The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


30.08

1872    
     
30 აგვისტო    
     
იღებს პეტრე უმიკაშვილის წერილს, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული „კრებულის“ მომავალთან დაკავშირებით. ადრესანტი სთხოვს თბილისში დაბრუნებას და მხარში ამოდგომას.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17545.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
30 აგვისტო    
     
პეტრე უმიკაშვილს სწერს საპასუხო ბარათს, რომელშიც ურჩევს, როგორმე შეინარჩუნოს „კრებული“ და შეძლებისდაგვარად ჰპირდება დახმარებას. უხსნის, რომ თუ სამსახურს თავს არ დაანებებს, თბილისშიც რომ გადავიდეს, შემოქმედებითი საქმიანობისათვის დრო მაინც არ ექნება. ნატრობს ისეთ სახლს, სადაც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები შეიკრიბებიან, ახალ თხზულებებს წაიკითხავენ და იმსჯელებენ. წერილთან ერთად „კრებულში“ დასაბეჭდად უგზავნის პოემა „აჩრდილის“ დასაწყისს და „დროებაში“ გამოსაქვეყნებლად – ლექსს „რჩევა“.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17545; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 39-40; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 37-38; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 35-36, 378-379.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
1873    
     
30 აგვისტო    
     
სტუმრად არის მიწვეული გენერალ-ადიუტანტ ივან ლაზარევთან.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 314; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 133-134.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ლაზარევის მხოლოდ გვარია ნახსენები. დაწვრილებით იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 161.

პირთა ანოტაციები:

ლაზარევი ივანე დავითის ძე

რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, 1868-1877 წლებში ექვემდებარებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდალს.

     
1894    
     
 30 აგვისტო    
     
იღებს აბდულ მიქელაძის წერილს და მის მიერ შეკრებილ არქეოლოგიურ ნივთებს ქშწ-კგ საზოგადოებისათვის.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 546.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე აბდულ ხასანის ძე (1853-1919)

მკურნალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ივერიის“ კორესპოდენტი აჭარიდან.

     
1907    
     
 30 აგვისტო    
     
ილია ჭავჭავაძის ეტლის თბილისიდან გამოსვლის შემდეგ ძარცვავენ მის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მიაქვთ საოჯახო ნივთები, საქმიანი ქაღალდები და პირადი წერილები.   წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, გვ. 11.

     
30 აგვისტო    
     
 შუადღემდე მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოურავი დიმიტრი ჯაში კაკლის ხეზე ადის, ვითომდა დასაბერტყად, რეალურად კი მიდამოს დასაზვერად. მეფუტკრე დანიელ მასლოვი რამდენჯერმე შეახსენებს, რომ წავიდეს თბილისიდან მომავალი ილია ჭავჭავაძის შესახვედრად, მაგრამ ჯაში სტრაჟნიკებთან ერთად წასვლას აგვიანებს, რომ მკვლელებს ხელი არ შეუშალოს. ლოს.   წყარო:

„ლიტერატურული მატიანე“, 1940, მასლოვი, მოგონება, გვ. 165.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

მასლოვი დანიელ გაბრიელის ძე

წარმოშობით ტულის გუბერნიიდან, ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე საგურამოში 1902 წლიდან.

     
30 აგვისტო    
     
დილის 10 საათზე ეტლით მიემგზავრება თბილისიდან საგურამოში. მასთან ერთად არიან მეუღლე, მსახური იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური. 1 საათსა და 30 წუთზე საგურამომდე 6-7 კილომეტრის დაშორებით, წიწამურთან ორ სხვადასხვა გორაკზე მდგარი გიორგი ხიზანიშვილი და პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), თავდამსხმელებს ანიშნებენ ეტლის გამოჩენას. ხიზანიშვილი ადგილზევე რჩება სამეთვალყუროდ, ფშავლიშვილი კი თავდმსხმელებს: გიგოლა ბერბიჭაშვილს, ვანო ინაშვილსა და ილია იმერლიშვილს უერთდება. სტვენის ხმაზე ბოროტმოქმედების თანამონაწილე თედო ლაბაური ეტლს აჩერებს. შეიარაღებული თავდამსხმელები ტყიდან გამოდიან. იმერლიშვილი ილია ჭავჭავაძეს კლავს გულში ნასროლი ტყვიით და შემდეგ ბერბიჭაშვილი სახეში ურტყამს თოფის კონდახს. კლავენ მსახურ იაკობ ბითარიშვილს და კონდახით მძიმე ჭრილობებს აყენებენ ოლღა გურამიშვილჭავჭავაძისას.  

წყარო:

დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავას მოხსენება თბილისის დროებით გენერალ-გუბერნატორს, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 36, № 160, ფურც. 43. დუშეთის მაზრის ექიმ იაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთის შედეგები, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 43- 46; № 18, გვ. 108-109; 190; თედო ლაბაურის დაკითხვის ოქმი, 161, 162; ბ. კილასონია, „ძლივს გამოვკეთდი და...“, თბილისი, 1 თებერვალი, 1987, გვ. 4-5.

პირთა იდენტიფიკაცია:

ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ცნობები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი ჩვენებით იგი მოკლა გიგლა ბერბიჭაშვილმაშუბლმა შუბლში ნასროლი ტყვიით, რაც არ დასტურდება რადგან ილიას სხეულის გაკვეთის აქტით მას ტყვიით მიყენებული მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა - გულში. მეოთხე მონაწილედ სხვადასხვა ჩვენებებში დასახელებულია ლადო ფეიქრიშვილი, გიგოლა მოძღვრიშვილი და „იმერელი“. ამ „იმერელში“ ილიკო იმერლიშვილის გარდა მოიაზრებენ სერგო ორჯონიკიძეს, ერმილე დოლიძეს და სხვ. ანოტაციაში შევიტანეთ ის ვერსია, რომელიც ყველაზე მეტად დასაბუთებულად მივიჩნიეთ, მაგრამ აქვე ვუთითებთ საკითხის კვლევისადმი მიძღვნილი განსხვავებული მოსაზრებების შემცველ პუბლიკაციებსაც. იხ.: თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი - ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ 2008, № 1(3); თ. სიმაშვილი, „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“, 2011, თბ. გვ. 70, 114; ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’ (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 2012; ნ. გრიგალაშვილი, „თანამდევი სული”, ტ. II, თბ. 2011, გვ. 481-521; გ. ყორანაშვილი, „წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო“, თბ. 2004; შ. ბადრიძე, წიწამურის ტრაგედიის გამოცანები“, თბილისი 1991; ტერიელ სართანია ,,ილია ჭავჭავაძე“, თბილისი, 2000, გვ. 278.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბითარიშვილი იაკობი

ილია ჭავჭავაძის მსახური, რომელიც მასთან ერთად მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს.

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ხიზანიშვილი გიორგი (ლომა) ივანეს ძე

წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

ბერბიჭაშვილი გიგოლა

სოფელ ახატნის მკვიდრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძისს მკვლელობის თანამონაწილე. წლების მანძილზე იმალებოდა. დააკავეს 1941 წელს. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და გარდაიცვალა ციხეში.

ინაშვილი ივანე სოლომონის ძე (1865-1909)

ახალსოფლის მკვიდრი, საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

იმერლიშვილი ილიკო იორდანეს ძე (1886-1914)

სოციალ-დემოკრატიული პარტიის „წითელი რაზმის“ უფროსი, ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე.