The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


3.03

1859    
    
3 მარტი    
    
ჰაინრიხ ჰაინეს „ლამენტაციების“ (კერძოდ, „ბედნიერების“) გავლენით პეტერბურგში წერს ლექსს „სიხარული“.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 21; ი. კენჭოშვილი, ჰაინე და ილია ჭავჭავაძე, „ლიტერატურული გაზეთი“, 1962№ 182; დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981. გვ. 105-106.

პირთა ანოტაციები:

ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856)

გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

    
1861    
    
3 მარტი    
    
წერილს უგზავნის სოლომონ ჭავჭავაძეს, რომელშიც სთხოვს, რომ დაზომონ მისი სახნავები და ვენახები და მონაცემები მსახური ბიჭის ხელით გაუგზავნონ, რადგან განზრახული აქვს, იოსებ წილოსნის ვალი სახელმწიფო „პრიკაზში“ გადაიტანოს. ასევე სთხოვს თანხის გაგზავნას.  წყარო:

ასლი, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ფონდი 14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 276-277, 516-517. ატრიბუცია: ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროებში ამ წილოსნის სახელი მითითებული არ არის და კვლევით დადგინდა, რომ ეს უნდა იყოს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტანი იოსებ წილოსანი (რედ.).

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

    
1863    
    
3 მარტი    
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ იასე ანდრონიკაშვილთან იყო და ცოტა იმედი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა შენიშნა ოლღას შეწუხებული სახე და შეშფოთებული კითხულობს, ხომ არაფერი მოხდა. სთხოვს, დაუყოვნებლივ მისწეროს, რამ დააღონა.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 245; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 428-429; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50, 332-333.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    
1876    
    
3 მარტი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სერგეი მესხის წერილი გაზეთის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ დღის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1877    
    
3 მარტი    
    
ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ გამოვიდა და იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

 პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. შექსპირი უილიამ (1564-1616), ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
3 მარტი   
    
მთაწმინდის ქუჩაზე ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოსვლას იწყებს საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“, რომლის პირველ ნომერშიც, ხელმოუწერლად იბეჭდება „წინასიტყვაობა“, ფელეტონი „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ნარკვევ „ცხოვრება და კანონის“ პირველი წერილი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,ასლი ,№ 217, გვ. 612, 678- 681; ასლი № 1052, გვ. 138-142; 143-147; გაზ. „ივერია“, 1877, № 1 , გვ. 5, 13-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 38, 340.

    
3 მარტი   
    
ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ გამოვიდა და იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
1880    
    
3 მარტი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს დიმიტრი ყიფიანის მიერ ბანკისთვის მომგებიანი ბილეთების მიყიდვის პირობების შეცვლის დადგენილებას. ოქმზე არის დიმიტრი ყიფიანის მინაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ეს ცვლილება გაიზიარა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 41-44, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი № 23.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1892    
    
3 მარტი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას. იღებენ დადგენილებას, რომ სახალხო ბიბლიოთეკები გაიმართოს საქართველოს ისეთ სოფლებშიც კი, სადაც სკოლა ჯერ არ არის, მაგრამ არიან წერა-კითხვის მცოდნეები. თითოეული ბიბლიოთეკის გამართვაზე თავდაპირველად უნდა დაიხარჯოს ათი ათას მანეთამდე და შემდეგ დაემატოს ახალი წიგნები. განისაზღვრა ბიბლიოთეკის გახსნისთვის აუცილებელი პირობები და ჩამოყალიბდა გამგეთა მოვალეობები. თანხმდებიან, რომ მიღებული დადგენილებები გამოცხადდეს გაზეთში და გამგეობამ თბილისისა და ქუთაისის ბანკებს თხოვნით მიმართოს ამ მნიშვნელოვან საზოგადო საქმეში დასახმარებლად. ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარეს და საქმეთა მწარმოებელს ანიჭებენ აუცილებლობის შემთხვევაში გამგეობის თანხმობის მიუღებლად ორდერით ფულის გამოტანის უფლებას. ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილ თურქულიდან თარგმნილ თხზულება „ძმა-მამალს“ სარეცენზიოდ გადასცემენ გიორგი იოსელიანს, ალექსი ჭიჭინაძეს და იაკობ გოგებაშვილს. დადებითად წყდება პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი. ალექსანდრე ზუბალაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ საზოგადოებას შესწიროს მუზეუმის ასაგები ადგილი.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 179.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცახელი (თვალჭრელიძე) პარმენ ივანეს ძე (1866-1919)

პოეტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. მას ეკუთვნის ლიბრეტო კომპოზიტორკოტე ფოცხვერაშვილის ოპერისათვის „ბაზალეთის ტბა“.

ზუბალაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე (დაბ. 1820)

თბილისელი მეცენატი, ხელოვნების დიდი დამფასებელი და კოლექციონერი. წლების მანძილზე ცხოვრობდა ფლორენციაში.

    
1898    
3 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს წერილისა „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ („ჩვენი წინანდელი ფელეტონი შევაყენეთ...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („გენერალ-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს. ი. ქიშმიშოვმა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 3 მარტი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 77, 91.

პირთა ანოტაციები:

ქიშმიშევი (ქიშმიშოვი) სტეფანე იოსების ძე (1879-1921)

გენერალ-მაიორი. ავტორია ისტორიული თხზულების „უკანასკნელი წელნი საქართველოს სამეფოსნი“.

    
3 მარტი    
    
ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი: ქრისტეფორე მამაცაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, კოტე მესხი, პეტრე ყიფიანი, კიტა აბაშიძე და ვალერიან გუნია თხოვნით მიმართავენ ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობას, რომ იუბილეს გამართვამდე სალიტერატურო ფონდიდან ასესხონ 3000 მანეთი.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი , ფ. 481, აღწ. 1, საქ. 620.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931)

თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

    
3 მარტი    
    
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტი გაზეთ „ცნობის ფურცელში“ აქვეყნებს განცხადებას, რომ იუბილე გაიმართება 9 აპრილს, პარაკლისს გადაიხდიან დიდუბის ეკლესიაში და სადღესასწაულო საღამო გაიმართება ქართულ თეატრში. ასევე აცხადებს კონკურსს ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიულ-კრიტიკული წერილის შედგენაზე.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 470; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 255.