The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.09

1873    
     
1 სექტემბერი    
     
 მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს სწერს ვასილ მაჩაბელს და სთხოვს, გაუგოს, გადაუგზავნა თუ არა დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო კანცელარიამ სახელმწიფო საბჭოს ილიას მიერ წარდგენილი ბანკის წესდება. ამას გარდა, სთხოვს იმის გარკვევასაც, მისცემს თუ არა პეტერბურგის სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოება უფლებას, რომ გაიაროს კონსულტაციები საბანკო საქმესთან დაკავშირებით.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17555; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 53-54; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 50, 387.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

     
1874    
     
1 სექტემბერი    
     

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრების მუშაობაში. დამსწრეთ აცნობს თსს ბანკის წესდების დამტკიცებისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის დეტალებს. წინადადება შეაქვს, თსს ბანკის მმართველობის ხარჯები შემცირდეს გამგებლისა და დირექტორების ხელფასების ხარჯზე. ირჩევენ ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. კრებაზე ხვდება სიმამრს – თადეოზ გურამიშვილს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365; გაზ. „დროება“, 1874, 6 სექტ. № 439, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

     
1879    
     
1 სექტემბერი    
     
მისი და სხვა ქართველი მოღვაწეების თაოსნობით დაარსებული თეატრალური დასი წარმოადგენს პირველ სპექტაკლს – ბარბარე ჯორჯაძის კომედიას „რას ვეძებდი და რა ვპოვე“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, № 180, გვ. 1.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისაზე.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

 რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

     
1888    
     
1 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 აგვისტო“ („ჯერ შარშანვე ასტყდა ჩვენში ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 1 სექტემბერი, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 303.

     
1899    
     
1 სექტემბერი    
     
ფრანგ ტურისტთა და ჟურნალისტთა ჯგუფის თბილისში ვიზიტის გამო დავით გურამიშვილი წერილს უგზავნის ფოთში ნიკო ნიკოლაძეს და სთხოვს ჩამოსვლას. მის ბარათზე მინაწერს აკეთებს ილია ჭავჭავაძეც და სწერს, რაოდენ სასურველია, რომ „უცხო კაცებმა ჩვენგან შეიტყონ აქაური ავი და კარგი“.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17613, 17635-ხ; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის შრომები. წგ 1, 1958, გვ. 17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 48; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 200, 464-465.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926)

მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.