The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1870
1870

 

1870    
     

1870 15 იანვარი

ალექსანდრე ცაგარელი გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს სტატიას „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც მადლობას უხდის მიხეილ ჭავჭავაძეს “კაცია – ადამიანის?!“ გამოცემის დაფინანსებისთვის. წერილში საუბარია არა მხოლოდ ამ ნაწარმოებზე, არამედ ზოგადად ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე.  

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1870, № 2, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

 ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

ჭავჭავაძე მიხეილ ზაქარიას ძე

1860–იან წლებში კალუგაში მცხოვრები თავადი, პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობის აქტიური წევრი. მისი ხარჯით გამოიცა პირველად „კაცია ადამიანი“.

     

1870 15 იანვარი

გაზეთ დროების მეორე და მომდევნო ნომრებში იბეჭდება განცხადება იმის შესახებ, რომ სტეფანე მელიქიშვილისა და კომპანიის სტამბაში და ქუთაისის გუბერნიის ტიპოგრაფიაში იყიდება მოთხრობა „კაცია – ადამიანი?!“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1870, №№ 2, 3, 4.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი სტეფანე (გარდ. 1887)

გამომგონებელი და მესტამბე. XIX ს 60 -იან წლებში ნიკო ღოღობერიძესთან და ვახტანგ თულაშვილთან ერთად, დაარსა სტამბა, რომლისთვისაც ქ. ვენიდან გამოიწერეს ახალი ქართული ე. წ. „ვენური შრიფტი“.

     

1870 7 თებერვალი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში იწყებს გლეხ პეტრიაშვილის სარჩელის განხილვას თავად ხიმშიაშვილის წინაღმდეგ. საქმე ეხება ხარის წართმევას. მომჩივანი მოითხოვს მის დაბრუნებას და მოცდენილი დღეების ანაზღაურებას.

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,ფონ.133, აღწ. 1, საქ. 1356, ფურ. 1, დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ., 1965, გვ. 424.

პირთა ანოტაციები:

პეტრიაშვილი

 დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი.

ხიმშიაშვილი

სასამართლო ოქმში მისი სახელი არ წერია

     

1870 7 თებერვალი

ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება მისი ლექსი „ქართველ სტუდენტების სიმღერა“.

 

წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1870, № 2, გვ. 126.

     

1870 2 მარტი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განაგრძობს გლეხი პეტრიაშვილის სარჩელის განხილვას თავად ხიმშიაშვილის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მომჩივნის ბრალდება, თითქოს თავადმა ხიმშიაშვილმა ხარი წაართვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხიმშიაშვილს ბრალდება ეხსნება, მომჩივანს კი ეკისრება სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აღწ.1, საქ.135, ფურ.7. ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ. 1965, გვ. 425, ოქმი № 28.

პირთა ანოტაციები:

პეტრიაშვილი

დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი.

ხიმშიაშვილი

სასამართლო ოქმში მისი სახელი არ წერია.

     

1870 12 მარტი

მიხეილ ბეთანიშვილი გაზეთ „დროებაში“ ათავსებს შენიშვნას, რომელშიც აღიარებს, რომ „კაცია – ადამიანი?!” გამოსცა არა პირადად მან, არამედ პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ.

 

წყარო:

მ. ბეთანიშვილი, შენიშვნა, გაზ. „დროება“, 1870, № 10, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ბეთანელი (ბეთანიშვილი) მიხეილ სტეფანეს ძე (გარდ. 1907)

ინჟინერი და მწერალ პუბლიცისტი.

     

1870 18 მაისი

თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებაში შეაქვს მარტისა და აპრილის გადასახადი.

 

წყარო:

თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მოლარის ივან ნიკონოვის მიერ შედგენილი ხელწერილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 684. 

 

   

1870 27 მაისამდე

მთავრდება დუშეთის სასამართლოს მშენებლობა და ტარდება მისი საზეიმოდ კურთხევა.

 

წყარო:

წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი ფონ. 133, საქ. 2328, ფ. 4, ასლი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 426.

დათარიღება:

კონტროლის პალატის წერილი 27 მაისით არის დათარიღებული.

     

1870 27 მაისი

იღებს ამიერკავკასიის კონტროლის პალატის მმართველის თანაშემწის წერილს სასამართლოზე გაწეული ხარჯების ანგარიშის დაზუსტების მოთხოვნით. წერილში ნათქვამია, რომ დანახარჯი შეადგენდა 494 მანეთს და 75 კაპიკს და არა 501 მანეთს. კონტროლის პალატა ითხოვდა განმარტებას, რაში დაიხარჯა დარჩენილი 6 მანეთი და 25 კაპიკი.

 

წყარო:

წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ. 1, საქ. 2328, ფურ. 3. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 425.

     

1870 9 ივნისი

პასუხობს ამიერკავკასიის კონტროლის პალატის წერილს, რომელშიც ითხოვდნენ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებას. მისი განმარტებით, ის 6 მანეთი და 25 კაპიკი, რომლის შესახებაც ეკითხებოდნენ, გადაუხადეს მღვდელსა და მგალობლებს სასამართლოს შენობის კურთხევისას და ეს აღნუსხული იყო სასამართლოს საბუღალტრო წიგნში.

 

წყარო:

წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი ფონ. 133, საქ. 2328, ფ.. 4. ასლი. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 426.

     

1870 14 ივლისი

კირილე ლორთქიფანიძე ნიკო ნიკოლაძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს ალექსანდრე ცაგარელის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ და რომ კარგი იქნებოდა, მის საპასუხოდ ნიკო ნიკოლაძეს ვრცლად და საფუძვლიანად განეხილა ილიას ნაწარმოებები.

 

წყარო:

კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 94-95.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 

     

1870 30 ოქტომბერი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემ მკითხველს“, რომელშიც იგი საუბრობს ენის სიწმინდეზე და უპირისპირდება მათ, ვინც ილია ჭავჭავაძეს ენას უწუნებს, მაგალითად ეფთვიმე წერეთელს.

 

წყარო:

გაზ. „დროება“ 1870, 30 ოქტომბერი, № 42, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

წერეთელი ეფთვიმე

ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის მამა.

     

1870 10 ნოემბერი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გლეხ ეკალაძის საჩივარს ეგიაზარ ალექსიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება მომჩივნის მიწიდან ძნების გატანას. სასამართლო ალექსიშვილს დამნაშავედ ცნობს, უსჯის ექვსი დღით პატიმრობას, მომჩივნისთვის ზარალის ანაზღაურებას და სასამართლო ხარჯების დაფარვას.

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ. 22, ფურ. 16; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 428.

პირთა ანოტაციები:

 ეკალაძე

დუშეთის მაზრის მკვიდრი, დროებით დაქირავებული გლეხი.

ალექსიშვილი ეგიაზარ

დუშეთის მაზრის მცხოვრები.

     

1870 23 ნოემბერი

თბილისში, კერძო ბინაზე, ორ სხვა პიესასთან ერთად იდგმება ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“. იგი სცენაზე წარმოსადგენად შეამოკლა გიორგი თუმანიშვილმა და ილია ჭავჭავაძეს არ მოსწონს ეს გადაკეთებული ვარიანტი.

 

წყარო:

„ქართული შინაური წარმოდგენა“, გაზ. „დროება“, 1870, 29 ნოემბერი, № 47, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 97-98, 410-411.

პირთა ანოტაციები:

 თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

     

1870 29 ნოემბერი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „ქართული შინაური წარმოდგენა“, რომელშიც საუბარია 23 ნოემბერს კერძო ბინაზე წარმოდგენილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენების“ შესახებ. ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის ეს ტექსტი საგანგებოდ თეატრისათვის არ დაწერილა, ყოველი სიტყვა და პერსონაჟთა მიხვრა-მოხვრა ნამდვილი ცხოვრებიდან არის აღებული და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1870, № 47, გვ. 3.

     

1870 დეკემბერი

ჟურნალ „მნათობში“ სათაურით „სიმღერა“ იბეჭდება მისი ლექსი „დედამ რომ შვილი გაზარდოს...“

 

წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, № 2, გვ. 126-127.

     

1870

ანტონ ფურცელაძის სახლში ესწრება მწერლის ახალი რომანის – „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.

 

წყარო:

ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13146, გვ. 64-65.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში

     

1870

მეუღლესთან და დუშეთის საზოგადოებასთან ერთად იღებს სამახსოვრო ფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 0-42402, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4419-i.

ფოტო

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 
     
     
1870-1880-იანების გასაყარზე    
     
ესწრება წვეულებას ვერის ბაღში და უღებენ ფოტოს.

  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 103-i.

ფოტო

განცალკევებით დგას ჯგუფური ფოტოს მარცხენა მხარეს, ლამპიონის უკან და ამბობს სადღეგრძელოს.