The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.11

1878    
    
27 ნოემბერი   
    
ურმებს გზავნის ყვარლიდან საგურამოში, რათა გასაყიდი შეშა ჩამოაზიდინონ ტყიდან  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197.

    
1879    
    
27 ნოემბერი    
    
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი სტაროსელსკი შუამდგომლობს ილია ჭავჭავაძესა და სერგეი მესხს საცენზურო კომიტეტის წინაშე, რომ ნება დართონ ჟურნალ „ივერიისა“ და გაზეთ „დროების“ ერთობლივ გამოცემაზე.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 197.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

    
1880   
    
27 ნოემბერი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იხილავენ საზოგადოების თავმჯდომარის დიმიტრი ყიფიანის შენიშვნებს. მსჯელობენ წლიური ანგარიშის მომზადებაზე, სასწავლო გარემოს სისუფთავის დაცვასა და მოსწავლეთა დასჯის მიზნით მათი ჩაკეტვის დაუშვებლობაზე. განიხილავენ საზოგადოებისთვის წიგნებისა და სხვა სახის შემოწირულობათა საკითხს; მადლობას უცხადებენ შემომწირველებს. იწონებენ ილია ჭავჭავაძის წინადადებას საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ და ორგანიზებას მასვე ავალებენ.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 102.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1886   
    
27 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 26 ნოემბერი“ („საქართველო, როცა კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ათონის ქართული სავანის შესახებ“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „ქართული თეატრი“ („ვერაფერი ხელობაა თეატრის რეცენზენტობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თეატრის რეცენზენტი“).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 27 ნოემბერი, № 257, გვ. 1, 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 317; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 292; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 545.

    
1887   
    
27 ნოემბერი    
    
დავით ერისთავი წერილთან ერთად უგზავნის გრიგოლ ორბელიანის ლექსის რუსულ თარგმანს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 504.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

    
1895    
    
27 ნოემბერი    
    
ჰოგო შუხჰარდტისგან იღებს სამადლობელ წერილს გაგზავნილი წიგნებისა და გაზეთებისთვის  წყარო:

შ. გოზალიშვილი, ილია და მისი საზღვარგარეთელი მეგობრები“, გაზეთი „ყვარელი“, 1965, 30 ნოემბერი, № 65, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927)

ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი.

    
1903    
    
27 ნოემბერი    
    
ბორის ესაძე წარწერით უძღვნის კრებულს „მთელი კავკასია, ილუსტრირებული საცნობარო-ლიტერატურული კრებული“.  წყარო:

„Весь Кавказ“, Иллюстрированный справочно-литературный сборник. Тфл., 1903.

პირთა ანოტაციები:

ესაძე ბორის სპირიდონის ძე (1870-1914)

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი.

    
1905    
    
 27 ნოემბერი   
    
დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს უთვლის, რომ მივიდეს მასთან და ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული დოკუმენტური მასალები გააცნოს. შეხვედრა ორ საათს გრძელდება. დეკანოზი განცვიფრებულია იმით, თუ როგორ უცებ ერკვევა ილია ჭავჭავაძე ყველა საკითხში და რა საინტერესო არგუმენტებს აყალიბებს რუსეთში დაგეგმილი შეხვედრებისთვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის ფონდი № 70 გვ. 141.

პირთა ანოტაციები:

ცინცაძე კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე (1866-1952)

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში.