The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.06

1864    
    
5 ივნისი   
    
მეუღლისაგან ორ წერილს იღებს ერთად. როგორც ჩანს, მისმა ბარათებმა დაიგვიანა და ოლღა საყვედურობს მიუწერლობისთვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 290; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 244- 245; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 80-81, 344.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
5 ივნისი   
    
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს ქუთაისიდან თბილისში. ატყობინებს, რომ საქირავებელი სახლის პატრონმა მოატყუა და ფასის მომატება მოინდომა, რის გამოც აღარ იქირავა. მისი მეგობრის ძმა – სიმონ ღოღობერიძე სთავაზობს, რომ სანამ ბინას იშოვნიდნენ, ორივენი მის სახლში დაბინავდნენ.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 80-81.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ნათქვამია „ღოღობერიძის ძმა“. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 160.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში.

    
1884    
    
5 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება მიმოხილვა „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრული.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 119, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

    
1886    
    
5 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს: „ტფილისი, 4 ივნისს“ („კაცობრიობის წინსვლას სათავეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლადსტონის პროექტი ირლანდიის თვითმმართველობის შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 5 ივნისი, № 118, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 78.

პირთა ანოტაციები:

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

    
1887    
    
5 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივნისი“ („მდაბიო ნაწილი ერისა, რომელიც შინ უილაჯობის გამო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტფილისის უღარიბეს მკვიდრთათვის საკვირაო სკოლის გამართვის სიკეთე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 ივნისი, № 111, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 382.

    
1888    
    
5 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივნისი“ („გერმანიას ეწვია ძლიერი ისტორიული განსაცდელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხი“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 5 ივნისი, № 117, გვ. 1; 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 248.

პირთა ანოტაციები:

ფრიდრიხ მესამე (1831-1888)

გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1891    
    
5 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს ივანე მაჩაბლის პუბლიკაციას „წერილი რედაქციის მიმართ“, რომელშიც ავტორი ითხოვს, უცვლელად დაბეჭდონ მისი მოსაზრებები ბანკის თაობაზე და ბოლო სიტყვის თქმის უფლება დაუტოვონ. ილია ჭავჭავაძე წერილს სქოლიოში ურთავს თავის სარედაქციო შენიშვნას. იგი თანხმობას გამოთქვამს დაბეჭდოს ბანკის სხდომათა ანგარიშებთან დაკავშირებით ივანე მაჩაბლის სწორებანი და წერილები ბანკის შესახებ, მაგრამ ბოლო სიტყვის გადაცემის პირობას არ აძლევს, რადგან ეს ყოველთვის გაზეთის რედაქტორის პრეროგატივაა და მან უნდა განსაზღვროს, როდის მიიჩნიოს ამოწურულად საპოლემიკო საკითხი. ეს შენიშვნა („რაც შეეხება ჩვენს გაზეთში დაბეჭდილის ანგარიშის...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რედაქტორის შენიშვნა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 4 ივნისი, № 117, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 29.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
 1898    
    
5 ივნისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკოლოზ ცხვედაძეს, ხაზინადრად - ივანე ზურაბიშვილს და მდივნად – დავით კარიჭაშვილს. იაკობ გოგებაშვილს აძლევენ საწერი რვეულების ჰონორარს და ამტკიცებენ სხვადასხვა წვრილმან ხარჯებს. ინიშნებიან რევიზორები სკოლების შესამოწმებლად.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 155.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) – მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

    
1900    
    
5 ივნისი   
    
საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების გადაწყვეტილების გამო განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დასამტკიცებლად.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 12, საქმე 2326, ფურ. 2; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები. „საისტორიო მოამბე“, № 3, 1947, გვ. 256; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 211, 471-472.

პირთა ანოტაციები:

სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909)

აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავ-რე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი.

    
1907   
    
20 თებერვალი - 5 ივნისი    
    
მონაწილეობს სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.