The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.10

1881    
     
9 ოქტომბერი    
     
ოფიციალური თანხმობის წერილს უგზავნის სამცხე-ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლის დამაარსებელ მღვდელ ივანე გვარამაძეს; სთხოვს, აცნობოს, რამდენი შეგირდია მისდამი დაქვემდებარებულ სასწავლებელში, რა წიგნები და სასწავლო ნივთები სჭირდებათ.   წყარო:

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი № 3977.

პირთა ანოტაციები:

გვარამაძე ივანე პავლეს ძე (1831-1912)

მწერალი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. დიდი ამაგი დასდო მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის განათლებას. ავტორი წიგნისა „ქართული ენის საუნჯე“.

     
1885    
     
9 ოქტომბერი    
     
საპასუხო წერილს უგზანის დავით მესხს ქუთაისში. გულნატკენია „დროების“ ვალის გადახდაში დახმარებაზე ქუთაისელთა უარით. წერს, რომ ყველა ღონეს იხმარს საჭირო სახსრების შესაგროვებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ „საზოგადოება უმწეოდ არ უშვებს უსამართლოდ დასჯილს“.   წყარო:

ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59 (ვ. გუნიას პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 19-21; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 113, 417.

პირთა ანოტაციები:

მესხი დავით სიმონის ძე (1860-1943)

ჟურნალისტი, მემუარისტი, მთარგმნელი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის დეკორატორი. მუშაობდა „დროებაში“, 1908 წ. რედაქტორობდა გაზ. „შრომას“.

     
1886    
     
9 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ოქტომბერი“ („ჩვენის ტფილისის სასამართლო პალატის მატიანეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორის ივანე მაჩაბლის გასამართლება“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 473; გაზ. „ივერია“, 1886, 9 ოქტომბერი, № 217, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 29. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 428.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1887    
     
9 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ოქტომბერი“ („დიდი ხანია, საფრანგეთი სწამებს გერმანიას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის მთავრობის დაუდგრომელობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ოქტომბერი, № 209, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 577.

     
1892    
     
9 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან გადმოსვენების საკითხს.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 229.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

     
1893    
     
9 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „მოკითხული საზოგადო ფული“ („საკვირველი კაცია თ. ივ. მაჩაბელი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, № 216, გვ. 1-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 216.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1894    
     
9 ოქტომბერი    
     
ანტონ ფურცელაძე „ივერიაში“ აქვეყნებს აკაკი წერეთლის საპასუხო წერილს „ქურდის თავზე ქუდი იწვის!“, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს ილია ჭავჭავაძესთან თავის საქმიან ურთიერთობაზე. იგი განმარტავს, რომ მას და ილიას ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჰქონიათ კამათი, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ხელს ბანკში მათ თანამშრომლობას. ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით იგი წერს, რომ ამ უაზრო დაპირისპირებამ ილია ჭავჭავაძეს ვერაფერი ავნო, საზოგადო საქმე კი დააზიანა. იგი დასძენს: „მთელი ათი წელიწადი ბრბო მოთარეშეთა მისდგომიხართ ამ ერთს, ჩვენებრივ ხორცშესხმულს კაცს, რომელსაც, როგორათაც ყველა კაცს, უეჭველია მრავალი ნაკლი უნდა ჰქონდეს, და ერთი შეცდომა ვერ უპოვნეთ, ერთი შეცდომა ვერ დაუმტკიცეთ...“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 9 ოქტომბერი, № 214,გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) - პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1895    
     
9 ოქტომბერი    
     
მონაწილეობს რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ დგინდება საიუბილეო ზეიმის დაწვრილებითი პროგრამა.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1895, 28 ივლისი, № 46, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

     
1899    
     
9 ოქტომბერი     
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ოქტომბერი “(„არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენს „ივერიაში“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლების სისტემა კლასიკურ გიმნაზიებში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 9 ოქტომბერი, № 218, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 284.