The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს მოკლე ისტორია დასაბამითგან 1917 წლამდე


საქართველოს მოკლე ისტორია დასაბამითგან 1917 წლამდე



რაჭველიშვილი ქრისრიფორე

საქართველოს მოკლე ისტორია დასაბამითგან 1917 წლამდე

სარჩევი

წინასიტყვაობა

შესავალი

საქართველოს ისტორიის წყაროები

კავკასიის თავდაპირიველი მკვიდრნი არიან თუ არა ქართველები

იაფეტური თეორია და ქართული ენა

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

უძველესი ხანა

იაფეტელთა სახელმწიფონი

არიელთა შემოსევა

ქართველების დაბინავება საქართველოში

მე-5 საუკუნიდან ქრისტიანობის მიღებამდე

ქართველი ტომები მე-5 საუკუნეში

კოლხეთი და იბერია

იბერიისა და კოლხეთის დამორჩილება რომაელთა მიერ

რომაელთა ბატონობის ხასიათი

იბერიის მეფენი მოტრიდატ I და ფარსმან I

მიტრიდატ II

ფარსმან II

კოლხეთი და იბერია მე-III საკუნები

გვაროვნულლა წყობილება

ძველი დროის ქართველთა მეურნეობა

სარწმუნოება და კულტური

ქართველი ტომების

ზნე-ჩვეულებანი

ქრისტიანობის მიღებიდან არაბთა შემოსევამდე

ქართველთა მოქცევა

ქრისტიანობის მილებიდან ვახტანგ გორგასლანიშდე

ვახტანგ გორგასლანი

შეფობის გაუქმება იზორიაში

ლაზიკის მდგომარეობა

არეულობა ლაზიკაში

იმპ. ჰერაკლეს ბრძოლა სპარსეთთან

საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ჯითარება ძველი ხანის დასასრულს

სარწმუნოება და კულტურა

არაბთა ბატონობა საქართველოში, ფეოდალიზმი

არაბები და მაჰმადი

არაბების მიერ იბერიის დაპყრობა

არაბების გალაშქრება დასავლეთ საქართველოზე

ერისთავნი ჯუან მერ, ნერსე და სტეფანოზ

არბათ. პოლიტიკის შეცვლა

არაბთა ბატონობის შედეგები

საქართველოს ეკლესია

ფეოდალური წყობილება და მისი განმტკიცება

ბრძოლა გაერთიანებისათვის

აფხაზეთის სამეფო

აღმოსავლეთი საქართველო

ბაგრატ აშოტის ძე და ბუღა თურქის შემოსევა

ქართლის დამორჩილება გიორგი I-ის მიერ

დავით კუროპალატი

საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ვითარება მე-9-10 საუკუნეებში

ფეოდალური მონარქიის ხანა

მონარქიის წარმოშობა

ბაგრატ III

გიორგი I

ბაგრატ IV და ბრძოლა ბიზანტიასთან

ბაგრატის ბრძოლა არაბებთან

ლიპარიტ ორბელიანის განდგომა

თურქსელჩუკები 472). გიორგი მე-11

საზოგადოებრივი წყობილება და სწავლა-განათლება გაერთიანებულ საქართველოში

ფეოდალური მონარქიის ძლიერებისა და საქართველოს აყვავების ხანა

ფეოდალური მონარქიის განმტკიცება

დავით აღმშენებელი

ცვლილებში შინაურ ცხოვრებისათვის

მუდმივი ჯარის შედგენა

დავით აღმაშენებელის საგარეო პოლიტიკა

დავით აღმაშენებელიდან თამარ მეფემდე

თამარ მეფე

დარბაზი

გიორგი რუსთან ბრძოლა

შამქორის ომი

ტრაპიზონის იმპერია

კარის აღება და ოში რუქნადინთან

არდებილსა და სპარსეთზე ლაშქრობა

თამარის მეფობის დასასრული

წესწყობილება და კულტურა ძლიერებისა და აყვავების ხანაში

სახელმწიფოებრივი ძლიერება

საზოგადოებრივი წესწყობილება

სწავლა-განათლება და მწერლობა

„ვეფხის ტყაოსანი“

ოქროს ხანის საფილოსოფიო თხზულებანი

მონგოლთა შემოსევა და ფეოდალური მონარქიის დაშლა

მონგოლები

მონგოლების მიერ საქართველოს დაპყრობა

დავით გიორგის ძის მონგოლებისადმი ურჩობა

დიმიტრი თავდადებული

გიორგი ბრწყინვალე

ბაგრატ მე-V

გიორგი VII და თემურ-ლენგი

თურქ-ოსმალები

ალექსანდრე I

საქართველო ახალ საუკუნეთა პირველ პერიოდში

საქართველო ახალ საუკუნეთა დამდეგს

საქართველოს სამეფონი

კონსტანტინე მეფის მოღვაწეობა

ოსმალეთისა და სპარსეთის მიერ საქართველოს განაწილება

ლუარსაბ I

სიმონ I

ლუარსაბ II და თეიმურაზ I

შაჰ-აბასის პირველი შემოსევა

შაჰ-აბასის მეორე შემოსევა

გიორგი სააკაძე

სააკაძე სპარსეთს ებრძვის

სააკაძის ოსმალეთს გაქცევა

თეიმურაზ I ქართლ-კახეთის ტახტზე

როსტომ I

თეიმურაზის განდევნა კახეთიდან

ვახტანგ V— შაჰნავაზ

არეულობის ხანა ქართლ-კახეთში

დასავლეთ-საქართველოს მდგომარეობა მე-15–17 საუკ.

დასავლეთ საქართველოს (იმერეთის სამეფოს) დანაწილება

ლევან დადიანი

არეულობის ხანა იმერეთში

შარდენის ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ

სამუსულმანო საქართველო

სამცხე-საათაბაგო

სამცხეში მუსულმანობის გავრცელება

საქართველოს საზოგადო ვითარება მე-15- 17 საუკ.

დაკნინების საერთო მიზეზები

სამეფოების ფინანსიური მდგომარეობა

სამხედრო საქმე

შარდენის ცნობებები აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ

განათლება და კულტურა

საქართველო მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში

საქართველოს პოლიტიკური ვითარება ამ ხანებში

ვახტანგ სჯულმდებელი

ოსმალთა ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში

თეიმურაზ და ოსმალნი

სპარსელნი ქართლში

პატარა-კახი ნადირ-შაჰთან

არეულობა იმერეთში

საქართველოს მოღონიერება და რუსეთთან დაახლოება

სპარსელთა წინააღმდეგ ამბოხებანი ქართლში

თეიმურაზის კურთხევის მნიშვნელობა

ქართლის გაძლიერები

საქართველო სპარსეთის საქმეებში ერევა

ქართლ-კახეთის შეერთება

ერეკლე მე-II

ერეკლეს საშინალი პოლიტიკა

ერეკლეს საგარეო პოლიტიკა

სოლომონ I, მეფე იმერეთისა

სოლომონის მიმართვა რუსეთისადმი

ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება

იმერეთის გაძლიერება

რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და რუსეთთან შეერთება

მფარველობის ძებნის მიზეზები

რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და მისი შედეგები

საქართველოს გაერთიანების ცდა

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა

გიორგი მე-XII

რუსეთის თვითმპყრობელობა ქართლ-კახეთის დაპყრობას ჰფიქრობს

ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობა

რუსეთის მომხრენი და მოწინააღმდეგენი

მე-18ს. დამლევის ვითარების მოკლე მიმოხილვა

რუსეთის თვითმპყრობელობის დამკვიდრება კავკასიაში

აღმოსავლეთ-საქართველოს მდგომარეობა

იმერეთის ვითარება

იმერეთის ბრძოლა სამეფოს დამოუკიდებლობისათვის

საქართველოს სამთავროების მოსპობა

მთიელთა დამორჩილება

საქართველო თვითმპყრობელობის ხელში

თვითმპყრობელობისადმი უკმაყოფილება

მთიულეთის ამბოხება

ამბოხება კახეთში

გარუსების პოლიტიკა და ამბოხება იმერეთში

ჯავახეთ-სამცხის შემოერთება

საქართველოს ვითარება ოციან წლებში

1832 წლის შეთქმულება

ვორონცოვის მმართველობა

ბატონყმობა საქართველოში და მისი გაუქმება

ეროვნულ-კულტურული აღორძინება

სამუსულმანო საქართველოს შემოერთება

ოთხმოციანი წლები და გარუსების პოლიტიკის გაძლიერება

თვითმპყრობელობის ზრახვები სამეგრელოს შესახებ

მუშათა მოძრაობის დასაწყისი ჩვენში. მარქსიზმის გავრცელება

საქართველო მე-20 საუკუნის დამდეგს

1905 წლის რევოლიუცია

1905 წლიდან 1917 წლამდე

მსოფლიოს ომი და რევოლიუცია რუსეთში

ოქტომბრის რევოლიუცია რუსეთში

რევოლიუცია და საქართველო

უმთავრესი წყაროები

1 წანასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინასიტყვაობა

ჩვენში ამჟამად საქართველოს წარსულისადმი დიდი ინტერესი ღვივის. სამწუხაროდ, ისეთი წიგნი არ მოგვეპოება, რომელშიაც ქართველი ხალხის წარსული დასაბამითგან ჩვენს დრომდე პოპულარულად იყოს მოთხრობილი. სწორედ ეს გარემოება მაქვს მხედველობაში და ამიტომ ვბედავ ამ წიგნის დაბეჭდვას. ოდესღაც ეს წიგნი დაიწერა სკოლებში სახმარ სახელმძღვანელოდ. სსვადასხვა გარემოების გამო იგი დროზე ვერ დაიბეჭდა. ამასობაში სასწავლო პროგრამები ძირითადად გადამუშავდა და ახალი მოთხოვნილებანი იქნა წამოყენებული. პროგრამასთან შეფარდება წიგნის მთლად გადამუშავებას მოითხოვდა, მაგრამ ამჟამად ეს ჩემთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ იგი მხოლოდ აქა-იქ შევავსე, ზოგან კი შევამოკლე. ვბეჭდავ მას იმ იმედით, რომ საშუალო მკითხველისათვის, ვისაც შეძლება და მოცალება არა აქვს სერიოზული გამოკვლევები წაიკითხოს, ეს წიგნი უეჭველად სასარგებლო იქნება და ჩვენს წარსულზე ასე თუ ისე მთლიან წარმოდგენას შესძენს.

ავტორი

P. S.

წყაროები, რომლითაც ამ წიგნისათვის ვსარგებლობდი, ბოლოშია აღნიშნული.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

საქართველოს ისტორიის წყაროები წყაროები. როგორ და რის მიხედვით. იწერება ისტორია? საიდან შეგვიძლია გავიგოთ იმ დროის ამბები, როდესაც ადამიანმა ჯერ კიდევ წერა არ იცოდა, ან იცოდა, მაგრამ იმ დროის არავითარი წერილობითი საბუთი არ დარჩენილა? აქ ისტორიას ეხმარება და შველის — არქეოლოგია, ენათმეცნიერება, ზეპირსიტყვაობა და უცხო ხალხთა მწერლობა. არქეოლოგია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიძველეთ-მეცნიერ ოლოგია ებას. არქეოლოგია შეისწავლის ძველ ნივთებს, ტაძრებს, შენობებს, საფლავებს და ამით იკვლევს, თუ რაგვარი კულტურული და საზოგადოებრივი ვითარება ყოფილა რომელიმე ერის ცხოვრებაში ამა თუ იმ დროს.

მაგალითად ვინმე უცხოელი ჩავიდა ქუთაისს და იქ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ნახა. ეს უცხოელი საქართველოს არც წარსულს იცნობს, არც აწმყოს. მას მხოლოდ უთხრეს, რომ ბაგრატის ტაძარი აშენებულია მე-XI საუკუნეში. ვსთქვათ, ამ უცხოელმა ხელოვნება და განსაკუთრებით ძველი არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება) კარგად იცის. როდესაც დააკვირდება, შეისწავლის ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმებს და მთელი შენობის სიდიადესაც წარმოიდგენს, ის უეჭველად იტყვის: მე-XI საუკუნის საქართველო კულტურით მაღალ საფეხურზე მდგარაო. უცხოელს შეუძლია ბევრი რამ სხვაც გითხრასთ ბაგრატის დროის საქართველოს დასახასიათებლად. ამგვარად ძველი შენობების ტაძრების და ნივთების შესწავლა, ე. ი. არქეოლოგია ბევრჯელ ნათელ წარმოდგენას მოგვცემს იმ დროზე, რაზედაც ჩვენს სხვა ცნობები არ მოგვეპოვება.

ასეთივე მნიშვნელობა აქვს ლინგვისტიკას. ლინგვისტიკა ანუ ენათმეცნიერება იკვლევს, თუ საიდან წარმოსდგა ესა თუ ენათმეცნიერება ის ენა, რომელ სხვა ხალხის ენას ჰგავს და ენათესავება. ამ გამოკვლევით ნათელი ეფინება არა მარტო ერის წარმოშობას, არამედ იმასაც, თუ ვის ჰქონია გავლენა ამა თუ იმ ხალხზე და საერთოდ ვისთან სჭერია მას მუდმივი ან შემთხვევითი ურთიერთობა.

ისტორიისათვის ძვირფასი მასალაა აგრეთვე ზეპირსიტყვაობა, ხალხური გადმოცემანი და თქმულებანი სხვადასხვა მოვლენებზე. — ზეპირად გადაცემის გამო თქმულებათა შინაარსი ხშირად იცვლება. მას ხან ახალი რამე ემატება, ხან აკლდება. მიუხედავად ამისა, თქმულების ჩონჩხი მაინც რჩება. ხალხურ თქმულებასა, სიმღერებსა და საერთოდ პოეზიაში თითქმის ყოველთვის გამოკრთის რაიმე ისეთი ისტორიული ამბავი, რასაც თვით ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ამიტომ ზეპირსიტყვაობას — ისტორია ხშირად იყენებს თავის მასალად, როდესაც სხვა უფრო სანდო წყაროები არ მოეპოება.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სხვადასხვა ხასიათის საკანონმდებლო საბუთებს, სიგელ-გუჯრებს, თანამედროვეთა ნაწერებს, უცხოელ მოგზაურთა მოწმობას, რომელთა მიხედვით ადვილად შეიძლება ამა თუ იმ დროის გაცნობა (იხ. მე-2 გვ).

ყველა ზემოხსენებულ წყაროებით ფართოდ სარგებლობს საქართველოს ისტორია.

მაგრამ, უპირველისად ყოვლისა, იგი სარგებლობს იმ წყაროებით, რომელთაც კერძოდ ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლა აქვთ მიზნად დასახული. ამ მხრით დიდი მნიშვნელობა აქვს პირვანდელ ნაწერებს. ეს ნაწერები უმთავრესად სასულიერო ხასიათისაა. მაგალითად ეგრედწოდებულ წმიდა მამათა ცხოვრების აღწერა ბევრს ისეთ წვრილმანს გადმოგვცემს, რაც გვიადვილებს წმინდანის დროის საზოგადოებრივი თუ კერძო ცხოვრების შესწავლას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უცხო მწერალთა და ის- ტორიკოსთა მოწმობას და ძველ წარწერებს. კულტურის მაღალ საფეხურზე მდგარი ერი ყოველთვის ძვირფას ცნობებს სტოვებს თავის მეზობლებზე. რაც შეეხება წარწერებს, იქ ხშირად იხსენიება რომელისამე მეფის თუ სარდლის ლაშქრობის ამბავი, მოხსენებულია ხოლმე თუ ვის ებრძოდა, როდის და როგორ გაიმარჯვა. ასეთი წარწერები ქართველთა წინაპარ ტომებს მრავლად აქვთ დატოვებული. თუმცა ყველა ეს წარწერა მეცნიერთაგან ჯერჯერობით სავსებით წაკითხული არაა, მაგრამ რაც წაკითხულია, იგიც დიდ მასალას იძლევა ჩვენი უძველესი წინაპრების თაობაზე.

საქართველოს შესახებ მრავალი ცნობა მოეპოებათ კერძოდ ბერძენთა, რომაელთა და არაბთა ისტორიკოსებს. მათი ცნობების მიხედვით საქართველოს წარსულის ბევრ სადაო საკითხს ნათელი ეფინება. რასაკვირველია უცხოელთა ცნობებს კრიტიკულად უნდა მოვეპყრათ და ბრმად არ უნდა ვერწმუნოთ. უცხო ხალხის ზნე-ჩვეულების, ცხოვრების გაგება არც ისე ადვილია და ამიტომ, უეჭველია, უცხოელთა მოწმობაში მრავალი რამ იქნება გადაჭარბებული ან ყალბად გაგებული.

წმინდანთა ცხოვრებანი 1882 წელს ერთ დიდ წიგნად გამოსცა საბინინმა. ამ წიგნს „საქართველოს სამოთხე" ეწოდება და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ისტორია დიდხანს ემყარებოდა ძველი ქართველი მემატიანეების ნაწერებს. საყურადღებოა კერძოდ უძველესი ქართული ისტორიული ნაწარმოები, ქრონიკა „მოქცევაჲ ქართლისაჲ". მასში საქართველოს „მოქცევის“, ე. ი. გაქრისტიანების ამბავია მოთხრობილი. „მოქცევაა ქართლისაჲ" მე-10 საუკუნეში შატბერდის მონასტრის (აჭარაში) ბერებს გადაუწერიათ და ამიტომ ხშირად „შატბერდის ქრონიკასაც" უწოდებენ. თვით ქრონიკა მე-9 საუკუნეში უნდა იყოს დაწერილი.

მეორე საყურადღებო მატიანე არის „ქართლის ცხოვრება“. იგი მრავალი ისტორიკოსის ნაწერების კრებულს წარმოსდგენს. „ქართლის ცხოვრების" პირველი ნაწილის წერა, ზოგიერთი მეცნიერის გამოკვლევით, უკვე მე-8 საუკუნეში დაუწყიათ. ძველი ისტორია აქ მოთხრობილია იმ წყაროთა მიხედვით, რაიც ავტორს იმ დროს ხელთ ჰქონია. მრავალი რამ არის იქ შეტანილი ისეთი, რაიც ხალხში დარჩენილი თქმულებების ელფერს ატარებს. დაახლოებით მე-11 საუკუნიდან მისი წერა დაუწყიათ უკვე თანამედროვეებს. ამიტომ „ქართლის ცხოვრების“ ცნობები სანდოა უფრო მხოლოდ იმ დროიდან, როდესაც ნახულ ამბებს თვით მნახველნი და მონაწილენი გადმოგვცემენ. „მქართლის ცხოვრება“ იმ სახით, როგორც დღეს გვაქვს, პირველად შეჰკრიბა, დააწყო და ოდნავ შეასწორა კიდევაც მე-18 საუკუნის დამდეგს ქართველ მეცნიერთა განსაკუთრებულმა კომისიამ. ეს კომისია შეადგინეს მეფე ვახტანგ მე-VI ბრძანებით. ყველა ძველი ხელთნაწერი შეაგროვეს, ერთმანეთს შეადარეს და შემდეგ დაჰბეჭდეს კიდეც. ეს მიტომ მოახდინეს, რომ „ჟამთა ვითარებისაგან ქართლის ცხოვრება გარყვნილიყო".

ძვირფასი ნაშრომები დაგვიტოვა აგრეთვე ბატონიშვილმა ვახუშტმა, რომელიც მე-18 საუკუნეში სცხოვრობდა (694-1776 წ. წ.) მან დასწერა ორი წიგნი: „საქართველოს ისტორია" და „საქართველოს გეოგრაფია“. მისი თხზულება საისტორიო წყაროების საფუძვლიან შესწავლაზეა დამყარებული. „ქართულ საისტორიო მწერლობაში პირველმა ვახუშტმა შეჰქმნა მძლავრი კრიტიკული მიმართულება. წყაროებისადმი წინანდელ სრულ და განუსაზღვრელ ნდობის მაგიერ იგი გაბედულად მათს კრიტიკულ განხილვას შეუდგა, მათი სხვადასხვაგვარი ნაკლულევანება გამოააშკარავა და შეძლებისდაგვარად შეასწორა" (პროფ. ივ. ჯავახიშვილი). ვახუშტის მიერ დაწერილ „ისტორიას" წინ უძღვის „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი". ეს შესავალი საქართველოს და ქართველთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების, სარწმუნოების და სამართლის, შინაური ყოფა-ცხოვრების ისტორიულ მიმოხილვას შეიცავს და როგორც მასალა, ძალიან ძვირფასია.

 ვახუშტისავე „საქართველოს გეოგრაფია" ფრიად დიდ განძს წარმოადგენს. აქ აწერილია საქართველოს ყოველი კუთხე დაწვრილებით და შიგ ჩართულია მრავალი ისტორიული ცნობა ციხე-ქალაქების, ეკლესიათ-მონსასტრების, სასახლეების, არხების, ხიდების აგების დროის შესახებ და სხვ.

გარდა წმინდა საისტორიო ნაწარმოებთა, მრავლად არის დარჩენილი სხვადასხვა საკანონმდებლო საბუთები, სიგელ-გუჯრები და სხვა. ეს სიგელ-გუჯრები დაბეჭდილია რამდენსამე ტომად, რომელთაც ეწოდება „საქართველოს სიძველენი". სახელმწიფო წყობილებისა, სამართლისა და საზოგადოების სხვადასხვა წრეების უფლებამოვალეობის გასათვალისწინებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ვახტანგ მე-VI მიერ მე-18 საუკუნეში შედგენილ „დასტურლამალს" და ეგრედწოდებულ „ვახტანგის კანონებს". ვახტანგის ბრძანებით შეადგინეს კრებული კანონებისა, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედნა სასამართლოს. იქ დაწვრილებით არის ჩამოთვლილი წოდებათა: გლეხთა, აზნაურთა უფლებანი და მოვალეობანი და ძველი საქართველოს ცხოვრების ნათელ სურათს იძლევა.

კავკასიის თავდაპირველი მკვიდრნი არიან თუ არა ქართველები. დღევანდელ საქართველოს ამიერ-კავკასიის დასავლეთი ნაწილი უჭირავს და უფრო შავ ზღვას ეკვრის. უხსოვარ დროიდან, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე, ქართველთა ერთ-ერთი ტომი, კოლხები უკვე მოსახლეობდენ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას. ამას მოწმობს ბერძენთა სახელგანთქმული ისტორიკოსი ჰეროდოტე. ამნაირად ქართველები ერთ-ერთი უძველესი ერთაგანია მთელ ქვეყნიერებაზე და უძველეს ხანაშივე დასახლებულა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ საკითხავია, ქართველები კავკასიის თავდაპირველი მკვიდრნი, ეგრედწოდებული ავტოხტონები არიან, თუ თავის დღევანდელ სამშობლოში გარედან მოსულან საიდანმე?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ისტორიის გარიჟრაჟზე, ეგრედწოდებულ პალეოლითის პერიოდში ამიერ-კავკასიას თავისი მკვიდრნი ჰყოლია. რასაკვირველია, ისტორიამ იმ მკვიდრთა შესახებ ძლიერ ცოტა რამ იცის. ერთი რამ კი ცხადია: კავკასიის ავტოხტონებ ქართველები და სომხები არ ყოფილან. გერმანელმა პროფესორმა ვირხოვმა და სხვა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქართველები და სომხები თავმოკლეები ანუ ბრახიკეფალები არიან. უძველეს საფლავებში ნაპოვნი თავების გაზომვამ კი ნათელჰყო, რომ წინად ჩვენს ქვეყანაში თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები ცხოვრობდენ. მაშასადამე ქართველები ამიერკავკასიაში პირველად შემდეგ, უკვე ისტორიულ ხანაში მოსულან. მათ, უეჭველია, ადგილობრივ მკვიდრებთან ბრძოლა ჰქონიათ. ნაწილი თავდაპირველი მკვიდრებისა ბრძოლაში გაწყვეტილა, ნაწილი ჩრდილოეთს გაქცეულა, ნაწილი კი დარჩენილა და გამარჯვებულებში გათქვეფილა. კავკასიის მთიელები თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები არიან. უეჭველია, მათ სისხლში ურევია სისხლი იმ ხალხისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების მოსვლამდე ცხოვრობდა და მერე იძულებული იყო ჩრდილოეთს გარდახვეწილიყო.

