The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.09

1874    
     
19 სექტემბერი    
     
თბილისიდან მიდის თიანეთში მამულების გაყოფაზე დასასწრებად.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია მეუღლისთვის 16 სექტემბერს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

     
1881    
     
 19 სექტემბერი    
     
თბილისიდან წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ არქეოლოგების პატივსაცემად ორშაბათს დანიშნული წვეულების გამო ვერ ავიდა; ატყობინებს, რომ პარასკევს ოცამდე სტუმარს ელის საგურამოში და სთხოვს, თადარიგის დაჭერას. უგზავნის ხანჯალს, რომ კარგი სამსახურისთვის საჩუქრად გადასცეს მათ მეცხვარეს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 372; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 363-364; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203-204, 371.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 255-256.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

მეუღლე,საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
 19 სექტემბერი    
     
გაზეთ „დროების“, სტატიაში „ბანკეტი პროფესორ ჩუბინოვის პატივსაცემად“, იბეჭდება მის მიერ წარმოთქმული სიტყვა.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 195 , გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     
1883    
     
19 სექტემბერი    
     
„დროების“ რედაქციისადმი ალექსანდრე ყაზბეგის მიმართვისა და რედაქციის გამოხმაურების პასუხად, ამავე გაზეთში იბეჭდება კოტე ყიფიანის განმარტებითი წერილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების შესახებ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 185, გვ. 3-4.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

     
1884 19 სექტემბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სააზნაურო სკოლაში ახალი მასწავლებლის მოწვევის საკითხს. ქუთაისის სკოლების დირექტორს ეგზავნება სამეგრელოში გადატანილი სკოლის სასწავლო გეგმა. კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის, მოსე ნათაძის თხოვნა შემოსული თანხის სკოლის საჭიროებისამებრ განკარგვასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი წიგნები ეგზავნება ხარკოვის უნივერსიტეტს. არ კმაყოფილდება ნიკოლოზ მთვარელიშვილისა და ივანე გამყრელიძის თხოვნა ხელნაწერი წიგნების სახლში გატანაზე. სოფელ თონეთის სკოლასთან დაკავშირებით მამასახლისს ეგზავნება თხოვნა, რომ შეუდგეს შენობის აგებას, სწავლა კი დაიწყოს 1 ოქტომბერს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 8.

პირთა ანოტაციები:

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი.

გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე (1856-1939)

ფიზიკა-მათემატიკოსი, პედაგოგი, ასწავლიდა თბილისის გიმნაზიებსა და სასულიერო სემინარიაში. 1905- 1911 წლებში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი. 1915 წელს დააარსა „საშუალო კულტურულ–ტექნიკური სასწავლებელი”.

     
1886    
     
 19 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („ამ შვიდისა თუ რვა წლის წინად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თამბაქოს მოყვანისა და გასაღების საქმე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 19 სექტემბერი, № 202, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 375.

     
1890    
     
19 სექტემბერი    
     
 იღებს პოლონელი ექიმის ჰენრიხ როძევიჩის წერილს. სთხოვს გაუგზავნოს ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერი კარაბადინიდან ამონაწერები „ქვის ავადმყოფობის“ შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 575.

პირთა ანოტაციები:

როძევიჩი ჰენრიხ იოსების ძე (1850–1903)

პოლონური წარმოშობის, მედიცინის დოქტორი, ბიბლიოფილი. წიგნებს აგროვებდა 1872 წლიდან. დიდი რაოდენობით ჰქონდა სამედიცინო წიგნები, ექიმების პორტრეტები და ნახატები.

     
1897    
     
19 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („პირაქეთელი ოსები ჰბინადრობენ გორის მაზრაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 19 სექტემბერი, № 194, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 422.

     
1901    
     
6-19 სექტემბერი    
     
გრიგოლ ყიფშიძე გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს ნარკვევს „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“. იგი ვრცლად მიმოიხილავს ილია ჭავჭავაძის თანამშრომლობას „ცისკარსა“ და „დროებაში“ და მისი, როგორც რედაქტორ-გამომცემლის მოღვაწეობას „საქართველოს მოამბესა“ და „ივერიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 193, 197, 199, 200, 201, 203.

     
1906    
     
19 სექტემბერი    
     
თსს ბანკის ხელმძღვანელობა წერილობით ატყობინებს, რომ ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო შეუჩერეს პენსიის მიცემა.   წყარო:

ალ. კალანდაძე. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი ყვარელში. 1958, გვ. 77

     
19 სექტემბერი    
     
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი უგზავნის წერილს და შეახსენებს მისსავე სურვილს, რომ აღიძრას შუამდგომლობა სახელმწიფო საბჭოში თბილისის გუბერნიის მიწათმფლობელებისთვის კიდევ ერთი წევრის დამატების უფლების მისაცემად. სთხოვს, დაამუშაოს ეს საკითხი და მოხსენების ფორმით წარადგინოს მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გუბერნიის საგანგებო კრებაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 46.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858-1929)

ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი.