1860 | ||
12 ივლისი | ||
პავლოვსკში განაგრძობს მუშაობას ლექსზე „მუშა“ და წერს ახალ ვარიანტს. ეპიგრაფად წარუმძღვარებს ფრაზას ცნობილი რუსი პოეტისა და პუბლიცისტის, ნიკოლოზ ოგარიოვის პოემიდან “ღამე“: „В труде проходит жизнь его / И не приносит ничего!“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 106. ლადო მინაშვილი, „ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ეპიგრაფის შესახებ“,ელექტრონული ჟურნალი „სპეკალი“, № 8; Н. П. Огарев. Избранные произведения в двух томах,Том второй. Поэмы. Проза. Литературнокритические статьи, М., ГИХЛ, 1956. პირთა ანოტაციები: ოგარიოვი ნიკოლოზ პლატონის ძე (1813-1877) რუსი პოეტი, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. |
|
1873 | ||
12 ივლისი | ||
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში, რომლითაც ატყობინებს, რომ კარგად იმგზავრა და იმავე დღეს მიემგზავრება პეტერბურგში. სწერს, რომ ოლღას დისწულის – სიმონ სტაროსელსკის თაობაზე ელაპარაკა ლიცეუმის დირექტორ პავლე ლეონტიევს და მის მიღებაზე თანხმობა მიიღო. მასთან დაკავშირებითვე შეხვდა კონსტანტინე ზახაროვსაც, მაგრამ ელენე ბაგრატიონ-გრუზინსკი და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი ვერ ნახა, რადგან აგარაკებზე იყვნენ წასულები. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 122-124. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-165. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე – ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული. ლეონტიევი პავლე მიხეილის ძე (1822-1874) რუსი ფილოლოგი და პედაგოგი, ბერძნული სიტყვიერების პროფესორი, დოქტორი. გაზეთების „Русский вестник“, „Московские ведомости“ და უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბაგრატიონ-გრუზინსკაია ელენე ფარნაოზის ასული (1799-1867) ქართლ-კახეთის მეფის – ერეკლე II-ის შვილიშვილი. ბაგრატიონი (მუხრანელი) მიხეილ კონსტანტინეს ძე (1831-1907) – ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, ცოლად ჰყავდა ელისაბედ დიმიტრის ასული ივინსკაია და ცხოვრობდა მოსკოვში. |
|
1874 | ||
12 ივლისი | ||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლისა და სხვა მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ლექსები. |
წყარო:
„სამუქაფოდ“, გაზ. „დროება“, 1874, № 431, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) – პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1879 | ||
12 ივლისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ კონსტანტინე მამაცაშვილის პასუხს სოფელ რუისის მცხოვრებთა რაოდენობისა და იმ ინვენტარის შესახებ, რომელიც დასჭირდება ახალგახსნილ სკოლას. იღებენ დადგენილებას სკოლისთვის ავეჯის შესაძენი თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნის შესახებ. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , აღწ.2., გვ. 14. პირთა ანოტაციები: მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი. |
|
1886 | ||
12 ივლისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 11 ივლისი“ („წინად მოგახსენებთ, რომ ბ-ნი ყიფიანი 1884 წელს გორის თავადაზნაურთა კრების წინაშე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 12 ივლისი, № 150, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 189. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1887 | ||
12 ივლისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ივლისი“ („ჩვენებურის გაზეთების მკითხველთა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 711-713, გაზ. „ივერია“, 1887, 12 ივლისი, № 142, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 468. |
|
1892 | ||
12 ივლისი | ||
თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საგურამოში არის ადამიანის უეცრად ავად გახდომის საეჭვო შემთხვევა და, რადგან არსებობს ქოლერის გავრცელების საფრთხე, სთხოვს გადაამოწმონ. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 504, აღწ. 1, № 467; ვაჩნაძე თ., ილია ჭავჭავაძის ერთი დეპეშა, ჟურნ. „დროშა“, 1982, № 3, გვ. 21; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 165, 446-447. |
|
1906 | ||
7 მაისი - 12 ივლისი | ||
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II გამოთქვამს მისი გაცნობის სურვილს და იწვევს აუდიენციაზე. იგი იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. |
წყარო:
სიდამონიძე ვ. უცნობი მოგონება ილია ჭავჭავაძეზე, (ვახტანგ გიორგის ძე წინამძღვრიშვილის მოგონება. ინფორმაცია მიუწოდებია თავისი ნათესავის, ტერიშვილის ქმარს, რომელიც პეტერბურგში მეფის კარზე მსახურობდა), გაზ. “სახალხო განათლება”, 1980, 5 ნოემბერი, გვ. 4. მეორე მხრივ, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დღიურებში, რომლებშიც დაწვრილებითაა აღწერილი მისი ყოველი დღე, ილია ჭავჭავაძე ნახსენები არ არის (იხ. გიორგი აბაშიძე, „ილია ჭავჭავაძე“, თბ. 2005, გვ. 171). პირთა ანოტაციები: ნიკოლოზ II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) (1868-1918) რუსეთის იმპერატორი 1894-1917 წლებში. დახვრიტეს კომუნისტებმა ოჯახთან ერთად. |