The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.06

1881    
    
16 ივნისი   
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ ქუთაისის სააზნაურო სასწავლებლის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდოს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. რაფიელ ერისთავს ეძლევა ჰონორარი ივან კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის და იღებენ დადგენილებას მის გამოცემაზე. ალექსანდრე ნანეიშვილისგან ითხოვენ წერილობით ინფორმაციას ბათუმის სკოლისთვის დასაქირავებელი შენობის შესახებ. ერთ-ერთ სტიპენდიანტს ცუდი მოსწრების გამო უხსნიან სტიპენდიას.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 150.

პირთა ანოტაციები:

კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844)

რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

    
16 ივნისი   
    
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კურსშესრულებულებს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 16 ივნისი, № 123, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 250.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 250, 621-623, 675.

    
16-18 ივნისი   
    
 გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების ერთი წლის ანაგარიში.  წყარო:

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საქმეთ წარმოება 1880 წლის 15 მაისიდამ 1881 წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“, 1881, № 123- 125.

    
1887    
    
16 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 ივნისი“ („აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია იმისთანა ადგილები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი მესაქონლეობის საჭიროებანი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 697-700, გაზ. „ივერია“, 1887, 16 ივნისი, № 120, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 353.

    
1888    
    
16 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 ივნისი“ („დიდი ხანია, რაც ევროპის პოლიტიკის სათავეში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ახალი იმპერატორი ვილჰელმ II“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 16 ივნისი, № 124, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 251.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

    
1893    
    
16 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის საპროტესტო წერილი რედაქციისადმი. იგი აზუსტებს, რომ ქალაქის საბჭოში კენჭის მყრელთა შორის, მის გარდა, კიდევ ერთი ქართველი იყო - კონსტანტინე კალოუბნელი, მონაწილეობის მიღებაზე კი უარი, ქართველების გარდა, ზოგიერთმა რუსმა, სომეხმა და გერმანელმაც თქვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 16 ივნისი, № 125, გვ. 2.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში კალოუბნელის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

კალოუბნელი (კალუბანსკი) კონსტანტინე მიხეილის ძე (1839-1891)

მწერალი, მთარგმნელი, სცენისმოყვარე, თბილისის სათათბიროს ხმოსანი.

    
1898    
    
16 ივნისი    
    
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით აცნობებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომ 15 ივნისიდან გადაყვანილია სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 17510-ხ; ილია ჭავჭავაძე. საარქივო გამოცემა. თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 243; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 185, 461.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე დიმიტრი დავითის ძე

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელი.

    
1904    
    
31 მარტი-16 ივნისი   
    
 გაზეთი „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „კალამი“ იბეჭდება სამსონ ფირცხალავას ნარკვევი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში“.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“ № 2475, გვ. 2-3, 2480, გვ. 2-3, 2499, გვ. 2-3, 2513, 2526, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე (1872-1352)

სოციალ-ფედერალისტთა პარტის ერთერთი დამფუძნებელი, პუბლიცისტი. პიესად გადააკეთა „ოთარაანთ ქვრივი“. წერდა ფსევდონიმებით: „სიტყვა“, „კალამი“ და სხვ.

    
1905    
    
16 ივნისი   
    
აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე ოლღა ლებედევა ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის უგზავნის ვატიკანში დაცული „ქართლის მოქცევის“ არაბული ხელნაწერის თარგმანს, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა ალჟირში გამართულ ორიენტალისტთა XIV საერთაშორისო კონგრესზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 30.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ლებედევას მხოლოდ გვარია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ლებედევა ოლღა - აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე.

    
16 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ფელიქსის“ ფსევდონიმით იბეჭდება მეთაური წერილი „თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა საყურადღებოდ“, რომელშიც ავტორი რწმუნებულებს მოუწოდებს, რომ მამულების დამფასებელთა არჩევაც და დაფასებაზე პასუხისმგებლობაც ბანკის გამგეობას გადააბარონ. მოწოდებაში დაუფარავად არის გაცხადებული სურვილი, რომ გამგეობამ რწმუნებულთა კრების წინაშე თავი ვერ იმართლოს.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 16 ივნისი, № 101, გვ. 1, 4. „ცნობის ფურცელი“, 1905, 16 ივნისი, № 2845, გვ. 1-2.

 

    
16 ივნისი   
    
 ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც მამულების გაუყიდაობით მიღებულ ზარალში გამომსვლელები ძირითადად გამგეობას და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძეს ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ წესდების შეცვლას და მამულების დაფასებაზე პასუხისმგებლობის გამგეობისთვის გადაცემას. ილია ჭავჭავაძე კრებას მიმართავს, მე უფლება მაქვს მქონდეს ჩემი აზრი დამფასებელი კომისიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ამას ვამბობ და მომყავს გერმანიისა და სხვა ქვეყნების მაგალითები, რატომღაც დამცინიან. თუ საკუთარი აზრის ქონა ბოროტმოქმედებად აღიქმება, დღესვე დავტოვებ სამსახურსო.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 17 ივნისი, № 102, გვ. 3-4; 18 ივნისი № 103, გვ. 4. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 18 ივნისი, № 2847, გვ. 1.