The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.11
29.11

1872    
     
29 ნოემბერი    
     
 მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავად–აზნაურთა სხდომაში, რომელზეც ხმის უმეტესობით იმარჯვებს დიმიტრი ყიფიანისა და მისი პროექტი. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაარსდეს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკი და ირჩევენ წესდების შემმუშავებელ ახალ კომისიას ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით   წყარო:

 გაზ. „დროება“, 1873, № 1. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქმე 3831; გ. ყიფშიძე, ი ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. 1 1914, გვ. II.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

     
1878    
     
29 ნოემბერი    
     
თბილისის სასამართლო პალატა იღებს დადგენილებას ილია ჭავჭავაძისა და მისი ყოფილი თანამესაკუთრეებისათვის მიწების დაკანონების შესახებ.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9603.

     
29 ნოემბერი    
     
 ყვარლიდან თბილისში მეუღლეს უგზავნის წერილს და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. გარდა ამისა, სთხოვს უყიდოს და დავით ციციშვილის ხელით გაუგზავნოს შემოსავალ-გასავლის ორი დავთარი. დავით ქანანოვს უთვლის, რომ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის სწერდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ მოელაპარაკება   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 361; ჟურნ. “მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197–198, 368. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში „ციციანოვია“ ნახსენები; ასევე მხოლოდ გვარით არის მოხსენიებული ქანანოვი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

ქანანოვი დავით იოსების ძე

სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1874 წლიდან მუშაობდა ბუღალტრად თბილისის პოლიციის უფროსის უწყებაში.

     
1886    
     
29 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ნოემბერი“ („ვის არ მოეხსენება, რომ მას აქეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბაჟის შემოღების გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 ნოემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 553.

     
1888    
     
29 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ნოემბერი“ („გუშინწინ, 26 ნოემბერს, კრება ჰქონდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 29 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 410.

     
1889    
     
29 ნოემბერი    
     
 იაკობ გოგებაშვილისაგან იღებს წერილს და ოთხ ქრონიკალურ ცნობას, რომლებსაც აქვეყნებს გაზეთ „ივერიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 2 დეკ. № 257, 31 დეკ. № 279.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) - მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
1892    
     
29 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ „გ-რი“-ს ფსევდონიმით იბეჭდება ივანე გომელაურის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, რა სიამოვნებით ისმენდნენ თუშები ილია ჭავჭავაძის პოემებს: „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომლებსაც ის უკითხავდა და გამოთქმულია სურვილი, რომ უნდა არსებობდეს ასეთი ტექსტების იაფფასიანი გამოცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის.   წყარო:

„იაფფასიანი წიგნების გამო“, გაზ. „ივერია“, 1892, 29 ნოემბერი, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951

 მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289)

 საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

     
1895    
     
29 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 ნოემბერი“ („ჩვენ ამას წინად მოკლედ აღვნიშნეთ ის საგნები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 29 ნოემბერი, № 258, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 116.

     
     
1898    
     
29 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 ნოემბერი“(„ჩვენს უკანასკნელს მეთაურში („ივერია“ № 253) მოვიხსენიეთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატეხნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 29 ნოემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 148.

     
1905    
     
29 ნოემბერი    
     
თბილისის გუბერნიის ყოფილ მარშალ დავით მელიქიშვილთან და გიორგი ჟურულთან ერთად საგანგებო მატარებლით მიემგზავრება პეტერბურგში გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 30 ნოემბერი, № 215, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909)

თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

     
1906    
     
29 ნოემბერი    
     
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება იხილავს ილია ჭავჭავაძის მიერ წარდგენილ ანგარიშს და თხოვნას სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ. მას უარს ეუბნებიან 1907 წლის ანაზღაურების მიცემაზე ამ წლის სესიების დამთავრებამდე.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 269