The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.07

1881    
    
2 ივლისი   
    
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („სახელმწიფო მამულების გაცემის თაობაზედ...“). აქვე გრძელდება მის წერილზე „ცხოვრება და კანონი“ ნიკოლოზ ხუდადოვის გამოხმაურების ბეჭდვა, სათაურით „უსაფუძვლო წადილი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 160; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 7, გვ. 20-45, 130.

პირთა ანოტაციები:

ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905)

 სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი.

    
1886    
    
2 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი 1 ივლისი“ („ბევრი ხანი არ არის, რაც სოფელს წინამძღვრიანთკარში დუშეთის მაზრაში, გაიმართა ქართული სამეურნეო სკოლა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „წინამძღვრიანთკარის ქართული სამეურნეო სკოლა“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „ვაჟკაცად იმას არ ვაქებ...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 436; გაზ. „ივერია“, 1886, 2 ივლისი, № 141, გვ. 1, 2. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 169.

    
1893    
    
2 ივლისი     
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 ივლისს“ („ხშირად გვესმის საყვედურია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 ივლისი, № 138, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 194.

    
1895    
    
2 ივლისი    
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გაზეთი „ივერია“ და ეროვნება“. მასში საუბარია „ივერიის“ კონსერვატივიზმზე და ნათქვამია, რომ ამ გაზეთის თვალთახედვის ისარი ერთ წერტილზეა დამდგარი, მას ის აზრები შეუსისხლხორცებია, რაც 50 წლის წინათ იყო ევროპაში და მოძველდა.  წყარო:

გაზ. კვალი 1895, № 28, გვ. 12-15.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1898    
    
2 ივლისი    
    
იღებს რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 497.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

    
1900    
    
2 ივლისი   
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, № 1168.

    
1902    
    
2 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისს“ („დღეს ჩვენ ვბეჭდავთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საერო დაწესებულებანი“. გაზეთის ამავე ნომერში ხელმოწერით „ბზიკი“ აქვეყნებს მოწინავეს „ხილად „კვალის“ მოსაუბრეს“ („დააჭირა მზემ, დადგა პაპანაქება...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 2 ივლისი, № 137, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 482, 485.

ატრიბუცია:

სტატიები დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 715-717.

1906
2 ივლისი
    
სესხის ყოველთვიური პროცენტების გადაუხდელობის გამო თსს ბანკის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს, რომ მისი და მისი მეუღლის – ოლღა გურამიშვილის კუთვნილი მამულები გაიყიდოს საჯარო ვაჭრობით. ილია ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს, რომ მათი მამულების გაყიდვა შეაჩერონ და თანხა დაუქვითონ ამავე ბანკის მიერ მისთვის დანიშნული პენსიიდან.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7 (258).

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ბანკის მმართველობის 13 ივლისის პასუხში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.