The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


12.06

1869    
    
12 ივნისი   
    
გაზეთ „დროებაში“ „იოანე ბოდბელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ობლის კვერი ძნელად გამოცხვება“, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1869, № 24, გვ. 1-3. პირთა იდენტიფიკაცია: ფსევდონიმი „იოანე ბოლნელი“ გაუხსნელია.

    
1880    
    
27 მაისი-12 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების საანგარიშო მოხსენება.   წყარო:

„საქართველოში ქშწ-კგ საზოგადოების საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდამ 1880 წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“, № 111, გვ. 2-3, № 113, გვ. 3-4, № 114, გვ. 3, № 122, გვ. 3-4.

    
1884    
    
12 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება პირველი ნაწილი „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრების მიმოხილვისა, რომელშიც იგი მონაწილეობდა როგორც კომისიის წევრი.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 125, გვ. 1-2.

    
1886    
    
12 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 11 ივნისს“ („ევროპას რომ კაცმა თვალი გადაავლოს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა“. გაზეთის ამავე ნომერში იწყება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 12 ივნისი, № 124, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 103.

    
1887    
    
12 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 ივნისი“ („დღეს ყველაფერი პოლიტიკამ შთანთქა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისში შექმნილ დამხმარე საზოგადოებათა სიკეთე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 ივნისი, № 117, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 407.

    
1888    
    
12 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 122, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1898 12 ივნისი   
    
 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება საფოსტო გზავნილების, მგზავრობისა და სხვა წვრილმანი ხარჯები. განიხილავენ ვასილ როინაშვილის თხოვნას ბიძის ფოტოსალონის მიყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილებას ვერ იღებენ ანდერძის დამტკიცებამდე. ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან თანხის სესხებაზე არ კმაყოფილდება, მაგრამ სთავაზობენ იმავე თანხის ავანსად მიცემას, თუ თავის თხზულებებს დასაბეჭდად დაუთმობს ქშწ-კგ საზოგადოებას. მიხეილ საბინინის მიერ გამოგზავნილი ფოტოების კლიშეებს გასასინჯად გადასცემენ გრიგოლ ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 157.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ვასილ ისაკის ძე (1879-1958)

მხატვარი, ფოტოგრაფი, ალექსანდრე როინაშვილის ძმისწული და მასზე მოგონებების ავტორი. ქშწ-კგ საზოგადოებამ მას მიანდო გარდაცვლილი ბიძის ფოტოატელიეს მართვა-გამგებლობა.

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

საბინინი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900)

მწერალი, ხატმწერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი. იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს.

    
1905    
    
12 ივნისი   
    
გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება სტატია „ჩემი მიმოხილვა“, რომელშიც სატირულად არის წარმოჩენილი თსს ბანკის მუშაობა. თავმჯდომარის (ილია ჭავჭავაძის) შესახებ ნათქვამია, რომ მისი მოვალეობაა გამგეობის გამოსარჩლება, მაგრამ საქმე იმდენად ცუდად არის, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება. ავტორის თქმით, შავის თეთრად წარმოსაჩენად ის მიმართავს სოფისტებს. კარიკატურაზე ილია ჭავჭავაძე დახატულია მაგიდაზე წიგნების გროვით.

  წყარო:

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 12 ივნისი, 1905, №324, გვ. 3-4.

დოკუმენტი:

     
12-13 ივნისი   
    
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც განიხილავენ 1904 წელს ბანკის მფლობელობაში დარჩენილი გაუყიდავი მამულების საკითხს. საგანგებო სარევიზიო კომისია დაგირავების დროს მათ ზედმეტად დაფასებაში ადანაშაულებს გამგეობას, ილია ჭავჭავაძე კი განუმარტავს, რომ დამფასებელი კომისია ცალკე ორგანოა, გამგეობას არა აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება და ბანკის წესდების მე-16 მუხლის მიხედვით, არასწორ შეფასებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ შემფასებელი. იგი დამსწრეთა ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა სახლების გაუყიდავობა. გაბატონებული არეულობის გამო მყიდველებს მისდით მუქარის წერილები და ვერ ბედავენ ბანკისგან სახლების შესყიდვას. შემდეგ ცალ-ცალკე განიხილავს გაუყიდავი სახლების მაგალითებს და ასაბუთებს, რომ დამნაშავე არათუ გამგეობა, დამფასებელი კომისიაც კი არ არის და რომ ასეთი შედეგი ძირითადად პოლიტიკური კრიზისის ბრალია.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 15 ივნისი, № 100, გვ. 3-4.

 

    
1907    
    
 12 ივნისი   
    
ესწრება მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის, ევას დაკრძალვას.  წყარო:

„ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა ევა გრიგოლის ასული

საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავ მოსე მემარნიშვილის მეუღლე, რომელიც ქმართან ერთად მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.