1868 | ||
1868 1 თებერვლი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ინიშნება დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, 445; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7. |
|
1868 1 თებერვლის შემდეგ დუშეთიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ ახალ სამსახურში მძიმე პირობები დახვდა და ბინაც ვერ იშოვა. საყვედურობს, რომ ქვეშაგები არ გაუგზავნა; ამის გამო იძულებული იყო, ღამით გაუხდელად სძინებოდა და გაცივდა. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 90; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 470; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 90. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 230-231. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1868 1 თებერვლის შემდეგ დუშეთიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს, რომლითაც ატყობინებს, რომ ბინა ისევ ვერ იშოვა, მაგრამ უკეთ არის. ბოდიშს უხდის წინა წერილის საყვედურებისთვის. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 89; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 363; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 89. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 230-231. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1868 11 მარტი გარდაეცვალა სიძე – ელისაბედის ქმარი – ივანე ჯამბაკურ-ორბელიანი. |
წყარო: იური ჩიქოვანი, თავად ორბელიანთა საგვარეულო, 2012, გვ. 9 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ორბელიანი ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის პირველი მეუღლე. |
|
1868 11 აპრილი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს დავით ეღიკოვის სარჩელს არუთინ დალაქიშვილის წინააღმდეგ. არუთინის მამასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეღიკოვს უნდა ესწავლებინა მისი შვილისთვის წერა-კითხვა და ანგარიში, რისთვისაც არუთინი ვალდებული იყო სამი წელი ემსახურა მასთან. ეღიკოვი ჩიოდა, რომ არუთინმა დროზე ადრე მიატოვა მასთან სამსახური და მოითხოვდა, რომ ვადის ამოწურვამდე ემუშავა. ილია ჭავჭავაძის დადგენილებით ეღიკოვის სარჩელი არ კმაყოფილდება, რადგან დალაქიშვილთან დადებული შეთანხმება არაკანონიერი იყო – მამას არ ჰქონდა უფლება შვილი ვინმესთვის მიექირავებინა. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 1), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ1, საქ. 388, ფურც. 1-2 . დედანი: „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 395. პირთა ანოტაციები: ეღიკოვი (ეღიკაშვილი) დავით დუშეთის მაზრის მკვიდრი. დალაქიშვილი არუთინ დამპალოს დასახლების მკვიდრი |
|
1868 19 აპრილამდე დუშეთიდან თბილისში მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს და სთხოვს, ნიკო ჭავჭავაძის მეშვეობით გაარკვიოს მისი ძმისწულის ამბავი. ნიკოს ასევე უთვლის, რომ თუ საზაფხულოდ დუშეთში ავა, სამ ოთახს მოუმზადებს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 359; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 370; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 235-236, 381. პირთა იდენტიფიკაცია: ბარათში ნიკო ჭავჭავაძე მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული. საუბარია ილია ჭავჭავაძის ძმისწულზე - სიმონ კონსტანტინეს ძე ჭავჭავაძეზე. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 231-233. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903) თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე. ჭავჭავაძე სიმონ (სენო) კონსტანტინეს ძე (დაბ. 1855) ილია ჭავჭავაძის ძმისშვილი, კონსტანტინე ჭავჭავაძისა და ბარბარე კუკოლევსკაიას ვაჟი. იუნკრად მსახურობდა პეტერბურგში. |
|
1868 19 აპრილი დუშეთიდან თბილისში მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს რაღაც საქმის მოგვარებას და მალე დაბრუნებას. მოკითხვას უთვლის ოლღას დას - ეკატერინეს და მათ ბებიას. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 91. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 231-233. პირთა იდენტიფიკაცია: იგულისხმება ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილისტაროსელსკისა. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი |
|
