The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


7.03

1858    
    
7 მარტი    
    
წერს ლექსებს „გაზაფხული“ („ვიშ გაზაფხული“...) და „ჩიტი“ („ვგალობ და ვგალობ...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 6, 7.

1863    
    
7 მარტი   
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ ის არ წავიდა თავის ნათესავ ბაგრატიონ-მუხრანელებთან. ურჩევს ნიკო ჭავჭავაძესთან ხშირად იაროს და მის მეუღლეს დაუმეგობრდეს. ამ ოჯახში ისინი უშიშრად შეძლებენ შეხვედრას. ასევე, აცნობებს, რომ იმ საღამოს ელენე ჩოლოყაშვილთან აპირებს წასვლას და თუ მოახერხებს, თვითონაც მივიდეს. უგზავნის საყურეებს მათი საერთო ნაცნობის და საიდუმლო მიმოწერის ხელშემწყობი პელაგია ყაზბეგისათვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 248; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 216-217; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 54-55, 333-334.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

ყაზბეგი პელაგია

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საერთო ნაცნობი მათ ქორწინებამდე, რომელიც ხელს უწყობდა საიდუმლო მიმოწერაში.

    
1876    
    
7 მარტი   
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ილიას სიტყვა, რომელიც წარმოთქვა „დროების“ სადღესასწაულო სადილზე.  წყარო:
    
7 მარტი   „დროების” დღესასწაული ათი წლისა, გაზ. „დროება“, 1876, 7 მარტი, № 24, გვ. 1-2.
    
გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“ ბეჭდავს ილიას წერილს, რომელშიც ავტორი მსჯელობს საქონლის მოტაცების წინააღმდეგ გასატარებელი ზომების შესახებ.  წყარო:

„Письмо к редактору“, გაზ. “Тифлисский Вестник“, 1876, № 53; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 324-325; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 73-76, 395

    
1886    
    
7 მარტი    
    
იღებს წერილს ალექსანდრე ჭყონიასგან, რომელიც ატყობინებს, რომ ქალაქში არყოფნის გამო ვერ დაესწრება საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას. წერილში პუნქტობრივადაა ჩამოყალიბებული ადრესანტის აზრი ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 657.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

    
1887    
    
 7 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 მარტი“ („ჩვენს გაზეთში იყო თქმული, რომ მთავრობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის უკეთ მოწყობისთვის“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 7 მარტი, № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 209.

    
1889    
    
7 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი 6 მარტი“ („რაც გინდა დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს კაცი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქალთა სასწავლებელი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 7 მარტი, № 49 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 116.

    
7 მარტი    
    
ესწრება გუბერნატორის მიერ მოწვეულ სხდომას, რომელზეც განიხილავენ საადგილმამულო გადასახადის გაწერის საკითხს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 9 მარტი, № 51 , გვ. 1.

    
1891    
    
7 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 მარტი“ („ჩვენის ქალაქის თვითმართველობისათვის ორი ძალიან მოულოდნელი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 7 მარტი, № 50, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 19

    
7 მარტი   
    
ოდესის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი ნოვოროსიის ქართველი სტუდენტების სახელით უგზავნის შემოწირულობას ქშწ-კგ საზოგადოებისათვის.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 296.

პირთა ანოტაციები:

ამირაჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე (1869-1948)

პროფესორი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. განათლება მიიღო ოდესაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

    
1893    
    
7 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ მისი წერილის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ვრცელ გამოხმაურებას სათაურით „ხმა იმერეთიდამ“, რომელსაც ხელს აწერს „მოხუცი პედაგოგი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 48, გვ. 2-3.

    
1895    
    
7 მარტი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკო ცხვედაძეს, ხაზინადრად – ნიკოლოზ მთვარელიშვილს და მდივნად – დავით კარიჭაშვილს. კმაყოფილდება თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის შუამდგომლობა იმხანად გარდაცვლილი მათი კოლეგის – მოსე ნათაძის შვილისთვის სასწავლო წლის მეორე ნახევარში სწავლის ხარჯის დაფარვის თაობაზე. დადებითად წყდება ვალერიან გუნიას წიგნის „ქართული მიწერ-მოწერის კრებული“, სასწავლო ნივთებისა და აქვსენტი ცაგარელის „სამი კომედიის“ თონეთისა და კავკავის სკოლებისთვის გაგზავნის საკითხი.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

    
1906    
    
7 მარტი   
    
განიხილავენ სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად მისი წარდგენის საქმეს.   წყარო:

წერილი გიორგი ჟურულისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 247.