![]() |
ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ |
მეუნარგია იონა
ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ
სოლ. ცაიშვილის რედაქციით და შენიშვნებით
სამეგრელოს მუზეუმი
თბილისი 1937 ტექნ. რედაქტორი და კორექტორი ფ. ჯაყელი
მთავლიტის რწმ. № 10514 შეკვეთის № 1613
ტირაჟი 3.000
საქ. კ. პ. (ბ) ც. კ. გ-ბა «ზარია ვოსტოკას» სტამბა
ი ლ ი ა გ რ ი გ ო ლ ი ს-ძე ჭ ა ვ
ჭ ა ვ ა ძ ე
- ქართველი მწერალი და საქართველოს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის
ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის უაღრესად პოპულარული საზოგადო მოღვაწე».
(გაზ. «პრავდა» 1936 წ. №244).
![]() |
1 წინასიტყვაობის მაგიერ |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობის მაგიერ
წინამდებარე წიგნი
- «ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ» ხელნაწერის სახით ინახებოდა მწერალ იონა
მეუნარგიას არქივში, რომლის უმეტესი ნაწილი დაცულია სამეგრელოს მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში.
მუზეუმს განზრახული აქვს იონა მეუნარგიას ყველა საარქივო მასალის შეკრება და
აგრეთვე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის კაბინეტის მოწყობა.
მუზეუმი თავიდანვე ისახავდა მიზნად, გადაერჩინა დაღუპვისაგან სამეგრელოს ყოფილი
მთავრის სასახლეში და სოფლად ოჯახებში გაფანტული ჩვენი კუთხის ძველი ყოფა-ცხოვრების,
კულტურისა და ხელოვნების დამახასიათებელი ნაშთები, კლასობრივი ურთიერთობის
მაჩვენებელი ექსპონატები და სხვ.
ამ მხრით ბევრი საყურადღებო მუშაობა უკვე ჩატარებულია.
მოპოვებულია დიდძალი კოლექცია როგორც ისტორიული, ისე წინაისტორიული ეპოქების
ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი სხვადასხვაგვარი ნივთებისა, არქეოლოგიური ნაშთები,
ისტორიულ პირთა და გამოჩენილ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სურათები,
ხელნაწერები და სხვა საარქივო მასალები.
დღემდე არ ხდებოდა ამ მასალების დამუშავება და ფართო მასებში პოპულარიზაცია. დღეს
კი, როდესაც მსოფლიო მუშათა კლასის საყვარელი ბელადის
- დიდი სტალინის ხელმძღვანელობით პარტიისა და ხელისუფლების მიერ ფართოდ იქნა
გაშლილი ფრონტი
- ისტორიის, კლასიკოს მწერალთა მემკვიდრეობის და, საერთოდ, კულტურისა და ხელოვნების
მოღვაწეთა შესწავლისათვის ბრძოლაში, საქ. კ. პ. (ბ) ზუგდიდის რაიკომმა სადირექტივო
ორგანოების მითითებათა საფუძველზე მუზეუმის წინაშე დასახა მთელი რიგი ამოცანებისა,
პირველ რიგში, დამუშავება და გამოცემა მუზეუმში დაცული საარქივო მასალებისა.
ამ მასალებს შორის თვალსაჩინო მნიშვნელობისა და ისტორიული ღირებულებისაა:
წერილობითი დოკუმენტები, მოგონებანი და ფოლკლორული მასალა; კერძოდ, უტუ მიქავას
მეთაურობით სამეგრელოს გლეხთა აჯანყების შესახებ 1857 წ. და იონა მეუნარგიას ეს
აღნიშნული არქივი, რომელიც შეიცავს უმთავრესად ქართველ მწერალ-მოღვაწეთა ბიოგრაფიულ
მასალებსა და მიწერ-მოწერას მათთან.
ამ არქივებში ბევრი ისეთი მასალები მოიპოვება, რომელნიც დღემდე არ გამოქვეყნებულა
და მკითხველი საზოგადოებისათვის უცნობია.
ამ მიმართულებით მუზეუმმა უკვე გადადგა ნაბიჯები. პირველი ნაბიჯია ი. მეუნარგიას
ხელნაწერებიდან გამოცემული: «ალექსანდრე ჭავჭავაძე» და ეს წიგნი
- «ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ», ორივე სოლომონ ცაიშვილის რედაქციით და
შენიშვნებით.
დასახულია აგრეთვე შემდგომი მუშაობის გეგმა
- მუზეუმში დაგროვილი დოკუმენტური, ფოლკლორული მასალებისა და, პირველ რიგში, იონა
მეუნარგიას არქივში დაცული ხელნაწერების სრულად გამოცემის შესახებ.
შ. შენგელი.
![]() |
2 რამდენიმე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
რამდენიმე შენიშვნა
ვისაც ი. მეუნარგიას შრომები (ვგულისხმობ მწერალთა ბიოგრაფიებს) წაუკითხავს, გაეცნობოდა, თუ რა დაწვრილებით გადაალაგებდა ხოლმე ის ქაღალდზე იმ ფაქტებს, რომლებიც მას ამა თუ იმ მწერლის შესახებ ჰქონდა დაგროვილი თავის უბის წიგნაკში, როგორც თვითონ უწოდებს
- «სამახსოვრო წიგნში».
საფრანგეთის მე-19 საუკუნის კულტურაზე აღზრდილმა, საფრანგეთის უდიდესი მწერლის
- ვ. ჰიუგოს მეგობარმა ი. მეუნარგიამ სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე, გარდა «ვეფხისტყაოსანზე»
მუშაობისა, ეს სრულიად უცხო და ჩვენი სალიტერატურო ცხოვრებისათვის მეტად უჩვეულო
დარგი
- მწერალთა ბიოგრაფიების კვლევა აირჩია. ქართულ მწერლობაში ასეთი ტრადიციაც კი
შემუშავდა: თუ რომელიმე მწერლის სრულ თხზულებათა გამოცემა განიზრახებოდა,
ბიოგრაფიის შედგენისათვის უსათუოდ იონას მიმართავდნენ, რის დასადასტურებლად არა
ერთი და ორი პირადი ბარათი მოიპოვება მის არქივში
- ამა და ამ მწერლის თხზულებას ვცემთ, ბიოგრაფიის შედგენა თქვენ დაგევალათო და სხვ.
(მაგ., ნ. ბარათაშვილზე, ი. მაჩაბელზე, გ. ჭალადიდელზე, ვ. ორბელიანზე და სხვ).
ეს ხელნაწერი - «ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ» ილიას სრულ ბიოგრაფიას არ წარმოადგენს;
ეს უფრო მასალაა ბიოგრაფიისათვის - მეტად ძვირფასი, უტყუარი და საინტერესო მასალა, რადგან მეუნარგია მისებური
სიდინჯით «ნაქუჩებ» ფაქტებს თავისი «სამახსოვრო წიგნიდამ» გვაცნობს. თვითონაც ხომ
ამბობს: «...მე აქ ილიას ცხოვრებას არა ვწერ, ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ,
რომელიც ან თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მის თანამედროვეთაგან მსმენია, ან თითონ
ჩემის თვალით მინახავს და ამიტომ ჩემს ნანახს და განაგონს ილიას ცხოვრებიდამ მე აქ
მხოლოდ დაახლოებით ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ ვწერ. მე ხომ მეწვრილმანე
ვარ ქართულის მწერლობისა და თუ ჩემგან შეკრებილის წვრილმანებით მე თქვენ ილიას
სურათი, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც, ნათლად დაგანახეთ, ჩემს ვალს ქართულს
მწერლობაში მოხდილად მივიჩნევ»-ო.
