The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


28.02

1862    
    
28 თებერვალი   
    
თხოვნით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელს – გრიგოლ ორბელიანს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემაზე ნებართვის მისაღებად და წარუდგენს პროგრამას.  წყარო:

Акты собранные Кавказскою Археографическою комиссиею. Т. 12, с. 238.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

    
1863    
    
28 თებერვალი    
    
ოლღა გურამიშვილს დილის ხუთ საათზე უგზავნის ბარათს, რომელშიც ეჭვს გამოთქვამს იმის გამო, რომ გიორგი მუხრანბატონი ეცდება მათ დახმარებას. მიუხედავად ამისა, ჰპირდება, რომ ინახულებს და დაელაპარაკება. მას აშინებს ის, რომ ოლღას ნათესავთაგან მის მიმართ არავინაა კეთილგანწყობილი და ყველანაირად ცდილობენ მათ დაშორებას. სწერს, რომ თუ ეს მართლაც მოხდება და მისი სიყვარული დასამარდება, ერთადერთი, რისთვისაც განაგრძობს არსებობას, იქნება ის წმინდა საქმე, რომლის მსახურებაც მან დიდი ხნის წინ აირჩია ცხოვრების მიზნად.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 242; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 107-108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 424-426; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 44-47, 332.

პირთა იდენტიფიკაცია:

გიორგი ბაგრატიონ მუხრანელი იყო ოლღა გურამიშვილის ღვიძლი მამიდაშვილი (მისი მამიდის – ხორეშან ზაალის ასული გურამიშვილისა და კონსტანტინე იოანეს ძე ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟი); პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    
1863    
    
28 თებერვალი    
    
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 2

    
1879    
    
28 თებერვალი   
    
მისი ხელმოწერით გაზეთ „კავკაზში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1879 წ. 1 იანვრისათვის  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1879, № 46.

    
1880    
    
28 თებერვალი    
    
გაზეთებში იბეჭდება ქართველი მსახიობების: კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, აქვსენტი ცაგარელის, კოტე ყიფიანისა და სხვათა განცხადება („წერილი რედაქტორთან“), რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობის მიერ ქართული დრამატული საზოგადოების წესდების დამტკიცებამდე თეატრალური დასის ხელმძღვანელობა მიენდოს ახლადარჩეულ პირებს: ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლუარსაბ მაღალაშვილს, მიხეილ ბებუთაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ისაია ფითუაშვილს, სერგეი მესხს და რაფიელ ერისთავს.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 45; გაზ. «Тифлисский вестник», № 57.

პირთა ანოტაციები:

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843)

საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845)

თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) – ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ფითუაშვილი (ფითოევი) ისაია იაგორის ძე (1844-1904)

მეცენატი, ანტეპრენიორი, კერძო თეატრის მფლობელი, საარტისტო საზოგადოების დამაარსებელი და მისთვის იმ შენობის ამგები, რომელშიც დღეს რუსთაველის სახელობის თეატრია.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1882    
    
28 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ მიიღო დეპეშები, რომლებშიც თანადგომასა და მადლობას უცხადებენ სტატიაში „კატკოვის პასუხად“ გამოთქმული მოსაზრებების გამო  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 28 თებერვალი, № 43, გვ. 2-3.

    
1883   
    
28 თებერვალი    
    
ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად უგზავნის „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროების სცენების“ და „კაცია ადამიანის“ გამოცემებს  წყარო:

ვლადიმერ ზამბახიძე, ჟ. „დროშა“, 1957, N 8.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

    
1886    
    
28 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 თებერვალს“ („ბისმარკი არაფერს არ ერიდება...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბურჟუათა წყობა გერმანიისა“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 38; გაზ. „ივერია“, 1886, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 399.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1887    
    
28 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 თებერვალი“ („გერმანიის აწინდელი ყოფა და ქცევა ყველას აოცებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის შეშფოთების მიზეზი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 28 თებერვალი, № 43, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 206.

    
1889    
    
28 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 თებერვალი“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ ყაზახის აშინოვის ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყაზახის აშინოვის ამბავი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 28 თებერვალი, № 44 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 113.

პირთა ანოტაციები:

აშინოვი ნიკოლოზ ივანეს ძე (1856-1902)

რუსი კაზაკი. 1889 წელს 150 კაცით ჩავიდა საფრანგეთის სომალის ტერიტორიაზე, დაიკავა მიტოვებული ეგვიპტური სიმაგრე და აღმართა რუსეთის დროშა. ის და მისი მმდევრები დააპატიმრეს და გაგზავნეს რუსეთში.

    
1889    
    
28 თებერვალი    
    
სოფელ ნიქოზის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრები ივანე სულხანიშვილი, გიორგი საძაგლიშვილი (კირიონ II) და იოანე დავითაშვილი სთხოვენ, რომ გაიღოს ფულადი ან სხვა სახის შეწირულობა ეკლესიის აღსადგენად.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 12 (256).

პირთა ანოტაციები:

სულხანიშვილი ივანე დავითის ძე (1836-1904)

მემამულე, მეურნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სამოქალაქო მრჩეველი, გორის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

დავითაშვილი იოანე დავითის ძე

სოფ. ზემო ნიქოზის მღვდელი. 1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა განცხადება ნიქოზის ტაძრის განახლების განზრახვასთან დაკავშირებით.

    
1890    
    
28 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 თებერვალი“ („აქაურ გაზეთების მკითხველებმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალის მოქალაქეობრივი მოვალეობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 28 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 514.

    
1893    
    
28 თებერვალი    
    
მისი წერილის „ჩვენი აზრი სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ“ პასუხად გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ორი გამოხმაურება. ხელმოუწერელ სტატიაში „სწავლის საქმე ჩვენში“ გამოთქმულია აზრი, რომ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორს საქმე საფუძვლიანად არ შეუსწავლია და ისე იძლევა დარიგებებს. კონსტანტინე მამაცაშვილის წერილიდან „კიდევ სათავადაზნაურო სკოლის გამო“ ჩანს, რომ ავტორი კლასიკური განათლების მომხრეა და არ ეთანხმება ილია ჭავჭავაძეს სამეურნეო სასწავლებლის უპირატესობასთან დაკავშირებით  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 9, გვ. 5-6, 15-18.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900)

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

    
1894    
    
28 თებერვალი    
    
ივანე ბარათაშვილისგან იღებს წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს სათავადაზნაურო ბანკიდან 1500 მანეთის სესხად მიცემას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 468.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ივანე გიორგის ძე (1865-1929)

მეღვინე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

    
1894    
    
28 თებერვალი - 5 მარტი    
    
„ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან: დავით მიქელაძესთან, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად არის გორში და ესწრება შეჯიბრებას კრივში  წყარო:

ლ. ედილაშვილი, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 187.

დათარიღება:

მოგონებაში ნათქვამია, რომ ეს კრივი გაიმართა ყველიერის კვირაში.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

    
1895    
    
28 თებერვალი    
    
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით წერილობითი თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნატორს, რომ დეფიციტის დასაფარავად ნება დართოს საზოგადოებას, მოაწყოს სახალხო სეირნობა და გამართოს ლატარეა.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 2.