The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული წარჩინებული გვარები/თავადი ჭავჭავაძეები/


ქართული წარჩინებული გვარები/თავადი ჭავჭავაძეები/



იური ჩიქოვანი

ქართული წარჩინებული გვარები

თავადი ჭავჭავაძეები

არტანუჯი

თბილისი

2002

მხატვარი დეა ჯაბუა

კომენტარები დაურთეს ზეინაბ ლომჯარიამ, იური ჩიქოვანმა

წიგნზე იმუშავეს

იოსებ ბიჭიკაშვილმა,
ქეთევან ბოტკოველმა,
ირინა კვირკველიამ,
ლია ლეკიშვილმა,
ცისანა სადაღაშვილმა


რედაქტორი ზეინაბ ლომჯარია


© იური ჩიქოვანი

© გამომცემლობა «არტანუჯი», 2002.


ISBN 99928-0-342-8

 

1 ავტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


1998 წელს მოსკოვში სერიით «Дворянские роды Российской империи» გამოიცა მეოთხე ტომი სახელწოდებით «Князья Царства Грузинского», რომელიც მიეძღვნა ქართულ ფეოდალურ გვარებს. ჩემს მიერ მიწოდებული მასალები, მათ შორის თავადი ჭავჭავაძეების შესახებაც, ამ წიგნში მნიშვნელოვნად შეკვეცილია. გარდა ამისა, ნუსხებისა და ტექსტის აკრეფის დროს, სამწუხაროდ, დაშვებულ იქნა უზუსტობანი, რის გამოც წიგნს ბევრი ხარვეზი ახლავს.

წინამდებარე ნაშრომი თავად ჭავჭავაძეთა გენეალოგიის კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა ქართულ ენაზე და აქ წარმოდგენილი გენეალოგია სადღე-ისოდ სრულყოფილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლებურადაა გააზრებული XVI-XVII საუკუნეების ჭავჭავაძეთა გენეოლოგია (იხ. ნუსხა I), რომელიც განსხვავებით ძველისაგან, ტრადიციულისაგან, სრულ შესაბამისობაშია ისტორიულ დოკუმენტებთან. აქვე, დავძენ, ზოგიერთ შემთხვევაში, ნუსხებში შეყვანილი არ არის ჭავჭავაძეთა ის შთამომავლები, რომლებიც მცირეწლოვნები გარდაიცვალნენ.

საჭიროდ მივიჩნიეთ, მკითხველისათვის გაგვეცნო მეტრიკული ჩანაწერი, სადაც ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღად 1837 წლის 20 იანვარია ნაჩვენები. მკვლევარები ამ დოკუმენტს იცნობენ, თუმცა ეყრდნობიან რა ილიას ავტობიოგრაფიას, უთითებენ 27 ოქტომბერს.

დანართის სახით ვაქვეყნებთ ილიას სანათესაოს - მელქისედეკ ანდრო-ნიკაშვილის შთამომავალთა გენეალოგიურ ტაბულას (არასრული სახით). აქ წარმოდგენილ პირთაგან უმეტესობა ქართული ისტორიისა და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.

დასასრულ, მადლობას ვუხდით ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, დოკუმენტური მასალების მოწოდებისათვის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს, ქალბატონებს: დარეჯან კლდიაშვილს, ნანა მშვიდობაძეს, მზია სურგულაძეს, ხოლო ფოტოსურათებისათვის  -  ლალი ალექსი-მესხიშვილს, ელენე გედევანიშვილს, ნანა ინაშვილს, გულნარა კობახიძეს, მაია კოკოჩაშვილის, ივდით მაყაშვილს, ნინო საგინაშვილს, ირინე და ნატა ფირცხალავებს, ლიკა, ნატალია, ნინო, რუსუდან ჭავჭავაძეებს, ბატონებს: ლევან თაქთაქიშვილს, მერაბ კოკოჩაშვილს, რევაზ მაყაშვილს, გულბათ ტორაძეს, დავით ჭავჭავაძეს, აგრეთვე, გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ იზა ორჯონიკიძეს და ამავე მუზეუმის იკონოგრაფიის განყოფილების გამგეს, ქალბატონ თამარ ზურაშვილს.

2 ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ

▲ზევით დაბრუნება


 

იოსებ ბიჭიკაშვილი

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.

   
     
ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა წარჩინებულესნი და შემძლებელნი» არიან «ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი, ენდრონიკასშვილი, ჯორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახვახისშვილი, რუსისშვილი, ჯან-დიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი, გურამისშვილი და ტუსიშვილი-ზედგენიძე».1 ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ვაჟი  -  იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში  -  «შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა»  -  თავადი ჭავჭავაძეების წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: «თავადი ჭავჭავაძე, არიან ორ გვარად, პირველნი რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინა, იგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფისა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ფშავის მთითვე ჭავჭეთის ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდნენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნი, რომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა, 2) მელქისადეგისა შვილები. ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდან მოსრულნი, რომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსა. გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის და-ასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემ ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდენ მამუჩის შვილებად და რომელიცა ახლაცა იწოდებიან მამუჩის შვილებად: 1) ივანეს შვილები, 2) ბერი ნაზირის შვილები და 3) გარსევანის შვილები და სხვანი».2  

1. ვახუშტი «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» წიგნში: «ქართლის ცხოვრება», ტ.IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ.35

2. იოანე ბაგრატიონი «შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა» თბ., 1997, გვ.43; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი S-3729, ფ.27ა (ხელნაწერი)

     
პირველი დოკუმენტური ცნობები თავად ჭავჭავაძეთა შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება.3 ამ საგვარეულოს უძველესი, ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ფაროდი (ფარიდონ) ჭავჭავაძე4; იგი იხსენიება 1440 წლის სიგელში, რომელიც საქართველოს მეფემ ალექსანდრე პირველმა, დიდმა (1412-1442) უბოძა კათალიკოს შიო II-ს (1440-1443); ფაროდის შესახებ აქ ვკითხულობთ: «ქ. სახელითა ღთისათა ჩუენ პატრონმან მეფემან ალექსანდრე ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგაჴსენეთ თქუენ... დედა-ქალაქსა მცხეთისა საყდარსა და ... ქართლისა პატრიარქსა კ~ზსა შიოს მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისა და შლილობისაგან მცხეთისა და გარესჯისა უდაბნოსა მამულთა მათნი მემზღურენი შემოეცილნეს და რაცა არაგუსა აქათ მცხეთისა მამულნი იყუნეს, მეჟმეობით, რომელთამე მიიტაცნეს, ვქენით მო-კითხული და რა გუარცა გუმართებდა, ძველნი გუჯარნი და სიგელნი მოვახუმევი-ნეთ და ვითა არავის მართებდა, აგრე ჩამოვხსენით და არავის-რა საქმე დავადებინეთ არა დიდთა და არა მცირეთა, რა გუარცა არავინ ღირს ყოფილა: ჭავჭავაძესა ფაროდის ზენკელისძისა პროკოპისათჳს ნატყუარი სიგელი დაეწერინა ვანთა, ვარცისა და დუმას-უბნისა და რაგუარცა ტყუილი იყო, აგრე გავაცუდეთ და ფიცითა გარდაწყდა და უდაბნოსავე დარჩა. ამას გარედ რაცა გარესჯისა უდაბნოსა მამულნი არიან და გუჯრები ძეს მთას იქითისა და მთას აქითისა, რაგუარათაცა ამას წინად ჩუენთა გუართაგან ხელშეუვალნი ყოფილან, მით წესითა დაგიმტკიცეთ და მოვაჴსენეთ... ამას გარეთ ერწოს ორი სოფელი ნოდოკსა და გორანა მათითა მზღურითა ერთობით ყუელანი, რაგუარცა ძუელთა გუჯართა შიგა სწერია, ბინწმენი მისითა მზღურითა, ხატის-წობედა, ძაგ ნაკორნათა, რაცა მცხეთისა არის, ჯუარი, ჯაჭჳ, ფოსუი, კუტალას ორნი, კუამლი კაცნი. ამას გარეთ ნიწობლის ძისეულისა მამულისა და ოქროპირის შვილისა მამული, გარდაუწყვეტელი დარჩა და სააჯოს კარი არა დაგეჭიროს; და ვისაცა მცხეთისა და გარესჯისა მამულთანა საქმე ედვას, იგი სამართლითა გარდაწყდეს. ქკს: რკვ».5  

3. თ.ჟორდანია «ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიის და მწერლო-ბისა» ტ.II, თბ., 1897, გვ.244. 4. ივ.ჯავახიშვილი მას მოიხსენიებს ფარიდონად იხ. მისი «ქართული სიგელთმცოდ-ნეობა ანუ დიპლომატიკა» თბ., 1926, გვ.156


5. თ.ჟორდანია «ქრონიკები...» დას. ნაშრ. ტ.II, გვ.244

     
XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობდნენ კახეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც მეფის კარისკაცნი, მრჩევლები, დესპანები, მხედართმთავრები და მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები.

ისტორიული წყაროები და, აგრეთვე, ხალხში დარჩენილი ზეპირსიტყვიერი გადმოცემები მოწმობენ, რომ თავადი ჭავჭავაძეები კახეთის მკვიდრნი არ ყოფილან. ისინი საქართველოს სხვა კუთხიდან მოვიდნენ «ალაზნის დიდ ჭალას» და იქ დასახლდნენ.

   
     
ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი, გრიგოლ ყიფშიძე 1913 წელს წერდა: «გადმოცემა ამბობს, რომ ჭავჭავაძენი ხევსურეთის მკვიდრნი იყვნენ, იქიდან არიან გადმოსულნი და ამ გვარის კაცნი დღესაც არა ერთი და ორი კომლია ხევსურეთში. ეს გვარი აქა-იქ გლეხკაცებად სცხოვრობს დღეს (XX ს. დას.  -  ი.ბ.) ქართლშიც, მაგალითად ცერონი-სავლევში».6  

6. გრ.ყიფშიძე «ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია» იხ. წიგნში: ილ.ჭავჭავაძის თხზულებანი. მიხ. გედევანიშვილის გამოცემა, თბ., 1914, გვ.II

     

