებითა და იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელშიც მას უხდება მოღვაწეობა.
პარტიული სისტემა - ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პარტიის ერთიანობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება ისევე, როგორც ამასთან ერთად აღებული საარჩევნო სისტემა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის ხანგრძლივობა პ.ს-ს შეადგენს. გავრცელებულია პ.ს-ების დაყოფა ერთპარტიულ, ორპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებად, თუმცა ის ავტორები, რომლებიც ასეთი დაყოფის მიზანშეწონილობას არ ცნობენ, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ზოგადად, პ.ს-ის ფუნქცია იმდენად პარტიების დაყოფა, დანაწილება კი არ არის, რამდენადაც მოსახლეობის პოლიტიკური დანაწილება-დაპირისპირების აღმოფხვრა, რაც დამახასათებელი იყო მუშათა მოძრაობის აღმოცენებისას და მიზნად ჰქონდა მუშებისათვის სამოქალაქო უფლებების გაფართოება.
პატერნალიზმი - სოციალური პარტნიორობის, ქველმოქმედების, საზოგადოების სოციალურად ნაკლებად დაცულ ნაწილზე ზრუნვის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. მას განვითარებულ ქვეყნებში ადამიანური ურთიერთობების დოქტრინის ფარგლებში გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. იგი მიზნად ისახავდა კონფლიქტურ საზოგადოებებში, არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევას.
პატრიარქატი - 1. სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება მამაკაცების წამყვანი როლით მეურნეობაში, ოჯახში, საზოგადოებაში. პ-ის წარმოშობა უკავშირდება სამეურნეო საქმიანობის (მესაქონლეობის, მიწათმოქმედების, მეტალის დამუშავების) აღმავლობასა და პირველყოფილი საზოგადოებრივი წყობის ბოლო ეტაპად, დაშლის პერიოდად მიჩნევას. 2. სისტემა, რომლის მეშვეობით მამაკაცები მოიპოვებენ და ხელს უწყობენ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ბატონობას ქალებსა და უფრო ახალგაზრდა მამაკაცებზე. დღეს ტერმინი ფემინისტთა გავლენით ძირითადად უარყოფითი ელფერი აქვს. მეცნიერთა ინტერესს იწვევს პ.-ის გაჩენა და შედეგები. მიზეზთა შორის ბიოლოგიური განსხვავებები, კულტურული და სოციალური წყაროები; ფემინისტურ თეორიებში ტერმინის გამოყენებამ ხელი შეუწყო გენდერულ ურთიერთობათა განხილვის პოლიტიზაციას, რაც ეყრდნობა ქალსა და მამაკაცს შორის ძალაუფლების უთანასწორო განაწილების თეზას.
პატრიმონიალიზმი - მემკვიდრეობითი, გვაროვნული ფასეულობების აღიარება.
პატრიოტიზმი - საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.
პატრონაჟი - მფარველობა, დაცვა შუა საუკუნეებში ამ ტერმინმა ახალი საეკლესიო სამწყსოში მღდვლის დანიშვნის უფლების მნიშვნელობა მიიღო. ორივე მნიშვნელობა სრულიად თავსდება პოლიტიკური პ-ის კონტექსტში.
პატრონ-კლიენტური ურთიერთობები - იხ. კლიენტელიზმი.
პაციფიზმი - ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა რომ ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. პ-ს ხშირად მიჯნავენ „პაციფიზმისაგან“, რომელიც გულისხმობს არა ზოგადად ომზე უარის თქმას, არამედ მის გამოყენებას რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად. ასე მაგალითად, ითვლება, რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის ჰიტლერთან ომში ჩაბმის მოწინააღმდეგე იყო, პაციფიცისტია და არა პაციფისტი.
პერიფერია - ამ ტერმინით ლიტერატურაში გამოხატავენ მესამე სამყაროს ანუ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც უპირისპირდებიან „ბირთვს“ - განვითარებულ ქვეყნებს. ბირთვი-პერიფერიის წინააღმდეგობა სხვაგვარად ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირებადაც აღიქმება. პ-ის ქვეყნებს ახასიათებთ განვითარების დაბალი დონე, უმუშევრობა, მცირე ანაზღაურება, მოძველებული ტექნოლოგია, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ არსებობს ბირთვის ქვეყნების მიერ პ-ის ქვეყნების ექსპლუატაცია. ხოლო, ნეომარქსისტების აზრით, დაპირისპირება „ბირთვი-პერიფერია“ თანამედროვეობის მთავარი წინააღმდეგობაა და დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსს შეადგენს. ცალკე გამოყოფენ. ე.წ. ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს, რომელთა შორის ბევრია ყოფილი სოციალისტური და საბჭოთა რესპუბლიკა. სავარაუდოა, რომ ზოგი მათგანი გადავა „ბირთვის“ კატეგორიაში, მაგრამ უმრავლესობა, როგორც ჩანს, პ-ში გადაინაცვლებს.
პერმანენტული რევოლუცია - ტროცკის თეორია უწყვეტი რევოლუციის შესახებ (ტროცკიზმი), რომლის თანახმადაც არასოციალისტური რევოლუცია თანდათან შეიძლება გადაიზარდოს პროლეტარულ სოციალისტურ რევოლუციაში. აღნიშნული თეორია მან ძირითადად გამოხატა თავის ნაშრომში „შედეგები და პერსპექტივები“, მაგრამ თვით იდეა პ.რ-ის შესახებ კ. მარქსს ეკუთვნის. ტროცკის რუსეთი მოჰყავდა იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც ყველაზე უფრო თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები შეთანხმებულია ყველაზე უფრო ჩამორჩენილთან. იგი თვლიდა, რომ რუსეთში სოციალიზმისათვის არ არსებობდა მატერიალური ბაზა, და ამ პრობლემის გადაჭრას საგარეო ფაქტორებს - მსოფლიო რევოლუციას უკავშირებდა. მისი აზრით, ევროპული პროლეტარიატის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ გაძლებდა.
პიროვნების სოციოლოგიური თეორიები - პიროვნების თეორია არის იდეების, პრინციპებისა და მოდელების ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომელიც გულისხმობს ადამიანის ქცევის ძირითადი ასპექტების შესწავლას. პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციების ძირითადი მახასიათებელია ადამიანის ქცევის ახსნის მცდელობა სოციალური ფაქტორების ზეგავლენით. პიროვნების შესწავლის პროცესში სოციოლოგიზმის უკიდურეს გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების სოციალური სტრუქტურის ეპიფენომენად წარმოდგენა.
პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციის ერთ-ერთი პირველი მაგალითია „სარკისებრი მეს“ თეორია (ჩ.კული, ჯ.ჰ.მიდი). ამ თეორიის მიხედვით, პიროვნება არის იმ სოციალური ინტერაქციის ფუნქცია, რომლის პროცესში პიროვნება სწავლობს საკუთარ თავს როგორც ობიექტს, სხვა ადამიანების თვალით. პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციის მაგალითია, აგრეთვე, რეფერენტული ჯგუფისა და როლური თეორია (რ.ლინტონი, ტ.პარსონსი). როლური თეორია პიროვნებას განიხილავს როგორც იმ სოციალური როლების ერთობლიობას, რომლებსაც ადამიანი სოციალურ სამყაროში ასრულებს. პიროვნება ყალიბდება სოციალიზაციის პროცესში, რაც გულისხმობს როლებისა და მათთან დაკავშირებული მოლოდინების შესწავლას.
XXს-ის 50-იანი წლებიდან სოციოლოგიაში ფსიქოანალიტკური ნაკადის ფარგლებში (დ.რისმენი, ე.ფრომი) პოპულარული გახდა ე.წ. ბაზისური პიროვნების ანუ სოციალური ხასიათის კვლევა. ბაზისური პიროვნება წარმოადგენს იმ სოციალურ ფსიქოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობას, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე მეტადაა გავრცელებული მოცემულ საზოგადოებაში. ბაზისური პიროვნების კვლევა გულისხმობს როგორც ეთნიკურობასთან, ასევე სოციალურ სტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლადების ანალიზს. განსხვავებული სოციალური ხასიათები თანაარსებობენ ყველა საზოგადოებაში, თუმცა, ყველა საზოგადოებაში, პრევალირებს მოცემული სოციალური წესრიგისთვის ადეკვატური ხასიათი და ამ ადეკვატურობას განსაზღვრავს ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული ფაქტორები, ურბანიზაციის ხარისხი და ა.შ.
პიროვნების თანამედროვე სოციოლოგიური კონცეფციები (სტრუქტურული ლინგვისტიკა, პოსტსტრუქტურალიზმი) უარს ამბობს პიროვნების, როგორც სოციალური სტრუქტურის მიერ მკაცრად კონტროლირებადი ელემენტის მოდელზე. სტრუქტურულ ლინგვისტიკაში და პოსტსტრუქტურალიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. „დეცენტრალიზებული სუბიექტის“ კატეგორიას. სუბიექტის ცნობიერება განიხილება როგორს უფრო ფართო სტრუქტურული ძალების სიმპტომი და ზოგჯერ აღიწერება როგორც სოციალური ურთიერთობების ენა და არაცნობიერი მოცემულობა.
პლატფორმა - პოლიტიკურ დებულებათა ერთობლიობა, რომელსაც რომელიმე პიროვნება ან პარტია წამოაყენებს არჩევნების წინ. პარტიის პ., როგორც წესი, ყალიბდება პარტიულ კონფერენციებზე, რომლებზედაც მიღწეულია საჭირო კონვენცია. პ-ის ელემენტები ყალიბდება როგორც შიდაპარტიული ჯგუფების კონსენსუსის, ასევე ინტერეს-ჯგუფების ზეწოლის შედეგად. პარტიის წინასაარჩევნო პ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საარჩევნო სისტემებში, სადაც ამომრჩეველი თავის სოციალურ სტატუსს რომელიმე პარტიასთან აკავშირებს.
პლებისციტი - საერთო სახალხო კენჭისყრის ნაირსახეობა. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე. ახალ დროში ტერმინი კვლავ გამოიყენა ვოლტერმა, როდესაც იგი ახასიათებდა შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმს. ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში პ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიური მნიშვნელობით, როგორც სახელდახელოდ მოწყობილი რეფერენდუმების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთა საშუალებით დიქტატორები ცდილობდნენ გაემართლებინათ საკუთარი ხელისუფლება.
პლურალიზმი - ცხოვრების იდეური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითადი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა. იგი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. პ. კეთილისმყოფელ ატმოსფეროს ქმნის ინოვაციებისა და საზოგადოების ღიაობისათვის, ხელს უშლის სტაგნაციას, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების არაეფქეტურ ფუნქციონირებასა და განვითარებას, აძლიერბს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას, შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური და პილიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.
პ. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის არსებით მოქმედ პირებად სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც აღიარებს. პ.-ის მიმდევრების აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სკოლა, რეალიზმი, ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთკავშირი სუსტი იყო და ძირითადად სახელმწიფოთაშორის კავშირებზე დაიყვანებოდა. პლურალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების გაღრმავებამ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლი შეამცირა. პლურალისტები რეალისტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აჩენს. პლურალისტების თვალსაზრისს აძლიერებს ისეთი გლობალური პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და გარემოს დაბინძურება, რომელთა გადაწყვეტა რეალისტების სახელმწიფოცენტრული მიდგომით შეუძლებელი ჩანს.
პოზიტივისტური სოციოლოგია - კონტის მიერ ფორმირებული დოქტრინა, რომლის თანახმადაც მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა წარმოადგენს მეცნიერულს, ანუ დაკვირვებადი მოვლენების - როგორც ფიზიკურის, ისე სოციალურის - თანაარსებობისა და თანამიმდევრულობის აღწერისა და შესწავლის უნარის მქონეს. XIXს-ის ბურჟუაზიული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება, რომლის მიხედვითაც სოციოლოგიური ცოდნა უნდა აგებულიყო საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის გამოყენების საფუძველზე. ო.კონტისა და მისი მიმდევრების - ჰ.სპენსერის. ე.დიურკემისა და სხვ. შრომებში ჩაისახა ნატურალისტური მიდგომა სახოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისადმი, ორგანიცისტული სკოლისა და სოციალისტური მექანიციზმისათვის დამახასიათებელი ტენდენცია საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადამიანის ქცევაზე ფიზიკური მეცნიერებების მიერ დადგენილ კანონზომიერებათა გავრცელებისა. ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელია ანტიისტორიზმი, სპეკულაციური, გონებაჭვრეტითი ხასიათი და ა.შ. XXს-ის 20-30-იან წლებში ემპირიული სოციოლოგიის გავრცელების შედეგად იწყება ამ მიმართულების ევოლუციის თანამედროვე ეტაპი. ნეოპოზიტივიზმის ფილოსოფიურ საფუძვლს წარმოადგენდა ლოგიკური პოზიტივიზმი (იხ. 2).
პოზიტივიზმის ძირითადი პრინციპები სოციოლოგიაში შემდეგია: 1) სოციალური მოვლენები ექვემდებარება მთელი სინამდვილისათვის (ბუნებრივი, სოციალური, ისტორიული) დამახასიათებელ საერთო კანონებს; 2) სოციალური კვლევის მეთოდები ისეთივე ზუსტი, მკაცრი და ობიექტური უნდა იყოს, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (სციენტიზმი); 3) ადამიანის ქცევის „სუბიექტური ასპექტები“ შეიძლება გამოკვლეულ იქნეს მხოლოდ დაკვირვებადი ქცევის მეშვეობით (ბიჰევიორიზმი); 4) მეცნიერული ცნებებისა და მტკიცებების ჭეშმარიტება უნდა დგინდებოდეს კვლევის ემპირიული პროცენტულობის საფუძველზე (ვერიფიკაციონიზმი); 5) ყველა სოციალური მოვლენა უნდა აღიწეროს და გამოიხატოს რაოდენობრივად (კვანტიფიკაცია); 6) სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, თავისუფალი უნდა იყოს ღირებულებადი განსჯისაგან, იდეოლოგიისაგან. კონტის პოზიტივიზმს ჰქონდა ორი განზომილება: მეთოდური და სოციალურ-პოლიტიკური, რამდენადაც სოციალური მოვლენების ცოდნა შესაძლებლობას იძლევა ახლებურად, მეცნიერულად დაფუძნდეს ჩარევა პოლიტიკაში და მთელ რიგ საქმეებში, რომელიც გარდაქმნის სოციალურ ცხოვრებას. 2. ლოგიკური პოზიტივიზმი - „ვენის წრის“ 1920-1930-იანი წლების ფილოსოფოსთა ჯგუფის თვალსაზრისი, რომლის იდეები ნაწილობრივ ეფუძნებოდა კონტის თეორიას, მისი პოზიტივიზმის შემცირებით უფრო საიმედო ლოგიკური საფუძვლის ხარჯზე. „ვენის ჯგუფის“ მთავარი დოქტრინა - „ვერიფიკაციის პრინციპი“ ისაა, რომ ერთადერთი ვალიდური ცოდნა გრძნობითი გამოცდილებით შემოწმებული ცოდნაა, რომ მეცნიერული ცოდნა საბოლოო ანგარიშით, ფორმულირდება ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ „საბაზისო ფაქტებზე“ დაფუძნებულ „გრძნობით მონაცემებში“, წრის ზოგიერთი წარმომაგდგენელი სარგებლობდა აგრეთვე კონტის პროექტით ტქნიკური მეცნიერების მეთოდების სოციოლოგიაში გადატანის შესახებ. „პოზიტივიზმის“ ტერმინით კონტი ვარაუდობდა, უარი ეთქვა ადრინდელი რელიგიური ან მეტაფიზიკური „ცოდნის“ საფუძველზე. იგი მეცნიერულ ცოდნას აფასებდა როგორც „შედარებითს“ და არა აბსოლუტურს. ეს უკანასკნელი ყოველთვის მიუწვდომლად მიაჩნდა. კონტის პროგრამა ითვალისწინებდა საზოგადოების რეორგანიზაციას ახალი მეცნიერების - სოციოლოგიის საწყისებზე. სოციოლოგებისათის გამოიყოფოდა როლები მთავრობაში, განათლებასა და ახალი „კაცობრიობის რელიგიის“ დაწესებაში. ლოგიკური პოზიტივიზმის მეთოდოლოგია უფრო მრავალგვაროვანია, კონტთან შედარებით. ეთიკის სფეროში, მაგ., ლოგიკური პოზიტივისტები ხშირად ასოცირდებოდნენ დოქტრინასთან, რომელიც მკვეთრად მიჯნავდა „ფაქტებსა“ (რაც ვერიფიცირებადია) და „ღირებულებებს“ (რაც არავერიფიცირებადია). ლოგიკური პოზიტივისტების მცდელობა, შეემუშავებინათ პოზიტივიზმისა და „მეცნიერების“ უფრო მკაცრი ფორმულირება, წარუმატებლად დამთავრდა. პოზიტივიზმის ცენტრალური პრობლემა აღმოცენდება ე.წ. „ემპირიზმის პრობლემიდან“. მეორე დამაჯერებელი პუნქტი კრიტიკისა ისაა, რომ ვერიფიკაციის, პრინციპი არ ექვემდებარება შემოწმებას - ესაა ე.წ. „პოზიტივიზმის პარადოქსი“. უკანასკნელ წლებში პოზიტივისტებს ბრალს სდებენ მეცნიერული ცოდნის, როგორც „შედარებითი“ ცოდნის საკუთარი კონცეფციის ღალატში.
პოზიტიური დისკრიმინაცია - მოსახლეობის ისტორიულად მარგინალიზებული ფენებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების კანონიერი საშუალების მიცემა. პ.დ. გულისხმობს შერჩევის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას ამ ჯგუფების შესარჩევად, რაც ამავე დროს გარკვეული ხერხი იქნებოდა სოციალური უთანასწორობის დასაძლევად. ზოგჯერ პ.დ.-ის მისაღწევად შემოაქვთ სპეციალური კვოტების სისტემა. ამგვარ გზას მიმართავენ, მაგ., პარტიაში ან რომელიმე სხვა სახის ორგანიზაციაში ქალების ფიქსირებული წარმომადგენლობის შემოსატანად, ან ელიტარული განათლების მიღებაზე ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შსაძლებლობის გასაფართოებლად. პ.დ.-ს განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ინდოეთში ამ ქვეყნის ისტორიული კასტური სოციალური სტრუქტურის გამო. ხელისუფლება ცდილობს სოციალური ყოფის თითქმის ყველა სფეროში შემოიტანოს სპეციალური კვოტები უმდაბლესი კასტების წარმომადგენელთათვის.
პოლარიზაცია - სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებში სხვაობის გაზრდა, დაპირისპირება (პოლარულობა). პ. შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაპირისპირების ფორმა სხვადასხვა კლასებს, ფენებს, სოციალურ ჯგუფებს, პარტიებსა და ა.შ. შორის.
პოლემოლოგია - მეცნიერება ომის შესახებ. მნიშვნელოვანი მიმართულება დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების პრობლემას სწავლობს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული მშვიდობის კვლევასთან - ირენოლოგიასთან. იგი განვითარდა ომის შემდგომ პერიოდში, უპირველეს ყოვლისა, ფრანგი სოციოლოგისა და დემოგრაფის გასტონ ბუტულის შრომებში, რომელმაც 1951 წელს პარიზში პ-ის ინსტიტუტი შექმნა. შემდგომში ანალოგიური ინსტიტუტები შეიქმნა ჰოლანდიაში, იტალიაში, ბელგიაში. ხელმძღვანელობენ რა ლოზუნგით - „გსურს მშვიდობა - გაიაზრე ომი“, პოლემოლოგები ყურადღებას ამახვილებენ სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და სხვ. მეცნიერებების მეთოდებისა და ელემენტების გამოყენებით ომის, კონფლიქტებისა და სხვა კოლექტიური აგრესიის ფორმების შესწავლაზე. ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას ომისა და კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ, ახსნან მათი წარმოშობის მიზეზები, რისთვისაც კვლევისას პოზიტივისტურ მეთოდოლოგიას იყენებენ და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მაჩვენებლებს აერთიანებენ.
პოლიანდრია - მრავალქმრიანობა, ჯგუფური ქორწინების იშვიათი გადმონაშთი, როცა ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს. XIXს-ში შემორჩენილი იყო ალეუტებსა და ესკიმოსებთან, ხოლო ტიბეტსა და სამხრეთ ინდოეთის ზოგიერთ ეთნოგრაფიულ ჯგუფში უფრო გვიანაც არის დამოწმებული. როგორც ჩანს, პ. ბადებს სიტუციას, რომელიც უცხოა პოლიგინიისთვის: პ-ის დროს, როგორც წესი, ბავშვის ბიოლოგიური მამა უცნობია. პ-ის არსებობის ძირითადი მიზეზი ცხოვრების დაბალი დონეა.
პოლიგამია - ქორწინების ფორმა, როდესაც კაცს ან ქალს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მეუღლე ჰყავდეს.
პოლიგინია - მრავალცოლიანობა, ქორწინების ერთ-ერთი ისტორიული ფორმა, რომელიც დამახასიათებელი იყო უმთავრესად პატრიარქატისათვის. პ-ს ახლაც ვხვდებით აღმოსავლეთის მთელ რიგ მუსულმანურ ხალხებში (მაგ. ბრუნეიში და სხვ.). რამდენიმე ცოლის ყოლის უფლებით უმთავრესად სარგებლობენ მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის პირები. ოჯახის პ-ური ფორმის არსებობისას წარმოიშობა შიდა ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც რეგულირდება თავისებური ვერტიკალური რანჟირებით (უფროსი, უმცროსი ცოლი და ა.შ).
პოლისი - 1. ძვ.წ. VIს-ში საბერძნეთში აღმოცენებული სახელმწიფო მოწყობის სამოქალაქო-დემოკრატიული ფორმა, სადაც უარყოფილ იქნა ტირანიისა და არისტოკრატიის ხელისუფლება. 2. პოლიტიკური ერთობა, რომელსაც თითოეული ადამიანი ბუნებრივად მიეკუთვნებოდა და რომლის დანიშნულებაც ამ ადამიანის აღზრდა, მხარდაჭერა და მისთვის მოქმედების ასპარეზის მიცემა იყო. აღნიშნული ერთობის გამყარება მოქალაქის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა. პ. წმინდა იყო, მის სამსჯავროზე ღმერთებსაც კი ასამართლებდნენ. ძვ.წ. IVს-ში პ-ის ასეთი აღზევება თანდათან გაქრა და იგი ინტერესთა, ძალისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლის არენად იქცა.
პოლიტიკა - 1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი პრინციპები, ნორმები და მიმართულება (უფრო ფართო გაგებით - მთლიანი მოღვაწეობა). 2. საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და სულიერი) ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელიც დაკავშირბულია სოციალური სუბიექტების ურთიერთობებთან, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციონირებასა და შეცვლასთან. პ.-ის გაგების წარმოშობას, ჩვეულებრივ, არისტოტელეს ნაშრომის სახელწოდებას - „პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელშიც იგი სახელმწიფოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციისა და მოღვაწეობის საკითხებს იხილავს. მას შემდეგ პ-ს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ერთი რამ უდავოა, პ. ფართო, რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი მოვლენაა; რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება გამოვყოთ მისი შემადგენელი შემდეგი სტრუქტურული ელემენტები: ა) პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და მიზანდასახულობანი; ბ) პოლიტიკური კავშირები, მოქმედებები და ურთიერთობები; გ) საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებების პოლიტიკური ორგანიზაცია; დ) პოლიტიკური ცნობიერება, როგორც სუბიექტების მიერ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება; ე) პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია შემუშავებული პოლიტიკური ხაზის რეალიზაციისა და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოკლედ, რომ ვთქავათ საჭიროა განვასხვავოთ პ. და პოლიტიკური ცნობიერება, პ. და პოლიტიკური პრაქტიკა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პ-ს უფრო ფართო გაგება აქვს, ერთიცა და მეორეც პ-შია გაერთიანებული. პ. თავისი მოქმედების სფეროს მიხედვით იყოფა საშინაო (შიდასახელმწიფოებრივ) და საგარეო (სახელმწიფოთაშორის, საერთაშორისო, მსოფლიო) პ-დ.
პოლიტიკური გეოგრაფია - ზოგი ავტორი მას გეოპოლიტიკის სინონიმურ ტერმინად იყენებს. ამ გაგებით პ.გ. არის იმ პოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკურ სახეს, საარსებო სივრცესა და დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოებთან. ამ მნიშვნელობით, პ.გ-ის დამფუძნებლად ითვლება რატცელი. მეორე მნიშვნელობით, პ.გ. სახელმწიფოებისა და შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის ერთეულების გეოგრაფიულ აღწერას ემყარება. თუმცა ტერმინმა დაკარგა წმინდა დესკრიფციული აზრი მას შემდეგ, რაც მონტესკიემ არსებულ კლიმატსა და ქვეყნის პოლიტიკურ წყობას შორის მჭიდრო კავშირის მტკიცება დაიწყო. იმავე ორიენტაციის გამგრძელებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე პ.გ-ის მამამთავარი ზიგფრიდი, რომელიც პარალელს ავლებდა ქვეყნის მოცემული რეგიონის ნიადაგსა და ამომრჩევლის ქცევას შორის.
პოლიტიკური ეკონომია - ტრადიციულად, მართვის ხელოვნების ის სფეროა, რომელიც დაკავშირებულია ხალხების სიმდიდრის მიზეზებისა და ბუნების სისტემატურ შესწავლასთან. დღეს ტერმინი ხშირად და არცთუ მთლად მართებულად, ეკონომიკური სტრატეგიის პოლიტიკური ასპექტების შემუშავების აღსანიშნავად იხმარება. მიუხედავად ამისა, პ.ე-ში სამი ტრადიციული მიმართულების გამოყოფა შეიძლება, რომელიც პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაზე დღესაც დიდ გავლენას ახდენენ. უპირველეს ყოვლისა, არის ტრადიციული კლასიკური პ.ე., მარქსისტული სკოლა და, ბოლოს, პ.ე., რომელიც ეკონომიკისა და მართვის ურთიერთკავშირის შესახებ ჰიპოთეზების შესამოწმებლად სტატისტიკასა და მოდელირების ტექნიკას იყენებს. პ.ე. როგორც დისციპლინა, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში ნამატი პროდუქტის დაგროვებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პოლიტიკურ პრობლემებს აანალიზებს, აბათილებს სოციალურ მსჯელობას ამ თანამედროვე მეცნიერების ვიწრო გაგების შესახებ. ცდილობენ რა თავიდან აიცილონ ის იდეოლოგიური ასოციაცია, რასაც თვით ტერმინი პ.ე. იწვევს, მეცნიერ-პოლიტოლოგთა სულ უფრო დიდი ნაწილი ეკონომიკური მეცნიერების პოლიტიკური ასპექტების სფეროში მუშაობს და, ძირითადად, ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში პოლიტიკოსების როლისა და პოლიტიკურ პროცესებზე მათი ზეგავლენის საკითხებს შეისწავლის. თანამედროვე პ.ე-ის მეთოდოლოგია და თეორია მნიშვნელოვანწილად სტატისტიკურ და ეკონომიკურ მოდელირებას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ ჰიპოთეზები არგუმენტირებული უნდა იყოს. დაშვებული უნდა იყოს, აგრეთვე, გაბათილების შესაძლებლობაც. მაგ., პოლიტიკური საქმიანი ციკლი, რომლის თანახმადაც, არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით, ხშირად მთავრობა დროებით მის მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსზე უარს ამბობს იმ პოლიტიკის სასარგებლოდ, რომელიც ელექტორატში პოპულარობის ზრდას უზრუნველყოფს და იყენებს პ.ე-ის მეცნიერებაში კარგად ცნობილ ჰიპოთეზას. დღეისათვის პ.ე-ის კლასიკური და მარქსისტული მიმართულებები არა თუ შენარჩუნებულია, არამედ შემდგომ განვითარებასა და გავრცელებას პოვებს, რადგანაც ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის სკოლის წარმომადგენლები ხშირად უარს ამბობენ გაიზიარონ კაპიტალისტური წარმოებისა და განაწილების პოლიტიკური ბაზისი და მისი სოციალური შედეგები.
პოლიტიკური თეორია - ხელისუფლების, მისი კანონიერების, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოლიტიკის ადგილისა და როლის განმსაზღვრელ შეხედულებათა სისტემა. პ.თ-ის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული თეორიის წარმოშობას წინ უძღოდა სოლიდური ფილოსოფიური ტრადიცია, რომელიც სათავეს ანტიკურობაში, პლატონისა და არისტოტელეს გამოკვლევებში იღებს. დღეს ითვლება, რომ პ.თ. პოლიტიკური ფილოსოფიისაგან განსხვავდება, თუმცა მათ შორის ზღვარის გავლება ყოველთვის იოლი არ არის. როგორც ერთი, ასევე მეორე, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიკის და სხვა დისციპლინების გვერდით, პოლიტიკურ მეცნიერებათა შემადგენელ ნაწილად ითვლება. პ.თ., პოლიტიკური ფილოსოფიისაგან განსხვავებით, არ ცდილობს თავისი დებულებების დასაბუთებისათვის ადამიანის ზოგადი ბუნების გარკვევას. პ.თ. მსგავსი საკითხების გარკვევას პოლიტიკურ ფილოსოფიას უთმობს და თავად დაკავებულია პოლიტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების, პოლიტიკური ქცევების მოტივებისა და თანმხლები რისკების ანალიზით. პ.თ-ის მეორე სპეციფიკური ნიშანი, ამ თავისებურების გათვალისწინებით, მისი ეკლექტური ხასიათია. პ.თ. ფილოსოფიის გარდა ემყარება ისეთი დისციპლინების მიერ მოპოვებული მასალის განზოგადებას, როგორიცაა სოციოლოგია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, იურისპრუდენცია და სხვ.
პოლიტიკური იდეალიზმი - ზოგჯერ უწოდებენ, აგრეთვე, „პოლიტიკურ უტოპიზმს“, „პოლიტიკურ რაციონალიზმს“ ან „პოლიტიკურ ლიბერალიზმს“. საერთაშორისო ურთიერთობათა: მეცნიერებაში იგი არის ერთ-ერთი თეორია, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორებია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო მორალი, ინტერესების თანხვედრა, ჰარმონიზაცია და ა.შ. აღნიშნული ფაქტორები საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისას დომინირებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ძალა, ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მოქმედება და სხვ. პ.ი-ის მიხედვით, ადამიანი ბუნებით კეთილი და მშვიდობისმოყვარეა და, ამდენად, აგრესია, ძალადობა და უსამართლობა ალოგიკური და ანომალიური მოვლენებია; „კარგი მთავრობების“, სრულყოფილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების პირობებში საყოველთაო მშვიდობა და ურთიერთხელსაყრელი და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გარანტირებულია. პ.ი-ის თეორეტიკოსთა და მიმდევართა აზრით, საყოველთაო განიარაღება გამორიცხავს ომის საშიშროებას, ხოლო განათლებული, შეგნებული და მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების მოსვლა სახელმწიფო მმართველობაში უტყუარი პირობაა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის; საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივა მსოფლიო მთავრობის შექმნაა, რაც თავისთავად ყველა საერთაშორისო პრობლემას გადაჭრის, რადგან მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ეყოლება.
პ.ი. განსაკუთრებით პოპულარული იყო XXს-ის 20-30-იან წლებში. ამის ნიმუშად გამოდგება აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის „14 პუნქტი“ და ერთა ლიგის შექმნის იდეა. პირველი მსოფლიო ომი უილსონს უკანასკნელ ომად მიაჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო ერთა ლიგა - მომავალი მსოფლიოს მთავრობის მოდელად. პ.ი-ის მაგალითია, აგრეთვე, ბრაიან - კელოგის პაქტი და XXს-ის 20-იან წლებში მიმდინარე კამპანია საყოველთაო განიარაღებისათვის.
საერთაშორისო ურთიერთობებში 30-იან წლებში მომხდარმა მოვლენებმა (ნაციზმის გამარჯვება გერმანიაში, ფაშიზმისა - იტალიაში, იაპონიის მილიტარიზაცია, საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმის განმტკიცება და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის აგრესიული და ექსპანსიური კურსი) საფუძველი გამოაცალა პ.ი-ის თეორიას. მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომი მსოფლიოს ბიპოლარიზაციამ (იხ. ბიპოლარობა) ამ თეორიის მიმდევართა რიცხვი მკვეთრად შეამცირა და საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში გაბატონებული ადგილი პოლიტიკური რეალიზმის თეორიამ დაიკავა.
პოლიტიკური იმიჯი - პოლიტიკური მოღვაწის, პოლიტიკური მოვლენის მიზანმიმართულად ფორმირებული სახე, რომელიც მოწოდებულია პოპულარიზაციის, წარმატების მიღწევისა, და სხვ. მიზნით ემოციურ-ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ხალხზე, ელექტორატსა და სხვ.
პოლიტიკური კლასი - ტერმინი პოპულარული გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. იგი აღნიშნავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და წარმოადგენს არსებული პოლიტიკური ძალის ელემენტს.
ამ გაგებით, პ.კ-ის წევრები არიან ხელისუფლების სამივე შტოს უმაღლესი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიებისა და გავლენის ჯგუფების, ბიზნესის, ქვეყანაში არსებული ძირითადი კონფესიების, ძალოვანი სტრუქტურებისა და იმ აკადემიური წრეების ლიდერები, რომლებიც კონსულტანტებად შეარჩიეს პოლიტიკოსებმა.
პოლიტიკური კულტურა - საზოგადოების პოლიტიკური ქცევის მოდელი, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ორიენტაციების ერთობლიობა, სულიერი კულტურის ორგანული ნაწილი და პოლიტიკური სისტემის აუცილებელი ელემენტი. პ.კ-ის განვითარების დონე (ტიპი) ფაქტობრივად განსაზღვრავს საზოგადოების დემოკრატიზაციის ხარისხსა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათს. ტერმინი პ.კ. პირველად გვხვდება XVIIIს-ში გერმანელი განმანათლებლის ი.ჰერდერის შრომებში, ხოლო მისი მეცნიერული ცნება, როგორც პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილისა, შემოიტანა ამერიკელმა პოლიტოლოგმა გ.ალმონდმა 1956 წელს დაწერილ სტატიაში „შედარებითი პოლიტიკური სისტემები“. პ.კ-ის კონცეფციის შემუშავებაში გ.ალმონდთან და ს.ვერბასთან ერთად დიდი როლი ითამაშა ლ.პაის, გ.პაუელის, უ.როზენბაუმის, რ.როუზის, ა.ლიპსეტის, დ.დივაინის და სხვათა შრომებმა. დღეისათვის არსებობს პ.კ-ის ათეულობით განსაზღვრება. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, კულტურის ფენომენის სირთულესა და მრავალფეროვნებას; მეორე მხრივ, იმას, რომ საზოგადოებათმცოდნეები სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომის საფუძველზე იკვლევენ პ.კ-ის სტრუქტურულ ელემენტებსა და ფუნქციებს.
პოლიტიკური პასიურობა - იდიფერენტულობა პოლიტიკის მიმართ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილის არქონა. იგი შეიძლება მასობრივი, ცალკეული ფენების, კლასების, ჯგუფების განწყობილებად გადაიქცეს. პ.პ. მოქალაქეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობაშიც გამოიხატება (მაგ., არჩევნებში, მხარდამჭერ ან საპროტესტო კამპანიებში მონაწილეობაზე უარით). შეიძლება იყოს ამა თუ იმ კლასისა თუ ფენის განუვითარებელი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი ან არსებული ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმა.
პოლიტიკური პრიორიტეტები - პოლიტიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პარტიის თუ სხვა პოლიტიკური დაჯგუფების, ან სულაც სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მიერ გამოიყოფა პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას.
პოლიტიკური პროცესი - პოლიტიკური სუბიექტების (ინდივიდების, კლასების, ორგანიზაციების) ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის შეცვლა და განვითარება. პ.პ-ში გამოიყოფა შემდეგი ეტაპები: პოლიტიკური სისტემებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბება და აღდგენა; პოლიტიკურ-აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება; პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვება და მათ ფუნქციონირებაზე კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს ეტაპი მჭიდროდაა დაკავშირებული დანარჩენებთან, ყოველი მათგანი ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას.
პოლიტიკური რეალიზმი - საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადი სუბიექტი სახელმწიფოა, ძირითადი მამოძრავებელი იდეა-სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები, განმსაზღვრელი ფაქტორი - ძალა (სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური), ხოლო ძირითადი რეგულატორი -ძალთა წონასწორობა, რასაც ემორჩილება საერთაშორისო სამართალი და მორალი. პ.რ-ის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა მაკიაველიმ 1513 წელს დაწერილ ნაწარმოებში „მთავარი“, თუმცა ამ თეორიის ცალკეული იდეები ჯერ კიდევ თუკიდიდეს „პელოპონესის ომების ისტორიაში“ გვხვდება (ძვ.წ. Vს.). აღნიშნულმა პრინციპებმა შემდგომი განვითარება პოვა თომას ჰობსის „ლევიათანში“ (1651), მაგრამ პ.რ., როგორც მეცნიერული თეორია XX ს-ის შუა წლებში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ე. ქარის „ოცწლიანი კრიზისი“ (1946) და განსაკუთრებით ჰ.მორგენტაუს „პოლიტიკა სახელმწიფოებს შორის“ (1948). პ.რ-ის წარმომადგენლები არიან საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერების ცნობილი მკვლევარები ჯ.ბერცი, მ.უაიტი, ნ.სპაიკმენი, ჯ.კენანი, რ.არონი, ჰ.კისინჯერი, რ.როზენკრაცი, კ.ტომსონი და სხვ. კლსიკური პ.რ-ის მიხედვით, ადამიანი ბუნებით აგრესიული და კონფლიქტური არსებაა, რომლის მიზანია სხვაზე უპირატესობის მოპოვება და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება. ამიტომ ომები და დაძაბულობა ჩვეულებრივი, სავსებით ბუნებრივი მოვლენაა საერთაშორისო ურთიერთობებში. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს, რაც სხვა ქვეყნების ხარჯზე შეიძლება მოხდეს და რისი ერთადერთი სშუალებაც ძალაა. ამიტომ საერთაშორისო სისტემაში ნებისმიერი სახელმწიფოს როლი და ადგილი ამ სახელმწიფოს სიძლიერეს შეესაბამება, ხოლო საერთშორისო ურთიერთობათა ერთადერთი რეგულატორი და მომწესრიგებელი ძალთა ის წონასწორობაა, რომელიც დამყარებულია მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა შორის. საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მორალი მხოლოდ ასახავს წამყვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობასა და ძალთა წონასწორნობას.
კლასიკური პ.რ-ისაგან განასხვავებენ ნეორეალიზმს (ხშირად უწოდებენ, აგრეთვე, სტრუქტურულ რეალიზმს), რომლის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია კ. უოლცის წიგნში „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის თეორია“ (1079). სადაც განმსაზღვრელ ფაქტორად მიჩნეულია არა ადამიანის ბუნება, არამედ საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა, კერძოდ, მისი ანარქიული ხასიათი.
პ.რ-ს (როგორც კლასიკურს, ისე ნეორეალისტურს) ხშირად ადარებენ მიკროეკონომიკის თეორიას, რადგან სახელმწიფოების ქცევა საერთაშორისო სისტემაში დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ფირმებისა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. საზოგადოდ, საერთაშორისო ურთიერთობის მკვლევართაგან ამ თეორიას გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე სხვა მიმართულებებს. იგივე შეიძლება ითქვას პრაქტიკოს პოლიტიკოსთა შესახებ, რომელთა უმრავლესობა თავიანთი მოღვაწეობით სწორედ რეალისტური მიმართულების წარმომადგენლებად უნდა ჩაითვალოს.
პოლიტიკური რეჟიმი - იმ საშუალებების და მეთოდების ერთობლიობა, რომელსაც გაბატონებული სოციალური ფენა იყენებს საკუთარი ეკონომიკური და სოციალური დომინანტური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. რეჟიმისათვის დამახასიათებელია ცხოვრების (შრომის, კვების, დასვენების) მკაცრი წესი. მმართველობის ამგვარი რეგლამენტაციის გამო „რეჟიმი“ ხშირად გამოიყენება ავტორიტარული ან ტოტალიტარული მმართველობის სისტემების, ან სულაც სამხედრო მმართველობის კონტექსტში, როგორც, ვთქვათ, „სამხედრო რეჟიმი“.
პოლიტიკური რიტუალი - საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური დაჯგუფებების, ორგანიზციებისა და სხვათა მიერ ისტორიულად დადგენილი წეს-ჩვეულების სიმბოლური განხორციელება, ცერემონიალი.
პოლიტიკური საზოგადოება - იხ. საზოგადოება.
პოლიტიკური სოციალიზაცია - პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეუერთდებიან პოლიტიკურ შეხედულებებსა და ღირებულებებს. პ.ს-ის პროცესისათვის დამახასიათებელია ჯერ ადრეულ ასაკშივე ცნობილი ისტორიული პერსონაჟებით დაინტერესება და მათი ღვაწლის გაიდეალება. შემდგომში იზრდება ინტერესი არჩევითი თანამდებობების მქონე პირთა, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების მიმართ. უფრო გვიან ხორციელდება შეგნებული იდეოლოგიური პოზიციის ფორმირება. ამ უკანასკნელის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ეთნიკური კუთვნილობის იდენტიფიკცია, რომელიც სიღრმისეული ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, პარტიულ-იდეოლოგიურმა იდენტიფიკაციამ, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, შეიძლება არ იქონიოს ზეგავლენა პიროვნების პოლიტიკურ ქცევაზე ან მის გადაწყვეტილებაზე არჩევნების დროს.
პოლიტიკური სტაბილურობა - სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არსებული კავშირის სისტემა, რომლისთვისაც გარკვეული მთლიანობა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური რეალიზებაა დამახასიათებელი. განასხვავებენ შიდა პოლიტიკურ, რეგიონალურ და საერთაშორისო პ.ს-ს. ამ სისტემების სპეციფიკა, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება მასში ჩართული პოლიტიკური სუბიექტებით. მის მთავარ სუბიექტებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენენ.
პოლიტიკური სიმბოლიკა - გამომხატველობითი საშუალებების ერთობლიობა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას, პოლიტიკურ ქმედებას, პოლიტიკის მატერიალიზაციის სხვადასხვა ფორმებს აშკარა, განსაკუთრებით თვალსაჩინო, ხაზგასმულ ან პირიქით, შენიღბულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაძლოა პ.ს. პოლიტიკურ აქტს ავსებს, აფორმებს, მის ძირითად პოლიტიკურ მნიშვნელობას უფრო მკვეთრად გამოხატავს (მაგ., შეკრებილთა წინაშე ჰიმნის შესრულება - შეკრებილთა ერთიანობის მაჩვენებელია). ასეთი სიმბოლური ნიშნების თვისებები მათი ლაკონურობა, ცხადი მნიშვნელობა, რომელიც დამატებით ახსნას არ საჭიროებს, მასობრივ აღქმაზეა გათვლილი. არსებობს რამდენიმე ნიშნობრივი სიმბოლური სისტემა. ენობრივი სიმბოლიკა მოიცავს პოლიტიკური საუბრის სხვადასხვა სიტყვათა კრებულს, რომელთაც გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, გამომხტველობითი სიმბოლიკა სახვითი ხელოვნებითაა გამოხატული - ეს არის პლაკატი, სურათი პოლიტიკური დატვირთვით, კარიკატურა და ა.შ. სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ხელოვნების სხვა სახეებსაც: ლიტერატურას, თეატრს, კინემატოგრაფს, მუსიკას და სხვ. სიმბოლურ დატვირთვას იძენს სახვითი ხელოვნების და ხელისუფლების, პოლიტიკური იერარქიის, სახელმწიფოს პატივისა და ღირსების აღმნიშვნელი (დროშა, გერბი, ნიშანი და სხვ.) ნიშნების მატერიალური სისტემის შეთავსება. გარეგნული განმასხვავებელი ნიშნები (კოსტუმი, მუნდირი, რიტუალური პროცესია - აღლუმი, საზეიმო შეხვედრები და სხვ.) თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის წინანდელ მნიშვნელობას კარგავს, მაგრამ არ ქრება. შენარჩუნებულია, აგრეთვე, პოლიტიკური ქმედების განსახორციელებელი განსაკუთრებული ადგილის (რეზიდენცია, სასახლე, კაბინეტი), პოლიტიკური პროცესიის (კორტეჟი, თანხლება, საზეიმო მიღებები, ჯილდოები, ორდენები და სხვ.) სიმბოლური დატვირთვა.
პოლიტიკური ფილოსოფია - შემოთავაზებული ფილოსოფიური დილემების გადაწყვეტის პოლიტიკური შედეგების სისტემატური, დეტალური შესწავლა. ამ სფეროში შექმნილი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ცნობილი ნაშრომები აღნიშნული შედეგების წარმოჩენას ფუნდამენტურ, კოსმოლოგიურ, ონტოლოგიურ და გნოსეოლოგიურ ჭრილში ცდილობენ და პოლიტიკურთან აკავშირებენ. პ.ფ. იკვლევს აგრეთვე კონკრეტული საკამათო პოლიტიკური მოვლენების მნიშვნელობას, მაგ., ადამიანური „მე“-ს ბუნებას ან მორალური პასუხისმგებლობის გაგებას. უდავოა, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი პ.ფ-სა და მორალის ფილოსოფიას შორის, რამეთუ ორივე მათგანი ითვალისწინებს ფასეულობების შესახებ ჩვენი შეხედულებების ბუნების კვლევას. შესაბამისად, როდესაც გნოსეოლოგიური მოსაზრების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ ფილოსიფიას არ ეხება ეს ნორმატიული საკითხები, საფუძველს მოკლებულად გამოცხადდა თვით პ.ფ-ც. თანამედროვე პ.ფ. საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, უკუგდებულ იქნა გნოსეოლოგიური დასკვნა, რომელიც ერთ დროს მისთვის ფატალური აღმოჩნდა. პ.ფ. ცდილობს ერთდეროულად გაიაზროს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გააანალიზოს და გვირჩიოს, რა უნდა გაკეთდეს. თანამედროვე პ.ფ-ს თავისი კონტექსტი აქვს, გასული დროის ფილოსოფოსები კი მარადიული ჭეშმარიტებების ახსნას ცდილობდნენ. დღეს ადამიანთა ცხოვრების პირობების პოლიტიკური შედეგების კვლევისას ორივე ზემოთ აღნშნული მიდგომა სათანადოდ ავსებს ერთმანეთს.
პოლიტიკური ფსიქოლოგია - პოლიტიკური კვლევების სპეციფიკური სფერო, რომელიც გულიხმობს ადამიანთა ჯგუფების პოლიტიკური განწყობის ჩამოყალიბების სპეციფიკას, სხვადასვა პოლიტიკურ სიტუაციებში ადამიანთა ქცევებისა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში პიროვნებათშორისი ურთიერთობების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარეების ანალიზს. ცალკე კვლევების სფეროდ გამოიყოფა საარჩევნო მასობრივი პ.ფ., იმ ფსიქოლოგიური ასპექტების ბუნება, რომელიც ძირითად როლს ასრულებს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.
პოლიტიკური ქცევა - გულისხმობს ცალკეული ადამიანების, ჯგუფებისა და მთელი კლასების იმგვარ აქტივობებს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ფორმირება ან ცვლილება. ამგვარ ქცევათა შორის შეგვიძლია დავასახელოთ საარჩევნო, ლობისტური და სკუთრივ პოლიტიკური აქტივობები. ამ ტიპის ობიექტების კვლევებს ძირითადად სოციოლოგები, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ჯგუფები და ემპირიული კვლევების სხვა მომხრეები მიმართავენ, რითაც ისინი ემიჯნებიან პოლიტიკის იმ მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სხელმწიფო მოწყობის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და პოლიტიკის ისტორიის ანალიზით.
პოლიტიკური ღირებულებები (ფასეულობები) - მეტ-ნაკლებად აღიარებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტები, ანუ საზოგადოებისა და გარკვეული სოციალური ჯგუფის შეხედულებები პოლიტიკური მიზნების - იმ ძირითადი გზებისა და საშუალებების შესახებ, რომლებსაც ამ მიზნების განხორციელებისაკენ მივყავართ. ფასეულობების ცნება შემოიტანა მაქს ვებერმა. შემდგომში ტ.პარსონსი და სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სხვა წარმომადგენლები მას განიხილავდნენ როგორც ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომლის საფუძველზეც სოციალური და პოლიტიკური თანხმობა მიიღწვა. იგი პოლიტიკური კულტურისა და სოციალური სისტემის რეგულაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, და უზრუნველყოფს ასეთი რეგულაციის საერთო, სტრატეგიულ ხაზს. პ.ღ-ის საფუძველზე შემუშავდება სოციალური და პოლიტიკური ნორმები. უმნიშვნელოვანეს პ.ღ-ს მიეკუთვნება მაგ., პიროვნების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობა, სოციალური თანასწორობა, მოქალაქეობრივი მოვალეობა და სხვ.
პოლიტიკური ცნობიერება - პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია, რომელიც მისი გაგების კოორდინატთა სისტემაში შედის და სუბიექტის მიერ გარემომცველი სინამდვილის აღქმის იმ ნაწილს შეეხება, რომელიც პოლიტიკას და მასთან მიმართებაში მყოფ ქმედებასა და მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და რომელშიც იგი თავად არის ჩართული. პ.ც-ის ცნების გამოყენებას საზოგადოებათმცოდნეობის სხვადასხვა სფეროებში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ სპეციალურად პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ქცევითი მიმართულების ჩარჩოებში იკვლევენ. ამ სახის კვლევებმა განსაკუთრებული პოპულარობა XXს-ის მეორე ნახევარში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ორთოდოქსული ბიჰევიორისტული მიმდინარეობის შეზღუდულობა გამოვლინდა და აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ქცევისა და, უფრო ფართოდ, პოლიტიკური პროცესების დინამიკის გაგება მოითხოვს ისეთი „დამოუკიდებელი ცვლადის“ მხედველობაში მიღებას, როგორიცაა პ.ც. და ამ ქმედების სუბიექტის ფსიქიკური სფეროს შესწავლას. თვით პოლიტიკური მეცნიერების ჩარჩოშიც კი პ.ც. კვლევის დისციპლინათაშორის, კომპლექსურ კატეგორიას მიეკუთვნება.
პოლიტიკური ძალა - პოლიტიკური მეცნიერების ცენტრალური, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი კატეგორია. ტერმინი „ძალა“ უაღრესად მრავალმნიშვნელოვან კონტექსტებში გამოიყენება. ასე მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვინმეს მიერ „მეტი“ ან „ნაკლები ძალის“ ფლობაზე ისე, რომ ანგარიში არ გავუწიოთ ამ ჩვენი მსჯელობების შეფასებით ხასიათს და ისინი დესკრიპციებად ჩავთვალოთ. ხშირად „ძალის“ ირგვლივ არსებულ დისკუსიებს ისიც ართულებს, რომ ძალის მფლობელი დაინტერესებულია, დამალოს თავისი რეალური ძალა. სხვა შემთხვევებში ჩვენ მიერ რაიმე დაჯგუფების ან პერსონის პოლიტიკური ძალის მქონედ არასწორად აღქმამ მართლაც შეიძლება გააძლიეროს ის. ასეთი და სხვა სახის სიძნელეები პრობლემებს ქმნის პ.ძ-ის შესწავლისას. ცნების საუკეთესო განსაზღვრება მაქს ვებერს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, პ.ძ. არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უნარი, გააკეთებინოს სხვას ის, რასაც ეს უკანასკნელი არ გააკეთებდა საკუთარი სურვილით.
პოლიტიკური წყობა - ინსტიტუტების (სახელმწიფო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების) სისტემა, რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. პ.წ-ის სახე ზეგავლენას ახდენს კონკრეტული მმართველობის ფორმებზე. მაგ., დიდი ბრიტანეთი დღემდე იწოდება სამეფოდ, თუმცა დღევანდელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობის ინგლისი სრულიად განსხვავდება მმართველობის თვალსაზრისით ფეოდალიზმის ეპოქის ინგლისის სამეფოსაგან.
პოლიტოლოგია - სპეციალური საზოგადოებრივი მეცნიერება პოლიტიკის, პოლიტიკური მოვლენების, ურთიერთობების და პროცესების, პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელების კანონზომიერების, გზების, ფორმების, ორგანიზების, ფუნქციონირებისა და განვითარების შესახებ. დამოუკიდებელ მეცნიერებად პ. საბოლოოდ XXს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. პ-ის განსაზღვრის სირთულეა პოლიტიკის როგორც მეცნიერების, ან მეცნიერებების ობიექტის განსაზღვრის სირთულე, რადგან პოლიტიკა თავისთავად მეტად ფართო, თითქმის უნივერსალური და რთული მოვლენაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აღწევს და ბევრი მეცნიერების მიერ შეისწავლება (პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური კულტუროლოგია, პოლიტიკური გეოგრფია და სხვ.). აღნიშნულის გამო აუცილებელი ხდება პ-ის განსაზღვრა ფართო და შედარებით უფრო ვიწრო მნიშვნელობით. პირველ შემთხვევაში - ეს არის სხვადასხვა სახის, მასშტაბისა და დონის ცოდნა პოლიტიკისა და პოლიტიკურის, მათი ყოველნაირი გამოვლინების შესახებ, რომელიც თავისებურ მეტამეცნიერებას წარმოადგენს პოლიტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესახებ. მეორე შემთხვევაში გამოყოფენ განსაკუთრებულ, სპეციალურ (კერძო) მეცნიერებას, რომელიც პირდაპირ მოწოდბულია გამოიკვლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკური სფერო და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, ურთიერთობები, პროცესები, სისტემები და მათი განვითარების კანონზომიერებები. პ. შეისწავლის პოლიტიკურ შეხედულებებსა და თეორიებს, ინტერესებსა და ძალებს, ინსტიტუტებს (სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალი და სხვ.), ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს (პარტიები, ბლოკები და სხვ.), პოლიტიკურ სისტემებსა და პოლიტიკურ კულტურას და ა.შ. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მსგავსად პ. ნაირგვარ ფუნქციას ასრულებს: თეორიულ-შემეცნებითს, მსოფლმხედველობითს, პრაქტიკულ-გამოყენებითს, იდეურ-აღმზრდელობითს, პროგრესულსა და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი პოლიტიკური თეორიის მეცნიერული საფუძვლების შემუშავებისა და მისი პოლიტიკურ პრაქტიკაში რეალიზებისას. პ-მ ოფიციალური აღიარება სსრკ-ში და შესაბამისად, საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში ჰპოვა. უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულ იქნა სასწავლო კურსი პ-ში.
პოპულიზმი - უბრალო ხალხის ინტერესების დაცვა. ტერმინს ნეგატიური შეფერილობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ამ ინტერესების დაცვის სურვილი არაგულწრფელია და მყვირალა განცხადებებით შემოიფარგლება. პოპულისტური ტერმინოლოგია მეტ-ნაკლებად ერთგვარია ყველა პოლიტიკურ სპექტრში და გულისხმობს ტრადიციული ღირებულებების, უბრალო ადამიანების ყოფის დაცვას სხვადასხვაგვარი სოციალური ცვლილებებისაგან, მთავრობისა და ბიზნესის „დამღუპველი“ პოლიტიკისაგან. პოპულისტური პოლიტიკური კამპანიის ნიმუშად მიიჩნევენ 1992 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, როს პეროს პროპაგანდას. თუმცა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პ-ს ხშირად მიმართავენ მრავალრიცხოვანი პარტიები სხვადსხვა ქვეყანაში. პ. გამოიყენება XIX-ის მეორე ნახევრის შეერთებულ შტატებში ფერმერული მოძრობის აღსანიშნავად, როცა ფერმერებმა თავი მთავრობის მიერ მოტყუებულად იგრძნეს დასავლეთ შტატებში იაფი მიწის ნაკვეთების გადაცემის მოლოდინში. პოპულისტებმა თავიანთი კანდიდატი წამოაყენეს პრეზიდენტის პოსტზე და ცდილობდნენ სხვა თავიანთი წარმომადგენლების სენატში გაყვანას. პოპულისტებმა წამყვანი პოზიციები დაიკავეს ჯერ დემოკრატიულ პარტიაში, ხოლო შემდეგ შეერწყნენ პროგრესისტების მოძრაობას.
პოსტ-თავსართი, რომელიც აღნიშნავს შემდეგს, მომდევნოს. მაგ., პოსტინდუსტრიული - ინდუსტრიულის შემდგომი და ა.შ.
პოსტემპირიზმი - მიმართულება, რომელიც აღმოცენდა მეცნიერებისა და პოსტპოზიტივისტური ფილოსოფიის გავლენით. მოიცავს სრულიად სხვადასხვაგვრ კონცეფციას - კრიტიკულ რაციონალიზმს (კ.პოპერი, ი.დიკატოსი), ისტორიულ მიმარულებას (ტ.კუნი, ჯ.ჰოლტონი), მეცნიერულ რეალიზმსა (რ.არე) და სხვ. სოციალური მეცნიერების, ფილოსოფიის პოსტპოზიტივისტური კონცეფციების მრავლგვარობა და გაფანტულობა არ იძლევა საშუალებას რაიმე ერთიანი მეთოდოლოგიური პოზიციის დაფიქსირებისათვის, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მისი ორი ყველაზე ზოგადი მახასიათებელი. ჯერ ერთი, ის არის „მეტაფიზიკის“ რეაბილიტაცია, ფილოსოფიური დაშვებების მნიშვნელოვანი როლის აღიარება სოციალურ გამოკვლევებში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტრადიციული პოზიტივიზმი. ფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი იდეების აღიარებასთან არის დაკავშირებული პოსტპოზიტივისტური მეთოდოლოგიის მომხრეთა მისწრაფებაც - სოციალურ გამოკვლევებში ჩაერთოთ შემეცნებითი პროცესის კომპონენტი. მეორე - ახალი მეთოდოლოგიური ორიენტაცია მთლიანად იღებს პოსტპოზიტივისტურ თეზისს ცოდნის თეორიული დონის თვისებრივი თავისებურებებისა და შემეცნებაში მისი განმსაზღვრელი როლის შესახებ.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება - სიტყვასიტყვით - საზოგადოება, რომელიც იქმნება ინდუსტრიული საზოგადოების შემდეგ; დასავლეთის სოციოლოგიაში ფართოდ გავრცელებული ტერმინი თანამედროვე საზოგადოების აღსანიშნავად. პ.ს.-ის კონცეფციის შემუშავებაზე არსებითი თეორიული ზეგავლენა მოახდინა ინდუსტრიული საზოგადოების თეორიებმა (განსაკუთრებით რ.არონისა და უ.როსტოუს კონცეფციებმა). პ.ს-ის კონცეფცია შეიმუშავა ამერიკელმა სოციოლოგმა დ.ბელმა. მისი გამოჩენილი წარმომაგენლები არიან აგრეთვე გ.კანი, ზ.ბჟეზინსკი, ა.ტოფლერი (აშშ) ჟ.ფურასტიე და ა.ტურენი (საფრანგეთი). ზოგადი კონცეფციის მიხედვით, მსოფლიო ისტორია იყოფა ინდუსტრიამდელ (აგრარულ), ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებად. ასეთ დაყოფას საფუძვლად უდევს წარმოების ტექნიკური დონე და შრომის დარგობრივი და პროფესიული დანაწილება. ინდუსტრიამდელ საზოგადოებაში განმსაზღვრელი იყო სოფლის მეურნეობის სფერო ეკლესიითა და არმიით, როგორც საზოგადოების მთავარი ინსტიტუტებით; ინდუსტრიულ საზოგადოებაში - მრეწველობა, კორპორაციითა და ფირმით სათავეში; ხოლო პოსტინდუსტრიულში - თეორიული ცოდნა უნივერსიტეტით, როგორც მისი წარმოებისა და თავმოყრის ადგილით. მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი როლი საზოგადოებაში განაპირობებს არსებით ცვლილებებას საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. პ.ს-ში, ამტკიცებს მაგ., დ.ბელი, ქრება კაპიტალისტთა კლასი, ხოლო მის ადგილს იკავებს ახალი მმართველი ელიტა, რომელიც ფლობს განათლებისა და ცოდნის მაღალ დონეს. სოციალური სტრატიფიკაციისას განმსაზღვრელი ხდება განათლებისა და ცოდნის დონე და არა წარმოების საშუალებების საკუთრება, როგორც ეს ადრე იყო. კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის იცვლება კონფლიქტით ცოდნასა და არაკომპეტენტურობას შორის.
XXს-ის 60-იანი წლების ბოლოს პ.ს-ის კონცეფციები გააკრიტიკეს „ახალმა მემარცხენეებმა“, რომლებმაც მასში დაინახეს არა საზოგადოებრივი განვითარების ახალი სტადია, არამედ კაპიტალისტური საზოგადოების იდეალიზებული ვარიანტი.
პოსტკოლონიური სახელმწიფო - ხელახლა შექმნილი ეროვნული სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკოლონიზაციის შედეგად გაჩნდა. სხვაგვარად მათ განვითარებად ქვეყნებსაც უწოდებენ. ამ ქვეყნების პოლიტიკურ მოწყობაში ბევრი ისეთი ნიშან-თვისება შეინიშნება, რომელიც კოლონიურ ქვეყნებს ახასიათებს. მაგ., ინგლისის პარლამენტის მოდელი ბევრმა ყოფილმა ბრიტანეთის კოლონიამ გადაიღო, მაგ., ინდოეთმა. პ.ს-ები ორი ნიშნით ხასიათდება: როგორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტენ ისინი და რამდენად ძალუძთ მმართველობა. იმისდა მიხედვით, ვის როგორი უნარი შესწევს ცხოვრებაში გაატაროს პოლიტიკური გადაწყვეტილებანი, ანუ ვის როგორი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა აქვს და როგორ მუშაობს, ისინი იყოფიან „ძლიერ“ და „სუსტ“ სახელმწიფოებად.
პოსტკომუნიზმი - იმ სოციალისტური ქვეყნების საზოგადოებების მდგომარეობა და მოძრაობა, რომლებიც შედარებით ახლო წარსულში განუდგნენ სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების ტოტალიტარულ საფუძვლებსა და ფორმებს. ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევამ აქტუალური გახადა საზოგადოების კვაზისოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ან სხვა არაკაპიტალისტურ, მაგრამ ახალ წყობაზე გადასვლის პროცესის შესწავლა. დღეს ასეთი ტრანზიტული სახელმწიფოების პრობლემები სამამულო და საზღვარგარეთელი მეცნიერების შესწავლის საგანია. ამასთან, მთავარ სადისკუსიო საკითხად რჩება: საით, კონკრეტულად როგორი გზებით, რა საშუალებებით, რა მიმართულებით ხორციელდება გარდაქმნები სხვადასხვა ქვეყნებში. ხშირად პერსპექტივის სახით წინა პლანზე შემდეგი ალტერნატივები გამოდის: ან ევოლუცია პლურალისტური დემოკრატიისაკენ, ან ამა თუ იმ ფორმით ნაციონალისტურ საფუძველზე დამყარებული ავტორიტარული მმართველობა.
პოსტმოდერნიზმი - ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა არქიტექტურიდან, იგი შემოიტანა ამერიკელმა არქიტექტურის თეორეტიკოსმა ჯენქსმა 1976 წელს; მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ასევე სხვა მეცნიერებებში. პ-ის თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულობის ყველა ელემენტი დარღვეულია და საეჭვოდაა მიჩნეული, მასში ადამიანების ცხოვრების პირობები გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების ხასიათს იღებს და არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პ-ის სამი წამყვანი თემაა: 1 „მეტანარატივების“ კრიტიკა და უნივერსალური ცოდნის პრობლემურობა; 2. ობიექტური ჭეშმარიტების არარსებობა და ორი განსხვავებული სიბრტყის - რეალობის და აზროვნების თანხვედრის პრობლემურობა; 3. ცნებებისა და საგნების იდენტურობის ფიქსაციის პრობლემა.
პოსტმოდერნისტული სოციოლოგია - სოციალურ-ფილოსოფიური და სოციოლოგიური თეორიის ერთ-ერთი ვერსიის ზოგადი სახელწოდება (ბოდრიარი, ბაუმანი, მაფესოლი და სხვები). პ.ს-ური თეორიის ფორმირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსების - ლიოტარის, დერიდას, ჯეიმისონისა და სხვათა შრომებმა. პ.ს. ყურადღებას ამახვილებს ეპისტემოლოგიის და მოდერნის ეპოქის ონტოლოგიის ამოწურვაზე და გვთავაზობს სოციოლოგიის რადიკალურ ინტერპრეტაციას. პ.ს-ის საფუძვლები ვლინდება: 1. პოსტსტრუქტურალიზმის ცნებობრივი აპარატის გამოყენებასა და მისთვის მარგინალური სოციალური პრობლემატიკის წინ წამოწევაში, რაც საბოლოო ჯამში სოციოლოგიის ემპირისტულ-ოპერაციონალისტური ხასიათის ხარჯზე თვით პოსტსტრუქტურალიზმის არსებით მოდიფიკაციასა და განვითარებას იწვევს; 2. „ცოდნის“, „ყოველდღიურობის“, „კულტურისა“ და ა.შ. სოციოლოგიური კატეგორიების პრობლემატიზაციაში, რაც, ერთიმხრივ, ვლიდება „სოციალურზე“ ამ კატეგორიების ექსტრაპოლაციაში, ხოლო, მეორე მხრივ, სოციოლოგიის, როგორც გარკვეული ყოველდღიური, ცოდნითი და კულტურულ-პოლიტიკური პრაქტიკის ეჭვქვეშ დაყენებაში; 3. თანამედროვე საზოგადოებების „პოსტთანამედროვე“, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებად ტრანსფორმაციაში. რიგი მოაზროვნეები (მაგ., ი.ჰაბერმასი, ე.გიდენსი) ერთმანეთისაგან განასხვავებენ „პოსტმოდერნის სოციოლოგიასა“ და „პოსტმოდერნისტულ სოციალოგიას“. გიდენსმა და ჰაბერმასმა შეინარჩუნეს რაციონალიზმის პოზიცია, ისინი ხაზს უსვამენ მოდერნისტული პროექტის (ეპოქის) მემკვიდრეობითობას და დაუსრულებლობას, მიუთითებენ „ორგანიზებული მოდელის დაშლასა“ და „რეფლექსურ თანამედროვეობაზე“, ყურადღებას ამახვილებენ „პოსტტრადიციულ წესრიგზე“, მაგრამ არ იზიარებენ პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიას.
პ.ს-ის თავდაპირველი ამოცანა მოდერნის კრიზისის, სიმპტომების დადგენაში, სოციოლოგიური დისკუსიის დეკონსტრუქციასა და სოციოლოგიის კონცეპტუალური აპარატის ტოტალურ რევიზიაში მდგომარეობდა. ამას შედეგად მოჰყვა საზოგადოების ცნებაზე უარის თქმა. საზოგადოება პოსტმოდერნისტი სოციოლოგების მიერ გაგებულია როგორც ტექსტი. რ.ჰ. ბრაუნის თანახმად, საზოგადოება არის ტექსტი, მაგრამ სტრუქტურალისტური მიდგომისაგან (მაგ., ლევისტროსი) განსხვავებით, ეს ტექსტი არ არის ერთიანი და არ დაიყვანება გენეტიკურად ადამიანის გონში ფიქსირებულ სტრუქტურაზე. საზოგადოება, როგორც არარედუცირებადი ტექსტი, განსხვავებული ტექსტების სიმრავლეა. აქედან გამომდინარე, სოციალური მეცნიერების ამოცანაა ჰერმენევტიკული გაგებისა და სტრუქტურის სემიოტკური ანალიზის მეშვეობით ტექსტის (საზოგადოება როგორც ტექსტი) წაკითხვა და მოდერნული სოციოლოგიური თეორიის (დიდი ნარატივების) დეკონსტრუქცია. პ.ს. ყურადღებას ამახვილებს ყველა სახის გაგების მეტაფორულ და რიტორიკულ ხასიათზე.
პ.ს. გვთავაზობს სოცილურის ლოგიკურ გაგებას. მას სურს დაძლიოს ბინარული ოპოზიციები (შემეცნების სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირება, სოციალური სტრუქტურის ცენტრად და პერიფერიად დაყოფა). პოსტკოლონიალურ კვლევებში არის მცდელობა „ქალურისა“ და „მამაკაცურის“ დაპირისპირების მოხსნისა. ყურადღება გამახვილებულია ცნობიერების ინტერტექსტუალობაზე და პიროვნება გაგებულია როგორც „თვითთხრობა“, „ღია იდენტობა“.
პ.ს. განსაკუთრებით უპირისპირდება „დიდ ნარატივებს“ სოციოლოგიაში (სტრუქტურულ-ფუნქციონალურ ანალიზსა და „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის პრაქტიკას). ეს დაპირისპირება და კრიტიკა ხშირად ეპატაჟური ხასიათისაა. პოსტმოდერნამდელი სოციოლოგია პ.ს-ის მიერ გაგებულია როგორც მოდერნის პროექტი, რომელიც „სოციალური წესრიგისა და ანომიის“ ბინარულ ოპოზიციას ემყარება, საიდანაც გამომდინარეობს მისი ძირითადი თეზისები: 1. პროექტულობა. პ.ს-ის თანახმად, მოდერნისტული სოციოლოგია სოციალურ წესრიგს იდეალად სახავდა და მის მიღწევას საკუთარ მიზნად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, ანომია განიხილებოდა სოციალური რეალობის ამოსავალ ნიშნად, ერთგვარ ქაოსად, რომელიც საჭიროებს წესრიგს. რადიკალურ ვერსიებში მოდერნისტული სოციოლოგიის პროექტულობა, პ.ს-ის წარმომადგენლების აზრით, სოციალური უტოპიზმის სახეს იღებდა (მაგ., ტექნოკრატიზმი, კომუნიზმი). ამას გარდა, მოდერნისტული სოციოლოგიის „პროექტული განწყობა“ ემყარებოდა დროის ლინეარულობის გაგებას, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილი იყო სოციალური პროგრესის სახით, რომელიც შემდგომში გააზრებულ იქნა როგორც მოდერნიზაცია. 2. პრობლემატური დამოკიდებულება ფილოსოფიასთან. მოდერნის ეპოქაში, პ.ს.-ის წარმოადგენლების აზრით, სპეკულატური ფილოსოფიის საფუძვლების რღვევა სამი მიმართულებით განხორციელდა: პირველ რიგში მოხდა ფილოსოფიის სოცილაური საფუძვლების აღმოჩენა, რაც აისახა ცოდნის სოციოლოგიის მომიჯნავე პრობლემატკის წინ წამოწევაში. მეორე მხრივ, შემოთავაზებულ იქნა რადიკალურად ახალი მეთოდი. მესამე: ჩამოყალიბდა წარმოდგენა ოპერაციონალურ („რეალურ“) ობიექტზე. შესაბამისად, მოდერნის მიერ სოციოლოგია გაიგებდა როგორც „ფილოსოფიის მოწესრიგების“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პოზიტიური (კონტი), კალკულირებადი (კეტლე) ან კიდევ „ქმედითი“ (მარქსი) ცოდნის ფორმირებას. 3. პრობლემატური დამოკიდებულება ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან. მოდერნისტული სოციოლოგიის თანახმად, სოციოლოგია განეკუთვნებოდა ადამიანის შესახებ მეცნიერებათა სფეროს, იმავდროულად იგი ემიჯნებოდა საკუთრივ ინდივიდუალურის შესწავლას და ინდივიდუალურს (ინდივიდს) სოციალურით (ზოგადით) განპირობებულად მიიჩნევდა. პ.ს-ის თანახმად, სოციოლოგია იქცა „სოციალური ბუნების სარკედ.“ სოციოლოგიის პროექტში ჩადებული განწყობები მოდერნის ეპოქის საზოგადოების სრული ეკვივალენტი აღმოჩნდა, რის გამოც სოციოლოგიამ დაკარგა საკუთრივ „სოციოლოგიური სივრცე“. ზ.ბაუმანის თანახმად, მოდერნის ეპოქის სოციალური რეალობა (ანუ მოდერნისტულ სოციოლოგიაში აღწერილი სოციალური რეალობა) გამოდიოდა ადმინისტრირების ობიექტის (იარაღის) როლში. ბაუმანის აზრით, მოდერნის ეპოქის სოციალური რეალობა - ეს იყო „გენერალური დირქტორის მაგიდიდან დანახული სამყარო“. ასეთ სამყაროში დასახული მიზნების რეალიზაცია გულისხმობდა მათ ქვეპრობლემებად და ქვემიზნებად დაყოფას. პრინციპები, რომელთაც ადმინიტრირების აღნიშნული პერსპექტივა ეყრდნობოდა, იყო: 1. მოდელირებული სამყაროს მთლიანობა. მოდერნისტულ სოციოლოგიაში ამ მთლიანობის „შეკავება“ მიიღწეოდა „საზოგადოების“ ცნებით, რომელიც ნაწილობრივ გაიგივებული იყო ეროვნულ სახელმწიფოსთან. მსგავს როლს ასრულებდა „კულტურის“ ცნებაც, რომელიც მაინტეგრირებელ ფუნქციამდე დაიყვანებოდა. ეპისტემოლოგიურად მოდელირებული სამყაროს მთლიანობის იდეა ემყარებოდა ჭეშმარიტების არსებობის იდეას და მის ფესვგადგმულობას ყოფაში, რაც მოდერნისტული სოციოლოგიის მიერ ავთენტურობის, იდენტურობისა და ორიგინალობის არსებობის აღიარებაში გამოიხატებოდა. 2. კოჰერენტულობა..სოციუმი და კულტურა გაიგებოდა მთლიანობად, რომელიც გაჟღენთილია მრავალრიცხოვანი ურთიერთკავშირით, ფუნქციითა და მექანიზმით, რომლებიც მოქმედებს როგორც აწყობილი სისტემა. სოციოლოგიის ამგვარი გაგებიდან შეიქმნა ისეთი ცნებები, როგორიცაა, თანხმობა (ჰომეოსტაზი), სოციალური ნორმა, სოციალიზაცია, დევიაცია და ა.შ. 3. დროის კუმულატურობა და მიმართულობა. მოდერნისტული სოციოლოგიის თანახმად, სამყარო არის პროექტი რეალიზაციის პროცესში, რომელიც ითავსებს, დროის ლინეარულობას, რაც სათავეს ქრისტიანული ესქატოლოგიიდან იღებს და რაც უფრო გვიან დეტერმინიზმის კონცეფციაში ფორმდება. ამგვარად, მოდერნისტულ სოციოლოგიაში სოციოლოგია იმთავითვე გაიგებოდა როგორც ცოდნის „თეორია“, ანუ დისციპლინა და სოციალური მოწესრიგების „პრაქტიკა“ ანუ ძალაუფლება-ცოდნის შესრულების საშუალება. „ორმაგი კოდირების“ პრინციპი ის ზოგადი საფუძველია, რომელიც პოსტმოდერნს ანიჭებს სოციეტალურ კონფიგურაციას. ზოგადად კოდი წარმოადგენს ნიშანდების წესების გარკვეულ სტრუქტურას, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ორმაგი კოდირება კი წარმოადგენს აქ და ახლა ისტორიაზე დამოკიდებულების შემცირებას ან ისტორიის (როგორც წარსულის და როგორც თხრობის) სრულ ელიმინიაციას (მოტაცება, მოშორება). ბოდრიარის მიერ დამუშავებული ჰიპერრეალობის ფარგლებში პოსტმოდერნის მდგომარეობაში გადასვლა ხასიათდება როგორც სიმულაკრების პროცესია-მსვლელობა. სოციალური, რომელიც ინდივიდუალური მოხმარების საგანი გახდა, გაიაზრება როგორც მხოლოდ სოციალურ-სიმულაციური მოდელი, რომელიც სოციოლოგიისა და სოციალურის სიკვდილის მომასწავებელია. კომუნიკაციისა და განსაკუთრებით კი მასობრივი კომუნიკაციის განვითარება აყალიბებს მასას, რომელსაც, ბოდრიარის თანახმად, არ გააჩნია არც ატრიბუტი, არც პრედიკატი, არც თვისება და არც რეფერენცია. მასას შეადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც თავისუფალია საკუთარი სიმბოლური ვალდებულებისაგან, მასის წევრები გვევლინებიან კომუნიკაციის უსასრულო ქსელების „მრავალსახა ტერმინალებად“. მასები არ გვევლინებიან რეფერენტებად, რამდენადაც ისინი არ განეკუთვნებიან რეპრეზენტაციის წესრიგს. მასები არ გამოხატავენ (წარმოგვიდგენენ) საკუთარ თავს, ხდება მხოლოდ მასების ზონდირება. მასები არ რეფლექსირებენ, მათ უბრალოდ ტესტებს ავსებინებენ. ამასთან, ზონდირება, ტესტები, რეფერენდუმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვევლინებიან მექანიზმებად, რომლებიც მოქმედებენ არა როგორც რეპრეზენტაციები, არამედ როგორც სიმულაციები. ამ სიტაუაციაში მასების, ანუ მდუმარე უმრავლესობის რეპრეზენტაცია წარმოადგენს მორიგ სიმულაციას, ხოლო ამ მასებს რეკლამის, ტექნიკის, პოლიტიკის, მეცნიერების ყოვლისშეძლეობის იმედი აქვთ. მასა არ აღიქვამს საზრისს და აინტერესებს მხოლოდ ნიშანი, კომუნიკაცია მასისათვის წარმოადგენს ნიშანთა უწყვეტ შთანთქმას, რომელიც განპირობებულია სანახაობის წყურვილით. ბოდრიარი რადიკალური პ.ს-ის წარმომადგენელია. უფრო ზომიერი პოზიცია უჭირავს. მ.მაფესოლს. პოსტმოდერნზე გადასვლის მთავარ ნიშნად მაფესოლი „სოციალურის“ „სოციალურობაში“ გადასვლას მიიჩნევს. პირველ მათგანს (ანუ „სოციალურს“) შეესაბამება ,,საზოგადოება“ (თიონისის ტერმინი Gesellschaft), „პრომეთესეული“ კულტურა და აქ სოციალური კავშირების საფუძვლად „მექანიკური სოლიდარობა“ (დიურკემი) და მექანიკური სოლიდარობისათვის დამახახასიათებელი ინსტრუმენტალობა, პროექტულობა, რაციონალიზმი და ტელეოლოგიზმი გვევლინება. ამის საპირისპიროდ, პოსტმოდერნისტული სოციალური წესრიგი აღიწერება „თემის“ (თიონისის ტერმინი Gemeinschaft), „დიონისური“ კულტურის, ან კიდევ „ორგიასტული“ სოლიდარობის ტერმინებით.
