The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.12

1877    
    
29 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას („მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“). აქვე იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 521-524 გაზ. „ივერია“, 1877, № 44, გვ. 3-5, 16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 167.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
1883    
    
29 დეკემბერი     
გაზეთ „დროებაში“ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, აკეთებს განცხადებას თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, 29 დეკემბერი, № 264, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

    
29 დეკემბერი   
    
გაზეთი „დროებაში“ იბეჭდება გერმანული ჟურნალიდან შესრულებული თარგმანი არტურ ლაისტის წერილისა „ქართული ახალი ლიტერატურის თაობაზედ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 264, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

    
1884    
    
29 დეკემბერი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ბათუმის სკოლას აცნობებენ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ არის და ვერ დაამტკიცებენ. მოზდოკის ქართულ დასახლებას სთხოვენ დამატებითი ცნობები მოაწოდონ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცემენ სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებულ წიგნს „შესანიშნავი ბავშვები“. არ კმაყოფილდება ვარლამ გაბიჩვაძის თხოვნა „ქართული წერის დედნის“ გამოსაცემად მისთვის ფულის სესხებაზე. იწონებენ კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზებას სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 28.

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

გაბიჩვაძე ვარლამ (1850-1908)

ხალხოსანი, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1875 წელს იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი. 1885 წელს კოტე მესხმა მიიწვია თეატრის დასში.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    
1887    
    
29 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 დეკემბერი“ („ამ უკანასკნელს ხანებში ქუთაისი მეტად აღშფოთებული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის საქალაქო არჩევნების მოლოდინში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 დეკემბერი, № 273, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 646.

    
1888    
    
29 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 დეკემბერი“ („სხვაგან, საცა სიფრთხილე, წინდახედულება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვალი მაინც ვალია“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 29 დეკემბერი, № 274, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 449.

    
1889    
    
29 დეკემბერი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 დეკემბერი“ („ეს ოცდაათ წელიწადზე მეტია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ვაზის სნეულებანი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 29 დეკემბერი, № 277, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 433.