1868 19 აპრილის შემდეგ დუშეთიდან თბილისში მეუღლეს უგზავნის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ ორი ოთახი იშოვა, მაგრამ მისთვის ჩაკითხვას ვერ შეძლებს. სთავაზობს, რომ თავად გაემგზავროს ტარანტასით. სწერს, რომ თანამშრომლებით კმაყოფილია და უყვება მის მიერ განხილული საქმეების შესახებ.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 88; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 470. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 231-233. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1868 26 აპრილი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს გრიგოლ კაზაროვის საჩივარს როსტომ მედაპოვის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. იბარებენ ბრალდებულსა და მოწმეებს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 138, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კაზაროვი გრიგოლ არტემის ძე დუშეთის მაზრის მკვიდრი. მედაპოვის როსტომ დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
1868 30 აპრილი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს საამ ფარესოვის საჩივრის განხილვას, რომლის მიხედვითაც იოსებ ოსიტოვს ბრალი ედება სესხად აღებული თანხის დაუბრუნებლობაში.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 2), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ,133, აღწ.1, საქ. 539 ფურც. 2; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 395. პირთა ანოტაციები: ფარესოვი საამ სოფელ ჩილურის მკვიდრი. ოსიტოვი (ოსიტაშვილი) იოსებ დუშეთის მაზრის მკვიდრი, დიაკვანი. |
|
1868 30 აპრილი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს წინამძღვრიანთკარის ტყის მცველის პეტრე ყველაშვილის საჩივრის განხილვას არსენ და გიორგი კახობერიშვილების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ მომჩივანის ცემაში. იბარებს ბრალდებულებსა და მოწმეებს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყველაშვილი პეტრე იასეს ძე ჭოპორტის თემის სოფ. არჯაკელის მკვიდრი. კახობერიშვილი არსენ გურამიანთკარის თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი |
|
1868 6 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს გიგო ჭიაურის საჩივარს იკოთელი თავადის ბეჟან ფიცხელაურის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს სდებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. მოწმეებს იბარებენ 22 მაისი სთვის, მაგრამ საქმის განხილვას, რომელიც შერიგებით მთავრდება, ილია ჭავჭავაძე ვერ ესწრება.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 73, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ჭიაური გიგო გლახას ძე სოფელ იკოთის მკვიდრი. ფიცხელაური ბეჟან სოფელ იკოთელი თავადი |
|
1868 7 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიჰყავთ უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედება დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით მას გამოსაფხიზლებლად ტოვებენ ჰაუპტვახტში.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 6. პირთა ანოტაციები: ხარლამპიევი კონსტანტინე დუშეთის მაზრის მკვიდრი |
|
1868 7 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში აგრძელებს გრიგოლ კაზაროვის საჩივრის განხილვას როსტომ მედაპოვის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მედაპოვმა მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომჩივანს. მან ბრალი აღიარა და პატიება სთხოვა დაზარალებულს. რამდენადაც სასამართლოშივე მოხდა მათი შერიგება და ბრალმდებელმა ითხოვა საქმის შეწყვეტა, თხოვნა დაკმაყოფილდა.
|
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 138, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კაზაროვი გრიგოლ არტემის ძე დუშეთის მაზრის მკვიდრი. მედაპოვი როსტომ დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
1868 7 მაისი როგორც დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე, სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნით უწყებას უგზავნის სოფელ იკოთის მოსამართლე ბასილა მემარნეშვილს აზნაურ ბეჟან ფიცხელაურის საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 710. პირთა ანოტაციები: მემარნეშვილი ბასილა სოფელ იკოთის მოსამართლე. ფიცხელაური ბეჟან სოფელ იკოთელი თავადი. |
|
1868 7 მაისი როგორც დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე, სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნით უწყებას უგზავნის ბრალდებულ გიორგი კახობერიშვილს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 546. პირთა ანოტაციები: კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. |
|
1868 7 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ეცნობა გლახა და აკა ავსაჯანიშვილების საქმეს, რომლებმაც უარი თქვეს პოლიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაეტოვებინათ ადამ ყარანგოზოვის კუთვნილი მამული. იბარებენ ბრალდებულებსა და მოწმეებს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ავსაჯანიშვილი გლახა დუშეთის მაზრის მცხოვრები. ავსაჯანიშვილი აკა დუშეთის მაზრის მცხოვრები. |
|
1868 8 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს გლახა და აკა ავსაჯანივილების საქმეს. ბრალდებულები თავს დამნაშავედ ცნობენ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში და ეკისრებათ ჯარიმა.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ავსაჯანიშვილი გლახა დუშეთის მაზრის მცხოვრები. ავსაჯანიშვილი აკა – დუშეთის მაზრის მცხოვრები |