პოსტმოდერნისტული სოციალობისათვის დამახასიათებელია აწმყოთი შეპყრობილობა, არალოგიკურობა, იმორალიზმი და კომუნიკაცია. მაფესოლი თიონისეულ გემაინშაფტის ტერმინს ცვლის ნეოტრაიბალიზმის საკუთარი კონცეპტით. ნეოტრაიბალიზმის დადგომის სიმპტომად მაფესოლი მიიჩნევს ყოველივე ბუნებრივისადმი ინტერესისა და სამყაროს მოჯადოებულობის გრძნობის ზრდას. ინდივიდი, მაფესოლის თანახმად, პერსონად, პოლიფუნქციონალური თვისებების ანუ „ნიღბების“ მფლობელად, ხოლო ჯგუფები და ორგანიზაციები - მასად და „ტომად“ (ტრაიბი) ტრანსფორმირდება. ტომი-ტრაიბი არის მცირე ერთობა (თანასაზოგადოება) თავისუფალი წევრობით, ინტერსუბიექტურობით, რომელიც ემყარება აფექტურობას. ის სოციალურობის არამდგრადი, გაფანტული კონსოლიდაციაა. ტომი-ტრაიბის განმასხვავებელ ნიშანს მისი „იმანენტური ტრანსცენდენტურობა“ წარმოადგენს. ეს ისეთი ერთობაა, რომელიც თავისი წევრების ტრანსცენდირებას ახდენს, მაგრამ თვითონ არაფრით არის ტრანსცენდირებული. პოსტმოდერნისტი მოაზროვნეების სოციოლოგიური და ფილოსოფიური კონცეფციები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მათი განზოგადება ისეთ თეორიაში, რომელსაც მეტ-ნაკლებად თითოეული მათგანი შეესაბამებოდა, საკმარისად რთულია. მიუხედავად ამისა, ბ.სმარტი გამოყოფს სამ პოსტმოდერნისტულ პოზიციას: პირველი, უკიდურესი პოსტმოდერნისტული პოზიციის თანახმად, მოხდა ფუნდამენტური რღვევა და თანამედროვე საზოგადოება პოსტმოდერნისტული საზოგადოებით შეიცვალა. ამ თვალსაზრისს იცავენ ჟ.ბოდრიარი, ჟ.დელიოზი და ფ.გუატარი. მეორე პოზიციის თანახმად, მართალია, თანამედროვე საზოგადოება პოსტმოდერნისტულით შეიცვალა, მაგრამ პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმის წიაღიდან გამოვიდა და მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული. ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან მარქსტისტი მოაზროვნეები ფ.ჯეიმისონი, ე.ლაკლაუ და შ.მუფე, ასევე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის მიმდევრები ნ.ფრეზერი და ლ.ნიკოლსონი. არსებობს მესამე პოზიციაც, რომელსაც იზიარებს თვით სმარტი, რომლის თანახმადაც, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკეული ეპოქები, არამედ როგორც ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესის მონაწილენი, ამასთან პოსტმოდერნიზმი მუდამ მიუთითებს მოდერნიზმის შეზღუდულობაზე.
პოსტსტრუქტურალიზმი - კონცეფცია, რომელიც უარყოფს სოციალურ სამყაროში ზოგადსაყოველთაო ლოგიკის ან კიდევ სტრუქტურის არსებობას. პოსტსტრუქტურალისტების თანახმად, არსებობს მხოლოდ ზედაპირული, ყოვლგვარ ღრმა კავშირებს მოკლებული გარე სამყარო. ამიტომ პ-ის აზრით, სოციოლოგიის საგანი უნდა იყოს პრაქტიკაში განცდილი სამყარო და არა ჰიპოთეზური საბაზისო სტრატები. პ-ის წამყვანი წარმომადგენლები არიან დერიდა, დელიოზი, ბოდრიარი, ლიოტარი, კასტორიადისი, კრისტევა. ამ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან ამერიკელი ლიტერატურათმცოდნეები: მილერი, ბლუმი, დე მანი და ა.შ., რომელთაც დერიდას ზეგავლენა განიცადეს. ხშირად პოსტტრუქტურალისტურად მიიჩნევენ რ. ბარტის შემოქმედების „პოლიტიკური სემიოლოგიისა“ და მ.ფუკოს „ძალაუფლების გენიალოგიის“ პერიოდს. პ. ერთიანი არ არის და არა აქვს საერთო პროგრამა, რომელიც შეიძლება ყველა პოსტსტრუქტურალისტმა სავალდებულოდ მიიჩნიოს. თუმცა არსებობს პ-ისათვის საპროგრამო ხასიათის შრომები, ასეთია, მაგ., დერიდას შრომა „გრამატოლოგიის შესახებ“.
პოსტფორდიზმი - იგივეა, რაც ნეოფორდიზმი. დაკავშირებულია კომპიუტერებისა და რობოტოტექნიკის წარმოების სფეროში გამოყენებასა და ასევე მათი მეშვეობით ინფორმაციისა და საქონლის გაცვლის ახალ შესაძლებლობებთან. ფორდიზმის საპირისპიროდ, პოსტფორდისტული ეპოქის ნიშანს წარმოადგენს მოცულობით შედარებით მცირე საწარმოები და წარმოების მოქნილობა (წარმოების პროფილის ადვილი შეცვლა). პოსტფორდიზმს შედეგად მოჰყვა სოციალური და ეკონომიკური ხასიათის ცვლილებები: 1) გაქრა „მბოლავი მილების“ მქონე სამრეწველო წარმოება და დარგები, 2) შრომის ორგანიზაციამ მიიღო უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული ფორმა, 3) მოხდა შრომის ბაზრის რეორგანიზაცია, ბაზარზე გაჩნდა კვალიფიციური და მოქნილი მუშახელის მოთხოვნა, 4) ლურჯსაყელოიანების (არაკვალიფიციური მუშახელი) ხვედრითი წილი შემცირდა და გაიზარდა თეთრსაყელოიანების (პროფესიონალი, ტექნიკური მმართველების) რაოდენობა, 5) ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენით მოხდა შრომის მრავალი პროცესიის ფემინიზაცია, 6) მრავალეროვანი კორპორაციების რიცხვმა და ავტონომიურობამ მოიმატა, 7) შრომის საერთაშორისო განაწილებამ შესაძლებელი გახადა გლობალური წარმოების ორგანიზება. ფორდიზმიდან პ-ზე გადასვლის ზუსტი დათარიღება შეუძლებელია.
პრაგმატიზმი (პოლიტიკური) - ზოგადად წარმოადგენს ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელიც უარყოფს ჭეშმარიტების ობიექტურობას და ასეთად მიიჩნევს მხოლოდ იმას, რასაც პრაქტიკული შედეგები აქვს. ანალოგიურადვე პ. პოლიტიკაში ინდივიდის ან ჯგუფებისათვის განმსაზღვრელად თვლის ბრძოლას არა აბსტრაქტული იდეალების რეალიზაციისათვის, არამედ კონკრეტული პრაქტიკული შედეგებისა და სარგებლიანობისათვის. პ., როგორც დამოუკიდებელი იდეების სისტემა, ჩამოყალიბდა XIXს-ში შეერთებულ შტატებში. თუმცა იგი არ გაჩენილა ცარიელ ნიადაგზე და თუ მხოლოდ ბრიტანული პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრადიციით შემოვიფარგლებით, წინამორბედ ფორმად შეგვიძლია იერემია ბენტამის უტილიტარიზმი მივიჩნიოთ.
გამოდიოდა რა სარგებლიანობის პრინციპიდან, ბენტამმა მილთან და რიკარდოსთან ერთად განსაზღვრა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპები, ხელი შეუწყო ლიბერალიზმის განვითარებას.
პრაქსისი - იხ. სტრუქტურაციის თეორია.
პრაქტიკული ცნობიერება - ე.გიდენსის მიხედვით, გამოხატავს, ქცევის განმეორებადი (რუტინული) ფორმების ნაგულისხმევ, იმპლიციტურ ცოდნას. ასეთ ცოდნას ვფლობთ, როდესაც ვმოქმედებთ წესების, ანუ სტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად ისე, რომ მათზე აქტიურ რეფლექსიას არ ვახდენთ. მაგ., საუბრისას ვიცავთ ენის გრამატიკულ წესებს, თუმცა, მათ შესახებ აქტიურ ცოდნას არ ვფლობთ. მაშასადამე, აღნიშნულ დონეზე აქტორი ახორციელებს პასიურ, არაფორმალურ პეფლექსიას. პ.ც. შესაძლებელს ხდის, რომ პრაქტიკა შესრულდეს პირდაპირი (უშუალო) მოტივაციის გარეშე. ამ კალაპოტში თავსდება ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი. ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია იმისათვის, რომ დისკურსული ცნობიერების ველში მოაქციონ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ქცევების მრავალფეროვანი ასპექტები. მოქმედებათა დისკურსული იდენტიფიკაცია ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს რუტინათა შეწყვეტას ან მათ კრიტიკულ მსხვრევას (იხ. დისკურსული ცნობიერება; არაცნობიერი მოტივაცია).
პრევენციული პოლიტიკური ზომები - ზომები, რომელებიც მიმართულია პოლიტიკური მოვლნების სახიფათოდ განვითარების თავიდან აცილებისაკენ.
პრევენციული შეზღუდვა - ზოგადი დახასიათება კანონიერი ქმედებების გამოყენების აღსანიშნავად, რომელთაც მიმართავენ მოსალოდნელ მძიმე ქმედებათა აღსაკვეთად. პრევენციულ ღონისძიებათა შორის შეიძლება იყოს სასამართლო აკრძალვა, დეკლარაცია ან განჩინება. განჩინების წარდგენის შემთხვევაში აღმასრულებელ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც ის დაასაბუთებს. აკრძალვა, თავის მხრივ, წარმოადგენს პ.შ-ს, რომელიც ავალდებულებს კანონის დამრღვევ მხარეს, თავი შეიკავოს შემდგომი მსგავსი ქმედებებისაგან. დაბოლოს, დეკლარაცია შეიცავს უფლებათა განმარტებას ნებისმიერი შესაძლო დავის შემთხვევაში.
პრევენციული დიპლომატია - დიპლომატიური ქმედება, რომელიც წინასწარ ხორციელდება მოსალოდნელი კრიზისის თავიდან აცილების ანდა შეზღუდვის მიზნით. პ.დ-ის მაგალითია კოლექტიური უსაფრთხოება, სამშვიდობო ოპერაცია, ჰუმანიტარული ინტერვენცია, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
პრევენციული ომი - სამხედრო ძალის დროებითი უპირატესობის წარმატებით გამოყენების მიზნით განზრახ დაწყებული ომი. პ.ო-ის დაწყების მთავარი მოტივია დასწრება, რათა უპირატესობა მოწინააღმდეგემ არ ჩაიგდოს ხელში. პ.ო. „შეტევის კულტის“ დოქტრინას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოქმედებებში გამარჯვების მეტი შანსი შემტევ მხარეს აქვს. გარდა ამისა, პ.ო. ეყრდნობა ვარაუდს, რომ ომი გარდაუვალია.
პრეზიდენტი - 1. არჩევითი ხელმძღვანელი, თავმჯდომარე რიგ საზოგადოებრივ და სამეცნიერო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო. 2. სახელმწიფოს მეთაური რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში. ე.წ. საპარლამეტო რესპუბლიკებში (იტალია, ინდოეთი, გრმანია) პ. აირჩევა პარლამენტის ან განსაკუთრებული კოლეგიის მიერ, რომელიც ძირითადად პარლამენტარებით არის დაკომპლექტებული. პ. აირჩევა პირდაპირი (მაგ. საფრანგეთი) ან არაპირდაპირი გზით (მაგ., აშშ).
პრემიერ-მინისტრი - სახელმწიფოს პარლამენტური სისტემით მოწყობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტის მეათაური. ამ პოსტის მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის დამოკიდებულია ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, მთავრობის პარტიულ შემადგენლობაზე და კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებებზე. ქვეყნის ინსტიტუციონალურ ორგანიზაციაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ქვეყნის ტერიტორიული განაწილების შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების განაწილება. მთავრობის პარტიულ შემადგენლობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს პ.-მ.-ის ხელისუფლებაზე მაშინ, თუ მთავრობა წარმოადგენს რამდენიმე ან თუნდაც ორი პარტიის კოალიციას. ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობა, როგორც წესი, კოალიციურია ხოლმე (ამგვარი ვითარება ტიპურია ნიდერლანდებისათის), პ.-მ.-ს უწევს შიდასამთავრობო აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების მომრიგებლის ფუნქციის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ პ.-მ.-ის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ყველგან დიდადაა დამოკიდებული პარლამენტის მხარდაჭერასა და საკუთარი პარტიის კონსოლიდაციაზე.
პრეროგატივა - აღმასრულებელი ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ოფიციალური პირის უფლება, იმოქმედოს ამა თუ იმ ვითარებაში საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის გარეშე. ამგვარი უფლება თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის პ., რომელიც, თავის მხრივ, გარანტირებულია კონსტიტუციით, გულისხმობს, რომ პრეზიდენტს, რომელიც უმაღლესი მთავარსარდალია, შეუძლებელია დაინიშნოს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ოფიცრები. მასვე აქვს უფლება შეიწყალოს ფედერალური დამნაშავე. პრეზიდენტსავე აბარია საგარეო პოლიტიკური კურსი, ელჩების შემადგენლობა და ა.შ.
პრესტიჟი - საზოგადოების ან მის წევრთა ჯგუფის მიერ სხვადასხვა ობიექტების, მოვლენების, სოციალური მნიშვნელობისა და პოზიციების დადებითი ან უარყოფითი შეფასება. პოზიტიური აზრით, ამა თუ იმ მოვლენის სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მოწონება, სოციალურ ერთობაში მიღებული ნორმებისა და ღირებულებების სისტემასთან შესატყვისობა და მიმზიდველობა-სასურველობა. ამგვარად შეფასებული მოვლენა გამოდის როგორც განსაზღვრული სურვილების, გრძნობების, განზრახვების მოტივატორი, იწვევს ინდივიდებში სოციალური აღიარების, მოწონების, წახალისების, იდენტიფიკაციის მისწრაფებას - დაიკავოს შესაბამისი მდგომარეობა.
პრეფერენცია - ზომა, რომელიც რომელიმე პირს, სახელმწიფოს ან ორგანიზაციას ანიჭებს ეკონომიკურ ან რაიმე სხვა სახის უპირატესობას. არსებობს პრეფერენციული გადასახადები საქონლის (რომელიმე ან ყველა სახის) შემოტანაზე რომელიმე ქვეყნის მიმართ, რომელიც სხვა დანარჩენ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ასეთი გადასახადები ხშირად წესდებოდა კოლონიური სახელმწიფოების მიერ კოლონიებთან და დამოკიდებულ ქვეყნებთან ვაჭრობისას.
პრეფექტი - ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც დანიშნულია რეგიონის მთავარ აღმასრულებლად. საფრანგეთში პ-ების ინსტიტუტი შემოიღო ნაპოლეონმა 1800 წელს. მათი ძირითადი ფუნქცია რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების ნების გატარება იყო. ამიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა უნდობლობით ეკიდებოდა მათ მოღვაწეობას, რამდენადაც პრეფექტურებს ადგილობრივი, არჩეული ხელისუფლებაც ჰყავდა. მეორე პრობლემა ამ ხელისუფლებასა და პ-ს შორის თანამშრომლობა იყო, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კავშირები, რომლიდანაც რეგიონები ინვესტირებას მოელოდნენ, პ-ს უაღრესად საჭირო პოლიტიკოსად აქცევდა. 1964 წელს საფრანგეთი დაიყო 22 რეგიონად ამდენივე პ-ით, ხოლო 1982 წლის კანონმა დანიშნული პ-ები გადააქცია რეგიონებში არჩეული საბჭოების თავმჯდომარეებად.
პროგრესი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურების აღმავალი მოძრაობა დაბალი ფორმებიდან უფრო მაღალი ფორმებისაკენ. პ-ული მოძრაობა პოლიტიკაში გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიღწევას. ამგვარი მოძრაობის ტიპური ნიმუშია XXს-ის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გავრცელებული მოძრაობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკელები და უპარტიო აქტივისტები.
პროლეტარიატი - კაპიტალისტური საზოგადოების კლასი, რომლის შემოსავლისა და, შესაბამისად, არსებობის ძირითად წყაროს მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება - შრომა და ამ შრომის ანაზღაურება წარმოადგენს. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება „მშრომელთა კლასის“ სინონიმად, თუმცა მარქსისტები, რომელთაც განსაკუთრებით დეტალურად დაამუშავს პ-ის თეორია, ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ ამ ორ ტერმინს იმ მოტივით, რომ მშრომელთა კლასი ყველა კლასობრივ საზოგადოებაში არსებობდა, მაშინ როდესაც პ. ევროპაში წარმოიშვა მხოლოდ XIXს-ში საწარმოო რევოლუციის შედეგად. მარქსისტული თეორია პ-ს საგანგებო ისტორიულ-სოციალურ ფუნქციას აკისტრებს; მან უნდა მოახდინოს რევოლუცია, დაამყაროს დიქტატურა და მოამზადოს პირობები უკლასო საზოგადოებაზე, კომუნიზმზე გადასასვლალად.
პრომისკუიტეტი - უწესრიგო, შემთხვევითი, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები. მორგანის თანახმად, პირველყოფილ ერთობებში სქესობრივ ურთიერთობათა უძველესი ფორმაა და წინ უსწრებს ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობას. სქესობრივ ურთიერთობებს საზოგადოება ყოველთვის არეგულირებს რაიმე ფორმით, რაც დამოკიდებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა და იდეოლოგიაზე. აბსოლუტური პ. ანუ სქესობრივ ურთიერთობათა სრული მოუწესრიგებლობა მეცნიერთა მიერ ფიქსირებული არსად არაა - მსგავსი რამ დროებითი დაშვებულია მხოლოდ ორგიასტული დღესასწაულების დროს.
პროპაგანდა - პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას. საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის მიზანია შექმნას საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად მიმზიდველი იმიჯი და დანერგოს მისდამი სიმპათია, მაქსიმალურად ეცადოს გაამართლოს ქვეყნის ყოველი ქმედება, ხოლო დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ შექმნას უარყოფითი წარმოდგენა და ნეგატიურად განაწყოს მსოფლიო საზოგადოება. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის ტრადიციულ საშუალებებს - პრესას, რადიოს, ტელევიზიას დაემატა ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიც ინტერნეტია. საგარეო პოლიტიკური პ-ის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს „სამიზნე“ ქვეყნის მოსახლეობაზე, რათა მან, თავის მხრივ, გავლენა მოახდინოს თავისი მთავრობის მოქმედებაზე. პ-ის პროცესი გულისხმობს: 1) „კომუნიკატორს“ სხვათა განწყობის, აზრის, ქცევის შეცვლის განზრახვით; 2) სიმბოლოებს - დაწერილს, თქმულს ან ქცევითს - რომელთაც კომუნიკატორი იყენებს; 3) კომუნიკაციის საშუალებას; 4) აუდიტორიას ანუ სამიზნეს. პ. ძალიან იშვიათადაა სრული სიმართლე, მაგრამ მთლიანად ტყუილიც არ შეიძლება იყოს. იგი მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს, ამასთანავე განწირულია წარუმატებლობისათვის, თუკი გარეგნულად ჩანს,რომ პ-აა.
პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება - მაქს ვებერის (1864-1920) მიერ 1904-1906 წლებში შექმნილი შრომა Dia Protestantische Ethik und der Geist des Kapitalizmus (გამოქვეყნდა 1920წ.), სადაც ის აანალიზებს პროტესტანტული და შესაბამისად, კალვინისტური კონფესიის (აღმსარებლობის) საერო ცხოვრებაში გამოყენებასა და მის სპეციფიკურ მორალს, რომელმაც განსაზღვრა კაპიტალიზმის ღირებულებათა სისტემა. ვებერი ამ შრომაში ეხება კაპიტალიზმის განვითარების საკითხებსაც. ვებერის თანახმად, კაპიტლიზმი მეურნეობის ტიპია, რომელიც ემყარება გაცვლის გამოყენებით მოგების მიღების მოლოდინს. ამგვარი კაპიტალიზმი, აღნიშნავს ვებერი, ყველგან არსებობდა: ჩინეთში, ინდოეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ძველ საბერძნეთში. შუასაუკუნეების ევროპაში და ახალ დროშიც კაპიტალიზმის ადრე არსებული ფორმებისაგან დასავლურ კაპიტალიზმს შემდეგი ნიშნები განასხვავებს: 1. სასაქონლო ბაზარზე ორიენტაცია; 2. თავისუფალი (ფორმალური) შრომის ნაციონალურ-კაპიტალისტური ორგანიზაცია; 3. წარმოების მოწყვეტა საოჯახო მეურნეობისაგან; 4. რაციონალური საბუღალტრო აღრიცხვა; 5. მეცნიერებისა და მეცნიერებაზე დამყარებული ტექნიკის გამოყენება, რაც ხელს უწყობს. 6. სამართლის რაციონალური სტრუქტურისა და მართვის ფორმირებას. დასავლური კაპიტალიზმის ფორმირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურმა ეთიკამ. ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალური ეთიკის მატარებლად, ვებერის თანახმად, გვევლინება კალვინიზმი, პიეტიზმი, მეთოდიზმი და ანაბაპტისტებიდან გამოსული სხვა სექტები. ვებერი ძირითადად კალვინიზმს აანალიზებს, სწორედ კალვინიზმმა შეუწყო ხელი თანამედროვე „ეკონომიკური ადამიანისა“ და ეკონომიკური თვალსაზრისით ბურჟუაზიული რაციონალური ცხოვრების წესის ფორმირებას. ამასთან დაკავშირებით ვებერის არგუმენტებია: 1) პურიტანიზმი (წინასწარგანსაზღვრულობის (პრედესტინაციის) რწმენა, თითოეული ადამიანის მოვალეობა იშრომოს ღვთის სადიდებლად, მკაცრი ასკეტიზმი და ა.შ) გამორიცხავს მისტიციზმს და აქვს ანატირიტუალური ხასიათი. ეს კი მოხსნის ყველა დაბრკოლებას „სამყაროს განჯადოების“ (სამყაროს გრძნეულებისაგან განთავისუფლების - die Entzäberung der Welt) გზაზე. 2) პურიტანიზმმა საშუალება მისცა მორწმუნეს, პროფესიული საქმიანობის წარმატება საკუთარი რჩეულობის და, მაშასადამე, ხსნის ნიშნად მიეჩნია. პროფესიული საქმიანობა გაგებულ იქნა, როგორც მუხლჩაუხრელი შრომა ღვთის სადიდებლად, ხოლო ასეთი შრომით მოპოვებულ ფულს ჩამოშორდა ვერცხლისმოყვარეობის ცოდვის იარლიყი. 3) პურიტანების ეთიკას აქვს მკაფიოდ გამოხატული ასკეტური ხასიათი და ამ ეთიკას ფულის ხარჯვა დაჰყავს მინიმუმადე, რასაც ფულის მასის მუდმივი მატების შემთხვევაში (მოგება) ავტომატურად მივყავართ წარმოების მეტ ინვესტიციებამდე და გაფართოებამდე. ასკეზის ანალიზს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ვებერის ამ ნაშრომში. ვებერის აზრით, მან ორი ეტაპი გაიარა: 1) ასკეზამ ბერ-მონაზვნური სენაკიდან პროფესიულ ცხოვრებაში გადაინაცვლა და საეთო ზნეობაზე გაბატონდა; 2) რელიგიური ასკეზის საერო ზნეობაზე გაბატონებამ ადამიანი უფრო დამოკიდებული გახადა საერო ცხოვრებასა და მის სიკეთეებზე. ვებერის თანახმად, საერო ცხოვრება განთავისუფლდა რელიგიური ასკეზის სულისკვეთებისაგან და უკვე არ სჭირდება ასკეზის რელიგიური საყრდენი.
პროტესტი - 1. გაბედული გალაშქრება რაიმეს წინააღმდეგ, განაცხადის გაკეთება თანხმობაზე უარის შესახებ; 2. სასამართლო ან პროკურატურის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი განაჩენისა და გადაწყვეტილებების გადახედვის შესახებ.
პროტექციონიზმი - შიდა ბაზრის იმპორტისაგან დაცვის პოლიტიკა, რომელიც ამ მიზნით იყენებს ტარიფებს, კვოტებს, სუბსიდიებსა და სხვა საშუალებებს. პ-ის მთავარი ამოცანა სამამულო წარმოების განვითარებაა. პ-ს შეიძლება მიმართავდეს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ერთად. ეკონომიკის კლასიკური ლიბერალური თეორია, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა შემზღუდავი ბარიერების, მაგვარად, პ-ის წინააღმდეგაც გამოდის. ეს თვალსაზრისია ჩადებული ტარიფებისა და ვაჭრობის საყოველთაო შეთანხმებასა და (GATT) და მისი მემკვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესდებაში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა ბარიერების შემცირებას ცდილობს. პ-ის დამცველებად გამოდიან ნეომერკანტილისტები, რომელთა უმრავლესობა მესამე სამყაროს ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
პროფესია - შეძენილი (დასწავლის შედეგად მიღებული) უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად და რომელიც ინდივიდს ათვისებული აქვს. პ-ების წარმოშობა დაკავშირებულია შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან. მაქს ვებერის თანახმად, პ. არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი. სიტყვა პ-ის (გერმ. Beruf, berufen, berufene მოწოდებული) შინაარსი, ვებერის თანახმად, უკავშირდება პიროვნულ პასუხისმგებლობას. ვებერის სოციოლოგიაში პ. რელიგიურად, სოციალურად და ნორმატიულად დეტერმინირებულია. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი), თანამედროვე საზოგადოებების, როგორც სისტემის, მზარდი განვითარება (მოდერნიზაცია) იწვევს საზოგადოებისათის აუცილებელი ფუნქციების გამოყოფა-დიფერენციაციას, რაც, თავის მხრივ, პ-თა დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს. სუბიექტზე ორიენტირებული სოციოლოგიური მიდგომა (ბოლტე/ტროიტნერი, 1983), განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომისაგან, გამოდის არა ტექნიკურ-ფუნქციონალისტურად დაფუძნებული სპეციალიზებული პ-ული საქმიანობის ცნებიდან, არამედ ხაზს უსვამს პ-ული უნარების შაბლონს, რომელიც სოციალურად გამყარებულია და სოციალური სტრუქტურაციის პროცესის შედეგია. სუბიექტზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ განსაზღვრავს პ. ამა თუ იმ ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებას და რა წვლილი შეაქვს პროფესიას სოციალური უთანასწორობის თაობიდან თაობაზე გადაცემასა და გამყარებაში.
პროფესიული კავშირები - მუშათა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლის ძირითადი ამოცანაა დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულების სისტემის კოლექტიური სისტემით შეცვლა. პროფკავშირების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არაორგანიზებული მშრომელების უფლებების დაცვა, მათი შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ა.შ პროფკავშირული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და გაძლიერება უკავშირდება XVIIIს-ში მრეწველობის მოცულობის და მუშათა რაოდენობის ზრდას. განსაკუთრებული როლი ითამაშეს პროფკავშირებმა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ამგვარ გაერთიანებათა ადრეული ფორმები 1824 წლამდე არალეგალურად არსებობდა, ხოლო მათი მოღვაწეობის ამკრძალავი კანონების გაუქმების შემდეგ კი დაიწყეს ნაციონალური მასშტაბის ცენტრალიზებულ გაერთიანებებად ჩამოყალიბება. პირველ პროფკავშირულ ორგანიზაციებს „ელიტარული“ ხასიათი ჰქონდა და იცავდნენ მაღალკვალიფიციურ მუშებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი პრივილეგირებული პოზიციების შენარჩუნებით შრომის ბაზარზე. XIXს-ის მეორე ნახევრიდან შეიქმნა უნივერსალური ტიპის (სხვადასხვა პროფესიის მშრომელთა) გაერთიანებები, რომლებიც უკვე დაბალი ანაზღაურების მშრომელების უფლებებს იცავდნენ. პროფკავშირების პოლიტიკური როლისა და ფუნქციების შეფასება არაერთგვაროვანია. ბოლშევიკური თვალსაზრისით, პროფკავშირების პოლიტიკური როლი მინიმალურია, რამდენადაც ეს გაერთიანებები წმინდა ეკონომიკური ამოცანების მოგვარებით შემოიფარგლება. ამისგან განსხვავებით, ვებერი თვლიდა, რომ პროფკავშირები აქტიურ როლს თამაშობენ სოციალურ გარდაქმნებში. ვებერის ამ თვალსაზრისის გარკვეულ გამართლებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ლეიბორისტული პარტია დიდ ბრიტანეთში სწორედ პროფკავშირული გაერთიანებებისაგან წარმოიშვა.
პუბლიკა - საუბრისა თუ გამონათქვამების, ასევე სიგნალების მიმღებ ადამიანთა ერთობლიობა (მსმენელები, თანამხილველები, მკითხველები). სოციოლოგიაში პ. შეიძლება ნიშნავდეს ფორმალურად არაორგანიზებულ ჯგუფს, რომლის წევრებს საერთო ინტერესები აქვთ. სოციოლოგიაში ერთმანეთისაგან განასხვავებენ მასას, ბრბოსა და პ-ს. ადამიანთა ამგვარ გაერთიანებას იკვლევდნენ ფრანგი სოციოლოგები - ლებონი და ტარდი.
პუტჩი - შეთქმულთა მცირე ჯგუფის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა; განხორციელებული გადატრიალება პ-ად აღიქმება მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეების მიერ, რომლებიც დროებით ან საბოლოოდ დამარცხდნენ.
![]() |
17 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟანრი - ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინი. გამოიყენება ლიტერატურული ფორმების კლასიფიკაციისათვის. ლიტერატურათმცოდნეობაში განასხვავებენ შემდეგ ჟ-ებს: რომანი, მოთხრობა, ლექსი, ტრაგედია, კომედია და ა.შ. სოციოლოგიამ გააფართოვა ჟ-ის ცნება, ასე მაგ., კომუნიკაციური ჟ-ის ცნება აღნიშნავს საუბრისა და ქცევის მყარად ქცეულ ფორმას, რომელიც სპონტანურად წარმოებული კომუნიკაციის ფორმისაგან განსხვავდება. კულტურის სოციოლოგიაში ჟ. დაწერილი და დაუწერელი (ასევე არასიტყვიერი) ტექსტის ტიპია, რომელიც თავისი არქიტექტონიკით არაფორმალურ წესებსა და ლიტერატურულ პირობითობას მისდევს.
![]() |
18 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რადიკალიზმი - გულისხმობს განზრახულობათა გადამჭრელ, უკომპრომისო განხორციელებას დასახული მიზნების მისაღწევად. რ., როგორც გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, წარმოიშვა XIXს-ში და მიზნად ისახავდა ლიბერალურ ფორმებს. ამ ტიპის იდეოლოგიის საფუძველზე წარმოიქმნა კონკრეტული რადიკალური პარტიები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საარჩევნო და სამოქალაქო უფლებების გაფართოებას, ხალხის მაქსიმალურად ფართო მასების მონაწილეობას პოლიტიკაში, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაზრდას.
XXს-ში ტერმინის მნიშვნელობა რამდენადმე შეიცვალა. რადიკალურად მიიჩნიეს იმ ჯგუფების და პარტიების მიზნები, რომლებიც ან პოლიტიკური დებატების პირველადი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ („მწვანეთა მოძრაობა“), ან გამოდიოდნენ ანტიკლერიკალური მოთხოვნებით ქვეყნებში, სადაც არსებობს მჭიდრო შეხება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რიგმა ევროპულმა პარტიებმა და სხვა სახის გაერთიანებებმა შეინარჩუნეს რადიკალურის სახელწოდება, თუმცა მათი მოთხოვნები და მიზნები თანდათანობით სულ უფრო ზომიერი გახდა, მაშინ როდესაც ტერმინის პირველადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ფესვს უკავშირდება, „რადიკალური“ აღნიშნავს იმგვარი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც სისტემის ძირფესვიან გარდაქმნას გულისხმობს.
რასა - საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინი, დაკავშირებული წარმოდგენებთან კაცობრიობის ისეთ ჯგუფებად დანაწევრების შესახებ, რომლებიც განსხვავდებიან მათ წარმომადგენელთა შთამომავლობითი ფიზიკური მახასიათებლებით. ასეთი აზრით, რ-ის კატეგორია წარმოდგენილია ევოლუციისა და ბუნებრივი შერჩევის პროცესების შესატყვის არგუმენტად, როცა ხალხთა ერთი კატეგორია უფრო განვითარებულად არის წარმოდგენილი, ვიდრე მეორე. მსგავსი წარმოდგენები შემდგომ იმის მტკიცებაში გადაიზარდა, რომ ბიოლოგიურ განსხვავებებს თან ახლავს სხვა, ასევე თანდაყოლილი განსხვავებები ინტელექტისა და ქცევის მოდელების დონეზე. რასობრივი თეორია დღეს ნაკლებად პოპულარულია. სოციოლოგიას აინტერესებს ამ კონცეფციის გამოყენების თავისებურებები ერთი ჯგუფის მიერ მეორის შესავიწროებლად, მაგ., როგორც ნაცისტების მიერ ებრაელების შევიწროებისას; როგორც სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის სისტემის ხელშემწყობი და ა.შ.
რასიზმი - რეაქციული იდეოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა რასის ვითომდა ბუნებრივ, ბიოლოგიურ, წინასწარგანსაზღვრულ არაერთფასოვნებასა და მათ „მაღალ“, „დაბალ“, „სრულფასოვან“, „არასრულფასოვან“ დაყოფაზე, რომელიც ერთი რასის მეორეზე ბატონობის საფუძველს იძლევა. რ-ის ისტორიული ძირები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის. მოგვიანებით იგი ფართოდ გამოიყენებოდა კოლონიზატორების მიერ. მაგრამ რ-ის თეორია მხოლოდ XIXს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა (ჟ.გობინო, „ესე ადამიანთა უთანასწორობის შესახებ“, 1884, ჰ.ჩემბერლენი, „მეცხრამეტე ასწლეულის საფუძვლები“ 1889, და სხვა). რ-ის არსი შემდეგში მდგომარეობს: რასები თანაბარნი არ არიან და სწორედ ეს მოქმედებს ადამიანთა ხასიათსა და ქცევაზე, კულტურაზე, მთლიან სოციალურ ცხოვრებაზე; უპირველეს ყოვლისა, რასობრივი სხვაობა განაპირობებს შესაბამისი რასის წარმომადგენლების ინტელექტუალურ მონაცემებსა და შემოქმედებით შესაძლებლობებს; აღნიშნულით არის განპირობებული, აგრეთვე, რასებისა და ხალხების იერარქიული დაყოფა, რომელიც საზოგადოების განვითარების უცვლელ, მუდმივ კანონს წარმოადგენს; რასების აღრევა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ-კულტურულ პროცესებზე და ცივილიზებული საზოგადოება შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს. რ. ფაშისტური გერმანიისა და ნაციონალ-სოციალიზმის ოფიციალური იდეოლოგია და თეორია იყო. მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო რ-ს, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო და უხეშ დარღვევას მკაცრად კიცხავს და ყველა ქვეყნისაგან მის აღმოსაფხვრელად ბრძოლას მოითხოვს. (1948 წლის ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, 1963 წლის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია რასისა და რასობრივი გადმონაშთების შესახებ და სხვა.).
რაციონალიზაცია - პროცესი, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური პრობლემების გააზრება და გადაჭრა ხდება ლოგიკისა და რაციონალობის საფუძველზე. რ., ვებერის თანახმად, ძირითადი ცნებაა თანამედროვე კაპიტალიზმის ანალიზისათვის. მისი გამოხატულებაა მიზან-რაციონალური მოქმედებების განვითარება, რომლებიც ძირითადი მახასიათებელია მოდერნისტული, ტრადიციული საზოგადოების საპირისპიროდ. რ-ის პროცესი საფუძვლად უდევს დასავლური საზოგადოებების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირებას. მისი გავლენა აშკარაა ისეთ სექტორებზეც, როგორიცაა მეცნიერება, განათლება, მუსიკა და რელიგიური ორგანიზაციები. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში რ-ის პროცესის გამოხატულებაა წარმოების ორგანიზება ბიუროკრატიის საფუძველზე და მოგების კალკულაცია სისტემატური საბუღალტრო პროცედურების მეშვეობით; სამართლის სფეროში - უნივერსალური კანონების ჩამოყალიბება და დედუქციური აზროვნების პრაქტიკაზე გადასვლა, თვითნებური, პრეცენდენტული სამართლის საპირისპიროდ, რომელიც დამახასიათებელი იყო ტრადიციული საზოგადოებებისათვის; პოლიტიკის სფეროში - ქარიზმატული და ტრადიციული ბატონობის შეცვლა ლეგალურით; რელიგიის სფეროში - მაგიისა და რელიგიური საიდუმლოებების ჩანაცვლება პირადი პასუხისმგებლობითა და ა.შ. ზოგი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ რ-ის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და რომ თანამედროვე საზოგადოებებს ასევე ახასიათებს ირაციონალობა და აფექტურობა (იხ. აგრ. რაციონალობა; რაციონალობის ტიპები).
რაციონალობა - ზოგადი აზრით, აღნიშნავს იმას, რაც გონებისეულია, ანუ რისი წვდომა და ახსნა შეიძლება ინტელექტის საფუძველზე, საპირისპიროდ ირაციონალურისა, გონების მიღმიერისა, რომელიც მოითხოვს ჩვეულის, ტრადიციულის, ავტორიტეტულის უპირობოდ მიღებას. შესაბამისად საჭირო ხდება არაგონებისეული უნარების (თანაგანცდა, მგრძნობელობა და სხვა) გამოყენება. სოციოლოგები რ-ს განიხილავენ როგორც მოდერნიზმის სპეციფიკურ თავისებურებას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თანამედროვე საზოგადოებებში მოქმედებები იმართება ლოგიკური აზროვნებითა და ინსტრუქციებით. ამით მოდერნისტული საზოგადოებები განსხვავდება ტრადიციულისაგან, სადაც მოქმედებებს აკონტროლებენ იმის საფუძველზე, რაც გამომუშავებულია ხანგრძლივი ჩვევის შედეგად. რ. კონკრეტულად უკავშირდება ბიუროკრატიულ ორგანიზაციებს, სადაც ორგანიზაციის წევრთა მოქმედებები კოორდინირებული და კონტროლირებულია წესების მეშვეობით, რათა მიღწეულ იქნეს ორგანიზაციის მიზნები რაციონალური გზით. რ-ის ანალიზი სოციოლოგიაში დაკავშირებულია მაქს ვებერის სახელთან, რომელიც განასხვავებდა მიზან-რაციონალურ (Zwerkrational) და ღირებულებით-რაციონალურ (Wertrational) მოქმედებებს (იხ. აგრ. სოციალური მოქმედების ტიპები; რაციონალიზაცია).
რაციონალობის ტიპები - ვებერი განიხილავს რაციონალობის ოთხ ფორმას: ა) კონცეპტუალური (რაციონალური) - იგულისხმება ნებისმიერი კოგნიტური პროცესი, რომელიც რეალობის მართვას ახორციელებს აბსტრაქტული ცნებების აგების გზით. იგი წარმოადგენს კოგნიტურ კონფრონტაციას ადამიანის რეალურ გამოცდილებასთან ისეთი აზროვნებითი პროცესების მეშვეობით, როგორიცაა ლოგიკური დედუქცია და ინდუქცია, მიზეზობრიობის მიწერა, სიმბოლური მნიშვნელობების ფორმირება და სხვა; ბ) ინსტრუმენტული (პრაქტიკული) - ეს ტიპი ადამიანის მოღვაწეობას განიხილავს წმინდა პრაგმატულ და ეგოისტურ ინტერესებთან მიმართებაში. იგი ითვალისწინებს მოცემული მიზნის მეთოდურ განხორციელებას ტექნიკურად ეფექტური და ოპერატიული საშუალებების გამოყენებით. აქ მოქმედების მოდელები განხილულია არა თვითკმარი ღირებულებების სისტემის, არამედ უტილიტარიზმის პოზიციებიდან; გ) სუბსტანციური (თვითმყოფადი) რაციონალობა - იგი დაკავშირებულია შეფასების სტანდარტებთან. ეს ფორმა აყალიბებს ვალიდურ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც მოიცავს ეთიკურ იმპერატივებს, ესთეტიკურ საზომებს, სამართლებრივ და პოლიტიკურ მაქსიმებს და ა.შ. მათ საფუძველზე შეირჩევა, გაიზომება და შეფასდება ემპირიულ მოვლენათა ერთობლიობა; დ) ფორმალური რაციონალობა - ეს ტიპი აყალიბებს აბსტრაქტულ პროცედურებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პიროვნული კავშირებისა და საზოგადოებრივი თვალსაზრისების გავლენა და მაქსიმალურად გაზარდოს ქმედებების გათვლის შესაძლებლობა. იგი, პრაქტიკული რაციონალობის მსგავსად, სოციალურ მოქმედებებს აქცევს კალკულირებადი წესრიგის ფარგლებში, მაგრამ თუ პრაქტიკული რაციონალობა ყოველთვის ამოდის პრაგმატული ინტერესებიდან, ფორმალური რაციონალობა მიზან-საშუალებათა გამოთვლას ახდენს უნივერსალურად გამოყენებადი წესების, კანონებისა თუ ნორმების საფუძველზე. ასეთი გამოთვლის შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღება „პიროვნებების მხედველობაში მიღების გარეშე“. ვებერი ფორმალური რაციონალობის გამოკვეთილ ინდიკატორად ბიუროკრატიულ ძალაუფლებას მიიჩნევს.
რაციონალური არჩევანი - პოლიტიკური თეორია, რომელიც ნებისმიერ მოქმედ ინდივიდს პოლიტიკური ანალიზის ძირითად ერთეულად განიხილავს. რ. ა-ის თეორია ახორციელებს პოლიტიკური ურიერთობების მოდელირებას იმ ფუნდამენტური დაშვებიდან გამომდინარე, რომ მოქმედებისას ინდივიდები ყველაზე უფრო რაციონალური და უსაფრთხო მოტივებით სარგებლობენ. თეორია ემყარება მიკროეკონომიკურ თეორიებში დამუშავებულ ტექნოლოგიებს. რ.ა. ხასიათებდა ორი ძირითადი ნიშნით - გარდამავლობით და მუდმივობით. არჩევანის დედუქციები შეიძლება შემოწმდეს პოლიტიკოსების კონკრეტული მოქმედებების ფონზე. სწორედ ამ კონტქესტში გამოითქმება თეორიის საპირისპირო მოსაზრება, რომ რ.ა. შეიძლება განხორციელდეს საკითხთან დაკავშირებული მხოლოდ სრული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, რაც პრაქტიკულად არც ერთი ინდივიდისათვის არ არის ხელმისაწვდომი.
რაციონალური არჩევანის თეორია - სხვანაირად რაციონალური მოქმედების თეორიასაც უწოდებენ. თავიდან ცნობილი გახდა გაცვლის თეორიის (პიტერ ბლაუ, ჯორჯ ჰომანსი) სახელით და წარმოადგენდა ოპოზიციურ რეაქციას პარსონსის „გრანდთეორიაზე“, რომელიც, მართალია, „ერთეული აქტის“ განხილვით იწყება, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, სოციალური და კულტურული სისტემის ინტერესებს ანაცვლებს ინდივიდის ვოლუნტარისტულ ავტონომიურობას. რაციონალური მოქმედების თეორია (ჯ.კოლემანი, ჯ.ელსტერი, მ.ჰოლისი, ჯ.გოლდსორპი), პირიქით, სოციალური სისტემისა და კოლექტივის ინტერესებს უგულებელყოფს და ამოსავლად ინდივიდის კერძო ინტერესებს აცხადებს. ამ თეორიას აქვს მკაფიო ჩამოყალიბებული უტილიტარული ხასიათი: დოგმატური საწყისი პრინციპის - არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოების ინტერესები ჰქვია - ფონზე, იგი აღიარებს, რომ ინდივიდები რაციონალურად მოქმედებენ კერძო სიტუაციაში პირადი სარგებლობის (მოგების) მაქსიმალური გაზრდის უზრუნველსაყოფად და დანაკარგების მინიმუმამდე შესამცირებლად. ყოველ ინდივიდს აქვს საკუთარი უპირატესობების სკალა და ამის შესაბამისად აკეთებს არჩევანს, რამაც მას მაქსიმალური კმაყოფილება უნდა მოუტანოს.
რეალიზმი (პოლიტიკური) - იხ. პოლიტიკური რეალიზმი.
რეალპოლიტიკა - დიპლომატიური გზებითა და ძალის გამოყენებით მოკლევადიანი, ზომიერი ამოცანების გადაწყვეტის პოლიტიკა, რომელიც XIXს-ის მეორე ნახევრის გერმანიასა და კანცლერ ბისმარკის სახელს უკავშირდება. რ-ს ხშირად უმართებულოდ აიგივებენ ძალის პოლიტიკასთან.
რეგალია - სამეფო ხელისუფლების გამოსარჩევი გარე სიმბოლიკა - გვირგვინი, სკიპტრა და სხვა. შემდგომში ტერმინის ამ მნიშვნელობიდან გავრცელდა მონათესავე გაგებაც, რომელიც რ-დ თვლიდა საერთოდ წარჩინების სიმბოლიკას, ორდენს, მედალსა და ა.შ. ტერმინის საზრისი შუა საუკუნეების ევროპაში კვლავ მეფეებს უკავშირდებოდა და გულისხმობდა მათი განსაკუთრებული სახის პრივილეგიებსა (საბაჟო, სასამართლო ან სხვადასხვა საჯარიმო სანქციებით შემოსულ თანხებს) და მათი განკარგვის უფლებას.
რეგიონალიზმი - შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები, ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და სოციალური ერთგვარობის პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით რ-ის იდეა ხშირად ეთნიკურ სეპარატიზმსა და რეგიონის დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს უკავშირდება. საერთაშორისო დონეზე რ. ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან და საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რ-ის ინსტიტუციური განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები. რ-ის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
რეგიონული უსაფრთხოება - იხ. უსაფრთხოების თანამეგობრობა და უსაფრთხოების კომპლექსი.
რეგლამენტი - სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების საქმიანობის განსაზღვრული წესების ერთობლიობა. მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხდომის, კონფერენციის ან ყრილობის სესიათა წარმართვის წესების აღმნიშვნელი. დაბოლოს, რ-ებად იწოდება ზოგიერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის დასკვნითი აქტები, როგორიც იყო, მაგ., 1815 წლის ვენის კონგრესის რეგლამენტი.
რევანშიზმი - ომში დამარცხებული ქვეყნის რადიკალური პოლიტიკური წრეების კურსი, რომელიც მიმართულია ომით დაკარგული პოზიციების აღდგენისაკენ ნებისმიერი, მათ შორის საომარი მოქმედებების გაჩაღების გზით. რ-ის პოლიტიკა აგრესიის წინაპირობაა. შურისძიებისა თუ რევანშის ფსიქოლოგიის გაღვივებით შესაბამისი პოლიტიკური წრეები მოითხოვენ და ცდილობენ დაკარგული ტერიტორიების, ომამდელი საზღვრების აღდგენას. რ-ის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომამდელი გერმანიის პოლიტიკა, როდესაც ნაცისტებმა დაიწყეს პირველი მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვა. ამ პოლიტიკამ მსოფლიო ახალ ომამდე მიიყვანა.
რევიზიონიზმი - ფართო მნიშვნელობით ამჟამად ტერმინი გამოიყენება იმ პოლიტიკური შეხედულებების აღსანიშნავად, რომლებიც მიმართულია ადრე აღიარებული შეხედულებების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა იმ მარქსისტების მოღვაწეობის კრიტიკისათვის, რომლებმაც დაიწყეს თავად მარქსის თეორიის გადასინჯვა. რევიზიონისტებს შორის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო XIXს-ის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ლიდერი, ედუარდ ბერნშტეინი (1885-1932). ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი უფრო ხანგრძლივი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მარქსს ეგონა და სოციალიზმის მიზნები შეიძლება მიღწეული იყოს რევოლუციისაგან განსხვავებული, დემოკრატიული ხერხებით.
რევოლუცია - ხელისუფლების დამხობის გზით არსებული პოლიტიკური სისტემის ან რეჟიმის ძირეული, ხარისხობრივი შეცვლა, რომელსაც თან ახლავს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების რადიკალური გარდაქმნა. რ-ს საფუძვლად უდევს ელიტების დაპირისპირება და სახალხო მასების აჯანყება, რასაც როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო მიზეზები აქვს. ხშირად საბოლოო მიზნები მონაწილეთა თავდაპირველი მიზნებისაგან განსხვავებულია. რთულია განსაზღვრო, თუ როდის იწყება და მთავრდება რ. ისტორიაში ცნობილია რ-ური სიტუაციები, რომლებიც გადატრიალებით არ დამთავრებულა. განასხვავებენ პოლიტიკურ და სოციალურ რ-ებს. პირველი, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების ხასიათის, ასევე მისი აპარატის შემადგენლობის ცვლილებასაც იწვევს. სოციალური რ-ები გაცილებით უფრო იშვიათად ხდება და ისინი პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებს, კლასობრივ ბრძოლასა და რადიკალური ცვლილებების მოთხოვნით ქვემოდან ზეწოლას ითვალისწინებს. მასების ეს გამოსვლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მონაწილეთა მიერ, რომელთაც თავიანთი, ხშირად ფართო მასებისაგან განსხვავებული მიზნები აქვთ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მისი ესა თუ ის მოქმედი პირები, რ-ის აღქმა სხვადასხვაგვარია. სოციალური ცვლილებების სიღრმე კლასობრივი ბრძოლის ინტენსივობაზე, კლასობრივი ძალების განლაგებაზე, სტრატეგიაზე, რევოლუციური ძალების ორგანიზაციასა და ხელმძღვანელობაზე, ასევე არსებული ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული. კარლ მარქსი რ-ს „ისტორიის ლოკომოტივს“ უწოდებდა. ისტორიული პროცესის განვითარების შესახებ მარქსის შეხედულებები ყველაზე უფრო მოკლედ გადმოცემულია მისი ნაშრომის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ წინასიტყვაობაში (1859). რ-ები საზოგადოებრივ ძალებსა და საზოგადოებრივ საწარმოო საშუალებებს შორის არსებული წინააღმდეგობების შედეგად წარმოიშობა, რაც კლასობრივი ბრძოლის გამწვავებასა და „სოციალური რევოლუციის ეპოქის“ დადგომაში გამოიხატებოდა. ყოველი კლასი გაბატონებული კლასის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის პროცესში თავის თვითშეგნებას ავითარებდა. შედეგი ახალი წარმოებითი ურთიერთობებისა და მისი შესაბამისი იდეოლოგიური ფორმების - გამარჯვებული კლასის ჰეგემონიის დამყარება იყო. მარქსის აზრით, არც ერთი საზოგადოებრივი წყობილება არ ამოწურავს თავის თავს, სანამ არ ამოიწურება საწარმოო ძალების განვითარების შესაძლებლობა და არ მომწიფდება ახალი წარმოებითი ურთიერთობები. მარქსი უშვებდა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში) ახალ საზოგადოებრივ წყობილებაზე მშვიდობიანი გზით გადასვლის შესაძლებლობას, მაგრამ, ამასთან, ამტკიცებდა, რომ სოციალისტურ რ-თა უმეტესობას ძალადობის ხასიათი ექნებოდა. მარქსის თეორია იმ გათვლას ეყრდნობოდა, რომ რ-ები მაღალგანვითარებულ, საწარმოო ქვეყნებში ხდება. მაგრამ ისტორიამ გვიჩვენა, რომ რ-ები როგორც განვითარებულ, ისე არასაკმარისად განვითარებულ საზოგადოებებში ხდება. მარქსისტებისაგან განსხვავებით, სხვა მეცნიერები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სოციალურ-პოლიტიკური ევოლუციონიზმის პოზიციაზე დგანან, თვლიან, რომ ოპტიმალურია საზოგადოების თანდათანობითი, ევოლუციური განვითარება, ხოლო რ. ისტორიის ნორმალური მსვლელობიდან გადახრას, ანომალიას წარმოადგენს. მათ მიაჩნიათ, რომ ევოლუციური რეფორმების საშუალებით ღრმა სოციალური ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი, რაც რ-ების თანამდევი მასობრივი მსხვერპლის, ხალხის უბედურების, ძალადობის, ქაოსისა და განუკითხაობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
რეიფიკაცია - აბსტრაქტული ცნების განხილვა, თითქოს მას ჰქონდეს რეალური (კონკრეტული) არსებობა. როგორც წესი, რ-ს აქვს უარყოფითი დატვირთვა, რადგან ითვლება, რომ ცნების რეალურად მიჩნევა არალეგიტიმური და მცდარია. მაგ., მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის წარმომადგენლები ბრალს სდებენ ფუნქციონალისტებს, რომ ისინი ახდენენ ზოგადი ცნებების რ-ს, როგორიცაა საზოგადოება ან სტრუქტურა. ამრიგად, რ. ხშირად უკავშირდება საზოგადოების შესახებ ფუნქციონალური ცნებების კრიტიკას, რამდენადაც ფუნქციონალისტები ამტკიცებენ, რომ საზოგადოება არსებობს „იმის იქით“, რასაც მისი შემადგენელი ინდივიდების ჯამი გულისხმობს. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი აღნიშნავს „გასაგნებას“ („განივთებას“); მისი შემოტანა დაკავშირებულია მარქსისტების, კერძოდ, ლუკაჩის (1885-1971) სახელთან. ისინი ამ ტერმინით გამოეხმაურნენ არამარქსისტების ტენდენციას, რომ მკაცრი საგნობრივი სტატუსი მიეწერათ იმისათვის, რაც დანახული უნდა ყოფილიყო როგორც სოციალურ ურთიერთობათა რთული და ცვალებადი ქსელი. ლუკაჩის თანახმად, რ. გვხვდება კაპიტალისტურ საზოგადოებებში, სადაც საქონელი იწარმოება გაცვლისათვის და არა უშუალო მოხმარებისათვის. ეს გაცვლა კი ნიღბავს ინდივიდებს შორის არსებულ სოციალურ ურთიერთობებს და განიხილება როგორც ადამიანის კონტროლს დაუქვემდებარებელი, გაყინული და უცვლელი.
რეკლამა - პროცესი და საშუალებები (მასმედია), რომელთა მეშვეობითაც მოხმარების საგნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს. რ-ის ნიშნები უკვე XVს-ში შეინიშნება, როდესაც „მოძრავი ანბანით“ ბეჭდვა გამოიგონეს. დღეს რ-ს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სიუხვის უშუალო ნიშანს და მაჩვენებელს, არამედ როგორც კულტურის მოვლენას, თავისუფლების მაჩვენებელს, აღიქვამენ როგორც რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლის მნიშვნელობა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა გახდა თანამედროვე სოციოლოგიაში. ნიშნებით აქტიური მანიპულირება იქამდე მიდის, რომ ნიშანი და საქონელი ერთიან მთელში შეირწყმება (ჟან ბოდრიარდი, 1970). არსებობს რ-ის ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მეთოდების მთელი არსენალი. მასიურმა რ-მ შექმნა მომხმარებლური ციებ-ცხელება. სოციოლოგების აზრით, რ. განაპირობებს მომხმარებლის პერსონალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. სოციოლოგები მიუთითებენ, რომ რ. სერიოზულ მარეგულირებელ ფუნქციებს ასრულებს საზოგადოებაში, რადგან კურნავს ფსიქიკურ არამდგრადობას.
მეორე ასპექტია ზემოქმედება მაუწყებლობის ზოგად შინაარსზე, იგი გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შინაარსისა და სტრუქტურის ორგანიზაციაზე, მოქმედებს როგორც სისტემის პატრონაჟი, ემსახურება უფრო წარმოებას, ვიდრე პოლიტიკური დემოკრატიის ღირებულებების დაცვას. თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში რ. არის საზოგადოების ქვესისტემა, რომელიც ეკონომიკური კომუნიკაციებით განპირობებულ სოციალურად და კულტურულად აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.
რელიგია - 1. რწმენისა და პრაქტიკის უნიფიცირებული სისტემა საკრალურ (წმინდა) საგნებთან მიმართებაში. მოწიწებით დაცულ და განცალკევებულ საგანთა ერთობლიობა, რომელიც მის მომხრეებს აერთიანებს მორალურ თემში ან კიდევ ეკლესიაში (დიურკემი). სოციალური ფუნქციის თვალსაზრისით, არ არსებობს მკვეთრი განსხვავება რ-სა (რომელიც აღიარებს სულისა და ზებუნებრივი ძალების არსებობას) და სხვა სოციალურად გამაერთიანებელ იდეას, მაგ., ნაციონალიზმს შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება განიხილებოდეს როგორც რ-ის ფუნქციონალური ალტერნატივა ან კიდევ მისი ფუნქციონალური ეკვივალენტი. ამას გარდა, ზოგი რ. და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რომელიც ტრადიციულად რ-დ ითვლება (მაგ., კონფუციანელობა და ბუდიზმი), რ-ის სტანდარტულ განსაზღვრებაში (სულებისა და ღმერთების თაყვანისცემა) ძნელი მოსაქცევია; 2. გელენის თანახმად, რ-დ შეიძლება იწოდებოდეს დოქტრინა, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა იმ ძირითად და ეგზისტენციალურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა ემპირიულად შეუძლებელია; 3. ტაილორის (Tylor E.B.) თანახმად, სულების არსებობის რწმენა და მასთან დაკავშირებული წესები და პრაქტიკა.
რელიგიის სოციოლოგია - სოციოლოგიის დარგი, იკვლევს რელიგიაზე საზოგადოებრივ მოთხოვნილებასა და საზოგადოებაზე რელიგიის ზეგავლენას, რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხებს. იგი ესაზღვრება რელიგიათმცოდნეობას და თეოლოგიას. რ.ს., როგორც დამოუკიდებელი დარგი XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასაწყისში ყალიბდება. მაქს ვებერი მიჩნეულია რ.ს-ის ფუძემდებლად. შრომებში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ და „მსოფლიო რელიგიების სამეურნეო ეთიკა“ იგი იკვლევდა ეკონომიკურ ცხოვრებაზე და რაციონალობის განვითარებაზე რელიგიური ეთიკის ზეგავლენას. ვებერი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს არა საკუთრივ ეკონომიკური კანონები, არამედ რელიგიური ეთოსი. ამ მოსაზრებით ვებერი დაუპირისპირდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, მარქსიზმს, რომლის თანახმადაც, რელიგია წარმოადგენს ზედნაშენსა და ეკონომიკური ურთიერთობების პროდუქტს. ე.დიურკემი შრომაში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912) რელიგიას განიხილავდა, როგორც საზოგადოების ფუნქციონალური ინტეგრაციის უნივერსალურ საშუალებას, რითაც მან საფუძველი ჩაუყარა რელიგიის ფუნქციონალისტურ თეორიას. ახალი მიმართულება რ.ს-ში დაკავშირებულია ფრანგი სოციოლოგის გაბრიელ ლე ბრასის სახელთან. რელიგიის „ახალ“ სოციოლოგიაში საუბარია თეოლოგებსა და სოციოლოგებზე, რომლებიც რელიგიას ქრისტიანობასთან და, თავის მხრივ, ქრისტიანობას ეკლესიასთან აიგივებენ. ამის გამო ამ მიმართულების სოციოლოგები დაკავებულნი არიან მხოლოდ ინსტიტუციონალიზებული ქრისტიანობის, შესაბამისად, ეკლესიის კვლევით. ახალი რელიგიის სოციოლოგიას ეკლესიის სოციოლოგიასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს და რა ინტერესებს ემსახურება რელიგიის ახალი სოციოლოგია, საქმე გვაქვს რელიგიის ახალი სოციოლოგიის იდეოლოგიზაციასა ან გაეკლესიურებასთან. ამის გამო საუბრობენ რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტულ“ და „ბურჟუაზიულ“ ფორმაზე. რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტული“ მიმართულება დარწმუნებულია, რომ სოციოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია რელიგიის დაძლევა; რელიგიის ახალი სოციოლოგიის „ბურჟუაზიულ“ მიმართულებას კი იმედი აქვს, რომ რ.ს-ს შეუძლია რელიგიის გადამრჩენის როლი შეასრულოს. უკანასკნელ წლებში მატულობს იმ სოციოლოგთა რიცხვი (მაგ., საფრანგეთში), რომლებიც რელიგიის სოციოლოგიის ეკლესიის სოციოლოგიად ტრანსფორმაციას უარყოფენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რ.ს. დღეს ევროპაში კრიზისს განიცდის, განსხვავებით ამერიკისაგან, სადაც იგი წარმატებით ვითარდება. ამერიკული რ.ს. აჩვენებს, თუ რა ნაყოფიერი შეიძლება იყოს კლასიკოსების, კერძოდ კი ვებერის თეორიის გამოყენება ამ სფეროში. 1930 წელს ტ.პარსონსმა ინგლისურად თარგმნა მ.ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“. რ.ს-ის საკითხებს იკვლევდა ასევე რ.მერტონი. მერტონმა ყურადღება გაამახვილა ვებერის მიერ „პროტესტანტული ეთიკის“ შენიშვნაში ხსენებულ ფაქტზე, პურიტანიზმსა და მეცნიერებას შორის არსებულ კავშირზე, რასაც შედეგად მოჰყვა მერტონის შრომა „მეცნიერება, ტექნიკა და საზოგადოება XVIIს-ის ინგლისში“. ამ შრომამ ახალი იმპულსი მისცა როგორც მეცნიერების სოციოლოგიას, ასევე რ.ს-ს. რ.ს-ს საუნივერსიტეტო აღიარება მოუპოვეს ისეთი სოციოლოგების შრომებმა, როგორებიც არიან ჯ.მილტონ ინგერი (J.Milton Yinger) და დევიდ ო.მობერგი (David O.Moberg). 60-70-იან წლებში სოციოლოგიაში ძლიერდება ფენომენოლოგიური მიდგომის პოზიციები. ბერგერი და ლუკმანი ჰუსერლის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოება და სოციალური ინსტიტუტები განიხილონ როგორც ადამიანთა ინტერსუბიექტური ცნობიერების პროდუქტი. მათი პოსტულატი მდგომარეობს „სოციალური რეალობების“ პლურალიზმში, სადაც მთავარი ადგილი „ყოველდღიური ცხოვრების რეალობას“ უჭირავს, სწორედ მასზე იგება „სიმბოლური უნივერსუმების“ ანუ რელიგიის, ხელოვნების, რელიგიის ფილოსოფიის სისტემა. ბერგერი და ლუკმანი ფართოდ იყენებენ ცნობიერების ინტენციონალობის პრინციპს, რომელიც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ რელიგიური რწმენის საგნის ილუზორულობისა თუ რეალურობის საკითხი. ლუკმანი წიგნში „უხილავი რელიგია“ აყალიბებს რელიგიის საკუთარ გაგებას. ის ერთმანეთისაგან განასხვავებს რელიგიურობის საეკლესიო და რელიგიის „არასპეციფიკურ“ საყოველთაო სოციალურ ფორმას. ეს უკანასკნელი არსებობს ადამიანის ბიოლოგიური ბუნების „ტრანსცენდირებისა“ და საზოგადოების მიერ გამომუშავებული მნიშვნელობათა სხვადასხვა სისტემის ათვისების წყალობით. ლუკმანის თანახმად, რელიგიის საფუძველი ადამიანის ანთროპოლგიურ ბუნებაში დევს.
რეპატრიაცია - იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რ. ხშირად დაკავშირებულია მოქალაქეობის შეცვლასთან. სამხედრო ტყვეების რ-ის ვალდებულებას ითვალისწინებს ჟენევის 1949 წლის კონვენცია ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, რომლის თანახმად, ომის მონაწილე მხარეთა მოვალეობაა სამხედრო მოქმედების დროს სამშობლოში დააბრუნონ მძიმედ დაჭრილი ტყვეები და ავადმყოფები, ხოლო სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტყვეები დაუყონებლივ გაცვალონ. ამასთან, გაცვლა შეიძლება არ შეეხოს მძიმე ავადმყოფს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.
რეპრეზენტატულობა - ტერმინი გულისხმობს რაიმე მოვლენის (ობიექტის, რიცხვის, გამოსახულებისა და ა.შ.) უნარს, ჩაანაცვლოს საგანი ან თვითონ ჩანაცვლდეს რაიმეთი ზოგადი სტრუქტურის დარღვევის ან სისტემატურ შეცდომათა დაშვების პირობების შექმნის გარეშე. რ. შერჩევითი ერთობლიობის ძირითადი მახასიათებელია. რეპრეზენტატული შერჩევა ზუსტად ასახავს იმ პოპულაციას, საიდანაც შერჩევა მოხდა. მას მიუკერძოებელ შერჩევად მიიჩნევენ. შერჩევის ყველა სისტემატური პროცედურა დამუშავებულია სწორედ ასეთი შერჩევის შესაქმნელად, რომლის რეპრეზენტატულობის ხარისხი დამოკიდებულია შერჩევითი ერთობლიობის ზომაზე, შერჩევის ტიპსა და მის რეალიზაციაზე.
რესპონდენტი - პირი, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვაში (ანკეტირებაში ან ინტერვიუში) მონაწილეობს და ინფორმაციის წყაროს ან კომუნიკატორს წარმოადგენს. პირველადი სოციალური მონაცემები დასმულ კითხვებზე გაცემული შესაბამისი პასუხების სახით მიიღება. რ-ს სოციოლოგიურ გამოკვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ბევრადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგების საიმედოობა (სანდოობა).
რ-ები შეიძლება იყვნენ როგორც ექსპერტები (სპეციალური რ-ები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის ან ცხოვრებისეული გამოცდილების გამო საკვლევ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ), ისე ტიპური წარმომადგენლები (ე.ი. საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის, ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესასწავლი საკითხის შესახებ გარკვეული ცოდნა აქვთ).
არსებობს რ-თა სხვა ტიპებიც; ლ.რ.გორდენი (L.R.Gorden) სამი ტიპის რ-ს გამოყოფს: 1. ძირითადი ინფორმატორები (მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კვლევის სტრატეგიულ პრობლემებს ეხება), 2. სპეციალური რ-ები (პირები, რომლებიც მკვლევარს გამოკვლევის პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან), 3. ტიპური წარმომადგენლები (სოციალური ჯგუფებისა და დემოგრაფიული პოპულაციების წარმომადგენლები).
კ.პლამერი (K.Plummer) განასხვავებს რ-თა შემდეგ ტიპებს: ტიპური (ჩვეულებრივი) წარმომადგენლები (მოსახლეობის ფართო მასების ნიმუშები), მარგინალები (რომლებიც ორ კულტურას შორის კონფლიქტის მატარებლები არიან), ექსტრემალური ტიპები (ისინი გარკვეული ტენდენციის მაჩვენებლები არიან) და აგრეთვე, გამოჩენილი პიროვნებები (რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს გარკვეული სფეროს განვითარებაზე ან გარკვეულ ეპოქაზე).
რ-ის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „ინფორმანტი“, როდესაც გამოკვლევის დროს არაფორმალური კვლევითი ტექნიკა (როგორიცაა, მაგ., არასტრუქტურიზებული ინტერვიუები) გამოიყენება.
რესპუბლიკა - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მმართველობის ყველა უმაღლესი ინსტიტუტი ან არჩევითია, ან ყალიბდება საერთო სახალხო წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტების) მიერ. რ-ში გარანტირებულია მოქალაქეთა პირადი პოლიტიკური უფლებების დაცვა. ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, „რესპუბლიკა“ თავდაპირველად სახელმწიფოს სინონიმურ ტერმინად გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარად ითარგმნა ლათინურად პლატონის პოლიტიკური ტრაქტატის სახელწოდება. უფრო გვიან, XVII ს-დან რ-ს უწოდებდნენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა სამეფო ხელისუფლება. თანამედროვე მნიშვნელობა რ-მ გაცილებით გვიან მიიღო, თუმცა, აქაც მედისონი განასხვავებდა პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც ემყარება წარმომადგენლობითობას (მისი ტერმინოლოგიით, რ-ს) და სახელმწიფოს, რომელშიც ყოველი მოქალაქე პირადად მონაწილეობს მმართველობაში (დემოკრატიას).
რესპუბლიკანიზმი - იხ. რესპუბლიკა.
რესტავრაცია - რაიმეს პირველადი ან მასთან მიახლოებული სახით აღდგენა. ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, ამა თუ იმ მმართველობასთან, რეჟიმთან მიმართებით გამოიყენება. რ-ის ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს საფრანგეთში ბურბონების დინასტიის ორჯერ აღდგენა (1814-1815 და 1915-1930 წლებში). რ-ის სულისკვეთება მკაფიოდაა წარმოდგენილი დახასიათებაში, რომელსაც ბურბონების აღდგენილ რეჟიმს აძლევდნენ თანამედროვეები - კერძოდ, ემიგრაციაში მყოფმა სამეფო გვარმა ვერც დაივიწყა და ვერც ისწავლა რაიმე.
რეტრიტიზმი - მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ინდივიდები უარყოფენ როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებულ (გაზიარებულ) მიზნებს, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ (ინსტიტუციურ, კანონიერ) საშუალებებს. ეს ადამიანები „ამოვარდნილები“ არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, თავს გრძნობენ „უცხოებად“, განდგომილნი არიან ადამიანებისაგან, იკეტებიან თავიანთ სამყაროში, ხდებიან მარტოსულები. ასეთ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან მაწანწალები, ლოთები, ნარკომანები... მერტონი ყურადღებას ამახვილებს რ-ის სოციალურ-სტრუქტურულ წყაროებზე - ხშირად არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან საერთოდ კეტავს ინდივიდისათვის ხელმისაწვდომი ინსტიტუციური საშუალებებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. იქმნება ორმაგი კონფლიქტი - მორალური ვალდებულება იმისა, რომ გამოყენებული იქნეს მხოლოდ კანონიერი საშუალებები, წინააღმდეგობაში მოდის გარეგან იძულებასთან - მიზნის მისაღწევად მოხდეს აკრძალული, მაგრამ ეფექტური საშუალებების გამოყენება. ამდენად, ინდივიდს ერთმევა შესაძლებლობა, გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც კანონიერიც იქნებოდა და ეფექტურიც. კონფლიქტი გადაიჭრება როგორც მიზნების, ისე საშუალებების უარყოფის გზით, ინდივიდი ხდება ტოტალურად გაუცხოებული. მარტოობაში გაქცევა არის არჩევანის შედეგი და არა დამარცხების სიმპტომი. რ. დევიაციის უფრო ინდივიდუალური ტიპია, ვიდრე კოლექტიური (იხ. ინოვაცია, რიტუალიზმი, ამბოხი).
