The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


11.02

 

1850    
    
11 იანვარი   
    
 მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს მოჰყავს მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითის ასული. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მატერიალური ხელმოკლეობაა. ილია განიცდის ამას და ჯვრისწერის ჩაშლას ცდილობს. ქორწილის წინ პატარა ბიჭები ნაცრიანი კალათებით ხელში შედიან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, ნაცარს აქეთ-იქით ყრიან და გაჰყვირიან, სავარაუდოდ, მის მიერ შეთხზულ სიტყვებს:

`გოდორი და კალათაო

 ბებერსა ჰრთავენ ქალათაო

 საწყალ ჭავჭავაძესაო

ჯვარსა სწერენ ძალათაო“.

  წყარო:

ეკატერინე ავთანდილის ასულ კრიჟანოვსკის მოგონება, გაზეთი თემი, 1913 № 122; ვ. კარბელაშვილის ჩანაწერი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 547; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65, 66.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ეკატერინე (ქალია) დავითის ასული – გვარი უცნობია. შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი, ილია ჭავჭავაძის მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის მეორე ცოლი.

    
1863    
    
11 თებერვალი    
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს. საყვედურობს, რომ მისგან ბარათი არ მიუღია. უყვება, როგორ თამამად ამხელდა ერთი ნიღბიანი კაცი წინა საღამოს მასკარადზე მყოფთ და როგორ კეთილგანწყობას გამოხატავდა მის მიმართ. სწერს, რომ აპირებს მისთვის მანჟეტის სამაგრების შეკვეთას, წარწერით „ო. ჭ“ – ოლღა ჭავჭავაძე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 232; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 98-99; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 411-412; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 28-30, 327.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1874    
    
11 თებერვალი    
    
მოსკოვის ბაღში თვალს ადევნებს სადღესასწაულო ცერემონიას, რომელიც ეძღვნება რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის ქალიშვილის – მარია ალექსანდრეს ასულ რომანოვას ქორწინებას დიდი ბრიტანეთის უფლისწულ ალფრედ-ერნსტ-ალბერტზე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335.

პირთა ანოტაციები:

რომანოვა-ლეიხტენბერგელი მარია ნიკოლოზის ასული (1819-1876)

იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილი.

ალფრედ-ერნსტ-ალბერტი

 პრინცი, ინგლისის დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.

    
1881    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („ჟოზეფზედ“ ლაპარაკი ცოტად დამიგვიანდა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 223.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 671.

    
1882    
    
 11 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ექიმების მიერ ლექციების წაკითხვის საკითხს და ითხოვენ მათგან პროგრამების წარდგენას. მსჯელობენ ქრესტომათიის მომზადების თაობაზე. ილია ჭავჭავაძეს ავალებენ სახელმძღვანელოს პროგრამის შედგენას. ისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის წერილობით ინფორმაციას სკოლის შენობის დაქირავების შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ქართული წიგნები მიაწოდონ ილია ალხაზიშვილს ჯავახეთისა და ახალციხის მაზრებში გასაგზავნად. განიხილავენ ბიბლიოთეკის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხს. ამტკიცებენ სხვადასხვა სახის წვრილმან ხარჯს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 53.

პირთა იდენტიფიკაცია:

ოქმში ალხაზიშვილის სახელის მხოლოდ ინიციალი წერია და დადგინდა ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა სიისა და სხვა ოქმების საფუძველზე.

პირთა ანოტაციები:

ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე (1853-1921)

ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, პუბლიცისტი. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა.

1884    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „დროებში“ იბეჭდება დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 32, გვ. 1-2.

    
1887    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ევროპის პოლიტიკამ კიდევ ხელახლად იცვალა საგანი და გზა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკის ცვალებადობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 102.

    
1888    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („სალისბერის უკანასკნელმა სიტყვამ სულ ერთიანად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სალუსბერის სიტყვა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 11 თებერვალი, № 31 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 82.

პირთა ანოტაციები:

სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903)

ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

    
1889    
    
11 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ კომიტეტი საადგილმამულო გადასახადის გაწერისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საადგილმამულო გადასახადის გაწერის კომიტეტის დადგენილება ტფილისის გუბერნიაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 11 თებერვალი, № 32 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 78.

    
1896    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 თებერვალი“ („სტირის და გლოობს მთელი საქართველო„...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 11 თებერვალი, № 32, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 210.

პირთა ანოტაციები:

გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)

იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

    
1897    
    
11 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ნუთუ თვალწინ დაგვიდგა დასაწყისი ოსმალეთის დასასრულისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტის ახალი აშლილობა და ოსმალეთის საკითხი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 თებერვალი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 253

    
    
11 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „ნარკვევი“ (ჟურნალ-გაზეთებიდამ) ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 თებერვალი, № 22, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 258.

    
1906    
    
11 თებერვალი   
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი წერილობით სთხოვს ურჩიოს, რა ზომების მიღება აჯობებს არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 35 (266).

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929)

ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი.