The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


22.09

1868    
     
22 სექტემბერი    
     
ოლღა გურამიშვილი იღებს მამის – თადეოზ გურამიშვილის წერილს, რომლითაც რთველზე ეპატიჟება სიძე-ქალიშვილს.   წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 774.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

     
1873    
     
22 სექტემბერი    
     
სერგეი მესხი პარიზიდან საპასუხო წერილს უგზავნის ჟენევაში მყოფ მომავალ მეუღლეს – ეკატერინე მელიქიშვილს. სწერს, რომ „გლახის ნაამბობი“ ტყუილად არ მოსწონებია. მართალია, მთელი მოთხრობა ერთობ იდეალურია, არც ის მღვდელი და არც თვითონ გლახა არ ჩამოგავან რეალურად არსებულ მღვდლებსა და გლახებს და ერთობ ფანტაზიურია, მაგრამ რაც უნდა იყოს, მოთხრობაში „მშვენიერი ტენდენციები და კიდევ უფრო უმშვენიერესი ენაა“.   წყარო:

სერგეი მესხის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 493.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

     
1887    
     
22 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ თ. ბისმარკმა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკა ბულგარეთთან მიმართებაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 552.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     
1888    
     
22 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („გუშინ გავიხსენეთ, რომ აბ ბოლო ხანებში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ფრიდრიხ III-ს დღიურის შესახებ “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 22 სექტემბერი, № 198, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 322.

პირთა ანოტაციები:

ფრიდრიხ მესამე (1831-1888)

გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა.

     
1889    
     
22 სექტემბერი     
     
წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს ვარშავაში. მოიკითხავს თავის დისწულ მაკო აფხაზს და მის მეუღლე დიმიტრი მაყაშვილს. უყვება სახლების გაქირავების ამბავს და უგზავნის მათი ძმისწულის – სენო ჭავჭავაძის როსტოვის მისამართს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17530; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 109-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 264-265, 511. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 203-204.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894)

ილია ჭავჭავაძის დისწული,

დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906)

ილია ჭავჭავაძის დისწულის, მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი, სამსახურიდან გადადგა 1891 წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში.

     
1894    
     
22 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**) აქვეყნებს მის მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „არაფერია ამ ქვეყნად მუდმივი, ცვლილებების მეტი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, № 201 გვ. 2.

     
1901    
     
22 სექტემბერი    
     
ანტონ ნატროშვილი „ივერიის“ რედაქციას წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი. ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერილობა“.   წყარო: А. Натроев, Мцхет и его собор Свети-Цховели. Историко-археологическое описание. Тфл., 1901.

პირთა ანოტაციები:

ნატროშვილი (ნატროევი) ანტონ ივანეს ძე (1852-1930)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

     
1905    
     
22 სექტემბერი    
     
იღებს საგანგებო საქმეთა გამომძიებელ კ. მალინოვსკის წერილს. სთხოვს, რომ საგურამოში კომისიის წასვლამდე ორი დღით ადრე აცნობოს. სავარაუდოდ, საუბარია მისი სახლიდან იარაღის გატანის გამოძიებაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 534.

პირთა ანოტაციები:

მალინოვსკი კ.

სახელი უცნობია და ვინაობა - დაუდგენელი.

     
1906    
     
22 სექტემბერი    
     
თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი მაქსიმილიანე ჭავჭავაძე მიმართავს წერილობითი თხოვნით, გაიღოს შესაწირავი ყვარლის დაზარალებული მოსახლეობისთვის.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 47.

პირთა იდენტიფიკაცია:

ჭავჭავაძის სახელი მაქსიმილიანე წერილში ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე (1876-1933)

რუსეთის არმიის კამერ-იუნკერი, თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი.