The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


20.07

1857    
    
20 ივლისი   
    
 განცხადება შეაქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის – ემილ ლენცის სახელზე გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და, მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩარიცხვის თხოვნით.  წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 1; მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 558 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 14, 365-366.

პირთა ანოტაციები:

ლენცი ემილ ქრისტიანის ძე (1804-1865)

რუსი ფიზიკოსი და ელეტროტექნიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ რექტორი.

    
1873   
    
  20 ივლისი   
    
თავისი ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან იღებს დეპეშას სახელობის დღის მილოცვით.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126.

დათარიღება:

დროზე მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) – გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

    
1884    
    
20 ივლისი    
    
იღებს რამაზ ანდრონიკაშვილის ბარათს თსს ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნის ქარვასლის შეძენასთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 448. პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში არწრუნის სახელის მხოლოდ ინიციალია.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885)

კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის უფროსი.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი

    
1886    
    
20 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ივლისი“ („საფრანგეთი დღესაქამომდე გასტირის მშვენიერს ელზას-ლოტარენს, რომელიც წაართვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ომის საფრთხის წინ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 20 ივლისი, № 157, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ. 257. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 228.

    
1888    
    
20 ივლისი   
    
მცხეთელი გლეხობისგან იღებს ანგელოზის დღის მილოცვას. დეპეშაში გამოთქმულია იმედი: „როგორც შენმა სეხნიამ, წმინდა ილიამ არ დატოვა ხალხი თავისი უნუგეშოდ და დაუტოვა მას გამაკურნებელი სამოსელი თვისი, ეგრე შენ არ გაუშვებ უნუგეშოდ დაჩაგრულ ქართველებსა“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 553.

პირთა ანოტაციები:

წმინდა ილია წინასწარმეტყველი - ბიბლიური წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან.

    
1889 20 ივლისი   
    
იღებს ქიზიყელების მიერ გამოგზავნილ დეპეშას, რომელშიც ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებენ.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

    
1889    
    
20 ივლისიდან - 22 სექტემბრამდე    
    
წერილს იღებს თავისი დის - ელისაბედისგან. იგი მადლობას უხდის ფულის გაგზავნისთვის და ატყობინებს, რომ აპირებს ლივადიაში ჩასვლას. წუხს, რომ ილიას სახელობის დღეს ვერ დაესწრო. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17628; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 109-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 264-265, 511.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

 ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1890

20 ივლისი

ილიაობის აღსანიშნავ წვეულებას მართავს საგურამოში. მიწვეულ სტუმრებთან, მღვდელ გიორგი ასათიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვებთან ერთად უღებენ ფოტოს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/1.

ფოტო

დათარიღება:

ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

ილია ჭავჭავაძე დგას შუაში. უკან უდგას მღვდელი გიორგი ასათიანი, მარცხნივ კი - ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

პირთა ანოტაციები:

ასათიანი გიორგი (დაახლ. 1840-1931)

წინამძღვრიანთკარის დეკანოზი, ავტორი მოგონებისა „ოლივერ უორდროპის სტუმრობა სოფ. საგურამოში ილია ჭაჭავაძესათან“.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

20 ივლისი

საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე აუზთან მდგომს უღებენ ფოტოს მიწვეულ სტუმრებთან ერთად.

წყარო:

ალექსანდრე როინაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/2; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 74-i.

ფოტო/დოკუმენტი:

დათარიღება:

ამ ფოტოს

ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

ილია ჭავჭავაძე დგას აუზის მარცხენა მხარეს, აცვია თეთრები და ახურავს რუხი ფერის მზის ქუდი. მის წინ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარია თეთრებში ჩაცმული კაცი (სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭყონია), რომელიც ამავე წლის მეორე ფოტოზეც არის აღბეჭდილი.

    
1893    
    
20 ივლისი   
    
საგურამოში „ილიაობის“ აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს იმ გლეხებთან ერთად, რომლებიც ულოცავენ სახელობის დღეს.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 201.

ფოტო

 

    
20 ივლისი   
    
 საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე სუფრასთან უღებენ ფოტოს

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი,

ფოტო

დათარიღება:

ფოტო უთარიღოა, მაგრამ მის უკანა მხარეს დაცული მინაწერიდან ცნობილია, რომ გადაღებულია ილიაობაზე და ილია ჭავჭავაძის მარჯვნივ ზის ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანელი. რამდენადაც ეს პიროვნება 1895 წლის 11 მარტს გარდაიცვალა, ფოტო 1895 წლამდე ილიაობის რომელიმე წლის წვეულებაზე უნდა იყოს გადაღებული. ბუნებრივია, რომ ამ წვეულებაზე მისული ფოტოგრაფი მხოლოდ ერთ ფოტოს არ გადაიღებდა. ჩვენთვის ცნობილია 1890 და 1893 წლის ფოტოები. 1890 წლისაზე ილია ჭავჭავაძეს შავი ფერის სამოსი აცვია, 1893 წლისებზე და ამ ფოტოზე კი - თეთრი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იგი 1893 წლის 20 ივლისს არის გადაღებული.

 

    
1894    
    
20 ივლისი    
    
საგურამოში იხდის სახელობის დღესასწაულს.  წყარო:

ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119.

    
1895    
    
20 ივლისი   
    
„ილიაობის“ დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს, რომელზეც სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს,.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 1015/31, 0-42390.

ფოტო

კუვშინოვის ფოტო, ილია ჭავჭავაძე ზის მაგიდასთან, მარჯვნიდან პირველი. ფრაგმენტი ამ ფოტოდან.

 

    
1896    
    
20 ივლისი   
    
დიდი ზეიმი იმართება საგურამოში მისი სახელობის დღესთან დაკავშირებით. ქართული ეროვნული ტანსაცმლით მოსილი ორმოცამდე ცხენოსანი ვაჟკაცი მგზავრულის სიმღერით უახლოვდება და გადასცემს საგანგებოდ დამზადებულ დროშას, რომელზეც ამოქარგულია მისი სიტყვები პოემიდან „მეფე დიმიტრი თავდადებული“: „კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას კი გზას უნათვიდეს“.  წყარო:

ეკ. გაბაშვილი, „ლიტერატურის მატიანე“, 1940, წ. 1–2, გვ. 101-119.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

    
20 ივლისი   
    
უღებენ ფოტოს დასთან – ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისასთან, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძესთან, მარჯორი, თომას და ოლივერ უორდროპებთან და სხვა სტუმრებთან ერთად საგურამოს სახლის კიბეზე.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 3-1654; ფ. 2-2633 ფრაგმენტი ფოტოდან: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5112

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

უორდროპი თომას

ცნობილი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპის ძმა.

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)

ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.

 

    
20 ივლისი   
    
უღებენ ფოტოს საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე გაშლილ საზეიმო სუფრასთან. ილია ჭავჭავაძე თეთრ სამოსში ჩაცმული დგას უკანა პლანზე მარჯორი უორდროპის გვერდით. მარცხნივ უდგანან მარჯორი უორდროპის ძმა – თომასი და მათი მამა.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-2633; 1654;

ფოტო

ფოტო და მისი ფრაგმენტი.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი თომას

ცნობილი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპის ძმა.

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)

ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.

    
1897    
    
20 ივლისი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „ძველი ეკალის“ ხელმოწერით იბეჭდება მიხეილ ნასიძის სტატია. ავტორი გამოდის ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ მისი სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების ინიციატივით.  წყარო:

„თავ. ილია ჭავჭავაძის იუბილეი და სრულიად საქართველოს „ცენტრალური დეპო“ ქ. ტფილისში“, გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 260.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

    
1898    
    
20 ივლისი    
    
არტემ ახნაზაროვი უძღვნის ექპრომტს, რომელშიც ზმურად იკითხება სახელი „ილია“ (“მე ვსვამ იმის სადღეგრძელოს, / ვისიც რომ სიტყვა ტკბილია / მოყვრისთვის, მტერს კი მრავალსა / მოსჭრა სიმწარით კბილია“).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 71.

პირთა ანოტაციები:

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით.

    
1900    
    
20 ივლისი    
    
მისი სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოდან იღებს მისალოც დეპეშებს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 25 ივლისი, № 159, გვ. 1

    
1903    
    
20 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ეხლა თვალი გადავავლოთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 20 ივლისი, № 154, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 578.

    
1904    
    
20 ივლისი    
    
მიხეილ კბილაძე, ილია ფოფხაძე და იოსებ მესხი დეპეშით ულოცავენ ანგელოზის დღეს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

დათარიღება:

წლის ბოლო ციფრი „4“ ბუნდოვნად ჩანს.

პირთა ანოტაციები:

კბილაძე მიხეილ

პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

ფოფხაძე ილია

პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

მესხი იოსებ

პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.