ასეთი «წვრილმანები» საკმაოდ მსხვილ ღირებულებათა შემცველია მწერალთა ცხოვრების
შესასწავლად. აქ ჩვენ ვნახავთ ილიას - სტუდენტს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო მოხელეს, ბანკის თავმჯდომარეს,
მემამულეს, რედაქტორს; ილიას ოჯახში, შინაურობაში; ილიას ხასიათს და სხვა, რაც არ
შეიძლება კარგად არ სცოდნოდა ი. მეუნარგიას, როგორც ილიას გაზეთის
- «ივერიის" უახლოეს თანამშრომელს (რაც ჩანს ილიას იმ კერძო წერილიდან, რომელიც მას
ი. მეუნარგიასათვის მიუწერია 1885 წლის 20 დეკემბერს. წერილი იხ. 33-ე გვ.) და
ქართველთა შორის წ. კ. გამ. საზოგადოების მდივანს. სამწუხაროდ, მასალა ილია-პოეტზე,
მწერალზე, ამ მოგონებებში ძუნწადაა წარმოდგენილი, ხოლო ილიას მსოფლმხედველობაზე
სრულებით არაფერია ნათქვამი. ი. მეუნარგიას არ უყვარდა ყურმოკრულის, საეჭვო
ნათქვამის და განაგონის ერთთავად დაჯერება და ჩაწერა, გავრცელებულ შეხედულებათა
შეუმოწმებლად მიღება. მწერალს პირადად ეცნობოდა, უახლოვდებოდა, მის ცხოვრებას
კვალდაკვალ სდევდა, ამისთვის ყოველ წუთში მზად ჰქონდა უბის წიგნაკი და ფანქარი.
მწერლის ყოველ შეხვედრას იყენებდა, არც ერთ წუთს არ ჰკარგავდა უშედეგოდ, თუ რას
იტყოდა ესა თუ ის მწერალი ამ თუ იმ საკითხზე, პიროვნებაზე, ნაწარმოებზე, თავის
თავზე თუ სხვა რამეზე და როგორ იტყოდა, რამდენად მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივი
ხასიათის მატარებელი იქნებოდა ეს თქმა, რა ფორმებში გამოხატავდა მას მთქმელი და სხვ.
ყველაფერი ეს იმ ნახსენებ «სამახსოვრო წიგნში» შედიოდა, იქ იწერებოდა, ყალიბდებოდა,
ზოგს ნაკვესის, ზოგსაც მომხდარი ფაქტის სახე ეძლეოდა, და ამგვარად მდიდრდებოდა და
ივსებოდა ეს წიგნაკი.
«ნანახი და განაგონი» არსებითად მოგონებაა ილიაზე, როგორც ამას თვითონ მეუნარგია
უწოდებს და არა ბიოგრაფია. ილიას ბიოგრაფიის შედგენა მას განზრახული ჰქონდა «შემდეგში,
როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის, გ. ერისთავის და სხვათა ცხოვრების
აღწერას. მე ყოველ შეყრაზე ილიას ვუყურებდი, როგორც მსხვერპლს, «მუშტრის თვალით»,
და როცა იმისაგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს «სამახსოვრო წიგნებში»,
- წერს თვით ი. მეუნარგია ამავე შრომაში. ცხადია, აქ გამომჟღავნებულია, რომ მას
განზრახული ჰქონდა ილიას ვრცელი ბიოგრაფიის შდეგენა; საამისოდ დაგროვილი ჰქონდა:
მასალა, პირველი წყაროები, რომლებიც მის სამახსოვრო წიგნებს ამშვენებდნენ და
რომლებიდანაც მან სახელდახელოდ ამოსწერა ჩვენ წინ მდებარე ფურცლები, მოგონებათა
სახით ქუთაისში გამართულ ილიას საღამოზე წასაკითხავად. დანარჩენი, რაც
ბიოგრაფიისათვის სისრულის მიმცემად, მისთვის აუცილებლად და დამამშვენებლად მიაჩნდა,
როგორც თვითონ აცხადებს, დასტოვა იმ სამახსოვრო წიგნაკებში, რომელთა კვალი, გარდა
თითო-ოროლა გვერდის ნაფლეთისა, მის არქივში (რომელიც სამეგრელოს მუზეუმშია დაცული)
არა ჩანს.
ხელნაწერი, როგორც თვით ავტორის ხელით სქოლიოდ მინაწერი გვაცნობებს, წაკითხულია
მოხსენებად ფოთსა და ქუთაისში 1908 წელს ილიას საღამოზე.
ცხადია, ეს ის ხელნაწერი ან ლექციაა, რომელსაც შემდეგ ი. გოგებაშვილი გამოეხმაურა
პრესაში და თავისი რჩეული ნაწერების პირველ ტომშიც კი შეიტანა: «ილიას მეორედ
მოკვლის განზრახვა»-სა და «მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ»-ის სათაურებით. თუ
რამდენად არის ჭორები ამ მოგონებაში მოყვანილი ფაქტები, ამას მიუდგომელი და
დაკვირვებული მკითხველი იტყვის, როცა ი. მეუნარგიას ქვემო მოყვანილ მოგონებებს
გაეცნობა.
როგორც ვთქვით, ეს მოგონებანი მეუნარგიას 1908 წ. 27 ოქტომბერს ქ. ქუთაისში
გამართულ ილიას საღამოზე წაუკითხავს. აღნიშნული საღამო კორესპონდენტს გაზეთ «ალში»
გაუშუქებია. ამ კორესპონდენციის საფუძველზე ჩვენს დიდს პედაგოგს და საზოგადო
მოღვაწეს ი. გოგებაშვილს მეტად მკაცრი ხასიათის სტატიები დაუწერია*, საცა იგი დიდ
გულისწყრომას გამოსთქვამს მისი ძველი მეგობრის იონა მეუნარგიასადმი (ხელთა გვაქვს
ი. მეუნარგიას და ი. გოგებაშვილის მიწერ-მოწერიდან რამდენიმე ბარათი, საიდანაც მათი
მეგობრული ურთიერთობა ირკვევა).*
* იხ. ამ წიგნის დამატება გვ. მე-55-58
ი. გოგებაშვილს რომ შემთხვევა ჰქონოდა მეუნარგიას ამ რეფერატის მოსმენის ან
წაკითხვისა, მის ასეთ აღშფოთებას ადგილი არ ექნებოდა. რაც გოგებაშვილს მეუნარგიას
ჭორებად მიაჩნია, არსებითად კორესპონდენტის ჭორებია, რასაც ილია ჭავჭავაძის
პიროვნებისადმი თაყვანისცემით გატაცებული ი. გოგებაშვილი შეცდომაში შეჰყავს. ამას
ადასტურებს თვით გოგებაშვილის შემდეგი სიტყვები: «რუსეთსა და ევროპაში ჩვეულებად
აქვთ:
- გამოჩენილი მწერლების შესახებ არ გამოაქვეყნონ მათი კერძო ცხოვრების
ნაკლულევანებანი»-ო და მოჰყავს მთელი რიგი უარყოფითი ფაქტებისა ისეთი დიდი
ადამიანების კერძო ცხოვრებიდან, როგორიც არიან: კრილოვი, პუშკინი, ლერმონტოვი,
ბაირონი და სხვ. გოგებაშვილის ეს სიტყვები მისივე დებულების საწინააღმდეგო
მოსაზრებას ადასტურებს. აბა, საიდან გაიგებდა ი. გოგებაშვილი აქ მოხსენებულ დიდ
ადამიანთა იმ უარყოფით მხარეებს, თუკი ისინი გამოუქვეყნებელი იქნებოდა?
გოგებაშვილი ხომ თვითონ ამტკიცებს: ილია, როგორც ჭკვიანი და დინჯი ადამიანი,
ბანქოში ფულს არ აგებდა, არამედ იგებდაო. მაშასადამე, ილია ბანქოს თამაშობდა და
იგებდა თუ არა, ეს არავისთვის იყო საინტერესო. მეუნარგიაც ხომ ამ ფაქტების
აღმნუსხველია, როგორც თვითონ ამბობს, «წვრილმანების» შემკრებია, ილიას ცხოვრებიდან
ნანახისა და განაგონის ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ მომქუჩავებელი. ი.
მანსვეტაშვილმა* და კოხტა აფხაზმაც** ხომ ეს ფაქტები აღნიშნეს თავიანთ მოგონებებში.
ამით არავითარი ჩირქი არ ეცხება მგოსნის სახელს. არც არაფერია აქ უჩვეულო, გარდა
იმისა, რომ საფრანგეთის ლიტერატურაზე აღზრდილმა მეუნარგიამ საქართველოშიც
გადმონერგა ერთი ფრიად სიმპატიური, ქართული ლიტერატურისათვის მართლაც უჩვეულო
ტრადიცია
- მწერალთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა დევიზით: «საყვარელი კაცისა ყველაფერი
უნდა ვიცოდეთ» *** და რასაკვირველია, რომ საყვარელი ილიას ცხოვრებიდან მისი
ბიოგრაფიული ზოგიერთი წვრილმანი, მაგრამ მაინც ადამიანის დამახასიათებელი შტრიხები
აღნიშნა თავის მოგონებებში.
* იხ. მანსვეტაშვილი-მოგონებანი გვ. 86, 143 2
** იხ. „ლიტ. მემკვიდრ.“ გვ. 575
*** იხ. მეუნარგია-ცხოვრება და მოღვაწეობა გრ. ორბელიანისა, გვ. 145.
საბედნიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოგონებებში ისეთი არაფერი აღმოჩნდა, ი.
გოგებაშვილის აღშფოთებას რომ შეეფარდებოდეს. ილიასადმი მეუნარგიას განწყობილების
ამგვარი კვალიფიკაცია უმართებულო იყო და გაუგებრობაზე აგებული.
ამ გაუგებრობის გასაფანტავად მოგონებათა კრებულს დამატების სახით ვურთავთ:
მეუნარგიას მიერ წარმოთქმულ სიტყვას ილიას დასაფლავებაზე, გაზეთ «ალში» მოთავსებულ
კორესპონდენციას, რომლის ტ ო ნ ს უთუოდ მიხვდება დაკვირვებული მკითხველი, როცა
წააწყდება გოგებაშვილის პირველ სტატიაში შემდეგ სიტყვებს: «ილია მიწასთან გაასწორაო",
გულისწყრომით სწერს კორესპონდენტი თ ვ ი თ (ხაზი ჩემია.
- ს. ც.) გაზეთი «ალისა»* და ი. გოგებაშვილის ორივე სტატიას.
* აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ამავე გაზ. «ალის» მე-5 ნომერში დაბეჭდილია, «ილიას
საღამო ბაქოში», სადაც ვინმე დათიკო ჯაფარიძეს წაუკითხავს რეფერატი ილიას შესახებ.
გაზეთი კი რეფერატს შემდეგი სიტყვებით ამკობს: «მის გამოსვლას არ გამოსვლა სჯობდა».
მან სთქვა: ილიამ ბევრი დასწერა გლეხების მდგომარეობაზე და მაგალითისათვის ძლივს
მიგვითითა აქ დადგმულ დრამაზე «ბატონი და ყმა» დადგმული იმ საღამოს -ს. ც.)... «ილია
იმიტომ მიყვარს ,რომ მამულისშვილიაო, უყვარს ჩვენი ერი და იფარავს მას გარეშე და
შინაურ მტრებისაგან, განსაკუთრებით შინაურ. დუხჭირ ადამიანებისაგანო» (კურსივი
ავტორისაა). «ამ პოლიტილურად დაუმწიფებელ ბალღებს გონიათ, ვინც მათგან გამართულ
ილიას საღამოს დაესწრება, ის უსათუოდ მათი პარტიის წევრი ხდება-ო...» და სხვ. ყველა
ეს ამჟღავნებს გაზეთის აბდა უბდურ პოზიციას ილიას საკითხში.
ამით მეტი ნათელი მოეფინება ამ ორი შესანიშნავი პიროვნების დიდი ილიასადმი
მიმართული სიყვარულის ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტის უსაფუძვლობას.
ფრიად საყურადღებო და ანგარიშგასაწევია ამ მხრით ერთი ადგილი ნ. ნიკოლაძის იმ კერძო
წერილიდან, რომელიც მას (ნიკოლაძეს) ფოთიდან ი. მეუნარგიასათვის მიუწერია (1908
წლის დეკემბრის თარიღით), სადაც, სხვათა შორის, ლაპარაკია წინამდებარე მოგონებათა
კრებულზე და ი. გოგებაშვილის სტატიებზე: «... გულზე გავსკდი, გოგებაშვილის სტატია
რომ წავიკითხე შენს (მეუნარგიას
- ს. ც.) წინააღმდეგ. Мертвые хоронят мертвых! დაბეჭდე შენი ლექცია, ან დაბეჭდე
პასუხი, რომ კრიტიკის მეტი ბევრი სხვაც იყო კეთილი ილიკოზე-თქო. ნუ მიაყრუებ ამ
საქმეს. ხომ იცი, კვდრების ქვეყანაში ვცხოვრობთ» (ავტორის მართლწერა მთლიანად
დაცულია.
- ს. ც.).
როგორ მიიღო ნიკოლაძის ეს რჩევა მეუნარგიამ, არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ასეთია:
გოგებაშვილის წერილის საპასუხოდ მას არა დაუბეჭდია-რა, ხოლო დაუწერია თუ არა, არც
ის ვიცით, ასეთი რამ მის არქივში არა ჩანს, გარდა ერთი პატარა ჩანიშვნისა ერთ-ერთ
მის უბის წიგნაკში, სადაც ფანქრით ჩაწერილია შემდეგი სიტყვები:
«1. გოგებაშვილის ჭორები. გავუჩუმდი. გოგებაშვილის აგენტები შინ მყავს
- ჩემი მიშა, ჩემი ლილი და ყველა მასწავლებელი, ყველანი მისნი პატრიოტნი... მე
მტყუანი, ის მართალი. ნამდვილად კი ეს ასე არ არის. რა იყო? Бурсак ვოსტორგოვი სად
იყო კავკასიაში. ნიკოლაძის წერილი, ნუ წაიყრუებო...
