The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.04

1863    
    
2 აპრილი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის მოკლე ბარათს, რომლითაც ატყობინებს, რომ დილის 5 საათზე ადგა, რათა ყველა საქმე დროულად მოაგვაროს და მეტი დრო დარჩეს ოლიკოსთან სალაღობოდ. სამომავლოდაც გეგმავს, რომ დილის საათებში იმუშაოს, სანამ ოლიკოს ეძინება, რათა შემდეგ მთელი დრო ერთად გაატარონ.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 403; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 445; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 73, 341.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1875    
    
2 აპრილი    
    
გაზეთ „დროებაში“ ცხადდება, რომ პარასკევს, 4 აპრილს გაიმართება სალიტერატურო-მუსიკალური საღამო დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით. წყარო:

სერგეი მესხი, გაზ. „დროება“, 1875, 2 აპრილი, № 39, გვ. 1; 4 აპრილი, № 40, გვ. 1; 9 აპრილი,№ 42, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1877
2 აპრილი
გამოდის „ივერიის“ მეხუთე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს მხატვრულ-ისტორიული ხასიათის პროზაულ ტექსტს „ამბავათ გაგონილნი“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 5, გვ. 13-14.

    
1886    
    
2 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 აპრილს“ („ჩვენა ვსთქვით, რომ ირლანდიაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მოუსავლიანობა ირლანდიაში“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 71; გაზ. „ივერია“, 1886, № 74, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 513.

    
1887    
    
2 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 1 აპრილი“ („ჩვენ გავსინჯეთ სამი ევროპიული სიტემა ღვინის კეთებისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 619-621; გაზ. „ივერია“, 1887, 2 აპრილი, № 69, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 189

    
1896   .
    
2 აპრილი   
    
საცენზურო კომიტეტის დაბარებით ესწრება სხდომას, რომელიც განიხილავს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ ცინცაძის მიერ „თომაანთ კობას“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული ფელეტონის „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“ საკითხს. პუბლიკაციაში მხილებულია იმპერიის სასწავლებლებში გამეფებული გარემო: აღმზრდელთა ფარისევლობა და მოწაფეთა ჩაგვრა. ნაჩვენებია, რომ განათლების ნაცვლად ახალგაზრდებს სასწავლებლიდან მიაქვთ „გატეხილი გული“, „დასუსტებული ჯანი“ და „შერყეული რწმენა“. ამ ფელეტონის გამოქვეყნებისთვის ილია ჭავჭავაძეს, როგორც რედაქტორ-გამომცემელს ეძლევა შენიშვნა.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 242; „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“, გაზ. „ივერია“, 1896, № 39-41.

პირთა ანოტაციები:

ცინცაძე იაკობ თომას ძე (1872-1933)

ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ცნობილია ფსევდონიმით „ია ეკალაძე“.

    
1899    
    
 2 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა... “).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 2 აპრილი, № 71, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 238. პ

ირთა ანოტაციები:

ეზოვი გერასიმე არტემის ძე (1835-1905)

სომეხი ისტორიკოსი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე.

    
1900    
    
2 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ბეჭდავს სტატიას „ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი“ („ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ პასუხი მაღირსა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 1 აპრილი, № 73, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 367.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
2 აპრილი   
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება მიმოხილვითი წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“. მასში ილია ჭავჭავაძის მიერ „ახალმოსულის“ ფსევდონიმით გამოთქმული აზრი ინტერპრეტირებულია ისე, თითქოს მწერალს საზოგადოებისთვის ეთქვას „ნულები ხართო“. მიმოხილვის ავტორი ცდილობს მკითხველთა წაქეზებას და წერს, რომ ამას „არ დაივიწყებს ქართველი ხალხი“.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1900, № 14, გვ. 219-220.

    
1903    
    
2 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სია დუშეთის მაზრის თავადაზნაურთა, რომელთაც აქვთ საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება. მათ შორის არის ილია ჭავჭავაძე.   წყარო:

გაზ.„ივერია“, 1903, № 74.

    
2 აპრილი    
    
იღებს პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის დეპეშას, რომელშიც მადლობას უხდის მის წერილზე გაგზავნილი პასუხისთვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

    
1906    
    
2 აპრილი    
    
იღებს დავით სარაჯიშვილის დეპეშას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვით.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.