The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


24.08

1864    
     
24 აგვისტო    
     
ქუთაისიდან საპასუხო წერილს უგზავნის პეტერბურგში კირილე ლორთქიფანიძეს, უწონებს კრებულის გამოცემის განზრახვას და ჰპირდება თხოვნის აღსრულებას, მაგრამ სთხოვს, რომ ლექსები ხელმოუწერლად დაბეჭდოს, ჰონორარზე კი წინასწარვე უარს ამბობს. ურჩევს, თანხა პეტერბურგში მყოფ ხელმოკლე სტუდენტებს გადასცეს.   წყარო:

ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1056; ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9 (სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 25-26, 372-373.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     
1871    
     
 24 აგვისტო    
     
წერს ლექსს „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 154; № 116, გვ. 4.

     
1873    
     
24 აგვისტო    
     
მოსკოვში იღებს ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის ბარათებს და სარეკომენდაციო წერილებს მოსკოვის ბანკში დასაშვებად.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 554; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44-45; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 52-53; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47-48, 386;

დათარიღება:

დრო მითითებულია ვასილ მაჩაბლისთვის 25 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899)

თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“.

     
1883    
     
24 აგვისტო    
     
საგურამოში სტუმრად ჰყავს იონა მეუნარგია. კითხულობს „ილიადას“.   წყარო:

ი. მეურნარგია, „ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ“, 1937, გვ. 47-48.

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

     
1886    
     
24 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 აგვისტო“ („ჩვენს წესდებულებას სასოფლო მართველობისას ბევრი ნაკლულევანება აქვს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 24 აგვისტო, № 184, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ 210; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 337

     
1888    
     
24 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 აგვისტო“ („ვერაფერი სანატრელია ის დღე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის დასენიანებასთან დაკავშირებით სხვა სარჩო-საბადებლის ძიება “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 178, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 295.

     
1895    
     
24 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („სოხუმიდგან გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ სწერენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ) („ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი ცილს სწამებს ქართველობას)“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 24 აგვისტო, № 181, გვ. 3-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 514-515.

     
1899    
     
24 აგვისტო    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის სახალხო ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლს და მსჯელობენ სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან პლატონ წულუკიძის დათხოვნის თაობაზე. ნიკოლოზ მთვარელიშვილი უარს ამბობს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინპექტორის თანამდებობაზე, სადაც იგი სამსონ ყიფიანის ნაცვლად უნდა დანიშნულიყო. განიხილავენ კავკავის სკოლის თხოვნას მესამე მასწავლებლად ქუთაისის სამეურნეო სკოლის რომელიმე კურსდამთავრებულის დანიშვნის შესახებ.   წყარო:

„სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი. წერილი ილია ჭავჭავაძისა“. ტფ., 1899.

 

     
1903    
     
24 აგვისტო    
     
დურგალთა ამხანაგობა „შრომის“ წევრთა საერთო კრებაზე ირჩევენ ამ ამხანაგობის წევრად.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 27 აგვ., № 2248