„2 .......................................................“
მეტად საგულისხმო და დამაფიქრებელია ეს ნაჭერ-ნაჭერ მოტანილი სიტყვები. მით უმეტეს,
ის უბის წიგნაკშია ჩაწერილი და დაუმთავრებელი. როგორც ვნახეთ, ციფრი 2 ცარიელია.
არც შემდეგ შევსებულა იგი. ცხადია, მეუნარგიას ემძიმა გოგებაშვილისადმი პასუხი
იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, არა. მას მეტად ძნელი გადასალახავი მიზეზი გადაეღობა
წინ.
ამ მიზეზს ის გადმოგვცემს შემდეგ სიტყვებში: «გოგებაშვილის აგენტები შინ მყავს
- ჩემი მიშა, ჩემი ლილი და ყველა მასწავლებელი». მიშა და ლილი მისი უსაყვარლესი
შვილები* იყვნენ და ვინ იცის, თუ რამდენი ასეთი საყვარელი შვილი იზრდებოდა მაშინ
გოგებაშვილის «დედა-ენით» და «ბუნების-კარით», რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი
შესტრფოდა მის დიდ ღვაწლსა და მშობლიურ ზრუნვას მომავალ თაობაზე?...
*ორივე დაიღუპა 1922 წელს.
ი. მეუნარგიას, როგორც ადამიანსა და მოღვაწეს, ვინც ახლოს გასცნობია, ის ღრმად
დარწმუნდება, თუ რაა მიზეზი იმ თავშეკავებისა, რომელიც უთუოდ იყო მწვავე და
ტრაგიკული. ეს სიმწვავე მან ახალი თაობისადმი რწმენისა და გოგებაშვილის
სახელისათვის თავის გულში დააცხრო და დაფერფლა.
მისი მეუღლის ნინო მეუნარგიას გადმოცემით - შინაურულად ეს მოგონება იონას თბილისელ ნაცნობ-მეგობრებისათვისაც წაუკითხავს (გოგებაშვილი
ამ წაკითხვასაც არ დასწრებია), სადაც ასეთი აზრიც კი შეაგებეს თურმე: ცოცხალი ილია
წინ დაგვიყენეო.
ამ მოგონების, ნიკოლაძის თქმით, «ლექციის» გამოქვეყნებისათვის ავტორს დიდად არ
უზრუნვია. ეს ნათლად ჩანს თვით ამავე შრომის ხელნაწერიდან და ი. მეუნარგიას არქივში
აღმოჩენილ, მწერალ არისტო ჭუმბაძის მეუნარგიასადმი მიწერილი კერძო წერილიდან,
რომელსაც აქვე ვათავსებთ დამატების სახით (ნახ. გვ. 62).
მოგონებაში აღნუსხული ფაქტები ილიას შესახებ კომენტარებს თითქმის არ საჭიროებს. არც
იქ მოხსენებულ პირთა ვინაობის ახსნა-განმარტებას ვურთავთ ცალკე, რადგან
მკითხველისათვის ისინი თითქმის საკმაოდ ცნობილი პირები არიან, ხოლო თუ არის ვინმე
ისეთი, რომელიც ფართო მასაში ნაკლებადაა ცნობილი ან ფსევდონიმს არის ამოფარებული,
იქვე სქოლიოში მოკლედ განმარტებული გვაქვს.
დასასრულ, საჭიროდ ვცანით აგრეთვე დამატების განყოფილებაში შეგვეტანა ი. მეუნარგიას
უბის წიგნაკებში ნაპოვნი ზოგიერთი ჩანაწერი ილიას შესახებ და მის არქივში
აღმოჩენილი ილიას მეორე წერილი მეუნარგიასადმი, როგორც რამდენიმე ახალი შტრიხის
შემტანი ილიას ბიოგრაფიულ მასალებში.
შრომაში მთლიანად დაცულია ავტორის სტილი და ორთოგრაფია; თითო-ოროლა ტექნიკური
უსწორობის გარდა, ჩვენს მიერ არაფერი არ არის შესწორებული. სოლ. ცაიშვილი.
![]() |
3 ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ |
▲ზევით დაბრუნება |
იონა მეუნარგია
ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ*
* წაკითხულია ილიას საღამოზე ქუთაისში, 27 ოქტომბერს.
როგორც აკაკის, «კაცია-ადამიანის?!» დამწერსაც მწერლობაშიც მარტო ილია რომ დაეძახოს,
მგონია არა წახდეს რა. თუ რუსულად ილია გრიგოლის-ძე ითქმის, ჩვენთვის მარტო ილია
როგორღაც უფრო მოხერხებულია, უფრო ქართული.
ილია იყო ღარიბი ოჯახის შვილი. იმ დროებში, როცა ის დაიბადა (1837 წ.),
ჭავჭავაძიანთ გვარში დოვლათიანი სახლი მარტო ერთი სახლი იყო, ალექსანდრე გარსევანის
შვილის, საქართველოს მგოსნის, რომლის ოჯახისაგან გამოვიდნენ სამეგრელოს დედოფალი
ეკატერინე, ნინო გრიბოედოვისა, თამარ ბატონიშვილისა
- ერეკლეს მეუღლე, ბარონესა ნიკოლაი და სხვ. ამ დროებში «კნიაზიანთ» ოჯახს კახეთში
მარტო ალექსანდრეს ოჯახს ეძახდნენ. სხვების სიმდიდრე მარტო პური და ღვინო იყო.
ილიას მამა გრიგოლიც, შექსპირის თქმისა არ იყოს, მარტო სისხლით იყო მდიდარი და არა
ქონებით. მეტსახელად გრიგოლს თურმე პაჭუას ეძახდნენ. გრიგოლი ერთ დროს ოფიცრად
მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რამდენადმე განათლებული კაცი იყო.
დედამისი, სახელად მაგდანი, იყო სომხის ქალი, ბებურიშვილის ასული.
როგორც დავით ერისთავს, ილიასაც არაერთხელ სმენია მისი ხასიათის თვისების ახსნა
სომხის ქალის შვილობით.
ერთხელ, როდესაც ილია დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ იყო და ერთს სადილზე რაღაც
შემთხვევის გამო სიტყვა წარმოსთქვა, ეს სიტყვა სხვაზე უფრო ერთ სომეხს მოეწონა.
- უჰ, შენი ჭირიმე, კნიაზო, კარგი იმიტომა ხარ, რომ დედა სომეხი გყავსო,
- უთხრა იმას სომეხმა.
- საკვირველია, თქვენმა მზემ, თქვენ დედაც სომეხი გყავთ და მამაც და ასეთი თავხედი
გამოსულხარ,
- მიუგო გულნაკბენმა პოეტმა.
ილიას პატარაობაზე თითონ მისგან არა ერთხელ გამიგონია, რომ იმან წერა-კითხვა სოფლის
მთავრისაგან ისწავლა, რომ დედამისი სხვადასხვა მოთხრობებს და ,,ვეფხისტყაოსანს"
უკითხავდა იმას და სხვ. მაგრამ ამაებზე მე აქ არ ვილაპარაკებ გრძლად, რადგანაც
ამაზე თითონ მან დასწერა თავის მოკლე ავტობიოგრაფიაში.