რეფერენდუმი - სახელმწიფო ცხოვრებისათვის გადამწყევტი მნიშვნელობის საკითხზე მოწყობილი საერთო სახალხო კენჭისყრა. არსებობს რ-ის სხვადასხვა ფორმა. საკანონმდებლო რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანი ხდება კანონის პროექტი. კონსტიტუციური რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანია მთელი კონსტიტუცია ან ცვლილება მასში. დაბოლოს, შეიძლება არსებობდეს ე.წ. კონსულტატიური რ., რომელიც პრინციპში, საზოგადოებრივი აზრის გაგებას გულისხმობს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. რ-ებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახე და ფორმა აქვს, რაც განისაზღვრება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციით, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით. ყველა შემთხვევაში რ-ის გამართვა ასუსტებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების როლს, არსებითი ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე, თუმცა, თავად რ. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის ან საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის ინიციატივით. რ-ის მოწყობას აქვს როგორც დადებითი (პოლიტიკოსები უფრო გულისხმიერნი ხდებიან ამომრჩეველთა განწყობის მიმართ), ასევე უარყოფითი მხარეები (ხშირი რ-ით მოსახლეობის „გადაღლიდან“ დაწყებული, დასრულებული იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა პრობლემებში და შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლარულად საპირისპირო თვალსაზრისებს).
რეფერენტული ჯგუფი - რეალური ან წარმოსახვითი სოციალური ჯგუფი, რომლის ღირებულებათა და ქცევის ნორმათა სისტემა ინდივიდისათვის ეტალონს წარმოადგენს. რ.ჯ. სოციალური კატეგორიაა, რომელსაც ინდივიდი ადარებს თავის სოციალურ მდგომარეობას, ატიტუდებს, მოქმედებებს, მრწამსსა და ა.შ. სოციალური აქტორი ახდენს თვითიდენტიფიკაციას რ.ჯ-თან და საკუთარი ქცევის მასზე ორიენტირებას ცდილობს.
რ.ჯ. შეიძლება იყოს სხვადასხვა სოციალური ერთობა, სინამდვილეში არსებული თუ წარმოსახვითი, მაგ., ოჯახი, სკოლა, მეგობრების წრე, სტუდენტური ჯგუფი, სპორტული ორგანიზაცია და სხვა.
ტერმინი რ.ჯ. შექმნა ამერიკელმა სოციალურმა ფსიქოლოგმა ჰ.ჰაიმანმა (Herbert Hyman, Archives of Psychology, 1942) ისეთი ჯგუფის აღსანიშნავად, რომლის წევრი ინდივიდი არ იყო, მაგრამ სურდა გამხდარიყო და რომელთან მიმართებაშიც იგი საკუთარ სიტუაციას აფასებდა. მეორე ამერიკელმა მკვლევარმა მ.შერიფმა (M.Sherif) ეს ტერმინი გამოიყენა 1948 წელს, როდესაც მცირე სოციალური ჯგუფები, რომლებიც ზემოქმედებენ ინდივიდის ქცევაზე, დაყო ორ ჯგუფად: ჯგუფები, რომელთა წევრია ინდივიდი (membership groups), და ჯგუფები, რომელთა წევრი არ არის ინდივიდი (nonmembership groups), მაგრამ ცდილოლობს თავისი შეხედულებები და ქცევა შეუფარდოს მათ ღირებულებებსა და ნორმებს. ასეთ ჯგუფებს მ.შერიფმა რ.ჯ-ები უწოდა. მოგვიანებით სხვა მეცნიერებმა (რ.მერტონი, ნ.ნიეკომი) ტერმინი რ.ჯ. განავრცეს ყველა იმ გაერთიანებაზე, რომლებიც ეტალონს წარმოდგენდნენ ინდივიდისათვის თავისი სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების, მოქმედებისა და სხვა შეფასებისას.
ახლა ეს ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება რ.ჯ. შეიძლება იყოს ჯგუფი, რომელსაც ინდივიდი არ მიეკუთვნება, ან ჯგუფი, რომლის წევრი ადრე იყო, ან ის ჯგუფი, რომლის წევრობაც მას სურს. ე.ი. სოციალურ აქტორს რ.ჯ-ად შეიძლება მიაჩნდეს ჯგუფი (ან ჯგუფები), რომლის წევრი თავად არის ან სხვა, რეალური ან წარმოსახვითი ჯგუფი (ან ჯგუფები).
რ.ჯ. შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. განასხვავებენ შედარებით („კომპარატიულ“) და ნორმატიულ ჯგუფებს (გ.კელი). ნორმატიულია ჯგუფი, რომელთანაც ასოცირდება განწყობების, ღირებულებების, ნორმების, შეხედულებებისა და სხვა ჩამოყალიბება და რომელიც ინდივიდის ქცევის მარეგულერებელ როლს თამაშობს. ნორმატიულ ჯგუფში ინდივიდი ისწრაფვის, მიიღოს ან შეინარჩუნოს აღიარება. შედარებითია რ.ჯ., რომელიც წარმოადგენს იმ სტანდარტს, რომლითაც ინდივიდი აფასებს საკუთარ თავსა და სხვა.
რ.ჯ-ის არჩევისას ინდივიდი ითვალისწინებს ჯგუფის მახასიათებლებს (როგორიცაა, მაგ., ცხოვრების წესი, პრესტიჟი, შემოსავალი, მრწამსი, ღირებულებები, ქცევის ნორმები, ინტერესები და სხვა).
რეფლექსურობა - იხ. სტრუქტურაციის თეორია; დისკურსული ცნობიერება; პრაქტიკული ცნობიერება.
რეფორმა - საზოგადოების რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის, პოლიტიკურ სუბიექტთა ურთიერთობების ისეთი გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება მოცემული სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური რ. შეიძლება ინიცირებული იყოს გარკვეული ჯგუფების ან პოლიტიკური პარტიების, გნებავთ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მოთხოვნებით, მაგრამ რ. ყველა შემთხვევაში წარიმართება სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. სხვადასხვა პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ლიბერალურ-დემოკრატიული რ-ები. სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების აქტუალობა რ-ის წარმატებული განხორციელების გარანტია არ არის. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითი გვიჩვენებს, არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც რეფორმირებას არ ექვემდებარება. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ვერც იდეოლოგიურ, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რ-ებს ვერ ეგუებოდა.
რისკი (პოლიტიკური) - ნებისმიერი დონის პოლიტიკური პრობლემის (დაწყებული მთელი საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნიდან, ცალკეული ამომრჩევლის ხმით დამთავრებული) გარდაუვლად თანმხლები ფაქტორი, რომელიც თან ახლავს პოლიტიკური მოქმედების ამა თუ იმ ხაზის გათვლას. სარისკო გადაწყვეტილებები მიიღება გაურკვეველი სიტუაციის დროს და ობიექტური პირობებისა და სუბიექტური მოქმედების განსაკუთრებული ურთიერთობებით ხასიათდება. ასეთი გადაწყვეტილების წარმატება დამოკიდებულია არა მარტო წინასწარ გათვლაზე, არამედ მტკიცე ნებასა და მოვლენათა მსვლელობის არჩეული ალტერნატიული მიმართულებით წარმართვის უნარზე.
რიტუალი - ცერემონიული ხასიათის მოქმედებათა სტანდარტული და მყარი თანამიმდევრობა. შეიძლება გაგებულ იქნეს სამი აზრით: 1. ინდივიდთაშორის ყოველდღიური ურთიერთქმედების პრინციპი, ქცევის ადაპტაციური ფორმა, პიროვნების, ჯგუფის ან დიდი სოციალურ-კულტურული სისტემის ღირებულებითი მახასიათებელი. 2. მერტონის თვალსაზრისით, რიტუალიზმი კულტურულ მიზნებსა და მათ მისაღწევ ინსტიტუციურ ნორმებთან ინდივიდის ადაპტაციის ერთ-ერთი ტიპია. რ. ადაპტაციის ისეთი ფორმაა, როცა ინდივიდისთვის კულტურული მიზნები მიუღებელი ხდება, მაგრამ მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებისა და ნორმების შესრულებას მაინც აგრძელებს. მერტონი რ-ს ასე ხსნის: წარმატების მისაღწევად დაწესებული რუტინული პროცედურების მიმდევარი ინდივიდი თავს დაცულად გრძნობს; მარცხში კიდევაც რომ იყოს დარწმუნებული, ინსტიტუციურ მოდელთან თვით ეს შესაბამისობა იცავს მას იმ შფოთისა და ნერვული ჩავარდნებისაგან, რომლებიც შეიძლება პროვოცირებულ იქნეს მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ცდათა წარუმატებლობით. 3. ტრადიციული ნორმები და წესები, რომელთა სისტემატური შესრულება აღარ შეესაბამება რეალური ცხოვრების მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს.
რიტუალიზმი - მერტონის მიხედვით, საზოგადოებაში ინდივიდთა შეგუების ტიპი, როდესაც ხდება ინსტიტუციური ნორმების გამძაფრებული, უპირობო დაცვა კულტურაში აქცენტირებული მიზნების გათვალისწინების გარეშე. ასე იქცევა, მაგ., ორგანიზაციის წევრი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ორგანიზაციის წესებს, თითქოს ეს იყოს ერთადერთი პირობა (მიზეზი) ამ ორგანიზაციის არსებობისა და მასში მისი უსაფრთხოების შენარჩუნებისა. ესაა მოხელე, რომელიც, შეშინებული იმით, რომ შეიძლება დაითხოვონ ან ვითარება გაუუარესდეს, თავისი შრომის მწარმოებლურობას ყინავს განსაზღვრულ - არც ზრდად და არც კლებად - დონეზე. ინდივიდი უარს ამბობს ძირითად კულტურულ მიზნებზე და რუტინული წესრიგისადმი უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩევა. მოქმედებს ამ შემთხვევისათვის ტიპური ლოგიკა: „არ დაისახოთ მაღალი მიზნები - არ იქნება იმედგაცრუებაც“, ანდა, „ვცდილობ, ვითამაშო ფრთხილად და თავი არ წამოვყო.“ ამრიგად, რ. არ ითვალისწინებს სოციალურ იერარქიაში წინ და მაღლა მოძრაობას, არამედ ორიენტირდება არსებულის შენარჩუნებაზე (იხ. აგრ. ინოვაცია, რეტრიტიზმი, ამბოხი).
როაიალიზმი - სამეფო, მონარქიული ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობა. ტერმინი პირველად გამოიყენეს საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რესპუბლიკელები და სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების მომხრეები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არაერთი მონარქია არსებობს, რომელსაც მხარდამჭერების ფართო წრე ჰყავს, რ. მისი პირველადი მნიშვნელობით დღეს თითქმის აღარსად გვხვდება. ტერმინი არ ემთხვევა მონარქიზმს, რადგან მონარქია შეიძლება განხორციელდეს როგორც სამეფო, ასევე საიმპერატორო ხელისუფლების ფორმით. საფრანგეთის როიალისტები მომხრენი იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და არა იმისა, რომ საფრანგეთს ერთი სუზერენი ჰყოლოდა.
როლი - მოსალოდნელი ქცევა, რომელსაც ინდივიდი ასრულებს კერძო სიტუაციაში და რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ სტატუსთან. მაგ., ექიმის სტატუსთან ასოცირდება სხვადასხვა შესაძლო ქცევა, როგორც ექიმის მიერ შესრულებული რ-ები. რ. სოციალურად კონსტრუირებული ქცევაა. ინდივიდის ცხოვრება საზოგადოებაში არის რ-ების ათვისების (სწავლის) პროცესი. ანალოგია შეიძლება გატარდეს თეატრის რ-ებთან, მაგრამ, თეატრისაგან განსხვავებით, სოციალური რ-ები არ არის გამოგონილი (წარმოსახვითი). პარსონსი ახდენს რ-ების კლასიფიკაციას ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე. რ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდება: 1. ემოციურობის ხარისხის მიხედვით (ზოგი რ. ემოციურ თავშეკავებას გულისხმობს, ზოგი - დაუშვებს გრძნობების გამომჟღავნებას); 2. მიღების წესის მიხედვით (ზოგი რ. ინდივიდს მიეწრება, ზოგი - მოიპოვება პიროვნული ძალისხმევის შედეგად); 3. მასშტაბის მიხედვით (ზოგი რ. შემოსაზღვრულია ერთი ტიპის ურთიერთობებით, ზოგი - ფართო და მრავალასპექტიანია); 4. ფორმალიზაციის მიხედვით (ზოგი რ. დადგენილ წესებს შეესაბამება, ზოგი - არაფორმალურ ურთიერთობებს ეფუძნება); 5. მოტივაციის მიხედვით (ზოგი რ-ის შესრულებას საფუძვლად პირადი სარგებლობის მიღება უდევს, ხოლო ზოგისას - საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა). რ-ები საშუალებას იძლევა, ინდივიდებმა იწინასწარმეტყველონ, თუ როგორ მოიქცევიან სხვები კერძო სიტუაციებში და ჰქონდეთ შესაბამისი რეაქციები. ამრიგად, რ-ების არსებობა საზოგადოებაში უზრუნველყოფს სოციალური წესრიგის განსაზღვრულ ხარისხს.
როლური თეორია - იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები.
როლური კონფლიქტი - სიტუაცია, რომელიც იქმნება მაშინ, როდესაც სხვადასხვა სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არცთუ იშვიათად ინდივიდები აღმოჩნდებიან დაძაბულ ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ცდილობენ განახორციელონ ერთმანეთთან შეუთავსებელი როლების მოთხოვნები. მაგ., დედის როლის შესრულება ხშირად ვერ თავსდება დასაქმებული (მომუშავე) ადამიანის როლთან, ან ლექტორის როლი შეუთავსებელია მკვლევარის საქმიანობასთან და ა.შ.
![]() |
19 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო სისტემა - ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს, ფორმებსა და მეთოდებს. ს.ს-ის საფუძვლები, როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ს.ს. შეიძლება ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ მიერ არჩეული სპეციალური პირების - ამომრჩევლების საშუალებით. ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ ს.ს-ებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის (ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი ს.ს.
საბაზრო ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სახელმწიფოს მონაწილეობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარ ეკონომიკაში მოთხოვნილება საქონელზე, ფასწარმოქმნა და ა.შ. განპირობებულია ბაზრის სტიქიის პრინციპებით. ს.ე., რომელიც ლიბერალიზმის იდეოლოგიას ერგება, უპირისპირდება სახელმწიფოს მიერ რეგულირებად, ცენტრალიზებულ დაგეგმარებაზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემებს, რომელთა ტიპურ ნიმუშებსაც კომუნისტური რეჟიმების ქვეყნების ეკონომიკა წარმოადგენდა. ს.ე-ის, როგორც ეკონომიკური ლიბერალიზმის გამოხატულების თეორიული პრინციპები პირველად შოტლანდიელმა ეკონომისტმა ადამ სმიტმა დაამუშავა. ამგვარი ეკონომიკური სისტემის ძირითად მექანიზმს სმიტი „უჩინარ ხელს“ (invisible hand) უწოდებდა. იმავე მექანიზმის აღსანიშნავად ლიტერატურაში ზოგჯერ შეიძლება ფრანგული გამოთქმა laissez faire შეგვხვდეს.
საბაჟო კავშირი - სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის ერთ-ერთი საფეხური, რომელიც ინტეგრაციაში ჩართულ სახელმწიფოთა შორის ტარიფების გაუქმებასა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ საერთო ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს. საბაჟო კავშირის შემოღება ეტაპობრივად ხდება, რასაც ჰარმონიზაცია ეწოდება. საბაჟო კავშირის მაგალითია 1958 წლის რომის ხელშეკრულება, რომელთაც ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა შეიქმნა.
საგარეო პოლიტიკა - სახელმწიფოს მხრიდან სხვა სახელმწიფოებთან ქმედებებისა და უკუქმედებების ერთობლიობა, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პროცესების გავლენით ყალიბდება. ს.პ-ზე გავლენას ახდენს ისეთი შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორები, როგორიცაა ტერიტორიის სიდიდე, სარესურსო ბაზა, ეკონომიკის განვითარების დონე, დემოგრაფიული ვითარება, იდეოლოგია და სხვა. ს.პ-ს უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები უნდა განსაზღვრავდეს (იხ. მაღალი პოლიტიკა). ს.პ., იდეალურ შემთხვევაში, სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და რაციონალურ გათვლებს ეყრდნობა. მის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა და აღასრულებს საგარეო საქმეთა უწყება. ს.პ-ის რუტინული ამოცანების გადაწყვეტა ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობით ხდება (იხ. დაბალი პოლიტიკა). ს.პ-ის მიზნების შესასრულებლად სახელმწიფოს დიპლომატიური საშუალებების გარდა სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლოგიური ინსტრუმენტებიც აქვს (იხ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები). საერთაშორისო პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც მოიცავს ყველა მონაწილის ურთიერთმოქმედების საერთო სურათს, ს.პ. განიხილება როგორც ერთი სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სხვა სუბიექტის მიმართ. ს.პ. მჭიდროდ უკავშირდება საშინაო პოლიტიკას. მკვლევართა ნაწილი იმ აზრისაა, რომ ს.პ. საშინაო პოლიტიკით განისაზღვრება და მისი გაგრძელებაა საერთაშორისო არენაზე. კერძოდ, მარქსისტების აზრით, როგორიცაა საზოგადოებრივი წყობა, ეკონომიკა, იდეოლოგია და ა.შ., ისეთივეა სახელმწიფოს ს.პ. ნეორეალისტების აზრით, პირიქით, სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა განპირობებულია საერთაშორისო მდგომარეობით და, ამდენად, იგი ს.პ-ს ემორჩილება. არსებობს მესამე თვალსაზრისიც, რომლის მიმდევრები ფიქრობენ რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მიუხედავად მჭიდრო ურთიერთკავშირისა, ავტონომიური სფეროებია და ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული.
ნებისმიერ ქვეყანას აქვს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური მიზნები, რომელთა დასაცავად იგი მზადაა მიიღოს უკიდურესი ზომები. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნები, რომლებიც, წესისამებრ, დროის ჩარჩოებით განისაზღვრება (გრძელვადიანი, მოკლევადიანი).
საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, სახელმწიფოები შეიძლება იყოს ნეიტრალური, მიუმხრობელი (ნეიტრალისტური), იზოლირებული (მაგ., იაპონია XVII-XVIIIსს.), ბლოკური (სამხედრო ბლოკების წევრი) და ა.შ.
საგარეო პოლიტიკური ორგანოების ნაწილი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ იმყოფება (დიპლომატიური წარმომადგენლობები, მისიები და ა.შ.), ქვეყნის შიგნით კი ამ ფუნქციებს ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ზოგიერთი სხვა სამთავრობო უწყება ასრულებს. საგარეო პოლიტიკური ფუნქციები აკისრია აგრეთვე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებს. უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, წესისამებრ, სახელმწიფოს მეთაურის დონეზე ხდება.
ზოგჯერ ს.პ-ის სინონიმად იხმარება ტერმინი დიპლომატია, თუმცა ეს ცნებები იდენტური არ არის, დიპლომატიას უფრო ვიწრო მნიშვნელობა აქვს და ს.პ-ის წარმართვის ხერხებისა და მანევრირების ხელოვნებას გულისხმობს.
საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - ხერხებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას. ს.პ.ი-ს მიეკუთვნება პროპაგანდა, დიპლომატია, ეკონომიკური სანქციები, ომი. საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი. მათგან უკანასკნელი - ომი - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისიც თავდაცვის მიზნით უნდა გამოიყენებოდეს. ეკონომიკურ სანქციებსაც ქვეყანა განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს. საგარეო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად მშვიდობიან დროს დიპლომატია რჩება (ეკონომიკურიც). სახელმწიფოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად და განსამტკიცებლად ძალიან დიდი როლი ენიჭება პროპაგანდასაც.
საერთაშორისო კავშირები - ალიანსის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც არაა გამყარებული სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებით, არამედ წარმოადგენს ორმხრივი მოლოდინების ნაკრებს, რომ ორი ან მეტი სახელმწიფო ერთმანეთს დაეხმარება მესამე სახელმწიფოსთან დავის ან ომის შემთხვევაში.
საერთაშორისო კონფერენცია - დროებითი საერთაშორისო ორგანო, რომელიც მოწვეულია გარკვეული საკითხის (საკითხების) განსახილველად და შეთანხმებული გადაწყვეტილების მისაღებად. ს.კ-ის აღსანიშნავად ზოგჯერ ტერმინი „საერთაშორისო თათბირიც“ გამოიყენება.
ს.კ-ების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმებია კონფერენციები საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციისათვის (მაგ., 1961 წლის ვენის კონფერენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ) და პოლიტიკური ს.კ-ები (სამშვიდობო კონფერენციები, პოლიტიკური თათბირები). თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში ს.კ-ის (საერთაშორისო თათბირების) ერთმა ნაწილმა ნახევრად მუდმივი ხასიათი შეიძინა - ასეთი თათბირები (კონფერენციები) გარკვეული პერიოდულობით მოიწვევა (მაგ., თათბირები უმაღლეს დონეზე: დიდი შვიდეულის ყოველწლიური შეხვედრები და სხვა.). კონფერენციებზე მოქმედებს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგი წესი - თუ კონფერენციის (თათბირის) მუშაობაში მონაწილეთა ოდენობა შეზღუდულია, გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად, სხვა შემთხვევებში კი მათი მიღება ხდება ან უმრავლესობით (პროცედურულ საკითხებზე - დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო დასკვნითი ტექსტი - მეტწილად ორი მესამედის უმრავლესობით), ან კონსესუსუსით. თათბირებზე გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვეულებრივ, ერთობლივი განცხადების ან კომუნიკეს სახით, ხოლო ფართო წარმომადგენლობის პირობებში ჩატარებულ კონფერენციებზე - დასკვნითი აქტის სახით.
საერთაშორისო კონფლიქტი - საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების უკიდურესი ფორმა, რასაც ზოგჯერ შეიარაღებული შეტაკება მოჰყვება. ს.კ-ის წინაპირობაა პოლიტიკური კრიზისი მხარეებს შორის, რაც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას და ერთმანეთს უპირისპირებს როგორც პოლიტიკურ ელიტებს, ისე მასებსაც. თუმცა ყველა კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდება. საერთაშორისო ურთიერთობების წარმოდგენა კონფლიქტების გარეშე უტოპია იქნებოდა, მაგრამ მათი შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა საერთაშორისო ურთიერერთობების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. კონფლიქტების რეგულირების ტრადიციული ფორმებია შეკავება (იხ. შეკავების პოლიტიკა) და ძალთა წონასწორობა. ს.კ-ების ძირითადი სახეებია ტერიტორიული, რესურსული, ეთნიკური, ეკოლოგიური, იდეოლოგიური კონფლიქტები, რომლებიც უმთავრეს შემთხვევებში პოლიტიკური კონფლიქტის სახით ვლინდება, თუმცა არც თუ იშვითია მათი გამოვლენა ეკონომიკური და კულტურული კონფლიქტების ფორმითაც. ს.კ. შეიძლება მოხდეს ორი ან მეტი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მეტროპოლიის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებით. ნიშანდობლივია საომარ მოქმედებათა შეზღუდული მასშტაბი და შედარებითი ხანმოკლეობა. ს.კ-ის მხარეები მოვალენი არიან თავიანთ მოქმედებაში დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნა - ომის კანონები და ჩვეულებები. დამატებითი ოქმით დაცულია კულტურული ფასეულობები, აკრძალულია თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობის სასიცოცხლო ობიექტებზე (სახნავ მიწებზე, სასმელი წყლისა და ირიგაციულ სისტემებზე და სხვ.), აგრეთვე ისეთ ნაგებობებზე (წყალსაცავები, დამბები, ატომური ელექტროსადგურები და სხვ.), რომელთა ნგრევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან ქალები და ბავშვები, დაჭრილები დაავადმყოფები, სამედიცინო პერსონალი და სანიტარული სატრანსპორტო საშუალებანი. განსაზღვრულია აგრესიის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია.
საერთაშორისო მიგრაცია - მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება სახელმწიფოებს შორის, რომელიც საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათსა და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, სოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. ს.მ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის ეთნიკური წმენდა და გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება), რელიგიური, სოციალურ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა. განხორციელების ფორმის მიხედვით გამოყოფენ ნებაყოფლობით და იძულებით მიგრაციებს, ხოლო დროითი განზომილებით - მუდმივსა და დროებითს. გლობალიზაციის ეპოქაში, როცა კომპლექსურმა გლობალურმა ურთიერთდამოკიდებულებამ და ტრანსნაციონალიზაციამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, ს.მ. მასობრივ მოვლენად იქცა. მიგრაციისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებაა და ადამინის უფლებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავის მოქალაქეებს აუკრძალოს ემიგრაციაში წასვლა. მეორე მხრივ, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმწვავესი პრობლემა გახდა უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რამაც უამრავი სიძნელე შექმნა და იძულებული გახადა აღნიშნული ქვეყნები, მკვეთრად შეეზღუდათ იმიგრაცია.
საერთაშორისო მორალი - სოციალური ქცევის წესების ერთობლიობა, აღიარებული სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ, როგორც კაცობრიობის განვითარების დღევანდელი საფეხურისაგან განუყოფელი ნორმა, რომელსაც ან ჯერ არა აქვს იურიდიული ძალა (მაგ., გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით ჩამოყალიბებული წესები), ან უკვე შერწყმულია მოქმედ სამართლებრივ ნორმასთან. დღეისათვის აღიარებულია, რომ თანამედროე საერთაშორისო სამართალს საფუძვლად უდევს კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, რომლებიც, პირველ რიგში, სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს შეიცავს. როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმოდგენა - რა არის მორალური, ზნეობრივი, წინ უსწრებს სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბებას და მანამდე, მისი დარღვევისათვის, მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვის ზომებს ეყრდნობა.
ს.მ. ეთიკური ღირებულებები და ნორმებია, რომელიც საერთაშორისო სამართალს არ მიეკუთვნება, მაგრამ, ზოგიერთი მოსაზრებით, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის საფუძველი უნდა იყოს. რეალიზმის სკოლა ს.მ-ის ობიექტურ არსებობას უარყოფს. რეალისტებისათვის პოლიტიკური ქმედება და ზნეობა თავსებადია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში. ზნეობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით შეიძლება განხორციელდეს. საერთაშორისო ანარქიის პირობებში უზენაესი ზნეობა თვითგადარჩენაა, რაც ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო ინტერესის (raison d'etat-ს) აღსრულებას ნიშნავს. წესრიგის ინტერესები უპირატესია სამართლიანობისა და თანასწორობის კატეგორიებთან შედარებით, რადგან წესრიგის გარეშე რომელიმე მათგანის განხორციელება შეუძლებელი ხდება. რეალისტური მიდგომის მოწინააღმდეგეთა აზრით, ზნეობის საკითხში კაცობრიობის ეროვნული ინტერესების მიხედვით დაყოფა მცდარია, რადგან ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს მიღმაც აკისრიათ. საზღვრები ზნეობრივ პოზიციებს არ უნდა ცვლიდეს და თუ ეს მაინც ხდება, მიზეზი არსებული საერთაშორისო სისტემის ნაკლოვანებებში უნდა ვეძიოთ. ისეთი საკითხები, როგორიცაა თვითგამორკვევა, ადამიანის უფლებები და უნივერსალური სამართლიანობა, საყოველთაო-საკაცობრიო ხასიათისაა (იხ. აგრ. ნორმატიული თეორია).
საერთაშორისო ორგანიზაციები - მუდმივმოქმედი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო (მთავრობათაშორისი) და საერთაშორისო არასამთავრობოთშორისი დაწესებულებანი, რომლებიც იქმნება პოლოიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად. ს.ო-ს როლი ინტეგრაციის პროცესების გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო იზრდება. მსოფლიოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთკავშირი თანამედროვე ეტაპის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანებათა შექმნის ცდები შორეულ წარსულშიც ყოფილა (მაგ., ძველ საბერძნეთში არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება „ამფიქტიონია“ და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი „სიმმაქია“), პირველი ნამდვილი, მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ XIXს-ში ჩამოყალიბდა. ს.ო-ის ჩამოყალიბების პროცესი ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც დაკავშირებულია გაეროს შექმნასთან და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შემდგომ განვითარებასთან.
საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები სახელმწიფოებთან ერთად წარმოადგენენ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად აქტორებს. თავისი ფუნქციებით ს.ო. არის პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, კულტურული, სამეცნიერო, შეიძლება იყოს უნივერსალურიც. გეოგრაფიული განზომილებით გვხვდება რეგიონული, რეგიონთაშორისი, საყოველთაო ორგანიზაციები. საყოველთაო, უნივერსალური ს.ო-ის მაგალითია გაერო.
საერთაშორისო პოლიტიკა - ერთი მნიშვნელობით იგივეა, რაც საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობები და ამდენად, საერთაშორისო ურთიერთიერთობების ერთი შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო ეკონომიკურ, სამართლებრივ, იდეოლოგიურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობებთან ერთად. მეორე, უფრო ფართო მნიშვნელობით ს.პ. გაიგივებულია საერთაშორისო ურთიერთობებთან, რადგან ყველა სახის ურთიერთობას თავისი პოლიტიკა აქვს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც ურთიერთობების სახესა და თავისებურებებს. ამდენად, შესაძლებელია ლაპარაკი საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სამართლებრივ პოლიტიკაზე, იდეოლოგიურ პოლიტიკაზე და ა.შ. ამიტომ ს.პ. მიჩნეულია საერთაშორისო ურთიერთობების ბაზისად და საფუძვლად. ამასთანავე, ს.პ. შეიძლება გაგებული იქნეს როგორც პროცესი, პრაქტიკული საქმიანობა და როგორც ამ პროცესებისა და ქმედებების შემსწავლელი მეცნიერება. ხშირად ს.პ-ს განსაზღვრავენ როგორც ისეთ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც პოლიტიკური შინაარსი აქვს. ამ ურთიერთობებს ახორციელებენ. სახელმწიფოთა მთავრობები ან უშუალოდ, ან მათ მიერ აკრედიტებული წარმომადგენლობების მეშვეობით. ს.პ-ის აქტორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ს.პ-ში საერთაშორისო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად მთავრობათშორისია და სახელმწიფოებითაა წარმოდგენილი.
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია - საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი ქვედარგი, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკაზე პოლიტიკური გარემოს ზემოქმედებასა და, პირიქით, საერთაშორისო პოლიტიკაზე ეკონომიკის ზეგავლენას შეისწავლის. ს.პ.ე-ის, როგორც ცალკე დისციპლინის წარმოშობას ხელი შეუწყო ბრეტონ-ვუდსის სისტემის ფორმირებამ და საერთაშორისო დახმარების განვითარებამ, რამაც უფრო მწვავედ დააყენა საერთაშორისო ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენის პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან გამიჯნულად შესწავლის უარყოფითი ტენდენცია, გარკვეულწილად, ს.პ.ე-ის გამოცოცხლებამ შეაჩერა. ისევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ს.პ.ე-შიც მიმდინარეობს პარადიგმული კამათი ნეორეალისტურ, ნეოლიბერალურ და რადიკალურ მიმდინარეობებს შორის.
საერთაშორისო რეჟიმი - მოლოდინების, ინტერესების, პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მოცემულ სფეროში მოქმედებს და რომელზეც საერთაშორისო პროცესების მონაწილეები თანხმდებიან. ამ თანხმობის საფუძველია ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობის ინტერესი. რეჟიმების თეორია საერთაშორისო ურთიერთობებში მჭიდროდაა დაკავშირებული ურთიერთდამოკიდებულების ცნებასთან (იხ. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება) და ლიბერალურ ინსტიტუციონალიზმთან. ს.რ-ის შექმნამ შეიძლება ინტეგრაციის პროცესებამდე მიგვიყვანოს. რეჟიმების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, რეალისტების აზრით, აუცილებელია ჰეგემონური სტაბილურობა, რომლის პირობებშიც რომელიმე დიდი სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს რეჟიმის შექმნასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მეორე მხრივ, ნეოლიბერალები ამტკიცებენ, რომ ჰეგემონის როლი მხოლოდ რეჟიმის შექმნისას არის გადამწყვეტი, მაგრამ თუ რეჟიმი შეიქმნა, მაშინ ის საკუთარ ფუნქციონირებას თავადვე უზრუნველყოფს და ჰეგემონის ჩარევა აუცილებელი აღარაა. ს.რ-ების ტიპებია: უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი, კომუნიკაციისა და ეკონომიკური რეჟიმები. ს.რ-ის მაგალითია ბრეტონ-ვუდსის სისტემა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა.
საერთაშორისო საზოგადოება - პირველად ეს ტერმინი გვხვდება საერთაშორისო სამართლის მეცნიერების მამამთავრის, XVIIს-ის ჰოლანდიელი იურისტის ჰუგო გროციუსის შრომაში „ომისა და მშვიდობის სამართალი“ (1625), სადაც მითითებულია, რომ „სახელმწიფოთა დიდი საზოგადოება“ ის ძირითადი საფუძველია, რომელზეც საერთაშორისო სამართლის, წესრიგისა და თანამშრომლობის შენობა უნდა აიგოს. კამათი ს.ს-ის რაობასა და, საერთოდ, მისი არსებობა-არარსებობის შესახებ დღემდე გრძელდება. ბევრს საეჭვოდ მიაჩნია ასეთი საზოგადოების საერთაშორისო მასშტაბით არსებობა ამიტომ მკვლევართა უმრავლესობა ამჯობინებს გამოიყენოს უფრო ნეიტრალური ცნების გამომხატველი ტერმინი - „სახელმწფოთა საერთაშორისო სისტემა“, რომელშიც იგულისხმება საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილეებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული მოდელი სპეციფიკურ (საერთაშორისო) გარემოში, მაგრამ არ არის ურთიერთდამოკიდებულების ის დონე და ხარისხი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას საზოგადოება ეწოდოს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ ს.ს-ის არსებობა უკვე ფაქტია და მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობათა ს.ს-ად გარდაქმნის პროცესი. ს.ს-ის იდეის მხარდამჭერები განსაკუთრებით ბევრია საერთაშორისო ურთიერთობათა ინგლისური სკოლის წარმომადგენლებს შორის. მათი აზრით, თვით საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ძირითადი ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგის პირობების შესწავლა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჰ.ბული წერს, რომ „სახელმწიფოთა საზოგადოება (საერთაშორისო საზოგადოება) არსებობს მაშინ, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ინტერესები და ფასეულობათა სისტემა აქვთ, აცნობიერებენ საკუთარი ინტერესების გარკვეული შეზღუდვის საჭიროებას და ამასთანავე ერთმანეთთან ურთიერთობებში ერთობლივი მართვისა და საერო ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას“. ინსტიტუტები, რომლებმაც ს.ს-ში წესრიგი უნდა უზრუნველყოს, არის საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალთა წონასწორობა.
ს.ს-სა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველი მათგანისათვის აუცილებელია საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იზრდება ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენცია, რომლის რეალიზაციის პირველ ეტაპს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა წარმოადგენს.
საერთაშორისო საზოგადოების ინსტიტუტები - წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს. ჰ.ბულის მიხედვით, ს.ს.ი-ა საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, ომი, საერთაშორისო ორგანიზაცია, ძალთა წონასწორობა. ეს ინსტიტუტები საერთაშორისო სისტემის მდგრადობას განაპირობებს, რადგან ამკვიდრებს საერთო ღირებულებებისა და ქცევის წესების ნაკრებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო „საზოგადოებრივ“ ხასიათს ანიჭებს და ამით მასში წესრიგის დამყარებასაც უწყობს ხელს (იხ. აგრ. საერთაშორისო საზოგადოება).
საერთაშორისო სამართალი - ტერმინი შემოტანილ იქნა 1780 წელს ინგლისელი მეცნიერის ჯერემი ბენთამის მიერ. განარჩევენ საერთაშორისო საჯარო სამართალსა და საერთაშორისო კერძო სამართალს. საერთაშორისო კერძო სამართალი არეგულირებს ინდივიდების უფლებებსა და მოვალეობებს თავისი სახელმწიფოს გარეთ (სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო არენაზე). საერთაშორისო საჯარო სამართალი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის იმ წესების ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა მიერ აღიარებულია იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს. ეს ნორმები თავს იჩენს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და მათ შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. ს.ს-ს ისტორიულად სახელმწიფოები ქმნიდნენ. XXს-ის მეორე ნახევარში საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს; სახელმწიფოს მაგვარ წარმონაქმნს (მაგ., ვატიკანი 1929 წლიდან). ს.ს-ის სრულუფლებიან სუბიექტად დღესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფო ითვლება. სწორედ სახელმწიფოები ქმნიან და იცავენ საყოველთაო ს.ს-ში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მართლწესრიგს.
შიდასახელმწიფოებრივი სამართლისაგან ს.ს. (აქ და ქვემოთ ყველგან საერთაშორისო საჯარო სამართალი იგულისხმება) მრავალი თავისებურებით განსხვავდება: ა) ფიზიკური პირი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ძირითადი სუბიექტია, არ მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში; ბ) ს.ს. არეგულირებს მთავრობათშორის ურთიერთობებს, ე.ი. იმ ურთიერთობებს, რომლებშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ როგორც უზენაესი სუვერენული ხელისუფლების მქონე ერთეულები. სახელმწიფოში მოქმედი სხვა ელემენტები - პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები - მოკლებული არიან საერთაშორისო-სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას, რაც არ გამორიცხავს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობოთაშორის ურთიერთობებში; გ) ს.ს-ის ნორმებს სახელმწიფოები და სხვა სუბიექტები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან. არ არსებობს ცენტრალიზებული, სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ორგანო; დ) სახელმწიფოები თუ სხვა სუბიექტები იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც თვითონვე დააწესეს და რომელთაგან უმთავრესია შემდეგი - დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია თავისი ძალებით ან სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიცვას შელახული უფლებები. თანამედროვე ს.ს-ს საყოველთაო ხასიათი აქვს, იგი დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა კონტინენტის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მოიცავს. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალისტური და სოციალისტური კოლონიური სისტემების მსხვრევისა და საერთაშორისო მართლწესრიგის დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის შედეგად.
ს.ს-ის რეგულაციის სფერო დღითი დღე იზრდება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ს.ს-ის დარგების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: დიპლომატიური და საკონსულო სამართალი, საზღვაო სამართალი, საჰაერო სამართალი, კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი; განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგებად ჩამოყალიბდა.
საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება - იხ. სამოქალაქო საზოგადოება.
საერთაშორისო სისტემა - სისტემა, რომლის შემადგენელი ელემენტებია საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტები (პირველ რიგში, სახელმწიფოები). ამ სუბიექტებს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობათა ხარისხი და თავისებურებანი განსაზღვრავენ კიდევაც მთელი სისტემის ხასიათს. თვითონ ტერმინი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების ერთმანეთზე დამოკიდებულების დონე ისეთი მჭიდრო და ურთიერთგანმსაზღვრელია, რომ აკმაყოფილებს პირობას, იწოდებოდეს ს.ს-ად. ამგვარად, საერთაშორისო ურთიერთობებს სისტემური ხასიათი აქვს და სხვადასხვა ტიპის ქვესისტემათა ერთობლიობას წარმოადგენს.
ს.ს. რთული, ჩაკეტილი სისტემაა. თითოეული მისი ელემენტი, თავის მხრივ, სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, სახელმწიფოები ს.ს-ის ელემენტებია, მაგრამ სახელმწიფო თვითონ არის სისტემა, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფები თუ ინტერესები ქვესისტემებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. საგარეო პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფოები აწარმოებენ, სისტემის ელემენტებს შორის კავშირების ფორმაა, რომლის ხასიათი, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს სისტემის ხასიათს. ს.ს-ის ხასიათზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს მისი ძირითადი ელემენტების (უმთავრესი სახელმწიფოების) საგარეო-პოლიტიკური მიზნები და ორიენტაციები. კერძოდ, სუპერსახელმწიფოების ურთიერთობებმა შეიძლება საერთოდ შეცვალოს ს.ს-ის სტრუქტურა.
მკვლევრები ს.ს-ში გამოყოფენ ორ ძირითად, ფუნდამენტურ სისტემურ პროცესს - კონფლიქტსა და თანამშრომლობას, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრავენ სისტემის ხასიათს, ხოლო სახელმწიფოების ქმედება თითქოს რეაგირებაა ამ „წინასწარ მოცემულ“ პროცესებზე. აღნიშნული პროცესებისა და, საერთოდ, ს.ს-ის სათანადო რეგულირების მიზნით იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციები, მუშავდება საერთაშორისო სამართლის ნორმები და ა.შ.
სტრუქტურის მიხედვით გამოყოფენ ს.ს-ის სხვადასხვა ტიპს. ძირითად კრიტერიუმად მიჩნეულია ძალოვანი დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის. ამ თვალსაზრისით კ.ჰოლსტი ს.ს-ის ხუთ ტიპს გამოყოფს. (იერარქიული, დიფუზური, დიფუზიურ-ბლოკური, ერთპოლუსიანი, მრავალპოლუსიანი), მ.კაპლანი კი - ექვსს (იერარქიული, რბილი ბიპოლარული, ხისტი ბიპოლარული, უნივერსალური, ძალთა წონასწორობისა, ერთეული ვეტოს); მკვლევართა უმრავლესობის აზრით, პრაქტიკაში არსებითად თავს იჩენს მხოლოდ ორი ტიპი: 1) რბილი ბიპოლარული (ორ პოლუსად დაყოფილი მსოფლიო, სადაც ქვეყნების გარკვეული ჯგუფი შეიძლება შედარებით დამოუკიდებელი იყოს და არც ერთ პოლუსს არ მიეკუთვნებოდეს) და 2) ძალთა წონასწორობისა, სადაც რამდენიმე პოლუსს შორის ძალთა გადანაწილება განაპირობებს სტაბილურობასა და ამის შესაბამისად სისტემის მდგრადობას.
სოციალისტური სისტემის ნგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო რბილი ბიპოლარული სისტემიდან გადაიქცა დიფუზურ, ანუ მრავალპოლუსიან სისტემად. თუმცა ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ აშშ-ის დარჩენის გამო ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე სისტემას უნიპოლარულს (ერთპოლუსიანს) უწოდებს და ვარაუდობს მის გადაქცევას იერარქიულ (აშშ-ზე დამოკიდებულ) სისტემად. უფრო ოპტიმისტური პროგნოზით - მსოფლიოს მომავალია უნივერსალური სისტემა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მორალი საერთაშორისო სისტემის რეგულირებისა და მდგრადობის განმსაზღვრელი ფაქტორები იქნება.
საერთაშორისო ტერორიზმი - საერთაშორისო ხასიათის დანაშაულის ნაირსახეობა. გამოიხატება ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების მოქმედებით ან მოქმედების მუქარით, რომელიც მიმართულია გარკვეული მიზნების (უმეტესად პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური და სხვ.) მისაღწევად ძალადობის, ტერორისტული აქტების საჯაროდ განხორციელებით, მოსახლეობის ან ხელისუფლების დაშინებით და მასზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლით. ს.ტ. არის საერთაშორისო მასშტაბის საზოგადოებრივად საშიში ქმედებების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, დიპლომატიური სამსახურებისა და მათი პერსონალის ნორმალური საქმიანობის მოშლას, აბრკოლებს საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობას. ს.ტ-ისათვის დამახასიათებელი ნიშანია სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების ტერორისტულ ჯგუფებში (ორგანიზაციებში) გაერთიანება, ერთი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ მეორე სახელმწიფოში ტერორისტული აქტის ჩადენა, ინდივიდის ან ტერორისტული ჯგუფის ქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის ან დიპლომატიური წარმომადგენლებისა და დიპლომატიური აგენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოთა ოფიციალურ წარმომადგენელთა (სახელმწიფო მეთაური, მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვ.), საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პერსონალის წინააღმდეგ. ს.ტ-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიღებულია როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აგრეთვე, სახელმწიფოთა შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები.
2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ საერთაშორისო სამართლის თეორია და პრაქტიკა მკვეთრად იცვლის პოზიციას და ერთხმად აღიარებს ს.ტ-ს როგორც ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი აქტების მოწყობა-ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები წარდგებიან საერთაშორისო იურისდიქციის მქონე სასამართლოს წინაშე, ხოლო ის სახელმწიფო, რომელიც თავშესაფარს აძლევს საერთაშორისო ტერორისტებს, მათ ლიდერებს და აძლევს უფლებას იქონიონ იქ სასწავლო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა, შეიძლება გახდეს სამხედრო ოპერაციების ობიექტი დაზარალებული სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან.
საერთაშორისო ურთიერთობების თეორია - საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ძირითადი დისციპლინა, შეისწავლის სახელმწიფოებსა და სხვა სუბიექტებს შორის მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საზღვრების გადაკვეთით ხორციელდება. საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც ცალკე დარგის სამეცნიერო შესწავლა დაიწყო 1919 წელს, როდესაც უელსში, აბერისთვითის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კათედრა დაარსდა. საერთაშორისო ურთიერთობების ერთიანი თეორია არ არსებობს. არსებობს რამდენიმე სკოლა და პარადიგმა, რომელთა შორის მიმდინარე დებატები ს.უ.თ-ის ბირთვს შეადგენს. საერთაშორისო თეორიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა მარტინ უაიტმა შემოგვთავზა საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ნააზრევის სამი კლასიკური ტრადიცია: რეალიზმი, რაციონალიზმი და რევოლუციონიზმი. XXს-ში საერთაშორისო ურთიერთობების გავლენიანი სკოლებიდან ერთმანეთს ცვლიდა რეალიზმი, ბიჰევიორიზმი, ნეორეალიზმი, ნეოლიბერალიზმი, საერთაშორისო საზოგადოების თეორია, მსოფლიო სისტემების თეორია, კრიტიკული თეორია და პოსტმოდერნიზმი. ხოლო ძირითადი, გადამწყვეტი პარადიგმატული დებატები მიმდინარეობდა ჯერ იდეალიზმსა და რეალიზმს, ხოლო შემდეგ რეალიზმსა და ბიჰევიორიზმს შორის. თანამედროვე ს.უ.თ-ში ძალას იკრებს ნორმატიული მიდგომები, რომელთა განვითარება საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ მიმდინარეობთან ახალ პარადიგმატულ დებატებს მოასწავებს.
საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგია - სოციოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას: თანამშრომლობის, თანაარსებობის, ურთიერთგაგების, კონფლიქტის, კოლონიზაციის და ა.შ. სოციოლოგიურ ასპექტებს. ს.უ.ს-ის მთავარი ამოცანაა ახსნას სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის არსებობის მიზეზები, შეიმუშაოს მისი გადაჭრის გზები და მეთოდები, დასახოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ისეთი რაციონალური ფორმები, რომლებიც ემყარება ჰუმანიზმის, თანასწორობის, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთპატივისცემის აღიარებულ პრინციპებს. თანამედროვე პირობებში, როცა მასობრივი განადგურების საშუალებების არსებობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ს.უ.ს-ის ფოკუსში ექცევა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების სისტემის უზრუნველყოფის, განიარაღების, საერთაშორისო ტერორიზმის, ეკოლოგიური კრიზისის, სეპარატიზმის დაძლევის სოციალური საკითხები, ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება, ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია, რაც ორიენტირებულია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.
ს.უ.ს-ის კვლევის მეთოდებია: სტრუქტურულ-ფუნქციური ანალიზი (ა.ეტციონი), სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი (ი.გალტუნგი), ლიბერალურ-დემოკრატიული მიდგომის მეთოდი (ჩ.ნილსი), სისტემური კვლევისა და მოდელირების მეთოდი, შედარებით-ისტორიული მეთოდი, თამაშისა და ოპერაციონალიზმის მეთოდი და ა.შ.
საერთაშორისო წერიგი - სახელმწიფოთა ურთიერთქმედების გარკვეული წყობა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიზნების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ჰ.ბულის განმარტებით, ეს მიზნებია: სიცოცხლის დაცვა ხელყოფისაგან, დადებული პირობების შესრულება და საკუთრების უფლების გარკვეული დონით უზრუნველყოფა. ს.წ-ს აქვს პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ეკონომიკური და სამხედრო წახნაგები. თანამედროვე ს.წ. ვესტფალიის ზავის შედეგად დამყარებულ საერთაშორისო სისტემას ახასიათებს (იხ. ვესტფალიის სისტემა). მისი ნიშნებია ანარქია (ანუ უზენაესი მთავრობის არარსებობა) და სუვერენულ სახელმწიფოთა სიმრავლე, რომლებიც ურთიერთქმედებისა და ქცევის საერთო სტანდარტებს აღიარებენ. თანამედროვე ს.წ. სახელმწიფოების სუვერენულობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად გვევლინება. წესრიგის მიზანი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაა, რასაც ხშირად სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი ეწირება. ე.ი. წესრიგი შეიძლება სამართლიანობის გარეშეც დამყარდეს, მაგრამ არა პირიქით. გარდა ამისა, ს.წ-სა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ხშირად საჭირო ხდება მშვიდობის დარღვევაც.
საერთაშორისო ხელშეკრულება - ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ., მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. ს.ხ-ის მხარედ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები გვევლინებიან, ძირითადად, სახელმწიფოები. საერთაშორისო ჩვეულებისაგან განსხვავებით ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. ზეპირი, ე.წ. ჯენტლემენური შეთანხმებები, რომლებიც წარსულშიც ნაკლებად გამოიყენებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში თითო-ოროლა შემთხვევის გარდა აღარ გვხვდება.
საველე გამოკვლევა - ზოგადი ტერმინია. ის აღნიშნავს სოციოლოგიურ გამოკვლევას, რომლის მიზანია სოციალური ობიექტის უშუალო და ყოველმხრივი შესწავლა ბუნებრივ პირობებში. ს.გ. განსხვავდება ლაბორატორიული და მასობრივი შერჩევითი გამოკვლევებისაგან. ის პირველად გამოიყენეს XXს-ის 20-იან წლებში „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენლებმა. ს.გ. დღესაც სოციოლოგიური ანალიზის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად ითვლება.
სოცილიოგიურ ლიტერატურაში არ არსებობს ამ ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება. ზოგიერთი სოციოლოგი ამ ტერმინით რამდენიმე მეთოდს აერთიანებს (მაგ., არასტრუქტურიზებული ინტერვიუ, ჩაღრმავებული ინტერვიუ, დაკვირვება, მონაწილე (ჩართული) დაკვირვება, კოლექტიური (ჯგუფური) დისკუსიები, ცხოვრების ისტორიები (life history), ცალკეული შემთხვევების შესწავლა (case-stuady), და სხვ.), რომელთა საშუალებითაც მკვლევრები უშუალოდ და სიღრმისეულად (საფუძვლიანად) შეისწავლიან საზოგადოების რეალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესასწავლი ობიექტის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. ზოგი სოციოლოგი კი ტერმინებს ს.გ. და „ჩართული (მონაწილე) დაკვირვება“ ხმარობს როგორც სინონიმებს. ს.გ-ებს „ბუნებრივ ექსპერიმენტებსაც“ უწოდებენ, რადგან ექსპერიმენტული ობიექტი მის ბუნებრივ სოციალურ კონტექსტში განიხილება, ხოლო ექსპერიმენტული სიტუაცია არსებითად არ განსხვავდება იმ ინდივიდების ბუნებრივი პირობებისაგან, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობენ. ზოგჯერ ს.გ-ის ნაცვლად იყენებენ ტერმინს „საველე მუშაობა“, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერ კვლევით მუშაობას, რაც შენობის, ოფისის გარეთ, „ველად“ ტარდება.
ს.გ-ს შედეგად მიღებული ინფორმაცია უფრო სარწმუნოა, ვიდრე შერჩევითი გამოკითხვის მონაცემები, მაგრამ მას რეპრეზენტატულობა აკლია.
ს.გ-ები არის როგორც ფართომასშტაბიანი (მაგ., მასობრივი ანკეტირება ან ინტერვიურება, რომლებსაც უამრავი ინტერვიუერი ატარებს), ისე მცირემასშტაბიანი (მაგ., ჩართული დაკვირვება ან შემთხვევის შესწავლის მეთოდი (case-study), რომელსაც მხოლოდ ერთი მკვლევარი ატარებს).
გამოკვლევის ფორმები დამოკიდებულია კვლევის ამოცანებზე. გამოკვლევის მიზანი განსაზღვრავს შესასწავლ პოპულაციასა და გამოკვლევის საშუალებებს.
კვლევის მიზნისა და გამოყენებული საშუალებების მიხედვით განარჩევენ ს.გ-ის სამ ძირითად კატეგორიას: 1. დაზვერვითი (საძიებო) გამოკვლევა (მისი მიზანია ჯერ კიდევ უცნობი პროცესების გამოკვლევა, მას საფუძვლად არ უდევს ზუსტი ჰიპოთეზები, ძირითადად დესკრიპტული ხასიათი აქვს), 2. ანალიტიკური ანუ დიაგნოსტიკური გამოკვლევა (მისი მიზანია პრაქტიკული სოციალური პრობლემებისა და მისი გადასაჭრელი გზების, საშუალებების გამოვლენა, პრობლემის გადაწყვეტა), 3. ექსპერიმენტული გამოკვლევა (საველე ანუ ბუნებრივი ექსპერიმენტი, რომლის მიზანია წამოყენებული ჰიპოთეზების ბუნებრივ პირობებში შემოწმება). ზოგიერთი სოციოლოგი, აგრეთვე, გამოყოფს მონოგრაფიულ ს.გ-ს (იგი გულისხმობს ცალკეული (ერთეული) სოციალური ობიექტის შესწავლას მისი საქმიანობის ყოველმხრივი და უშუალო ანალიზის მიზნით).
ს.გ-ს ეტაპებია: ერთობების შერჩევა გამოკვლევისათვის, მათთან კონტაქტების დამყარება, გამოსაკითხი პირების დადგენა-მოძიება, მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის გაფორმება სტრუქტურული სახით, ინფორმაციის შენახვა.
საზოგადოება - სოციოლოგიის ძირითადი ცნება, აღწერს მყარად მოწესრიგებულ ერთობას, გარკვეულ სივრცეზე განფენილ (გარკვეულ ტერიტორიაზე მოქცეულ) ადამიანთა თანაცხოვრებას, რომელსაც სტრუქტურირებული მთლიანობის სახე აქვს. ადამიანის არსებობა-გადარჩენის შანსები დამოკიდებულია სტაბილურ სოციალურ კოოპერაციასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. ადამიანთა გაერთიანება ერთ ს-ში, ადამიანების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად. ამ თანამშროლობას მეტწილად სტრუქტურული და ცნობიერი ხასიათი აქვს. როგორც მთლიანობა, ერთობლიობა - ს. ყოვლისმომცველ სოციალურ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც გარკვეული ავტარკულობა (დამოუკიდებლობა, თვითკმარობა) აქვს, თუმცა ვიტალური და პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ყოველი ს. დამოკიდებულია ბუნებაზე (ბუნებრივ გარემოზე) და მასთან გაცვლითი ხასიათის ურთიერთობაზე. გელენის თანახმად, ადამიანი „ინსტინქტრედუცირებული“ არსებაა და მისი საზოგადოებრივი ცხოვრება საზოგადოებრივი ურთიერთობები და ადამიანთა ურთიერთქმედება თავისთავად, ბუნებრივად დადგენილი და ბუნების მიერ მოწესრიგებული არ არის. ადამიანების საზოგადოებრივად მართული ურთიერთქმედება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არსებობს, რომ ადამიანები თავიანთ მოქმედებაში ორიენტირებულნი არიან საერთო ინსტიტუტებზე, ღირებულებებსა და ნორმებზე და განიცდიან სანქციების მაიძულებელ ზეწოლას. ს.-ის სიმყარე დამოკიდებულია ინსტიტუციების ფორმირებასა და მათი ქმედითობის უზრუნველყოფის უნარზე, რომელთაც ყველა ძირითადი საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ.
ტ.პარსონსის თანახმად, ს-ის ფუნქციას ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებების კოოპერატიული წარმოება, ს-ის რეპროდუქცია, გარე და შიდა უსაფრთხოების დაცვა და ინდივიდებისათვის მსოფლმხედველობის, ღირებულებათა სისტემების, საზრისის სტრუქტურების შეთავაზება წარმოადგენს. სოციალურ-კულტურული ღირებულებები, ლეგიტიმირებული (აღიარებული) სოციალური ნორმები, რომლებიც პოზიტიურ და ნეგატიურ სანქციებს მჭიდროდ უკავშირდება (დასჯა და წახალისება), აწესრიგებს ადამიანთა ქცევას ყოველდღიურ სიტუაციებში. ნორმათა ამ ერთობლიობის წყალობით, ადამიანთა ურთიერთობის სფეროში ადამიანის ქცევა სიტუაციის შესაბამისად ხორციელდება და შესაძლებელია ამ ქცევის გათვლა-პროგნოზირება.
ამა თუ იმ ს-ის ფუნქციონირებისა და სიმტკიცისათვის აუცილებელია საყოველთაოდ გაზიარებული ნორმებისა და ღირებულებების არსებობა და სოციალიზაციის პროცესში მოზარდი თაობის მიერ მათი შეძლებისდაგვარად ათვისება-დასწავლა, გაშინაგანება (ინტერნალიზაცია), ყოველდღიურ მოქმედებასა და ქცევაში მათი შესრულება. ღირებულებების გაუფასურება და ნორმების გადაგვარება (ანომია) სოციალიზებული ინდივიდების ორიენტაციაში დაბნეულობას, ს-ისა და კულტურის სტაბილურობის რყევას იწვევს, მაგრამ, ამასთან, ეს მოვლენა სოციალური ცვლილებისათვის ახალ არხებს გახსნის. პიროვნების, კულტურისა და ს-ის ურთიერთშეღწევის შედეგად წარმოიშობა ადამიანთა დამოუკიდებელი, ერთმანეთში გადაწნული და შეჭიდული კავშირურთიერთობა, რომლის ელემენტები მხოლოდ აბსტრაქტულად და ანალიტიკურად შეიძლება ერთმანეთისაგან გამოცალკევდეს, რაც სოციოლოგიის როგორც მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
საზოგადოებრივი აზრი - ქვეყნის მოსახლეობის, დიდი სოციალ-დემოგრაფიული ჯგუფების დამოკიდებულება საზოგადობრივი ცხოვრების პრობლემებისადმი, გამოხატული მსჯელობებში, შეფასებებში, ემოციებში, განწყობებსა და სხვ ს.ა. ხასიათდება გარკვეული იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური მიმართულებით, აქტივობით, მდგრადობით. იგი გამოდის ექსპრესიული, მაკონტროლებელი და დირექტიული ფუნქციებით - იკავებს გარკვეულ პოზიციას, იძლევა რჩევას, გამოაქვს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საზოგადოებრივ საკითხებზე, არეგულირებს ინდივიდების, ერთობების, სოციალური დაწესებულებების მოქმედებას, მხარს უჭერს ან უკუაგდებს ამა თუ იმ წარმოდგენებს, ღირებულებებს, ნორმებს. ს.ა-ის მხედველობის არეში, ჩვეულებრივ, ხვდება სინამდვილის მხოლოდ ის მოვლენები და ფაქტები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევენ. ს.ა. შეიძლება ჩამოყალიბდეს სტიქიურად, თუმცა თანამედროვე საზოგადოებების პირობებში იგი განიცდის განსაზღვრულ ზეგავლენას მრავალრიცხოვანი სოციალური ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციებში იგი რეალობასთან ადეკვატურობის სხვადასხვა ხარისხს ავლენს. იგი შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ, ილოზორულ წარმოდგენებს სინამდვილეზე (ჰაბერმასი, პოპერი).
საზოგადოებრივი ინტერესი - რომელიმე ჯგუფის წევრების საერთო ინტერესი, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ინდივიდუალური ინტერესების იმგვარი ერთიანობისაგან, რომელიც რომელიმე ერთ სოციალურ სფეროში არსებობს. ეს სხვაობა გამომდინარეობს თვისებრივი დიფერენციაციიდან - სხვაობიდან ადამიანთა საერთო ინტერესებსა და ინდივიდუალური ინტერესების უბრალო ჯამს შორის, რომელიც ყალიბდება ინდივიდების ლოკალური მიზნების ნიადაგზე. იგივე ფენომენები შეგვიძლია ჰობსის ტერმინოლოგიით გამოვხატოთ, როგორც „საყოველთაო ნება“ და „ყველას ნება“. ჰობსის აზრით, სახელმწიფო როგორც პოლიტიკურ ურთიერთობათა სუვერენი ყალიბდება მხოლოდ საერთო ნების მოცემულობის შემთხვევაში. სხვები, ვინც არ იზიარებენ ჰობსის ამ იდეას, ცდილობენ „საყოველთაო ნების“ „ყველას ნებამდე“ რედუცირებას და მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში ს.ი-ზე მსჯელობას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს ან გულისხმობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და მისწრაფებებსაც.
საზოგადოებრივი მოძრაობები - გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების, არამედ ცალკეული ინდივიდების მოღვაწეობას, რომლებიც არ შედიან არავითარ ოფიციალურ სტრუქტურებში და ერთიანდებიან მხოლოდ იდეურ საფუძვლებზე. ს.მ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეული იდეის პოპულარიზაცია - აქტიური მხარდაჭერაა, რითაც მზადდება ნიადაგი ცვლილებებისათვის. ერთი იდეის ირგვლივ კონცენტრირებული მოძრაობის ძალა შეიძლება შესუსტდეს იდეის კონკრეტული რეალიზაციის პროცესში, როდესაც თავს იჩენს უთანხმოება მოძრაობის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის საერთო მიზნების განხორციელების გზებისა და საშუალებების შეფასებისას. ამგვარი ვითარების ნათელი მაგალითია ეროვნული მოძრაობა XXს-ის მიწურულის საქართველოში, როდესაც მოძრაობის დაშლა-დანაწილებას მოჰყვა ჯერ ერთი დაჯგუფების ინსტიტუციონალიზაცია და მეორის მარგინალიზაცია, ხოლო შემდეგ პირუკუ პროცესის განვითარება. ერთ დროს ერთიანი დინამიკური მოძრაობის ნაცვლად საბოლოო ჯამში მივიღეთ მნიშვნელოვნად განსხვავებული პლატფორმის პარტიები, რომელთა დიდი ნაწილი შეერწყა ოფიციალურ სტრუქტურებს.
საზოგადოებრივი ხელშეკრულება - პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გვერდის ავლით თავად ადამიანებს შორის უშუალოდ დადებული ხელშეკრულება. ს.ხ. განსაზღვრავს პირობებს, რომლის თანახმადაც ადამიანები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაემორჩილონ ხელისუფლებას. ჰობსის თეორიაში ს.ხ. განასახიერებდა ადამიანთა გადასვლის მომენტს ბუნებრივი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ და იმავდროულად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ს.ხ-ის თეორია განსაკუთრებით დეტალურად დაამუშავა რუსომ, თუმცა ის ჰობსთან ერთად, არ ყოფილა ამ თეორიის იშვიათი მხარდამჭერი. არსებობდა ს.ხ-ის სხვადასხვა ვერსია. ამ თეორიის თანამედროვე მნიშვნელობა განისაზღვრება არა იმით, მართლა დაიდო თუ არა სადმე ამგვარი ხელშეკრულება, არამედ პოლიტიკური ვალდებულებების საზღვრების მონიშვნით, რომელსაც საზოგადოებაში ემორჩილებიან ინდივიდები.
საზრისისეული ერთეულები - იხ. კონტენტ-ანალიზი.
საკანონმდებლო ხელისუფლება - ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლის ძირითადი ფუნქციაა კანონშემოქმედება პარლამენტში არჩეული დეპუტატების მეშვეობით. კანონშემოქმედება არ არის პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია. ს.ხ. ამტკიცებს მთავრობას, ბიუჯეტს და ასრულებს სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნქციებს. ს.ხ. წარმოიშვა შუა საუკუნეების საკრებულოებისაგან, რომლებიც სათათბირო ინსტიტუტების სახით არსებობდა მეფეების კარზე. ს.ხ-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რიგ ევროპულ ქვეყნებში რევოლუციური გარდაქმნების შედეგად განხორციელდა ხელისუფლების დეკონცენტრაცია და პარლამენტმა დამოუკიდებელი სახელისუფლებო ფუნქცია შეიძინა.
საკრალური და პროფანული - ცნება, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყენება დიურკემის სოციოლოგიურ კონცეფციაში. დიურკემთან საკრალური მოიცავს იმ მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც თაყვანისცემისა და გაფრთხილების (აკრძალვის) ობიექტებია და არ უკავშირდება ყოველდღიური ყოფის საგნებსა და მოვლენებს (პროფანული). დიურკემის თანახმად, განსხვავება ს-სა და პ-ს შორის ყოველი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. რელიგიის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკრალურად მიჩნეულ საგნებსა და მოვლენებს.
სამანდატო ტერიტორია - გერმანიის ყოფილი კოლონიებისა და ოსმალეთის სამფლობელოების ზოგადი სახელწოდება, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და ოსმალეთის დამარცხების შემდეგ ერთა ლიგის მიერ სპეციალური დავალების ანუ მანდატის საფუძველზე გადაეცა გამარჯვებულ ქვეყნებს. მანდატის მფლობელი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ მოემზადებინათ ს.ტ-ები პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. თუმცა ეს, ფაქტობრივად, კოლონიალიზმის შენიღბული ფორმა იყო.
სამართლებრივი სახელმწიფო - დემოკატიული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის სახეობა, რომელიც კანონის სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ, განუყოფელ, ადამიანისა და ხალხების საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას ემყარება. ს.ს. დემოკრატიული და ჰუმანური სამართლებრივი ნორმებით თვითშეზღუდული სახელმწიფოა. შეუთავსებელია მისი არსებობა უსამართლობასთან, თვითნებურ მმართველობასა და დიქტატურასთან, პოლიტიკაში სუბიექტივიზმსა და თვითნებობასთან, რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი დანაშაულებრიობის თარეშთან და კორუფციასთან, ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებსა და კლანურობასთან და სხვ. ასეთი სახელმწიფოს სოციალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, რომლის ცნობის გარეშე არც სახელმწიფო და არც კანონი ლიგიტიმურად არ ითვლება. სწორედ სახელმწიფო და სამართლებრივი ნორმების ლეგიტიმურობა იძლევა სამოქალაქო საზოგადოებაში კანონიერებისა და სამართალწესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ს.ს.-ს კონცეფცია სახელმწიფოსა და საზოგადოების გაუცხოებისა და მათი ურთიერთდაპირისპირების წინააღმდეგ გამოდის, ამასთან ერთად, სამართლებრივ საფუძველზე მათი ჰარმონიური ურთიერთობის აუცილებლობას აღიარებს. ს.ს.-ს უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისფლების სამი ძირითადი რგოლის - წარმომადგენლობითის (საკანონმდებლო) აღმასრულებისა და სასამართლოს რეალური დანაწილება, ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლით, რომელიც კანონიერებისა და კანონის დაცვის გარანტად გამოდის.
სამართლიანი ომი - სამართლებრივი და ზნეობრივი მიზნებისათვის ძალის საერთაშორისო გამოყენების ლეგიტიმურად გამოცხადება და ძალის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების მცდელობა. ეს ცნება თავდაპირველად ქრისტიანობის მიერ „სამართლიანი“ რელიგიური მიზნებისათვის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. ს.ო-ის ფორმალიზება ხდებოდა ომის წარმოების წესებით, რომელთაგან პირველი - ომის სამართალი - შეეხებოდა იმ პირობებს, რომლებშიც ომის გამოყენება ლეგიტიმურად ჩაითვლებოდა. ამ წესების მეორე ნაწილი, ომის წესები, თავად ომის წარმოების საშუალებებსა და მათ შეზღუდვას უკავშირდებოდა. მათი ზოგადი პრინციპი იყო ის, რომ ს.ო-ის წარმოება უსამართლო მეთოდებით იკრძალებოდა. ჰუგო გროციუსის მიხედვით, ს.ო-ის წარმოება ოთხ შემთხვევაში იყო გამართლებული: 1) თავდაცვისას; 2) უფლებების დასაცავად; 3) მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად; 4) დამრღვევი სახელმწიფო დასასჯელად. გროციუსის მიერ დაწყებულმა ომის წარმოების რაციონალიზაციამ მიგვიყვანა ომების წესების საყოველთაოდ აღიარებამდე, რაც შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებშია დაფიქსირებული და რომლებიც ომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ს.ო-ის კატეგორიას ტრადიციულად კრიტიკულად უდგებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც ომს პოლიტიკის იარაღად მიიჩნევდნენ და მის სამართლიან და ზნეობრივ მხარეებს უარყოფდნენ. ს.ო-ის რადიკალური შემთხვევაა ფუნდამენტალისტების მიერ პროპაგანდირებული საღვთო ომი.
სამართლის სოციოლოგია 1. სოციოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის სამართლის აღმოცენების (გენეზისის) განვითარებისა და მოქმედების სოციალურ პირობებს საზოგადოებაში. 2. მეცნიერების მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს მართლწესრიგის საფუძვლების სოციალური ცვლილებების შესწავლას, რაც მიმდინარეობს სამართლის ზემოქმედებით საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირების სრულყოფის მიზნით.
სამართლის სისტემის, საზოგადოების ცხოვრებაში მისი როლის კვლევისადმი სოციოლოგიური მიდგომის შემუშავებასა და განხორციელებაში არსებითი წვლილი შეიტანეს კ.მარქსმა, ე.დიურკემმა, ვ.პარეტომ, მ.ვებერმა. ს.ს. როგორც ცოდნის თავისთავადი დარგი ჩამოყალიბდა მხოლოდ XXს-ის შუახანებში, თვით ტერმინიც (თავისთავადი მეცნიერული დისციპლინის აღსანიშნავად) მეცნიერებაში შემოტანილ იქნა 1962წ. V მსოფლიო სოციოლოგიურ კონგრესზე.
ს.ს-ის კვლევის ობიექტია საზოგადოებაში არსებული სამართლის სისტემა, მისი ფორმირების, განვითარებისა და ფუნქციონირების მექანიზმები. ს.ს. შეისწავლის სამართლის როგორც საზოგადოების ფუნქციონირების სპეციფიკური სფეროს აღმოცენების სოციოლოგიურ პირობებს, ასევე სამართლის მოქმედებისა და განვითარების სოციალურ მექანიზმებსა და ფაქტორებს საზოგადოების სოციალური სტრუქტურის დინამიკასთან მიმართებაში, საზოგადოებაში გაბატონებულ სოციალურ ურთიერთობებთან და სოციალურ-კულტურულ ნორმებთან ორგანულ ურთიერთკავშირში.
ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სამართლის სოციალური განპირობებულობის კვლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ფაქტორების გამოვლენას სამართალშემოქმედებით მოღვაწეობაში.
ს.ს. (იურიდიული სოციოლოგია) ცოდნის დარგია, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს იურიდიულ მეცნიერებათა მთელ კომპლექსზე. იგი ფართოდ იყენებს ზოგადი სოციოლოგიის კვლევით არსენალს, დისციპლინათაშორისი მიდგომის გამოყენებით შეისწავლის სამართალს ფილოსოფიის, სოციალური ფილოსოფიის, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის, სტატისტიკის, მათემატიკის მიღწევებზე დაყრდნობით. სისტემური და ფუნქციური მეთოდების გამოყენებით ფართო მასშტაბით შეისწავლის ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა ნორმათა ზემოქმედება, კანონმდებლობის ეფექტურობა, მართლმსაჯულების არაფორმალური მექანიზმები, მოსახლეობის აზრი სამართლისა და კანონმდებლობის შესახებ, მართლშგნების ფორმირების პრობლემები, სამართლებრივი სოციალიზაცია და ა.შ.
XIXს-ში გაბატონებული იურიდიული პრიმიტივიზმისაგან განსხვავებით ს.ს., ფართო გაგებით, სწავლობს სამართლებრივი აქტებისა და ცალკეული ნორმების რეალურ მოქმედებას მთელი სოციალური რეგულაციის ფონზე და მასთან შერწყმით, ჩვევების, მორალის, ჯგუფური ღირებულებების, ორიენტაციებისა და სხვ. ჩათვლით. ს.ს-ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონიერებისა და ცალკეული ნორმების ეფექტურობის შესწავლას, იგი აანალიზებს სამართლის ძირითად ფუნქციებს - მარეგულირებელს, აღმზრდელობითს, პროგნოზისტულს, აგრეთვე საზოგადოებრივ აზრს სამართლისა და მართლმსაჯულების შესახებ, იურიდიული პროფესიების პრესტიჟსა და სხვ. ს.ს-ში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმდინარეობა: ნომინალისტური (ა.იაკოვლევი) და რეალისტური (ე.დიურკემი, მ.ვებერი).
სამი სტადიის კანონი - ო.კონტის მიერ ფორმულირებული ისტორიულ-სოციოლოგიური კანონი, რომლის თანახმადაც, ცნობიერება და საზოგადოების ზოგადი ფორმა გადის სამ სტადიას, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ცოდნისა და მსოფლმხედველობის გარკვეულ ტიპს. პირველ - თეოლოგიურ სტადიაზე, ცოდნა განმსჭვალულია „თოლოგიური“ კონცეფციებით. გონება მოვლენის ახსნას ცდილობს ზებუნებრივი ძალების, ღმერთების ზემოქმედებით. ამ სტადიას შეესაბამება საზოგადოება, სადაც ქურუმები და მონარქები ბატონობენ; მეორე - ეს არის „მეტაფიზიკური“, სპეკულაციური ცოდნის სტადია, რომელიც დაკავშირებულია სოციალური კრიტიციზმის ეპოქასთან, აგრეთვე პოლიტიკურ გადატრიალებასა და რევოლუციასთან. მეტაფიზიკური მსოფლმხედველობა, კონტის აზრით, თეოლოგიურის სახეცვლილებაა. აქ ყველა მოლენის საფუძველს აბსტრაქტული, მეტაფიზიკური არსებები შეადგენენ. მესამე - პოზიტიური მეცნიერული ცოდნის თანამედროვე ერა. ეს არის „საიმედო“ ცოდნის ეტაპი, რომელშიც, როგორც კონტი იმედოვნებდა, მოხდება სოციალური რეორგანიზაცია რაციონალური მართვისა და „რელიგიური ჰუმანიზმის“ საფუძველზე. საზოგადოებას უხელმძღვანელებენ მრეწველები და ბანკირები, რომლებიც განსწავლულნი იქნებიან სოციოლოგიაში, მართვის ხელოვნებაში. ახალ ერას კონტი უწოდებდა „პოზიტიურს“, საპირისპიროდ „ნეგატიური“, სპეკულატური „მეტაფიზიკური“ ერისა. პოზიტიური ერის საზოგადოებაში დამკვიდრდება ახალი მეცნიერული მორალი, თავისუფლება გამოვა ბუნების კანონების შესაბამისი მოთხოვნებიდან სოციოლოგიის მიერ გამოვლენილი კანონების შესაბამისად.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - მორალური პრინციპების საფუძველზე დამყარებული ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის პოლიტიკური აქცია. ტერმინი პირველად გამოიყენა ჰენრი ტორომ პამფლეტში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობის შესახებ“ (1849), მაჰათმა განდის მიერ შემუშავებული ს.დ-ის კამპანია პასიური წინააღმდეგობის ტაქტიკის გათვალისწინებით აქტიურად გამოიყენებოდა ინდოეთში ბრიტანული მმართველობის წინააღდეგ.
სამოქალაქო თავისუფლება - ლეგიტიმურ ქცევათა სისტემა, რაც გარანტირებული უნდა ჰქონდეს ადამიანს თავისი უფლებების დასაცავად როგორც სხვა კერძო პირების, ასევე სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და სასამართლოს მოხელეების ჩარევისაგან. ასეთი თავისუფლებების რიგს ქმნიან ისეთი კონკრეტული თავისუფლებები, როგორიცაა პოლიციის მიერ თვითნებური დაკავებისაგან დაცვა, სიტყვის, კრებების, ასოციაციებში გაერთიანების, გადაადგილების თავისუფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და ა.შ. ს.თ-ებისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს საბოლოო ჯამში კონსტიტუცია იძლევა.
სამოქალაქო საზოგადოება - განვითრებული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სულიერ-ზნეობრივი უერთიერთობების საზოგადოება, რომელსაც ახასიათებს მაღალი საერთო და სოციალურ-პოლიტიკური კულტურა. მისი წევრები - მოქალაქეები გამოირჩევიან მაღალი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობით, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში პრიორიტეტს საზოგადოებას ანიჭებენ და ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის სამსახურის აუცილებლობას. ს.ს-ის წარმოქმნა განუხრელად უკავშირდება თანამედროვე ცივილიზაციის სრულყოფას. ორივე ეს პროცესი მოითხოვს როგორც პიროვნების უწყვეტ სრულყოფას, მის ჭეშმარიტად თავისუფალ, სრულუფლებიან, აქტიურ, სათანადო სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის მქონე მოქალაქედ გარდაქმნას, ასევე ს.ს-ის ფუნქციონირების, მოწყობისა და განვითარების უზრუნველყოფას. ს.ს. შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ დემოკრატიზმის, ჰუმანიზმის, საზოგადოებრივი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის საფუძველზე. იგი შეუთავსებელია ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმთან, ადამიანის, ხალხებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევასთან, შოვინიზმთან, რასიზმთან, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და ა.შ. ჰეგელისა და მარქსის თვალსაზრისით, ეკონომიკური ურთიერთობები ურთიერთობების შუალედური ფორმაა, რომელიც სახელმწიფოსა და ოჯახს შორისაა მოქცეული. უფრო ზოგადი აზრით ს.ს. ფართო სოციალური ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის სფეროა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკონომიკის მკაცრი ზემოქმედების საპირწონეს წარმოადგენს. ს.ს.-ის და „სამოქალაქო მთავრობის“ ტერმინის თავდაპირველად გამოყენებას მიზნად ჰქონდა დაპირისპირება „ბუნებრივ საზოგადოებასა“ და „ბუნებრივ სახელმწიფოსთან“. ა.ფერგიუსონი ამ ტერმინს იყენებდა დასავლური ცივილიზაციის და მისი შესაბამისი მმართველობის ფორმების, ასევე პოლიტიკური მმართველობის „დესპოტური“ (აღმოსავლური) ფორმებისგან გასამიჯნად. ს.ს-სთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება მარქსისტების მიერ ცხადდებოდა უფრო მოჩვენებით, ვიდრე რეალურ თავისუფლებად, მაგრამ როგორც მარქსიზმში (მაგ., ა.გრამშისთან), ასევე, ზოგადად სოციოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებულია ს.ს-ის გამოყოფა „ბუნების“, „ოჯახისა“ და „სახელმწიფოსაგან“. ს.ს-ის თეორია მოცემულია ლოკის, ჰობსის, რუსოს და სხვა მოაზროვნეთა შრომებში. ს.ს.-ის პრობლემებს იკვლევს თანამედროვე გერმანელი სოციოლოგი ი.ჰაბერმასი.
სამოქალაქო უფლებები - კანონით გარანტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელიც გააჩნია ყოველ მოქალაქეს როგორც საზოგადოების წევრს. ნებისმიერი სახელმწიფო თავის მოქალქაქეებს კონსტიტუციურ და სხვა სახის გარანტიების მინიჭებასთან ერთად ს.უ-საც ანიჭებს. მაგრამ ხანდახან კონსტიტუცია აღიარებს უფლებებს და არ იძლევა მოქალაქეების მიერ მათი განხორციელების საშუალებას. საქართველოს თანამედროვე კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციას რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური პრინციპით. მოქალაქეებს შეუძლიათ ზოგიერთი თავისი უფლება სახელმწიფოსთან კამათში დაიცვან (მაგ., მიმართონ ევროსასამართლოს და სხვ.).
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები - ს.ჰანტინგტონის განმარტების თანახმად, სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციონალური დონე, ანუ მანერა - რომლითაც ეს პოლიტიკა ფორმულირდება და ხორციელდება. ს.-ს. უ.-ის არსი და დანიშნულებაა სამხედრო ხასიათის გარეშე საფრთხეების იმგვარი განსაზღვრა და მათზე რეაგირების ისეთი გზების მოძიება, რომელიც უსაფრთხოების მაქსიმალიზაციას მოახდენს სხვა საზოგადოებრივი ღირებულებების მინიმალური მსხვერპლშეწირვით. ამ მიზნის მიღწევა გულისხმობს ძალაუფლებისა და შეხედულებების ბალანსს სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფებს შორის. ამასთან, ს.-ს.უ. არ მოქმედებს მხოლოდ ტრადიციულად სამხედრო ხასიათის, საგარეო ძალთაგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების პროცესში. სხვაგვარად, თანამედროვე ეტაპზე იგი მხოლოდ შედარებით მეორეხარისხოვანი ნაწილი იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსისა. სამხედრონი სულ უფრო ინტენსიურად ხდებიან არატრადიციული საქმით დაკავებულნი და უსაფრთხოების ნებისმიერი ასპექტი მათი ყურადღებისა და საქმიანობის სფეროც ხდება. არმიისათვის შედარებით უჩვეულო პოლიციური ნიშნების მქონე მასები მხოლოდ განვითარებადი სამყაროსათვის არაა აქტუალური. განვითარებულ ქვეყნებშიც თანამედროვე სამხედროებს მშვიდობიან პერიოდშიც ბევრი საქმე უჩნდებათ და მათთვის განსხვავება ომსა და მშვიდობას შორის იშლება. სამხედრო ძალების ქმედებებში იზრდება ანტიტერორისტული და ანტიპარტიზანული მოქმედებების, სამოქალაქო მოსახლეობისათვის დახმარების, სამხედრო დიპლომატიის ადგილი. როგორც წესი, შეიარაღებული ძალები ფლობენ ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მატერიალურ ძლიერებას, რომელიც მათ შეუცვლელს ხდის ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს. მაგრამ სამხედროთა მზარდ როლში იმალება მუდმივი და თავისთავად მზარდი პრობლემა: როგორ უნდა ხდებოდეს სამხედროთა როლის შეზღუდვა ხელისუფლებისა და ხალხის მსახურის ფუნქციით. სწორედ ესაა ს.-ს.უ-ის საკვანძო საკითხი. დემოკრატიის იმპერატივია სამხედროების პოლიტიკისაგან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისაგან განზე გადადგომა, მაგრამ ახალი როლებიდან თუ სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ბუნებიდან გამომდინარე, სამხედროს არ შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტური პოლიტიკური იმუნიტეტი. საქმე იმ ბალანსის პოვნაა, რომლის დროსაც სამხედროთა ჯგუფური ინტერესები პოლიტიკურ ჩარჩოებში და დემოკრატიული თამაშის წესების ფარგლებში იქნება მოქცეული. ს.-ს.უ-ის პრობლემა სამხედროთა ინტერესების დაცვის ფორმებისა და მექანიზმების, სამოქალაქო ინტერესებთან, დემოკრატიასთან და სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაა.
სანქცია - ზომების ერთობლიობა, რომელიც, გამოხატულია პოზიტიური (წახალისების) ან ნეგატიური (დასჯის) ფორმებით და ემსახურება საზოგადოებაში სოციალური ნორმების დაცვასა და მხარდაჭერას. თავის მხრივ, ს-ები შეიძლება იყოს ფორმალური (მაგ., იურიდიული ხასიათის, როგორიცაა დაპატიმრება კანონდარღვევის საფუძველზე, ჯარიმა, ოფიციალური საყვედური, ან, პირიქით, მადლობა) და არაფორმალური (მაგ., ლინჩის წესით გასამართლება). ს-ები ლეგიტიმურობას, ანუ კანონიერებას იძენენ ნორმების საფუძველზე, ხოლო ნორმები, თავის მხრივ, ახდენენ სოციალური ღირებულების რეალიზაციას. მაგ., ღირებულებას წარმოადგენს ინდივიდის სიცოცხლე და კეთილდღეობა; შესაბამისად, არსებობს სოციალური ნორმები (კანონები), რომლებიც კრძალავს მკვლელობას, შეიარაღებულ თავდასხმას და სხვ. ნორმებთან დაკავშირებულია ს-ები, მაგ., დაპატიმრება, როდესაც ხდება სოცოცხლის ხელყოფა.
საპარლამენტო პარტია - ისეთი პარტია, რომელიც თავისი პროგრამის განხორციელებასა და საამისოდ ხელისუფლების სათავეში მოსვლას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით ცდილობს. საქმე ისაა, რომ ყველა პარტია არ თვლის ხელისუფლების სათავეში მოსვლის ერთადერთ საშუალებად არჩევნებში გამარჯვებას. არასაპარლამენტო პარტიების ყველაზე ტიპიური ნიმუში იყო ბოლშევიკების, შემდგომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, რომელმაც რეალურად ქვეყნის მართვის სადავეები ჯერ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩაიგდო, ხოლო შემდგომ ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების კვალად შეეზარდა სახელმწიფო სტრუქტურებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის განსხვავება ზეგავლენას იქონიებს მათ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და იდეოლოგიაზე. კომპარტია თავისი მუდმივი პირველადი ორგანიზაციებითა და ე.წ. დემოკრატიული ცენტრალიზმის ორგანიზაციული პრინციპით უფრო გასამხედროებულ დაჯგუფებას ჩამოჰგავდა, განსხვავებით დასავლური პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა პოლიტიკური აქტივობა ძირითადად არჩევნების მომზადებასა და შემდგომ შიდა საპარლამენტო ბრძოლებში ვლინდება.
საპარლამენტო რესპუბლიკა - იხ. რესპუბლიკა
საპარლამენტო სუვენერიტეტი - სახელმწიფოებრივი მოწყობის ოფიციალური იდეოლოგიური პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სასამართლოს მიერ გადახედვას არ ექვემდებარება, ხოლო კონსტიტუციური ან სხვა სახის კანონმდებლობის შესაცვლელად აუცილებელი არ არის კვალიფიციური უმრავლესობის ხმა ან რაიმე სახის განსაკუთრებული პროცედურა.
საპარლამენტო წყვილი - ტერმინი გამოიყენება საპარლამენტო მოღვაწეობაში გავრცელებული პრაქტიკის აღსანიშნავად, რომლის დროსაც დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ურთიერთმოლაპარაკების შედეგად არ მონაწილეობენ რომელიმე საკითხის გარკვეულ პუნქტებზე გამართულ კენჭისყრაში იმგავარდ, რომ მთლიანი შედეგით არ შეცვალოს პარლამენტში არსებული არც ძალთა თანაფარდობა და არც მთელ დოკუმენტზე მოსალოდნელი გადაწყვეტილება.
საპრეზიდენტო მმართველობა - იხ. რესპუბლიკა.
სასამართლო ხელისუფლება - ხელისუფლების მესამე შტო დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, რომელსაც ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება. ს.ხ. ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი და ძირითადი ნიშანი არის ს.ხ.-ის დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. ს.ხ.-ის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში ამ ფუნქციას კონსტიტუციური სასამართლო ახორციელებს. დასასრულ, ს.ხ.-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე ზედამხედველობა.
სასიცოცხლო სივრცე - გერმანული გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომლის მიხედვითაც, ერს და, შესაბამისად, მის სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება გარკვეული სასიცოცხლო სივრცე, რომელიც მან თვითონვე უნდა შექმნას. გეოპოლიტიკის ფუძემდებელმა ფრიდრიხ რატცელმა სახელმწიფო შეადარა ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც ესაჭიროება კვება, ზრდა და განვითარება. ეს ნიშნავს ს.ს-ის ზრდას, რაც თავისთავად გულისხმობს მეზობელი სუსტი ქვეყნების შთანთქმას, მათ ხარჯზე გაფართოებასა და დაპყრობითი ომების გამართლებას. ს.ს.-ის იდეა შემდგომ განვითარებული იქნა რუდოლფ ჩელენის (კელენის) და განსაკუთრებით ნაციზმის პერიოდის გეოპოლიტიკოსების (კარლ ჰაუსჰოფერი და სხვ.) მიერ. ფაშიზმის განადგურების შემდეგ გერმანული გეოპოლიტიკა წარსულს ჩაბარდა და ს.ს-ის იდეასაც, როგორც რეაქციულსა და ცრუმეცნიერულს, სერიოზულად აღარავინ უყურებს.
სატელიტი - ძველ რომში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ პირად მცველებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ პატრონს. აქედან ტერმინმა თანმხლების, თანამგზავრის მნიშვნელობა შეიძინა. პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი უმთავრესად გამოიყენება იმ სახელმწიფოების აღსანიშნავად, რომლებიც, მართალია, ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ფაქტობრივად ემორჩილებიან სხვა, უფრო გავლენიან სახელმწიფოს. ცივი ომის პერიოდში ე.წ. სოციალისტური ბანაკის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის ს-ები იყვნენ.
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო - პოლიტიკური სისტემა, რომელშიაც სოციალური პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტული მოღვაწეობის სფერო ხდება და სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა თავისი მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას (პენსიებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური დაზღვევით და ა.შ. უზრუნველყოფას). ს.კ.ს-ს დოქტრინა პირველად დიდ ბრიტანეთში შემუშავდა, როდესაც ცალკეულ თეორიულ გააზრებებს პოლიტიკური გამოხატულება მისცა 1942 წელს ბევერიჯის მოხსენებამ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი იყო ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონკრეტული პროგრამა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ომის შემდგომაც შემუშავდა პროგრამის რეალიზაციისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. კერძოდ, შემოღებულ იქნა სავალდებულო საშუალო განათლება, სახელმწიფო დაზღვევისა და სახელმწიფო სამედიცინო სამსახურის შექმნის, აგრეთვე სახელმწიფო ბინათმშენებლობისა და ამ სფეროში მოსახლეობის სახელმწიფო დახმარების კანონები. ამგვარი პოლიტიკა გულისხმობდა სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის ახლებურ გააზრებას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ახალ ვითარებებში სახელმწიფო თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობისათვის გადაეწყვიტა არსებული პოლიტიკური სისტემის პირობებში შექმნილი პრობლემები.
საყოველთაო ნება - ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ს.ნ. მაშინ გამოიხატება, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქენი ზრუნავენ არა კერძო ინტერესებზე, არამედ მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზე. აღნიშნული კონცეფცია საღვთო ნების შესახებ ღვთისმეტყველთა დისკუსიისას ჩამოყალიბდა: ჟან ჟკ რუსო იეზუიტი ფილოსოფოსის მალბრანშის (1638-1715) გავლენას განიცდიდა. ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ მოაზროვნე სული და მატერია მათი ბუნების განსხვავებულობის გამო ერთმანეთზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული მხოლოდ უფლის ნებით ხორციელდება. რუსოს აზრით, ს.ნ-ის განხორციელება ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოში ან თავის მშობლიურ ქალაქ ჟენევაში იყო შესაძლებელი. ამ ქალაქებში არსებული დემოკრატია მხოლოდ თავის მოქალაქეებს ანიჭებდა პოლიტიკურ უფლებებს. ამრიგად, მოქალაქეები ანტიკური (და არა თანამედროვე) გაგებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, რაც საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობას ნიშნავდა და გამორიცხავდა თანამედროვე გაგებას კოლექტიური ჩარევის შესახებ. პოლიტიკური უფლებების განხორციელება სისტემის საერთო სულისკვეთების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც პატრიოტიზმზე იყო დაფუძნებული და მოქალაქეების ზნეობრივ ღირებულებებს ასახავდა.
საშუალო მნიშვნელობა - გამოითვლება ყველა ინდივიდუალური მნიშვნელობის შეკრებითა და მიღებული ჯამის გაყოფით შემთხვევების თუ დაკვირვებების რიცხვზე. როგორც წესი, საშუალო მნიშვნელობას უპირატესობა ენიჭება ინტერვალური დონის გაზომვების დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ზღვრული მნიშვნელობები გვაქვს, რომლებიც განაწილებას ამახინჯებენ.
სახელობითი კენჭისყრა - იხ. კენჭისყრა.
სახელმწიფო - პოლიტიკური ინსტიტუტების სისტემა, რომელიც აწესრიგებს საზოგადოებრივ ცხოვრებას ამა თუ იმ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მაქს ვებერის ს-ს სამი ძირითადი ნიშნით ახასიათებს - გარკვეული ტერიტორია, რომელზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლებას დაქვემდებარებული მართვის გამოკვეთილი ინსტიტუტები; ს-ს მცდელობა ლეგიტიმური ხასიათი მისცეს ძალადობას; დაბოლოს, პოლიტიკურ მმართველთა სამი ძირითადი ტიპის - ტრადიციული, ქარიზმატული და რაციონალური მმართველების არსებობა. სხვა მკვლევრები ს-ს ბუნების ანალიზის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ რეპრესიულ აპარატზე და მის სპეციფიკას იმ სახელისუფლებო სტრუქტურებში ხედავენ, რომლებსაც პრიორიტეტული ფუნქციები უჭირავთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რომლებიც ამ გადაწყვეტოლებების შესრულებისას უფლებამოსილნი არიან მიმართონ ძალადობას.
ისტორია იცნობს სახელმწიფოებრივი გაერთიანებების არაერთ ფორმას. ანტიკურ ეპოქაში ტექნიკურ-სამეურნეო ცხოვრების მაშინდელი დონის შესაბამისად, ს-ს ყველაზე დახვეწილ ფორმად ბერძნული პოლისი (ქალაქი-სახელმწიფო) მოგვევლინა, რომლის თავისუფალ წევრებს მოქალაქის უფლებები ჰქონდათ და მონაწილეობდნენ ს-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძველ-ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები რომის რესპუბლიკამ შცვალა, რომლის განვითარებული ფორმა, ციცერონის დახასიათებით, შერეულ მმართველობას განასახიერებდა: სახალხო კრება - დემოკრატიას, სენატი - არისტოკრატიას, ხოლო საკონსულო ხელისუფლება კი მონარქიის ელემენტებს შეიცავდა. შუა საუკუნეების ევროპაში სახელმწიფო ხელისუფლება არა მხოლოდ დეცენტრალიზებული, არამედ პრივატიზებულიც იყო ძირითადი საწარმოო საშუალებების, მიწის მფლობელთა მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ცალკეული სენიორები მეფეს, უმაღლეს სენიორს ემორჩილებოდნენ, ეს დაქვემდბარება ფორმალური იყო, რადგანაც მონარქს არ შეეძლო ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა და საყოველთაო საგადასახადო სისტემის ასამუშავებლად თავისი ქვეშევრდომი სენიორების თანხმობა ესაჭიროებოდა. არანაკლებ ზღუდავდა ხელისუფლების ცენტრალიზაციას ეკლესიაც, რომელიც მორალსა და კანონს აკონტროლებდა. თანამედროვე ს-ს შექმნა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, განაპირობა, ჯერ ერთი, ეკონომიკური ცხოვრების პოლიტიკური ხელისუფლებისაგან გამოცალკევებამ, შემდეგ რწმენისა და ეკლესიის გამოყოფამ სახელმწიფო, პოლიტიკური ცხოვრებისაგან, დაბოლოს, ხელისუფლების კონცენტრაციამ სუზერენების, მონარქების ხელში, რაც საბოლოოდ ნაციონალური ს-ების წარმოშობით გაფორმდა. ნაციონალური ს-ებს მათი არსებობის უკვე საწყის ეტაპზე თანამედროვე ს-ების ისეთი მნიშვნელოვანი ნიშნები ჰქონდათ, როგორიცაა რეგულარული არმია, ცენტრალიზებული ბიუროკრატია, საყოველთაო საგადასახადო სისტემა, დიპლომატიური სამსახურების შექმნა და მერკანტილიზმის ეკონომიკა, რომელიც აყალიბებდა ს-ს სავაჭრო პოლიტიკას. დღეს ს. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი აქტორი და საერთაშორისო სამართლის ძირითადი, პირველადი სუბიექტია. იგი შეიძლება განისაზღვროს როგორც პოლიტიკური ხელისუფლების განსაკუთრებული, ორგანიზებული ინსტიტუტი, რომელსაც აქვს მართვისა და იძულების სპეციალური აპარატი და წარმოადგენს რა საზოგადოებას, ახორციელებს ხელმძღვანელობას მასზე და უზრუნველყოფს მის ინტეგრაციას.
ს-ს აუცილებელი ნიშნებია: სუვერენიტეტი, ტერიტორია, მოსახლეობა, დიპლომატიური აღიარება, შიდა სახელისუფლებო ორგანიზაცია და შინაგანი ნდობა ანუ მოსახლეობის ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი. ს-ს ფუნქციები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: 1) საშინაო ფუნქციები, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საკუთრებისა და მოქალაქეთა სხვა უფლებების დაცვას, აგრეთვე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და იდეოლოგიურ ფუნქციებს,; 2) საგარეო ფუნქციებში კი შედის მშვიდობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა, საქმიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა გარეშე ხელყოფისაგან. ს-ს ფუნქციონირებისა და მოწყობის თავისებურებები გამოიხატება ს-ს ფორმებში. ს-ს ფორმა შეიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ინსტიტუტს - მმართველობის ფორმას, სახელმწიფო მოწყობის ფორმასა და სახელმწიფო რეჟიმს. მმართველობის ფორმების მიხედვით ს-ს ორი ძირითადი ფორმა არსებობს - მონარქია და რესპუბლიკა. მონარქია, თავის მხრივ, შეიძლება იყოს აბსოლუტური და კონსტიტუციური; ხოლო რესპუბლიკა - საპარლამენტო და საპრეზიდენტო. სახელმწიფო მოწყობის ფორმის მიხედვით ს. შეიძლება იყოს უნიტარული და ფედერაციული, ხოლო რეჟიმის მიხედვით - დემოკრატიული, ავტორიტარული და ტოტალიტარული. გარდა სახელმწიფოთა ფორმებისა, გამოყოფენ სახელმწიფოთა ტიპებს. ტიპოლოგიისადმი ორი ძირითადი მიდგომა არსებობს - ცივილიზაციური და ფორმაციული. ცივილიზაციური თვალსაზრისით, ს-ები შეიძლება იყოს აღმოსავლური, დასავლური, შერეული; ძველი, შუა საუკუნეების, თანამედროვე; ინდუსტრიამდელი, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული და ა.შ. ფორმაციული მიდგომით, ს-თა ძირითადი ტიპებია: აღმოსავლური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური, სოციალისტური.
საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უფრო საინტერესოა ს-ების დაყოფა ზესახელმწიფოებად, დიდ, საშუალო და პატარა ქვეყნებად. გარდა ამისა, გამოყოფენ ურჩ, კვაზი და არშემდგარ ს-ებს. დღევანდელი ს-ების უმრავლესობა ერი-სახელმწიფოების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა, მკვლევართა აზრით, გლობალიზაციის ეპოქაში ერი-სახელმწიფოების როლი თანდათან მცირდება. ს-ებს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს, აქვთ ძირითადი უფლებები და მოვალეობანი. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს გაეროს წესდება, რომლის მიხედვით, ს-ს ძირითადი უფლებებია: იმუნიტეტი, მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ტერიტორიული უზენაესობა და მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა, სხვა ს-თან სუვერენული თანასწორობა, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება და ა.შ. ს.-ს ძირითადი მოვალეობები მისი ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს. ეს მოვალეობებია: სხვა ს-ს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ს-ს იმუნიტეტის პატივისცემა, ძალის გამოყენებასა და ძალით დამუქრებაზე უარის თქმა, დავათა მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა-დაცვა და ა.შ.
სახელმწიფო ადმინისტრაცია - საზოგადოებრივი მომსახურების სახელმწიფო ორგანიზაციული სტრუქტურები და დაწესებულებები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სამსახური, სადაც შედის რეგიონალური და ადგილობრივი დონის სახელმწიფო ორგანოები. პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ცნებასთან - სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, სახალხო (public), - ყოფილი სახელმწიფო ორგანოების პრივატიზაციისა და კომერციალიზაციის შედეგად გაჩნდა. სახელმწიფო მართვის თეორიის სფეროში მუშავდება სახელმწიფო სექტორის ისეთი ორგანიზაციის პროექტი, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს კერძო სექტორისა და საბაზრო პრინციპების ინტელექტუალურ ჰეგემონიას.
სახელმწიფო გადატრიალება - სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი და არაკანონიერი შეცვლა, რომელიც ხორციელდება სამხედრო, პოლიციური თუ პარამილიტარისტული დაჯგუფებების გამოყენებით. რევოლუციისაგან განსხვავებით (რომელიც შესაძლოა თავად შეიცავდეს ს.გ-ს როგორც ელემენტს), ს. გ-ის შედეგი ერთი მმართველი დაჯგუფების მეორეთი შეცვლაა ერთი და იმავე პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რიგ შემთხვევებში ს.გ. შეიძლება ნაკარნახები იყოს არაეფექტური მმართველობის პირობებში მოსალოდნელი მასობრივი არეულობებისა და რევოლუციის საწინააღმდეგო პრევენტული ზომების მიღების აუცილებლობით თავად მმართველი წრეებიდან. ს.გ-ის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხელისუფლების ცვლილების ლეგიტიმური და ორგანიზებული შცვლის მექანიზმის არსებობა ქვეყანაში. ამგვარი მექანიზმები კარგა ხანია დამკვიდრებულია განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. შესაბამისად, აქ ს.გ-ის მცდელობები ძალზე იშვიათია. სხვა ვითარება გვაქვს იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არასაკმარისი ლეგიტიმურობით და მოუმწიფებელი პოლიტიკური ინსტიტუტებით, ხოლო მოსახლეობა დაბალი პოლიტიკური კულტურით ხასიათდება. XXს-ის მეორე ნახევარი განსაკუთრებით „მდიდარი“ იყო ს.გ-ებით სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ს.გ-ების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების სათავეში მოსული მილიტარისტული ძალები ვერ წყვეტენ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. პირიქით, ბევრ შემთხვევაში, თავად ისინი დგებიან პრობლემის წინაშე, თუ როგორ დაუთმონ მათთვის სასურველი სამოქალაქო პოლიტიკური ძალებს ასპარეზი ისე, რომ არ გამოიწვიონ საზოგადოებრივი ძალების უკურეაქცია „სახელმწიფო დამნაშავეების“ მიმართ.
სახელმწიფო ინტერესი - დოქტრინა, რომელიც სახელმწიფოს საჭიროებების ყველაზე მაღლა, მათ შორის უნივერსალურ ზნეობაზე მაღლა დაყენებასაც გულისხმობს. ს.ი-ის დოქტრინის მთავარი წარმომადგენლები არიან ნიკოლო მაკიაველი და ფრიდრიხ მაინეკე, ხოლო პრაქტიკულ პოლიტიკაში ეს ცნება კარდინალ რიშელიესა და ოტო ბისმარკის მოღვაწეობას უკავშირდება. ს.ი-ის ცნება ყველაზე მჭიდროდ რეალიზმის, ძალის პოლიტიკისა და რეალპოლიტიკის კონცეფციებს უკავშირდება. ს.ი-ის თაობაზე თეორიული დისკურსი ზნეობასთან მის შეთვისებას უკავშირდება. ს.ი-ის თეორეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზნეობა და ს.ი. შეთავსებადია, რადგან უზენაესი ზნეობა სახელმწიფოს კეთილდღეობაა (იხ. აგრ. ეროვნული ინტერესები).
სახელმწიფოს მეთაური - სახელმწიფოს მთლიანობის გამოხატულება და ცერემონიალური ლიდერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ს.მ., ამავე დროს, არ არის მთავრობის მეთაურიც (ასეთია ვითარება საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში, სადაც მთავრობას, როგორც წესი, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს), მაშინ იგი საპარლამენტო დაპირისპირებაზე მაღლა დგას და გამოხატავს მთელი ერის ინტერესებს. ს.მ. შეიძლება იყოს მონარქი (როგორც ეს არის დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში) ან პრეზიდენტი.
სახელმწიფო სამსახური - სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო პოლიტიკას. ტერმინს საფუძვლად უდევს ბრიტანული ბიუროკრატიული ტრადიცია, რომელიც განასხვავებდა სახელმწიფოს სამსახურში მყოფ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს. ეს სამოქალაქო მოხელეები, როგორც წესი, წარმოადგენენ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ აღმასრულებელ ინსტიტუტებს. მთლიანობაში მოსამსახურეთა ეს კორპუსი, რომელთა შორის ანაზღაურება საზოგადოების სახსრებით უნდა განხორციელდეს, ყველა ქვეყანაში წარმოადგენს ამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუროკრატიას. მოხელეთა ასეთი ერთიანობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ნიშანს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში მათი პოლიტიკური ნეიტრალობა წარმოადგენს. მმართველობის ასეთი სტრუქტურა ემორჩილება არჩევით მთავრობას, განურჩევლად მისი პარტიულობისა.
სახელმწიფოცენტრიზმი - სახელმწიფოცენტრული მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც სახელმწიფოებს განიხილავს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დომინანტ და განმსაზღვრელ აქტორებს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკური რეალიზმის თეორიასთან და საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსად მიიჩნევს სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სახელმწიფოები სრულიად ავტონომიურნი არიან ქმედებაში. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოზე მაღლა მდგომი სახელისუფლებო სუბიექტი. ხოლო ცენტრალური ბირთვის უქონლობა განაპირობებს საერთაშორისო სისტემის ანარქიულობას. სახელმწიფოს ინტერესები არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს აქტორების ქცევას საერთაშორისო არენაზე და, ამდენად, საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს. ს. ერთმნიშვნელოვნად აღიარებს სახელმწიფოს სრულ დომინირებას როგორც საგარეო (მიიჩნევს მას უნიტარულ აქტორად), ისე საშინაო პოლიტიკაში (სახელმწიფოს კონტროლს უნდა ემორჩილებოდეს ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ცხოვრებაც). ამის გარდა, მოსახლეობისაგან მოითხოვს მორჩილებასა და თავდადებას. ს-ის უკიდურესი ფორმაა ტოტალიტარული მმართველობა, განსაკუთრებით ფაშიზმი. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ს-ის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ზოგი მკვლევრის აზრით, მომავალში სახელმწიფო საერთოდ დაკარგავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორის როლს და ადგილს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და საერთაშორისო (პირველ რიგში არასამთავრობო) ორგანიზაციებს დაუთმობს.
სეგრეგაცია - რაიმე ნიშნის (კანის ფერი, ენის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა) საფუძველზე რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკა. ამგვარი გამიჯვნა ხორციელდება ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ, განსახლების სპეციალური ზონების შექმნიდან დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნით დასრულებული. ს-ის ზოგიერთი ფორმა შესაძლოა სრულიან შემთხვევით განხორციელდეს, როდესაც განსხვავებული რენტა მიწაზე მოქალაქეთა დიფერენცირებულ განსახლებას იწვევს შემოსავლების მიხედვით. შედეგად, შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ერთგვარი შემოსავლის მქონე ადამიანების ერთმანეთის გვერდიგვერდ განსახლება. განსაკუთრებით მძიმეა რასობრივი ს., რომლის უკიდურესი ფორმები გამოვლინდა შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებისა (თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვების ს. სკოლებში აიკრძალა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ 1954 წელს) და სამხრეთ აფრიკაში, სადაც ს-ის აქაური ფორმა, აპართეიდი დასრულდა ხელისუფლების სათავეში ნელსონ მანდელას მოსვლის შემდეგ 1990წ.
სეკულარიზაცია - პროცესი, რომლის დროსაც რელიგიური აზროვნება, პრაქტიკა და ორგანიზაციები კარგავს სოციალური გავლენასა და მნიშნელობას. ვებერი ამტკიცებდა, რომ მეცნიერული ცოდნისა და რაციონალური აზროვნების განვითარება ჩაენაცვლა მაგიაზე, ცრურწმენებსა და მისტიკაზე დაფუძნებულ რწმენას. ს-ის ინდიკატორებად, როგორც წესი, მიიჩნევენ ეკლესიებში მოსიარულეთა, რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეთა შემცირებას, აგრეთვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკლესიისა და რელიგიური ლიდერების ძალაუფლების შესუსტებას. თუმცა, ამ მაჩვენებლების სანდოობას ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ. ამტკიცებენ, რომ ბევრი რელიგიური პრაქტიკა არ არის რეგისტრირებული და სტატისტიკურად აღრიცხული. ესაა ე.წ. „უხილავი“ რელიგიური აქტები: მაგ., ადამიანების მიერ ღვთისმსახურების შესრულება სახლში მოწყობილ „საეკლესიო კუთხეებში“, რელიგიური ხასიათის სატელევიზიო პროგრამებში ჩართულობა და სხვ. „უხილავი რელიგიურობის“ გამოხატულებად მიიჩნევა ისიც, რომ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს ღმერთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალის რწმენას. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ფარული (აკრძალული) სექტების არსებობა. ისიც უდავოა, რომ ბევრ საზოგადოებაში ეკლესია კვლავ რჩება არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ გავლენიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალად, ხოლო რიგ ინდუსტრიულ საზოგადოებებში (მაგ. აშშ-ში) რელიგიური ჯგუფების წევრთა რიცხვი არათუ მცირდება, იზრდება კიდეც. ს-ის კონცეფციის კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ე.წ. „რელიგიის ოქროს საუკუნის“ არსებობას. საბოლოო ჯამში ასკვნიან, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა გავლენა კი არ დაკარგეს, არამედ უფრო მეტად სპეციალიზებულნი გახდნენ და შეინარჩუნეს მნიშვნელოვანი ფუნქციები. ამასვე ამტკიცებდა ტ.პარსონსი.
სელფი - (ინგლ. Self - საკუთარი პიროვნება) ადამიანის მიერ თავისი თავის გარემოდან გამოყოფის უნარი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს თავისი თავი განიცადოს ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობების, ქცევისა და პროცესების სუბიექტად წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ტერმინი აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში, თუმცა გამოყენებისას გარკვეული განსხვავებები არსებობს. სოციოლოგიაში ს. გაიგება სოციალურ კონსტრუქტად: იგი ვერ იარსებებს საზოგადოების გარეშე, პირიქით, აიგება საზოგადოებრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს ცნება სოციოლოგიაში სიმბოლური ინტერაქციონიზმის წარმომადგენლებმა (ჯ.მიდი, ჩ.კული) შემოიტანეს, რომლებიც იკვლევდნენ სოციალური ინტერაქციის (ურთიერთობის) ბუნებას. სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს სწორედ ის, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი, ანუ საკუთარი თავი ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან შეიმეცნოს თავისი თავი. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ინდივიდების მიერ „სხვათა როლების ათვისების“ პროცესი. ს-ის ის დონე, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვა ადამიანის პოზიციიდან, იწოდება მე-ობიექტად. ამ დროს, ინდივიდი არის „გენერალიზებული სხვა“, რომელიც ითვალისწინებს მოსალოდნელ რეაქციებს ჯგუფის წევრების მხრიდან განსაზღვრულ ჟესტებზე. ამ თვალსაზრისით, სხვა ადამიანებია სწორედ ის სარკეები, რომლებშიც ინდივიდისთვის საკუთარი თავის ხატი ყალიბდება. ამდენად, მე-ობიექტი საშუალებას აძლევს ინდივიდს, განჭვრიტოს მისი მომავალი მოქმედებების შედეგები და გაზომოს ალტერნატიული ქმედებების ეფექტი. ეს კი საფუძველს იძლევა, მოხდეს სოციალური ცხოვრების კალკულირება. ამ ეტაპზე ინდივიდი არ არის შემოქმედი და სპონტანური. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ს-ის იმ დონეზე, რასაც „მე-სუბიექტი“ შეადგენს. ეს არის პროცესი, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვისი, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. ამ დონეზე ინდივიდი შემოქმედია, მისი ქმედება, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია და არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი. საბოლოო ჯამში, ს. მოიცავს: ა) წარმოდგენას, „როგორი ვეჩვენები სხვა ადამიანს“; ბ) წარმოდგენას, „როგორ აფასებს ეს სხვა ჩემს ხატს“; აქედან გამომდინარე, გ) სპეციფიკურ განცდას - „თვითპატივისცემას“ (სიამაყე ან დამცირება). ს. არის ადამიანში სოციალურისა და ინდივიდუალურის სინთეზი, საზოგადოებასთან მისი ინტერაქციის გარანტიცა და შედეგიც.
სემიოტიკა - მეცნიერება ნიშნებისა და ნიშნური სისტემების, ნიშნური (ანუ ნიშნის გამომყენებელი) ქცევისა და ნიშნური (ლინგვისტური და არალინგვისტური) კომუნიკაციის შესახებ. შეისწავლის სიმბოლოთა მეშვეობით ურთიერთობის ყოველგვარ საშუალებას და განიხილავს ურთიერთობას ცხოველებს (ზოოსემიოტიკა), ადამიანებს შორის და მიმართებებს სისტემაში „ადამიანი - მანქანა“, ასევე იმ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ენად: ა) ბუნებრივ ენებს; ბ) ხელოვნურ ენებს (ბრძანებები და პროგრამები სისტემაში „ადამიანი - მანქანა“); გ) მეტაენებს (ბუნებრივი და ხელოვნური ენების აღწერისათვის გამოსაყენებელი ენები); დ) მეორად ენებს (ე.წ. მეორადი მამოდელირებელი სისტემები) ანუ კულტურაში პირველადი ბუნებრივი ენების საფუძელზე გაჩენილ მრავალგვარ ენას (მითის, რიტუალის, სოციალურ-ეთნიკური აკძალვებისა და დანაწესების სიმბოლური სისტემები, ხელოვნების სხვავადსხვა დარგის ენები და სხვ.). ს. ყურადღებას ამახვილებს ამა თუ იმ მოვლენის ნიშნად გადაქცევაზე და ნიშნის სამ განზომილებაზე: 1) სინტაქტიკაზე (ნიშნებს შორის შინაგანი კავშირები), 2) სემანტიკაზე (ნიშანსა და აღსანიშნს შორის ურთიერთმიმართებები), 3) პრაგმატიკაზე (ნიშანსა და ნიშნით მოსარგებლეს შორის ურთიერთმიმართება). ს-ს სემიოლოგიასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰუმანიტარული მეცნიერების მეთოდოლოგიაში. ს-ურობა კულტურის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა და აისახა ს-ური კულტურის ცნებაში, რომელიც კულტურას ახასიათებს ნიშნურობის, კულტურის ტექსტებში ფიქსირებული მნიშვნელადი ინფორმაციის აღნიშვნა-ინტერპრეტაციის სპეციფიკით.
სენატი - ტერმინი ლათინური წარმოშობისაა, ძველი რომის რესპუბლიკაში თავდაპირველად შეიქმნა როგორც უხუცესთა საბჭო. თანამედროვე მსოფლიოს ზოგმა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და სხვებმა თავიანთი საკანონმდებლო ორგანოს მეორე - ზედა პალატას ეს სახელი უწოდეს.
სეპარატიზმი - ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიური სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყოფის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. ს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის პრინციპის დარღვევას იწვევს. იგი შეიძლება იყოს მძაფრი სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მიზეზი. ამასთან, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანისა და ხალხების, ეროვნული, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების (უმცირესობების) უფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში ს-მა შეიძლება გარკვეული დადებითი, თუმცა შეზღუდული როლი ითამაშოს (მაგ., კოლონიალიზმის წინააღმდეგ ახალგაზრდა დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნისათვის ბრძოლა.). ს. დღეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც განვითარებული (კანადა, ესპანეთი და სხვ.), ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის (ინდოეთი, პაკისტანი, ერაყი, აფრიკული ქვეყნები და სხვ.).
საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებებში ამ ტერმინით აღინიშნება მოსახლეობის ჯგუფის (როგორც წესი, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის) სწრაფვა, გამოეყოს, იმ სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ან ახალი სახელმწიფო შექმნას (სეცესია), ან კიდევ სხვა სახელმწიფოს შეუერთდეს (ირედენტიზმი). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისგან განსხვავებით, ს. გულისხმობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და შეკავშირებული ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ორგანიზმის დაშლის მცდელობას რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ და ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნასა და შევიწროებას და ა.შ.). ს. დაგმობილია საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მიერ. მიუხედავად ამისა, იგი მრავალი ქვეყნის ფარული მხარდაჭერით სარგებლობს და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.
სექსიზმი - სქესის ნიშნით უპირატესობის მინიჭება (prejudice - მიკერძოება, წინასწარი აზრი; ცრურწმენა) ან ქცევა, რომლიც აშკარად ან შენიღბულად იწვევს ადამიანის დისკრიმინაციას. მაგრამ ტერმინის გამოყენება სცილდება ამ მარტივი განსაზღვრების ფარგლებს. იგი, ჩვეულებრივ, ორი აზრით გამოიყენება: წინასწარი აზრის მნიშვნელობა გაიგება როგორც განწყობა ან რწმენა, რომლის შესაბამისადაც, ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელს რაიმე თვისებები მცდარად მიეწერება, ან პირიქით - კონკრეტული სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად მიიჩნევა; გარდა ამისა, ტერმინი ს. მასთან სემანტიკურად დაკავშირებულ ტერმინ რასიზმთან ერთად, აღნიშნავს სქესის საფუძველზე ადამიანთა უთანასწორობის დამამკვიდრებელ ქმედებებსა და ქცევებსაც (მაგალითად, ორგანიზაციებში ან სოციალურ ურთიერთობებში სქესის ნიშნით ადამიანის უგუვებელყოფა). ტერმინი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ქალთა დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისის ცალმხრივობის მიუხედავად, საზოგადოებათა უმრავლესობაში ტერმინის ამ აზრით გამოყენება, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, გამართლებულად მიიჩნევა.
სეცესია - სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ს. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური მინინაციონალიზმის მთავარ მიზანს გამოხატავს. შესაბამისად, ს-ისაკენ სწრაფვა, თუ ამის ობიექტური მიზეზები არ არის (ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას და რეალურია მისი, როგორც ეთნოსის გაქრობა), საერთაშორისო სამართლის მიერ დაიგმობა, თუ რა თქმა უნდა, თვით არსებული სახელმწიფო არ დაეთანხმა მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას და იქ სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ს-ის მაგალითებია ბანგლადეშისა და ერითრეის სახელმწიფოების შექმნა.
სივრცისეული კონკურენცია (პოლიტიკური) - უკავშირდება სოციალური არჩევანის იდეას, რომელიც გვიხსნის, თუ როგორ ურთიერთობენ ძალაუფლებისათვის ბრძოლისას პოლიტიკოსები იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც მზად არიან სწორედ მათ მისცენ ხმა. ს.კ.-ის იდეა, თავის მხრივ, უკავშირდება ეკონომისტების გამოკვლევებს, რომელთაც მიზნად ჰქონდათ გაეგოთ, თუ რატომ არის მაღაზიების უდიდესი ნაწილი ქალაქის ცენტრში განლაგებული და არათანაბარი მანძილით დაცილებული ერთმანეთს, რაც, ერთი შეხედვით, მათთვის უფრო მომგებიანი უნდა ყოფილიყო. ამ გამოკვლევების გათვალისწინებით, ს.კ-ის იდეა გულისხმობს, რომ ამომრჩევლები, „გამოთვლიან“ რა მანძილს მათსა და კანდიდატს შორის, ხმას მისცემენ ან ყველაზე ახლოს ან ყველაზე შორს მყოფს, მაგრამ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე პოლიტიკოსს.
სიმბოლური ინტერაქციონიზმი - მოიაზრება ფუნქციონალიზმისა და სოციალურ სისტემათა - განსაკუთრებით, პარსონის - თეორიის ალტერნატივად. იგი მიკროსოციოლოგიური თეორიაა, ვინაიდან უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის კონცენტრირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. აღნიშნული მიდგომა ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია „ჩიკაგოს სკოლასთან“ (ჯ.მიდი, ჩ.კული). ს.ი. ეყრდნობა სამ ძირითად წინამძღვარს (ჰ.ბლუმერი): 1. ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვს. ამრიგად, სოციალური სამყარო შედგება იმ მნიშვნელობებისაგან, რომლებსაც ადამიანები მოვლენებს მიაწერენ; 2. საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; 3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით: აქტორი არჩევს, ამოწმებს, ეჭვი შეაქვს გადააჯგუფებს და სახეს უცვლის მნიშვნელობებს იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ის იმყოფება. სიმბოლური ინტერაქციის დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას უზრუნველყოფს ის, რომ ჟესტი იგივეობივი მნიშვნელობის მქონეა როგორც იმ ადამიანისათვის რომელიც მას იყენებს (წარმოადგენს), ასევე იმისათვის, ვისკენაც ეს ჟესტები მიმართულია. ძრითად ჟესტებს (სიმბოლოებს) შეადგენს ენობრივი ნიშნები. ინტერაქციის პროცესში მყოფი ადამიანები მხედველობაში იღებენ იმას, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარ ქცევას აგებენ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ სხვათა როლები. სოციალური ინტერაქცია როლების ორმხრივ ათვისებას წარმოადგენს. ს.ი-ს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ იგი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს და ზღუდავს ინდივიდის მოქმედებებს (იხ. სელფი).
სინდიკალიზმი - პოლიტიკური მიმართულება, რომელიც პროფკავშირებს (სინდიკატებს) მშრომელთა ორგანიზაციის უმაღლეს ფორმად მიიჩნევს. სინდიკალისტების აზრით, სამომავლოდ სინდიკატები უნდა გახდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის განმსაზღვრელი ფორმები, რომლებიც გაუძღვებიან და განსაზღვრავენ წარმოებისა და განაწილების პროცესს. ს. წარმოიშვა XIXს-ში და ძირითადად გავრცელდა საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში.
სისტემური ანალიზი - მეცნიერულ კვლევაში მეთოდოლოგიური მიმართულება, რომელიც რთულ ობიექტს განიხილავს მისი შემადგენელი ელემენტებისა და მათ შორის კავშირების ერთიან მთლიანობად. ს.ა. პოლიტიკის ანალიზის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკა განვიხილოთ როგორც გარკვეული თვითრეგულირებადი სოციალური ერთობა, რომელიც სისტემატურად ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი გარემოსთან შეხების წერტილები, ე.წ. „შემავალი“ და „გამომავალი“ ქვესისტემები აფიქსირებს მოქალაქეების ქცევის თავისუბურებებს მათ მიერ ხელისუფლებისადმი მოთხოვნების გამოხატვისას, ასევე მისი გადაწყვეტილებების შესრულებისას.
სკალა - ერთეულთა გარკვეული მეტრული სისტემა, რომელიც მოცემულ კონტინუუმში განლაგებული შესასწავლი მოვლენების გაზომვის ერთიან მასშტაბად გამოიყენება. ს. კონტინუუმის თანაბარ ნაწილებად დაყოფაა, რაც მოსახერხებელს ხდის ამ დაყოფის გამოყენებას შედარების ინსტრუმენტად. ს. შეიძლება ეწოდოს იმ ალგორითმს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შესასწავლ ობიექტს შესაბამისად რაღაც რიცხვი მიეწერება. ობიექტს მიწერილ რიცხვებს ამ ობიექტების სკალურ მნიშვნელობებს ვუწოდებთ (იხ. აგრ. გაზომვის სკალები).
სკალირება - ანალიტიკური ინსტრუმენტის შექმნის საშუალება, რომელიც, პირველ რიგში, მისაწვდომს ხდის ვერბალური გამონათქვამების რაოდენობრივ შეფასებას და მეორეც, მკაცრად შეესატყვისება თვისებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც ტესტების თეორია აყენებს.
ს. უზრუნველყოფს ვერბალურ გამონათქვამთა კვანტიფიკაციის შესაძლებლობას. მისი პროცედურის წესები მჭიდროდ უკავშირდება მათემატიკური სტატისტიკის სამუშაო აპარატს. თუმცა მხოლოდ მათემატიკურ წესებს არ შეუძლია სოციოლოგიური ანალიზის სრულყოფა.
ს-ის მთავარი ამოცანაა თვისებრივად განსხვავებული მონაცემების მიყვანა შეპირისპირებად რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. იგი შეკრებილი სტატისტიკური, მოპოვებული მასალის ანალიზის საშუალებაა. სკალა გამოიყენება მასალის შეგროვების დროსაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოიყენება როგორც ანალიზის წინასწარ მოცემული ინსტრუმენტი. (იხ. აგრ. გაზომვის სკალები).
სკალის ტიპები - იხ. გაზომვის სკალები.
სოფელი - შედარებით მცირერიცხოვანი და მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი დასახლება. ს-ის სოციალური სტრუქტურა განისაზღვრება მასში მცხოვრები ოჯახების რაოდენობით, სადაც ძირითადად სოფლის მეორნეობასა და ხელოსნობას მისდევენ. სოციალური ურთიერთობა, ისევე როგორც სოციალიზაცია ს-ის საზოგადოებაში კონსერვატიული, ყველასთვის სავალდებულო (ხშირად რელიგიური ხასიათის) ნორმებითაა განპირობებული. ს-ის სტრუქტურის ადვილი თვალსაჩინოება-ხილვადობა, ისევე როგორც ის, რომ „ყველა ყველას იცნობს“, ერთი მხრივ, იწვევს ძლიერ შიდა კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, გაუცხოებას გარე სამყაროსა და სოციალურ-კულტურული განვითარებისადმი. ს-ად ცხოვრების წესი (მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციების შენარჩუნება, მეტ-ნაკლები გამიჯნულობა გარე სამყაროსაგან, პროფესიის არჩევისა და განათლების შეძენის შანსების ნაკლებობა) იწვევს კონფლიქტებს, მოსახლეობის დენადობასა და ს-ის მცხოვრებლებს ახლომდებარე ქალაქზე დამოკიდებულებს ხდის. ს-ის თავდაპირველი, ტიპური სტრუქტურა და ცხოვრების ფორმა იშლება, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა თაობის გადინებით, ინდუსტრიული რაიონებიდან და ქალაქიდან მოსახლეობის პერიოდულად ორმხრივი („ქანქარისებური“) მიგრაციით, ქალაქში მეტი განათლების მიღების შესაძლებლობისა და ქალქურ ცხოვრებაზე ორიენტაციის აღების ზეგავლენით. ს-ს გარკვეული წვლილი შეაქვს ქალაქების მოსახლეობის ზრდაში.
სოფლის სოციოლოგია - გლეხური, აგრარული საზოგადოებებისა და მათი ტრანსფორმაციის კვლევა და თეორია. ს.ს. მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანიზაციული ფორმებისა და გლეხური მეურნეობის კვლევას განსხვავებული ეკოლოგიური ჩარჩოს ფარგლებში. ამასთან, იგი შეისწავლის გლეხური საზოგადოების სტრუქტურას, პერსონალური და სახელმწიფო მფლობელობის, საკუთრების ფორმებს გლეხური საზოგადოების წიაღში, ასევე ტრადიციული სტრუქტურების ცვლილების პროცესს, გლეხთა სხვადასხვა ხასიათის მოძრაობებს. ს.ს-ში ასევე იკვლევენ ინდუსტრიული საზოგადოების პირობებში სოფლის სივრცისა და თემის სტრუქტურას და მათ შეცვლილ ფუნქციას. ს.ს. როგორც სოციოლოგიის დარგი XIXს-ის მე-2 ნახევარში ჩამოყალიბდა. მას საფუძველი ჩაუყარეს ა.გელენმა, ფ.ზნანეცკიმ, კ.ციმერმანმა.
სოციალ-დარვინიზმი - ბიოლოგიური მიმართულების ნაირსახეობა, რომელიც ემყარება დარვინის ბუნებრივი შერჩევის პრინციპებს. მას სოციალურ ცხოვრებაში გადააქვს ბიოლოგიური სამყაროს ევოლუციური განვითარების, ბუნებრივი შერჩევის, არსებობისათვის ბრძოლის კანონები. ს.დ-ის წარმომადგენლები არიან ლ.გუმპლოვიჩი, უ.ლიაპუჟი, ლ.ვოლტმანი და სხვ. ს.დ-ის მთავარი თეზისია საზოგადოებისა და ცოცხალი ორგანიზმების იგივეობა, სრული გაზიარება ჰობსის ფორმულისა, რომ ომი ადამიანთა შორის მათი არსებობის ბუნებრივი წესია. ერთი გარკვეული მემკვიდრეობით გადმოცემული ან შეძენილი უპირატესობის მეოხებით ავიწროებს და თრგუნავს მეორეს, ბატონობს და იმარჯვებს მასზე. ლ.გუმპლოვიჩი ახდენს არსებობისათვის ბრძოლის ბუნებრივი შერჩევისა და სხვა ბიოლოგიური კანონების აბსოლუტიზაციას, ცდილობს საზოგადოებრივი ცხოვრების გაგება სწორედ ამ კანონების მოქმედებაზე დააფუძნოს. ამდენად, სოციალური ყოფიერება დაპირისპირებულ სოციალურ ჯგუფთა დაუნდობელი ბრძოლის არენაა, სუსტი ყოველთვის მარცხდება, ძლიერი ყოველთვის ბატონობს მასზე. ბიოლოგისტური მიმართულების მთავარი შეცდომა სოციალურის ბიოლოგიურზე დაყვანაა, აგრეთვე საზოგადოების სულიერი მხარის უგულებელყოფა. მიუთითებენ ბიოლოგიური მიმართულების სოციოლოგთა დამსახურებაზეც - ისინი საზოგადოების განხილვას ახდენენ მისი სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციური მიმართებების თვალსაზრისით და სხვ.
სოციალ-დემოკრატია - როგორც ზოგადი ტერმინი, აღნიშნავს გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას, რომლის შინაარსსაც შეადგენს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მხარდაჭერა, სამოქალაქო სამსახურების ნაციონალიზაცია, შერეული ეკონომიკა, სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება და უმუშევრობის ლიკვიდაცია. ს.-დ., როგორც მემარცხენე, მათ შორის მარქსისტული პარტიების საერთო პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, პოლიტიკურ ლიტერატურაში გამოიყენება XIXს-ის მეორე ნახევრიდან. გერმანული ს.-დ-ის პოლიტიკური სახე დიდად განსაზღვრა ბერნშტეინის იდეებმა. ევროპული სოციალ-დემოკრატიული პარტიების დიდმა ნაწილმა, როგორც მშრომელი კლასის ინტერესების გამომხატველებმა, ჩათვალეს, რომ ამ ინტერესების დაცვა და მარქსის და ენგელსის მიერ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული პროგრამული მიზნებიდან ძალზე ბევრი ამოცანის განხორციელება (უფრო კონკრეტულად, საშემოსავლო პროგრესული გადასახადები, ტრანსპორტის ნაციონალიზაცია, ბავშვების შრომის გამოყენების გაუქმება და საყოველთაო სწავლების შემოღება და სხვ.) სავსებით შესაძლებელია პარლამენტური ბრძოლის მეთოდებით. მათგან განსხვავებით, რუსეთის მარქსისტული პარტიების ერთმა ჯგუფმა ლენინის მეთაურობით, რომელიც დასაწყისში ასევე სოციალ-დემოკრატიულად იწოდებოდა, შემდგომში არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა და ჯერ ბოლშევიკური, ხოლო ბოლოს კომუნისტური პარტიის სახით ჩამოყალიბდა, პოლიტიკური ბრძოლის განსხვავებული გზა აირჩია და რუსეთში მოვიდა და კიდეც ხელისუფლების სათავეში სახელმწიფოს გადატრიალების გზით. ს.-დ-ულ მოდელზე მოწყობილი ქვეყნების ნიმუშია სკანდინავიის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა შვეცია, სადაც ს.-დ-ები ხელისუფლებას XXს-ის 30-იანი წლებიდან უმეტესი დროით ფლობენ.
სოციალიზაცია - სხვაგვარად უწოდებენ ინკულტურაციას და აღნიშნავს ინდივიდის მიერ სოციალური ნორმების, კანონების, ქცევის მოდელებისა და ღირებულებების ათვისების პროცესს, რომლის დროსაც ინდივიდი შეიმუშავებს საზოგადოებაში ცხოვრებისა და სოციალური ნორმების დაცვის ჩვევებს. ს. აქტიური პროცესია. ინდივიდი ირჩევს საზოგადოების გარკვეულ ნორმებს და უკუაგდებს დანარჩენს. ის კრიტიკულად ითვისებს არსებულ ღირებულებებს და ორიენტირებულია ახალ ღირებულებებზე. ამიტომ, სოციალიზაციისას მემკვიდრეობის ათვისებასთან ერთად, ინოვაციაც გვხვდება. ს. საწყისს ოჯახში იღებს. ეს პირველად ს-დ ითვლება. შემდეგ გრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს მეორადი ს-ა. პარსონსი და ბეილზი გამოყოფენ ს-ის მესამე ეტაპს - ესაა მუშაკის, მშობლის, მეუღლის როლები. ს. დაკავშირებულია როლების ინტერნალიზაციასთან. ს-ის თეორიის წარმომადგენლებია: გ.ტარდი, ტ.პარსონსი, ჯ.მიდი, ზ.ფროიდი და სხვები. ტარდის მტკიცებით, ს-ის შესაძლებლობა დაკავშირებულია მიბაძვასთან („სოციალური ფაქტის მუდმივი ნიშანია მიბაძვა“). პარსონსმა ს. გაიგო როგორც ინდივიდის სოციალურ რეალობაში ინტეგრაცია, ანუ კულტურულ ღირებულებათა ინტერნალიზაცია. მიდთან, როლების თეორიაში, პიროვნების ფორმირება, ანუ ს., სხვათა როლების ათვისების შედეგად ხდება. რ.ბერნსი „მე-კონცეფციის“ შედეგად თვლის ს-ს - ინდივიდი იმუშავებს არა მარტო გარე სამყაროსადმი, არამედ საკუთარი თავისადმი მიმართებას, რასაც ღირებულებებზე ორიენტირება განსაზღვრავს. (იხ. აგრ. პოლიტიკური სოციალიზაცია).
სოციალიზმი - 1. მარქსიზმის თანახმად, კომუნიზმის როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის პირველი, უმდაბლესი, განუვითარებელი, მოუმწიფებელი ფაზა. იგი გარდამავალი რევოლუციური პერიოდის შემდეგ უშუალოდ კაპიტალიზმის სანაცვლოდ მოდის და კერძო საკუთრებისა და ექსპლუატატორული კლასების ლიკვიდაციით, საწარმოო საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების დაწესებითა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური და იდეური ერთობის ჩარჩოში მუშათა კლასის მოწინავე როლით ხასიათდება. ს-ის დროს სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების პირობების შექმნის საფუძველზე ხორციელდება პრინციპი - „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას - შრომის მიხედვით“. 2. პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების, განაწილებისა და გაცვლის საშუალებებზე კოლექტიურ ან სახელმწიფოებრივ საკუთრებას. დასავლეთ ევროპაში სოციალურ-დემოკრატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა მარქსისტული მიდგომისაგან განსხვავებით, „კეინსის“ იდეა აიღეს სახელმძღვანელოდ. მათი აზრით, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა ეკონომიკის ეფექტური მართვით მიიღწევა, ამასთან ისინი გამოდიან მრეწველობის ნაწილობრივი და არა მთლიანი ნაციონალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობის გადანაწილების იდეით: სოციალ-დემოკრატები ითვალისწინებენ შერეული ეკონომიკის რეალიებს და უარყოფენ კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზსა და წარმოების, განაწილებისა და გაცვლის ძირითადი საშუალებების სოციალიზაციას. ს-ის მოდერნიზაციის, გარდაქმნის და ახლებურად გააზრების ცდებმა ბოლო 25-30 წლის მანძილზე მთელი რიგი „ახალი მემარცხენე“ იდეები წარმოშვა. ზოგიერთმა მათგანმა ხორცშესხმა ჰპოვა სოციალისტური მოძრაობებისა და პარტიების საქმიანობაში, ზოგიერთი კი საჭიროებს ახალი დოქტრინების გამოყენებას.
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია - ანთროპოლოგიის ამ ორი დარგის დამოუკიდებლად არსებობას მხარს უჭერს ინგლისის სოციოლოგიური და ანთროპოლოგიური სკოლა, მაშინ, როდესაც ამერიკაში მათ შორის არესებითი განსხვავება არ არის. ტერმინი „სოციალური ანთროპოლოგია“ გაჩნდა ინგლისში ახალი კათედრის აღსანიშნავად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფრეზერი. იგი დაინტერესებული იყო არა მატერიალური კულტურის, არამედ, პირველ ყოვლისა, ჩვევების, განწყობებისა და სოციალური დანაწესების შესწავლით. ს.ა.-ის საგანი ყველაზე მკვეთრად ადრეულ ფუნქციონალიზმში (ინგლისური ფრთა) გამოიკვეთა რადკლიფ-ბრაუნისა (1881-1955) და მალინოვსკის (1884-1942) მიერ, რომლებმაც თავიანთი კვლევის საგანი განსაზღვრეს როგორც სოციალური ურთიერთობებისა და სოციალური სტრუქტურის შესწავლა. კ.ა. ადამიანს სწავლობს როგორც „მწარმოებელ ადამიანს“ („ჰომო ფაბერ“ - ლათ. Homo faber), ან ანგლოსაქსურად - „იარაღის მკეთებელს“ („თუულ მეიქერ“ - ინგლ. Tool-maker). ჩვევები, განწყობები და რწმენა ასეთ შემთხვევაში განიხილება, როგორც ინტელექტუალური ხასიათის „ტექნიკური საშუალებები“, რომლებიც ისევე ემსახურება სოციალურ ცხოვრებას, როგორც სასოფლო-სამეურნეო იარაღები - ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ს.ა-ს, აქ პირველ პლანზე გამოდის არა „ჰომო ფაბერი“, არამედ სოციალური ჯგუფი კომუნიკაციის უამრავი ფორმით, რომლებიც საფუძვლად უდევს სოციალურ ცხოვრებას. თუ დიურკემის ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, კულტურულ-ანთროპოლოგიური მიდგომა სოციალურ მოვლენებს სწავლობს როგორც ნივთებს, ხოლო სოციალურ-ანთროპოლოგიური მიდგომა, პირიქით, ნივთებს (ნაკეთობებს, იარაღებს, სარიტუალო საგნებს) განიხილავს როგორც სოციალურ მოვლენებს, ანუ იკვლევს მათ სოციალურ საზრისს. კ.ა. ამოდის მატერიალური კულტურის საგნებიდან, რათა მივიდეს იმ „სუპერტექნიკამდე“, რომელიც ვლინდება სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობაში და შესაძლებელს ხდის სოციალურ ცხოვრებას. ს.ა.-ს ამოსავალია სოციალური ცხოვრება, რათა მისგან მივიდეს იმ საგნებამდე, რომლებზეც მან თავის კვალი დატოვა, და იმ საქმიანობამდე, რომლის მეშვეობითაც ის თავის თავს ავლენს. ს.ა-სთვის მატერიალური კულტურის საგანს არა აქვს მხოლოდ უტილიტარული ღირებულება, არამედ ასრულებს ფუნქციას, რომლის გასაგებად აუცილებელია არა მხოლოდ ისტორიული, გეოგრაფიული, მექანიკური ან ფიზიკურ-ქიმიური, არამედ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებაც. ფუნქციათა ერთობლიობა, თავის მხრივ, მოითხოვს ახალ ცნებას, როგორიცაა სტრუქტურა. სოციალური სტრუქტურების შესწავლაა სწორედ სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევების სფერო. მაშასადამე, როგორც კულტურული, ისე სოციალური ანთროპოლოგია ისწრაფვის, შეიმეცნოს ადამიანი, მაგრამ ერთ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია ადამიანის მიერ წარმოებული ნაკეთობები, ხოლო მეორე შემთხვევაში - მისი წარმოდგენები. „კულტუროლოგიური“ მიმართულება ანთროპოლოგიას აახლოებს გეოგრაფიასა და ისტორიასთან, ხოლო „სოციოლოგიური“ მიმართულება - სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან. ორივე მათგანი მჭიდრო კავშირშია ლინგვისტიკასთან, რამდენადაც ენა არის არა მხოლოდ კულტურული მოვლენა (რაც ადამიანს ცხოვრელისგან განასხვავებს), არამედ მისი მეშვეობით დგინდება და მყარდება სოციალური ცხოვრების ყველა ფორმა.
სოციალური დიფერენციაცია - საყოველთაო მნიშვნელობით ეს ცნება აღნიშნავს ყოველგვარი სოციალური სტრუქტურისა და წარმონაქმნის დანაწევრებას ცალკეულ ფუნქციონალურ და ტიპობრივ ელემენტებად. ს.დ-ის, როგორც სოციოლოგიური ცნების შესახებ საკითხი პირველად ჰ.სპენსერმა (1820-1903) დააყენა. სპენსერის აზრით, ყველა ორგანიზმისა და მათ შორის საზოგადოების, „სუპერორგანიზმის“, განვითარება მიმდინარეობს „პროგრესირებადი ინტეგრაციისა“ და „პროგრესირებადი დიფერენციაციის“ მეშვეობით, რასაც „ერთმანეთზე არადამოკიდებული ჰომოგენურობიდან“ „ერთმანეთზე დამოკიდებული ჰომოგენურობის“ მდგომარეობისაკენ მივყავართ. ამ ორივე მდგომარეობის აღსაწერად დიურკემი იყენებს „მექანიკური“ და „ორგანული“ სოლიდარობის ცნებას. ევოლუციის მიმართ ნეიტრალური სოციოლოგები, ჩვეულებრივ, „სეგმენტურ” და „ფუნქციონალურ” დიფერენციაციას უსვამენ ხაზს. სპენსერი ერთმანეთისაგან განასხვავებს სტრუქტურულ (სოციალური პოზიციების რაოდენობისა და მრაველფეროვნების მატება) და ფუნქციონალურ დიფერენციაციას (მრავალგვარი, ერთმანეთს დაკავშირებული და ერთმანეთზე მიმართული ფუნქციების წარმოქმნა). ს.დ-ის საყოველთაო მიზანს იგი სოციალური სისტემების ერთმანეთთან შეწყობის პროგრესირებადი უნარის გაუმჯობესებაში ხედავდა. ს.დ-ის საკითხებს ეხებოდა გეორგ ზიმელიც (1858-1918). მასთან და ასევე მაქს ვებერთან (1864-1920) საუბარია დიფერენციაციის პროცესის მრავალმნიშვნელობაზე, კონფლიქტურობასა და ურთიერთდაპირისპირებულობაზე. ზიმელი, შრომაში „ფულის ფილოსოფია“, აღნიშნავდა, რომ ფული, როგორც გაცვლის საყოველთაო საშუალება ხელს უწყობს ს.დ-ს და შესაბამისად, ინდივიდუალიზაციასაც. ს.დ-ს, როგორც ევოლუციის მექანიზმს, განიხილავს სისტემების უახლესი თეორიაც, მაგ., ტ.პარსონსი (1902-1979) ს.დ-სთან დაკავშირებით ლაპარაკობს გაცვლის, ინტეგრაციისა და ინტერპენეტრაციის (ურთიერთშეღწევის) შესახებ. ნიკლას ლუმანთან (1927-1998) სოციალური სტრატიფიკაციის (შესაბამისად დიფერენციაციის) ცნება ჩანაცვლებულია „სტრატიფიკაციული დიფერენციაციის“ ცნებით, რომელიც, დასავლური საზოგადოების მზარდი კომპლექსურობის შესაბამისად, სრულიად ფუნქციონალურ ფორმას იღებს.
სოციალური თეორია - ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება სოციალურ ურთიერთობათა ზოგადთეორიული ხასიათის გამოკვლევის აღსანიშნავად. ს.თ. არ ითვალისწინებს, სოციალური მეცნიერების რომელ დისციპლინას განეკუთვნება ესა თუ ის სოციალური ურთიერთობა და როგორია მისი წარმომავლობა. ამდენად, ს.თ. მოიცავს განსხვავებულ მოვლენათა ფართო წრეს, რომელიც განზოგადებული კონცეპტუალური სისტემის სახით არსებობს. ს.თ. სწორედ ამით განსხვავდება დისკრეტული თეორიებისაგან, რომლებიც კერძო განზოგადებებს ახდენენ. ასეთია, მაგალითად, სოციოლოგიური თეორია, რომელიც ს.თ-ისაგან განსხვავებით შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც დარგობრივი სოციოლოგიის ამა თუ იმ სფეროში მუშაობენ და თეორიის აგებისას მოცემული სოციოლოგიური დისციპლინის პარადიგმის ფარგლებში რჩებიან. ამისგან განსხვავებით, ს.თ-ის წარმომადგენლები სოციალური ურთიერთობების ამხსნელი თეორიის შექმნისას სცილდებიან კონკრეტული სოციალური პარადიგმის ფარგლებს და ზოგადსოციოლოგიური ხასიათის ფართო თეორიულ მოდელებს ქმნიან. იდეალში ს.თ., როგორც სისტემა, ცდილობს გახდეს „ლოგიკურად ჩაკეტილი“, ე.ი. მიაღწიოს ლოგიკური ინტეგრაციის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მოცემულ სისტემაში მსჯელობათა კომბინაციის ყოველი მნიშვნელობა ნათლად შეესაბამება იმავე სისტემის რომელიღაც მეორე მსჯელობას. იმის გამო, რომ სოციოლოგიის მეცნიერება ღია და ეკლექტურია, აღნიშნული განსხვავება სოციოლოგიურ თეორიასა და ს.თ-ს შორის მკაცრი არ არის.
სოციალური იერარქია - იერარქიული სტრუქტურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სოციალური სტატუსის, შემოსავლების, პრესტიჟის, ძალაუფლებისა და დაქვემდებარების მიმართებათა უთანასწორობა და რომელიც სოციალური კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გვევლინება. ს.ი. თანმიმდევრულ დაქვემდებარებაში (სუბორდინაციაში) მყოფი ელემენტების სისტემაა, ს.ი-ის იდეა, როგორც დაბლიდან მაღლისაკენ განლაგებული, თანმიმდევრულ დაქვემდებარებაში მყოფი ელემენტების სისტემა, რომელიც სოციალური მთელის მრავალდონაიანობას ასახავს, სოციოლოგიაში ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც მ.ვებერმა ბიუროკრატიული იერარქიის ცნება შემოიტანა. თანამედროვე სოციალურ თეორიებში იერარქიის ცნება სოციალური აგენტებისა და მათი ურთიერთობების ნებისმიერი სისტემის აღსანიშნავად გამოიყენება. იერარქიის ცნებას XXს-ში ყველაზე მეტად იყენებდა ტ.პარსონსი. ამ ცნებით ის აღნიშნავდა სირთულის შესაბამისად აღმავალი და დაღმავალი ორგანიზაციების სისტემებს (სოციალური მოქმედების ქვესისტემათა იერარქია). განსხვავებით პარსონსისაგან, ნ.ლუმანი არ იზიარებდა სოციალური სისტემების იერარქიულობის იდეას. მისი აზრით, სოციალური სისტემები ავტოპოეზისური (თვითკმარი) სოციალური წარმონაქმნებია, რომლებიც ერთმანეთთან ჰორიზონტალურ, არაიერარქიულ მიმართებაშია.
სოციალური ინჟინერი - სოციოლოგიური ცოდნის გამოყენების სპეციალისტი, რომელსაც სპეციფიკური პრობლემის გადასაწყვეტად გარკვეული გეგმა აქვს (სოციალური ტექნოლოგი ორგანიზაციასა და ქალაქების დაგეგმარებაში).
სოციალური ინჟინერია - გამოყენებითი სოციოლოგიის მიდგომათა ერთობლიობა, რომელიც ორიენტირებულია ადამაინთა მოქმედების, განწყობებისა და მათზე კონტროლის მიზანდასახულ წარმართვაზე. ს.ი-ის იდეა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის პრინციპები ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე „ადამიანური ინჟინერიის“ ჩარჩოებში. თვით ტერმინი ს.ი. ამერიკულ სოციოლოგიაში მხოლოდ XXს-ის 60-იან წლებში გამოჩნდა.
„ადამიანური ინჟინერიის“ შესასწავლი ძირითადი პრობლემებია: შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საწარმოო ტრამვატიზმის შემცირება, მანქანების ეფექტურობის ამაღლება, მუშაკის დაქანცულობის შემცირება და კომფორტულობის, ადაპტაციის უზრუნველყოფა „ადამიანი - მანქანის“ სისტემაში, შრომითი მოღვაწეობის ჰუმანიზაცია და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების სტაბილურობის დამკვიდრება.
