The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის (მეორე ნაწილი)


განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის (მეორე ნაწილი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწილის) ISBN 978-9941-0-0542-8 (მეორე ნაწილის)
საავტორო უფლებები: © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: განათლების სპეციალისტებისათვის წიგნზე მუშაობდნენ სიმონ ჯანაშია შორენა საძაგლიშვილი მზია წერეთელი კახა გაბუნია ზაქრო გიუნაშვილი ნანა დალაქიშვილი ნინო დობორჯგინიძე გიორგი ზედგინიძე ეკატერინე კორძაძე ირინა სამსონია ნათია საღინაძე თინათინ სალაყაია მარინა ჩხიკვაძე



1 წინასიტყვაობა

▲back to top


ამჯერად გთავაზობთ განმარტებითი ლექსიკონის მეორე ნაწილს. მასში შევიდა 100-მდე ტერმინი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში არსებულ თეორიებზე. განმარტებითი ლექსიკონი პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, განათლების ფსიქოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნობს იმ ძირითად ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სასწავლო გეგმების პილოტირების და დანერგვის ტრენინგ-პროგრამაში და, ზოგადად, უკავშირდება განათლების სისტემის რეფორმას და მის საფუძველზე განხორციელებულ სწავლებისა და სწავლის თანამედროვე გაგებას.

ლექსიკონი სტრუქტურირებულია შემდეგნაირად: ტერმინები დაჯგუფებულია ოთხ ძირითად კატეგორიაში: უნარ-ჩვევები, თეორიები, სასწავლო პროცესი და განათლების სისტემა. თითოეულ კატეგორიაში კი ტერმინები დალაგებულია ანბანთრიგზე.

განმარტებითი ლექსიკონი განკუთვნილია განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ეს ლექსიკონი მათ დაეხმარება გამოყენებულ ლექსიკაში ერთნაირი მნიშვნელობები მიანიჭონ ყოველ ტერმინს. ეს მათ გაუადვილებთ სასწავლო მიზნების მიღწევას და ხელს შეუწყობს მათ შორის პროფესიული დიალოგის წარმართვას. ასევე, ლექსიკონი დაეხმარება მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი
2008 წელი

2 უნარ-ჩვევები:

▲back to top


2.1

▲back to top


ასერტულობა - ასერტულობა არის ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და სხვებთან დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია. ამ დროს ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას. ასერტული ქცევა აძლევს საშუალებას ადამიანს რომ დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როცა სხვებს განსხავებული აზრი აქვთ.

ასერტული ქცევა გულისხმობს შემდეგი უნარების გამოყენებას:

1. უარის თქმა: როგორ თქვა „არა” შესატყვის სიტუაციაში და შესატყვის დროს. საკუთარი პიზიციის გამოხატვა - „არა, არ შემიძლია” მიზეზების ახსნა - „დღეს დაკავებული ვარ” გაგება - „იმედი მაქვს, რომ თქვენთვის შესაბამის სხვა საქმეს მოძებნით”

2. გრძნობების გამოხატვა: უთხრა ადამიანებს, თუ რას გრძნობ. დადებითი გრძნობების გამოხატვა: ,,შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება” უარყოფითი გრძნობების გამოხატვა: ,,შენმა საქციელმა მე გული მატკინა”

3. თხოვნა: ინფორმაციის, განმარტების მიღების თხოვნა. პრობლემის ჩამოყალიბება/განმარტების თხოვნა: „მე თქვენ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მომეცით; თუ შეიძლება, „შეგიძლიათ ამიხსნათ, ზუსტად რა გსურთ, რომ გავაკეთო?”

2.2

▲back to top


კოგნიცია - კოგნიცია არის შემეცნება, ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა ოპერაციათა ერთობლიობა, დაწყებული ინფორმაციის მიღებით და დასრულებული მისი გადამუშავებით.

კოგნიტური - შემეცნებითი.

კომპეტენცია - კომპეტენცია ნიშნავს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს. იგი მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას.

2.3

▲back to top


მეტაკოგნიცია - მეტაკოგნიცია ნიშნავს საკუთარი შემეცნებითი (აზროვნების) პროცესების - აზრების, ფიქრების - გაცნობიერებას და მართვას. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი.

მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება). მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებს - მართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა, გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.

როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.

2.4

▲back to top


სოციალური კოგნიცია - სოციალური კოგნიცია ანუ შემეცნება ეხება პიროვნების მიერ სხვა ადამიანების აზრების, გრძნობების და განზრახვების გაცნობიერების პროცესს. სოციალური შემეცნება საფუძვლად უდევს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, სოციალურ შემეცნებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ბავშვს სხვა ბავშვების და უფროსების მიმართ; როგორ განუვითარდება მას სხვათა პატივისცემისა და ურთიერთგაგების ჩვევები, რაც ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

2.5

▲back to top


ტოლერანტობა - ტოლერანტობა არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.

ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.

3 თეორიები:

▲back to top


3.1

▲back to top


გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ - ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა (Gardner, 1943-) განავითარა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,“ რომლის მიხედვით არსებობს 8 ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური (იხ. თითოეული ტიპის განმარტება ანბანური თანმიმდევრობით). თითოეულ ბავშვს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ - ამერიკელი ფსიქოლოგი გოლმანი (Goleman, 1946-) აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები.

თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში.

თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას.

მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს.

ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად ,,ადამიანური ურთიერთობის” უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას.

სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს: (1) ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს; (2) ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას; (3) სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს და (4) ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს.

განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია მოახდინოს „ემოციური განათლების” პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შესძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას.

3.2

▲back to top


დიუის განათლების კონცეფცია - ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი (Dewey, 1859-1952) არის პროგრესული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი. მისი განათლების კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად ამოსავალს: (1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და (2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი.

განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად, საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას ახდენს სურვილების, მიზნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგის მოვალეობაა სათანადოდ შეაფასოს რა მიმართულებით ვითარდება ახალგაზრდის გამოცდილება, რა დამოკიდებულებები და ტენდენციები უყალიბდება მას, რათა განასხვავოს, მათ შორის რომელია შემდგომი ზრდისთვის ხელშემწყობი და რომელი - საზიანო. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა გაგების უნარი და მათ მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს. ამავდროულად, პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი გარემო უწყობს ხელს სამომავლო ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გამოცდილების შეძენას და როგორ გამოიყენონ არსებული ფიზიკური და სოციალური გარემო ამ მიზნებისთვის. უფრო მეტიც, საჭიროა შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ობიექტურ პირობებს სისტემატურად დაუქვემდებარებს ინდივიდთა ,,შიდა,” სუბიექტურ პირობებს, ანუ მასწავლებელი, წიგნი, სასწავლო ინვენტარი მოემსახურება მოზარდთა უშუალო მიდრეკილებების გამოვლენასა და განვითარებას.

ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.

ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები.

ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. „კეთებით სწავლების” და ,,სოციალური სწავლების” დროს.

3.3

▲back to top


ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ვიზუალური (მხედველობით მოცემული) სამყაროს ზუსტი აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი. ისინი ყველაზე კარგად სწავლობენ ვიზუალური წარმოდგენების (ხატი, ფერები, სურათები, გრაფიკული ნახატები) საშუალებით და იყენებენ მათ ხელოვნების დარგში სხვადასხვა საქმიანობების დროს (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

3.4

▲back to top


ინტერპერსონალური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ინტელექტის ტიპის ადამიანებს აქვთ საკუთარი სამუშაოს კარგად დაუფლებისა და სხვების მოტივირების უნარი. მათ შეუძლიათ სხვათა გრძნობების, ხასიათისა და სურვილების თანაგანცდა. თანაუგრძნობენ სხვებს, ესმით მათი „გასაჭირი,” ხშირად ასრულებენ მედიატორის ან ლიდერის როლს ამა თუ იმ კონფლიქტის მოგვარებაში. ისინი ყველაზე კარგად სხვებთან ურთიერთობისას სწავლობენ (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

ინტრაპერსონალური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ინდივიდებს აქვთ საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარი ცხოვრებისა და სწავლის პროცესის მართვის უნარი. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს, კარგად ხვდებიან, რა სურთ და ცდილობენ საკუთარი მიზნების განხორციელებას. ეს ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული ცოდნის სწორად გამოყენებაში. ასეთი ტიპის ადამიანებს უყვართ მარტო და დამოუკიდებლად მუშაობა. ისინი ყველაზე კარგად „მარტო” სწავლობენ (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

3.5

▲back to top


კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ - ამერიკელი განათლების სპეციალისტი დ. კოლბი (Kolb, 1939-) გვთავაზობს ზრდასრულთა სწავლის თეორიას, ე.წ. „ზრდასრულთა სწავლის ციკლს,” რომელიც აღწერითი ხასიათისაა. ამ ციკლის მიხედვით, არსებობს სწავლის ოთხი საფეხური, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს. სწავლა იწყება კონკრეტული გამოცდილების მიღებით, რომელსაც მოსდევს ამ გამოცდილების გაცნობიერება უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით (პიროვნული რეფლექსია). ეს შესაძლოა გაგრძელდეს ზოგადი წესების და კანონზომიერებების აღმოჩენით (ცნებების და თეორიების ჩამოყალიბება, განზოგადება) და დამთავრდეს მათი გამოცდით მანამდე არსებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად. კოლბის მიხედვით, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ამ საფეხურებს და მოსწავლეს უსვამდეს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ საფეხურების ძირითადი ამოცანების შესრულებას. ესენია: კონკრეტული გამოცდილების მიღება, რეფლექსია, განზოგადება, იდეების გამოცდა.