მაგრამ როდის და საიდან მოვიდენ ქართველები კავკასიაში? მეცნიერების აზრით ეს დაახლოებით მოხდა მე-XI-X საუკუნეს ქრისტეს წინ. ამ ხანებში ქართველების ნაწილი უკვე შემოსული იყო დღევანდელ საქართველოში. მაშასადამე, იყო ისეთი დრო, როდესაც ქართველთა წინაპარი ტომები სხვაგან სცხოვრობდენ. მეცნიერებამ საბოლოოდ გამოარკვია, რომ ქართველთა წინაპრების პირვანდელი სამშობლო იყო ტიგრისა და ეფრატის სამხრეთი ნაწილი, ეგრედწოდებული ქალდუ ანუ შუმერების (სუმერების) ქვეყანა. დროთა ვითარებაში, კავკასიაში მოსვლამდე, ქართველთა მონათესავე ტომები მოსახლეობდენ მესოპოტამიასა, მთელ მცირე აზიასა, ვან-არარატის მიდამოებსა და სხვა ადგილებში.

ქართველი ხალხის ისტორიის უძველესი ხანა ეწოდება სწორედ იმ ხანას, როდესაც ქართველთა ტომები დღევანდელ საქართველოს გარეშე ცხოვრობდენ და ცალკე სამეფოები ჰქონდათ.

ძველი ისტორიის ხანა იმ დროიდან იწყება, როდესაც ქართველები ამიერკავკასიაში დასახლდნენ (მე-10 — 7 საუკუნიდან ქ. წ.) იგი გრძელდება მე-7 საუკუნემდე ქრისტეს შ. (არაბთა შემოსევამდე).

შუა საუკუნოებად საქართველოს ისტორიაში ითვლება ხანა არაბთა შემოსევიდან მე-15 საუკუნემდე, როდესაც საქართველო პოლიტიკურად დაქუცმაცდა.

ახალი ისტორიის  საგანია ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი მე-15 საუკუნედან მოყოლებული ჩვენს დრომდე.

იაფეტური თეორია და ქართული ენა. ჩვენ ვსთქვით, რომ ქართველთა წინაპარი ტომები საქართველოდან ბევრად უფრო სამხრეთად სცხოვრობდენ. ჯერ კიდევ 4000 წლის წინად ქრისტეს წინ მესოპოტამიასა, მცირე აზიასა, ვან-არარატის, გოგჩის ტბისა და სხვათა მიდამოებში ბინადრობდენ სახელგანთქმული და განათლებული ერები: ელამელნი, ხეთები, შუმერები (სუმერები), ურარტელები, მიტანები და სხვა. ამ კულტუროსანმა ერებმა მრავალი წარწერა დაგვიტოვეს, რომელთა წაკითხვისათვის მეცნიერებამ ბევრი შრომა გასწია. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდენ, რომ ზემოხსენებული კულტუროსანი ერები უმემკვიდროდ გადაშენებულან და ამჟამად მათი მონათესავე აღარავინ მოიპოება.

მეორე მხრით გამოურკვეველი იყო ქართული ენის ადგილი ენათა არსებულ ჯგუფებსა და ოჯახებში. ქართული ენა არც ერთ არსებულ ენას არ ენათესავება და არც ერთს ჯგუფს არ ეკუთვნის. მრავალი თეორია იყო წამოყენებული: ზოგი ქართულს არიულ (ევროპიულ) ენათა ჯგუფს აკუთვნებდა (ფილოსოფოსი ლეიბნიცი, ბრო- სე, ბოპპი), ზოგი თურანულ ენათა ოჯახს (მ. მიულერი), ზოგი კიდევ მას სრულიად დამოუკიდებელ, კავკასიის ენათა ჯგუფს აკუთვნებდა (კლაპროტი, შლეიხერი, პოტტი, ა. ცაგარელი და სხვანი). ბოლოს ეს უკანასკნელი აზრი, რომ ქართული ენა თავის კილოკავებით განსაკუთრებულ დამოუკიდებელ ჯგუფს წარმოადგენს, საყოველთაოდ აღიარებული შეიქნა. მაინც გრძელდებოდა კვლევა-ძიება და ქართულის შედარება ძველი წარწერების ენებთან. პირველად ლენორმანმა გამოსთქვა აზრი: ურარტელების (ერთი უძველესი კულტუროსანი ერი იყო, ვან-არარატის მიდამოებში მცხოვრები) ენა თუ ენათესავება რომელსამე ენას — მხოლოდ ერთად-ერთ ქართულსაო.

პროფ. ნ. მარმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ქართულს თავისი დიალექტებით — მეგრულითა და სვანურით მართლაც განმარტოებული ადგილი უჭირავს. იგი ეკუთვნის იმ ენათა ჯგუფს, რომელზედაც ზემოხსენებული კულტუროსანი ერები: ელამელნი, შუმერები, ურარტელნი და სხვანი ლაპარაკობდენო. ვინაიდან ენების ამ ჯგუფს ნათესაობა აქვს სემიურ ენათა ოჯახთან (ებრაული, არაბული, ეგვიპტური და სხვ ), ამიტომ მან ენათა ამ ჯგუფს იაფეტურ ენათა ჯგუფი დაარქვა (ბიბლიაში იაფეტი სემის ძმათ არის მოხსენებული). ამ იაფეტურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის აფხაზურიც. იაფეტურ ენებში, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ, მხოლოდ ერთად-ერთი ქართულია განვითარებული, როგორც კულტურისა და ლიტერატურის ენა და ასეთად არის მიჩნეული ყველა ქართველი ტომის მიერ.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო ლიხის მთით თავიდანვე განიყოფებოდა ორ ნაწილად: დასავლეთად და აღმოსავლეთად.

დღეს ამ ნაწილებში შემდეგი პროვინციებია: კახეთი, ქართლი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი (აღმოსავლეთში) იმერეთი, სამეგრელო, გურია, სოხუმის ოლქი, აჭარა-ქობულეთი, ლეჩხუმ-სვანეთი, რაჭა.

ახლანდელ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეშე ცხოვრობენ ლაზები (ოსმალეთის ლაზისტანი და ინგილოები (ზაქათალის ოლქი აზერბეიჯანში).

საქართველო მთაგორიანი ადგილია და ტყეც ბლომად მოიპოვება. მთელი ჩვენი მიწა-წყალი მოფენილია ხევებით და მდინარეებით. აღმოსავლეთ საქართველოს რწყავს: ალაზანი, იორი, მტკვარი, არაგვი, ქსანი, ლიახვი და სხვ. დასავლეთ საქართველოს: რიონი თავის შენაკადებით, (ცხენის წყალი, ყვირილა), ენგური და ჭოროხი. მცხოვრებნი საერთოთ მოსახლეობენ ხეობებსა და მდინარეთა მიყოლებით. არის ცნობები, რომ ძველად, როცა ჩვენში ტყე უფრო ბლომად იყო, მდინარეებიც უფრო დიდი იყო. რიონსა და მტკვარზე გემებიც დადიოდენ. მაგრამ საერთოდ მდინარეებს ჩვენში სრულიად ის მნიშვნელობა არა ჰქონია, რაც სხვა ერთა ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ პირვანდელი ცივილიზაციები მდინარისეული ცივილიზაციები იყო. ეგვიპტის ერთ სახელმწიფოდ ჩამოქნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე ნილოსს. წლის განსაზღვრულ დროს მთელი ეგვიპტე ნილოსის ადიდებას უცდიდა და მის მიერ დატოვებული შლამი ანაყოფიერებდა ბუნებით მწირ ქვეყანას. მთელი სახელიწიფო ზრუნავდა იმისათვის, რომ მდინარის დაშრობის დროს ხალხს და ნათესებს წყალი არ დაჰკლებოდა. ხელოვნური ტბებისა და დიდ-დიდი არხების გაყვანა დიდძალსავე მუშა-ხელს, გაერთიანებულ ძალას მოითხოვდა. ამიტომ ეგვიპტეში მდინარე — ისევე როგორც ალბად ქალდუსა და ბაბილონში — გამაერთიანებელ როლს თამაშობდა და სახელმწიფოს პოლიტიკურად ჩამოყალიბებასაც ხელს უწყობდა.

სულ სხვა იყო საქართველოში. უამრავი პატარა ხევები წყალს უხვად იძლეოდა, ასე რომ საამისოდ დიდი ზრუნვა ქართველებს არ სჭირდებოდათ, თუმცა ძველად საარხო მუშაობას, უეჭველია ეწეოდენ. გაერთიანების ხელის შეწყობის მაგივრად, ეს ხევები, პირიქით, თემთა დაახლოებას აბრკოლებდენ. თვითეული თემი თუ ხევი თითქმის მთლად მოწყვეტილი იყო დანარჩენებს და მათს შორის გზა გარდუვალი მთებით იყო დახშული. ამიტომ ცალკ-ცალკე ხევები დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდენ.

ამ გეოგრაფიულმა გარემოებამ ძალიან დააბრკოლა საგვარეულო წესის მოშლა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება. შემდეგში ფეოდალურმა წყობილებამ ამ განცალკევების მტკიცე საფუძველი ჩაუყარა და ქართველი ხალხის ერად ჩამოქნა ფრიად შეაფერხა. თემობრივ-ხეობრივი ცხოვრების მიერ საუკუნოების განმავლობაში განმტკიცებული პარტიკულიარიზმის ნაშთები დღესაც კი ცოცხალია საქართველოში. ეს ცხადად სჩანს ქართველი ხალხის სხვა და სხვა პროვინციის მცხოვრებთა ჩაცმა-დახურვასა, ზნე-ჩვეულებასა, იერსა და ლაპარაკში.

თუმცა დასავლეთით საქართველოს შავი ზღვა აკრავს, მაგრამ ქართველი ტომები, ლაზების გარდა, მეზღვაური ხალხი არ იყო. ამ მხრით ჩვენ ბერძნებს უფრო ვგავდით. ძველი ფინიკიელების პატარა ნავებმა თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო მოვლეს. ქართველობა ნაოსნობას ნაკლებად ეტანებოდა და კავკასიაში დასახლების შემდეგ უმთავრესად მიწის მუშაობას ეწეოდა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ერთის მხრით კიდევ იყო საყურადღებო: ორ ზღვას შუა მოქცეული საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო გზა ევროპისა აზიისაკენ. ამ გზის ხელში ჩასაგდებათ მედგრად იბრძოდენ ძველი დროის მძლავრი სახელმწიფოები: სპარსეთი, რომი, შემდეგ ბიზანტია. ამიტომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მდებარეობა, მისი ბუნების სიმდიდრე იზიდავდა იმპერიალისტურ სახელმწიფოებს და ჩვენს ტერიტორიაზე ხშირად ხდებოდა მათი შეტაკება. გეოგრაფიული მდებარეობა, ამნაირად, ჩვენს ისტორიულ ბედზე დიდ გავლენას ახდენდა და ჩვენი წარსულის შესაცნობად ეს გარემოება არ უნდა დავივიწყოთ.

3 საქართველოს ვითარება ოციან წლებში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ვითარება ოციან წლებში

კახეთის ამბოხების დამარცხების შემდეგ დგება ხანა იძულებითი სიჩუმისა. მთავრობა გარუსების პოლიტიკას აძლიერებს. ქართველობის წრეეებში პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი თითქოს ჩამკვდარია. წინა რიგებში დგება წოდებრივი ხასიათის საქმიანობა. თავად-აზნაურობა სამხედრო სამსახურში მიეშურება, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკაც. მას სურს ჩაითრიოს ეს წოდება თავის საქმეში და სავსებით თავის გავლენას დაუმორჩილოს. ამიტომ იგი ჩინ-მენდლებს ძალიან იაფად არიგებს. თავად-აზნაურობაც სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში პირადს წარმატებას — უდიდეს საქმედ სთვლის, ქართველობის წინსვლად მიაჩნია. უმაღლესი წრეები ქართველი საზოგადოებისა მჭიდროდ უკავშირდებიან ახალ ხელისუფლებას და გარუსების გზას ადგანან. რუსული ენა თანდათან ვრცელდება ხსენებულ საზოგადოებაში და მალე ისეთსავე ადგილს იჭერს. უმაღლეს კლასთა ცხოვრებაში, როგორი ადგილიც მე-19 საუკუნის დამდეგს რუსეთში ფრანგულს ეჭირა. რაც შეეხება სხვა წრეებს, უბრალო მოქალაქეთ და გლეხობას — პირველი მცირერიცხოვანი იყო, ხოლო მეორე ბატონყმობის მძიმე უღელქვეშ კვნესოდა. იგი, რასაკვირველია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერავითარ მონაწილეობას ვერ იღებდა. მიუხედავად ამისა, შედარებითი მშვიდობიანობა, რომელიც იმ ხანებში ასე თუ ისე დამყარდა, ფრიად სასარგებლო იყო. ხალხი ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა, მრავლდებოდა და ეკონომიურად ღონიერდებოდა.

1819 გამოვიდა პირველი ქართული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“. მან ორი წელიწადი იცოცხლა, მაგრამ პოლიტიკური ხასიათის რამე არა იბეჭდებოდა რა. სწორედ იმ ხანებშივე დაარსდა თავად-აზნაურთაგან გამოსულ ინტელიგენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფა. ეს ჯგუფი მაშინდელი უმაღლესი წრეების საერთო მიმდინარეობას არ ეთანხმებოდა და სამეფოს აღდგენაზე ოცნებობდა. ამ ჯგუფში შედიოდენ მაშინდელი საუკეთესო და მოწინავე პირები. მათი შეჯგუფება იყო უფრო მეგობრული ხასიათისა, პირველ ხანებში სალიტერატურო მიმართულება ჰქონდა, მაგრამ შემდეგში თანდათან პოლიტიკური ელფერი მიიღო.

4 1832 წლის შეთქმულება

▲ზევით დაბრუნება


1832 წლის შეთქმულება

ქართველ მოწინავე პირთა ჯგუფმა 1829 წელს თავისი მისწრაფებანი უკვე ჩამოაყალიბა, მიიღო წესდება და „ფარული საზოგადოება" დააარსა. ამ საზოგადოებამ მიზნად დაისახა საქართველოს სამეფოს აღდგენა. მასში ზოგიერთი ბატონიშვილებიც იღებდენ მონაწილეობას — მაგალითად ოქროპირი და დიმიტრი. პოლონელთა იმ დროინდელი აჯანყების გავლენით, „ფარული საზოგადოების" წევრებმა თვითონაც იწყეს რუსეთის წინააღმდეგ ამბოხებისათვის მზადება. შემუშავებულ იქმნა შემდეგი გეგმა: რუსეთის ყველა გამოჩენილი მოხელე და მათი უფროსები უნდა მიეწვიათ საგანგებოდ გამართულ ბალზე. იქ ყველა ისინი უნდა დაეხოცათ. შემდეგ შეთქმულნი უნდა გამოსულიყვნენ გარედ, აეტეხნათ ზარების რეკა და ხალხი აჯანყებისაკენ მოეწოდებინათ. ზემოხსენებული გეგმის შესასრულებლად შეთქმულები ასე თუ ისე ემზადებოდენ და ჰსურდათ იმერეთთანაც დაკავშირებულიყვენ, მაგრამ შეთქმულება გასცა ერთმა მონაწილემ — ია ფალავანდიშვილმა, ტფილისის სამოქალაქო გუბერნატორის ძმამ. მთელი ჯგუფი დაპატიმრებულ იქმნა. მრავალი ციხეში ჩასვეს, ზოგი კიდევ რუსეთს გადაასახლეს. შეთქმულებაში მონაწილეობა დაჰბრალდა სულ 32 კაცს. მათში აღმოჩნდენ პირები, რომელნიც შემდეგში საუკეთესო მგოსნები და საზოგადო მოღვაწენი იყვნენ: გიორგი ერისთავი (დრამატურგი), გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და სხვანი. 1832 წლის შეთქმულება ქართველობის წრეების თითქოს უკანასკნელი ცდა იყო — სამეფოს აღდგენისაკენ მიმართული. უნდა აღინიშნოს კი, რომ არ გაეცათ კიდევაც — შეთქმულნი მიზანს ვერ მიაღწევდენ. ისინი სრულიად არ იყვნენ ხალხთან დაკავშირებულნი და უფრო უჯარო გენერლებს, პოლიტიკურ რომანტიკოსებს წარმოადგენდენ, ვიდრე პრაქტიკულ მოღვაწეებს.

5 ვორონცოვის მმართველობა

▲ზევით დაბრუნება


ვორონცოვის მმართველობა

ქართველ საზოგადოებას შედარებით თავისუფლად ამოსუნთქვა ეღირსა მიხეილ ვორონცოვის დროს. ვორონცოვი ევროპიულად განათლებული ადამიანი იყო და კავკასიაში მეფის ნაცვლად (ნამესტნიკად) რომ დანიშნეს — თავის სამმართველოს და კერძოდ საქართველოს ლოიალურად ეპყრობოდა. ვორონცოვი ჰფიქრობდა, რომ ქართველების რუსეთთან მჭიდროდ დასაკავშირებლად საჭიროა უმთავრესად კულტურული მუშაობა და საამისო ძაფების გაბმაო. ამ საქმეში მას ჰსურდა ქართველ თავად-აზნა- ურობას დაყრდნობოდა. ამიტომ ვორონცოვი მფარველობდა ქართველთა უმაღლეს წოდებას. ზოგჯერ უპირატესობას აძლევდა და ამასთანავე ევროპიულ ზნე-ჩვეულებათა გავრცელებას ხელს უწყობდა. თავისი მოღვაწეობით ვორონცოვმა ქართველი საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ მეფის ნაცვალს არავითარი ძირითადი რეფორმა მმართველობაში არ მოუხდენია. ეს კია, იგი ებრძოდა მართვა-გამგეობაში დამყარებულ ბოროტმოქმედებას და სახელმწიფო სამსახურისაკენ ქართველ უმაღლეს წოდებას გზას უხსნიდა.

ვორონცოვი მფარველობდა ქართულ თეატრსაც, რომლის დამაარსებლად გიორგი ერისთავი ითვლება. უნდა ითქვას, რომ საქართველოში სათეატრო წარმოდგენები იდგმებოდა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დამლევს, მეფე ერეკლეს დროს. მაგალითად 1791 წელს სასახლეში დასდგეს პიესა გ. ავალიშვილისა „“მეფე თეიმურაზ“. მაგრამ ახალი ქართული თეატრის საქმეს მხოლოდ გიორგი ერისთავმა ჩაუყარა საფუძველი. პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის იანვრის 2-ს. დასდგეს იმავე გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა". ეს დღე ქართული მუდმივი თეატრის დაარსების დღედ ითვლება.

ვორონცოვი ხელს უწყობდა აგრეთვე პირველ ქართულ ჟურნალის „ცისკრის“ დაარსებას. „ცისკარი" ორი წლის განმავლობაში გამოდიოდა, შემდეგ მისი გამოცემა შესწყდა და მხოლოდ 1857 წელს განახლდა. ამნაირად რუსეთის თვითმპყრობელობის ბრჭყალებში მყოფი საქართველო მაინც ახერხებდა წინსვლას და ნელ-ნელა ევროპიულ განათლებას ითვისებდა. ვორონცოვის დროსვე მოხდა, სხვათა შორის, საქართველოს გაყოფა ორ გუბერნიად: ტფილისისა და ქუთაისისად.

6 ბატონ-ყმობა საქართველოში და მისი გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


ბატონ-ყმობა საქართველოში და მისი გაუქმება

ბატონ-ყმობას საქართველოში თავიდანვე საერთოდ ისეთივე ხასიათი ჰქონდა, როგორც ყველგან, სადაც კი ეს წყობილება არსებობდა. მაგრამ იყო ზოგიერთი განსნვავებაც. ქართველ გლეხს, მაგალითად, ჰქონდა საკუთრების უფლება. მისი უფლება-მოვალეობანი სასტიკად განსაზღვრული იყო ადათ-კანონით. გლეხებს ჰქონდათ აგრეთვე უფლება, თანახმად მეფის ვახტანგის კანონებისა, ბატონის ტყითა და საძოვრებით სარგებლობისა ერთ-ერთს თავის ბრძანებით ერეკლე მეფე მიმართავდა თავად ამილახვრებს (1785 წ.): ნება არა გაქვთ „აუკრძალოთ გლეხებს ტყიდან შეშისა და აგრეთვე ურმებისათვის ხის მასალის გამოტანაო“.

ბატონ-ყმურ წყობილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა გარეშე მტრებთან ბრძოლით შექმნილ გარემოებასაც. მაგალითად, თანახმად იმავე ერეკლე მეფის განკარგულებისა 1765 წელს, „იმ გლეხებზე, რომელნიც ტყვეობიდან დაბრუნდებოდენ, ძველს ბატონებს უფლება აღარ ჰქონდათ თავისი ბატონობა განევრცოთ" და კვლავ ყმის მდგომარეობაში ჩაეყენებინათ.

გლეხობა საერთოდ, რასაკვირველია ვერ ურიგდებოდა თავის მონურს მდგომარეობას და ბატონ ყმობას ებრძოდა. სამწუხაროდ, ისტორიას ჯერ-ჯერობით ნაკლები ცნობები მოეპოება ამ ბრძოლის შესახებ. ერთი რამ კი ცხადია: აგრარული მოძრაობა უკვე გაცხო- ველებული იყო ჩვენს ქვეყანაში მე-18 საუკუნის დამდეგსვე. 1712 წელს სოფ. ყვარელის (კახეთში) საეკლესიო გლეხები ამბოხდენ და ყოველგვარ გადასახადზე უარი სთქვეს. კახეთის მაშინდელი მმართველი დავით იმამ ყული-ხანი უბრძანებს ვეზირს: გლეხები დათრგუნე და გადასახადიც გამოაღებინეო. 1719 წელს მეფე ბაქარის მიერ მონასტრისადმი შეწირული გლეხები არ დაემორჩილენ ბრძანებას და ისინი იარაღით დაიმორჩილეს. 1749 წელს ბოლნისის საეკლესიო გლეხები ამბობდენ და გადასახადებზე უარი სთქვეს. საქმეში ჩაერია კათალიკოსი ანტონი და გლეხები ძლივს-ძლიობით დააშოშმინეს. 1776 წელს ასეთსავე ურჩობას იჩენენ ს. ურბნისის გლეხები, ხოლო 1794 წელს მანგლისისა და რუისის ეკლესიათა ყმები აიყარენ და ბატონებს გაექცნენ. ეს მცირეოდენი ცნობებიც საკმარისია იმის დასახასიათებლად, რომ ქართველი გლეხობა თავის ბედს არ ურიგდებოდა და მის წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთად ბრძოლის საჭიროება ამ ბრძოლას ხშირად ხელს უშლიდა და ანელებდა.

როგორც ვიცით, ქართველს გლეხს რუსეთთან საქართველოს შეერთების დროს თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ჰქონდა. რუსეთის თვითმპყრობელობამ ეს იმედი გაუცრუა. გაუმჯობესების მაგივრად გლეხის მდგომარეობა ზოგიერთი მხრით გაუარესდა კიდეც. ბიუროკრატიული რუსეთის კანონების მიხედვით, რომელიც საქართველოზედაც გავრცელდა, ყმა მთელი მისი ქონებით ბატონის სრულ საკუთრებად იქნა აღიარებული. ამას ზედ დაერთო ის, რომ თავად-აზნაურობამ ქალაქს მიაშურა და გარეგნად ევროპეიზაციის გზას დაადგა. ქალაქში საცხოვრებლად მას ფული სჭიროდა და წინანდელზე მეტი მოთხოვნილებანიც გაუჩნდა. ამიტომ ქართველი მემამულეები, მიიღეს რა საშუალება ყმების სრული ბატონ-პატრონნი ყოფილიყვნენ, სცდილობდენ სავსებით გამოეყენებინათ თვითმპყრობელობის მიერ მინიჭებული უფლებანი. ამან მდგომარეობა ფრიად გაამწვავა.

ჩვენ ვიცით რამდენიმე ამბოხება, რომელსაც პოლიტიკურს გარდა, აგრარული ხასიათიც ჰქონდა. ასეთი იყო კახეთის აჯანყება 1812 წელს, გურიის ამბოხება**) 1842 წელს და სხვა წვრილ-წვრილი მღელვარებანი და მოძრაობა. განსაკუთრებით ძლიერი იყო გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856 წელს. მოძრაობას გამოუჩნდენ გლეხთა გენერლებიც: კოჩა თოდუა, მართალი თოდუა (მეჭურჭლე) და მიქავა (მჭედელი). გლეხები შეგროვდენ ზუგდიდს ახლო და სამხედრო ბანაკი დასცეს, სადაც ათი ათას კაცზე მეტი შეგროვდა. ზემოხსენებულ მეთაურებთან მიდიოდა ყველა ის გლეხი, ვისაც ბატონი ზედმეტად მკაცრი ჰყავდა და აწუხებდა. მეთაურები გამოუძახებდენ ხოლმე დამნაშავე ბატონს და წინადადებას აძლევდენ, აღარ გაემეორებინა თავისი დანაშაული და ყმებს კარგად მოჰქცეოდა.

საერთოდ გლეხობა მთელი მე-19 საუკ. განმავლობაში, როგორც შეეძლო ისე იბრძოდა თავის მჩაგვრელთა წინააღმდეგ. სხვათა შორის ერთ-ერთი საშუალება იყო ყაჩაღად გავარდნა და ინდივიდუალური ბრძოლა განსაკუთრებით ბოროტი ბატონების წინააღმდეგ. ასეთი გავარდნა, გაფირალება, როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს საქართველოში ძალიან ხშირი იყო. ასეთ ყაჩაღთა ტიპს წარმოადგენდა, მაგალითად არსენა, რომელიც სახალხო გმირად იქცა.

ბატონ-ყმობას ებრძოდენ მოწინავე ინტელიგენტებიც. 1859 წელს დაიბეჭდა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე", რომელიც მედგარი პროტესტი იყო ბატონ-ყმობის წინააღმდეგ და რომელშიაც მისი საშინელებანი მოურიდებლად იყო მხილებული. მისსავე წინააღმდეგ ილაშქრებდენ სამოციანი წლების ახალგაზდა ინტელიგენტებიც. ილია ჭავჭავაძე მაშინ სწერს თავის საუკეთესო თხზულებებს: „კაციაადამიანს“, „კაკო ყაჩაღს", „გლახის ნაამბობს", რომლებშიაც ადამიანთა მონობის გამათახსირებელი შედეგებია მხატვრულად დასურათებული.

რუსეთში ბატონ-ყმობა 1861 წელს გადავარდა. ეს იყო შედეგი ყირიმის ომში თვითმპყრობის დამარცხებისა და ხლეხთა ფრიად გახშირებული აჯანყებებისა. ბატონ-ყმობის წინააღმდეგ იბრძოდა აგრეთვე რუსეთის მოწინავე ინტელიგენცია. ბატონ-ყმობის გადავარდნით დაიწყო რუსეთში ეგრედწოდებული „დიდი რეფორმები".

საქართველოში გლეხთა განთავისუფლება რუსეთისაზე გვიან მოხდა. ბატონ-ყმობის მოსპობის განკარგულება ჩვენში მხოლოდ სამი წლის შემდეგ (1864 წ.) გამოაქვეყნეს. გლეხები გაანთავისუფლეს უმიწოდ, რომელიც მემამულეთა ხელში დარჩა. ყოფილ ყმებს მხოლოდ უფლება მიეცათ, რომ თუ მამულის გამოსასყიდ თანხას ერთად ვერ გადიხდიდენ, იგი ნაწილ-ნაწილად გადაეხადათ. ამ „სანადელო“ ფულს ქართველი გლეხობა მრავალი წლის განმავლობაში იხდიდა. შეიქმნა ეგრედწოდებულ დროებით ვალდებულ გლეხთა წრე. მხოლოდ სულ ახლო წარსულში, (1912 წელს) მოისპო ეს დროებითი ვალდებულება და სამოციან წლებში დაწყებული რეფორმა მხოლოდ მაშინ დამთავრდა.

გლეხთა განთავისუფლება მალე მოხდა იმერეთშიაც. უნდა ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოს გლეხობამ უფრო ადრე და ადვილად მოახერხა სრული განთავისუფლება ბატონებისაგან, ვიდრე ქათლ-კახეთისამ. ეს იმით აიხსნება, რომ ქართლ-კახეთში მემამულეთა წოდება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმერეთში.

რუსეთის თვითმპყრობელობას საქართველოში, გარდა გლეხთა განთავისუფლებისა, არ განუხორციელებია არც ერთი იმ რეფორმა- თაგანი, რომელთაც რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ და რომელთაც ეწოდა „დიდი რეფორმები". ერობა, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო — მხოლოდ 1917 წლის რევოლიუციის შემდეგ იქმნა შემოღებული. იქამდე კი თვითმპყრობელობა ხსენებულ რეფორმებს საქართველოსთვის ზედმეტ ფუფუნებად სთვლიდა. მაგრამ მარტოოდენ გლეხთა განთავისუფლებასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონ-ყმობის უღლიდან გამოსული ქართველი ხალხი ნელნელა წინ მიდიოდა, ვითარდებოდა და მეოცე საუკუნეში უკვე მთელი ამიერ-კავკასიის რევოლიუციონური მოძრაობის მეთაური შეიქმნა

7 ეროვნულ-კულტურული აღორძინება

▲ზევით დაბრუნება


ეროვნულ-კულტურული აღორძინება

გლეხთა განთავისუფლების და საერთოდ სამოციანი წლების ხანა — საქართველოს კულტურის აღორძინების და ლიტერატურის ზრდა-განვითარების, საზოგადოებრივი აზროვნების ამოძრავების ხანად იქცა. მაშინ გამოვიდა ასპარეზზე მთელი დასი მგოსნებისა და პუბლიცისტებისა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, სერგეი მესხი, შემდეგ გიორგი წერეთელი და სხვანი. დაიწყო გაცხარებული სალიტერატურო ომი ძველ თაობას, „მამებს“ და ახალთაობას — „შვილებს“ შორის. ძველების გამოჩენილი წარმომადგენელი იყო მგოსანი გრიგოლ ორბელიანი, „შვილების" მეთაურად ყველა ილია ჭავჭავაძეს აღიარებდა. ძველი „ცისკარი", უსახო და უმიმართულებო ჟურნალი — უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა ახალგაზდობას. ილიამ დაიწყო ევროპიელ ყაიდის ყოველთვიურ ჟურნალის „საქართველოს მოამბის" გამოცემა. სამოციანი წლების მწერლობაში სამოქალაქო და უმთავრესად ეროვნული კილო სჭარბობდა. ახალგაზდობამ, რომელიც რადიკალურად იყო განწყობილი — წამოაყენა საკითხი ხალხთან დაახლოების, მისი წყლულების დაშუშებისა.  მამულიშვილური ლიბერალიზმი  — აი, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ახალ მიმართულებას. ყველა დაწესებულებიდანა და სკოლიდან განდევნილ ქართული ენის დაცვა, ეროვნულ შეგნების გაღვიძება და სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივება — აი, რა იყო მაშინდელი ახალგაზდობის პოეზიისა და პუბლიცისტიკის ძირითადი საფუძველი.

სამოციანი წლების მგოსნები იყვნენ არა მარტო ხელოვნების მსახურნი, არამედ საზოგადო მოღვაწენი და ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ეროვნულ ინტერესებისათვის მებრძოლი — პუბლიცისტებიც. სამწერლო ენა გასადავდა, ხალხურს, სალაპარაკოს დაუახლოვდა. გაჩნდენ ევროპიულ ყაიდის პუბლიცისტები — ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე და სხვ. მაგრამ იმ ხანების დამახასიათებელი, გაბატონებული კილო მაინც ეროვნულია, ყველაფერ ქართულის დაცვა და გარუსებასთან ბრძოლა. ამან შეჰქმნა ეროვნული გრძნობის გაფართოება, შეგნების განმტკიცება; სამოციანი წლების მოღვაწეებს განსაზღვრული პოლიტიკური თუ ეკონომიური იდეალი არ ჩამოუყალიბებიათ. ილია ჭავჭავაძის მიერ წამოსროლილ ლოზუნგს ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო" — კონკრეტიული სახე არ მიუღია. მაგრამ მაშინდელმა მუშაობამ, ეროვნულ შეგნებისათვის გაწეულმა ღვაწლმა ქართველობა გამოაღვიძა და მის წინსვლას ნიადაგი მოუმზადა.

ილია ჭავჭავაძემ დაიწყო გამოცემა ჟურნალ „ივერიისა" (1877 წელს), რომელიც შემდეგში გაზეთად გადაკეთდა და კარგა ხნის განმავლობაში ქართველ საზოგადოებაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მასზე ადრე, 1866 წელს გამოდიოდა „დროება" ს. მესხის რედაქტორობით. ეს გაზეთი თავის გარშემო იკრებდა უფრო რადიკალურად მოაზროვნე ახალგაზდობას და ეკონომიურ საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევდა.

ეკონომიურ გზაზე ქვეყნის წინსვლას ხელს უწყობდა სხვათა შორის ორი ბანკი, დაარსებული ტფილისსა და ქუთაისში ქართველ თავად-აზნაურობის მიერ. ხსენებული ბანკები თავის წმინდა შემოსავლის ნაწილს ხარჯავდენ საზოგადოებრივ და საკულტურო საჭიროებისათვის.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ აგრეთვე „ქართველთა შორის წ.-კ. გამავრცელებელ საზაგადოებას“ (დაარსდა 1879 წ.) და აგრეთვე ქართულ დრამატიულ საზ-ბას". პირველი კარგა ხნის განმავლობაში თითქმის ერთადერთი დაწესებულება იყო, მშობლიური კულტურის განვითარებისთვის რომ ზრუნავდა. სკოლების, სამკითხველოების დაარსებით, წიგნების გამოცემით ხსენებულმა საზოგადოებამ დიდი ღვაწლი დასდო ქართველ ხალხს. მხოლოდ წ.-კ. საზოგადოების სკოლებში ჰპოებდა ყველგან დევნილი ქართული ენა შესაფერ ადგილს და თავშესაფარს.

„დრამატიული საზ-ბა" ხელს უწყობდა ქართული მუდმივი თეატრის ფეხის მომაგრებას და განვითარებას. თეატრს ჩვენში, გარდა საკულტურო და სამხატვრო მნიშვნელობისა, დიდხანს ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა: დევნილი ქართული ენა — თეატრში ჰპოებდა თავის საუკეთესო მფარველს. თეატრი კაი ხნის განმავლობაში ქართველი ხალხის ფართო მასსების აღმზრდელი და თითქმის ერთადერთი მასწავლებელი იყო.

8 სამუსულმანო საქართველოს შემოერთება

▲ზევით დაბრუნება


სამუსულმანო საქართველოს შემოერთება

რუსეთის თვითმპყრობელობის საქართველოში დამკვიდრებას, სხვათა შორის ერთი ფრიად საყურადღებო შედეგი მოჰყვა: დროთა განმავლობაში დაქსაქსული ნაწილები ჩვენი ქუეყნისა ერთს ჭერქვეშ მოექცნენ, თუმც უცხოს, მაგრამ ერთს ხელისუფლებას დაემორჩილენ. თვითმპყრობელი რუსეთი, მისდევდა რა თავის იმპერიალისტურ მიზნებს (მთელი შავი ზღვის და სრუტეების დაპატრონება) — გზა და გზა საქართველოს მომიჯნავე ადგილებს იჭერდა და სხვათა შორის საქართველოს ყოფილ ნაწილებსაც. ასეთი გაერთიანება საქართველოს მიწა-წყლისა თუნდ რუსეთის თვითმპყრობელობის ხელში ჩვენი ქვეყნისთვის თავის-თავად მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენა იყო.