მეთერთმეტე წელი რომ დაუდგა ილიას, ის ქალაქს ჩამოიყვანეს და ვიღაც რაევსკის
პანსიონში მისცეს. აქედამ იმან იწყო სიარული გიმნაზიაში და რა დაამთავრა მერვე
კლასი, გაემგზავრა პეტერბურგს
- 1857 წელს, საცა შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტში.
სანამ ქალაქს ჩამომიყვანდნენ,
- გვითხრა ერთხელ პოეტმა (გოგებაშვილთან, სადილზე), მე ხშირად მაციებდა და ტყლიპი
გამიდიდდა (აბსტრუქცია მქონდაო,
- თქვა). ქალაქს რომ ჩამომიყვანა მამაჩემმა, ყველა ექიმები დამასიეს, მაგრამ ვერას
გახდნენ რა. მაშინ ვიღაც ერთი ფერშალი მომიყვანეს ავლაბრიდამ. კაბა ეცვა, თავზე
კარტუზი ეხურა, ჩოფურა იყო. რომ ხატვა ვიცოდე, დავხატავ, ისე ცოცხლად მახსოვს იმის
სურათი. იმან წამალი დამალევია, წამისვა ტყლიპზე რაღაც და სთქვა: თავის დღეში ამას
არ გააციებსო, და მართლა მის აქეთ ჩემთვის არ გაუციებიაო,
- გაათავა პოეტმა.
ჩვენ რომ რუსეთს მივდიოდით და კავკასიონის მთებზე ვიწყეთ ასვლა,
- გვითხრა სხვა დროს ილიამ,
- მლეთის დაშვებაზე შემოგვეყარა გრიგოლ ორბელიანი, რომელიც რუსეთიდამ ბრუნდებოდა
თბილისს. გრიგოლი ფეხით მოდიოდა, ჩვეულებრივად ზურგს უკან ხელ-შეწყობილი,
პირმღიმარე, დაფიქრებული; დაშორებით მოსდევდა მას ნელის ნაბიჯით ეკიპაჟი. ჩვენ რომ
დავინახეთ პოეტი თავისის ელემენტით
- კავკასიის მთებით და ღრუბლით გარშემოზღუდვილი, აღტაცებით ვთქვით ერთმანეთში:
სწორედ ეხლა ამ დამშვიდებულ გულზე ლექსს რასმე უწერს ამ მშვენიერს ბუნებასაო, და იმ
დროიდან დაწყებული სიკვდილამდე ილია იყო თაყვანისმცემელი გრ. ორბელიანისა.
* * *
როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტში ილიას ყოველისფრით განსხვავებული დრო შეხვდა.
თბილისში ის რომ ჩამოვიდა პირველად, აქ ვარანცოვისაგან დანერგილს ხეს ნაყოფი
გამოეღო
- ,,ცისკარი" გამოიცა.
ქართული თეატრი დაარსდა.
ჟურნალმა და დრამამ ცოტაოდნად ქართული საზოგადოება გამოაღვიძა.
თუ ეს გამოღვიძება ყველგან თვალსაჩინო არ იყო, თუ დაბლა ხალხს სულ ისევ სძინავდა,
მაღლა წრეებში, განათლებულ საზოგადოებაში ქართველმა კაცმა თვალი გაახილა. ამ
საზოგადოებას ილიაც ეკუთვნოდა, როგორც გიმნაზიის მოწაფე.
ნიადაგი და ატმოსფერო კარგი ჰქონდა მომავალ მგოსანს, რომ ამ პირობებში მას
ჩანერგოდა გულში მამულის და ენის სიყვარული.
ილიას რუსეთშიაც განსხვავებულ დროს შეხვდა მისვლა, როგორც ჩვენს დროში, შემდეგ
იაპონიასთან წაგებულის ომისა, სულ ყველაფერი რყევაშია და მიისწრაფის ახალის
საუკეთესო ცხოვრებისადმი, ისე იმ დროს, შემდეგ ევროპის კოალიციისაგან დამარცხებისა,
რუსეთი ახალის წესწყობილებისადმი მიისწრაფოდა. თავიდათავი მოთხოვნილება მაშინდელის
საზოგადოების საუკეთესო ნაწილისა იყო გლეხთა განთავისუფლება.
უნივერსიტეტი სათაურში უდგა იმ დროისთვის საჭირო რეფორმების შემოღების საქმეს და
სწორედ მაშინ, როცა გლეხთა განთავისუფლების საქმე თავდებოდა, სტუდენტებმა არეულობა
მოახდინეს. ამ არეულობას მოჰყვა ილიას საქართველოში დაბრუნება. რეფორმის
წინადროებში აქ ილიას ან რა ადგილის შოვნა შეეძლო თავისი ცოდნისა და ჰაზრების
საქმეში გამოსაყენებლად. ჟურნალ-გაზეთობა ამ დროს ჯერ საქმე არ იყო. «ცისკარი» კი
იბეჭდებოდა, მაგრამ ჟურნალს მკითხველი არ ჰყავდა. დაბეჭდილ ნომრებს რედაქტორი თითონ
უგზავნიდა გავლენიან, მწერლობის მოყვარე ნაცნობებს - გრიგოლ ორბელიანს, გიორგი
მუხრან ბატონს,* მიხეილ თუმანოვს,** კოლხიდელს,*** პლატონ იოსელიანს და მათი
შემწეობით დიდი გაჭირვებით არსებობდა ის თითონ, მისი მესტამბეები და მისი ჟურნალი.
თანამშრომლებისათვის ფული არ მოეძეოდა რედაქტორს და არც იყო მოსალოდნელი ახლო
მომავალში, რადგანაც საზოგადო ცხოვრების პირობები ასეთი იყო მაშინ საქართველოში.
* ცნობილი მემამულე. ეროვნულ საკითხის შესახებ წიგნის ავტორი. ამ პირზე ილიამ თქვა:
«პირველ თქვენგანმა, იმა ბედშავმა მას (ერს - ს. ც.) მკვდრის სუდარა გადააფარა (გრიგოლ
ორბელიანთან პასუხი - ს. ც.).
** პოეტი, «ცისკრის» თანამშრომელი «მოლაყბის» ფსევდონიმით (1818-1875). ს.ც.
*** გრ. დადიანი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ძმა (ს. ც.).
სამშობლოში ჩამოსულ ილიას გზაზე სვეტი დაუხვდა, რომელზედაც ეწერა: მარჯვნივ წახვალ
- ჩინოვნიკი იქნები და მაძღარი, მარცხნივ წახვალ - მწერალი იქნები და მშიერი.
რომ მარჯვნივ წასვლა, ე. ი. შესაფერი ადგილის შოვნა არც ისე ადვილი იყო იმ დროს,
ბუნებრივმა მიდრეკილებამ ილია წაიყვანა მარცხენა გზით. ილიამ ჯერ ცოტახანს «ცისკარში»
ბეჭდა მისი ნაწერები და შემდეგ 1863 წელს საკუთარი ჟურნალი გამოსცა - «საქართველოს
მოამბე».
ამ ჟურნალში დაბეჭდა პირველად ილიამ «კაცია-ადამიანი?!», «გლახის ნაამბობი», «რამდენიმე
სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ» და ბევრი სხვა ჩინებული ლექსები.
აქვე დაიბეჭდა ნაწერები ვიქტორ ჰიუგოსი, პრუდონისა, ბასტიასი, ბელინსკისა და სხვ.
ახალმა ჟურნალმა ახალი სიტყვა გააგონა ქართველ საზოგადოებას. ეს სიტყვა მით უფრო
დიდი მნიშვნელოვანი იყო და დროზე ნათქვამი, რომ საქართველოშიც მზადდებოდა ამ დროს
გლეხთა განთავისუფლება - ორის წლის წინათ რუსეთში მომხდარი.
ახალი სიტყვა ძველებს არ მოეწონათ.
და ასტყდა ძველსა და ახალს შორის კამათი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოიწვია
ილიასი და გრიგოლ ორბელიანის ცნობილი პოლემიკა.
ძველ თაობას არ მოსწონდა არც ილიას ჟურნალი და არც ილიას სიტყვები. ამ დროს
თავად-აზნაურთა ყრილობაზე, როგორც ქრისტეფორე მამაცოვი* მოწმობს ერთს კრებაზე, საცა
ილია ამტკიცებდა, რომ გლეხი მიწიანად უნდა გავანთავისუფლოთო, ვიღაც თავადი იმას
ხანჯლით თურმე მივარდა ისე, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსს დაუპირა მოკვლა ვიღაც
კანდელაკმა ქუთაისში იმავე მიზეზის გამო.
* სამხედრო პირი მახლობელი ნათესავი ცნობილი კონსტ. მამაცაშვილისა. - ს. ც.
* * *
«საქართველოს მოამბე» რომ გამოვიდა, ბატონიშვილს ერეკლეს წაეკითხა ჟურნალი და ეთქვა
თავისიანებში: დემოკრატიული ჟურნალი არისო. სასახლის კაცს, გიგო სუმბათოვს,
ამისათვის ყური მოეკრა, დაეხსომებია და როცა შემთხვევამ ნება მისცა, ეთქვა
ილიასთვის:
- ილიავ, წავიკითხე შენი ჟურნალი და უნდა გითხრა, დემოკრატიჩესკი არის.
- როგორ თუ დემოკრატიჩესკი?
- ისე, დემოკრატიჩესკი.
- მაშ, რა გინდა იყოს?
- არისტოკრატიჩესკი.
- ეს თუნდ ბატონიშვილს ერეკლეს ეთქმის, მაგრამ შენ რაო, ჩემო?
- ვითომ და რათაო?
- აბა, რა გაქვს შენ არისტოკრატიჩესკი, აი, თუ გინდა თავი (დიდი შნოს პატრონი არ
იყო).
- თავი კი განზე იყოს, მაგრამ შენი ჟურნალი კი მაინც დემოკრატიჩესკი არის, -
განუმეორა სუმბათოვმა.
«საქართველოს მოამბემ» ზემოთქმული მიზეზების გამო დიდხანს ვერ იცოცხლა.
საშუალება რომ შემოაკლდა, ილიამ «საქართველოს მოამბის» გამოცემას თავი ანება.
მარცხენა გზით სიარულისაგან რომ არაფერი გამოვიდა, ილია მარჯვნისაკენ გაემართა.
«ლიბერალობა ოქროს ჯაჭვზე გასცვალა».
* * *
1864 წლის დამლევს ილია გაგზავნეს იმერეთს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე
მინდობილობათა მოხელედ, რომელმაც დაავალა მას, გამოერკვია, რა ურთიერთობა სუფევდა
მემამულეთა და გლეხკაცთა შორის, ბატონ-ყმობისაგან წარმომდგარი.
როცა ბატონ-ყმობა მოისპო და საგლეხო დაწესებულებები დამკვიდრდა თბილისის გუბერნიაში
(4 ნოემბერი 1864 წ.), ილია დანიშნეს მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.
ამაზე უკეთესს ადგილს ილიასათვის კაცი ვერც კი წარმოიდგენდა. მომრიგებელი შუამავალი,
კანონმდებლის აზრით, გლეხ-კაცის მამაა, მისი «მფარველი ანგელოზი», როგორც ამბობდნენ
იმ დროებში, როცა თანამდებობა არსდებოდა. კანონი იმას სდებს, იაროს სოფელ-სოფელ და
ადგილზე გაარჩიოს ნაბატონევთა და გლეხთა შორის მომხდარი ცილობა. ის არის ობლის
პატრონი, სოფლის მართვა-გამგეობის მეთვალყურე, მასწავლებელი და მოძღვარი
გლეხკაცობისა. ილიაც სწორედ საამისოდ იყო დაგეშილი, და მერე ის დაინიშნა მომრიგებელ
შუამავლად არა სადმე სომხეთში, როგორც დღეს არის, მაგალითად, გადავარდნილი ილია
ჭყონია*, დუტუ მეგრელი, არამედ თავისიანებში, არაგვის პირად, მცხეთიდამ ორ ნაბიჯზე,
მთიულეთს ახლო, მყინვარის კალთებზე, სადაც ის პოვნიდა ყოველგვარ მასალას, როგორც
მგოსანი, ენის მოყვარე, მამულის ერთგული; მარტო მთიულეთი და მისი პოეზია რად ღირდა
მგოსნისთვის, და ილიას მისი ადგილი არა სხვა სახელმწიფო სამსახურზე არ უნდა
გაეცვალა, მაგრამ არ ვიცი, რა იყო მიზეზი, როცა ჩვენში შემოვიდა სასამართლოს
რეფორმა (1868), ილიამ შუამავლობას თავი დაანება და ის დანიშნულ იქნა დუშეთის
მომრიგებელ მოსამართლედ.
*საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. - ს. ც.
მომრიგებელ შუამავლად ყოფნის დროის ამბავი მე არა გამიგონია რა ილიასაგან. მხოლოდ,
ერთხელ, როცა ჩინოვნიკების ქუდის კაკარდაზე ჩამოვარდა სადღაც ლაპარაკი, ილიამ
მთიულების გულუბრყვილობის ნიმუშად გვიამბო, თქვენთან პატივი, ბატონებო, და შემდეგი:
პოსრედნიკად რომ ვიყავი, ერთხელ ანაზდეულად მთიულეთს მომიხდა მისვლა, საცა კვირა
დღეს ხალხი მოგროვილიყო ერთს სოფლის სასამართლოში. რაღაც საქმის გამო მე
მამასახლისს ვუბრძანე, დაებარებია ერთი გლეხი, რომელიც შორი-ახლო იდგა იქიდამ.
მამასახლისმა ბრძანება გზირს გადასცა. გზირი იქვე მიდგა განზე, და რაც ძალი და ღონე
გააჩნდა, ხმა-მაღლა დაუძახა დაბარებულს. დაბარებულმა დაბლიდამ იყო თუ მაღლიდამ, ხმა
მისცა გზირს და მათ შორის გაიმართა ამ გვარი მიძახილ-მოძახილი::
- გიბარებენ ჩქარა!
- ვინ მიბარებს?
- ჩინოვნიკი.
- ვინ ჩინოვნიკი?
- აი, ქუდზე რომ ქათმის... რაღაცა აქვს, ის გიბარებს.
ამის გამგონე ილია იტყოდა, ვითომ და ნაპოლეონის გენერალმა ვატერლოოს მინდვრიდამ
სიტყვა რომ შეუთვალა ინგლისელებს, რით იყო ამ სიტყვაზე უფრო გემრიელიო?*
*ავტორს ეს სტრიქონები გამოყოფილი აქვს ასეთი მინაწერით «უწმაწურია და არ
წამიკითხავსო». - ს.ც.
მომრიგებელ მოსამართლედ ყოფნის დროიდამ მოგონება უფრო საინტერესოა. თვითონ ილიამ
გვიამბო: მოსამართლედ რომ ვიყავი, ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზიბეგს.
- ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა
ყაზიბეგი მართმევს, მიშველე, დამიფარეო, შემომჩივლა გლეხმა. მე დავიბარე გლეხისაგან
ნახსენები მოწმე.
- შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი - თეიმურაზ მეფის დროს?
- დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილის საკვეთი ამიღია.
თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა: როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს
მოსჭრიდნენ. ამისათვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას, - და ეს მოწმე ვალდებული იყო,
უფროსი შვილისთვის ეამბნა ამ ნასყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცემდა და
ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდამ მოდგმაზე. თუ ვისმე შვილი არ
ეყოლებოდა, იმათთვის უნდა ეამბნა, ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.
ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად
სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა.
ყაზიბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები
ააყენა მიწიდამ და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых допрашивает-ო.
ამაზე ილია იტყოდა: ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა: ესა და ეს მამული ნასყიდია და
ამ ნასყიდობის მოწმეა ესა და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და
შიგ ფრჩხილი ნახესო.
მეორე მოგონებაც ილია მოსამართლისაგან განაგონი: ერთჯერ ილიამ ერთი ძმის მაგიერ
მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა.
ვიღაც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ
ბრალდებულის გვარი მოიკითხა.
- მე გახლავარ, ბატონო, - წამოიძახა გლეხმა.
– შენ წაიღე ხეები?
– დიახ, ბატონო, წავიღე.
რაკი დანაშაული ეჭვს გარეშე იყო, იქვე განჩინება დავსწერე და ბრალდებული
საპატიმროში გავგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ
ჩემთან მოვიდა მისი ძმა.
- შენ ვინა ხარ?
- ესა და ეს ზაქარია გახლავარ, ბატონო.
- როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის?
- არა, შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ
მეცალაო, - მიპასუხა გლეხ-კაცმა.
მომრიგებელ მოსამართლედ ილია დარჩა 6 თუ 7 წელი.
* * *
1874 წელს ილიამ სულ დაანება თავი სახელმწიფო სამსახურს და შეუდგა თბილისის
საადგილმამულო ბანკის საქმეს. ამ წელს თბილისის თავად-აზნაურთა კრებამ ის აირჩია
კომისიის წევრად, რომელსაც დაევალა ბანკის წესდების შედგენა, და როცა ეს წესდება
თავად-აზნაურობამ მოიწონა, ილია მათსავე მინდობილობით გაემგზავრა პეტერბურგს და იქ
მისი მეცადინეობით ეს წესდება დამტკიცდა. შემდეგს 1875 წელს ამ წესდების თანახმად
თბილისში გაიხსნა საადგილ-მამულო ბანკი და ილია არჩეულ იქნა ამ ბანკის გამგეობის
თავმჯდომარედ.
ამის შემდეგ ილიას გაეხსნა ფართო ასპარეზი მოღვაწეობისა საქართველოს საქმეთა
სასარგებლოდ. ამ დღიდამ მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში თბილისში ქართული საზოგადო
საქმე ისეთი არა დაწყებულა რა, საცა ილია თავკაცად არ ყოფილიყოს, თავმრჩევლად,
საქმის გადამწყვეტად. ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ცოცხალი იყო, ვიდრე გაბრიელ ეპისკოპოსი
მეტყველებდა, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი ზემოდამ დაყურებდა ახალთა თაობათა, ილია
ჭავჭავაძეზე მაღლა კიდევ თუ იხსენებოდა სხვისი სახელი, მაგრამ მას შემდეგ, რაკი
ესენი მიიცვალნენ, ილია დარჩა პირველ კაცად საქართველოში.
ამას იქით ილია არის: ილია ბანკირი, ილია რედაქტორი, ილია წერა-კითხვის
საზოგადოების თავმჯდომარე, ილია დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე, ილია
სათავადაზნაურო სკოლების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი, ილია მწერალი,
ილია მოლექსე, ილია წარმომადგენელი ქართულის მწერლობისა, მასპინძელი უცხოელთა
სტუმარ-მწერალთა და სხვადასხვა.
მე აქ ილიას ცხოვრებას არა ვწერ: ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ, რომელიც ან
თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მისთა თანამედროვეთაგან მსმენია, ან მე თითონ ჩემის
თვალით მინახავს და ამიტომ ჩემს ნანახს და განაგონს ილიას ცხოვრებიდამ მე აქ მხოლოდ
დაახლოებით ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ ვსწერ. მე ხომ მეწვრილმანე ვარ
ქართულის მწერლობისა და ჩემგან შეკრებილი წვრილმანებით მე თქვენ ილიას სურათი
ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ნათლად დაგანახეთ, მე ჩემს ვალს ქართულს მწერლობაში
მოხდილად მივიჩნევ.
* * *
მე გავიცანი ილია პირველად 1879 წელს.
ამ წლიდამ დაწყებული დღემდე მისის სიკვდილისა მე ილიას კეთილგანწყობილებას არ
მოვკლებივარ. პირველს ოთხ-ხუთ წელს, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, მე მასთან უფრო
ხშირი მისვლა-მოსვლა მქონდა, ჯერ როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრს
და საქმის მწარმოებელს და შემდეგ, როგორც გაზეთების თანამშრომელს. სამწუხაროდ, იმ
დროებიდამ ჩემს სამახსოვრო წიგნში თითქმის არაფერი არ ჩამიწერია ილიას ცხოვრებიდამ.
მაშინ ჯერ არ მქონდა განზრახული შემედგინა ჩვენი მწერლების ცხოვრების აღწერა და
ბევრი რამ ილიას ცხოვრებიდამ, რასაც დღეს შეეძლო მისი ბიოგრაფიის გახალისება, მე
მიმავიწყდა. მხოლოდ შემდეგში, როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის,
გიორგი ერისთავის და სხვათა ცხოვრების აღწერას, მე ყოველს შეყრაზე ილიას ვუყურებდი
და ვუსმენდი, როგორც მსხვერპლს «მუშტრის თვალით» და როცა იმისგან მოვდიოდი შინ, მის
ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს სამახსოვრო წიგნში.
სულ ყველაფერი, რასაც აქ მოვახსენებ მსმენელს, ან არის ამოღებული ჩემის სამახსოვრო
წიგნიდამ, ან თითონ საკუთარის ჩემის მეხსიერებიდამ, და არაფერი არ ურევია აქ, რაც
სხვის კალამს ეკუთვნოდეს, სხვისი ნაწერებიდამ იყოს ამოღებული.
გარნა არც კი ვიცი, საიდამ დავიწყო წერა, რა რიგზე ამოვწერო სამახსოვრო წიგნიდამ
ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ. მგონია, ისევ ისა სჯობია, თავიდამ დავიწყო,
ათადამ-ბაბადამ, როგორც თითონ ილიას უყვარდა თქმა, ესე იგი, შინ მივიდე მასთან და
ჯერ შინაური კაცი დაგანახოთ.
* * *
ილია ჯერ იდგა ახალ, ბებუთოვის ქუჩაზე, სტაროსელსკის* სახლის პირდაპირ. მერე
ოთხმოციან წლების მეორე ნახევარში ის გადავიდა კუკიას, თავის დის ლიზა საგინოვის
სახლში, ბოლოს დროს იმან იყიდა საკუთარი სახლი ანდრიას ქუჩაზე.
*სტაროსელსკი ილიას ქვისლი იყო და ალბად აქ მოხსენებული სტაროსელსკიც ან თვით
ქვისლია, ან მისი ახლო ნათესავი. ს. ც.
ილიას არ ჰქონდა ფართოდ გაშლილი სტუმრიანი სახლი. მასთან თქვენ ვერ შეხვდებოდით
ქალაქის მაღალ საზოგადოებას, Велико-светская пувлика-ს. მის სალონში თქვენ
შეეყრებოდით მხოლოდ მწერლებს, არტისტებს, საზოგადო მოღვაწეთ, ქალთაგან მარტო
ნათესავებს.
თუ რამე საღამო გაკეთდებოდა მასთან ან წვეულება იქნებოდა, მომსვლელები ამათ წრიდან
იყო.
ილია იყო თავაზიანი კაცი, პურ-მარილიანი მომლხენი. მას პირადად და მის სუფრას,
რომელსაც ქართული კერძი თავის დღეში არ განშორებია, მუდამ ქართველი მოსამსახურენი
მსახურობდნენ. საქართველოს საუკეთესო კაცს და მამულის მოყვარეს, მუდამ სწავლული და
მამულის მოყვარე მოსამსახურე ებედებოდა.
თითონ ილიამ გვიამბო: ერეკლე ბატონიშვილს ვაჟი რომ დაებადა, დილა ადრიანად ჩემთან
შემოიჭრა ბიჭი და ჩვენ შორის ამ გვარი დიალოგი გაიმართა:
- მომილოცავს, ბატონო!
- რა, ბიჭო?
- ბატონის რძალს ვაჟი ეყოლა ამ დილას.
* * *
1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის
ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას* და ჩემთან
ცაიშში** სულ «ფარინა, ფარინა»*** იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა.
*მექი ფაღავა-ვექილი, საზოგადო მოღვაწე, მემემულე სოფ. ბანძაში.-ს. ც.
** ცაიში, სოფელია, სამეგრელოში, სადაურიც ი. მეუნარგია იყო.-ს.ც.
***ეს სიტყვები შეიძლება შეცდომით იყოს დაწერილი ნაცვლად მეგრული
«ჰარირა-ჰარირა»-სი რადგან ცეკვის დროს ასე მღერიან სამეგრელოში და არა
«ფარინა-ფარინა»-ს. ც.
ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და
ეს თვისება - ზარმაცობა - ღმერთო, შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა
მიეთვალოს.
დიმიტრი ყიფიანმა მოსწერა იმას ერთხელ ქვიშხეთიდამ სამდურავი, რას უგვიანებ
წერა-კითხვის საქმეებსო. სხვა რომ ვერა მოახერხა რა თავის გასამართლებელი, ილიამ
პასუხად მისწერა მხცოვანს პატრიოტს, არაფერია, ყველაფერს მოვასწრებითო, -
რუსთაველმა სთქვაო: ,,თქმულა, სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა".
მეორე მაგალითი: 1890-წელს, როცა ქალაქმა ბათუმმა ითხოვა, თბილისის სააზნაურო ბანკს
ნება მისცემოდა მიეღო გირაოდ ბათუმის მამულები, ფინანსთა მინისტრი ქალაქს ჩამოვიდა,
მაგრამ ილია არ წარსდგა მასთან და არ წარუდგენია ამ საგანზე მოხსენება. როცა ამის
გამო საქმის გარდაწყვეტა დაგვიანდა და ილიას უსაყვედურეს, რატომ მინისტრი არ ნახეო,
პასუხად სთქვა: ,,ვერც ჩემი მისვლა დააჩქარებდა საქმეს და ვერც ჩემი მიუსვლელობა
დააბრკოლებდაო".
* * *
მაგრამ ილია, როგორც ეს შეეფერება პოეტს, ხშირად და ადვილად მოდის აღტაცებაში და
ეძლევა პათოსს ხანდახან სულ უბრალო მიზეზების გამო.
- ვაა.. ვერ წარმოიდგენ...…-…მითხრა ერთხელ იმან, - რაღაც შემთხვევის გამო,
ბრაზილიის იმპერატორმა დონ პედრომ შეუთვალა ვიქტორ ჰიუგოს (აქ მგოსანი წამოდგა ზეზე
და გამოიჭიმა მთელის მისის სიმაღლით): შენი ნახვა და გაცნობა მწადიანო. ამის
პასუხად ჰიუგომ შეუთვალა მეფეს: მე სადარბაზოდ არავისთან არ დავდივარო. მაშინ
იმპერატორმა და მისმა ტახტის მემკვიდრემ თითონ ინახულეს დიდი მგოსანი. ვიზიტის
დროს, როცა მასპინძელმა სიტყვაზე - «თქვენო უდიდებულესობაო», - უთხრა მეფეს, მეფემ
სიტყვა შეაწყვეტინა მგოსანს და უთხრა თავის მემკვიდრეს: Сын мой, помни, здесь нет
другого величества, кроме Виктора Гюго... ეს სიტყვები ილიამ დიდის ამბის-ყოფით
წარმოსთქვა, ეტყობოდა სიხარული, რომ ქვეყნის მბრძანებელი ასეთ გვარად ემორჩილებოდა
სიტყვისა და ლექსთა მეფეს, როგორიც იყო ვ. ჰიუგო.
* * *
ლაპარაკში ილია უძლეველი იყო. მის დიალექტიკას, მის მოსწრებულ სიტყვებს, მის
მდიდარს ლექსიკონს ჩვენს ქართველობაში წინ ვერავინ უდგებოდა. ვის არ ახსოვს მისი
სიტყვები საადგილმამულო ბანკის წევრთა საზოგადო კრებებზე წინააღმდეგ ძმათა
მაჩაბელთა. ბევრნი გრძნობდნენ, რომ სიმართლე ვანო მაჩაბლისაკენ იყო, მაგრამ ილიამ
გაჭეჭყა ის თავისი დიალექტიკით და მოსწრებული სიტყვებით.
აი, ერთი მაგალითი ილიას უძლეველობისა ლაპარაკში: ,,ვისრამიანის" ბეჭდვა რომ
იწყებოდა, უკანასკნელი რედაქციის დადგენა და ვარიანტების ერთიერთმანეთთან
შეთანხმება მიანდვეს ილია ჭავჭავაძეს, პეტრე უმიკაშვილს და ალ. სარაჯიშვილს. ერთს
უძველეს ვარიანტში ამათ დაინახეს, რომ