The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


28.09

1878    
     
28 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 38, 28 სექტემბერი, გვ. 13-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 165.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898)

გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.

     
1882    
     
28 სექტემბერი    
     
თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის უწყებას წინარეხის სკოლის გაუქმების შესახებ. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ნიშნავენ გალობისა და ქართული ენის მასწავლებლებს. მადლობას უცხადებენ რაფიელ ერისთავს საზოგადოებისთვის „ანდაზებისა“ (900 ც.) და „გრამატიკის სქემის“ (550 ც.) შეწირვის გამო. წერილს უგზავნიან დიმიტრი ყიფიანს მომგებიან ბილეთებთან დაკავშირებით. საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ იაკობ გოგებაშვილს. განიხილავენ წინარეხის სკოლის ანგარიშს და იღებენ გადაწყვეტილებას მისი გაზეთში დაბეჭდვის შესახებ. არ იზიარებენ იაკობ გოგებაშვილის შეთავაზებას ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორისთვის წერილის გაგზავნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ დაწყებით კლასებში გაკვეთილები ჯერ ქართულად აიხსნას და შემდეგ იგივე ითარგმნოს რუსულად.   წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 101.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
1886    
     
     
ესწრება ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ „ხანუმას“ კოტე ყიფიანის მონაწილეობით, კოტე მესხის მიერ გრიგოლ რჩეულიშვილისგან გადმოკეთებული დრამის „თამარ ბატონიშვილი“ მეოთხე მოქმედებას და ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და დავით აწყურელის (გამყრელიძის) „ლეკურს“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 28 სექტემბერი” № 209, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 244.

დათარიღება:

დროზე მითითებულია 6 ოქტომბრის სტატიაში „ქართული თეატრი“.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

რჩეულიშვილი გრიგოლ ივანეს ძე (1820-1877)

მწერალი და პოეტი. სათავე დაუდო ქართულ მხატვრულ ისტორიულ პროზას და ფსიქოლოგიურ მოთხრობას.

ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948)

მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში.

გამყრელიძე დავით მერაბის ძე (1863-1928)

მსახიობი, დრამატურგი. გამოდიოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით. მუშაუბდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბაქოს თეატრებში.

     
28 სექტემბერი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 სექტემბერი“ („ბოლგარიაში რომ საქმეები აიშალა და ალექსანდრე მთავარი დაეთხოვა ბოლგარიას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ ბულგარეთის საქმე და ევროპის ქვეყნები“. გაზეთის იმავე ნომერში აქვეყნებს მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივი“ X თავს, სათაურით „ერთი ხანა მოთხრობიდან „ოთარაანთ ქვრივი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 28 სექტემბერი, № 209, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 400.

     
1897    
     
28 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 27 სექტემბერი“ („არიან თათრებ შორის იმისთანანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 433.

     
1902    
     
28 სექტემბერი    
     
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, გამოდის სიტყვით და მოითხოვს, რომ თავადაზნაურობის ხელთ არსებული მთელი თანხა მოხმარდეს სკოლის შენობის აგებას, სხვა საჭიროებებისთვის კი ხარჯონ ქარვასლიდან შემოსული თანხა. ასევე, მოითხოვს, რომ ახალციხის ქალთა სკოლას 300 მანეთზე მეტი გამოუყონ, რადგან ეს თანხა არ არის საკმარისი. _ 1902   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 207, გვ. 2.

     
28 სექტემბერი    
     
 მონაწილეობს თბილისის საგუბერნიო კომიტეტის სხდომაში, რომელიც განიხილავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საკითხს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 208, გვ. 2.

     
1905    
     
28 სექტემბერი    
     
თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი თბილისის ოხრანკის უფროსს საიდუმლოდ აცნობებს, რომ ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული მეთვალყურეობის პერიოდში (1884 წლის 25 აპრილიდან 1900 წლის 18 აპრილამდე) მის შესახებ არავითარი მაკომპრომენტირებელი ცნობა არ მიუღია.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 266.