1878 წელს მაგალითად, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსეთმა შეიერთა ბათომის, ყარსის და არტაანის ოლქები. მრავალმა ქართველმა მუსულმანმა მაშინაც არ მოინდომა რუსეთის ხელში დარჩენა და ოსმალეთს გადასახლდა (ბათომის ოლქიდან). მათ ძლიერ აფრთხობდა რუსეთის მთავრობის მოქმედება წინად დაჭერილ სამუსულმანო ტერიტორიაზე: ქრისტიანი მისიონერები მუსულმანთა სარწმუნოებრივ საქმეებში უხეშად ერეოდენ. მეორე მხრით მთავრობა ქართველებს ნებას არ აძლევდა თავის მოძმე მუსულმანებში ეროვნული კულტურა შეეტანათ და გაეჩაღებინათ საამისო მუშაობა, რომელსაც, რასაკვირველია არავითარი სარწმუნოებრივი სარჩული და მიზანი არა ჰქონია. მთავრობა ზემოხსენებულ თავის პოლიტიკას შეურყევლად აწარმოებდა თავის არსებობის უკანასკნელ წუთებამდე (1917 წლის რევოლიუციამდე). თვითმპყრობელობა ყოველ ზომას ხმარობდა, ხელი შეეშალა ქართველ მუსულმანებისთვის, რომ ისინი სამშობლო კერას დაჰბრუნებოდენ.

მიუხედავად ყველა ამისა, საქართველოს დაქსაქსული ნაწილების ერთ სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნამ მაინც დიდად ხელი შეუწყო ეროვნული ერთობის შეგნებას.

9 ოთხმოციანიწლები და გარუსების პოლიტიკის გაძლიერება

▲ზევით დაბრუნება


ოთხმოციანიწლები და გარუსების პოლიტიკის გაძლიერება

დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძისა და შემდეგ კიდევ დონდუკოვ-კორსაკოვის მეფისნაცვლობის (ნამესტნიკობის) დროს გარუსების პოლიტიკა წინანდელზე უფრო გაძლიერდა. ოთხმოციან წლებში რუსეთში დამყარებულ რეაქციის სუსხი საქართველომაც მძლავრად განიცადა. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მაინც იღვიძებდა და ნელ-ნელა მოძრაობას იწყებდა. გლეხთა განთავისუფლებამ ამ შემთხვევაში დიდი ნაყოფი გამოიღო. თავად-აზნაურობა, რომელიც წინად ქართველი ერის მესვეურობას ჩემულობდა, თანდათან თავის მნიშვნელობას ჰკარგავდა და გადაშენების გზას ადგა. გაჩნდა ინტელიგენცია, გამოსული თვით ხალხიდან. ძველი თაობის წარმომადგენლები ამ ახალ ინტელიგენციას დაცინვით ,,დიაკვნის შვილებს" უწოდებდენ, მაგრამ არც ესენი დარჩენილან უპასუხოდ და მოწინააღმდეგეებს მძლავრად შეეტაკნენ.

ახალ ინტელიგენციას — მამების პოლიტიკა აღარ აკმაყოფილებდა. იგი მოითხოვდა ძველი თაობისაგან, რომ მას ყურადღება მიექცია არა მარტო ეროვნულ საკულტურო ხასიათის საკითხებისათვის (ენის დაცვა და სხვ.), არამედ სოციალურ უთანასწორობისათვისაც. ახალი ინტელიგენციის მისწრაფებათა გამომხატველად ჟურნალი „იმედი" იქცა, თუმცა იგი ფრიად მოკლე ხანს არსებობდა. იმავე ხანებში გაჩნდა ჯგუფი, რომელიც საქართველოს საკითხს საერთო, რუსეთის საკითხს უკავშირებდა და პიროვნებათა მაგივრად — თვითმპყრობელობის მთელ სისტემასთან ბრძოლას მოითხოვდა. თავად-აზნაურული ინტელიგენცია ძველს გზას ადგა, კვლავ თვითმპყრობელობაზე ამყარებდა იმედებს და ლოზუნგად „მეფის და საერთო სამშობლოს" (რუსეთის) ერთგულება დაესახა. ამ ინტელიგენციის აზრით რუსის თვათმპყრობელობისა და ქართველი ხალხის სწორად გაგებული ინტერესები ერთმანეთს არ უნდა დაჰპირდაპირებოდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა ამისთანა მისთვის უვნებელ ინტელიგენციასაც დ ნაკლებად ენდობოდა. თავად-აზნაურული ინტელიგენციის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელ დიმიტრი ყიფიანის ამბავმა ყველას თვალნათლივ დაანახვა ის უფსკრული, — ქართველ ხალხსა და თვითმპყრობელობას შორის რომ არსებობდა. ყველა ძალაუნებურად უნდა დაფიქრებულიყო და შესაფერისი დასკვნა გამოეტანა. დასკვნა იმის შესახებ, რომ არ ვარგოდა თვით სისტემა თვითმპყრობელობისა და არა მარტო მისი ცალკე წარმომადგენელნი. დიმიტრი ყიფიანის ამბავი შემდეგი იყო.

ოთხმოციანი წლების რეაქციის ხანაში ქართული ენა მთავრობამ საბოლოოდ თითქმის გამოდევნა პირველ დაწყებითი სკოლებიდანაც. სასწავლებლებში მოწაფეებს ქართულად ლაპარაკი სასტიკად ჰქონდათ აკრძალული. ამის გამო მოწაფეობაში ბევრი აღელვება და დავიდარაბა იყო. სწორედ იმ ხანებში — 1886 წელს სემინარიელმა ლაღიაშვილმა მოჰკლა ტფილისის სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ეს იყო პირველი ტერორისტული აქტი საქართველოში. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარხოსმა პავლემ დასწყევლა მთელი ქართველი ხალხი, „რომლის წრიდანაც გამოვიდა მკვლელი ლაღიაშვილიო“.

დიმიტრი ყიფიანი ფრიად ააღელვა და გულის სიღრმემდე აღაშფოთა ეგზარხოსის ამ საქციელმა. მან პავლეს მიჰმართა ღია წერილით, რომელიც იმ დროისათვის ფრიად გაბედულად მოეჩვენა ყველას. მთელი ერის შეურაცხმყოფელმა დაუყოვნებლივ უნდა დასტოვოს შეურაცხყოფილი სამწყსო, რათა არასასურველი ექსცესები არ გამოიწვიოსო — დასძენდა დიმიტრი ყიფიანი ეგზარხოსისადმი თავის მიმართვას.

ამისთანა „ურჩობას" მთავრობამ დიდი ყურადღება მიაქცია. დიმიტრი ყიფიანი, რომელიც მაშინ თავადაზნაურობის წინამძღოლად იყო, გადააყენეს და მერე სტავროპოლში გაჰგზავნეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ყიფიანი იქ ძალიან საეჭვო პირობებში უცნობებმა მოჰკლეს. რუსეთის მთავრობის ერთგული ქართველის ასეთმა ბოლომ მთელი მაშინდელი მოწინავე ქართველობა შეაძრწუნა. ამასთანავე საზოგადოებას თვალი აეხილა. ყველა გრძნობდა, რომ ძველი გზა, გზა თვითმპყრობელობისადმი მორჩილებისა — უვარგისი აღმოჩნდა. დაიწყო ახალ გზათა ძიება

10 თვითმპყრობელობის ზრახვები სამეგრელოს შესახებ შესახებ

▲ზევით დაბრუნება


თვითმპყრობელობის ზრახვები სამეგრელოს შესახებ შესახებ

ოთხმოციანი წლების დასასრულს სკოლებიდან ქართული ენის დევნამ სულ სხვა ხასიათი მიიღო სამეგრელოში. იმ ხანებში ოლქის მზრუნველად იყო ცნობილი რუსიფიკატორი იანოვსკი  თავის მარჯვენა ხელით — ლევიცკითურთ. სკოლებიდან განდევნილ იქმნა ქართული და სწავლება სწარმოებდა ეგრედწოდებული მუნჯური მეთოდით, ქართული ენის დაუხმარებლად. ქართულის დევნა განსაკუთრებით ძლიერი იყო დასავლეთ საქართველოში. ქართველობის დასუსტების მიზნით თვითმპყრობელობამ და მისმა აგენტებმა მიმართეს ერთს საშუალებას, რომელსაც მათი აზრით ქართველი ხალხი უნდა დაესუსტებინა და დაექსაქსა. ეს იყო ბოროტი ზრახვა მიმართული საქართველოსაგან სამეგრელოს ჩამოშორებისკენ.

თვითმპყრობელობის აგენტებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მეგრელები ქართველები არ არიან და ამიტომ მათ არც სჭირდებათ ქართულის სწავლაო. იანოვსკ-ლევიცკის მფარველობითა და დავალებით ხონის სემინარიის მასწავლებელმა პეტროვმა შეადგინა რუსული ასოებით განსაკუთრებული ანბანი მეგრელებისათვის. ვინმე აშორდიას ათარგმნინეს მეგრულად საღმრთო წერილი და ჰლამობდენ ქართულის მთლად გამოდევნას ეგრედწოდებული სამინისტრო და სამრევლო სკოლებიდან. ცნობილმა შავრაზმელმა ვოსტორგოვმა, რომელიც სამრევლო სკოლების სათავეში იდგა, მოინდომა საჯაროდ მტკიცება იმისა, რომ მეგრულს არაფერი ნათესაობა აქვს ქართულთან და ამიტომაც ეს უკანასკნელი არ უნდა ისწავლებოდეს იქაურ სკოლებშიო. ეს აზრი მან გაზეთებშიაც გამოაქვეყნა პროფ.ნ.მარმა სასტიკად გაილაშქრა ამ უვიცობის წინააღმდეგ და ვოსტორგოვი და მისი აგენტები მიწასთან გაასწორა.

სამეგრელოს ინტელიგენცია და მთელი ხალხი გადაჭრით წინააღუდგა თვითმპყრობელობის ბოროტ ზრახვებს და გაბედულად შეებრძოლა გარუსების პოლიტიკას. ხალხის გამოსვლა ისეთი ერთსულოვანი და მედგარი იყო, რომ თვითმპყრობელობის აგენტები ვერას გახდენ და უკან დაიხიეს. ამნაირად, მეფის მთავრობის განზრახვა საქართველოს დაქსაქსვისა და გათიშვისა, გარუსების პოლიტიკის გასატარებლად ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობის სურვილი — მარცხით გათავდა. სამეგრელომ და მთელმა საქართველომ ამ გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლაში სათანადო ენერგია გამოიჩინა. ეროვნული მთლიანობის აზრი ჩვენში ამის შემდეგ, შესუსტების მაგივრად, უფრო გაიზარდა და განმტკიცდა

11 მუშათა მოძრაობის დასაწყისიჩვენში.მარქსიზმის გავრცელება

▲ზევით დაბრუნება


მუშათა მოძრაობის დასაწყისიჩვენში.მარქსიზმის გავრცელება

რევოლიუციონური მოძრაობა საქართველოში დაახლოებით 70-იანი წლებიდან იწყება. მასში ჩაბმულნი არიან უმთავრესად ქართველი ინტელიგენტები. ზოგიერთი მათგანი დიდს როლს თამაშობს რუსეთის რევოლიუციონურ ჯგუფებში (ზდანოვიჩ-მაიაშვილი, ჯაბადარი და სხვანი). ქართველი მოწინავე ინტელიგენცია რუსეთის ხალხოსნური მიმართულების უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ამიტომ მთელს მოძრაობას ჩვენში წმინდა ხალხოსნური ხასიათი ჰქონდა. საქართველოში ვრცელდებოდა გერცენის, პისარევის, დობროლიუბოვის, მიხაილოვსკის, ლავროვის და სხვათა ნაწერები. არსდებოდა აგრეთვე ჯგუფები მათი ნაწერების შესასწავლად. ასე რომ ხალხოსნურ (ნაროდნიკულ) მიმართულებას საქართველოში უმთავ-- რესად სალიტერატურო ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ამ მოძრაობამ ასე თუ ისე მასიური ხასიათი მიიღო, მას მოჰყვა მრავალი ინტელიგენტის დაპატიმრება და გადასახლება.