|
1868 8 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს კონსტანტინე ხარლამპიევის საქმეს დუქანში ატეხილი ჩხუბის გამო. მოწმეების ჩვენებით დანაშაული დასტურდება და ბრალდებულს აკისრებენ ოთხი დღით ჰაუპტვახში პატიმრობას.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 6-8. პირთა ანოტაციები: ხარლამპიევი კონსტანტინე დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
1868 13 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ასრულებს წინამძღვრიანთკარის ტყის მცველის პეტრე ყველაშვილის საჩივრის განხილვას არსენ და გიორგი კახობერიშვილების წინააღმდეგ. ყველაშვილის ჩვენებით, მან ნახა, როგორ აფუჭებდნენ ტყეს ძროხები და დააკავა. კახობერიშვილები ითხოვდნენ პირუტყვის დაბრუნებას და როდესაც მან უარი უთხრა, სცემეს. მოწმეების ჩვენებით ბრალი დაუდასტურდა მხოლოდ ერთ ძმას – არსენ კახობერიშვილს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა. გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა დაეკისრა ჭოპორტის სასოფლო საზოგადოების მამასახლისს ნიკოლოზ გულბოთაშვილს, რომელსაც მოწმის სტატუსით უნდა მიეცა ჩვენება და არ გამოცხადდა.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყველაშვილი პეტრე იასეს ძე ჭოპორტის თემის სოფ. არჯაკელის მკვიდრი. კახობერიშვილი არსენ გურამიანთკარის თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. გულბოთაშვილი ნიკოლოზ ჭოპორტის სასოფლო საზოგადოების მამასახლისი. |
|
1868 13 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს საამ ფარესოვის სარჩელის განხილვას იოსებ ოსიტოვის წინააღმდეგ. ფულის სესხების შესახებ ბრალდებულის მიერ ხელმოწერილ საბუთთან ერთად მომჩივანი წარმოადგენს მოწმეთა ხელწერილებს სესხების ფაქტის დადასტურებით. ბრალდებული აცხადებს, რომ სესხების საბუთი ყალბია და ყველა მოწმე დაინტერესებული პირია. ილია ჭავჭავაძე ფარესოვს განუმარტავს, რომ მისი ბრალდების სიყალბის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხის გება მოუწევს და აძლევს საჩივრის უკან წაღების საშუალებას, მაგრამ მომჩივანი უარს ამბობს და სესხის აღების შესახებ ხელწერილი გადასამოწმებლად ეგზავნება თბილისის სამხარეო პროკურატურას. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 3), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ1, საქ. 539, ფურც. 2-4; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 396. პირთა ანოტაციები: ფარესოვი საამ სოფელ ჩილურის მკვიდრი. ოსიტოვი (ოსიტაშვილი) იოსებ – დუშეთის მაზრის მკვიდრი, დიაკვანი |
|
1868 15 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს ქეთევან კორაშვილის საჩივარს, რომელშიც იგი გარდაცვლილი ქმრის დისშვილს, მათე კორაშვილს ბრალს სდებს მის ცემაში, სახლიდან გაგდებაში, ცხენისა და ხარის წართმევაში. მათე კორაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ მოწმეები ქვრივის ბრალდებებს ადასტურებენ. ილია ჭავჭავაძე მათე კორაშვილს დამნაშავედ ცნობს ქალის შეურაცხყოფასა და ხარის მითვისებაში, აკისრებს პირუტყვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და უსჯის თვენახევრიან პატიმრობას დუშეთის ციხეში, მაგრამ, რამდენადაც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კორაშვილი ქვრივის ქმარმა გაზარდა და მემკვიდრეობის უფლებაც მისცა, ცხენის საქმე, როგორც ოჯახის საერთო საკუთრებისა, განსახილველად ეგზავნება სოფლის სასამართლოს. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 4,5), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ. 49, ფურც. 4. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 389-90. პირთა ანოტაციები: კორაშვილი მათე დუშეთის მაზრის მკვიდრი. კორაშვილი ქეთევან დუშეთის მაზრის მკვიდრი |
|
1868 17 მაისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იღებს ნიკოლოზ გულბოთაშვილს, რომელსაც ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო დაეკისრა ფულადი ჯარიმა. ირკვევა, რომ დაჯარიმებული საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა ფეხის ტრავმის გამო. ილია ჭავჭავაძის დადგენილებით მას სასამართლოში მიუსვლელობას საპატიოდ უთვლიან და ჯარიმისგან თავისუფლდება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 4. პირთა ანოტაციები: გულბოთაშვილი ნიკოლოზ ჭოპორტის სასოფლო საზოგადოების მამასახლისი. |
|
1868 მაისი აკაკი წერეთელი, სათაურით „პირველი და უკანასკნელი სიტყვა „დროებისადმი“, ჟურნალ „ცისკარში“ ბეჭდავს პასუხს მიხეილ ბეთანიშვილის კრიტიკაზე და, იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს კრიტიკა და როგორ უნდა იწერებოდეს კრიტიკული სტატიები, მოჰყავს ილია ჭავჭავაძის მაგალითი.
|
წყარო: ჟურნ. „ცისკარი“, 1868, № 5, გვ. 1-84. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ბეთანელი (ბეთანიშვილი) მიხეილ სტეფანეს ძე (გარდ. 1907) ინჟინერი და მწერალ პუბლიცისტი. |
|
1868 2 ივნისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს ფისი მარღიშვილის საჩივარს თედო და რევაზ მარღიშვილების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ მისი ხეხილის გაჩეხვაში. იბარებენ ბრალდებულებსა და მოწმეებს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 1. პირთა ანოტაციები: მარღიშვილი ფისი სოსიას ძე ზაქარის თემის სოფელ წოლდას მკვიდრი. მარღიშვილი თედო გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი. მარღიშვილი რევაზ გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი. |
|
1868 4 ივნისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს სოფელ ძალიკის მცხოვრებ თეკლე თოღუზაშვილის საჩივარს ალექსი ვალიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება მომჩივანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. იბარებენ ბრალდებულსა და მოწმეებს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 37, გვ. 2. პირთა ანოტაციები: თოღუზაშვილი თეკლე მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. ვალიშვილი ალექსი – მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. |
|
1868 14 ივნისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ალექსი ვალიშვილის საქმის განხილვის დაწყებამდე თეკლე თოღუზაშვილი ითხოვს საჩივრის მოქმედების შეჩერებას და ხდება მომჩივანისა და ბრალდებულის შერიგება.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: თოღუზაშვილი თეკლე მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. ვალიშვილი ალექსი მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები.. |
|
1868 15 ივნისი ბრალდებულებისა და ორი მოწმის გამოუცხადებლობის გამო დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში თედო და რევაზ მარღიშვილების საქმის განხილვა არ ხერხდება. გამოძახებულებს ხელახლა ეგზავნებათ უწყებები და ეკისრებათ ჯარიმა.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 1. პირთა ანოტაციებ მარღიშვილი თედო გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი. მარღიშვილი რევაზ გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი. |
|
1868 19 ივნისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს ისმაილ კაჯროევის საჩივრის განხილვას ნაფი კაჯროევის წინააღმდეგ. მომჩივანი მოითხოვს ბრალდებულის დასჯას, იმის გამო რომ მას უკანონო კავშირი ჰქონდა მის ცოლთან.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 7), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,დედანი, ფ. 133, საქ. 39, ფურც. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 399. პირთა ანოტაციები: კაჯროევი ისმაილ სოფელ მიკეტის მკვიდრი. კაჯროევი ნაფი სოფელ მიკეტის მკვიდრი. |
|
1868 4 ივლისი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს საქმის განხილვას ნაფი კაჯროევის წინააღმდეგ. დაპირისპირებული მხარეებისა და მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, რომ არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 7), საქართველოს ეროვნული არქივი, მითითებულია, რომ დროის უქონლობის გამო ოქმი შეადგინა ილია ჭავჭავაძის თანაშემწემ, ტიტულარულმა მრჩეველმა,ტერ-სტეპანოვმა, დედანი, ფ. 133, საქ. 39, ფურც. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 399. პირთა ანოტაციები: კაჯროევი ნაფი სოფელ მიკეტის მკვიდრი. |
|
1868 23 ივლისი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს პიკო ქოჩორაშვილის საჩივარს ქმრის – ქუციკა ქოჩორაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც, მისი ჩვენებით, ათი წლის მანძილზე სახლში ჰყავდა საყვარელი და ცოლი სახლიდან გააგდო. საქმის განსახილველად მოსამართლე ითხოვს ბრალდებულებისა და მოწმეების გამოცხადებას.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ. 1, საქ. 128, ფურ. 1. დედანი; საისტორიო მოამბე, 19-20, 1965 გვ. 400-401. პირთა ანოტაციები: კაჯროევი ნაფი სოფელ მიკეტის მკვიდრი. |
|
1868 24 ივლისი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განაგრძობს ქუციკა ქოჩორაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ილია ჭავჭავაძე მხარეებს შერიგებას სთავაზობს, რაზეც ისინი თანხმდებიან. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133 აღწ 1, საქ. 128, ფ. 1. დედანი. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 401. პირთა ანოტაციები: ქოჩორაშვილი პიკო სოფელ ურმის მკვიდრი. ქოჩორაშვილი ქუციკა სოფელ ურმის მკვიდრი.. |
|
1868 21 აგვისტოს შემდეგ ალექსანდრე ცაგარელი კირილე ლორთქიფანიძეს მიუნხენიდან სწერს, რომ მოსწონს ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემა და თუ დრო გამონახა, ძალიან უნდა სტატიის დაწერა მასზე და თანამედროვე ლიტერატურაზე.
|
წყარო: ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 849. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1868 12 სექტემბერი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში ადგენს ოქმს გრიგორიანული სარწმუნოების მღვდელ ტერ-სტეპანოვის მიერ წესრიგის დარღვევაზე. საქმე ეხება სასამართლოში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადებასა და ხმაურის ატეხას, რასაც მოჰყვა მისი დარბაზიდან გაძევება.
|
წყარო:
ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი ფონ. 133, საქ. 111, ფ 1-2. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 402. ტერ-სტეპანოვი დუშეთის მაზრის მკვიდრი, გრიგორიანული სარწმუნოების მღვდელი |
|
1868 22 სექტემბერი ოლღა გურამიშვილი იღებს მამის – თადეოზ გურამიშვილის წერილს, რომლითაც რთველზე ეპატიჟება სიძე-ქალიშვილს.
|
წყარო: ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 774. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. |
|
1868 4 ოქტომბერი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს ნიკიტა თომაშვილის საჩივარს. იგი ბრალს სდებს მემამულე ალექსანდრე ჩრდილელს მომჩივნის სახლში შევარდნაში, მის დარბევასა და მუქარაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილელი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, მოწმეები მომჩივნის ჩვენებას ადასტურებენ. ილია ჭავჭავაძე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს და უსჯის ორკვირიან შინაპატიმრობას.
|
წყარო:
სასამართლო სხდომის ოქმი (№ 11), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, ცსა, ფონ. 133, საქ. 120, ფურ. 7–8; „საისტორიო მოამბე“, გვ. 403, 404. პირთა ანოტაციები: თომაშვილი ნიკიტა ასლანის ძე ბაზალეთის თემის სოფელ ჩირდილელიანთკარის მკვიდრი. ჩრდილელი ალექსანდრე დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე. |
|
1868 14 ოქტომბერი მომრიგებელი სასამართლოს დუშეთის განყოფილებაში განიხილავს ბერო გივიშვილის საქმეს, რომელსაც ბრალი ედება სესხის დაუბრუნებლობაში. სასამართლო სარწმუნოდ ცნობს მომჩივან თუმანოვის მიერ წარმოდგენილ სესხის ხელწერილს და ბრალდებულს აკისრებს თანხის უკან დაბრუნებას. მეორე მხრივ, თუმანოვის მოთხოვნას ბრალდებულისაგან დამატებითი პროცენტების მიღების თაობაზე, მიზანშეწონილად არ ცნობს, რადგან ამასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი (№ 12), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, აღწ.1, საქ.284, ფურც. 3-4, დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 404. პირთა ანოტაციები: გივიშვილი ბერო დუშეთის მაზრის მკვიდრი. თუმანოვი დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
1868 ოქტომბერი გამოდის იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, რომელშიც იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „გაზაფხული“ („... ტყემ მოისხა ფოთოლი“), „მძინარე ყმაწვილს“, „არაგვი“ („აჩრდილის“ V თავი), დასაწყისი პოემისა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.
