The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


7.02

1863    
    
7 თებერვალი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს, რომელშიც გამოთქვამს წუხილს მისი შეუძლოდ ყოფნის გამო და სთხოვს, რომ ბარათები ყოველ დილით გაუგზავნოს. ეკითხება, აპირებს თუ არა 9 თებერვალს მასკარადზე წასვლას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 230; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 410; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 27, 326.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1869    
    
7 თებერვალი   
    
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს ამჩორიკო კუსოვის საქმეს. სარჩელის მიხედვით, ბრალდებულმა სახლიდან გააგდო კანონიერი ცოლი, ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდა გარდაცვლილი ძმის ცოლთან და მისგან ჰყავდა შვილი. რამდენადაც ბრალდებულები მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლები არიან, სასამართლო მათ მიიჩნევს მეორე ხარისხის, სისხლის აღრევის დამნაშავეებად, თითოეულს უსჯის 6 თვით მონასტერში ყოფნას და ცოდვის ეკლესიურად მონანიებას.   წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ 133, აღწ.1. საქ. 599, ფურ. 12-14; „საისტორიო მოამბე“, 19-20 თბ. 1965. გვ. 413-414.

პირთა ანოტაციები:

კოსოვი ამჩორიკ

სოფელ რუისის მკვიდრი.

 

    
1886    
    
7 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალს“ („რუსეთის დიპლომატურმა გაზეთმა...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავსტრია და რუსეთი ბოლგარიის საკითხში“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 351.

    
1887    
    
 7 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („ბატონი ა. ს. ერმოლოვი, თუ არა ვცდებით, შარშან თუ შარშანწინ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერმოლოვი და ჩრდილო კავკასიის ღვინოები“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 550--553; გაზ. „ივერია“, 1887, 7 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 98.

პირთა ანოტაციები:

ერმოლოვი ალექსი სერგეის ძე (1847-1917)

 რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრი, აქვეყნებდა სტატიებს მიწათმოქმედების საკითხებზე.

    
1888    
    
7 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („მთელი ქვეყანაა და თ-ის ბისმარკის სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფლოკეს მოსალოდნელი გამინისტრება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 6 თებერვალი, № 28 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 74.

პირთა ანოტაციები:

ფლოკე შარლ თომას (1828-1896)

ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წლების მანძილზე ცდილობდა მინისტრის პოსტის დაკავებას, 1888 წლის 3 აპრილს კი გახდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე.

    
1890    
    
7 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („ერთი უდიდესი საჭიროება სახელმწიფოსი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელი საყოველთაო აღწერა რუსეთის იმპერიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 7 თებერვალი, № 29, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 494.

    
7 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს და ატყობინებს, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა არ მოსწონს, თუმცა თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია დაბეჭდოს. იმ შემთხვევაში, თუ არ დაბეჭდავენ, თავად დაწერს მეთაურს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17575; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 140, 432.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 205-206.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

    
1891    
    
7 თებერვალი    
    
გაზეთი „ივერია“ ახალი ამბების რუბრიკაში აქვეყნებს ცნობას ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 29

    
1907   
    
 7 თებერვალი   
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი ილია ჭავჭავაძეს აცნობებს, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავადაზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. სწერს, რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ გუბერნიის თავადაზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 50.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858-1929)

ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი.