The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


14.02

1879    
    
14 თებერვალი   
    
 გაზეთ „დროებაში“ მაჭახელიძის ფსევდონიმით ქვეყნდება ალექსანდრე ჭყონიას სტატია „ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს“. ავტორი არ იზიარებს გიორგი თუმანიშვილის კრიტიკას ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც გამოთქმული აქვს „ალმანახში“ დაბეჭდილ წერილში „ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, № 33, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

    
1880    
    
14 თებერვალი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 13 თებერვალს“ („ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკსა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში, სათაურით „ქუთაისის ბანკის უფლებამოსილების გაფართოება“.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 14 თებერვალი, № 35, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 74.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 639-640.

    
1883    
    
14 თებერვალი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე“ („რა საშუალებითა და ღონისძიებით...“).   წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 14 თებერვალი, № 33, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 421.

    
1886    
    
14 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 თებერვალს“ („მეორე დიდი და ძლიერი სახელმწიფო...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიდი ბრიტანეთი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 11; გაზ. „ივერია“, 1886, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 358.

    
1890    
    
 14 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი 13 თებერვალი“. („13 თებერვალს, სამშაბათს, დაასაფლავეს დიმიტრი ბაქრაძე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 14 თებერვალი, № 33, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 13/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 481.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

    
1893    
    
14 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 თებერვალი“ („ამ უკანასკნელ ხანებში დიდი ლაპარაკია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ კახეთის რკინისგზის გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 14 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 168.

    
 14 თებერვალი    
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა საგანგებო კრებას და კითხულობს გამგეობის წერილს, რომელშიც მოთხოვნილია კახეთის რკინიგზის ასაშენებლად 15 ათასი მანეთის გამოყოფა. განმარტავს, რომ რკინიგზის მშენებლობისთვის თანხის გაღება არ ეწინააღმდეგება ბანკის წესდებას და, მიუხედავად იმისა, რომ ბანკს მიმდინარე წელს საზოგადო საჭიროებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში თანხის ეს ოდენობა მთლიანად არა აქვს, შესაძლებლად მიიჩნევს, იგი გამოიყოს თავისუფალი ფულიდან და შემდგომში მოხდეს მისი შევსება საზოგადო საჭიროების თანხებიდან. ბანკის ზედამხედველი კომიტეტი ამ წინადადებას მხარს არ უჭერს. ილია ჭავჭავაძე გამოკვეთს კახეთში რკინიგზის გაყვანის განსაკუთრებულ საჭიროებას. მისი გამოსვლა უმრავლესობის განწყობას ცვლის. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო კომისიის შექმნისა და მოთხოვნილი 15 ათასი მანეთის მისთვის გადაცემის შესახებ.   წყარო:

ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება, გაზ. „ივერია“, 1893, 16 თებერვალი, № 33, გვ. 2; 17 თებერვალი, № 34, გვ. 2.

 

    
1894    
    
14 თებერვალი   
    
იღებს წერილს მოსე თოიძისგან, რომელიც სთხოვს ფულად დახმარებას, რათა გამოსცეს ლითოგრაფიულად ქართველ ისტორიულ პირთა: თამარ მეფის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ქეთევან დედოფლის პორტრეტები. ეს გამოცემა ხორციელდება ქშწ-კგ საზოგადოების მხარდაჭერით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 518.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში მოსე თოიძის მხოლოდ სახელია მოხსენიებული.

პირთა ანოტაციები:

თოიძე მოსე ივანეს ძე (1871-1953)

ფერმწერი, გრაფიკოსი, მისი ინიციატივით დაარსდა სამხატვრო სტუდია. შექმნა რუსთაველის, აკაკის, ილიას და სხვათა პორტრეტები. თამარ მეფე (1160-1213?) - საქართველოს მეფე 1184 წლიდან.

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. რუსთაველი შოთა - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

ქეთევან დედოფალი (გარდაიცვალა 1624-ში)

კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, თეიმურაზ I-ის დედა. წამებით მოკლა შაჰ-აბას I-მა, რადგან რჯული ვერ შეაცვლევინა. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1902    
 14 თებერვალი   
    
გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში გამოქვეყნებული ოტო შმერლინგის კარიკატურასთან „თავადაზნაურების ბანკი“ დაკავშირებით ქაიხოსრო გელოვანი გაზეთ „ივერიის“ რედაქციას უგზავნის გამოხმაურებას სათაურით „შეუწყნარებელი უმადურობა“. მასში ნათქვამია, რომ ადამიანს, რომელსაც ისეთი დამსახურება მიუძღვის ერის წინაშე, როგორიც ილია ჭავჭავაძეს, არ უნდა დასცინოდნენ.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 თებ., № 37, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“

    
1907    
    
14 თებერვალი  .
    
საპასუხო წერილს უგზავნის დას, ელისაბედს. ბოდიშს უხდის თანხის დაგვიანებისათვის, უხსნის, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. ჰპირდება, რომ როგორც კი შეძლებს, გადაუხდის.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17536; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 115-116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 251-252, 501.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.