![]() |
I. საქართველოს ხალხის წარმოება და დასახლება კავკასიაში. |
საქართველოს ისტორია თ. სულხან ბარათაშვილისა მთარგმნელი ჭავჭავაძე ილია „ძმანო, მტკიცედ ჰსდეგით და შეიკრძალენით მოძღვრება ესე, რომელიცა გისწავიეს.“ (მეორე თესალოკინელთა მიმართ, ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა, თავი II. მუხლი15) . ძველი ისტორია საქართველოსი
პირველი გადმონაცემნი საქართველოს ხალხისა.
(მისი წარმოების ეპოქიდგან სახელმწიფოს დაარსებამდინ.) |
|
![]() |
1 საქართველოს ისტორია თ. სულხან ბარათაშვილისა |
▲back to top |
I. საქართველოს ხალხის წარმოება და დასახლება კავკასიაში.
ვრცელი დედამიწის ველი, შავისა და კასპიის ზღვის შუა, არეზის მდინარიდამ კავკასიის
მთების სათოვლო ზურგამდინა, ძველის ძველად იყო დასახლებული ხალხითა, რომელიც
ამჟამად ქართველად არის ცნობილი. დასაწყისი ამ ხალხისა იმ დროებამდინ ადის, როცა
დაარსდნენ კაცთა პირველნი საზოგადოებანი და დაფარულია იმავ სიწყვდიადით, როგორათაც
დაარსების ისტორია ქალდეისა და სხვათა პირველყოფილ აღმოსავლეთის ხალხთა.
ოცდახუთმეტმა საუკუნემ განვლო მას აქეთ, რაც არსებობს წერილობ და ისტორიული
ლიტერატურა, ოცდახუთმეტმა საუკუნემ გაიარა ფილოსოფიურ ჭკუის ამაო მეცადინეობაში,
რათა განსჭვრიტოს ის სიწყვდიადე და გაარჩივოს რამე, მაგრამ რეზულტატად ამ
მეცადინეობისა წარმოგვიდგება მხოლოდ ერთი გონების გადაწყვეტილობა, რომელიცა
გვიხსნის პირველ კაცთა საზოგადოებაების დაარსების საერთო და ბუნებით ხასიათსა;
კერძობითნი გარემოებანი და ვითარებანი კი, რომელნიც შეადგენენ ხოლმე ყოველ ხალხის
ცხოვრების განსაკუთრებითს სახესა, რჩებიან სრულიად გამოუცნობელად და
გამოუკვლეველად.
ახლანდელ დროში ენათცოდნა და ფიზიოლოგია მიღებულ არიან, როგორც უფრო მტკიცე
ღონისძიებანი რომელიმე გამოჩენილ ხალხის დასაწყისის გამოსაძიებლად. ამგვარი სახსარი
გამოძიებისა არ არის ჯერ სისრულეში მოსული, მას შეუძლიან ახსნას მხოლოდ
შთამომავლობა და მისვლა-მოსვლა ერთი ერთმანეთში ხალხისა; გარნა, სახელდობრ, რაში
მდგომარეობდა ეგ მისვლა-მოსვლა, ეს სახსარი ამაზედ არაფერ პასუხს არ გვაძლევს.
ამისთვისაც ძველი ისტორია იძულებულია ხოლმე მიმართოს ზღაპარსიტყვაობის
გადმონაცემსა, რომელშიაც ისტორიკოსი ცდილობს იპოვნოს მცირედი კვალი მაინც
ჭეშმარიტებისა.
ძნელია და თითქმის შეუძლებელიც არის შეტყობა: როდის და ვისგან თავდაპირველად
შეგროვილა პირად-ნათქვამი გარდმონაცემნი საქართველოს ხალხისა და გადაკეთებულა
წელთ-აღწერათა? მაგრამ დასაჯერებელი კი არის, რომ დასაწყისი საქართველოს ისტორიულ
ლიტერატურისა ძველ დროშივე ყოფილა. ბევრი ხალხი არის, რომელსაცა არა ჰქონია თავისი
საკუთარი მწიგნობრობა და უწერია კი თავისი გარდმონაცემი სხვა ხალხის ანბანის
შემწეობით. მაგრამ კი არსად არის ისეთი ხალხი, რომელსაც ჰქონოდეს თავისი საკუთარი
მწიგნობრობა და არა ჰქონოდეს კი დაწერილი მატიანე თავისი. გადმონაცემის დაცვა
ლიტერატურის შემწეობით ისეთი ბუნებითი საჭიროება არის კაცობრიობისა, რომ ნებას
გვაძლევს ვიფიქროთ, რათა ქართული წელთაღწერანი არიან დაწყობილნი იმ ხანებში, როცა
პირველად მოუგონიათ ქართული ანბანი, ე.ი. III საუკუნეში ქრისტეს წინ. და მას
შემდგომად საქართველოს ხალხის არსებობის მთელ დროების განმავლობაში იწერებოდნენ და
ვრცელდებოდნენ.
უმთავრესი ქართული მატიანე, რომელშიაც არის დაცული ძველისძველი გარდმონაცემი და
რომელიც წოდებულია „ქართლის ცხოვრებადა“, იყო ცნობილი ჯერ კიდევ XIII საუკ. ამავე
წოდებითა. წარსულის საუკუნის დასაწყისში მეფე ვახტანგ VI-ის ბძანებით ის მატიანე
გამოიცვალა, ანუ როგორც გვარწმუნებს ვახტანგ მეფის შვილი ვახუშტი, ის მატიანე
გასწორდა მწიგნობართა, ანუ მეცნიერთა კრებისაგან, რომელმაცა მოაგროვა რამდენიმე
ხელთნაწერი ეგზემპლიარი ამ მატიანესი, მრავალი ეკლესიებისა და წარჩინებულ
გვარიშვილების სიგელები, აგრეთვე სპარსული და სომხური წიგნები, შეამოწმა ერთი
ერთმანეთთანა, გაასწორა და შეამსო ერთი ძველთაგანი ხელთნაწერი, და გამოსცა იმ
სახით, როგორიც არის ახლანდელს დროში ვახტანგის „ქართლის ცხოვრება“. მაგრამ იმ
კრებამ თავისი მოქმედებით მართლა გაასწორა ის „ქართლის ცხოვრება“, თუ ვახტანგის
მეფობის წინად რომ ყოფილა, იმაზედ უფრო უარესად გააუმგზავსა, ამისი თქმა შეგვეძლო
მაშინ, რომა გვქონოდა ახლანდელ დედანთან ძველი „ქართლის ცხოვრების“ დედანიცა.
ეხლანდელ დროების მატიანეს სხვადასხვა ნაწილებში აქვს სხვადასხვა ხასიათი. ზოგან
დაბადების კილოზედ არის მოწყობილი, ზოგან მომართულია სომხურის ისტორიის, ანუ
სპარსულ პოეზიის ზედმოქმედებითა. რამოდენად არიან მართალნი ფაქტები და
ქრონოლოგიურად ერთი ერთმანეთზედ ზედმიყოლილნი, – ამაზედ ჩვენ წერილებში ვეცდებით
მივსცეთ საკმაო ანგარიში. ხოლოდ ეს კია, რომ მეფის ვახტანგის მეცნიერთა კრების
გადაკეთების შემდეგ ჩვენ მოკლებული გვაქვს ნება, რათა გამოვიყვანოთ სწორე და
სასარგებლო დასკვნა მეცნიერებისათვის იმ ფაქტების განხილვითგან და დაფასებიდგან,
რომელნიც არიან მატიანეში. რომ დარჩენილიყო ფაქტების განსაზღვრა და დაფასება თვითონ
წელთაღმწერლებისა რომელთაც დაუწყვიათ და გაუგრძელებიათ ეს წელთაღწერა, ჩვენის
აზრით, არამც თუ იქნებოდა ნაკლულოვანებად, არამედ ის იქნებოდა ისეთი საჭირო,
როგორათაც თვით ფაქტების დაცვა და დაგვეხმარებოდა კიდეც, როგორც მტკიცე ღონისძიება,
რათა აგვეხსნა, რამოდენად იყო გახსნილი საქართველოს საზოგადოობის გონება და ზნეობა
მის ცხოვრების სხვადასხვა ეპოქაშია.
ამოვირჩიეთ რა ეს მატიანე ჩვენის აღწერილების ქვაკუთხედად, ჩვენ ვიხმარებთ მხოლოდ
ფაქტებსა, რომელნიც იმოდენად არიან გავრცელებულნი, რომ დავიცვათ მათში მატიანეს
ხასიათი და იმოდენადაც მშრალნი, რომ გადურჩეთ ვახტანგ მეფის მეცნიერთა კრების
პირ-წყლიანობის ვარიაციებსა. სხვა მასალები კი, როგორც: სხვა ხალხთა მატიანები,
ისტორიები, ქრონოლოგიები, გეოგრაფიები, მოგზაურობანი, სამოქალაქო და სარწმუნოების
კანონები და სხვადასხვა განაჩენები, რომელნიც იქნებიან ხმარებულნი ჩვენის წერილების
შედგენაში, უნდა მოვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართულ მატიანეს ფაქტებს შეუფარდოთ,
გავასწოროთ და შევამსოთ იმოდენად, რამოდენადაც გაგვიჭრის ჩვენი გონება.
ქართული გარდმონაცემი იწყობს თავის მოთხრობასა ნოეს შემდეგ მეოთხე თაობიდამ.
პირველად გვიამბობს იგი, რომ ქართველები, აგრეთვე სომხებიცა, არიან შთამამავალნი
თარგამოსისა ანუ თოგორმისა, იაფეტის შვილისშვილისა, რომ ენათა გაყოფის შემდეგ,
თარგამოსი თავის მრავალის ნათესაობით დასახლდა არარატის მახლობლად. თარგამოსის
შვილებმა, რაკი გაისაკუთრეს თავისი მამის სამფლობელოდგან ხვედრი ნაწილები,
სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდნენ: ჰაოსმა, სომხების მამამთავარმა, დაიპყრა
სომხეთის ტერრიტორია; ქართლოსმა კი და მისმა ექვსმა ძმამა1 დაიჭირეს ქვეყანა არეზის
მდინარის ჩრდილოეთის მხარიდგან კავკასიის მთამდე; მეორედ, გვიამბობს იგი, რომ
ქართლოსის შემდეგ მის შთამამავლებმა გაიყვეს მთელი ეს ქვეყანა, და რა ააშენეს
ქალაქები და ციხეები2, ცდილობდნენ, რომ დაიცვან და დაიხსნან თავისუფლება ჯერ ჰაოსის
მფლობელობის მოყვარეობის წადილისაგან, მერმე კი მცხეთის მამასახლისების
გაძლიერებისაგან. მცხეთის მამასახლისები შთამამავალნი იყვნენ ქართლოსის უფროსის
თაობისა; ამათ დიდი ხნის ურთიერთის ბრძოლაში ისე დაკარგეს თურმე ყოველი მატერიალური
გადამეტება სხვა თაობაზედ, რომ ხოლოთ სახელიღა დარჩათ მცხეთის მამასახლისისა;
მესამედ, მოგვითხრობს იგივე გარდმონაცემი, რომ ქართველებმა ამ ხანებში დაკარგეს
ცნობა ჭეშმარიტის ღმერთისა და დაიწყეს თაყვანისცემა მზისა, მთვარისა და ხუთ
ვარსკვლავისა. განსაკუთრებითი ღვთაებრივი პატივი ჰქონია საფლავსა, რომელშიც იყო
მდებარე საერთო მამამთავარი – ქართლოსი.
როცა ვკითხულობთ ამ გარდმონაცემსა, მაშინვე ვხედავთ, რომ იგი დაბადების და სომხურ
ისტორიის დასაწყისის კილოზედ მოწყობილია, ვხედავთ, რომ საკუთრად ამ გარდმონაცემის
წელთაღწერითი შედგენა არ უნდა იყოს ისე ძველი, როგორც ეპოქა, რომელსაც იგი სწვდება;
უფრო საჯეროა, რომ იგი ყოფილა შედგენილი მას შემდგომ, როდესაც ქართველებმა მიიღეს
სარწმუნოება და გაიცნეს დაბადება. მაგრამ ამავე დროს ეს გარდმონაცემი იმოდენად არ
არის გაუმგზავსებული უჯერო და უშესაბამო ამბებითა, როგორც სხვა ხალხების პირველნი
მოთხრობანი, თითქმის ქართველებზედ უფრო გვიან დაარსებულ ხალხებისაცა, ამასთანავე
ისე თანახმა არის კაცთა პირველ საზოგადოების დაარსების წესთან და რიგთან, რომ
თითქმის გვაძლევს ღონისძიებასა შევადგინოთ რამოდენათმე მართალი აზრი ქართველების
შთამამავლობაზედ და ყოფა-ცხოვრებაზედ კავკასიაში დაშენების პირველ საუკუნოებში. ამ
საგნისათვის არა გვაქვს სახეშია ამაზე უფრო სარწმუნო ცნობაები.
ქართველების შთამამავლობაზედ არის სხვადასხვა აზრი უწინდელ უცხო ქვეყნების
მწერლებისაცა, მაგ: ტაციტი ამბობს, რომ იბერნი და ალბანელნი რაცხამდნენ თავის თავსა
თესალიელების შთამამავლად, რომელნიც თან მიჰყოლიან იაზონსა კოლხიდაში და ამის
დასამტკიცებლად, ამბობს, რომა იაზონის სახელს ხშირად ხმარობენ იქაურებიო (3),
Tacite, lib. VI. cap. 34. მაგრამ ეს ისეთი მართალია, როგორათაც დიონისის აზრი,
რომელიც გვარწმუნებს, რომ იბერნი არიან მოსულნიო იბერიიდგან, პირენეის
ნახევარკუნძულიდგან. ამას გარდა, შეიძლება წავიკითხოთ ქართველების შთამამავლობაზედ
ამავე ღირსების მრავალი სხვადასხვა აზრი დიოდორისა სტრაბონისა, იუსტინისა იოსეფისა,
კედრენისა, ზონარისა და სხვ. გამოჩენილი ეთნოგრაფი ვივიენ დე-სენ-მარტენი თავის
კავკასიის პირველყოფილ ხალხის და ძველისძველ გარდმონაცემების გამოძიებაში, რომელიც
იყო წაკითხული მისგან 1846-ში პარიჟის ეთნოლოგიის საზოგადოებაში, არჩევს რა ამ
ქართველების გარდმონაცემსა, გამოჰყავს ამისთანა გადაწყვეტილება: პირველი, რომ
ქართველები და სომხები არიან ძველათვე ორად გაყოფილი შტო ერთისა და იმავე ტომისა,
რომელიც ინდოკელტურ ოჯახობას ეკუთვნოდა და მეორედ ესა, რომ ყოველი ხალხი კავკასიისა
არეზის მდინარის ჩრდილოეთით პონტო-ვექსინისა და კასპიის ზღვის შუა მცხოვრებნი
იყვნენ შთამამავლობით შტონი ქართველის ტომისა. ამასთან სამეცნიერო რიგით ამტკიცებს,
რომა, თუმცა ზოგიერთი კავკასიაში მცხოვრები ხალხი განირჩევიან ქართველებისაგან
ენითა და გარეგან სახიერობითა – ეს არის სხვადასხვა მიზეზებისა გამო, რომელნიც
არიან ზოგი ისტორიულნი და ზოგი ფიზიოლოგიურნი3.
ჩვენ ვეთანხმებით ვივიენ სენ-მარტენის აზრსა ქართველების შთამამავლობაზედ, ჩვენ
ამავე გადმონაცემებიდგანვე ვხედავთ, რომ საქართველოს ხალხი დაარსებულა
ძველისძველადვე და უცხოვრია ცალკე ბინადარ ხალხად ქართლოსის შთამომავლობის ფეოდალურ
მართებლობასა ქვეშ.
რომ ვხმარობთ ამ სიტყვასა „ფეოდალური მართებლობა“, ამით, რასაკვირველია, არ გვინდა
შევადაროთ ისეთი ძველი ეპოქის ქართველების საზოგადოობის მყოფიერება ჩრდილოეთის
ბარბაროსების მყოფიერებასთან, როცა პირველად დაბინავდნენ იგინი გერმანიის მიწაზედა,
რადგანაც საშუალო საუკუნეების ბარბაროსები უფრო მაღლად იდგნენ მაშინდელ
ქართველებზედა ჯერ თუნდ იმითი, რომა ნახეს დიდება და ცხოვრების სახე რომის
იმპერიისა, რომელიც იმათ შემუსრეს და დაიწყეს ცხოვრება მის სახელოვან და
მასწავლებელ ნანგრევებზედა; ქართველებს კი იმ საუკუნეში, როდესაც დაბინავდნენ
კავკასიაში, არ შეეძლოთ ენახათ და არც შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ სხვას რასმეს, რასაც
იმათ გარეშე მყოფი ბუნება არ ჩააგონებდა.
საზოგადოდ ითქმის, რომ ყოველი უწინდელი ხალხთაგანი მოაწყობდა თავის ცხოვრებასა არა
წარსულ დროთა გამოცდილების მიხედვითა, არამედ ისე, როგორც შინაგანი და გარეგანი
ვითარებანი ჩვეულებრივად წაიყვანდნენ საქმესა. საქართველოში უმთავრესი შინაგანი
ვითარება, რომელსაც დიდი მოქმედება ჰქონია ხალხის ცხოვრების დასაწყისზედ, იყო:
პირველი, ადგილის მდებარეობა, რომელიც, რადგანაც, იყო მთიანი და
გადაჭრილ-გადმოჭრილი ხეობაებითა, ჰყოფდა ხალხსა მრავალ ნაწილებად. მთები და ტყიანი
სერები იყვნენ ამორჩეულნი ქალაქების და სოფლების ასაშენებლად, როგორც საიმედო
საფარი ქართვლის ცოლ-შვილისა და მის ღარიბის ქონებისა. მთები და ტყიანი სერები
უდგამდნენ ქართველს სამხედრო ვაჟკაცობის და თავისუფლების სულსა, და ის მშვენიერი
მინდვრებიცა იმ მთების ძირში გადაფენილები, აძლევდნენ ხალხსა მიწის შემუშავების
ხალისსა; და მეორედ: ერთი საყოველთაო ენა და სისხლზედ დამოკიდებული ნათესაობა
მფლობელებისა, რომელიცა აგონებდენ ერთტომობასა. გარეგანი ვითარება მიეწერება
სხვადასხვანაირ ისტორიულ ფაქტებსა, რომელნიც ატრიალებდნენ ხალხის ბედისწერასა და
განვითარებასა. ეგ ფაქტები ქართულ წელთაღწერაში იწყობა ხაზარების მოსევის აღწერითა,
რომელიც მომხდარა VII საუკუნ. ქრისტ. წინ. მაგრამ ეს დიდი ცარიელი ალაგი, ეს მეტად
შესანიშნავი ნაკლულოვანება წელთაღწერისა ივსება სხვა ქვეყნების მწერლების ისტორიულ
და ზღაპარსიტყვაობის ცნობაებითა, საქართველოზედ რომ უწერიათ.
ეხლა ჩვენ გვინდა შევუდგედ ამ ცნობაების მოკლე აღწერასა, ეს კი უნდა ვჰსთქვათ, რომ
ჩვენ თავს მივანებებთ იმ ამბებსა, რომელნიცა, თავიანთ სიბნელისა გამო მომეტებულ
ზღაპარ-სიტყვაობად მიგვაჩნია და რომლებიდგანაც არაფერი განსაკუთრებითი დასკვნაც არ
გამოვა, მაგალითად: მოთხრობა გოგზედ და მაგოგზედ, პრომეთეოსზედ, ამაზონებზედ და
მრავალს სხვაზედ. უამისოთაც ვიცით, რომ კავკასია უწინდელ დასავლეთის თუ
აღმოსავლეთის ხალხსა რაღაც გრძნების ქვეყანა ჰგონებიათ. ადამიანის გამოხატულობა
კავკასიის გარეშემო აგროვებდა ყოველ საოცრებასა და საკვირველებასა და იმათი მითები
აქამდინ გაიგონება საქართველოს მდაბალ ხალხში, ხან როგორც ყოფილის ამბავი, ხან
კიდევ როგორც ზღაპარი. ჩვენ დავწერთ ხოლოდ იმ ფაქტებზედ, რომელნიც საზოგადო
ისტორიას მიუღია.
პირველ ცნობაებს საქართველოს ხალხებზედ გვამცნებს ჩვენ მოსე წინასწარმეტყველი,
რომელიცა ჰსცხოვრებდა ქრისტეს წინად 1700 წ.4 მაგრამ იმისი მოთხრობა თავდება იმითი,
რომ მარტო თოგორმის, მესეხის და თუბალის5 სახელებს იხსენიებს. ამის უფრო შემდგომ
1565 და 1499 წელთა ქრ. წინათ6 მომხდარა მოსევა ეგვიპტელთა და დაპყრობა კოლხიდისა
სეზოსტრისისაგან, როცა კოლხიდაში მმართებელად ყოფილა სელოსი. კოლხიდაში დარჩენილი
ეგვიპტელები, როგორც გვიმტკიცებს პლინი, ცდილობდნენ დაერბილებინათ აქაურების ზნე,
ჩაენერგათ იმათ შორის პირველი განათლების თესლი და ესწავლებინათ სელის ქსოვილის
კეთება7.
მზისა, მთვარისა და ხუთ მოძრავ ვარსკვლავების თაყვანისცემა, ცხადათ ჰსჩანს,
გავრცელებული იყო ეგვიპტელთაგან8. რამზესმა, (სეზოსტრისი) რომლის სახსოვრადაც
იქონიებდნენ ხოლმე ტაძრებსა და მზის სახიერობასა, დააგდო კოლხიდაში თავის
მფლობელობის ნიშანი: სახელი იმისი, გადაცვლილი „ხვარამზედ“ და „რამაზად“,
მითვისებულია ქართულ სახელწოდებათა შორის, და თვით „მზე“ დაერქო სახელად ქვეყნის
მანათობელსაცა. ეგვიპტის კანონებმა, სამგლოვიარო წვერის დაყენებამ და ზოგიერთ
შინაურ ცხოველის მოკვლის აგრძალვამ9 ქართველების ჩვეულებაში და რწმუნებაში ღრმა
კვალი დაუტოვეს. შეხედეთ გამოქვაბულს თმოგვისის და ვარძისის კლდეებს სამცხეში, – ეს
გამო ქვაბული კლდეები, ვინ იცის იქნება ისევ ის აკლდამეები ყოფილან, რომელთაცა
მგზავსი ისე მრავალი არიან ნილის მდინარის ნაპირებზე?
XII საუკ. ქრ. წ. საბერძნეთის გმირნი: ფრიქსი, არგონავტები და ულისსი წამოსულან
სამჯერ კოლხიდაში. არგონავტებმა ნახეს კოლხიდაში მდიდარი ქალაქი ეა და დიდად
ბრწყინვალე, მაშინდელ აზრით, სახელმწიფო კარი აეტესისა კოლხიდის მფლობელისა10.
იმ ეპოქაში იქაურ მცხოვრებლებმა იცოდნენ თურმე სელის ქსოვილის კეთება, ოქროს
გამოდნობა და ღვინის დაყენება. ბერძნებმა, რადგანაც იცოდნენ ამ ნაჭირნახულევის ფასი
და მოხმარება, ამ მდიდარ ქვეყნის ხალხთან მისვლა-მოსვლის გაუწყვეტელობისათვის
ააშენეს რამდენიმე კოლონია შავი ზღვის ჩრდილოდაღმოსავლეთის პირზედა. ამ
კოლონიებთაგანი უფრო უმეტესად შესანიშნავი იყვნენ: პიტიუსი (ბიჭვინტა) და
დიოსკური11. ალბად, ამავე დროს უნდა მიეწეროს დასაწყისი იმ გამოჩენილ ვაჭრობისა
მტკვარზედ და რიონზედ, რომელიცა ჰქონია ევროპიას ინდოეთთანა და რომელზედაცა ჰსწერს
ერატოსთენი; ალბად ამ დროსვე უნდა მიეწეროს დაფუძნება ინდოეთის კოლონიისა,
რომელსაცა ჰრქმევია სინდიკი12 და რომელიცა ყოფილა აზოვის ზღვის
სამხრეთ-აღმოსავლეთის პირზედა.
ბერძნების გარდა, ჩვენა ვხედავთ 600 წ. ქრ. წინ. მცხოვრებელ ეზეკიელი
წინასწარ-მეტყველის წიგნიდამაცა, რომ მესეხად და თუბალებად ხსენებულთ ქართველებსა
ჰქონიათ მისვლა-მოსვლა ფინიკიანელებთანაცა, რომელთაც უგზავნიდნენ სავაჭროდ ტყეებსა
და სპილენძის ჭურჭელსა13.
ეს მცირედი ცნობაები, რომელნიც გვეხმარებიან ქართულ გადმონაცემების გაშვებულ
ალაგების შესავსებლად, ცოტაოდენად გვაძლევენ შეძლებასა დავინახოთ რამოდენათმე მაინც
პირველყოფილ ცხოვრების შემდეგ ქართველების განვითარება. იმ დროების ქართველები
წარმოგვიდგებიან არა ველურ ხალხად, მცხოვრებელად მარტო ბუნების ზედმოქმედების ქვეშ,
არამედ ხალხად, რომელსაცა ჰქონია სხვებთანაც მისვლა-მოსვლა, დაფუძნებული ერთმანეთის
საჭიროების მიგნებაზედა. მაგრამ, ამასთანავე, სასტიკად რომ გავშინჯოთ, ქართველებს
არ შეიძლება მაინც კიდევ დაერქვას ხალხი იმ ეპოქაში, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ.
იმათი მდგომარეობა არ წარმოადგენდა ერთ რასმე მთელსა, შეერთებულ საზოგადოებასა.
ისინი იყვნენ ხოლოდ ერთშთამამავალნი ბინადრები ქვეყნისა, სადაც ყოველი ხეობა თავის
მცხოვრებლებსა არქმევდა თავისივე სახელსა, რომელიც დამოკიდებული იყო ხანდისხან
ყოფაცხოვრების სახეზედაცა, ასე რომ უწინდელი ძველი მწერლები, მოსე
წინასწარმეტყველიდამ დაწყობილი რომელთა კავკასიაში მოსევის დრომდე, თავიანთ
თხზულებებში თავის დღეში არ ახსენებენ არც ერთს ქართველების სატომოს საზოგადო
სახელთაგანსა14.
თუმცა იმათ იცოდნენ, რომ არსებობს კავკასია და მისი მცხოვრებლები, მაგრამ
მრავალნაირს სახელებს ეძახდნენ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში
მცხოვრებლებსა. ესე, მაგ. მოსე და სხვა წინასწარმეტყველები იხსენებენ თოგორმის
შთამამავალობას, მესეხსა და თუბალსა; არგონავტებს უნახავთ კოლხიდა; ღეროდოტე და
ქსენოფონტე იხსენებენ ხალიბებსა15, მოსხებსა16, ტაოხიანებსა17, მოზინოკებსა18,
თიბარენებსა, ალაროდიანებსა, მათიანებსა, საპირებსა და სხვებსა. ამ გუნდა-გუნდად
ყოფნის მიზეზი, როგორც ზემოთა ვჰსთქვი, იყო მიწის მდებარეობის ზედმოქმედება, ანუ,
როგორც ამბობს გადმონაცემი, განაწილება საქართველოს ტერიტორიისა ქართლოსის
შთამამავალთა შორის. ამ მდგმოიარობაში იყვნენ ქართველები აზიაში მაკედონელების
შემოსევამდე, ე.ი. იმ დრომდე, ვიდრე ძლიერმა და გაუწყვეტელმა გარეგან სამხედრო
მოქმედებამა არ დაანახვა ხალხსა საჭიროება ერთად შემოჯგუფებისა და კავშირისა.
ეგრეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს სატომოსა ხაზარების შემოსევამდე, რომელზედაც
ხალხის გადმონაცემის შემწეობით გავაგრძელებთ ეხლა ჩვენს მოთხრობასა. |
|
საქართველოს ისტორია (ტექსტისათვის)
ნაბეჭდი: „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., №1, 2, 4, 5, 6, 7.
სათაურის ქვემოთ: თ. სულხან ბარათაშვილისა, ძველი ისტორია საქართველოსი.
ეპიგრაფი: „ძმანო, მტკიცედ ჰსდექით და შეიკრძალენით მოძღურებაი ესე, რომელიცა
გისწავიეს“. (მეორე თესალონიკელთა მიმართ, ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა, თავი
II, მუხლი 15).
პირველად იბეჭდება „საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნების შემდეგ.
„საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილია სულხან ბარათაშვილის საქართველოს ისტორიის ერთი
მონაკვეთის თარგმანი. ეს არის ძველი საქართველოს ისტორია.
ალ. კალანდაძის აზრით, მთარგმნელი ილია ჭავჭავაძეა. (ალ. კალანდაძე „საქართველოს
მოამბე“, 1963 წელი, გვ. 53-55). ალ. კალანდაძის მოსაზრება ვარაუდად მოტანილია ი.
გორგაძე, ნ. გურგენიძის წიგნში „ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანე“, გვ.37, ხოლო გურამ შარაძე ამ თხზულების მთარგმნელად პირდაპირ ილია
ჭავჭავაძეს ასახელებს. (გ. შარაძე, შესავალი წერილი „საქართველოს მოამბის“ 1991
წლის გამოცემისა, ტომი I, გვ. 26).
ამ თარგმანის ილიასეულობის სასარგებლოდ საინტერესო არგუმენტად მიგვაჩნია სარედაქციო
კომენტარი: „ეს თხზულება რედაქციამ მიიღო ავტორისაგან რუსულ ენაზედ... რედაქცია
თავის თავზე იღებს, თუ რაიმე გაუგებარი და უკანონო არის ამ სტატიის აღნაქვსში,
რადგანაც თარგმანი მას ეკუთვნის...“ („საქართველოს მოამბე“, 1863 წ. №1, გვ.
195-196 გვერდების ნომრებს ვუთითებთ 1991 წლის გამოცემის მიხედვით). თარგმანზე
ამგვარი პასუხისმგებლობის აღება, ასევე თხზულების შეფასება და მასზე ზოგიერთი
კრიტიკული აზრის გამოთქმა, ალბათ, უფრო მეტად ილიას შეეძლო. რედაქციის სახელითაც,
რასაკვირველია, უპირველესად ილია წარუდგებოდა მკითხველს, მით უმეტეს, „საქართველოს
მოამბის“ პირველ ნომერში.
„ისტორიის“ ატრიბუციისათვის საინტერესოა შემდეგი ფაქტიც: ილია ჭავჭავაძის პირადი
ბიბლიოთეკის კატალოგში (თბილისი, 1987 წ. საჯარო ბიბლიოთეკის გამოცემა) 283-ე
ნომრად მითითებულია: Баратов. С. История Грузии, тетрадь I, II, III, СПБ, 1865 г.
რვეულები ცალ-ცალკეა რეგისტრირებული, როგორც კატალოგშია აღნიშნული, ამ რუსულ
ტექსტებში ადგილები მონიშნულია წითელი ფანქრით. მოპოვებული ტექსტი ქართული
თარგმანის წყაროდ ვერ ჩაითვლება, თარიღები არ ემთხვევა (რუსული ტექსტი დაბეჭდილია
1865 წელს, ხოლო ქართული – 1863 წელს). შესაძლოა, ბარათაშვილის „საქართველოს
ისტორიის“ ეს ნაწილი („ძველი საქართველოს ისტორია“) რომელიმე რუსულ ჟურნალში
დაიბეჭდა (სამწუხაროდ, ჩვენ მას ვერ მივაკვლიეთ). ილიამ თარგმნა, შემდეგ კი,
როდესაც მთლიანი ტექსტი ჩაუვარდა ხელთ, განიზრახა სრულად ეთარგმნა, ადგილებიც
მოინიშნა.
ვათარიღებთ პირველი პუბლიკაციის ცენზურის ნებადართვის თარიღის მიხედვით (1863 წლის
იანვრამდე), თუმცა, შესაძლოა, თარგმანი ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალის ფურცლებზე.
[1863წ.]
როგორც სარედაქციო შენიშვნებიდან ჩანს, მთარგმნელი კრიტიკული შემფასებელის თვალითაც
ჩხრეკს ამ თხზულებას, ზოგჯერ ავტორს არ ეთანხმება და აკეთებს ისეთ კომენტარს,
როგორიც ყველას არ ხელეწიფებოდა. მნიშვნელოვანია მისი ერთი შენიშვნა: „ყოველს
პატივისცემასთან ამ შრომისადმი ჩვენ ვბედავთ ვსთქვათ, რომ არ ვართ თანახმა ავტორის
ზოგიერთ კრიტიკულ შეხედვაზედ... ჩვენ იმედი გვაქვს თავის დროზედ წარმოვადგინოთ
ჩვენი აზრი“ („საქართველოს მოამბე“, 1863 წ. №1, გვ. 196). ილია ჭავჭავაძემ
საკუთარი დამოკიდებულება ბარათაშვილის წიგნის მიმართ მართლაც გამოთქვა თავის
ნარკვევში „აი ისტორია“. _______________
1. აი, ქართლოსის ძმების სახელები: ბარდოსი, მოვაკანი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი
და ეგროსი. 2. როგორც ამბობს გარდმონაცემი ამ საუკუნეებს უნდა
მიეწეროს აშენება შემდგომ ქალაქებისა და ციხეებისა: ქართლი, სამშვილდე (ორბისი),
მტკვრის ციხე (ხუნანი), ჰერეთი, მცხეთა, გაჩიანი, (სანადირო ქალაქი) დედა-ციხე,
ბოსტან ქალაქი (რუსთავი), ჩელეთი, ოძრხე, თუხარისი, წუნდა, არტანი (ქაჯთ-ქალაქი ანუ
ჰური), უფლისციხე, ურბნისი და კასპი. 3. Vivien de St. Martin.
Recherche sur les populations primitives et les plus anciennes traditions du
Caucase, p. 95-97
4. Dictionaire d’hist. et de geogr. Ed. Boullet, p 1200. 5. დაბადება, პირველი წიგნი მოსესი, თავი X.
6. Diction p. 1650 7. Plin I. 33,
c. 3. 8. Всемир.
Ист. Г. Вебера, книга I. ст. 24.
9. იქავე, გვერდი 187 “ვინც მოჰკლავს კატასა განძრახვით ანუ უცებ, იმას სისხლის
ბრალი აძევს”. 10. Strab. I XI. P. 479.
Erstath. In Homer; Diodor. Sicil. I 11. IV Strab. lib. XI, p. 349.
12. Ibid. 13. ეზეკიელი, თავი XXVII, მუხლი 13 და 14.
14. საზოგადო სახელნი ქართვლის ტომისა არიან: ქართველი, იბერნი ანუ ივერნი,
გეორგიანნი, გურჯი და გრუზინი. 15. ამ ხალხის სახელი ბერძნებმა
დაარქვეს ფოლადსა, რადგანაც ხალიბები ძველადვე იმით იყვნენ შენიშნულნი, რომ კარგათ
აკეთებდნენ რკინეულს. 16. მესხნი. 17. ტასკარელნი. 18. მეგრელნი.
|
![]() |
2 II. ხაზართა შემოსევისათვის |
▲back to top |
II.
ხაზართა შემოსევისათვის.
თარგამოსიანთ დიდმშვიდობიანობის დროს ხაზარები გაძლიერდნენ და დაიწყეს ზედ
მოსევითა კავკასიის ხალხის აშფოთება. ამ უკანასკნელთა ჰსთხოვეს მოშველება
თავიანთ ერთ-შთამამავალ ხალხებსა და რაკი მიუდგნენ ყველანი ერთი
ერთმანეთსა, თითონაც შეცვივდნენ ხაზარების სამზღვრებშია. მაგრამ, რაკი რომ
მალე ამოარჩივეს ხელმწიფე, ხაზარები დაიძრნენ და გამოიარეს კავკასიის კარი
და წამოვიდნენ სამხრეთისაკენ. ვერავინ ვერ გაუმაგრდა იმათ სიმრავლესა: იმათ
ააოხრეს სულ ყოველისფერი, რაც დახვდათ წინა არარატამდე და მასისამდე,
აუოხრებელი დარჩნენ მხოლოდ ზოგიერთი ადგილები ქართლში და სამეგრელოში. ამ
მოძრაობის დროში ხაზარებმა იპოვეს კავკასიის მთებში სხვა ახალი გზა,
რომელსაც ეხლა ეძახიან დარიალის გზასა. მას შემდგომ ხაზარები ხშირად
დაეცემოდნენ ხოლმე კავკასიის ხალხს; და ამ დაცემებიდგან ის გამოვიდა, რომ
თარგამოსიანები ხაზარების მოხარკედ შეიქნენ.
კავკასიის ჩრდილოეთის მხარეს დატყვევებულ ხალხთაგან ხაზარებმა შეადგინეს
ორი სამეფო: ერთი თერგის წყლიდგან მთების დასავლეთის კიდურამდე თავიანთ
მეფის შვილის უობოსის მფლობელობასა ქვეშე, მეორე – აღმოსავლეთის კიდურამდე
თავიანთ მეფის ბიძა-შვილის მართებლობისა ქვეშე, უობისის ქვეშევრდომილ
ხალხთაგან დაარსდნენ ოსები, მეორე სამეფოდგან კი, სადაც ააშენეს ქალაქი
სოზანისი, ანუ ხუნზახი, ჩამოდიან დაღესტნის ხალხნი.
ხაზარების მფლობელობა იყო იმ დრომდე, ვიდრე სპარსებმა აფრიდონის მეფობის
დროს არ განდევნეს ისინი. ეს ხაზარების შემოსევა არის ისტორიული ფაქტი VII.
ის საუკ. ქრ. წ., გამოჩენილი სახელითა: „დიდი შესევა სკვითებისა აზიაში“,
რომელიც ზედ მოჰყვა კიმმერიანების მცირე აზიაში შემოსევასა. ხაზარები,
რომელნიც ბინამოუკიდებლად (ელად) სცხოვრებდნენ მდინარე ვოლგის და კასპიის
ზღვის პირებზედ, იყვნენ ევროპიელ ძველ მწერალთაგან ცნობილნი სკვითებად, ამ
ძველ ჩრდილოეთის ველური ხალხების საზოგადო სახელითა, ეხლანდელი
ისტორიკოსები კი რაცხვენ იმათ ხან თურქების, ხან ფინნების შთამამავლობად.
ეს ბარბაროსები მართლა გამოვიდნენ კასპიის კარებით სამხრეთშია19 და დაჰსცეს
ზარი არამცთუ არარატამდე, არამედ მთელ ზემო და მცირე აზიასა, სირიასა, თვით
ეგვიპტემდინაცა. რა თავზარის დაცემამ გაიარა იმ გზებზედა, სადაც იმათ
გაუვლიათ, შეიძლება ცოტად მაინც წარმოვიდგინოთ იერემია წინასწარმეტყველის
ღაღადებიდამა. იმათი მფლობელობის უღელი ყველაზედ უფრო მძიმედ დაედვა
მიდიელებს და სხვა კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე ქვეყნებსა. ხაზარები
ოცდარვა წლის განმავლობაში განაახლებდნენ ხოლმე ზედდაცემასა, ვიდრე ბოლოს
ციაქსარმა20, მიდიის მეფემა არ განდევნა ისინი სრულიად. სკვითებმა
დაატყვევეს და წაიყვანეს მრავალი ქართველი, სომეხი და ნამეტნავად ერანიდგან
მიდიელები. ამ ტყვეთწაყვანილმა ხალხებმა მერე, რომ უკან დაბრუნდნენ თავის
ქვეყნებისაკენ, იმ გზებზედ დაარსეს ახალი თემები ამ სახელებით ცნობილნი:
მეოტენი და სარმატები, ჩრდილოეთისა მიდიელნი, რომლების ნაწილსა ეხლაც
უწოდებენ ირონებს – ეგ ოსები21 არიან. ამ სახით ქართული გადმონაცემნი
საკმაოდ თანახმად არიან ისტორიულ მოთხრობებთანა, ერთი ეს კია, რომ ისინი
სრულიად არ იხსენებენ ამ ყოფილის უწინარეს კიმმერიანების დაცემასა,
რომელნიც გასულან კავკასიის ყელით მცირე აზიაში. მაგრამ კი არც საზოგადო
ისტორიიდამა ჰსჩანს, რომ კიმმერიანთ სანამეტნავო მოეხდინოთ რამე
ქართველებისაგან დაჭერილ მხარეებშია, ამის გამო მისატევებელია ქართულ
წელთაღწერისათვის, თუ ესე დაშორებულ დროების ამბავში გაშვებულია მაგისთანა
ფაქტები. მაგრამ ერთს უთანხმოებას ჩვენ დიდს დაბრკოლებაში შევყევართ:
ქართული გადმონაცემი ხაზარების განდევნასა აწერს აფრიდონსა, ფიშდადიანის
დინასტიის მეფესა და არა ციაქსარსა, კაიანიდის დინასტიისასა, რომელსაც
ისტორია აწერს სკვითების განდევნასა მაშინ, როდესაც მიღებულ ქრონოლოგიით
რომ გავშინჯოთ, აფრიდონი მეფობდა 75022 წელიწადში მაინც ქრ. შ. წინად,
მაშასადამე, ასის წლით
უფრო წინად ციაქსარზედ. პირველი შეხედვით ეს
უთანხმოება შეიძლება მიიღოს ან გვიანდელ გადამწერის, ან კიდევ თვითონ
წელთაღმწერისა განუძრახველ შეცდომად; მაგრამ შემდგომი ხალხის გადმონაცემის
მოთხრობა არ გვაძლევს ნებასა, რომ იმათ დავაბრალოთ. |
![]() |
3 III. მეცადინეობა ფიშდადიანისა და კაიანიდების დინასტიისა საქართველოში მფლობელობის და მთავრობის დაპყრობისა. |
▲back to top |
III. მეცადინეობა ფიშდადიანისა და კაიანიდების დინასტიისა საქართველოში მფლობელობის და მთავრობის დაპყრობისა.
სპარსეთის მეფემ აფრიდონმა, ანთებულმა ხაზარების შურისძიებით, რომელნიც
აოხრებდნენ არა მარტო საქართველოსა და სომხეთსა, არამედ სპარსების
სამფლობელოებსაცა, გაგზავნა იმათ საწინააღმდეგოდ სარდალი არდამი. არდამის
ჯარს სიხარულით მიეშველნენ სომხები და ქართველები და სრულად გარეკეს
ხაზარები იმ მხარეებიდან. სპარსეთის სარდალმა საქართველოს განთავისუფლების
შემდგომ მისცა ქართველებს სრული ნება, რომა ეცხოვრათ თავის ჩვეულებაზე, და
ქართველებმა რაკი ნახეს იმისი ეგრეთი კეთილ მოქცევა, შეიქნენ იმისი
მორჩილნი და ყოველისფერს უგონებდნენ. არდამმა ააშენა დარუბანდის ქალაქი;
მთების და ზღვის შუა ვიწროებში შეაბა რკინის კარები, რომ იმითი შეეყენებინა
ხაზარების მიმართულება სამხრეთის ქვეყნებისაკენ. მას შემდგომ შემოავლო
მცხეთის ქალაქს ქვითკირის გალავანი და პირველად შემოიღო საქართველოში ქვისა
და კირის ხმარება შენობისათვის. აფრიდონის ხელმწიფობის დროს სპარსნი არამც
თუ აწუხებდნენ ხარჯის გაწერითა ქართველებსა, არამედ ყოვლის ღონისძიებითა
სცდილობდნენ ქართველების გაძლიერებასა, იქამდისინ რომა მარტო შესძლებოდათ
ხაზარების შეკავება, რომელნიც ისე საშიშარნი იყვნენ, როგორათაც
ქართველებისათვისა, ისრე სპარსებისათვისაც. მაგრამ როდესაც გამეფდა
აფრიდონის შვილი იარედ, მაშინ სპარსებმა გაამრავლეს თავისი ჯარი
საქართველოში და დაუწყეს ქართველებსა ხარჯის თხოვნა. ამან აამღვრივა ხალხი,
და რა წამსაც გაიგეს ქართველებმა, რომა სპარსეთში გაჩნდა ურთიერთ შორის
ომი, მაშინვე დაეცნენ სპარსებსა, დაამარცხეს და გარეკეს საქართველოდგანა.
ქეკაპოს (კაი-კავუს) წამოვიდა კავკასიის მხარეს საომრად, მაგრამ ერთ იქაურ
მფლობელთაგანის მანქანებითა დაბრმავდა და იძულებულ შეიქმნა შერიგებოდა
ქართველებსა და დაბრუნებულიყო უკანვე სრულიად ურარაოდ. მაინც კიდევ ექვსის
წლის შემდგომ გამოისტუმრა თავისი შვილი ფარშოროტ მრავალის ჯარითა
საქართველოს და სომხეთის დასაპყრობლად. ქართველები და სომხები შეიყარნენ
ერთად, მოიწვიეს თავის მეზობლად მცხოვრებელი ხალხი, დაუხვდნენ მტერსა და
გარეკეს. ხუთს წელიწადს შემდგომ სპარსნი კიდევ დაეცნენ სომხეთსა და
საქართველოსა ქაიხოსროს წინამძღოლობის ქვეშ დაიპყრეს სომხეთი და მრავალ
სისხლის დანთხევის შემდგომ დაიჭირეს საქართველოს ნაწილიცა, მაგრამ დაბრუნდა
თუარა ქაიხოსრო სპარსეთში თურანის დასაპყრობლად, მაშინვე იმისი ჯარი, რაც
დარჩა საქართველოში, გასწყვიტეს ქართველებმა.
ამასობაში ქაიხოსრომ დაამარცხა თურანელები და სხვაც მრავალი ხალხი,
დაატოვებინა მათ თავიანთი ქვეყანა და მოაძებნინა ბინა სხვის ქვეყნებშია.
ამგვარად გაფანტული თურანელები, ასურელები, ბერძნები და თვით ხაზარებიცა
მრავალ რიცხვით მოვიდნენ თავისის ცოლ-შვილით საქართველოში და სთხოვეს
ქართველებსა აქ დადგომის ნება. მცხეთის მამასახლისმა ამ ქვეყანის მთავრების
თანხმობით მისცა იმათ ადგილი და დააბინავა ქართველების სოფლებს შორის ისე,
როგორც ებრაელნი, რომელნიც ამაზე წინათ იყვნენ გაფანტულნი
ნაბუქოდონოსორისაგან. ამნაირად საქართველოს ხალხი მსწრაფლად უფრო გამრავლდა
და გაძლიერდა მაგრამ ამ დროებიდგან ქართველებს გამოეცვალათ ენა, (რომელიც
სომხებისათვისაც და ქართველებისათვისაც აქამდისინ ერთი იყო); და სხვადასხვა
ენების შეერთებიდგან შედგა ახალი ენა-ქართული; გამოიცვალა და გაფუჭდა
სარწმუნოება; ნათესაობითი შეუხებლობა ქორწინებაში აღარ იყო, მკვდრების
დამარხვა გადავარდა ჩვეულებიდგან, – თვით მკვდრებსაც ხმარობდნენ საჭმელათა.
რამდენისამე დროების შემდგომ სპარსეთის მეფის ვაშტაშაბის შვილი,
სპანდიათ-რვალი წამოვიდა ქართველების საბრძოლად, მაგრამ გზაზე გაიგო თავისი
პაპის მოკვლა სპარსეთში და დაბრუნდა უკანვე; მაგრამ ამითი მაინც ვერ
გადარჩა საქართველო.
მაშინათვე, სპანდიათის სიკვდილის შემდგომ, სპარსეთის ხელმწიფის ტახტზედ
დაჯდა იმისი შვილი, ბაამანი, წოდებული არდაშირად, რომელმაცა მრავალ
ქვეყნების დაპყრობის შორის დაიპყრო საქართველოცა და გაწერა ხარჯი. ამითი
თავდება ხალხის გარდმონაცემი, პირველად ხაზარების მოსვლითგან დაწყობილი
ალექსანდრე მაკედონელის აზიაში მოსვლამდინ. ეს მოთხრობა, როგორცა სჩანს,
შერდგენილია პირად-ნათქვამ გადმონაცემის, სპარსული პოეზიის და ზენდ-ავესტის
ნათქვამების წამებისა შერევისაგან, რომელიცა უფლობდა საქართველოშიაცა,
ვიდრე განვრცელდებოდა ქრისტეს სარწმუნოება.
აღმოსავლეთის ხალხის ძველებურ ყოფა-ცხოვრებაზედ არის ორნაირი აღწერა: ერთია
დამყარებული აღმოსავლეთის მოთხრობაებზედა, მეორე – ბერძნებისაგან
შემოგროვილ და საზოგადო ისტორიაში უფრო საჯაროდ მიღებულ ცნობაებზედა; ამ ორ
აღწერაში არის უთანხმობა, რომელიც ვიდრე ისტორიულ კრიტიკით არ გაირჩევა,
შეიძლება ქართულ ზემო-თქმულ გადმონაცემისაგან გამოვიყვანოთ მხოლოდ ერთი
დასკვნა ამგვარი, რომა სკვითებისაგან განთავისუფლების შემდგომ საქართველოში
დადგა ეპოქა მიდი-სპარსეთის მფლობელობისა და დამკვიდრდნენ უცხო ქვეყნის
ელემენტები, რომელთაც უფრო მცირე-მცირე ნაწილებად დაჰყვეს ხალხი კერძობითის
სახელებითა.
სხვა მწერლებიდგანაც ჰსჩანს, რომ ქართველი ხალხის მაშინდელი მდგომარეობა
მართლად არ წარმოადგენდა ერთსა მრთელსა საზოგადოებასა თვით
სახელწოდებითაცა. ღეროდოტეს, ქსენოფონტეს და სხვა ძველებურ მწერლების
ცნობაები საქართველოს ტერრიტორიის მცხოვრებლებზედა შეადგენენ მხოლოდ
შემოკლებულ აღწერასა მრავალ ცალკე-ცალკე მყოფ საზოგადოობისასა, რომელთაც
არამც თუ მარტო ყოფა-ცხოვრებაში არა ჰქონიათ ერთობა, არამედ თავიანთ
საზოგადო მტრის საწინააღმდეგო მოქმედებაშიაც. ღეროდოტე მოიხსენიებს ხოლოთ
ერთ შემთხვევას, რომელსაც ერთ კატეგორიის ქვეშ მოჰყავს ისინი, სახელდობრივ:
როცა ის ჩამოჰსთვლის ქსერქსის არმიასა და ამბობს, რომ მოსხები,
თიბარიანები, მაკრონები, მოზინოკები, მარდები, ქოლხიდელები, ალაროდეები და
სიფირები იყვნენ ერთ კაცის ბძანების ქვეშ, რომელსაც ფარანდათი ერქვა.
მთელ ამ საზოგადოებათა შორის ყველაზედ უფრო გამოჩენილი იყვნენ ხალიბები,
ხალხი მეომარი და ხელოსანი. ისინი სცხოვრებდნენ კოლხიდის
სამხრეთ-დასავლელის მხარეზედ. იმათ რკინეულის და ფოლადის ხელობის სახელი
გავარდნილი ჰქონდათ ჯერ კიდევ გომერის დროსა. იმათი ნამუშავარის დასაწყობი
ადგილები მიწდომილნი იყვნენ სინოპამდისინ და ამიზამდინ; მაგრამ მეექვსე
საუკუნეში ქრისტეს წინად, ხალიბები დაარბია კრეზმა და გამორეკა
აღმოსავლეთისაკენ. ქსენოფონტეს 400. წ. გაევლო იმათ ქვეყანაზედ და ამბობს,
რომ იმათ ეხურათო ჩაბხუტები, ეცვათ რკინის პაჭიჭები და სელის ქსოვილის
დოშლუღები გულზედ; სარტყელზედ ეკიდათ მოკლე ცელები და ჰქონდათ შუბები
სიგრძით თხუთმეტი მწყრთა. რომ დაინახეს ბერძნები, ისინი წინ მიეგებნენ
სიმღერითა და თამაშითა და გულუშიშრად დაუწყეს ომი და იმათ ქვეყნებზედ
მდებარე გზაზედ არაფერი არ დაანებეს.
ხალიბების ქვეყნიდგან, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცხოვრებდნენ ტაოხიანები,
რომელთაც არ მოსდევდათ ისეთი გულადობა. ამავე მწერალის მოწმობით, ბერძნები
რომ გამოჩნდნენ იმათს ქვეყანაში, ისინი იქამდინ აირივნენ, რომა დასტოვეს
თავისი სახლები, გაიტაცეს თავისი ცოლ-შვილი, გაცვივდნენ მთაში ყოველფერ
ნუგბარითა და როდესაც ბერძნები, შიშისა გამო რომ არ დაიღუპნენ
შიმშილისაგან, შემოეხვივნენ გარშემო, მაშინ არამც თუ მარტო ცოლები თავის
შვილებით ცვიოდნენ კლდე-ღრეში, არამედ ქრმებმაც კი მიჰბაძეს იმათს
მაგალითსა; დაუტოვეს რა ბერძნებსა დავლად მრავალი რიცხვი პირუტყვი, ცხვარი
და სახედრები24. თიბარიანებზედ ამბობს ქსენოფონტე, რომა ისინი იყვნენ
მშვიდობიანი მწყემსი ხალხი25; ისინი, როგორათაც მაკრონებიცა, დაუმშვიდნენ
ბერძნებსა, მისცეს უხვი საგძალი და გაჰყვნენ წინამძღოლად კოოტიარის
ქალაქამდინ26.
თიბარიანები და მაკრონები, როდესაც ახლდნენ ქსერქსსა, შეიარაღებულნი იყვნენ
ისრე, როგორათაც მოსხები და მოზინოკები. იმათ ეხურათ ხის ჩაფხუტები, ხელთ
ეჭირათ პატარა ფარი და გრძელი შუბები მოკლე ხის ტარებითა27. მოზინოკები
იყვნენ ბარბაროსი ხალხი და მძლავრი; იდგნენ ხის სახლებში და ამისთვის
ბერძნებმა დაარქვეს ეს სახელი. სადგომები ჰქონდათ გაფანტული მთაში და
ბარში. მაგრამ ისე, რომა პირველსავე ალიაქოთში და გაჭირებაში ადვილად
შეეძლოთ მოგროვება ერთმანეთის საშველად28. ეს ოთხი უკანასკნელი თემი და
მათთან მარდნი, დარია ისტასპის დროსა შეარდგენდნენ განმარტოებულს
სასატრაპოსა სპარსეთის სახელმწიფოსასა, და აძლევდნენ ყოველ წელიწადს სამას
ტალანტს ხარჯსა; ალაროდიანები, საფირები და მათანები შეარდგენდნენ მეორე
სასატრაპოსა, და აძლევდნენ ორას ტალანტსა29. ალაროდიანები, საფირები და
კოლხიდელები იყვნენ ერთნაირად შეიარაღებულები, ეხურათ ხის ჩაფხუტები,
ჰქონდათ ფარი ხარის ტყავისა, ხმლები და მოკლე შუბები30. კოლხიდელები
აძლევდნენ ხარჯათ სპარსეთსა 100 ბიჭსა და 100 გოგოსა31. იმათს შორის
ძველადგანვე სცხოვრებდნენ ეგვი პტელები, რომელნიც ლაპარაკობდნენ თავის
სამშობლო ენაზე, ჰქონდათ თავისი ადათი და ღვთის თაყვანისცემის წესი32.
კოლხიდელების ჩვეულებაზე ღეროდოტე ამბობს ერთს შენიშვნასა, რომელიც
ამტკიცებს ცოტაოდენად ქართული მატიანეს სიტყვასა: ის ამბობს, რომა
კოლხიდელები მკვდარს არა მარხვენო, გარეთ დაზდებენ მფრინვლისა და ნადირის
საჭმელად, და მას შემდგომ მიცვალებულის ხსენება აღარ იყო სამარადისოთ33. ეს
ადათი ისრე, როგორათაც ახლო ნათესავის ცოლად შერთვა, ღვიძლი და-ძმის
დაქორწილება, არის დასამტკიცებელი საბუთი, რომა ზოროასტრის სარწმუნოება იყო
დამკვიდრებული საქართველოში ღეროდოტეს დროებამდისინაც. რომელიც სცხოვრებდა
450 წ. ქრისტეს წინად; ამისათვის რომა ეს ადათი გამომდინარეობდა ვენ-დიდისა
წესდებულებისაგან, მიღებული იყო ბაკრეთში, გირკანეთში და სხვა
ქვეყნებშიაცა, სადაც ეს სჯული დიდის პატივით იყო მიღებული34.
და ესრედ, თუ საპირნი არ იყვნენ იბერნი ანუ იბერიელნი35, და თუ
კარდუსიანები არ იყვნენ ქართლოსიანები ან ქართველები, მაშ აქამომდინ
უწინდელს მწერლებს არავის არსად არ უხსენებია ისეთი სახელი, რომელიცა
მიღებულ ყოფილიყო ქართველების საზოგადო სახელად. მხოლოდ მოსე ხორენელი,
ისტორიკოსი მეხუთე საუკუნისა ქრისტიანობის დროებისა, ამბობს, რომა სომხეთის
მეფემ ტიგრანმა, როდესაც მისცა შემწეობა სპარსეთის მეფეს კირსა, ასტიაგის
საწინააღმდეგოდ, შეაგროვა ყველა ივერიელნი და ალბანელი ჯარისკაცი და დიდის
სომხეთის გამორჩეული მეომარი ხალხი და წავიდა მიდიაში, მაგრამ მაინცდამაინც
არ არის საეჭვო, რომა თემის სახელები: მოსხი ან მესხი, ტოხიანე, ან
ტაოსიანე, მაქრონნი ან მეგრელნი, ან კოლხიდელნი – არის სახელები საერთო
საქართველოს ხალხის ნაწილებისა და არიან იმის დაურღვეველ საბუთებად, რომ იმ
ძველთაგან ძველ დროებაში არსებობდნენ.
აი სულა, რაც ვიცით უცხო ქვეყნის მწერლებისაგან საქართველოზე ალექსანდრე
მაკედონელის აზიაში მოსვლამდინ, რომელნიც შესაძლონი არიან, რომ შეეფარდოს
წინად თქმულ ქართულ გადმონაცემებსა. |
19. Herodot. საზოგადო ისტორია. 20. Herodot. lib. Iv. cap. 12. 21. შოპენი «Замеч. На кн. Обзор. Росiйск. За Кавказ.» გვ. 7. ის პოტოცკის და კლაპროტის გამოძიებაზედ ამყარებს თავის აზრს; ეს გამოძიებანი კიდევ დაფუძნებული არიან ღეროდოტეს, დიოდორის, პტოლომეის ქართულ წელთაღწერილების ნაჩვენებთა შეფარდებაზედ.
22. Diction.d’hist/ et geogr. p. 1400: ფიშდადიანის ისტორია, როცა
აფრიდონის შვილები დახოცეს, მაშინ ამოწყდა, ესე იგი 733 წ. ქრისტ. წინ.
23. Всемiр. Ист. Вебера; გვ. 483; ციაქსარი მეფობდა 633-დან 593 წლამდე. 24. Xenoph. 338.
25. თიბარიანები (თუმცა ქსენოფონტის აღწერიდგანა სჩანს,
რომა იდგნენ დასავლეთით ტაოხიანებზე, მაგრამ მგონია ისინი სცხოვრობდნენ
თაფარავანის ტბის გარეშემო აღმოსავლეთით ტაოხიანების გვერდით.)
26. Xenoph. p. 340 27. Herodot. I cap. 60.
28. Xenoph. p. 351 29. Herodot.
30. Herodot. Iib. VII cap. 60. 31. Ibib, lib. III,
cap. 7, get. 97. 32. Ibib, lib. XI, cap. 104. Ibib,
33. lib. I, cap. 140. 34. გ. ვებერი. საქვეყნიერო
ისტორია. წიგნი I, გვერდი 460 და 467. 35. Atlas
Universal Geogr. ancciene et modern dressee par A. Tardieu, ed. 1858,
carte №2
|
![]() |
4 IV. გადმონაცემნი ალექსანდრე მაკედონელზე და იმის მოადგილე აზონზე საქართველოს სამეფოს დაარსებამდინ |
▲back to top |
IV. გადმონაცემნი
ალექსანდრე მაკედონელზე და იმის მოადგილე აზონზე საქართველოს სამეფოს
დაარსებამდინ
ხალხის გადმონაცემი სპარსეთის მფლობელობის ამბავს რომ ათავებს,
მოგვითხრობს, რომ ბერძნეთის ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან მაკედონეთსა,
გამოჩნდა ალექსანდრე ფილიპეს შვილი, რომელმაც დაიპყრო ყოველი მხარე
ქვეყანისა. დაიწყო დაპყრობა დასავლეთიდგან, გადალახა სამხრეთი, შემდგომ
ჩრდილოეთი და იქიდამ კავკასიაზედ გადმოვიდა საქართველოში. ალექსანდრემ
ნახა, რომ ურწმუნოა და უზნეო ქვეყანა ესე, გარნა იქ მცხოვრებნი მეომარნი
არიან და გამაგრებულ ციხე-ქალაქების მექონენი. იმან აიღო სულ ის ქალაქები,
დააყენა შიგ თავისი ჯარი და მისცა მართებლობა ერთს მაკედონელთაგანს სარდალს
აზონ პატრიკსა და უბრძანა, რომა მზისათვის, მთვარისათვის და ხუთი
ვარსკვლავისათვის ხალხს თაყვანი აცემინოს. ალექსანდრეს დაბრუნებისა და
სიკვდილის შემდგომ, შეუბრალებელმა და ულმობელმა აზონმა დააქცია გალავანი
მცხეთისა და სიმაგრენი სხვა ქალაქებისაც, დაიპყრო სამეგრელო ზღვამდინ,
დაადო ხარჯი ოსებსა, ლეკებსა და ხაზარებსა. ამან შემოიტანა საქართველოში
კერპთთაყვანისცემა, დაიწყო ხოცვა გამოჩენილ ქართველებისა, რომელთაც ხალხში
ხმა ჰქონდათ და განწირულებამდე მიიყვანა ხალხი.
იმ დროს მცხეთაში იყო ერთი ყმაწვილი კაცი ფარნავაზი, ძმისწული უკანასკნელ
მცხეთის მამასახლისისა სამარისა, რომელიც მოკვდა ფარნავაზის მამასთან ერთად
ალექსანდრე მაკედონელისაგან; დედითკი ისპაჰანელ სპარსის ქალიდამ იყო
ჩამომავალი. მამის სიკვდილის შემდეგ, სამის წლის ფარნავაზი გააპარა დედამ
და დამალა კავკასის მთებშია. იქ დავაჟკაცდა, დაბრუნდა მერე სამშობლო
ქვეყანაში, სადაც გაითქვა გვარისშვილობით, ცხენის და იარაღის მარჯვე
ხმარებითა. ხშირად ურჩევდა ხოლმე დედა ფარნავაზსა, რომ არ დაუახლოვდეს
საშიშარს აზონსა, ჰსთხოვდა თავი დაანებოს საქართველოსა და გადასახლდეს
სპარსეთში. ფარნავაზი დიდხანს ყოყმანობდა დედის რჩევის თანხმობაზედ, ბოლოს
როცა თითქმის დაეთანხმა კიდეც, ერთს ღამეს ნახა სიზმარი, რომ ვითომც ის იყო
შემწყვდეული ცარიელ და ბნელ სახლში, რომელსაც არა ჰქონდა გამოსავალი და
სწუხდა ამაზედ; მაგრამ მსწრაფლ მიადგა მზის შუქი, შემოერტყა ფარნავაზსა და
გამოიყვანა მინდორზედ. აქ იმან ნახა, რომ მზე ქვემდებარებდა. მინდორი უხვად
იყო მონამული ცვარითა. მაშინ ხელით მოხოცა ცვარი და იმით დაიბანა პირი.
როდესაც გაეღვიძა, ფარნავაზმა იფიქრა, რომა სპარსეთში იმას უთუოდ
ბედნიერება რამ ელის, და ამ ფიქრით ატაცებული, იმ დღეს მარტოკა წავიდა
სანადიროდ. იქ საშინელმა წვიმამ მოასწრო; შესაფარებელ ადგილს რომ ეძებდა,
ფარნავაზმა დაინახა ერთი გამოქვაბული კლდე, რომელსაც შესავალი ამოქოლილი
ჰქონდა. ფარნავაზმა საჩქაროდ გამოანგრივა, შევიდა გამოქვაბულში და
განცვიფრდა, როცა ნახა აუარებელი განძი, კლდეში შენახული. როდესაც წვიმამ
გადიღო, ფარნავაზი გამოვიდა კლდიდგან და გულმოდგინეთ მიაფარა შესავალი
კლდისა; შემდგომ, რაკი დედასაც შეატყობინა ეს ამბავი, ყოველ ღამე დაიწყო იქ
სიარული და გადმოზიდა თავის სახლში ყოველიფერი.
როდესაც ნახა თავისი აუარებელი სიმდიდრე, ფარნავაზმა სპარსეთში წასვლისა
უარი უთხრა თავის დედასა; და მაშინ სულ სხვა ფიქრი მოუვიდა: მოინდომა
განთავისუფლება საქართველოსი აზონის ტირანიისაგან და აღდგინება თავის
საკუთარ უფლობისა მასზედ.
პირველი შემწეობა ამ აზრის აღსრულებისათვის მისცეს ფარნავაზსა სამეგრელოს
მთავრის შთამამავალმა ქუჯიმ, ლეკებმა და ოსებმა, შემდგომ სირიის ხელმწიფემ
ანტიოქმა და სომხეთის სპასალარმა. ქართველებიც მსწრაფლად მიემხრნენ
ფარნავაზსა, აზონი კი გაიქცა კლარჯეთში, სადაც ფეხი მოიკიდა კიდევ თითქმის
ერთი მთელი წელიწადი. მაგრამ არტანუჯის მახლობლად ომი მოხდა და იქ მოკვდა;
მთელი საქართველო კი, აზონისაგან ერთ ხალხად შეკრებილი, დარჩა ფარნავაზსა.
ზოგიერთ აღმოსავლეთის მწერლების მოწმობის გარდა სხვა ჩვენ არაფერი გვაქვს,
რომ დავამტკიცოთ ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ყოფნა მართალია თუ
არა. მაგრამ იქნება, რომ იმის სახელის და საქმის ქვეშ დაფარულია სახელი და
საქმე იმის სარდლებისა, რომელთაც ცნობაში და მორჩილებაში მოჰყვანდათ
საქართველო, როგორც სპარსეთის სამეფოს მეთვრამეტე და მეცხრამეტე
სასატრაპოები. აგრეთვე ძალიან საეჭვო არის ისა, რომ თითქო ალექსანდრე
მაკედონელმა საქართველოს მმართებლობა პირდაპირ მიანდო თავისს სპასპეტს
აზონსა, რომელიცა, როგორც ამბობს მატიანე, მფლობელობდა საქართველოში
ფარნავაზის გამეფებამდინ; ამისათვის, რომა მოსე ხორენელი ამბობს, რომ
უკანასკნელი სატრაპი დარიისა იბერიაში იყოვო მიტრიდატი, რომელსაც
ალექსანდრე მაკედონელმა ჩააბარაო იბერიის ტყვეები37.
ეს უკანასკნელი ჩვენება მით უმეტესად დასაჯერია, რომ ეს მიტრიდატი, ჯერ
კიდევ 317 წ., როგორათაც საქართველოს სატრაპი, დაესწრო ომში, როდესაც
ევმენი ებრძოდა ანტიგონსა38. ეს ომი დაბოლოვდა ამითი, რომ ევმენი
დამარცხდა, ანტიგონმა კი დაიჭირა მთელი ის ქვეყანა, რაც ეჭირა ალექსანდრე
მაკედონელსა აზიაში; მიტრიდატი და სხვანი ევმენის მოსარჩლენი დაიხოცნენ და
იმათ მაგიერად დანიშნენ სხვა სატრაპები. (43) Ibid.
თუ აზონის ყოფნა არ არის მოგონილი, ან უადგილოდ ხმარებული არგონავტების
წინამძღვრის იაზონის სახელი, რომელიც ბუნდად დარჩა ქართველების
გარდმონაცემშია მაკედონელის თანამოღვაწეთა და მოადგილეთა სახელებ შორის,
მაშ დასაჯერია, რომ ის აზონი იყო არა ალექსანდრეს მოადგილედ, არამედ
ანტიგონისა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყობა მიტრიდატის
სიკვდილიდამ ფარნავაზამდე, და მართავდა საქართველოსა თავის შეუბრალებელ
პროტეკტორის მგზავსად. რაც შეეხება თვითონ ფარნავაზის პიროვნებასა, მგონია
არ არის საეჭვო, რომ ის იყო შთამომავლობით სპარსი, შვილი, ანუ ძმისწული ამ
მიტრიდატისა, იმიტომ, რომ ქართული გადმონაცემი იხსენიებს იმას დედით
ისპაჰანელ სპარსის ქალის შვილად, მამით კი (მამის სახელი არ არის
მოხსენებული) ძმისწულად სამარისა, უკანასკნელ მცხეთის მამასახლისისა,
რომელიც მოჰკლა ალექსანდრე მაკედონელმა. რომ დავაკვირდეთ ამ ნათქვამსა,
ჩვენ მოგვეცემა საფუძველი ვიფიქროთ, რომა ის იყო შვილი უკანასკნელ მცხეთისა
ან ივერიის სატრაპოსა, რომელიც მოჰკლა ანტიგონმა და არა ალექსანდრემ, თუნდ
ნურაფერსაც ნუ ვიტყვით იმაზედ, რომ თვით სახელი (ფარნავაზი ან ფარნაბაზი),
სწორედ სპარსული სახელია39. ამასთანავე, მიუცილებელ საჭიროებადა ვხედავთ,
ყურადღება მივაქციოთ შემდეგს გამოკვლევასა: თუ ფარნავაზის მამა მოუკლავთ,
როგორც ამბობენ, ალექსანდრეს საქართველოში ყოფნის დროსა, იმისი ეგვიპტეში
მისვლის წინად, 332 წელსა, მაშინაც ფარნავაზი იქნებოდა სამის წლისა, მაშ
როდესაც ფარნავაზმა დაუწყო ბრძოლა აზონსა 268 წელს, იქნებოდა 67 წლისა და
არა ყმაწვილი კაცი; მაშასადამე, ამის მამის სიკვდილი უნდა იყვეს უფრო
გვიან; და მეორე ესა, რომა თეიმურაზ ბატონიშვილი, ანტონ ქათალიკოზისა და
სხვა ისტორიკოსების სიტყვით (რომლების სახელებსაც არ იხსენიებს), ამბობს,
რომ ფარნაოზის მამა იყო სამარის ძმა, მცხეთის მამასახლისისა, დარია
კოდომანისა ერთი შინაურთაგანი კაცი; თავისი სიყმაწვილის დროს აღზრდილმა
სპარსეთში, მხედრობით, სიმარდითა და ვაჟკაცური შეხედულობით იმან მიაღწია
უმაღლესს ადგილსა სპასპეტებთა შორის სპარსეთის ხელმწიფისა, რომელმაც მისცა
ამასა თავისი ქალი ცოლად. დარია კოდომანის დაცემის შემდგომ, ისა ზოგიერთის
სპარსეთის ჯარის ნაწილით მოვიდა მცხეთაში, მაგრამ ისა და იმისი ძმა სამარი
დახოცა ალექსანდრე მაკედონელმა, საქართველოს აღების დროსა და სხ...40
მაშასადამე, ფარნავაზის დედა იყო ახამენიდების გვარისა, და მამამისი,
მოკლული მაკედონელებთაგან, იყო სიძე დარია კოდომანისა. გალლისის
საბერძნეთის ისტორიიდგან ჩვენ ვიცით, ერთი დარიას სიძე, მოკლული თვითონ
ალექსანდრეს ხელითა ომში გრანიკის მახლობლად, სადაც არის მოკლული კიდევ
ვიღაც ომარი (იქნება იყოს სამარი), რომელიც იყო სარდალი ნაქირავებ დარიას
ჯარისა. ამ სიძეს ერქვა მიტრიდატი41. მაგრამ, როგორც ჩვენა ვნახეთ ზემოთა,
მიტრიდატი, სატრაპი იბერიისა, სცხოვრებდა ალექსანდრეს დროსა და შემდგომაც,
როდესაც მოხდა შფოთი მაკედონელების სპასალარებთა შორის, და მოკვდა
ანტიგონისაგან42. ამ ჩვენების მოსაზრვიდგან წარმოგვიდგება ჩვენა აზრი, რომ
ეს ორივ მიტრიდატები იყვნენ ერთი და იგივე პირი; ხოლოთ დროება, ადგილი და
გარემოება სიკვდილისა არის ნაჩვენები სხვადასხვანაირად. ეს აზრი არის
დამყარებული იმ საფუძველზედაცა, რომ ერთის მიტრიდატის, იბერიის სატრაპისა,
შთამამავალთაგანსა, დიდ მიტრიდატს, პონტიის ხელმწიფეს, ერქვა აგრეთვე
ახამენიდი43.
ხალხის გადმონაცემშია, რომელიცა ჩვენ წარმოვადგინეთ ამ თავში, ისევ ძველი
სპარსობის კილო უფლებს, როგორცა ჰსჩანს. ის ადგილი ქართულ მატიანეში, სადაც
არის მოხსენებული მაკედონელის გაბმა სარწმუნოების საქმეშია და იმისი
მოწადინება და ზრუნვა სარწმუნოების გამოცვლისათვის, აშკარად გვაგონებს
სპარსების გადმონაცემსა იმაზედ, რომ ალექსანდრემ დაჰსწო ზენდავესტის სამღთო
წიგნები და დაამდაბლაო სარწმუნოება44. არა გვგონია კი, რომ ამ გადმონაცემში
სიმართლე ერიოს.
წადილი და ზრუნვა ალექსანდრესი და იმის მემკვიდრებისა: სელევკისა და
ანტიოქისა სრულიად სხვანაირი იყო. ყველაზედ მომატებული ფიქრი იმათი ის იყო,
რომ გზები გახსნან შორეულ და უცნობ ქვეყნებისაკენ და დაადგინონ
მისვლა-მოსვლა სხვადასხვაგვარ ხალხთა შორის. ამით ფიქრის და ზრუნვის წრიდამ
არ იყვნენ გამორიცხულნი კავკასიის მხარენი. პატროკლის და ერათოსფენის
წერილებიდგან ვიცით, რომ ძველთაგანძველს დროებაში უპირატესი გზა დასავლეთის
ხალხის კომმერციისა ინდოეთთანა გადიოდა საქართველოზედ45. უფრო გვიან დიდის
პომპეის ბძანებით ვარრონისაგან მტკიცედ გამოკვლეულ ცნობაებიდგან ვიცით, რომ
სავაჭრო საქონელი ინდოეთიდგან ინდის მდინარითა ერთ კვირას მოდიოდა
ბაქტრიაში, აქედან იკარის მდინარით, მერე მტკვრით, სურამამდე, აქედამ
შორაპნამდე ხმელეთით და ბოლოს რიონის მდინარით შავ ზღვამდე46. მაგრამ ბოლოს
ამ სავაჭრო გზაზე სიარულს დაუშალეს რამდენადაც ერთის მხრით ბარბაროსების
შემოსევამ, იმოდენადაც მეორეს მხრით, განათლების მოძრაობამა და ეგვი
პტელებისა და ფინიკიანებისა ზღვით მოგზაურობის განვრცელებამა, ბოლოს
მაკედონელების დაპყრობამა. იმათ ი პოვნეს სხვა გზა ინდოეთში მიმავალი
არაბეთის ყურეზე და სპარსეთზე. ალექსანდრიის ქალაქის აშენებით კი, სრულიად
დაამცირეს ამ გზის მნიშვნელობა.
ეს თუმცა ესრე იყო, მაგრამა კასპიის ზღვაზე დიდხანს ეჭირათ თვალი
ალექსანდრესა და იმის თანამოღვაწეებსა. იმას ეგონა, რომ კასპიის ზღვა იყო
ნაწილი ჩრდილოეთის ოკიანისა და ამის კიდურებს შეეძლოთ აღმოეჩინათ ახალი
სახელმწიფოები და ახალი სავაჭრო მიქცევ-მოქცევა გამოუჩენელ ხალხებთანა.
ამისთვის იმან, რამდენიმე ხნის სიკვდილის წინად გამართა იმ ზღვაში ფლოტი და
გაგზავნა შესატყობრად: ხომ არა აქვს გასავალი ამ ზღვას ოკიანეში შავის
ზღვითა, ან სხვა ზღვებითა ინდოეთში47.
თავდაპირველად მოიყვანეს ცნობაში სამხრეთის მხრივ მდებარე ზღვის ნაპირები,
მას შემდგომი პოვნეს აღმოსავლეთის ნაპირები იაქსარტის მდინარემდინ, შემდეგ
დასავლეთისა-ალბანიამდინ და ალბათ, დარუბანდამდისინაცა, რომელიცა ქადულობს
გადმონაცემითა, რომ ალექსანდრე იმის ამშენებელი იყო48. არის კიდეცა
ნაჩვენები, რომ ალექსანდრეს ჯარი მისულა გიპპანისის წყლამდინ49.
რასაკვირველია, ბოლოს დროსა ამაზედ შედგენილი აზრი, გიპპანისის წყლის
სახელს უწოდებს არა ყუბანსა, არამედ რომელღაც სხვა წყალსა, რომელიც ზღვის
შესართავის ახლო ჩადის ინდის მდინარეში, მაგრამ ეს არის შეცთომა,
განვრცელებული იმ მწერლებთაგანა, რომელთაც არ იცოდნენ, რომა გიპპანისი
ერქვა მხოლოდ ყუბანის წყალსა და იმის ზღვის შესართავში ცხოვრობდნენ
უწინდელს დროში აგრეთვე სინდები, როგორათაც ინდის წყლის შესართავშიაცა50.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ სელევკ ნიკატორსა ჰქონდა კასპიის ზღვაში
თავისი ფლოტი, ბრძანებისა ქვეშე პიტროკლისა, რომელსაცა ჰქონდა მინდობილი,
რომა კიდევ ეშინჯა ამ ზღვის ნაპირები. ახალ ნაპოვნს ნაწილსა ზღვისასა
დაარქვეს სელევკის ზღვა და მაშინათვე შეადგინეს დაწყობილება შავის ზღვისა
და კასპიის ზღვის არხით შეერთებისათვის. მაგრამ სელევკი ამ დიდ საქმის
აღსრულების თადარიგში რომ იყო, მოკლეს51. ანტიოქე I, რომელიც თანაჰგრძნობდა
თავის მამის წინადდაწყობილობასა, არ მოშალა კასპიის ზღვაზედ მართველობა52,
და ქართული მატიანე რომ იხსენიებს ფარნავაზს იაზონზედ ანტიოქი შეეწიაო,
ცხადად ამტკიცებს, რომ ბედი ქვეყნისა, რომელზედაც იყო ბრძოლა, ძალიან
სანუკვარი იყო ანტიოქესათვის და უნდოდა იმ ქვეყნის მფლობელი კაცი იყოს
იმისაგან დავალებული. |
37. მოსე ხორენელი, წიგ. II. თავი X. 38. St. Martin Recherchers sur I1 hist. de I1 Azie, chap. XIX. 39. ფარნაბაზი, სატრაპი მცირე აზიისა, რომელიც ცხოვრებდა V საუკუნის ბოლოს და ხელს უმართავდა სპარტას პელოპონეზის ომების დროს. 40. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა, გვ. 3.
41. Истории Греции Галиса, часть 8, гл. 37.
42. Моис. Хор. кн. II гл. X. Da St. Martin Recherchers sur I1 hist. de
I1 Azie, chap. XIX
43. ჩვენი სტატიები იყო დაბეჭდილი გაზეთში: Кавказъ 1861г. №№53 და 70
სახელწოდებით «Вопросы о происхождении Митридата Великаго» და «Дополнение
к этому вопросу»
44. Всемирн. Ист Г. Вебера. кн. I, стр. 412
45. Strab. lib. XI, p. 351
46. Plin. L. VI, cap. 19
47. Montescuieu, I’Esprit des Lois L. XXI. ch. 9.
48. დარუბანდის ძველს კედელსა აქამდინაც ალექსანდრეს კედელს ეძახიან.
49. Montescuieu, I’Esprit des Lois L. XXI. ch. 9.
50. Strab. lib. XI, p. 349. – იქ, სადაც ინდი ზღვაში ჩადის, იმის ახლოს
ინდს ერთვის მდინარე თანახმოვანი გიპპანისისა, გაფასისი.
51. Plin. L. VI. cap. 2L’Esprit des
52. Lois. liv. XXI, ch. 9
|
![]() |
5 V. დაარსება სამეფოსი. |
▲back to top |
V. დაარსება სამეფოსი.
III საუკ. ქრის. შ. წინ. საქართველოში იწყება საუკუნოებით მომზადებული
ხალხის ცნობიერი ცხოვრება, რომელსაც ნაციონალობას ეძახიან. საქართველოს
სახელმწიფოს დაარსების ჩვეულებრივი საფუძველი მომზადებული იყო: პირველი,
ერთტომობა უფროსთა საზოგადოობათა, თუმცა კი გაფანტულთა კარგა დიდ სივრცეზედ
და დიდხანს ყოფილთა ცალ-ცალკედ ადგილობრივ მიზეზებისა გამო; მეორე,
სპარსეთის მფლობელობის ზედმოქმედება, რომელმანც დააახლოვა ერთი ერთმანეთთან
ისინი და ერთის სახელმწიფოს სახელითა და სულითა ორ სატრაპის მართებლობასა
ქვეშე აწარმოვა იმათი ცხოვრება; და მესამე, განვითარება თვითონ ტომისა,
როგორც სპარსეთის ფლობელობის წინად, აგრეთვე ამავე პერიოდის განმავლობაში.
თანდათან საზოგადოობანი შეეჩვივნენ მიწის შემუშავებასა და ვაჭრობასა, ერთის
მხრით, მდიდარ ბუნების მიხედვით, რომელიც უხვად აჯილდოვებდა მუშის შრომას;
მეორეს მხრით – იმითი, რომა ჰქონდათ მისვლამოსვლა ეგვიპტელებთან,
ბერძნებთან და ფინიკიანებთანა. რელიგიური სისტემა ეგვიპტელებისა და შემდგომ
სპარსებისა, იმათ გულში დანერგული, აჩვევდნენ იმათ კანონის მორჩილებასა და
დასასრულ ყოველ წლის ხარჯმა, რომელსაც ართმევდნენ სპარსეთის ხელმწიფეები,
დააჯერა, რომ ყოველწლივ ხარჯის ძლევა მიუცილებელი საჭიროება არის
სახელმწიფოსათვის.
პირველი გამოთქმა ქართველების ნაციონალობისა იყო, რასაკვირველია, შეერთება
ყველა ერთშთამამავლობის საზოგადოებათა ერთი ერთმანერთის სასარგებლოდ და
დასაცველად საზოგადო მტრისაგან ერთის პირის უმაღლეს მმართებლობასა ქვეშე.
რამოდენადაც შეიძლება გამოკვლევა მატიანეთაგან, ჰსჩანს, რომ ფარნავაზის
სახელმწიფოსა ჰქონდა სამზღვრებად: დიდი ზურგი კავკასისა, ენგურის წყალი,
შავი ზღვისპირი ეხლანდელ ბათუმამდე, იქიდგან მთები, საიდგანაც
გამომდინარეობს ჭოროხის წყალი თავის ტოტებითა პალაქაციოს ტბამდე; შემდგომ
მთები, რომელნიც მდებარებენ დებედის წყლის მარჯვენა მხარეს მტკვრამდე და
ბოლოს ალაზანი იმ წყლებით, რომელიც აღმოსავლეთის მხრით იმას ერთვიან.
ფარნავაზმა გაჰყო თავისი სამეფო თავის თანამოღვაწეთა შორის რვად თუ ცხრა
ნაწილად, რომელთაც ჰქვიანთ საერისთავო. ქართული მატიანე აჩვენებს ყოველ
საერისთავო სამზღვრებსა, მაგრამ ძნელი მისაღებია სიმართლე მაგ ნაჩვენებისა,
ამის გამო, რომ ავჰსცდეთ შეცდომებსა ჩვენ ამ წერილებში, ვერ ვბედავთ იმ
სამზღვრების აღწერასა. მაგრამ კი მზათა ვართ, დაუთმოთ ალაგი სხოლიოში
მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილის ნაჩვენებსა53.
ერისთავები იყვნენ უმთავრესნი მონაწილენი მმართებლობაში და აღმსრულებელნი
ხელმწიფის ბრძანებისა; ყველა მათგანი წარმოადგენდა თვითონ ხელმწიფესა თავის
საერისთავოში და ჰქონდათ უფლება თავისი თანამდებობა დაეტოვებინათ თავისს
შთამომავლობისათვის. ეს უფლება იყო ჩვეულებრივი შედეგი, ანუ გაგრძელება
ქართველების ტომის ფეოდალიურ ცხოვრებისა, რომელიც დაიწყო ქართლოსის
სიკვდილშემდგომ, იმის მემკვიდრეთა შორის მამულების გაყოფიდგან და
დამკვიდრდა მათ შორის დედამიწის სიკეთის მეოხებითა რავდენიმე საუკუნოებისა
განმავლობაში. ფარნავაზმა დაამტკიცა თუ არა ეგ უფლება, მაშინვე
საქართველოში აღმოჩნდა: პირველი, მამულის მფლობელობის უფლება, როგორც
კერძოობით და საგვარეულო საკუთრებისა და მეორედ: აზრი ხალხის დაყოფისა ოთხ
ხარისხად, რომელნიც არსებობდნენ საქართველოს სამეფოს თვითმდგომარეობის მთელ
დროების განმავლობაში. კერძო პირების მამულის უფლება, ეგ იშვიათი მაგალითი
ძველ ხალხებ შორის – დააფუძნა ფარნავაზმა, ალბათ, იმ შემეცნებისაგან, რომ
ეგ უფლება პატრიოტობის გრძნობასთან ერთად შეადგენს ნივთიერ სარგებლობას და
მით გააძლიერებს ქვეშევრდომთა შორის თავის სამშობლო მამულის დაცვის
მხნეობასა. რადგანაც ძველ ხალხებს დედა-მიწა მიაჩნდათ საყოველთავო
კუთვნილებად, საკუთრების შეძინება კი, მხოლოდ ვაჭრობით შეეძლოთ, ამისათვის
იმათ ერჩივნათ საცხოვრებლად უფრო ის ქვეყანა, სადაც უფრო კარგად
შეენახებოდათ და ერთი ორად ექცევოდათ მოძრავი კაპიტალი. ისინი ძრიელ
ადვილად ანებებდნენ თავსა მამა-პაპის სასაფლაოსა, სამშობლო კიდეებსა,
მთებსა და გარდასახლდებოდნენ შორს ქვეყნებში, აშენებდნენ კოლონიებსა ან
ამოირჩევდნენ ისეთსგვარს ცხოვრებასა, როგორათაც ძენი ისრაილისანი და
სომეხნი, რომელთაცა სამშობლო ქვეყანა წარმოადგენდა ადვილად საშოვარსა
დამპყრობელთათვის. ოცის საუკუნის სასტიკი ბრძოლა საქართველოს ხალხისა
ყოვლად-ძლიერ დამპყრობელთათანა დაუმოკიდებლობის დასაცველად იყო შეურყეველი
იმ დრომდე, ვიდრე უკანასკნელ მეფეთა შორის ერთმა არ შეარყია ძველებური
მამულისუფლება უმაღლეს ხარისხისა.
ეს ხარისხები იყვნენ: 1.) სამთავრო, ან სათავადო, რომელიც შეეფარდება
ფეოდალურს ანუ «уделънное княжество» 2.) აზნაურნი, თანასწორი სარაინდო
ხარისხისა; 3.) მოქალაქენი და 4.) გლეხნი.
მთავარნი ან თავადნი უფრო მეტად შთამომავლობდნენ იმ საქართველოს ნაწილების
მთავრებისაგან, რომელნიც დაარსდნენ ქართლოსის მემკვიდრეებთა შორის
მამულების განყოფისაგან ან იყვნენ შთამომავალნი უცხო ქვეყნის
ხელმწიფეებისა; ხოლო აზნაურებად, მატიანე იხსენიებს მაკედონელის მოადგილე
აზონის თანამოღვაწეთა. ყველა ერისთავები იყვნენ მთავრების ხარისხიდამ
ამორჩეულნი. მთავარნი ანუ თავადნი ჰფლობდნენ არამც თუ მამულის საკუთრებასა
და ყმებსა, აგრეთვე, როგორც მეფეებს, ყვანდათ თავისი ქვეშევრდომელნი
აზნაურები (რომელნიც რუსის მთავრობისაგან შეირაცხნენ „დვორიანებად“),
მამულითა და ყმითა; იმას არ შეეძლო ყოფილიყო აზნაურშვილათ, ვისაც არა
ჰქონდა დასახლებული სოფელი და თავის თავადის პირველივე დაძახვითა არ
გამოცხადდებოდა საომრად გამზადებულ რიცხვით კმასაყოფელ მსახურებითა (უბრალო
ჯარისკაცებითა), ჯოგის ცხენებითა, თავის გაწყობილობით და სხვა კუთვნილებით
სალაშქრო ცხოვრებისათვის54 სტრაბონი იბერიის აღწერილებაში გვიმტკიცებს, რომ
ამ ქვეყანაში ყოფილა ოთხი საერო ხარისხი55.
ფარნავაზს მიეწერება აგრეთვე დადგინება სამხედრო თანამდებობაებისა და
მოწოდება სპარსეთიდგან მაგებისა (იქნება მოგვებს რომ ეძახიან, მაგები
იყვნენ?) ზოროასტრის სარწმუნოებისა წესიერებაში მოსაყვანად.
ჩვენ ვგონებთ არ იყოს საჭირო გამოვწეროთ აქა შიგმდებარება ზენდ-ავესტისა,
როგორც იმისათვის რომა ამაზე ჩვენს დროებაში ძრიელ მრავალი რამ არის
დაწერილი, რომლითაც ზენდ-ავესტასთან საკმაოდ გაცნობილია განათლებული
საზოგადოება, ისე იმისათვისა რომა სხვადასხვა ხალხსა ზენდ-ავესტის მცნება
ჰქონდათ მიცემული სხვადასხვანაირად ადგილობრივი ცხოვრების შეფერებისა გამო.
საზოგადოდ კი, ის იცავდა საკუთრებასა, უფლებასა, ჰსძულდა ბიწიერება და
ტანის უსუფთაობა, ნამეტნავად სდევდა ქურდობასა და მოტყუებასა; ახალისებდა
მიწისმოქმედებასა და კეთილზნეობასა და ბძანებდა ყმაწვილკაცობის
მწიგნობრობაში აღზდასა. მაგრამ სასარგებლო მცნებათა შორის იმაში იყო ბევრი
უმზგავსი წესები და ცრუ-წამებანი, რომლის კვალიცა დარჩა აქამომდე ზოგიერთს
ადგილას საქართველოში, როგორათაც, მაგალითებრ სვანეთში: დაჭერა მამლისა
მამაკვდავის წინა. „მამალი გვატყობინებსო დღის მოახლოებასა და სიბნელის
ლტოლვასა, არის ნათქვამი ვენდიდადაში, ის კივის ყოველ ღვთიურ განთიადისას
და იძახის: აღზდეგიდ, კაცნო, აქებდეთ მშვენიერს სიწმინდესა და განდევნეთ
დევნი“56. მისგან ნებადართული იყო მახლობელ ნათესავთა შორის ქორწინება,
მკვდრის დამარხვა კი აკრძალული იყო.
გვგონია, ქართული ხალხობა ყველაზედ უფრო მადლობელი უნდა იყოს ამ მეფისა,
რომ მწიგნობრობა შემოიტანა და შემოიღო საკუთარი ნაციონალური ქართული
ანბანი, რომელსაც „მხედრული“ ჰქვიან. სახელმწიფოს დაწყობილობის ფორმები და
სარწმუნოება მართავს ხოლმე ხალხის შინაგან ცხოვრების განვითარებასა, მაგრამ
ეს ყოველი მალე ირღვევა და გაუმგზავსდება ხოლმე იქ, სადაც მწერლობა არ
არის. მწერლობა ხელს უმართავს, განავითარებს, უკეთესობაში შეიყვანს ხოლმე
ყოველფერსა, რაც კი საფუძვლად დევს ხალხის ყოფა-ცხოვრებაში. ეს ქართული
„მხედრული“ ანბანი, როგორც ჩანს, არის შედგენილი ზენდურიდგან57 და ისეთ
ოსტატობით არის შედგენილი, რომ შეიძლება დამტკიცებით ვსთქვათ, რომ ჩვენ
დროშიაცა არც ერთს ხალხსა არა აქვს ანბანი ენასთან ისე კარგად შეფერებული
და მოგვარებული, როგორც ქართველებსა.
პეტრე უსლარმა რომ განარჩია და შეუფერადა სხვა ანბანებსა, ჰსთქვა, რომა:
„რომ შევხედოთ ქართულს ანბანსა თვითონ ქართულის ენის მიხედვით, მაშინ არ
შეიძლება არ ვაღიაროთ, რომა ის აკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებასა: არა
მგონია, იმ ანბანებს შორის, რაც ეხლა არის, ქართულ ანბანზედ სრული იყოს
სადმე. ყოველი ხმა გამოიხატება საკუთარის ნიშნითა, ყოველი ნიშანი
წარმოადგენს ყოველთვის ერთსა და იმავე ხმასა. ყოველ ევროპიის ენებში
ორფოგრაფიის გამო არის წამოსაბორძიკებელი რამ, ქართველებისათვის თავიანთ
ანბანის სისრულისა გამო ეს სიძნელე თითქმის არ არსებობს.“ ქართველების
პირველ დროების ლიტერატურულ მოღვაწეობის თხზულებათაგანმა არც ერთმა, ჩვენდა
სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოაწივა. სხვათა შორის კი, ჩვენა გვაქვს საფუძველი
ვიფიქროთ, რომ თხზულებაები, შესაძლო იყო, რომ ბევრნი ყოფილიყვნენ, მხოლოდ
ისინი გაწყვიტეს ქრისტეს სარწმუნოების მიღების შემდგომ, როგორათაც
წარმართობის მწერლობის ნაშთი. ამგვარი დევნა იმ თხზულებაებისა ჰსჩანს ჯერედ
იქიდამ, რომ საქრისტიანო სამღვდელომა IV საუკუნეში შეადგინა ახალი ანბანი
„ხუცური“58, ალბათ, იმისათვის, რომ ხალხს აღარ წაეკითხნა მხედრული ძველი
წიგნები.
ამას და გარდა ფარნავაზ მეფეს მიეწერება დადგინება საქართველოში
ტახტმემკვიდრეობისა, გამაგრება და დაშვენება დანგრეულ ქალაქებისა; აშენება
შორაპნისა, ამ ძველ დროში გათქმულ სავაჭრო საქონლის საწყობისა, იმ
საქონლისა, რომელიც მოჰქონდათ ინდოეთითგან ევროპაში59. და სხვა მრავალი
საკეთილო მოქმედება და ღვაწლი.
რაკი ამითი ვათავებთ ერთს ნაწილს ჩვენის წერილებისას, რომელსაც უწოდეთ
პირველი გადმონაცემი საქართველოს ხალხისა, ჩვენ მას წინად ვიდრე მივყვებით
შემდგომს ისტორიულს მოთხრობასა, წარმოვადგენთ გეოგრაფიულ აღწერას
საქართველოსასა იმ ეპოქაში, როცა დაიწყო იქ მონარხიული მმართებლობა60. |
53. ისტორია
თეიმურაზ ბატონიშვილისა გვ. 115. პირველ ერისთავად (ფარნავაზმა) დააყენა
ქუჯი, რომელსაც შერთო თავისი და, და ჩააბარა ადგილი რიონის წყლიდამ
დაწყობილი ეგრისის წყლამდინ: მთელი კოლხიდა, სვანეთი და დასავლეთის მხარე
ზღვამდე. მეორე ერისთავი დააყენა შორაპანში და მისცა ქვეყანა მცირე-მიხიის
მთიდგან ზღვამდე და ღადოს მთიდგან რიონამდე. კახეთში, ჰერეთში და კუთხეში,
რომელნიც შეარდგენდნენ კახეთის ნაწილებსა, დანიშნა მესამე ერისთავი. მეოთხე
დააყენა ხუნანში, და დაუნიშნა მამული ბერდუჯსა და მტკვარს შუა, გარდობანი
ტფილისამდე. მეხუთე დანიშნა სამშვილდეში და მისცა მამული სკვირეთის
წყლიდგან, გაჩიანის ზემოთ ფანავრამდე აბოცითურთ. მეექვსე წუნისის ერისთავსა
მისცა მამული მტკვრის სათავის აღმოსავლეთის მხარეს ფანავრამდე. მეშვიდე
ოძრახისა დააყენა ტაშისკარს ზემოთ პონტის ზღვამდე და ჭოროხის წყლამდე.
მერვე გაამწესა კლარჯეთში და მისცა მამული, რომელიცა იმან (ფარნავაზმა)
დაიპყრო პონტიის ზღვამდე; და მეცხრე ერისთავი დანიშნა შიდა ქართლში. –
ესენი იყვნენ მმართებელნიცა და სპასპეტნიცა; ისინივე ართმევდნენ ხალხს
ხარჯსა და წარუდგენდნენ ხელმწიფესა.
54. ღეოღრაფიული აღწერა ვახუშტისა გვ. 12.
55. Strab. I. 6 XI.
56. Всемирн. Истор. Г. Вебера, кн. I, стр. 457
57. ზოგიერთი ქართული ასოები ჰგვანან აქნობამდის კიდევ ზენდის ასოებს. ნახე
ნი პპერისაგან გამოცემული ანბანი. მაგრამ ასოების რიგი თავის მნიშვნელობით
თითქმის ევროპიულის ანბანისა არის.
58. ხუცური ანბანი შეუდგენია სომეხს მესროფს, რომელზედაც მერე ვიტყვით.
59. Strab. L. XI, 343. Plin. L. II, cap. 6.
60. ეს თხზულება რედაქციამ მიიღო ავტორისაგან რუსულ ენაზედ. მისგან
გამოგზავნილი რვეული შეიცავს ძველს საქართველოს ისტორიას და იმედი გვაქვს,
რომ მერეთ ის გამოგზავნის დანარჩენსაც, ასე რომ, რედაქცია იმედოვნებს
წარმოუდგინოს თავის მკითხველებს მთელი ისტორია საქართველოსი. რედაქცია
თავის თავზე იღებს, თუ რამე გაუგებარი და უკანონობა არის ამ სტატიის
აღნაქვსში, რადგანაც თარგმანი მას ეკუთვნის. მაშასადამე, ავტორს ამ მხრით
არა დაებრალება რა. ხოლო რაც შეეხება ნათარგმნის სისწორეს ორიგინალთან,
რედაქცია იმედოვნებს, რომ ავტორის აზრები გადმოღებულია ნამდვილად. ამ
შენიშვნასთან რედაქცია სარგებლობს შემთხვევით გამოუცხადოს ავტორს გულითადი
მადლობა ამ შრომის გამოგზავნისათვის. ჩვენი სამშობლო ისტორია ისე
დაუმუშავებული არის და ისრე ცოტა არის ნაწერი მაზედ, რომ ყოველი შრომა,
სადაც კი იქმნება ახსნილი რომელიმე კითხვა წარსული ხალხის ცხოვრებიდამ,
რედაქცია მიიღებს დიდის მადლობით. მის უმეტესად სასიამოვნო იყო
რედაქციისათვის მიღება ამა თხზულებისა, რომ ამაში სჩანს დიდი შრომა
ავტორისა და სურვილი ჭეშმარიტების ახსნისა. მაგრამ, ამასთანვე, ჩვენ ვრაცხთ
ჩვენს თავს ვალდებულად, გამოვაცხადოთ ჩვენი აზრი ამ თხზულებაზედ. ყოველს
პატივისცემასთან ამ შრომისადმი ჩვენ ვბედავთ ვსთქვათ, რომ არა ვართ თანახმა
ავტორის ზოგიერთ კრიტიკულ შეხედვაზედ და კითხვაებისა გამოყვანაზედ. ჩვენ
იმედი გვაქვს თავის დროზედ წარმოვადგინოთ ჩვენი აზრი ამ კითხვაებზედ. ამ
ჩვენს ფიქრს ჩვენ აღვასრულებთ მით უფრო დიდის სიამოვნებით და გაბედვით, რომ
ავტორს, როგორც ჩვენ შევიტყეთ, ძლიერ სურს გაიგოს სხვისი აზრები თავის
თხზულებაზედა. ამ სურვილშიაც სჩანს ავტორის კეთილშობილი სიყვარული თავის
საგნისა და სურვილიც ჭეშმარიტების ახსნისა, რადგანაც რომელიმე კითხვა
მხოლოდ მაშინ აიხსნება კარგად, როდესაც გაიშინჯება ის სხვადასხვა მხრიდამ.
მართლა ამბობენ ფრანცუზები: „აზრები ერთმანეთს რომ შეხვდებიან, მაშინ
ჭეშმარიტება გამოჩნდებაო“.
|
![]() |
6 გეოგრაფიული აღწერა საქართველოსი (მონარხიულ მართებლობის პირველ დროებში. |
▲back to top |
გეოგრაფიული აღწერა საქართველოსი (მონარხიულ მართებლობის პირველ დროებში.
ხალხის გადმონაცემის V თავში, ჩვენ კიდეცა ვსთქვით, რომა სახელმწიფოს
ფარნაოზისას ჰქონდა სამძღრებად: დიდი ზურგი კავკასისა, ენგურის მდინარე,
შავი ზღვისპირი ეხლანდელ ბათუმამდე, აქედგან მთები, საიდგანაც გამოდის
ჭოროხის წყლის ბოლოს შემომდინარენი, პალაკაციოს ტბამდე; შემდგომ გრეხილი
მთები, რომელნიც მოსდევენ დებედის მდინარის მარჯვენა ნაპირსა მტკვრამდე,
შემდგომ მტკვარი ალაზნის შესართავამდინ და ბოლოს ალაზანი, წყლებით, რომელიც
აღმოსავლეთით იმას ერთვიან. განზიდული განაპირული ყურენი ამ სამძღვრებისა
მდებარეობენ შორის 400-47 და 430-15 ჩრდილოეთის სიგანისა (широты) და
590-15 და 640-58, სიგრძისა (долготы). ამ სიბრტყეს 600 მერიდიანზედა აქვს
ყველაზედ დიდი სიგანე, განიზიდება კუთხესავით აღმოსავლეთისაკენ სალავათის
მთის წვერის დასწვრივამდე, რომელიც მდებარებს 410-24 სიგანისა და 640-58,
სიგძისა შორის.
ხალხის გადმონაცემის პირველს თავში, როდესაც ვსწერდით პირველად დაბინავებას
საქართველოს ტომისას კავკასიაში და დავეთანხმენით ვივიენ დე-სენ-მანტენის
აზრსა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ტერრიტორიას ეჭირა მთელი სივრცე
კავკასიის მთიდგან არეზის წყლამდე. მაგრამ იმ ეპოქიდგან, საქართველოს
სახელმწიფოს დაარსებამდინ, განვლო მრავალმა საუკუნემ, რომლის განმავლობაში
შეიძლებოდა მომხდარიყო მრავალი ცვლილება, მაგრამ რადგანაც მატიანედგან არა
სჩანს, რომა ფარნავაზის სახელმწიფოს სამძღვრებს გარეთ იდგა კიდევა, თუ არა
არეზის წყლამდე გადამეტებით ქართველი ტომი, ამაზედ არ შეიძლება დამტკიცებით
ვსთქვათ რამე, ვიდრე არ გაირკვევა ეს გამოსაცნობი ფიზიოლოგიურად ან სხვა
რომელიმე გზითა; რაც კი შეეხება სამძღვრებსა, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ
აღწერაში, ვიტყვით, რომ მათ შორის აქამომდე ყველგან ქართველები ჰსცხოვრებენ.
მაგრამ რომ დავაკვირდეთ სახელწოდებას ამ სახელმწიფოს მომიჯნავე ხალხებისას,
რომელნიც მოხსენებული არიან ძველ გეოგრაფთაგან, აგრეთვე ზოგიერთს იმათს
ჩვენებას ამ ხალხზე, უნებლიედ გამოგვეხატვის ეჭვი და კითხვა; მაგალითებრ:
ვინ იყვნენ პონტოელნი, ალბანელნი, ან ალვანელნი, კასპელნი, კარდუხიანები,
ან კარდუსიანები, საპირნი დ სხვანი, – ხომ არ იყვნენ ისინი შტონი ქართველის
ტომისა?
აი, რაზედ არის დამყარებული ჩვენი ეჭვი: პირველი, არ შეიძლება სრულიად
დავეთანხმოთ იმათ, ვინც გვარწმუნებს, რომა პონტოელნი იყვნენ ბერძნების
შთამომავალნი. მხოლოდ ერთს საბერძნეთის ქალაქს ან კოლონიას პონტოში –
ტრაპიზონსა, არ შეეძლო აემსო მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირი შავი
ზღვისა მარტო ბერძნებითა. ჩვენ ვიცით ძველ კლასსიკებისაგანვე, რომა მთელი
სივრცე პონტოისა ეჭირათ როდესსღაც მაომარს, მრავალ-რიცხვს ხალხსა,
ხალიბებსა და ეხლაც არის ნიშანი, რომ ქართველები მდგარან, – და იმათის
აღმოსავლეთის ნაწილის ზოგიერთ სოფლებშიაც დარჩენილა ქართული ენა1.
მეორე: ალაზნის წყალი, ამბობს პლინი, გამომდინარე კავკასიის მთიდგან, ჰყოფს
ალბანელებსა და ივერიელებსა2. ალბანელნი რომის გეოგრაფებისა, სომხების
გამოთქმით – იყვნენ აღვანელნი და ქართველების გამოთქმითა, – ალვანელნი.
ვაკე ადგილი, რომელსაც ეხლაცა ჰქვიან ალვანის მინდორი, არის მართლა ალაზნის
სათავეში, და ეხლაც კიდევ ორას ვერსტს მეტზე ამ მინდვრიდგან კავკასის მთის
ძირობაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, დგას ქართველი ხალხი; და უწინდელს
დროში შირვანის სახელმწიფოს დაარსებამდინ, შეიძლება რომ კასპის
ზღვამდისინაცა მდგარიყვნენ. მაშასადამე, შეიძლებაღა ეჭვი გვქონდეს იმაზე,
რომ ალბანელები, რომელთაც სამზღვრად ეს ზღვა ჰქონიათ აღმოსავლეთით და
დასავლეთით კი ალაზნის სათავე, იყვნენ კახეთის ქართველები?
მესამე: კასპელნი, რომელთაც თავის სახელი ზღვასაც დაარქვეს და რომელნიც
ნაჩვენები არიან უფრო რომის და საბერძნეთის მწერალთაგან ზღვისპირის
მცხოვრებელად ალბანიიდგან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, იქნება იყვნენ
ქართველის ტომისანი. მგონია საკმაო იყოს ამ ეჭვისათვის თვით ისიცა, რომა
ძველის ძველად, საქართველოს შუა-გულში – ქართლში იყო ქალაქი (ეხლა კი
სოფელი) კასპი; სახელი, რომელიც გამოითქმის დღესაც ქართველისაგან ისე
წმინდად და შეუცვლელად, როგორც თვით ხალხის სახელი: Caspii და მეოთხედ:
კარდუსიანები ხომ არ იყვნენ მართლა და ქართლოსიანები და საპირნი – იბერნი,
როგორც გვარწმუნებს თეიმურაზ ბატონიშვილი3 და ტარდე4. თუ ყური დავუგდეთ
სომხების ისტორიკოსებსა, ჩვენ უნდა მივიღოთ, რომა ყველა ეს ხალხი იყო ერთის
ტომისა სომხებთანა; გარნა კი რომ მოვიგონოთ ისა, რომა, არამც თუ მარტო
ისინი, იმათ ფიქრით, არამედ საზოგადო ყოველი ნოახიდები იყვნენ სომხების
შთამომავლობისანიო, მაშინ არ შეიძლება არ ვაღიაროთ იმათი მეტისმეტი ნდომა,
მაგრამ, ვრცლად რომ გავსინჯოთ ეს ერთტომობა, შესაძლოა, რომ ამ ხალხს და
სომხებს შორის ყოფილიყოს ისეთივე შორეული შთამომავლობის დაკავშირება,
როგორიც იყო ქართველებისა და სომხებ შორის ვივიენ დე-სენ-მარტენის აზრით.
უფრო კი, მოკლედ რომ გავშინჯოთ, ეს ხალხები, ჩვენის ფიქრით, რომელსაც ვერ
ვბედავთ ჭეშმარიტებად გამოვაცხადოთ, იყვნენ შთამამავლობით ქართველებზე უფრო
ახლო, ვიდრე სომხებზე. თუ მეცნიერებისათვის ამის შეტყობა საჭირო იქნება და
მასთანავე თუ გამოძიებაებითა გამართლდება ჩვენი ფიქრი, მაშინ სრულიად
დამტკიცდება აზრი ვივიენ დე-სენ-მარტენისაცა, რომა ყველა კავკასიის ხალხი –
ჩრდილოეთით არაზის წყლიდგან პონტო-ვექსინის და კასპიის ზღვას შორის –
იყვნენო შთამამავლობით შტონი ქართველის ტომისანი. ქვეყანას, რომელიც
შეარდგენდა ფარნავაზის სამეფოსა, ჰქონდა სივრცე 1500 გეოგრაფიული
კვადრატული მილი და იყო გაყოფილი ოთხს უმთავრეს აუზად: პირველი მათგანი
ყველაზე ვრცელი და შუაგული ქართველების მოსახლეობისა, არის აუზი მტკვრის
წყლისა; მეორე აუზი რიონისა; მესამე ხეობა ენგურისა და მეოთხე აუზი ჭოროხის
წყლის ბოლოებისა. საზოგადოდ კი მდებიარება საქართველოსი წარმოადგენს
საოცარს სხვადასხვაობასა თავის თვისებითა. მის ზედაპირს ალამაზებენ
სხვადასხვანაირად მშვენიერი მწვანე მინდვრები, ტყიანი ან თოვლიანი მთები,
ვიწრო ხეობები და ღელეები, საცა ჩამოჩხრიალებენ წვრილი წყლები და
გრგვინავენ სწრაფად მორბედნი მდინარენი. კავკასის ზურგი, რომელიც შეადგენს
მარტო ერთის მხრით მთელ საქართველოს სიგძის სამძღვარსა, გაზდევს
ჩრდილო-დასავლეთიდგან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ის არის შემოსილი დიდის
ტყითა ძირიდგან ვიდრე 8000-ს ფუტის სიმაღლემდინ ზღვის ზედაპირიდამ. მთის
წვერები კი შიშველნი არიან და ათეთრებულნი სამუდამო თოვლითა. თითქმის მის
სისწვრივ მის მხარდამხარ გამოზდევს მეორე მთა შავის ზღვის
სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირიდგან დებედის წყლის შესართავამდე და შეარდგენს
საქართველოს სამხრეთის სამძღვარს; შემდგომ სამძღვარ გარეთ უფრო
სამხრეთისაკენ დაუხვევს და მისდევს მტკვრის დენასა კარგა მოშორებით. ეს
ზურგი, ცნობილი უფრო მომატებულად მცირე კავკასიად, ჭოროხის მდინარისა და
მტკვრის მხარეს ისეთნაირად იკლაკნება და თავის გზიდამ მიიქცევ-მოიქცევა,
რომა თითქო შეთხრილია ჩქარად მდინარე წყლისაგანაო. ეს ორი უმთავრესი მთა
მერიდიანის 61 გრადუსის ქვეშე ერიდებიან სურამის მთებსა (რომელსაც ძველად
ევროპიელები მოსხიის მთებს ეძახოდნენ, ქართველები კი – ლიხის მთას.) ამ
მთებს გარდა შიდა საქართველოში კიდევ ორი მთათა ზურგია შესანიშნავი: ერთი
ჩამოსდევს ფასის-მთიდამ და შეადგენს სვანეთის სამხრეთის სამძღვარსა და
მეორე, რომელსაც უწოდებენ გომბორის მთას – ბორბალოს მთიდამ იწყობა იორის და
ალაზნის შუამდებარებს. ამ მთებში აქვსთ სათავე მრავალ მდინარეებსა, პატარა
წყლებს, რომელნიცა ჰრწყვენ და აგრილებენ ველებსა. |
1 ჩვენი სტატია სახელწოდებული: ,,კითხვა შთამომავლობაზედ მიტრიდატ დიდისა გაზ. „კავკაზი“ 1861 წ. № 53. 2 Plin. I. VI. c. II. 3. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა, გვერდი 101. 4. Atlas univesel de geograpfie
ancient et mod., dressee par a en, ed. 1858, carte.
|
![]() |
7 მდინარეთა შორის უფრო გამოჩენილი არიან: |
▲back to top |
მდინარეთა შორის უფრო გამოჩენილი არიან: მტკვარი, (კურა ანუ კირ სხვა ხალხთა წოდებით),
ამის სათავე იწყობა სოღანლუღის მთებში, რომელთაც ძველად ეძახოდნენ მთინ და
მოშის, ჯერ მომდინარეობს სამხრეთიდამ ჩრდილოეთისაკენ ვიწრო ხეობაში,
სურამის და კავკასის მთის ზურგებშუა; შემდგომ ახლანდელ ახალციხიდგან
ტფილისამდე მომდინარეობს აღმოსავლეთისაკენ მშვილდსავით მოხრილად, ასე რომ
სურამის ახლო გამოზიდული გვერდი ჩრდილოეთისაკენ აქვს მიქცეული, და ბოლოს,
ტფილისიდგან მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კასპის ზღვამდე. საქართველოს
სამძღვარებშივე, მტკვარს ერთვიან წყლები, გამომდინარენი დიდკავკასის ზურგის
სამხრეთის ფერდობიდამ: ლიახვი, ქსანი, არაგვი და ალაზანი თავის შემომდინარე
იორის წყლით, და მცირე კავკასის ფერდოებიდგან მტკვარში ჩადიან მდინარენი:
ალგეთი და ხრამი თავის შემომდინარე დებედა წყლითა.
რიონსა (ძველი ფაზისი) აქვს სათავე დიდ-კავკასის მთის ზურგში,
სონგუთი-ხოხის მთის ძირში, და მომდინარეობს პირველად დასავლეთისაკენ,
შემდგომ: მერიდიანისა 600-30, გაბრუნდება სამხრეთისაკენ და ამ გზით მიდის
ვარდციხემდინ, და აქედგან ისევ გამობრუნებული დასავლეთისაკენ ერთვის შავ
ზღვასა, ქვეშე 420-8, სიგანისა 590-19 სიგძისა. ამას ერთვიან წყლები
პირველად: ყვირილა, რომელიც გამოდის სურამის მთის ჩრდილოეთის მხრიდგან და
მიდის თავდაპირველად სამხრეთ-დასავლეთისაკენ შორაპნამდე, და შემდგომ
ჩრდილოეთისაკენ შვილდსავით შეხრილი, მიდის დასავლეთისაკენ ვიდრე შეერთვის
რიონსა. – მეორე მდინარე: ცხენისწყალი (ძველად ღიპპოს), ფასის მთიდგან
მიდის უფრო სამხრეთ-დასავლეთის მხარესა და ჩადის რიონში; და მესამე მდინარე:
ტეხური: (ძველად ერქვა გლავკოს), მიდის ცხენისწყლის თითქმის მხარდამხარ და
ერთვის რიონსა 20 ვერსტზედ ქვევით. უწინდელს დროში მტკვარი და რიონი
ირიცხებოდნენ ნავთსასვლელად: პირველი ზღვის შესართავიდამ სურამამდე და
მეორეც ზღვისვე შესართავიდამ ყვირილის შესართავამდე; ეხლა კი ეს ორივე
მდინარენი თუმცა კი ნავთსასვლელი არიან, მაგრამ ზღვიდგან ამოდენა მანძილზე
კი არა. ეს ცვლილება მოხდა უთუოდ ზოგი წყლის დაკლებისაგან, ზოგიცა იმისაგან,
რადგანაც ამ წყლების საწოლი ამოიმსნენ და იქნება თვით გემები, რომელნიც
დადიოდნენ ამ წყლებზე, იყვნენ მცირენი და სხვარიგ გამართულობისა, გენიოხიის
კამარებისგვარად, რომელზედაც ამბობს სტრაბონი, ან მსგავსი ძველებურ ქართულ
ნავტიკებისა, რომელთაც ძირს ამოკრული აქვს გაბერილი ტიკები.
სოფი გამოდის სამხრეთის სვანეთის ქედებიდგან და სამხრეთდასავლეთისაკენ
მიმავალი შეერთვის შავს ზღვასა თხუთმეტ ვერსტზედ ჩრდილოეთისაკენ რიონის
შესართავიდგან. ენგურთან (ინგური) გამომდინარებს ფასი-მთიდგან, მიდის ჯერეთ
დასავლეთისაკენ, შემდგომ, როდესაც გამოსცდება სვანეთის ხეობასა, გაბრუნდება
სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შეერთვის ზღავსა სოფის ზემოდგან 16 ვერსტზე.
ჭოროხის წყალი ჰრწყავს თავის შემომდინარებით სამხრეთდასავლეთის საქართველოს
ნაწილსა, შეერთვის ზღვასა ბათუმიდგან სამხრეთისაკენ სამს ვერსტზედ.
როგორათაც სოფის, რიონის, ჭოროხის და მტკვრის პირები, აგრეთვე მრავალი
ხეობეები, რომელშიაც მომდინარეობენ იმათი შემომდინარენი, დასახლებულნი
იყვნენ ხალხითა, რომელნიც სარგებლობდნენ ყოველისფრით, რაც კი რამ
გამოსაყენია სოფლის ცხოვრებისათვის. – სიმდიდრე და ცხოვრების საშუალობა იყო
მიწის ნიადაგი და ჰავა ქვეყნისა; პირუტყვგაშენებასა ყველგან ხელს უწყობდა
ადგილობრივი ვითარება: რადგანაც ძველადგანვე ეს საქონელი გადიოდა
გარევაჭრობაშიაც, უთუოდ უნდა ვიფიქროთ, რომ პირუტყვთგაშენება კარგს
მდგომარეობაში ყოფილა. ამ ქვეყნის მიწისმოქმედება და ვენახების შემუშავება
იყო განთქმული თავის გამოსავლით ღომერის დროების წინათაც. რაც ეხლა
საქართველოში მშვენიერი და ნაზი ხეხილი იზდება, ის, თუ სულ არ ეკუთვნის
ბუნებითს პირველყოფილს ნაყოფსა აქაური მიწისასა, მაინც რაც უნდა იყოს ვაზის
სამშობლო ადგილათა მეცნიერება რიონის ნაპირებსა რაცხს. დაფნის ხე და ლიმონი
უწინდელ კოლხიდის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში ტყესავით არის მოდებული.
მაგრამ კი სვანეთის მინდორი ამასობაში უნდა გამოირიცხოს: მაღალი მდებარება
მისი არ აძლევს მოსახლესა იმ გამორჩომასა, რომელიცა აქვსთ სხვა მდინარებზე
მცხოვრებელსა საქართველოში. ყველაზე უფრო დაცემული ადგილი ამ მინდვრისა
არის ინგურის საწოლი, რომელსაცა აქვს სვანეთის ხეობაში სიმაღლე ზღვის
ზედაპირიდამ 6000-3500 ფუტამდე, მაშინ როდესაც დანარჩენ საქართველოს
მინდვრებს აქვსთ საშუალო სიმაღლე ზღვის ზედაპირიდამ 1300 ფუტი. წლის
საშუალო ტემპერატურა ამ მინდვრებისა განისაზღვრება 90 და 110 – გრადუსებ
შორის. როგორც დაფარულია ჩრდილოეთის იტალია ალპის მთითა და ტოკაის ვაზი
კარპატის მთებითა, ისე ამ მინდვრების ნაყოფიერება დაფარულია კავკასის მთითა
ჩრდილოეთის სიცივებისათვის, რომელნიც მოდიან ჩრდილოეთის დამზრალ ოკიანიდგან,
გაზაფხულზე მოედებიან მთელ ევროპიელ რუსეთის სიბრტყესა და შეხვდებიან
პირდაპირ სამხრეთიდამ წამოსულ სითბოებასა.
ხეობაებში მცხოვრებთა ერთი ერთმანეთში მისვლა-მოსვლისათვის ჰქონდათ მაშინაც
ისე, როგორც ეხლა, უხერხო ბილიკები, გავლებული წყლის ნაპირებზე და მთების
უღელტეხილებზე. ამ ბილიკებზედ ხშირად სრულიათაც არ გაივლებოდა ხოლმე
წვიმებისაგან ადიდებულ წყლებისა გამო. მაგრამ ძველადგანვე ასეთი გზებიც
ყოფილან, რომლების სიკეთისათვის არა მარტო იქაურები ჯაფასა ჰსწევდნენ,
არამედ უცხო ქვეყნელებიცა. საწოლი, ანუ მონიო მტკვრისა, ყვირილისა, რიონისა
და სურამის მთაზე გადმოსავალი გზა მიიზიდავდა ხოლმე ამ ხალხების
განსაკუთრებითს და გულმოდგინე ყურადღებობასა, რომელთათვისაც საინტერესო იყო
ვაჭრობა ინდოეთთანა. დიდი უშველებელი ნაშენობანი, ნახულნი ბოლოს დროს
სტრაბონისა და პლინიისაგან ყვირილის წყალზე, საკმაოდ ამტკიცებს როგორათაც
აქაურ საზოგადოების, ანუ მთავრობის ყურისგდებასა, აგრეთვე ამის ცოდნასაც,
რომ ამ შარაგზის კარგად შენახვა საჭიროა და სასარგებლო ქვეყნისათვის. ისინი
გვარწმუნებენ, რომ ამ ჩქარ წყალზედ 120 ხიდი იყოვო საქონლის გადატანის
გასაადვილებლად – იმ საქონლისა, რომელიც ივერიიდამ შორაპნის ციხეში
გადაჰქონდათ მშრალის გზითა და თვით ეს ციხე ყოფილა ისეთი დიდი საქონლის
დასაწყობი, რომ დაიტევდაო შიგ მთელ ქალაქსა1. რიონის ბოლოების ნაპირები,
ხის თირეებით იყო შეკრული, რომ ადიდების დროს არ გადმოვარდნილიყო
მინდვრებზედ; ამას გარდა, ჭაობს ადგილებს დიდის ჯაფით და მეცადინეობით
თურმე აშრობდნენ ხოლმე2. რასაკვირველია, ეს ნაშენობეები და ნამუშავრები
სტრაბონის და პლინის მგზავრობის კარგა გაცილებით წინად იყვნენ. – დასასრულ,
კიდევ იყო გზები სარმათებ-სკვითების ვაკისაკენ მიმავალნი, რომელნიც თვით
ბუნებას გაეჭრა კავკასის მთაში და რომელთზედაც გადმოვიდოდნენ ბარბაროზები
საქართველოში, სხვა სამხრეთის ქვეყნებში, დიდ-სომხეთის და სპარსეთში
გადასასვლელად. უწინდელი მწერლები კავკასის მთაზედ ოთხს გასავალს ხეობასა
იხსენიებენ; მაგრამ იმათი აღწერითგან შეიძლება შევიტყოთ, ან მივხვდეთ, რომ
გასავალი ოთხი კი არა ყოფილა, არამედ სამი: – ეს არის დარიალის გასავალი (Pilae
Caucaso); ალვანისა (Pilae Albanae) და დარუბანდისა (Pilae Caspae) ამ
გასავლების დასაცველად იდგნენ ქართველნი გუშაგნი. პლინი, როდესაცა სწერს
დარიალის ხეობის ვიწროებზედ მჟავე წყლებთან, ამბობს, რომა ის ხეობა
იკეტებოდაო დალურსმულ და დაკვერილ ძელებითა; ამის მახლობლად სამხრეთის
მხარეს კი გორაზედ იყო სიმაგრე, რომელსაც ერქვა კუმანია3. ეხლა იქ სოფელია
კუმნის-ციხე. რუსის ინჟინერები ამ სოფელს ეძახიან კალმუჩიხასა, რომელსაცა
არა რომელსამე ენაზე არა აქვს არაფერი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა.
დარუბანდის გასავალი მხოლოდ ხანდახან იყო ხოლმე საქართველოს მფლობელობაში.
ტაციტის მატიანე ამბობს, რომ ქრისტიანობის პირველს საუკუნეში ამ გასავალსაც
ედგნენ ქართველნი გუშაგნი4. ეს ვიწრო გასავალი, როგორც ჩვენა ვნახეთ ხალხის
გადმონაცემის მესამე თავში, პირველად გაამაგრეს სპარსეთის ფიშდადიანის
დინასტიის მეფეების დროს. ამ გადმონაცემებითვე სჩანს, რომ თვით დარუბანდიც
მაშინ აშენდა. აქედგან იწყობა კავკასის კედელი, რომლის ნაწილიც საქართველოს
სამზღვარშიაც შემოდიოდა და რომელიც თავის სიდიდითა შეირიცხება განთქმულ
ძველ შენობათა შორის. ამ ჟამათაც იმისი კვალი, ზოგან კიდევაც კარგად
დარჩენილი, ჰსჩანს დარუბანდიდგან აღმოსავლეთის მხარეს წყლის ქვეშ, კასპის
ზღვაში შესული, მერე ამ ქალაქიდანვე მოდის დასავლეთისაკენ, ადის მთაზედ,
დაეშვება ყაზიყუმუხის სამფლობელოზე ყუშაღ-დაღის მაგალში, შემდგომ იკარგება
კავკასის მთის ჩრდილოეთის ფერდობზედა და კვლავ მოჩანს ძველ ალბანიის
ვაკეზედ, მუხახის ხეობის პირდაპირ, – და კოტეხის სოფლის მთელს სიგრძეზედ
გადის. დარუბანდელების გადმონაცემი ამ კედლის აშენებას აწერს ალექსანდრე
მაკედონელსა და ზედ აკერებს თვით დარუბანდის აშენების ამბავსაცა. მაგრამ
უფრო ფრთხილნი მწერალნი, თავის სამეცნიერო ღვაწლით თითქმის ფრიად
გამოჩენილნი, პოულობენ საბუთებს, რომლის გამოც დაფუძნება დარუბანდისა იყო
არა უწინარეს VI საუკუნისა, სასანიდის დინასტიის სპარსეთის მეფეების
მართველობაში5. გარნა ამ მომატებულს სიფრთხილეს შეჰყავს იგინი ცდომაში და
წინააღმდეგობაში, როცა ვხედავთ, რომ თვით იმათ იციან, რომ ყოფნა დარუბადისა
იყო ცნობილი გეოგრაფთაგან, რომელნიც ყოფილან ჯერ კიდევ IV და V
საუკუნოებში6. კედელი დარუბანდისა ამოწყობილია უზარმაზარი ქვებითა რომელიც
28-დამ-40 ფუტამდე აქვსთ სიმაღლე და 4-7 ფუტამდე სიგანე. ქალაქის სამხრეთის
კედლითგან მოჩანს ნაშთი კავკასის კედლისა მიგრეხ-მოგრეხილი და დაყოლებული
იმ მთებზედ, რომელზედაც იგი ყოფილა გადასული. ეს კედელი იმავე მასალით არის
აშენებული, ქვებს იგივე სიმაღლე და სიგრძე აქვსთ, როგორ თვით ქალაქის
კედელსა და ამასთანავე გაწყობილიც ყოფილა ციხეებით და სიმაგრეებით. მაგრამ
მთების სამხრეთის მხარეს კი ეს კედელი ამოყვანილი ყოფილა სხვა მასალითა: იქ
უფრო გარდამეტებით სიპის ქვის ქვითკირია, კოტეხთანა ჩანს, რომ უძველესი
კედელი დაქცეულა თითქმის საძირკვლამდე და იმის პირდაპირ დასწვრივად ძალინ
ახლო ამოუყვანიათ სხვა ახალი, მხოლოდ ეხლა მაინც კიდევ ძალიან დაძველებული
და შესაძლებელი, რომ VI საუკუნისა იყოს. მთელი სიგრძე ამ კედლისა,
დარჩენილის ნაშთის მიხედვით 360 ვერსტისა არის. ამ კედლის აშენების
განზრახვა, როგორც გვარწმუნებენ ერთპირად ისტორიკოსნი, ისა ყოფილა, რომ
სამხრეთის მხარენი დაეცვათ ჩრდილოეთის ბარბაროსების დაცემისაგან; მაგრამ
საოცარი ეს არის, რომ კოტეხის კედელსა, თვით ჩვენგანვე ნახულსა და
მოყოლილსა კავკასიის უმთავრეს ზურგის ძირობაზედა, აქვს სასროლედი
ჩრდილოეთის მხრით. ეგ მთის გასავალნი იყვნენ არა მარტო სალაშქროდ, არამედ
ხალხთა შორის მშვიდობიან მისვლა-მოსვლისათვისაც. აორსნი (უთუოდ ოსნი)
ცხოვრებნი დონის ანუ ტანაისის ნაპირებზედ, გადმოდიოდნენ მაგ გზებზედ
ვაჭრობისათვის და ყიდულობდნენ თავის ოქროთი ინდოეთის და ბაბილონის
საქონელსა, რომელიც აქლემებით გადაჰქონდათ თავის ქვეყანაში7.
იქ, სადაც ყოფილა იმისთანა მოძრაობა ვაჭრობისა, არ იქნება რომ არ
ყოფილიყვნენ ქალაქებიცა, როგორც სამოქალაქო ცხოვრების შემაჯგუფებელნი
ალაგნი. საქართველოში ძალიან ადრე გამოჩნდნენ დასახლებული ადგილები,
რომელნიც ხალხის გადმონაცემით წოდებულნი არიან ქალაქებად და ციხეებად. ამ
ქალაქების და ციხეების აშენების თავდაპირველი განზრახვა ის იყო, რომ
მოსაგერებელი ჰქონოდათ რამე; ამიტომაც ისინი უთუოდ უნდა ყოფილიყვნენ
სიმაგრის სახისანი. მათ შორის აქაურის მატიანეთა მოწმობით, ჩვენგან აღწერილ
ეპოქაში ჯერ კიდევ ყოფილან შემდეგი ქალაქები და ციხეები: ქართლი – თვით
უძველესი ამგვართაგანი შენობა ქართველებისა. იგი აღაშენა (ქვეშე 410-43/
სიგან. და 620-10/ სიგრძ.), ქართლოსმა მთაზე, რომელიც წარმომდგარია მტკვრის
მარჯვენა ნაპირზედა, არაგვის და მტკვრის შესართავის ახლო. ფარნავაზის დროს
ამ ქალაქს დაერქვა სახელი: არმაზი ანუ არმაზციხე, მისგამო, რომ ფარნავაზმა
იქ აღადგინა სალოცავი სპარსულის ღმერთისა – ორმუზდისა. ძველნი გეოგრაფნი
ეძახდნენ სხვადასხვანაირად: სტრაბონი ეძახის ჰარმაზიკა (Harmasica), პლინი
– ჰარმასტის (Harmastis) და პტოლომეი – ჰარმასტიზა (Harmastisa).
თუმცა უფრო ადვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ძველის ქალაქების აღწერაში
მიგვეღო გეოგრაფიისაგან მიღებული სისტემა, ე.ი. გადასვლა ქალაქიდამ
ქალაქზედ უფრო მახლობელზედ, ვიდრე მივყვებოდით იმ რიგსა, რომელშიაც ხალხის
მატეანეში აღნიშნულია ერთი ერთმანეთზედ იმათი აღშენება; მაგრამ, რადგანა
სახეში გვაქვს, რომ ის მატიანეს რიგი დაგვეხმარება საქართველოს დასახლების
გავრცელების და მიმართულების საჩვენებლად, ამის გამო ჩვენ ვირჩიეთ
ხელთმძღვანელობა მატიანესი.
ქართლის შემდეგ ამ ზედ მიყოლების რიგით არიან: ორბისი (სამშვილდე) იყო
სიმაგრე, აღშენებული ქართლოსისაგან მდინარე ქციის, ანუ ხრამის (რომელიც
დებედას ერთვის) მარცხენა ნაპირზე. ჩვენ დროშიაცა ჩანს თავმინებებული მისი
ნანგრევები. უცხო ქვეყნის მწერალთაგან არ ვიცით, რამოდენად იყო გამოჩენილი
იგი ძველ დროში; რომ იგი ყოფილა ქართული ქალაქი, ამას თავის გეოგრაფიაში
იხსენიებს მხოლოდ პაპპა (მათემატიკოსი ალექსანდრიის სასწავლებელისა, IV
საუკუნეში ქრ. შემ. მცხოვრები). ამის გეოგრაფიასა მოსე ხორენელს აწერენ
ხოლმე.
მტკვრის ციხე ანუ ხუნანი იყო ციხე, აშენებული ისევ ქართლოსისაგან დებედა
რომ მტკვარში ჩადის, იმის ახლო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ორი სიმაგრე იყო
აშენებული ქართლოსის დაშენებულ სამფლობელოს სამხრეთის სამზღვრის
დასაცველად.
დედაციხე, და ბოსტანქალაქი, წოდებული რუსთავად, ხალხის მატიანეს სიტყვით
იყვნენ აშენებულნი ქართლოსის ცოლისაგან: დედაციხე ქართლის მახლობლად
თეძამის წყალზედ, რომელიც მხარმარჯვენით ერთვის მტკვარსა; ბოსტანქალაქი კი
იყო აშენებული მაღლობზედ, რომელსაც ეხლა ეძახიან იაღლუჯას და რომელიც
ტფილისიდამ ხუთმეტს ვერსტზედ არის.
გაჩიანი ანუ სანადირო-ქალაქი იყო აშენებული ქართლოსის შვილის გაჩიოსისაგან
ქციას მარცხენა ნაპირზედა, იმის მახლობლად, საცა ამ წყალში ჩამოდის მდინარე
მაშავერი. ამ ქალაქის ნანგრევები აქამდინ სჩანან.
ჩელთი ანუ ბერი, ეხლა ვრცელი სოფელია კახეთში ჩელთის მდინარეზედ და ჰქვიან
შილდა (ქვეშე 420-0/ სიგან. და 530-23/ სიგრ.).
მტკვრის-ციხე, დედა-ციხე, ბოსტანქალაქი, გაჩიანი და ჩელთი სულ არ იყვნენ
ცნობილნი უცხო ქვეყნის ძველ გეოგრაფთაგან.
მცხეთა აშენებულია მცხეთოსისაგან მტკვრის მარცხენა ნაპირზედ, იქავ მტკვრის
და არაგვის შესართავში (41050/ სიგან. და 62023/ სიგრძ.) ქალაქი ეგე, თავის
დაფუძნების დროითგან V საუკუნემდე ქრ. შემ. იყო საქართველოს სატახტო
ქალაქად. გარდა საყდრებისა, რომელნიც ფრიად გამოჩენილნი არიან სიდიდითა და
არქიტექტურითა, დღესაცა ჩანს, რომ მტკვრის ნაპირი ქვათლილის თირეებით
ყოფილა ამოყვანილი. იგინი პტოლომეისაგან წოდებულია მესტლეტად8. ეხლა მცხეთა
არის პატარა სოფელი, რომელშიაც დარჩენილა ხელოვნების სახსოვარნი თავის
წარსულის და გარდავლილის დიდების ნიშნითა.
მცხეთოსის შემდეგ იმის შვილებმა თავის ნაწილებში ააშენეს კიდევ შვიდი
ქალაქი: ოძხრე, თუხარისი, წუნდა, არტანისი (ქაჯთა-ქალაქი ანუ გური),
უფლისციხე, ურბნისი და კასპი.
ქალაქი ოძხრე ყოფილა ეხლანდელ ახალციხის ახლო, მტკვარში ერთ შემომდინარე
წყალზედა; თუხარისი ოძხრეზე მახლობლად იყო, ჭოროხის აუზში; წუნდა მტკვრის
სათავესთან; არტანისი – წუნდის ახლო, ესეც მტკვრის აუზში. ძველი გეოგრაფები
ამავე სახელით იხსენიებენ წუნდასა, მაგრამ ეხლა კი თურქთა მფლობელობის ქვეშ
არდაღანად არის წოდებული. დასასრულ, გამაგრებულნი ქალაქები: უფლისციხე,
ურბნისი და კასპი მტკვრის მარცხენა ნაპირზედ იყვნენ, შიგ ქართლის შუაგულში.
უკანასკნელი ქალაქები ეხლა პატარა სოფლებად არიან გადაცვლილნი; (კასპი არის
ქვეშე 410-58/ სიგ. და 620-4/ სიგრ.) უფლისციხე კი სრულიად თავდანებებულია.
ეგ იყო, ამბობს ვახუშტი, „შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი. პალატნი
დიდ-დიდნი, ქანდაკებული კლდისაგანვე, გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული
მტკვრამდე, დასავლით აქვს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი
მრავალდიდნი, არამედ აწ შეუვალ არს.“9
მტკვრის აუზში იყო კიდევ ერთი ქალაქი სურამი ანუ სირიუმი10 მამასახლისების
დროს აშენებული იქ, სადაც ეხლა არის სოფელი ამ სახელისა და სადაც აქამდის
კიდევაც ჰსჩანს ძველი ციხის კოშკები. ეს ადგილი იყო ძველ ინდოეთის სავაჭრო
საქონლის დასაწყობი. ამ ქალაქის აშენების ამბავზე მოწყობილია ერთი უცნაური
ლეგენდა, რომელსაც მთელი იქაური მდაბიო მოსახლეები იცნობენ და მღერიან
კიდეცა. მაგრამ მაინც კიდევ ამ ლეგენდას ჩვენ წერილებში მნიშვნელობა არა
აქვს.
მტკვრის აუზის ქალაქებთან თითქმის ერთ და ამავე დროს დაიწყო დაშენება
ქალაქებისა რიონის აუზისა. თუმცა ქართული მატიანე ამათ დაფუძნების დროებსა
ისე გამოკვლევით არ იხსენიებს, როგორც ზემოხსენებულ ქალაქებისას, მაგრამ
უცხო ქვეყნელების მოთხრობებიდამ ვიცით, რომ ეა და ქუთაისი ძველისძველადვე
ყოფილან. პირველი რიონის სათავეში (ქვეშე 420-8 სიგ. და 590-16 სიგრ.) იყო
მდიდარი ქალაქი. ეს ქალაქი იყო ნახული და გათქმული ბერძენთაგან თავიანთ
მხედრობის დროებებში. ტროადზედ, ლაშქრობის შემდეგ, როცა ბერძნებმა დაიწყეს
თავის ქვეყნის გარეთ ყოველ მხრივ სიარული, მაშინ მილეთელებმა დაიპყრეს ეს
ქალაქი და მის ნანგრევებზედ დააფუძნეს კოლონია: ფაზისი, რომელსაც ეხლა ფოთი
ჰქვიან; ქუთაისი (ქოთა ანუ ქითა). რომელიც დღევანდლამდინ რიონის პირზედ
არის (ქვეშე 420-16 სიგან. და 600-29 სიგრ.) ყოფილა კოლხიდის მფლობელების
სადგომად.
ამათ გარდა, ფარნავაზის მეფობის დროს იყვნენ დაარსებულნი სხვა ქალაქებიცა,
რომელთ შორის უფრო გამოჩენილნი არიან: შორაპანი, რომელიც ჩვენ ბევრჯერ
გვიხსენებია და არქეოპოლისი. უფალ ბროსსეს აზრით, ეს ქალაქი არის
ნაქალაქევი; ძველი ციხე გოჯი, რომელიც იყო აშენებული ტეხურის მარჯვენა
ნაპირზე ფარნავაზის პირველ თანამოღვაწე ერისთავის ქუჯისაგან.
------
(სამეფოს დაარსებითგან საქართველოს გაქრისტიანებამდე. გადასავალი სამეფოს
დაარსებითგან რომაელებთა შებმამდე). მეფობა საურმაგისა (237-162 წ.) – თვისშორისი ბრძოლა ერისთავებისა, – მეფის
უფლებისაგან თავის დახსნისათვის. – შემოსევა არტაშეზისა და ზორდიადისა. –
მეფობა მირვანისა (162-112 წ.) – თვისშორისი ბრძოლა
ტახტ-მემკვიდრეობისათვის საურმაგის ორთა სიძეთა შორის. – გადგომა
სამეგრელოსი და სხვა ზღვის პირის მხარეებისა საქართველოს სამეფოსაგან. –
შემოსევა ბალქართა ფარნაჯის მეფობის დროს (112-73). – ბრძოლა სარწმუნოების
ცვლილებისა გამო. – არშაკის I (93-81) მოწოდება გასამეფებლად და განდევნა
ფარნაჯისა. – შემოსევა მიტრიდატისა, პონტოის მეფისა. შინაგანი წყობილება და
მდგმოიარობა საქართველოში ფარნავაზის სიკვდილიდამ რომაელებთან შებმამდე.
I. პირველი ბრძოლის მიზეზი ის გარემოება იყო, რომ როდესაც ფარნავაზის
სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზედ შვილი მისი საურმაგ, ქართლის ერისთავმა,
რადგანაც ტახტ-მემკვიდრეობის სამართალი არ იყო ჯერ კიდევ სრულიად
მითვისებული ხალხისაგან, – ეს შემთხვევა თავისათვის გამოიყენა და შეიქმნა
საურმაგის უმაღლეს უფლების წინააღმდეგი; შეარდგინა შეთქმა, რომლის
განზრახვა ის იყო, რომ აღმოეფხვრა მეფის უფლება და აღედგინა დამოუკიდებლობა
ერისთავებისა. შეთქმა ესე ჰსჩანს, ძლიერ კარგად ყოფილა მოხერხებული,
იმიტომ, რომ ხალხის მომეტებულმა ნაწილმა გამოაცხადა ძლიერი თანაგრძნობა და
მიიღო მონაწილეობა ამ შეთქმაში. საურმაგი იძულებულ შეიქმნა გაქცეულიყო
საქართველოდგანა და ეთხოვნა შემწეობა იმ ხალხთათვის, რომელნიც
ჰსცხოვრებდნენ კავკასის ჩრდილოდ ქვეყნებშია. ფარნავაზსა ჯერ კიდევ თავის
მეფობის დასაწყისში უნდოდა დაემკვიდრებინა თავის შთამომავლობისათვის
სამართალი და ძალა ძლიერის მოყვრობითა; ამის გამო მან შეირთო დურძუკეთის
მთავრის ქალი; თავისი ერთი და შერთო თავის მეგობარსა და თანამოღვაწესა
სამეგრელოს ერისთავს ქუჯისა; მეორე კი – ოსების მთავარსა. საურმაგის ძლიერ
ნათესავებმა, რაკი რომ შეიტყვეს მისი გაქცევის მიზეზი, მსწაფლ შეიჭურვენ
ამრეველ ერისთავების წინააღმდეგად, დასაჯეს ისინი და ისევ მოიწვივეს
საურმაგი. ამ მეფისაგან განთავისუფლების შეთქმის ურარაოდ ჩავლამ მოახდინა
ისა, რომ ქართველს ხალხს ჩაუნერგა შინაგანი რწმუნება, რომ მთავრობის ერთობა
საჭიროა.
II. საურმაგის მეფობის დროს საქართველო, რადგანაც იყო სელევკიდების
მფარველობის ქვეშა, ეწევოდა დიდს ანტიოქსა, როცა მოხდებოდა ხოლმე ამღვრევა
აზიის სხვადასხვა მაზრებშია. ამისა გამო სომხის ჯარები გულამღვრეულ
არტაშიარის და ზარდიადის სარდლობის ქვეშ შემოესივნენ საქართველოსა, და
როგორც გვარწმუნებენ სომხეთის ისტორიკოსნი, დაიპყრეს კიდეც მთელი
საქართველო11. ქართული მატიანენი არაფერს ამისთანას არ იხსენიებენ, მაგრამ
რომ გავისაზროთ, რომ ამ სარდლებმა სრულიად დააუძლურეს მფლობელობის ძალა
სელევკიდებისა აღმოსავლეთშია და დააძლევინეს პართიანის დინასტიის
არშაკიდებსა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმათ მხოლოდ არეულობა მოახდინეს
საქართველოში, როგორც სელევკიდების თანამეზავე ქვეყანაში და გაათავეს
იმითი, რომ გაკვრით დაეცნენ სამზღვრებზედ მყოფთ საერისთავოებსა.
III. მიზეზი მეორე თვისშორისის ბრძოლისა ის იყო, რომ საურმაგსა არა ჰყვანდა
შვილები მამრობითი სქესისა; მხოლოს ჰყვანდა ორი ქალი, რომელთაგანიცა ერთი
შერთო სამეგრელოს ქუჯის შვილის შვილსა და მეორე – ერთის ძველთაგან
ასსურეთის ხელმწიფის შთამამავალს მირვანსა, რომელიც ამასთანავე იშვილა
კიდეც და დანიშნა თავის მემკვიდრეთა. მაგრამ საურმაგის სიკვდილის შემდგომ,
162 წელ. ქრისტეს წინად, როდესაც დაჯდა მეფედ მირვანი, მაშინ სამეგრელოს
ერისთავმა, რომელიც მეფეებს ენათესავებოდა, არამც თუ მხოლოდ უკანასკნელის
მოყვრობითა, თავისი შთამამავლობითაცა, (რადგანაც ის იყო ფარნავაზ მეფის დის
შვილისშვილი), და ამისათვის წინააღუდგინა დასავლეთის საერისთავოები,
დაიხმარა ზოგიერთი მთიელები და ააოხრა საქართველოს შუაგული მაზრები,
რომელნიც ერთგულნი იყვნენ მირვანისა. გამარჯვება თითქო იმის მხარეს იყო,
ასე რომ მირვანმა, მიყვანილმა უკანასკნელს განკიდურებამდე, მიჰმართა
პართიანის ხელმწიფეს არშაკსა და სთხოვა შემწეობა, რომელმაც მიიღო თხოვნა და
გაგზავნა სამეგრელოში თავისი ძმა, სომხეთის მეფევე ვაღარშაკი, რომელიცა იმ
დროს ებრძოდა პატარა სომხეთის მართველს მიტრობორზანსა. როდესაც ამასთან
გაათავა ბრძოლა, ვაღარშაკი დაეცა სამეგრელოსა და წინააღმდეგმა ერისთავმა,
რომელსაც შემოეხვივნენ მაღარშაკი და მირვანი, დაკარგა თავისი საკუთარი
სამფლობელოცა. ამ ლაშქრობის შედეგი ის იყო, რომ ვაღარშაკმა რაკი ერთი მხრით
ნახა, რომ საკმაოდ დააკმაყოფილა მირვანის თხოვნა მცხეთის ტახტითა, მეორეს
მხრით მიაგნო რა, რომ მირვანი უღონობის გამო არ მოითხოვს საქართველოს
დაბრუნებას თავის უწინდელ სამზღვრებითა, დაინარჩუნა თავისათვის შავი ზღვის
პირი და ალბანიას კი მიჰსცა ავტონომია თავის მეგობრის არანის მართველობის
ქვეშ12. თუმცა ესე უსვინიდისოდ მოექცა სომხეთის ხელმწიფე, მაგრამ რადგანაც
ასე გაუწყვეტლად ემატებოდათ მძლავრობა არშაკიდებსა, ამისა გამოთ მირვანს არ
შეეძლო არ მოეძებნა მათი მოწყალეება და მოინდომა ნათესავობის კავშირით
დაემკვიდრა თავისი უფლება დანარჩენს საქართველოში; ამისთვის მისცა თავისი
ქალი პართიანის ხელმწიფის შვილს არშაკსა.
IV. ძლივსძლიობით დაამშვიდა თუ არა საქართველო და მოიყვანა ყველაფერი
რიგზედ, მსწრაფლ მშვიდობიანი მდგმოიარება მისი შეარყია ბარბაროზების
შემოსევამა. კავკასის ჩრდილოდ მდებარე ქვეყნიდგან გამოჩნდა ახალი
მრავალრიცხვი ხალხი, რომელთაც ეძახიან ბალქარებსა. თავდაპირველად მათი ელი
დადგა მალკისა და თერგის წყლის პირებზე, და იქიდგან, სკვითის ხალხისაგან
შეწუხებულნი, თავისი სარდალი ვანთას წინამძღოლობით გამოიქცნენ მთისაკენა,
გადმოიარეს ოსსების ქვეყანაზე დარიალის ხეობით და დაეცნენ საქართველოსა.
ბალქარნი მოდიოდნენ ისეთის სისწრაფით და შეურყევლობით, რომა იმათი შეოკება
მაშინა, როდესაც გამოჩნდნენ არაგვის პირზედა, აღარაფრით შეიძლებოდა. იმათ
საჩქაროდ გადალახეს საქართველო, და როგორცა ჩანს მატიანეთგან, არ დაუგდიათ
თვის შემდეგ აოხრების კვალი. ოდესაც მიახწიეს სომხეთამდე, ბალქარები
სომხეთის ხელმწიფის თანხმობით, დაბინავდნენ იმ მაზრაში, რომელსაც ეძახდნენ
ანპეტ-პასსერსა ან ვანანდსა13.
V. ქართული მატიანე, როგორც გვარწმუნებს, მიზეზი მესამე თვისშორისის
ბრძოლისა იყო, როგორც ზემოთაცა ვთქვით კიდეცა, სარწმუნოების გამოცვლის ცდა,
რომელიც დაიწყო მირვან მეფის შვილმა, ფარნაჯმა. ყველამ იცის, რომა
ზოროასტრის სარწმუნოების სწავლა, რომელიც იყო დაფუძნებული ბუნების
განმღვთიერებაზედა, თავისი თავდაპირველი სიწმინდის წესით არა ჰპოებდა
საჭიროდ ღვთის სალოცავად არც ტაძრებსა, არც კერპებსა (ბუთსა); ზორვას
გადაიხდიდნენ ხოლმე მშვენიერ მთის სიმაღლეებზე, ან ანკარა წყლის პირზე;
მაგრამ როდესაც ირანელებმა და დასავლეთის ხალხმა გაახშირეს ერთი
ერთმანერთში მისვლა-მოსვლა, მაშინ ეს ღვთისმსახურების წესი ცოტაოდენად
გამოიცვალა: ის შეიქმნა უფრო დიდებული და სადღესასწაუოლო, ყველგან სადაც
უფლობდა ეს სარწმუნოება, აშენდა ტაძრები და აიმართნენ კერპები (ბუთი). ეს
ცვლილება შემოვიდა საქართველოშიაცა, და როგორცა სჩანს, მოსწონდათ
ქართველებსა. პირველად კერპი ამართა ფარნავაზმა ორმუზდის სამსხვერპლოსთანა
ქართლის ქალაქში, არმაზის სახელობაზედ რომელიც ანპიროვნებდა უმაღლესის
ღვთაებასა14. საურმაგი და მირვანი გულმოდგინებით იცავდნენ სარწმუნოების
მედიდურობას ისე, როგორც ხალხს მოსწონდა; მაგრამ ფარნავაზის შემდგომ, რომ
განვლო ას ორმოცდაათმა წელიწადმა, მსწრაფლ ფარნაჯი დაუბრუნდა დავიწყებულს
ძველებურს წესსა, რომელიცა სრულიად არ ესიამოვნებოდა ხალხსა. ამან მოახდინა
ქართველებში ამღვრევა, და ხალხმა სასწრაფოდ გაუგზავნა თავისი აღმორჩეულნი
პირნი არშაკიდებსა და სთხოვა, რომა გადაეყენებინა ხელმწიფობითგან ფარნაჯი
და იმის მაგიერად მეფედ დაესვა მირვანის სიძე, არშაკი. არშაკიდებისა
მეცადინეობა, რომელთაც ალბათ, უფრო უმეტესად ათხოვნინეს ქართველებსა, ვიდრე
იმ მიზეზებმა, რომლებიც არიან აღწერილნი მემატიანეთაგან, ამ თხოვნამ
სრულიად დააკმაყოფილეს. და ამისათვის არშაკს მაშინვე მისცეს სიგელი და
პართიანებისა, ან სომხების ჯარით გამოისტუმრეს საქართველოში, რომელის
მცხოვრებლები მიემხვრენ იმასა და ერთხმით ამოირჩიეს თავის ხელმწიფედ.
ფარნაჯი გაიქცა პონტოს15. ათის წლის განმავლობაში გაუწყვეტლად ებრძოდა
საქართველოსა ფარნაჯი, რომელსაც ექომაგებოდნენ პონტოსა და საბერძნეთის
ნაქირავები ჯარი; შემდგომ რაკი დაიპყრო საქართველოს ერთი მაზრა ტაშირი,
დააპირა კიდევაც სხვების დაპყრობაცა; მაგრამ ერთს ომში მოჰკლეს ისა და
საქართველო დარჩა არშაკსა.
