The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.07

1878    
    
27 ივლისი   
    
გაზეთ „ობზორში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 ივლისისთვის.  წყარო:

გაზ. «Обзор», 1878, № 198.

    
1880    
    
27 ივლისი   
    
საგურამოდან თბილისში საპასუხო წერილს უგზავნის კოტე ყიფიანს. სთხოვს თეატრალურ დასში მისაწვევად მსახიობების შერჩევაში დახმარებას და ეპატიჟება საგურამოში ამ საკითხების განსახილველად.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17563; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 60-61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 88; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89-90, 403-404.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

    
1886    
    
27 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 ივლისი“ („როცა ბისმარკი კისინგენში დღეს ბადესა ჰქსოვს საფრანგეთის გასაბმელად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 27 ივლისი, № 162, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 242.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1887    
    
27 ივლისი   
    
დეპეშას უგზავნის ფოთში მყოფ კოტე ჭავჭავაძეს. სთხოვს სასწრაფოდ გაუგოს, რა ღირს კოპიტის ფიცრები და არის თუ არა შესაძლებელი დიდი პარტიის შეძენა თეატრისათვის გრიგოლ არწრუნისეული შენობის კეთილმოსწაყობად. იმავე დღეს იღებს პასუხს, სადაც მითითებულია ფასი, მაგრამ ნათქვამია, რომ მზა სახით არ არის და შეკვეთაა საჭირო. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი I, გვ. 57, 394, 226 (რუსული ენაზე); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126, 425.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე კოტე (კონსტანტინე) რამაზის (რომანის) ძე (დაბ. 1844)

ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

1889
27 ივლისი
„ივერიის“ რედაქცია გადააქვს თავისი ახალი საცხოვრებელი სახლის შენობაში და გაზეთზე უთითებს მისამართს: „კუკიაში, ავჭალის ქუჩა, თ. ვარანცოვის ძეგლის პირდაპირ, თავ. გრუზინსკის სახლებში“. იგივე მისამართი მოგვიანებით მითითებულია სხვაგვარად: „ნიკოლოზის ქუჩის № 21“. ამჟამად ეს არის ივანე ჯავახიშვილის ქ. № 7, სადაც განთავსებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, № 157.

პირთა იდენტიფიკაცია:

შენობა ადრე ეკუთვნოდა

მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკის.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856)

რუსი თავადი, გენერალ-ფელდმარშალი, კავკასიის მეფისნაცვალი 1844-1854 წლებში

1895
27 ივლისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი ცდილობს გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითზე მკითხველის დარწმუნებას, რომ ილია ჭავჭავაძეს არ ესმის ეკონომიური ცვლილებების აუცილებლობა ერის განვითარებისთვის. წყარო:

გაზ. „კვალი“, 1895, № 32, გვ. 4-5.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1902    
    
27 ივლისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ივლისს“ („ბ-ნი ივანე ჩიქოვანი შულავერიდან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 27 ივლისი, № 158, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 514.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში.

ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 721.

პირთა ანოტაციები:

ჩიქოვანი ივანე

1902 წლის ივლისში ორი სტატია გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“ იმასთან დაკავშირეებით, თუ როგორ ფხეკდნენ ბორჩალოს მაზრაში ქართულ ეკლესიებზე ქართულ წარწერებს და როგორ ითვისებდნენ ეკლესიის შენობებს.

    
1903    
    
27 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენ სამართლიანად გვისაყვედურეს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 27 ივლისი, № 159, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 582.

    
1904 27 ივლისი   
    
ხელს აწერს ალექსანდრე როინიშვილის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოატელიეს სამი წლით იჯარით გადაცემის დოკუმენტს, რომელსაც ნოტარიალურად ადასტურებს ილია წინამძღვრიშვილი.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-25.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

 პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.