ამ ფაქტსავე აღნიშნავს იოანე ბატონიშვილი თავის ცნობილ ლიტერატურულ ძეგლში  -  «კალმასობა», რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი და ისტორიული პირი  -  გარსევან ჭავჭავაძე ამბობს: «მე მთის კაცი ვარ და რა კაცის მტრობა ჩავა ჩემს გულში, არღა ამოვაო».7

  7. იოანე ბატონიშვილი «კალმასობა» კ.კეკელიძისა და ალ.ბარამიძის რედაქციით თბ., 1936, გვ.129
     
ჩვენამდე მოღწეულია ხალხური ლექსი, სადაც ფშავის სანახებთან გეოგრაფიულად დაკავშირებული ჭავჭავაძეთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის ბრძოლა

და სიკვდილია აღწერილი:
«ბრალია შენი სიკვდილი
ფუძნარში, ჭავჭავაძეო,
თავზე გჭირს სამი ნახმლევი,
ზედ ერბო-კვერცხი გაძეო!» 8

 

8. «ფშაური ლექსები» შეკრებილი დ.ხიზანიშვილის მიერ. თბ., 1887, გვ.239; ი.ბეჟანი-შვილი «ჭავჭავაძეთა ერთი შტო თიანეთში» გაზ. «ახალი თიანეთი», № 30 (15 მარტი), თიანეთი, 1966, გვ.4

     
 ფუძნარი ძველი სოფელია, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების მთის ძირას, თიანეთისა და დუშეთის რაიონების მიჯნასთან, ჟინვალის აღმოსავლეთით.

არსებობს თავად ჭავჭავაძეთა წარმოშობის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ვიდრე ისინი კახეთში გადმოსახლდებოდნენ, ცხოვრობდნენ ჯერ ქართლში და შემდგომ ფშავში დასახლდნენ.9

  9. ამბ.გაჩეჩილაძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის იხ. წიგნში: ლიტე-რატურული ძიებანი, VIII, 1953; ს.ცაიშვილი «ილია ჭავჭავაძის გვარის ისტორი-იდან» წიგნში: «წინამორბედნი და თანამედროვენი» თბ., 1986, გვ. 50-62; რ.თოფჩიშვილი «ჭავჭავაძეთა გვარის ისტორიისათვის» გაზ. “ლიტერატურული საქართველო” № 31 (2 აგვისტო), თბ., 1985, გვ.11
 
     

XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო სამ სამეფოდ დაიშალა, რასაც სათავადოების ჩამოყალიბება მოჰყვა. ამ დროსაა სავარაუდო შექმნა ჭავჭავაძეთა სათავადოსი, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა გურგენიძეებისა და ჯორჯაძეების სათავადოები, აღმოსავლეთით  -  ქიზიყის სამოურავო, სამხრეთიდან  -  ჯანდიერების, ხოლო დასავლეთიდან  -  მაყაშვილების სათავადოები.

თავადი ჭავჭავაძეები ორ შტოდ იყვნენ გაყოფილნი. ერთი შტოს რეზიდენცია ყვარელში, ხოლო მეორისა  -  წინანდალში იყო. XVI-XIX სს-ში იქ მათ სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია ჰქონდათ. ყვარელის ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალე ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია იყო და არის დღესაც.

ჭავჭავაძეების სათავადოს, ისევე როგორც სხვა სათავადოებს, სამართავად უნდა ჰყოლოდა თავისი მოხელეები (მოურავი, მდივანი, მამასახლისი, ხელოსანი და სხვ.), მაგრამ ამის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის.
XVI საუკუნიდან მოყოლებული, თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები ქართულ ისტორიულ საბუთებში არაერთხელ იხსენიებიან. მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიგელში, რომელიც 1517 წლით თარიღდება, მოხსენებულნი არიან ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წევრები: «...ესე... სიგელი... მოვაჴსენეთ თქუენ ... (მცხეთას) და კზ~ს ბასილის ჩუენ ჭავჭავაძეთა როშნიას შვილთა: ზაალ, დასტან, მანუჩარ და გიორგი... ოდეს ჩუენი ძმა შემოგუაკუდა... შემოგწირეთ მისთჳს... (საკანონოდ) ახალ-კალოს ჩუენნი მკჳდრნი ყმანი ლურსასძენი... და ახმეტას ვენაჴი..., რისაც მამული (იქ მსხდომნი გლეხნი) მქონებელნი ყოფილან... დაიწერა ქკ»ს: სე:». [ბოლოს სხვა ხელით]: «ახლად ჩუენ გიორგის შვილნი (ჭავჭავაძენი) გარსევან და ბეჟან შევეცილენით ლუარსას ძეს სამნიას მამულსა... ესე სიგელი მოიტანეს (ლურსას ძეთა)... შევაკმეთ... და... კიდევ შევწირეთ».10

  10. თ.ჟორდანია «ქრონიკები...» დას. ნაშრ. ტ.II, გვ.334
     

კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605) მიერ 1584 წელს გაცემულ წყალობის წიგნში მოხსენებულია გარსევან ჭავჭავაძე, რომლის მამული და ყმა მეფემ უბოძა თავის ერთგულ თავადებს: «[ქ.]... [ჩუენ, ღ[უ]თ]ივ გუირგუინოსანმან, ძლიერმან და მტერთაგან უძლეველმან, ღ[უ]თივ დამყარებელმან და ღ[უ]თის მსახურმან საქართველოსა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ხელმწიფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თინათინ და ძეებმან ჩუენმან პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი და პატრონმან კონსტანტინე, ესე უთუო და უთუომცაი დრო-დაუდებელი მიზეზ-შემოუღებელი და ჟამთა აღსასრულამდის გასათავებელი წიგნი და მტკიცე სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა და თავგაწირვით ნამსახურთა და ჩუენთა თანა-შეზრდილ-გაზრდილთა ყმათა და ჩუენთა სამსახურზედან მრავალფერად ჭირნახულთა ჯანდიერიშვილს არსლანს და თქუენთა შვილთა, დავითს, გივსა და რევაზს და მომავალთა თქუენთა ყოველთავე, მას ჟამსა როდესცა მოხუედით კარსა ზედან დარბაზისა ჩუენისათა და ამასგუეაჯენით, რითანცა შეგუეწყალენით და ნამსახურთა თქუენთა სამუქფო  -  წყალობა გუეყო;  -  აწე ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ, და ეგრეთ არა გიწყალობეთ, ვითარცა ერთგულად ნამსახურსა თქუენსა ვემართლებო-დით, და გიბოძეთ თქუენთუის სამკუიდროდ ენისელთათ ჭავჭავაძის გარსევანისეული კაცი კუამლი ექუსი და ყუორუღი ერთი, საკანს დანიელაშვილი და მისი განაყოფი მათის ყმებითა და წისყუილითა, სხუა კაცი კუამლი სამი, გორამიყარს გოგოღლასეული კაცი კუამლი ორი, ბარაუნთათ ქაღალდასეული კაცი კუამლი ერთი, კიდევე ბარაუნში, ჯანაანი კაცი კუამლი თექუსმეტი, კიდევე ბარაუნთათ ქამბაათისეული კაცი კუამლი თხუთმეტი და ახმეტას ვენახი ერთი ჯოთენურისეული; ესე ამითისა სასახლითა, ქუევრ-მარნითა, ვენახითა, წყალ-წისქუილითა, სახნავითა, სათიბითა და უთიბითა, ტყითა და მინდურითა, სახმრითა და უხმრითა, მათისა სამართლიანითა ყოვლითურთ უნაკლულოდ თქუენთუის სამკუიდროდ გუიბოძებია ასრე და ამა წესითა რომე ამა ჩუენგან ნაბოძებსა ყმასა და მამულსა ვერცა თყუენი ძმები, ვერცა მათი შვილები და ვერა თქუენი სახლისკაცი და ნათესავი ვერა დაგეცილოსთ და ამა ჩუენგან ნაბოძებსა ყმასა და მამულზედან ხელი ვერავინ დაიდვას, სამკუიდროდ თქუენთუის და თქუენთა შვილთათუის გუიბოძებია ყოვლისა კაცისაგან ხელშეუვალად და, თუ ვინმე დაგეცილოს, პასუხის გამცემი ესე ჩუენგან ნაბოძები სიგელი იყოს, რომე ამა ყმასა და მამულზედან თქუენის სახლის-კაცსა ხელი არავის აქუს, ხელშეუვალად თქუენთუის გუიბოძებია. აწე გქონდესთ და გიბედნიეროს ღ»თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან-ბრძანება ესე საბოლოვოდ ნიშნად გუიბოძებია. დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა წელიწადსა მეათესა, თუესა ივლისსა შუიდსა, ქკ»სა ს:ო:ბ: და ლაშქარ-ნადირობასა და სათათროსა საურისაგან კიდე სხუა საჩუენო სათხოვარი, გამოსაღები და ბეგარა ამა თქუენსა მამულსა არა ეთხოვებოდეს. დაიწერა წიგნი ესე კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ფრიად ცოდვილისა მთავარასძის ზურაბისაგან. ხელმწიფე ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღმრთისაითა ამენ»11.

  11. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან ტ.1. ნ.ბერძენიშვილის რედაქციით თბ., 1940, გვ.360
     

XVI საუკუნის ბოლოს ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები იმდენად დაუახლოვდნენ კახეთის სამეფო კარს, რომ სახლთუხუცესის და მოლარეთუხუცესის მაღალი თანამდებობები დაიკავეს. დავით-გარეჯის მონასტრის 1590 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენებულია კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი იასონ ჭავჭავაძე, რომელსაც მონასტრისათვის შესაწირავი მიუძღვნია: «მე, ჭავჭავაძემ სახლთუხუცესმან, პატრონმან იასონ, შემოგწირე და მოგახსენე გრემს მსახლობელი ჩვენინასყიდი ერთი კვამლი ურია აფია და მისნი შვილნი. მათისა სამართლიანისა ნასყიდისა და უსყიდისა მამულით»12.

 
12. ს.კაკაბაძე ისტორიული საბუთები, III თბ., 1913, გვ.82
     

XVII საუკუნის ნახევრის (დაახ. 1646-1655 წწ.) ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე: «ქ... ესე გარდაწუვეტილობისა წიგნი მოგეცით (ჩუენ) შალიკაშვილმა პატრონმა როსტომ და ჩემმა შვილმა პატრონმა ზურაბ და გიორგი თქუენ, ავალიშვილსა ალავერდელსა პატრონსა არსენის; ასე და ამა პირსა ზედა, რო მე მეფემა პატრონმა როსტომ ამოწყუეტილის იოთამის თავ-ნელიშვილის კერძო მამული გუიბოძა სამკუიდროთ და საბოლოოთ და იმას ერთი იმერელი მოსლოდა და რხვითს მეზურეთ დაეყენებინა, აიყარა და შალვაშვილის ბახუტას დროშია ალავერდს შემოიხვეწნეს და გუიბოძეთ ფასი სრული და რითაც ჩუენი გული შესჯერდებოდა და მოგყიდეთ კენჭაძე მახარა და შვილნი მისნი და შიო, გიორგი და დათუნა, შვილიშვილნი და მომავალნი სახლისა მისისანი მოგეცით თქუენ და ძმათა ტქუენთა პატრონსა ავალსა, ქაიხოსროს, ღონეჰნასა, შვილთა მათთა ლევანს, გიორგის, იოვანეს, ზაალს, სვიმონს, ზურაბს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათარათაც გინდოდეს, ყოვლადფერით მოიხმარეთ, თქუენი მცილე არვინ იყოს დღეს და დღეის უკან თუ ქართლისაკენ წამოვიდეს, ისევე მოგართვათ. არის ამისა მოწამე თვითონ ერისთვის უმა ბანცური ივანე, ყავარდელი ყღული, სეხნია წვიმეტიძე, მეტრეველი მამუკა, გოშიძე პაპუნა, ეპეტაშვილი დვანელი გოგია, საყდროვანი დეკანოზი აბრამ და კანდელაკი, მოლარეთ უხუცესი ჭავჭავაძე მამუკა და სულ საალავერდონი. ვინცა ესე ასე არ გაგითაოს, თავადამაც რისხვს ღმერთი... და თვით დიდი წმინდა გიორგი ალავერდისა».13

  13. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ..., ტ.1. დას. ნაშრ. გვ.366-367
     

შესაძლებელია, სწორედ ეს მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე მოიხსენიებოდეს ხალხური ლექსში, სადაც აღწერილია მისი გმირული სიკვდილი ლეკებთან ბრძოლაში:

«შენ მამუკა ჭავჭავაძე
გონიერო და ჭკვიანო,
ზღვის პირს გაზრდილო ლერწამო,
ბატონის კარს ოქმიანო,
გლეხნი გაქებენ, თავადნი,
ყეინნი კახს გეტყვიანო.
გომბორს ჯარი გადმომდგარა,
თურდოზე ჩამოდიანო,
ქვა სტირის, ქვიშა დასძახის:
მამუკას თავსა სჭრიანო,
ახალ მოვისა პერანგსა
ძაღლი ლეკები ხდიანო.
 -  წინანდლის ციხევ მაღალო,
რისთვის აგაგე ტიალო,
ზედ მოწყობილო მარანო,
საწოლო ფანჯარიანო» 14

  14. «ხალხური პოეზია» შეკრებილი ვ.კოტეტიშვილის მიერ. თბ., 1934, გვ.241
     

არჩილ მეფის (1647-1713) პოემაში «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა», მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1648) თანამედროვე «გარსევან ჭავჭავაძე, გულბაათის შვილი», რომელსაც ასევე თავი გამოუჩენია ლეკებ-თან ბრძოლაში.15

  15. არჩილი, თხზულებათა სრული კრებული. თბ., 1999, გვ.310-311
     

XVII საუკუნის 50-იან წლების ერთ ისტორიულ დოკუმენტში იხსენიება ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს წარმომადგენელი მამუჩი ჭავჭავაძე, რომლის შთამომავლები ცნობილნი არიან როგორც «მამუჩაშვილები»: «- ქ»კს: ტმბ [1654 წ.]: ქ. შემოგვეცილნეს ჩუენ წინ საგარეჯოველთ მთის საზღვრის ჭავჭავაძე მამუჩი და მისი ძმისწული გიორგი და გულბათ და იასონ... ფიცი ჩვენვე მოგვარ და... დავიფიცეთ ჩ»ნ ქკ»მან ქრისტეფორემ და საგარეჯოს მოურავმან ჯანდიერიშვილმა როსებ... დაიწერა ქკ»ს: ტმბ: იანვარს: ბ: ჴელითა ჭერემელ ებისკოპოზის (რუსიშვილის) ეპიფანესითა».16

  16. თ.ჟორდანია. ქრონიკები.., დას. ნაშრ. ტ.II, გვ.467.
     

XVIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში (სიგელ-გუჯრებში) ხშირად გვხვდე-ბიან თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები. კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (1722-1732) სიგელში, რომელიც დათარიღებულია 1726 წლით, იხსენიებიან: სუფრაჯი გიორგი მამუკას ძე, მეჯინიბეთუხუცესი გარსევან რამაზის ძე და მისი ძმები  -  მამუჩი, სულხანი და მერაბი.17 აქ ისიც არის აღნიშნული, რომ ჭავჭავაძეთა «მამა-პაპანი» დიდად ნამსახურნი ყოფილან საქართველოს მეფეთა კარზე. «ერთგულებასა სამსახურსა შინა აღსრულებულ იყვნეს, რამე თუ მრავალნი შრომანი და ჭირნი თავს ესხნეს და მრავალ ჯერ ექსორია ქმნილ-იყვნენ უცხოთა ადგილთა და ქვეყანათა კურთხეულთა მათ-მამათა და პაპათა ჩვენთა თანა». ამიტომო,  -  «ხოლო აწ რომელნიცა დაშთომილ იყვენით  -  შვილნი მათნი,  -  უფროსნი მსახურებანი აღესრულენით, რამეთუ არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად». «ვისმინეთ აჯა და მოხსენება და დავამტკიცეთ რაც რომ მამული მამა-პაპათა თქვენთა ჰქონოდეს იმგვარად გაგიახლებია თქვენი სამკვიდრო მამული ურიათუბი, რისაც მქონებელი იყვნეთ, წინანდალი, რისაც მქონებელი იყვნეთ, ახალკალო მთით და ბარით, მუკუზანი მთითა და ბარით, ველის ციხე, რისაც მქონებელი იყვნეთ, შილდაც, რისაც მქონებელი იყვნეთ, შალვაურს, რისაც მქონებელი იყვნეთ, ქვემო ხოდაშენს რისაც მქონებელი იყვნეთ, იღოველი როგორც გქონებოდეს, კოჭბა, როგორც გქონებოდეს, ახთალა, რაც გქონებოდეს, ენგიანი ენისელში კანდახი, თოფრა-ყალა, ყურუ-ბაღჩა, აღოზანი სულ რაც ამათი ყოფილიყოს ენისელში რაც სახელოდ გქონდებოდეს ის დაგვიმტკიცებია... ახლა ჩუენს ერთგულობასა შინა სამოურავოდ გიბოძეთ ძაგნაკორს ლაფანასშვილები გქონდეს და გიბედნიეროთ».18

 

17. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფ.214, აღწერა 1, საქმე №837, ფ.262.

 

 

 

18. (სცია), ფ.214, აღწერა 1, საქმე №837, ფ.262.

     

ილიას ჭავჭავაძის პაპის მამას, ბესპაზს  -  თავი გამოუჩენია ხუნძახის ხანის ნურსალ-ბეგისა და მისი 20 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში 1755 წელს, ყვარლის ციხის დაცვისას. როგორც მეფეების, თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა მეომრებთან ერთად, ბესპაზ ჭავჭავაძემ «რჯულის, გულისათვის თავი საყათლანოთ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოდა» და ყვარლის ციხე-სიმაგრეს ალყაშემორტყმული ხუნძახის ხანი და მისი ლაშქარი სასტიკად დაამარცხა და უკუაქცია.

გრიგოლ ორბელიანმა პოემაში «სადღეგრძელო» წარმოაჩინა «კახეთის თვალის  -  ყვარელის» გადასარჩენად თავგანწირულ გმირთა ბრძოლის ბრწყინვალე სურათი:

«რა ცეცხლი გაჩნდა გაღმა-მხარს, რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?
მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა!
ოცდარვა დღეა, რაც ისმის ხმა ომის შეუწყვეტლისა!
გაჭირდა... ციხე მისუსტდა... სად არის ხელი მხსნელისა?
. . .
გაჩნდნენ... დაჰკივლეს... ხმალ და ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი
და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი!».19

  19. გრიგოლ ორბელიანი თხზულებათა სრული კრებული აკ.გაწერელიასა და ჯ.ჭუმბურიძის შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით. თბ., 1959, გვ.95-96
     
თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელნი სასულიერო მოღვაწენიც იყვნენ. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის (1744-1798) მეფობის დროს სამეფო კარის მოძღვარი იყო ამბაკო გარსევანის ძე ჭავჭავაძე. მისი სახელი აღბეჭდილია ქ. თელავის სამეფო კარის ეკლესიის ვერცხლის ხომლზე: «ქ. ჩვენ ქართლისა და კახეთის და სხვათა მპყრობელმან მეფემან ირაკლი მეორემან გავაკეთებინეთ ჴვამლი ესე თელავის კარისა ღვთისმშობლის ეკლესიისათვის კარის წინამძღვრობასა ამბაკო მისისა ჭავჭავაძისასა... წელსა ჩყპგ (1783წ.)».20   20. ე.თაყაიშვილი არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები. ტ.1. თბ., 1907, გვ.243
     
თავად ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოს წარმომადგენელმა, ილია ჭავჭავაძის პაპამ, პაატა ბესპაზის ძემ 1792 წელს თავი გამოიჩინა, რათა სოლომონ მეორეს ხელმეორედ დაებრუნებინა იმერეთის სამეფო ტახტი. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წიგნში  -  «ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა»  -  წერს: «ამას (პაატა ბესპაზის ძეს  -  ი.ბ.) მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისაკენ მუნ მისრულთა ლეკთა, შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ».21   21. პლატონ იოსელიანი «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა» აკ.გაწერელიას რედაქციით თბ., 1936, გვ.263
     
