The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


3.10

1859    
     
3 ოქტომბერი    
     
თბილისშია და წერს ლექსს „მტკვრის პირას“.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 65; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 104.

     
1871    
     
 3 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება რეცენზია „კრებულის“ მეხუთე წიგნზე, რომელშიც საუბარია „მგზავრის წერილების“ შესახებ და მაღალი შეფასება ეძლევა ავტორის ნიჭსა და შემოქმედებით ოსტატობას.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1871, № 39, გვ. 1-2.

     
1877    
     
3 ოქტომბერი    
     
რუსეთ-თურქეთის ომში ეღუპება დისწული, სიმონ აფხაზი.   წყარო:

ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ. 1980, გვ. 165.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     
1880    
     
3 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თბილისის სკოლის მასწავლებლად ირჩევენ დავით ღვინიაშვილს და საქმის მწარმოებლად – ანა ქანანოვს. დგინდება ხელფასები, ინიშნება სკოლის გახსნის დღე. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ განცხადება ამის შესახებ ქართულ და რუსულ გაზეთებში სამ-სამჯერ დაიბეჭდოს. თანხმდებიან, რომ პარაკლისი გადაიხადოს ქართველმა მღვდელმა და სწავლა დაიწყოს იმავე დღეს.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 94.

პირთა ანოტაციები:

ღვინიაშვილი დავით ესტატეს ძე

 ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი, რომელმაც 1879 წელს მოკლა ზედამხედველი ასათიანი. ქანანოვი ანა დავითის ასული – თბილისის სკოლის მასწავლებელი.

     
1883    
     
 3 ოქტომბერი    
     
ალექსანდრე საგინაშვილს ბარათით აცნობებს, რომ გზათა მინისტრს 4 ოქტომბერს 10 საათზე უნდა შეხვდნენ. სთხოვს სასტუმრო „ლონდონში“ მისვლას, სადაც დეპუტაციის წევრები შეიკრიბებიან.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17620; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 78; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 137, 430.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199.

პირთა ანოტაციები:

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

     
1884    
     
3 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორისგან იღებენ მოთხოვნას, რომ სკოლებისთვის შესაწირი წიგნები მას გადაუგზავნონ და ის განკარგავს. ამასთანავე იღებენ მითითებას, რომ წიგნები აუცილებლად იყოს მოწონებული სახალხო განათლების სამინისტროს მიერ.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 12.

     
1885    
     
3 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ წინარეხის სკოლიდან მიღებულ ანგარიშს მოსწავლეთა რაოდენობისა და დასწრების შესახებ. პასუხად სწერენ, რომ სწავლა 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს და საჭიროა ყოველგვარი ღონისძიება იხმარონ იმისათვის, რომ მოსწავლეები არ აცდენდნენ. ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს უგზავნიან შენობის საქირავებელ თანხას. წინარეხის, ბათუმისა და ხელთუბნის სკოლებს ეგზავნება სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. შემოწირულობის სახით იღებენ საცირკო წარმოდგენის გამართვიდან შემოსულ თანხას. იღებენ დადგენილებას, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ქართული თარგმანი გაეგზავნოს საცენზურო კომიტეტს დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად. ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებენ თელავის ქალთა სასწავლებლის თხოვნას, რომ სასწავლებელზე ზრუნვა მთლიანად ქშწ-კგ საზოგადოებამ იკისროს, მაგრამ ჰპირდებიან შუამდგომლობას ქალაქის თვითმმართველობასთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აღუთქვამენ მეურვეობას. მოთხოვნილ წიგნებს უგზავნიან ხელთუბნის სკოლას და ანასტასია თუმანიშვილს აცნობებენ გადასახადის ოდენობას თავადაზნაურებისა და სასულიერო პირების შვილებისათვის. ილია ბაგრატიონმუხრანელისაგან იძენენ „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერს. საზოგადოების კანცელარიისა და წიგნთსაცავისთვის ქირაობენ შენობას.

 

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 52.

პირთა იდენტიფიკაცია:

ანოტაციაში მოხსენიებული ილია ბაგრატიონ-მუხრანელის ვინაობა ვერ დადგინდა, რადგან ამ პერიოდის წყაროებში იძებნება მხოლოდ ილია გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ამ პერიოდში 7 წლის იყო.

პირთა ანოტაციები:

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

 საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866)

ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

     
3 ოქტომბერი    
     
კავკასიის საცენზურო კომიტეტი გასცემს ცნობას, რომ ილია ჭავჭავაძეს აქვს ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის უფლება.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 123, ფ. 1 (რუსული ენაზე); „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 215.

 

     
1886    
     
3 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ოქტომბერი“ („ჩვენს თეატრს მართალის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ...). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თეატრის როლი ერის ცხოვრებაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 3 ოქტომბერი, № 212, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1886, 2/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 241.