The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


17.01

1863    
    
17 იანვარი    
    
იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც სთავაზობს მეორე დღეს მის სახლში შეხვედრას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 221; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13-14.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1869    
    
17 იანვარი    
    
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს პოლიციის ბოქაულის მიერ დაკავებული პიროვნების საქმეს, რომელიც თავს ზარაისკიდან სამუშაოს საძებრად ჩამოსულ ვასილი პერევერზოვად აცხადებს. პოლიცია არკვევს, რომ ზარაისკში ასეთი არავინ ცხოვრობს და ბრალდებულის მიერ დასახელებული ქუჩაც არ არსებობს. ვინაობის დამალვისა და ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალდებულს უსჯიან გაროზგვას და თავისუფლების აღკვეთას 4 წლით.  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,ფონ.133, აღწ.1, საქ.599, ფურ. 12-14, ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965,გვ. 13-14, ოქმი№ 19.

პირთა ანოტაციები:

პერევერზოვი ვასილ

 გაურკვეველი წარმომავლობის პირი, რომელიც დუშეთის მაზრის პოლიციამ დააკავა საბუთების არქონის გამო.

    
1881    
    
17 იანვარი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება იონა მეუნარგიას თხოვნა საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. იღებენ დადგენილებას თბილისის სკოლის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე. მინდობილობას გასცემენ ბათუმში სკოლისთვის მიწის შესარჩევად. თანხმობას უცხადებენ ქუთაისის სააზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ განაგოს სასწავლებლის მატერიალური მხარე, სხვა ასპექტები კი მიანდოს მმართველობას. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სოფელ ურიათუბნის სკოლის შენობისთვის თანხის გამოყოფამდე დაზუსტდეს ცალკეული დეტალები. იაკობ გოგებაშვილს სარეცენზიოდ გადასცემენ სერგეი მდივანოვის არითმეტიკის სახელმძღვანელოებს. საჩხერის სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეკომენდაციას უწევენ მოსე ნათაძეს.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 109.

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

მდივანოვი სერგეი სტეფანეს ძე

საზოგადო მოღვაწე, შედგენილი აქვს კრებულები: „ანბანი ქართული“, წლების მანძილზე გამოსცემდა კალენდარს „კალენდარი სომეხთა და ქართველთა“.

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

 საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

    
17 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი ექიმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 211.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621.

    
1886    
    
17 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 იანვარს“ („ჩვენ მოგვივიდა უცხოეთიდამ ერთი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული ენის ნორმების შესახებ“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 257; გაზ. „ივერია“, 1886, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 285.

    
17 იანვარი    
    
 გამომცემელი ვარლამ ჭილაძე ქუთაისიდან პეტერბურგში წერილით ატყობინებს ნიკო ნიკოლაძეს, რომ ილია ჭავჭავაძესთან დადო ხელშეკრულება მისი ნაწერების გამოცემის შესახებ.  წყარო:

 ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 184.

პირთა ანოტაციები:

ჭილაძე ვარლამ ივანეს ძე

წიგნის გამომცემელი, ქუთაისის ქალაქის საბჭოს დეპუტატი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მისი წინადადებით, ქუთაისში გეგუთის ქუჩას ეწოდა ილია ჭავჭავაძის ქუჩა.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
17 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („1866 წელს, როცა ბისმარკმა დაუპირა ავსტრიას ომი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბელგიის საომარი მზადება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 39.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
17 იანვარი    
    
გაზეთ „კავკაზში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება განცხადება გაზეთ „ივერიის“ ხელმოწერის პირობების შესახებ 1887 წლისათვის.   წყარო:

გაზ. «Кавказ», 1886, № 15.

    
1888    
    
17 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XΙV–XVΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთი „მეურნე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 792-794; გაზ. „ივერია“, 1888, 17 იანვარი, № 11 , გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 26.

    
1889   
    
17 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მილიტარობა ევროპაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 23.

    
 17 იანვარი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ საზოგადოებისა და მისი წიგნთსაცავისთვის შენობის აგების საკითხს. იაკობ გოგებაშვილის აზრით იგი შეიძლება აშენდეს თსს ბანკის შენობის გვერდით. ივანე მაჩაბელი აყენებს წინადადებას, რომ თავადაზნაურთა საზოგადო კრებისაგან ითხოვონ ამ მიწის ნაკვეთის უფასოდ დათმობა, ხოლო ბანკისგან - მისი აშენება და წლიური ქირის აღება დანახარჯის ასანაზღაურებლად. იღებენ დადგენილებას, რომ უპირველეს ყოვლისა გამოცხადდეს შემომწირველთა ხელმოწერა. განიხილავენ წინარეხის თონეთისა და ხელთუბნის სკოლების მასწავლებლებისათვის ხელფასის მომატების საკითხს, მაგრამ, რამდენადაც ეს არის საზოგადოების წევრთა საერთო კრების კომპეტენცია, გადაწყვეტილების მისაღებად ელოდებიან მომდევნო ასეთი კრების ჩატარებას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 260.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1892    
    
17 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („ნათლისღების დღეს მომხდარმა უბედურობამ..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 79.

    
1893    
    
17 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ („შეიძლება გვიპასუხოს ვინმემ, რომ მკვიდრთა ჯიბე გაწყალდება...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 134.

    
1895    
    
17 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („ჩვენ წინა მეთაურში გამოვთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლა საფრანგეთში და მისი საზოგადოებრივი მიზეზები“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 17 იანვარი, № 11, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 86.

    
1897    
    
17 იანვარი    
    
რვათვიანი აკრძალვის შემდეგ გამოდის გაზეთი „ივერია“, რომელშიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („შარშანდელი წელიწადი იმითაა შესანიშნავი, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მიმოხილვა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 17 იანვარი, № 1, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 220.

    
1899    
    
17 იანვარი   
    
ნოე ჟორდანია გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ წერილში „ადგილობრივი პრესსა წარსულ წელს“, ვრცლად განიხილავს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის სტატიებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ იგი უგალობს ფეოდალურ წარსულს, ვერ აცნობიერებს ბურჟუაზიის დაბადებას და გაურბის ცხოვრებისეულ საკითხებს. ამის გამო მისი გაზეთიც უიდეოა, უკან-უკან მიდის და,თუ არ განახლდება, მოკვდება.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1899, № 3, გვ. 33-36.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.