|
წყარო: იაკობ გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, ტფილისი, 1868. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1868 4 ნოემბერი ალექსანდრე ჩრდილელის წინააღმდეგ მომრიგებელი სასამართლოს დუშეთის განყოფილებაში გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ბოქაულის სახელზე წერს სააღსრულებო ფურცელს.
|
წყარო:
სასამართლო სხდომის ოქმი (№ 11), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, ცსა, ფონ. 133, საქ. 120, ფურ. 7–8; „საისტორიო მოამბე“, გვ. 404. პირთა ანოტაციები: ჩრდილელი ალექსანდრე დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე. |
|
1868 15 ნოემბერი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გიგოლა ბექაურის საჩივარს არუთინ ბოშაშვილის წინააღმდეგ. ბრალდებულისთვის მკურნალობის საფასურის გადახდის შემდეგ მომჩივანმა აღმოაჩინა, რომ მას საექიმო პრაქტიკის უფლება არ ჰქონდა და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ბრალდებული მოსამართლის წინაშე აღიარებს ფულის მიღების ფაქტს და, რამდენადაც არსებული კანონის თანახმად მას არ აქვს მკურნალობისა და წამლის გამოწერის უფლება, სასამართლოს დადგენილებით ეკისრება მომჩივნისთვის თანხის უკან დაბრუნება.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აღწ.1, საქ.241, ფურც.2-3; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 404-5. პირთა ანოტაციები: ბექაური გიგოლა სოფელ კიტოხის მცხოვრები. ბოშაშვილი არუთინ დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
1868 16 ნოემბერი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გაბრიელ თეთრუაშვილის განცხადებას, სტეფანე კედელაშვილის ანდერძის საფუძველზე, მელქო ეღიკოვის სახლის მისთვის მიკუთვნების მოთხოვნით. რამდენადაც თეთრუაშვილის მიერ წარდგენილი ანდერძი ოთხი წლის წინ დაწერილი, დაუმოწმებელი და ძალადაკარგულია, სასამართლო არ აკმაყოფილებს მომჩივნის პრეტენზიას, რითაც მის გულისწყრომას იმსახურებს
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აღწ.1 საქ.292, ფურც.4-5, „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1865, გვ. 405. პირთა ანოტაციები: თეთრუაშვილი გაბრიელ დუშეთის მაზრის მკვიდრი, პორუჩიკი. კედელაშვილი სტეფანე დუშეთის მაზრის მკვიდრი.რი. |
|
1868 9 დეკემბერი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გიორგი და ბარძიმ ხიმშიაშვილების სარჩელს გლეხ ოდიშელიძის წინააღმდეგ, რომელმაც თვითნებურად დაიკავა მათი კუთვნილი მიწა. ილია ჭავჭავაძე ამოწმებს მიწის მფლობელობაზე მომჩივანთა საბუთებს და მათ სარჩელს აკმაყოფილებს. გლეხ ოდიშელიძეს ეკისრება თვითნებურად მითვისებული მიწის გათავისუფლება.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აქღწ.1, საქ. 495, ფურ. 28-32; „საისტორიო მოამბე“, 19-20,1965, გვ. 406-408. პირთა ანოტაციები: ხიმშიაშვილი გიორგი დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი. ხიმშიაშვილი ბარძიმ დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი. ოდიშელიძე დუშეთის მაზრის მკვიდრი, საეკლესიო გლეხი |
|
1868 10 დეკემბერი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს მეუღლის წინააღმდეგ მიხეილ ბუშკინის საჩივრის განხილვას. მომჩივნის თქმით, როდესაც იგი ანანურიდან გორში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლი თან აღარ გაჰყვა. რამდენადაც მატრონა ბუშკინა ჩაწერის გარეშე ცხოვრობს ანანურში, ბუშკინი ითხოვს მის იძულებით გამოსახლებას. ილია ჭავჭავაძე ბრალდებულს იბარებს სასამართლოში.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი 133, საქმე 2274, ფ. 1, ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 408. პირთა ანოტაციები: ბუშკინი მიხეილ გორის მკვიდრი, სახაზინო გლეხი. ბუშკინა მატრონა გორის მკვიდრ მიხეილ ბუშკინის ცოლი. |
