The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


* * * (რა ტკბილ არს, ოდეს წყვდიად ღამეში)
რა ტკბილ არს, ოდეს წყვდიად ღამეში

სკოტი ვალტერ

* * *

(თარგმანი)

რა ტკბილ არს, ოდეს წყვდიად ღამეში
ბნელ ბილიკზედა უდაბურ ტყეში
წმინდა გალობა მეუდაბნისა
შეეპარება მგზავრისა ყურსა:
ლოცვა ირთვება მუსიკის ხმითა,
მუსიკა აღვალს ცად ლოცვის ფრთითა,
და ვით ფრინველი – მოალერსე მზის –
ფრინვენ ცისკენა ხმანი გალობის.


9 თებერვალი, 1858 წ

ს. პეტერბურღ

 

* * *

რა ტკბილ არს

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (B).

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, გვ. 22 (A).

სათაურის ქვეშ: (ვალტერ სკოტი) B,-A.

თარიღი: 1858 A, 1858-სა წელსა, 9-ს თებერვალს, ს. პეტერბურღი B.

ავტოგრაფში (№108) სათაურის ზემოთ ილია ჭავჭავაძეს ფრჩხილებში მიუწერია: „ვალტერ სკოტის რომანში „ანტიკვარი“ ეპიგრაფად არის ესე“. ამის შესახებ არაფერია თქმული პ. ინგოროყვას მიერ მომზადებულ ათტომეულის I ტომში (1951), სადაც დაბეჭდილია ეს თარგმანი. ლექსის მეშვიდე სტრიქონში გამომცემლის მიერ შეტანილია სწორება: „– და ვით ფრინველნი“... ავტოგრაფი და ნაბეჭდი წყარო ამ სწორებას არ ადასტურებს. ვფიქრობთ, რიცხვში შეთანხმება ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის და ტექსტს აღვადგენთ ავტოგრაფის და ნაბეჭდი წყაროს მიხედვით.
13. 1 წყვდიად] მწყვდიად B. 7 აღვალს] მაღლობს B, ცად] ცათ AB.