The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


25.12

1860    
    
    
25 დეკემბერი   
პეტერბურგში წერს ლექსს „დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 152; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987გვ. 115, 403

    
1862    
    
25 დეკემბერი   
    
დიმიტრი ყიფიანის ვაჟი – ნიკოლოზი თბილისიდან სწერს მამას, რომ მის მიერ გაგზავნილი თარგმანი ამერიკელი ასტრონომის ორმსბი მიტჩელის „ზეციერი მნათობებისა“ იმავე დღეს მიუტანა ილია ჭავჭავაძეს „საქართველოს მოამბეში“ დასაბეჭდად, რისთვისაც ის დიდად მადლობელი დარჩა. ასევე ატყობინებს, რომ ჟურნალის ხელმომწერთა რაოდენობამ 500-ს მიაღწია, მაგრამ ასოები ჯერ არ მოსვლიათ და ვერ ბეჭდავენ.  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 14963-ხ.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1846- 1905)

ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის საქმიანობაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში.

მიტჩელი ორმსბი (1810-1862)

ამერიკელი ასტრონომი, პირველი ასტრონომიული ჟურნალის დამფუძნებელი ამერიკაში, ავტორი წიგნისა „ზეციური მნათობები“. ასევე ცნობილია საინჟინრო მოღვაწეობით. გაიყვანა რამდენიმე მნიშვნელოვანი რკინიგზა.

    
1879    
    
 25 დეკემბერი   
    
ქშწ-კგ საზოგადოების წევრების, ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის თანდასწრებით, რაფიელ ერისთავისგან ოფიციალურად იბარებს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის დავთარს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, 1, 20; ქშწ-კგ საზოგადოება, ფონდის აღწერილობა, 1953, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1880    
    
25 დეკემბერი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობის განსაზღვრისა და პროგრამის დამტკიცების საკითხებს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 108.

    
1886    
    
25 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქრისტეშობა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 524; გაზ. „ივერია“, 1886, 25 დეკემბერი, № 280, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ. 353; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 623.

    
1887    
    
25 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („გილოცავთ წმინდა დღეს ქრისტეს შობისას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქრისტეშობის მოლოცვა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 25 დეკემბერი, № 272, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 644.

    
1891    
    
25 დეკემბერი     
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („წარსულ კვირა დღის მეთაურში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 25 დეკემბერი, № 275, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 70.

    
    
1892    
    
25 დეკემბერი    
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ბეჭდავს ქალაქის სესხის კონვერსიის საკითხზე მიხეილ თამამშევის წერილის პასუხს  წყარო:

გაზ. “Новое Обозрение“, 1892, 3098.

პირთა ანოტაციები:

თამამშევი მიხეილ ივანეს ძე (1852-1902)

თბილისის კომერციული ბანკის მმართველი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი. წერილებს აქვეყნებდა აღმოსავლეთის ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე.

    
1894    
    
4 - 25 დეკემბერი   
    
სამი კვირის მანძილზე მასპინძლობს მარჯორი უორდროპსა და მის დედას თბილისსა და საგურამოში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 35-36.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

    
1897    
    
25 დეკემბერი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („ხოლო რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფიქრები ქრისტეს შობის დღესასწაულის წინ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 25 დეკემბერი, № 268, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 487.