The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.11

1860    
    
15 ნოემბერი   
    
წერილს იღებს სოლომონ ჭავჭავაძისგან, რომელშიც ნათქვამია, ნათესავებს არ სჯერათ, რომ პირობას აღასრულებო. ადრესანტი ასევე ატყობინებს, რომ იოსებ წილოსნის ვალის გამო შეიძლება მისი კარ-მიდამო გაიყიდოს.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 274. ატრიბუცია: წერილი, რომლიდანაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა იდენტიფიკაცია:

 წერილში წილოსნის სახელი მითითებული არ არის და კვლევით დადგინდა, რომ ეს უნდა იყოს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტანი იოსებ წილოსანი (რედ.)

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

წილოსანი იოსებ ლაზარეს ძე (1804-1873)

გურული გლეხის შვილი. ბავშვობაში გაყიდეს ოსმალეთში და მამობილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1832 წელს მთარგმნელად დაიწყო სამსახური მეფისნაცვლის კანცელარიაში, მუშაობდა ინჟინრად, მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას.

    
1868   
    
 15 ნოემბერი   
    
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გიგოლა ბექაურის საჩივარს არუთინ ბოშაშვილის წინააღმდეგ. ბრალდებულისთვის მკურნალობის საფასურის გადახდის შემდეგ მომჩივანმა აღმოაჩინა, რომ მას საექიმო პრაქტიკის უფლება არ ჰქონდა და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ბრალდებული მოსამართლის წინაშე აღიარებს ფულის მიღების ფაქტს და, რამდენადაც არსებული კანონის თანახმად მას არ აქვს მკურნალობისა და წამლის გამოწერის უფლება, სასამართლოს დადგენილებით ეკისრება მომჩივნისთვის თანხის უკან დაბრუნება  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აღწ.1, საქ.241, ფურც.2-3; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 404-5.

პირთა ანოტაციები:

ბექაური გიგოლა

 სოფელ კიტოხის მცხოვრები.

ბოშაშვილი არუთინ

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

    
1877    
    
15 ნოემბერი   
    
ესწრება სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა კრებას, რომელზეც იხილავენ საზოგადო საჭიროებისათვის ბანკის მოგების განაწილების საკითხს.  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3

   .
1879    
    
 15 ნოემბერი   
    
„დროების“ რედაქტორ სერგეი მესხთან და ამავე გაზეთის გამომცემელ სტეფანე მელიქიშვილთან ერთად, თხოვნა შეაქვს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსთან 1880 წლის 1 იანვრიდან ჟურნალ „ივერიის“ და გაზეთ „დროების“ საერთო რედაქციით გამოცემის ნებართვის შესახებ. განცხადებაში მითითებულია, რომ ჟურნალი „ივერია“ უნდა გამოვიდეს წელიწადში ოთხჯერ, „დროება“ კი – ყოველდღიურად  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 5, აღწ. 1, საქმე 5755, ფ. 2; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 196; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 87-88, 402.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი სტეფანე (გარდ. 1887)

გამომგონებელი და მესტამდე. XIX ს 60 -იან წლებში ნიკო ღოღობერიძესთან და ვახტანგ თულაშვილთან ერთად, დაარსა სტამბა, რომლისთვისაც ქ. ვენიდან გამოიწერეს ახალი ქართული ე. წ. „ვენური შრიფტი“.

    
1886    
    
15 ნოემბერი   
    
ქართულ თეატრში ესწრება ლადო აღნიაშვილის გუნდის კონცერტს იოსებ რატილის ლოტბარობით.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 18 ნოემბერი, № 250, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1886, 17/XI).

დათარიღება:

დროზე მითითებულია 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოწინავეში.

პირთა ანოტაციები:

აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) (1860-1904)

ქართველი პედაგოგი, ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და პუბლიცისტი.1885-1888 წლებში შექმნა ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიულ გუნდი – „ქართული ხორო“

რატილი (ნავრატილი) იოსებ (1840-1912)

ჩეხი მომღერალი, 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტენორი. 1885 სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის გუნდს, 1890 შეადგინა ცალკე გუნდი.

    
1892    
    
15 ნოემბერი   
    
დეკანოზი დავით ღამბაშიძე გაზეთ „მწყემსში“ აქვეყნებს სტატიას „მწარე ფიქრები“, რომელშიც აკრიტიკრბს ილია ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ ბრალი დასდო ივანე მაჩაბელს მარი ბროსეს პრემიის თანხის დაუბრუნებლობაში  წყარო:

გაზ. „მწყემსი“, 1892, №21, გვ. 1-3, 9-11.

    
 1893    
    
15 ნოემბერი   
    
ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი დეკანოზი დავით ღამბაშიძე „სოფლის მღვდლის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „მწარე ფიქრები“, რომელშიც აკრიტიკრბს ილია ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ ბრალი დასდო ივანე მაჩაბელს მარი ბროსეს პრემიის თანხის დაუბრუნებლობაში  წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 21, გვ. 6-9.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.