|
1868 12 დეკემბერი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს მეუღლის წინააღმდეგ მიხეილ ბუშკინის საჩივრის განხილვას. ესაუბრება ბრალდებულ მატრონა ბუშკინას, რომელიც თანხმდება ქმართან დაბრუნებაზე. |
წყარო: ოქმი № 16, ნაწ. მეორე, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 133, საქმე 2274, ფურცელი 1 ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 409. პირთა ანოტაციები: ბუშკინი მიხეილ გორის მკვიდრი, სახაზინო გლეხი. ბუშკინა მატრონა გორის მკვიდრ მიხეილ ბუშკინის ცოლი. |
|
1868 12-14 დეკემბერი თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს ივანე ფიცხელაურის საქმეს, რომელსაც ბრალად ედება გლეხ ანდრია ურჯუკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრა. მოწმეთა დაკითხვით ირკვევა, რომ დაზარალებული მოჩხუბრების გაშველებისას შემთხვევით დაიჭრა. ბრალდებული ცდილობდა მისთვის სისხლდენის შეჩერებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ილია ჭავჭავაძემ ივანე ფიცხელაური დამნაშავედ ცნო, რადგან, მართალია, უნებლიედ, მაგრამ მან დაჭრა უდანაშაულო ადამიანი. ბრალდებულს სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა და დაეკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
|
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივიფონ 133, საქ. 88, ფურ. 54-57. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 409-411. პირთა ანოტაციები: ფიცხელაური ივანე დუშეთის მაზრის მკვიდრი, აზნაური. ურჯუკაშვილი ანდრია დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი. |
|
1868 17-18 დეკემბერი პეტერბურგიდან იღებს კირილე ლორთქიფანიძის წერილს. ადრესანტი სთხოვს “კაცია – ადამიანის?!“ დაბეჭდვის ნებართვას და თან არა ფსევდონიმით, არამედ მისი ხელმოწერით.
|
წყარო:
სიმონ ხუნდაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1868 19 დეკემბერი დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს აბრამ პაციევის სარჩელს რძლის წინააღმდეგ. მომჩივნის თქმით, მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ რძალი ხელმეორედ გათხოვდა, ერთი ვაჟი თან წაიყვანა, მეორე კი – ბიძას დაუტოვა. მომჩივანი ითხოვს, რომ მეორე ძმისწულიც მას გადასცენ აღსაზრდელად. ილია ჭავჭავაძე, კანონმდებლობაზე დაყრდნობით, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მცირეწლოვანი ბავშვის დედისაგან მოშორება მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, პაციევის სარჩელი არ კმაყოფილდება. |
წყარო: ოქმი № 18, საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი, 133, საქმე 468, ფურცელი 1, ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 412. პირთა ანოტაციები: პაციევი აბრამ ვლადიკავკაზის მკვიდრი |
|
1868 19 დეკემბერი დუშეთიდან პეტერბურგში საპასუხო წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს და ნებას რთავს გამოსცეს „კაცია–ადამიანი?!“ მისი ხელმოწერით. მოთხრობის წინასიტყვაობასთან დაკავშირებით, სწერს, რომ სცადა დაწერა, მაგრამ ბოლოს ზედმეტად მიიჩნია. |
წყარო: ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9 (სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 27; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 27, 373-374. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1868 20 დეკემბერი გაზეთი „დროება”აქვეყნებს დავით ერისთავის მიმოხილვას „წიგნები ს. პეტერბურგიდან“, რომელშიც ნათქვამია, რომ პეტერბურგში ცალკე წიგნად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1868, № 51, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |