The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.05

1868    
    
15 მაისი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს ქეთევან კორაშვილის საჩივარს, რომელშიც იგი გარდაცვლილი ქმრის დისშვილს, მათე კორაშვილს ბრალს სდებს მის ცემაში, სახლიდან გაგდებაში, ცხენისა და ხარის წართმევაში. მათე კორაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ მოწმეები ქვრივის ბრალდებებს ადასტურებენ. ილია ჭავჭავაძე მათე კორაშვილს დამნაშავედ ცნობს ქალის შეურაცხყოფასა და ხარის მითვისებაში, აკისრებს პირუტყვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და უსჯის თვენახევრიან პატიმრობას დუშეთის ციხეში, მაგრამ, რამდენადაც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კორაშვილი ქვრივის ქმარმა გაზარდა და მემკვიდრეობის უფლებაც მისცა, ცხენის საქმე, როგორც ოჯახის საერთო საკუთრებისა, განსახილველად ეგზავნება სოფლის სასამართლოს.   წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი (№ 4,5), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ. 49, ფურც. 4. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 389-90.

პირთა ანოტაციები:

კორაშვილი მათე

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

კორაშვილი ქეთევან

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

    
1879    
    
15 მაისი   
    
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების პირველ კრებას, რომელზეც ირჩევენ გამგეობის წევრად 41 ხმით 5-ის წინააღმდეგ. იმავე დღეს გამართულ გამგეობის სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი, ირჩევენ თავმჯდომარის, დიმიტრი ყიფიანის მოადგილედ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, 17 მაისი, № 101, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1881    
    
15 მაისი   
    
სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიშს 1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის 15 მაისამდე.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 44, ფ. 8.

    
1882    
    
15 მაისი    
    
სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიშს 1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 55, ფ. 12.

    
1885    
    
15 მაისი    
    
ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაზე ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1978 გვ. 9.

    
1886    
    
15 მაისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მაისს“ („ევროპის დიპლომატების ყურადღება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გერმანიის ურთიერთობა ინგლისსაფრანგეთთან“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში, „ლარიძის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ლექსს „თუ სახელის შოვნა გინდა...“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 15 მაისი, № 104, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 26.

    
15 მაისი    
    
ირჩევენ ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარედ.   წყარო:

თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ. 1982, გვ. 261.

    
1888    
    
15 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მაისი“ („26-ს აპრილს კავთისხევის სასოფლო სკოლამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კავთისხევის სასოფლო სკოლის 10 წლისთავი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 15 მაისი, № 100, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 232.

    
1891    
    
    
15 მაისი    
    
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ვრცლად პასუხობს ივანე და მიხეილ მაჩაბლების ბრალდებებს; საუბრობს კონვერსიის, ბირჟაზე ფულის რაოდენობისა და იაფი კრედიტის შესახებ; განმარტავს, რატომ გადაინაცვლეს მსესხებლებმა საკრედიტო საზოგადოებებში; მოიხმობს სხვადასხვა ბანკის მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ წლების მიხედვით მსესხებელთა რაოდენობა ხან მატულობს და ხან კლებულობს; ამბობს, რომ კონვერსიის პროცესი რუსეთის სხვადასხვა ბანკებში პრობლემებით მიდის და ვიდრე თბილისის ბანკი ამ გზას დაადგებოდეს, უმჯობესია, ნახოს როგორი შედეგი მოჰყვება ამას სხვაგან და გაითვალისწინოს. იმავე დღეს პეტერბურგიდან იღებს დეპეშას, რომ მინისტრმა თბილისის ბანკს ნება დართო გამოეცა ხუთპროცენტიანი გირავნობის ფურცლები და საღამოს სხდომაზე დამსწრეთ აცნობს ამის შესახებ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 103, გვ. 2-3; № 104, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.

    
1892    
    
14-15 მაისი    
    
მონაწილეობს სათავადაზნაურო სკოლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაში. განიხილავენ სკოლისთვის შენობის შეძენის საკითხს.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1892, № 130.

    
1893    
    
15 მაისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის, წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც იგი აცხადებს, რომ სომხური გაზეთების რედაქტორების უარყოფითი დამოკიდებულება ნიკო ზუბალაშვილის, ნიკო ცხვედაძის, ნიკო ნიკოლაძისა და ილია ჭავჭავაძის კანდიდატებად არჩევასთან დაკავშირებით მან გააცნო არა კრებას, არამედ პირადად ნიკო ზუბალაშვილსა და ნიკო ცხვედაძეს. სტატიას დართული აქვს რედაქციის შენიშვნა: „ამ საქმეში ვინ არის მართალი, ბ-ნი გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი თუ „ივერიის“ რედაქცია, ამის პასუხი თავის დროზედ იქმნება. რედ.“   წყარო:

„ტფილისი, 14 მაისი“, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
15 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მაისი“ („ხვალ დანიშნულია არჩევანი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში სათაურით „ახალი ხმოსნების არჩევნები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 183.

    
1894    
    
15 მაისი   
    
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე ისევ გრძელდება წლიური ანგარიშის განხილვა. ბანკის მმართველობის ხარვეზების წარმოჩენის მიზნით ოპოზიციას საუბარი ისევ გადააქვს კერძო შემთხვევების განხილვაზე, მაგრამ რეალურად ვერ ასაბუთებს, რაშია დამნაშავე მმართველობა, პირიქით, ივანე მაჩაბლის ბრალეულობას ამტკიცებს ბანკისთვის ზარალის მომტანი მამულის მფლობელიც. ივანე მაჩაბელი გამოსვლისას ხშირად იმეორებს ფრაზას, რომ ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაგრამ ვერცერთ დამაჯერებელ ფაქტს ვერ ასახელებს მმართველობის წინააღმდეგ. დღის ბოლოს სიტყვით გამოდის ილია ჭავჭავაძე და თავისი არგუმენტირებული მსჯელობით აღაფრთოვანებს არა მხოლოდ მომხრეებს, ოპოზიციონერებსაც.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1898    
    
15 მაისი    
    
მონაწილეობს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 17 მაისი, № 102.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

    
1904    
    
15 მაისი    
    
ოთხ ადამიანს აძლევს ჯამაგირს  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689.

    
15 მაისი   
    
 უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

1904
15 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ განვლილი წლის ანგარიშს და ამტკიცებენ ახალ ხარჯთაღრიცხვას. სტეფანე ზუბალაშვილს ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრად. იღებენ დადგენილებას, რომ მის მიერ შემოწირული თანხიდან 4000 მანეთი მოახმარონ წიგნების გამოცემასა და ამ სფეროში ვაჭრობის გაფართოებას. მადლობას უცხადებენ იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანხის შემოწირვისთვის. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების წევრებს საწევროს გადაუხდელობის გამო არ ჩამოერთვათ ხმის უფლება. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 898, გვ. 6-7.

პირთა ანოტაციები:

ზუბალაშვილი სტეფანე – (გარდ.1904)

მრეწველი, ვაჭარი და მეცენატი. 1808-ში ინდოეთში მცხოვრებ ქართველ და სომეხ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ გადასახლდა.

ლეონიდე (ერისკაცობაში ოქროპირიძე ლონგინოზ სოლომონის ძე) (1861-1921)

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, 1898-1918 წლებში გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, 1919-1921 წლებში - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

    
1905    
    
15 მაისი   
    
ჟურნალ „მოგზაურში“ ილია ჭავჭავაძის სტატიის „ნუთუ?“ პასუხად იბეჭდება ერთდროულად სამი წერილი: ფილიპე მახარაძის „თავის გამართლებაც ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ ილია ჭავჭავაძეს)“ პირველი ნაწილი, ფსევდონიმით „ვ. ნ.“ ვასილ ნაცვლიშვილის „პასუხათ ილია ჭავჭავაძეს“ და ფსევდონიმით „ასოთ-ამწყობი“ დაუდგენელი ავტორის „მცირე შენიშვნა“. რაკი გამოგონილი „კონკრეტული“ ფაქტებით ვერ შეძლეს ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გატეხა, მოწინააღმდეგენი ლანძღვასა და ზოგად ბრალდებებზე გადავიდნენ. ფილიპე მახარაძე მას „ჯაშუშს“, „მაბეზღარას“ და „უსასტიკეს მემამულეს“ უწოდებს, ივანე ნაცვლიშვილი ბრალს სდებს „ზნეობრივ სიმახინჯეში“, „აზრით ჩამორჩენასა“ და „ოინბაზობაში“, „ასოთამწყობი“ კი – მუშებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებაში.  წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 18, გვ. 277-279; გვ. 283-287, 291.

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელი. მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941) - ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.