ოთხმოციანი წლებიდან რევოლიუციონურ მოძრაობაში ებმებიან ცალკე მუშები და ხელოსნები. ბატონ-ყმობისაგან განთავისუფლების შემდეგ ჩვენი გლეხობა ნელ-ნელა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის. იგი მიეშურება ქალაქებისაკენ (ბათომი, ტფილისი) დროებით სამუშაოზე. იმ ხანებში იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფელთან და „მონაგები“ ფულიც „ნადელის" გამოსასყიდად სჭირდება. 80-იან წლებში ჩვენს ცხოვრებაში ხდება დიდი ამბავი: რკინის გზით შეაერთებენ ბაქო-ბათომს. ტფილისში არსდება და ფართოვდება რკინის გზის სახელოსნოები, ბათომში ჩნდება ფაბრიკები. იმ ხანებშივე იწყება ჭიათურის შავი ქვისა და ტყიბულის  ქვანახშირის ამოღება. ყველაფერი ეს ხელს უწყობს საქართველოში რის ახალი კლასის გაჩენას, რომელსაც პროლეტარიატი, მუშათა კლასი ეწოდება. იგი ჯერ მცირერიცხოვანია, მაგრამ ფრიად ენერგიული. მალე იგი ქართველი ხალხის ტონის მიმცემი ხდება და მთელი განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურად გამოდის.

ოთხმოციანი წლების მოწინავე მუშები პირველ ხანებში საქართველოში გადმოტანილი ხალხოსნური მიმართულების გავლენის ქვეშ არიან. საერთო მდგომარეობის გამომხატველია მუშათა მოძრაობის ერთი პირველ მონაწილეთაგანის (მუშის) მოგონება: „აბრამ ცხიმანაურის (მეჩექმე იყო) საშუალებით ვკითხულობდი „ნაროდნიკულ“ წიგნებს. ვიყავი სოფრომ მგალობლიშვილის და ზდანოვიჩის გავლენის ქვეშ. მაშინ იყო ჟურნალი „იმედი“. ძალიან კარგი წერილები იბეჭდებოდა და იმათ გავლენას განვიცდიდი. ამ დროს გავიცანი მიხა ჩოდრიშვილი (ესეც მუშა). ის გვეუბნებოდა, რომ გერმანიაში იყო დიდი სოციალისტი ლასალი. მაშინ ასეთ ხალხს საერთოდ ეძახოდენ „ახალი აზრის ხალხსო" და სხვ. (ა. ოქუაშვილი).

იმავე ხანებში მუშა ხელოსანთა ერთი მცირე ჯგუფი გამოსცემდა ხელთნაწერს ჟურნალს, რომელსაც „მუშა“ ერქვა. მიმართულება აქაც წმინდა ხალხოსნური იყო. იწერებოდა სამღვდელოებისა და თავად-აზნაურობის წინააღმდეგ. ბურჟუაზია მაშინ არ ვიცოდითო, ამბობს იგივე მონაწილე. მალე მუშების ეს ჯგუფი გაეცნობა მოწინავე ინტელიგენტების წრეს, სხვათა შორის მაშინ ახალგაზდა ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძეს და თვითგანვითარებას მისდევს. რამდენისამე ხნის შემდეგ კი ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც მარქსიზმს შეითვისებს და მისი ერთგული მქადაგებელი გახდება. 1892 წლის დეკემბრის დასასრულს ზესტაფონში ხდება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზდობის პირველი კრება, რომელიც მოწვეულია ბელეტრისტის ეგნატე ნინოშვილის მეთაურობით. ამ კრებას ესწრებიან თვით ნინოშვილის გარდა, შემდეგი პირები: მიხა ცხაკაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე და სხვანი. 1893 წ. იმართება უკვე მარქსისტების კონფერენცია, ხოლო აშკარად, საზოგადოების წინაშე ისინი გამოდიან 1894 წელს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავების დროს. სილიბისტრო ჯიბლაძემ აქ წარმოსთქვა საპროგრამო სიტყვა, რომლის შემდეგაც ხსენებულ ჯგუფს ქართულ პრესაში უწოდებენ, როგორც ახალს მოვლენას, „მესამე „დასს“.

მესამე დასელები გაცხოველებულ მუშაობას აწარმოებენ მუშათა ჯგუფებს შორის. ამავე დროს ისინი გაცხარებულ ბრძოლას აწარმოებენ ძველი თაობისა და ხალხოსნური მიმართულების წინააღმდეგ. მარქსისტებს ხელთ უვარდებათ გიორგი წერეთლის ყოველკვირეული ჟურნალი „კვალი“, რომელშიაც სწერენ ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე. იწყება დავა: საქართველოსაც უწერია თუ არა კაპიტალიზმის ყველა შედეგების განცდა, თუ იგი შესძლებს მათს თავიდან აცილებას. მარქსისტები ამტკიცებენ, რომ საქართველოში კაპიტალიზმის განვითარება აუცილებელია. ისინი იდეოლოგიურად თავის მოძღვრებას ახალ კლასს, პროლეტარიატს უკავშირებენ და მისი იმედი აქვთ. მათი აზრით ყველაზე მეტად პროლეტარიტია დაინტერესებული და მხოლოდ ის შესძლებს ქვეყნად სოციალიზმის დამყარებას. გლეხობა, თანდათან პროლეტარდება და მუშათა კლასის რაზმებს აძლიერებსო. ამის და მიხედვით, მარქსისტებს მაშინ გლეხობისათვის ცალკე პლატფორმა არ ჰქონიათ და მხოლოდ ფეოდალური ურთიერთობის ნაშთების მოსპობას მოითხოვდენ.

მარქსისტები პირველნი იყვნენ, რომელნიც ქართველ მშრომელთა წრესთან მივიდენ, საერთო სარუსეთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბეს და არსებულ სოციალ-პოლიტიკურ წესწყობილებასთან ბრძოლისაკენ მოუწოდებდენ. საქართველოს მარქსისტებს პირველ ხანებში დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჰქონდათ, შემდეგ კი სავსებით შეედუღნენ და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრად ითვლებოდენ. სოციალ-დემოკრატებმა მალე პარტიის ქართველ ხალხზე დიდი გავლენა მოიპოვეს და განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურებად იქცნენ.

მუშათა პირველი ორგანიზაციული გამოსვლა საქართველოში მოხდა 1898 წელს. ამ დროს მუშებმა არალეგალურად იდღესასწაულეს  პირველი მაისი. დღესასწაული განმეორდა 1899 წელსა და 1900 წელსაც. თუ პირველ დღესასწაულს 40-ოდე კაცი დაესწრო, სამაგიეროდ 1900 წლის დემონსტრაციას უკვე ხუთას კაცამდე ესწრება. აქა-იქ ხდებოდა აგრეთვე გაფიცვები, რაიც მოწმობდა მუშათა კლასის დარაზმულობას და გაძლიერებას

12 საქართველო მე-20 საუკუნის საუკუნის დამდეგს

▲ზევით დაბრუნება


საქართველო მე-20 საუკუნის საუკუნის დამდეგს

მეოცე საუკუნის დამდეგს საქართველოში კლასობრივი დიფერენციაცია თითქმის უკვე სავსებით ჩამოყალიბებული იყო. თავად-აზნაურობა თითქმის სავსებით დაცემული იყო, როგორც საზოგადოებრივი ძალა. თუ იგი წინად ჩვენი ცხოვრების მესაჭეობას კისრულობდა, ახლა ის მთლად გაირიყა და ხალხს დაუპირდაპირდა. პროლეტარიატთან ერთად, რომლის წარმოშობა მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათეულს ეკუთვნის, ჩნდება ბურჟუაზია, რომელიც პროლეტარიატს უპირდაპირდება. უნდა ითქვას, რომ ეს ბურჟუაზია უფრო უცხო ტომისაა და ეს ჰქმნის თავისებურ მდგომარეობას.

მე-20 საუკუნის დამდეგიდანვე ცხოველდება მუშათა მოძრაობაც. 1900 წლის იანვარში ტფილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ხდება ცხენის რკინის გზის („კონკა“) მოსამსახურეთა გაფიცვა, რომლის დროსაც პირველად დაიღვარა სისხლი. იმივე წლის აგვისტოში მოხდა რკინის გზის სადგურისა და დეპოს მუშების დიდი გაფიცვა. მასში დაახლოებით 4000 კაცი იღებდა მონაწილეობას. 1901 წლის დამდეგს ადგილი ჰქონდა გაფიცვას ბათომშიაც. მოძრაობა ნელ-ნელა იზრდებოდა. მზადდებოდა 1905 წელი.

1903 წელს გამართულს მეორე ყრილობაზე მოხდა განხეთქილება იქამდე მთლიანს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულპარტიაში. გაჩნდენ მეუმცირესენი (მენშევიკები) და მეუმრავლესეები (ბოლშევიკები). უმთავრესი სადაო საკითხი რ. ს. დ. მ. პარტიაში, რამაც ეს განხეთქილება გამოიწვია, იყო ორი: 1) პროგრამის მუხლი, თუ „ვინ უნდა იყოს პარტიის წევრი", და საკითხი 2) პარტიის ცენტრისა და მისი ქვემდებარე ორგანიზაციების დამოკიდებულებისა ამ ცენტრთან, ესე იგი: ცენტრალიზმი თუ დეცენტრალიზმი. ცენტრალისტური ორგანიზაციის მომხრე და საერთოდ უფრო რევოლიუციონური ტაქტიკის გამტარებელ-დამცველი იყო ლენინი, რომელიც ბელადი შეიქმნა მეუმრავლესეებისა, ამ მემარცხენე ფრთისა. მეუმცირესეებს მეთაურობდენ მარტოვი და მერე პლეხანოვიც.

განხეთქილებამ საქართველოშიაც იჩინა თავი. ქართველ მეუმცირესეებს ბელადად მოევლინენ ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვანი, ხოლო მეუმრავლესეებს — ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, ჯუღაშვილ-სტალინი და სხვ. ფრაქციათა ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა 1903 წელს, თუმცა ორგანიზაციული ერთობა არ დარღვეულა და პარტია კვლავ რუს. სოც-დემ. მუშათა პარტიად იწოდებოდ. მეუმცირესეების ბეჭვდითი ორგანო იყო ჟურნალი „კვალი“, ხოლო მეუმრავლესეებისა — „ბრძოლა", რომელიც არალეგალურად ბაქოში იბეჭდებოდა იქ გარდახვეწილ ქართველ მეუმრავლესეთა მიერ.

ქართველი სოციალ-დემოკრატები კარგა ხნის განმავლობაში მტრელად ექცეოდენ ეროვნულ-პოლიტიკურ ლოზუნგებს. საერთო სარუსეთო განმათავისუფლებელი მოძრაობით გატაცებულნი, ისინი მეორე ხარისხოვან საქმედ სთვლიდენ და ცხარედ ებრძოდენ, მაგალითად, საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. ამიტომ არამარქსისტული ინტელიგენცია ცალკე დაირაზმა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია დააარსა.

ის ჯგუფი, რომელმაც შემდეგში სოციალისტ სოციალისტ-ფედერალისტთა არტია დააარსა — პირველად მაშინ გამოვიდა, როდესაც ქართველმა თავად-აზნაურობამ დიდი ზეიმით იდღესასწაულა საქართველოში რუსის თვითმპყრობელობის დამყარების ასის წლის იუბილე (1901 წ.). ხსენებულ ჯგუფში იყვნენ ის ინტელიგენტები, რომელნიც არც მარქსისტებს ეკუთვნოდენ, არც მათს მოწინააღმდეგეებს ძველი თაობიდან. ზემოხსენებულ იუბილეს დროს ჯგუფმა გამოსცა პროკლამაცია, სადაც იუბილეს გადახდას სამარცხვინოდ სთვლიდა და ჰგმობდა. რამდენისამე ხნის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო პარიზში ქართულ და ფრანგულ ენაზე ჟურნალი „საქართველოს" გამოცემა. 1904 წელს ჟენევაში გამართულ ქართველი რევოლიუციონერების კონფერენციაზე „საქართველოს“ ჯგუფი ჩამოყალიბდა და მიიღო „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლიუციო პარტიის" სახელწოდება. თავის პროგრამის მიხედვით ხსენებული პარტია მოითხოვდა რესეთის ფედერატიულ რესპუბლიკად მოწყობას და საქართველოს ავტონომია დღიურ ლოზუნგად მიაჩნდა. ამასთანავე სოციალისტ ფედერალისტები ჰქადაგებდენ მიწის განსაზოგადოებრიობის საჭიროებას და სხვ. მათი ბელადები იყვნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი.

13 1905 წლის რევოლიუცია

▲ზევით დაბრუნება


1905 წლის რევოლიუცია

1904-5 წ.წ. ატეხილი ომი იაპონიასთან რუსეთის დამარცხებით დამთავრდა. ხსენებულმა ომმა ყველას დაანახვა, რომ თვითმპყრობელობა სრულიად აღარ შეეფერებოდა რუსის ხალხის მდგომარეობასა და გახრწნის გზაზე შემდგარიყო. დამარცხებამ ხელი შეუწყო რუსეთში 1905 წელს განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებას, რომელიც მალე რევოლიუციად იქცა.

1905 წლის მოძრაობამ საქართველოში ხალხის თითქმის ყველა წრეები ჩაითრია. სოფლებსა და დაბა-ქალაქებში ხალხმა ძველი მოხელეები გადააყენა და თავის საქმეებს თვითვე უძღვებოდა. მთავრობის დაწესებულებებს ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და მას აღარავინ ეკარებოდა. სოფლებში მოძრაობას მალე აგრარული ხასიათი მიეცა და მემამულეები იძულებული გახდენ თავისი კარ-მიდამო მიეტოვებინათ. ადგილობრივ თვითმართველობის საქმის მოწყობასა და გაძღოლაში ქართველმა ხალხმა მაშინ შესანიშნავი შეგნება და ენერგია გამოიჩინა. მთელი მოძრაობა მიმდინარეობდა „ერთობის“ — თანასწორობის დამყარების ლოზუნგით. „ერთობის“ ლოზუნგი მეზობელ ხალხებისათვისაც საბრძოლველად გახდა და ქართველი ხალხი იმ დროს მთელი კავკასიის რევოლიუციონური მოძრაობის მეთაურად შეიქმნა. დიდ აგიტაციას ეწეოდენ აგრეთვე სოციალისტ-ფედერალისტები ავტონომიის იდეის გასავრცელებლად.

მოძრაობა უმთავრესად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჰეგემონიის ქვეშ მიმდინარეობდა. იმავე ხანებში მეუმცირესეებსა და მეუმრავლესეებს შორის ბრძოლა ძალიან გამწვავდა. თუ წინად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები უმთავრესად მეუმრავლესეთა ხელში იყო, 1905 წელს სურათი ძირითადად იცვლება: თითქმის ყველა ორგანიზაციას ეპატრონებიან მეუმცირესენი და მუშათა მასებსაც იმხრობენ.

1905 წლის რევოლიუცია რუსეთში დამარცხდა. მუშებს სათანადოდ მხარი ვერ დაუჭირა რუსეთის გლეხობამ, რომელშიაც მაშინ ნაკლები შეგნება იყო, და თვითმპყრობელობამ გაიმარჯვა. მოსკოვის აჯანყება, რომელიც უკანასკნელი შეტაკება იყო რევოლიუციონერებისა მთავრობასთან, სასტიკად დათრგუნვილ იქნა. თვითმპყრობელობამ სასტიკად იძია შური დამარცხებულ ხალხზე, განსაკუთრებით განაპირა კუთხეებში. შავი დღე დაუდგა საქართველოსაც. ჩვენი ქვე - ყნის ყველა კუთხეს მოედვნენ მთავრობის მიერ გაგზავნილი დამსჯელი რაზმები, რომელთაც ცეცხლსა და მახვილს მისცეს მთელი საქართველოს დაბა-სოფლები.

ქართლში მოქმედებდა გენერალი ბაუერი. დასავლეთ საქართველოში, სადაც რევოლიუციონურ მოძრაობას უფრო ფართო ხასიათი მიეღო — მძვინვარებდა თავისი ყაზახებით გენერალი ალიხანოვ-ავარსკი დამსჯელმა რაზმებმა მრავალი სოფელი და ქალაქი დასწვეს და დაანგრიეს. განსაკუთრებით დაისაჯა გურია, სადაც მთავრობის ჯარებმა გადასწვეს ოზურგეთი, სოფლები: ჩოხატაური, ფარცხმა, ხიდისთავი, სურები და სხვ. იწყება რეაქციის ხანა, როდესაც მთავრობის და მისი აგენტების ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ყოველგვარი ხმა ჩაკლულია. ორი-სამი წლის განმავლობაში მეფობს ეს რეაქცია. გამარჯვებულმა თვითმპყრობელობამ რამდენიმე ათასი ქართველი ციმბირს და რუსეთის სხვა შორეულ კუთხეებში გადაასახლა. მრავალი მებრძოლი ვერ შეურიგდა რეაქციას და პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა მთავრობის წინააღმდეგ (აფრასიონ მერკვილაძის რაზმი შორაპნის მხარეს, წითელი რაზმები ქართლში და სხვ.). რევოლიუციონური პარტიები იძულებულნი ხდებიან თავდაცვის მიზნით ტერორისტულ აქტებს მიმართონ, რაიც უფრო და უფრო ამძვინვარებს მეფის მთავრობას.

14 1905 წლიდან 1917 წლამდე

▲ზევით დაბრუნება


1905 წლიდან 1917 წლამდე

რეაქციის გაძლიერებულმა რეპრესიებმა ქართველ ხალხში რევოლიუციონური სული ვერ ჩაჰკლა. საქართველო კვლავ ოპოზიციონური და მებრძოლი დარჩა. დადგა პირველი სათათბიროს არჩევნების ხანა. ზოგიერთს რევოლიუციონურ პარტიას (მაგალითად მეუმრავლესეებს) რევოლიუცია დამთავრებულად არ მიაჩნდა. ისინი ამიტომ სათათბიროს, როგორც საპარლამენტო ილიუზიების გამაღვივებელ დაწესებულებას, უარყოფითად უყურებდენ და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მეუმცირესეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და საქართველოდან რვა დეპუტატიდან — ხუთი სოციალ-დემოკრატი გავიდა (ნ. ჟორდანია, გომართელი და სხვ.). გავიდა აგრეთვე ერთი სოციალისტ-ფედერალისტი (ი. ბარათაშვილი). ქართველი დეპუტატები სახელმწიფო სათათბიროს სოც.-დემ. ფრაქციაში ხელმძღვანელ როლს თამაშობდენ და მთავრობის წინააღმდეგ ოპოზიციას ეწეოდენ.

რევოლიუციონური სულისკვეთებისათვის მთავრობამ პირველი სათათბირო დაითხოვა. მეორე სახელმწიფო სათათბირო შეიკრიბა 1907 წლის თებერვლის 20-ს. საქართველოდან იქაც სოციალ-დემოახტები იყვნენ.

ოპოზიციონორებისათვის მთავრობამ მეორე სათათბიროც დაითხოვა. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრებს, სხვათა შორის ქართველთ ირ. წერეთელს, არჩ. ჯაფარიძეს, ჭ. ლომთათიძეს და სხვებს მთავრობამ შეთქმულობის მოწყობა დააბრალა და ყველანი კატორღაში გაგზავნა.

გაძლიერებულმა რეაქციამ 3 ივნისის კანონით საარჩევნო წესი შესცვალა მემამულეთა სასარგებლოდ. ამ კანონის მიხედვით საქართველოს მხოლოდ სამი ადგილიღა დარჩა. მომხდარი არჩევნების დროს დეპუტატად გავიდენ ორი სოციალ-დემოკრატი (ჩხეიძე და გეგეჭკორი) და ერთი უპარტიო მემარჯვენე (შარვაშიძე)... (არასრული ქვეტავი. სრული ტექსტი იხ. რაჭველიშვილი ქრისრიფორე.საქართველოს მოკლე ისტორია დასაბამითგან 1917 წლამდე)

15 უმთავრესი წყაროები.

▲ზევით დაბრუნება


უმთავრესი წყაროები

1. „ქართლის ცხოვრება“.. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა. — 1897-99 წ.

2. . „საქართველოს ცხოვრება“. ( ს.ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის, ომან ხერხეულიძის და სხვ.) — ზაქ. ჭიჭინაძის გამოცემა 1913 წ.

3. . ვახუშტი. საქართველოს ისტორია — განმარტებული და შევსებუბული ახლად შეძენილი არქეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. 1885 წ.

4. . ვახუშტი. საქართველოს გეოგრაფია — მ. ჯანაშვილის რედაქციით 1904 წ.

5. . დიმ ბაქრაძე. . ისტორია საქართველოსი (უძველეს დროიდან მე-X საუკ. დასასრულამდე) — 1889 წ.

6. . მ. ბროსე. საქართველოს ისტორია — I და II წიგნი — ღოღობერიძის თარგმანი — 1895-1900 წ. წ.

7. . ივ.ჯავახიშვილი.. ქართველი ერის ისტორია — I, II და IV წიგნი. 1913, 1914-1924 წ. წ.

8. . ივ.ჯავახიშვილი.. ქართული სამართლის ისტორია. 1919 წ. 9. მისივე. საქართველოს ეკონომიური ისტორია — 1907 წ.

10. . ივ.ჯავახიშვილი.. საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია. 1905 წ.

11. . ივ.ჯავახიშვილი. ისტორიის მიზნები, წყაროები და მეთოდები წინად და ეხლა — I წ. 1916 წ.

12. . ივ.ჯავახიშვილი.. Политическое и социальное движение в Грузии в XIX в. СПБ. 1906 г.

13. . ივ.ჯავახიშვილი.. Государственный строй древней Грузии и древней Армении — 1905 г.

14. . ივ.ჯავახიშვილი.. საქართველოს და რუსეთის დამოკიდებულება მე-18 საუკუნეში.

15. . მ. ჯანაშვილი. . საქართველოს ისტორია — ტ. I — 1906 წ.

16. . ალ.ჭყონია. ისტორიული ნარკვევი — 1890 წ.

17 . ალ. ხახანაშვილი. . იმერეთის მეფე სოლომონ მეორე — 1911 წ.

18. . ს.გორგაძე . საქართველოს ძველი ისტორია ახალი საუკუნეების ეპოქა — 1920 წ.

19.

20. . ს.კაკაბაძე.. საქართველო ერეკლე II-ს დროს (ისტორიული მონოგრაფია). „შვიდი მნათობი“ — № 2 — 1919 წ.

21. . არქანჯელო ლამბერტი . — სამეგრელოს აღწერა — თარგმ. ალექს. ჭყონიასი — 1901 წ.

22. . ალ.ფრონელი. . ამბოხება კახეთისა - 1907 წ.

23. . ალ.ფრონელი. . მთიულეთი.

24. . Мих. Хелтуплишвили. . Вступление Грузии в состав Российской Империи — 1901 г.

25. . 3. Авалов. . Присоединение Грузии к РОССИИ. 1901 г.

26. . Акад. Б. Тураев. . Классический Восток. изд. 1924 г.

27. . К. Ган. . Древние известия Греческих и Римских писателей о Кавказ

28. . Тацит. Летопись. Перев. Ал. Кронеберга М. 1858 г.

29. . Путешествие Кавалера Шардена по Закавказь. в 1672- 1673 г. г. Пер. Д. Носовича и Д. Хутовоп „Кавкаский Вестник“.