სწავლის ციკლის საფუძველზე კოლბმა თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა სწავლის ტიპების კლასიფიკაცია. მათ შექმნეს თეორიები კვლევის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც ადგენს იმას, თუ სწავლის რომელ ტიპს მიეკუთვნება ინდივიდი.

დ. კოლბის კლასიფიკაცია ეყრდნობა ორ განზომილებას, კერძოდ, (1) ჰორიზონტალურს - ამოცანის და მოსწავლის ურთიერთქმედების და (2) ვერტიკალურს - მოსწავლის აზროვნების და ემოციური პროცესების ხასიათს. ჰორიზონტალური განზომილების მარცხნივ გვაქვს ამოცანის შესრულება (კეთება, დაგეგმვა, ჰიპოთეზის შემოწმება), ხოლო მარჯვნივ - ამოცანაზე დაკვირვება (განჭვრეტა, რეფლექსია, განხილვა); ვერტიკალური განზომილების შემთხვევაში კი ზედა ნაწილში გვაქვს კონკრეტული გამოცდილება (გრძნობა და შეგრძნება), ხოლო ქვედა ნაწილში - აბსტრაქტული აზროვნება (განზოგადება) და დასკვნის გაკეთება.

0x01 graphic

კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლების ოთხი ტიპი. აქტიურად მოქმედი ინდივიდი სწავლობს კეთებით, ქმედებით. უპირატესობას ანიჭებს ახალ, საინტერესო გამოცდილებას. იგი აქტიურად ერთვება პროექტებში, ჯგუფურ დისკუსიებში, პრობლემების გადაწყვეტაში, თამაშებში და სიმულაციებში. მისი ძირითადი ფილოსოფიაა ,,ერთხელ ყველაფერი უნდა სცადო.” პრაგმატისტი სწავლობს აზროვნებით, ფიქრით. მას ახასიათებს იდეების, თეორიების გადასინჯვა, რათა დარწმუნდეს მათ ჭეშმარიტებაში. ცდილობს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვას, უყვარს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა და დამოუკიდებლად სწავლა. ხშირად სვამს კითხვას: ,,როგორ შემიძლია ამის პრაქტიკაში განხორცილება?” მისი ძირითადი ფილოსოფიაა - „თუკი პრაქტიკაში ამართლებს, ე.ი. კარგია.” თეორეტიკოსი სწავლობს დაკვირვებით და განჭვრეტით. მისთვის იდეები ძალზედ მნიშვნელოვანია, ხშირად სვავს კითხვას „ამას აქვს აზრი?”, სწავლის დროს ახასიათებს ანალიტიკური, კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ლოგიკურ აზროვნებას და რაციონალურ შეფასებას. ის უკეთ საწავლობს დირექტივების საშუალებით, როდესაც მეტი ყურადღება ეთმობა თეორიებს და სისტემურ ანალიზს. მისი ძირითადი ფილოსოფიაა - „თუ ლოგიკურია, ე.ი. კარგია.” რეფლექტურად მოაზროვნე სწავლობს შეგრძნებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მისთვის ჯგუფში და წყვილებში მუშაობით მიღებული გამოცდილება ყოველთვის შედეგიანია, მას აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობის ემოციური ელემენტები. მისი ძირითადი ფილოსოფიაა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.”

კოლბერგის მორალურობის განვითარების თეორია - ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Kohlberg, 1927-1987) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები. როლური უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორალური განვითარების ერთ-ერთი ადრეული საფეხური. მორალურობის განვითარება იწყება 12 წლიდან, როდესაც მოზარდისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ,,საკუთარი თავის იდენტურობის” ფორმირება. ბავშვი სვამს კითხვებს: ,,ვინ ვარ მე?” ,,რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?” იგი იწყებს საკუთარი სოციალური კოგნიციის გაგებას, ანუ ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები.

კოლბერგის მიხედვით, ბავშვი იქცევა საკუთარი მორალური განსჯის მიხედვით, რაც განსხვავებულია მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი გამოყოფს მორალურობის განვითარების შემდეგ სამ დონეს: პრე-კონვენციონალურს, კონვენციონალურს და პოსტ-კონვენციონალურს, ასევე მასში შემავალ ექვს სხვადასხვა საფეხურს.

პირველი დონე: პრე-კონვენციონალური

I საფეხური: უსიტყვო მორჩილება (5-6 წლის ასაკი, ბაღის პერიოდი) - დასჯა, წახალისება; ამ საფეხურზე ბავშვები მორალურობას განიხილავენ, როგორც მათ გარეთ, მათგან დამუკიდებლად არსებულ მოვლენას. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანები ამკვიდრებენ ქცევის წესებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ამგვარად, ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია წესების მორჩილება, რათა თავიდან აიცილონ დასჯა (კარგი ან ცუდი საქციელი განისაზღვრება იმით, მოჰყვება თუ არა მას ფიზიკური შედეგები);

II საფეხური: სამართლიანობა/ინდივიდუალობა და გაცვლა (დაწყებითი კლასები) - პიროვნული ჯილდოს მიღების ორიენტაცია; ამ საფეხურზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან პიროვნულ ჯილდოზე. მათ მსჯელობაში არ ჩანს იდენტიფიკაცია ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან. ამგვარად, ამ საფეხურზე პირადი მოთხოვნილება განსაზღვრავს, იმას, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი;

მეორე დონე: კონვენციონალური

III საფეხური: პიროვნებათაშორისი კონფორმულობა (შუა და მაღალი კლასები, „თინეიჯერობის” საწყისი ეტაპი) - ორიენტაცია „კარგი გოგო/კარგი ბიჭი” (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება);

IV საფეხური: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა (მაღალი კლასები და „თინეიჯერობის“ გვიანი ეტაპი) - ორიენტაცია ,,კანონი და წესრიგი“ (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა, სოციალური წესრიგის შენარჩუნება);

მესამე დონე: პოსტ-კონვენციონალური

V საფეხური: პრინციპული სინდისი (მოზრდილი) - სოციალური კონტრაქტის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება ადამიანის უფლებების სოციალურად შეთანხმებული სტანდარტებით. მაგ. კონსტიტუცია. ამ საფეხურზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს თავისი სოციალურად შეთანხმებული სტანდარტები);

VI საფეხური: უნივერსალური ეთიკური პრინციპი - უნივერსალური ეთიკური პრინციპის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური გაცნობიერების საფუძველზე; ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს);

მოზარდების უმრავლესობა იმყოფება მორალურობის განვითარების მესამე, პიროვნებათაშორისი კონფორმულობის საფეხუზე: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა მექნება საკუთარ თავზე. მორალურობის განვითარების თვალსაზრისით, გადამწყვეტია, რომ მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანტოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.

ლინგვისტური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს გააჩნიათ მეტყველების კარგი უნარი. შეუძლიათ კითხვა, წერა, მეტყველება. არსებობს პროფესიები (მაგალითად, ადვოკატი, ჟურნალისტი და ა.შ.), რომლებიც მოითხოვს ამ უნარ-ჩვევებს. ენისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს საუბრის დროს უყვართ მეტაფორების, იუმორისტული გამონათქვამების ხმარება. მათ, აგრეთვე, უყვართ სიტყვებით თამაში, ენის გასატეხები, ანეკდოტები და ა.შ. ადამიანებს, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ამ ტიპის ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

3.6

▲back to top


მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის, მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების კარგი უნარი. მათ თავისუფლად შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა, ანალიტიკური აზროვნება. ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების დალაგებას, აბსტრაქტულ კვლევასა და წვდებიან აბსტრაქტულ მიმართებებს. ისინი ,,ძლიერები” არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ეს ინდივიდები კარგად სწავლობენ ექსპერიმენტის, კვლევის დაგეგმვას, თვითონაც აკეთებენ აღმოჩენებს. მათ მოსწონთ სტრატეგიული თამაშები (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

მუსიკალური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბგერის სიმაღლის, ტონის და რიტმის შეგრძნების კარგი უნარი. მათ უადვილდებათ მუსიკის საშუალებით სწავლა, აზრისა და გრძნობების გამოხატვა (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

3.7

▲back to top


ნატურალისტური” ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის უნარი. მათ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან სამყაროს „ჰარმონიული” და „არაჰარმონიული” მოვლენებისადმი. ისინი სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში. ისინი კარგად იცნობენ გარემოს და ,,შეშფოთებას” გამოთქვამენ იმ „მავნე” ზემოქმედების გამო, რომელსაც ადამიანი ახდენს ბუნებაზე. მათ გააჩნიათ „სამართლიანობის” გრძნობა (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

3.8

▲back to top


პერკინსის თეორია სწავლის შესახებ - განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი” განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის” მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;

3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;

4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

„თეორია ერთის” საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ ,,რა,” ,,როგორ” და ,,როდის” უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.

„თეორია ერთის” ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.

პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.

3.9

▲back to top


როჯერსის გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება - ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი (Rogers, 1902-1987) არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მან ჩამოაყალიბა მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული (Student centered learning) სწავლების იდეა, როდესაც სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე თვითონ არის აქტიური და ინიციატივიანი. იგი აცნობიერებს იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობს მისი სწავლისადმი ინტერესების გაზრდას. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება პიროვნების ცვლილებისა და ზრდის ექვივალენტურია.

როჯერსის მიხედვით, ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი გააჩნიათ. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ სწავლების პროცესში შექმნას ისეთი ატმოსფერი, სადაც მოსწავლეს შეეძლება ასეთი ნიჭის გამოვლენა. ამისათვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა:

შექმნას პოზიტიური გარემო სწავლებისათვის;

სწორად ჩამოაყალიბოს სწავლების მიზანი;

სისტემაში მოიყვანოს სასწავლო რესურსები და გახადოს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი;

მოახდინოს სწავლების ინტელექტუალური და ემოციური კომპონენტების გაწონასწორება;

შეძლოს, რომ არ იყოს დომინანტი, იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს.

როჯერსის მიხედვით, სწავლება სასურველი მაშინაა, როცა (1) მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში; (2) მოსწავლე აწყდება პრაქტიკულ, კვლევით პრობლემებს, რისი საშუალებითაც სწავლა უფრო მეტად მორგებული ხდება ინდივიდის

საჭიროებებზე; (3) მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, რაც მისი პროგრესისა და წარმატების შეფასების ძირითადი მეთოდია. როჯერსი, აგრეთვე, მიუთითებს მუდმივი ცვლილებების აუცილებლობაზე სწავლების პროცესში, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას.

როჯერსის მიხედვით,

1. სწავლება უფრო ნაყოფიერია, თუ საგნის შინაარსი და პიროვნების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა.

2. საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა, რაც არ გამოიწვევს პიროვნების დათრგუნვას.

3. სწავლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუ ასეთი შიშის კოეფიციენტი დაბალია.

4. ყველაზე პროდუქტულია ინიციატივიანი ანუ სტიმულის მიმცემი სწავლება.

3.10

▲back to top


სოციალურ-კოგნიტური თეორია (ბანდურა, მიშელი) - სოციალურ-კოგნიტური თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ა. ბანდურას (Bandura, 1925-) და მიშელის (Mischel, 1930) მიხედვით, სწავლა და განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ პირად გამოცდილების შეძენის პროცესს, არამედ, უმეტესად, სხვა ადამიანთა ქცევაზე დაკვირვებასა და მოდელირებას. სწავლა დაკვირვების საშუალებით ნიშნავს უნარს სხვა ადამიანზე დაკვირვების შედეგად ქცევის რთული ნიმუშების ათვისების უნარს. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები.

ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს - მოდელირებას. მოდელირების თეორიის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განსხვავება ათვისებასა და შესრულებას შორის. ესა თუ ის მოქმედება ან ქცევა ბავშვმა შეიძლება აითვისოს, ისწავლოს, მაგრამ მოხდება თუ არა ათვისებული ქცევის განხორციელება, მიბაძვა - ეს დამოკიდებულია ქცევის მოსალოდნელ წახალისებაზე ან დასჯაზე. დაკვირვების შედეგად ხდება ახალი გამოცდილების შეძენა, მაგრამ მისი ქცევაში რეალიზაციის ალბათობა იზრდება მაშინ, როცა ეს ქცევა წახალისებულია. კერძოდ, მიბაძვის ალბათობა იზრდება ა) თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით; ბ) თუ თვით მოდელი დაჯილდოებულია (მაგ. მოცეკვავის აპლოდისმენტები ზრდის ახალგაზრდა, დამწყები მოცეკვავისთვის მისი მიბაძვის ალბათობას); გ) თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს; დ) თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ; ე) თუ არსებობს ემოციური შესატყვისობა მოდელსა და დამკვირვებელს შორის.

მოდელზე დაკვირვების გზით ბავშვი არაპირდაპირ, ირიბად ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიცაა შიში ან სიხარული. დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესს ირიბ განმტკიცებას უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაკვირვების გზით ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ავტომატურად ხდება და ჩვენ განწირულნი ვართ ბრმად მივდიოთ (მივბაძოთ) სხვა ადამიანებს. ბავშვებს ჰყავთ მრავალი მოდელი. ესენია: მშობლები, და-ძმები, მასწავლებლები, თანატოლები, ლიტერატურული გმირები, სატელევიზიო პერსონაჟები და სხვ. მოდელის არჩევას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ბავშვის განვითარების ეტაპები, ხოლო მეორე მხრივ - ბავშვის უშუალო გამოცდილება. ბავშვები ზრდასთან ერთად სულ უფრო აქტიურად ირჩევენ მოდელს დასაკვირვებლად და მისაბაძად.

სელმანის თეორია სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ - ამერიკელი ფსიქოლოგის, რობერტ სელმანის (Selman, 1980) თეორია ეხება სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. მისი აზრით, ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარებაც. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების - მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარებაზე. სხვის როლში შესვლის უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან. გარდა ამისა, სხვის როლში შესვლის უნარის გარეშე ბავშვს უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა. ეს უნარი ვითარდება ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად.

რ. სელმანმა წარმოადგინა სოციალური პერსპექტივის განვითარების საფეხურები. ეს ეხება ბავშვის სოციალური, როლური უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, სოციალური პერსპექტივის განვითარების საწყის საფეხურზე („არადიფრენცირებული პერსპექტივის დანახვა,” 3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან, რომ მე-ს და სხვებს განსხვავებული ფიქრები და გრძნობები აქვთ. მეორე საფეხურზე (,,სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივის დანახვა,” 5-დან 9 წლამდე) ბავშვებს ესმით, რომ სხვადასხვაგვარი პერსპექტივები შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ფლობენ. მესამე საფეხურის დასაწყისში (,,თვით-რეფლექსიური მე-ს ხედვა”, 7-და 12 წლამდე) ხდება მნიშვნელოვანი ცლილებები და ბავშვს შეუძლია განავითაროს საკუთარი ,,მე”-ს ხედვა. ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია ,,სხვის ტყავში შესვლა” და საკუთარი ფიქრების, გრძნობების და ქცევების სხვა ადამიანის პერსპექტივიდან დანახვა. ასევე, მათ შეუძლიათ იმის გაცნობიერებაც, რომ სხვებსაც შესწევთ იმავეს გაკეთების უნარი. შემდგომ საფეხურზე („სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვა”, 10-დან 15 წლამდე) ბავშვს უვითარდება სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მას შეუძლია სხვებთან თავისი ურთიერთობის გარედან (უცხო თვალით) დანახვა. ბოლო საფეხური იწყება დაახლოებით 14 წლიდან და ცნობილია „სოციალური პერსპექტივის ხედვის” სახელით. თუმცა, ეს შესაძლოა რეალურად განვითარდეს მოზარდობის პერიოდში. ამ საფეხურზე ინდივიდის პერსპექტივის ხედვაზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ ღირებულებათა ერთი ან მეტი სისტემა.

სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანები - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და შეცვლის კარგი უნარი. ამ ტიპის ადამიანებს კარგად ეხერხებათ ფიზიკური აქტივობები. ისინი ყველაზე კარგად ,,კეთების” პროცესში, ანუ აქტიური სწავლებით, მოძრაობებით და სამუშაოს ხელით შესრულების დროს სწავლობენ (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი) - ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.

ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.

მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.

ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.

3.11

▲back to top


უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე - ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დ. უზნაძე (1886-1950 წ.წ.) თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას.

უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს.

დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.

სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.

ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (,,ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.” „ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

4 სასწავლო პროცესი

▲back to top


4.1

▲back to top


დიფერენცირებული სწავლება - ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე. დიფერენცირებული სწავლება აიგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

1. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება;

2. მოსწავლეეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა;

3. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას;

4. სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი;

დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.

დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან, მედიასთან და სამყაროსთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.

დროის ორგანიზება - დროის ორგანიზება ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. დროის ორგანიზება უნდა განხორციელდეს გრძელვადიან თუ მოკლევადიან მიზნებთან (პროექტი, სასწავლო გეგმა, გაკვეთილის გეგმა) შესაბამისობაში.

დროის ეფექტიანად ორგანიზებისათვის მიმართავენ დროის მართვის სხვადასხვა სტრატეგიებს. ეს სტრატეგიებია: დღიურის წარმოება, დღის განრიგის შედგენა, მშობლებთან, მოსწავლეებთან და კოლეგებთან შეხვედრების ცხრილის შექმნა, მასალების დახარისხება, მათი საქაღალდეებში განთავსება და ა.შ.

მასწავლებლისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დროში სწორად დაგეგმვა, რათა გამოირიცხოს ზედმეტი დროის დარჩენის ან დროის უკმარისობის შემთხვევები. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს გაკვეთილის (კვირის, ტრიმესტრის, ან თემის) დროში გაწერილი გეგმა, სადაც ძირითად შინაარსთან ერთად გამოყოფილი იქნება დრო მოსწავლეთა საქმიანობის შესაფასებლად და დავალების მისაცემად. გამოცდილი მასწავლებლები წინასწარ ამზადებენ დამატებით მასალას იმ შემთხვევისთვის, თუ მოსწავლეები ადრე დაასრულებენ სამუშაოს (დავალებას).

4.2

▲back to top


თვალსაჩინოება - თვალსაჩინოება არის სხვადასხვა სახის ვიზუალური, აუდიო მასალა (მაგ. ფილმი, სლაიდი, გრაფიკი, სქემა, ნახატი და სხვა) და ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება სწავლების პროცესში.

4.3

▲back to top


მეტაკურიკულუმი - ამ ტერმინით აღინიშნება სასწავლო მიზნები, რომლებიც საერთოა სკოლებში სხვადასხვა საგნის შესწავლისას. ამასთანავე, მეტაკურიკულუმი აერთიანებს სხვადასხვა საგნების დაუფლებისათვის საჭირო ზოგად უნარ-ჩვევებს. მეტაკურიკულუმი ხელს უწყობს პრაქტიკული ან სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების გამომუშავებას (იმის სწავლებას, თუ როგორ ისწავლონ უკეთესად), ასევე, აზროვნების სხვადასხვა დონეების (ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება), ინოვაციური და ტრანსფერული (გადატანითი) უნარ-ჩვევების განვითარებას;

მოდერაცია - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ღონისძიებების (მაგალითად, სემინარი, პრეზენტაცია, ინტერნეტ საიტზე რესურსების გაცვლა, ფორუმი) მართვა ან გაძღოლა. ამ პროცესს წარმართავს საგანგებოდ შერჩეული პირი ანუ მოდერატორი. იგი კონკრეტული გეგმის მიხედვით და წესების დაცვით ეფექტიანად უძღვება პროცესს.

დისკუსიის წაყვანის დროს მოდერატორის მთავარი დანიშნულებაა, გაუძღვეს დისკუსიას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც საკითხის წინასწარი შესწავლის და გამოკვლევის პროგრამის საფუძველზე იქნა შემუშავებული. მოდერატორის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ მან რაც შეიძლება მეტად უნდა ჩართოს მონაწილეეები დისკუსიაში, მათ შორის ისინიც, ვინც არ არის აქტიური, ან თავს გაუბედავად გრძნობს. თუ რაიმე მიზეზის გამო ჯგუფში ვითარება დაიძაბება, ან მონაწილეებს შორის რაიმე გაუგებრობა მოხდება, მოდერატორის მოვალეობაა განმუხტოს სიტუაცია. მოდერატორი კარგი მსმენელი უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში გაჩუმდეს, რათა მონაწილეებმა თავად წარმართონ დისკუსია.

მოდული - მოდული არის სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანამიმდევრობა. სასწავლო გეგმა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მოდულისაგან (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; მუხლი 2).

4.4

▲back to top


საათობრივი ბადე - საათობრივი ბადე ასახავს მოსწავლეთა სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის ოდენობას. საათობრივი ბადე განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული სავალდებულო საგნების სწავლების ხანგრძლივობას ან კვირეულ დატვირთვას (ჩარჩოს).

სასკოლო საათობრივი ბადე მოიცვას თითოეული კლასის მიხედვით დაზუსტებული გაკვეთილების განრიგს, რომელშიც გაწერილია, თუ რომელი საგანი ისწავლება რომელი კვირის დღეს და დროის რა მონაკვეთში. აქვე მითითებული უნდა იყოს, თუ ვინ ასწავლის ამ საგნებს. ამავე ბადეში უნდა იყოს აღნიშნული ყველა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, დროის და პედაგოგის /ინსტრუქტორის / წრის ხელმძღვანელის თუ სხვათა მითითებით.

სივრცის ორგანიზება - სწავლებისა და სწავლის დროს დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლისა და საკლასო სივრცის შესაბამისად ორგანიზება. სკოლასა და კლასში სივრცის სწორად ორგანიზება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, კვლეევების, გამოფენების, თამაშებისა და დასვენებისათვის საჭირო პირობებს ქმნის. სკოლისა და საკლასო ოთახის სივრცის ეფექტიანად ორგანიზება მოსწავლეებს აზროვნების, შემოქმედებითობის, ესთეტიკური გემოვნების განვითარების საშუალებას აძლევს. სკოლის სივრცის ორგანიზება შეიძლება, აგრეთვე, გულისხმობდეს კედლების, ფანჯრების, დერეფნების და ჭერის გამოყენებასაც.

კლასში სივრცის ისეთი მოწყობა, როდესაც მოსწავლეები მასწავლებლის პირისპირ სხედან, ეფექტიანია ლექციის, პრეზენტაციის, დემოსტრირების, კითხვა-პასუხის და საერთო ინსტრუქციების მიცემის დროს. მერხების წრიულად განლაგება გამართლებულია დისკუსიების წარმართვის შემთხვევაში. ჯგუფური მუშაობისთვის სასურველია მერხების ისეთი განლაგება, რომელიც ჯგუფებს გამოყოფს ერთმანეთისაგან.

სილაბუსი - სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი.

სწავლის ტიპები (სტილი) - სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, აღბეჭდვა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს. იმის ცოდნა, რომ მოსწავლეებს სხვადასხავა სწავლის სტილი აქვთ, მასწავლებლისთვის აუცილებელი ხდება სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც მას სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვაში დაეხმარება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის სტილი შეიძლება შეიცვალოს დროისა და კონტექსტის მიხედვით. ამავდროულად, მოსწავლეები სწავლის ან რომელიმე ერთ ტიპს განეკუთვნებიან, ან რამდენიმეს ერთად. „მულტიმოდალობის ადამიანებად” იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას.

არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა მოდელები და თეორიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის გადამუშავებისას. სწავლის ეს ტიპებია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. სმენითი სწავლის ტიპის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით; კინესთეტიკური ტიპები - ურთიერთქმედებით და კეთებით; მხედველობითი სწავლის ტიპები - ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპები - ჩანაწერების გაკეთებით და დიაგრამების/გრაფიკების დახატვით.

კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლის ოთხი ტიპი, აქტივისტი, პრაგმატისტი, თეორეტიკოსი და რეფლექტურად მოაზროვნე (იხ. დ. კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ). სწავლის ტიპების შესახებ ერთ-ერთი საინტერესო კლასიფიკაცია ეკუთვნის, აგრეთვე, ჰ. გარდნერს (იხ. ჰ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ);

4.5

▲back to top


ტექნიკურ საცნობარო აპარატი - ეს არის გამოცემის საცნობარო სისტემა, რომელშიც შედის სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო და ტექსტთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5 განათლების სისტემა

▲back to top


5.1

▲back to top


აკადემიური ხარისხი - აკადემიური ხარისხი მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ამა თუ იმ საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) დამთავრებისას. აკადემიური ხარისხის მინიჭების სისტემა განსხვავებულია ქვეყნებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით. 2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს.