ს.ი-ის სპეციალისტები მუშაობენ უმთავრესად წარმოების სოციალურ პრობლემებზე. როგორც წესი, მათ აქვთ კომპლექსური მომზადება რიგ მეცნიერებებში, ამ მიზნით თავიანთ კვლევით და პრაქტიკულ მოღვაწეობაში იყენებენ სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის მონაცემებს.
ს.ი-მ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა აშშ-ში. უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ფუნქციონირებს ს.ი-ის სპეციალისტთა მომზადების კურსები. მასშტაბური პროექტების განხორციელებაში ინტენსიურად გამოიყენება სხვადასხვა რიგის სოციალური ტექნოლოგიები, აქტიურად ინერგება პრაქტიკული რეკომენდაციები შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესების, წარმოებისა და შრომის ჰუმანიზაციის მიმართულებით.
სოციალური ინსტიტუტები - სოციოლოგიაში მრავალმნიშვნელოვანი ტერმინი; გამოიყენება ძირითადად ნორმატიულ-შემზღუდველი წესრიგის შემქმნელ, დადგენილ ქცევით მოდელებთან მიმართებაში. ს.ი-ში მოიაზრება: 1. საზოგადოებრივი ცხოვრებისა და რეგულირების ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმები (ოჯახი, რელიგია, განათლება, ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა), რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას; 2. სოციალური მოღვაწეობის ძირითადი სახეები, რომლებსაც ახორციელებს მოცემული საზოგადოების წევრთა უმრავლესობა; 3. ნორმები, ღირებულებები, როლები, დანაწესები, ქცევის ნიმუშები, კონტროლის სისტემები, რომლებსაც მისდევს უმრავლესობა. ტერმინი სხვადასხვა თეორიაში განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ ხშირად ორაზროვანია.
სოციალური კონსტრუქტივიზმი - საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელია საერთაშორისო საზოგადოების წესები და ნორმები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესებს განაპირობებს. ს.კ-ის მიხედვით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსში წვდომა სწორედ ამ ნორმებისა და წესების ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. ნორმები და წესები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა რაციონალური ინტერესების გამოხატულება. ისინი პარამეტრებია, რომელთა შიგნითაც ხდება ინტერესების ფორმულირება. ინტერესების გაგებისას წესებისა და ნორმების მხედველობაში მიღება აუცილებელია, რადგან ისინი არაა უბრალო დანამატები, არამედ თავად ახდენენ გავლენას ინტერესებზე. კონსტრუქტივისტები არ ცდილობენ სოციალური თეორიის მთლიანად შეცვლას. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებების უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე სახელმწიფოებისაგან შექმნილი საერთაშორისო სისტემის ანალიზი.
სოციალური მობილობა - სოციალური ცხოვრება არ არის ერთ წერტილზე გაყინული. მას ახასიათებს მუდმივი მოძრაობა-ცვალებადობა, ძველის წარმავლობა, ახლის წარმოშობა. ამ ცვალებადობის მუდმივი თანამგზავრია სოციალურ აგენტთა (სუბიექტთა) თუ ჯგუფთა პოზიციების ცვლილებაც, მათი გადაადგილება ერთი პოზიციიდან მეორეში. ს.მ. არის სწორედ ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების გადაადგილება სოციალურ სივრცეში (საზოგადოებაში) იერარქიულ კიბეზე, ერთი სოციალური პოზიციიდან სხვაში. ეს მოძრაობა გულისხმობს ორი მიმართულებით გადაადგილებას: ქვემოდან ზემოთ, როდესაც ხდება სტატუსის გაუმჯობესება („აღმავალი მობილობა“), და ზემოდან ქვემოთ, როდესაც ხდება სტატუსის დაქვეითება („დაღმავალი მობილობა“). იერარქიულ კიბეზე მოძრაობა ვერტიკალური ს.მ-ის არსია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის გადასვლა ერთი სტრატიდან (ფენიდან) სხვა სტრატაში (ფენაში). როდესაც პოზიციის შეცვლა ხდება ერთი სოციალური სტრატის შიგნით, ესეც მობილობაა, ოღონდ - ჰორიზონტალური. სოციალურ ცვლილებას სივრცითი (ფიზიკური) ცვლილება შეიძლება ახლავდეს ან არც ახლდეს, მთავარია, იცვლება ადამიანის სოციალური მდგომარეობა, მისი სტატუსი და როლები. ადამიანის სოციალური მდგომარეობა რომ ვიცოდეთ, უნდა გავიგოთ მისი გარკვეული მახასიათებლები, ოჯახური მდგომარეობა, თანამდებობა, ქონება, პრესტიჟი, წარმოშობა, რწმენა, პოლიტიკური კულტურა, ეროვნება და სხვა. თუ ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და იდენტურ ფუნქციებს ასრულებენ, მათ ერთი სოციალური პოზიცია აქვთ. თუ განსხვავებულ ჯგუფებს ეკუთვნიან და სხვადასხვა როლებს ასრულებენ, მათი სოციალური მდგომარეობაც განსხვავებულია. ს.მ-ის ანალიზი პირველად ამერიკელმა (წარმოშობითი რუსმა) სოციოლოგმა პ.სოროკინმა (1889-1968) განახორციელა თავისი შრომაში „სოციალური მობილობა“ (1927). ს.მ-ის კვლევა თანამედროვე საზოგადოებაში, ძირითადად, ხდება დასაქმების სტრუქტურის ფარგლებში. ვერტიკალური მობილობის შესაძლებლობა საზოგადოების არარიგიდულობის და „ღიაობის“ საზომია: საზოგადოება მით უფრო ღია და დემოკრატიულია, რაც უფრო ლაბილურია სტრატებს (კლასებს) შორის საზღვრები და რაც უფო ნაკლები სოციალური წინაღობები (წოდებრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სხვ.) ხვდება ინდივიდებს (სოციალურ ჯგუფებს) იერარქიულ კიბეზე გადასაადგილებლად.
სოციალური მოქმედება - იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედების თეორიები.
სოციალური მოქმედების თეორიები - ამ თეორიათა კლასიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს ორ საფუძველზე: ერთ შემთხვევაში, ს.მ.თ. მოიაზრება აქტორი/სტრუქტურა დუალიზმის ფარგლებში. ამ საფუძველზე ს.მ.თ. დაიყოფა იმის მიხედვით, თუ რაზე ახდენენ ისინი ორიენტაციას: ა) აქტორსა და მის საქმიანობაზე (ვებერის თეორია, სიმბოლური ინტერაქციონიზმი, რაციონალური არჩევანის თეორია და სხვ.); ბ) აქტორისთვის გარემდებარე სოციალურ სტრუქტურებზე (პარსონსის თეორია); გ) აქტორისა და სტრუქტურის კომპრომისზე, რამაც უნდა გადალახოს მათ შორის დუალიზმი (გიდენსის სტრუქტურაციის თეორია). კლასიფიკაციის მეორე კრიტერიუმის მიხედვით, ს.მ.თ. დაიყოფა იმის მიხედვით, მოქმედება გაიგება მასში მონაწილე აქტორის ან აქტორთა სუბიექტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე (მ. ვებერი), თუ იმის მიხევით, როგორც წარმოიქმნება და სრულდება მოქმედება. ამ უკანასკნელ თეორიებს სხვანაირად პერფორმატორულ, ან პრაქსისის თეორიებსაც უწოდებენ (ჯ.დიუი, ჯ.მიდი, ჰ.გარფუნკელი, ე.გიდენსი). კლასიფიკაციის აღნიშნულმა ორმა კრიტერიუმმა შესაძლოა გადაკვეთოს ერთმანეთი. კერძოდ, აქტორის მოღვაწეობაზე ორიენტირებული თეორიები, ერთი მხრივ, შესაძლოა, მოქმედების სუბიექტურ საზრისზეც აკეთებდეს აქცენტს (მაგ., ვებერის თეორია) ხოლო, მეორე მხრივ პრაქსის თეორიასაც წარმოადგენდეს (მაგ., სიმბოლური ინტერაქციონიზმი). პირიქით, სოციალურ სტრუქტურაზე ორიენტირებული თეორიებისშესაძლოა, ამავე დროს, პერფორმატორულიც იყოს (მაგ., გიდენსის თეორია).
სოციალური მოქმედების ტიპები - მაქს ვებერის მიხედვით, სოციალური მოქმედებების კლასიფიკაცია მოიცავს ოთხი ტიპის მოქმედებას (კლასიფიკაციის კრიტერიუმად გამოყენებულია მოქმედების რაციონალობის ხარისხი): 1. მიზან-რაციონალური მოქმედება, როდესაც ინდივიდი ორიენტირებულია მიზანზე და მის მისაღწევად იყენებს გარე სამყაროს ნივთებისა და სხვა ადამიანთა ქცევებს (ქცევის მოლოდინებს) როგორც საშუალებებს. ამ დროს აქტორი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, თუ რა დამატებითი შედეგები მოჰყვება მიზნის განხორციელებას. წმინდა სახით მიზან-რაციონალური მოქმედება რეალობაში არ არსებობს, იგი უფრო თეორიული კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის უსაზრისო/ირაციონალური მოქმედებების მიმართ, რათა განისაზღვროს მათი დევიაციის ხარისხი. რეალობაში არსებობს მხოლოდ წმინდა ტიპთან მიახლოებული მოქმედება; 2. ღირებულებით-რაციონალური მოქმედება, რომელიც დაფუძნებულია თვითკმარი ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური) უპირობო რწმენაზე. ამ დროს აქტორი რაციონალურად იღწვის ღირებულებების რეალიზაციისათვის. თუმცა, მოქმედების ეს ტიპი შეფარდებითად რაციონალურია, რამდენადაც მხედველობაში არ იღებს მოქმედების მეორეხარისხოვან შედეგებს. ღირებულებით-რაციონალური მოქმედება ანტიუტილიტარულია - ინდივიდი მოქმედებს ღირებულებების და არა პრაქტიკული საჭიროებების შესაბამისად; 3-4. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები, რომლებიც, მკაცრი აზრით, არც არის სოციალური, რადგან გასაზრისიანებულია მოქმედებების ზღვარზე და ხშირად ზღვარს მიღმაც. აფექტური მოქმედება ინდივიდის ემოციური მოქმედებითაა განპირობებული, ხოლო ტრადიციული მოქმედება ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ქცევაა. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები არარაციონალური სუბიექტური საზრისის მქონეა, თუმცა, არააუცილებლად - ირაციონალური მნიშვნელობის მქონეც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ისინი უსაზრისო მოქმედებებად იქცევა, შესაბამისად, კარგავს „სოციალურობის“ სტატუსს (იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედების თეორიები).
სოციალური ორგანიციზმი - იხ. ნატურალისტური სოციოლოგია.
სოციალური სამართლიანობა - რესურსების სამართლიანი განაწილება საზოგადოებაში. ტერმინი ძირითადად გამოიყენება იმ კონტექსტში, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა თანაცხოვრების თანმხლებ საზოგადოებრივ სიძნელეებსა და სარგებელს. ს.ს-ის თანამედროვე გაგება გადმოცემულია ჯონ როლსის ფუნდამენტურ ნაშრომში „სოციალური სამართლიანობა“, რომელიც ნეოლიბერალიზმის მნიშვნელოვან შენაძენად ითვლება. როლსი ცდილობდა ეჩვენებინა სოციალური სამართლიანობის დისტრიბუციული ხასიათი და იმავდროულად განემტკიცებინა აზრი, რომ საზოგადოებაში სამართლიანი თანამშრომლობის მოთხოვნა ლიბერალიზმის განუყრელი ნიშანია.
სოციალური სახელმწიფო - დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ფართო სოციალურ საფუძველს ემყარება და აქტიურ, ძლიერ სოციალურ პოლიტიკას ატარებს, რომლის მიზანსაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება ან მისი სტაბილურად შენარჩუნება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და რეალიზება, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემების შექმნა, სოციალური კონფლიქტების თავიდან აცილება, წარმატებით მოგვარება და ა.შ. წარმოადგენს.
სოციალური სოლიდარობა - ცნება, რომლითაც აღინიშნება საზოგადოების ან სოციალური ჯგუფის მიერ გამოვლენილი ინტეგრაციის, ურთიერთდაინტერესებისა და სიმჭიდროვის ხარისხი. სოციალური ინტეგრაციის საფუძვლები განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, დიურკემი განასხვავებს ორი ტიპის - მექანიკურ და ორგანულ სოლიდარობას. მექანიკური სოლიდარობა დამახასიათებელია ტრადიციული აგრარული საზოგადოებებისათვის, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ სხვებთან იდენტიფიკაციის განცდა, ვინაიდან მათი ფუნდამენტური ცხოვრებისეული გამოცდილება ერთმანეთის მსგავსია, რაც საზოგადოების სტაბილურობის წყაროა. სოციალური წესრიგის პირობას ამ შემთხვევაში წარმოადგენს კოლექტიურობის განცდა, რასაც დიურკემი „კოლექტიურ სინდისსაც“ უწოდებს. რაც შეეხება ორგანულ სოლიდარობას, იგი დამახასიათებელია ინდუსტრიული საზოგადოებებისათვის, რომლებიც შრომის დანაწილების, ე.ი. დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს ზრდის საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას - ინდივიდებს არ შეიძლება ჰქონდეთ იმის იმედი, რომ უზრუნველყოფენ ყველა ცხოვრებისეულ საჭიროებას თვითონ, სხვა ინდივიდებთან კავშირის („ბმის“) გარეშე. ორგანული სოლიდარობა აღნიშნავს ეკონომიკური კავშირების ურთიერთდამოკიდებულებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს კონსენსუსსა და ინტერესების შეჯერებას.
სოციალური ურთიერთობა - ვებერის მიხედვით, რამდენიმე აქტორის მოქმედებათა ურთიერთორიენტაცია ამ მოქმედებებში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე. ს.უ. არსებობს მაშინ, როდესაც მასში მონაწილე თითოეული წევრი მხედველობაში იღებს სხვათა ქცევას. სოციოლოგს ს.უ-თა ემპირიულად მრავალფეროვანი შინაარსის შესწავლა უნდა აინტერესებდეს და არა მისი ნორმატიულად „სწორი“, ანდა მეტაფიზიკურად „ჭეშმარიტი“ მნიშვნელობის კვლევა. ს.უ. „ობიექტურად ცალმხრივია“ მაშინ, როდესაც მოქმედებათა ურთიერთორიენტაცია, ამავე დროს, არ წარმოადგენს ურთიერთგაგებას, ანუ არ მიიღწევა საზრისთა ერთგვაროვნება. პირიქით, მაშინ, როცა ურთიერთორიენტაციის პროცესში პარტნიორთა განწყობები და მოლოდინები თანხვდება, ასეთი ურთიერთობა „ობიექტურად ორმხრივია“. „ობიექტურად ცალმხრივი“ ურთიერთობის დროს არსებობს სუბიექტური მოლოდინი იმისა, რომ ერთ მხარისათვის დამახასიათებელ განწყობას გაიზიარებს მისი პარტნიორი. ს.უ. არ შედგება, თუ არ იარსებებს ასეთი სუბიექტური მოლოდინიც კი. ს.უ-ის შინაარსი, თუ იგი დროში ხანგრძლივი აღმოჩნდა, ყალიბდება სუპრაინდივიდუალურ (ინსტიტუციურ) ნორმებად, რომელთა დაცვასაც ყველაზე მეტად მოელიან, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოითხოვება კიდეც, ანუ სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, როდესაც ს.უ. ჩვევაში გადაიზრდება. ვიღებთ ზნე-ჩვეულებას. ადათი ისეთი ზნე-ჩვეულებაა, რომელიც მოქმედებათა გაცილებით ხანგრძლივ განმეორებადობას მოიცავს და, ამასთან, განპირობებულია საერთო ინტერესებით. ზნე-ჩვეულებები და ადათები, ვებერის თანახმად, არავისგან „მოითხოვენ“ მათ დაცვას და შეიცავენ ნორმებს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე. მათგან განსხვავებით, ლეგიტიმური წესრიგი ისეთ მაქსიმებზე ორიენტირებული სოციალური ურთიერთობაა, რომელთა დაცვა სავალდებულოა (იხ. ზნე-ჩვეულებები და ადათები; ადათი; ლეგიტიმურობა).
სოციალური ფაქტი - ამ ტერმინით აღნიშნავენ სოციალურ ფენომენებს, რომლებიც გარეგანია ინდივიდების მიმართ, მაგრამ მათთვის შემზღუდველი და მაიძულებელი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული გაგება შემოიტანა დიურკემმა, რომელმაც ს.ფ. განსაზღვრა, როგორც „ქმედებათა ყოველი წესი - მდგრადი ან არამდგრადი, რომელსაც ძალუძს ინდივიდზე გავლენა მოახდინოს გარე იძულების საშუალებით ან სხვაგვარად: რაც გავრელებულია მოცემული საზოგადოების მთელ სივრცეზე და იმავდრიულად გააჩნია საკუთარი, თავისივე ინდივიდუალური გამოვლინებისაგან დამოუკიდებელი არსებობა.“ ს.ფ.-ის კარგი მაგალითია კანონი, რამდენადაც ის არსებობს ინდივიდისაგან დამოუკიდებლად, თუმცა განსაზღვრავს, „ფორმას აძლევს“ მისი მოქმედებების მსვლელობას. დიურკემი ამტკიცებდა, რომ სოციოლოგებმა ს.ფ-ები უნდა იკვლიონ როგორც ნივთები, რაც იმას ნიშნავს, რომ განიხილონ ისინი რეალურად, ანუ ობიექტურად არსებულად. შესაბამისად, სოციოლოგიამ სოციალური მოქმედებები უნდა ახსნას ს.ფ-ების პოზიციიდან და არა ინდივიდის სუბუექტური მოტივაციების საფუძველზე (იხ. რეიფიკაცია).
სოციალური ფსიქოთერაპია - ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სფერო. მისი აღმოცენება განაპირობა ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის უკმარისობამ და იმის მოთხოვნილებამ, რომ პიროვნებაცა და მისი სოციალური გარემოცვაც უკეთ გააზრებულიყო. ს.ფ. ორიენტირებულია იმ ადამიანთა დახმარებაზე, რომლებიც აღმოჩდნენ რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებში (თავიანთ საქმიანობაში, რაიმე სოციალურ ჯგუფში), მაგრამ ისინი სამედიცინო დაწესებულებების პაციენტები არ არიან. მთლიანობაში ესაა სოციალურ მოქმედებაზე ზეგავლენის მოსახდენ მეთოდთა სისტემა, რომელიც გამოიყენება დევიაციის ყველა ფორმის (დანაშაული და სხვ.) კორექციისათვის.
სოციალური ფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი. იგი სათავეს ხალხთა ფსიქოლოგიიდან, საზოგადოების პრაგმატისტული ანალიზიდან და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიიდან იღებს. XXს-ის დასაწყისში ს.ფ. დამოუკიდებელ მიმართულებად ყალიბდება (ტერმინი ს.ფ. შემოიტანა მაკ დუგალმა, 1908). ს.ფ. არის დისციპლინა, რომელიც ინდივიდუალურ ქცევას მასზე სოციალური ფაქტორების ზეგავლენის თვალსაზრისით განიხილავს. ს.ფ. იკვლევს სხვადასხვა სოციალური გარეთიანებების (ჯგუფი, მასა, სოციალური კლასი, ორგანიზაცია, ბუნებრივი და კულტურული ერთობები, უმცირესობები) ზეგავლენას ინდივიდის მოქმედების მზაობის პირობებზე (განწყობები, სტერეოტიპები სოციალური მოტივები), ქცევის ტიპებსა და ხერხებზე (ინტერაქცია, კომუნიკაცია, ჯგუფური დინამიკა). ს.ფ. ერთდროულად შეიძლება განეკუთვნებოდეს ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას. რის გამოც მას ხშირად მარგინალურ (ინტერდისციპლინურ) მეცნიერებად მიიჩნევენ.მეცნიერებათა სისტემაში ს.ფ. სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის დგას. სოციოლოგიის გარკვეული მიმართულებისათვის (მაგ. სიმბოლური ინტერაქციონიზმისათვის) სოციოლოგია და ს.ფ. იდენტური მეცნიერებებია. ს.ფ.-ის მეთოდებია სისტემატური დაკვირვება და გამოკითხვა. განსაკუთრებული წვლილი ს.ფ-ის განვითარებაში შეიტანეს კ.ლევინმა და გ.ვ. ოლპორტმა.
სოციალური ცვლილება - ცნება სოციოლოგიაში შემოიტანა ოგბორნმა (1922). ს.ც. მიმართულია სოციალური სტრუქტურისა და სოციალური მიმართებების შეცვლისკენ. ამ ცნების შინაარსი სხვადასხვა თეორიებში (მაკრო და მიკრომიდგომებში) განსხვავებულადაა წარმოდგენილი. ს.ც.-ის პროცესის შესწავლისას აუცილებელია მოიძებნოს ინდიკატორები, რათა დადგინდეს, თუ როგორ და რამდენად შეიცვალა სოციალური სტრუქტურისა (კლასობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის სტრუქტურა და ა.შ.) თუ სოციალურ მიმართებათა (მენტალიტეტი, ღირებულებითი ორიენტაცია და ა.შ.) ესა თუ ის ნაწილი და ფორმა. რადგანაც რთულ საზოგადოებებში სხვადასხვა ცხოვრების ფორმა განსხვავებული რიტმით იცვლება, ცალკეულ ქვესისტემებს შორის დაძაბულობა ჩნდება, რაც კარად ასახავს ს.ც.-ის პროცესებს. დაძაბულობა და არათანაბარწონადობაა განსხვავებულ სექტორებს, მაგ., ეკონომიკურ-ტექნიკურ სფეროში მატერიალურ ცვლილებებსა და ამ ცვლილებებთან სოციალურ-კულტურულ შეგუებას, ან კიდევ პოლიტიკურსა და ეკონიმიკურ სისტემას შორის. არსებობს სოციალური სისტემის ცვლილებების განსხვავებული ფორმები და ტენდენციები. ასეთია, მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ს.ც. არჩევენ სც-ის ორ სახეს: რევოლუციურ და ევოლუციურ ცვლილებას. ფორმის მიხედვით ს.ც. შეიძლება იყოს: არალინეარული, მულტილინეარული, მრუდლინეარული ან ციკლური. ს.ც-ის ახნის მრავალი თეორია არსებობს. მარქსისტული თეორიის თანახმად, ს.ც-ს საფუძვლად მატერიალური ურთიერთობები უდევს. დარენდორფის აზრით, ს.ც-ის საფუძველი ძალაუფლების არათანაბარ განაწილებაში უნდა ვეძებოთ. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი, აიზენშტადტი), საზოგადოება თვითრეგულირებადი სისტემაა, რომელიც მუდმივად წონასწორობის მდგომარეობაშია და მასში ცვლილების თვითრეგულაცია მიმდინარეობს. განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალური ანალიზისაგან, ინდივიდუალისტური მიდგომები ს.ც-ის მთავარ აგენტად ინდივიდს მიიჩნევს. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ხაზს უსხვამს ს.ც-ის პროცესის განვითარების ნიმუშების შეთავსებადობას. სოციალიზაციის თეორია ყურადღებას ამახვილებს სოციალიზაციის სხვადასხვა ტექნიკის ზეგავლენაზე პიროვნების სტრუქტურის ცვლილებაში და მას სოციალური ცვლილების საფუძველში დებს. დასწავლის სოციოლოგიური თეორიები ს.ც-ს მონაწილე ინდივიდების სწავლის შედეგად თვლიან.
სოციალური წესრიგი - სანიმუშო მოქმედება ან წესები, რომელთაც ადამიანები ასრულებენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებაში. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს სოციალურ მოლოდინთა და სტრუქტურათა მყარი ნიმუშები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ს.წ-ის გამოხატულება. ასეთი ნიმუშები, გარკვეული ხარისხით, იძლევა მოქმედების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას საზოგადოებაში და, ამდენად, ნებას რთავს სოციალურ ცხოვრებას, რომ გაგრძელდეს (შენარჩუნდეს). ს.წ-ზე აქცენტირებისას სოციოლოგები ხელმძღვანელოებნ სოციალური სამყაროს შესახებ კონსერვატიული წარმოდგენით, აქცენტს აკეთებენ საზოგადოების ინტეგრაციასა და მთლიანობაზე კონფლიქტისა და ცვლილების სანაცვლოდ.
სოციალური ხასიათი - იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები.
სოციოდრამა - იაკობ ლევი მორენოს (1892-1974) მიერ სოციოლოგიაში შემოტანილი ცნება და ჯგუფური თერაპიის მეთოდი (მორენომ ეს იდეა „სპონტანური თეატრიდან“ აიღო.) იგი ფსიქოდრამის თავისებურ განვითარებას წარმოადგენს. ს-ში ერთი ჯგუფი წევრებს (შესაბამისად, პარტნიორთა ჯგუფებს) სხვადასხვა სოციალურ როლებს აძლევენ და უბიძგებენ, ერთმანეთთან შევიდნენ ინტერაქციაში (როლური თამაში), რათა საკუთარ თავსაც და თერაპევტსაც შესაძლებლობა მისცენ, შეიმეცნონ ურთიერთობაში არსებული პრობლემების მიზეზები და სიმპტომები. ამ შემეცნების შედეგია „სოციოდრამატული შოკი“, რომელიც თამაშის პროცესში უნდა მოიხსნას. ს. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს წმინდა დიაგნოსტიკური მიზნით.
სოციოლოგია - ტერმინი შემოიტანა ფრანგმა სოციოლოგმა ო.კონტმა (1798-1857). ეტიმოლოგიურად იგი ლათინური და ძვ. ბერძნული სიტყვების გაერთიანებას წარმოადგენს (socious როგორც ზედსართავი სახელი ნიშნავს დაკავშირებულს, გაერთიანებულს, ხოლო როგორც არსებითი სახელი - ცხოვრების თანამგზავრს, მეგობარს, მოკავშირეს, მონაწილეს. ბერძნული ლოგოს - სიტყვას, მოძღვრებას, გონებას. ზოგადად ს. საზოგადოების შესახებ მეცნიერებაა. უფრო ვიწრო აზრით, სოციალური მეცნიერებაა, რომელიც სოციალურ სუბიექტებს, სოციალურ პროცესებს, სოციალურ კატალიზატორებს, სოციალურ მიმართებებს, წარმონაქმნებსა და სტრუქტურებს იკვლევს. მ.ვებერის თანახმად, ს. არის მეცნიერება, რომელიც სოციალური მოქმედების გაგებითა და ახსნით არის დაკავებული, აქედან გამომდინარე, ის სოციალური მოქმედების მდინარება-მსვლელობისა და მისი შედეგების მიზეზობრივ ახნას ცდილობს. ს. საზოგადოებას მიკრო და მაკრო დონეზე სწავლობს (მაკრო და მიკროსოციოლოგია). მაკროდონეზე ს-ის ყურადღების ცენტრშია დიდი სოციალური წარმონაქმნები და კოლექტიური პროცესები. მისი საგანია სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ცვლილება, სტრუქტურა, სოციალური ჯგუფები, ასევე კლასები, ფენები და სხვადასხვა სახის უმცირესობანი. აქ უპირატესობა ენიჭება საზოგადოების განხილვას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცვალებადობის დინამიკაში. მაკროდონეზე საზოგადოება განიხილება როგორც თავისთავადი, დამოუკიდებელი რეალობა, რომელიც არ დაიყვანება ინდივიდუალურ მიმართებებსა და მის ცალკეულ ელემენტებზე. მიკროდონეზე ს. ორიენტირებულია ინდივიდებსა და მათ ურთიერთინტერაქციაზე. აქ ინდივიდების სოციალური სტრუქტურით განსაზღვრულობა საერთოდ კი განიხილება, მაგრამ კვლევის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. ამ მიდგომის ფარგლებში შეისწავლება, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები გარკვეული პირობების, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა მოლოდინები, მოტივები და ა.შ. ზეგავლენით, როგორ მიემართება ერთმანეთს ადამიანთა მოქმედებები და ა.შ.
ს-ში გამოიყოფა სოციოლოგიურ თეორიათა სამი დიდი ჯგუფი: 1. სისტემების თეორია, რომელიც წარმოდგენილია სისტემების ზოგადი თეორიის, სტრუქტურული ფუნქციონალიზმის (ტ.პარსონსი), კომპლექსური სოციალური სისტემების თეორიის (ნ.ლუმანი) სახით; 2. საზოგადოების თეორია, რომელიც მოიცავს მარქსისტულ სოციოლოგიას, კრიტიკულ თეორიას (მ.ჰორკჰაიმერი, თ.ადორნო, ი.ჰაბერმასი) და ფიგურაციისა და პროცესის სოციოლოგიას (ნ.ელიასი); 3. ქცევისა და მოქმედების თეორია, რომელიც მოიცავს ქცევის ს-ს (ბ.ფ. სკინერი, გ.კ. ჰომანსი), სიმბოლურ ინტერაქციონიზმს (გ.ჰ. მიდი), ფენომენოლოგიურ ს-ს (ა.შუტცი), ეთნომეთოდოლოგიას (ჰ.გარფუნკელი). სხვა მეცნიერებების მსგავსად ს-ში ხდება დარგობრივი დიფერენციაცია. ს-ის დარგებს განეკუთვნება: 1. ზოგადი ს., 2. სპეციალური ანუ დარგობრივი ს. (ოჯახის, რელიგიის, სოფლის, სამართლის, ლიტერატურის და ა.შ.), და 3. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.
სოციომეტრია - 1. თეორიული მიმდინარეობა თანამედროვე სოციოლოგიაში, რომლის მიზანია მცირე სოციალური ჯგუფების შესწავლა ემოციური პიროვნებათაშორისი ურთიერთოებების კვლევაზე დაყრდნობით და დასკვნების ექსტრაპოლირებით დიდ სოციალურ ჯგუფებზე და საზოგადოებაზე მთლიანად. 2. ემოციური ურთიერთობის რაოდენობრივი გაზომვა.
ტერმინი ს. აღმოცენდა XIXს-ის ბოლოს ადამიანთა ერთი ჯგუფის სხვებზე სოციალური გავლენის გაზომვის შესაძლო ხერხების = აღწერასთან დაკავშირებით. ს-ის, როგორც სოციალური მოვლენების შემეცნებისა და გაზომვის თეორიული და იდეოლოგიური დასაბუთება ეკუთვნის ამერიკელ სოციალურ ფსიქოლოგს იაკობ (ჯეკობ) მორენოს (1892-1974). სოციომეტრიული თეორიის ობიექტს წარმოადგენს რეალურად არსებული მცირე სოციალური ჯგუფები, რომელთაც აქვთ ერთობლივი ჯგუფური ცხოვრების საკმაო გამოცდილება; საგნობრივი სფერო - ადამიანთა ემოციური ურთიერთობები ჯგუფებში (სიმპათია, არაკეთილგანწყობა, განურჩევლობა). მორენოს მიხედვით, ემოციური ურთიერთობები ჯგუფებში წარმოადგენენ საზოგადოების ატომისტურ სტრუქტურას, რომელიც მიუწვდომელია უბრალო დაკვირვებისთვის და მისი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ სოციალური მიკროსკოპის დახმარებით. ს-ის ზოგადი თეორიის არსი იმის მტკიცებაა, რომ სოციალური სისტემები წარმოადგენენ მიზიდულობა-განზიდულობის ნეიტრალურ სისტემებს, რომლებიც მოიცავს არა მარტო ობიექტურ, გარეგნულად გამოვლენად ურთიერთობებს (მაკროსტრუქტურა), არამედ სუბიექტურ, ემოციურ ურთიერთობებსაც, რაც ხშირად გარეგნულად არ ჩანს (მიკროსტრუქტურა).
გამოყენებით ს-ში გამოკითხვისა და მონაცემების დამუშავების სპეციალური ტექნიკის სახით შემუშავებულია მცირე ჯგუფებში სხვადასხვა კონფლიქტების ლიკვიდაციის, ჯგუფების ფორმირების, ჯგუფური თერაპიისა და ა.შ. მეთოდიკა. სოციოდრამისა და ფსიქოდრამის ფარგლებში შესაძლებელი ხდება არაადეკვატურ ემოციურ რეაქციებზე ზემოქმედება ნევროზების, ალკოჰოლიზმის და რიგი სომატური დაავადებების მკურნალობისას.
სპიკერი - საკანონმდებლო ორგანოს სხდომების წარმმართველი. ტერმინი დამკვიდრდა ბრიტანეთის თემტა პალატის სპიკერებთან ანალოგიით. ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი იყო ის, რომ მიუხედავად ს-ის რომელიმე პარტიისადმი ფაქტობრივი მიკუთვნებისა, ს. მიუმხრობელი რჩებოდა სხდომების რეგლამენტის დაცვის, კანონების ინტერპრეტირებისა და დებატების წარმართვის პროცესის ხელმძღვანელობისას. ბრიტანელი ს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ს-ის მსგავსი, მიუმხრობელი ფორმა ბრიტანეთის გარდა შენარჩუნებულია მხოლოდ კანადაში. ავსტრალიასა დ შეერთებულ შტატებში ს. ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკური ძალების ინტერესებს, რომელთაც ის წარმოადგენს პარლამენტში. შეერთებულ შტატებში, მაგ., წარმომადგენელთა პალატას უმრავლესობის წარმომადგენელი ხელმძღანელობს, ხოლო სენატს - ვიცე-პრეზიდენტი.
სპორტის სოციოლოგია - სოციოლოგიის სფერო, რომელიც კონცენტრირდება სოციალური ინსტიტუბის (ოჯახი, განათლება, პოლიტიკა და ეკონომიკა), სოციალური ორგანიზაციების, სოციალური ურთიერთობებისა და ჯგუფური ქცევის პრობლემატიკაზე. იგი შეისწავლის სპორტის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენის ფუნქციონირებასა და განვითარებას საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ სფეროებთან კავშირში. სპორტი განიხილება როგორც გაცნობიერებული სათამაშო მოღვაწეობა და განისაღვრება საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარების შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით. ს.ს-ის კვლევის ობიექტებია ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები, როგორიცაა სპორტი, როგორც სოციალურ-კულტურული სისტემა, მისი სოციალური ფუნქციები, მისი კავშირი სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან (ოჯახი, ეკლესია, სხვადასხვა ორგანიზაციები). სპორტსმენების ღირებულებებსა და ქცევასთან, სპორტი და დასვენება, სპორტი და შრომა, სპორტი და დანაშაული, სპორტი და აგრესია და ა.შ.
ს.ს-ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპორტული კოლექტივებისა და სპორტული ორგანიზაციების სტრქუტურულ-ფუნქციური ანალიზი.
სტანდარტული გადახრა - დისპერსიის ზომები მჭიდროდ უკავშირდება ცენტრალური ტენდენციის ზომებს, რომელთაგან ერთ-ერთია სტანდარტული კვადრატული გადახრა. იგი კვადრატული ფესვია საშუალო დისპერსიიდან. მისი ინტერპრეტაცია უფრო მარტივია, რადგან მნიშვნელობა იმ მასშტაბში აქვს, რომლიდანაც იგი მიიღება.
სტატუსი - ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მეტ-ნაკლებად მყარი პოზიცია საზოგადოებაში, რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებთან. განასხვავებენ: ა) მიღწევად ს-ს, როდესაც ინდივიდი სოციალურ პოზიციას აღწევს საკუთარი ძალისხმევის წყალობით (მაგ., მეცნიერებათა დოქტორის, მასწავლებლისა და სხვ. ს-ები). ბ) მიწერილ ს-ს, როდესაც სოციალური პოზიცია მიიღება დაბადებით ან მემკვიდრეობით (მაგ., შავკანიანად, ქალად, ქართველად და ა.შ. ყოფნა); გ) ძირითად ს-ს, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის საზოგადოებრივ მდგომარეობას. ს. უნდა განვასხვავოთ სოციალური სტატუსისაგან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დადებით ან უარყოფით პრესტიჟსა და რეპუტაციას, რომელსაც საზოგადოების წევრები ანიჭებენ ჯგუფებს ან ინდივიდებს. მისი საფუძველია არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ სოციალური მდგომარება მთლიანობაში და რეალურად გამოხატულია (მანიფესტირებულია) განსაზღვრული ს-ის მატარებელი ინდივიდების ან ჯგუფების ცხოვრებაში. სოციალური ს-ის ცნება დაკავშირებულია ვებერთან, რომელიც მას იყენებს, როგორც უკეთეს (ადეკვატურ) საშუალებას სოციალური დიფერენციაციის ანალიზისათვის, ვიდრე ამის უფლებას კლასის ანალიზი იძლევა.
სტიგმა - ფიზიკური ან სოციალური თვისება, ნიშანი, რომელიც ახდენს აქტორის ან ჯგუფის სოციალური იდენტობის დევალვაციას და დისკრედიტაციას. ს.შეიძლება იყო სხეულებრივი ნიშანი (მაგ., ფიზიკური სიმახინჯე) ანდა, ისეთი სოციალური მახასიათებლები, როგორიცაა ინდივიდის კრიმინალური რეპუტაცია ან ჯგუფის მიკუთვნება განსაზღვრული რასისადმი (მაგ., შავკანიანთა რასისადმი). შესაძალოა ს. იყოს ხილული (აშკარა დისკრედიტაცია) ან ფარული (პოტეცნიურად დისკრედიტებული). ფარული ს. უფრო მეტად იძლევა შესაძლებლობას, რომ ინდივიდმა მართოს საკუთარი თავი და ადაპტირებდეს გარემოსთან. თუმცა, როგორც აშკარა, ისე პოტენციური დისკრედიტაციის შემთხვევაში აქტორის პრობლემა ისაა, რომ მოძებნოს ადეკვატური საშუალებები, რათა არა მხოლოდ შეამციროს თავისი მდგომარეობის მავნე შედეგები, არამედ სასარგებლოდაც კი აქციოს იგი.
სტრატეგია - პოლიტიკურმა მეცნიერებამ ტერმინი სამხედრო მეცნიერებებიდან შემოიტანა. განსხვავებით ტაქტიკისაგან, რომელიც ბრძოლის წარმოებას გულისხმობს, ს. ომის წარმოების ხელოვნებაა. ამ გაგებით ს. არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უშუალო სამხედრო ოპერაციების გარდა, გულისხმობს ომის წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტის (ეკონომიკური, საკომუნიკაციო, კულტურული და ა.შ.). გათვალისწინებასა და დაგეგმარებას. განასხვავებენ „სტრატეგიას“ და „დიდ სტრატეგიას“. დიდი ს. ასოცირებულია მსოფლიო ომსა და გლობალურ კონფლიქტებთან. ცივი ომის პერიოდში დიდ ს-ს ძირითადად ზესახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები შეიმუშავებდნენ. ტერმინი ს. პოლიტიკური მნიშვნელობით გულისხმობს რომელიმე პარტიის, პოლიტიკური დაჯგუფების ან სულაც სახელმწიფოს გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამის დაგეგმვას.
სტრატეგიული კვლევები - ამ ტერმინით აღინიშნება ამა თუ იმ ქვეყნის ან მსოფლიო შესაძლო გლობალური განვითარების ანალიზი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულმა პროცესებმა შექმნა იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომლის პირობებშიც რომელიმე ერთ რეგიონში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური ხასიათის ძვრები ზეგავლენას იქონიებს დანარჩენ ქვეყნებზე. ამგავრი მოვლენების შესწავლის ცენტრებია ლონდონის სტრატეგიული კვლევებისა და სტოკჰოლმის მშვიდობის შესწავლის ცენტრები, რომლებიც ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებენ რეზიუმირებულ გამოკვლევას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ს.კ. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ქვედარგია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა მიერ პოლიტიკური მიზენბის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას შეისწავლის. ს.კ -ის მოთავსება შეიძლება რეალიზმის პარადიგმის ჩარჩოებში, რადგან ეს დისციპლინა საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ მონაწილედ სახელმწიფოს მიიჩნევს. ს.კ. საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების გამოყენებით ქვედარგად მიიჩნეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ცივი ომის დასრულების შემდეგ შემცირდა. ტერორიზმსა და ბრძოლის პარტიზანული მეთოდების საყოველთაოდ გავრცელებამ შეიძლება ააღორძინოს ეს დისციპლინა, მაგრამ სავარაუდოდ სახელმწიფოს როლის შესახებ რეალიზმის შეხედულებების დათმობის ხარჯზე.
სტრატიფიკაცია - საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფენების არსებობა. სოციალური განსხვავებები საზოგადოებაში სტრატიფიცირდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მახასიათებლის (მაგ., სიმდიდრის, კაპიტალის) ფლობა ან არფლობა იქცევა სისტემის შიგნით ინდივიდების მთავარ გამანაწილებელ პრინციპად. ს. სოციალური უთანასწორობის საფუძველია, რამდენადაც ის გულისხმობს უფლებებისა და პრივილეგიების, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების, სოციალური კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და ა.შ. არათანაბარ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური ს-ის უამრავი კონკრეტული ფორმა არსებობს. თუ ხდება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ინდივიდების დაყოფა, როდესაც, ზოგადი სახით, გამოიყოფა ორი სტრატა - მდიდრები და ღარიბები - მაშინ ხდება ეკონომიკური დიფერენციაციაც. თუ საზოგადოებაში არსებობს იერარქიულად განსხვავებული რანგები ძალაუფლების სხვადასხვა ხარისხის შესაბამისად, პრესტიჟის, ავტორიტეტის და სხვ. ფლობის თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოება, ზოგადად, იყოფა მმართველებად და მართულებად, ხდება პოლიტიკური ს. ხოლო მაშინ, როდესაც საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა საქმიანობის მქონე ჯგუფებად, ეს მიუთითებს პროფესიულ ს-ზე. სხვადასხვა საზოგადოება იყენებს ინდივიდების იერარაქიული განლაგების განსხვავებულ პრინციპს. ტრადიციული საზოგადოებები ხშირად მიმართავენ მემკვიდრეობით მახასიათებლებს, მაშინ როცა თანამედროვე საზოგადოებები იყენებენ სიმდიდრეს ან შემოსავალს.
სტრუქტურა - გამოხატავს ობიექტის ელემენტთა შორის შედარებით მყარი, სტანდარტიზებული მიმართებების არსებობას. ობიექტის ს-ის განსაზღვრა ნიშნავს, მოვიხსენიოთ მისი ნაწილები და ის წესები, რომელთა გზითაც ეს ნაწილები ურთიერთქმედებაში (ურთიერთობაში) მოდიან. როდესაც ლაპარაკია სოციალურ ს-ზე, ამ შემთხვევაში მიუთითებენ სოციალური ორგანიზმის (საზოგადოების) ელემენტებს (სოციალურ ერთეულებს) შორის ურთიერთობების სტანდარტიზებულ სისტემაზე. საკითხი ეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს ასეთ ურთიერთობაში ჩართული სოციალური ერთეული, ანუ საზოგადოების ელემენტი. ზოგი სოციოლოგი ერთეულად ასახელებს აქტორს (მოღვაწეს), ზოგი - სოციალურ ინსტიტუტებს როგორც სოციალური ურთიერთობისა და ქმედების განმეორებად ნიმუშებს, ზოგიც - სოციალურ როლებს.
სოციოლოგთა უმეტესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ სტრუქტურა ანალიტიკური აბსტრაქციაა, ინტელექტუალური მოდელია, რომელიც აგებულია ემპირიულ ურთიერთობებზე დაკვირვების შედეგად. ამდენად მოთხოვნა ასეთია - ერთმანეთში არ ავურიოთ სოციალური ურთიერთობისა და სოციალური ს-ის ცნებები. სოციალური ურთიერთობა ემპირიული მოღვაწეობაა, ხოლო სტრუქტურა - ემპირიული მოღვაწეობის მსგავსად აგებული მოდელი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ურთიერთობა ძირითადი მასალაა ს-ული მოდელების ასაგებად. კ. ლევი-სტროსი აყალიბებს ოთხ პირობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, რათა მას ს-ის კვალიფიკაცია მიეცეს: ა) ს. ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისაგან შემდგარი სისტემა, როდესაც ერთ-ერთი მათგანის შეცვლა იწვევს ყველა დანარჩენის ცვლილებას; ბ) ს-ის სახით არსებული მოდელი შეიძლება შეიცვალოს (გარდაისახოს), თუმცა ყოველი მათგანი ერთი და იმავე მოდელის ტიპს მიეკუთვნება; გ) შესაძლებელია იმის გათვალისწინებამ. თუ როგორი რეაგირება ექნება მოდელს მისი ერთ-ერთი ელემენტის ცვლილების შემთხვევაში; დ) მოდელი იმგვარად უნდა აიგოს, რომ მისი გამოყენება მოიცავდეს ყველა დასაკვირვებელ მოვლენას.
სტრუქტურალიზმი - სოციოლოგიაში სოციალური სტრუქტურის სოციოლოგიური ანალიზი. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ს. ანალიზის ფორმაა, სადაც სტრუქტურას პრიორიტეტი აქვს აგენტთან მიმართებაში. ლინგვისტიკაში (ფერდინანდ დე სოსიური (1857-1913), ნ.ჩომსკი (დაიბ. 1928)), ს. ნიშნავს ენის სტრუქტურის თავისებურების კვლევას. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ლინგვისტური ელემენტების სინქრონიულ მიმართებებზე და ნაკლები ყურადღება ექცევა დიაქრონიულ, ისტორიულ ან შედარებით კვლევას. ს. ასევე კულტურული და სოციოლოგიური ანალიზისადმი მეთოდოლოგიური და თეორიული მიდგომაა, რომელიც ემყარება ვარაუდს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია საზოგადოების ანალიზი ენის როგორც ნიშანთა სისტემის მსგავსად. აქ აქცენტრებულია სოციალური ცხოვრების „კონცეპტუალური ელემენტები“, „უხილავი“, მაგრამ მოსალოდნელად შესაძლებელი სტრუქტურული მიმართებები. კონცეპტუალური ელემენტები სოციალურ მეცნიერებებში გამოკვლევის საბოლოო მიზნად და სოციალური სინამდვილის სტრუქტურულ დეტერმინანტებად მიიჩნევა. სოციოლოგიაში ს. (სტრუქტურული ანალიზი) წარმოდგენილია ანთროპოლოგ კლოდ ლევი-სტროსის (1908), სემიოლოგ როლანდ ბარტისა (1915-1980) და ფსიქოანალიზის თეორეტიკოსის ჟაკ ლაკანის (1901- 1981). შრომებში. ლევი-სტროსის შრომებში სოციალური მითები და აზროვნების სხვა ფორმები წარმოადგენს ადამიანის აზროვნების ტენდენციის შედეგს - ადამიანის უნარს, იაზროვნოს ბინარული დაპირისპირებულობებით (მაგ., უმი/მოხარშული, ქორწინების ასაკს მიღწეული/ქორწინების ასაკს მიუღწეველი და ა.შ.) ს. შეიძლება ასევე გავიოგთ როგორც დოქტრინა, რომლის თანახმადაც, სოციალური გამოკვლევა უნდა იყოს მიმართული არა იმ გამოვლენილ სტრუქტურებზე, რომლებიც ზედაპირზე დევს, არამედ უფრო ღრმა, „რეალურ“ სტრქუტურებზე, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ ურთიერთობებს. თანამედროვე სოციოლოგია ცდილობს მოძებნოს ერთგვარი კომპრომისი სტრუქტურასა და ინდივიდის (აქტორის) ნებას შორის. მაგ., ბელგერი და პულბერგი გვთავაზობენ სოციალური რეალობის კონსტრუირების დიალექტიკურ თეორიას, რომლის თანახმად, სოციალური სტრუქტურა ადამიანისგან მოწყვეტილი არ არის. სტრუქტურა ადამიანის მიერაა შექმნილი, მაგრამ მასვე უპირისპირდება, როგორც უცხო მოცემულობა, როგორც იძულების საშუალება. ე.გიდენსი, (დაბ. 1938) საუბრობს „სტრუქტურის დუალობაზე“. გიდენსის თანახმად, სტრქუტურა დუალისტურია, რადგან მასში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური ნება, ასევე თავად სტრუქტურა.
საერთაშორისო ურთიერთობებში ს. იმგვარი ხედვაა, რომელიც საერთაშორისო პროცესების ახსნისას გადამწყვეტ მნიშვნელობას სოციალურ სტრუქტურებს ანიჭებს. ს. რამდენიმე ცალკეულ თეორიას აერთიანებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დაქვემდებარების თეორია და მსოფლიო სისტემების თეორია. ს. მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოქმედ პირად არა სახელმწიფოს, არამედ სოციალურ კლასს მიიჩნევს, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების წამყვან პროცესად კონფლიქტს ასახელებს. ს., როგორც თეორიული პერპსექტივა, მსოფლიო პოლიტიკაში მესამე სამყაროს ქვეყნების გააქტიურების შედეგად განვითარდა. საერთაშორისო უთანასწორობის მთავარ მიზეზად ს. ძალის უთანასწორო განაწილებას მიიჩნევს, რაც, თავის მხრივ, შრომის დანაწილების არსებული კაპიტალისტური სისტემის ნაყოფია.
სტრუქტურაციის თეორია - დაკავშირებულია ენტონი გიდენსის სახელთან. თეორია მოწოდებულია, გადაჭრას ტრადიციული დუალიზმი - მოქმედება/სტრუქტურა. მისთვის ამოსავალი ხდება არა აღნიშნული დიქოტომიის რომელიმე წევრი, არამედ მათი მედიუმი - სოციალური პრაქტიკის (პრაქსისის) ცნება. ეს უკანასკნელი ფოკუსირდება არა მოქმედების შედეგზე, არამედ მოქმედების პროცესზე, რაც წარმოადგენს სოციალური ცხოვრების წარმოებას (ქმნადობას). სოციალური პრაქტიკა არის გზა, რომლის საშუალებითაც სუბიექტის აქტივობა ობიექტურ მოცემულობად იქცევა, მაგრამ რომელიც თავისთავად აღებული, არც ერთია და არც მეორე. იმ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკები მეორდება, ხდება პრაქტიკების კვლავწარმოება (რეპროდუქია), რაც სოციალური ინსტიტუტების (რუტინების) არსებობის პირობაა. სოციალური ინსტიტუტების ფარგლებში აქტორები თავიანთ ქცევას განიხილავენ როგორც თავისთავად ნაგულისხმევს (taken for granted), რაც გამორიცხავს სოციალური ცვლილებების შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი მოითხოვს ხანიერი სოციალური პრაქტიკის შეწყვეტას, ანუ პრაქტიკის ტრანსფორმაციას. როდესაც სოციალური ინსტიტუტების მოდელირება ხდება დროსა და სივრცეში, მაშინ სახეზეა სოციალური სისტემა. გიდენსი ამტკიცებს, რომ სოციალური პრაქტიკა ხორციელდება განსაზღვრული წესებისა და რესურსების საფუძველზე. წესებში იგულისხმება პროცედურული და მორალური პრინციპები. რაც შეეხება რესურსებს, გიდენსი გამოყოფს ორი ტიპის - მატერიალურ და ადმინისტრაციულ - რესურსებს. მატერიალური რესურსები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აქტორებმა გამოიყენონ მატერიალური ობიექტები: ტექნიკური იარაღები, წარმოების, გაცვლის საშუალებები, ნედლი მასალები და სხვ. ავტორიტეტული რესურსების საშუალებით აქტორები გავლენას ახდენენ პიროვნებებზე. მათ მიეკუთვნება სოციალური დროისა და სივრცის ორგანიზაცია, თვითგანვითარებისა თვითგამოხატვის შესაძლებლობები და სხვ. წესებსა და რესურსებს „შეაქვს“ სტრუქტურა სოციალური ცხოვრების ქმნადობის პროცესში. გიდენსი სტრუქტურას განსაზღვრავს სწორედ წესებისა და რესურსების თვალსაზრისით, რომლებიც შესაძლებელს ხდის მოქმედების განხორციელებას. თუმცა, სტრუქტურა არა მხოლოდ პრაქტიკათა კვლავწარმოების საშუალებაა, არამედ მისი შედეგიც: ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული ქმედებების შესასრულებლად აქტორები იყენებენ სტრუქტურის, ანუ წესებისა და რესურსების შესახებ ცოდნას, როგორც საშუალებას, თუმცა, ამავე დროს, ახდენენ ამ ცოდნის ე.ი. სტრუქტურის კვლავწარმოებას შედეგის სახით. ესაა სტრუქტურის დუალობის არსი. სტრუქტურა ანალიტიკური აბსტრაქციაა, რომელიც ვირტუალურად არსებობს როგორც „მეხსიერების ნაკვალევი“. რეალურად არსებობს მხოლოდ სტრუქტურაციის დინამიკური პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებულია კიდევ ერთი - რეფლექსურობის ცნება. რეფლექსია წარმოადგენს იმ გზას, რომლის საშუალებითავ აქტორი საკუთარ მოქმედებას აკონსტრუირებს. გიდენსი მიუთითებს ორი ტიპის რეფლექსიაზე - აქტიურსა და პასიურზე. აქტიური რეფლექსია დისკურსიულია, ხოლო, პასიური - პრაქტიკული ცნობიერების დონეზე ხორციელდება. სტრუქტურის დუალობამ. გიდენსის აზრით, უნდა დაძლიოს დუალიზმი - მოქმედება/სტრუქტურა: სტრუქტურა არა მხოლოდ ქმნის მოქმედებას (ცალკე აღებული, სტრუქტურის პრიმატი), არამედ, იმავდროულად, კვლავ იქმნება მოქმედების პროცესში (ცალკე აღებული, მოქმედების პრიმატი). ამრიგად, მოქმედება და სტრუქტურა ურთიერთგანმაპირობებელი ფენომენებია.
სტრუქტურული ანთროპოლოგია - ტერმინი გამოიყენება სოციოლოგიაში, ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში, კულტურულოგიაში. ს.ა. ყველაზე სრულად განვითარებულია კლოდ ლევი-სტროსის თეორიაში, რომელიც ეყრდნობა პირველყოფილი კულტურების კვლევის მონაცემებს. მის ჩამოყალიბებაზე უძლიერესი გავლენა იქონია დიურკემის სოციოლოგიამ, აგრეთვე კულტურულმა ანთროპოლოგიამ. ლევი-სტროსის თეორიაში გამოყენებულია ზუსტ მეცნიერებათა (ინფორმატიკის, მათემატიკური ლოგიკის, სტრუქტურული ლინგვისტიკის, ფიზიკისა და სხვ.) მეთოდები, განსაკუთრებით ლინგვისტური, რამდენადაც ენას ლევი-სტროსი ადამიანური ურთიერთმიმართებების ყველაზე სრულყოფილ მოდელად მიიჩნევს და უწოდებს „სიმბოლური გაცვლის“ მიმართებებს. სოციალური რეალობის ძირითად მასტრუქტურირებელ ფაქტორად მიჩნეულია კოლექტიური არაცნობიერი. ლევი-სტროსის თანახმად, ქვეცნობიერი უკიდურესად ინდივიდუალური და უსასრულოდ მრავალფეროვანია, არაცნობიერი გვევლინება ობიექტური საწყისის როლში, რამდენადაც არ არის დამოკიდებული ინდივიდის გრძნობებზე, აზრებსა და ზრახვებზე. პირველყოფილი კულტურების კვლევის შემდეგ, რომელიც სოციალურ ფენომენებს „სტატიკაში“ ათვალსაჩინოებს, ლევი-სტროსი თანამედროვე კულტურების კვლევით დაინტერესდა.
სტრუქტურული ლინგვისტიკა - იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები.
სტრუქტურული რეალიზმი - იხ. ნეორეალიზმი
სტრუქტურული ფუნქციონალიზმი - იხ. ფუნქციონალიზმი.
სუბკულტურა - სოციალური ნორმებისა და ღირებულებების, ქცევის მოდულების სისტემა, რომელიც განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი და გამოარჩევს მას საზოგადოებაში გაბატონებული კულტურისაგან (ანუ, საზოგადოების უმრავლესობის კულტურისაგან). არ არის აუცილებელი, ს. ეწინააღმდეგებოდეს გაბატონებულ კულტურას, არამედ შეიძლება იყოს მისი რელევანტური. თუმცა, ამასთან დაკავშირებით თავს იჩენს პრობლემა, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებებში კულტურული ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხი აძნელებს გაბატონებული კულტურის გამოყოფას. ს-ებში ჩართულობის მოტივაცია ზოგიერთისათვის შეიძლება იყოს კომპენსაცია იმ წარუმატებლობისა და წყენისა, რაც მათ საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან შეხვდათ. ს. შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, როგორიცაა ეთნიკურობა, კლასობრივი და რელიგიური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია, უბრალოდ ცხოვრების ახალი სტილი (ისეთი, რომელიც დაამკვიდრეს, მაგ., პანკებმა) და სხვ. თანამედროვე კვლევები ყველაზე მეტად მიმართულია ახალგაზრდული და დევიანტური ს-ების შესწავლისაკენ (იხ. კონტრკულტურა).
სუვერენიტეტი - უფლება სრულ პოლიტიკურ უზენაესობაზე. საერთაშორისო სისტემაში ს. არის სახელმწიფოს უფლება სრულ თვითმმართველობაზე, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სახელმწიფოთა მიერ ერთმანეთის ს-ის აღიარება საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. ს-ის ცნება სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), რომელიც ასაბუთებდა მეფეების აბსოლუტურ ხელისუფლებას, მათ დამოუკიდებლობას ვინმესაგან, გარდა ღმერთისა. დღეს ერთმანეთისაგან განასხვავებენ სახელმწიფო ს-ს, ეროვნულ ს-სა და სახლახო ს-ს. სახელმწიფო ს. სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისებაა, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული ს. არის ერის სისხლხორცეული უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება, შექმნას დამოუკიდებელი ანუ სუვერენული სახელმწიფო. ეროვნულ უმცირესობებს ასეთი უფლება არა აქვთ; სახალხო ს-ს იგივე ნიშან-თვისებები აქვს, რაც ეროვნულს, მაგრამ მისი მოქმედების სფერო უფრო ფართო ხასიათისაა - მრავალეროვან საზოგადოებაში ხალხის ცნება არ თავსდება მხოლოდ ერთი ერის ჩარჩოებში, იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა თუ ეროვნების მოქლალქეთა საერთო უფლებად გვევლინება, თუმცა ზოგიერთ ერს შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი ეროვნული ს. და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ს. განუსხვისებელი უფლებაა და მისი გარედან ძალით შეზღუდვა თუ გაუქმება საერთაშორისო დანაშაულად ითვლება. ს. სახელმწიფო ხელისუფლების განუყოფელი თვისებაა, რომელიც ვლინდება მისი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობისას. ს. ასევე ხელშეუხებელია სხვა სახელმწიფოებისაგან, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია თვითონ, სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებით (ხელშეკრულებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობით), ნებაყოფლობით შეზღუდოს თავისი სუვერენული უფლებები საშინაო თუ საგარეო საქმეების ამა თუ იმ სფეროში. თავისთავად, სახელმწიფოთა ზოგიერთი სუვერენული უფლების შეზღუდვა (ფედერაციულ და კონფედერაციულ კავშირში გაერთიანება, სახელმწიფოთაშორის ასოციაციებში გაწევრიანება) და, მით უმეტეს, თვითშეზღუდვა, არ ნიშნავს ს-ის დაკარგვას.
სუიციდი - იგივეა, რაც თვითმკვლელობა.
სუპერ-ეგო - იხ. იდი, ეგო, სუპერ-ეგო.
![]() |
20 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბუ - 1. ტერმინი წარმოდგება პოლინეზიური სიტყვიდან ტაბუ (tabu), რაც ნიშნავს წმინდას, ხელშეუხებელს. დაკავშირებულია პირველყოფილ კულტურასთან და აღნიშნავს მკაცრ კატეგორიულ ნიშნურ აკრძალვას განსაკუთრებით გამოყოფილი საგნების, ქცევისა და სიტყვის მიმართ, რის დარღვევასაც კოლექტივის მხრიდან მკაცრი სასჯელი მოსდევს, ამასთან, თვით დამრღვევმაც შეიძლება საკუთარი თავი დაუნდობლად დასაჯოს. ტ-ს აკრძალვა სხვა აკრძალვებისგან იმით განსხვავდება, რომ არაფრით მოტივირდება და ასევე ააფრით საბუთდება. თავდაპირველად უკავშირდებოდა ყოველდღიური მოხმარებისთვის აკრძალულ რელიგიურ, საწესჩვეულებო და საცერემონიო ობიექტებს, შემდგომში ასეთი აკრძალვა განივრცო ნებისმიერი სახის აქტზე, ადგილზე, ობიექტზე, ქცევის მოდელზე; ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ფიგურირებს ინცესტთან მიმართებაში, რის შესახებაც ბევრი გამოკვლევაა ანთროპოლოგიის სფეროში; ფუნქციონალისტები ტ-ს ხსნიან ჯგუფური სოლიდარობის პოზიციიდან, სტრუქტურალისტებს კი აინტერესებთ როგორც ბინარულობის (ორაზროვნების) პრობლემა. თანამედროვე ეტაპზე ტერმინი ფართოდ გამოიყენება. 2. აკრძალვის აქტი თავისთავად.
ტარიფი - იხ. პროტექციონიზმი.
ტერორიზმი - სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის მოწინააღმდეგის დაშინებას, დათრგუნვას ან ფიზიკურ განადგურებას. ტ. შეიძლება იყოს მიმართული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, ორგანოებისა და ორგანიზაციების, უბრალო მოქალაქეების მიმართ. იგი ხორციელდება არა მარტო მკვლელობისა და მუქარის სახით, არამედ აფეთქებების, შეიარაღებული თავდასხმების, ტრანსპორტების, თვითმფრინავებისა და სხვ. გატაცების სახით. ტ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური (ორგანიზებული) და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილიც, რაც განსაკუთრებით საშიშია. ტ-თვის, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული ფორმისათვის, დამახასიათებელია: ფანატიკური მიზანსწრაფვა, უმოწყალობა, გათვლა გარეგან ეფექტსა და ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სხვ. ტ. დღეს უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო მკაცრად გმობს.
ტექნოკრატია - მართვის უმაღლეს ფუნქციონერთა შემადგენლობაში მყოფ ტექნიკურ სპეციალისტთა ფენა.
ტექნოკრატიზმი - 1. ტექნოკრატიული მმართველობის პოსტულატთა პრაქტიკულად მარეალიზებელი პოლიტიკური რეჟიმი; 2. თეორიული კონცეფცია (ან იდეოლოგია), რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში წამყვან როლს ანიჭებს ტექნიკას, ტექნიკურ სპეციალისტებს და მიიჩნევს მათ თანამედროვე მრეწველობის საფუძვლად.
ტირანია - კლასიკურ ფილოსოფიაში - მონარქიის დამახინჯებული ფორმა, როდესაც მონარქი სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავს. უფრო ფართო მნიშვნელობით. იძულების უფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც კანონი უზენასი არ არის (დიქტატურის პირობებში), ხოლო მოქალაქეები უუფლებო მდგომარეობაში, ზოგჯერ კი ტერორის ქვეშ იმყოფებიან.
ტოლერანტობა - სხვისი ქცევებისა და შეხედულებების შეწყნარება. ტოლერანტიზმს თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ჩამოყალიბდა ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპად. შემდგომში ტ. დემოკრატიული თეორიის ბაზისურ ღირებულებად იქცა. უკვე სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის არსებობა გულისხმობს პოლიტიკური ოპოზიციისადმი შემწყნარებლობას. ტ-ის პოლიტიკური პრინციპი აუცილებლად გულისხმობს გამიჯვნას „თქმასა“ და „მოქმედებას“ შორის. ისეთი საზოგადოება, სადაც შეხედულებების თავისუფალი გამოთქმა შეზღუდულია, უთუოდ არადემოკრატიულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ იგივე არ ვრცელდება მოქმედების თავისუფლებაზედაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში დასაშვებია თუნდაც თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართული შეხედულებებით საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ არა ანალოგიური ქმედებები.
ტომი - იხ. გვარი, ტომი, ფრატრია.
ტორები, ტორიზმი - (Tories, Toryism) XVIII ს-ის დიდ ბრიტანეთში ტერმინით ტორები აღინიშნებოდა მიწათმფლობელთა საპარლამეტო ფრაქცია, რომელიც მხარს უჭერდა მონარქიულ ხელისუფლებასა და ინგლისის ეკლესიას. შეერთებულ შტატებში ტორიზმი აღნიშნავდა ბრიტანული გვირგვინისადმი ლოიალობას. XIXს-ის შუა ხანებიდან ტორების საფუძველზე შეიქმნა ბრიტანეთის კონსერვატორული პარტია, თუმცა ტორიზმის დღევანდელი მნიშვნელობა უფრო ფართოა, ვიდრე ბრიტანული კონსერვატორული პარტიის ოფიციალური იდეოლოგია და ის ზოგადად კონსერვატიზმის სინონიმად გამოიყენება. ამ აზრით, ტორიზმის მთავარი ღირებულებებია იერარქიულობა, ტრადიცია, მოვალეობისა და ორგანული საზოგადოების შენარჩუნება.
ტოტალიტარიზმი - ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ.არენდი, ზ.ბჟეზინსკი, კ.პოპერი, მ.ჰაიდეგერი, ფ.ჰაიეკი და სხვ.).
ტოტალური ომი - ომის გადაზრდა „აბსოლუტურ“ სტადიაში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს არა არმიები, არამედ ხალხები (ერები) აწარმოებენ. ტ.ო. შესაძლებელი გახდა ნაციონალიზმის აღზევების შედეგად და „დემოგრაფიული აფეთქების“ გამო მოსახლეობის ზრდის შედეგად. ტ.ო-ის წარმოშობაზე გავლენა იქონია სამრეწველო რევოლუციამ. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებისთვის მაქსიმალური დაქვემდებარება როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიანობის დროსაც, რამაც სამხედრო-სამრწველო კომპლექსის წარმოშობას შეუწყო ხელი.
ტოტემიზმი - ადამიანთა მიერ საკუთარი თავის გაიგივების პრაქტიკა ადამიანისგან განსხვავებულ ობიექტებთან, ჩვეულებრივ, ცხოველთან ან მცენარესთან. რელიგიის პირვანდელი ფორმა, როცა სჯერათ თავისი ხალხის, კლანის ტოტემისგან წარმომავლობა. მაგრამ სიმბოლურ მოქმედებებთან მიმართებაში ტერმინს იყენებენ უფრო ფართო გაგებითაც. ფუნქციონალურ ანთროპოლოგიას, კერძოდ, რადკლიფ-ბრაუნს (დიურკემის გავლენით) ტოტემი ესმოდა ჯგუფური სოლიდარობის სიმბოლოდ. ფროიდის თვალსაზრისით, ტოტემი შუამავალია არაცნობიერ ბუნებასა და დათრგუნულ კულტურას შორის. სტრუქტურული ანთროპოლოგია მიიჩნევს, რომ ტ. ტაბუს მსგავსად, ბუნების სხვა ინსტანციაა, ამიტომ მისი გააზრება უნდა მოხდეს ადამიანებსა და ცხოველებს შორის განსხვავებათა სტრუქტურაზე დაყრდნობით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მითოსურ ობიექტებს ადამიანური გამოცდილების ამსახველი თვისებები თუ რეალური ცხოვრებისეული ნიშნები მიეწერება. შესაბამისად, მითოლოგიის შესაქმნელად კონკრეტული სინამდვილის მასალა გამოიყენება. ტ. შეიძლება განხილულ იქნეს მოვლენად, რომელიც არ ახასიათებს განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს, თუმცა ტოტემის შორეულ გამოძახილად მიიჩნევა ზოგიერთი თანამედროვე სიმბოლო, მაგ., თილისმა ან სპორტული გუნდის ემბლემა ცხოველის (მცენარის) გამოსახულებით.
ტრადიცია - ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს, პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით. ამასთან იოლი არ არის გავარკვიოთ, თუ რამდენად გამძლე უნდა იყოს ესა თუ ის მოვლენა საიმისოდ, რომ იგი ტ-დ ჩაითვალოს. ტ., ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, აღნიშნავს განგრძობითობას, მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის საზღვრების მონიშვნა ყოველთვის იოლი არ არის, პროგრესსა და რეაქციასთან შეპირისპირებით ტრადიცია სავსებით გამოკვეთილ სახეს იღებს. კერძოდ, თუ პროგრესი წინსვლას წარსულზე დაშენებას ნიშნავს, ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტ., უპირველეს ყოვლისა, წარსულის შენარჩუნებას ან განგრძნობას მოითხოვს.
სოციოლოგიური თვალსაზრისით, ტ-ები სოციალური ან კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სოციალურ ჯგუფში ხანგრძლივად შენარჩუნდება. ტრადიციის სახით გვევლინება გარკვეული საზოგადოებრივი დანაწესები, ნორმები და ქცევის წესები, დამოკიდებულებები კონკრეტული მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი, ადათები და წეს-ჩვეულებები. ტ-ები განსხვავდება შინაარსით (იდეები, ნორმები და ა.შ.), ფუნქციებით (ტრადიციის არსი - ადათები და მათი ფორმა - წეს-ჩვეულებები ან რიტუალები), ყოფაში არსებობის ხასიათით (ზეპირი და წერილობითი ტ-ები), შეფასებითი თვალსაზრისით (დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი), სოციალურ-ისტორიული პლანით (ხალხური და ელიტური) და სხვ. ტ. კულტურის მეტ-ნაკლებად მყარი სტერეოტიპული ნაწილია და ამ აზრით უპირისპირდება სიახლეებს (ინოვაციებს). მაგრამ ეს დაპირისპირება შედარებითია. არსებობს ტ-ისა და ნოვაციის ურთიერთქმედების 4 სტადია: ა) დაპირისპირება; ბ) თანაარსებობა; გ) პალიაცია (ურთიერთშერევა და კომპრომისული ფორმის წარმოქმნა); დ) ინოვაციის გადაქცევა ტ-ად. ამიტომ ტ-ის სიმყარეც შედარებითია, თუმცა, სწორედ ტ-ები განაპირობებს კულტურის მემკვიდრეობითობას და მისი მეტ-ნაკლებად სტაბილური ნაწილია. ეთნოლოგიასა და კულტუროლოგიაში ასე თუ ისე ერთიანი აზრი ტრადიციის როლზე სხვადასხვა ეპოქაში არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისტორიულ პროცესში ტრადიციის ნორმატიული როლი თანდათან მცირდება და მეტი ადგილი რჩება ინდივიდის ან ჯგუფის საკუთარ არჩევანს (მაგალითად, ეტიკეტისადმი დამოკიდებულება, რომლის დარღვევაც დიდხანს ისჯებოდა, მერე კი უბრალოდ გაკიცხვის საგანი გახდა).
ტრადიციული საზოგადოება - საზოგადოებრივი მოწყობის ტიპი, რომელშიაც ინდივიდების ქცევა განსაზღვრულია ამ საზოგადოებისათვის ისტორიულად მოცემული მოდელებით. სოციალური ქცევის ძირითად წესები თაობიდან თაობას გადაეცემა და გაჯერებულია რიტუალური მოქმედებებით. ასეთ საზოგადოებაში ცვლილება ნელა მიმდინარეობს, ხოლო თვით საზოგადოებისათვის დამახასიათებელია მექანიკური სოლიდარობა. თუმცა, ხშირად ტ.ს-ს აღიქვავენ, როგორც პრიმიტიულ საზოგადოებას. მას საკუთარი მდიდარი კულტურა აქვს და ფლობს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოცდილებას, რომელსაც, არც თუ იშვიათად, ძველმოდურად მიიჩნევენ. ეს გამოცდილება შესანიშნავად არის შეგუებული ბუნებრივ პირობებს.
ტრადიციონალიზმი - იხ. კონსერვატიზმი.
ტრაიბალიზმი - 1. საზოგადოების ტიპი, რომელიც წინ უსწრებდა პრიმიტიული სახელმწიფოს წარმოშობას. ეს საზოგადოება თავს მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენდა და მის წევრებს შორის არსებობდა სისხლით ნათესაობა. 2. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ბატონობს ნეპოტიზმი, ჩამოყალიბებულია და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს ამა თუ იმ გვარების პოლიტიკურ ბატონობას.
ტრანსნაციონალიზმი - ტერმინი წარმოიქმნა ზედსართავიდან ტრანსნაციონალური, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ერსმიღმიერს (სახელმწიფოსმიღმიერს) ნიშნავს. საერთაშორისო ურთიერთობებში ტ-ის ცნება გულისხმობს როგორც ურთიერთობებს სხელმწიფოებს (ერებს) შორის, ისე სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებს შორის. უკანასკნელ წლებში ტ-ში უფრო ხშირად იგულისხმება გლობალიზაციის შედეგი, როცა სახელმწიფოებისა და ერების როლი განუხრელად მცირდება როგორც ურთიერთობებში, ისე ორგანიზაციებში. ყველა შემთხვევაში ტ. აღნიშნავს ეროვნულ (სახელმწიფო) საზღვრებს მიღმიერ ურთიერთობებს. ტრანსნაციონალური კავშირი გულისხმობს მოძრაობის სამ სახეს: ა) ფიზიკური ობიექტების (მათ შორის მოსახლეობის) მოძრაობას; ბ) ინფორმაციისა და იდეების მოძრაობას; გ) ფულისა და კრედიტების მოძრაობას. ტრანსნაციონალური კავშირის გააქტიურებამ და ტრანსნაციონალური ორგანიზაციების რიცხვის ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში და საგრძნობლად შეასუსტა სახელმწიფოცენტრიზმი.
ტრანსნაციონალური კორპორაცია (ტნკ) - ეკონომიკური პროფილის დიდი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც კონტროლს უწევენ მსოფლიო მეურნეობის ერთ ან რამდენიმე დარგს. ასეთ კომპანიებს საწარმოები გააჩნია რამდენიმე ქვეყანაში. ტნკ-ები უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. მათი წილი მსოფლიოს ერთობლივ პროდუქტში 30%-ს აღწევს. ტნკ-ების წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული ელექტრონიკის, ქიმიური მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტიკის 75-90%. ხოლო მსოფლიოს ასი უმდიდრესი ერთეულიდან 51 ტნკ და მხოლოდ 49 სახელმწიფოა. ყველაზე მძლავრი ტნკ-ის „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 2000 წელს 161,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე ნორვეგიის, პოლონეთის ან ინდონეზიის ერთობლივი ეროვნული პროდუქტი, ხოლო საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 80-ჯერ აღემატება. მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან 170 ევროპულია, 162 ამერიკული, 126 იაპონური, ხოლო 42 სხვა ქვეყნებიდანაა (სათავო ოფისის მიხედვით), მაგრამ ტნკ-ში დასაქმებულთა (სულ 75 მილიონ კაცზე მეტი) მხოლოდ 20% მოდის განვითარებულ ქვეყნებზე. გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად აქტორებად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის“ რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელს მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში - ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს“ და აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა „დამზადებულია აშშ-ში“ იცვლება მარკით „დამზადებულია ფორდ მოტორში“. ხოლო თვით „ფორდ მოტორიც“ ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXIს-ის მოთხოვნაა.
