The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.10

1857    
     
 15 ოქტომბერი    
     
პეტერბურგის უნივერსიტეტის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებელი პეტერბურგის საუნივერსიტეტო საბჭოს ატყობინებს იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე ილია ჭავჭავაძის ჩარიცხვის შესახებ.   წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა”, წ. 1, 1935, გვ. 558.

     
1873    
     
15 ოქტომბერი    
     
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის დას – ელისაბედს. ატყობინებს, რომ მიიღო მის მიერ გაგზავნილი თანხა. ასევე, მადლობას უხდის ბანკის ბილეთების დროული დახსნისთვის.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17534; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 113-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 66-67; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 50-51, 387.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     
1880    
     
 15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სომხური გაზეთების პოლემიკა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 ოქტომბერი, № 217, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 164.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 658-659.

     
1885    
     
 15 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს ევალებათ შეარჩიონ საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნები. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევაზე დასწრების თხოვნით მიმართავენ აკაკი წერეთელს. შემოწირულობის სახით იღებენ დაბა სურამში გამართული ორი წარმოდგენიდან შემოსულ თანხას.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 60.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

მირიანაშვილი ალექსი ივანეს ძე (1860-1925)

მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.

     
1886    
     
15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 14 ოქტომბერი“ („ერთი დიდი უბედურება სოფლისა მაშინ არის, როცა რაიმე საქმე აუჩნდება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონი სოფლის „პოერნიების“ შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 15 ოქტომბერი, № 222, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 448.

     
1887    
     
15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ოქტომბერი“ („მთელი ქვეყანაა და გენერალ კაფფარელის ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გენერალ კაფფარელის საქმე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 15 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 586.

პირთა ანოტაციები:

კაფფარელი ლუი შარლ (1829-1907)

ფრანგი გენერალი, 1887 წელს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ბრალი დასდეს ორდენების გაყიდვაში და სამხედრო სამსახურიდან გადააყენეს

     
1889    
     
15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ოქტომბერი“ („კარგა ხანია, ხმა იყო დავარდნილი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმის მომავალი კავკასიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 15 ოქტომბერი, № 219; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VII, 1956; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 319.

     
1890    
     
15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება დასასრული რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატიისა „მწარე ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის რედაქტორული მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.   წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1890, № 19, გვ. 5-6.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

     
1892    
     
15 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში შეგროვებულ 1000 მანეთს გადასცემს ქოლერით დაზარალებული გლეხების ფონდს.   წყარო:

ქოლერის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი საზოგადოების ხელმძღვანელის პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ (რუსულ ენაზე). № 679.

     
1893    
     
15 ოქტომბერი    
     
სტუმრად არის ქვიშხეთში ლუარსაბ ყიფიანთან და ესწრება მისი ქალიშვილის, სოფიო ყიფიანისა და პეტრე მაჭავარიანის ქორწილს. მასთან ერთად არიან დავით მიქელაძე, გიორგი ჟურული, პავლე ყიფიანი, გრიგოლ ყიფშიძე და სხვები.   წყარო:

ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 185; „ლიტერატურული მატიანე“, 1940, ნინო ყიფიანი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 2338; ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე (1852-1930)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სურამის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.

ყიფიანი-მაჭავარიანისა სოფიო ლუარსაბის ასული

დიმიტრი ყიფიანის ძმის - ქაიხოსროს შვილიშვილი. მაჭავარიანი პეტრე სამსონის ძე (გარდ. 1916) აგრონომი, მეღვინე, მრეწველი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომელი.

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931)

თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.