The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ზოგიერთს

ზოგიერთს

თუმც მეც მქონია ყრმობას სხვათაებრ ბევრი ცოდვები,
მის უვიწყრობა სულელობით არ გამართლდება:
სასაცილოა, რომ ვისც ყრმობას მოხვდა როზგები,
მივიდეს ეხლა და ითხოვოს პასუხისგება;
ანუ ყმაწვილმა გაუსვაროს ვისმეს ხელები,
როს გაიზარდოს, მაშინ უწყოს შურისძიება...
აქ სიდაბლეა; რას იტყვიან პატიოსნები,
ამგვარ გასვრაში მითამ იყოს პატიოსნება?...
ღმერთო! გთხოვ, ხალხს არ დაავიწყო ჩემი ლექსები,
ისე, ვით ზოგიერთს ცოდვა ჩემი არ ავიწყდება.

6 ოკტომბერს, 1860
პეტერბურგი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 132.

თარიღი :

6 ოქტომბერს, 1860, პეტერბურგი.


ტექსტი გადახაზულია (ჩანს, ავტორის მიერ) ფანქრით, ჯვარედინად.

ავტოგრაფში, ლექსის მე-7 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “რას იტყვიან” ჯერ ეწერა “არა ხედვენ”. შემდეგ ავტორის მიერ შესწორებულია: “რას იტყვიან”, მაგრამ “არას” პირველი ა ოდნავ არის გადახაზული და შეიძლება წაკი თხულ იქნას: “არას იტყვიან”. ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში დაბეჭდილია “არას იტყვიან”, 1925-1951 წლების გამოცემებში კი - “რას იტყვიან” (ამავე სტრიქონში იკითხება “სიდაბლეა”, რომელიც 1925-1951 წწ. გმოცემებში შეცვლილია ფორმით: “სიმდაბლეა”).

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში, გვ. 65, დათარიღებულია 1860 წლის სექტემბრით (სარჩევში, გვ. II).