VI. ჩვენ ვნახეთ, რომ მირვანისა და სამეგრელოს ერისთავის ლაშქრობის შემდგომ
სამეგრელო დაინარჩუნა სომხეთის ხელმწიფემ ვაღარშაკმა. იმან დააყენა იქა
თავისი მოადგილეები და მიანდო იმათა ზრუნვა იმ ქვეყნის
კეთილდაწყობილებისათვისა; მაგრამ ამ მოადგილეებმა თავისი
ანგარებისმოყვარებით მიიყვანეს ხალხი იქამდინ, რომა მოხდა ანღრევა,
რომელიცა მალე დააშოშმანა არშაკმა16. არტაშესის მეფობის უკანასკნელს ხანში
თითქმის 98 წლის ქრისტეს წინად კოლხიდის მეორე ამღვრევა მოხდა, მაშინ
არტაშესმა მიანდო დამშვიდება და უფლება მთელი ზღვის პირზე მდებარე
ქვეყნებისა თავის სიძეს პონტიის მფლობელს, ერთის ძველის დროებისასა
საუპირველესო სარდალსა მიტრიდატსა, რომელსაც ბერძნულად ეძახდნენ
დიონისე-ევპატორსა17. წინაპარნი მიტრიდატისა და პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი იყვნენ, როგორც ვნახეთ ზემოთ, შთამამავლობით ერთის ოჯახისანი და
ალბათ, ამ საქართველოს ნაწილის ქვეყნების მიცემა იყო იმის გვარტომობის
უფლებაზედა. მიტრიდატი დაეცა საქართველოსა და დაიჭირა არამცთუ მხოლოდ შავი
ზღვის პირს მდებარე ქვეყნები, სხვა მეზობლად მდებარე საერისთავოებიცა და
დააყენა იმ ქვეყნებში თავისი მმართებლები. 84 წ. ქრისტეს წინად ამ მაზრებში
მოხდა მესამე ხალხის ამღვრევა. ხალხმა გარეკა პონტოის მმართებლები და
მოსთხოვა მიტრიდატსა, რომა იმას დაენიშნა თავისი შვილი მაქორა18.
მიტრიდატმა უჩვენა ხალხსა პირი, რომა ვითამ აუსრულებდა სურვილსა და
გაუგზავნა მაქორესა ოქროს ძეწკვი; მაგრამ რადგანაც ეჭვი ჰქონდა თავის
შვილზედ, რომა ის სულ წინააღმდეგი იყო მამის სარგებლობისა, ამისათვის იმ
ცოტას ხანში მოაკვლევინა იგი და მმართებლობა დასავლეთის საქართველოს
ნაწილისა მიანდო ერთს ერთგულს მოსამსახურესა, რომელსაც მისცა ძლიერი
ჯარი19. მშვიდობიანობის დროს მმართებლობა იმ ოთხის ხელმწიფისა წარმოიდგენს
მომატებულად იმის მზრუნველობასა, რომა ისინი სცდილობდნენ ქალაქების
აშენებასა, სამზღვრების გამაგრებასა და მცხეთის განმშვენიერებასა ახალის
შენობაებით, ტაძრებითა, კერპებითა, და სამსხვერპლოებითა. საქართველოს
მატიანე გვიჩვენებს, რომა საურმაგმა ამართა კერპები: ანიანი და დანიანი;
მაგრამ სომხური წელთაღწერა საურმაგისას ამბობს, რომა იმან ააშენა ოთხი
კერპი, რომელთა რიცხვშიაც, ზემოხსენებულ გარდა, უფ. ბროსსეს აზრით
შეიძლება, რომ ყოფილიყვნენ გაცი და გაიმა. ფარნაჯიმ ააშენა მცხეთაში ჩელთის
მახლობლად ქალაქი ნელაკრისი, რომელიც ეხლა აღარ არის და რომლის ადგილსაცა
ჰქვიან აქამომდე სახელი ნეკრესი და იცავს ერთს შენობის ნანგრევსა, როგორც
ნაშთსა თავის უკანასკნელ აყვავებისასა. იმანვე ააშენა თავის დედაქალაქში
„მოგტა“, სახლი, რომელიც იყო მოგვების თავის შესაფარებელი ბინა და იმის წინ
მშვენიერს მაღლობ ადგილზე, არაგვის წყლის მარცხენა მხარესა, სადაც ის
ერთვის მტკვარსა, ააშენა ტაძარი, სამსხვერპლე და ამართა კერპი ზადენი.
ძნელი ასახსნელია, რომელს სარწმუნოების სისტემას ეკუთვნოდნენ თვისი
შთამამავლობით ღმერთები, რომელთ სადიდებლადაც იყვნენ ამართული ეს კერპები:
იმათი სახელები არ არის არც საბერძნეთის ღმერთებს შორის, არც ეგვი პტისა და
არც ზენდავესტის სულთა კრებაში. უფ. ბროსეს აზრით, დანიანი არი
ქართველებისაგან შეცვლილი სახელი ბერძნების დიანასი. იმ დროების შენობის
რიცხვს მიეთვლება დარიალის სიმაგრე. ქართლის ცხოვრებაში არის მოხსენებული,
რომა მირვან მეფემ, როდესაც შეასრულა ლაშქრობა დურძუკელებისა, გამოაბა
კარები დურძუკეთის შესავალში და გაამაგრა ისა ქვითკირის კედელში. პლინი ამ
კარების აღწერაში ამბობს, რომა ის იყოვო გაკეთებული მრავალრიცხვი
ჩრდილოეთის ხალხის მოსევის შესაოკებელად; ამას გარდა ამბობს, რომ იმ
კარებიდგან სამხრეთისა მხარეზე იყოო გორაზე ციხე კუმანია20. შესაძლოა
ვიფიქროთ, რომ ეს კარები და ციხე უნდა ყოფილიყო აშენებული ბალქარების
მოსვლის შემდგომ სხვა მთის ხალხის შესაოკებელად, რომელნიც იწევდნენ
სამხრეთისაკენ ბალქარების კვალზე. თუმცა ასე ზრუნავდნენ ხელმწიფეები ამ
ქვეყნის კეთილ-მდგმოიარებისათვის, მაგრამ ყველა ნაწილები საქართველოს
სახელმწიფოსი არ იყვნენ მათს მეურნეობის ერთნაირ ყურადღების ქვეშა,
დასავლეთის ქვეყნებ შორის, რომელნიც უმეტესად იყვნენ დაშორებულნი
საქართველოს კენტროზე. და შუაგულ მდებარე მაზრებს შორის იყო დიდი
განსხვავება. სომხის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომა, როდესაც ვაღარშაკმა
დაიპყრო სამეგრელო, ქვეყანა ხალიბებისა და ლაზებისა, მაშინ შენიშნა, რომა
ეს მშვენიერი და მდიდარი ყოველი მიწის ნაყოფითა ქვეყანა იყო გაოხრებული
დაუდევნელობითა, ხვნა-თესვა იყო თავ-დანებებული, რიონის წყლის პირის
ქვითკირის თირეები იყო გაფუჭებული ყურუგდებლობითა და ამ მდინარის წყალი
აღელვებისაგან ხშირად გადმოვარდნილი მინდვრებზედ აყენებდა მრავალ გუბეებსა,
რომელსაგანაც შეიქმნა ჭაობები. გზებზე იყო ატეხილი ხშირი ტყე, თვით ხალხიც
მიზდევდა მხოლოდ თულობასა. ამგვარი გაოხრების მიზეზი ის იყო, რომ, რაკი
ეგვი პტეში ქალაქი ალექსანდრია აშენდა და ინდოეთისაკენ სხვა სავაჭრო გზები
გაიხსნენ, ძველებური ვაჭრობა მტკვრის და რიონის წყალზედ შესწყდა, თუმცა
ფარნავაზი ცდილობდა მის გავრცელებასა. იქაური მცხოვრებნი, რომელნიც მარტო
თავის ქვეყნის მარჯვე მდებიარობისაგან დაჩვეულნი იყვნენ თითქმის უშრომელად
და უხნავ-უთესვოთაც იმის შოვნაცა, რაც არამც თუ მიუცილებელია
ცხოვრებისათვის, არამდ გარდამეტებულიც არი, ვაჭრობის შეწყდომის შემდეგ აღარ
პოვებდნენ საჭიროდ, რომ რიგიანად შეენახათ რიონის მონიო. იგინი მიეცნენ
დაუდევნელ თულობასა და მტაცებლობასა, თვისშორისი ბრძოლისავით, რომელიც
ზედმოახვიეს თავიანთ ერისთავებმა. სომხის ისტორიკოსების მოწმობით,
ვარღარშაკსა სურდა, რომ უკეთესობაში მოეყვანა ყოფა-ცხოვრება თავის ახალ
ქვეშევრდომილის ხალხისა და ამისათვის გაგზავნა იქა ოცდაათი ათასი მუშა,
რომელთაც გათხარეს არხი რიონში წყალთა ჩასადენად; გაასწორეს ბევრი
სიმაღლეები, ამოაშრეს და შეამაღლეს დაცემული ჭაობი ადგილები; გაასწორეს
ძველი თირეები რიონისა; გამოჩეხეს ტყე და გახსნეს ხელახლა გზები21.
ქართველთ მეფეების სახლობას ამ ეპოქაში, როგორცა ჰსჩანს, ჰქონია დიდი
სიმდიდრე. არა მარტო შენობეებით შეიძლება ეს განვისაზროდ. მარტო ფარნაჯიმ,
როცა გაიქცა პონტოს, გაიტანა საქართველოდგან იმდენი ძვირფასი ნივთეულობა,
რომ იმის მეოხებით ათი წელიწადი ნაქირავის ჯარითა ეომებოდა უბედურად
არშაკსა. სიმდიდრე მეფეთა შეიძლებოდა ყოფილიყო ოქროსა და ვერცხლისაგან, და
ინდოეთის ძვირფას ქვათაგან, როგორც ფულად, ისე ნივთეულად. მაშინდელ ფულსა
ერქვა „ხვასტანგი“, რომელიც ერთის ცხვარის ფასად გადიოდა ხალხში. ამ
ძველთაგან ძველის ქართული ფულის დედანი, როგორც გვარწმუნებენ ჩვენის
დროების ნუმიზმატები, არისო ბევრს მუზეუმებში. თუმცა მიწის ნიადაგი
შეიძლებოდა ყოფილიყო გაუწყვეტელ ქონების წყაროთა, მაგრამ სახეში რომ
ვიქონიოთ ხალხის ჯაფის უსიყვარულობა, გამოვა, რომ უმთავრესი წყარო
მაშინდელების სიმდიდრისა იყო ისე ნაყოფიერება დედამიწისა არა, როგორც ბაჟი
ყოველ იმ საქონელზედ, რაც კი, რომ გადმოჰქონდათ იმათ მამულებზედ ინდოეთიდამ
ევროპაში და ევროპიდამ ინდოეთში. ჯერ მაშინაც, როცა, სხვა გზების აღმოჩენის
გამო მოაკლდა ამ შარაგზასა სავაჭრო საქონლის გადატან-გადმოტანა, ჯერ
მაშინაც, როგორც გვარწმუნებს პლინი, რომი შორაპანში გზავნიდა ასს მილიონს
სესტერცისა22 იმ საქონლის ბაჟად, რომელსაც უვლია ამ ქალაქზედა რომში
წასაღებად; მაშასადამე, ჯერ კიდევ ფარნავაზისაგან შორაპნის აშენების კარგა
უწინ და იმ დრომდე, რომელზედაც ლაპარაკობს პლინი, შემოსავალი ქართველთ
მეფეთა უფრო მომატებული უნდა ყოფილიყო. აუარებელი განძი მოულოდნელად
ნაპოვნი ფარნავაზისაგან გამოქვაბულ კლდეშია გვაძლევს მიზეზს ვიფიქროთ, რომ
ის განძი მოგროვილი იყო თვითონ ფარნავაზის წინაპართაგან და მათგანვე
დამალული ალექსანდრე მაკედონელის არეულობის დროს; ამას გარდა, ძნელი
დასაჯერებელია, რომ ამ განძის ამბავი არ ჰსცოდნოდა ფარნავაზის დედასა,
რომელიცა შველოდა კლდიდამ საიდუმლოდ გამოტანასა. აქედამ შეიძლება ვიაზროთ
სიმდიდრე ერისთავებისა და ხალხისაცა, რომელიც თავის დღეში თავის მეფეებს არ
უყურებდა ისეთი დამონებითა, როგორც სხვა აზიის ხალხი, ეგ უპატრონო და უმწედ
შთომილი სხვერპლი თავის დესპოტებისა. |
1. Strab. I. XI. p. 343 2. St. Martin, Recherches sur I1 hist. de I1Asie, chap XI 3. Plin. I. VI. c. 12. 4. Annal de Tecite, I. IV. eh. 33 5. Березин. Путешествие по Дагестану и Закавказью, стр. 120. 6. Березин, примъч. к путеш. По Дагест. и Закав. стр. 61. Географ. Паппа Александрийскаго, псевд. Моисея Хоренскаго, описание Сарматии 7. Strab. L. XI, p. 349 8. Ptolom. Geogr. I. IV. cap. 11. 9. გეოგრ. ვახუშტისა. გვ 244. 10. Plin. I. VI, c. 14. 11. 1 St. Martin, Recherches sur I1 hist. de I1Asie, chap XI 12. Recherches sur I1 hist. de I1Asie, chap XI 13. Recherches sur I1 hist. de I1Asie, chap 20 14. ვახუშტი (გეოგრ. აღწერა გვერდი 8 და 26) სწერს, რომა არმუზის სკერპი იყოვო უშველებელი დიდი, ოქროთი მოსილი; თვალები ჰქონდა გაკეთებული ძვირფასი ქვითა და ბრწყინვალე გვირგვინი, ამისთანავე ქვებით მოჭედილი, ედგა თავზე. იმის გულისათვის იყო დაწესებული დღეობა, რომელსაც გადიხდიდნენ ხოლმე მთის ძირში. იქ შეიყრებოდა მრავალირიცხვი ხალხი და მოვიდოდა ხელმწიფეცა დიდიკაცებითა და საკრავებითა და ბუკის კვრით შესწირავდნენ ზორვასა: ზოგი ხოცავდა ხარებსა, ზოგნი ცხვრებსა, ირმებსა და გარულ თხებსა და ზოგნი იმ საზარელ დავიწყებამდე მიაღწევდნენ ხოლმე, რომა მსხვერპლად შესწირავდნენ თავის შვილებსა. მას შემდგომ დაიწყობდნენ ლხინსა, როკვასა და სხვა სამხიარულო თამაშობასა, რომელიც გასწევდა სამი დღე. ამგვარი დღეობა იყო დანიშნული სხვა ღმერთებისათვისაც. 15. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა; გვერ. 121. 16. Мойсей Хорен, кн. II, гл. 8 17. იგივე თავ. 10. 18. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა; გვერ. 125. 19. Grev. hist. Rom. tom. X, liv. 33. 20. Plin. Iib. VI, cap. 12. 21. Recherches sur I1 hist. de I1Asie, chap 20 22. Plin Iib. VI, cap. 23. Plutar.; vie de Jueul 24. Sbid; vie de Pemp
25. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა. გვერ.
126 |
![]() |
8 რომაელთა ლაშქრობის ეპოქა საქართველოში |
▲back to top |
რომაელთა ლაშქრობის ეპოქა საქართველოში მდგომარეობა საქართველოსი მეზობლად მდებარე სამეფოების მიქცევ-მოქცევის
მიხედვით რომაელთა ლაშქრობის დასაწყისში. – რომაელთა ლაშქრობის მიზეზი. –
არტაგის დაზავება დიდს მიტრიდატთან, სომხეთის მეფეს ტიგრანთან და ალბანიის
მეფე ორეზთან. – საქართველოს სამხედრო ღონისძიება. – რომაელებთან ბრძოლა.
ზავის დარღვევა და პომპეის არტაგის შერიგება, რომაელთა ჯარის ყოფნა
საქართველოს სამძღვრებში, ამ ლაშქრობის შედეგი.
არშაკ პირველის შემდგომ 81 წელიწადში ქრისტეს წინად დაჯდა ქართლის სამეფო
ტახტზედა იმისი შვილი არტაგი. ამ ხელმწიფის მეფობაში, როგორც ამბობს
ქართული მატიანე, სპარსელებმა დაუწყეს ომი ამასა ვითამ იმისათვის, რომ
იმისმა მამამ არშაკმა გამოაგდო საქართველოს მეფე ფარნაჯი – შვილი
მირვანისა, რომელიც შთამომავლობით იყო სპარსელი, მაგრამ მხედველობაში რომ
მივიღოთ ქვემოთ მოყვანილი გარემოება, ცხადი არის, რომ მატიანე ჰსცდება:
დროც შეშლილი აქვს და იმ ხალხის სახელიცა, რომელიც იმ დროსა საქართველოს
ეომებოდა. ეს გარემოება არის: პირველი, რომ არც მირვანი, არც ფარნაჯი არ
ეკუთვნოდნენ არშაკიდების დინასტიას, რომელიც მაშინ მეფობდა სპარსეთშია,
მაშინ როდესაც არტაგი კი იყო დისწული სპარსეთის ხელმწიფისა; მეორე, რომ
თვით ფარნაჯიცა, რომელიც გაიქცა საქართველოდგან პონტოს და რომელსაც ჰყვანდა
პონტოის და საბერძნეთის ჯარი, არშაკთან მთელის ბრძოლის დროების
განმავლობაში არც ერთხელ არ მიქცეულა სპარსეთის ხელმწიფესთან შემწეობის
სათხოვნელად, ალბად იცოდა, რომ ინტერესი არშაკისა და ინტერესი სპარსეთის
ხელმწიფისა ურთიერთზედ გადაბმულია; მესამე, რომ თუ ჰქონდა ვისმეს უფლება
ფარნაჯის გულისათვის შურისგებისა, ის უნდა ყოფილიყო უფრო მიტრიდატი. ეს
მიტრიდატი უნდა წასარჩლებოდა ფარნაჯისა ჯერ როგორც შეურაცხად გახდილს თავის
ნათესავსა, მერე როგორც სტუმარსა, რომელმაც ამის მფარველობას მიჰმართა:
მიტრიდატი ჩამომავალი იყო სპარსეთის ძველ ახემენიდების დინასტიისაგან ისე,
როგორც ფარნაჯის დედაცა; და ბოლოს, მეოთხე, რომა მიტრიდატი, როგორც ჩვენ
ზემოთა ვნახეთ, მართლა ლაშქრობდა საქართველოში, რომელზედაცა ქართული
მატიანე არაფერს არ იხსენებს. არტაგის მეფობის დროს კი, დიდი მიტრიდატი და
იმისი თანამეზავე სომხეთის ხელმწიფე ტიგრანი, დამძიმებულები რომაელებზედ
სალაშქრო მზადემითა, ყოველ ღონისძიებასა ხმარობდნენ, რომ დაუახლოვდნენ
მეზობლად მყოფს მეფეებსა, მეტადრე საქართველოსას და ალბანიისასა. სპარსეთის
არშაკიდებმა კი, არტაშეს პირველის შემდგომ დაუთმეს გვარში უფროსობა
სომხეთის არშაკიდების შთამომავლობასა, იყვნენ დაუძლურებულნი და ამ ეპოქაში
ისტორიისათვის არაფერი შესანიშნავი როლი არა ჰქონიათ.
სელევკიდების დამცირებამა განავრცელა ერთნაირად რომაელებშიაცა და
არშაკიდებშიაცა აზიაზედ მფლობელობის მიმართვა. გააგანიერეს თავის საზღვრები
და წინ წაიწივეს ზოგმა დასავლეთიდგან და ზოგმა აღმოსავლეთიდგანა. მაგრამ
ვიდრე რომაელნი იყვნენ გაბმულნი შინაურ შფოთებ შორის, არშაკიდებმა მოასწრეს
და დაიპყრეს თავის მფლობელობის ქვეშა მთელი ძველი სპარსეთი ეფრატამდინ და
მრავალი მაზრები მცირე აზიისა, მდებარენი ამ წყლის დასავლეთით. რომის
სენატი შეწუხებით უყურებდა მათს მსწრაფლს გამარჯვებასა, მაგრამ არ შეეძლო
წინ აღედგინა მათთვის თავისი ჯარი. როდესაც არტაშესმა შერთო თავისი ქალი
დიდ მიტრიდატსა და ამასთანავე მისცა მთელი შავის ზღვისპირის ქვეყნები და
მფლობელობა კავკასიის ხალხზე, ბოსფორის სახელმწიფოზე და სკვითებზე, მაშინ
სენატსა შეეშინდა აზიაში თავისის გავლენის დაკარგვისა და ამისათვის
მოსთხოვა მიტრიდატსა, რომ გამოსულიყო სკვითეთიდგანა, ბოსფორის სახელმწიფოს
და კავკასიის ქვეყნების მითვისება ზედაც ხელი აეღო. პონტოის ხელმწიფემ, იმ
ახლო ხნის ბრწყინვალე გამარჯვებისაგან შეგულიანებულმა და გამხნევებულმა
არტაშესის მკვიდრი პირობის შეკრულების იმედით, უარი უთხრა სენატს და მას
შემდგომ მაშინვე არტაშესი დაიძრა მცირე აზიისაკენ დანარჩენ დასავლეთის
ქვეყნების დასაპყრობლად. – როგორც ამბობენ სომხეთის მწერლები, იმან მიაწია
კიდეცა ეგეისის ზღვისპირამდინა. მაგრამ 96 წელს ქრისტეს წინად ის მოჰკლა
ერთმა მისმა გულამღვრეულ ჯარისკაცთაგანმა. არტაშესის შემდგომ სომხეთის
მეფის ტახტზედ დაჯდა იმისი შვილი ტიგრანი, ერთგულად მომხმარებელი თავისი
მამის პოლიტიკისა; მაგრამ ამ დროებიდგან პირველი როლი რომაელთა აზიაში
მფლობელობის მტრობაში ჰქონდა დიდ მიტრიდატსა და არა ტიგრანსა. შემდგომ ცხრა
წლის განმავლობაში მიტრიდატი იქამდისინ გამძლავრდა, რომ სულ ერთიანად
დაიპყრო რომის მაზრები აზიაში. ეგეიის არქი პელაგი, სადაცა იმის ბრძანებით
რამდენსამე დღეში გასწყვიტეს 80000 რომაელნი, შემდგომ გავიდა ევროპაში და
დაიპყრო ათინის ქალაქი და არაკეთი. რომმა, ელდანაცემმა ამ საშინელის
მრისხანე მტრისაგან, თუმცა შინაურულ შფოთსაც ვერ ასვლოდა, მაგრამ მაინც
კიდევ 87-ე წ. გაგზავნა იმის მოპირდაპირედ თავისი საუკეთესო ჯარითა
განთქმული სარდალი სილლა. სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომელიც
გამოჩენილია მრავალ სისხლისმღვრელობითა, სილლამ ბოლოს კი მოახერხა
მიტრიდატის ოტება საბერძნეთიდგან და მცირე აზიიდგან და დაუდო დაზავების
პირობა თვით პონტოის სამძღვარშია. მაგრამ შერიგების და ზავის დროსაცა
მიტრიდატი ხედავდა, რომ სენატს თვით სამართლიან თხოვნაზედაც ვერ
დაიყაბულებდა ხოლმე და რადგანაც არ ჰკარგავდა აზიიდგან რომაელების
განდევნის იმედს, ხელახლად სალაშქროდ მზადება დაიწყო. რომაელნი, რომელნიც
თვითონ იყვნენ ბრძოლის მიზეზნი, მზად იყვნენ აგრეთვე საომრად და პირველსავე
შემთხვევაში 73-ე წელს წამოვიდნენ მიტრიდატზედ ლუკულლას წინამძღოლობითა.
რამდენსამე გამარჯვების შემდგომ ლუკულლამ, რაკი გაჰყო ორი დაზავებული
ლაშქარი, პონტოისა და სომხეთისა, თავდაპირველად აიკლო ნახევარი სომხეთი,
შემდგომ გამოუბრუნდა არეზის წყლიდგან ჩრდილოეთით მიტრიდატსა, რომელიც
მიმალული იყო კოლხიდაში. გაიარა სამხრეთ-დასავლეთის საერისთოვები
საქართველოსი, რომელსაც პლუტარხმა დაარქვა ქვეყანა თიბარენებისა23, და
სუყოველისფერი, რაც კი წინ დახვდა იმ მხარეში, ლუკულამ უმსხვერპლა თავის
გაუმაძღარს ანგარებისმოყვარებასა.
არტაგი, რომელსაც აქამომდე არ მიეღო მონაწილეობა მიტრიდატისა და ტიგრანის
რომაელებთან შებმაშია, იძულებული იყო ამ ლუკულლას საქმეებისა გამო, რომ
თავის სამფლობელოს დაცვაზედ ეფიქრნა, თუმცა ლუკულლა ამის შემდგომ მაშინვე
დაიბარა სენატმა რომის ქალაქში. საქართველოს მეფეს ესმოდა, რომა იმისი
შეძლება სხვების შეუწევნელად საკმაო არ იყო რომაელებთან შებმისათვის, და
ამისათვის შეუთვალა მიტრიდატსა და ტიგრანსა პირობის შეკვრა ერთი ერთმანეთის
საშველად. იმათ დაუდეს პირობა და ამაზე მოიწვიეს ალბანიის ხელმწიფე
ორეზიცა24, რომელიცა, როგორც გვარწმუნებს ერთი უკანასკნელთაგანი ქართველი
მემატიანე, იყო ღვიძლი ძმა არტაგისა, იმისგანვე ალბანიის სახელმწიფო
ტახტზედ აყვანილი25, რომლისაგამოცა ისეთის ხალისით მიემხრო იმათა. როგორც
გვარწმუნებს პლუტარხი არტაგსა ჰყვანდა ჯარი 40000 კაცი26 და აპპიანეს
სიტყვით 70000 (27).
ქართველი ჯარი განთქმული იყო ყოველთვის თავისის გულადობითა და კარგის
დაწყობილობით; ამითი დავალებულნი იყვნენ ისინი, ალბათ, ფარნაოზ მეფისაგან,
რომელმაცა სხვადასხვა დაწყობილებათა შორის, „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით,
დააწესა საქართველოში სამხედრო იერარხია. ისტორიკოსები და ლათინთა პოეტები,
პოლიბიიდგან დაწყობილი, რომელიც ცხოვრებდა მეორეს საუკუნეში ქრისტეს წინად,
ტაციტამდინ, რომელიც არის განთქმული ქრისტესაქეთპირველი საუკუნის
მემატიანებში; ვირგილი, გორაცი და ლუკანი, რომელნიც თითქმის იყვნენ
საქართველოში რომაელთა პირველი ლაშქრობისა თანამედროვენი, ამბობენ დიდ
ქებასა ქართველის ჯარისასა. ამ მწერლებმა დაგვიტოვეს იმისი ამბავიცა, რომა
საქართველოს ჯარს ეცვა წითელი ქულაჯები (кафтан) და ყოფილან გაყოფილი
ცხენოსან და ჩინებულ ქვეითი ჯარათა. ამ ჯარის გარდა, რომელიც იყო
მომარჯვებული გადასვლა-გადმოსვლისათვის როგორც გარემოება მოითხოვდა,
საქართველოსა ჰქონდა დიდი ღონისძიება თავის დასაცველად, როგორათაც ადგილის
მდებარეობაში, აგრეთვე იქ მცხოვრებლების ვაჟ-კაცობაში. რომ არ გაგვიტაცოს
სტრაბონის ნაჩვენებმა, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ერთს სვანეთს შეეძლო
200,000 შეიარაღებული კაცის გამოყვანაო, მაინც შეგვიძლიან ვსთქვათ, რომა
ყველა ქართველი ხალხი კარგად ხმარობდა იარაღსა და შეეძლოთ დაცვა თავისი
სამშობლო, მჭიდროდ დასახლებულის ხეობეებისა. აი, რა იყო სამხედრო
ღონისძიება საქართველოსი პირველსავე სახელმწიფოს დაარსების საუკუნოებში;
ისინი ყოველთვის წარმატებით წინ დაუდგებოდნენ ყველა მეომარსა, თუ რომ მათი
მეფენი ყოველთვის ნიჭიერად მოიხმარებდნენ. ლუკულლას განშორების შემდგომ,
მიტრიდატი, გაცოცხლებული ახალის დაზავებითა, შეიქმნა უწინდებურად საშიში
რომაელთათვის. 67 წელ. იმან დაამარცხა ზელეს მახლობლად რომის ჯარი მდგომარე
პონტოში ლუკულლას ადგილისა, ტრიარის ბრძანების ქვეშ მყოფი, და დაიბრუნა
თითქმის სრულად თავისი სახელმწიფო, მაგრამ სენატმა შეიტყო თუ არა ეს
ამბავი, მაშინვე შეჰკრიბა მრავალრიცხვი ლაშქარი, და გამოატანა პომპეისა.
ამ სარდალმა თავდაპირველად თავისაკენ მოიმხრო ქრთამითა და მლიქვნელობითის
დაპირებითა ტიგრანისა და მიტრიდატისა შვილები და ამითი მოშალა მათი შინაური
თანხმობა პონტოში და სომხეთში. დასასრულ 66 წელ. გაბედა მიტრიდატზედ
დაცემა, რომელიც იდგა ბანაკად ეფრატის წყალზედა. ღამის ბრძოლამ დააბოლოვა
ლაშქრობის საქმე, – მიტრიდატი გაიქცა, გაიარა სამეგრელო და გავიდა
დიოსკურიაში. პომპეიმ კი მაშინათვე გამოაცხადა მიტრიდატის ტახტიდამ
ჩამოცლა. – დანიშნა რა პონტოის მეფედ შვილი იმისი ფარნაკი, ის წავიდა
სომხეთში ტიგრანის სადევნად, რომელიცა იქაური ხელმწიფის შვილის შემწეობით
თითქმის ხმის ამოუღებლად დაუმორჩილდა პომპეისა. აქედგან პომპეიმ გასწია
მტკვრის პირისაკენა, დაიზამთრა იქა, გაზაფხულზე მტკვარგაღმა გავიდა და
შეება ალბანიის ხელმწიფესა, რომელიც ელოდა თავის სახელმწიფოს სამძღვარზედა.
რამდენსამე ომის შემდგომ ორეზმა ჰსთხოვა შერიგება, პომპეიმ შეირიგა და
გამოართვა ძევლად შვილები.
ალბანიის დაპყრობის შემდგომ, პომპეიმ დაიწყო საქართველოში ლაშქრობა. ამ
ლაშქრობის ამბავს გვაცნობებენ ჩვენა დიონ კასსიე, აპპიანი და პლუტარხი28
ისრე ყრუთა, რომა არ არის შესაძლო არამც თუ აღწერა იმისი ზედმიყოლითა,
არამედ არ შეგვიძლიან ვსთქვათ ისიცა, რომა საიდგან მოვიდა პომპეი ამ
ქვეყანაში – სომხეთითგანა, თუ ალბანიითგანა; გაიარა იმანა თუ არა შიდა
მაზრები, თუ რომელსამე საქართველოს ნაწილში ამისი მოქმედება დაბოლოვდა.
ჩვენ ვგონებთ ვარაუდითა, რომა შემოესივა მხოლოდ მესხების ქვეყანასა,
ეხლანდელის ახალციხის მაზრასა და ბორჯომის ხეობასა, იქნება სურამამდისაცა.
ამ ლაშქრობაზე არაფერი არა არის რა მოხსენებული უმთავრესს ქართულს
მატიანეში „ქართლის ცხოვრებაში“, რომელშიაცა საზოგადოდ იშვიათად არის
მოხსენებული ამბავი იმ შემთხვევებზე. რომელიც ქართლში არ მომხდარან.
რომაელების მწერლების ნაჩვენებიდგან ჰჩანს, რომა პომპეი შემოსულა
საქართველოს სამძღვარში გაზაფხულზე 65 წ. ქრისტეს წინად. არტაგსა სურდა
დაეშლევინებია ამისათვის შემდგომი წინ წამოდგომა, ან შეოკება მაინცა
იქამდისინ, ვიდრე მოეშველებოდნენ მოსარჩლენი და გაუგზავნა იმასა დეპუტაცია
მოსარიგებლად. პომპეი, ალბად, მიუხვდა მორიგების განძრახვასა და
დაუყოვნებლივ მივიდა რაღაც აკროპოლისამდინა, რომელიც მდებარებდა მტკვრის
პირზე, – ორს მთის ქედებთა შორის. ხელმწიფე გავიდა წყალგაღმა და დასწვა იმ
წყლის ხიდი. ამით პომპეი აქამდისინ დაბრკოლდა იქა; ვიდრე აკროპოლისის ჯარსა
არ დაათმობინა ციხე. რომის ჯარი გავიდა მტკვარში ათი ათასის ნავტიკითა და
დაეშვნენ ტყით შემოსვილს ხეობაში არტაგის სადევნელად. ამ ხეობაში
მცხოვრებლები ავიდნენ ხეებზედა და მახლობლად მდებარე სიმაღლეებზედა და
იქიდამ მიუშვეს პომპეის ჯარზედა მრავალი ისრები და ქვის სეტყვა. ყოველი
ფეხის გადადგმა ძვირად უჯდებოდათ რომაელთა. მასთანავე ისინი მსწრაფლ
შეემთხვნენ ახალსა და უფრო დიდის ხნის დაბრკოლებასა. არტაგი გავიდა პელორის
წყალშია და დააწვევინა ხიდი. პომპეი უნდა დამდგარიყო აქა, ვიდრე არ
დაიკლებდა წყალი, უნდა ეჩეხა და გამოეწვა გარეშემო ტყეები, რომ გადაერჩინა
თავისი ჯარი ყოველის დღის დიდს დასაკლისსა, შემდგომ, როდესაც წყალმა იკლო
და ფონიც გაიხსნა და თვით არტაგმაც გაიგო, რომ წინასწარის გარემოებით ზავი
კიდეც მოიშალა, გაბედა თავისი საკუთარის ღონისძიებით მტერთან შებმა; წყალში
გასვლის დროს მოხდა დიდი ომი, რომელშიაცა, როგორც ამბობს პლუტარხი,
საქართველოს ჯარი დამარცხდა, 1000 კაცი მოკვდა და 9000 დარჩნენ ტყვედ. –
ხელმწიფე მსწრაფლ უკან დაბრუნდა და მაშინვე შერიგება ითხოვა. რომის
სარდალი, თუმცა შერიგების თანახმა შეიქმნა, იმ პირობით, რომა არტაგს უნდა
მიეცა ამანათად ერთი შვილი, მაგრამ კი მაინც შეუდგა დევნასა იმავე
გაჭირვებით, რომელიცა შეემთხვა ხეობაში შესვლის დროსა. ამ ამანათის თხოვნამ
ცოტაოდენს ხანს დააფიქრა მეფე; მაგრამ რო ნახა რომა ვერაფრით შეეძლო
შეოკება პომპეის წარმატებისა, იმან ბოლოს გამოუგზავნა თავისი შვილი და
საჩუქრები; სარეცელი, სტოლი და სკამი, ჩამოსხმულები წმინდა კვრივის
ოქროსი29.
არტაგის შერიგების შემდგომ პომპეი დაეშო რიონის აუზზედ და მიაღწია
სამეგრელოსა და სხვა ზღვისპირს მდებარე საქართველოს მაზრებამდისინა,
რომელნიცა ვაგარშაკის, როგორც ჩვენა ვსთქვით, დროების შემდგომ განუდგნენ
საქართველოს სამეფოს და მერე არტაგშესის დროს შევიდნენ მიტრიდატის
მფლობელობაში. ამ მაზრებში მცხოვრებელთა, რომელნიც გაუწყვეტლად აწუხებდნენ
მეფეებსა მათ მოადგილების წინააღმდეგობითა და ანღვრევითა, დასასრულ
ლუკულთან ომების შორის. – 72 წ. დიდის მიტრიდატისაგან მიეცათ ნება, რათა
თვითვე ამოირჩიონ ხოლმე თავისი მმართებლები. იმ დროებითგან იმათი
მმართებელი იყო აქაური მცხოვრებელი სახელად ოლთაქი. პომპეიმ შერიცხა ისინი
რომის ქვეშევრდომებად. წაიყვანა ოლთაქი ამანათად და იმის მაგიერად დანიშნა
ერთი თავისი მოღვაწეთაგანი, არისტარქი. სამეგრელოდგან იმან გასწია
აფხაზეთისაკენა და უნდოდა მისვლა დიოსკურიამდე. ეგონა, რომ იქ მოასწრობდა
მიტრიდატსა, მაგრამ ძნელმა გზამა, გაუწყვეტელმა ზიანმა, რომელსაც აძლევდა
მთის ხალხი და ამასთან ალბანების აღელვების ამბავმა აიძულეს, რომ
დაბრუნებულიყო და წასულიყო ისევ ალბანეთში. ამ ქვეყნის დაშოშმანების
შემდგომ პომპეიმ გაილაშქრა გელლებზედ, ლეკებზედ და გირკანელებზედ და მერე
სომხეთით გავიდა სირიაში.
პომპეისა, საქართველოში ყოფნის დროს, აცნობეს, რომა მტკვრისა და რიონის
წყლით შეიძლება ინდოეთითგან შავ ზღვამდინ სავაჭრო საქონლის მიტანა. მარკ
ტერენტი კარიონმა, რომელსაც ჰქონდა მინდობილი ამისი გამოძიება, ამაზედ
შეაგროვა ნამდვილი ცნობანი; მაგრამ რაში მოიხმარეს ის გამოძიება, ის კი არ
ვიცით.
ალბათ სამხედრო გარემოებისაგან, პომპეიმ ვეღარ მოიცალა ამისთანა უპiრატესი
საქმისათვის და სავაჭრო შარაგზა, საქართველოზე მომავალი, დარჩა იმავე
საცოდავს მდგომიარებაში, როგორათაც ამას წინად იყო მიყვანილი.
ლუკულს ეგონა კავკასია ათასის ხელმწიფის ბუდეთა. იმის შემდგომ პომპეი
დაერწმუნა კავკასიის ხალხის ვაჟკაცობაზედ და იქიდგან დაწყობილი, როდესაც
რომაელნი დაიწყობდნენ ხოლმე დიდს ლაშქრობასა სომხეთში ან სპარსეთში, ცხადია
რომა ამათ ჰქონდათ იმ ხალხის დაცემის შიში და იმით თავი და თავ
ქართველებისა, რომელთ ქვეყანაშიაცა მეფობდნენ მეფენი, სომხეთის და
სპარსების ხელმწიფების დინასტიის შთამომავლობისანი. ეს დაცემა შეიძლებოდა
მომხდარიყო მარცხენა ფლანგიდანა ან უკანით – ეგ იმაზედ იყო დამოკიდებული
იმოდენად, რამოდენსაც რომაელნი აღმოსავლეთში შორს შეიწევდნენ. ამისი შიში
არ მოასვენებდა ხოლმე იმათა, როდესაც ევფრატია და ტიგრი შეკრული ჰქონდათ
კარდონებითა და ამისთვის პომპეის შემდგომ ყოველთვის ცდილობდნენ ქართველის
მეფეების დამორჩილებასა. იმათ იცოდნენ, რომ ქართველებსა, თავის თავათაც
ვაჟკაცებს, ეჭირათ კავკასიის მთის კარებები. რომელიცა იმათის ნებით
გაიღებოდა აზიაში შემოსასევად სარმათის ველურის და მტაცებელის
ურდოებისათვისა; და ამისთანა შემოსევანი როგორც ზემო აზიის ხალხისათვის
ამაოხრებელნი იყვნენ, ისე იქა მდგომარე რომის ჯარისათვისაც იყვნენ საშიშნი.
რომ რომაელთა ვერ განავრცელეს თავის მფლობელობა ტიგრს იქითა – ეს იყო იმისი
მიზეზი. ამნაირი გეოგრაფიული მდებიარება საქართველოსი, ევფრატისა და ტიგრის
წყლებითა გაყოფილ სახელმწიფოებთანა, იყო უპირატესი მიზეზი, რომ თვითეულად
ყველა ამ სახელმწიფოებთაგანი სტრატეგიის მოაზრებითა ყოველთვის სცდილობდნენ
დაეპყრათ საქართველო. ესე ეკიდებოდნენ, ერთის მხრით, რომაელნი პომპეის
შემდგომ, საბერძნეთის იმპერატორები რომაელთა შემდგომ და ოსმალები ბერძნებს
შემდგომ; მეორეს მხრით, სპარსები ძველისძველადგანვე რომაელთა, საბერძნეთის
იმპერატორებთა და ოსმალებთა მთელს ჩვენის მტრობის დროს ეგრეთვე ექცეოდნენ. |
26. Sbid; vie de Pomp 27. Appien tom. I. p. 339 28. Plutar.; vie de Pomp. Dion-Cassius; LXXXVI, C. 33, 36 et 37; XXX-VII, c. I. Appien. I. t. p. 339 29. Plut. vie de Pomp |
![]() |
9 გარემოება ართაგის სიკვდილიდგან ფარსმან პირველის გამეფებამდე. |
▲back to top |
გარემოება ართაგის სიკვდილიდგან ფარსმან პირველის გამეფებამდე
ბარტომის მეფობა (65-53). იმისი ზრუნვა საქართველოს კეთილგანწყობილობაზე –
მირვანის ლაშქრობა – მირვან მეორის მეფობა (33-23) – არშაკის მეფობა (23-3)
– იმისი მოკვლა. – საქართველოს დასავლეთის მაზრების სვე ამ პერიოდში.
საქართველოდგან რომის ჯარის წასვლის შემდგომ ცოტას ხანში მოკვდა არტაგი და
იმის მემკვიდრედ დარჩა იმისი შვილი ბარტომი – ქართული მატიანე გვაჩვენებს,
რომა მომატებულმა დროების ნაწილმა ამის გრძელჟამიერ მეფობისამა განვლო
სახელმწიფოს კეთილ-განწყობილებაში მოყვანის, მცხეთის გალავნის განვრცელების
და ქალაქების გამშვენიერების ზრუნვაში; რომ იმის მეფობის დასასრულს ჟამს
საქართველოს მშვიდობიანობა მოშალა უცხო ქვეყნის ჯარების შემოსევამა,
რომლითა წინამძღომელი იყო მირვანი (შვილი არშაკიდებისგან განდევნილ
საქართველოს ხელმწიფის ფარნაჯისა), რომელიც ცდილობდა დაებრუნებინა თავისი
უფლება საქართველოზედ. მაგრამ სხვა წყაროთგან ჰჩანს, რომა მირვანის
შემოსევის მიზეზი, შთამომავლობის უფლების გარდა, იყო სხვა გარემოებაცა. 34
წ. ქრისტეს წინად მარკ-ანტონიიმ რომ დაუწყო ლაშქრობა სპარსეთსა, მოსთხოვა
სომხეთის ხელმწიფეს არტავაზდასა შემწეობა რომის ჯარისათვის, მაგრამ რომ
შეამჩნია იმასა თავის მორიდება და ამასთან სპარსეთში დამარცხდა კიდეც,
მაშინ მიმართა საომრად სომხეთსა. არტავაზდას თხოვნით, ქართველები
მოეშველნენ ამასა30. ვიცით, რომა ეს ლაშქრობა გათავდა იმითი, რომ არტავაზდა
დაატყვევეს, დასაჯეს და გაჰყვეს ნაწილებად სომხეთი. ბარტომიც არ შეიძლებოდა
დაუსჯელად დარჩენილიყო და უსათუოა, რომ მირვანის დაცემა, რომელსაც თავის
დღეში სიბერემდინ არ გაუმხილებია საქართველოს მითვისება, იყო დამოკიდებული
მარკ ანტონის პოლიტიკაზედ.
მოძრაობა მირვანისა, როგორც ამბობს „ქართლის ცხოვრება“, ცოტაოდენს ხანს
შეოკებული იყო დებედას წყლის მარცხენა მხარესა, ხუნანის ციხის მახლობლად.
ომი იყო გამართული გაუწყვეტელი ერთი ერთმანერთის ფალავანების გამოწვევით და
თვითონ მირვანმა, თუმცა ხნიერი იყო, მაგრამ ბრძოლაში მოჰკლა სამი საუკეთესო
ბარტომის თანამოღვაწე. ეს ლაშქრობა გათავდა 33-ე წ. ბარტომის სიკვდილითა,
რომლის შემდგომაც გამარჯვებული მირვანი საქართველოს მეფედ მიიღეს. ამისი
ათის წლის მეფობა არ იყო გამოჩენილი არაფერის ისტორიულის საქმითა. ის
მოკვდა 23-ე წელიწადზედ და იმის მემკვიდრედ დარჩა იმისი შვილი არშაკ31.
ქართველი მემატიანეები უწოდებენ ამას არშაკად, მაგრამ მგონია უფრო შესაძლო
იყოს, რომ მირვანი, მტერი არშაკიდებისა, რომელსაც თვითონ ერქვა ძველებური
სპარსული სახელი, ამჯობინებდა შვილისათვისაც დაერქმია არბაქი და არა
არშაკი.
არბაქის მმართველობა ქალაქების გამშვენიერების და ციხეების განვრცელების
ზრუნვის მიხედვით წარმოიდგენს ბარტომის მეფობის დამატებასა. ამ მეფეებმა
ერთი ორად გაამშვენიერეს საქართველოს ბუნება იმითი, რომა ხელოვნებაც
შეურიეს, მოიყვანეს თავისი სახელმწიფო კეთილ მდგომიარებაში. არბაქის
თანამედროვე, სტრაბონი, რომელიც იძიებდა საქართველოს ამბავსა, თუმცა
ცოტაოდენად იმაზედ გვიან, ამბობს, რომა ეს ქვეყანა იყოვო მოჭედილი მდიდარი
ქალაქებითა, რომელნიც გამოჩენილნი იყვნენ ყოველ არხიტეკტურის წესზედ
აშენებულ სახლებითა, ჰქონდათ ლამაზი მოედნები (ფორუმი) საყოველთავო
შენობები. სახლები უფრო აგურით შენდებოდნენ და კრამიტითა იხურებოდნენ32
იმას გარდა, როგორც ჩვენა ვსთქვით კიდეცა ზემოთ, ქართველებმა ძველადგანვე
იცოდნენ ხმარება თლილის სიპი ქვისაცა და კირისაცა.
არბაქმა დაასრულა თავისი ხელმწიფობა ისე, როგორათაც ბარტომმა. მე-3 წელ.
ქრისტეს წინად, მოვიდა, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარებითა ბარტომის
შვილისშვილი, ფარსმანი, რომელმაც გამოითხოვა არბაქა ხელდახელ საომრად.
მოჰკლა ისა და დაჯდა ხელმწიფედ გაუქმებულ სამეფო ტახტზედა.
ამ ცვლილების დროსა საქართველოს დასავლეთი ქვეყნები, რომელნიც შეარდგენდნენ
სამთავროს დიდის მიტრიდატისასა და რომელსაც უძახდნენ კოლხიდასა, ხან ერთს
ეჭირა, ხან მეორესა. მიტრიდატის შვილმა ფარნაკმა, ბოსფორის ხელმწიფემ,
სარგოიანად მოიხმარა ცეზარისა და პომპეის ურთიერთშორისი ბრძოლა: 43-ე წ.
ქრისტეს წინად, შემოესია ამ ქვეყანასა, გამოაგდო იქიდგან არისტარქი და
თავისად დაიმორჩილა. მაგრამ იმ ცოტას ხანში თვით მოკვდა და იმის ადგილი
დაიჭირა იმისმა სიძემ და სარდალმა, ასანდრი პირველმა. იმავე დროსა ერთი
დიდი მიტრიდატის შვილებთაგანი, მიტრიდატი, ცეზარისაგან განთავისუფლებული,
სომხეთის ხელმწიფის ტიგრანის თავდებობითა შეუდგა კოლხიდის მითვისებასა.
ასანდრმა მოჰკლა ისა, მაგრამ რომის სენატისაგან შეშინებულმა მიიღო უბრალო
წოდება არქონტისა. ავგუსტი, მოტყუებული რომისადმი იმის თვალთმაქცურის
ერთგულობითა, 36-ე წელ. ქრისტეს წინად დააჯილდოვა ისა ხელმწიფის ტიტლოთი.
ამგვარად, იმან იმეფა 32 წელიწადი, – და ამ დროების განმავლობაში ისე
აწარმოებდა საქმესა, რომა მომადრიელებული ჰყვანდა როგორც თავისი
ქვეშევრდომი ხალხი, აგრეთვე რომიცა და სხვა მეზობლად მყოფი ხელმწიფებიცა.
მე-14 წელ. ქრისტეს წინად ის მოკვდა უშვილოდ და სკრიბონიუსმა, რომელიც დიდი
მიტრიდატის ძმისწულად ჰრაცხამდა თავის თავსა, დაიწყო მითვისება მეფობისა;
მაგრამ რომის სპასპეტმა მარკ აგრი პპამ მოაკვლევინა ისა და ბოსფორის
სახემწიფო კოლხიდითურთ მისცა პოლემონსა, ზენონ ლაოდიკიანელის შვილსა.
კოლხიდის მიწის ნიადაგი თუ უკეთესი არა მდარე არასდროს არ არის სხვა
შუაგულსს საქართველოს საუკეთესო ადგილებზე, მაგრამ ამის აღყვავებაზედ ამ
დროებაში არ შეიძლება ითქვას ისა, რაც ვსთქვით საქართველოს სახელმწიფოს
მდგომარეობაზედა. სტრაბონი ცხადად ამბობს კოლხიდის გარდამეტებაზედა33;
სჩანს, რომა კოლხიდის მმართებლები თავის თავისათვის უფრო მომატებულად
ზრუნავდნენ, ვიდრე იმ ქვეყნისათვის, რომელიც ბედისწერამ მიანდო იმათ
განმგებლობასა. |
30. Мойсей Хоренский кн. II гл. 22 31. Additions et ecclairsissements a I’hist. de la Georgie p. 12 32. St r ab. I. XI. p. 499.
|
![]() |
10 პერიოდი ფარსმან პირველის მეფობისა (3 წლიდგან ქ. წ. 60 წლამდინ ქრ. შემ.) |
▲back to top |
პერიოდი
ფარსმან პირველის მეფობისა (3 წლიდგან ქ. წ. 60 წლამდინ ქრ. შემ.)
საქართველოს დასავლეთის ქვეყნების დაბრუნება – პართიანეთა ლაშქრობა –
მიტრიდატის რომში წაყვანა. – იმისი განთავისუფლება და მეორედ გამეფება
სომხეთში. – გადაყენება და სიკვდილი იმისი; რადამისტის სომხეთში მეფედ
დანიშვნა. – სომხეთიდგან გაქცევა და დასაჯვა რადამისტისა. სომხეთის ნაწილი
ემატება საქართველოს სამეფოსა. – მოგზაურობა წმინდა მოციქულთა ანდრია
პირველსახელწოდებულისა და სიმონ კანანიტისა საქართველოს მაზრებში. –
გამოკვლევა იმისი, რომელი დასავლეთ საქართველოს ნაწილები დარჩა ფარსმანის
მეფობის დროს პოლემონების მფლობელობის ქვეშა. – გაგანიერება მცხეთისა
არაგვის გაღმა-გამოღმა. – დაწესება დუარხიულის მმართებლობისა საქართველოში.
– სიკვდილი ფარსმანისა.
მეფობა ფარსმანისა (რომელსაც ქართველი მემატიანეები უწოდებდნენ ედერკის და
„სომხური ქრონიკა ანდრიკოს“) იწყობა, როგორც გვიმტკიცებს „ქართლის
ცხოვრება“, სამეგრელოს და სხვა ყველა იმ ქვეყნების დაპყრობითა, რომელნიც
ეკუთვნოდნენ საქართველოსა. ეს იქმნება ზოგიერთს ხარისხამდე მართალი იყოს
ამისათვისა, რომა პირველს წელიწადს ქ. შ. იყო მოკლული პონტოის ხელმწიფე
პოლემონ I და იმისი სახელმწიფო, რომელსაც შეადგენენ პონტო, კოლხიდა და
ბოსფორის სამფლობელო, გაიყო ნაწილ-ნაწილად. პოლემონის ცოლს პიფადორეს,
რომელიც იმის შვილების მცირეწლოვანებისა გამო მმართებლობდა სახელმწიფოში,
ძლივსძლიობით შეეძლო დაენარჩუნებინა თავისთვის პონტო და იმის მახლობლად
მდებარე ქვეყნები: სარკომათმა მიითვისა ბოსფორი და ალბად ფარსმანმა
სარგოიანად მოიხმარა ეს გარემოება და დაიჭირა სამეგრელო და კლარჯეთი.
ფარსმანი მეფობდა 63 წელიწადი. ეს დიდი ხნის მეფობა, მდიდარია
სხვადასხვანაირი საქმეებითა, რომელთაცა აქვსთ მჭიდრო კავშირი ძველი ხალხის
საზოგადო ისტორიასთან; ზოგიერთს ამ ნამოქმედებთაგანსა გვაცნობებს ჩვენა
ტაციტი და იქამდისინ საინტერესო არის, რომა დააშვენებენ საქართველოს
ისტორიასა; მაგრამ გასაოცარია, რომა ქართულ მატიანეში სრულიად არაფერია
ამაზედ მოხსენებული.
ტაციტი ამბობს, რომა 35-ე წ. პართიანის ხელმწიფემ არტაბანმა, მეზობლად
მცხოვრებელ ხალხზედ აღტაცებულმა რამდენიმე გამარჯვებითა, დასვა სომხეთის
მეფედ თავისი შვილი არშაკი და მოსთხოვა იმპერატორს თიბერიასა, რომ რომაელთა
პატივი არ ეცათ სპარსეთ-მაკედონიის სახელმწიფოს სამძღვრებისათვის, რა იმისი
კანონიერ მფლობელად მხოლოდ თავისთავს წარმოუდგენდა. მაგრამ იმის მამდურავ
პართიანების პარტიამ სთხოვა იმპერატორსა, რომ დაენიშნა იმათთვის სხვა
ხელმწიფე. ტიბერია, რასაკვირველია, უფრო მალე შეიქმნა თანახმა იმათ
თხოვნაზედ, ვიდრე არტაბანის თამამსა და კადნიერ თხოვნაზედა. იმან დანიშნა
ხელმწიფედ პარფი ტირადატი, მაგრამ რადგანაც შიშობდა, რომ ამითი რომაელნი არ
გააბას სისხლის მღვრელობაშია კრასსის საშიშარ დამამარცხებელებთან, ჰსთხოვა
საქართველოს მეფეს ფარსმანსა, რომ ტირიდატი თავის მფარველობის ქვეშ
აიყვანოს და ამ სიკეთისათვის დაუთმო, რომ სომხეთის ტახტზედ საქართველოს
ბატონისშვილი, ფარსმანის ძმა-მიტრიდატი დასვას.
ფარსმანმა მიიღო იმპერატორის წინადადება და მოიხმარა ყოველი საქართველოს
ძალა და თავისი ჭკუის მცბიერობა ამის აღსასრულებლად. თავდაპირველად მიმართა
მზაკვრობასა და მოახერხა მოწამვლა არშაკისა, იმისი კარის ხალხის
შესყიდვითა. შემდგომ ჯარით წავიდა სომხეთისაკენ, დაიპყრო იმის სატახტო
ქალაქი არტაქსადი და დამკვიდრდა ამ ქვეყანაში. არტაბანმა, რო შეიტყო ეს
ამბავი, შეჰკრიბა მრავალრიცხვი ჯარი და ზედ დაუმატა იმათა ნაქირავები ჯარი
სკოპტებისა, უბრძანა თავის მეორე შვილსა ოროდასა, რომა ამ ჯარს გასძღოლოდა
ფარსმანისა წინააღმდეგად, რომელმაც თავის მხრითა მოიწვია ალბანელები და
სარმატები და აავსო ამ ხალხითა მთელი სომხეთი.
ოროდას ჯარი იყო შედგენილი მხოლოდ ცხენოსანი ხალხისაგან. ფარსმანმა,
ჰყვანდა რა ჩინებული ქვეითი ჯარიცა რკინით მოსილი და შეგულიანებული
აღტაცებულის სიტყვითა, იერიში მიიტანა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ოროდი,
ფარსმანისაგან მძიმედ დაჭრილი, მოკვდა ბრძოლის ადგილზედვე.
ამ ახალმა უბედურებამ საშინლად განაძვივნა არტაბანი, ის კიდეც მოემზადა
თავისი სახელმწიფოს ყოველი ძალითა და ღონითა ფარსმანის შურის საგებელად;
მაგრამ რომის სპასპეტმა ვიტელიმა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა თვალყური
ჰსჭეროდა აღმოსავლეთის ყოველ ცვლილებაზედა, ასე იხერხა და იცბიერა, რომ
იძულებულ ჰქმნა არტაბანი თავი დაენებებია არამც თუ ამ გულისწადილისათვისა,
არამედ სომხეთის მითვისების ყოველის ფიქრის და ზრუნვისათვისაც. მართლაც,
იმის შემდგომ არტაბანი იძულებულ იყო თავი დაენებებია პართიისათვისაცა და
გაქცეულიყო სკვითეთში. ესე გათავდა ეს ლაშქრობა. სომხეთი დარჩა
მიტრიდატისათვისა და პართია დარჩა ტირიდატსა, რომელნიც დასხდნენ მეფის
ტახტებზედ, პირდაპირ ფარსმანის მფარველობის ქვეშა.
როდესაც მოკვდა ტიბერია და იმის მაგივრად გამეფდა კაიკალიგულა, ფარსმანმა,
რომელმაც არ იცოდა ახალი იმპერატორი რა თვალით უყურებს ამ საქმეებსა,
უშიშროებისათვის მიუცილებელ საჭიროებად ჰპოვა, რომ არ გარეულიყო პართიისა
და სომხეთის საქმეებში. ამასობაში არტაბანმა, როგორც გაიგო რომში მომხდარი
ცვლილება, მსწრაფლად გამოჩნდა პართიაში სკვითის ურდოებითა, გამოაგდო
ტირიდატი და ხელახლად ხელმწიფის ტახტის მფლობელად შექმნილმა თაყვანისცემითა
და საჩუქრებით მოიპოვა კალიგულის მეგობრობა. ეს მეგობრობა დაეტყო ძლიერ
ცუდად ამ ცოტას ხანშივე მიტრიდატსაცა, რომელიცა არტაბანის თხოვნითა 60 წ.
დაიჭირეს რომაელთა, შეჰჭედეს ხუნდებში და გაგზავნეს რომში, სადაც იყო
დაპატიმრებული თითქმის შვიდი წელიწადი.
ფარსმანმა კალიგულის სიკვდილის შემდგომ იმდენადვე გამძლავრებულმა და
პატივცემულმა რომაელთაგან, როგორითაც უწინა, ჰსთხოვა იმპერატორს კლავდისა
ძმის განთავისუფლება. კლავდიმ მისცა მიტრიდატსა თავისუფლება და ნება
სომხეთის დაბრუნებისა, რომელიცა იმ დროს იყო არტაბანის მემკვიდრის,
ბარდანის მფლობელობის ქვეშე და აქაც პართიანებზედ საქართველს მეფის ახალმა
გამარჯვებამ გაუხსნა მიტრიდატს გზა მეფის ტახტის დასაჭერათა.
ამის შემდგომ ფარსმანსა ჰქონდა განზრახვა ალბანიის დაპყრობისა; მაგრამ
რაღაცა მიზეზით არ აღსრულდა. ამასობაში იმან შეამცნია, რომ იმისი უფროსი
შვილი რადომისტი, დღე და ღამე იმის სიცოცხლისათვისა და მეფის ტახტისათვისა
უფრო და უფრო საშიშარი ხდება.
იმან დაიბარა ისა პირისპირ სანახავათა და, რა არ უჩვენა სახე, რომ იცის
იმისი განზრახვა, გამოუცხადა, რომ სომხეთი იმის დაპყრობილი
პართიანებისაგან, უკანონოდ მიეცა მიტრიდატსა, როდესაც იგი უნდა ეკუთვნოდეს
რადამისტსა; მოიგონა რა ბრძოლის მიზეზი, ფარსმანმა საქვეყნოდ გამოაცხადა
დანაშაულობა მიტრიდატისა, ვითომც იმ უმადურმა ძმამ დააბრკოლა რომაელნი,
როდესაც ისინი აძლევდნენ შემწეობასა ალბანელების წინააღმდეგად და შემდგომ
უბრძანა რადამისტსა, რომ წასულიყო სომხეთში. გამოეგდო იქიდამ მიტრიდატი და
დაეპყრა სამძღვარი. მიტრიდატმა, დამფთხალმა მოულოდნელის განსაცდელისაგან,
გაანება თავი თავის სატახტო ქალაქსა და შეეფარა გორნეაზის ციხესა (ხორენი)
რომელშიაც იდგა რომის ჯარი, პრეფეკტის ცელია პოლიონ, და ცენტურიონ
კასპერიისა ბძანებისა ქვეშე. რადამისტმა დააპირა ამ ციხის აღება; მაგრამ
ვერ შეიძლო, რის გამოც მიმართა რომაელების დაქრთამვასა. ამის მიზეზით,
რომაელთა ძალა დაატანეს, რომ ციხიდგან გამოსულიყო მიტრიდატი და მისცემოდა
რადამისტის სულგრძელობასა.
ორნი მტერნი რომ შეიყარნენ, თავდაპირველად მოეხვივნენ ერთმანერთსა და
დასდეს პირობა, რომ არ მოეშალათ ნათესაობრივი წმინდა კავშირი (მიტრიდატი
იყო ძმა და სიძე ფარსმანის, და სიმამრი რადამისტისა): შემდგომ შევიდნენ
მახლობლად მყოფს ტყეში, სადაც იყო მომზადებული სამღთო და სადაც დასდეს
პირობა, რომ ღმერთთა წინაშე შეეფიცნათ ერთმანერთისათვისა შერიგება. ამ
ფიცისა წესი იყო ეს: იმათ მისცეს ერთმანერთსა ხელი და მხლებლებმა შეუკრეს
ცხენის ძუითა ცერები, ისე მაგრათა რომა დაუსისხლიანდათ ტყავი; და გამოჩნდა
თუ არა მაშინვე ერთიერთმანერთს გამოსწუწნეს სისხლი. – ეს კავშირი იყო თვით
უგულითადესი მაშინდელებისათვის, როგორათაც პირობის დამდებელების სისხლით
გამაგრებული და დამტკიცებული.
მაგრამ ამ წმინდა წესის აღსრულების შემდგომ მსწრაფლ სუყოველივე შეიცვალა:
როცა ანიშნა რადამისტმა, ჯარისკაცები ეძგერნენ უმწეო მიტრიდატსა, შეჰჭედეს
ხუნდებითა და იმის ცოლისა და მცირეწლოვანის შვილების თვალწინ წაიყვანეს
დასასჯელად; აგრეთვე იმისი უბედური ცოლ-შვილიც მიეცა ამავე ბედისწერასა.
ცოტას ხანში ისინი ყველანი გააფთხეს მიწაზე და ამოარჩეს ტვირთის სიმძიმის
ქვეშა.
სირიის მმართებელმა უმმიდიი კვადრატმა, როდესაც გაიგო ეს შეუბრალებელი
ქცევა, მოსთხოვა ფარსმანსა, რომა დაენებებია თავი სომხეთისათვის და
დაებარებია იქიდგან თავისი შვილი; მაგრამ მეორეს მხრით კაპადოკიის
მმართებელი იული პელიგნუსი, რომელიც მივიდა რადამისტთანა, არწმუნებდა
იმასა, რომ დაედგა გვირგვინი, და თვითვე დაესწრო ამ წესის აღსრულების
ცერემონიაში, როგორათაც ქეშიკი, – და ესრეთ რადამისტმა, თუმცა ჰქონდა
მრავალი დაბრკოლება, მაგრამ მაინც სომხეთის მეფობის წოდება იშოვა.
ამასობაში პართიანის ხელმწიფემ კოლოგეზმა იფიქრა, რომა მიეცა შემთხვევა იმ
სახელმწიფოს დაბრუნებისა, რომელიც ერთს დროში ეკუთვნოდა იმის წინაპართა,
შეჰკრიფა ჯარი და წავიდა სომხეთში იმ განზრახვითა, რომ იქ დაესვა მეფედ
თავისი ძმა ტირიტადი. რადამისტი იქმნა გამოგდებული, სომხეთსაც თითქმის ხელთ
იჭერდნენ პართიანები, მაგრამ მძაფრმა ზამთარმა დააბრკოლა კოლოგეზი, რომ
შეესრულებია თავის განზრახვა.
კოლოგეზის იქ არ ყოფნაში რადამისტი ისევე მივიდა სომხეთში და შეუბრალებლად
დასაჯა იქა მცხოვრებლები, რომელთაც ყველას რაცხდა მოღალატედ. უკანასკნელ
მოთმინებიდგან გამოსულ სომხებმა მოჰკიდეს იარაღსა ხელი და გარს შემოერტყნენ
მეფის სასახლესა; მაგრამ რადამისტმა მოასწრო გამოქცევა და თავისი ცოლის
ზენოვიას წამოყვანა, რომელმაცა, რადგანაც ორსულად იყო, ვერ შესძლო ჩქარი
ცხენით სიარული და დაბნდდა. რადამისტი შეძრწუნდა და იმისაგან შეშინებულმა,
რომ ცოლის გვამი არ დაინარჩუნოს მდევარმა, თავისი ხელით დასცა სატევარი.
გვამი ჩააგდო არეზის წყალში, თვითონ კი გაიქცა საქართველოში.
რამდენიმე დღის შემდგომ, წყლის პირს მყოფთა მწყემსებმა იპოვეს ზენოვია,
გრძნობაში მოსული წყლის სიოსაგან და მიიყვანეს ფარსმანის სასახლეში.
ბოლოს, როდესაც ტირდატი დამტკიცდა ნერონისაგან სომხეთის ტახტზედ, მაშინ
იმან ჰპოვა მიუცილებელ საჭიროებად მდგომარეობის დასამტკიცებელად, ყურათღება
მიექცია რადამისტისაკენ. ფარსმანიც, თავისი მხრით, ვერ ენდო თავის შვილსა
და განიძრახა იმისი დაღუპვა თავისი მოსვენებისათვისა. 58 წელს რადამისტი
დასაჯეს მამის ბრძანებითა, თითქო იმპერატორის მოსამადრიელებლად,
რომლისათვისაც ფარსმანმა მიიღო იმპერატორი ნერონისაგან სომხეთის ნაწილი.
ფრანციის მწერალმა კრებილიონმა ეს ისტორია მიიღო საფუძვლად ტრაგედიისა,
რომელსაც ეწოდება „რადამისტი“. ამ მეფობის უწარჩინებულესს საქმეების რიცხვს
ეკუთვნის უეჭველად გამოჩენა საქართველოს სამძღვრებში ქრისტიანობის პირველთ
მქადაგებლებისა, თუმცა ამ საქმეს არა ჰქონდა არაფერი დიდი შედეგი.
თითქმის 40-ე წელსა წმინდა მოციქულები: ანდრია პირველსახელწოდებული და
სიმონ კანონიტი, ყოვლად წმიდის მღვთისმშობლის ჩაბარებით, როგორც ამბობს
ქართული გარდმონაცემი, წამოვიდნენ მგზავრად იმ ქვეყნებში, რომელნიცა
წინათვე აღნიშნულნი იყვნენ ღვთისმშობლის წილად, სახარების საქადაგებლად,
მოვიდნენ ტრაპეზონიდგან აჭარაში და მრავალი დაბრკოლებისა და ჯაფის შემდგომ
მოაქციეს იქ მცხოვრებლები ქრისტეს საწმუნოებაზედა. აჭარიდამ ისინი მოვიდნენ
სამესხოში. შემდგომ კლარჯეთში. ტაოსკარში, ჭოროხის წყლის პირზე:
სამეგრელოში და აფხაზეთში და ყველგან კეთილად წარმართეს ის საქმე, რომელიც
კისრად ეღოთ. ხალხი ინათლებოდა, აქცევდა ტაძრებსა და პირქვე ამხობდა
კერპებსა. არ შეიძლებოდა ამ გარემოებას არ მიექცია ყურადღება ფარსმანისა, –
და რადგანაც მოქმედება ახალის მორჯულეთა გარეგანი შეხედულობით არასფერს
კეთილს არ წარმოადგენდა, ამისათვსი ფარსმანი იყო განრისხებული კლარჯეთის
ერისთავის გულგრილობაზე ანუ თანაგრძნობაზე. რომელმაც თავის მაზრაში
სარწმუნოების გამოცვლისა ნება მისცა და ბრძანა, რომა მაშინვე აღმოეფხროთ იმ
ქვეყანაში ყოველი ნიშანი ქრისტიანობისა. ფარსმანს უნდოდა მოციქულების
დაჭერა, მაგრამ ანდრია წავიდა ბოსფორაში და სიმონი გარდაიცვალა ნიკოფსია.
სახარების ქადაგების დევნა იმ დროების კუთვნილება იყო, მაგრამ სახარების
დევნა საქართველოში ფარსმანის მხრით ისეთი სასტიკი იყო, რომა მცირეს ხანში
სრულიად განქარდა ქრისტიანობის კვალიცა.
თუმცა ისეთს განძლიერებულს მდგომარეობაში იყო ფარსმანი თანამედორვე აზიის
ხელმწიფეებთა შორის და ასე განვრცელებული ჰქონდა სამძღვარი საქართველოსი,
მაგრამ წმინდა მოციქულების მგზავრობის აღწერიდგან სჩანს, რომა საქართველოს
ქვეყნები სამესხო და ტაოსკარი არ იყვნენ მომწყვდევულნი საქართველოს
სამძღვრებშია. როდესაც მოციქულები მოვიდნენ ამ ორს მაზრაში, მაშინ,
„ქართლის ცხოვრების“ ჩვენებით, ის ქვეყნები იყვნენ ერთი ქვრივი ქალის
მფლობელობის ქვეშა. ვიცით, რომა იმ დროს პონტოის სახელმწიფოში მმართებლობდა
მოკლული პოლომონ I-ისა ცოლი პიფადორე, მაშასადამე, საქართველოს ყველა
დასავლეთი ქვეყნები არა ჰქონდა ფარსმანს დაბრუნებული, მაგრამ კი იმისი
სახელმწიფო უფრო განვრცელებული იყო უწინდელ იმის წინაპართა სამეფოზედა:
როგორც ჩვენა ვნახეთ, ზოგიერთ მაზრების გარდა, რომელშიაც სცხოვრებდა
ქართველი ხალხი და რომელნიც განუდგნენ საქართველოსა მირვანის I-ის დროსა,
კიდევ მიემატა იმპერატორი ნერონისაგან სომხეთის ნაწილი. ფარსმანი არ იყო
განსაკუთრებით გარეშე საქმეების მიმდევი, ის ზრუნავდა თითქმის იმოდენადვე
საქართველოს შინაურ კეთილმდგომარეობისათვისაცა. იმის დროში მცხეთამ მიიღო
დიდი სივრცე უწინდელზე და გაიწია არაგვის წყლის ორთავე ნაპირზე.
ფარსმანი გარდაიცვალა 60 წ. სურდა რა თავის სიცოცხლეშივე დაემკვიდრებია
მშვიდობიანობა და უშიშრობა საქართველოშია, სიკვდილის პატარა წინად თავის
ორს შვილს ბარტომას და ვარტომას მტკვრით გაუყო თავისი სამეფო ორ ნაწილად და
განუკვლივა ორივეს მოვალეობა. როგორც ურთიერთ შორის მიქცევ-მოქცევაში, ისე
საერთო საქმეებშიაც, იმიტომ, რომ თავის სიკვდილის შემდეგ ორ ძმათა შორის
არაფერი შური და მტრობა არ ჩამოვარდნილიყო.
(ძვ. მე-60 წლიდგან 129-ე წლამდე:) საფუძველი, რომელზედაც იყო დამყარებული დუარხიული მმართველობა. – ამ
პერიოდის ხელმწიფეები. მომხდარნი საქმენი – სომხებთან ბრძოლა. – დაპყრობანი
ტროიან იმპერატორისა და ურთიერთშორისი ბრძოლა ფარსმან III-ისა და
მირდატისა. მოგზაურობა ფარსმანისა რომში.
ამ პერიოდის ხელმწიფეებსა რა უფლება და მოვალეობა ჰქონიათ, როგორც
ურთიერთშორის მიქცევ-მოქცევაში, ეგრეთვე ხალხის საზოგადო საქმეეებში,
ამაზედ არის ზოგიერთი ცნობა ქართულ მატიანეში. ამ ცნობათაგან შეიძლება
ვიფიქროთ, რომა ის უფლება და მოვალეობა იყვნენ დამყარებულნი შემდგომს
საფუძველზედ: 1. ერთს ორ ხელმწიფეთაგანს უნდა ეცხოვრა მცხეთაში და სჭეროდა
მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ქვეყნები და აგრეთვე იორისა და ჭოროხის
აუზის მაზრები, მეორეს კი უნდა ჰქონოდა ბინა არმაზაში და ემთავრა მტკვრის
მარჯვენა მხრიდგან დაწყობილი საქართველოს სამხრეთის სამძღვამდინა; 2. თუ
ვინიცობაა, იმათგანი მოკვდებოდა ვინმე, მაშინვე იმის მაგიერად უნდა
დამდგარიყო სამთვაროში – მმართებლად უფროსი შვილი და აღესრულებინა
მოვალეობა, რაც კისრად ედვა იმის მამასა; 3. ყოველს მათგანსა თავის
სამფლობელოში დაუმოუკიდებელი მეფის უფლება ჰქონდა. 4. მშვიდობიანობის დროში
ხალხის საზოგადო საქმის გადასაწყვეტლად, რომელიც შეეხებოდა ორივე
სამთავროსა, უნდა შეყრილიყვნენ ორივენი და გარდაეწყვიტათ საქმე ერთად და 5.
ლაშქრობის დროს ერთს მათგანს ებარა სამხედრო ადმინისტრაცია მთელის
საქართველოსი და მეორეს სამოქალაქო, ამასთანაც პირველი უნდა ყოფილიყო
წინამძღოლი ჯარისა და მეორეს კი ეზრუნა ჯარის სურსათისათვისა და
იარაღისათვისა. –
პირნი, რომელნიც მეფობდნენ ამ პერიოდში, იყვნენ: ბარტომი და ქართამი,
შვილები ფარსმან პირველისა. ისინი შევიდნენ თავის სამთავროს მფლობელობაში
მე-60 წელიწადში. ქართამი სამს წელიწადს შემდგომ მოკვდა, მე-63 წ. და იმის
მაგივრად გამეფდა იმის შვილი ფარსმან II. ბარტომმა იმეფა 72 წლამდინ და
იმის სიკვდილის შემდგომ ფარსმან II-ს გაუამხანაგდა კაოსი, ბარტომის შვილი.
– ესენი დაიხოცნენ 87 წელიწადში და იმათ მაგიერად შევიდნენ სახელმწიფოს
მფლობელობაში აზორქი და არმაზელი. აზორქისა და არმაზელისა სიკვდილის დრო და
იმათი შვილების დეროქისა და ამზასპისაგან მართებლობის მიღება ნამდვილად არ
ვიცით, მხოლოდ 103 წელიწადში პირველნი მათგანნი აღარ იყვნენ ცოცხლები და
მეფობდნენ იმათი შვილები. აგრეთვე არ ვიცით, პირველი, ამ ხელმწიფეების
სიკვდილი და დასაწყისი იმათი მემკვიდრეების მირდატისა და ფარსმან III-ს
მმართებლობისა, რომელნიცა 113 წელში კი მართავდნენ საქართველოსა, და მეორე:
წელიწადი მირდატის საქართველოდგან განდევნისა და ჩავარდნა სრულის სამეფო
უფლებისა მარტო ერთის ფარსმან III ხელში. ეს უცოდინარობა გვაიძულებს, რომ
მივიღოთ დუარხიულის მმართებლობის საძღვრად, წელიწადი, როცა მიიცვალნენ
ფარსმანი და მირდატი და როცა ადამი საქართველოს ხელმწიფედ დაინიშნა, – და
არა ის წელიწადი, როცა მირდატი გაიქცა.
ამ პერიოდის განმავლობაში ერთი გამოჩენილი საქმეთაგანი იყო ომი
ქართველებისა სომხეთში. ეს ომი დაიწყო ფარსმან III-მ იარვანდის
მისაშველებლად სომხეთის მეფის შვილის არტაშანის წინააღმდეგად. იარვანდს
ეჭირა სომხეთის მეფის ტახტი უკანონოდ. კანონიერი მემკვიდრე კი არტაშანი,
თავის მცირეწლოვნობაში ემალებოდა იმისს დევნასა სპარსეთში ერთს სომხეთის
დიდი კაცის სემბათის მეურნეობასა ქვეშე. 78 წელ. როდესაც ეს ხელმწიფეს
შვილი დავაჟკაცდა, მაშინ სემბათმა დაიყოლია სპარსეთის კარი, რომ არტაშანსა
მამეულის ტახტის დაბრუნებაში დახმარებოდა. მიიღო რა იმისაგან ჯარი,
სემბათმა თან წაიყვანა არტაშანი და შეესია სომხეთსა. იარვანდმა,
სპარსელების მოსვლით შეწუხებულმა, სთხოვა ფარსმანსა შემწეობა მტრის
შესაოკებლად. ქართველები შევიდნენ სომხეთში და მიემატნენ იარვანდის ჯარსა
მაშინ, როდესაც თითქმის მთელი ის ქვეყანა მიემხრო კიდეცა არტაშანსა.
იარვანდი მალე დაამარცხა და მოჰკლა სემბათმა; იმისი ჯარი გაიქც-გამოიქცა და
ფარსმანიც დაბრუნდა საქართველოში.
არტაშანის მეფედ დასმის შემდგომ სემბათმა მიჰყო ხელი მთელის სომხეთის
დამორჩილებასა და წესიერობაზედ მოყვანასა. და თანაც გულში ინახავდა
ფარსმანის შურისძიების განზრახვასა იმისთვის, რომ იარვანდსა შემწეობა
მისცა. 87 წელ სემბათი ომის გამოუცხადებლად შემოადგა საქართველოს სამძღვარს
და ჯარით გარს შემოერტყა არტანისსა და წუნდასა. რაკი ნახა, რომ ამ ციხეების
გუშაგნი გულდაგულ ეწინააღმდეგებიან და ამასთან შიშიც მოეცა, რომ არ
მოშველებოდნენ. იმან დაქრთამა გუშაგის უფროსები, მაგრამ როდესაც ამ
ღონისძიებითაც იმათი დამორჩილება ვერ მოახერხა, მაშინ დაქრთამულების
თანხმობით გაუგზავნეს გუშაგებსა კაოსსისა და ფარსმანის ტყუილი წიგნები, რომ
ჩაებარებინათ ციხეები სომხეთის მეფისათვის, რადგანაც ფიქრი გვაქვსო
სომხებთან დამეგობრებისაო. ალბათ, როდესაც ერთს ჩიკრიკს მიჰქონდა ის წიგნი
მტრისაგან გარემოცულს ციხეებში, მეორე ჩიკრიკი საქართველოს ხელმწიფეებთან
საწამლავით გაგზავნილი იყო, ამისათვის რომა სწორედ იმ დროსა, როდესაც
მოტყუებისა გამო ქართველი გუშაგები აბარებდნენ სომხებსა წუნდასა და
არტანისსა, კაოსი უცებ მოკვდა.
ფარსმანი მიეცა დიდს მწუხარებასა თავის ამხანაგის სიკვდილისა გამო,
რომელზედაც სიბერის დროსა იმედი დამყარებული ჰქონდა, ამასთანავე ზედ
დაერთვა მეორე მოულოდნელი სევდა, როცა შეიტყო, რომ სომხებს ის ციხეები
აუღიათ; მაშინვე დაიბარა აზორქი და არმაზელი, მისცა იმათ თავისი და კაოსის
უფლება, გახდა ძრიელ ავად და მას შემდეგ მალე მოკვდა. საქართველოს ახალი
მეფეები შურს ეძიებდნენ სომხებისასა, და მოიწვიეს რა ოსები და ყველა მთის
ხალხი34, რათა მიემატებინათ ქართველებისათვის სომხეთის ასაკლებათ, თითქმის
88-ე წელში შეესიენ სომხეთის ჩრდილოდ მდებარე მხარესა, საშინლად გაცარცვეს
და ააოხრეს, როდესაც სრულებით დაძღნენ შურისგებითა, ისინი დაბრუნდნენ იორის
ნაპირისაკენ და იქ დადგნენ. ხელი მიჰყვეს თუ არა დავლისა და ტყეების
გაწილვასა, მაშინ მოეწიათ იმათა მრავალრიცხვი სომხეთის ჯარი, სემბათის
წინამძღოლობითა, რომელიც რა დაბანაკდა მტკვრის მარჯვენა მხარეზე გაუგზავნა,
რომ ტყვეები დაუბრუნონ.
როდესაც მიიღო უარი, სემბათი გავიდა მტკვარგაღმა, შეება და ისე დაამარცხა
ქართველები და იმისი მოსარჩლეები, რომა მოსარჩლებმა დასტოვეს დავლა,
ტყვეები და გაიქცნენ თავთავის ქვეყნებშია, ქართველები კი გამაგრდნენ
ციხეებში. სემბათი შეესია საქართველოს შიგნით მხარეებსა და გაიარა მთელი ეს
ქვეყანა ქიზიყიდგან სამესხეთომდინ და ააოხრა უმწეო სოფლები. მისთვის რომ
დაემკვიდრებია სომხეთის მფლობელობა სამესხეთოში, იმან ააშენა მესამე ციხე
დემოთი. დააყენა იქ ძლიერი გუშაგი და დაბრუნდა სომხეთში.
საქართველოს ხელმწიფეები გამოვიდნენ თავისი საფარველებიდგანა, მეორედ
შეჰკრიბეს მთის ხალხი სომხეთს საომრად, მაგრამ არტაშანმა დაასწრო იმათა და
თვითონ წამოვიდა საქართველოში; იმან აიღო მცხეთა, ააოხრა და გაანადგურა
ქართლი და იქამდინ მიახწევინა, რომ მორჩილობის სიდაბლითა ასყიდვინა
მშვიდობიანობა და შერიგება.
ამას შემდგომ აზორქი და არმაზელი დიდხანს ვერ ბედავდნენ გამოეცხადებინათ
არტაშანისადმი თავისი სიმძულვარე, რომელიცა აეღგზნებოდათ ხოლმე, როცა
ნახავდნენ სათითაოდ ყოველ ნაოხარსა, რომელიც აგონებდათ ხალხის სახელის
აღდგენის მიუცილებელ საჭიროებასა. დიდი ხნის მშვიდობიანობამ მისცა იმათ
შეძლება, რომ საქართველო აოხრებული კვლავ აეშენათ, წესი და რიგი ისევ
დაეწყოთ და ჩუმად საომრათაც მომზადებულიყვნენ.
ბოლოს როცა სომხებმა ასტეხეს ომი რომაელებთან და სპარსებთან35, მარჯვე
შემთხვევა მიეცათ აესრულებინათ დიდი ხნის წადილი. აზორქმა და არმაზელმა
მაშინვე ისევ მთიულები დაიბარეს და წაიყვანეს ქალთველებთან ერთად
სომხეთზედა. არტაშანმა მოაგროვა თავისთან დარჩომილი ჯარი, გაუძღოლა წინა
თავისი შვილი ზარენი და გაგზავნა მტრის დასახვედრად. ქართველებმა
დაამარცხეს სომხეთის ჯარი და ხელმწიფის შვილი ზარენი ტყვედ დაიჭირეს და
დარიალანში დააპატიმრეს.
ამის შემდეგ სამი წელიწადი რომ გავიდა, არტაშანმა რაკი რომ მორჩა სპარსეთის
ომსა, რაც კი სომხეთსა ჯარი ჰყვანდა, სულ მოაგროვა და საქართველოში
გამოგზავნა, უფროსობა ჯარისა თავის სამს შვილს ჩააბარა. ისინი მოვიდნენ
თრიალეთამდინ და დაუწყეს ქართველებსა შერიგებაზედ ლაპარაკი. ეს ლაშქრობა
დაბოლოვდა სისხლდაუნთხეველად; სომხებს მისცეს ხელმწიფის შვილი ზარენი და
საქართველოს დაუბრუნეს ციხეები და სამესხეთო, არტაშანის გამეფების პირველ
წელიწადში სემბათისაგან მუხთლობით დაჭერილი.
ამ სახით გვიამბობს ქართული მატიანე ამ ხანგრძელ ქართველებთა და სომხებთ
შორის ლაშქრობის ამბავსა. ამ ფაქტის შესამოწმებლად, ჩვენ ძველი წერილი
სახეში არა გვაქვს, მოსე ხორენელის გარდა, მაგრამ ვინც კი მიჰყოფს ხელსა
იმათს შეფარდებასა, ის უნებლიეთ ქართულ მატიანეს დაამჯობინებს სომხებისასა,
რომელიც არა ისტორიულ გადმონაცემებით არის შეშლილი.
ჩვენ კიდეც შევნიშნეთ, რომა „ქართლის ცხოვრება“ იხსენებს არტაშანისა და
რომაელების ლაშქრობასა; ეს ლაშქრობა იყო, როგორაცა სჩანს ლათინურისა და
ბერძნული ისტორიკოსებთაგან, უკმაყოფილოებისა გამო, რომა არტაშანი
მფლობელობდა სომხეთში სპარსეთის შემწეობითა და არა რომაელების დანიშვნითა.
ტროიანე, რომელმაც მიიღო მართველობა იმპერიისა, ყოველთვის აცხადებდა ამ
უკმაყოფილოებასა უფრო ნამეტნავად პართიანებზედა.
სურდა რა ამ ერთ დროს მძლავრს დინასტიაზედ გამარჯვებით სახელი დაეგდო,
ტროიანემ მოითხოვა განდევნა არტაშანისა. აღმოსავლეთზედ გალაშქრების მიზეზად
ტროიანესს ეს შეექმნა. სპარსების ხელმწიფე ხოზროი, რადგანაც ტროიანესთან
ომს ერიდებოდა, ძალა დაატანა არტაშანსა, რომ სომხეთიდგან გამოსულიყო.
არტაშანი გამოვიდა და იმის მაგიერად პართიანელი თავადი, პართამაზირი დასვა,
რომელიც თანახმა იყო რომის ვასსალობაზედა. მაგრამ ტროიანემ განდევნა ისიცა,
და სომხეთი იმპერიის მაზრად გახადა.
მარტო ერთმა სომხეთმა არ დააკმაყოფილა, ის წამოვიდა საქართველოსაკენ და,
როგორც გვაჩვენებს ისტორია, ადვილად დაიმორჩილა იგი. მაგრამ როგორც
შეუნიშნამს შლოსსერსა, საქართველოს მფლობელები ყოფილან მორჩილებაში
იქამდისინ, ვიდრე რომის ჯარი ახლო მდგარა36.
მეორე საქმე იმოდენადვე შესანიშნავი, როგორც ლაშქრობა ქართველებისა და
სომხებისა იყო ფარსმან III-ის და მირდატის ურთიერთშორისი ბრძოლა.
ეს ორნი პირნი ხასიათში სრულიად არა ჰგავდნენ ერთმანერთსა. ფარსმანმა
თავისი მშვენიერის შეხედულობითა, ვაჟკაცის გულითა და ლბილის ხასიათითა
ქართველებში ყოველი ხარისხის ხალხს თავი შეაყვარა და სახელი გაითქვა,
მაშინ, როდესაც ულმობელმა და უსამართლო მირდატმა შეაძულა თავი საზოგადოდ
ყველასა. მირდატს შეშურდა, რომ ფარსმანი ესე უყვართ და განიძრახა ფარსმანის
სიკვდილი ნადირობაშია, რომელიცა განგებ მითამ შესაქცევრად მოიგონა.
სანადიროდ მოწვევის ამბავი მიუტანა თუ არა ფარსმანს მირდატის კაცმა, თანაც
აცნობა საზიზღარი განზრახვა მირდატისა. ფარსმანმა ნადირობაზედ უარი ჰყო და
გამოუცხადა ხალხსა მირდატის განზრახვა. ქართველებმა, რომელთაც დიდი ხანია
სურდათ ეპოვნათ შემთხვევა, რომ ამოეყარათ ჯავრი ბოროტმომქმედის მირდატისა,
განდევნეს იგი თავის სამშობლო ქვეყნიდგანა. მირდატი გაიქცა თავის სიმამრთან
– სპარსეთის ხელმწიფესთან.
ორჯელ შემოესია მირდატი საქართველოსა სპარსელების შემწეობითა, და ორჯელვე
ისე ხერხიანად აოტეს ქართველებმა, რომა ბოლოს ფარსმანმა თავისას დაუმატა რა
სომხეთის ჯარი, თავისი სიმამრის სომხეთის მეფისაგან მოშველებული, თვითონ
წავიდა საომრად სპარსეთშია. იმისმა გაბედვით შესევამა და გამარჯვებამ ისე
გააშფოთა სპარსეთის მეფე, რომ იმან რაკი სხვა ღონისძიება ვეღარ იპოვა, რომ
თავის სამეფო დაეხსნა აოხრებისაგან, გაბედა და შეისყიდა ფარსმანის მზარეული
ფარსმანის მოსაწამლავად. ფარსმანი უცებ მოკვდა და ქართველები უკან
დაბრუნდნენ, ამათ მდევრად დაედევნათ სპარსეთის მრავალრიცხვი ჯარი.
სპარსელებმა საქართველო აიღეს და მეფედ მირდატი დასვეს. მაგრამ შემდგომ
ფარსმანის შვილი ადამი რომაელთა37, სომხებთა და დასავლეთის მაზრების
ქართველთა შემწეობით დაეცა სპარსელებს და ბრძოლაში რეხის სიახლოვეს,
ლიახვზე, გადასწყდა სვე მირდატისა – ამისი მოსარჩლეები სრულიად დამარცხდნენ
და თვითონაც ომში მოკვდა. ამგვარად გათავდა დუარხიული მართებლობა. 129-ე
წელიწადში დაჯდა საქართველოს მეფის ტახტზედ მარტო ერთი ადამი.
ფარსმან III ადრიან იმპერატორის დროს წავიდა სამგზავროდ რომში და, როგორცა
სჩანს უცხო ქვეყნის მემატიანეებთაგან, იქ დიდის პატივისცემით იყო მიღებული.
ერთხელ, როდესღაც ფარსმანმა მიიტანა ზვარაკი ბელონის ტაძარში, იმას აჩვენეს
ღვთიურ კერპებთა შორის თავისი საკუთარი სახის გამოხატულობა, იმის მისვლის
წინად რომის მთავრობისაგან იქ აღმართული. (28) ?? ადვილად მისახვედრია,
რომა ეს პატივისცემა იმ უმაღლესის აზრის გამომთქმელია, რომელიც ჰქონდათ
რომაელებსა იმ დროების საქართველოს შეძლებაზედა და იმ სარგებლობაზედა,
რომელიც იმათ შეეძლოთ ჰქონოდათ ამ სამეფოსი და იმპერიის ერთმანეთში
თანხმობისაგან. სანანურია, რომა ეს აზრი რომის ისტორიის სხვადასხვა
ადგილასა ნაწყვეტ-ნაწყვეტად არის მხოლოდ გამოხატული და არა ზედმიყოლილ
აღწერილებითა, რომლისაგანაც ჩვენ შეგვეძლო გამოგვეკვლია ვრცლად ის
მნიშვნელობა, რომელიცა ჰქონია საქართველოსა ამ ძველისა და მთელის ქვეყნის
მპყრობელის იმპერიისათვისა.
თუმცა ეს ესეა, მაგრამ მაინც კიდევ ღირს, რომ ეს ნაწყვეტნაწყვეტები კაცმა
ყურადღებით წაიკითხოს, რათა რამოდენათმე შეიტყოს ფასი ამა მცირე, მაგრამ
მშვენიერის ქვეყანისა, რომელიცა ბედს ქართველებისათვის მამულად დაუნიშნავს. |
33. St. r ab. I. XI. p. 499. 34. როდესაც „ქართლის ცხოვრება“ ამბობს ოსების ლაშქრობაზე სამხრეთის ქვეყნებში და იმათს შესევაზედ სომხეთში, მოსე ხორენელი უწოდებს ამ ლაშქრობასა ალანების შესევასა. ჩვენის აზრით, ძველთაგან ძველის დროებიდგან იალბუზის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთებზე სცხოვრებდნენ შემდგომი ტომნი: 1). სივრცე ქვეყნებისა კავკაზის მთიდგან კასპის ზღვამდინ და ანდის მთიდგან სამურის წყლამდინ ეჭირა ხალხსა, რომელთაც უწინდელი დროების გეოგრაფები უწოდებდნენ ლეგებსა და ქართველები კი ლეკებსა; 2). სუნჟის წყლის სათავიდგან-მთელ ამ წყლის გაყოლებაზედ ანდის მთამდინ სცხოვრებდნენ მეჯეხები ანუ მესსეგები – ესენი არიან ეხლანდელი ჩაჩნები, რომელნიც ეხლაც იწოდებენ ამავე სახელსა, თვით ქვეყანას კი ერქვა: მეჯეხეთი ანუ მასსაგეთი; 3). სივრცეზე სუნჯის წყალსა და თერგ შუა სცხოვრებდნენ ხალხი უწინდელი გეოგრაფების სახელწოდებით: გელები; ამ ქვეყანასა, სადაც ცხოვრებს ეხლა უფრო მომატებული ნაწილი სხვა ტომებისა, აქამდისაც ჰქვიან ვლასტანი; მაგრამ ამ ქვეყნის მთებში ეხლა სცხოვრებს ნაშთი ტომისა, რომელთაც ეწოდებათ გალაშელნი ანუ გალგაელნი ........ ენაზედ მოლაპარაკენი; 4). თერგის სათავიდგან მარცხნივ ყუბანის წყლამდინ და ამ წყლის მარჯვენა ნაპირიდგან დონის წყლამდინ სცხოვრებდა ხალხი ოსების სატომოსი სხვადასხვა სახელწოდებითა; 5). კავკაზის მთის, ყუბანის და შავი ზღვის შორის იყვნენ ადაგე ანუ ჩერქეზები, მრავალ სხვადასხვა თემებად გაყოფილნი, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდათ და 6). შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაპირი ეჭირათ, როგორც ამ ჟამათაც უჭირავთ, აფხაზებსა. ყველანი ეს ხალხნი მთელ თავის ცხოვრების განმავლობაში თითქმის ველურად
დარჩენილნი იყვნენ, ამათ არ ჰქონდათ მწერლობა, გარდმონაცემები იმათი არიან
არეულ-დარეულნი და ბნელნი, და ამის მიზეზით მათი ცხოვრება ისტორიულის
ზედმიყოლებით ცნობილი არ არი; მაგრამ ვიცით, რომა ეს ტომები, აფხაზებსა და
ლეკებს გარდა, სცხოვრებდნენ უბინაოთა და ხანდახან გადადიოდნენ სხვის,
სკვით-სარმატების ხალხის მამულებში და ხანდახან თვითონ ამათვე განდევნიდნენ
ხოლმე სხვა ხალხნი, რომელნიცა შეესეოდნენ ამათ საკუთარს მამულებსა და იმ
მამულებზედ გადიოდნენ ზემო აზიაში როგორათაც, მაგალითებრ: კიმმერიანენი,
ხაზარები და ბალქარები ანუ ბასსიატები, ე.ი. ბასსიანენი ანუ ბარსელიანენი.
სასარმატოში და სკვითეთში დადიოდნენ რა უბინაოდ, ისინი შეხვდებოდნენ ხოლმე
სხვა ტომებსა და ზოგჯერ ამათი ნაწილი ხალხი მიუდგებოდა ხოლმე სხვა ხალხსა
და ზოგჯერ თვითონ ესენი მიიღებდნენ ხოლმე და შეირევდნენ სხვა უცხო ტომსა,
აქედგან წარმოდგა ისა, რომა ამ ექვს ტომის მაგიერად კავკასიაში, ძველი და
საშუალო საუკუნის მწერლები ანგარიშობენ ურიცხვს ხალხსა სხვადასხვა
სახელწოდებითა. 35. ქართლის ცხოვრებაში რომაელნი ბერძნებად სახელწოდებულნი არიან, მაგრამ მაინც კიდევ უსათუოდ სომხებისა და იმპერატორი დომიციანის ჯარების ბრძოლაზედ უნდა ამბობდეს ქართლის ცხოვრება. 36. Шлоссер. Всем. Ист. т. I ст. 286 37. „ქართლის ცხოვრებაში“ რომაელნი ისე, როგორათაც უწინაცა, ბერძნებად არიან სახელწოდებულნი, და ალბათ, ის მიზეზი იყო, რომა აღმოსავლეთის რომის ჯარში უმთავრესი ელემენტი ბერძნისა იყო. 38. ვაღარში მეფობდა 178-198 წლამდე. st. Msrtin; memoire sur I’Armenie, tom I p. 412.9 39. Gibbon hist. de la decadence et de lachut de I empirc tomain ch. X |
![]() |
11 დუარხიულის (ორთამეფობის) მართებლობიდან ასფაგურის სიკვდილადმდე, რომელიც იყო უკანასკნელი საქართველოს ხელმწიფე არშაკიდების შთამამავალთაგანი. (129-263 წლამდე) |
▲back to top |
დუარხიულის (ორთამეფობის) მართებლობიდან ასფაგურის სიკვდილადმდე, რომელიც
იყო უკანასკნელი საქართველოს ხელმწიფე არშაკიდების შთამამავალთაგანი.
(129-263 წლამდე). ამ პერიოდის მეფენი. – შემოსევა მთის ხალხისა და იმათი ოტება ამზასპისაგან.
– ამზასპის ლაშქრობა კავკასის ჩრდილოთ. – სამხედრო წოდების ხალხის თავის
ნებაზედ ქცევა. – ხალხის ამძვივნება ამზასპზედა. რევის მმართებლობა. მეფე
ვაჩესი და ბაკურისაგან მონაწილეობის მიღება სომხებისა და სპარსების ომში. –
გოთების შემოსევა სამეგრელოში. – საქართველოს შიში სპარსეთის მხრით და
გარდაცვალება ასფაგურისა.
ადამმა იმეფა სამი წელიწადი. 129-132-მდე. იმის სიკვდილ შემდგომ, რადგანაც
შვილი მისი ფარსმანი მცირეწლოვანი იყო, მართებლობდა საქართველოში თოთხმეტი
წელიწადი ადამის დედა: გადდანი. 46-ე წელიწადში, საქართველოს მეფის ტახტზედ
დასვეს თხუთმეტის წლის შვილისშვილი გადდანისა, ფარსმან IV. ფარსმან მეოთხის
მემკვიდრედ დარჩა მისი შვილი ამზასპ II, რომელიც მეფობდა 114–148 წლამდე.
ამზასპის შემდგომ საქართველოს მეფის ტახტზედ დაჯდა სომხეთის ხელმწიფის
შვილი რევი. რევის სიკვდილს შემდგომ მეფობდა იმისი შვილი ვაჩე 213-241
წლამდე. იმის მემკვიდრედ დარჩა ბაკურ; ბაკურის მემკვიდრედ დარჩა 256
წელიწადში მირდატ II და მირდატის შემდგომ 162 წელიწადში დაჯდა ხელმწიფედ
ასფაგური.
რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს მატიანე და განვიხილოთ უცხო ქვეყნების
ისტორიული თხზულებაები, გამოჩნდება, რომ ადამისა, გადდანისა და ფარსმან IV
ხელმწიფობის პერიოდში, საქართველოსა ჰქონდა სრული მშვიდობიანი ცხოვრება:
არც შიგნიდგან და არც გარედგან საქართველოს არაფერი არა აწუხებდა რა.
მაგრამ ამ გრძელჟამიერი მშვიდობიანობისა შემდგომ, ამზასპ II ხელმწიფობის
დასაწყისში, ოსები აკლების სურვილით გატაცებულნი მოულოდნელად შემოესივნენ
ქართლსა. შეერთდნენ სხვა მთის თემებთან და გადმოიარეს დვალეთის მთა და
ჩამოვიდნენ ლიახვის ხეობაში. აქ ოსები დადგნენ მცირეს ხანსა, მოუყარეს თავი
ყველა ჯარსა და წამოვიდნენ მცხეთისაკენა. ამზასპმა, რა წამსაც გაიგო იმათი
მოსვლა, მაშინვე გაგზავნა ჩიკრიკები ერისთავებთანა, და დაიბარა საჩქაროდ
მოსულიყვნენ ჯარითა; მაგრამ რომ ნახა დედაქალაქზე მტრის ახლოს მოსვლა, აღარ
მოუცადა ერისთავებსა, გამოიყვანა ქალაქიდგან ჯარები, რომელიც მას ახლდნენ.
დასტოვა ქვეითი ჯარი, რომ ჩრდილოეთით ქალაქი გაემაგრებინათ, ცხენოსნით კი
თითონ წინ მიეგება მთის ხალხსა და შეაყენა ისინი იმ ადგილასა, რომელსაც
ეძახიან საფურცლესა.
თუმცა დიდი განსხვავება იყო მეომართა რიცხვთა შორის, მაგრამ ქართველების
ვაჟკაცობა მტრის ყოველს დაცემას იმ დღესა ჩინებულად აიცდენდა. ღამემ
შესწყვიტა ბრძოლა და ეს შემთხვევა ამზასპმა კარგად გამოიყენა: უკან
დაბრუნდა, თავისი დანარჩენი გულადის, მაგრამ ძრიელ მოქანცულის ჯარითა,
ქალაქისაკენ, სადაც ელოდა ქვეითი ჯარი. მეორეს დღეს მიელოდა ახალი ბრძოლა,
რომელიცა რაც უნდა საქებური ყოფილიყო, მაინც ქალაქს აშორებდა საფარველსა
ველური ხალხისაგან. განთიადისასვე მცხეთის გუშაგი ემზადებოდა უკანასკნელი
თავგანწირვით ძალის ხმარებასა, მაგრამ ამ დროს მსწრაფლ საზოგადო მტრისაგან
გარე-მოცულთა სასიხარულოდ, ყოველ მხარეს გამოჩნდნენ ჯარები შეკრებილნი
ერისთავებისაგან. ისინი საჩქაროდ მიეშველნენ ქალაქის მცველებსა და დაუწყეს
ცხარე ბრძოლა მთის ხალხსა. ორის დღის ბრძოლის შემდგომ მტერი სრულიად
დაამარცხეს და გარეკეს საქართველოდგანა დიდად დაზარალებული. ამ დიაღ
ჩინებულმა გამარჯვებამ, მტრის მოულოდნელ დაცემაში, იქამდისინ შეაგულიანა
ამზასპის ვაჟკაცური ხასიათი, რომა მეორე წელსვე თითონ წავიდა სალაშქროდ
კავკასის მთის ჩრდილოთ. ვერავინ ვერ შეჰსძლო, რომ წინ დასდგომოდა და ერთს
წელზედ უფრო მოკლე ხანში, ალანებიდგან დაწყობილი აფხაზებამდისინ ყველა
სათემოები იძულებულ იყვნენ დამორჩილებოდნენ ამზასპსა.
მაგრამ ამზასპის ამ ჩინებულმა გამარჯვებამ მალე დაჰკარგა ყოველი ღირსება
ქართველების თვალში; ქართული მატიანე ამბობს, რომა ამზასპმა ქართლის
დაბრუნების შემდგომ, მისცა ყველას სამხედრო წოდების პირთ სრული
თავისუფლება, რომ ყოველისფერი მოეხმარებიათ თავის საკუთარ ნებაზე, რადგანაც
გული სავსე ჰქონდა მათდამი მადლობითა – ამისაგან საქართველოში სწრაფად
განვრცელდა ავზნეობა, თავის ნებითი ქცევა და გაკვრაგაგლეჯა და რადგანაც
დაჩაგრულები ვერსად პოულობდნენ სამართალსა, ამისათვის ხალხმა მიახწია
თავ-განწირულობამდინ. ამგვარმა ჯარისკაცის უფლებამ, რომლის შედეგიც
ყოველთვის საშიშარია საზოგადოებრივის მშვიდობიანობისათვის, იძულებულჰყო
ხალხი, რომ შემწეობისათვის მიემართათ ერისთავებისათვისა. ერისთავები
მაშინვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომა თუ ყურადღებას არ მისცემდნენ ხალხის
თხოვნასა და არ წაესარჩელბოდნენ, მაშინ უნდა დაეკარგათ იმათზე თავისი
ზედმოქმედება და თვითონაც თავის დროზედ საზოგადო უწესოების უმწეო
მსხვერპლად შეიქმნებოდნენ. ერისთავებმა: სამეგრელოსმა, ოძრხისამა,
კლარჯეთისამა და წუნდისამა, რომელნიც უფრო მოშორებულნი იყვნენ ხელმწიფის
კარისკაცებისაგან, შეარდგინეს შეთქმა ამზასპის საწინააღმდეგოდ, რადგანაც
უწესობის მიზეზი ეგ იყო და გაგზავნეს სომხეთის მეფესთან38 – ვაღარშთან
თხოვნა, რომ თანახმა შექმნილიყო იმათ ამორჩევაზე და მოეცა ამზასპის
მემკვიდრედ თავისი შვილი რევი. რევი იყო ძმისწული ამზასპისა. სომხებს
გარდა, ამ საქმეში რევის სასარგებლოდ, გაერივნენ რომაელნი და მთის ხალხიცა.
თუმცა ამზასპას მხარე დაიჭირეს სპარსელებმა, ბრძოლა არ გაგრძელებულა დიდ
ხანსა: ერთს ომს შემდგომ ქართლიც აგრეთვე გადვიდა რევის მხარესა და მცირეს
ჟამში თვით ამზასპიც მოკლეს.
იმ ქებიდგან, რომელსაც მემატიანეები მოგვითხრობენ რევზედა, ჩვენ უნდა
ვიფიქროთ, რომა იმის მმართებლობაში, თავის ნებითი ქცევა სამხედრო წოდების
ხალხისა მოისპო. თუმცა ისინი საკუთრად ამაზედ არაფერს არ ამბობენ. რევს
გვიჩვენებენ კაცად საქმის ცხადად გამგონედ, მგრძნობელად და მოწყალედ.
იმისგან გამოცემული წესდებულება, რომელიც უკრძალავდა ღმერთებისათვის
კაცების მსხვერპლად შეწირვასა, არის უწარჩინებულესი საბუთი იმისი
კეთილ-ზნეობითის ღირსებისა. ეს შეუბრალებელი სარწმუნოების ჩვეულება,
რომელიც იყო საქართველოში მესამე საუკუნემდინ, ოდესღაც უფლებდა ყოველს
ადგილასა. მეორე პუნების ლაშქრობის დროსა ეს ადათი დიდებულად იყო
აღსრულებულ, მას შემდეგ, როცა კანასთან ბრძოლისაგან შიშის ზარი დაეცა
რომაელებსა. მაგრამ იქა და საბერძნეთშიაც უფრო მომატებულ განათლებამა
აღმოფხრა ეს ადათი კარგა უწინ. როგორითაც ეს დაწესება, აგრეთვე რევის
დაქორწინება წარჩინებულის ბერძენის ქალზე, რომელიც იყო შვილი ვიღაცა
ლაგოფეტასი, სე ფორა, და აშენება ამ ქალის პატივისსაცემლად აფროდიტას
კერპისა, ამტკიცებენ, რომა გემოვნება და საქმის გაგება ამ მეფისა უფრო
ეთანხმებოდა ბერძენთ და რომაელთ განათლებასა, ვიდრე ძველის და უძრავის
აღმოსავლეთისასა. იმანვე გამოაჩინა, როგორც ამბობს გადმონაცემი, დიდი
რჯულთმოთმინეობა. ქრისტიანების ცხადის მოწყალეებით, რომელნიცა აქა-იქა
აღმოჩნებოდნენ ხოლმე მის ქვეშევრდომთა შორის. მეფობამ და ყოფაქცევამ
რევისამა და იმის მემკვიდრეებისამა. რომელნიც მისდევდნენ იმავე პოლიტიკასა,
მოამზადა ქართველები იმ დიდის ზნეობითის ცვლილებასათვის, რომელიც მეოთხე
საუკუნეში მოხდა.
როცა ვაჩეს მართებლობა დასრულდა და დიწყო ბაკურის მეფობა, ყოველი ძალი და
შეძლება საქართველოსი მიმართული იყო იმაზედ, რომ დაიცვან სომხეთის მეფის
ხოზროის სახეშია არშაკიდების გვარის უფლება სომხეთზედა, რომელსაც ელტოდა
სპარსეთის მეფე არდშირი. ქართველები ამის გულისათვის ბევრჯერ მოიმხრობდნენ
ხოლმე მთიულებსა და მიდიოდნენ სპარსეთზედ, მაგრამ სულ ამაო იყო: 233 წელსა
სომხეთი დაიჭირა არდშირმა.
ამ პერიოდს მიეწერება საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის პირის ქვეყნებზე
გოთების დაცემა, რომელიცა არის მოხსენებული ქართულს მატიანეში. გოთები,
რომელნიც ოდენის სახეს თაყვანსა სცემდნენ, აღმოჩნდნენ აზოვის ზღვის პირზედა
და მხოლოდ 100 წელს ქრისტეს წინად იძულებულ იყვნენ დაეთმოთ თავისი ქვეყანა
დიდი მიტრიდატის ძლიერებისათვისა. ოდენმა წაიყვანა ეს ხალხი შორს შორეული
ჩრდილოეთისაკენ. იქ მისცა ეს სარწმუნოება და კანონები და უანდერძა, რომ არ
დავიწყებოდათ თავისი ძველი სამშობლო ქვეყანა და თავის შემაწუხებლები.
სკანდინავიაში იმათა ჰყვანდათ მემკვიდრეობითი ხელმწიფეები: იქიდგან შემდგომ
გასწიეს ბალთის ზღვის მეორე ნაპირისაკენა, და იმპერატორი ალექსანდრე
სევერის დროში ისინი გავიდნენ კიდეც მექსინის პონტის ნაპირზედა და იმას
შემდგომ მრავალჯერ დაეცემოდნენ ხოლმე რომის დუნაისპირზედ მდებარე
ქვეყნებსა. ბოლოს მირდატის ხელმწიფობის დროსა, 248-ე წელიწადში, ააშენეს რა
შავ ზღვაში ძლიერი ფლოტი, გოთებამა რიცხვით 15,000 კაცმა, დაიწყეს
ლაშქრობა, რომელსაც ეწოდება პირველი ზღვის ლაშქრობა გოთებისა. როდესაც
დაუახლოვდნენ აფხაზეთის ნაპირსა, ისინი დაეცნენ ბიჭვინტასა (პიტიუს),
რომელიც იმ დროს იყო ქალაქად. ჰქონდა კარგი გემთსადგური, მაგარი გალავანი,
რომის ჯარით გამაგრებული. პირველი შებმა გოთებისა და ამ ქალაქისა იყო
პირველთათვის საზიანო; მაგრამ შემდგომ მაინც აიღეს და დააქციეს თითქმის
საძირკველამდინ. იქიდგან გოთებმა გასწიეს სამეგრელოსაკენა და იმისი ზღვის
პირის გაყოლება ადგილები დაარბიეს და ააოხრეს; შედგომ გაცარცვეს რა მდიდარი
ტაძარი რიონის შესართავში, დაუსჯელად გაემგზავრნენ ტრაპიზონისაკენ39. ამ
გარემოებამ, როგორც ზემოთა ვსთქვით, არ მიიპყრო ყურადღება ქართველი
მემატიანეებისა; ამისი მიზეზი იყო, ალბათ, ისა, რომა საქართველოს იმ დროში
გაუწყვეტლად ჰქონდა მხედველობაში საშიშარი მდგომარეობა სპარსეთისა.
საფორმა, არდშირის მემკვიდრემ, განავრცელა რა თავისი სამფლობელო სომხეთის
გარეთაცა, იქამდისინ აღაშფოთა საქართველო, რომა მირდატის მემკვიდრე
ასფაგური, თვითონ წავიდა მთის ხალხთან შემწეობის სათხოვნელად და არწმუნებდა
იმათა საზოგადოდ ყველას შეიარაღებას მიუცილებელ საჭიროებაზე, მაგრამ 265-ე
წელიწადში ავად გახდა და იქავე მოკვდა. |
![]() |
12 საქართველოს მდგომარეობა სასსანიდების დინასტიის დასაწყისში |
▲back to top |
საქართველოს მდგომარეობა სასსანიდების დინასტიის დასაწყისში
დაბადება და აღზრდა არდშირისა. – წინააღდგომა იმისი არტაბანისადმი და
ხელმწიფედ დაჯდომა სპარსეთის ტახტზედ. – დესპანობა იმისი რომში. –
მოსარჩლეობა რომაელთა სომხეთისადმი. – დაპყრობა სომხეთისა არდშირისაგან. –
ომიანობის უბედური შედეგი რომაელთათვის.
მეორე საუკუნის დასასრულში, სპარსეთს, ისტახარის მაზრაში სცხოვრებდა ერთი
ახამენიდების შთამამავალთაგანი, სახელად სასსანი. ერთხელ, ამბობს ქართული
გადმონაცემი, როდესაც სასსანი დადიოდა თავის მაზრაში, მივიდა ღამე
დასადგომად სპარსელ ბაბექ მისანთან (ასტრალოღოსთან). იმ ღამეს ბაბექმა ნახა
სიზმარში, რომა სამი ქურუმი ზოროასტრის სარწმუნოებისანი, გამოეცხადნენ
სასსანსა, ღვთისებრივ თაყვანისცეს და გამოუცხადეს, რომა ის იქმნება
მამადმთავარი ახალი მეფეების დინასტიისა. ბაბექმა, გაეღვიძა თუ არა,
მაშინვე უამბო თავისი სიზმარი სასსანსა და დასტოვა იგი თავის ცოლ-შვილში.
ამ სტუმრისაგან ბაბექის ქალსა ეყოლა შვილი, რომელსაც დაარქვეს სახელად
არდშირი.
არდშირმა სიყმაწვილის დროს მიიღო კარგი ზრდილობა თავდაპირველად ბაბექის
სახლში, და შემდგომ ხელმწიფის სასახლეში, სადაც იზრდებოდა არტაბან IV-ს
შვილებთანა, ხელმწიფის არამხანას მშვენიერთა შორის – ერთი ქალი სახელად
გულნარა ჩუმად ჰმფარველობდა ამასა. ყმარწვილობითვე იშოვნა გამოჩენილი
ადგილი სპარსეთის პირველ მხედრებთა და წარჩინებულ ხალხთა შორის40.
მაგრამ როდესაც არტაბანის ხელმწიფობის დროს სპარსეთი ააოხრეს იმპერატორებმა
კარავალლამ და მაკრინმა, მიიყვანეს თავგანწირულებამდინა და არეულობამდინა,
მაშინ არდშირმა სარგოიანად მოიხმარა ეს გარემოება და გულნარას შემწეობით,
წინდაწინვე არამხანიდან გამოზიდულის საუნჯითა, მოახდინა წინააღმდეგობა
არტაბანის სავნებელად. სამმა დიდმა ომმა მტრის სვე გარდასწყვიტა, ამ
უკანასკნელს ომში არტაშანის სიკვდილით 226-ე წელიწადში აღმოიფხრა უფლება
პართიანებისა სპარსეთში, არდშირი დაჯდა ხელმწიფეთ და შეიქმნა მამამთავრად
ახალის დინასტიისა, რომელსაც უწოდბენ სასსანისას, იმისი მამის სასსანის
სახელობაზე41.
