The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.03

1863    
    
8 მარტი   
    
ბარათს იღებს ოლღა გურამიშვილისგან, რომელიც ინტერესდება, იცის თუ არა მათი ამბავი ნიკო ჭავჭავაძემ.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55, 334. დათარიღება: დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 8 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    
8 მარტი    
    
იწყებს ოლღა გურამიშვილის საპასუხო ბარათის წერას, მაგრამ აღარ ამთავრებს. ბარათში ეწერა, რომ არც ნიკო ჭავჭავაძემ და არც მისმა მეუღლემ მათ შესახებ არაფერი იციან. მართალია, რამდენჯერმე შეკითხვა დაუსვამთ, მაგრამ ილიას პასუხისთვის თავი აურიდებია.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 249; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 432-433; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55, 334.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    
 8 მარტი    
    
ხდება ავად და, სავარაუდოდ, ამიტომ ვეღარ ამთავრებს ოლღა გურამიშვილისთვის ბარათის მიწერას.   დათარიღება:

8 მარტის ბარათი დაუმთავრებელი რჩება, 9 მარტის ბარათიდან კი ჩანს, რომ უკვე ექიმთანაც არის ნამყოფი. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

 საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1873    
    
8 მარტი    
    
დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს. უყვება დუშეთის ამბებს, თავის მოსაზრებებს სამომავლო გეგმებზე და ატყობინებს, რომ პარიზიდან 15 ნახატი გამოიწერა.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 105-107.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1874    
    
 8 მარტი   
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა დაასრულეს შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ თარგმნა და რომ მისი პირველი მოქმედება დაიბეჭდა ჟურნალ „კრებულში“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 414, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1880    
    
8 მარტი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ტიმოთე კონსტანტინოვს ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად სთავაზობენ ექვსთვიან დაფინანსებას გორის სამოსწავლო სემინარიაში, იმ პირობით, რომ მისი დამთავრების შემდეგ ექვსი წელი იმუშავებს ქშწ-კგ საზოგადოების სკოლაში; გამოყოფენ დახმარებას კავთისხევის სკოლის მშენებლობისთვის, მაგრამ კატეგორიულად ითხოვენ, რომ დაწყებით კლასებში სწავლა ქართულ ენაზე იყოს. აკმაყოფილებენ ნიგოითისა და ლანჩხუთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნას წიგნებისა და სასკოლო ნივთების მიწოდებაზე. მიხეილ ყიფიანის მიერ წარმოდგენილ არითმეტიკის სახელმძღვანელოს სახალხო სკლებისთვის განსახილველად გადასცემენ თედო ჟორდანიასა და ივანე გამყრელიძეს. სტამბას უნაზღაურებენ მეჯლისისთვის დაბეჭდილი აფიშებისა და ბილეთების ხარჯებს. მსჯელობენ კომერციულ ბანკში შეტანილი თანხიდან სარგებლის მიღების შესახებ და ისმენენ ილია ჭავჭავაძის ინფორმაციას საზოგადოების მიერ დაგირავებული მომგებიანი ბილეთების გამოხსნის საჭიროებაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 43–44.

პირთა ანოტაციები:

კონსტანტინოვი ტიმოთი 

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

ყიფიანი მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე (!1846-1916)

რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური, პედაგოგი. წერდა ფსევდონიმებით: „იორდანე ტუსაღი“, „ტუსაღი“, „ზემო ქართლელი“, „ტ“-ი და სხვ.

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.

გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე (1856-1939)

ფიზიკა-მათემატიკოსი, პედაგოგი, ასწავლიდა თბილისის გიმნაზიებსა და სასულიერო სემინარიაში. 1905- 1911 წლებში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი. 1915 წელს დააარსა „საშუალო კულტურულ–ტექნიკური სასწავლებელი”.

    
1886    
    
8 მარტი   
    
წერილს უგზავნის საცენზურო კომიტეტის მდივან ლუკა ისარლიშვილს და სთხოვს, არ შეაფერხოს „საგრამატიკო საკითხების პროგრამის“ ბეჭდვაზე ნებართვის გაცემა, რადგან იგი გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 125; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 120, 420-421.

პირთა ანოტაციები:

ისარლიშვილი ლუკა სტეფანეს ძე (1814-1893)

 კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორი.

    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში მისი თაოსნობით ტარდება ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების მოსაწესრიგებლად.  წყარო:

„ივერია“, 1886, 27 მარტი, № 68, გვ. 4.

    
 8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მარტს“ („გათავდა თუ არა ბოლგარეთ-სერბიის საქმე...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბალკანიის ნახევარკუნძული და ევროპის სახელმწიფოები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 52, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 420.

    
1887    
    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („რაკი ყურძენი დაიწურება ხოლმე ასე თუ ისე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 582-584, გაზ. „ივერია“, 1887, 8 მარტი, № 49, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 146.

    
1888    
    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („2-ს მარტს დეპეშა მოვიდა ბერლინიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ახალი იმპერატორი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 8 მარტი, № 49, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 120.

    
1889   
    
 8 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი 7 მარტი“ („ეხლანდელ მთავარ მინისტრს საფრანგეთისას, ტირარს აბრალებენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულანჟეს ხმაური საფრანგეთში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 8 მარტი, № 50 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 120.

პირთა ანოტაციები:

ტირარი პიერ ემანუელ (1827-1893) საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1887-1888 წლებში.

    
1890    
    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („ალიანქოთი, რომელიც ამ ბოლოს ხანებში ასტყდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხმაური საკრედიტო საზოგადოებაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 8 მარტი, № 50, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 521.

    
1896    
    
8 მარტი    
    
თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე რატიშვილთან, ანდრია ღულაძესთან და სხვებთან ერთად მატარებლით მიემგზავრება ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 9; გაზ. „კვალი“, 1896, № 12; დ. კლდიაშვილი, მემუარები. 1932. გვ. 110; გაზ. „ივერია“, 1896 № 63.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)

პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი.

რატიშვილი ივანე გიორგის ძე (1862-1933)

აზნაური, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშწ-კგ საზ-ის გამგეობის წევრი და რწმუნებული ბაქოში, ქველმოქმედი.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)

იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

    
1903    
    
8 მარტი    
    
„არტისტული საზოგადოების“ დარბაზში გამართულ კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე კამათის საგანი ხდება, მიიღონ თუ არა ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხიდან შეგროვილი შემოწირულობა. საზოგადოების ზოგი წევრი მიიჩნევს, რომ ნარკვევი კავკასიის ხალხთა შორის ეროვნულ განხეთქილებას თესავს. კენჭისყრის შედეგად იღებენ დადგენილებას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს საზოგადო კრებამ და არა გამგეობამ და კრება შემოწირულობაზე უარის თქმის წინააღმდეგია.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 10 მარტი, № 2092; გაზ. „ივერია“, 1903, 8 მარტი, № 54, გვ. 1.

    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მოწინავე, რომელშიც საუბარია კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვაზე წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის ნარკვევში არაფერია სომეხი ერის საწინააღმდეგო, მაგრამ მხილებულია ისტორიის ფალსიფიკატორები  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 8 მარტი, № 54, გვ. 1.

    
1905    
    
8 მარტი    
    
წერილს უგზავნის საგურამოში მოურავ მოსე მემარნიშვილს. ატყობინებს მთავრობის განზრახვას დამსჯელი ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით და თავადაზნაურობის მცდელობას ამის აღსაკვეთად. არიგებს, რომ გლეხებს მშვიდად მოელაპარაკოს და დაპირისპირება არ გაამწვავოს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17592-ხ; გაზ. „დროება“, 1909, № 32, ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 162; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 239, 489.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 220-221.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

    
8 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება 6 მარტს გლეხთა მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა კერძო თათბირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 8 მარტი, № 20, გვ. 2-3.

დათარიღება:

იმის შესახებ, რომ 6 მარტს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა 8 მარტს გაზეთის მე-20 ნომერში, უწერია თავად ილია ჭავჭავაძეს 9 მარტის წერილში „ივერიის“ რედაქტორის მიმართ, მაგრამ ნომრები ან არეულია ან ერთი და იგივე ნომერი ეწერა 10 თებერვალს და 8 მარტს გამოსულ ორ გაზეთს. გლეხთა არეულობის გამო ნომრები შეფერხებით გამოდიოდა. ამჟამად ხელთ გვაქვს მე-20 ნომერი, რომელსაც 10 თებერვალი აწერია, მაგრამ 6 მარტის შეკრების ამბები მასში, ბუნებრივია, განხილული არ არის.

    
1906    
    
8 მარტი    
    
თანხმობას აცხადებს კენჭი იყაროს სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 267.