The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


25.01

1880 25 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ვისთვის არის ეს საჭირო?“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 25 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 57.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637.

    
 1883    
    
25 იანვარი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნულ სკოლაში განათლებას იღებენ როგორც შიიტები, ისე სუნიტები, იანოვსკი ითხოვს პროგრამის შედგენას ამ სარწმუნოების ორივე მიმართულების მიხედვით. იღებენ გადაწყვეტილებას საზოგადოების სასარგებლოდ დანიშნული მეჯლისის თარიღსა და მასზე დასასწრები ბილეთების დაბეჭდვის შესახებ. ბათუმის სკოლის მასწავლებელი მოსე ნათაძე უგზავნის ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილ თანხას. იგი ასევე აცნობებს, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც წარმოდგენებს გამართავს საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ითხოვს პიესების მიწოდებას. დრამატული ნაწარმოებების შერჩევას ავალებენ გიორგი თუმანიშვილს. არ იზიარებენ იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ უმაღლესი კომიტეტი გაითვალისწინებს გამგეობის მოსაზრებას თონეთისა და ხელთუბნის სკოლებში რუსულის სწავლების მესამე წლიდან დაწყების შესახებ, მისი სწავლება დაიწყონ პირველი კლასის მეორე ნახევრიდან.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 150.

პირთა ანოტაციები:

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

    
25 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის თავის არჩევანი“ („გავლილ კვირას, 23-ს იყო პირველი სხდომა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 24 იანვარი, № 17, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 402.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700-701.

    
1886    
    
25 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 იანვარს“ („ჩვენი საუბარი „შინა“ და „შინაურობაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შინა და შინაურობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 19, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 312.

    
1890    
    
 25 იანვარი-დან   
    
თსს ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს ატყობინებს, რომ 7 საათამდე სახლიდან ვერ გავა და თუ საჭიროება მოითხოვს, შინ მიაკითხონ.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17567; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 209, 469.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

    
1895    
    
25 იანვარი   
    
ქალაქის თავის თანამდებობაზე ლუკა ასათიანის არჩევის მხარდასაჭერად იმყოფება ბათუმში. ხვდება დავით კლდიაშვილს, ივანე მესხს, გიორგი ჟურულის მშობლებს, ადგილობრივ ინტელიგენციას. სტუმრობს გრიგოლ ვოლსკის. არჩევნები ლუკა ასათიანის გამარჯვებით მთავრდება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 4 თებარვალი, № 26, გვ. 3; ჰაიდარ აბაშიძე, წერილები, თბ., 1963, 148; დავით კლდიაშვილი, მემუარები, 1935, გვ. 166; 1932, გვ. 103.

პირთა ანოტაციები:

ასათიანი ლუკა ნიკოლოზის ძე (1826-1901)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის სათავადაზნაური სამიწათმოქმედო ბანკის საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის ქალაქის თავი.

კლდიაშვილი დავით სამსონის ძე (1862-1931)

ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, რუსეთის არმიის ოფიცერი, 1907 წელს არაკეთილსაიმედოობის გამო გადააყენეს სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1915 წელს კვლავ გაიწვიეს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მესხი ივანე სიმონის ძე (1849-1931)

ექიმი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგსა და ციურიხში, მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი და მდივანი, ასევე ბათუმის თვითმმართველობის მდივანი.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1898    
    
25 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 იანვარი“ („მას აქედ, რაც ბერძენთა და ოსმალთა შორის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო და შორი აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 25 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 9, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 39.

    
 25 იანვარი   
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრების საქმიანობაში, რომელიც განიხილავს კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვისთვის გასაგზავნ ადრესს და ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის აღნიშვნის საკითხს  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 27 იანვარი, № 19, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909)

დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში.

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

    
1900    
    
25 იანვარი    
    
იღებს ონის უფასო საერო სამკითხველოს წევრთა წერილს თხოვნით, რომ უსასყიდლოდ მიაწოდოს გაზეთ „ივერიის“ ნომრები.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 565.

    
1903    
    
25 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 იანვარს“ („ღვაწლი საქართველოს უწინდელ სამღვდელოებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავისი სამწყსოს „სარკე“ და „სანთელი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 25 იანვარი, № 20, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 555.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 726-727.