ამ გარემოებასა ჰქონდა დიდი ზემოქმედება სომხეთზედა, სადაც ხელმწიფობდა
არტაბანის ნათესავი ხოსროი. და დიდად აღაშფოთა ამ გარემოებამ თვით რომის
იმპერიაცა. იმ დროს, როდესაც ხოსროიმ სთხოვა შემწეობა რომაელთა არდშირის
საწინააღმდეგოდ, არდშირმა, გაამპარტავნებულმა პირველის გამარჯვებითა,
დაისახა სამაგალითოდ კიროსი და გაგზავნა დესპანი 400 ამორჩეული კაცის
სპარსები გამოჩენილნი მშვენიერის შეხედულობითა და შთამომავლობითა და
უბრძანა, ეთქვათ იმპერატორ ალექსანდრე სევერისათვის, რომა კიროსმა პირველმა
დაიპყრო მთელი აზია და მისი მემკვიდრეები დიდხანს იყვნენ აზიის
მბრძანებლებიო. იმათი საბრძანებელი იყო ეგეის ზღვამდინ და ეფიოპიამდინაო.
ჩემმა დაბადებამ და ვაჟკაცობამ მომცა მე უფლება და იმათი სამეფო ტახტი.
ეხლა ჩემი პატივი მოითხოვს, რომ აღვადგინო დიდება და სამძღვრები კიროსის
სახელმწიფოსი. დეე რომაელნი სწრაფლ განშორდნენ იმ მაზრებსა, სადაც ერთს
დროს ხელმწიფობდნენ ჩემი წინაპარნი, იმათ შეუძლიანთ დარჩენა ევროპაში და
მეც თანახმა ვარ იმათა დაუთმო ევროპაში სარგებლობის უფლება42.
ალექსანდრეს უფრო ეფიქრებოდა სომხეთი ვიდრე ვრცელი პლანი არდშირისა.
შემოჰკრიფა მთელი თავისი ჯარები და თვით მიიღო იმათი მეუფროსობა სპარსეთის
საწინააღმდეგოდ. თუ რომ მეომარს კავკასის ხალხსა და იმათში ყველაზედ მაღლა
მდგომს საქართველოს სამეფოს არა ჰსჭეროდათ სივრცე სიგრძის 59 და 67
გრადუსიდამ, სიგანის 40 გრადუსამდე და ყოველთვის არ ეშინებინათ ერთის მხრით,
რომის მფლობელობა 67 გრადუსიდამ აღმოსავლეთისაკენ და მეორეს მხრით,
სპარსეთი 59 გრადუსიდამ დასავლეთისაკენ, სომხეთის სამეფო ამ ორ
მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან ისეთი სუსტი იყო, რომ ვერ გაჰსძლებდა და
მოიკვეთებოდა პომპეის ანუ ანტონიის დროდამვე; მაგრამ ავღუსტი, ანუ რომის
სენატი, რომელსაც კარგად ესმოდა ამ იმპერატორის პოლიტიკა, მეცადინეობით
იცავდნენ სომხეთის ავტონომიასა (თვით მთავრობასა). სენატი რაცხდა სომხეთსა
ევფრატის კარდონის საფარველად აღმოსავლეთის მხრით, სპარსეთისაგან და
ჩრდილოეთის მხრივ, კავკასის ხალხთაგან, – და ამის გამო, ის სიხარულით
უთმობდა სომხეთის შემოსავლის ნაწილსა მას, ვინც სომხეთის მეფის
ტიტულისათვის იკისრებდა, რომ თავის თავი დაახვედროს იმ ხმალს, რომელნიც
მოიქნევებოდა ხოლმე ომის სამძღვრების დასარღვევად აზიაში.
ალექსანდრე სევერი, მიუდგა ხოსროისა და წამოვიდა სპარსეთში სამის არმიით;
მაგრამ ერთს იმათგანსა, როდესაც მიაღწია ბაბილონის ჭაობიან მინდვრებსა,
შემოეხვია გარს მტერი და სრულიად ამოხოცა, მეორე, რომელმაც გაიარა
სომხეთზედა და მიდიაზე, თავდაპირველად პირველზე უფრო ბედნიერი იყო: იმან
მოაოხრა და გაანადგუა სუ ყოველისფერი, რაც დახვდა გზაზე და რამდენჯერმე
დაამარცხა სპარსეთის ჯარი; მაგრამ მთაზე გადასვლის დროს მიეცა დიდი ზიანი
ცუდის გზის სიძნელისა და მძაფრი სიცივისა გამო; მესამე უმთავრესმა არმიამ,
რომელის წინამძღოლად იყო თვითონ იმპერატორი და რომელსაც უნდა მიეცა
შემწეობა პირველი ორი არმიისათვის და ამგვარად უნდა მისულიყო შიდა
სპარსეთშია, ჯერ კი თავს ანებებდა გამარჯვებისათვის სახერხო შემთხვევათა,
მერე კი იძულებულ იქმნა უკან დაბრუნებულიყო მცირედი ჯარის რიცხვით,
რომელსაც დაერია ავადმყოფობა და რომელიც მოეშვა სულითა და ხორცითა
მკდოვანებისა და წარუმართებლობისაგან43.
ხოსროი, რომლის კარზედაც გაუწყვეტლად მოდიოდნენ მტრისაგანა გამოქცეულები და
უკმაყოფილონი და რომელთაც მიიღებდა და უალერსებდა, ამ ლაშქორბის შემდეგ
საოცრის ახირებით მარტო იცავდა თავის თავისუფლებასა, მაგრამ რადგანაც
ჰგრძნობდა ამგვარი მდგმოიარების უიმედობასა ეხვეწებოდა ყველა არშაკიდებსა,
რომ მიშველებოდნენ საზოგადო მტრის დასაცემად. მათგან მხოლოდ ქართველთ
ხელმწიფეებმა, თვის მიერ მოწოდებული კავკასის თემებით, წარმოსთქვეს
თანაგრძნობა ხოსროისა, რომელმაც იმათი შემწეობით შიში დაჰსცა კიდეცა
სპარსეთსა44. სხვა არშაკიდებმა არამც თუ არ მიიღეს ცხოველი მონაწილეობა,
არამედ აღმოჩნდა იმათ შორის ერთი, განთქმული გმობითა თავისის და თავისი
შვილის დიდებითა, ანაგანი, რომელმაც რა მიიღო არდშირისაგან ბლომათ ქრთამი,
მოწამლა ხოსრო 232-ე წელიწადში. სომხებმა სთხოვეს მფარველობა რომაელთა
ტირიტადის სასარგებლოდ. რომელიც იყო მცირეწლოვანი და მხოლოდ ერთი მემკვიდრე
ხოსროისა: მაგრამ ვიდრე მოეშველებოდნენ, რომაელნი, სპარსეთის ხელმწიფე
შემოვიდა სომხეთში 233-ე წელიწადში.ერთგულმა მოსამსახურმემ გადაარჩინა
ტირიტადი და გაიქცა რომსა, რომელსაც მიანდო აღზრდა და შემდეგი სვე ამ მეფის
შვილისა45. თუმცა რომაელთ ისე ძვირფასად მიაჩნდათ სომხეთის ავტონომია,
მაგრამ 233-ე წლიდგან 287-ე წლამდინ ყოველი იმათი ცდა ამ სახელმწიფოს
სპარსებთაგან განთავისუფლებისათვის დარჩა ამაოდ. სომხეთის დაჭერის შემდგომ,
საფორს, არდშირის შვილსა იმედი ჰქონდა რომაელთა უღონობისა და ძალა დაატანა
ძლიერს გუშაგსა კარრისა და ნიზიბისის ქალაქებისასა, რომ გაეწმინდათ
ევფრატის ნაპირები, სადაც იმან შიშისა და აოხრების ზარი დაჰსცა. რომს
თავსზარი დაეცა ჯერ წყენისაგან, რომელიც მიეცა ამის გამო იმის დიდებულებასა
და მერე შიშისაგან, რომელიც წარმოუდგა.
260-ე წელიწადში ვალერიან იმპერატორი, თუმცა მოხუცებული იყო, მაგრამ
განიზრახა თვითონ წასვლა ევფრატზე რომის მაზრების დასაცველად. ის გავიდა ამ
წყალში, მაგრამ მსწრაფლ შემოეხვია რიცხვით აღმატებული მტრის ჯარი, და
იძულებულ იქმნა მოციქულების ხელით მიერთმია საფორისათვის ურიცხვი ფული და
ეთხოვნა ნების მოცემა სამარცხვინოდ უკან დაბრუნებისათვის. საფორმა
შეურაცხებით უარი სთქვა ფულის მიღებაზე და მოითხოვა ვალერიანის პირისპირ
ნახვა. ნახვა დაბოლოვდა იმითი, რომ იმპერატორს დაადეს ბორკილი და თვით
რომის ლაშქარმაც იარაღი დადო. იმ ამპარტავნების და პოლიტიკის გამარჯვებამა
იძულებულ ჰყო საფორი, ეჩვენებია ქვეყნისათვის, რომა რომის საიმპერიო ტახტის
მოხმარება იმის ხელთ იყო და ამისა გამო დანიშნა იმპერატორად არა რითამე
განთქმული ანტიოქში მცხოვრებელი კირიადი, რომელიცა მაშინვე მიიღეს
ხელმწიფედ მორჩილმა რომის ჯარებმა. ამ საქმეების ამბავი გავარდა საჩქაროდ
და მთელი ქვეყანა ელდით შეარყია. ამბობენ, რომა ვალერიანი დატვირთული
ხუნდებით და ბორკილითა იმპერატორის სამკაულით ხშირად ყოფილა გამოყვანილი
მდაბალი ხალხის სასაცილოდ და ყოველთვის, როდესაც საფორი მოინდომებდა ცხენზე
შეჯდომასა, ფეხს რომის იმპერატორის კისერზე დაადგამდა და ისე შეჯდებოდა.
როდესაც ვალერიანი სირცხვილისა და მწუხარებისა გამო მოკვდა, იმისი ტყავი,
ჩალით გატენილი, იყო ჩამოკიდებული გამარჯვების იავართა შორის46.
ცოტას ხანში ამას შემდგომ აიღეს ანტიოქი, თარსი და კესარია და მიეცნენ
სპარსეთის ჯარის აკლებასა. ახალს რომის იმპერატორს, უბედური ვალერიანის
შვილს, გალიანს, არ შეეძლო გაებედნა არც შურისძიება მამის
უპატიურობისათვისა და არც სახელმწიფო სამძღვრების დაცვა. |
40. Lonis Dubeux. I/univers, la rerse ed. 1841. p. 278. 41. St. Martin. Memoric sur I’Armenie Tom I. p. 302-304. Gibbon his. de la decaeance et de la chuie de I empirc Tomain. chap. VII 42. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. VIII 43. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. VIII 44. ქართლის ცხოვრება: მაგრამა ეს წელთაღწერა სომხეთის შველას რასაკვირველია, შეცდომით აწერს ასფაგურსა – საქართველოს მეფესა. 45. St. Martin mem. Sur I’Armenie t. I. p. 302-304 46. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. X
|
![]() |
13 სასანიდების დინასტის დაჯდომა საქართველოს სამეფო ტახტზედ |
▲back to top |
სასანიდების დინასტის დაჯდომა საქართველოს სამეფო ტახტზედ
დესპანობა საფორთან თხოვნით, რომ დაენიშნა საქართველოს ხელმწიფედ მირიანი.
– დანიშვნა მირიანისა. – განკარგულება საფორისა. – საქმეები მირიანისა
დიოკლეტიანის სპარსეთთან ომამდინ. – დაძვრა ალანებისა და ფრანკებისა. ამგვარ აღმოსავლეთის გარემოებათა შორის საქართველოში ასფაგურის სიკვდილით,
265-ე წელიწადში, ამოწყდა არშაკიდების მამრობითი ნათესაობა და მხოლოდ ერთი
ქალი ამ ხელმწიფისა დარჩა ხელმწიფის ტახტის მემკვიდრედ; მაგრამ ის იყო
ჯერეთ მეტად ჩჩვილს ყრმობაში – და ვერ შეეძლო აეტანა ტვირთი მმართებლობისა
იმ საშიშარ დროებაში. ერისთავების რჩევამ, რომელნიც ერთმანეთს დააახლოვა
მრისხანე გარემოებამა, დაუყოვნებელად გადასწყვიტა მიემართათ თხოვნით
საფორისათვის, რომ ერთი თავისი შვილთაგანი დაენიშნა საქართველოში ხელმწიდედ
და შეერთო ცოლად ასფაგურის ქალი. ეს იყო მხოლოდ ერთი ღონისძიება, საშიშარი
მდგომარეობისაგან გამოსახსნელი, რომელზედაც იყო დაყენებული პატივი და
ნივთიერი სარგებლობა ხალხისა. ამასთანავე, საქართველოს საზოგადოება
სანუგეშოდ ხედავდა იმასა, რომა საფორმა, რომელიც შეუბრალებლად მოექცა
რომაელებს და იმათ მაზრებს მცირე აზიაში გამოიჩინა თავისი თავი სომხეთში
კეთილმომქმედ რჯულის დამდებად47. როდესაც საქართველოს დესპანმა წარუდგინა თხოვნა ხალხისა საფორსა, იმანა
ჰკითხა: „სად არის მცხეთის ქალაქი და დიდია თუ პატარა; რამდენს მანძილზედა
სცხოვრებენ იქიდგან ხაზარნი და ოსსები, და რომელი გვარის შთამომავალია
საქართველოს ხელმწიფის ქალი?“ როცა მიიღო პასუხი, საფორი თვითონ წამოვიდა
საქართველოში და დაკმაყოფილებული დიდებულის დახვედრითა და პატივით,
რომელიცა სცეს ყველგანა, ის ყოველ თხოვნაზედ თანახმად შეიქნა და დანიშნა რა
თავის შვიდის წლის შვილი მირიანი (დაბადებული იმისი საყვარელი მხევალისაგან)
საქართველოს ხელმწიფედ, მისცა იმას სომხეთისა და მთელი კავკასის ხალხის
მფლობელობის უფლება. მაგრამ ეს უკანასკნელი უფლება, ჩვენის აზრით,
შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არ მარტო სახელითა, ფრიად დაუდგრომელი და მოკლე
ხნისა მაინცა.
ამის შემდგომ საფორმა მოახდინა ზოგიერთი განკარგულება: დანიშნა კაცი, რომ
მირიანზედ ზრუნველობა გაჰსწიოს და აღზარდოს იმ დროების საქართველოს
სარწმუნოებაზედ, ე.ი. ზოროასტრის სარწმუნოებაზედ, რომელსაც ერია
კერპთთაყვანისცემაცა; მოახდინა განკარგულება სხვადასხვა საქართველოს
ნაწილებში ჯარის დაყენების წესისა და ისე წავიდა სპარსეთში.
ქართული ენისა, სარწმუნოებისა და აქაური ადათის სწავლამა და იმისმა
ქართველებისადმი ყურადღებამ, მირიანი შეაყვარა, მიათვისა ხალხსა და
დაამკვიდრა საქართველოსი და ახალი მეფის შთამომავლობის კავშირი. იმის
ხელმწიფობის დასაწყისი წარმოადგენს გაუწყვეტელს ბრძოლასა ჩრდილოეთის
თემებთანა, მეტადრე ხაზარებთანა, რომელსაც ის დაუხვდებოდა ხოლმე ხან
დერბენდისა და ხან დარიალის კარებთანა. მაგრამ სამხედრო გამარჯვებას შორის,
ის აგრეთვე ზრუნავდა ციხეებისა გამაგრებისათვისა და ქალაქებისა, ტაძრებისა,
სამსხვერპლოებისა და ფარნავაზის სასაფლავოს გამშვენიერებისათვისა. ამას
ყოველისფერს, საქართველოს მატიანე უმატებს ამბავსა, სპარსეთში
გამარჯვებისასა.
საფორის შვილისშვილის ბარამის ხელმწიფობის დროსა და ბაღდადამდისინ
ლაშქრობით მისვლასა; მაგრამ ამ ფაქტის დასამტკიცებლად, ჩვენ ვერაფერს ვერა
ვხედამთ სპარსეთისა და ლათინის ისტორიკოსებისაგან. ეს ფაქტი, მეტად დიდი
არის იმ ძალისთვის, რაც ჩვეულებრივ საქართველოს ჰქონია და არ შეიძლება
საეჭვოდ არ დარჩეს, თუ რომ არ დამტკიცდება უცხო ქვეყნის მწერლებთაგანაც.
თვით უჭეშმარიტესს სახალხო მატიანეს, რომელი სახელმწიფოსიც უნდა იყვეს,
შეიძლება ვენდოთ იმ შემთხვევაში, როდესაც იმათი ჩვენება შეეხება საკუთრად
სახელწიფოს შინაურს საქმესა, იმის შინაგანი ძალისა და ღონის მიხედვით;
მაგრამ ამბავი გარეგანი საქმისა მიუცილებლად მოითხოვს გარეშე პირთა
დამტკიცებასა.
ამასობაში მირიანის ხელმწიფობის დროებას მიეწერება ორი საქმე, რომელიც
შეეხება დასავლეთის ზღვისპირს მდებარე საქართველოს მაზრებსა, რომელზედაც
ქართული მატიანე სრულიად არაფერს არ ამბობს. ეს საქმენი არიან ალანების და
ფრანკებისა დაძვრა.
ავრელიანის მმართველობის დროს ალანებმა წაიწიეს დასავლეთით და დასცეს
კარვები აზოვის ზღვის მეზობლად. მაშინ ამ იმპერატორმა მოინდომა მათი
განშორება რომის სამძღვრებიდგანა და ამიტომაც დაჰპირდა იმათ დიდს საჩუქარსა,
თუ რომ ისინი გაბრუნდებოდნენ უკანა და დაეცემოდნენ სპარსეთსა. მაგრამ
როდესაც ეს დაპირება არ აუსრულეს ავრელიანის სწრაფის სიკვდილის გამო,
ალანებმა, გამწარებულებმა, რომ – როგორც იმათ ეგონათ – იმათ პირობა არ
აუსრულეს გმირობისა გამო, მიმართეს თავის გამბედავობასა, რომ შური ეძიათ და
მიეღოთ დაპირებული. 276-ე წელიწადში გადმოიარეს აფხაზეთზედა, შემოვიდნენ
სამეგრელოში და კლარჯეთში, გაცარცვეს რა ეს მაზრები, წავიდნენ პონტში და
სხვა მცირე აზიის ქვეყნებში. ტაციტ იმპერატორი იძულებულ იყო მიეცა იმათთვის
დაპირებული ფული და თანაც შეუკვეთა, რომ გასცლოდნენ რიონის მარჯვენა
მხარესა; მაგრამ შემდგომ, თავისი იმპერიის ძლიერების პატივისცემის შეგონება
მოინდომა, თვით გამოუძღვა ჯარსა შუა გულს ზამთარში ალანებთან შაბმისათვის
და კავკასის მთის ძირში გარდაიცვალა სიბერის უძლუროებისა გამო.
ამავე წელიწადში ტაციტის მემკვიდრემ, პრობმა, იმათი მეორეთ შემოსევის
შიშითა რომის მაზრებში, თითქო კარდონის გუშაგის გასამაგრებელად, პონტის
აღმოსავლეთის ნაწილში, ბრძანა დასახლება ფრანკებისა, რომელთაც ენდობოდა
მაგრამ ფრანკებმა ერთს პონტის ნავთ-სადგურში, ღუზაზედ მდგომარე გემები
დაიპყრეს და წამოვიდნენ კლარჯეთისა და სამეგრელოს ნაპირებისაკენ და როცა
მიახწიეს რიონის შესართავამდინ, გამოვიდნენ ღია ზღვაში და ბოსფორით
გავიდნენ ევროპაში, ეცემოდნენ და ცარცვავდნენ ყოველ ქვეყნის პირებსა,
რომელსაც მოხვდებოდნენ ხოლმე48.
ამ ფაკტზედ ქართული მატიანის სრული დუმილი არ გვაძლევს შეძლებასა ვაჩვენოთ,
რა მონაწილეობა ჰქონდა ამაში მირიანსა. |
47. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. X 48. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. X |
![]() |
14 რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა და იმისი გავლენა |
▲back to top |
რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა და იმისი გავლენა
ტირიდატის სომხეთის მეფედ დანიშვნა. – განთავისუფლება სომხეთისა. –
ტირიდატის შემოსევა საქართველოში. – ქართველებისა და სპარსების შეერთება და
ტირიდატის სომხეთიდგან განდევნა. – რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა
სომხეთის გულისათვის. – ნაზიბისის შერიგება. ამასობაში, როდესაც საქართველო, თვით ქართველებისავე მოწმობით, იყო
ბედნიერი თავისი მდგმოიარებითა, მაშინ იმისი მეზობლად მდებარე ქვეყანას,
სომხეთსა ნახევარი საუკუნე ედგა კისერზე უცხო ქვეყნის უღელი და როგორც სხვა
რომის აღმოსავლეთის მაზრები, ისე ესეც იყო ცილობის საგანად რომაელთა და
სპარსებს შორის. თუმცა ავრელიანისა, პრობისა და კარას ლაშქრობამ ძლიერ
შეარყია სპარსების შემძლებელობა და სასსანების დაუმარცხებლობის აზრი,
მაგრამ ვეღარ შეიძლეს აღდგინება სომხეთის თვითმთავრობისა (ავტონომიისა).
ბოლოს დიოკლეტიან იმპერატორმა დააფასა სამსახური და მრავალჯერ გამოცდილი
ერთგულება მეფის შვილის ტირიდატისა და 287-ე წელიწადში, მისცა იმას
ინვესტიტურა (ფირმანი) სომხეთის სახელმწიფოზედა და გამოგზავნა
აღმოსავლეთისაკენ.
იმისი მოსვლა სომხეთშია, რომელიც გულითადის სიხარულით მიიღეს, იმისი ნიშანი
იყო, რომ ერთობ შეჭურვილიყვნენ თავის თავისუფლების და თავის მეფეების
სამკვიდრო უფლების დასაცველად. როგორც მოვარდნილმა ნიაღვარმა, იმან ისე
დაარღვია ყოველი დაბრკოლება და რადგანაც სპარსებმა ვერ შეძლეს იმისი
წინააღმდეგობა, სწრაფად გაიქცნენ. სომხეთის თავად-აზნაურნი მირბოდნენ
ტირიდატის დროშის ქვეშ შესაგროვებლად და იმისი დიდების მაქებელნი,
უკვეთდნენ თავის სამსახურსა. რამდენსამე ხანსა ბედისწერა ტირიდატსა ისე
ხელს უწყობდა, რომა არამც თუ გამორეკა სომხეთიდგან თავისი სახლისა და
ხალხის მტრები, არამედ შურის-ძიების გულისვნებით ანთებული, შეესია
ასირიასაცა. მაგრამ მცირეს ხანში ბარამ პირველმა, რომელიც ხელმწიფობდა
სპარსეთში 276-ე წლიდგან 292 წლამდინ49, მიაქცია იმისაკენ სუყოველი ძალი და
ღონე და ტირიდატი იძულებულ იქმნა დაეტოვებია სომხეთი და ხელმეორედ
შეფარებოდა იმპერატორების სასახლესა50. ქართული მატიანე ამ საქმის
წარმოებას უმატებს ამასაცა, რომ როდესაც ტირიდატი დამკვიდრდა სომხეთში,
მაშინ რომის ჯარის შემწეობით, შემოესია საქართველოსა და ყოველისფერი
ციხეებსა და ქალაქებს გარდა, სადაც გამაგრდა ქართველი ხალხი, ააოხრა. ამის
სამაგიეროდ მირიანმა, სპარსების შემწეობითა, ისევ იმისავე მსგავსად მაგიერი
გადუხადა სომხეთსა.ამგვარად, მტრობა ამ მეფეთა იყო გაუწყვეტელი იქამდისინ,
ვიდრე მირიანი სპარსების მოწვევით არ მიემხრო სპარსებსა და საზოგადო ღონით
არ განდევნეს ტირიდატი სომხეთიდგან.
ტირიდატის თანაგრძნობამ, სომხეთის განთავისუფლების სარგებლობამა და შიშმა,
რომელიცა ჰქონდა ნარცეზის დაუბრკოლებელი გამარჯვებისაგანა, აიძულა
დიოკლეტიანი, რომ დაეწყო ბრძოლა სპარსეთისათვის. დაიდო რა დროებით ბინა
ანტიოქში, იმან 296-ე წელიწადში გაგზავნა თავისი ჯარი თავისი გულადი
ამხანაგის ცეზარ გალერის წინამძღოლობითა ბარამ III-ის მემკვიდრის ნარცეზის
საბრძოლად51. მაგრამ ეს ლაშქრობა დაწყობილი მესოპოტამიიდგან იყო ფრიად
უხერხული, ასე რომ, რომის სპასალარი, რომელთანაც იყო ტირიდატიცა, გადარჩა
გამოქცევით და დასტოვა მომატებული ნაწილი ჯარი უბედურების მსხვერპლად.
დიოკლეტიანი არამც თუ შეკრთა ამითი, არამედ შეჰკრიბა თავისი ნამსახური
ჯარისკაცნი. მიანდო იმათი წინამძღოლობა იმავე გალერსა და უბრძანა გავლა
სომხეთზედა, რომის ჯარის პატივისა და უწინდელი თავისი დიდების
აღსადგინებლად. გალერმა კარგად მოიხმარა სომხეთის საზოგადო და
თავგამოდებული შემწეობა და დაეცა სპარსეთის ბანაკსა, სადაც იყო ნარცეზი,
დაჭრა იგი, დაჭრილი ხელმწიფე კი გაიქცა მიდიის მინდვრებში, გალერს კი ხელში
დაუგდო თავისი ცოლ-შვილი და ურიცხვი საუნჯე.
ამ ჩინებული გამარჯვებისა ბოლო შერიგება იყო, სადაც სპარსებმა და
რომაელებმა დასდეს პირობა ნაზიბისის ქალაქში. უმთავრესი პირობა ამ
შერიგებისა იყო: პირველი, აღდგენა სომხეთის სახელმწიფოსი ტირიდატის
მართველობასა ქვეშე და იმის შთამამავალთა. და მეორე: გადაცემა
იმპერატორისაგან უფლებისა, რომელითაცა ნიშნავდა საქართველოს მეფესა,
რომელზედაც დიდად იყო დამოკიდებული შემძლებელობა და სამკვიდრე რომის
მფლობელობისა აზიაში52. |
49. Iuis Dub. I’univers, la perse p. 312 et 313 50. Gibbon; ch. XIII 51. ნარცესი მეფობდა 291–302 წ. Iuis Dub. p. 313. 52. Gibbon, hist. de I’emp. tom. ch. XIII |
![]() |
15 საქმენი საქართველოს შესახებნი ნაზიბისის შერიგებიდგან ქრისტიანობის მიღებამდინ |
▲back to top |
საქმენი
საქართველოს შესახებნი ნაზიბისის შერიგებიდგან ქრისტიანობის მიღებამდინ
დამტკიცება შერიგებისა საქართველოსა და სომხეთს შორის ამ ქვეყნების მეფეთა
დამოყვრებით. – გაყოფა სამთავროებისა იმათსა და იმათ ნათესავებთა შორის. –
ერთი ერთმანეთის შემწეობა მირიანისა და ტირიდატისა მთის ხალხისა და
სპარსების ბრძოლაში.
საქართველოს მატიანეში აღწერილი საქმენი, რომელიც წინა თავში მოვიხსენიეთ,
ამოდენად ეთანხმება რომაელების მწერლების აღწერილებასა, რამდენადაც
ჩვეულებრივად არის ხოლმე ეხლაც უთანხმოება ორთა მეომართა ხალხთა ომის
გადაწყვეტილობის ჩვენებაშია. მაგრამ ერთი ეს არის მხოლოდ საკვირველი, რომა,
სადაც უნდა ხმარებულიყო სახელი დიოკლეტიანისა, ყველგან ამ იმპერატორს
უწოდებენ კონსტანტინედ; აგრეთვე, როგორათაც VIII-ე თავში საფორის მაგიერად
არის ნახმარები სახელი იმის მამის არდშირისა. მაგრამ რომ შეუფარდოთ ერთი
ერთმანერთზედ ზედმიყოლა და მიმზგავსება საქმეთა, რომ მივიღოთ მოსაზვრაში
საზოგადოდ მიღებული ხრონოლოგია, ეს სუყოველისფერი ადვილად გასწორდება.
ამგვარად, ქართულს მატიანეში რომ დაწვრილებითი ამბავია ამ საქმეებისა,
რომელიც უფრო საქართველოს შეეხებიან, ვიდრე სხვა ქვეყანასა და რომელზედაც
სხვა ქვეყნის ისტორია არას ამბობს, ის დაწვრილებითი ამბავი მეტად თუ ნაკლებ
ღირსია, რომ დავიჯეროთ რამოდენიმე ხარისხამდე.
ეს მატიანე გვიმოწმებს, რომა სპარსების დამარცხების შემდგომ, იმპერატორმა
მირიანი თვით დაიმორჩილა და მორჩილებისა და აღმოსავლეთით მშვიდობიანობის
დასამკვიდრებელად. წაიყვანა იმისი შვილი ბაქარი რომში ამანათად და მირიანი
კი თვით ტირიდატთან მოყვრობით, დააკავშირა: შერთო იმის მეორე შვილს რევსა
სომხეთის ხელმწიფის ქალი, სალომე. სამძღვრებზე რომ არა ყოფილიყო დავა ამ
ორს ხელმწიფეთა შორის, ამისათვის გარდუწყვიტა, რომა მამული არეზის აუზისა
უნდა ყოფილიყო კუთვნილება სომხეთის ხელმწიფისა და მამულები, რომელიცა
მტკვარს და იმის ჩართულ წყლებს ეჭირათ, ის მირიანსა, და ამისავე
მფლობელობაში დააგდო საქართველოს დასავლეთი ენგურის წყლამდინ. მირვანმაც
თავის მხრით კახეთი მისცა თავის შვილსა, ტირიდატის სიძეს რევსა
სამფლობელოდ, და სივრცე ხუნანის ციხიდგან ბარდოს ქალაქამდინ კი, ეხლანდელი
განჯის მინდორი, – მიჰცა თავის სიძეს სპარსეთის მეფის ნათესავსა – ფეროზსა.
ეს დაწვრილებით ამბავი ჩვენ სარწმუნო გვგონია ამისათვისა, რომა ეს სრულიად
დიოკლეტიანის ფიქრს ეთანხმება, რომელსაც ძალიან უყვარდა სომხეთის მეფე
ტირიტადი, დარწმუნებული იყო იმის რომის ერთგულებაზე და შეეძლო სცოდნოდა,
რომა მირიანისა და ტირიდატის თანხმობისათვის მოყვრული კავშირი უფრო მკვიდრი
იქნებოდა, ვიდრე ძალ-დატანებულ – პოლიტიკური.
ეს ფიქრი სწორე და მართალი გამოდგა: დასამტკიცებელი საბუთი გულითადი
მეგობრობისა, რომელიცა ჰქონდათ ერთმანერთ შორის მირიანსა და ტირიდატსა იმას
შემდგომ, არის სომხების მემატიანეებთაგან ნათქვამი ამბავი, რომა როდესაც
ტირიდატი წავიდა რომში კონსტანტინე იმპერატორის სანახავად, მაშინ მოეწია
ჩიკრიკი მირიანისა გზაზე და შეატყობინა, რომა ჩრდილოეთის ხალხი, სპარსეთის
ხელმწიფის საფორ I-ისაგან დარიგებულნი, მოესიენ მირიანსა, მივიდნენ
კორანამდინ, ერთი წილი ხალხი იქ მცხოვრებელი გასწყვიტეს და ერთი წილი
წაიყვანეს ტყვედ. ტირიდატი მაშინვე დაბრუნდა და გაგზავნა მირიანთან
მისაშველებელი ჯარი და შემდგომ თვითონ წავიდა ჩრდილოეთის ხალხის სასჯელის
დასასრულებელად. თავის რიგზე, როდესაც ტირიდატმა დაუწყო ბრძოლა სპარსეთსა,
მაშინ მირიანმა იმის ჯარს მიუმატა თავისიცა და თითონ მიიღო წინამძღოლობა
სომხეთის ჯარის ერთს ნაწილზედა. |
|
![]() |
16 დასკვნა საქართველოს ძველი ისტორიისა. |
▲back to top |
დასკვნა საქართველოს ძველი ისტორიისა
ამ საქმეების ამბით ვათავებთ საქართველოს ძველს ისტორიას, რომელიც შეიცავს
კერპთ-თაყვანისცემის სარწმუნოების დროსა საქართველოში. შემდგომის ჩვენის
წერილების რვეულით დავიწყობთ საშუალო საუკუნების ისტორიასა. ძველი ისტორიის
სამძღვრად ჩვენ ქრისტიანობის მიღება ავარჩიეთ. სარწმუნოება (რელიგია)
მართავს ყოველ იმ ხალხის შინაგან ცხოვრებასა, რომლის განათლება და ზნეობითი
განვითარება იქამდინ არ მიღწეულა, რომ შეჰსძლებოდათ მათ კაცთა სურვილის და
მოქმედების მართვა. სხვადასხვა სარწმუნოების მცნებამ: ეგვიპტისამ,
ზოროასტრისამ, საბერძნეთისამ იქამდინ შეარყიეს სათითაოდ ერთმანერთის
ღირსება, რომ ქართველებსა გაქრისტიანებამდინ თავის დღეში არა ჰქონდათ
გადაკვეთილი სისტემა რჯულთა მცნებისა (вероучение). სარწმუნოება რომ
მკვიდრი არ იყო, ამის გამო საქართველოს ბუნებას ყოველთვისა ჰქონდა ძლიერი
ზედმოქმედება ადამიანის გამოხატულობაზედ და გულის ზრახვაზედ, საიდგანაც
ამაოდმორწმუნოება შეიქმნა ბოლოს უპირატეს მცნებად, რომელსაც აღიარებდნენ
დარბაისელნი მოხუცნიცა, რომელთა ჰქონიათ მისვლა-მოსვლა საქართველოსთანა და
რამოდენად ხშირი ყოფილა ეს მისვლა-მოსვლა, შეიძლება ვცნათ მრავალრიცხვი
სიტყვებითა ლათინურის ძირით, რომელნიც იხმარებიან ქართულს ენაში. მაგრამ ეს
დაახლოვება დაარსდა ციცერონის თანამედროვეობის დროსა, როცა ყველგან
რომაელებს განათლების მეოხებით გული აცრუებული ჰქონდათ წარმართ რჯულთა
მცნებისადმი, რომელსაც, როგორც შლოსსერი ამბობს, უფრო პოეტიური აზრი
ჰქონდა. მაშასადამე, რომაელთა არ შეეძლოთ მაშინ მიეცათ ქართველებისათვის
გადაკვეთილი, განსაზღვრული სარწმუნოება და ესრედ იმ დროს, როცა კანონი,
მეცნიერება და ხელოვნება რომის იმპერიის მორჩილს ხალხსა აძლევდა
გადაკვეთილს გვარს ცხოვრებისას, – საქართველოსა, რომელსაც
გაქრისტიანებამდინ სარწმუნოებაც არა ჰქონდა განსაზღვრული, არ შეიძლება, რომ
ჰქონდეს ძველი პრაგმატიული ისტორია სრულიად ისეთი, რომ კმასამყოფელი იყოს.
მაგრამ მაინცდამაინც საქართველოს ძველს ისტორიას აქვს ორნაირი ინტერესი:
ერთი ისა, რომ ძველი ისტორია აღმოგვიჩენს იმ მნიშვნელობას, რომელიც ჰქონია
საქართველოს ძველი ქვეყნებისათვის და მეორე, იგი აღგვიწერს ძველთა საქმეთა,
რომელნიც საინტერესო არიან კერძო აზრის მიხედვით.
ძველს საქვეყნო ისტორიაში საქართველოს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა
ეტნოლოგიურისა, ვაჭრობისა და სამხედრო – პოლიტიკურის მიხედვითა.
იმისი ადგილმდებარეობა არის სარეცელი კაცთა ნათესაობისა ანუ მდებარებს იმის
მახლობელ მეზობლად.
გამოკვლევა საქართველოში პირველმცხოვრებლებისა გამოაჩენს დასაწყისს მრავალი
ხალხისასა, რომელნიც ყოფილან უწინ და არიან ეხლაცა.
საქართველო, რომელიც რიონისა და მტკვრის მდინარეებითა და ორის ისეთის
ზღვითა, რომელთ ნაწილები სწვდებოდა ფრიად შორს მდებარე ქვეყნებსა და ორის
მთის კარების ხმელეთის გზითა, იყო შემმაერთებელი ორის ქვეყნის ნაწილისა,
აზიისა და ევროპისა. ამგვარმა იმისმა სახერხო მდებარეობამ მალე მიაქცია
აღმოსავლეთის და დასავლეთის მოქმედ ხალხის ყურადღება. საქართველო შეიქმნა
საშუალმწერტილო ადგილად ძველის საქვეყნო ვაჭრობისათვის.
საქართველოს ხელმწიფეები, რომელთაცა ჰქონდათ თავის სამფლობელოში მთის
გასავალი კარებები, თავის ნებაზედ გააღებდნენ და მიხურამდნენ. იმათზედ იყო
დამოკიდებული დაბარება კავკასის მთის ხალხისა და შესევა მათი ეფრატისა და
ტიგრის მინდვრებში და ამისათვის სივრცე ამ ორთა წყალთა შუა ირაცხებოდა
მარადჟამს ხან დავის გარედ, ხან სადავოდ მცირე აზიისა და სპარსეთის
ფლობელებთა შორის. კიროსიდგან დაწყობილი დიოკლეტიანამდინ, ვერც ერთმა
ძველებურმა ბრძოლით დამპყრობელთაგანმა ვერ გადმოდგა ფეხი ამ სამძღვარს
აქეთა, ვიდრე არ ეცდებოდნენ საქართველოს დამორჩილებასა. სპარსეთსა და
რომაელთათვის არ იყო ადვილი იმათი დამონება.
კერძოთი აზრით, საქართველოს ძველი ისტორია უნდა იყოს საინტერესო, როგორათაც
ისეთი ხალხის ისტორიის დასაწყისი, რომელსაცა თუმცა რიცხვი სულისა ვერ უწევს
მილლიონამდინ, მაგრამ ჰქონდა ისეთი შეძლება მძვინვარედ ბრძოლისა
მრავალსაუკუნოებათა განმავლობაში და მრავალ ხალხთან, მაგრამ დაიცვა თავისი
კი ხალხობა. 1863 წ.] |