The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.04

1863   
    
10.04   
    
თბილისის წმინდა სამების პატარა ტაძარში ილია ჭავჭავაძე ჯვარს იწერს 20 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე. მეჯვარეები არიან, მისი მხრიდან – დავით ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ოლღას მხრიდან – ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.

   

წყარო:

სამების ტაძრის წინამძღვრის – ვასილ კარბელაშვილის მიერ დამოწმებული მეტრიკული ამონაწერი საეკლესიო წიგნიდან, წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, № 51.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877)

რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე. თუმანიშვილი სულხან ნიკოლოზის ძე – კოლეგიის ასესორი, ოლღა გურამიშვილის მეჯვარე.

    
1864    
    
10 აპრილი    
    
ნიშნავენ იმერეთში, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, 445;”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 3.

დოკუმენტი:

 

    
1865    
    
10 აპრილი    
    
იღებს კოლეგიის რეგისტრატორის ჩინს.

 

წყარო:

ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. 1, 1935, გვ. 571; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214, 1-2734.

დოკუმენტი:

ნამსახურობათა სია.

 

    
1871    
    
10 აპრილი    
    
უბის წიგნაკში მისი და – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისა უწერს საყიდლების ნუსხას თავისთვის, თავისი ვაჟის – სენოსა და მათი დის – ელისაბედისთვის.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 10.

დოკუმენტი:

ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის ნაწერი ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკში.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია სიმონ აფხაზზე. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. დოკუმენტი: ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის ნაწერი ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკში.

    
1886    
    
10 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 აპრილს“ („გაზეთებმა გვაუწყეს, რა ამბავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლადსტონის კანონპროექტის გამარჯვება“. გაზეთის ამავე ნომერში, „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ლექსს „ამოწვდილს ხმალსა მტრისასა...“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 80, გვ. 1-2, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 540.

პირთა ანოტაციები:

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

    
10 აპრილი   
    
 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად იღებენ დადგენილებას სალიტერატუროსასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად საღამოში მონაწილეობა უნდა მიიღონ ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და რაფიელ ერისთავმა. გარდა ამისა, იგეგმება საცირკო წარმოდგენისა და ჭიდაობაში შეჯიბრის გამართვა. ილია ჭავჭავაძეს სთხოვენ კახეთიდან მომღერალთა გუნდისა და მოჭიდავე ნესტორ ესებუას მოწვევას.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 107.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

 პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ესებუა ნესტორ (1864-1931)

ცნობილი ფალავანი სენაკის სოფელ სორტიდან. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. წარმატებით გამოდიოდა საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის (პარიზი, სტამბოლი) ქალაქებში.

    
1905    
    
10 აპრილი    
    
ჟურნალ „მოგზაურში“ ფსევდონიმით „ვ. ნ.“ და სათაურით „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“ იბეჭდება ვასილ ნაცვლიშვილის ცილისმწამებლური სტატია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.  წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 13, გვ. 209-211.

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელი.

    
1906    
    
10 აპრილი   
    
პეტერბურგიდან მოემგზავრება თბილისისკენ.    წყარო:

გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 147.

    
10 აპრილი   
    
პეტერბურგის გაზეთ „რეჩში“ დაბეჭდილ სტატიაში სახელმწიფო საბჭოს შესახებ, მოხსენიებულია ახლადარჩეულთაგან ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დეპუტატად.   წყარო:

დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 180.