აკრედიტაცია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. აკრედიტაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, მას გარკვეული დროით მიენიჭება პირობითი აკრედიტაცია, რათა ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის პირობები სრულად დაკმაყოფილდეს;

აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს.

კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურასაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებით.

სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.

არაფორმალური პროფესიული განათლება - არაფორმალურ პროფესიულ განათლებას პირი იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად. არაფორმალური განათლება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას. თუმცა, ატესტაციის შედეგად შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება;

ატესტატი - ატესტატი (ლათ. attestor - ვამტკიცებ) არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების დასრულებას. ატესტატი გაიცემა სკოლის დირექციის მიერ. ატესტატს ახლავს ნიშნების ფურცელი, რომელშიც ასახულია მოსწავლის (კურსდამთავრებულის) მოსწრება - ქულები თითოეულ საგანში.

ატესტაცია - ატესტაცია არის მუშაკის კვალიფიკაციის ან ცოდნის განსაზღვრა, მისი უნარების, ცოდნისა და პროფესიული ჩვევების შეფასება იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეეფერება მისი კვალიფიკაცია დაკავებულ თანამდებობას. ატესტაცია პერიოდულად ტარდება საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, სამინისტროებსა და სხვა უწყებებში.

5.2

▲back to top


ბავშვთა უფლებათა კონვენცია - ბავშვთა უფლებათა კონვენცია არის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში და მოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღზარდოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

ბავშვთა უფლებათა კონვენცია 1989 წელს ერთხმად მიიღო გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ის შედგება პრეამბულის, სამი ნაწილისა და 54 მუხლისაგან.

ბავშვთა უფლებათა კონვენცია საქართველოში 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.

ბაკალავრი - ბაკალავრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის - ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

ბაკალავრიატი - აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც, ძირითადად, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის, ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

5.3

▲back to top


გამოცდების ეროვნული ცენტრი - გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქმიანობა 2001 წლიდან დაიწყო „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის” სახით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შეფასების ახალი სისტემის დანერგვა იყო, რომლითაც უნდა მომხდარიყო მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება ობიექტური და სანდო მეთოდებით; ეროვნული გამოცდების ჩატარება და საუკეთესო აბიტურიენტთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად და სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად;

გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩატარებაზე, ასევე, საერთაშორისო კვლევების ჩატარებაზე საქართველოში, რისი განხორციელებაც დაიწყო 2006 წლიდან.

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2007 წელს. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ახორციელებს ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ცენტრის მიზნებია:

1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.

4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა აღრიცხვა და მონაცემთა შესაბამისი ბაზის ფორმირება.

გენდერი - ეს ტერმინი მეცნიერებაში სოციალური სქესის აღსანიშნავად გამოიყენება. სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი” კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს. ბავშვი დაბადებიდანვე განეკუთვნება ბიოლოგიურ კატეგორიას - სქესს, შესაბამისად, მდედრობითს ან მამრობითს. აღზრდის პროცესში ხდება მათი გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბება. გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარ გამოცდილებას იღებენ და ითავისებენ არსებულ გენდერულ როლებს მოცემულ კულტურაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს გოგო თუ ბიჭი, რა არის დასაშვები თითოეულისთვის და რა - არა.

ამგვარად, გენდერი გულისხმობს ფსიქოლოგიურ ატრიბუტებს, მახასიათებლებს და ქცევებს, რომელთა შეძენა ხდება სოციალურ კონტექსტში. ყოველ საზოგადოებაში გენდერული განსხვავებები ვლინდება ადამიანთა ქცევის ფორმებში. მაგალითად, რომელ სფეროში მოღვაწეობენ ქალები და მამაკაცები და რა სამუშაოს ასრულებენ ისინი, როგორ იცვამენ, როგორ გამოხატავენ ემოციებს და ა.შ.

გზამკვლევი - გზამკვლევი არის (შდრ. ინგლ. guide) მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური ხასიათის მითითებანი (მითითებების კრებული), რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სახელმძღვანელოს სახე. გზამკვლევის ფუნქციაა მიაწოდოს ინფორმაცია პედაგოგებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამა თუ იმ პედაგოგიური რესურსით (მაგ. მოსწავლის სახელმძღვანელო, სავარჯიშოების რვეული, აუდიო, ვიდეო თუ ინტერნეტ რესურსები და ა.შ.).

5.4

▲back to top


დიაგრამა - დიაგრამა არის იდეების, ცნებების, მიმართებების, კონსტრუქციების, მონაცემების გამარტივებული და სტრუქტურირებული, ვიზუალური (გრაფიკული) გამოსახვა, რომელიც, ძირითადად, სქემატურ ხასიათს ატარებს. მისი მთავარი დანიშნულებაა სტრუქტურის შემადგენელ ნაწილებს შორის მიმართებების წარმოჩენა, რის გამოც არ არის აუცილებელი ამ ელემენტების ზუსტი გრაფიკული ასახვა.

დიპლომი - დიპლომი (ბერძ. Diploma - ორად გაკეცილი ფურცელი) არის (1) დადგენილი ნიმუშის მიხედვით შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სათანადო სპეციალობაში კვალიფიკაციის მინიჭებას (სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება). დიპლომი გაიცემა იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა (მაძიებელმა). დიპლომს ხელს აწერს რექტორი. დიპლომში იწერება იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა და სპეციალობა (სპეციალობები), რომელიც მას მიენიჭა. (2) ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ან დაწესებულების დაჯილდოებას (მაგ. პრეზიდენტის სტიპენდიანტის დიპლომი).

დირექცია - დირექციას შეადგენს სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე (მოადგილეები) და ბუღალტერია. დირექციის ფუნქციებია: სკოლის მართვა, სკოლის წარმოდგენა მესამე პირთან ურთიერთობაში, სკოლის ბიუჯეტის, შინაგანაწესის, საშტატო განრიგის შემუშავება სამეურვეო საბჭოსთვის წარსადგენად, პედაგოგიურ საბჭოსთან თანამშრომლობა სასკოლო სასწავლო გეგმის შესამუშავებლად, მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან ხელშეკრულების დადებისა და შესრულების უზრუნველყოფა (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი VIII).

დისკრიმინაცია - დისკრიმინაცია არის პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგ. რელიგიური, რასობრივი, სქესობრივი, სოციალური სტატუსის და ა.შ.)

5.5

▲back to top


ეროვნული პროფესიული სააგენტო - ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული განათლების რეგულირების მიზნით შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტებს და ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი - ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი შეიქმნა 2006 წლის აპრილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების რეფორმის პროექტ ,,ილია ჭავჭავაძის” ფარგლებში. ცენტრი ორიენტირებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ცენტრის ძირითადი მიზნებია:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, პილოტირება და დანერგვის ხელშეწყობა; ასევე, სახელობო განათლების სასწავლო გეგმების შედგენა, პილოტირება და დანერგვა.

  • საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნული და სხვა შეფასებების განხორციელება;

  • სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.

ექსტერნი - ექსტერნი არის მოსწავლე, რომელიც ექსტერნად, ექსტერნის წესით სწავლობს: სასწავლებელში არ ირიცხება და ისე აბარებს გამოცდებს (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ.3, გვ. 1477).

5.6

▲back to top


ვაუჩერი - ვაუჩერი არის სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნას როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად. (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ; მუხლი 2, ლ).

სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო სწავლისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. კერძო და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია.

სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით.

5.7

▲back to top


ზოგადი განათლების სისტემა - ეს არის ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

5.8

▲back to top


თანასწორთა სწავლება - თანასწორთა სწავლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელიც მეგობრული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. თანასწორთა სწავლება მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად დაგეგმონ სასწავლო პროგრამები, გაკვეთილები, განიხილონ სწავლებისა და სწავლის მეთოდები, სახელმძღვანელოები, ჩატარებული გაკვეთილები, შეფასების შედეგები და ერთმანეთს გაუწიონ კონსულტაცია. ეს სტრატეგია მასწავლებლებს ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში და ზრდის მათ მოტივაციას.

5.9

▲back to top


კანონი ზოგადი განათლების შესახებ - „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ” აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესებს.

კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 8 აპრილს. გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” 2005 წლის 4 მაისის მე-20 ნომერში.

კლასტერი - კლასეტერი არის საერთო საკითხებზე მომუშავე მასწავლებლების ან სკოლების არაფორმალური 4-5 წევრიანი დაჯგუფება.

კრედიტი (ევროპული საკრედიტო სისტემა (ECTS)) - კრედიტი არის ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში.

ECTS - ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა (შემდგომში - ევროპული საკრედიტო სისტემა) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.

სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:

ა) ლექციებზე, სემინარებზე, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასწრებას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი, სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას;

ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოქვეყნებას.

საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიულ საათის განმავლობაში.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს, ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები.

კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვ.), მისი ხანგრძლივობის და ტიპის მიუხედავად.

კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად, სრული აკადემიური წლის განმავლობაში უმაღლესი აკადემიური განათლების თითოეული საფეხურისათვის.

კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიმართ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში.

დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული (ტრიმესტრული) მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტრის (ტრიმესტრის) ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით. სტუდენტის სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას;

ბ) შუა სემესტრულ რეიტინგულ შეფასებას;

გ) სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდის შეფასებას.

[უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი, 2006]

5.10

▲back to top


ლიცენზირება - „ლიცენზია” (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს - ,,ნებართვას”) არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. შესაბამისად, ლიცენზირება გულისხმობს კონკრეტულ სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის ოფიციალური ნებართვის მინიჭებას. სახელმწიფო უმეტეს სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის აწესებს ლიცენზირებას იმ მიზნით, რომ მოსახლეობა იყოს დაზღვეული მუშაკის არაკომპეტენტურობისაგან. მოქალაქეები ლიცენზირებას გადიან პროფესიული განვითარების ტრენინგებისა და გამოცდების ჩაბარების გზით.

საქართველოში დადგენილია საქმიანობის ლიცენზიის 84 სახე და მათგან 4 ეხება საგანმანათლებლო საქმიანობას, კერძოდ,

  • ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია;

  • დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია;

  • მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასცემს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიებს. საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ უფრო დეტალურად განსაზღვრავს თითოეული სახის ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს.

5.11

▲back to top


მაგისტრატურა - მაგისტრატურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

მაგისტრი - მაგისტრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის - მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი არის თვით-რეგულირებადი ორგანო, რომელიც დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2007 წლის იანვარში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და სტატუსის ამაღლებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ.

ცენტრი ფართო პედაგოგიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ამზადებს საფუძვლიან რეკომენდაციებს მთავრობისათვის მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ცენტრის პრიორიტეტული ამოცანებია:

  • პროფესიული სტანდარტების შექმნა და განვითარება;

  • რეგისტრაციის, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის სისტემების შექმნა;

  • მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მიმზიდველი გარემოს შექმნა;

  • კომუნიკაციისა და კვლევის ეფექტური საშუალებების განვითარება;

  • ცენტრის ჩამოყალიბება მოქნილ, ეფექტურ და ეფექტიან ორგანიზაციად;

მასწავლებლის ასისტენტი - მასწავლებლის ასისტენტი არის უმაღლეს დამთავრებული, სათანადო პედაგოგიური ცენზის არმქონე პირი (რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში არ აქვს გავლილი პედაგოგიური ციკლის საგნები), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვალდებულია, გაიაროს სკოლაში პრაქტიკა, რათა უფლება მიეცეს, ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდები.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პედაგოგთა ძირითად უფლება-მოვალეობებს, დისციპლინური გადაცდომების სახეებს და, შესაბამისად, მათი დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სახდელებს. ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას.

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის დამკვიდრებას;

  • უზრუნველყოს მოსწავლეებს, დირექციას და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის ყველა სახის კონფლიქტის თავიდან აცილება;

  • უზრუნველყოს პედაგოგთა მისაღები ქცევები;

  • განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;

  • განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოსილებანი.

მასწავლებლობის მაძიებელი - მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას (იგი დგინდება სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით) და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 21).

მატრიცა - მარტიცა არის მონაცემთა გამოსახვის ფორმა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ობიექტების აღსაწერად მათი ატრიბუტების მიხედვით. ვიზუალურად მას აქვს ცხრილის სახე, რომლის თითოეული სვეტი შეესაბამება ობიექტის ცალკეულ ატრიბუტს, ხოლო სტრიქონები - ამ ატრიბუტების მნიშვნელობებს სხვადასხვა ობიექტებისათვის. მათემატიკაში მატრიცა ხშირად გამოიყენება ორგანზომილებიანი რიცხვითი მონაცემების აღწერისას.

მენტორი - მენტორი არის სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს:

  • მასწავლებლის მომზადებაში ჩართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასკოლო პრაქტიკის კურსების წარმართვაში;

  • გამოსაცდელ პერიოდში მომუშავე ინსტრუქტორებს პრაქტიკული პედაგოგიური ჩვევების ჩამოყალიბებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში წარსადგენი რეკომენდაციების მოპოვებაში;

  • სხვა მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში.

მიზნობრივი ჯგუფი - ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით არის შერჩეული. მაგალითად, პროექტის შემთხვევაში სამიზნე ჯგუფი არის იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც პროექტის შედეგები მოუტანს გარკვეულ სარგებლობას, ანუ ვისთვისაც არის განკუთვნილი პროექტი.

მონაცემთა ბაზა - მონაცემთა ბაზა არის მონაცემთა სტრუქტურული ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა მონაცემთა შენახვა, მოდიფიცირება და წაკითხვა. ეს ტერმინი ძირითადად უკავშირდება ელექტრონული ფორმატის მქონე მონაცემებს, რომლებიც იქმნება და ინახება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით. მონაცემთა ბაზის სტრუქტურა ძირითადად შეესაბამება მონაცემთა ურთიერთმიმართებას. არსებობს მონაცემთა ბაზის სხვადასხვა სტრუქტურა (მაგალითად: რელაციური, იერარქიული, ობიექტზე ორიენტირებული). მათ შორის, დღემდე ყველაზე გავრცელებულია რელაციური სტრუქტურა. ამ ტიპის მონაცემთა ბაზაში მონაცემები ინახება ცხრილების ერთობლიობის სახით, სადაც თითოეული ცხრილი შეესაბამება ერთ ობიექტს. გარდა ამისა იგი შეიცავს ე.წ. დამხმარე ცხრილებს, რომლებიც გამოსახავს კავშირებს ამ ობიექტებს შორის.

5.12

▲back to top


პედაგოგიკა - პედაგოგიკა არის მეცნიერება აღზრდის, სწავლისა და სწავლების მიზნების, შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალურად ორგანიზებული მიზანმიმართული და სისტემატური ქმედებების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია პიროვნების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგიკა იკვლევს აღზრდის არსსა და კანონზომიერებებს, მის სტრუქტურას, ქმნის სასწავლო აღმზრდელობითი საქმიანობის თეორიებს.

აღზრდის ობიექტთა თავისებურებების და სოციალური დანიშნულების შინაარსის მიხედვით განასხვავებენ პედაგოგიკის შემდეგ დარგებს:

ზოგადი პედაგოგიკა - ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებისათვის სწავლებისა და აღზრდის საერთო კანონზომიერებების შესწავლა. იგი შედგება სწავლების თეორიის (დიდაქტიკა), აღზრდის თეორიის, აგრეთვე განათლების ორგანიზაციისა და მართვის მეცნიერული საფუძვლებისაგან.

  • ასაკობრივი პედაგოგიკა სწავლობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სპეციფიკური აღზრდისა და სწავლების კანონზომიერებს.

  • ანდროპედაგოგიკა - თეორია მოზრდილთა სწავლების შესახებ.

  • სპეციალური პედაგოგიკა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-აღზრდის კანონზომიერებები.

  • მეთოდიკა, ანუ კერძო დიდაქტიკა - ცალკეული საგნების სწავლების მიზნები და საშუალებები, მეცნიერული შინაარსის სასწავლო შინაარსად ტრანსფორმირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

  • სოციალური პედაგოგიკა სწავლობს აღზრდაზე სოციალური გარემოს გავლენებს.

პედაგოგიური პერსონალი - პედაგოგიური პერსონალი შედგება შემდეგი პირებისაგან: აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანამანათლებლო/სააღმზრდელო პროცესში.

პედაგოგიური საბჭო - პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელშიც ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით), სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვენელოების შერჩევა, სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლების მივლენა და ა.შ. (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი IX).

პროფესია - ცოდნის, უნარ-ჩვევათა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად.

პროფესიული განათლება - სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა - მხოლოდ სრული განათლების მიღების საფუძველზე. თავის მხრივ, სახელობო განათლება შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური (იხილეთ სახელობო განათლება, უმაღლესი პროფესიული განათლება, ფორმალური პროფესიული განათლება და არაფორმალური პროფესიული განათლება).

პროფესიული განვითარება - პროფესიული განვითარება გულისხმობს უწყვეტი განათლების საშუალებით საკუთარი მოღვაწეობის სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და უნარების განვითარებას. იგი ასევე გულისხმობს პიროვნული განვითარებისათვის საჭირო ზოგადი უნარების განვითარებას.

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პირობებსა და წესს;

პროფესიული სტანდარტი - ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ დამტკიცებული, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი;

პროფესიული სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით;

პროფესიული სწავლების ცენტრი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;

5.13

▲back to top


საგნობრივი კათედრა - საგნობრივი კათედრა საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს აერთიანებს. კათედრის წევრები რეგულარულად იკრიბებიან (ტრიმესტრში ერთხელ ან რამდენჯერმე). კათედრის ეფექტიანი მუშაობისთვის კათედრის წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით. საგნობრივი კათედრების მთავარი ფუნქციებია: საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, სახელმძღვანელოების შერჩევა და სხვა.

სამეურვეო საბჭო - სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. მასში წარმომადგენლის წარგზავნის უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ხმის უფლებით. სამეურვეო საბჭოს ფუნქციებია: სკოლის დირექტორის არჩევა, დირექციის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება, დირექციის მიერ ფინანსებისა და სასკოლო ქონების განკარგვის კონტროლი, სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება და სხვ. (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი VII).

სახელობო განათლება - ეს არის პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში. სახელობო განათლება პროფესიული სწავლების ცენტრსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილად. სახელობო განათლება შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური (იხილეთ ფორმალური პროფესიული განათლება და არაფორმალური პროფესიული განათლება).

სერტიფიკატი - სერთიფიკატი (ფრანგ. sertificat, ლათ. Certifico - ვამტკიცებ) არის დოკუმენტი, რომელიც, საზოგადოდ, საქონლის ხარისხს ამტკიცებს. საგანმანათლებლო სივრცეში სერტიფიკატი ეძლევა პედაგოგს კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით. 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესს (მასწავლებლისთვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება). მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ განათლების ბაკალავრებსა და მაგისტრებს სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი პეროდისა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განათლების ბაკალავრებს უფლება ექნებათ ასწავლონ დაწყებით კლასებში, ხოლო განათლების მაგისტრებს - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. უფრო დეტალურად მასწავლებლთა სერტიფიცირების შესახებ იხილეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია;

სკოლის თვითშეფასების სისტემა - სკოლის თვითშეფასების სისტემა არის თანმიმდევრულად გამოყენებული თვითგამოკვლევის მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია სკოლის სწავლება-სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, სკოლის შემდგომი განვითარების გზების დასახვა მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

სკოლის თვითშეფასების სისტემის გამოყენება გულისხმობს სკოლის დახმარებას -რეალურად არსებული სირთულეების აღმოჩენასადა მათი დაძლევის გზების მოძებნას სკოლის მთავარი ამოცანების გადასაწყვეტად.

სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური გუნდი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტებით (განათლების სპეციალისტი, სკოლის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვ.), რომლებიც ერკვევიან ყველა სახის სასკოლო საქმიანობაში, სკოლის ადმინისტრაციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ჯგუფებით. ისინი ერთობლივად იკვლევენ წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და ასევე ერთობლივად გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.

კვლევის საგანი შესაძლოა გახდეს: საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის, სკოლის/კლასის მართვის/ხელმძღვანელობის, ფინანსური მართვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა მიღწევების, მოსწავლეთა შეფასების საკითხები, სკოლის შიდა და სკოლის გარეთა საქმიანობა. აგრეთვე, შესაძლებელია შესწავლილ იქნას სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მოვალეობების/ დისციპლინის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვის, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა/ოჯახის მონაწილეობის საკითხები და სხვა.

ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, ინტერვიუების, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვა საკლასო გამოკვლევების სხვადასხვა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების საფუძველზე.

სკოლის თვითშეფასების საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს წერილობითი ანგარიში. შეკრებილი მასალა ანალიზდება გუნდის კომპეტენტური წევრების მიერ, რომლებიც გუნდის ყველა წევრთან ერთად პასუხისმგებლები არიან სკოლის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

სკოლის შინაგანაწესი - ეს არის სკოლის მიერ შემუშავებული წესებისა და ქცევის კოდექსი, რომელსაც უნდა იცნობდეს და ემორჩილებოდეს სკოლის თითოეული თანამშრომელი და მოსწავლე.

5.14

▲back to top


უმაღლესი პროფესიული განათლება - ეს არის პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება სრული ზოგადი განათლების საფუძველზე. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელდეს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

უწყვეტი განათლება - უწყვეტი განათლება არის ფართო ცნება, რომელიც მოიცავს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლო აქტივობებისა და პროგრამების ფართო სპექტრს. ასეთი აქტივობები და პროგრამები შეიძლება იყოს შემდეგი: ნაწილობრივ განაკვეთზე მყოფი სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამები სხვადასხვა ხარისხის მოსაპოვებლად; პროფესიული ცოდნის ამაღლების კურსები, რომლებიც არ ითვალისწინებს რაიმე ხარისხის მოპოვებას; თანამშრომლების ტრენინგი; პირადი განვითარების ოფიციალური კურსები (როგორც სასწავლო დაწესებულებებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით) და სხვ.

5.15

▲back to top


ფოკუს-ჯგუფი (ფოკუსირებული დისკუსია) - ეს არის ჯგუფური ინტერვიუს მეთოდი, რომლის დროს ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრებით და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ შორის აზრთა გაცვლას (აქედან გამომდინარეობს ამ მეთოდის კიდევ ერთი დასახელება - ,,ჯგუფური დისკუსია”). თანამედროვე ფოკუს-ჯგუფების უშუალო წინამორბედად სოციალურ მეცნიერებებში ამერიკელი სოციოლოგის რობერტ მერტონის (Merton, 1910 - 2003), და მისი კოლეგების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული „ფოკუსირებული ინტერვიუს” მეთოდი ითვლება.

ფოკუს-ჯგუფის ჩატარება სერიოზულ მომზადებას მოითხოვს, რაც გულისხმობს თემის წინასწარ შესწავლას, გამოკვლევის პროგრამის და სადისკუსიო გეგმის შემუშავებას (დასასმელი კითხვების წინასწარ მომზადებას), აგრეთვე, დისკუსიის ჩატარების ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფას. ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილი დისკუსიების შედეგად უკეთ ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულება გარკვეული სოციალური პრობლემებისადმი, მათი ფსიქოლოგიური განწყობები და ემოციური შეფასებები, რომლებიც ხშირად არც არის გაცნობიერებული რესპონდენტების მიერ.

როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე არჩევენ, ეს კრიტერიუმები კი გამოკვლევის ამოცანებითაა განპირობებული. უპირველესი მოთხოვნა მონაწილეთა შერჩევისადმი ისაა, რომ ისინი კარგად უნდა ერკვეოდნენ იმ საკითხში, რომელსაც ფოკუს-ჯგუფი ეძღვნება.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 8-დან 10-მდე მერყეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში რესპონდენტთა მინიმალური რაოდენობა შეიძლება 5-6 იყოს, ხოლო მაქსიმალური - 12. რესპონდენტთა რაოდენობის მკაცრი შეზღუდვა აუცილებელია, რათა ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას მის ყველა მონაწილეს მიეცეს თავისი აზრის თავისუფლად და სრულად გამოთქმის საშუალება. თუ ეს პირობა არ სრულდება, ფოკუს-ჯგუფი ვერ აღწევს თავის მიზანს.

ფოკუს-ჯგუფის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს ჯგუფის წამყვანი ანუ მოდერატორი (იხ. აგრეთვე მოდერატორი). მოდერატორის მიერ ფოკუს-ჯგუფის ჩატარების სტილი შეიძლება იყოს როგორც მკაცრი, ასევე ლიბერალური. უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს გამოცდილ მოდერატორთან, ვინაიდან რესპონდენტების მოჩვენებითი თავისუფლების მიუხედავად, მან მაინც უნდა აკონტროლოს დისკუსიის მსვლელობა და უნდა მიიღოს პასუხები დასმულ კვლევით კითხვებზე.

