The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


18.04

1874    
    
18 აპრილი   
    
პეტერბურგიდან ზღვით წამოსული, ქუთაისში გზად გავლის დროს, ლიტერატურულ საღამოზე, რომელსაც ორმოცამდე ადამიანი ესწრება, კითხულობს „მგზავრის წერილებს“ და „მეფე ლირის“ თარგმანს. მსმენელები აღფრთოვანებული არიან.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; „ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2.

1879
18 აპრილი
დიმიტრი ყიფიანთან ერთად ხელს აწერს მოსაწვევ ბარათებს, რომლებითაც ქშწკგ საზოგადოების წევრებს 15 მაისს ეპატიჟებიან საზოგადოების დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის მისაღებად. ადრესატებს ასევე ეგზავნება წესდების ნაბეჭდი ტექსტი. წყარო:

ი. ჭავჭავაძე, რაფ. ერისთავისადმი. თსკ, ტ. 10, გვ. 85. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 299; რაფიელ ერისთავის არქივი № 168. წყარო: ჯორჯაძე ა., დიმიტრი ყიფიანი, „სახალხო გაზეთი“, 1913, 29 იანვარი, № 809, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 85; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 85-86, 400-401.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

1881
18 აპრილი
იღებს დავით კეზელის წერილს მისი კომედიის ჟურნალ „ივერიაში“ დაბეჭდვის თხოვნით. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 524.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

1886
18 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 აპრილს“ („გუშინდელს «Новое обозрение»-ს ნომერში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დასავლეთის ეტიკეტი“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 84, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 551.

1887
18 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 აპრილი“ („წელს ერთი იშვიათი ამბავი ჩვენში ის მოხდა...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 აპრილი, № 75, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 17 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 361.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1890     
    
18 აპრილი   
    
კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს მიწვევით მონაწილეობს სხდომაში, რომელიც განიხილავს თსს ბანკის მოგების განაწილების საკითხს.  წყარო:

«Новое обозрение», 1890, № 2177.

    
1892    
    
18 აპრილი    
    
მონაწილეობს წიგნების ბეჭდვის ქართველთა ამხანაგობის წევრთა საზოგადო კრებაში და უარს ამბობს თავმჯდომარედ არჩევაზე.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 23 აპრ., № 84, გვ. 2.

    
1893    
    
18 აპრილი    
    
რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ იწყებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი მაღალ შეფასებას აძლევს სამოციანელთა ღვაწლს, რომლის ლიდერიც ილია ჭავჭავაძე იყო. აღნიშნავს, რომ ქართულ მწერლობას სიცოცხლე და აზრიანობა სწორედ ამ დროს დაეტყო.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 16, გვ. 11-13.

პირთა ანოტაციები:

ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“.

    
1905    
    
18 აპრილი   
    
იღებს მღვდელ ზაქარია ელიაშვილის წერილს. ულოცავს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს და აცნობებს, რომ გურამიანთკარში 1904 წლის 1 დეკემბრიდან 1905 წლის 1 აპრილამდე არცერთი მამაკაცი გლეხი არ გარდაცვლილა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე იღებს იმის დამადასტურებელ ცნობას, რომ ჟურნალ „მოგზაურის“ ბრალდება ყალბია.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 500.

პირთა ანოტაციები:

ელიაშვილი ზაქარია

გურამიანთკარელი მღვდელი.

    
1906    
    
18 აპრილი    
    
ალექსანდრე ყიფშიძე პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის ძმას, ზაქარიას და მოუთხრობს როგორი ფურორი მოახდინეს სახელმწიფო საბჭოში ილია ჭავჭავაძემ და ვლადიმერ მიქელაძემ თავიანთი გამოსვლებით.  წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე, 1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.

მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.