ტრიანგულაცია - კონცეფცია, რომლის თანახმად, ემპირიული რეალობა კონკრეტული ატიტუდების (მიდგომების), განწყობებისა და სოციალური ღირებულებების ასპარეზია, რომლის შესასწავლად გამოყენებული უნდა იქნეს მრავალგვარი მეთოდი და თეორიული მიდგომა. ტ. განისაზღვრება სწორედ როგორც მეთოდოლოგიების კომბინაცია ერთი და იმავე ფენომენის შესწავლის პროცესში. სოციალურ მეცნიერებებში ტ-ის იდეის გამოყენება იწყება კემპბელიდან და ფისკედან, რომლებმაც განავითარეს მრავალჯერადი ოპერაციონიზმის (multiple operationism) იდეა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვალიდიზაციის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ერთზე მეტი მეთოდი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ცვლილებები ასახავს რეალობას და არ არის მეთოდის ზემოქმედებით გამოწვეული. ამრიგად, ორ მეთოდს შორის კონვერგენცია (თანხმობა) ადასტურებს შედეგების კანონიერებას და არ წარმოადგენს მხოლოდ მეთოდოლოგიურ არტეფაქტს. მაგალითად, ლიდერის ეფექტურობა შეიძლება შევისწავლოთ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით - ლიდერის გამოკითხვით, მის ქცევაზე დაკვირვებით და განხორციელებული ქმედებების შეფასებით. ყველა შემთხვევაში ფოკუსი - ლიდერის ეფექტურობა - იგივე რჩება, მაგრამ იცვლება მონაცემთა მოკვლევის ხერხები. მრავალგვარი და დამოუკიდებელი გაზომვა, თუ ისინი ერთნაირ შედეგებს (დასკვნებს) იძლევა, უზრუნველყოფს ლიდერობის ფენომენის მკაფიო სურათს.
![]() |
21 უ |
▲ზევით დაბრუნება |
ულტიმატუმი - საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი გაგზავნილი მოკლე დიპლომატიური ნოტა, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის კატეგორიულ მოთხოვნას. უ-ის თემა არ შეიძლება იყოს განხილვის დისკუსიის საგანი. უ-ის შეუსრულებლობას ავტომატურად მოჰყვება დიპლომატიურ ურთიერთობათა შეწყვეტა, ან უარეს შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენება, რისი შესაძლებლობაც დაფიქსირებულია თავად უ-ის ტექსტში, რომელიც შეიცავს მუქარას.
უნივერსალური სისტემა - საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი ტიპი მ.კაპლანის ტიპოლოგიით. უ.ს. რეალურად არარსებული, ჰიპოთეზური ტიპია. იგი შეიძლება ჩამოყალიბდეს ბიპოლარულ სისტემაში, თუ ამ უკანასკნელში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ძალიან გაიზრდება და ეს ორგანიზაციები საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ აქტორებად იქცევა. უ.ს-ში უნდა არსებობდეს პოლიტიკური ქვესისტემა, რომელიც იურიდიულად განსაზღვრავს სისტემის სახელმწიფოთა მოქმედების ძირითად წესსა და ზღვარს. ასეთ სისტემაში სახელმწიფოების ფასეულობათა სისტემები თითქმის ერთნაირია, რაც თავისთავად გულისხმობს კაცობრიობის განვითარების მაღალ დონეს. გარკვეულ პირობებში უ.ს შესაძლებელია გარდაიქმნას ბიპოლარულ ან ძალთა წონასწორობის სისტემად. თეორიულად შესაძლებელია, რომ უ.ს-ის უძლიერესმა აქტორმა ძალით გადააქციოს იგი იერარქიულ სისტემად.
უნიპოლარიზმი - საერთაშორისო სისტემის ტიპი ერთი დომინანტი აქტორით, რაც სისტემას ერთპოლუსიანად აქცევს. არ არის აუცილებელი, რომ დომინანტი აქტორი მაინცდამაინც სახელმწიფო იყოს. ჰიპოთეზურად შესაძლებელია, რომ დომინანტად მსოფლიო მთავრობა მოგვევლინოს. წარსულში უნიპოლარულ სისტემასთან ახლოს იდგა ის საერთაშორისო სისტემა, რომელიც რომის იმპერიის აყვავების პერიოდში არსებობდა. უ-ს ბევრი რამ აქვს საერთო იერარქიულ სისტემასთან. მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ცივი ომის დამთავრების შემდეგ. მსოფლიოში დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო - აშშ. შესაბამისად, თანამედროვე საერთაშორისო სისტემა უნიპოლარულია. უმრავლესობის აზრით, ზესახელმწიფოდ ყოფნა პოლუსს არ ნიშნავს და ამიტომ დღევანდელი საერთაშორისო სისტემა მრვალაპოლუსიანად უნდა მივიჩნიოთ, რომელშიც თანდათანობით უნივერსალურის სისტემისათვის დამახასიათებელი ნიშნები ძლიერდება. (შდრ. ბიპოლარულობა).
უნიტარიზმი - ფედერალიზმის საპირისპირო, თანამედროვე მსოფლიოში ძალზე გავრცელებული, სახელმწიფოს კონსტიტუციონალური მოწყობა, რომლის დროსაც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ავტონომიური პოლიტიკური ძალის მქონე სახელისუფლებო ქვედანაყოფები. ეს ნიშანი უნიტარული ქვეყნისათვის განმსაზღვრელია, რადგან ფედერალიზმის სხვა ისეთი დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა კონსტიტუციის ან უზენაესი ან კონსტიტუციური სასამართლოს არსებობა სავსებით შესაძლებელია უნიტარული მოწყობის სახელმწიფოშიც.
ურბანიზაცია - ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. უ-ის პროცესისათვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ-ერთ ძი9რითად მახასიათებლად ითვლება სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ცხოვრობს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში. უ-ისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქად, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რაც ხასიათდება ანონიმურობითა და ფორმალური კავშირ-ურთიერთობებით, შრომის რთული საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდით, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანით სოფლად.
ურბანიზაციის სოციოლოგია - დარგობრივი სოციოლოგიის სფერო, რომელიც სწავლობს სოციალურ-ტერიტორიული ერთობის აღმოცენების, ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებებს, მის სოციალურ-ეკონომიკურ ბუნებას, აღწარმოების სტრუქტურას, მის ცხოვრების წესსა და ტიპოლოგიას.
თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიაში ურბანიზმი წარმოდგენილია იმ ძალად, რომელსაც გააჩნია საზოგადოების კონსენსუსის მდგომარეობამდე მიყვანის, აგრეთვე ქალაქური ცხოვრების წესის დახმარებით კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის მიღწევის უნარი.
ლ.ვირტის ურბანისტული კონცეფციის თანახმად, მოსახლეობის რიცხობრივობა, სიმჭიდროვე და არაერთგვაროვნება გამოვლენას პოულობს განსაკუთრებულ ქალაქურ კულტურაში, რომელიც ხასიათდება ანონიმური, საქმიანი, ხანმოკლე, კერძო და ხშირი კონტაქტებით პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, ტერიტორიული ერთობების მნიშვნელობის დაცემით, მეზობლური ურთიერთობების გაქრობით, ოჯახის როლის შესუსტებით, კულტურული სტერეოტიპების მრავალგვარობით, ქალაქის მცხოვრების სოციალური სტატუსის არამყარობით, მისი მობილობის ზრდით, ტრადიციების როლის შესუსტებით. XIXს-ის 70-იან წლებში ვირტის „უ-ის თეორიას“ ცვლის „ახალი ქალაქის სოციოლოგიის“ თეორია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის დასახლებების სიმჭიდროვე ქმნის შრომის რთული დანაწილებისა და სოციალურ ურთიერთობათა ფუნდამენტური გარდაქმნების საფუძველს.
ურჩი სახელმწიფო - (rouge state, pariah state), სახელმწიფო, რომელიც თავისი პოლიტიკური სისტემის ან ხელმძღვანელობის ქცევის გამო საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციაშია მოქცეული. ამ სახელმწიფოების მმართველობის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ისინი არ ემორჩილებიან საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ქცევის წესებს. უ.ს-ს სტატუსი ხშირად სუბიექტური კატეგორიაა. სხვადასხვა თვალსაზრისით, უ.ს-ებს ჩვენს დროში შეიძლება მიეკუთვნებოდეს ლიბი,ა კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ერაყი, სირია ან ირანი. ისტორიულად უ.ს-ები იყო ბოლშევიკური რუსეთი და გერმანია ვაიმარის რესპუბლიკის ხანაში.
უსაფრთხოება - ძირითადი ფასეულობების მიმართ საფრთხის არარსებობა. სახელმწიფოსთან მიმართებაში უ-ის ცნება გულისხმობს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული იდეოლოგიისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. საერთაშორისო ურთიერთობებში უ. ტრადიციულად განიხილება, როგორც სახელმწიფოს უზენაესი მიზანი, ხოლო ნეორეალიზმი უ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ თემად მიიჩნევს. სახელმწიფოს სწრაფვა აბსოლუტური უ-ისაკენ ბადებს ე.წ. უსაფრთხოების დილემას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს აბსოლუტური უ-ის მიღწევის ალბათობა. ტრადიციულად უ.დაკავშირებული იყო სამხედრო ძალასთან, ძლიერებასთან. ცივი ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებმა საჭიროდ მიიჩნიეს უ-ის ცნების გაფართოება და მის ანალიტიკურ ჩარჩოებში ეკონომიკური, საზოგადოებრივი, გარემოს დაცვითი, ინფორმაციული და სხვა სახის უ-ის არატრადიციული სფეროების შეტანა (იხ. აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოება). საერთაშორისო ურთიერთობებში ურთიერთდამოკიდებულების ზრდისა და გლობალიზაციის გავლენით წინ წამოიწია არა ცალკეული სახელმწიფოს, არამედ, საერთაშორისო, ანუ საერთო უ-ის პრობლემატიკამ. თუმცა, ჯერჯერობით, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს, როგორც უ-ის მთავარ გარანტს, ალტერნატივა არ გააჩნია. ვერც საერთაშორისო ეკონომიკური აქტორები და ვერც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება ცალკეული ადამიანების უ-ის დაცვას ვერ ახერხებს ისე, როგორც ეს ძალუძს სახელმწიფოს, რომელიც ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლიას ინარჩუნებს და სამხედრო ძალითაცაა აღჭურვილი.
უსაფრთხოების დილემა - საერთაშორისო ანარქიით გამოწვეული მდგომარეობა, როდესაც საკუთარი უსაფრთხოების გაზრდით დაინტერესებული სახელმწიფოები საყოველთაო უნდობლობის ვითარებასა და უზენაესი საერთაშორისო ხელისუფლების არსებობის პირობებში თავიანთ სამხედრო ძლიერებას ზრდიან. ამით ისინი სხვა სახელმწიფოებს საფრთხის შეგრძნებას უძლიერებენ, რასაც ამ უკანასკნელთა მხრიდანაც სამხედრო ძლიერების ზრდა მოსდევს. შედეგად იქმნება ჩაკეტილი წრე. რომლის მონაწილეებიც სამხედრო ძლიერების ზრდით სასურველის საწინააღმდეგო შედეგს, ომის საშიშროებას აღწევენ. უ.დ-ის გამომწვევი მიზეზები საერთაშორისო სისტემის ანარქიული ხასიათის გარდა, შეიძლება აღქმის ფსიქოლოგიურ სირთულეებშიც ვეძიოთ. ჯერვისის აზრით, უ.დ-ის სიმწვავე დამოკიდებულია თავდაცვა-შეტევის სამხედრო დოქტრინებზე და სამხედრო ტექნოლოგიებში არსებულ ვითარებაზე.
უსაფრთხოების თანამეგობრობა - უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც შეიძლება ინტეგრაციის საფუძველი გახდეს. ამ ცნების ავტორის კარლ დოიჩის აზრით, უ.თ-ის შექმნისათვის აუცილებელია მონაწილე სახელმწიფოთა ელიტებს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების განწყობა ჰქონდეთ. უ.თ-ის მონაწილეები უარს ამბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალადობაზე ან ამგვარი ძალადობისათვის მზადებაზე. ამგვარი თანამეგობრობის მაგალითია შეერთებული შტატებისა და კანადის თანაარსებობა. ერთმანეთისგან განასხვავებენ უსაფრთხოების პლურალისტულსა და შერწყმულ თანამეგრობრობას. მათ შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი საერთო ინსტიტუტების არსებობა ან არარსებობაა. პლურალისტური თანამეგობრობის შექმნა უფრო იოლია, რადგან ეს სამი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: 1) ფასეულობათა თავსებადობის; 2) ერთმანეთის საჭიროებათა გათვალისწინების; და 3) პოლიტიკურ ელიტათა ქცევისა და მიზნების პროგნოზირების.
უსაფრთხოების კომპლექსი - სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელთა უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ თითოეული მათგანის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები დანარჩენისაგან მოწყვეტილად ვერ გადაწყდება. ბიუზანის აზრით, სახელმწიფოთა უმრავლესობა საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, უპირველეს ყოვლისა, რეგიონულ კონტექსტს ითვალისწინებს, ანუ სახელმწიფოთა უსაფრთხოების პრობლემატიკაში რეგიონული საკითხები დომინირებს. თუმცა უ.კ-ის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს შეიძლება რეგიონის მეზობელი დიდი სახელმწიფოები ან ზესახელმწიფოებიც წარმოადგენდეს. უ.კ-ის ცნება საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის დონეებს შორის ანალიზის რეგიონული დონის დამკვიდრების მცდელობაა.
უსაფრთხოების რეჟიმი - სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების საფუძველზე შექმნილი წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უსაფრთხოების კომპლექსში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტას ითვალისწინებს. საერთაშორისო ანარქიის პირობებში უ.რ-ის შექმნას ნეორეალისტები შეუძლებლად მიიჩნევენ, რადგან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთჯერადმა დარღვევამაც კი მონაწილე მხარეები შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს. ჯერვისი უ.რ-ის წარმოშობისათვის რამდენიმე წინაპირობას აყენებს, მათ შორის დიდი სახელმწიფოების მხრიდან დაინტერესებას. უ.რ. შეიძლება განვიხილოთ როგორც გარდამავალი ეტაპი უსაფრთხოების კომპლექსსა და უსაფრთხოების თანამეგობრობას შორის.
უტილიტარიზმი - სოციალურ მეცნიერებებში სარგებლიანობის თეორიის ერთ-ერთი ვარიანტი. მისი პრინციპია სოციალური ცხოვრებისა და პროცესების განხილვა სარგებლიანობასთან მიმართებაში, შესაბამისად ყველა არსებული ურთიერთობის სარგებლიანობისთვის დაქვემდებარება. უ-ს დასაბამი მიეცა ბენტამის თეორიაში, რომელშიც ყოველგვარი მიმართების ერთადერთი შინაარსი სარგებლიანობაა. ბენტამი სარგებლიანობას აიგივებდა სიამოვნებასთან, ტკბობასთან და მიაჩნდა, რომ ზნეობრიობის საფუძველი უნდა იყოს „რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი სიამოვნებისკენ“, კაცობრიობის ჭეშმარიტი მიზანი კი - სარგებლიანობის მაქსიმალიზება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე. ბენტამი ცდილობდა ამ მიდგომის მისადაგებას ეკონომიკისადმი, მართვისადმი, სამართლისადმი. მის მიერ გამოყენებულ ერთადერთ ოპერაციონალურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა სარგებლიანობისა და ტანჯვის ბალანსი. უ-ის უძლიერესი გავლენა განიცადა ადრინდელმა, განსაკუთრებით, სპენსერის სოციოლოგიამ, მოგვიანებით კი დიურკემის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. თანამედროვე სოციოლოგიაში უ-ის პრინციპებმა გამოყენება ვერ პოვა.
უტოპიზმი - შეხედულებები ალტერნატიულ საზოგადოებრივ მოწყობაზე, რომელშიც მოსპობილია ყველა საზოგადოებრივი ბოროტება და დამყარებულია საყოველთაო კეთილდღეობა, თავისუფლება და თანასწორობა. ტერმინი პოლიტიკურ ლიტერატურაში შემოვიდა თომას მორის ტრაქტატის „უტოპია“ (1516) სახელწოდებაზე დაყრდნობით. ამ შრომაში მორი აღწერდა ფანტასტიკურ კუნძულზე მოწყობილ იდეალურ სახელმწიფოს. მორის ტრაქტატი ეხმაურება პლატონურ ტრადიციას, რომლის ძირითადი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ინტერესი მიმართული იყო იმის კვლევისაკენ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სახელმწიფო და როგორი საზოგადოებაა სამართლიანი. პლატონის შეხედულებებმა იდეალურ სახელმწიფოზე შესაბამისი გამოხმაურება ჰპოვა ჯერ ქრისტიან მწერლებთან, (ნეტარი ავგუსტინეს „ღვთის ქალაქი“), ხოლო შემდეგ აღორძინებისა და ახალი დროის ავტორებთან (კამპანელას „მზის ქალაქი“, ბეკონის „ახალი ატლანტიდა“). ევროპული საზოგადოების განვითარების კვალად, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა პროლეტარიატი, უ. სოციალური საპროტესტო მოძრაობების იდეოლოგიად იქცა. XIXს-ის მოაზროვნეები სენ-სიმონი, ფურიე, ოუენი და კაბე ავითარებდნენ იდეებს მუშათა კლასის მიერ საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და კაპიტალისტური ექსპლუატაციისაგან ხსნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მარქსი და ენგელსი კომუნისტური საზოგადოების საკუთარ თეორიას მკვეთრად მიჯნავდნენ ძველი, „არამეცნიერული“ უტოპიებისაგან, კომუნისტური საზოგადოების მარქსისტული იდეალიც იმავე უტოპიური ტრადიციის გამგრძელებელია. XXს-ში უ-ს ძლიერ შეურყია საფუძველი ანტიუტოპისტურმა მოძრაობამ (ოლდოუს ჰაქსლი და ჯორჯ ორუელი), რომელმაც აჩვენა უკიდურესი რაციონალზმით ორგანიზებული საზოგადოების მანკიერებანი.
უტოპიური სოციალიზმი - XVII-XVIIIსს-ის უტოპიური იდეები სოციალური პროტესტის მოძრაობაში, რევოლუციურ წრეებსა და პარტიებში, აგრეთვე საუკუნის ახალ გლობალურ პოლიტიკურ იდეებში, სამრეწველო და დემოკრატიულ რევოლუციებშიც აისახა. კერძოდ, XIXს-ის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა სენ-სიმონის, ფურიეს, ოუენის, კაბეს და სხვათა მიერ ფორმულირებული იდეები სამრეწველო მუშათა კლასის ბრძოლის შედეგად საზოგადოების დეჰუმანიზირებული და ექსპლუატატორული ინდუსტრიალიზაციისაგან გადარჩენის შესახებ. სოციალ-უტოპისტები ლაპარაკობდნენ ახალი საზოგადოებრივი წყობის შესახებ, სადაც სრული ჰარმონია, მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ისინი ხშირად დეტალურად აღწერდნენ თუ როგორ იქნებოდა ორგანიზებული ასეთი საზოგადოება პატარა თემის სახით, ეროვნულ (ფურიე, ოუენი) და საერთაშორისო დონეზეც კი (სენ-სიმონი, კაბე). მარქსი და ენგელსი ცდილობდნენ მკაფიოდ გაემიჯნათ უტოპიური, და მათი აზრით მეცნიერული სოციალიზმი. თავიანთი წინამორბედების - უტოპიური სოციალისტების იდეებს, რომლებიც საკმაოდ დიდ იმედს ამყარებდნენ გონიერებასა და განათლებაზე, როგორც სოციალიზმის მშენებლობის ძირითად ინსტრუმენტზე, ისინი უპირისპირებდნენ კლასობრივი ბრძოლისა და საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნის აუცილებლობის იდეას.
უცხოური დახმარება - საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებს, მაგ, დონორ და რეციპიენტ (მიმღებ) სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს, რასაც ორივე მხარე დადებითად აფასებს. უ.დ-ის ძირითადი მონაწილეები, ტრადიციულად, სახელმწიფოებია, თუმცა სულ უფრო მეტ როლს ასრულებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (მაგ., საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი). როგორც სახელმწიფოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ საერთაშორისო დახმარებას ხშირად პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად მიიჩნევენ. უ.დ-ის მაგალითია შეერთებული შტატების მიერ ევროპისათვის „მარშალის გეგმით“ გაწეული დახმარება. უ.დ-ის პოლიტიკური ხასიათი იწვევს ე.წ. „დონორულ დაღლილობას“, რომელიც დონორი ქვეყნების საზოგადოების მიერ უცხოეთისათვის, განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის გაწეული დახმარების კრიტიკის შედეგია.
![]() |
22 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფაბიანობა - ფაბიანური საზოგადოება, რომელიც შეიქმნა ლონდონში 1884 წელს, და რომელსაც რომაელი მხედარმთავრის ფაბიუს მაქსიმ ვერუკუსის სახელი ეწოდა. ამ უკანასკნელს კუნკტატორს (ზოზინას) უწოდებდნენ. მან მოთმინების მეტად ზუსტი ტაქტიკის გამომუშავებითა და თავდასხმის საჭირო მომენტის შერჩევით შეძლო ჰანიბალის დამარცხება. ამ საზოგადოების არამრავალრიცხოვანი წევრები თვლიდნენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა დარწმუნება, რაციონალური დაგეგმვა, და არა პირდაპირი კონფრონტაცია. ბრიტანულ საზოგადოებაში აღნიშნულ მოძრაობას სათავე დაუდეს ბეატრის და სიდნეი ვებებმა, ჯორჯ ბერნარდ შოუმ, ანი ბეზანტმა და ჰიუბერტ ბლენდმა. 1900 წელს ფაბიანელებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მუშათა წარმომადგენლობითი კომიტეტის - ლეიბორისტული პარტიის ჩანასახის შექმნაში. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ აზრთა მრავალფეროვნებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იშვიათად გამოდიოდნენ ლეიბორისტული პარტიის „ზომიერი მემრცხენე“ ფრთის სოციალ-დემოკრატიის საზღვრებიდან.
ფალსიფიკაციის პრინციპი - ემპირიული და არაემპირიული მსჯელობების გამმიჯნავი კრიტერიუმი, რომელიც შეიმუშავა კარლ პოპერმა და რომელიც მისი მეთოდოლოგიური კონცეფციის ფუძემდებლურ დებულებად იქცა. მეცნიერების კანონები, ამტკიცებს პოლერი, უნივერსალურ დებულებებს წარმოადგენს, რომელთა ვერიფიკაცია (შემოწმება) ინდუქციის პრინციპის საფუძველზე შეუძლებელია (ვინაიდან „ყველა“ ვერიფიკაციას არ ექვემდებარება). სამაგიეროდ, იოლია მათი ემპირიული ფალსიფიკაცია. საკმარისია მხოლოდ ერთი საწინააღმდეგო ფაქტი, რომ მოცემული უნივერსალური დებულება უარვყოთ. თუ ვნახავთ თუნდაც ერთ გედს, რომელიც თეთრი არ არის, მაშინ დებულება „ყველა გედი თეთრია“ - ფალსიფიცირებულია. ფალსიფიცირებადობა - ცდასთან დაპირისპირების შედეგად გაყალბების შესაძლებლობა - მეცნიერული სისტემების ძირითად ნიშნად გამოცხადდა. ყველა ემპირიული დებულება ფალსიფიცირებადია. არაემპირიულ სისტემებს ეს ნიშანი არ მიეწერება, ვინაიდან ისინი ცდისეული არ არის.
ფ.პ. არის გარკვეული წესების სისტემა, რომლის მიხედვით გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რისი გაყალბება შეიძლება.
ფაქტორული ანალიზი - მრავალგანზომილებიანი მათემატიკური სტატისტიკის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სოციალურ ობიექტთა ნიშნებსა და მახასიათებლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების გასაზომად და კლასიფიკაციისთვის. მისი საშუალებით გამოვლინდება სტრუქტურული კავშირურთიერთობები ცვლადებს შორის: ჯერ დგინდება ყველა ცვლადის წყვილ-წყვილი კორელაციური კავშირი, ხოლო შემდეგ მოიძებნება ე.წ. კორელაციური პლეადები ანუ კავშირების „ნასკვები“, ერთობლიობები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყოფენ ისეთ ცვლადებს, რომლებიც ყველაზე უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. გამოვლენილი „ნასკვები“ ანუ გამსხვილებულ ნიშანთა ერთობლიობა არის სწორედ ფაქტორები. მათი რიცხვი ყოველთვის ნაკლებია საწყის ცვლადებზე. ამოსავალი ცვლადის წონის სიდიდე მერყეობს -1-სა და +1-ს შორის. იგი უჩვენებს, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება მოცემული ნიშანი ფაქტორს და როგორია ამ კავშირის ხასიათი. ყველაზე რთული ეტაპია აღმოჩენილი კავშირების შინაარსობრივი ინტერპრეტაცია. ამიტომ ცვლადების საწყის ერთობლიობას ამატებენ ნიშნებს, რომლებიც მასში ადრე არ შედიოდა და ამ გამსხვილებული ერთობლიობით იმეორებენ ფ.ა.-ს. ფ.ა.-ს აქვს ასევე შემოწმების, ნიშანთა კლასიფიკაციის და ჰიპოთეზების შემუშავების ფუნქციაც.
ფაშიზმი - ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ-სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.
ფედერალიზმი - იხ. ფედერაცია (1), აგრ. უნიტარიზმი.
ფედერაცია - 1. ახალი გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის მიზნით რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, რომლის დროსაც მასში შემავალი სახელმწიფოები, როგორც ფ-ის სუბიექტები, ინარჩუნებენ თავიანთი უფლებების გარკვეულ ნაწილს. 2. ცალკეული საზოგადოებების, ორგანიზაციების კავშირი.
ფემინიზაცია - 1. ქალის როლისა და გავლენის ზრდა საზოგადოებაში ან ცხოვრების რომელიმე სფეროში; 2. ისტორიული პროცესი, როცა ქალთა დასაქმების ზოგიერთი სახეობის განხილვა (მაგ., სასკოლო სწავლება, მოვლა) დაიწყო ქალურ სამუშაოდ, რასაც მოჰყვა სტატუსის დაქვეითება და ანაზღაურების შემცირება; 3. მამრობითი სქესის წარმომადგენლებში მეორადი სქესობრივი ნიშნების განვითარება.
ფემინიზმი - ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო პოლიტიკური მოძრაობის საერთო სახელწოდება. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფემინისტური იდეები ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში ჩაისახა. ზოგიერთ მკვლევარს პირველ ფემინისტად პლატონი მიაშნია. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა ქრისტინა დე ლიზანის და კორნელიუს აგრიპას პირველი ტრაქტატები, რომლებშიც აშკარად იყო საუბარი ქალის პიროვნების დათრგუნვასა და მისდამი საზოგადოების უსამართლო დამოკიდებულებაზე. ფ-ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ პერიოდთან. 1792 წელს ოლიმპია დე გუჟმა შეადგინა „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას ქალებისათვის საარჩევნო უფლებისა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლების მიცემის შესახებ. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპზე დაარსდა ქალთა ორგანიზაციები და კლუბები, რომლებიც კონვენტმა სულ მალე აკრძალა, თავად ოლიმპია დე გუჟი კი სიკვდილით დასაჯეს. დღეს ნათელია, რომ ფემინისტური იდეების ჩასახვა და ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად მომზადებულ იქნა სოციალურ-ფილოსოფიური კონცეფციებით. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში აღსანიშნავია ჯონ ლოკის, ჟან-ჟაკ რუსოს და ჯონ სტიუარტ მილის ლიბერალური ფილოსოფია, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თეორიები. ცალკე უნდა გამოიყოს შარლ ფურიეს, ანრი სენ-სიმონის და რობერტ ოუენის უტოპიური სოციალიზმის თეორიების გავლენა. დაბოლოს, აღსანიშნავია XX ს-ის შუახანებისა და დასასრულის თეორიები, რომლებიც მათში სექსუალობისა და ადამიანის სექსუალური ქცევის პრობლემების განხილვის საფუძველზე შეიძლება სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში გავაერთიანოთ. ფ-ის ახალი ეტაპი XX ს-ის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფ-ის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ-რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური. 70-იან წლებში წარმოიშვა საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მიზეზებისადმი სოციალურ-კულტურული მიდგომის ტრადიცია. (იხ.გენდერი).
ფემინისტური სოციოლოგია - სოციოლოგიური თვალსაზრისები, რომლებიც სოციალურ მოვლენებს განიხილავს ქალთა თვალთახედვით და მათი პოზიციიდან. მას საფუძვლად სქესთა თანასწორობის თეორიები დაედო, რომლებიც ქალთა გათავისუფლებისა და სქესთა თანასწორობის იდეებს ქადაგებდა. ფ.ს-ის შეხედულებით, კლასიკურ სოციოლოგიაში გაბატონებულია უმართებულო ტენდენცია სოციალური პროცესების მამაკაცთა თვალთახედვით განხილვისა, შესაბამისად, ქალის როგორც საზოგადოების წევრის ტრადიციული შეუმჩნევლობა აისახა სოციოლოგიური მეცნიერების მდგომარეობაზეც. ფ.ს-ს ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. სამართლიანობის აღდგენა და ქალთა პოზიციიდან საზოგადოების შესწავლა იმ წესთა მხილებით, რომელთა მეშვეობითაც მამაკაცები დომინირებენ სოციალურ ურთიერთობათა სისტემებში და ზღუდავენ ქალთა შესაძლებლობებს; 2. ტრადიციული სოციოლოგიის მიერ იგნორირებული თემის, კერძოდ, ქალთა ცხოვრების, მისი სამყაროს სერიოზულ სოციოლოგიურ საკვლევ საგნად ქცევა. არსებობს ფ.ს-ის მრავალგვარი მიმართულება: შავი, რადიკალური, ლიბერალური, მარქსისტული და სხვ.
ფენომენოლოგიური სოციოლოგია - თეორიულ-მეთოდოლოგიური მიმართულება თანამედროვე სოციოლოგიაში, რომელიც საზოგადოებას განიხილავს როგორც მოვლენას, შექმნილს და მუდმივად აღწარმოებადს ინდივიდების სულიერი უერთიერთქმედების პროცესში. ფ.ს-ის საფუძველი გახდა ე.ჰუსერლის, მ.შელერის, მ.მერლონონტის იდეები. ფ.ს-ის ფუძემდებელია ა.შუტცი, რომლის ნაშრომებიც გავრცელდა XXს-ის 60-70-იან წლებში და ფ.ს-ის კონცეფციათა სიმრავლის ამოსავალი პუნქტი გახდა. მის ახალ განვითარებას (ე.ტირიაკინის სტრუქტურული სოციოლოგია, ა.ბერგერისა და თ.ლუკმანის ცოდნის სოციოლოგია, ეთნომეთოდოლოგია და სხვ.) მივყავართ ფ.ს-ის ძირითადი პრინციპების გადახედვისაკენ. ფ.ს-ის მომხრეები, ადანაშაულებენ რა ნატურალიზმს და პოზიტივიზმს სოციალური მოვლენების გაუცხოებაში, ობიექტივირებასა და რეიფიცირებაში, ცდილობენ თეორიულად გაიაზრონ სოციალური სამყარო მის ადამიანურ, სულიერ ყოფიერებაში. ფ.ს-ის მთავარი საგანია ფაქტებისა და მოვლენების უნივერსალური სტრუქტურები, რომლებიც აღმოცენდება სოციალური ურთიერთმოქმედების მსვლელობაში, აგრეთვე სოციალურ-კულტურული სამყაროს სუბიექტურად მნიშვნელადი ნიმუშების ინტერპრეტაციის პროცესში. ამასთან, სოციალური რეალობა განიხილება, როგორც ინტერპრეტაციული მოღვაწეობის პროდუქტი, ე.ი. ფაქტობრივად ხორციელდება საზოგადოების, როგორც ასეთის, გაიგივება მის შესახებ ადამიანთა წარმოდგენების ერთობლიობასთან. იგი წარმოადგენს ცალმხრივ, სუბიექტურ პოზიციას, რომელიც უგულვებელყოფს საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების ბუნებრივ ობიექტურ მახასიათებლებს. ფ.ს-ის ძირითადი ცნებებია სიცოცხლის, სამყაროს მნიშვნელობა და სასრული ჰორიზონტი, ინტერსუბიექტურობა, პერსპექტივათა ურთიერთჩანაცვლება, კოგნიტური სტილი და სხვ. ფ.ს-ის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი 60-იანი წლებიდან გახდა მისი ძირითადი წარმომადგენლების (ა.სიკურელი, ა.ბლაუ და სხვ.) ინტერესის გადატანა ეთნოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ლინგვისტიკაში. ფ.ს. დღესაც დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციოლოგიურ მიმართულებებზე, როგორიცაა ეგზისტენციალური სოციოლოგია, ყოველდღიურობის სოციოლოგია, სიმბოლური ინტერაქციონიზმი და სხვ.
ფეოდალური საზოგადოება - ეკონომიკური და საზოგადოებრივი ფორმაცია, რომელიც ემყარება ბატონყმურ სამართალს. ეს ნიშნავს, რომ არისტოკრატიულ ზედაფენას, რომელიც მიწას ფლობს, აქვს პრივილეგია და ასრულებს ბატონობის (მმართველობით) ფუნქციას. ეს საზოგადოებრივი ფორმაცია ნაწილობრივ ჯერ კიდევ არსებობს ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში. მარქსიზმში ფეოდალიზმი ეკონომიკურ წყობად (ფორმაციად) განიხილება და მისი ადგილი ქრონოლოგიურად მონათმფლობელობასა და კაპიტალიზმს შორისაა განსაზღვრული.
ფეტიში - 1. პირველყოფილ კულტურაში საგანი, რომელიც სულის განხორციელებად მიიჩნევა. ასეთი საგნები, ჩვეულებრივ, რელიგიური და მაგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია; ხშირად მაგიასთან ერთად მოიხსენიება. 2. უფრო ფართო გაგებით (ძირითადად, ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზში), არაეროტული ობიექტისადმი (მაგალითად, ტანსაცმლის) აკვიატებული ერთგულება ან ინტერესი. არსებობს ე.წ. სასაქონლო ფეტიშიზმი (მარქსიზმში), რაც გულისხმობს კაპიტალიზმში ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური ობიექტების შემოსვას „ბუნებრიობით“, რაც სინამდვილეში სოციალური პროცესების შედეგია. მარქსი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ეკონომიის დიდი ნაწილი დამნაშავეა ეკონომიკის ფეტიშიზაციაში და ასე ფარავს ფუნდამენტურ - ეკონომიკურ და სოციალურ - მიმართებებს.
ფლობა და ყოფნა - ცნებები, რომლებიც გამოხატას ადამიანის ცხოვრების ორ განსხვავებულ წესს, ფორმასა და ორიენტაციას. ადამიანის ფლობის წესით ცხოვრება რაციონალისტური ორიენტაციით ხასიათდება, რომელიც საგანს განიხილავს სარგებლიანობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ორიენტირებული ადამიანი თავისი არსებობის საზრისს მოხვეჭაში, დაუფლებაში, გაბატონებაში ხედავს. იგი აფუძნებს ეგოიზმს და უშუალოდ უკავშირდება ადამიანის გაუცხოებას. ფლობაზე ორიენტირებული ადამიანისათვის საგნის თვისებრივი სიმდიდრე უგულვებელყოფილია, ნამდვილი ადამიანური ღირებულებები - დათრგუნული.
ყოფნისეული ორიენტაცია კი ალტრუიზმს უკავშირდება. ამ მიმართულებით ორიენტირებული ადამიანი თავისი არსებობის საზრისს ხედავს არა ნივთის რაოდენობრივ დაუფლებაში, მოხვეჭასა და გაბატონებაში, არამედ ჭვრეტაში, გაგებაში, აღტაცებაში, ალტრუიზმსა და მშვენიერებაში.
ამ ცნებების ყოველმხრივი ანალიზი მოცემული აქვს ერიხ ფრომს თავის წიგნში „ფლობა თუ ყოფნა?“ (1976), თუმცა, ეს ტერმინები მას არ შემოუტანია, ისინი ფრანგ ეგზისტენციალისტ თეოლოგ გ.მარსელთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი შრომა „ყოფნისა და ფლობის“ სახელს ატარებს; მარსელი ამ საკითხს იხილავდა ფილოსოფიური და თეოლოგიური პოზიციებიდან. თვად ფრომი კი - ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოანალიზის საფუძველზე ასაბუთებს, რომ ეს ორი განსხვავებული ტენდენცია ყველა ადამიანშია და ერთდროულად არსებობს. ისინი ბიოლოგიურად დაჰყვება ადამიანს, მაგრამ შესაბამის სოციალურ გარემოში ერთი გაბატონდება როგორც ცხოვრების წესი, მეორე კი ითრგუნება. ადამიანთა არსებობის ეს ორი ძირეულად განსხვავებული, დაპირისპირებული ტენდენცია სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება სოციალურ ხასიათად. ფლობაზე ორიენტირებული სოციალური ხასიათი (რეცეპტული, დამგროვებლური, ექსპლუატატორული და ბაზრული) თავის მხრივ, ზემოქმედებს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაზე. როგორც წესი, იგი განამტკიცებს არსებულ საზოგადოებრივ წყობას და დამატებით სტაბილურობას ანიჭებს მას. ყოფნაზე ორიენტირებული სოციალური ხასიათი უპირისპირდება გაბატონებულ საზოგადოებრივ წყობას და მის „ამაფეთქებელ მასალად“ გვევლინება. იგი მიმართულია ყოფნაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი წყობის დასამყარებლად.
ფოკუსჯგუფის მეთოდი - სოციალური ინფორმაციის შეგროვების ხერხია. ფ.მ. კვლევითი სტრატეგიაა, რომელიც გულისხმობს წინასწარ შერჩეული ადამიანების პატარა ჯგუფების ინტერვიუირებასა და ინტენსიურ ფოკუსირებულ დისკუსიას საკვლევი თემის შესახებ. ამ მეთოდის მიზანია გარკვეული პრობლემის, მოვლენის, შემთხვევის ან სიტუაციის შესახებ ჯგუფში განსხვავებული შეხედულებების, პოზიციების, განწყობების, რეაქციების ან შეფასებების გამოვლენა და შესწავლა. ფ.მ., გარკვეული აზრით, თვისებრივი და რაოდენობრივი მიდგომების კომბინაციას წარმოადგენს. ის, ერთი მხრივ, გარკვეული საკვლევი პრობლემის შესახებ ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების სიღრმისეული შესწავლის ხერხია. მეორე მხრივ, ჯგუფების შემადგენლობა მეტ-ნაკლებად რეპრეზენტატულია გამოსაკვლევ ერთობლიობასთან (პოპულაციასთან) მიმართებაში.
ფ.მ. ფართოდ გამოიყენება მარკეტინგულ გამოკვლევებში, მათ შორის: 1. საქონლისა და მომსახურების ტრადიციული მარკეტინგი, 2. არაკომერციული ორგანიზაციების მარკეტინგი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალური პროექტებისა და პროგრამების ეფექტურობის შეფასებასთან, 3. ე.წ. პოლიტიკური მარკეტინგი, რომლის მიზანია პოლიტიკური მოღვაწეების, ორგანიზაციებისა და მათი პროგრამული დოკუმენტების იმიჯის შესწავლა.
ფ.მ. მარკეტინგული გამოკვლევების, ბაზრისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების მნიშვნელოვან ელემენტად იქცა. ამ მეთოდის პრაქტიკაში დანერგვა ხელს უწყობს საბაზრო და პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობის კულტურის ამაღლებას.
აკადემიური გამოკვლევების სფეროში ფ.მ. ნაკლებად გამოიყენება.
ფ.მ.-ს ზოგჯერ ღრმა ჯგუფური ინტერვიუს მეთოდსაც უწოდებენ.
ფოკუსჯგუფური გამოკვლევის ძირითადი პარამეტრები (როგორიცაა ჯგუფში მონაწილეთა რიცხვი, მათი სოციალური მახასიათებლები, ჯგუფების რიცხვი და ა.შ.) განისაზღვრება გამოკვლევების მიზნებითა და ამოცანებით. გამოკვლევის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული მოდერატორზე, რომელიც ატარებს ინტერვიუს და წარმართავს დისკუსიას.
ფორდიზმი და პოსტფორდიზმი - წარმოების ორგანიზაციის მეთოდი განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში, რომელიც ჰენრი ფორდის სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფ. და პ. უმთავრესად წარმოების პროცესს უკავშირდება, ისინი ხშირად გამოიყენება მათთან დაკავშირებულ სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებთან მიმართებაში. მართალია, ფორდის დიად წამოწყებად ითვლება სტანდარტიზებული პროდუქციის მასობრივი წარმოება, რომელიც ფასის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მეშვეობით მასობრივ მოხმარებას წარმოშობს, ის ასევე გულისხმობს 1) ინტენსიურ მსხვილმასშტაბიან წარმოებას, 2) წარმოების მოუქნელ პროცესს, 3) მკაცრ იერარქიულ და ბიუროკრატიულ მმართველობით სტუქტურას, 4) მეცნიერული მართვის მეშვეობით ნახევრადკვალიფიცირებული შრომის გამოყენებას რუტინული, განმეორებადი ამოცანების შესასრულებლად, 5) მსხვილი პროფკავშირული გაერთიანებების ფორმირების ტენდენციას და წარმოების ადვილად მოწყვლადობას ინდუსტრიული კონფლიქტით, 6) ეროვნული ბაზრის დაცვას. თუმცა ფორდის მიერ შემოტანილი სიახლე მანქანების წარმოების ტექნოლოგიაში ომებს შორის პერიოდში ინერგებოდა, მისი მეთოდები სწრაფად გავრცელდა სხვა სექტორებზე და მალე მას უკვე განიხილავდნენ როგორც ორგანიზაციულ საფუძველს, რომლის წყალობითაც წარმოებამ აშშ-ში სწრაფად შეძლო წინსვლა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ფ. როგორც ცნება და ანალიზის ინსტრუმენტი პირველად გამოიყენება ანტონიო გრამშიმ.
ფრანკფურტის სკოლა - (კრიტიკული თეორიის ფრანკფურტის სკოლა) ეკონომიკურად შეძლებული, მარქსისტული რადიკალიზმის მომხრე პოლიტოლოგის ფელიქს ბელის დაარსებული სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტი მაინის ფრანკფურტში (გერმანია) (აქედან სახელწოდება: „ფრაკფურტის სკოლა“), რომელშიც გაერთიანდნენ მემარცხენე მოაზროვნეები. ნაციონალ-სოციალიზმის გამო ინსტიტუტი გადავიდა ნიუ-იორკში და იქიდან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა (1947), ხოლო 1969წ. საერთოდ დაიშალა, თუმცა ამ სკოლის ზეგავლენა დღემდე შენარჩუნებულია, მაგ., ი.ჰაბერმასის თეორიაში. ფ.ს-სთან დაკავშირებულნი იყვნენ მემარცხენე თეორეტიკოსები: თეოდორ ადორნო, ვალტერ ბენიამინი, ერიხ ფრომი, მაქს ჰორკჰაიმერი, ჰერბერტ მარკუზე. კრიტიკული თეორიის ფრანკფურტის სკოლის ნეომარქსისტული მიმდინარეობა ემყარება დასავლურ პოზიტივიზმს, ასევე მარქსისტულ სციენტიზმს და კრიტიკული პოზიცია უკავია როგორც დასავლური კაპიტალიზმის, ასევე რუსული სოციალიზმის მიმართ. ამ სკოლის მთავარ თეორიულ წვლილს განეკუთვნება: 1. დისკუსია ნეოპოზიტივისტური ეპისტემოლოგიის სოციალურ მეცნიერებებთან შესაბამისობის შესახებ, 2. კაპიტალისტური და სოციალური საზოგადოებების დომინირებადი სტრუქტურებისა და კულტურული წარმონაქმნების შეფასება, 3. მარქსისა და ფროიდის იდეების შეხამება, რასაც შედეგად მოჰყვა ფროიდის თეორიის რადიკალიზაცია, ხოლო მარქსიზმის შევსება პიროვნების უფრო ღრმა თეორიით. ფ.ს-ის წარმომადგენლები ძირითადად მარქსის შემოქმედების პირველ პერიოდს („ახალგაზრდა მარქსი“) ეყრდობოდნენ და მარქსის თეორიის საბჭოთა ინტერპრეტაციის რევიზიას ეწეოდნენ. ინსტიტუტის წევრები იმედოვნებდნენ, რომ თავისუფალ კონკურენციაზე დაფუძნებული კაპიტალიზმის მონოპოლისტურ კაპიტალიზმად და ფაშიზმად ტრანსფორმაცია სოციალიზმით დამთავრდებოდა, მაგრამ შემდეგ ზოგი მათგანის, განსაკუთრებით ადორნოსა და ჰორკჰაიმერის, პოზიცია პესიმისტური გახდა. მათი აზრით, მუშათა კლასი მართული გახდა მასობრივი კულტურით და დაკარგა რევოლუციური ცნობიერების გამომუშავების უნარი. მარკუზე უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ის რევოლუციური ცნობიერების წყაროს ეთნიკურ უმცირესობებსა და სტუდენტობაში ხედავდა. რევოლუციის პერსპექტივის განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ფ.ს-ის ყველა წარმომადგენელი აგრძელებდა საერთო თემას - განმანათლებლობის ეპოქის რაციონალობის იდეის შეცვლას ვიწრო და არაჰუმანისტური „ტექნიკური რაციონალობით“. განმანათლებლობის რაციონალობის „ტექნიკური რაციონალობით“ შეცვლა სოციალურ მეცნიერებებს უბიძგებს პოზიტივისტური და სციენტისტური ფორმისაკენ, რასაც ფ.ს-ის წარმომადგენლების თანახმად, კრიტიკული თეორია უნდა ებრძოლოს.
ფრატრია - სოციალური ორგანიზაციის ფორმა ათენსა და ძველი საბერძნეთის სხვა რეგიონებში. ფ-ის წევრებს ჰქონდათ თვითმმართველობის საერთო ორგანოები და კულტი. ეს ტერმინი მეცნიერებაში შემოიტანა ლ.მორგანმა. ფ. იყო მონათესავე გვართა გამაერთიანებელი ეგზოგამიური ჯგუფი, რომელიც საქორწინო კავშირში იმყოფებოდა სხვა ფ-სთან. ორი ფ-ის დუალური ორგანიზაცია შეადგენდა ტომს. ასეთი ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია იყო საქორწინო ურთიერთობათა რეგულირება. (იხ. აგრ. გვარი, ტომი, ფრატრია).
ფრაქციონიზმი - პოლიტიკურ პარტიათა შიგნით თანამოაზრეთა ორგანიზებული გაერთიანება და ფუნქციონირება. ნორმალური შიდაპარტიული ცხოვრებისას ბუნებრივია სხვადასხვა შეხედულებების, უთანხმოების, პოლიტიკური დაჯგუფებების წარმოშობა, რომლებიც აუცილებელი არ არის ფრაქციებს ქმნიდნენ. ფ-ის მთავარი ნიშანია განსაკუთრებული იდეურ-პოლიტიკური პლატფორმის არსებობა და ჯგუფური დისციპლინა, რომელსაც ხშირად ფრაქციის წევრები საერთო პარტიულ დისციპლინაზე უფრო მაღლა აყენებენ.
ფსიქოანალიზი - ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: 1. ორთოდოქსული კლასიკური ფ. - ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია, რომლის თანახმად, პიროვნების განვითარებისა და სტრუქტურის საფუძველია ცნობიერთან დაპირისპირებული ირაციონალურ ფსიქიკურ ფაქტორთა ერთობლიობა, აგრეთვე ინდივიდის ფსიქიკის სიღრმისეულ ძალებსა (არაცნობიერი ლტოლვები) და გარემოდან მომდინარე სოციალურ მოთხოვნებს (აკრძალვებს) შორის დაპირისპირება; პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია სამი შრის სახით: იდი, ეგო, სუპერ-ეგო; პიროვნების განვითარების მექანიზმია ოიდიპოსის კომპლექსი. ფ-მა წარმოაჩინა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა - არაცნობიერი მოტივაცია, ფსიქიკის ნორმალურ და პათოლოგიურ მოვლენათა თანაფარდობა, დაცვის მექანიზმები, სექსუალური ფაქტორის როლი, მოზრდილის ქცევაზე ბავშვობის ტრამვების გავლენა, სუბიექტის ფსიქიკური ორგანიზაციის წინააღმდეგობრიობა და კონფლიქტურობა და სხვ. ფროიდმა თავისი თეორია აიყვანა ადამიანის, საზოგადოებისა და კულტურის შესახებ ყოვლისმომცველი მოძღვრების რანგში. ამ სახით ფ-მა და მისმა შემდგომმა ვარიანტებმა დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიაზე, მთლიანად სოცილურ თეორიაზე და კულტურის მეცნიერებებზე. ბოლო პერიოდში ფ-ური თეორიები დიდ გავლენას ახდენდნენ ფემინიზმსა და ფემინისტურ თეორიებზე. 2. ზოგადად აღნიშნნავს ორთოდოქსული კლასიკური თეორიისგან ნაწარმოებ თეორიებს. 3. ფსიქოთერაპევტული მიზნით, გაუცნობიერებელ მოტივთა საფუძველზე აღმოცენებულ განცდათა და ქცევათა თავისებურებების გამოსავლენი მეთოდების ერთობლიობა, რომელთა ძირითადი კომპონენტებია თავისუფალი ასოიაციები, მდიდარი ინტერპრეტაციები და ტრანსფერი (გადატანა): სუბიექტი თავისუფალ ასოციაციებს იძლევა, ანალიტიკოსი მისი ასოციაციებისა და სუბიექტის მისდამი განცდების ინტერპრეტაციას ახდენს; ამ პროცესის მიზანია ადამიანის ქცევის აგება მისი (განსაკუთრებით ადრეული ბავშვობის ხანის) გამოცდილების საფუძველზე.
ფსიქოდრამა - ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) მოდელი, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადოს. ამ მეთოდის მიზანია, ისევე როგორც ფსიქოანალიზში „კათარზისის“ მიღწევა ანუ საკუთარი ცხოვრების რეალობის და მასში დამალული კონფლიქტურობის მეტ-ნაკლებად შოკური გაცნობიერება. ეს პრინციპი შესაძლებელია წმინდა დიაგნოსტიკური თვალსაზრისითაც იქნეს გამოყენებული (ისევე როგორც სოციოდრამა).
ფსიქოსემანტიკა - 70-იან წლებში აღმოცენებული ექსპერიმენტული პარადიგმა, რომელიც შეისწავლის მნიშვნელობათა ინდივიდუალური და ჯგუფური სისტემების გენეზისს, აგებულებასა ადა ფუნქციონირებას; ექსპერიმენტულად იკვლევს ცნობიერებაში მნიშვნელობათა არსებობის მრავალგვარ ფორმას (ყოველდღიურ ცნებებს, ხატებს, სიმბოლოებს, კომუნიკაციურ და რიტუალურ ქმედებებსა და სხვ.). ფ. ეყრდნობა მნიშნელობათა სემანტიკური მსავსების დასადგენ მეთოდთა (ასოციაციურ, მრავლობითი, იდენტიფიკაციის, სემანტიკური დიფერენციალის, კლასიფიკაციის, სკალირების, დახარისხებისა და სხვ.) ერთობლიობას და იყენებს მრავალგანზომილებიანი სტატისტიკის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტარიებს. ფ-ის ძირითადი მეთოდია სემანტიკური სივრცეების აგება, რომელიც განიხილება ცნობიერების მოდელურ ოპერაციონალისტურ ანალოგად. ფ-ის გამოკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათი განაპირობებს ამ მიდგომის წარმატებით გამოყენებას არა მარტო ზოგად და სოციალურ ფსიქოლოგიაში, არამედ სოციალურ მეცნიერებათა მრავალ სფეროში, მათ შორის სოციოლოგიასა და პოლიტილოგიაში, აგრეთვე, ეთნოლოგიასა და კულტურის სხვა მეცნიერებებში.
ფუნდამენტალიზმი - რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფ., როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. ასე მაგ., პროტესტანტული ფ. საბოლოო ჯამში ყოველთვის მიმართულია კათოლიციზმის წინააღმდეგ. ებრაულ ფ-ს ძირითად მოწინააღმდეგეებად ისევ ებრაელები ჰყავს, თუკი ეს უკანასკნელი იუდაიზმის სეკულარიზაციისაკენ იხრებიან. ისლამური ფ-ის ძირითადი ამოცანაა ისლამის დაცვა ნებისმიერი სახის მოდერნიზაციისაგან და ა.შ. (იხ. აგრ. ისლამური ფუნდამენტალიზმი).
ფუნქცია და დისფუნქცია - ამ ორ ცნებას შორის განსხვავება გვიანდელ ფუნქციონალიზმში რობერტ მერტონმა შემოიტანა, როდესაც იგი აანალიზებდა თანამედროვე, სეკულარიზებული საზოგადოების მახასიათებლებს. ფ-ს მერტონი განსაზღვრავს როგორც „დაკვირვებად შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს მოცემული სისტემის მიმართ ადაპტაციას და შეგუებას“. სხვანაირად რომ ითქვას, ფ-ში იგულისხმება გარკვეული ამოცანა (დავალება), რომელსაც რაიმე ინსტიტუტი ასრულებს უფრო ფართო სოციალური სტრუქტურებისათვის, რაც მიუთითებს მის წვლილზე სოციალური დანაწესების უწყვეტობასა და შენარჩუნებაში. რაც შეეხება დ-ს, მერტონის განსაზღვრებით, ესაა „ის დაკვირვებადი შედეგები, რომლებიც ამცირებენ სისტემის მიმართ ადაპტაციას და შეგუებას“. მერტონი საუბრობს აგრეთვე არაფუნქციური შედეგების ემპირიულ შესაძლებლობაზე, რომელიც უბრალოდ სულერთია განსახილველი სისტემისათვის. ნებისმიერ მოცემულ მომენტში მოვლენას შეიძლება ჰქონდეს როგორც ფ-ური, ისე დ-ური შედეგები. ეს, მერტონის მიხედვით, წარმოშობს შედეგთა ერთობლიობის წმინდა „ბოლოვადი ბალანსის“ განსაზღვრის პრობლემას, როდესაც სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელია შენარჩუნდეს წონასწორობა მოვლენის განსხვავებულ შედეგებს შორის.
ფუნქციონალიზმი - მიმდინარეობა სოციოლოგიასა და სოციალურ ანთროპოლოგიაში, რომელიც ცდილობს სოციალური სტრუქტურების არსებობა ახსნას იმ ფუნქციების (როლების) მიხედვით, რომელსაც ისინი ასრულებენ მთელი საზოგადოებისათვის. ფ. მოიცავს სტრუქტურულ თეორიებს, რომელთა მიერ წარმოებული ანალიზი ორიენტირებულია უფრო მეტად საზოგადოების, ვიდრე ინდივიდის დონეზე. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, განიხილება როგორც ურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთმარეგულირებელ ნაწილთა სისტემა. შესაბამისად, ანალიზის ფოკუსს წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული ნაწილების ურთიერთმიმართება და ის, თუ რატომაა თითოეული ნაწილის ფუნქციონირება აუცილებელი სისტემის (მთელის) სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ფუნქციონალისტურ მიდგომას საფუძველი XIXს-ში ჰერბერტ სპენსერმა დაუდო, რომელიც საზოგადოებას განიხილავდა ბიოლოგიურ ორგანიზმთან ანალოგიით. თუმცა, საზოგადოების შესწავლის იდეა მისი ნაწილების (სტრუქტურების) მიერ შესრულებული ფუნქციების მიხედვით აქტუალური გახდა XXს-ის დასაწყისში, სოციალური ანთროპოლოგიის ბრიტანულ სკოლაში (რადკლიფ-ბრაუნი, მალინოვსკი). XXს-ის 50-იან წლებში ძალზე პოპულარული ხდება სტრუქტურული ფუნქციონალიზმი, რომელიც დაკავშირებულია ტალკოტ პარსონსის სახელთან. იგი ავითარებს სისტემების თეორიას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებისა და მისი ცალკეული ქვესისტემის ფუნქციონირება უნდა გაანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ასრულებენ ისინი განსაზღვრულ ფუნქციურ მოთხოვნებს. პარსონსი გამოყოფს ოთხ ასეთ მოთხოვნას: ადაპტაცია, მიზნის მიღწევა, ინტეგრაცია, ლატენტურობა (ცნობილია სახელწოდებით აგილ-ი). სტრუქტურული ფუნქციონალიზმისთვის დამახასიათებელია ე.წ. „ნორმატივიზმი“, ანუ აღიარება ნორმატიული წესებისა და ღირებულებებისა, რომლებიც განაპირობებს ადამიანებისა და სოციალური ორგანიზაციების ქცევას. თეზისი იმის შესახებ, რომ ყველაფერს, რაც საზოგადოებაში არსებობს, პოზიტიური ფუნქცია აქვს, გააკრიტიკეს თანაემდროვე ფუნქციონალისტებმა (რობერტ მერტონი). მერტონს თანამედროვე საზოგადოებების ფუნქციონალური ანალიზის პროცესში შემოაქვს ისეთი ცნებები, როგორიცაა დისფუნქცია, ლატენტური ფუნქცია, ფუნქციური ეკვივალენტები (შემცვლელები) და სხვ. საბოლოო ჯამში, ნეილ სმელზერი გამოყოფს ფ-ის 5 მახასიათებელს: 1. საზოგადოება ერთ მთელში გაერთიანებულ ნაწილთა სისტემაა; 2. საზოგადოებრივი სისტემები ინარჩუნებს მდგრადობას, რამდენადაც მათში არსებობს კონტროლის ისეთი შინაგანი მექანიზმები, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო; 3. მართალია, საზოგადოებაში არსებობს დისფუნქციები, მაგრამ მათი გადალახვა (დაძლევა) შესაძლებელია; 4. ცვლილებებს, როგორც წესი, აქვს ევოლუციური და არა რევოლუციური ხასიათი; 5. სოციალური ინტეგრაცია, ანუ განცდა იმისა, რომ საზოგადოება მყარი ქსოვილია, მოქსოვილი სხვადასხვა ძაფებისგან, ყალიბდება ღირებულებათა ერთიანი სისტემის საფუძველზე, რომელიც გაზიარებულია მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ.
ფ-ს რამდენიმე თვალსაზრისით აკრიტიკებენ: ა) ის კონსერვატორული მიდგომაა, აქცენტს სვამს რა სოციალურ წესრიგზე და არ ითვალისწინებს სოციალური კონფლიქტების და დევიაციების მნიშნელოვნებას; ბ) იგი ტელეოლოგიური ხასიათისაა, რამდენადაც სოციალურ მოქმედებას ხსნის მისი შედეგების მიხედვით; გ) ახდენს ინდივიდების იგნორირებას, რამდენადაც ფოკუსირდება მხოლოდ სტრუქტურულ ელემენტებზე; დ) არის აისტორიული, რამდენადაც კონცენტრირდება მხოლოდ აწმყოზე ნამყოსთვის რაიმე მნიშვნელობის მონიჭების გარეშე (იხ. აგილ-ი, ფუნქცია და დისფუნქცია, აშკარა და ლატენტური ფუნქციები, ფუნქციური ეკვივალენტები).
ფუნქციური ანალიზის პოსტულატები - ბრიტანული სოციალურ-ანთროპოლოგიური სკოლის წარმომადგენლების, ანუ ადრეული (XXს-ის 20-იანი წლები) ფუნქციონალისტების (რადკლიფ-ბრაუნი, მალინოვსკი) მიერ ჩამოყალიბებული სამი ძირითადი პოსტულატი: 1. საზოგადოების ფუნქციური ერთიანობის პოსტულატი - სოციალური (კულტურული) სტანდარტები (მოვლენები) ფუნქციურია მთელი სოციალური ან კულტურული სისტემისათვის; 2. უნივერსალური ფუნქციონალიზმის პოსტულატი - ყველა სოციალური ან კულტურული ელემენტი ასრულებს პოზიტიურ ფუნქციას; 3. აუცილებლობის პოსტულატი - პოზიტიური ფუნქციის შესრულებასთან ერთად სოციალური ან კულტურული მოვლენები აუცილებელია (შეუცვლელია) მოცემული სისტემისათვის. მერტონი აკრიტიკებს ამ პოსტულატებს და მიიჩნევს, რომ ისინი ვალიდურია მხოლოდ პრიმიტიურლი, დამწერლობამდელი საზოგადოებების მიმართ და არ გამოდგება თანამედროვე საზოგადოებების ანალიზისათვის. მერტონი ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა (ინსტიტუტი, სტრუქტურა) შეიძლება ფუნქციური მნიშვნელობის მქონე იყოს სოციალურ ერთეულთა განსაზღვრული ერთობლიობისათვის, ხოლო დისფუნქციური - სხვა ერთობლიობის მიმართ. გარდა ამისა, ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება შესრულდეს ალტერნატიული სოციალური სტრუქტურების მიერ, ე.ი. ესა თუ ის სტრუქტურა არ არის შეუცვლელი ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად. ასე შემოაქვს მერტონს დისფუნქციის და ფუნქციური ეკვივალენტების ცნებები, როგორც ფ.ა.პ-ის კრიტიკის მთავარი კონცეპტუალური იარაღი (იხ. ფუნქცია და დისფუნქცია; ფუნქციური ეკვივალენტები).
ფუნქციური ეკვივალენტები - ალტერნატიული სტრუქტურები საზოგადოებაში, რომელთაც ისეთივე ეფექტურობით შეუძლიათ იმავე ფუნქციის შესრულება, რაც სხვა სტრუქტურებს სხვა საზოგადოებაში. ეს ტერმინი დაამკვიდრა რ.მერტონმა ადრეული ფუნქციონალიზმის (რადკლიფ-ბრაუნი, მალინოვსკი) მიერ წამოყენებული აუცილებლობის პოსტულატის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, ესა თუ ის სოციალური ინსტიტუტი ან სტრუქტურა შეუცვლელია მოცემული ფუნქციის შესასრულებლად და შეუძლებელია, ესა თუ ის ფუნქცია ალტერნატიულმა ინსტიტუტებმა (სტრუქტურებმა) შეასრულოს. მაგ., რელიგიური ინსტიტუტები საზოგადოებაში ასრულებს უნიკალურ ფუნქციას, რომლის უზრუნველყოფა არც ერთ სხვა სტრუქტურას არ შეუძლია. მერტონი ამტკიცებს, რომ აუცილებლობის პოსტულატი გამოუსადეგარია თანამედროვე, სეკულარიზებული საზოგადოების ანალიზისათვის. იგი აყალიბებს ასეთი საზოგადოებისათვის რელევანტური ფუნქციური ანალიზის ძირითად თეორემას: „ზუსტად ისე, როგორც ერთმა და იმავე მოვლენამ შეიძლება შეასრულოს მრავალრიცხოვანი ფუნქცია, ასევე, ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება განსხვავებულად შესრულდეს განსხვავებული მოვლენების მიერ“. ასე ფ.ე-ების ცნება რომელსაც მერტონი ფუნქციურ შემცვლელებს ან ფუნქციურ ალტერნატივებსაც უწოდებს. მაგ., მალინოვსკის საპასუხოდ, რომელიც აღარებდა მაგიის ინსტიტუტის შეუცვლელობას, მერტონი ამტკიცებს, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დაურწმუნებლობის ელემენტები ერთვება ემოციურად მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებაში, ყოველთვის მოსალოდნელია გაჩნდეს თუ მაგია არა, ფუნქციურად მისი ეკვივალენტური მოვლენა მაინც. თუმცა, აქ თავს იჩენს პრობლემა მოვლენათა (სტრუქტურათა) ცვალებადობის დიაპაზონის განსაზღვრისა, რომლის ფარგლებშიც მოვლენებს შეუძლია განსაზღვრული ფუნქციის შესრულება. თუ დავუშვებთ, რომ სტრუქტურის ნებისმიერი ცვალებადობის პირობებში, მის მიერ ფუნქციის შესრულება უზრუნველყოფილია, ასეთი დაშვება უტოპიური აზროვნება იქნება, რასაც ემპირიული მეცნიერება უნდა გაურბოდეს. მაშასადამე ამა თუ იმ სტრუქტურის შესაძლებლობები საზოგადოებაში ყოველთვის შეზღუდულია, რაც მის კონტექსტუალურ ბუნებაზე მიუთითებს.
ფუნქციური წინამძღვრები - ბაზისური მოთხოვნილებები (საჭიროებები), რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რათა საზოგადოებამ არსებობა შეინარჩუნოს. მაგ., მიიჩნევენ, რომ სოციალური სტრატიფიკაციის სისტემა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პოზიციები საზოგადოებაში დაიკავონ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებმა; მიუთითებენ, აგრეთვე, რომ საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა: ქცევის დევიანტური ფორმების ეფექტური კონტროლი, სოციალიზაცია, მიზანთა ერთობლივი არტიკულაცია, მიზნის მისაღწევი საშუალებების ნორმატიური რეგულირება და სხვ. პარსონსი გამოყოფს ფუნქციურ მოთხოვნილებათა ოთხ სიდიდეს (ადაპტაცია, მიზნის მიღწევა, ინტეგრაცია, ლატენტურობა - იხ. აგილ-ი), რომელთა რეალიზაციის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. მერტონი აღნიშნავს, რომ ფუნქციური მოთხოვნილებების განსაზღვრა წინააღმდეგობას აწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მკაცრი ექსპერიმენტის ჩატარება. სხვანაირად რომ ითქვას, ძნელია განისაზღვროს, რა მოთხოვნილებები გაუჩნდება კონკრეტულ საზოგადოებას კონკრეტულ სიტუაციებში.
![]() |
23 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქი - საზოგადოების არსებობის ისტორიულად კონკრეტული სოციალურ-სივრცობრივი ფორმა, რომელიც აღმოცენდა შრომის დანაწილების, კერძოდ, სოფლის მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფისა და საქონელგაცვლის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფის ხელში თავმოყრის შედეგად. ქ-ისთვის დამახასიათებელია ადამიანთა დიდი რიცხვის თავმოყრა და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ადამიანთა მოღვაწეობის მრვალაგვარობისა და ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. მასში თავმოყრილია მრეწველობა, მეცნიერება, ხელოვნება, ინფორმაცია ქ. წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ პროგრესში. ქ-ის მოსახლეობისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ცხოვრების წესი. სწრაფი ურბანიზაციის პროცესში სულ უფრო იზრდება ქ-ის მოსახლეობის რიცხვი. (იხ. ურბანიზაციის სოციოლოგია).
ქალაქი - სახელმწიფო - იხ. პოლისი.
ქარიზმა - თეოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული სულიერი თვისება, რომელიც ღვთიურია, ღვთისგან ბოძებულია. სოციოლოგიაში ქ. გააანალიზა მაქს ვებერმა ბატონობის ლეგიტიმური ტიპების შესახებ კონცეფციაში, როდესაც ქ. გამოცხადდა საზოგადოებაში ძალაუფლების ერთ-ერთ წყაროდ. ქ-ული ბატონობა დაფუძნებულია ბელადის განსაკუთრებულ თვისებებზე, რომლებიც მას არამიწიერ მიმზიდველობას ანიჭებს. ბელადს მიეწერება „დიადი მისიის“ შესრულება. მის მიმართ მასის დამოკიდებულება ემოციურ-მისტიკური ხასიათისაა, რაც გულისხმობს მასის, ადამიანის მიერ საკუთარი თავის სრულ მიძღვნას, ბელადის მიმართ პიეტეტს და ბრმა რწმენას. თავად ბელადი დგას სამართლებრივი და ინსტიტუციური წესრიგის გარეთ (იხ. ბატონობა და მორჩილება; დაქვემდებარება).
ქარიზმატული მმართველობა - ქარიზმის ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოიტანა მ.ვებერმა. ასეთი მმართველობისას ლიდერის, ბელადის კავშირი ხალხის მასასთან დამყარებულია არა რაციონალურ, არამედ ირაციონალურ ემოციურ-მისტიკურ საფუძველზე, ლიდერის - ნახევრად ღმერთის ზებუნებრივი თვისებების ბრმა რწმენაზე. ამიტომ ქ.მ. - არის ხელისუფლება, რომელიც ისეთი ლიდერის ერთგულებაზეა დამყარებული, რომელსაც ზეადამიანურ, თითქმის მისტიკურ თვისებებს მიაწერენ. ქ.მ-ის ტიპიური გამოვლინებაა, მაგ., პიროვნების კულტი. თანამედროვე ისტორიაში ქარიზმატული ლიდერები იყვნენ; ვლადიმირ ლენინი, იოსებ სტალინი, მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, მაო ძე დუნი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, კიმ ირ სენი, მარტინ ლუთერ კინგი და სხვ.
ქორწინება - სოციალური ინსტიტუტი, სოციალური ნორმების ერთობლიობა. ისტორიულად ქ. სანქციას აძლევს საპირისპირო სქესის ორი ან მეტი პარტნიორის ურთიერთობას, მათს ურთიერთმოვალეობებსა და უფლებებს, რაც არსებითია ოჯახის ფუნქციონირებისათვის. ქ. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობითა და დამკვიდრებული ტრადიციით, ადათ-წესებით ნებადართული ნებაყოფლობითი კავშირია საზოგადოების წევრებს შორის, რაც თითოეულ მათგანის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს აღიარებს. ქ-ის გაბატონებული ფორმაა მეუღლეობა საპირისპირო სქესის ორ პირს შორის, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებაში ნებადართულია მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა (იხ. პოლიგამია, პოლიგინია, პოლიანდრია) და აგრეთვე ქორწინება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის (იხ. ოჯახის სოციოლოგია).
ქრისტიანობა - რელიგია, რომელიც თავის სარწმუნოებრივ მოძღვრებას, საღვთისმსახურო რიტუალსა და მსოფლხედვას ღვთის მიერ ქვეყნად იესო ქრისტეს მოვლინების ფაქტსა და საღვთო წერილზე (ძველი და ახალი აღთქმა) აფუძნებს. ამ ფორმალური და გარეგანი დეფინიციის გარდა შეუძლებელია სხვა განსაზღვრება, რომელსაც ყველა ქრისტიანი (ამ რელიგიის ყველა მიმდევარი) გაიზიარებდა. ქ-ის მიმდევრებს ასევე არა აქვთ საერთო შეხედულებები ბიბლიის შინაარსისა და ავტორიტეტის საკითხებზე. ქ-ში იმთავითვე იესოს ქადაგებისა და მოღვაწეობის განსხვავებული ინტერპრეტაციები არსებობს, რომლებიც არსებითად ერთმანეთს თეოლოგიური თვალსაზრისით უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ქ-ის არსის შესახებ თითოეულ კონფესიას თავისი განმარტება აქვს. ქ-ის ძირითადი ფორმებია: რომაულ-კათოლიკური ქ. (კათოლიციზმი), აღმოსავლური ქ. (მართლმადიდებლობა, მონოფიზიტობა, ნესტორიანელობა და ა.შ.) და პროტესტანტიზმი. რელიგიათმცოდნეობითი თვალსაზრისით, ქ-ის ყველა სამი ზემოთ ნახსენები ფორმა გამოცხადებისა და ხსნის რელიგიას განეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ ქ. საკუთარ მოძღვრებასა და ღვთისადმი თაყვანისცემას აფუძნებს არა ადამიანის გონებაზე, არამედ იესო ქრისტესა და მასში გაცხადებული ღმერთის განსაკუთრებულ გამოვლენაზე (გამოცხადება), რომლის ამოცანა და მიზანი ადამიანის ცოდვებისაგან განთავისუფლება და მარადიულ ცხოვრებასთან (ცხონება, ხსნა) ზიარებაა. ქ-ის ინდივიდუალისტური ფორმა სრულებით მოწყვეტილია ამა თუ იმ საეკლესიო ორგანიზაციულ მოწყობას (ეკლესიას, სექტას, დენომინაციას ან კულტს). ისტორიულად შეიძლება გამოიყოს ქ-ის ინდივიდუალისტი აღმსარებლის ორი ტიპი: რელიგიური ინდივიდუალისტი, რომელიც მრწამსსა და რელიგიურობას, ასევე საღვთისმსახურო რიტუალის ფორმას ქრისტიანული გამოცხადების საკუთარი ინტერპრეტაციით ქმნის; მეორე ტიპი „ეთიკური ადამიანია“, რომელიც გულგრილია ეკლესიისა და დოგმის მიმართ, მაგრამ აღიარებს ქ-ის ზნეობრივ საფუძვლებს: ჰუმანურობის ქრისტიანულ იდეალს (ადამიანის ღირებულებასა და ღირსებას, სინდისის სიწმინდეს), ტრადიციულ საზოგადოებრივ წესრიგსა (ქორწინება, ოჯახი, აღზრდა) და სოციალურ ვალდებულება-პასუხისმგებლობას. ისტორიულად ქრისტიანობა იუდაისტური რელიგიიდან გამოდის, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ასრულება (წინასწარმეტყველება მესიის შესახებ) და იმავდროულად, ისრაელის ხალხის კანონებისა და მისი პოლიტიკური იმედების გადალახვა. ქ. მსოფლიო რელიგიაა, მას დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ქ. სოციოლოგიური შესწავლის საგანია (იხ. პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება, ასევე რელიგიის სოციოლოგია).
