The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.09

1882    
    
9 სექტემბერი   
     
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ილიასა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით წერილს უგზავნის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს და სთხოვს პროგრამების წარდგენას, მათ შორის, ვრცლად გაწერილი ქართული ენის პროგრამისასაც.  წყარო:

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 70, ფ. 7; ვ. ხაბურძანია, ილია ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 93, 408.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.

    
1887    
    
9 სექტემბერი   
 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების დირექტორის მიწერილობას, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველმა გაიცნოს მეგრული ენის ანბანი. გამგეობის წევრები მიუღებლად მიიჩნევენ სწავლების მეგრულ ენაზე დაწყებას და საკითხის მოსაგვარებლად ჩანართს აკეთებენ სენაკის სკოლაში მიღების წესებში. ამ მუხლის მიხედვით, სასწავლებლად მიიღებიან ის მეგრელი ყმაწვილები, რომელთაც იციან ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა ან რომელთა მშობლებიც თანახმა არიან, რომ მათ შვილებს სწავლება ქართულ ენაზე დააწყებინონ. სენაკის სკოლის ინსპექტორის თანამდებობაზე კვლავ ტოვებენ სამსონ ყიფიანს. გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანს ატყობინებენ, რომ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებიდან მას დარჩება 25 პროცენტი. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 194.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) – მესტამბე, გამომცემელი.

1893
9 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება კავკავის, თონეთისა და ხეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა სასკოლო წიგნებისა და ინვენტარის მიწოდებაზე; მასწავლებელი გრიგოლ ბურჭულაძე ახალციხეში ინიშნება წიგნების გამავრცელებლად; იღებენ დადგენილებას ივან კრილოვის არაკებისა და ქართული ანბანის მოძრავი ასოების ხელმეორედ გამოცემის შესახებ და თანხმდებიან, რომ რუსეთის საიმპერატორო თავისუფალ საეკონომიო საზოგადოებასთან არსებულ კომიტეტს მიაწოდონ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები; განიხილავენ სახალხო სამკითხველოს გამგის ანასტასია წერეთლის თხოვნას ბიბლიოთეკისთვის უფრო დიდი დარბაზის დაქირავების საჭიროების შესახებ და კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით საქართველოს ეგზარქოსს, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ბოლო რედაქცია სახელმძღვანელოდ დაამტკიცოს სამრევლო სკოლებისთვის. წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844)

რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბურჭულაძე გრიგოლ იესეს ძე (1861-1941)

პედაგოგი, მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ახალციხეში შექმნა მდიდარი წიგნსაცავი.

1897
 
9 სექტემბერი
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც ისმენენ მოხსენებას თბილისის სამრევლო სკოლების მასწავლებელთათვის გამართული პედაგოგიური კურსების მუშაობის შესახებ. წყარო:

ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 88-90.