მეფე გიორგი მეთორმეტემ 1800 წელს პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძეს უბოძა ხუ-თასისთაობა გაღმამხარის, ბახტრიონიდან მოკიდებული გავაზამდე. სიგელში ნათ-ქვამია: «ეცადე ერთგულად გვემსახურო, სანაცვლად ჩვენგან წყალობას ელოდეო. როცა ჯარი დაგვჭირდება, შენ უნდა გამოიყვანო და განაგოო. დაწესებულ ჯამაგირისა და ულუფას ჩვენგან მიიღებო».22   22. სცია, ფ.213, აღ.1, საქმე №106, ფ.9-10.
     
მეფე ერეკლე II-ის ეპოქას მიეკუთვნება სახელმწიფო მოღვაწე, ქართველი დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის საიმპერატორო კარზე  -  თავა-დი გარსევან ჭავჭავაძე.23 1783 წლის 24 ივლისს, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა, გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს.24 1784-1801 წწ. იგი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულ-უფლებიანი ელჩი რუსეთის იმპერატორის კარზე. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი მის შესახებ წერდა: «ჰაზრი მისი იყო ემსახურა მამულისათვის, ჰფიქრობდა მეფისათვის და დამშვიდებისათვის აღრეულთა ქართველთა». იონა მეუნარგიას სიტყვით: «გარსევან ჭავჭავაძე იყო მწიგნობარი, მას ჰქონდა ყოველგვარი მისი დროის განათლება. იცოდა რუსული ენა და სასახლეში უპირველესი ადგილი ეჭირა... საქართველოს თავად-აზნაურობაში გარსევანი იყო ყოველთაგან პატივცემული, და პეტერბურგში გადასახლებულ ქართველობასთან დიდი განწყობილება ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ერეკლემ ის პირველ ელჩად აირჩია ისეთ მძიმე საქმეში».   23. ზ.ცქიტიშვილი გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. თბ., 1982

24. გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესა-ვალი და შენიშვნები დაურთო გიორგი პაიჭაძემ. თბ., 1983, გვ.56

     
მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ.), გარსევან ჭავჭავაძე მისი მემკვიდრის მეფე გიორგი XII-ის (1798-1800) დროსაც განაგრძობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შესრულებას რუსეთის იმპერატორის კარზე.

გარსევანის ვაჟის, რომანტიკოსი პოეტის- ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი ქართული საზოგადოებრივ- კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო როგორც წინანდალში, ასევე თბილისში, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოში მყოფი რუსი და ევროპელი მოღვაწენი.

და ბოლოს, თავად ჭავჭავაძეთა შთამომავლები დღეს ცხოვრობენ და მოღვაწეობენ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

 

შენიშვნა: – R – სამეფო შტოს წარმომადგენლები.

3 წყაროები და ლირერატურა

▲ზევით დაბრუნება


წყაროები და ლიტერატურა:

1. ვახუშტი «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» წიგნში: «ქართლის ცხოვრება», ტ.IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ.35

2. იოანე ბაგრატიონი «შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა» თბ., 1997, გვ.43; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი S-3729, ფ.27ა (ხელნაწერი)

3. თ.ჟორდანია «ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიის და მწერლო-ბისა» ტ.II, თბ., 1897, გვ.244

4. ივ.ჯავახიშვილი მას მოიხსენიებს ფარიდონად იხ. მისი «ქართული სიგელთმცოდ-ნეობა ანუ დიპლომატიკა» თბ., 1926, გვ.156

5. თ.ჟორდანია «ქრონიკები...» დას. ნაშრ. ტ.II, გვ.244

6. გრ.ყიფშიძე «ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია» იხ. წიგნში: ილ.ჭავჭავაძის თხზულებანი. მიხ. გედევანიშვილის გამოცემა, თბ., 1914, გვ.II

7. იოანე ბატონიშვილი «კალმასობა» კ.კეკელიძისა და ალ.ბარამიძის რედაქციით თბ., 1936, გვ.129

8. «ფშაური ლექსები» შეკრებილი დ.ხიზანიშვილის მიერ. თბ., 1887, გვ.239; ი.ბეჟანი-შვილი «ჭავჭავაძეთა ერთი შტო თიანეთში» გაზ. «ახალი თიანეთი», № 30 (15 მარტი), თიანეთი, 1966, გვ.4

9. ამბ.გაჩეჩილაძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის იხ. წიგნში: ლიტე-რატურული ძიებანი, VIII, 1953; ს.ცაიშვილი «ილია ჭავჭავაძის გვარის ისტორი-იდან» წიგნში: «წინამორბედნი და თანამედროვენი» თბ., 1986, გვ. 50-62; რ.თოფჩიშვილი «ჭავჭავაძეთა გვარის ისტორიისათვის» გაზ. “ლიტერატურული საქართველო” № 31 (2 აგვისტო), თბ., 1985, გვ.11

10. თ.ჟორდანია «ქრონიკები...» დას. ნაშრ. ტ.II, გვ.334

11. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან ტ.1. ნ.ბერძენიშვილის რედაქციით თბ., 1940, გვ.360

12. ს.კაკაბაძე ისტორიული საბუთები, III თბ., 1913, გვ.82

13. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ..., ტ.1. დას. ნაშრ. გვ.366-367

14. «ხალხური პოეზია» შეკრებილი ვ.კოტეტიშვილის მიერ. თბ., 1934, გვ.241

15. არჩილი, თხზულებათა სრული კრებული. თბ., 1999, გვ.310-311

16. თ.ჟორდანია. ქრონიკები.., დას. ნაშრ. ტ.II, გვ.467.

17. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფ.214, აღწერა 1, საქმე №837, ფ.262.

18. (სცია), ფ.214, აღწერა 1, საქმე №837, ფ.262.

19. გრიგოლ ორბელიანი თხზულებათა სრული კრებული აკ.გაწერელიასა და ჯ.ჭუმბურიძის შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით. თბ., 1959, გვ.95-96

20. ე.თაყაიშვილი არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები. ტ.1. თბ., 1907, გვ.243
21. პლატონ იოსელიანი «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა» აკ.გაწერელიას რედაქციით თბ., 1936, გვ.263

22. სცია, ფ.213, აღ.1, საქმე №106, ფ.9-10.

23. ზ.ცქიტიშვილი გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. თბ., 1982

24. გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესა-ვალი და შენიშვნები დაურთო გიორგი პაიჭაძემ. თბ., 1983, გვ.56

შენიშვნა: – R – სამეფო შტოს წარმომადგენლები.

 

ნუსხა I შეადგინა იოსებ ბიჭიკაშვილმა

1. როშნია ჭავჭავაძე (o1470);

2/1. ზაალ როშნიას ძე (o1517-1529);

3/1. დასტან როშნიას ძე (o1517-1529);

4/1. მანუჩარ როშნიას ძე (o1517-1529);

5/1. გიორგი როშნიას ძე (o1517-1529);

6/1. (ვაჟი) როშნიას ძე - იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა ტ.II. ტფ., 1897, გვ.334; 2) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.123-124.

7/5. გარსევან გიორგის ძე (o1540-1584) - იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.334; 2) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.123-124; 3) ლ. ასათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.219-220; 4) დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან ნ.ბერძენიშვილის რედაქციით ტ.I. თბ., 1940, გვ.360

8/5. ბეჟან გიორგის ძე (o1540-1570) - იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.334; 2) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.123-124; 3) ლ. ასათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.219-220.
9/7. იასონ გარსევანის ძე (o1590), სახლთუხუცესი - იხ. 1) ლ. ასათიანი რჩეული ნაწე-რები ტ.I. თბ., 1958, გვ.220-221; 2) ს. კაკაბაძე “ისტორიული საბუთები”, წ. 3. თბ., 1913, გვ.82; 3) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.127; 4) ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის მეგზური ა.იოვიძის რედაქციით, თბ., 1947, გვ.44.

10/7. გულბაათ გარსევანის ძე (o1600) - იხ. 1) “არჩილიანი”, ტ.2. ალ.ბარამიძისა და ნ.ბერძენიშვილის რედაქციით თბ., 1937, გვ.86-87; 2) ლ. ასათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.222.

11/9. მამუკა იასონის ძე (o1639-1655), მოლარეთუხუცესი - იხ. 1) დოკუმენტები სა-ქართველოს სოციალური ისტორიიდან..., ტ.I. დასახელებული ნაშრომი, გვ.366-367; 2) ლ. ასათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.220; 3) კრებული «ხალხური პოეზია» თბ., 1934, გვ.241.

12/10. გარსევან გულბაათის ძე (o1630-1640) - იხ. 1) არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, 1999, გვ.310-311.

13/10. მამუჩი გულბაათის ძე (o1646-1682) -მისი შთამომავლები XVIIIს-ის ისტორიულ საბუთებში ხანდახან «მამუჩიშვილებად» იხსენიებიან იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.467; 2) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.124.

14/10. მამუკა გულბაათის ძე - იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.467; 2) ლ. ას-ათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.223.

15/11. ფარემუზ მამუკას ძე (o1642-1682) - იხ. 1) ჯ. ლომაშვილი ეტიუდები თბ., 1984, გვ.129.

16/12. გულბაათ გარსევანის ძე (o1654);

17/12. იასონ გარსევანის ძე (o1654-1682);

18/12. სეფედავლე გარსევანის ძე (o1682). - იხ. 1) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.467.

19/14. გიორგი მამუკას ძე (o1726) - იხ. 1) საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფ.214, აღ.1, საქმე №837, ფ.262; 2) თ. ჟორდანია ქრონიკები..., ტ.II., გვ.467; 3) ლ. ასათიანი რჩეული ნაწერები ტ.I. თბ., 1958, გვ.223; 4) Списки титулованным родам и лицам Российской империи Спб., 1892, стр.94-96.

შენიშვნა: o - საბუთებში ჩანს ამ წლებში.

გაგრძელება