ქრისტიანული დემოკრატია - ომის შემდგომი პოლიტიკური მოძრაობა ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ამ მოძრაობის საფუძველი შექმნა კათოლიკური ეკლესიის რეაქციამ ლიბერალიზმსა და კაპიტალიზმზე. ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამ აიძულა კათოლიკური ეკლესია, რომელიც ჩართული იყო პოლიტიკურ ბატალიებში, საკუთარი ინტერესების დასაცავად დემოკრატიული ფორმები დაეძებნა კათოლიკური ასოციაციების სახით. XIXს-დან ვატიკანის ძალისხმევით დაიწყო მოქმედების კათოლიკური ჯგუფების შექმნა, რათა ხელი შეეწყო იტალიური სახელმწიფოს აღორძინებისათვის. კათოლიკურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა უკვე პირველ მსოფლიო ომში მიაღწიეს წარმატებას იტალიასა და გერმანიაში, ხოლო შემდგომში რადიკალურად შეცვალეს თავდაპირველი დაპირისპირება ლიბერალიზმთან და კაპიტალისტური ცხოვრების წესთან და ამჯერად სოციალიზმს დაუპირისპირდნენ. ქრისტიანულ-დემოკარტიულმა პარტიებმა რეალურ წარმატებას მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ხელისუფლების სათავეში ქრისტიან-დემოკრატები მოვიდნენ. ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიების შემდგომი დიდი წარმატება XXს-ის 80-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში ისინი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები, როგორც წესი, იცავენ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს და ცენტრისტული პოზიციით გამოირჩევიან.
ქსენოფობია - მტრობის გაძლიერებული განცდა ან შიში უცხოთა თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანთა მიმართ, რაც ხშირად ვლინდება არა მარტო ამგვარ ჯგუფთა მიუღებლობაში, არამედ ყოველგვარი უცხოს - ენის, ცხოვრების წესის, აზროვნების სტილისა და ა.შ. - მიუღებლობაშიც.
ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება - მოქმედების ზოგიერთი თეორია ერთმანეთისაგან განასხვავებს მოქმედებისა და ქცევის ცნებებს, ან მიუთითებს, რომ მოქმედება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული ხასიათის ქცევაა. მაქს ვებერი მათ შორის წყალგამყოფად მიიჩნევს საზრისის ფლობის ფაქტორს. ადამიანის მოქმედების სპეციფიკას ვებერი უკავშირებს სუბიექტური საზრისის ქონას. ამისგან განსხვავებულია ქცევა, რომელიც უსაზრისო - ავტომატურ ან ირაციონალურ - რეაქციებს წარმოადგენს. ტალკოტ პარსონსმა კიდევ უფრო გამოაცალკევა მოქმედების კომპონენტები, დაუკავშირა რა მოქმედება მიზანს, ემპირიულ სიტუაციას და ამ სიტუაციაში აქტორის ნორმატიულ ორიენტაციას. სხვა შემთხვევაში (ჯ.ელსტერი), განსხვავების მთავარ კრიტერიუმად გამოიყენება „ინტენციონალობის“ კატეგორია და მოითხოვება განსხვავდეს ინტენციონალური და არაინტენციონალური ქცევები, როდესაც მოქმედება განიხილება როგორც ინტენციონალური ქცევა. ეს უკანასკნელი სრულდება იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს განსაზღვრული მიზანი. ასეთი ქცევა აუცილებლად უკავშირდება მომავალს. მოქმედების ინტენციონალურ ახსნას მიმართავენ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მითითება მომავალ მდგომარეობაზე, რისი მიღწევაც სასურველია. რაც შეეხება განსხვავებას მოქმედებასა და სოციალურ მოქმედებას შორის, აქ საკითხი ეხება მოქმედების სოციალურობის კრიტერიუმს. ასეთ კრიტერიუმად სახელდება მოქმედების ორიენტაცია სხვა სუბიექტების (სუბიექტის) მოქმედებაზე, რაც გულისხმობს სხვათა ქცევის გაგებას და ინტერპრეტაციას. სოციალური მოქმედება, უშუალოდ თუ გაშუალებულად, ყოველთვის შეიცავს საზრისით გაჯერებულ ინტერაქციას. აქედან გამომდინარე, ვებერის მიხედვით, სოციალურ მოქმედებად არ შეიძლება ჩაითვალოს: ა) გარეგანი მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია მატერიალურ საგანზე; ბ) შინაგანი, ანუ საკუთარ თავზე მიმართული მოქმედება; გ) წმინდა რეაქტიული მოქმედება, რომელსაც არ ახლავს საზრისის მიხედვით ორიენტაცია; დ) მრავალი ადამიანის ერთგვაროვანი მოქმედება, რომელიც არ არის მოტივირებული სხვათა ქცევაზე ორიენტაციით, არამედ რეაქციაა გარე გამღიზიანებელზე; ე) მასობრიობის ზეგავლენით განპირობებული მოქმედება, რომელიც გასაზრისიანებული ქცევის ფარგლებს სცილდება. (იხ. სოციალური მოქმედების ტიპები; სოციალური მოქმედების თეორიები).
![]() |
24 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
ღია და დახურული საზოგადოება - ცნება „ღია საზოგადოება“ პირველად ჰ.ბერგსონმა გამოიყენა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ცნებამ კ.პოპერის სოციოლოგიურ ნააზრევში შეიძინა („ღია საზოგადოება და მისი მტრები“, 1957). პოპერის თანახმად, ღ.ს-ში არ არსებობს შეზღუდვები და ბარიერები სოციალური პოზიციების (სტატუსების) მიღებასა (შეუზღუდავი ვერტიკალური სოციალური მობილობა) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში (პრესის თავისუფლება). ღ.ს. საზოგადოების ტიპია, რომელიც დიდ შესაძლებლობას იძლევა ადამიანის გონების თავისუფალი განვითარების, კრიტიკული დისკუსიისა და გადაწყვეტილების თავისუფალი მიღებისათვის. ღ.ს-ისათვის არსებითია რწმენა ადამიანისადმი, მისი გონებისა და კანონის წინაშე თანასწორობისადმი. ღ.ს-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დისკუსიას. არ არსებობს კრიტიკისათვის აკრძალული თემები. ამის საპირისპიროდ, ღ.ს-ში ვერტიკალური სოციალური მობილობა შეზღუდულია, სოციალური სტატუსი შვილებს ხშირად მშობლებისაგან მემკვიდრეობით გადაეცემა. ცოდნასა და ინფორმაციაზე საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ (პრივილეგირებულ) ფენას მიუწვდება ხელი. ასევე შეზღუდულია არსებული ნორმებისა და ტრადიციების კრიტიკა. როგორც წესი, ღ.ს. გამოირჩევა ტრადიციულობით.
ღია კარის პოლიტიკა - იხ.გავლენის სფეროები.
ღირებულება - ფილოსოფიური და სოციოლოგიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს: 1. ობიექტის დადებით ან უარყოფით მნიშვნელობას მისი ეგზისტენციალური და რაოდენობრივი მახასიათებლის მიუხედავად (საგნობრივი ღ.) 2. ნორმატიულ შეფასებით დამოკიდებულებას საზოგადოებრივი მოვლენებისადმი (სუბიექტური ღ.). ღ-ის ფილოსოფიური თეორიის შექმნა უკავშირდება ლოტცესა და კოჰენის სახელებს, ხოლო ღ-ის სოციოლოგიური თეორია სრულყოფილად ჩამოაყალიბა მაქს ვებერმა. ღ. არის ყოველივე ის, რასაც მნიშვნელობა აქვს ადამიანთა მოღვაწეობისათვის. იგი მოიცავს სულიერ იდეალებს, ზნეობრიობის ნორმებსა და პრინციპებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებსა და ა.შ. სოციალური ღ-ები ის ფუნდამენტური ნორმებია, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური სისტემის მთლიანობას, რამდენადაც მასში გამოიხატება განსაზღვრული სულიერი ფასეულობების განსაკუთრებული მნიშვნელობა მოცემული სისტემის არსებობისა და განვითარებისათვის. იგი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ სინამდვილის მიმართ მნიშვნელობს. იგი მიზან-საშუალებათა სფეროა, რომელშიც მიზნები ბატონობს და მომავლისკენაა მიმართული.
ეპოქათა ცვალებადობის პროცესში ადგილი აქვს ღ-თა შეცვლას ან გადაფასებას. არსებობს ღ-თა სრული გადაფასების, მათი მსხვრევის, უარყოფის პროცესიც.
ღირებულებითი ორიენტაციები - სოციალური სუბიექტების, პიროვნებების, კლასების, ეთნოსების, პროფესიული და დემოგრაფიული ჯგუფების (ახალგაზრდების, ქალების, მამაკაცებისა და სხვ.) მატერიალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, სულიერი ფასეულობებისადმი დამოკიდებულება, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდების მოქმედების მიმართულებასა და ქცევას. სუბიექტის მიერ გაზიარებული სოციალური ღირებულებები ხდება ცხოვრების მიზანი და ამ მიზნების მისაღწევი ძირითადი საშუალება. ამით იძენენ ისინი სოციალური ქცევის მნიშვნელოვანი რეგულაციის ფუნქციას. ღ.ო. სოციალიზაციის პროდუქტია, ე.ი. კრებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ზნეობრივი, ესთეტიკური იმპერატივებისა და აუცილებელი ნორმატიული მოთხოვნებისა, რომლებიც წაეყენება მოცემული სოციალური ერთობის წევრს. ღ.ო-ის ცნება სოციოლოგიაში შემოიღეს უ.თომასმა (აშშ) და ფ.ზნანეცკიმ (პოლონეთი), როგორც პიროვნების სოციალური განწყობის („სოციალური ატიტუდის“) მაჩვენებელი, მისი ქცევის მარეგულირებელი. ღ.ო-ის სიმტკიცე და თანმიმდევრულობა სუბიექტების სტაბილურობის და მყარი პოზიციების, ხოლო საწინააღმდეგო - არასტიბილურობის, მარგინალობის ან ფსიქიკური მოშლილობის მაჩვენებელია.
![]() |
25 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყოფნა - იხ. ფლობა და ყოფნა.
![]() |
26 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდული ბირთვული ომი - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს გლობალური ომის წარმოებას. შ.ბ.ო-ის დაწყება შეიძლება იყოს იმ სახელმწიფოთა იდეა, რომელებიც მოწინააღმდეგეს, ჩვეულებრივ, შეიარაღებით ჩამორჩებიან. შ.ბ.ო-ის იდეა ცივი ომის პერიოდში ჩაისახა. ცივი ომის დასრულების შემდეგ შ.ბ.ო. შეიძლება ორ ვითარებაში დაიწყოს: 1) ბირთვული დიდი სახელმწიფოს მიერ რომელიმე ურჩი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების; ან 2) ორ რეგიონულ სახელმწიფოს (მაგ., ინდოეთსა და პაკისტანს) შორის ბირთვული დარტყმის გაცვლის შემთხვევაში.
შეიარაღების კონტროლი - სამხედრო ძალების მშენებლობის, განლაგების ან გამოყენების ნებაყოფილობითი შეზღუდვის პოლიტიკა. შ.კ-ის პოლიტიკა გულისხმობს, რომ სამხედრო ძალა საერთაშორისო პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს და მისი გამოყენება დაშინების მიზნებისათვის დასაშვებია. შ.კ. სწორედ ამით განსხვავდება განიარაღების პოლიტიკისაგან, რაც სამხედრო შეიარაღების სრულ მოსპობას ითვალისწინებს. შ.კ. ეფუძნება მოსაზრებას, რომ გამალებული შეიარაღება, რომელიც უსაფრთხოების დილემას წარმოშობს, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილეს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. ცივი ომის პირობებში შ.კ-ის პოლიტიკის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში სტაბილურობის მიღწევა იყო, ხოლო შეიარაღების ნუსხაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს მასობრივი განადგურების იარაღი იკავებდა.
შეკავების პოლიტიკა - შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმმართველი პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ისახავდა მიზნად. შ.პ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოქმედებდა. თავდაპირველად შ.პ-ის იდეა ამერიკელმა დიპლომატმა ჯ.ქენანმა წამოაყენა 1947 წელს. შ.პ-ის ძირითადი კომპონენტები იყო სამხედრო ალიანსები, ეკონომიკური დახმარება და ძირგამომთხრელი საქმიანობის ფარული ხელშეწყობა, ხოლო მთავარი პრინციპები - დაშინება და ინტერვენცია. უფრო გვიანდელი ინტერპრეტაციით, შ.პ. კომუნიზმისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გავრცელების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
შემეცნების სოციოლოგია - სოციოლოგიის განყოფილება, რომელიც შეისწავლის შემეცნების, მათ შორის გაგების, ცოდნის სოციალურ პრობლემებს. საყოველთაოდ მიღებული აზრით, შ.ს. მრავალი სოციოლოგიური თეორიის განუყოფელი ნაწილია. მაგ., კონტის სამი სტადიის კანონი ხსნის საზოგადოების ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას. შ.ს-ის მომიჯნავე მიმართულებებია მეცნიერების სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ხელოვნებისა და ლიტერატურის სოციოლოგია. უკანასკნელ წლებში აშკარაა ეპისტემოლოგიური (შემეცნების თეორია ფილოსოფიაში) საკითხებისადმი სოციოლოგიური მიდგომები (მაგ., კუნის ნაშრომი მეცნიერების შესახებ).
შ.ს-ის ცენტრალური პერობლემაა შემეცნებისა და აზროვნების ყველა ისტორიული ტიპის კონკრეტული ანალიზი, თითოეული მოცემული ეპოქის სოციალურ-კულტურულ წანამძღვრებთან ურთიერთკავშირში. ეს პრინციპულად განასხვავებს შ.ს-ს აზროვნებისადმი ე.წ. წმინდა გნოსეოლოგიური მიდგომისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისი მოწყვეტა კონკრეტული ისტორიული ფონისაგან და მისი შეფასება აპრიორული ნორმების თვალსაზრისით. შ.ს-ის მიზანია ამ შეზღუდული და არაისტორიული მიდგომის დაძლევა. მისი ძირითადი წანამძღვარია - აზროვნება არ უნდა განიხილებოდეს სტრუქტურალისტური ავტონომიურობის მანერით, რაც ეჭვქვეშ აყენებს აზროვნების კონკრეტული ისტორიული ტიპების კონკრეტულ ურთიერთკავშირს, არც - გნოსეოლოგიური ტელეოლოგიზმის სულისკვეთებით, რაც აზროვნების მთელ ისტორიულ პროცესს ხსნის ერთი ტიპის (მაგ., რაციონალობის) საზომით. შ.ს. გნოსეოლოგიური მეთოდოლოგიის დახმარებით პირველად იძენს კონკრეტულობას და ისტორიულ შინაარსობრიობას. შ.ს-ის ყველაზე საინტერესო კონცეფციები ეკუთვნის მ.ვებერს, მ.შელერს, კ.მანჰაიმს. კ.მანჰაიმი გამოვიდა მისი პრობლემების რედუქციონისტული გადაწყვეტის წინააღმდეგ. (მაგ., მარქსიზმის მიხდვით, კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ძირითადია ცოდნის შემეცნების ფორმირებასა და შედეგების განსაზღვრაში). კ.მანჰაიმის გაგებით, არა მარტო კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ფიგურირებს ამ პოცესში, არამედ ჯგუფური კუთვნილება და სოციალური მდგომარეობაც არანაკლბ როლს ასრულებს ამ საქმეში. მანჰაიმი მნიშვნელოვნად განასხვავებს ცოდნის „რეალისტურ“, „იდეოლოგიურ“ და „უტოპიურ“ ფორმებს, ავლენს თითოეულის არსებობის განმაპირობებელ სოციალურ პირობებს.
შ.ს. გამოიყენება მრავალ გამოკვლევაში, კერძოდ, მეცნიერების სოციოლოგიისა და ყოფითი ცოდნის სოციალური კონსტრუირების ჩარჩოებში.
შერჩევა - პოპულაციის ნაწილის შედგენა გარკვეული მიზნებითა და პროცედურების გამოყენებით. ტერმინი ხშირად გამოიყენება განმსზღვრელი სიტყვებით, შესასწავლი სეგმენტის ან შერჩევის პროცედურის სახეობის დასაზუსტებლად. თუკი შ. განმსაზღვრელი სიტყვების გარეშე გამოიყენება, ჩვეულებრივ, გულსხმობენ შემთხვევით შ-ს ანუ შ-ს, როცა პოპულაციაში ობიექტები ერთნაირი ალბათობით შეიძლება იყოს არჩეული (იხ. შერჩევის ტიპები).
შერჩევითი ერთობლიობა - ინდივიდებისა თუ შემთხვევების წილი, რომელიც ამოღებულია დიდი ჯგუფიდან. სოციოლოგიაში შ.ე-ს უწოდებენ გენერალური ერთობლიობის ანუ საკვლევი პოპულაციის იმ ნაწილს (ჯგუფს), რომელიც მონაწილეობს გამოკვლევაში და მიიჩნევა მთლიანი პოპულაციის თავისებურებათა ამსახველად.
შერჩევის ტიპები - მთლიანი პოპულაციიდან საკვლევი ჯგუფი ყალიბდება შერჩევის რამდნიმე ტიპის საფუძველზე: ა) შემთხვევითი შერჩევა. მიმართავენ ან შემთხვევით რიცხვებს, ან სისტემატურ შერჩევას; შემთხვევითი რიცხვები გამოიყენება ყველა ინდივიდისთვის გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსის უზრუნველსაყოფად. ასეთი გამოკვლევების სისტემატური ჩატარებისას პირველ ინდივიდუუმს ჩამონათვალიდან უწესრიგოდ არჩევენ, მომდევნოებს კი - დადგენილი ინტერვალების შესაბამისად. სიიაფისა და სისწრაფის გამო გამოიყენება ბაზრისა და საზოგადოებრივი აზრის საკვლევად, მაგრამ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არ არის (მაგ., ვინმემ შეიძლება ნებაყოფილობით მოინდომოს გამოკვლევაში მონაწილეობა). ბ) სტრატიფიცირებული შერჩევა გულისხმობს მოსახლეობის დაყოფას სტრატებად რაიმე მახასიათებლით (ასაკი, სქესი, საცხოვრებელი, სოციალური კლასი) და ყოველი სტრატიდან შემთხვევითი შერჩევით გამოსაკითხი ჯგუფის შექმნას შერჩევის რეპრეზენტატულობის (წარმომადგენლობის) გაუმჯობესების მიზნით, რამდენადაც შერჩევის მოცულობა გენერალურ ერთობლიობაში არსებული სტრატის ზომის პროპორციული ხდება. გ) კვოტური შერჩევა მიზნობრივი შერჩევის ფორმაა. მისი ზომა შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული. გულისხმობს სტრატებად დაყოფას რაიმე მახასიათებლით და იმ ინდივიდუუმთა რაოდენობის დათვლას, რომელთა ჩართვაცაა საჭირო ყოველი კატეგორიის გენერალური პოპულაციის სტრუქტურის ასახვისათვის ანუ პოპულაციაში არსებული რაიმე ჯგუფიდან შერჩევა ხდება კვოტებით. ახლანდელ სტადიაზე გამოკვლევების ჩატარებისას შემთხვევითობა დაშვებულია, მაგრამ თითოეული უჯრედის ზომის და დადგენისთანავე ამგვარი შერჩევა შეწყდება; შემთხვევითი შერჩევის ნაცვლად ჩამტარებლები ცდილობენ შესაბამისი კვოტების მიღწევას ყოველ უჯრედში, შემთხვევითობის არარსებობა კი ნიშნავს სწორი პროპორციის მიღწევას ყველა უჯრედში; შემთხვევითი შერჩევა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც საკვლევი პოპულაციის ინდივიდებს გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსები არა აქვთ, ამასთან, არსებობს სხვა ცვლადებთან აღრევის ალბათობაც. დ) კლასტერული შერჩევა ნათესაური ერთობლიობიდან (ჯგუფებიდან), კლასტერებიდან ირჩევს გამოსაკვლევ ჯგუფს და ნაკლებად მიმართვს შემთხვევით შერჩევას; უფრო სწრაფია და იაფი, მაგრამ თუ კლასტერები წარმომადგენლობითი არ არის, არსებობს ცვლადთა აღრევის საშიშროება. მაგ., ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებების თაობაზე გამოკითხვები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ტარდება, მაგრამ კლასტერული შერჩევით შექმნილი გამოსაკითხი ჯგუფი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს წარმომადგენლობითი კონკრეტულ რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.
შეფასება - სოციალური კონტროლის ელემენტი: მოწონება-არმოწონება, რომელსაც ინდივიდი, ჯგუფი, ორგანიზაცია ან საზოგადოება გამოხატავს ინდივიდის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების შესრულების ან შეუსრულებლობის პასუხად. არსებითად, სოციალური კონტროლი იწყება სწორედ სოციალური პოზიციების ინდივიდუალური აქტების შ-იდან. ინდივიდის წინაშე საზოგადოების, როგორც ფაქტის არსებობა წარმოდგება, როგორც ინსტანცია, რომელიც მას უპირისპირდება. ინდივიდუალური მოქმედება, შედის რა სოციალურ სამყაროში, თავის განსაზღვრებას, შ-ს იღებს. მისი არსი, აზრი და მნიშვნელობა განისაზღვრება სოციალური მიზნებით. ინდივიდუალური აქტის მიერ სოციალური თვისების, სოციალური განსაზღვრულობის მიღება, მისი აზრისა და მნიშვნელობის შ. საზოგადოების მხრიდან, ამასთან ერთად არის საზოგადოების რეაქციის ფორმა ინდივიდუალურ აქტზე. შ-ზე არის დამოკიდებული ინდივიდუალური აქტების მომავალი ბედი, მათი განმეორება ან შეწყვეტა.
შიდა ანალოგია - საერთაშორისო ურთიერთობების განსჯა ცალკეული სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიდნ მიღებული გამოცდილების მიხედვით. ყველაზე ხშირად შ.ა-ით საერთაშორისო ურთიერთობების განხილვა ჰობსის „ლევიათანის“ მაგალითზე ხდება. განსხვავება, რომელიც საერთაშორისო წესრიგს და შიდასახელმწიფოებრივ წესრიგს შორის არსებობს, ყველაზე დამაჯერებლად ჰედლი ბულმა აღწერა.
შობადობა - მოსახლეობის აღწარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ტერმინი აღნიშნავს ბავშვთა შობას არა ცალკეული შემთხვევების, არამედ ერთობლივი პროცესის სახით ადამიანთა ჯგუფების (ასაკობრივ, ეთნიკურ და ტერიტორიულ ჭრილში) ან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბით. ბავშვთა სიკვდილიანობასთან, საერთო სიკვდილიანობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ერთად შ. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შ-ის დონეზე მოქმედებს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ბიოლოგიური და სხვ ფაქტორები. მაგ., ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ შრომაში, ბავშვთა დაწესებულებებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის კულტურული დონე, ჯანდაცის განვითარების დონე, დაქორწინების ასაკი და სხვ.
შოვინიზმი - საკუთარი ერის გამორჩეულობის ბაზაზე სხვა ერებისადმი სიძულვილის იდეოლოგია და პრაქტიკა. ტერმინი პოლიტიკურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნაპოლეონის დაპყრობითი ომების აპოლოგეტის, ვინმე შოვენის სახელიდან. როგორც წესი, შოვინისტები ერთი ერის გამორჩეულობის ან მისი „მსოფლიო ისტორიული მისიის“ მტკიცების საფუძველზე ამართლებენ ამ ერის მიერ სხვა „არასრულყოფილი“ ერების დამორჩილებას. შ-ს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივი ხასიათიც, როდესაც მრავალეროვნულ სახელმწიფოში „სატიტულო“ ერი იწყებს სხვა ეთნოსებთან შედარებით თავისი გამორჩეული როლის მტკიცებას.
შრომა - ადამიანის გაცნობიერებული, გამიზნული ფიზიკური ან გონებრივი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი იქმნება და რომელიც ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ემსახურება. ეკონომიკაში შ. კაპიტალთან და მიწასთან ერთად წარმოების ფაქტორს წარმოადგენს. მარქსიზმში ხაზგასმულია შ-ის ორმაგი ხასიათი: აბსტრაქტული და კონკრეტული. აბსტრაქტული შ-ის შედეგად იქმნება გაცვლითი ღირებულება და ახალი ღირებულება, მაშინ როცა კონკრეტული შ. მხოლოდ სახმარ ღირებულებას წარმოშობს. ანაზღაურებადი სამუშაო, მარქსის აზრით - შ., რომელიც აუცილებელია წარმოების უზრუნველსაყოფად - ანაზღაურების გარეშე შეუძლებელია. ზოგადად, ანაზღაურებადი ეწოდება იმ შ-ს, რომელშიც შესაძლებელია საფასურის მიღება. მარტივია ისეთი შ., რომლის შესრულება შესაძლებელია სპეციფიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის გარეშე. ეს ტერმინი ასევე მარქსიზმიდან მომდინარეობს. რთული შ. მარტივის საპირისპიროა. რთული შ-ით იქმნება მაღალი ღირებულების მქონე საქონელი. გაუცხოებული შ., მარქსის თანახმად, არის მომუშავის დამოკიდებულების ხასიათი მის მიერვე შექმნილ პროდუქტთან, რომელიც მას არ ეკუთვნის. მონოტონური შ.: მექანიზებულ და შ-ის პროცესებად დანაწევრებულ წარმოებაში სამუშაო ადგილის მქონეებს მოეთხოვებათ განმეორებადი, სპეციფიკური მოქმედება. ეს მოქმედება ხორციელდება დიდი გონებრივი და ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მონოტონურობას. გონებრივი შ.: საქმიანობა, სადაც შ-ის პროდუქტი ფიზიკური მოქმედების გარეშე ანუ „თავით მუშაობით“ იქმნება.
შრომის საზოგადოებრივი განაწილება - ამ კატეგორიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. პირველი მნიშვნელობა დაკავშირებულია ეკონომიკურ ეფექტურობასთან და წარმოების პროცესში შესასრულებელი ოპერაციების განაწილებასთან. ესაა წარმოების პროცსში ოპერაციების ტექნიკური განაწილება, რის შედეგადაც შრომა ხდება უფრო სპეციალიზებული. კლასიკური ეკონომიკური თეორიის წარმომადგენლები (ა.სმიტი) შ.ს.გ-ის კატეგორიას სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებდნენ. ასეთი განაწილება ზრდის წარმოების პროცესის ეფექტურობასა და შრომის ნაყოფიერებას. ეკონომიკური თეორიის თანახმად, შ.ს.გ-მ გამოიწვია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება (შედარებითი უპირატესობის თეორია); 2. შ.ს.გ-ის კატეგორია სოციოლოგიაში მოვლენათა უფრო ფართო სპექტრს აღწერს. ესაა საზოგადოებაში პროფესიული სპეციალიზაციის და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებად და ინსტიტუტებად (ოჯახი, სახელმწიფო, ეკლესია და ა.შ.) დიფერენცირება.
შ.ს.გ-ის კატეგორიას ცენტრალური როლი მიენიჭა ფუნქციონალისტურ პარადიგმებში (ჰ.სპენსერი, ე.დიურკემი, ტ.პარსონსი). ე.დიურკემის თეორიაში შ.ს.გ-ის ფორმა მიჩნეულია საზოგადოებათა კლასიფიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად. პირველყოფილი და თანამედროვე საზოგადოებები სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პირველყოფილი საზოგადოება ხასიათდება შრომის განაწილების დაბალი ხარისხით, რაც დაკავშირებულია ძლიერ კოლექტიურ ცნობიერებასთან და საზოგადოების სეგმენტურ სტრუქტურასთან (იხ. მექანიკური და ორგანული სოლიდარობა). რაც შეეხება თანამედროვე საზოგადოებას, მისთვის დამახასიათებელია სოლიდარობის ორგანული ტიპი, რაც გამოწვეულია შ.ს.გ-ისა და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის ურთიერთდამოკიდებულების მაღალი ხარისხით.
თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიებში შ.ს.გ-ის ანალიზი ხდება სოციალური სტრატიფიკაციისა და მობილურობის თეორიის ფარგლებში. გარდა ამისა, ინდუსტრიული სოციოლოგიის წარმომადგენლები იკვლევენ შრომის პროცესის სპეციალიზაციის, ავტომატიზაციისა და რაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, უკიდურესად სპეციალიზებული შრომის პროცესში მოტივაციისა და ანომიის პრობლემებს.
შრომის სოციოლოგია - იხ. ინდუსტრიული სოციოლოგია.
![]() |
27 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩართული დაკვირვება (მონაწილეობითი დაკვირვება) - სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი. იგი ფართოდ გამოიყენება სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიასა და ეთნოგრაფიაში. მისი სპეციფიკა ისაა, რომ მკვლევარი ხდება იმ სოციალური ჯგუფის (ან სიტუაციის) წევრი, რომელსაც იკვლევს. დამკვირვებელი თავის თავზე იღებს ჯგუფში გარკვეული როლის შესრულებას და ბუნებრივი სოციალური აქტივობის მონაწილე ხდება. ჩ.დ. გულისხმობს ობიექტის ხანგრძლივ შესწავლას ბუნებრივ პირობებში, მის მიზანმიმართულ, სისტემატურ, უშუალო ვიზუალურ და სმენით აღთქმას (თვალყურის დევნებას), გამოკვლევის მიზნებისა და ამოცანებისთვის მნიშვნელობის მქონე სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების რეგისტრაციას.
ჩ.დ-ის სახეებია: გამჟღავნებული (ღია) (overt observation) და გაუმჟღავნებელი (ფარული) (covert observation). ღია (გამჟღავნებული) მონაწილეობითი დაკვირვება ტარდება შესასწავლ სუბიექტთან შეთანხმების საფუძველზე. - ეს შეთანხმება შეიძლება იყოს უსიტვყო ან ფორმალურად გამოხატული. ფარული მონაწილეობითი დაკვირვება ხდება შესასწავლი სოციალური ერთობის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე, ჯგუფის წევრებმა არ იციან, რომ მათ აკვირდებიან, მათთვის უცნობია გამოკვლევის ჩატარების ფაქტი, მკვლევრის ფუნქციები და მოტივები. ჩ.დ-ის ტიპების არჩევას განსაზღვრავს კვლევის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე შესასწავლი პრობლემა. ჩართული გაუმჟღავნებელი მეთოდი შეუცვლელია იმ დახურული და დევიანტური ერთობების გამოკვლევის დროს, რომელთა შესწავლა სხვა მეთოდებით შეუძლებელია.
ჩ.დ-ს განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ თვისებრივ სოციოლოგიაში. ხშირად მას საველე გამოკვლევას უწოდებენ, რადგან ობიექტის შესწავლა ბუნებრივ პირობებში ხდება.
ჩ.დ-ის ჩატარების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამკვირვებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, მის პიროვნულ თვისებებს.
რ.გოულდი განასხვავებს დამკვირვებლის ოთხ ტიპს: 1. სრული მონაწილე, 2. მონაწილე დამკვირვებელი, 3. დამკვირვებელი მონაწილე და 4. სრული დამკვირვებელი.
ჩ.დ-ით მიღებულ მონაცემებს ვალიდურობისა და სანდოობის უფრო მაღალი ხარისხი აქვს, ვიდრე სხვა მეთოდებით მიღებულ სოციალურ ინფორმაციას.
ზოგჯერ ტერმინს „მონაწილეობითი დაკვირვება“ უფრო ფართო მნიშვნელობით ხმარობენ. ზოგიერთი სოციოლოგი მ.დ-ს მიიჩნევს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიად, რომლის მიზანია შესასწავლი სფეროს ღრმა შესწავლა (მაგ., რელიგიური, პროფესიული ან დევიანტური ჯგუფების) ბუნებრივ პირობებში მყოფ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის საშუალებით. ასეთი კვლევის დროს გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდი: არაფორმალური ინტერვიუ, უშუალო, ღია დაკვირვება, ჩ.დ., კოლექტიური დისკუსიები, ჯგუფის წევრების პირადი დოკუმენტების ანალიზი, თვითანალიზი, ცხოვრების ისტორიები.
ზოგიერთი მკვლევარი ტერმინებს „ჩართული დაკვირვება“ და „საველე გამოკვლევა“ ეკვივალენტურად იყენებს.
ჩაურევლობა - თანამედროვე საერთაშორისო სისტემის მთავარი პრინციპი, რომელიც სახელმწიფოთა დამოუკიდებლობასა და სუვერენულ თანასწორობას ეფუძნება. საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს შინაურ სამეებში ჩარევა. ეს პრინციპი ვესტფალიის ზავით დაწესებული პრინციპის - ვინც მართავს, რწმენასაც განაგებს (cuius regio eius religio) - ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა (იხ. აგრ. ვესტფალიის სისტემა). ჩ-ის პრინციპი, როგორც თავად სუვენერიტეტი, აბსოლუტური არ არის. ინტერვენცია (რომელიც ჩ-ის საწინააღმდეგო ცნებაა) საერთაშორისო ურთიერთობების თანამდევი მოვლენა იყო და დღემდე ამგვარად რჩება. ამრიგად, ჩ-ის პრინციპი, მისი ფუნდამენტური ხასიათის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობებში წმინდა ფორმით არასოდეს არსებულა. საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ზრდისა და მსოფლიო მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩ-ის პრინციპის მოქმედების არეალი კიდევ უფრო მეტად დავიწროვდება. გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ ამგვარად განსაზღვრავს ჩ-ის შინაარსს: „არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არა აქვს უფლება ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რა მიზეზითაც უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში; დაუშვებელია შეიარაღებული ჩარევა და ჩარევის ყველა სხვა ფორმა ან ყოველგვარი მუქარა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს სამართალ-სუბიექტობის ან მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საფუძვლების წინააღმდეგ; ისეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა სახელმწიფოს დამორჩილებას, მის სუვერენულ უფლებათა შელახვასა და მისგან რაიმე უპირატესობის მიღებას; არც ერთი სახელმწიფო არ უნდა მიმართავდეს შეიარაღებულ, ძირგამომთხრელ ან ტერორისტულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფოს წესწყობილების შეცვლას ძალაუფლების გზით; ყოველ სახელმწიფოს დაუშვებლად უნდა მიაჩნდეს ასეთი ქმედებები და უარი თქვას მათთვის დახმარების გაწევაზე, მათ დაფინანსებაზე, წაქეზებაზე და არ უნდა ერეოდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე შინაომებში“. წესდება უფლებას არ აძლევს გაეროს, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომლებიც არსებითად ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ეს პრინციპი არ ეხება იძულებითი ზომების გამოყენებას, ანუ როდესაც გაერო მიმართავს ქმედებებს „მშვიდობისადმი საფრთხის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის მიმართ“. ჩ-ის პრინციპი ასევე არ ვრცელდება ადამიანის უფლებათა ისეთ უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, როგორიცაა გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური წმენდა, სხვა დანაშაულობანი კაცობრიობის წინააღმდეგ (იხ. ჰუმანიტარული ინტერვენცია).
ტერმინი ჩ. აღნიშნავს, აგრეთვე, საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ სახელმწიფო პოზიციას, რომელიც გამოიხატება ომის მონაწილე რომელიმე მხარისათვის დახმარების გაწევისაგან თავის შეკავებით (იხ. მიუმხრობლობა, ნეიტრალიზმი, ნეიტრალიტეტი).
ჩიკაგოს სკოლა - ჩამოყალიბდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. ამ სკოლამ სათავე დაუდო რამდენიმე ახალ სოციოლოგიურ მიმდინარეობას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის სოციოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ქალაქის სოციოლოგიური კვლევები ეფუძნებოდა ქ. ჩიკაგოს სწრაფცვალებადი სოციალური ცხოვრების ემპირიულ შესწავლას, რომელიც დაუკავშირდა რ.მაკენზის, რ.არკის, ე.ბერჯესისა და სხვათა სახელებს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზი იყო ჩიკაგოს ახალმოსახლეთა დიდი ნაკადის ჩასვლა, რამაც გამოიწვია განსხვავებული ჯგუფებისა და ტერიტორიული ერთობების გაჩენა (მაგ., პრიტონების რაიონი, ებრაული გეტო, შავკანიანთა უბანი და სხვ.). რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციონიზმს, მისი მთავარი „არქიტექტორია“ ჯორჯ მიდი (იხ. სიმბოლური ინტერაქციონიზმი).
ჩრდილოეთი-სამხრეთი - XXს-ის საერთაშორისო სისტემის ბიპოლარული დაყოფის ერთ-ერთი სახე, რომელიც განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებსა და მესამე სამყაროს განვითარებად ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღნიშნავდა. ჩ.-ს-ის დიქოტომია დეკოლონიზაციის პროცესის შედეგად გაჩნდა. ჩ.-ს-ის დაპირისპირების თავდაპირველი მიზეზი პოლიტიკური იყო. სამხრეთის (მესამე სამყაროს) ქვეყნებმა მიუმხრობლობის მოძრაობის საშუალებით სცადეს თავი დაეღწიათ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ზეგავლენისაგან და ყოფილი მეტროპოლიების მხრიდან ინტერვენციისაგან მოგვიანებით, ჩ.-ს-ის დაპირისპირების წინა პლანზე ეკონომიკურმა საკითხებმა წამოიწია, რაც ვაჭრობასა და ფინანსებში სამხრეთის ქვეყნების ჩრდილოეთის ქვეყნებზე დამოკიდებულებამ განაპირობა. სამხრეთის ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის) გამოყენებით ცდილობდნენ ეიძულებინათ ჩრდილოეთი მეტი ყურადღება მიექცია სამხრეთის პრობლემებისათვის. სამხრეთის ქვეყნების ყველაზე წარმატებული შეთანხმებული ქმედება ჩრდილოეთის წინააღმდეგ ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოების ორგანიზაციის, „ოპეკის“ დაარსება აღმოჩნდა, რამაც ჩრდილოეთის ქვეყნებს თავდაპირველად სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები შეუქმნა. სამხრეთის ეკონომიკური მოთხოვნები XXს-ის 70-იან წლებში ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის იდეოლოგიის სახით ჩამოყალიბდა. ცივი ომის დასრულებამ ჩ.-ს-ის ურთიერთობებზე შედარებით ნაკლები გავლენა მოახდინა. სამხრეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჩრდილოეთის ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი დაკარგეს. ამჟამად სამხრეთის ბლოკში პოლიტიკური სოლიდარობა თითქმის დაკარგულია.
ჩრდილოვანი კაბინეტი - ალტერნატიული მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია არსებული მთავრობის საპირისპიროდ ოპოზოციური პოლიტიკური ძალების ლიდერების მიერ. რეალური მთავრობის ყოველ წევრს ჰყავს თავისი ჩრდილოვანი ოპონენტი ოპოზიციურ მთავრობაში. იდეის მიხედვით, ოპოზიციის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში ჩ.კ. ლეგიტიმურ მთავრობად იქცევა, თუმცა ამგვარი პრაქტიკა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მრავალფეროვან თავისებურებათა ზეგავლენით, ხშირად გარკვეულ კორექტირებას განიცდის. მემარცხენე პარტიები კაბინეტის წევრებს ირჩევენ, მემარჯვენეებთან კი გავრცელებულია პოტენციური მინისტრების პარტიული ხელმძღვანელობის მიერ დანიშვნა. ჩ.კ-ის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ორპარტიული სისტემებისათვის არის დამახასიათებელი, როდესაც ერთი პარტია ადრე თუ გვიან შეცვლის მეორეს ხელისუფლების სათავეში. იმ პოლიტიკურ სისტემებში, სადაც მრავალპარტიულობა ჭარბობს და, შესაბამისად, მთავრობებიც კოალიციურად შედგება, ჩ.კ-ის შექმნა მიზანშეუწონელია.
![]() |
28 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცენტრალიზმი - მმართველობისა და ორგანიზაციის სისტემა, რომლის დროსაც სტრუქტურული ელემენტები ურთიერთდაქვემდებარეულია იმგვარად, რომ ყოველი ელემენტი ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული ზემდგომი ინსტანციით და ასეთივე სახით განსაზღვრავს ქვემდგომს. ამასთან, ც-ის აუცილებელ პირობას ის წარმოადგენს, რომ მთელი სისტემა იმართება ერთი ცენტრიდან. მმართველობისა და ორგანიზაციის მსგავსი პოლიტიკური სისტემის ყველაზე ნათელი ნიმუში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია იყო.
ცენტრისტული პარტია - პოლიტიკური სპექტრის ერთგანზომილებიანი განაწილების პირობებში ასეთად ითვლება პარტია, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს სხვა პარტია ჰყავს. სოციალური სტრუქტურის ჭრილში ც.პ. გამოხატავს საშუალო კლასების ინტერესებს, მაშინ როდესაც ცენტრისტების მარცხნივ და მარჯვნივ მყოფი სხვა პარტიები იცავენ ან მშრომელი, ან საზოგადოების უმაღლესი ფენების ინტერესებს. პარტიების ერთ სპექტრზე განაწილების ამგვარი სტრუქტურა მხოლოდ ერთია სხვა შესაძლო განაწილებებს შორის და, შესაბამისად, თავად ც.პ-ის გაგება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთგვაროვანია. ასე მაგ., იმპერიულ გერმანიაში ც.პ-დ იწოდებოდა კათოლიკური პარტია, რომელიც თუმცა კონსერვატიული იყო თავისი იდეალებით, მაინც თვალსაჩინოდ განსხვავედებოდა ნაციონალისტური მემარცხენე პარტიებისაგან. შვეციაში ც.პ. დაარსდა 1910 წელს. ეს იყო ფერმერების კავშირი. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, როდესაც სოფლის ცხოვრება, თავად ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, პარტიამ სახელი შეიცვალა და მოგვევლინა „შვეციის ცენტრისტულ პარტიად“. ც.პ-ების წარმატება-წარუმატებლობა პოლიტიკურ არენაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე, ასევე კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაზე. გერმანიის ც.პ., თავისუფალი დემოკრატიები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ისინი სჭირდებოდათ როგორც ქრისტიან-დემოკრატებს, ასევე სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც მარტო უჭირდათ უმრავლესობის მოპოვება ბუნდესტაგში. ორპატიული საარჩევნო სისტემის პირობებში, საპირისპირო ვითარებაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის ცენტრისტული, ლიბერალური პარტია.
ცვლადი - მახასიათებელი, ნიშანი, რომელსაც ერთზე მეტი კატეგორია (ან ღირებულება) აქვს და რომლის გაზომვა შესაძლებელია. ც. შესასწავლი ობიექტის (დაკვირვების ერთეულების) საერთო თვისებაა, რომლის კონკრეტული გამოვლინებები (ც-ის მნიშვნელობები) ობიექტის შესაბამისად იცვლება. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება ემპირიულ გამოკვლევებში. სოციოლოგიური კვლევების ტიპური ც-ებია: ასაკი, სქესი, სოციალური ფენა, ეთნიკური კუთვნილება (ეთნიკური ჯგუფის წევრობა), განათლების დონე, საქმიანობის სფერო, თანამდებობრივი სტატუსი, შემოსავლის დონე და სხვ. ც-ები ასახავს ადამიანთა გარკვეული ერთობის ფარგლებში არსებულ განსხვავებებს. მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა ინდივიდებისა და ერთობების დაგჯგუფება გარკვეული კრიტერიუმის ფარგლებში. ც-ები არაა მუდმივი, ისინი შეიძლება იცვლებოდეს კონტინუუმის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ერთ გამოკვლევაში შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ც., მეორეში კი - დამოკიდებული, იმისდა მიხედვით, რომელი მიზნობრივი პროცესების გაანალიზებაა საჭირო. ც-ის ძირითადი ნიშნია ის, რომ მას შეუძლია ასახოს ცვლილებები მოსახლეობის შიგნით, მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობები.
სოციოლოგიურ გამოკვლევაში ც. ხშირად ინდიკატორთან გაიგივდება. სოციოლოგიური გამოკვლევების დანიშნულებაა, გამოავლინოს და გაზომოს ც-ები, რომლებიც დამახასიათებელია რომელიმე მოვლენისათვის, შემდეგ კი ისინი სხვა ც-ების მოქმედებით ახსნას.
ც-ები სხვადასხვა ტიპისაა. მიზეზისა და შედეგის მიხედვით განასხვავებენ დამოუკიდებელ, დამოკიდებულ და შერეულ ც-ებს. დამოუკიდებელია ც., რომელსაც სავარაუდოდ შეუძლია სხვა ც-ის (ან ც-ების) შეცვლა. დამოუკიდებელი ც. ხსნის ან იწვევს ცვლილებებს შესასწავლ მოვლენაში. დამოკიდებულია ც., რომელზეც ზეგავლენას ახდენს დამოუკიდებელი ც. ან სხვა ფაქტორი. შერეული ც. არის გარდამავალი საშუალება, რომლითაც დამოკიდებელი ც. გავლენას ახდენს დამოუკიდებელ ც-ზე, მაგ., თუ საჭიროა გამოკვლევა, რა გავლენას ახდენს განათლება შემოსავალზე გარკვეულ სამსახურში ყოფნისას, განათლება იქნება დამოუკიდებელი ც., შემოსავალი კი - დამოკიდებული. სამსახურის მოყვანილ მაგალითში გამოდის როგორც შერეული ც.
არსებობს პირველადი და მეორადი ც-ები. პირველადი ც-ის მნიშვნელობები უშუალოდ მონაცემების მოპოვებისას მიიღება, მეორადის კი - მონაცემების დამუშავების შედეგად. ც-ები შეიძლება დაიყოს თვისებრივ და რაოდენობრივ ც-ებად. თვისებრივ ც-ებს ატრიბუტულსაც უწოდებენ. რაოდენობრივი ც-ები ორი სახისაა: დისკრეტული და უწყვეტი.
ცივილოზაცია - ც-ს სამი განსხვავებული მმიშვნელობა აქვს. ამ სიტყვების პირველი და მესამე მნიშვნელობა ყველა ენაში გამოიყენება, ხოლო მეორე მნიშვნელობა აზროვნების მხოლოდ გერმანულ ტრადიციას უკავშირდება. 1. ც. - ცხოვრების წესი, რომელიც დიდ სივრცეზეა განფენილი, აქვს დამოუკიდებელი ღირებულებათა სისტემა და სამყაროს სურათი, ასევე სპეციფიკური ეკონომიკა და ბატონობის ფორმა. ამ აზრით შეიძლება ვილაპარაკოთ ქრისტიანულ, დასავლურ და ა.შ. ც-ზე. ამგვარად გაგებული ც. ხშირად კულტურის ცნების სინონიმია. 2. გერმანულ ტრადიციაში ხშირად ც-ის ცნება კულტურის ცნებასთან არის დაპირისპირებული, მაგ., ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900) წერდა კულტურასა და ც-ს შორის ძირეულ დაპირისპირებაზე. კულტურასა და ც-ს შორის განსხვავებაზე პირველად გერმანელმა სოციოლოგმა ალფრედ ვებერმა (1868-1958) მიუთითა. გერმანულ სამეცნიერო ტრადიციაში ც. გულისხმობს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების წმინდა ინსტრუმენტულ გამოყენებას. ც. არსებულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ორგანიზაციებს მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ცხოვრების პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას უქვემდებარებს, რასაც შედეგად ადამიანზე ტექნიკის ბატონობა მოაქვს. მაშინ როცა კულტურა აღწერს მიღწევებს, ცოდნას, მოქმედებებს, ობიექტებსა და ინსტიტუტებს, რომელთაც თავისთავადი, დამოუკიდებელი ღირებულება აქვთ და რომლებიც ყოველდღიური, პროფანული ცხოვრების მოთხოვნილებებზე მაღლა დგას. კულტურა არსებითად რელიგიას, ხელოვნებასა და მორალს ანიჭებს უპირატესობას და მათ ექვემდებარება, მაშინ როცა ც-ში მეცნიერებასა და ტექნიკასთან ერთად ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამართლის პრიმატია აღიარებული. 3. ც. (ცივილიზება) ნიშნავს ლტოლვილისა და აფექტის რეგულირების პროცესს, ძალადობისა და ძალადობისათვის მზაობის შემცირება- მოხსნას და ურთიერთობის ფორმებისა და ზნე-ჩვეულებების დახვეწას. ამ აზრით ცნება „ცივილიზაცია“ (ცივილიზებული) უპირისპირდება ველურობასა და ბარბაროსობას. ცნება „ცივილიზაციას“ ამ მნიშვნელობით იყენებდნენ ფრანგულ და ინგლისურ განმანათლებლობაში.
სოციოლოგმა ნ.ელიასმა (1897-1990) შემოიტანა „ცივილიზაციის პროცესის“ ცნება. -ის პროცესი საზოგადოების იმგვარი განვითარების შედეგი და ფუნქციაა, როგორიცაა საზოგადოების მზარდი დიფერენციაცია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო მონოპოლიის შემცირება.
ცივილიზაციათა შეჯახება - კონცეფცია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ მეცნიერს სამუელ ჰანტინგტონს და გამოხატულია 1993 წელს ჟურნალ „ფორინ აფეარზ-ში“ გამოქვეყნებულ და ფართოდ გახმაურებულ სტატიაში „ცივილიზაიათა შეჯახება“. ჰანგტინგტონის აზრით, ცივი ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა პირობები ახალი და უკიდურესად საშიში კონფლიქტების წარმოშობისათვის, რაც დაკავშირებულია კულტურულ-რელიგიურ და ეთნიკურ განსხავებებთან. თუ აქამდე ომები დინასტიებს, იმპერიებსა და იდეოლოგიებს შორის წინააღმდეგობების შედეგი იყო, მომავალში კონფლიქტების მთავარი მიზეზი ცივილიზაციათა შორის დაპირისპირება იქნება. ჰანტინგტონი გამოყოფს რვა ძირითად ცივილიზაციას: დასავლურს, სლავურ-მართლმადიდებლურს, ისლამურს, კონფუციურს, იაპონურს, ინდუისტურს, ლათინო-ამერიკულს და (შესაძლო) აფრიკულს. სწორედ ამ ცივილიზაციათა შორის კულტურულ სხვაობას მიიჩნევს ჰანტინგტონი მომავალი მსოფლიო კონფლიქტების მიზეზად. ჰანგტინგტონი თვლის, რომ ძირითადი დაპირისპირება დასავლურ და ისლამურ ცივილიზაციებს შორის მოხდება. დასავლურ ცივილიზაციას აქვს უნივერსალობის პრეტენზია და იბრძვის დასავლური ფასეულობების მთელ მსოფლიოში დამკვიდრებისათვის. ამას ყველაზე მეტად ისლამური ცივილიზაცია ეწინააღმდეგება, მიიჩნევს რა დასავლურ ღირებულებებს სრულიად მიუღებლად ისლამური ზნეობისათვის. ამ წინააღმდეგობამ აგრესიული, შეურიგებელი სახე მიიღო, რაც ისლამურ ფუნდამენტალიზმში გამოიხატა. დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისლამის მთავარ მოკავშირედ ჰანტინგტონს კონფუციური ცივილიზაცია მიაჩნია, მაგრამ არ გამორიცხავს ისლამურ-კონფუციურ ბლოკში სხვა ცივილიზაციების გაერთიანებასაც, რაც საბოლოოდ იღებს სახეს - „ყველანი დასავლეთის წინააღმდეგ“. თუმცა ჰანგტინგტონის კონცეფცია მკვლევართა დიდი უმრავლესობის მიერ არ არის გაზიარებული, იგი მაინც რჩება ერთ-ერთ გავრცელებულ ჰიპოტეზად. ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.
ცივი ომი - ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-სა და დასავლეთის სხვა წამყვან სახელმწიფოებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს შორის, რამაც თავი იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და 90-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ.სვოუპს და ფართოდ გავრცელდა უ.ლიმპანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად. ც.ო. გამოხატვდა XXს-ის მეორე ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად შინაარს, როცა მსოფლიოს ორ ძირითად პოლუსს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა.
1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდგ, სსრ კავშირი და აშშ წარმოადგენენ მსოფლიოს ორად ორ სუპერსახელმწიფოს. სსრ კავშირმა ფაშიზმისაგან გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ თვითონვე მოახდინა მათი ოკუპაცია. ასევე აშშ-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებაში. დამარცხებული გერმანიის ტერიტორია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო (სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის). 1947 წლისათვის ცხადი გახდა, რომ სსრ კავშირს განზრახული ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე, აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების თეორია“. ეს დაპირისპირება ლიტერატურაში ხშირად „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დაპირისპირების სახელით მოიხსენიება.
ც.ო-ის ძირითადი კრიზისული მომენტებია: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება (1945-48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962), ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვ. ამ დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე.
ც.ო-ის პერიოდში აშშ-მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას, რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას. ამიტომ აშშ-ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური (იხ. იზოლაციონიზმი) პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით. კომუნიზმის შეჩერების საბაბით აშშ-მა განახორციელა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარება (მარშალის გეგმა), საბერძნეთისა და თურქეთისათვის სამხედრო მხარდაჭერა, ნატოს ჩამოყალიბება, გფრ-ისათვის ყოველნაირად ხელშეწყობა და მისი ნატოში გაწევრიანება, სეატოსა და სენტოს სამხედრო ბლოკების შექმნა და სხვ.
60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა. ამ ერთგვარი „განმუხტვის“ (დეტანტის პოლიტიკისა, როგორც ამას აშშ-ში უწოდებენ და პრეზიდენტ ნიქსონის სახელს უკავშირებენ) შედეგები იყო ოთხმხრივი შეთანხმება დასავლეთ ბერლინის შესახებ (1971), სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები აშშ-სა და სსრკ-ს შორის (1972 და 1979), ვიეტნამის ომის დამთავრება (1973), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირი (1975) და სხვ. თუმცა ამ გარეგნული სიმშვიდის ფონზე გრძელდებოდა სერიოზული დაპირისპირება უფრო ფარული ფორმით და, რაც მთავარია, ახალ გეოპოლიტიკურ რეგიონებზე (ახალო აღმოსავლეთი, ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური ამერიკა) გავლენის მოპოვების მიზნით. 70-იანი წლების ბოლოსათვის ც.ო-ს ძირითადად აქცია-რეაქციის სახე ჰქონდა, როდესაც ერთი მხარე დაუყოვნებლივ ახდენს საპასუხო რეაქციას მეორე მხარის მოქმედებაზე.
ც.ო-ის მიზეზებისა და შინაარსის შესახებ არსებობს სამი განსხვავებული შეხედულება. პირველი მათგანის მიხედვით, რომელიც დასავლეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული, ც.ო-ის წარმოშობაში მთავარი დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი და მისი კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც მიზნად დაისახა მთელი მსოფლიოს „გაწითლება“, აშშ კი იძულებული გახდა წინ აღდგომოდა საბჭოთა ექსპანსიონიზმის საფრთხეს და გადაერჩინა დასავლური ფასეულობანი. მეორე შეხედულებით (საბჭოური შეხედულება), ც.ო. გამოიწვია აშშ-ის იმპერალისტურმა მისწრაფებებმა მსოფლიო ბატონობისაკენ და კომუნიზმის განადგურების განზრახვამ. მესამე შეხედულებით, გერმანიის განადგურებამ წარმოშვა ძალის ვაკუუმი ევროპაში და ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) ცდილობდა შეევსო ეს ვაკუუმი. მაშასადამე, ც.ო. იყო ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა.
80-იანი წლების პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები შეიტანა ც.ო-ისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ც.ო. ისტორიის კუთვნილება გახდა.
ცხოვრების დონე (ცხოვრების სტანდარტი) - სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც ადამიანთა მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხს გამოხატავს. იგი საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის დონეზე მიუთითებს და ცხოვრების წესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ც.დ-ის დინამიკა ცხოვრების წესსა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ც.დ-ს ადამიანის კეთილდღეობის ხარისხი განსაზღვრავს. ც.დ-ის მაჩვენებლებია: შრომის ანაზღაურების რაოდენობა, შემოსავალი, ინდივიდის ან ოჯახის რეალური კეთილდღეობისა და მომსახურების მოცულობა, სასურსათო და სამრეწველო საქონლის მოხმარების დონე, სამუშაო და თავისუფალი დროის ხანგრძლივობა, საცხოვრებელი პირობები, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის დონე და სხვ.
ც.დ. მოიცავს აგრეთვე, საყოფაცხოვრებო, ქცევის, მოხმარების კულტურას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ა.შ.
ცხოვრების სტილი - წესი, რომლითაც ინდივიდი ან ჯგუფი ცხოვრობს. ტერმინი ც.ს. სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. ც.ს., როგორც კონცეფცია, ასოცირდება მაქს ვებერის შრომებთან და აღნიშნავს სხვადასხვა სტატუსის მქონე ჯგუფისათვის ნიშანდობლივი მოხმარების მოდელებს. ტერმინი მიუთითებს ცხოვრების ალტერნატიულ წესებზე, რომლებიც ჩვეულებრივ შესამჩნევი ხდება ღირებულებებისა და მოხმარების ფორმების საშუალებებით.
ყოფილ დონეზე ც.ს. განისაზღვრება მატერიალური კეთილდღეობის სტანდარტებით, ადამიანების მიერ შეძენილი და გამოყენებული საქონლითა და პროდუქციით, შეხედულებებითა და გემოვნებით, რაც დამახასიათებელია როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ისე კონკრეტული ჯგუფებისათვის.
ბოლო დროს ტერმინი ც.ს. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სარეკლამო სააგენტოებისა და ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურების შედეგად. ამას ხელი შეუწყო გართობის პოპულარული ფორმების, რადიოს, ტელევიზიისა და კინოს განვითარებამ.
გარკვეულ ც.ს-ის შექმნა განიხილება როგორც თანამედროვე საზოგადოებაში მომხმარებლის ქცევის ძირითადი სტრატეგია.
თავისი შინაარსით ც.ს. უფრო ვიწროა, ვიდრე ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების მთელ საქმიანობას მოიცავს. ც.ს. ადამიანთა საქმიანობის სუბიექტურ მხარეზე, ინდივიდის, ოჯახის, სხვა სოციალური ჯგუფების ყოველდღიური ქცევის მოტივებსა და ფორმებზე ამახვილებს ყურადღებას. ცნება ც.ს. პიროვნების ან სოციალური ჯგუფების (ფორმალური და არაფორმალური ერთობების) ცხოვრების წესის თავისებურებების დასახასიათებლად გამოიყენება. მოცემული ერთობის შიგნით ამა თუ იმ ცხოვრების წესის ფორმირება შეიძლება ქცევისა და ურთიერთობის გარკვეული ინდივიდუალური ან ჯგუფური სტილის გავრცელების შედეგი იყოს.
ცხოვრების წესი - სოციალური კატეგორია, რომელიც ინდივიდის, სოციალური ჯგუფის, მთელი საზოგადოების სხვადასხვა ტიპის მოქმედებების, საქმიანობის ერთობლიობას მოიცავს. იგი ცხოვრების განმსაზღვრელ პირობებთან ერთად განიხილება. ამ კატეგორიის საშუალებით შესაძლებელია ადამიანთა საქმიანობის ძირითადი სფეროები (შრომა, ყოფა, საზოგადოებრივი ცხოვრება, კულტურა) კომპლექსურად, ურთიერთკავშირში იქნეს განხილული. ც.წ. შრომის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საყოფაცხოვრებო და სხვ. სფეროებში ადამიანთა ურთიერთობების, ქცევისა და აზროვნების ნირის თავისებურებებზეც მიუთითებს. იგი ცხოვრების ყაიდით, დონითა და ხარისხით განპირობებული ქცევის მიზეზების გამოვლენისა და დადგენის საშუალებას იძლევა.
განასხვავებენ ნორმატიულ-ფორმაციულ ც.წ-სა (იგი დამახასიათებელია ამა თუ იმ სოციალური სისტემის წამყვანი კლასისთვის, ფენისთვის - მაგ., ახალი ქართველების ც.წ.) და ინდივიდის, სოციალური ჯგუფის, საზოგადოების კონკრეტულ-ისტორიულ ც.წ-ს ისტორიული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე (მაგ., თანამედროვე ქართული საზოგადოების ც. წ.). ორივე სახის ც.წ. კერძო, ცალკეულ ც.წ-ებად იყოფა (ქალაქის ც.წ., სოფლის ც.წ., ინტელიგენციის ც.წ., ახალგაზრდობის ც.წ. და ა.შ.). ც.წ-ს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი პირობები ქმნის და განსაზღვრავს, მაგრამ იგი ამა თუ იმ პირობების „ჯამამდე“ არ დაიყვანება. ც.წ. როგორც ობიექტური (ერთობლივი საქმიანობის წესი, ადამიანების საზოგადოებრივი კავშირი, რაც განსაზღვრავს მათი ურთიერთობისა და ქცევის ხასიათს) და სუბიექტური (ურთიერთობის მიზნები, საქმიანობის ინტერესები და მოტივები, ღირებულებითი ორიენტაციები, მოთხოვნილებები) ასპექტების ერთიანობა, მთლიან სტრუქტურას წარმოადგენს.
ც.წ. მოიცავს ადამიანის მთელ საქმიანობას. თავისი შინაარსით იგი უფრო ფართოა, ვიდრე ცხოვრების სტილი, რომელიც ადამიანთა საქმიანობის სუბიექტურ მხარეზე, ინდივიდის, ოჯახის, სხვა სოციალური ჯგუფების ყოველდღიური ქცევის, საქციელის მოტივებსა და ფორმებზე ამახვილებს ყურადღებას. ქცევისა და ურთიერთობის გარკვეული ინდივიდუალური ან ჯგუფური სტილის გავრცელებამ მოცემულ ერთობაში შეიძლება გამოიწვიოს ც.წ-ის ცვლილება. ც.წ. ადამიანის ქცევის მიზეზებზეც მიუთითებს.
![]() |
29 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძალა - საერთაშორისო ურთიერთობებში ძალაუფლების სამხედრო კომპონენტი, რასაც ოთხი ფუნქცია აქვს: დაშინება, იძულება, თავდასხმა და პრესტიჟის დემონსტრირება. ძ., უპირველეს ყოვლისა, მისი შეძენის უნართანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, სამხედრო რესურსების ფლობას უკავშირდება. საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოთა იერარქიზაციის უმთავრესი პრინციპი ძ-ის ფლობა და მისი გამოყენების სხვათა მიერ აღქმული უნარია. ძ-ზე დიდ გავლენას ახდენს ტექნოლოგიური განვითარების დონე, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ და მისი მოსახლეობის ინტელექტუალურ განვითარებაზეცაა დამოკიდებული. ბირთვული იარაღის გავრცელების კვალდაკვალ გარკვეულწილად შეიცვალა დამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ძ-ის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების მიმართ. ამჟამად ძ-ის გამოყენებასა და ძ-ით მუქარაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ძ-ის გამოუყენებლად პოლიტიკური მიზნების მიღწევას. თუმცა, ამისათვის კვლავაც ძ-ის ფლობაა აუცილებელი, რადგან ძ. კვლავაც წარმატებული დიპლომატიის საწინდარია. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედრო ძლიერების კომპონენტი კვლავაც წამყვანია, რასაც თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა, სამხედრო პოტენციალის დაგროვება და იარაღით ვაჭრობაც ადასტურებს. (იხ. აგრ., პოლიტიკური ძალა).
ძალაუფლება - ერთგვარი უნარი, აიძულო სხვა, გააკეთოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. ძ. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მცნებაა, რომელსაც ხშირად იძულებასთან და გავლენასთან აიგივებენ. ძ-ის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში დავის საგანია და მისი ერთგვაროვანი განსაზღვრება არ არსებობს. საერთაშორისო ურთიერთობებში ძ-ის ცნება რეალიზმის პარადიგმასთან ასოცირდება, რადგან რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებს ძ-ისათვის ბრძოლად მიიჩნევს. ძ-ს ხშირად ორმაგი გაგება აქვს: 1) ძ. როგორც უნარი და 2) ძ. როგორც ურთიერთობა. პირველ შემთხვევაში ძ-ის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ძალა, ძლიერებაა, რომელიც ტერიტორიის სიდიდით, ბუნებრივი რესურსებით, საერთო ეროვნული პროდუქტის სიდიდით, მოსახლეობის უნარ-ჩვევებითა და შეიარაღებული ძალების მომზადების დონით განისაზღვრება. ძ., როგორც ურთიერთობა, ამ ძალის, ძლიერების გამოყენებას გულისხმობს. ურთიერთობითი ძ-ის მიზანია სხვა აქტორების მხრიდან წინააღმდეგობის გადალახვის გზით მათზე ზეგავლენის მოპოვება და მათგან დათმობების მიღწევა. ამ მნიშვნელობით ძ. განსხვავდება გავლენისაგან, რომელიც სხვა აქტორების მხრიდან სასურველი ქცევის მისაღწევად წინააღმდეგობების გადალახვასა და იძულების გამოყენებას არ გულისხმობს. ცნება „სტრუქტურული ძალაუფლება“, მეორე მხრივ, ნიშნავს რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის უნარს, დაადგინოს საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოთა ურთიერთობის ხასიათი განისაზღვრება. სტრუქტურული ძალაუფლების შემადგენელ ნაწილებად სიუზან სთრეინჯი უსაფრთხოებას, ცოდნას, წარმოებასა და ფინანსებს ასახელებს.
ძალთა წონასწორობა - ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში. იგი მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ რეალიზმს და გამომდინარეობს საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურიდან. ამ კონცეფციის მიხედვით, იმის გამო, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, თითოეული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ბრძოლა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის. ამის აუცილებელი პირობა კი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობაა. თავიანთი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, ერთად მოქმედებენ ხოლმე, რათა დაუპირისპირდნენ იმ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფს), რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ამგვარად, საერთაშორისო სისტემა დაყოფილია სახელმწიფოთა რამდენიმე ჯგუფად, რომლებიც დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და მათ შორის არსებული ძალთა ბალანსი (წონასწორობა) არის მშვიდობისა და წესრიგის მთავარი გარანტია საერთაშორისო სისტემაში, ამ სისტემის მდგრადობის ძირითადი პირობა. ხელსაყრელ შემთხვევაში სახელმწიფოები თავიანთი სურვილით აყალიბებენ კავშირს, რომელიც იცავს თითოეული მათგანის ეროვნულ ინტერესებს, ამასთან, არ არის მათი უფლებების შემლახველი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იძულებულია მიეტმასნოს დომინანტ სახელმწიფოს (იხ. მიტმასნა), რაც ხშირად ეროვნული ინტერესების ნაწილის დათმობას იწვევს. საერთაშორისო საზოგადოებაში ძ.წ. სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის ურთიერთობათა მთავარი რეგულატორია, რომელიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობათა ხასიათს. ევროპაში ძ.წ-ის კლასიკური მაგალითებია 1648-1789 წლები (ვესტფალიის ზავის პირობები) და პერიოდი 1815 წლიდან XIXს-ის ბოლომდე (ვენის კონგრესის შედეგები). ძ.წ-ისათვის ბრძოლა XXს-ის საერთაშორისო სამართალშიც იჩენს თავს - იქმნება ნორმები, რომლებიც საშუალებას არ აძლევდნენ არც ერთ დიდ სახელმწიფოს ან ბლოკს, იურიდიულად მოეპოვებინათ უპირატესობა სხვა სახელმწიფოს ან ბლოკის მიმართ. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა გაერომ და მისმა უშიშროების საბჭომ, რომელშიც მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ასევე ნატომ და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ.
![]() |
30 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წოდება - სოციალური ფენა ინდუსტრიამდელ საზოგადოებებში, რომლის წევრთა ადგილი საზოგადოებაში, უფლება-მოვალეობები ადათით ან კანონმდებლობით იყო განსაზღვრული და მემკვიდრეობით გადადიოდა. გარეშე ეკონომიკური იძულება აკანონებდა სხვადასხვა კლასისა და ფენის განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს. მაგ., ბატონყმობის პირობებში უმაღლეს პრივილეგირებულ წრეს მიეკუთვნებოდა თავადაზნაურობა და სამღვდელოება. წოდებრივ ორგანიზაციას რთული იერარქიული ხასიათი ჰქონდა და გამოიხატებოდა მისი წევრების მდგომარეობის ან პრივილეგიების უთანასწორობაში. კასტაც განიხილება როგორც წოდებრივი ორგანიზაცია, მაგრამ აქ მემკვიდრეობის პრინციპი შეურყეველია. წ-ში კი წევრობის უფლების შეძენა შეიძლებოდა ფულითაც, უზენაეს ხელისუფალთაგან ბოძების სახითაც. წოდებრივი ორგანიზაციის კლასიკურ საზოგადოებად ფეოდალურ საფრანგეთს მიიჩნევენ, სადაც XIIIს-ის ბოლოსათვის დასრულდა წ-თა იურიდიული ჩამოყალიბება შესაბამისი სტატუსით - სამღვდელოთა, თავადაზნაურთა და მესამე წ-დ.
საქართველოში წოდებრივი ორგანიზაცია რიგი სპეციფიკით ხასისთდებოდა: წ-თა შორის არ იყო გარდაუვალი ზღვარი; წ-ებს არ ახასიათებდა კასტური კარჩაკეტილობა და სხვ.
წოდებრივი რანჟირება (დახარისხება) - ცვლადების შეფასების წესი, რითაც ხორციელდება მათი ადგილისა და მდგომარეობის განსაზღვრა. წ.რ. წოდებრივი იერარქიის სისტემაში გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ინდივიდების დალაგებას გულისხმობს. ასეთი კრიტერიუმები შეიძლება იყოს წარმომავლობა, გვარიშვილობა, ქონება, დამსახურება სახელმწიფოს წინაშე.წ.რ-ის დიფერენციაცია შეიძლება იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტიპის. ვერტიკალურია მაშინ, როდესაც აუცილებლად გულისხმობს ქვემდგომის მორჩილებას ზემდგომისადმი (მაგ., ძალოვან სტრუქტურებში). ჰორიზონტალურია მაშინ, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული ტიტული ენიჭება საზოგადოების წინაშე დამსახურებისათვის.
![]() |
31 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნების სოციოლოგია - სოციოლოგიის სფერო, რომელიც შეისწავლის საზოგადოების, ადამიანისა და ხელოვნების ურთიერთობას, ხელოვნების სოციალურ ფუნქციებს. მის წინაშე ისმის კითხვები: რამდენად გამოხატავს ხელოვნება მის შემქმნელ საზოგადოებასა და შესაბამისი ეპოქის ღირებულებებს, რამდენადაა განპირობებული ხელოვნება საზოგადოების არსით, რა ფუნქციები აქვს ხელოვნებას საზოგადოებასთან მიმართებაში. ხ.ს. იკვლევს ხელოვნების სოციალურ ბუნებას, ადგენს, ემსახურება თუ არა იგი სოციალურს, აჩვენებს სოციალურის ფაქტობრივ ვითარებას და ასახავს მისი ჯერარსობის გზასაც. ხელოვნების სოციოლოგიაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების წარმოების ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური ანალიზი (კოზერი, ბეკერი), ხელოვნების შინაგანი თავისებურებების კვლევა. ამ სპეციფიკის გამო ნაშრომები ხ.ს-ში უფრო დისციპლინათაშორისი ხასიათისაა, ვიდრე ვიწრო სოციოლოგიური. საბოლოო ჯამში, სწორედ შემოქმედების გაგების შერწყმა ხელოვნების ქმნილებათა უფრო ფართო - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მნიშვნელობის შეფასებასთან - განასხვავებს ხ.ს-ს ტრადიციულად არსებული მიმართულებების - ლიტერატურული კრიტიკისა და ხელოვნების ისტორიისაგან.
ხელშეკრულება - საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის დადებულ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, რაც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით (იხ. აგრ. საერთაშორისო ხელშეკრულება).
ხუნტა - ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, ქალაქის მმართველობა, მუნიციპალური საბჭო, თვითმმართველი ადმინისტრაციული ერთეულის საოლქო ხელმძღვანელობა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ცალკეული სესია ესპანურენოვან ქვეყნებში ხშირი სამხედრო გადატრიალებების დროს, როდესაც როდესაც ხელისუფლებას შეიარაღებული ძალები იღებენ, მათი მეთაურები აყალიბებენ სამხედრო ხ-ს, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ასრულებს და ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მაკონტროლებელი ორგანოების მოვალეობებს. სამხედრო ხ. აძლიერებს პოლიტიკური კლიენტელიზმის სისტემას და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეჟიმის პერმანენტულ არასტაბილურობაზე მიუთითებს. არც თუ ისე დიდ ქვეყნებში და გარეშე ძალების დახმარებით, როგორც ეს ჩილეში იყო. სამხედრო ხ-მ შეიძლება შეიძლება შექმნას პირობები ქვეყნის კაპიტალისტური მოდერნიზაციისათვის. გასული ს-ის 80-იან წლებში ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის ზემოქმედების შედეგად სამხედრო ხ-ებმა დამარცხება განიცადეს.
![]() |
32 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯაშუში - პირი, რომელიც მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებს და ცდილობს შეაგროვოს ცნობები მოწინააღმდეგის გეგმებისა და მისი ძალების შესახებ, რათა აცნობოს თავის მხარეს. ჯ. ისჯება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც შეიძლება გამოტანილ იქნეს ჯაშუშური ქმედების დროს ადგილზე მისი დაკავების შემთხვევაში. თუ შინ მშვიდობით დაბრუნებული ჯ. შემდგომ მოხვდა ტყვედ, იგი პასუხს არ აგებს წარსულში თავისი ჯაშუშური საქმიანობისთვის.
ჯგუფი - ერთმანეთთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ერთობლიობა. ინდივიდები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ რეგულარულად ფორმალური და არაფორმალური კავშირების საფუძველზე. მათ გაცნობიერებული აქვთ მოცემულ ჯ-თან თავიანთი იდენტიფიკაცია და ითვლებიან მის წევრებად სხვა ინდივიდების თვალსაზრისითაც. ჯ-ის წევრები ერთმანეთს უკავშირდებიან სოციალური ინსტიტუტებით რეგულირებული ურთიერთობების სისტემით, გააჩნიათ გარკვეული საერთო ღირებულებები და სხვა ერთობებისაგან გამოყოფილი არიან განცალკევების გარკვეული პრინციპით. ჯ-ის სამი მთავარი ნიშანია: ურთიერთქმედება, წევრობა და ჯგუფური იდენტურობა. ჯგუფური იდენტურობა უფრო მეტია, ვიდრე ჯ-ის წევრობა. სისტემატური ურთიერთობა იწვევს ჯ-ში სოლიდარობისა და საერთო ჩვევების გაჩენას. ჯ-ის ელემენტების სისტემასა და მათი ურთიერთმოწესრიგების პრინციპს ჯ-ის სტრუქტურა ეწოდება. ჯ-ის წევრთა პოზიციების სისტემა ქმნის ჯ-ის მიკროსტრუქტურას. ჯ. არის გარკვეული სახის რეალობა, რომელიც არსებობს ინდივიდების მისწრაფებებისა და ნებისაგან დამოუკიდებლად.
არსებობს სხვადასხვა სახის ჯ-ები. მათ კლასიფიკაციას განსხვავებული კრიტერიუმები უდევს საფუძვლად.