ყოველთვის ხდება ფოკუს-ჯგუფის დროს გამართული საუბრის აუდიო - და/ან ვიდეოჩაწერა, რის შესახებაც რესპონდენტები წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი კონფიდენციალობა.

ფოკუს-ჯგუფის ხანგრძლივობა, როგორც წესი, საათნახევრიდან ორ საათამდეა; შესვენების გაკეთება ფოკუს-ჯგუფის მიმდინარეობის დროს არ არის მიზანშეწონილი. ერთი კვლევითი პროექტის ფარგლებში, როგორც წესი, რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი ტარდება, რომლებიც ხშირად განსხვავდება მონაწილეთა მაჩვენებლების მიხედვით (ქალები; მამაკაცები; სხვადასხვა ასაკობრივი ან პროფესიული ჯგუფი);

ფოკუს-ჯგუფები კარგად უთავსდება კვლევის სხვა მეთოდებს, ამიტომ ხშირად გამოიყენება ფართომასშტაბიან პროექტებში სხვა მეთოდებთან, მათ შორის გამოკითხვასთან ერთად. უკანასკნელ შემთხვევაში, ფოკუს-ჯგუფების შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფართო გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს და დამკვეთს გაცილებით უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ტიპის კვლევის ჩატარება.

ფორმალური პროფესიული განათლება - ფორმალური პროფესიული განათლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სრულდება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით ან შეცვლით და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტრუქტურირებულ გარემოში.

5.16

▲back to top


შემთხვევის ანალიზი (შესწავლა) - შემთხვევის შესწავლა არის თვისებრივი კვლევის მეთოდი და ასევე, ზოგადად, კვლევითი სტრატეგია, რომლის მიზანია ცალკეული ფენომენის ემპირიული შესწავლა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (Yin, 1994). შემთხვევის შესწავლა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, პედაგოგიკა, მედიცინა, ჟურნალისტიკა, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და სხვა.

შემთხვევის შესწავლა შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთი ადამიანის შემთხვევის შესწავლას, ასევე ჯგუფების, ორგანიზაციების, გარკვეული თემის, მოვლენის ან ურთიეთობების შესწავლას. კერძოდ,

  1. ინდივიდის შესწავლა - მოიცავს ინდივიდის შემთხევის შესწავლას. მაგალითად, კონკრეტული ბავშვის მეტყველების ან ქცევის შესწავლა.

  1. ჯგუფების შესწავლა - მისი მიზანია ჯგუფის (მაგ: ოჯახი) წევრებს შორის ურთიერთობის და აქტივობების აღწერა და შესწავლა.

  1. თემის შესწავლა - ფუკუსი კეთდება ერთ ან რამოდენიმე თემზე. მიზანია ცხოვრების ძირითადი ასპექტების შესწავლა (შრომა, დასვენება, ოჯახური ცხოვრება, სასკოლო ცხოვრება), წევრებს შორის ურთიერთმიმართების აღწერა და და სხვა.

  1. ორგანიზაციის და ინსტიტუტების შესწავლა - სკოლების, ფირმების, სავაჭრო დაწესებულებების და ა.შ. შესწავლა. ფოკუსირებულია შრომით საქმიანობების, მენეჯმენტის, ორგანიზაციის კულტურის შესწავლაზე და ა.შ.

  1. მოვლენების, როლების და ურთიერთობების შესწავლა - მაგალითად, შეისწავლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას, რაღაცა შემთხვევას, დანაშაულის რაიმე ფორმას, როლების კონფლიქტს;

შემთხვევის შესწავლა გულისხმობს მოვლენათა დეტალური აღწერას, იგი აგრეთვე მოიცავს მის ახსნას და ინტერპრეტაციას გარკვეულ თეორიებთან მიმართების დადგენის საფუძველზე, თუმცა აუცილებელია ფაქტების და მის შედეგად გაკეთებული დასკვნების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოცალკევება, სხვა სიტყვებით, ნათლად უნდა ჩანდეს სად არის ფაქტი და სად ავტორისეული ვარაუდი.

6 ბიბლიოგრაფია

▲back to top


1. ბავშვთა უფლებათა კონვენცია. მოპოვებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვებ-გვერდიდან: http://www.tpdc.ge

2. გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოპოვებულია ვებ-გვერდიდან: http://naec.ge

3. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. მოპოვებულია ვებ-გვერდიდან: http://www.nea.ge

4. დიუი ჯ. წიგნიდან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნის ელექტრონული ვერსია მოპოვებულია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან: http://www.iliauni.edu.ge

5. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. მოპოვებულია ვებ-გვერდიდან: http://www.ganatleba.org

6. კაჭკაჭიშვილი, ი. კვლევის მეთოდები, თსუ, ხელნაწერის უფლებით.

7. მასწავლებლის მომზადების და პროფესიული განვითარების კონცეფცია, 2006. მოპოვებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისვების ვებ-გვერდიდან: http://www.tpdc.ge

8. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, მოპოვებულია ვებ-გვერდიდან: http://www.tpdc.ge

9. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ; №1330 თარიღი: 2005-04-08 მოპოვებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდიდან: http://www.mes.gov.ge

10. საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ; №1775 თარიღი: 2005-06-24.

11. საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, №2794 თარიღი: 2006-03-17.

12. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; №688 თარიღი: 2004-12-21 მოპოვებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდიდან: http://www.mes.gov.ge

13. საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ; №4528 თარიღი: 2007-03-28 მოპოვებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან: http://www.mes.gov.ge

14. უზნაძე. დ. (1967). შრომები, V ტ., თბილისი: ,,მეცნიერება”

15. ფარჯანაძე, დ. (2004) მეხსიერების ფსიქოლოგია, ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

16. ქართულის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 3.

17. წერეთელი, მ. (2006). გენდერი - კულტურული და სოციალური კონსტრუქტი, Tbilisi: CSS

18. Крейн У..(2002). Психология Развития, М: „Прайм-ЕВРОЗЕАК”.

19. Первин, Л., Джон, О.(2001). Психология Личности, М: „Аспект-Пресс”.

20. Стоунс, Э..(1984). Психопедагогика, М: „Педагогика”.

21. Хьелл Л., Зиглер, Д. (1999). Теории Личности, „Питер”, С-П.

22. Aschcraft, M.H. (1992), „Cognitive arithmetic: a review of data and theory”, Cognition,, Vol. 44 pp.75-106 .

23 . Bandura, A. (1986 ). Social foundations of thought and actio№ A social cognitive theory. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.

24. Bandura, A. (1989). Social Cognitive theory. In R. Vasta (Ed.), Analysis of child development. Greenwich, CT: JAT Press.

25. Dewey, J. Barnes, A. C. Buermeyer, L. and others (1954). Art and Education, Merion, Pa.: Barnes Foundation Press.

26 . Gardner, H. (1983 ). Frames of mind: Theory of multiple intelligences. NY: BasicBooks.

27. Goleman, D. (2006 ). Social Intelligence: The New Science of Social Relationships. NY: Bantam Books

28. Kohlberg, L. (1981). Essays on Moral Development, Vol. I: The Philosophy of Moral Development. Harper & Row.

29. Kolb. D. A. and Fry, R. (1975) Toward an applied theory of experiential learning. in C. Cooper (ed.) Theories of Group Process, Londo№ John Wiley

30. Morgan, D. L.. 1997. Focus Groups as Qualitative Research. Second Edition. Thousand Oaks, CA: Sage Publications. P. 19.

31. Mischel, W. (196 8). Personality and assessment. New York: Wiley.

3 2. Mischel, W. (1973 ). Toward a cognitive social learning reconceptualization of personality. Psychological Review, 80, 252-283 .

33 . Perkins, D. (1992). Smart Schools: Better thinking and learning for every child. NY: The free press.

34. Perkins, D. (1992). Smart Schools: from Training Memories to Educating Minds. NY: The Free Press.

35. Kruger R. A. (1994). Focus Groups: A Practical Guide for Applied Research. Second Edition. Thousand Oaks, Calif.: Sage Publications.

36 . Rogers, C. R. (1980). Away of being. Bosto№ Houghton Mifflin Company.

37. Rogers, C.R. (1983 ). Freedom to learn for the 80's. Charles E. Merril Publishing Company

38. Selman, R. L. (1990). Making a friend in youth. developmental theory and pair therapy. Chicago: University of Chicago Press.

39. Selman, R.L. (1980). The growth of interpersonal understanding. NY: Academic Press.

40. Yin, R. K. (1994). Case study research: Design and methods. Second edition. Applied social research methods series. volume 5. Thousands oaks: Sage publications.