The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.05

1881    
    
9 მაისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ეცნობიან საერთო კრების წინაშე წარსადგენ ანგარიშს და შეაქვთ სწორებები. სოფელ კავთისხევის სკოლას უთვლიან, რომ მერხები მიღებულია და იზრუნონ წაღებაზე. პეტერბურგის წიგნის მაღაზიის „ფენუ და კორპორაციისაგან“ იღებენ გასაყიდი წიგნების ნუსხას ფასებით, რომელთა განხილვა, წიგნების შერჩევა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის დაწერა ევალება ნიკოლოზ ცხვედაძეს. მასვე და რაფიელ ერისთავს ევალებათ პროექტის შედგენა ბიბლიოთეკის გამართვასა და წიგნების მოპოვებაზე.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 126.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1882    
    
9 მაისი    
    
მონაწილეობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა კრებაში.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 12 მაისი, № 96.

    
1884   
    
 9 მაისი   
    
თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას. კითხულობს ვრცელ მოხსენებას სარევიზიო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით და ასაბუთებს, რომ კომისიის მიერ ბანკის ნაკლოვანებად მიჩნეული 12 მუხლიდან 11-ს არავითარი ზარალი არ გამოუწვევია. ზოგი მათგანი ეხებოდა საქმის წარმოების პრინციპებს, რომლებიც სხვადასხვა ბანკებს სხვადასხვაგვარი აქვთ და ამით არაფერი შავდება, ზოგი კი გამოწვეული იყო კონკრეტულად თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სპეციფიკით. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც სავსებით სამართლიანი იყო, ეხებოდა მამულების არასწორ შეფასებას, მაგრამ აქ დაშვებული შეცდომებიდანაც უმეტესობა მოვლენათა მოულოდნელი განვითარებით იყო განპირობებული და არა ბანკის ხელმძღვანელობის ან დამფასებლების დაუდევრობით. გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება უმეტესად ბანკის ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს და ავიწყდებათ დადებითი მხარეები. იგი დამსწრეთ მოაგონებს, რომ თსს ბანკი შეიქმნა მაშინ, როდესაც მთავრობას აკრძალული ჰქონდა ამ რეგიონის მამულების გირაოდ მიღება სახელმწიფო იჯარებსა და „პრიკაზში“. შესაბამისად, მამულის დაგირავებით სესხის აღების ერთადერთი საშუალება ეს ბანკი იყო და შემდგომშიც სწორედ მისი წყალობით აღდგა ამ მამულების კრედიტუნარიანობისადმი ნდობა. ილია ჭავჭავაძემ ციფრებით წარმოაჩინა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ ზარალი, რომელმაც შეიძლება 60-70 ათასი მანეთი შეადგინოს, არაფერია 350 ათას მანეთ მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა. კრებამ მისი გამოსვლა აპლოდისმენტებით მიიღო.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3.

 

    
1886    
    
9 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მაისს“ („ექვს მაისს ჩვენის დრამატულის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „შუბი დიდია და მძლავრი...“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 9 მაისი, № 100, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 229; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 229.

პირთა ანოტაციები:

გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852)

რუსი მწერალი და დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი.

    
9 მაისი   
    
გაზეთ „კავკაზში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ილია ჭავჭავაძის წერილები ხიზნების შესახებ.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1886, № 121, გვ. 1.

    
1887    
    
9 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მაისი“ („მთავარ-მინისტრი საფრანგეთისა გობლე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიასა და საფრანგეთს შორის ახალი ხიდის გადების ცდა“.  ყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 მაისი, № 92, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 306.

    
9 მაისი   
    
კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს წერილობით აცნობებს, რომ გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული იყო მისი განკარგულების წინააღმდეგ მიმართული წერილები, მოითხოვს, ამოწერონ, უთარგმნონ და მიაწოდონ.   წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150.

    
1889    
    
9 მაისი    
    
მონაწილეობს ქართველი საზოგადოების მიერ კონსტანტინე მამაცაშვილის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 11 მაისი, № 97, გვ. 1

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900)

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

    
1893    
    
9 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ნასიძე „პაატას“ ფსევდონიმით აქვეყნებს წერილს სახელდახელო: (ყბად-ასაღები წყალ-წასაღები ამბავი), რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „კვალის“ რეაქციას სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.   წყარო:

გაზ. „ივერია“,1893, 9 მაისი, № 96, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

    
1896    
    
9 მაისი    
    
თსს ბანკის სხდომაზე თავმჯდომარე დიმიტრი მუსხელიშვილი ცდილობს კრებას მიაღებინოს დოკუმენტი, რომ ეთანხმებიან რევიზორის დასკვნებს, რისთვისაც ილია ჭავჭავაძე ამხელს მიკერძოებულობაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, № 100, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე

არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი.

    
1897    
    
9 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მაისი“ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 9 მაისი, № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 385.

პირთა ანოტაციები:

ივანენკო აპოლონ ათანასეს ძე

თბილისის მერის მოადგილე და 1896 წლის ნოემბრიდან რამდენიმე თვით - მერის მოვალეობის შემსრულებელი.

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

 თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

    
1903    
    
9 მაისი   
    
თავადაზნაურობის კრებაზე განიხილავენ პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილ წერილს. მასში საუბარია გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებასა ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვაზე მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არა აქვს. საქმის გამოსარკვევად და პრინცისთვის მადლობის გადასახდელად ირჩევენ კომისიას ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით.   წყარო:

„ცნობის ფურცელი“ 1903, 10 მაისი № 247, გვ. 2 ტიფლისკი ლისტოკი 1903, № 9, კავკაზი, 10 მაისი 1903, № 122.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

    
9 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ნაიბი“ აქვეყნებს მოწინავეს „კუდაბზიკობის მოსარჩლე“ („ამას წინად ჩვენმა გაზეთმა (იხ. „ივერია“ № 86) აღნიშნა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 9 მაისი, № 100, გვ. 3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 565.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 728-729.