სოციოლოგიურ ლიტერატურაში ჯ-ების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. ამერიკელი სოციოლოგი იუბენკი გამოყოფს კლასიფიკაციის შვიდ ძირითად პრინციპს: 1. კლასიფიკაციები ეთნიკური ან რასობრივი კუთვნილების საფუძველზე. 2. კულტურული განვითარების დონის საფუძველზე. 3. ჯ-ებში არსებული სტრუქტურის ტიპების საფუძველზე. 4. ჯ-ის მიერ უფრო ფართო ერთობებში შესრულებული ამოცანებისა და ფუნქციების საფუძველზე. 5. წევრებს შორის კონტაქტების უპირატესი ტიპების საფუძველზე. 6. ჯ-ებში არსებული კავშირის სახეობის საფუძველზე. 7. სხვა პრინციპებზე დამყარებული სხვადასხვა კლასიფიკაცია.
ჯ-ების დიაპაზონი ძალიან დიდია - ძალიან მცირე ასოციაციებიდან მსხვილმასშტაბიან ორგანიზაციებამდე. ჯ-ის წევრების რაოდენობის მიხედვით გამოყოფენ მცირე, საშუალო და დიდ ჯ-ებს. ჯ-ში არსებული ურთიერთოების ფორმის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად ჯ-ებს. მცირე სოციალური ჯ. შემადგენლობით მცირერიცხოვანია, რომელშიც არის არა უმეტეს რამდენიმე ათეული წევრისა. ისინი საერთო საქმიანობით არიან დაკავშირებულნი და ერთმანეთთან უშუალო მყარი ურთიერთობა აქვთ, რაც წარმოადგენს, როგორც ემოციური ურთიერთობების, ისე განსაკუთრებული ჯგუფური ღირებულებებისა და ქცევის ნორმების საფუძველს. მათ შორის ურთიერთობები ძირითადად არაფორმალური ინსტიტუტებით რეგულირდება. დიდს უწოდებენ ისეთ ჯ-ს, რომელიც მეტად მრავალრიცხოვანია, თუმცა რომლის ყველა წევრი პირადად იცნობს ერთმანეთს. ამავე დროს, მათ შორის ყველა კონტაქტი და ურთიერთობა არ ხორციელდება უშუალოდ.
ტერმინი „პირველადი ჯგუფი“ პირველად გამოიყენა ამერიკელმა სოციოლოგმა ჩარლზ კულიმ (Charles Cooley) პატარა ჯ. მცირე ჯ-ს ნაირსახეობაა. ასეთ ჯ-ში კავშირი ემყარება უშუალო პირად კონტაქტებს, ჯ-ის საქმიანობაში წევრების ემოციურ ჩაბმას, რაც უზრუნველყოფს ჯგუფური იდენტიფიკაციის მაღალ ხარისხს. ჯ-ს, უპირველეს ყოვლისა, აკავშირებს მისი წევრების პირადი ინტერესები (მაგ., ოჯახი, თანატოლთა ჯ. და სხვ.). პირველად ჯ-ებში, როგორც წესი, არ არის ფორმალური კავშირი, ჩვეულებრივ, ყველა პირველადი ჯ. მცირეა, (მაგრამ ყველა მცირე ჯ. არ არის პირველადი). მეორადია ისეთი ჯ., რომელიც შექმნილია გარკვეული მიზნის რეალიზაციისათვის. მასში ჭარბობს, ან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნივთიერი კონტაქტები, რომლებიც უფრო ხშირად გაშუალებულია. მეორადი ჯ-ები ემყარება ურთიერთობათა ინსტიტუციონალიზებულ და სქემატიზებულ სისტემას, მათი საქმიანობა რეგულირდება წესებით. მეორადი ჯ-ები, როგორც წესი, დიდი ჯ-ებია. მაგრამ მცირე ჯ-ებიც შეიძლება იყოს მეორადი ჯ.
არაფორმალური ჯ. რომლის შინაგანი კავშირი დამყარებულია მხოლოდ არაფორმალურ ინსტიტუტებზე, ორგანიზაციასა და კონტროლზე. ფორმალურს უწოდებენ ყველა იმ ჯ-ს, რომლებშიც უკვე განვითარდა ფორმალური ინსტიტუტები. კონტროლისა და ორგანიზაციის ფორმალური სისტემა.
ჯ-ები შეიძლება დაიყოს ჯ-ში წევრების მიღების კრიტერიუმის მიხედვით. არსებობს დახურული, (როცა გამოყენებულია ახალი წევრების მიღების მეტად ზუსტი, განსაზღვრული კრიტერიუმები), შეზღუდული (როდესაც მიღების კრიტერიუმები ნაკლებად მკაცრია), და ღია (როდესაც მათში შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის) ჯ-ები.
განასხვავებენ ინსტრუმენტულ და ექსპრესიულ ჯ-ებს. ინსტრუმენტული (მიზნობრივი) ჯ. იქმნება გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად. ექსპრესიული ჯ. იქმნება მისი წევრების ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად .
კომუნიკაციის ფორმის მიხედვით გამოყოფენ შემდეგი სახის ჯ-ებს: „წრე“, „ჯაჭვი“, „ბორბალი“ და „Y ფორმის“ (გ.ლივიტი). განასხვავებენ კენტრიცხვოვან და ლუწრიცხვოვან ჯ-ებს. პოლიტიკის სოციოლოგიაში გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ინტერესთა ჯგუფი“, „ზეწოლის ჯგუფი“ და სხვ.
![]() |
33 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰარტლენდი - სიტყვასიტყვით „შუაგული მიწა“. ერთ-ერთი ძირითადი ცნება გეოპოლიტაკაში. ტერმინის ავტორია კლასიკური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი გეოგრაფი ჰ.მაკინდერი. მისი თეორიის მიხედვით, მსოფლიო ისტორიის „საყრდენი წერტილი“, „გეოგრაფიული ღერძი“ არის ტერიტორია, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიას, ურალსა და ციმბირს. აღნიშნული სივრცე არის ევრაზიის (და ამიტომ მთელი მსოფლიოს) შუაგული, „ჰარტლენდი“, საიდანაც ცხენოსანი ლაშქარი აკონტროლებდა ევროპისა და აზიის სივრცეებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ამ ტერიტორიის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდა და ძალთა ბალანსი საზღვაო სახელმწიფოებისაკენ გადაიხარა. მაგრამ XIXს-ის ბოლოდან იწყება ახალი, ე.წ. პოსტკოლუმბის ხანა, როცა სახმელეთო სახელმწიფოები იბრუნებენ უპირატესობას და ჰ-ის მნიშვნელობა განუზომლად იზრდება. იგი ფაქტობრივად მიუდგომელია საზღვაო სახელმწიფოებისათვის და გარს ორი კონცენტრირებული „ნახევარმთვარე“ აკრავს. აქედან შიდა ნახევრამთვარე აერთიანებს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ჩინეთს, ხოლო გარე ნახევარმთვარე - ამერიკის ორივე კონტინენტს, აფრიკას, ავსტრალია-ოკეანეთს, აგრეთვე იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს. ჰ-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას ემატება მისი ულევი ბუნებრივი რესურსები. ყოველივე ამის გამო ჰ-ზე კონტროლი, მაკინდერის აზრით, მსოფლიოზე ბატონობას ნიშნავს. მაკინდერის „ჰარტლენდის თეორიის“ არსი ისაა, რომ საზღვაო სახელმწიფოებს (პირველ რიგში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს) არ დაეშვათ რუსეთისა (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჰ-ის უდიდესი ნაწილი) და გერმანიის (სამხედრო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის) დაახლოება და მათ შორის პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესაძლებლობა. ვერსალის კონფერენციის თანახმად, ამ მიზანს ემსახურებოდა მთელი რიგი ბუფერული სახელმწიფოების ჩამოყალიბება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდგომში ჰ-ის ნეიტრალიზების იდეამ ევროატლანტიკური ალიანსის სახით იჩინა თავი, რომლის გამოხატულებაც ნატოს შექმნა იყო.
ჰეგემონია - სახელმწიფოს ან ადამიანთა ჯგუფის გაბატონებული მდგომარეობა. ტერმინს ხშირად იყენებდნენ ნეომარქსისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის სპეციალისტები. ასე მიაწერდა, მაგ., ა.გრამში ბურჟუაზიას ჰეგემონის მდგომარეობას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რისი უტყუარი ნიშანიც იყო ბურჟაზიული მსოფლმხედველობის გაბატონება.
საერთაშორისო ურთიერთობებში ჰ-ის საკითხს უკავშირებდნენ ზესახელმწიფოებს შორის მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლას ან, ბოლოს, ამერიკის მისწრაფებას გახდეს, გახდეს მსოფლიოში გაბატონებული ერთადერთი ძალა.
ჰეგემონიზმი - სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ან რეგიონალურ ბატონობას, სხვა ქვეყნების დამორჩილებასა და მათთვის საკუთარი ნება-სურვილის თავს მოხვევას. ჰ. არ გულისხმობს სხვა ქვეყნის აუცილებლად ომით დამორჩილებას და ერთი რომელიმე სახელმწიფოს ჰეგემონიის მაინცდამაინც ძალის გამოყენებით დამყარებას. მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ამა თუ იმ სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოცემული ქვეყანა ჰეგემონი გახდეს - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია მას უკარნახოს საკუთარი ნება-სურვილი სხვა ქვეყნებს.
სხვადასხვა ავტორი ტერმინ ჰ-ს სხვადასხვანაირად განმარტავს. უკანასკნელი ხუთი საუკუნის განმავლობაში ევროპის ჰეგემონ ქვეყნებად მიიჩნევდნენ პორტუგალიას, ესპანეთს, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აგრეთვე გერამანიასა და რუსეთის იმპერიას. ამერიკელი მეცნიერის, ჯ.მოდელსკის აზრით, XVს-ის ბოლოდან დღემდე მსოფლიოს სულ ოთხი ჰეგემონი ქვეყანა ჰყავს: პორტუგალია (XVIს.), ნიდერლანდები (XVIIს.), დიდი ბრიტანეთი (XVIII-XIXსს.) და აშშ (XXს.). ი.ვალენშტაინი კი ფიქრობს, რომ ჰეგემონიას ეკონომიკური უპირატესობა განაპირობებს და ხანმოკლე პერიოდს (40-50 წელს) მოიცავს, სანამ ახალ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ მიღწევებს სხვა ქვეყნებიც არ აითვისებენ და არ შეავიწროვებენ ჰეგემონს; ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში სულ სამი ჰეგემონი ქვეყანა შეიძლება გამოიყოს: ნიდერლანდები (XIIს-ის შუა წლები), დიდი ბრიტანეთი (XIXს-ის პირველი ნახევარი) და აშშ (XXს-ის შუა პერიოდი).
XXს-ის მეორე ნახევარში ჰეგემონისტური მიზნები ძირითადად ორ ქვეყანას - აშშ-სა და სსრ კავშირს ახასიათებდა (თუმცა, ზოგჯერ ჰ-ში ადანაშაულებდნენ, აგრეთვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელსაც მესამე სამყაროს ლიდერისა და ხელმძღვანელის პრეტენზიები ჰქონდა). საბჭოთა ჰ. გამოდიოდა ანტიიმპერიალისტური და ანტიკოლონიური ლოზუნგებით და მიზნად ისახავდა საკუთარი გავლენის გლობალურ გავრცელებას, მეტადრე განვითარებად ქვეყნებში. აშშ-ის ჰ-ს საფუძვლად ედო ბრძოლა კომუნისტური ექსპანსიისა და საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, ამასთან ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების ქადაგებით აშშ ცდილობდა მაქსიმალურად გაეზარდა თავისი გავლენა მთელს მსოფლიოში.
კომუნისტური სისტემის ნგრევამ და სსრ კავშირის დაშლამ საბჭოთა (რუსული) ჰ. დროებით შეასუსტა. იმავდროულად სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა აშშ-ის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე (ნატოს გაფართოება და მისი აქტიური მონაწილეობა ევროპულ კონფლიქტებში, განვითარებადი ქვეყნების ფართო ფინანსური დახმარება, ამერიკული ცხოვრების წესის პროპაგანდა და სხვ.) ეს ხშირად აღიქმებოდა და აღიქმება როგორც აშშ-ის ჰეგემონისტურ მისწრაფებათა პრაქტიკული გამოვლინება, რაც ფეხზე წამომდგარი და გაძლიერებული დასავლეთ ევროპის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ სულ უფრო და უფრო იგრძნობოდა და იგრძნობა დასავლეთ ევროპის (ევროკავშირის) მზარდი წინააღმდეგობა აშშ-ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო (თუნდაც ნატოს შიგნით) ჰ-ის მიმართ და ფართომასშტაბიანი მრავალმხრივი, აქტიური ძალისხმევა საკუთარი, სუპერსახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი მდგომარეობის განმტკიცებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მწიფდება ევროპის წამყვანი ქვეყნების კავშირის ჰ-ის ნიშნები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ჰ. დროებით ისტორიას ჩაბარდა, თუმცა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება რუსეთის წადილი დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები, ამასთან, პირველ რიგში - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ მიზნით შეიქმნა დსთ, მაგრამ ამ ორგანიზაციამ ვერ გაამართლა შემქნელთა მოლოდინი. დღეს რუსეთის ჰ-ის იდეოლოგები ეძებენ ახალ ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ ბერკეტებს „ახალი სახის საბჭოთა კავშირის“ შექმნის გზით რუსეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებათა რეალიზაციისათვის.
ჰეგემონური სტაბილურობა - საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც მდგრადი საერთაშორისო რეჟიმების შესაქმნელად აუცილებელი იყო საერთაშორისო ჰეგემონის არსებობა, რომელიც ნორმებისა და წესების დადგენით ბიძგს მისცემდა რეჟიმს. თანამშრომლობის დასაწყებად ჰეგემონს უნდა უზრუნველეყო საერთო ხარჯები, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში აინაზღაურებდა. მეცნიერებს შორის უთანხმოებას იწვევს ის, თუ რამდენად აუცილებელია ჰეგემონის არსებობა უკვე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის ფუნქციონირების შემდეგ. ჰ.ს-ის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ამერიკის შეერთებული შტატების როლი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში (იხ. აგრ. ბრეტონ-ვუდსის სისტემა).
ჰერმენევტიკა - თარგმნის, ახსნის ხელოვნება, რომელსაც ფლობდა ბერძნული მითოლოგიის ღმერთი ჰერმესი - ზევსის შიკრიკი, შუამავალი უზენაეს ღმერთსა და ხალხს შორის. XIXს-ში ჰ. გახდა სასულიერო და რელიგიური ტექსტების ახსნა-განმარტების სპეციფიკური მეთოდი. უფრო კონკრეტულად ჰ. - ეს არის სწავლება რაიმეს პრაქტიკული გამოყენების შესახებ, რომელიც ახსნა-განმარტებას მოითხოვს, სწავლება ინტერპრეტაციის პრინციპების შესახებ. XXს-ში მან ხელი შეუწყო რელიგიური შინაარსის თეორიის საეროში გადაზრდას. პოლიტიკურ ისტორიაში, ჰ., უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება „კემბრიჯის სკოლასთან“, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: ქ.სკინერი და ჯ.დანი. ჰ-ს შეიძლება აგრეთვე მივუდგეთ როგორც დისციპლინას, რომელსაც, უბრალო ახსნისგან განსხვავებით, სხვა დამატებითი აქცენტები აქვს. რომლებიც უპასუხებენ კითხვაზე, თუ რა შეიძლება გადმოგვცეს მოცემულმა ტექსტმა შინაარსის მიღმა.
ჰიპოთეზა - მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს ვერიფიცირებას (დამოწმებას). ჰ-ის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა გარკვეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰ-ს ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. ჰ. დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა-ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ჰ-ებს აგნსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰ. არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ.
სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰ. ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესის ორგანიზებას. სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰ. წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თავისებურებების, სოციალურ მოვლენებს შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათის, ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ. უნდა მოხდეს ისეთი ჰ-ების წამოყენება, რომელთა დამტკიცება ემპირიულად არის შესაძლებელი, თუმცა კვლევის პროცესში შეიძლება მოხდეს მათი უარყოფა. რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებისას ჰ-ის ფორმულირება ხდება კვლევის პროგრამაში, მონაცემების შეგროვების დაწყებამდე, ხოლო მათი შემოწმება - კვლევის პროცესში. თვისებრივი მეთოდების გამოყენების დროს ფაქტების, მოვლენების მნიშვნელობის გააზრება მკვლევრის მიერ კვლევის პროცესში ხდება. ჰ-ები ფორმულირდება, როგორც წესი, ანალიზის დასკვნით ეტაპზე.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰ-ები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ კონცეფციასა და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის.
არსებობს ჰ-თა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით - ძირითადი და არაძირითადი ჰ-ები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით - აღწერითი და ახსნითი ჰ-ები, 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის მიხევით - პირველადი და მეორადი ჰ-ები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰ-ები - საფუძვლები და ჰ-ები - შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰ-ები).
ჰოლიზმი - კვლევითი მიდგომა. გამოდის რა დებულებიდან, რომ მთელი მეტია მის ნაწილთა ჯამზე, გამოსაკვლევი ობიექტის ცალკეული თვისების რედუქციას ახდენს. ჰ. ცდილობს ფენომენი დაინახოს, დააკვირდეს და ახსნას მთლიანობაში. ეს პოზიცია უპირველეს ყოვლისა, თვისებრივ სოციოლოგიურ კვლევებშია გაზიარებული, მაშინ როცა რაოდენობრივი კვლევა მოვლენებს, ფაქტებსა და ფენომენებს პარტიკულარულად და ატომალურად განიხილავს. სოციოლოგიაში ჰ. სოციოლოგიური თეორიაა, რომელიც სოციოლოგიურ ახსნებსა და სოციალური შედეგების განსაზღვრაში „სოციალური სტრუქტურის“, „სოციალური სისტემის“ პრიმატს აღიარებს. ჰ-ს სოციოლოგიაში უპირისპირდება მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი. ჰ. სოციოლოგიაში ასევე გულისხმობს პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, სოციოლოგია, განსხვავებით სხვა სოციალური მეცნიერებებიბასაგან, სოციალური მოვლენების მთლიან სურათს იძლევა.
ჰომოსექსუალიზმი - სქესობრივი კონტაქტი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის. ეს კონტაქტი შეიძლება იყოს არალეგულარული, შემთხვევითი, ორგაზმის გარეშე, ან - ინდივიდისთვის წამყვანი სექსუალური ორიენტაციის გამოხატულება. შესაბამისად, ტერმინი ლიტერატურაში გამოიყენება ფართო სპექტრით - არალეგულარული (ერთი ან ორი) კონტაქტის მქონე ინდივიდებთან დაკავშირებითაც და იმათ მიმართაც, ვისთვისაც ჰეტეროსექსულური კონტაქტი პრაქტიკულად არ არსებობს. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება მამაკაცებს შორის ინტიმური კავშირების აღსაწერად. ჰ-ის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სოციალურ-კულტურული ფაქტორები. ძირითად პრობლემებს წარმოადგენს ჰ-ის გავრცელების არეალი, მის მიმართ დამოკიდებულებებისა და სიმბოლიზების სისტემები სხვადასხვაგვარ საზოგადოებაში, რამდენადაც მიღება-მიუღებლობის თუ კვალიფიცირების (ცოდვა, დანაშაული, დაავადება) თავისებურებები შეესაბამება კულტურულ ორიენტაციებსა და სოციალური მოქმედების სტრატეგიებს. ჰ. დაკავშირებულია სექსუალურ მომთმენობასთან, ოჯახის სტრუქტურასთან, აღზრდის პროცესში სქესთა სეგრეგაციის ხარისხთან და სხვა სოციალურ-კულტურულ ფაქტორებთან. ჰომოსექსულისტთა მიმართ დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტიგმატიზაცია (რაიმე კატეგორიის ხალხის სოციალურ-ფსიქოლოგიური დისკრიმინაცია) (იხ. სტიგმა) და ოსტრაკიზმი (კულტურის მოთხოვნათა მიმართ დამორჩილებისთვის გამიზნული ბოიკოტის ტიპის სანქციები). თანამედროვე მიდგომით, ჰ. უფრო ხშირად სექსუალური უპირატესობის სპეციფიკურ გამოვლენად მიიჩნევა და იშვიათად, (ფორმის გათვალისწინებით) - დაავადებად. სოციალურ მოძრაობაში სხვადასხვა მიმართულება (ფემინიზმი, ესენციალიზმი და სხვ.) ხაზგასმით აღნიშნავდა სექსუალობის სოციალურ-პოლიტიკურ მნიშვნელობას და მოითხოვდა ჰ-ის თავისუფლებას. შეიქმნა ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის, შევიწროების და სტიგმატიზაციის საწინააღმდეგო კონტრიდეოლოგები. ტერმინი ჰომოსექსუალი ამგვარი მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა ოსტრაკიზმის თავიდან ასაცილებლად. მისი სინონიმია გეი. მამაკაცთა ჰ-თან ერთად არსებობს ქალთა ჰ-ც - ლესბიანიზმი (საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის სახელწოდების მიხედვით; მისი სინონიმებია „საპფიზმი“ ან „ტრიბადია“).
ჰუმანიტარული დახმარება - დროებითი ბუნებრივი და სოციალური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფოების მიერ გაწეული და მიღებული დახმარება. ჰ.დ. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული არ არის და მხოლოდ სახელმწიფოების კეთილი ნების გამოვლინებად განიხილება.
ჰუმანიტარული ინტერვენცია - ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალის გამოყენება. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰ.ი. მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული - გენოციდი, აპართეიდი, ეტნიკური წმენდა და სხვ. ჰ.ი-ს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე (მაგ.; ნატოს მოქმედება იუგოლსავიის პროვინცია კოსოვოში 1999წ; გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში - 1970-1990-იან წლებში და სხვ.). ჰ.ი-ის გამოყენება ეკრძალებათ ცალკეულ სახელმწიფოებს, რადგან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის ტოლფასია და რომელსაც სამხედრო ჩარევაც კი შეიძლება მოჰყვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დგინდება და მისი მოწესრიგებაც საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოებანი. ამ პრინციპის სათანადოდ დაუცველობის გამო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნატოს მეთაურობით კოსოვოში ჰ.ი-ის განხორციელებამ.
![]() |
34 ლექსიკონის სტატიათა და ავტორთა ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |
აბოლიციონიზმი (მ.ბიჭაშვილი). აბსენტეიზმი (თ.კიკნაძე). აგილი (ი.კაჭკაჭიშვილი). აგიტაცია (თ.კიკნაძე). აგრარული საზოგადოება (ვ.გოროზია). აგრესია (ზ.დავითაშვილი). ადათი (ვ.გოროზია). ადამიანის უფლებები (თ.კიკნაძე). ადამიანური ფაქტორი [იხ. ერგონომიკა]. ადაპტაცია სოციალური (ლ.სურმანიძე). ადმინისტრაცია (თ. იკნაძე). ავტარკია (ზ.დავითაშვილი). ავტოკრატია (მ.ბიჭაშვილი). ავტონომია (თ.კიკნაძე). ავტორიტარიზმი (მ.ბიჭაშვილი). აკომოდაცია (ზ.დავითაშვილი). აკულტურაცია (ლ.სურმანიძე). ალიანსი (გ.ხელაშვილი). ალტრუიზმი (ლ.სურმანიძე). ამბოხი (ი.კაჭკაჭიშვილი). ანალიზის დონეები (გ.ხელაშვილი). ანარქია (მ.ბიჭაშვილი, გ.ხელაშვილი). ანარქიზმი (თ.კიკნაძე). ანექსია (ზ.დავითაშვილი). ანთროპოლოგია (ვ.გოროზია). ანთროპოცენტრიზმი (ვ.გოროზია). ანიმიზმი (ლ.სურმანიძე). ანკეტა (ნ.დონაძე). ანკეტირება (ნ.დონაძე). ანომია (ე.კოდუა, ი.კაჭკაჭიშვილი). ანტაგონიზმი (მ.ბიჭაშვილი). აპართეიდი (თ.კიკნაძე). აპოლიტიკურობა (მ.ბიჭაშვილი). არაცნობიერი (ე.ჯგერენაია). არაცნობიერი მოტივაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). არბიტრაჟი (საერთაშორისო) (ზ.დავითაშვილი). არბიტრირება (მ.ბიჭაშვილი). არისტოკრატია (თ.კიკნაძე). არტეფაქტი (ლ.სურმანიძე). არქეტიპი (ლ.სურმანიძე). არშემდგარი სახელმწიფო (გ.ხელაშვილი). არჩევნები (მ.ბიჭაშვილი). ასიმილაცია (ლ.სურმანიძე). ასოციაცია (მ.ბიჭაშვილი). აფლუენცია (ლ.სურმანიძე). აქტორი (ზ.დავითაშვილი). აქცია-რეაქცია (ზ.დავითაშვილი). აღმასრულებელი ხელისუფლება (მ.ბიჭაშვილი). აღმოსავლეთი-დასავლეთი (გ.ხელაშვილი). აღქმა (გ.ხელაშვილი). აღწერა (ე.ჯგერენაია). აშკარა და ლატენტური ფუნქციები (ი.კაჭკაჭიშვილი). ახალი მედიევალიზმი (გ.ხელაშვილი). ახალი მოფლიო წესრიგი (გ.ხელაშვილი). ახსნა (ე.ჯგერენაია). აჯანყება [იხ.კოლექტიური მოქმედება]. ბაზისი და ზედნაშენი (ვ.გოროზია). ბაზისური პიროვნება [იხ. პიროვნების სოციალური თეორიები]. ბალკანიზაცია (გ.ხელაშვილი). ბატონობა და მორჩილება (ზ.ტატიშვილი). ბინარული ოპოზიციები (ლ.სურმანიძე). ბიოგრაფიული მეთოდი (ნ.დონაძე). ბიოლოგიზმი [იხ. ნატურალისტური სოციოლოგია]. ბიპოლარულობა (ზ.დავითაშვილი). ბირთვული ზამთარი (ზ.დავითაშვილი). ბირთვული იარაღი [იხ. მასობრივი განადგურების იარაღი]. ბირთვული ქოლგა (ზ.დავითაშვილი). ბირთვული შეკავება (ზ.დავითაშვილი). ბიუროკრატია (ი.კაჭკაჭიშვილი, თ.კიკნაძე). ბიუროკრატიული პოლიტიკა (გ.ხელაშვილი). ბიჰევიორიზმი (ლ.სურმანიძე). ბლიცკრიგი (ზ.დავითაშვილი). ბლოკადა (ზ.დავითაშვილი). ბლოკი (ზ.დავითაშვილი). ბოიკოტი (მ.ბიჭაშვილი, ზ.დავითაშვილი). ბრეტონვუდსი (ზ.დავითაშვილი). ბუდიზმი (ვ.გოროზია). ბულა (თ.კიკნაძე). ბუნებრივი და სოციალური ნორმები (ი.კაჭკაჭიშვილი). ბუნტი [იხ. კოლექტიური მოქმედება]. ბურჟუაზია (მ.ბიჭაშვილი). ბუფერული სახელმწიფო (გ.ხელაშვილი). გაგება (ე.ჯგერენაია). გადატრიალება [იხ. სახელმწიფო გადატრიალება]. გადმოღვრის ეფექტი (გ.ხელაშვილი). გავლენის სფეროები (გ.ხელაშვილი). გაზომვის მეთოდი (მ.ბურძენიძე. გაზომვის სკალები (მ.ბურძენიძე). გამალებული შეიარაღება (ზ.დავითაშვილი). გამოკითხვა (ნ.დონაძე). გამოყენებითი სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). გამოწვევა (თ.კიკნაძე). განვითარებადი ქვეყნები [იხ. მესამე სამყარო]. განიარაღება (ზ.დავითაშვილი). განმანათლებლობა (ვ.გოროზია). განუზრახველი შედეგები (ი.კაჭკაჭიშვილი). გემაინშაფტი/გეზელშაფტი (ი.კაჭკაჭიშვილი). გენდერი (თ.კიკნაძე). გენდერული კვლევები (თ.კიკნაძე). გენერალური ერთობლიობა (ი.კაჭკაჭიშვილი). გენოციდი (ზ.დავითაშვილი). გეოგრაფიული დეტერმინიზმი (ზ.დავითაშვილი). გეოგრაფიული მიმდინარეობა სოციოლოგიაში (ზ.ტატიშვილი). გეოეკონომიკა (ზ.დავითაშვილი). გეოპოლიტიკა (ზ.დავითაშვილი). გერბი (სახელმწიფო) (მ.ბიჭაშვილი). გერონტოკრატია (მ.ბიჭაშვილი). გერონტოსოციოლოგია (ვ.გოროზია). გეტო (ი.კაჭკაჭიშვილი). გეშტალტი (ე.ჯგერენაია). გვარი, ტომი, ფრატრია (ვ.გოროზია). გვაროვნული საზოგადოება (ვ.გოროზია). გლობალიზაცია (ი.კაჭკაჭიშვილი, გ.ხელაშვილი). გლობალიზმი (გ.ხელაშვილი). გლობალური პრობლემები (ზ.დავითაშვილი). დაბალი პოლიტიკა (გ.ხელაშვილი). დაზვერვა (გ.ხელაშვილი). დაკვირვება (თ.კიკნაძე). დანაშაულის სოციოლოგია (ვ.გოროზია). დაქვემდებარება (გ.ხელაშვილი). დაშინება (გ.ხელაშვილი). დაშოშმინება (ზ.დავითაშვილი). დევიაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). დეიდეოლოგიზაცია (თ.კიკნაძე). დეკლარაცია (თ.კიკნაძე). დეკოლონიზაცია (ზ.დავითაშვილი). დეკრეტი (მ.ბიჭაშვილი). დელეგირება (მ.ბიჭაშვილი). დელინკვენტობა (ი.კაჭკაჭიშვილი). დემარში (მ.ბიჭაშვილი). დემილიტარიზაცია (ზ.დავითაშვილი). დემოკრატია (თ.კიკნაძე). დემოკრატია პირდაპირი (მ.ბიჭაშვილი). დემოკრატია წარმომადგენლობითი (მ.ბიჭაშვილი). დემოკრატიული მშვიდობა (გ.ხელაშვილი). დეპორტაცია (ზ.დავითაშვილი). დესპოტიზმი (მ.ბიჭაშვილი). დესტაბილიზაცია (გ.ხელაშვილი). დე ფაქტო-დე იურე (მ.ბიჭაშვილი). დიალოგი (პოლიტიკური) (თ.კიკნაძე). დიასპორა (ზ.დავითაშვილი). დიდი სახელმწიფოები (ზ.დავითაშვილი). დიდი სტრატეგია [იხ. დოქტრინა (პოლიტიკური)]. დიდი შვიდეული (ზ.დავითაშვილი). დინასტია (მ.ბიჭაშვილი). დიპლომატია (გ.ხელაშვილი). დისიდენტი (მ.ბიჭაშვილი). დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური) (თ.კიკნაძე). დისკურსი (ი.კაჭკაჭიშვილი). დკურსული ცნობიერება (ი.კაჭკაჭიშვილი). დისპერსიული ანალიზი (ანოვა) (მ.ბურძენიძე). დისტანცია (ლ.სურმანიძე). დიქტატურა (მ.ბიჭაშვილი). დოგმატიზმი (თ.კიკნაძე). დოკუმენტების ანალიზი (მ.ბურძენიძე). დომინოს თეორია (გ.ხელაშვილი). დოქტრინა (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). დრაკონული კანონები (მ.ბიჭაშვილი). დრამატურგიული მიდგომა (ნ.დონაძე). ეგალიტარიზმი (ლ.სურმანიძე). ეგზისტენციალური სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). ეგზოგამია (ლ.სურმანიძე). ეგო [იხ. იდი, ეგო, სუპერ-ეგო]. ევოლუცია (ვ.გოროზია). ევოლუციური სოციოლოგია (ვ.გოროზია). ევროპოცენტრიზმი (ვ.გოროზია). ეთიკა (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). ეთნიკური ნაციონალიზმი (ზ.დავითაშვილი). ეთნიკური წმენდა (ზ.დავითაშვილი). ეთნოგრაფია (ლ.სურმანიძე). ეთნოლოგია (ლ.სურმანიძე). ეთნოპოლიტიკა (მ.ბიჭაშვილი). ეთნოსი (ლ.სურმანიძე). ეთნოცენტრიზმი (ლ.სურმანიძე). ეთოსი (ლ.სურმანიძე). ეკლესია (ვ.გოროზია). ეკოლოგია (ვ.გოროზია). ეკოლოგიური კრიზისი (ვ.გოროზია). ეკონომიკა (ლ.მეზვრიშვილი). ეკონომიკური სანქციები (ზ.დავითაშვილი). ეკონომიკური სოციოლოგია (ლ.მეზვრიშვილი). ეკოპოლიტიკა (თ.კიკნაძე). ეკუმენიზმი (თ.კიკნაძე). ელექტორატი (თ.კიკნაძე). ელიტა (ზ.ტატიშვილი). ელიტიზმი (მ.ბიჭაშვილი). ემანსიპაცია (თ.კიკნაძე). ემანსიპაცია ქალთა [იხ. ფემინიზმი]. ემბარგო (ზ.დავითაშვილი). ემერჯენტული თვისებები (ი.კაჭკაჭიშვილი). ემპათია/ემპათიკური გაგება (ი.კაჭკაჭიშვილი). ემიგრაცია (მ.ბიჭაშვილი). ერგონომიკა (ლ.სურმანიძე). ერთგანზომილებიანი ადამიანი (ვ.გოროზია). ერთეული ვეტოს სისტემა (ზ.დავითაშვილი). ერთობა (სოციალური) (ვ.გოროზია). ერი (მ.ბიჭაშვილი, ვ.გოროზია, ზ.დავითაშვილი). ერი-სახელმწიფო (ზ.დავითაშვილი). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა (ზ.დავითაშვილი). ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა (მ.ბიჭაშვილი). ეროვნული თვითგამორკვევა (ზ.დავითაშვილი). ეროვნული ინტერესები (გ.ხელაშვილი). ეროვნული სახელმწიფო (მ.ბიჭაშვილი). ეროვნული უსაფრთხოება (გ.ხელაშვილი). ეროვნული ცნობიერება (მ.ბიჭაშვილი). ეროვნული ხასიათი (ვ.გოროზია). ეროსი და თანატოსი (ლ.სურმანიძე). ესენციალიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). ესკალაცია (გ.ხელაშვილი). ეტალონური ცვლადები (ი.კაჭკაჭიშვილი). ეტატიზმი (თ.კიკნაძე). ეტიკური და ემიკური მიდგომები (ლ.სურმანიძე). ექსპანსია (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). ექსპერიმენტი (ნ.დონაძე). ექსპერტი (ნ.დონაძე) ექსპლუატაცია (თ.კიკნაძე). ექსპროპრიაცია (თ.კიკნაძე). ექსტრემიზმი (მ.ბიჭაშვილი). ვალიდურობა (ნ.დონაძე). ვერიფიკაცია (ნ.დონაძე). ვესტფალიის სისტემა (გ.ხელაშვილი). ვეტო (მ.ბიჭაშვილი, ზ.დავითაშვილი) ვიზიტი (მ.ბიჭაშვილი). ვიქტიმოლოგია (ვ.გოროზია). ვოლუნტარიზმი (თ.კიკნაძე). ვოტუმი (მ.ბიჭაშვილი). ვულგარული მატერიალიზმი (ვ.გოროზია). ზავი (გ.ხელაშვილი). ზეწოლის ჯგუფები (მ.ბიჭაშვილი). ზნე-ჩვეულებები (ი.კაჭკაჭიშვილი). თავდაუსხმელობის პაქტი (გ.ხელაშვილი) თავდაცვა (გ. ხელაშვილი). თავისუფალი არჩევნები [იხ. არჩევნები]. თავისუფალი დროის სოციოლოგია (ლ.მეზვრიშვილი). თავისუფლება (ლ.მეზვრიშვილი). თამაშების თეორია (ლ.სურმანიძე, გ.ხელაშვილი). თანაბარი შესაძლებლობები (მ.ბიჭაშვილი). თანასწორუფლებიანობა (თ.კიკნაძე). თაობა (ნ.დონაძე). თეთრსაყელოიანები (ზ.ტატიშვილი). თეოკრატია (თ.კიკნაძე). თვითგამორკვევა (თ.კიკნაძე). თვითმკვლელობა (ე.კოდუა). თვითმმართველობა (მ.ბიჭაშვილი). თვითცნობიერება [იხ. იდენტობა]. თინეიჯერი (ლ.სურმანიძე). „იარლიყების იკერების“ თეორია (ი.კაჭკაჭიშვილი). იდეალიზმი [იხ. პოლიტიკური იდეალიზმი]. იდეალური ტიპი (ი.კაჭკაჭიშვილი). იდენტობა (ლ.სურმანიძე). იდეოლოგია (ე.ჯგერენაია). იდი, ეგო, სუპერ-ეგო (ლ.სურმანიძე). იდიოგრაფიული და ნომოთეტური მეთოდი (ვ.გოროზია). იერარქია (მ.ბიჭაშვილი, ზ.დავითაშვილი). იზოლაციონიზმი (ზ.დავითაშვილი). იმპერია (თ.კიკნაძე). იმპერიალიზმი (გ.ხელაშვილი). იმპიჩმენტი (თ.კიკნაძე). იმუნიტეტი (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). ინაუგურაცია (თ.კიკნაძე). ინდექსი (მ.ბურძენიძე). ინდივიდუალიზმი (ლ.სურმანიძე). ინდუიზმი (ვ.გოროზია). ინდუსტრიალიზაცია (ლ.მეზვრიშვილი). ინდუსტრიული საზოგადოება (ლ.ზვრიშვილი). ინდუსტრიული სოციოლოგია (ლ.მეზვრიშვილი). ინეროლოგია (თ.კიკნაძე). ინკვიზიცია (მ.ბიჭაშვილი). ინკრემენტალიზმი (თ.კიკნაძე). ინოვაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). ინტეგრაცია (გ.ხელაშვილი). ინტელიგენცია (ვ.გოროზია). ინტერესი (ვ.გოროზია). ინტერვენცია (ზ.დავითაშვილი). ინტერვიუ (ნ.დონაძე). ინტერვიუერი (ნ.დონაძე). ინტერიორიზაცია [იგივეა, რაც ინტერნალიზაცია]. ინტერნალიზაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). ინტერნაციონალიზმი (ზ.დავითაშვილი). ინტერპელაცია (თ.კიკნაძე). ინფორმაციული საზოგადოება (ვ.გოროზია). ინფრასტრუქტურა (ე.ჯგერენაია). ირედენტიზმი (ზ.დავითაშვილი). ისკეიპიზმი (თ.კიკნაძე). ისლამი (ვ.გოროზია). ისლამური ფუნდამენტალიზმი (მ.ბიჭაშვილი). ისტებლიშმენტი (თ.კიკნაძე). ისტორიზმი (ე.ჯგერენაია). „ისტორიის დასასრული“ (გ.ხელაშვილი). ისტორიის სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). ისტორიული მატერიალიზმი (ვ.გოროზია). ისტორიციზმი (ე.ჯგერენაია). იუდაიზმი (ვ.გოროზია). იურიდიული სოციოლოგია [იხ. სამართლის სოციოლოგია]. კაბინეტთი (მ.ბიჭაშვილი). კაზუისტიკა (მ ბიჭაშვილი). კანონი (მ.ბიჭაშვილი). კაპიტალიზმი (მ.ბიჭაშვილი). კაპიტულაცია (მ.ბიჭაშვილი). კასტა (ლ.სურმანიძე). კეთილდღეობის საზოგადოება (ე.ჯგერენაია). კენჭისყრა (მ.ბიჭაშვილი). კვაზისახელმწიფო [იხ. არშემდგარი სახელმწიფო]. კვანტიფიკაცია (მ.ბურძენიძე). კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები (ი.კაჭკაჭიშვილი). კვლევის რაოდენობრივი მეთოდები [იხ. კვლევის თვისებრივი და რაოდენობივი მეთოდები]. კითხვა (ნ.დონაძე). კითხვარი (ნ.დონაძე). კლანი (ლ.სურმანიძე). კლასი (ზ.ტატიშვილი). კლასობრივი ბრძოლა (ზ.ტატიშვილი). კლასობრივი ინტერესები და ცნობიერება (ზ.ტატიშვილი). კლასობრივი სტრუქტურა (ზ.ტატიშვილი). კლასტერული ანალიზი (მ.ბურძენიძე). კლაუზევიცის დოქტრინა (გ.ხელაშვილი). კლერიკალიზმი (მ.ბიჭაშვილი). კლიენტერიზმი (თ.კიკნაძე). კოალიცია (პოლიტიკური) (თ.კიკნაძე, გ.ხელაშვილი). კოალიცია (თ.კიკნაძე, გ.ხელაშვილი). კოგნიტური სოციოლოგია (ლ.სურმანიძე). კოეფიციენტი (ლ.სურმანიძე). კოლაბორაციონიზმი (მ.ბიჭაშვილი). კოლონია (მ.ბიჭაშვილი). კოლექტივიზმი (მ.ბიჭაშვილი). კოლექტიური მოქმედება (ლ.სურმანიძე). კოლექტიური პასუხისმგებლობა (თ.კიკნაძე). კოლექტიური უსაფრთხოება (გ.ხელაშვილი). კოლექტიური ცნობიერება (ლ.სურმანიძე). კოლექტიური ხელმძღვანელობა (მ.ბიჭაშვილი). კოლონიალიზმი (ზ.დავითაშვილი). კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია (ზ.დავითაშვილი). კომპროდალური ბურჟუაზია (თ.კიკნაძე). კომპრომისი (მ.ბიჭაშვილი). კომუნიზმი (მ.ბიჭაშვილი). კომუნიკაცია (ვ.გოროზია). კომუნიკე [იხ. საერთაშორისო კონფერენცია]. კომუნიტარიზმი (თ.კიკნაძე). კონდომინიუმი (ზ.დავითაშვილი). კონვენციონალიზმი (თ.კიკნაძე). კონვერგენცია (თ.კიკნაძე). კონვერგენციის თეორია (ზ.დავითაშვილი). კონვერსია (მ.ბიჭაშვილი). კონიუნქტურა (თ.კიკნაძე). კონკორდატი (მ.ბიჭაშვილი). კონსენსუსი (მ.ბიჭაშვილი). კონსერვატიზმი (მ.ბიჭაშვილი). კონსტიტუცია (თ.კიკნაძე). კონსტრუქტივიზმი [იხ. სოციალური კონსტრუქტივიზმი]. კონტენტ-ანალიზი (ი.კაჭკაჭიშვილი). კონტექსტი (ლ.სურმანიძე). კონტრკულტურა (ი.კაჭკაჭიშვილი). კონტროლის ლოკუსი (ლ.სურმანიძე). კონფედერალიზმი (ზ.დავითაშვილი). კონფედერაცია (ზ.დავითაშვილი). კონფლიქტი (ე.ჯგერენაია). კონფლიქტის თეორია (ე.ჯგერენაია). კონფლიქტოლოგია (გ.ხელაშვილი). კონფორმიზმი (მ.ბიჭაშვილი). კონფორმულობა (ლ.სურმანიძე). კონცეპტი (ლ.სურმანიძე). კონცერტის სისტემა (გ.ხელაშვილი). კორელაცია (ლ.სურმანიძე). კორუფცია (ლ.სურმანიძე). კოსმოპოლიტიზმი (მ.ბიჭაშვილი). კოჰორტა [იხ. თაობა]. კრიზისი (ე.ჯგერენაია, გ.ხელაშვილი). კრიტიკული თეორია (გ.ხელაშვილი). კროსკულტურული კვლევა (ე.ჯგერენაია). კულტი (პიროვნების) (მ.ბიჭაშვილი). კულტურა (ე.კოდუა). კულტურული დიფუზია (ლ.სურმანიძე). კულტურული რელატივიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). კულტურული უნივერსალია (ლ.სურმანიძე). ლავირება (მ.ბიჭაშვილი). ლეგალობა (ი.კაჭკაჭიშვილი). ლეგიტიმაცია (მ.ბიჭაშვილი). ლეგიტიმურობა (ი.კაჭკაჭიშვილი, გ.ხელაშვილი). ლესბიანიზმი (ლ.სურმანიძე). ლიბერალიზმი (თ.კიკნაძე). ლიბერალური დემოკრატია (თ.კიკნაძე). ლიბერტარიანიზმი (მ.ბიჭაშვილი). ლიდერი (თ.კიკნაძე). ლიდერობა (ლ.სურმანიძე). ლინგვისტური სოციოლოგია (ლ.სურმანიძე). ლობიზმი (მ.ბიჭაშვილი). ლოზუნგი (მ.ბიჭაშვილი). ლონგიტუდური კვლევები (მ.ბურძენიძე). ლონგწრფივი ანალიზი (მ.ბურძენიძე). ლუმპენი (ლუმპენ-პროლეტარიატი) (თ.კიკნაძე). ლურჯსაყელოიანები (ზ.ტატიშვილი). მაგია (ლ.სურმანიძე). მაკიაველიზმი (მ.ბიჭაშვილი). მაკროსოციოლოგია (ი.კაჭკაჭიშვილი). მალთუსიანელობა (ე.ჯგერენაია). მანდატი (იმპერატიული) (მ.ბიჭაშვილი). მანიფესტი (მ.ბიჭაშვილი). მაჟორიტარული სისტემა (თ.კიკნაძე). მარგინალები (თ.კიკნაძე). მარგინალობა (ლ.სურმანიძე). მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია) (ე.ჯგერენაია). მარქსიზმი (ვ.გოროზია, თ.კიკნაძე). მასმედია (ლ.სურმანიძე). მასმედიის (მასობრივი კომუნიკაციის) სოციოლოგია (ლ.სურმანიძე). მასობრივი განადგურების იარაღი (ზ.დავითაშვილი). მასობრივი ინფორმაციის საშუალებები [იხ. მასმედია]. მასობრივი საზოგადოება (ი.კაჭკაჭიშვილი). მასონობა (თ.კიკნაძე). მატერიალური კულტურა (ლ.სურმანიძე). მატრიარქატი (ლ.სურმანიძე). მაღალი პოლიტიკა (გ.ხელაშვილი). მთავრობა (მ.ბიჭაშვილი). მედიანა (მ.ბურძენიძე). მეთოდოლოგია (ი.კაჭკაჭიშვილი). მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). მემარცხენეობა (თ.კიკნაძე). მემარჯვენეობა (მ.ბიჭაშვილი). მემკვიდრეობითობა (ლ.სურმანიძე). მემორანდუმი (მ.ბიჭაშვილი). მენეჯერი (ე.ჯგერენაია). მენეჯმენტი [იხ. მართვის სოციოლოგია, მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია]. მერი (მ.ბიჭაშვილი). მერია (თ.კიკნაძე). მერიტოკრატია (მ.ბიჭაშვილი). მერკანტილიზმი (მ.ბიჭაშვილი). მესამე სამყარო (გ.ხელაშვილი). მეტათეორია (ე.ჯგერენაია). მეტროპოლია (მ.ბიჭაშვილი). მექანიკური და ორგანული სოლიდარობა [იხ. სოციალური სოლიდარობა]. მექანიციზმი [იხ. ნატურალისტური სოციოლოგია]. მეცნიერება (ე.ჯგერენაია). მეცნიერების სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). მეხუთე კოლონა (მ.ბიჭაშვილი). მიბაძვა (ლ.სურმანიძე). მიგრაცია (ე.ჯგერენაია). მიკროსოციოლოგია (ი.კაჭკაჭიშვილი). მილიტარიზმი (ზ.დავითაშვილი). მინისტრთა კაბინეტი (მ.ბიჭაშვილი). მინისტრთა საბჭო (თ.კიკნაძე). მისია (მ.ბიჭაშვილი). მიტინგი [იხ. კოლექტიური მოქმედება]. მიტმასნა (გ.ხელაშვილი). მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი) (ზ.დავითაშვილი). მმართველი პარტია (მ.ბიჭაშვილი). მნიშვნელადობა (ი.კაჭკაჭიშვილი). მნიშვნელობა (ზ.დავითაშვილი). მოდა (ლ.სურმანიძე). მოდელირება (ლ.სურმანიძე). მოდერატორი [იხ. ინტერვიუერი]. მოდერნიზაცია (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). მოდერნიზმი (ე.ჯგერენაია). მოლაპარაკება (ზ.დავითაშვილი). მონარქია (თ.კიკნაძე). მონაცემთა ბანკი (ნ.დონაძე). მონიტორინგი (სოციალურ-პოლიტიკური) (თ.კიკნაძე). მონობა (თ.კიკნაძე). მონოგამია (ლ.სურმანიძე). მონოპოლია (მ.ბიჭაშვილი). მორალი (ლ.სურმანიძე). მორალური რელატივიზმი (ლ.სურმანიძე). მორატორიუმი (მ.ბიჭაშვილი). მოქალაქეობა (თ.კიკნაძე). მოქმედება [იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება]. მოხმარების სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). მრავალპარტიული სისტემა (მ.ბიჭაშვილი). მსოფლიო მთავრობა (გ.ხელაშვილი). მსოფლიო ომი (ზ.დავითაშვილი). მსოფლიო პოლიტიკა (ზ.დავითაშვილი). მსოფლიო საზოგადოება (გ.ხელაშვილი). მსოფლიო სისტემები (გ.ხელაშვილი). მულტილატერალიზმი (ზ.დავითაშვილი). მულტიპოლარობა (ზ.დავითაშვილი). მუსიკის სოციოლოგია (ლ.სურმანიძე). მშვიდობა (ზ.დავითაშვილი). ნათესაური ურთიერთობები (ლ.სურმანიძე). ნარკომანია (ლ.სურმანიძე). ნარცისიზმი (ლ.სურმანიძე). ნატურალისტური სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). ნაცია (ე.ჯგერენაია). ნაციზმი [იხ. ფაშიზმი]. ნაციონალიზაცია (თ.კიკნაძე). ნაციონალიზმი (ზ.დავითაშვილი). ნაციონალ-სოციალიზმი (მ.ბიჭაშვილი). ნაციონალური სახელმწიფო (მ.ბიჭაშვილი). ნეიტრალიზმი [იხ. მიუმხრობლობა]. ნეიტრალიტეტი (ზ.დავითაშვილი). ნეოიზოლაციონიზმი (გ.ხელაშვილი). ნეოკოლონიალიზმი (გ.ხელაშვილი, ზ.დავითაშვილი). ნეოკონსერვატიული ტალღა (მ.ბიჭაშვილი). ნეოლიბერალიზმი (ზ.დავითაშვილი). ნეომარქსიზმი (ე.ჯგერენაია, თ.კიკნაძე). ნეორეალიზმი (გ.ხელაშვილი). ნეოფაშიზმი (თ.კიკნაძე). ნეოფროიდიზმი (ლ.სურმანიძე). ნეოფუნქციონალიზმი (გ.ხელაშვილი). ნეპოტიზმი (გამომც. რედ.) ნომეკლატურა (ე.ჯგერენაია). ნორმა და ნორმატიული (ლ.სურმანიძე). ნორმატიული თეორია (გ.ხელაშვილი). ნორმატიული მოქმედება (ლ.სურმანიძე). ნორმატიული წესრიგი (ლ.სურმანიძე). ნოტა (გამომც. რედ.). ობსტრუქცია (მ.ბიჭაშვილი). ოიდიპოსის კომპლექსი (ლ.სურმანიძე). ოკუპაცია (ზ.დავითაშვილი). ოლიგარქია (მ.ბიჭაშვილი). ოლიგარქიის რკინის კანონი (ი.კაჭკაჭიშვილი). ოლიგოპოლია (თ.კიკნაძე). ომი (ზ.დავითაშვილი). ოპოზიცია (თ.კიკნაძე). ოპორტუნიზმი (მ.ბიჭაშვილი). ორგანიზაცია (ვ.გოროზია). ორგანიზაციის თეორია (ვ.გოროზია). ორგანიზაციის სოციოლოგია [იხ. ორგანიზაციის თეორია]. ორპალატიანი სისტემა (მ.ბიჭაშვილი). ორპარტიული სისტემა (თ.კიკნაძე). ოფიციოზი (მ.ბიჭაშვილი). ოხლოკრატია (მ.ბიჭაშვილი). ოჯახი (ვ.გოროზია). ოჯახის სოციოლოგია (ვ.გოროზია). პანელური გამოკვლევა (ი.კაჭკაჭიშვილი). პანიკა [იხ. კოლექტიური მოქმედება]. პანნაციონალიზმი (ზ.დავითაშვილი). პარადიგმა (ი.კაჭკაჭიშვილი, გ.ხელაშვილი). პარია სახელმწიფო [იხ. ურჩი სახელმწიფო]. პარიტეტი (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). პარლამენტი (თ.კიკნაძე). პარტია (თ.კიკნაძე). პარტიზანული ომი (თ.კიკნაძე). პარტიული ორგანიზაცია (მ.ბიჭაშვილი). პარტიული სისტემა (მ.ბიჭაშვილი). პატერნალიზმი (თ.კიკნაძე). პატრიარქატი (ლ.სურმანიძე). პატრიმონიალიზმი (თ.კიკნაძე). პატრიოტიზმი (თ.კიკნაძე). პატრონაჟი (თ.კიკნაძე). პარტონ-კლიენტური ურთიერთობები [იხ. კლიენტელიზმი]. პაციფიზმი (მ.ბიჭაშვილი). პერიფერია (ზ.დავითაშვილი). პერმანენტული რევოლუცია (თ.კიკნაძე). პიროვნების სოციოლოგიური თეორიები (ლ.მეზვრიშვილი). პლატფორმა (მ.ბიჭაშვილი). პლებისციტი (მ ბიჭაშვილი). პლურალიზმი (თ.კიკნაძე, გ.ხელაშვილი). პოზიტივისტური სოციოლოგია (ვ.გოროზია). პოზიტიური დისკრიმინაცია (მ.ბიჭაშვილი). პოლარიზაცია (თ.კიკნაძე). პოლემოლოგია (თ.კიკნაძე). პოლიანდრია (ვ.გოროზია). პოლიგამია (ვ.გოროზია). პოლიგინია (ვ.გოროზია). პოლისი (თ.კიკნაძე). პოლიტიკა (თ.კიკნაძე). პოლიტიკური გეოგრაფია (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური ეკონომია (თ.კიკნაძე). პოლიტიკური თეორია (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური იდეალიზმი (ზ.დავითაშვილი). პოლიტიკური იმიჯი (თ.კიკნაძე). პოლიტიკური კლასი (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური კულტურა (თ.კიკნაძე). პოლიტიკური პასიურობა (თ.კიკნაძე). პოლიტიკური პრიორიტეტები (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური პროცესი (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური რეალიზმი (ზ.დავითაშვილი). პოლიტიკური რეჟიმი (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური რიტუალი (თ.კიკნაძე). პოლიტიკური საზოგადოება (თ.კიკნაძე). პოლიტიკური სოციალიზაცია (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური სტაბილურობა (თ.კიკნაძე). პოლიტიკური სიმბოლიკა (თ.კიკნაძე). პოლიტიკური ფილოსოფია (თ.კიკნაძე). პოლიტიკური ფსიქოლოგია (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური ქცევა (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური ღირებულებები (ფასეულობები) (თ.კიკნაძე). პოლიტიკური ცნობიერება (თ.კიკნაძე). პოლიტიკური ძალა (მ.ბიჭაშვილი). პოლიტიკური წყობა (მ.ბიჭაშვილი). პოლიტოლოგია (თ.კიკნაძე). პოპულიზმი (მ.ბიჭაშვილი). პოსტ- (ვ.გოროზია). პოსტემპირიზმი (ვ.გოროზია). პოსტინდუსტრიული საზოგადოება (ვ.გოროზია). პოსტკოლონიური სახელმწიფო (თ.კიკნაძე). პოსტკომუნიზმი (თ.კიკნაძე). პოსტმოდერნიზმი (ე.ჯგერენაია, გ.ხელაშვილი). პოსტმოდერნისტული სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). პოსტსტრუქტურალიზმი (ე.ჯგერენაია). პოსტფორდიზმი (ე.ჯგერენაია). პრაგმატიზმი (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). პრაქსისი [იხ. სტრუქტურაციის თეორია]. პრაქტიკული ცნობიერება (ი.კაჭკაჭიშვილი). პრევენციული პოლიტიკური ზომები (თ.კიკნაძე). პრევენციული შეზღუდვა (მ.ბიჭაშვილი). პრევენციული დიპლომატია (ზ.დავითაშვილი). პრევენციული ომი (გ.ხელაშვილი). პრეზიდენტი (თ.კიკნაძე). პრემიერ-მინისტრი (მ.ბიჭაშვილი). პრეროგატივა (მ.ბიჭაშვილი). პრესტიჟი (ვ.გოროზია). პრეფერენცია (თ.კიკნაძე). პრეფექტი (მ.ბიჭაშვილი). პროგრესი (მ.ბიჭაშვილი). პროლეტარიატი (მ.ბიჭაშვილი). პრომისკუიტეტი (ლ.სურმანიძე). პროპაგანდა (ზ.დავითაშვილი). პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება (ე.ჯგერენაია). პროტესტი (თ.კიკნაძე). პროტექციონიზმი (გ.ხელაშვილი). პროფესია (ე.ჯგერენაია). პროფესიული კავშირები (მ.ბიჭაშვილი). პუბლიკა (ე.ჯგერენაია). პუტჩი (თ.კიკნაძე). ჟანრი (ე.ჯგერენაია). რადიკალიზმი (მ.ბიჭაშვილი). რასა (ლ.სურმანიძე). რასიზმი (თ.კიკნაძე). რაციონალიზაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). რაციონალობა (ი.კაჭკაჭიშვილი). რაციონალობის ტიპები (ი.კაჭკაჭიშვილი). რაციონალური არჩევანი (მ.ბიჭაშვილი). რაციონალური არჩევანის თეორია (ი.კაჭკაჭიშვილი). რეალიზმი (პოლიტიკური) [იხ. პოლიტიკური რეალიზმი]. რეალპოლიტიკა (გ.ხელაშვილი). რეგალია (მ.ბიჭაშვილი). რეგიონალიზმი (გ.ხელაშვილი). რეგიონული უსაფრთხოება [იხ. უსაფრთხოების თანამეგობრობა და უსაფრთხოების კომპლექსი]. რეგლამენტი (მ.ბიჭაშვილი). რევანშიზმი (მ.ბიჭაშვილი). რევიზიონიზმი (მ.ბიჭაშვილი). რევოლუცია (თ.კიკნაძე). რეიფიკაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). რეკლამა (ვ.გოროზია). რელიგია (ე.ჯგერენაია). რელიგიის სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). რეპატრიაცია (ზ.დავითაშვილი). რეპრეზენტატულობა (ლ.სურმანიძე). რესპონდენტი (ნ.დონაძე). რესპუბლიკა (მ.ბიჭაშვილი). რესპუბლიკანიზმი (თ.კიკნაძე). რესტავრაცია (მ.ბიჭაშვილი). რეტრიტიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). რეფერენდუმი (მ.ბიჭაშვილი). რეფერენტული ჯგუფი (ნ.დონაძე). რეფლექსურობა [იხ. სტრუქტურაციის თეორია; დისკურსული ცნობიერება; პრაქტიკული ცნობიერება]. რეფორმა (მ.ბიჭაშვილი). რისკი (პოლიტიკური) (თ.კიკნაძე) რიტუალი (ლ.სურმანიძე). რიტუალიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). როიალიზმი (მ ბიჭაშვილი). როლი (ი.კაჭკაჭიშვილი). როლური თეორია [იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები]. როლური კონფლიქტი (ი.კაჭკაჭიშვილი). საარჩევნო სისტემა (თ.კიკნაძე). საბაზრო ეკონომიკა (მ.ბიჭაშვილი). საბაჟო კავშირი (გ.ხელაშვილი). საგარეო პოლიტიკა (ზ.დავითაშვილი, გ.ხელაშვილი). საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო კავშირები (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო კონფერენცია (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო კონფლიქტი (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო მიგრაცია (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო მორალი (ზ.დავითაშვილი, გ.ხელაშვილი). საერთაშორისო ორგანიზაციები (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო პოლიტიკა (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო რეჟიმი (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო საზოგადოება (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო საზოგადოების ინსტიტუტები (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო სამართალი (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება [იხ. სამოქალაქო საზოგადოება]. საერთაშორისო სისტემა (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო ტერორიზმი (ზ.დავითაშვილი). საერთაშორისო ურთიერთობების თეორია (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგია (ვ.გოროზია). საერთაშორისო წესრიგი (გ.ხელაშვილი). საერთაშორისო ხელშეკრულება (ზ.დავითაშვილი). საველე გამოკვლევა (ნ.დონაძე). საზოგადოება (ე.კოდუა, ე.ჯგერენაია). საზოგადოებრივი აზრი (ვ.გოროზია). საზოგადოებრივი ინტერესი (მ.ბიჭაშვილი). საზოგადოებრივი მოძრაობები (მ.ბიჭაშვილი). საზოგადოებრივი ხელშეკრულება (მ.ბიჭაშვილი). საზრისისეული ერთეულები [იხ. კონტენტანალიზი]. საკანონმდებლო ხელისუფლება (მ.ბიჭაშვილი). საკრალური და პროფანული (ე.ჯგერენაია). სამანდატო ტერიტორია (ზ.დავითაშვილი). სამართლებრივი სახელმწიფო (თ.კიკნაძე). სამართლიანი ომი (გ.ხელაშვილი). სამართლის სოციოლოგია (ვ.გოროზია). სამი სტადიის კანონი (ვ.გოროზია). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა (თ.კიკნაძე). სამოქალაქო თავისუფლება (მ.ბიჭაშვილი). სამოქალაქო საზოგადოება (ე.ჯგერენაია, თ.კიკნაძე). სამოქალაქო უფლებები (თ.კიკნაძე). სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები (თ.კიკნაძე). სანქცია (ი.კაჭკაჭიშვილი). საპარლამენტო პარტია (მ.ბიჭაშვილი). საპარლამენტო რესპუბლიკა (თ.კიკნაძე). საპარლამენტო სუვერენიტეტი (თ.კიკნაძე). საპარლამენტო წყვილი (მ.ბიჭაშვილი). საპრეზიდენტო მმართველობა (თ.კიკნაძე). სასამართლო ხელისუფლება (მ.ბიჭაშვილი). სასიცოცხლო სივრცე (ზ.დავითაშვილი). სატელიტი (მ.ბიჭაშვილი). საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო (მ.ბიჭაშვილი). საყოველთაო ნება (თ.კიკნაძე). საშუალო მნიშვნელობა (მ.ბურძენიძე). სახელობითი კენჭისყრა (თ.კიკნაძე). სახელმწიფო (მ.ბიჭაშვილი, ზ.დავითაშვილი). სახელმწიფო ადმინისტრაცია (თ.კიკნაძე). სახელმწიფო გადატრიალება (მ.ბიჭაშვილი). სახელმწიფო ინტერესი (გ.ხელაშვილი). სახელმწიფოს მეთაური (მ.ბიჭაშვილი). სახელმწიფო სამსახური (მ.ბიჭაშვილი). სახელმწიფოცენტრიზმი (ზ.დავითაშვილი). სეგრეგაცია (მ.ბიჭაშვილი). სეკულარიზაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). სელფი (ი.კაჭკაჭიშვილი, ლ.სურმანიძე). სემიოტიკა (ლ.სურმანიძე). სენატი (მ.ბიჭაშვილი). სეპარატიზმი (თ.კიკნაძე, ზ.დავითაშვილი). სექსიზმი (ლ.სურმანიძე). სეცესია (ზ.დავითაშვილი). სივრცისეული კონკურენცია (პოლიტიკური) (მ.ბიჭაშვილი). სიმბოლური ინტერაქციონიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). სინდიკალიზმი (მ.ბიჭაშვილი). სისტემური ანალიზი (ლ.სურმანიძე, თ.კიკნაძე). სკალა (მ.ბურძენიძე). სკალირება (მ.ბურძენიძე). სკალის ტიპები (მ.ბურძენიძე). სოფელი (ე.ჯგერენაია). სოფლის სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). სოციალ-დარვინიზმი (ვ.გოროზია). სოციალ-დემოკრატია (მ.ბიჭაშვილი). სოციალიზაცია (ე.კოდუა). სოციალიზმი (თ.კიკნაძე). სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური დიფერენციაცია (ე.ჯგერენაია). სოციალური თეორია (ე.კოდუა, ე.ჯგერენაია). სოციალური იერარქია (ე.ჯგერენაია). სოციალური ინჟინერი (ე.ჯგერენაია). სოციალური ინჟინერია (ვ.გოროზია). სოციალური ინსტიტუტები (ლ.სურმანიძე). სოციალური კონსტრუქტივიზმი (გ.ხელაშვილი). სოციალური მობილობა (ე.კოდუა, ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური მოქმედება [იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედების თეორიები]. სოციალური მოქმედების თეორიები (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური მოქმედების ტიპები (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური ორგანიციზმი [იხ. ნატურალური სოციოლოგია]. სოციალური სამართლიანობა (მ.ბიჭაშვილი). სოციალური სახელმწიფო (თ.კიკნაძე). სოციალური სოლიდარობა (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური ურთიერთობა (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური ფაქტი (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური ფსიქოთერაპია (ლ.სურმანიძე). სოციალური ფსიქოლოგია (ე.ჯგერენაია). სოციალური ცვლილება (ე.ჯგერენაია). სოციალური წესრიგი (ი.კაჭკაჭიშვილი). სოციალური ხასიათი [იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები]. სოციოდრამა (ე.ჯგერენაია). სოციოლოგია (ე.ჯგერენაია). სოციომეტრია (ვ.გოროზია). სპიკერი (მ.ბიჭაშვილი). სპორტის სოციოლოგია (ვ.გოროზია). სტანდარტული გადახრა (მ.ბურძენიძე). სტატუსი (ი.კაჭკაჭიშვილი). სტიგმა (ი.კაჭკაჭიშვილი). სტრატეგია (მ.ბიჭაშვილი). სტრატეგიული კვლევები (მ.ბიჭაშვილი, გ.ხელაშვილი). სტრატიფიკაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). სტრუქტურა (ე.კოდუა, ი.კაჭკაჭიშვილი). სტრუქტურალიზმი (ე.ჯგერენაია, გ.ხელაშვილი). სტრუქტურაციის თეორია (ი.კაჭკაჭიშვილი). სტრუქტურული ანთროპოლოგია (ლ.სურმანიძე). სტრუქტურული ლინგვისტიკა [იხ. პიროვნების სოციოლოგიური თეორიები]. სტრუქტურული რეალიზმი [იხ. ნეორეალიზმი]. სტრუქტურული ფუნქციონალიზმი [იხ. ფუნქციონალიზმი]. სუბკულტურა (ი.კაჭკაჭიშვილი). სუვერენიტეტი (ზ.დავითაშვილი, თ.კიკნაძე). სუიციდი [იგივეა, რაც თვითმკვლელობა]. სუპერ-ეგო [იხ. იდი, ეგო, სუპერ-ეგო]. ტაბუ (ლ.სურმანიძე). ტარიფი [იხ. პროტექციონიზმი]. ტერორიზმი (თ.კიკნაძე). ტექნოკრატია (ლ.სურმანიძე). ტექნოკრატიზმი (ლ.სურმანიძე). ტირანია (თ.კიკნაძე). ტოლერანტობა (მ.ბიჭაშვილი). ტომი [იხ. გვარი, ტომი, ფრატრია]. ტორები, ტორიზმი (მ.ბიჭაშვილი). ტოტალიტარიზმი (თ.კიკნაძე). ტოტალური ომი (გ.ხელაშვილი). ტოტემიზმი (ლ.სურმანიძე). ტრადიცია (მ.ბიჭაშვილი, ლ.სურმანიძე). ტრადიციული საზოგადოება (ე.ჯგერენაია). ტრადიციონალიზმი (თ.კიკნაძე). ტრაიბალიზმი (მ.ბიჭაშვილი). ტრანსნაციონალიზმი (ზ.დავითაშვილი). ტრანსნაციონალური კორპორაცია (ტნკ) (ზ.დავითაშვილი). ტრიანგულაცია (ი.კაჭკაჭიშვილი). ულტიმატუმი (მ.ბიჭაშვილი). უნივერსალური სისტემა (ზ.დავითაშვილი). უნიპოლარიზმი (ზ.დავითაშვილი). უნიტარიზმი (მ.ბიჭაშვილი). ურბანიზაცია (ვ.გოროზია). ურბანიზაციის სოციოლოგია (ვ.გოროზია). ურჩი სახელმწიფო (გ.ხელაშვილი). უსაფრთხოება (გ.ხელაშვილი). უსაფრთხოების დილემა (გ.ხელაშვილი). უსაფრთხოების თანამეგობრობა (გ.ხელაშვილი). უსაფრთხოების კომპლექსი (გ.ხელაშვილი). უსაფრთხოების რეჟიმი (გ.ხელაშვილი). უტილიტარიზმი (ლ.სურმანიძე). უტოპიზმი (მ.ბიჭაშვილი). უტოპიური სოციალიზმი (თ.კიკნაძე). უცხოური დახმარება (გ.ხელაშვილი). ფაბიანობა (თ.კიკნაძე). ფალსიფიკაციის პრინციპი (ვ.გოროზია). ფაქტორული ანალიზი (მ.ბურძენიძე). ფაშიზმი (მ.ბიჭაშვილი). ფედერალიზმი [იხ. ფედერაცია (1), აგრ. უნიტარიზმი]. ფედერაცია (თ.კიკნაძე). ფემინიზაცია (ლ.სურმანიძე). ფემინიზმი (თ.კიკნაძე). ფემინისტური სოციოლოგია (ლ.სურმანიძე). ფენომენოლოგიური სოციოლოგია (ვ.გოროზია). ფეოდალური საზოგადოება (ე.ჯგერენაია). ფეტიში (ლ.სურმანიძე). ფლობა და ყოფნა (ვ.გოროზია). ფოკუსჯგუფის მეთოდი (ნ.დონაძე). ფორდიზმი და პოსტფორდიზმი (ე.ჯგერენაია). ფრანკფურტის სკოლა (ე.ჯგერენაია). ფრატრია (ვ.გოროზია). ფრაქციონიზმი (თ.კიკნაძე). ფსიქოანალიზი (ლ.სურმანიძე). ფსიქოდრამა (ე.ჯგერენაია). ფსიქოსემანტიკა (ლ.სურმანიძე). ფუნდამენტალიზმი (მ.ბიჭაშვილი). ფუნქცია და დისფუნქცია (ი.კაჭკაჭიშვილი). ფუნქციონალიზმი (ი.კაჭკაჭიშვილი). ფუნქციური ანალიზის პოსტულატები (ი.კაჭკაჭიშვილი). ფუნქციური ეკვივალენტები (ი.კაჭკაჭიშვილი). ფუნქციური წინამძღვრები (ი.კაჭკაჭიშვილი). ქალაქი (ვ.გოროზია). ქალაქი-სახელმწიფო (თ.კიკნაძე). ქარიზმა (ი.კაჭკაჭიშვილი). ქარიზმატული მმართველობა (თ.კიკნაძე). ქორწინება (ვ.გოროზია). ქრისტიანობა (ე.ჯგერენაია). ქრისტიანული დემოკრატია (მ.ბიჭაშვილი). ქსენოფობია (ლ. ურმანიძე). ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება (ი.კაჭკაჭიშვილი). ღია და დახურული საზოგადოება (ე.ჯგერენაია). „ღია კარის“ პოლიტიკა [იხ. გავლენის სფეროები]. ღირებულება (ვ.გოროზია). ღირებულებითი ორიენტაციები (ვ.გოროზია). ყოფნა [იხ. ფლობა და ყოფნა]. შეზღუდული ბირთვული ომი (გ.ხელაშვილი). შეიარაღების კონტროლი (გ.ხელაშვილი). შეკავების პოლიტიკა (გ.ხელაშვილი). შემეცნების სოციოლოგია (ვ.გოროზია). შერჩევა (ლ.სურმანიძე). შერჩევითი ერთობლიობა (ლ.სურმანიძე). შერჩევის ტიპები (ლ.სურმანიძე). შეფასება (ვ.გოროზია). შიდა ანალოგია (გ.ხელაშვილი). შობადობა (ვ.გოროზია). შოვინიზმი (მ.ბიჭაშვილი). შრომა (ე.ჯგერენაია). შრომის საზოგადოებრივი განაწილება (ლ.მეზვრიშვილი). შრომის სოციოლოგია [იხ. ინდუსტრიული სოციოლოგია]. ჩართული დაკვირვება (მონაწილეობითი დაკვირვება) (ნ.დონაძე). ჩაურევლობა (ზ.დავითაშვილი, გ.ხელაშვილი). ჩიკაგოს სკოლა (ი.კაჭკაჭიშვილი). ჩრდილოეთი-სამხრეთი (გ.ხელაშვილი). ჩრდილოვანი კაბინეტი (მ.ბიჭაშვილი). ცენტრალიზმი (მ.ბიჭაშვილი). ცენტრისტული პარტია (მ.ბიჭაშვილი). ცვლადი (ნ.დონაძე). ცივილიზაცია (ე.ჯგერენაია). ცივილიზაციათა შეჯახება (ზ.დავითაშვილი). ცივი ომი (ზ.დავითაშვილი). ცხოვრების დონე (ცხოვრების სტანდარტი) (ნ.დონაძე). ცხოვრების სტილი (ნ.დონაძე). ცხოვრების წესი (ნ.დონაძე). ძალა (გ.ხელაშვილი). ძალაუფლება (გ.ხელაშვილი). ძალთა წონასწორობა (ზ.დავითაშვილი). წოდება (ვ.გოროზია). წოდებრივი რანჟირება (დახარისხება) (ვ.გოროზია). ხელოვნების სოციოლოგია (ვ.გოროზია). ხელშეკრულება (ზ.დავითაშვილი). ზუნტა (თ.კიკნაძე). ჯაშუში (ზ.დავითაშვილი). ჯგუფი (ნ.დონაძე). ჰარტლენდი (ზ.დავითაშვილი). ჰეგემონია (მ.ბიჭაშვილი). ჰეგემონიზმი (ზ.დავითაშვილი). ჰეგემონური სტაბილურობა (გ.ხელაშვილი). ჰერმენევტიკა (თ.კიკნაძე) ჰიპოტეზა (ნ.დონაძე). ჰოლიზმი (ე.ჯგერენაია). ჰომოსექსუალიზმი (ლ.სურმანიძე). ჰუმანიტარული დახმარება (გ.ხელაშვილი). ჰუმანიტარული ინტერვენცია (გ.ხელაშვილი).