The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


11.05

1873    
    
11 მაისი   
    
წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. უხსნის, რომ მასაც ძალიან უმძიმს განშორება, მაგრამ მოთმინება ჰმართებთ. ატყობინებს, რომ თავადაზნაურთა წინამძღოლებად ერთის გარდა ისევ ძველი პირები აირჩიეს. მადლობას უთვლის თავის ქვისლ - დიმიტრი სტაროსელსკის მისი ნაცნობი ბერძნის დასაქმებისთვის.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

    
1878    
    
11 მაისი    
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 11 მაისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 266-268; გაზ. „ივერია“, 1878, № 18, გვ. 4-6.

    
1883    
    
11 მაისი   
    
ქუთაისის გაზეთ „შრომაში“ „ბოსლეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“, რომელშიც იგი წერს, რომ ამ ნაწარმოებში გამოხატულია ილიას „პესიმისტური შეხედულება სააქაოზე“.   წყარო:

გაზ. „შრომა“, ქუთაისი, 1883, № 18, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.

    
11 მაისი   
    
 გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „სერგეი მესხის გამოსალმება“, რომელშიც თავს იჩენს ილია ჭავჭავაძესთან შეპირისპირებისა და მისი ნაღვაწის დაკნინების გზით სხვისი განდიდების მცდელობის ტენდენცია. სტატიის ავტორის თქმით, სერგეი მესხმა ჯანის სიმრთელე შეალია ისეთ საქმეს, რომელიც „გაუწყვეტელ შრომას თხოულობს და კაცს არ აცლის, შექმნას „კაცია – ადამიანი?!”, ან „გლახის ნაამბობი“. გაზეთის ამავე ნომერში ახალი ამბების მიმომხილველი წერს, რომ ქართული დრამატული დასის გაყოფის შემდეგ ორივე ჯგუფს უნდა დაედგა სპექტაკლები, მაგრამ ილია ჭავჭავაძის მსახიობები წარმოდგენებს არ მართავდნენ. ეს ფაქტი მიმოხილვის ავტორს თეატრისთვის საზიანოდ მიაჩნია და სურვილს გამოთქვამს, რომ დასი კვლავ გაერთიანდეს.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 86, გვ. 1-3; 2.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

    
1884    
    
11 მაისი   
    
გაზეთ „დროებაში იბეჭდება თსს ბანკის წევრთა 7 მაისის კრების ანგარიში, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის განმარტება, რატომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ბანკის წევრებმა ხმა გადასცენ ისეთ პიროვნებას, თუნდაც შვილს, რომელიც არ არის ბანკის წევრი. აქვე წარმოდგენილია სარევიზიო კომისიის მოხსენების პირველი ნაწილი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 102, გვ 1-2.

    
1886    
    
11 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 მაისს“ („დიდი ხანია გამოცხადებული იყო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 311; გაზ. „ივერია“, 1886, 11 მაისი, № 101, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 15.

    
1888    
    
11 მაისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 10 მაისი“ („ვიტტორინო და-ფელტრე, – რომელიც, როგორც წინადა ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 11 მაისი, № 96 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 209.

პირთა ანოტაციები:

დე ფელტრე ვიტტორინო (1378-1446)

აღორძიების ეპოქის იტალიელი პედაგოგი და ჰუმანისტი. დააარსა სკოლა „სიხარულის სახლი“. განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა ფიზიკურ აღზრდას.

    
1889    
    
11 მაისი    
    
ქშწ-კგ საზოგადოების საქმეთა მწარმოებელ ნიკოლოზ მთვარელიშვილს გადასცემს 4 ცალი „ვეფხისტყაოსნის“ თანხას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 682.

პირთა ანოტაციები:

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

    
1892    
    
11 მაისი   
    
დავით კარიჭაშვილს, როგორც გამგეობის წევრს, კომერციულ ბანკში შესატანად გადასაცემს ქშწ-კგ საზოგადოების მომგებიან ბილეთებს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 681.

პირთა ანოტაციები:

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

    
11 მაისი    
    
მონაწილეობს იასე ანდრონიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში. თავისი ოჯახისა და ქშწ-კგ საზოგადოების სახელით განსვენებულის კუბოს ამკობს გვირგვინებით.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 12 მაისი, № 98, გვ. 2.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    
1893    
    
11 მაისი    
    
ესწრება თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განიხილავენ მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენი ღონისძიებების შესახებ მის მიერ შედგენილ პროექტს. თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების დამშეულ მცხოვრებლებს გამოუყოფენ 6000 მანეთს. იქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც იძენს ხორბალს და შეღავათიან ფასებში ურიგებს მოსახლეობას ან აძლევს ნისიად მოსავლის აღებამდე.  წყარო:

თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 88.

 

    
1895    
    
9-11 მაისი    
    
მონაწილეობს თსს ბანკის წლიური კრების საქმიანობაში.   
1896
10-11 მაისი .
თსს ბანკის სხდომაზე ზედამხედველი კომიტეტი და გამგეობა გამოდის წინადადებით, რომ მათ მიენდოს რევიზორის დასკვნის განხილვა და შედეგებს წარუდგენენ კრებას. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე ოპოზიცია ითხოვს თსს ბანკის წევრთა სიების გადამოწმებას წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, № 101, გვ. 2-3.

11 მაისი
მთავარმართებელი სერგეი შერემეტიევი მოსკოვიდან გზავნის საგანგებო დეპეშას, რომლითაც ამტკიცებს მთავარმართებლის საბჭოს გადაწყვეტილებას გაზეთ „ივერიის“ რვა თვით დახურვის შესახებ. წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 245-246.

1897
11 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 მაისი“ („დღეს საჭიროდ დავინახეთ ავნუსხოთ...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 მაისი, № 90, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 393.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

1903
11 მაისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2150.

11 მაისი
თავადაზნაურობის კრებაზე ფეხზე ადგომით უხდიან მადლობას 30 წლის განმავლობაში სათავადაზნაურო ბანკის მუშაობის ისე წარმართვისათვის, რომ ეს დაწესებულება ახერხებს არაერთი მამულიშვილური და საქველმოქმედო საქმის გაძღოლას. კრების დასასრულს ილია ჭავჭავაძე ამბობს სამადლობელ სიტყვას. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2150, 13 მაისი, გვ. 4.