The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


31.08

1873    
     
31 აგვისტო    
     
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში, რომლითაც ატყობინებს, რომ ბანკის წესების შესწავლა უკვე დაიწყო. დილიდან ოთხ საათამდე ყოველდღიურად საკრედიტო საზოგადოებაშია და საქმის ნახევარი უკვე აითვისა. ასევე სწერს მისი დისწულის – სიმონ სტაროსელსკის ამბებს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 314; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 134-138.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1878    
     
31 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 34, 31 აგვისტო, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 147.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898)

გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.

     
1890    
     
31 აგვისტო    
     
ქუთაისიდან იღებს პეტრე უმიკაშვილის ბარათს, რომელშიც ადრესანტი და ალექსანდრე ნანეიშვილი თანხმობას სთხოვენ ქუთაისის ბანკის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მისი ვრცელი წერილის ბროშურად გამოცემაზე.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17598; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     
31 აგვისტო    
     
 წერილს უგზავნის ალექსანდრე ნანეიშვილს ქუთაისში და თანხმობას აძლევს ქუთაისის ბანკის შესახებ „ივერიაში“ დაბეჭდილი მისი წერილის ბროშურად გამოცემაზე, მაგრამ ურჩევს, რომ იგი გაზეთის რედაქციის სახელით არ გამოაქვეყნონ.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17598; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     
1893    
     
31 აგვისტო    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ვალერიან გუნიას, იაკობ გოგებაშვილს, ვასილ კარბელაშვილსა და ალექსანდრე ხახანაშვილს გამოეყოფა წიგნებისა და რვეულების საფასური. არ კმაყოფილდება დიმიტრი ბაქრაძის ქვრივის შეთავაზება „საქართველოს ისტორიის“ გამოცემის ერთიანად შესყიდვის შესახებ და სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლის მოსე ბურჯანაძის საჩივარი მისი უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე. განიხილავენ, მაგრამ არ იზიარებენ ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორის მოთხოვნას სენაკის სკოლის ინსპექტორობიდან სამსონ ყიფიანის გადაყენებისა და ამ სკოლაში სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების თაობაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 297.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936)

მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ბურჯანაძე მოსე

სენაკის სკოლის მასწავლებელი.

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.