The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


12.12

1844    
    
12 დეკემბერი    
    
შეეძინა ძმა – თეიმურაზი.   წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 72.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    
1868    
    
12 დეკემბერი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს მეუღლის წინააღმდეგ მიხეილ ბუშკინის საჩივრის განხილვას. ესაუბრება ბრალდებულ მატრონა ბუშკინას, რომელიც თანხმდება ქმართან დაბრუნებაზე.   წყარო:

ოქმი № 16, ნაწ. მეორე, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 133, საქმე 2274, ფურცელი 1 ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 409.

პირთა ანოტაციები:

 ბუშკინი მიხეილ

გორის მკვიდრი, სახაზინო გლეხი.

ბუშკინა მატრონა

გორის მკვიდრ მიხეილ ბუშკინის ცოლი.

    
1880    
    
12 დეკემბერი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ინიშნება ბათუმის სკოლის გახსნის თარიღი. იღებენ დადგენილებებს თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვადასხვა ხარჯების შესახებ. იქვე აღნიშნავენ, რომ თუ სკოლას გამოყოფილი თანხა არ ეყოფა, მომდევნო წელს შეეძლებათ დამატებითი კრედიტის მოთხოვნა. მადლობას უცხადებენ იოსებ ნაცვლიშვილს შემოწირულობების შეგროვებისთვის და სთხოვენ, გაავრცელოს ინფორმაცია, რომ თითოეული შემომწირველი საზოგადოებისაგან მიიღებს შესაბამის ქვითარს. არ აკმაყოფილებენ ივანე მაჩაბლის წინადადებას საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ, რადგან ამ ტიპის სკოლებმა რუსეთში მოლოდინი ვერ გაამართლა. იღებენ გადაწყვეტილებებს ბიბლიოთეკაში დასადები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაკრავად ყდების შესყიდვისა და საზოგადოების დადგენილებების პრესაში გამოქვეყნების შესახებ.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 106.

პირთა

ანოტაციები: იოსებ ნაცვლიშვილი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1886    
    
12 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 დეკემბერი“ („ბოლგარიის საქმემ მაინც ფეხი წინ ვერ წადგა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის საქმე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 12 დეკემბერი, № 269, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 599.

    
1890    
    
12 დეკემბერი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ წლიურ ანგარიშს და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის საკითხს. ამტკიცებენ გრიგოლ ვოლსკის მიერ ბათუმში ჩატარებული კონცერტის ანგარიშს.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1902    
    
12 დეკემბერი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის სიტყვა მცირე კრედიტის ორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოთქვა სასოფლოსამეურნეო საზოგადოების კრებაზე.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 2013.