The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.12

1874    
    
23 დეკემბერი   
    
კიდევ ერთხელ წერილობით ატყობინებს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილს, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან შეთანხმება შედგა. ასევე შეახსენებს, რომ ელის თანხას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 394, I, 3, გვ. 15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 61, 392.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

 რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

    
1879    
    
23 დეკემბერი   
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში, რომელზეც ავალებენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სხვადასხვა პირთან. გარდა ამისა, იღებენ დადგენილებას, რომ მან, დიმიტრი ყიფიანთან და რაფიელ ერისთავთან ერთად, აკონტროლოს სახელმძღვანელოების ენა.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 37–38, 1978, გვ. 28-29.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1886    
    
23 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 დეკემბერი“ („ვერავინ იტყვის, რომ ჩვენში გაღვიძებული არ იყოს სწავლისა...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართველი სტუდენტობა რუსეთში“, ოცტომეულში კი სათაურით „ნუ ვიქნებით გულგრილნი“. გაზეთის ამავე ნომრის რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად აქვეყნებს რეცენზიის დასასრულს („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ლომინაძის ახალგაზრდა ცოლი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გავიყარენით“ და „ხანუმა“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 519; გაზ. „ივერია“, 1886, 23 დეკემბერი, № 278, გვ. 1, 1-3;. (ცენზურის ნებართვა 1886, 22/XII).ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 239; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 616; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 337.

 
    
1887    
    
 23 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 დეკემბერი“ („ამ ბოლო დროს ჩვენს განათლებულ საზოგადოებაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 777780, გაზ. „ივერია“, 1887, 23 დეკემბერი, № 270, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 640.

    
1888    
    
23 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 დეკემბერი“ („სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკები დღეს არა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების უმთავრესნი საფუძველნი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 23 დეკემბერი, № 271, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 440.

    
 1905    
    
23 დეკემბერი    
    
მინისტრთა კომიტეტის მდივანი ბარონი ემანუელ ნოლდე წერილობითი თხოვნით მიმართავს, გამოცხადდეს მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 34 (303). პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში ნოლდეს სახელი მითითებული არ არის.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

ნოლდე ემანუილ იულის ძე (1854-1909)

რუსი სახლმწიფო მოღვაწე, 1902-1906 წლებში მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველი, 1905 წელს ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობას, 1906 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად.